ანალიზი
ბოლო რამდენიმე დღეში სავარაუდოდ უცნობი ნივთიერების ინტოქსიკაციით ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი ახალგაზრდა ამ დრომდე კომაშია. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები დადგენილი არაა, ონლაინმედიის ნაწილი კი გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ზედოზირებამ იმსხვერპლა, რომლებიც თითქოს კლუბებში იყიდება.

მომხდარს სოციალურ ქსელში დისკუსია და ბევრი ემოციური კომენტარი მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილი კლუბების დახურვას მოითხოვს და წერს, რომ იქ “ბავშვებს რყვნიან”, ნაწილი კი თემას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ჭრილში განიხილავს და ამბობს, რომ ამით უარეს შედეგებს მივიღებთ.

ეს შემთხვევაც, ისევე როგორც სხვა, მსგავსი ფაქტები, ახლაც მედიის დღის წესრიგში მოხვდა. თუმცა, ონლაინმედიის ნაწილი მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარების ციტირებით შემოიფარგლა. ამგვარ გამოცემებს მკითხველისთვის არც გადამოწმებული ფაქტები შეუთავაზებიათ, არც პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე უმსჯელიათ და არც სხვადასხვა მხარის პოზიცია უჩვენებიათ. ასეთმა მიდგომამ კი, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, არასწორ დისკუსიას, სტერეოტიპების გამყარებასა და თემის დემონიზაციას (ნეგატიურად წარმოჩენას) შეუწყო ხელი.

ამის ნათელი მაგალითია ჯონდი ბაღათურიას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის ახალ ამბად ქცევა. ბაღათურიამ 29 აპრილს დაწერა, რომ “ბოლო 4 დღეში თბილისში 12 მოზარდი გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკით და ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, რადგან პოლიცია ვერაფერს აკეთებს იმის გამო, რომ კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის”.

ბაღათურიას ეს განცხადება ონლაინმედიების ნაწილმა უცვლელად, დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოაქვეყნა.  მაგალითად: Alia.ge, ww.ge, dainteresdit.ge, metronome.ge, cyc.ge, sazogadoeba.ge, newsroom.com.ge, sarkenews.ge, dianews.ge, gmvt.ge. ამით მათ ფაქტობრივად მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას პლატფორმის როლი შეასრულეს. გარდა იმისა, რომ სტატუსი დაუდასტურებელ და არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს (რეალურად ორი ადამიანი გარდაიცვალა), გამოცემებს მომხმარებლისთვის ალტერნატიული აზრი არ შეუთავაზებიათ. მასალებში არაა წარმოდგენილი არცერთი კლუბისა თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის პოზიცია.

მსგავსი, დაუბალანსებელი და გადაუმოწმებელი მასალა გაავრცელა 30 აპრილს newposts-მაც. სტატიის - "კლუბური ნარკოტიკების გასაღების უკან ხელისუფლების და შოუბიზნესის წარმომადგენლები დგანან - მამა პეტრეს სკანდალური განცხადება”, უდიდესი ნაწილი ეთმობა მღვდელ პეტრე კოლხის მოსაზრებებს, რომლის მტკიცებით, ღამის კლუბებში არასრულწლოვნები დადიან და მათ იქ ნარკოტიკებს სთავაზობენ. მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა პეტრე კოლხის ნათქვამის გადასამოწმებლად.

“როგორც ამბობენ” - წერს ავტორი და აგრძელებს - “სწორედ “მეფედრონმა” იმსხვერპლა 22 წლის ახალგაზრდა”, თუმცა ბუნდოვანია ვინ ამბობს ამას. მკითხველისთვის გაუგებარი რჩება ვინაა ინფორმაციის წყარო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად კი, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

ტერმინი “კლუბური ნარკოტიკი” აერთიანებს იმ ნივთიერებებს (MDMA, LSD და სხვა), რომელთა მოხმარების შემთხვევაში ადამიანი ეიფორიისა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. “კლუბური ნარკოტიკი” არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ კლუბებშია ხელმისაწვდომი და არ შეიძლება მათი მოხმარება რესტორანში, სახლში, პარკში და ა.შ. (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ქმედება დასჯადია). შესაბამისად, ბუნდოვანია, რატომ უკავშირებს ქართული მედიის ნაწილი ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ ამბებს, ხშირად, კლუბებს.

