სმიტების საქმის ექსპერტიზის დასკვნის არასაჭირო დეტალები ჟურნალისტურ მასალებში
21 ივლისს ტელეკომპანიების ნაწილმა ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მოიპოვა. დოკუმენტის მიხედვით, ლორა სმიტის სხეულში მკვლელობაში ბრალდებულის გენეტიკური პროფილია, რაც სავარაუდოდ სექსუალურ კავშირზე მიანიშნებს. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ექსპერტიზის ჩატარების გზა, რაც მაყურებელს ამბის შესახებ დამატებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას არ აწვდის და ამავე დროს, გარდაცვლილის პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს.

ცხადია, რომ თავად დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის სქესობრივი კავშირი იყო, მაღალი საჯარო ინტერესის მქონეა. თუმცა დასკვნაში მოცემული დეტალები, რომელიც სქესობრივი კავშირის მეთოდებს აღწერს, ამბის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიისთვის საქმის მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობა დოკუმენტის ტექსტის ზუსტი ციტირების გარეშეც შეიძლებოდა, მაუწყებლებისა და ონლაინ მედიის ნაწილმა, აუდიტორიას დასკვნის ეს ნაწილი ფოტო/ვიდეოს სახით მიაწოდა, - მაუწყებლებმა კადრში აჩვენეს, ონლაინმედიის ნაწილმა კი დოკუმენტი ფოტოს სახით დაურთო მასალას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ კონკრეტული დეტალების ჩვენებისას ჟურნალისტი უნდა დაფიქრდეს, „ამ დეტალების გარეშე შეძლებს თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენას? რა დამატებით ინფორმაციას იძლევა მასალა?“ ამ კონკრეტულ საქმეზე მკითხველისა და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალურ ძალადობას და ნაკლებად მნიშვნელოვანია რა გზით მოხდა ეს, რაც აჩვენა მედიის ნაწილმა ამ დოკუმენტის გასაჯაროებით.
ბრალდებული არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება
19 ივლისს, ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. იმის მიუხედავად, რომ მედიაში არც დაკავებულის სახელი და გვარი გაჟღერებულა და არც მისი ფოტო ან ვიდეოკადრები უჩვენებიათ, მისი იდენტიფიცირება მაინც მოხდა.

19 და 20 ივლისს, ტელეკომპანიებმა “რუსთავი 2”, “იმედი”, “TV პირველი” და “მაესტრო” მაყურებელს დაკავებულის მშობლების კომენტარი ისე შესთავაზეს, რომ  რესპონდენტები არ დაუფარავთ. მართალია მათ სახელი და გვარი არ ეწერათ, მაგრამ დაუფარავი კადრებიდან მათი ამოცნობა მარტივად იყო შესაძლებელი. გამონაკლისი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი, რომელმაც კადრი დაფარა.

მიუხედავად ამ საქმესთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესისა, მედია ვალდებულია, პირველ რიგში, გაითვალისწინოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. მით უფრო, ამ საქმეზე სასამართლოს განაჩენი არ დამდგარა და შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია ნამდვილად ჩაიდინა თუ არა იდენტიფიცირებულმა არასრულწლოვანმა დანაშაული.
დაუსაბუთებელი ინფორმაცია “კურიერში”
16 ივლისს "რუსთავი 2-ის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი გურიაში, კურორტ ბახმაროში უკანონო მშენებლობებს და მიწების მიტაცებას მიეძღვნა. სიუჟეტი წამყვანმა შემდეგი ტექსტით წარადგინა: “უკანონო მშენებლობები და მიწების მიტაცება ბახმაროში. მოსახლეობა განუკითხაობაზე საუბრობს და პრობლემებს თბილისის მერს და სხვა თანამდებობის პირებს უკავშირებს. ადგილობრივი ხელისუფლება კი კანონის დარღვევით მიტაცებული ქონების მეპატრონეებს მხოლოდ საფინანსო ჯარიმას აკისრებს და ამით არაფერი იცვლება. უკანონო მშენებლობები კურორტზე შეუფერხებლად გრძელდება”.

სიუჟეტში, რომლის მთავარი სათქმელი იყო, რომ ბახმაროში, მეწყერსაშიშ, ასევე რეკრაციულ ზონაში, უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს და ამ ყველაფრის უკან თანამდებობის პირები დგანან, ამგვარი განცხადებების დამადასტურებლად ვერც რაიმე დოკუმენტი ვნახეთ და ვერც ჟურნალისტის მცდელობა - უკეთ გადაემოწმებინა ფაქტები. გზავნილებს ავტორი უმეტესად ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებდა.