უცნობი ნარკოტიკული საშუალებით შესაძლო ინტოქსიკაცით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების გაშუქებისას, უმჯობესია, მედიამ კარგად გადაამოწმოს ყველა ფაქტი და განცხადება, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ფოკუსირდეს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, სავარაუდოდ რომელი ნივთიერება გახდა ადამიანების დაღუპვის მიზეზი, არის თუ არა მხოლოდ ამ ნივთიერების მოხმარება მომაკვდინებელი თუ ფატალური შედეგი მხოლოდ სხვა ნივთიერებებთან ერთად მიღების დროს დგება, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ზედოზირების დროს და ა.შ. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ნარკოტიკების საკითხზე მომუშავე ჯგუფი და მათი რეკომენდაციაც ისევე მარტივად ხელმისაწვდომია, თუნდაც იგივე სოციალურ ქსელში, როგორც სხვადასხვა პირების განცხადებები.

რასიზმის პრობლემა არის ყველგან  და სამწუხაროდ გამონაკლისი არც საქართველოა. ამის მიუხედავად, ქართული მედიის ნაწილი ხშირად თემას ზედაპირულად და არასწორი მიმართულებით აშუქებს. საკითხზე სასაუბროდ არაკომპეტენტურ სტუმრებს იწვევს და შესაბამისად აუდიტორიას ვერ სთავაზობს არგუმენტირებულ მსჯელობას. მეტიც, ხანდახან ჟურნალისტებს უჭირთ გაუმკლავდენენ გადაცემის მონაწილეს, რომლის სტერეოტიპული დამოკიდებულებები, დიდი ალბათობით, წინასწარაც იცოდნენ. საქართველოში ძირითადად ანტითურქული, ანტიირანული, ანტიარაბული და ანტიინდური განწყობებია.

არცთუ იშვიათია ისეთი შენიღბული რასიზმის შემცველი განცხადებები, როგორიცაა - „მიგრანტები „ქართულ გენს“ უქმნიან საფრთხეს“, „ქართველები საქართველოში მალე უმცირესობაში აღმოჩნდებიან“, „უცხოელები ქართველ ქალებს გვართმევენ“ (თითქოს ქართველი ქალები ქართველი კაცების საკუთრება არიან). ამასთან, დასავლეთშიც და საქართველოშიც უფრო და უფრო იმატებს ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიცხვი. რასიზმის პრობლემის საილუსტაციოდ, ბოლო წლებში, მედიაში გავრცელებული რამდენიმე შემთხვევაც კმარა. რასისტული შინაარსის განცხადებები უცხო არც ქართველი პოლიტიკოსებისთვისაა. რამდენიმე ასეთი განცხადება რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის 2015 წლის მოხსენებაშიც მოხვდა. სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმადაც, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტური გამოძიება.

ამგვარი ფონის მიუხედავად ტოქშოუში საკითხზე არარელევანტური სტუმრებით, უფოკუსო და ზედაპირული მსჯელობა იშვიათი გამონაკლისი არ არის. ამის ნათელი მაგალითი იყო 23 აპრილს “TV პირველის” ეთერში გასული გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”, რომლის მეორე ბლოკის მიზანი იყო დაედგინა, არის თუ არა საქართველოში რასიზმის პრობლემა. საკითხის ამგვარად დასმით, ზემოთ აღნიშნული რასობრივი დისკრიმინაციის არაერთი მაგალითის მიუხედავად, გადაცემაში საერთო ჯამში პრობლემა დაკნინდა და საერთოდ არსებობა არარსებობამდე დავიდა დისკუსიის ფოკუსი. სტუმრების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ საქართველოში რასისტული განწყობები საერთოდ არ არის და მედიამ სხვა საკითხები უნდა გააშუქოს.

გადაცემაში ცდილობდნენ დაეცვათ ბალანსი იმ საკითხში, სადაც მეორე მხარე არ არსებობს, რადგან რასიზმს გამართლება არ აქვს და ყველა შემთხვევაში მიუღებელი უნდა იყოს. ამ გადაცემაში კი ერთ მხარეს იურისტები ნინო ბოლქვაძე და ლევან ალაფიშვილი იდგნენ, მეორე მხარეს კი ნიკოლოზ მჟავანაძე და დავით ლორია “უფლებადამცველთა გაერთიანებიდან“. მსჯელობაში მონაწილეობდნენ დარბაზში მსხდომებიც, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ფერადკანიანი პირები.

გადაცემის ამგვარი ფოკუსისა და სტუმრების გამო რაიმე საკითხის საფუძვლიანი განხილვის ნაცვლად დისკუსია ურთიერთბრალდებების რეჟიმში წარიმართა. გადაცემაში “უფლებათა დამცველის” სტატუსით მიიწვეული იყო სტუმარი (ნიკოლოზ მჟავანაძე), რომლის ანტიდასავლური და ისლამოფობიური განცხადებები მრავლად იძებნება. გადაცემაში კი მის დისკრიმინაციულ და უფოკუსო რეპლიკებსა და ბრალდებებს წამყვანი ვეღარ გაუმკლავდა, არაერთხელ მიუთითა, რომ სისულელეს ამბობდა და გადაცემის დატოვებისკენაც მოუწოდა. რეალურად რესპონდენტის ეს განცხადებები არაფრით განსხვავდებოდა მისი სხვა გამოსვლებისგან და წამყვანისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ამგვარი რიტორიკა, შესაბამისად გაუგებარია მაშინ რატომ მიიწვია და რა ინფორმაციის მიღებას ელოდა მისგან. 

ტოქშოუს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე შავკანიანი კაცისა და სავარაუდოდ, ქართველი ქალის ქორწინების ცერემონიის ფოტოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფითი გამოხმაურება. კიდევ ერთი გახმაურებული ინციდენტი მოხდა ბელიაშვილზე, სადაც ნიგერიელ სტუდენტებს შესაძლო დისკრიმინაციული მოტივით ადგილობრივები თავს დაესხნენ. ეს ინციდენტები გაიხსენა წამყვანმა, ვახო სანაიამ და სტუმრებს ამ კითხვით მიმართა: “არის თუ არა ეს ყველაფერი რეალობა, თუ მაინც გაზვიადებულია ეს თემა?!”

გადაცემის განმავლობაში, რომლის უდიდესი ნაწილი ხმაურის ფონზე წარიმართა, მჟავანაძე ამტკიცებდა, რომ “ერთი ბელიაშვილის ქუჩით ავაგეთ მთელი ჰიპოთეზა, რომ საქართველოში ფერადკანიან ადამიანებს ჩაგრავენ.” ის მოუწოდებდა წამყვანს გაეშუქებინა აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის პრობლემები და აცხადებდა, რომ ამ საკითხით “TV პირველი” კომპანია სოკარის რეკლამის გამო არ ინტერესდება.
გადაცემის მიწურულს, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მაყურებელი ვახო სანაიასა და ნიკოლოზ მჟავანაძის კამათს ისმენდა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დისკუსიის თემასთან. წამყვანმა სტუმრის თემაზე კონცენტრირება ვეღარ შეძლო და სტუდიის დატოვებისკენ მიუთითა.

“გინდა სტუდიაში, გინდა გარეთ, ეთერის მერე, გაბედეთ რაც გინდათ; ისე არ ქნათ, რომ ბოლო ეთერი იყოს თქვენთვის აქ; წადით თუ გინდათ… უკაცრავად მაყურებელთან, თქვენ როგორც უფლებადამცველი აღორძინდით. რაც ხართ ის ხართ, კარგად გამოჩნდა”, - უთხრა წამყვანმა. დისკუსის არასწორმა ფოკუსმა და არარელევანტურმა სტუმრებმა საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ერთი საათისა და 15 წუთის განმავლობაში გადაცემაში ძირითადად ზოგადი მოსაზრებები ისმოდა, დისკუსია დაცლილი იყო კონკრეტიკისგან და არგუმენტირებული მსჯელობისგან. საბოლოოდ, ვერც გადაცემის მთვარ კითხვას გაეცა პასუხი და მაყურებელმა ვერ გაიგო “არის თუ არა რასიზმი საქართველოში”.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანა დენდროლოგიურ პარკში დიდი ხანია მედიის კრიტიკის საგანია. უმეტესად აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ხეების გადატანის პროცესში ზიანდება გზა, სხვა ხეები, ეკოსისტემა. სადენების დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილი რჩება ელექტროენერგიის გარეშე, უფრო მეტიც, სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზეც არაერთხელ ითქვა და დაიწერა.

ამ კრიტიკის საპირწონედ, 15 აპრილს, გადაცემა “იმედის კვირამ” მოსიარულე ხეების დადებითი კუთხით წარმოჩენა სცადა. წამყვანმა თქვა, რომ “გურიაში დენდროლოგიური პარკის გაშენების პროცესი არც თუ ისე მშვიდ გარემოში გრძელდება და ამ ყველაფერმა ოპოზიციის და მისი მიმდევარი ტელევიზიის კონტექსტში, ცოტა არ იყოს კომიკური სახე მიიღო”. მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერის ოპონენტები თითქმის ყოველდღიურად იუწყებიან, რომ ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.  დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ კი იმასაც ამბობენ, რომ ხეების მთხრელი ცხოვრობს და ივანიშვილს ბუნების მტერს უწოდებენ, თუმცა რეალურად არავის უნახავს რა ხდება პარკში “რომლის ანალოგიც მსოფლიოში, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე იყოს და სადაც წლების შემდეგ მისვლა ყველას შეეძლება”. წამყვანმა იქვე რიტორიკული კითხვაც დასვა - “გარემოს მტერი თუ ქველმოქმედი? რა მიზნით ყიდულობს ბიძინა ივანიშვილი ასწლოვან ხეებს”

სიუჟეტში ამ კითხვის პასუხი არ უძებნიათ, მასალის მთლიანი ფოკუსი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილის ჩვენება იყო.