რუსთავი 2-ის სიუჟეტი ბახმაროში უკანონო მშენებლობების შესახებ

მასალის მთავარი დასაყრდენი ბახმაროს განვითარების ხელშემწყობი ასოციაციის თავმჯდომარე არმაზ ახვლედიანია, რომელიც ყვება, რომ ბოლო 20-25 წელია ბახმაროელებს არ ახსოვთ ის, რაც დღეს იქ ხდება: "შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილი, რაც თქვენ მოგეწონებათ, მოიხაზოთ. უბრალოდ გადაიხადოთ ამისთვის ფული, ქრთამის სახით და გაიტანოთ თქვენი”. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობა კურორტზე ბევრია, რისთვისაც "უმოწყალოდ ნადგურდება ბახმაროს უნიკალური ლანდშაფტი". იგი კორუფციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებაში ამას ან ხელს აფარებენ, ან გაჩუმების სანაცვლოდ დიდ ფულს იღებენ. სიუჟეტიდან არ ჩანს, კონკრეტულად რომელ თანამდებობის პირს გულისხმობს ახვლედიანი, ან აქვს თუ არა კორუფციული გარიგების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

შემდეგ მასალიდან ვიგებთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ადგილი, რომელიც უცნობმა მოქალაქემ, მაგრამ “სავარაუდოდ, გავლენიანმა პირმა მოიხაზა, პირდაპირ სარეკრეაციო ზონაზე გადის”. ჟურნალისტისვე ინფორმაციით, დაზუსტებით ვინ აშენებს სახლს ამ კონკრეტულ ადგილას, უცნობია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ვინმე ჭეიშვილია. “ბახმაროში ადგილობრივები ყვებიან, რომ ეს პირი კახი კალაძის მეგობარია”, - აზუსტებს ჟურნალისტი.

გარდა ადგილობრივების კომენტარებისა, მასალაში არ ჩანს ოფიციალური დოკუმენტების გადამოწმებისა და არსებული რესურსების გამოყენების მცდელობა იმის დასადგენად ვინ არის სინამდვილეში ამ კონკრეტული ადგილის მფლობელი, ან, ვინ არის ეს “ვინმე ჭეიშვილი” და რა აკავშირებს მას თბილისის მერთან. ჟურნალისტს კითხვით არც კახა კალაძისთვის მიუმართავს.

კიდევ ერთი შეუსაბამობა, რაც მაყურებელს უფრო კითხვებს უჩენს, ვიდრე ინფორმაციას აწვდის, ამ ახალგაჩეხილი ადგილის მეპატრონის დაჯარიმებაა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ერთის მხრივ ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მიმდინარებს მოკვლევა იმის დასადგენად, “ვინ ამუშავა ტექნიკა”, მეორეს მხრივ კი განმარტავს, რომ უკანონო მშენებლის ზუსტი ვინაობა არ იცის, თუმცა იცის, რომ ოზურგეთელია და უკვე დაჯარიმებულია. როგორ დააჯარიმეს დაუდგენელი პირი, ჟურნალისტს კითხვა კი გაუჩნდა, მაგრამ, როგორც სიუჟეტიდან ჩანს, არც ამ ფაქტის გადამოწმება უცდია.

მასალის ბოლოს ჟურნალისტმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ მდინარის კალაპოტი, რომელიც კურორტის ცენტრში მოედინება, წლებია არ გაწმენდილა და ადიდებული მდინარე მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამ განცხადების ფონად კი ვიხილეთ ვიწრო ზოლში ჩამომავალი მდინარე, რომლის სიმაღლე ქვებსაც ძლივს ფარავს. სიუჟეტიდან სრულიად გაუგებარი დარჩა, რა კავშირი ჰქონდა თემასთან მდინარის საკითხს.

თუ გავითვალისწინებთ პათოსს, რომელიც თითქმის 5-წუთიან სიუჟეტს მთავარ ხაზად გასდევს და რაშიც კურორტზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები, თანამდებობის პირების მიერ მიტაცებული მიწები და თბილისის მერთან კახი კალაძესთან კავშირები მოიაზრება, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულის დასამტკიცებლად, ჟურნალისტს გარდა რამდენიმე ადგილობრივის ვარაუდისა, სხვა არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდენია. ამბავი ტოვებს ზედაპირული მსჯელობის, რეალობის გაზვიადებისა და შესაძლო კორუფციულ კავშირებში თბილისის მერის ხელოვნურად ჩართვის მცდელობის შთაბეჭდილებას.
“რუსთავი 2-ის” სიუჟეტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე არასწორი აქცენტით
10 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მოზარდების მიერ მაღაზიების ძარცვის შესახებ გავიდა მასალა. სიუჟეტი ოთხი არასრულწლოვნის მიერ Beko-ს მაღაზიიდან მობილურების მოპარვას ეხებოდა. მასალიდან გავიგეთ, რომ ეს ამ ბრენდის მაღაზიების გაქურდვის მესამე შემთხვევაა, ზარალი დიდია, თუმცა, პოლიცია დამნაშავეებს ვერ აკავებს, რადგან ისინი არასრულწლოვნები არიან.

ტელეკომპანიას მსგავს თემაზე მასალა ადრეც აქვს მომზადებული და წინა სიუჟეტის მსგავსად, ამჯერადაც, ჟურნალისტურ პროდუქტში არ იყო გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მასალის მთავარი აქცენტი, ამჯერადაც, არა არასრულწლოვანთა დანაშაულის აცილებისთვის საჭირო პრევენციის არარსებობა, არამედ კანონით მათი დასჯის შეუძლებლობა იყო. ჟურნალისტი და წამყვანი საუბრობდნენ "კანონში არსებულ ხარვეზებზე" , რაც პოლიციას არასრულწლოვანი თავდამსხმელების დაკავების უფლებას ართმევს. საუბარია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომელშიც ნათქვამია, რომ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები".