დასაწყისშივე, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე, აუდიტორიას პარკში არსებული ხეები გააცნეს, მეტყევის კომენტარით კი უთხეს, რომ ყველა ხე იმაზე უკეთეს პირობებშია ამ პარკში, ვიდრე იმ ადგილას, საიდანაც გადმოიტანეს. მაგალითად, პარკში გადაინაცვლა ციხისძირიდან ევკალიპტმა, რომლის მოჭრასაც მოსახლება ითხოვდა. მოქალაქე ადასტურებს როგორი შეწუხებული იყვნენ ამ ხის გამო.

ჟურნალისტს უკმაყოფილო მოქალაქე არ უჩვენებია მაშინ, როდესაც სხვა არაერთ მედიასაშუალებასთან ადგილობრივები ხეების მოჭრის გამო წუხილს ვერ მალავდნენ, განსხვავებული აზრი აუდიტორიას პრაქტიკულად არ მოუსმენია. მაგალითად, არ უსაუბრიათ არც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აგრონომებს თუ ბიოლოგებს, რომლებიც გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე ამახვილებენ ყურადღებას.

“გადარჩენილი” ხეების ბედნიერი ისტორიების პარალელურად, ხეში გაცვლილი სიკეთის არაერთი ამბავიც მოვისმინეთ. მაგალითად, როგორ შესთავაზეს თავად მაცხოვრებლებმა ბიძინა ივანიშვილს ხე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ერთ რესპონდენტზე დაყრდნობით გავიგეთ, რომ გზა გააკეთეს, ეზო მოაპირკეთეს, ელექტროენერგიის პრობლემა მოგვარდა. წვერმაღალოს ამბავს უკვე ჟურნალისტი ჰყვება - ხეების ნაცვლად როგორ დაუგეს გზა და გააკეთეს საბავშვო ბაღი, რომელიც სოფელში ბოლო ოცი წელია არ ყოფილა. ბობოყვათში კი გზების დაგებაში ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდა.

სიუჟეტში მხოლოდ კმაყოფილი მოქალაქეები საუბრობდნენ. ამის პარალელურად, თითქმის იმავე დროს სხვა არხზე, “რუსთავი 2-ის” ეთერში, მსგავს თემაზე მომზადებულ მასალაში, მხოლოდ უკმაყოფილო მოქალაქეები ჩანდნენ. ისინი წუხდნენ, რომ მაგალითად სოფელ კახათში გზა მხოლოდ გადასატან ხემდე მიდის და სხვაგან არაფერი გაუკეთებიათ.

ხეების გადამრგველი კომპანიის, “ზიმოს” წარმომადგენელი სიუჟეტში ირწმუნება, რომ ერთი გადარგული ხის ნაცვლად იმ ადგილას ასს ნერგს რგავენ, რომელიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოაქვთ. მოთხრილ ადგილებს კი იმ კონდიციამდე ამუშავებენ, რა შეთანხმებაც მეპატრონესთან აქვთ. ალაგ-ალაგ დარჩენილი მოშიშვლებული ადგილებიც სწორედ შეთანხმების შედეგი ყოფილა, რადგან მეპატრონეს სახლის აშენება ან ბოსტნის გაშენება ჰქონია გადაწყვეტილი იმ ადგილას. ამ სიტყვების გადამოწმება ჟურნალისტს არ უცდია, არ დაინტერესებულა იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე სახლი ვინ ააშენა. გადატანილი ხეების ადგილას კი დატოვებული სიცარიელე და გამოწვეული პრობლემები რომ არაერთია, არც ეს უთქვამს ჟურნალისტს.

“იმედის კვირის” სიუჟეტში სრულ ჰარმონიას, ისევ ოპოზიცია არღვევს. “ნაციონალური მოძრაობა” აჭარაში ჟურნალისტის თქმით, “გარემოს დამცველების სტატუსით გვევლინება”, სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე საუბრობს და ბუნებაზე მიყენებული ზიანის გამო სასამართლოში ჩივილით იმუქრება. ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა რომ ხე გადაიტანოს სახელმწიფო გზას უკეთებს და ბიუჯეტის ფულს ხარჯავს. ბრალდებას უარყოფს საგზაო დეპარტამენტი. ჟურნალისტს არც ამ საკითხის გარკვევა უცდია, არ დაინტერესებულა დოკუმენტების მოძიებით, რომ რეალურად გაერკვია მართლაც იხარჯება თუ არა ბიუჯეტის სახსრები ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ. მაყურებელი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კომენტარის ამარა დარჩა.

ეკოსისტემის რღვევაზე წუხილის საპასუხოდ კი ისევ მეტყევე საუბრობს და ნიცშეს ციტატაზე დაყრდნობით აიმედებს საზოგადოებას, რომ ერთი ხე ვერავითარ პრობლემას ვერ შექმნის. იქვე მაყურებელს ახსენებს, რომ წლების წინ, ხეები უმოწყალოდ იჩეხებოდა და ამაზე ხმას არავინ იღებდა. ეკოლოგიური კატასტროფა კი არა ხეების გადატანა, არამედ, მაგალითად, “მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრაა”.

შემდეგ “ფონდი ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ჩნდება. იგი ამბობს, რომ უარყოფითი ინფორმაციის გავრცელება ოპოზიციურ პარტიას სურს “ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”. შემდეგ კი რესპონდენტი და ჟურნალისტი იმ პროექტების საერთო ღირებულებას დეტალურად გვახსენებს, რაც ფონდმა წლების განმავლობაში განახორციელა. რამდენიმე წუთით სიუჟეტის ფოკუესი იცვლება და თბილისის და ბათმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტსაც აცნობენ მაყურებელს. ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ბუნების მტერი არ არის.

სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ისევ დენდროლოგიურ პარკს უბრუნდება. ყვება, თურმე აჭარაში აჟიოტაჟი არ წყდება, მოსახლეობის ერთი ნაწილი ხეების ასაკის დადგენითა და მათი სარფიანად გაყიდვით ყოფილა დაინტერესებული. მეორე უკმაყოფილო ნაწილი კი გარემოზე ზიანის მიყენებაზე საუბრობს. თუმცა, ასეთ დროს ყურადღების მიღმა დარჩენიათ ის ასწლოვანი ხეები, რომლებიც, ჟურნალისტის თქმით, სხვადასხვა დროს და სხვადსხვა მიზეზით თავად მოსახლეობა გაუჩეხავს.

“ეს ელოდათ იმ ხეებსაც, რომელიც დღეს გადასარევ პირობებში ბოტანიკოსების და მეცნიერების ხელშია აღმოჩენილი და იცოცხლებს კიდევ რამდენიმე წელი, რას ხედავთ ამაში ცუდს, ვერაფერი ვერ გავიგე” - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი და მოსიარულე ხეების 15 წუთიანი ისტორიაც აქ მთავრდება.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2018 წლის ანგარიში ის თემა აღმოჩნდა, რომელიც მედიამ სხვადასხვა ჭრილში გააშუქა. ანგარიში 11 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის საერთო ინდიკატორთან ერთად მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი გაუარესდა და 2009 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა. ანგარიშის მიხედვით მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მაჩვენებლის შემცირება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ესენია: ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის საქმე, პროსახელისუფლებო კერძო ტელევიზიების - იმედის, GDS-ისა და მაესტროს გაერთიანება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცება.

Freedom House-ის ამ შეფასებით განაწყენებული დარჩა როგორც მმართველი გუნდი, ისე მედიის კრიტიკულ კონტექსტში განხილული ნაწილიც. ეს, განსაკუთრებით ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დოკუმენტის  შეფასებების შესახებ მომზადებულ მასალებში გამოჩნდა. 12 აპრილის სიუჟეტებში მთავარი აქცენტი სწორედ ანგარიშის შეფასებები იყო.

პირველი არხი

12 აპრილის საინფორმაციო გამოშვებაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომლის მენეჯმენტის მუშაობა მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად არის დასახელებული, Freedom House-ის ანგარიშს უნდობლობა გამოუცხადა და შეცდომების ძებნა დაიწყო.

“ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის ობიექტურობა საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მმართველი გუნდის ლიდერები Freedom House-ის კვლევის ავტორებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. მწვავე კრიტიკის საგანია დოკუმენტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც 2017 წელს ქართული მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებელი მაჩვენებლი გაუარესდა და 2009-2012 წლების მონაცემებს გაუტოლდა. დოკუმენტში უზუსტობები მედიაორგანიზაციების ნაწილმაც იპოვა”, - ამ ტექსტით წარადგინა თემა მოამბის მთავარი გამოშების წამყვანმა.

საზოგდოებრივი მაუწყებლის მიერ დოკუმენტში აღმოჩენილ უზუსტობაზე საუბრით დაიწყო სიუჟეტი ჟურნალისტმაც. მან განმარტა, რომ Freedom House - ის ანგარიშში მეორე არხის დახურვასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი არაზუსტია. თქვა, რომ არხი მაუწყებლობას დღესაც განაგრძობს და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად პარლამენტის სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების ტრანსლირებას უზრუნველყოფს.