"რუსთავი 2-ის" სიუჟეტი მაღაზიის გაქურდვის შესახებ. 10 ივლისი, 2018

“არასრულწლოვნების მიერ გახშირებული ქურდობები ქვეყნისთვის უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. იქ, სადაც კანონი უძლურია, საკუთარი თავის დაცვაზე ბიზნესსექტორმა თავად დაიწყო ზრუნვა და მაღაზიები რკინის გისოსებით შემოღობა. ბიზნესი მთავრობას იმ კანონის გადახედვას სთხოვს, რომელის მიხედვითაც, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად 12 წლამდე პირები სასჯელის მიღმა რჩებიან”, - ამ სიტყვებით წარადგინა გამოშვების წამყვანმა სიუჟეტი.

სიუჟეტის დაწყებიდან მალევე ჟურნალისტი გაძარცვული კომპანიის წარმომადგენელის კომენტარს გვთავაზობს. ეს ერთადერთი რესპონდენტია, რომელიც კანონის ხარვეზზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში ყველა სხვა პირი პრევენციის აუცილებლობაზე საუბრობს, ჟურნალისტის ტექსტების მთავარი მესიჯი მაინც კანონის გამკაცრებაა. ერთ შემთხვევაში, ავტორი ცვლის კიდეც რესპონდენტის ნათქვამის აქცენტს - ჟურნალისტი ამბობს, რომ ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის აზრით, პრობლემა ლიბერალური პოლიტიკაა. შემდეგ ვისმენთ რესპონდენტის მოსაზრებას, რომელიც პირიქით, ამბობს, რომ ჰუმანური კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ “მნიშვნელოვანია რომ გაძლიერდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება მსგავსი ტიპის შემთხვევებს ნაკლებად ჰქონდეს ადგილი”.

როდის და რატომ შეიცვალა კანონმდებლობა

2008 წლის პირველი ივლისიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე, რიგ სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე, არასრულწლოვნებს პასუხისმგებლობა12 წლიდან ეკისრებოდათ. 2010 წლის თებერვლიდან მინიმალური ზღვარი 14 წლამდე გაიზარდა. ამით საქართველომ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის რჩევა გაითვალისწინა.

აღნიშნული კომიტეტი მონაწილე ქვეყნებს ურჩევს, არ დაიყვანონ მინიმალური ასაკი თორმეტ წლამდე, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაბალი ასაკობრივი ზღვარი არ შედის ბავშვის საუკეთესო ინტერესში. აქვე განმარტებულია, რომ პასუხისმგებლობის მაღალი ასაკი, როგორიცაა 14-16 წელი, ხელს უწყობს სასამართლო პროცედურების გარეშე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულებას და ბავშვის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვას.


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ზოგადი სტანდარტების მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს ქვემოთ მყოფი ბავშვები პრევენციის სფეროს ნაწილია და არა დასჯის. ამ სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოს ევალება შექმნას პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. ამ პროცესში წამყვანი როლი ეკისრება სოციალურ და განათლების სფეროებს, სამართალდამცველი ორგანოების ფუნქცია არა არასრულწლოვნის დასჯა, არამედ პრობლემის იდენტიფიცირება და მისი შესაბამის სექტორში გადამისამართება უნდა იყოს. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარებში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის ზომების არარსებობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკის სერიოზული ხარვეზია.

მედიის პასუხისმგებლობა

არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიამ სწორად შეარჩიოს კუთხე. ამბის გადმოცემისას მუდმივად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ის, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარი - 14 წელი, არ უნდა შემცირდეს, ის ბავშვები კი, რომლებიც 14 წელზე ნაკლები ასაკის არიან და ჩადიან სხვადასხვა ტიპის დანაშაულს, ჩართულნი უნდა იყვნენ სხვადასხვა ტიპის პრევენციულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. მსგავს შემთხვევებში მედიის ფოკუსი არა არასრულწლოვნების დასჯაზე, არამედ პრევენციის მექანიზმის მუშაობის ეფექტიანობაზე უნდა იყოს.

“უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო წესებში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაა მომზადებული.

არაზუსტი ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ტენდერებზე “იმედის კვირაში”
2018 წლის 9 ივლისს, გადაცემა "იმედის კვირამ" ერთ-ერთი სიუჟეტი საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ტენდერებს მიუძღვნა. საქმე ეხება უწყების მილიონიან ტენდერებში პეტრე დევრიშაძის კომპანიების გამარჯვებას. აღმოჩნდა, რომ 2010 წელს ე.წ. ოპერაცია “ენვერის” ფარგლებში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და რუსულ სპეცსმსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით გასამართლებული დევრიშაძის კომპანიები ძალოვან უწყებებს აღჭურვილობითა და სპეციალური ტექნიკით ამარაგებს.

სიუჟეტი, რომელიც უწყებების გამართლების მცდელობას გავდა, რამდენიმე არაზუსტ დეტალს შეიცავდა და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავდა.

ფაქტის შესახებ საზოგადოებამ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებიდან შეიტყო.