ამის შემდეგ, ჟურნალისტმა ანგარიშში აღმოჩენილ იმ უზუსტობაზე ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, ტელეკომპანია “იმედმა” აღმოაჩინა და მაყურებელს ტელეკომპანიის განცხადების ნაწილი გააცნო, რომელიც ასე იკითხება:

“შევახსენებთ Freedom House” - ს, რომ 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ბოლომდე იმედი არათუ კონტროლდებოდა და შესაბამისად, არ იყო კრიტიკული მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, არამედ უშუალოდ მათ მფლობელობაში იმყოფებოდა”.

სიტყვა “უზუსტობა” სიუჟეტში რამდენჯერმე გაჟღერდა. ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ დოკუმენტი საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში კამათისა და დაპირისპირების საგნად იქცა, რაც ქმნიდა შთაბეჭილებას, რომ ჟურნალისტი მსგავსი ჩანართებით საკუთარი ნათქვამის გამყარებას ცდილობდა და ხაზს უსვამდა, რომ ანგარიშს უნდობლობა არა მხოლოდ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, არამედ საზოგადოებისა და პოლიტიკურ სპექტრის ნაწილმაც გამოუცხადა. რაც დოკუმენტში მათ მიერ აღმოჩენილი “უზუსტობების” აქცენტს უფრო მეტ სიმყარეს მატებდა.

სიუჟეტში Freedom House - ის ანგარიშის შესახებ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი კრიტიკული შეფასებაც მოვისმინეთ.

იმედი

Freedom House -ის ანგარიშს თითქმის იდენტური პათოსით გაჯერებული მასალა მიუძღვნა ტელეკომპანია “იმედმაც”. მთავარი აქცენტი აქაც დოკუმენტში აღმოჩენილ უზუსტობებზე გაკეთდა.

“დასკვნას, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა, პრემიერი უკიდურესად არაობიექტურს და დაუბალანსებელს უწოდებს. ორგანიზაციის არგუმენტების გაბათილება საგანგებო ბრიფინგით სცადა ირაკლი კობახიძემაც, პარლამენტის თავმჯდომარე მიკერძოებაზე საუბრობს და ანგარიშში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე მიუთითებს. ანგარიშში, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა, მოხვდა ტელეიმედიც, თუმცა საკმაოდ უცნაური შინაარსით და არასწორი კონტექსტით” - ამ ტექსტით წარადგინეს თემა დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა და ასპარეზი ჟურნალისტს დაუთმეს, რომელმაც თემა ასევე ტელეკომპანიის მიერ გაკეთებული განცხადებით გახსნა, სადაც აღნიშნული იყოს რომ

“გამაოგნებელია მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციისთვის ასეთი ტიპის არასწორი ინფორმაციის გავრცელება”, შემდეგ Freedom House-ს შეახსენეს ის, რომ “იმედი” “ნაციონალური მოძრაობის” მფლობელობაში იმყოფებოდა. რასაც წინ უძღვოდა “შეიარაღებული თავდასხმა და ფიზიკური ტერორი ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე...ჩვენ არ ვართ პარტიულ-ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ უბრალოდ ვაშუქებთ მოვლენებს, ისე, როგორც ეს არის და ვაძლევთ ტრიბუნას ყველას, ვინც მოვლენებში მოაწილეობს…”

ტელეკომპანიამ საერთაშორისო ორგანიზაციის მისამართით არც რჩევები დაიშურა: “იმედს ვიტოვებთ, რომ ორგანიზაცია გამონახავს უფრო მაღალი კომპეტენციის თანამშრომლებს და კვლავ იქნება მედიათავისუფლების სადარაჯოზე…”

Freedom House - ის ანგარიშის გარშემო გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები ყურადღების მიღმა არც “იმედმა” დატოვა და საზოგადოებას ანგარიშით განაწყენებულებისა და კმაყოფილების საპირისპირო შეფასებები გააცნო.

რუსთავი 2

თემის აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტი შემოგვთავაზა ტელეკომპანია “რუსთავი 2- მა”. ზემოთ განხილული მაგალითებიგან განსხვავებით, აქ დოკუმენტებში შეცდომების ძებნა არავინ დაიწყო. მასალაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან Freedom House - ის ანგარიშის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება საერთაშორისო ორგანიზაციაზე შეტევად შეფასდა და მთავარი ფოკუსი არაფორმალურ მმართველობასა და ყოფილ პრემიერზე ბიძინა ივანიშვილზე გაკეთდა.

“მმართველი პარტიის ლიდერები შიდა დაპირისპირების შემდეგ, საერთაშორისო კონფლიქტში ერთვებიან, მთავრობისა და პარლამენტის მეთაურები მსოფლიოში ერთ-ერთ ყელაზე გავლენიან ორგანიზაციას მკაცრად და უხეშად აკრიტიკებენ. გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის გაღიზიანება საქართველოს დემოკრატიის ინდექსის დაწევამ და ამ გადაწყვეტილების მიზეზებმა გამოიწვია, მაგრამ, მათი განცხადებების შემდეგ გაუგებარი დარჩა ვის იცავენ პოლიტიკური ლიდერები, ქვეყნის იმიჯს, ხელისუფლებას, თუ არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის პირდაპირი ადრესატი იყო”, - ამ ტექსტით გახსნა თემა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.

ბიძინა ივანიშვილის კონტექსტი შეინარჩუნა ჟურნალისტმაც, რომელმაც განმარტა, რომ პოლიტიკური ლიდერები Freedom House - ს ერთმანეთის მიყოლებით და იდენტური სიტყვებით იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეპოქის დემოკრატიის ხარისხით ისეთივე კმაყოფილები არ არიან, როგორც ოცნების ლიდერები. ხაზი გაესვა ანგარიშის იმ ნაწილსაც, სადაც ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკურ ვენდეტაზე და მის მიერ წამოწყებულ და დაგეგმილ პროექტებზეა საუბარი.

მმართველი გუნდის განცხადებების პარალელურად, წარმოდგენილი იყო ოპოზიციური სპექტრის ის განცხადებები, სადაც აქცენტი კვლავ ბიძინა ივანიშვილზე იყო გადატანილი. მათი შეფასებით, მმართველი პოლიტიკური ძალის გაღიზიანება, Freedom House - ის ანგარიშში პანორამა თბილისისა და ბიძინა ივანიშვილის ხსენებამ გამოიწვია. სიუჟეტში ასევე წარმოდგენილი იყო ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული განცხადებაც.

ტელეკომპანია პირველი

“ხელისუფლება Freedom House - ის წინააღმდეგ” - სწორედ ასე დაასათაურა ტელეკოპმანია “პირველმა” სიუჟეტი, რომელიც ამავე თემას ეხებოდა. აქ მთავარი აქცენტი ხელისუფლების მხრიდან გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციაზე მმართველი გუნდის თავდასხმა იყო. მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა განმარტა, რომ დემოკრატიის ხარისხის გაუარესებას და “Freedom House” - ის შეფასებას არ ეთანხმება ქვეყნის პრემიერი. მანვე თქვა, რომ კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს მთავრობის ხვა წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარე კი დოკუმენტს ღიმილისმომგვრელი უწოდა.

ტელეკომაპნია “პირველის” სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ “Freedom House” - მა გამოქვეყნებული ანგარიშის გამო ხელისუფლებისგან თავდასხმების უპრეცედენტო კასკადი დაიმსახურა. მასალაში ანგარიშის შესახებ წარმოდგენილი იყო როგორც მმართველი გუნდის კრიტიკული შეფასებები, ისე ოპოზიციური ფლანგის კომენტარები, რომლებიც ხელისუფლების პოზიციას სირაქლემის პოზაში ყოფნას ადარებდნენ.

განხილული მაგალითები აჩვენებს, თუ როგორ როგორ ქმნის მედია ერთი და იმავე თემის გარშემო რადიკალურად განსხვავებულ პერსპექტივებს და საკუთარი დღის წესრიგის გათვალისწინებით, როგორ სთავაზობს მაყურებელს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ კონტექსტს და რეალობის აღქმის პარალელურ “სინამდვილეს”.
“აქტუალური თემა” დღის მნიშვნელოვან საკითხს უნდა ეძღვნებოდეს, დამატებით ინფორმაციას, ანალიზს, არგუმენტებს აწვდიდეს აუდიტორიას. ასეც წერია გადაცემის ანოტაციაში. ანოტაცია ეკრანზე სხვაგვარად აისახა. ზოგჯერ გადაცემა სულაც არ ეხება აქტუალურ თემას. მოწვეული სტუმარი კი არ არის სასაუბრო საკითხთან კავშირში. ხანდახან ისეც ხდება, რომ მხოლოდ ერთი პოზიციის მოსმენა უწევს მაყურებელს ანდა, წამყვანი სულაც არ სვამს კრიტიკულ კითხვებს, არ წამოაჩენს საზოგადოების პრეტენზიებს და არ სთხოვს სტუმრებს მასზე პასუხს. უფრო მეტიც, ხანდახან გადაცემის წამყვანი თავად იქცევა პასიურ მსმენელად და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი სტუმართა მონოლოგების ტრიბუნა ხდება.