სტუდია მონიტორის გამოძიება

მონიტორმა მასალა 25 ივნისს გამოაქვეყნა. ფაქტს საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა და დისკუსია მოჰყვა. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იძულებული გახდნენ განმარტებები გაეკეთებინათ. ამასთან, ორივე უწყებამ გააუქმა ის მიმდინარე ტენდერები, რომლებშიც შეთვაზებული ფასის გათვალისწინებით, გამარჯვების დიდი შანსი კვლავ პეტრე დევრიშაძის კომპანიას ჰქონდა.

"იმედის კვირის" წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას “ქართული ოცნების” ხელისუფლების დაპირებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ბევრი საქმე კვლავაც გამოუძიებელია, რაც პრობლემას ისევ ახალ ხელისუფლებას უქმნის.


"იმედის კვირაში" გასული სიუჟეტი

შემდეგ უკვე სიუჟეტიდან პირველ რიგში გავიგეთ, რომ პეტრე დევრიშაძის კომპანიისგან შეძენილი საქონელი “არ წარმოადგენს საიდუმლოების ნუსხით განსაღვრულ საქონელს”. ვნახეთ თავდაცვის სფეროში საიდუმლო შესყიდვების ობიექტების ჩამონათვალიც. შემდეგ კი ჟურნალისტმა განმარტა, რომ დევრიშაძისა და თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულება მომავალ კვირას უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, მოთხოვნა დავების საბჭომ ძალოვან უწყებას 21 ივნისს, გამოძიების გამოქვეყნებიდან, ოთხი დღით ადრე წაუყენა.

“თავდაცვის სამინისტროს მიერ ტენდერის გაუქმებამ სტუდია მონიტორის გამოძიებას დაასწრო, იმავეს ვერ ვიტყვით შსს-ის გადაწყვეტილებაზე”, - დასძინა ჟურნალისტმა. 

ეს დეტალები რამდენიმე უზუსტობას შეიცავს.

  • თავდაცვის სამინისტრომ გააუქმა ტენდერი და არა ხელშეკრულება. ხელშეკრულება კომპანიასთან მას შემდეგ ფორმდება, როცა გამარჯვებული გამოვლინდება. იგივენაირად მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

  • მტიკიცება, რომ თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გაუქმებით სტუდია მონიტორის გამოძიებას დასწრო, სინამდვილეს არ შეესაბამება. კერძოდ, შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრომ 12 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის მიზნით, 2 351 596 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 1 ივნისს გამოაცხადა. 10 ივნისს, ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ, შპს “უნიფორმ სერვისმა” დავების საბჭოს საჩივრით მიმართა და შემსყიდველისგან, ანუ თავდაცვის სამინისტროსგან, სატენდერო განცხადების პირობების სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ითხოვა. 21 ივნისს დავების საბჭომ შპს “უნიფორმ სერვისის” გადაწყვეტილება ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სატენდერო კომისიას თავდაცვის სამინისტროს ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების გადასინჯვა დაავალა. 

  • აქვე აღსანიშნავია, რომ ტენდერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია და არა დავების საბჭო. ეს უკანასკნელი, კონკრეტული საჩივრის საფუძველზე, სატენდერო კომისიას მხოლოდ ტენდერთან დაკავშირებულ ამა თუ იმ ხარვეზზე მიუთითებს და რეკომენდაციას გასცემს. 

  • სახელმწიფო შესყიდვების ვებვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, სატენდერო საბჭომ თავდაცვის სამინისტროს ტენდერი მიმდინარე წლის 5 ივლისს, ანუ სტუდია მონიტორის გამოძიების გამოქვეყნებიდან 10 დღეში გააუქმა და არა ოთხი დღით ადრე, როგორც ეს “იმედის კვირის” სიუჟეტში იყო ნათქვამი.

სიუჟეტში დეტალების გადამოწმების გარეშე იმის მტკიცება, რომ თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გაუქმებით ჟურნალისტურ გამოძიებას დაასწრო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ჰგავდა და უწყების გამართლების შთაბეჭდილებას ქმნიდა. მითუმეტეს, რომ 11-წუთიან სიუჟეტში, ტენდერების თემაზე მეტად იმის გამორკვევის მცდელობა იყო, ნამდვილად იყვნენ თუ არა დამნაშავეები პეტრე დევრიშაძე და ე.წ. ენვერის საქმის სხვა პირები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ გაასამართლა.
ტრამპი-პუტინი - მსოფლიო პრესა პრეზიდენტების შეხვედრაზე
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ჰელსინკში გამართულ შეხვედრას დასავლურ მედიაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ასეთ მასშტაბურ და საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში, რიჩარდ ნიქსონის შემდეგ, ამერიკის არცერთი პრეზიდენტი გახვეულა. ტრამპს რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი გამოცემები და ტელევიზიებიც კი აკრიტიკებენ.

16 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, მოსალოდნელი კრიტიკის ნაცვლად, ტრამპმა პუტინისა და მისი პოლიტიკისადმი კომპლიმენტები არ დაიშურა და რუსეთთან მისი ქვეყნის ცუდი ურთიერთობა ამერიკის „წლების განმავლობაში ჩადენილ სისულელეებს“ დააბრალა. ტრამპმა პუტინის მტკიცებაც კი გაიზიარა იმის შესახებ, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულა.

პრეზიდენტის გამოსვლას ამერიკელ პოლიტიკოსებში აღშფოთება მოჰყვა. „სამარცხვინო“, „ ისტორიაში ყველაზე ცუდი“ - მსგავსი ეპითეტებით შეამკეს დონალდ ტრამპი სენატორებმა და ბრალი დასდეს პუტინის პოზიციის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის გამო საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებაში.

„მედიაჩეკერი“ რამდენიმე საერთაშორისო გამოცემის რეაქციას გაგაცნობთ:

Time

ჟურნალი Time, როგორც ყოველთვის, ფორმაშია და მომდევნო, 30 ივლისის ნომრის გარეკანი უკვე დააანონსა, სადაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთმანეთში არეული სახეა გამოსახული,  მინაწერით - „ სამიტის კრიზისი“.



Kauppalehti

ფინური გამოცემა Kauppalehti პრეზიდენტების შეხვედრის აღსაწერად საფეხბურთო ანალოგიას იყენებს. გარეკანზე გამოსახულია ფოტო, რომელზეც ტრამპს პუტინის მიერ მიწოდებული ფეხბურთის ბურთი უჭირავს ხელში. „ტრამპი 0 - პუტინი 1“- ასე ჰქვია სტატიას, რომელიც ცხადია, გაზეთის მთავარი თემაა, რადგან სამიტი სწორედ ფინეთში ჩატარდა.


Le Monde

ფრანგული Le Monde პირველ გვერდზე გამოტანილ ფოტოს და სტატიას ასე ასათაურებს: „დონალდ ტრამპი, პუტინის საუკეთესო მოკავშირე“.

New York Post

New York Post სამიტს ირონიული წარწერით ეხმაურება, რომელიც გარეკანზე გამოტანილ ფოტოს ახლავს თან: „ბოროტებას ვერ ვხედავ“ - ვკითხულობთ ფოტოზე, რომელზეც ტრამპი მრავალმნიშვნელოვნად აკვირდება პუტინს.


Guardian

ისტორიულ სამიტს ბრიტანული Guardian - იც ეხმაურება და პირველ გვერდზე პუტინი - ტრამპის ხელის ჩამორთმევის ფოტო გამოაქვს, მინაწერით: „ღალატს ბევრი არაფერი უკლია - ტრამპს პუტინთან მოლაპარაკებებში ადანაშაულებენ“. გამოცემა CIA-ს ყოფილ დირექტორს ციტრებს, რომელმაც პირველმა უწოდა ტრამპის გამოსვლას „ამერიკის ღალატი“.



Daily Mirror

ბრიტანული ტაბლოიდური გამოცემა Daily Mirror კიდევ უფრო თამამია და დონალდ ტრამპს „პუტინის პუდელს“ უწოდებს.

მიანმარის სასამართლომ როიტერის ჟურნალისტებს საიდუმლო მასალების გამოყენებისთვის ბრალი წაუყენა
ორშაბათს, 9 ივლისს, მიანმარის სასამართლომ როიტერის ორი ჟურნალისტს  ბრალი წაუყენა საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტების გამოყენებისთვის. პრესის თავისუფლებისთვის ეს გარდამტეხი საქმე, ექვსთვიანი წინასწარი განხილვების შემდეგ, სასამართლო პროცესამდე მივიდა. მოსამართლემ რეპორტიორებს ვა ლონისა (32) და ჩო სო უს (28), ბრალი დასდო კოლონიური პერიოდის ოფიციალური საიდუმლოებებების აქტის დარღვევაში, რაც მაქსიმუმ 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჟურნალისტები თავს დამნაშავედ არ სცნობენ და მბობენ, რომ ისინი ჟურნალისტური ეთიკის მიხედვით მოქმედებდნენ. სასამართლოს დადგენილების შემდეგ ვა ლონმა განაცხადა, რომ მას და ჩო სო უს -ს დანაშაული არ ჩაუდენიათ და საკუთარ უდნაშაულობას სასამართლოსაც დაუმტკიცებენ: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბრალი დაგვდეს, დამნაშავეები არ ვართ, განაცხადა ხელებზე ბორკილებდადებულმა ჟურნალისტმა, როდესაც მას პოლიციის მანქანაში სვამდნენ, - „ჩვენ უკან არ დავიხევთ, არ დავნებდებით და არ შევშინდებით ამით“.

საქმეს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დასავლელი დიპლომატების ნაწილი და უფლებადმცველი ჯგუფები ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატიის ტესტი ნობელის ლაურეანტი ონ სან სუნ კის მმართველობისას, სადაც არმიას ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ძალა აქვს.

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი უკანგადადგმული ნაბიჯი იყო მიანმარში პრესის თავისუფლების კუთხით.

„თავისუფალი პრესა ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ჟურნალისტები არა მხოლოდ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეებს, არამედ ისინი ლიდერებს ანგარიშვალდებულებსაც ხდიან“, - ნათქვამია ჰეილის განცხადებაში, - „ჩვენ მოვუწოდებთ ბირმის მთავრობას ნება დართონ ამ ჟურნალისტებს, დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში და გააგრძელონ მუშაობა“. Reuters-ის პრეზიდენტმა და მთავარმა რედაქტორმა, სტივენ ადლერმა რეპორტიორების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს უსაფუძვლო უწოდა: „ეს ჟურნალისტები დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს და არ არსებობს ფაქტები ან მტკიცებულებები, რომ მათ რაიმე არასწორი ჩაიდინეს ან კანონი დაარღვიეს“.

დაცვის მხარის ადვოკატის თქმით, შემდეგ მოსმენაზე ორივე რეპორტიორს მოიწევს მოწმის სახით ჩვენების მიცემა: „ბუნებრივია, არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ბოლოს მაინც კარგი დასასრული გვექნება“.

თვის დასაწყისში დაცვის მხარის ადვოკატები ამბობდნენ, რომ ჟურნალისტები პოლიციის ოპერაციის შედეგად დაიჭირეს, რაც მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. იმავე 2 ივლისს პროკურორმა განაცხადა¸რომ დოკუმენტებში, რომლებიც ჟურნალისტებს დაკავებისას ჰქონდათ ხელში, უშიშროების ძალების გადაადგილების დეტალები იყო აღწერილი, სხვა დოკუმენტებში კი, რომლებიც მათ მობილურ ტელეფონებში აღმოაჩინეს, საიდუმლო და ტოპ საიდუმლო მასალები ინახებოდა.

ჟურნალისტების დაკავებისას, დეკემბერში, რეპორტიორები მიანმარის დასავლეთით მდებარე სოფელში როჰინგას ტომის ათი მუსლიმი კაცის და ბიჭის მკვლელობის საგამოძიებო მასალაზე მუშაობდნენ. მკვლელობები სამხედრო სადამსჯელო ღონისძიებების დროს მოხდა, რომელმაც გაეროს სააგენტოების თქმით, 700 000 -ზე მეტი როჰინგა აიძულა ბანგლადეშში გაქცეულიყო.

როგორც რეპორტიორებმა ნათესავებს უთხრეს, ისინი მაშინვე დააკავეს, როგორც კი ჩრდილოეთ იანგონის ერთ-ერთ რესტორანში ორმა ადამიანმა, რომლებიც ადრე არასდროს ენახათ, გადახვეული ქაღალდები მიაწოდეს მათ.
70 მილიონი წაშლილი ანგარიში ორ თვეში: Twitter ყალბ ანგარიშებს დაუპირისპირდა
მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში Twitter-მა 70 მილიონზე მეტი ანგარიში წაშალა და ტემპს არც ივლისში აგდებს. პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ტვიტერმა  მკვეთრად შეუტია ყალბ და საეჭვო ანგარიშებს. The Washington Post-ის მოპოვებული მონაცემებით, უახლოესი თვეების განმავლობაში კომპანია დღეში ერთ მილიონ ანგარიშს შლის.

ტვიტერის კამპანია ბოტებისა და ტროლების წინააღმდეგ კომპანიაში მიმდინარე დებატსა და ტვიტერის  პრინციპების ფილოსოფიურ ცვლილებებს ასახავს. თუმცა იმისთვის, რომ გავიგოთ რა არის ტვიტერი ახლა, უნდა განვიხილოთ, როგორი უნდა ყოფილიყო ის.

თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო როგორც ნეიტრალური პლატფორმა, ძალიან ცოტა წესებით, სადაც შეგეძლო გეთქვა ყველაფერი ყველასთვის: თუ არ იქნება ბარიერები, იქნება საუბარი, მდიდარი დისკუსია, გამოჩნდება საუკეთესო იდეები. კომპანიის ხელმძღვანელები დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ქმედებების მონიტორინგს და საკუთარ თავს “თავისუფალი სიტყვის პარტიის თავისუფალი სიტყვის ფრთას” უწოდებდნენ.

ტვიტერი შეიქმნა როგორც თავისუფალი სიტყვის რადიკალური ექსპერიმენტი, თუმცა დროთა განმავლობაში ექსპერიმენტი ჩამოიშალა. ის შესაძლებლობა, რომელსაც ტვიტერი სამოქალაქო ჟურნალისტებსა თუ პოლიტიკურ დისიდენტებს აძლევდა, ტროლების ნეო-ნაცისტების, ნაციონალისტებისა და სხვა რადიკალური ჯგუფებისთვის ხელსაყრელი გარემო გახდა.

ბოტები, ტროლები და ყალბი ანგარიშები მას შემდეგ არსებობს, რაც 2006 წელს ტვიტერმა დაიწყო ფუნქციონირება. 2015 წელს ტვიტერის მაშინდელმა აღმასრულებელმა ხელძღვანელმა აღიარა პრობლემა და თქვა: “პლატფორმაზე შევიწროებისა და ტროლების პრობლემას ვერ ვუმკლავდებით და წლებია ეს ასეა.” ახლა კი ტვიტერმა Washinton Post-ს დაუდასტურა, რომ გაუქმებული ანგარიშების ინტენსივობა 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ გაორმაგებულია.

ტვიტერის ვიცე-პრეზიდენტი ნდობისა და უსაფრთხოების საკითხებში დელ ჰარვი ამბობს, რომ კომპანიამ მხოლოდ ახლახან შეძლო ტექნიკური ხელსაწყოების შექმნა და რესურსების მიმართვა მავნე ქცევების საწინააღმდეგოდ.

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება ისაა, როგორც ვუდგებით ბალანსს: გამოხატვის თავისუფლება და ამ უფლების მიცემა მათთვის, ვინც ამას სხვა ადამიანის თავისუფალი სიტყვის საწინააღმდეგოდ იყენებს,” - ამბობს ჰარვი და აგრძელებს: “გამოხატვის თავისუფლება რეალუარად არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანები უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს".

ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვიტერი აშშ-ის კონგრესის ზეწოლის ქვეშ მოექცა, რუსეთის მიერ ყალბი ანგარიშების გამოყენებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.

მარტში ტვიტერის აღმასრულებელმა ხელმძღვანელი ჯეკ დორსი პლატფორმაზე “ჯანსაღი საუბრის” წახალისების ინიციატივით გამოვიდა. მაისში კომპანიამ ალგორითმში შესატანი ცვლილებებიც დააანონსა, რომელიც “ცუდ ქცევას” გაუწევს მონიტორინგს. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას კომპანია, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გააკეთებს.

ტვიტერი ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია არაა, რომელიც გამოწვევების წინაშე დგას და გამოსავლის პოვნაც მარტივი არაა. მკვლევრები წლებია ამბობენ, რომ პრობლემა გაცილებით დიდი და სერიოზულია. ამასთან, ცვლილებები, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, თუმცა ამხელა ძალაუფლება კერძო კომპანიის ხელში, როცა პლატფორმა წყვეტს რა კონტენტი ვნახოთ და არა, შესაძლოა სახიფათოც იყოს.
ხუთი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება, სულ მალე გაირკვევა რომელი ქვეყანა შეძლებს ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირში გამარჯვებას. შესაბამისად, სპორტული გადაცემებისთვისაც აქტიური პერიოდია და ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტებსაც საკუთარი პროფესიონალიზმის ჩვენება უწევთ. მსოფლიოში არაერთი სპორტული რეპორტიორია, რომლებიც გამოირჩევიან გაშუქებული თემებით, ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვებითა თუ ექსცენტრიულობით. მედიაჩეკერი ხუთ ასეთ ჟურნალისტს გაგაცნობთ.

ჯიმ როუმი - CBS Sports Radio-ს წამყვანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სპორტული შოუს შექმნა შეძლო. მისი გადაცემა 224 არხის მეშვეობით სამი საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემა. იგი ცნობილია როგორც დაუნდობელი სუსტი სტუმრების მიმართ, თუმცა მაინც ყველას უყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გონებამახვილობას დიდი სპორტული ეგოს მქონე სპორტსმენებისკენ მიმართავსმაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში მან NBA-ის კომისარს პირდაპირ ჰკითხა - „ისევ სცემთ თქვენს მეუღლეს“ (თავად რომი ოჯახურ ძალადობაში არასდროს დაუდანაშაულებიათ).ერთ-ერთმა სპორტსმენმა მისთვის მიუღებელი ეპითეტის გამო ეთერში მაგიდაც კი ესროლა. მის შოუს მილიონობით მსმენელი, თავად მას კი twitter-ზე 1.38 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

ბილ საიმონსი - ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი, რომელსაც twitter-ზე 4.4 მილიონი მიმდევარი ჰყავს, მის შოუს კი ყოველკვირეულად სამ მილიონზე მეტი მაყურებელი უყურებს. საიმონსმა კარიერა პატარა ადგილობრივი გამოცემისBoston-ის ბლოგერობითა და ESPN-ში სვეტების წერით დაიწყო და სახელი არაერთი მიმართულებით გაითქვა. მათ შორი: სპორტული podcast-ები, სპორტულ დოკუმენტურ სერიალზე მუშაობა, რომელმაც Emmy-ც მოიგო, თუ კალათბურთის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნის ავტორობა. “კალათბურთის წიგნმა”, theNew York Times-ის ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი დაიკავა, - პირველ სამ თვეში წგნის 200000 ეგზემპლარი გაიყიდა.

გუილემ ბალაგი რამდენიმე ინგლისური და ესპანური გაზეთისთვის წერს და Sky Sport News-ისთვის მუშაობს. იგი ერთ-ერთი იმ სპორტულ ჟურნალისტთაგანია, რომელსაც სპორტის სფეროს შესახებ ბევრი ექსკლუზივი აქვს. . მაგალითად, თავის დროზე, მან კრისტიანუ რონალდუსა და დევიდ ბექემის მადრიდში გადასვლის ამბავი იწინასწარმეტყველა. ასევე გააჟღერა არაერთი ექსკლუზივი La Lig-ის ტრანსფერების შესახებ და ა.შ.

სტეფან სმიტი - 47 წლის სპორტული სიახლეების წამყვანი საკუთარ თავს სპორტული ამბების პროვოკატორს უწოდებს. ESPN2-ზე მის რადიო შოუს twitter-ზე 2.4 მიმდევარი ჰყავს. მაგალითად, მან დაიცვა Dallas Mavericks-ის მფლობელი მარკ კუბანი, როდესაც მან თქვა, რომ გადაკვეთდა ქუჩას, თუკი შავკანიან ბიჭუნას შენიშნავდა და გააკრიტიკა ტომ ბრედი, რომელმაც თეთრ სახლში New England Patriots-ის პატივსაცემად გამართული ღონისძიება მშობლების ქორწინების საიუბილეო თარიღის აღნიშვნის გამო გამოტოვა. „მე ჩემი შეხედულებები მაქვს, რომლებიც ფაქტებს ეფუძნება და მათი გახმოვანებისთვის მე ბოდიშს არ ვიხდი. თუკი ვინმეს ვძულვარ, მერე რა? თუკი ვინმეს ვუყვარვარ, მერე რა?“ - განაცხადა სმიტმა the New York Times-თან ინტერვიუში.

ბობ კოსტასი - NBC-ის 63 წლის სპორტული წამყვანია, რომელსაც თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა აქვს გაშუქებული. სპორტული კარიერის განმავლობაში მან არაერთ დღისა და ღამის სპორტულ შოუს უმასპინძლა. ათჯერ იყო ოლიმპიური თამაშების წამყვანი. 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის დროს მისმა წაყვანილმა შოუმ რეკორდი მოხსნა, მას 219 მილიონმა მაყურებელმა უყურა. მას twitter-ზე ვერ ნახავთ, თუმცა როდესაც სპორტულ გადაცემას უძღვება, მისი კომენტარი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.
გამოხატვის თავისუფლება თუ პერსონალური მონაცემები - ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე წვდომის უფლების კუთხით პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან მიმართებით სასამართლომ უპირატესობა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას მიანიჭა და დაადგინა, რომ როდესაც საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს ეხება, პერსონალური მონაცემების დაშტრიხვა არ შეიძლება გამართლებული იყოს პირადი ცხოვრების პატივისცემის დაცვის მოტივით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო საქმეზე - „მ.ლ და ვ.ვ გერმანიის წინააღმდეგ“ (M.L. and W.W. v. Germany).

განმცხადებლები მ.ლ და ვ.ვ 1953 და 1954 წელს დაბადებული გერმანიის მოქალაქეები არიან. 1993 წელს  ერმანიის ეროვნულმა სასამართლომ მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ცნობილი მსახიობის ვ.ს-ს მკვლელობის გამო. 2007 წლის აგვისტოსა და 2008 წლის იანვარში მ.ლ და ვ.ვ ციხიდან პრობაციის წესით გათავისუფლდნენ.

2007 წელს მოსარჩელეებმა რადიოსადგურ Deutschlandradio-ს წინააღმდეგ ჰამბურგის რეგიონულ სასამართლოს მიმართეს. ისინი რადიოსადგურის ინტერნეტგვერდზე მათ შესახებ არსებულ მასალებში პერსონალური მონაცემების ანონიმურობის დაცვას ითხოვდნენ.

2008 წლის 29 თებერვალს სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და უპირატესობა მიანიჭა მათ ინტერესს, წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო აღარ ყოფილიყვნენ საჯარო გაკიცხვის მსხვერპლნი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია რადიოსადგურის გამოხატვის თავისუფლება და მედიის მისია საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მ.ლ-მ და ვ.ვ-მ 2010 წელს მიმართეს. ისინი უთითებდნენ, რომ დანაშაულის ჩადენიდან 15 წლის შემდეგ ისინი კვლავ ხდებოდნენ ახალი დაპირისპირების მსხვერპლნი. მათ სტიგმატიზაციას ხელს უწყობდნენ ის მედია საშუალებები, რომელთა ინტერნეტგვერდებზე ჯერ კიდევ იძებნებოდა ინფორმაცია მათი სასამართლო პროცესის შესახებ. განმცხადებლები შიშობდნენ რომ მსგავსი მიდგომით მათ არასოდეს ჩამოშორდებოდა მკვლელის იარლიყი. ისინი ასევე ვარაუდობდნენ, რომ სასამართლო პროცესებიდან ოცი წლის გასვლის შემდეგ მათი საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი განელებულიყო იყო და მათი პერსონალური მონაცემების ანონიმურობა მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ხელს მაინც არ შეუშლიდა.

განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ გერმანიის ფედერალური სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებული იყო გამოეყენებინა განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი პირთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მსუბუქი ფორმა - დაევალდებულებინა მედიასაშუალებები განმცხადებლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში მათი პერსონალური მონაცემები დაეშტრიხათ.

მოპასუხე რადიოსადგური აღნიშნავდა, რომ მედიის დავალდებულება, არქივში დაცულ პუბლიკაციებში პერსონალური მონაცემების ანონიმურობა ეკონტროლებინა, სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებული ჩარევა იქნებოდა მათ საქმიანობაში. მოპასუხის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო განმცხადებლების მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მოპასუხე იმასაც აღნიშნავდა, რომ განმცხადებლებმა თავად შეუწყვეს ხელი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივებას, როცა საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს და ამის შესახებ პრესას თავად მიაწოდეს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განსახილველ საკითხს წარმოადგენდა სამართლიანი ბალანსის დადგენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში.

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა წარმოადგენს სახელმწიფოს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი განსაკუთრებით მაღალ დონეზე არის უზრუნველყოფილი. მიუხედავად აღნიშნულისა, გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მოცემულ საქმეში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და მას მიანიჭა უპირატესობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან მიმართებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის მხრივ მხარი დაუჭირა ფედერალური სასამართლოს მსჯელობას და ხაზი გაუსვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უმნიშვნელოვანეს როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში და არ დაადგინა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა.

გადაწყვეტილების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ IDFI-ს ვებსაიტზე