“აქტუალური თემა” საზოგადოებრივი მაუწყებლის საღამოს ეთერში გადის. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით წამყვანი სტუმრებთან ერთად წინასწარ შერჩეულ რამდენიმე საკითხს განიხილავს. ერთთვიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ საკითხებს შორის დღის აქტუალური თემა ხშირად ვერ ხვდება. მაგალითად:
  • 2 აპრილს ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიში გასაჯაროვდა, რომელშიც საუბარი იყო არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ამ დღეს აქტუალური თემა “სათამაშო ბიზნესსა და რეგულაციებს” დაეთმო.
  • 26 მარტს, როცა ერთ-ერთი მთავარი თემა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის სექსუალურ შევიწრობაში დადანაშუალება იყო, აქტუალურ თემაში “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ინიციატივები და სასამართლო რეფორმა / ორმაგი მოქალაქეობა და გენდერული კვოტირება” განიხილეს.
  • 5 მარტს პარლამენტში ტატუნაშვილი/ოთხოზორიას სიის საკითხი განიხილებოდა და საინფორმაციო პროგრამების ერთ-ერთი მთავარი თემაც ეს იყო, “აქტუალური თემა” კი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ხედვას მიეძღვნა.
იშვიათია დღე, როდესაც სტუდიაში არგუმენტირებული კამათი და დისკუსიაა, რაც მაყურებელს პრობლემის არსის უკეთ გაგებაში დაეხმარება. გადაცემაში არც თუ ისე ხშირად იწვევენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ამ შემთხვევაშიც მათ არ აქვთ საშუალება ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკამათონ, გაცვალონ აზრები. ეს საკითხი ნაკლებად პრობლემური იქნებოდა, თავად წამყვანს რომ შეეძლოს ოპონირება, ის კი, ძირითადად, წინასწარ გაწერილ კითხვებს მიჰყვება, რომელიც არ გამომდინარეობს რესპონდენტთა პასუხებიდან, იშვიათად ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას და ჩაკითხვას.

გოგა ხაინდრავა ზოგჯერ გაუგებარია რა კავშირშია საერთოდ მოწვეული სტუმარი გადაცემის თემასთან. მაგალითად, 19 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსზე სასაუბროდ რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიწვიეს, თუმცა რა კავშირი ჰქონდა მას ამ თემასთან, რატომ იყო რელევანტური მისი მოსაზრებები, გადაცემის დასრულების შემდეგაც გაურკვეველი დარჩა. წამყვანმა თქვა, რომ მონაწილეობა შესთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მაგრამ, არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად ვისგან მიიღო უარი.

ხშირია შემთხვევა, როცა გადაცემის განსახილველი თემის ყველა შესაძლო მხარე არ მონაწილეობს. როგორც წამყვანი გადაცემის მიმდინარეობისას აღნიშნავს ხოლმე, რიგ შემთხვევებში სტუმრები თავად ამბობენ უარს გადაცემაში მონაწილეობაზე, ზოგჯერ კი მიზეზი უცნობი რჩება. ფაქტი ისაა, რომ სხვდასხვა მიზეზთა გამო აუდიტორია სხვადასხვა მხარის არგუმენტებს ვერ ეცნობა. არის შემთხვევები, როდესაც წამყვანი სხვადასხვა საკითხს ერთმანეთს არამართებულად უკავშირებს. ასე მოხდა 22 მარტსაც, როცა გადაცემაში “რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე” საუბრობდნენ.

წამყვანმა შეურაცხყოფა, სიძულვილის ენის გამოყენება და მუქარა ფაქტობრივად ერთ კონტექსტში განიხილა, როდესაც ნარკოლოგს ჰკითხა: “ზოგადად, ფეისბუქში ჩვეულებრივ ამბად იქცა, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, იგივე სიძულვილის ენა, მუქარა, შანტაჟი, დაშინების მცდელობები საკმაოდ ხშირია და შეურაცხყოფა. არის თუ არა, როგორ ფიქრობთ, საჭირო რაიმე სტანდარტის შემუშავება. და მიგაჩნიათ თუ არა, რომ  უნდა ისჯებოდეს თუ არა თუნდაც სოციალურ ქსელში, აი, ამ ტიპის ქმედებები” [სტილი დაცულია].

წამყვანის მიერ დასმული ამგვარი კითხვები და ზედაპირული მსჯელობა საბოლოოდ აუდოტორიას გადაცემის თემაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების გარეშე ტოვებს. ამის ნათელი მაგალითია 26 მარტის გადაცემა, როცა ტოქშოუს ერთი ნაწილის თემა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება და გენდერული კვოტირება იყო. სასაუბროდ კი მხოლოდ ერთი ადამიანი, პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი მიიწვიეს. მას გადაცემაში 20 წუთი დაუთმეს და აქედან, კვოტირებას თემას მხოლოდ 7 წუთი შეეხებოდა. 6 წუთი პრეზიდენტის პარლამენტში არმისვლისა და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდნეტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ კითხვა-პასუხს დაეთმო.

მაკა ცინცაძე და სალომე ზურაბიშვილი

გაცილებით რთულადაა საქმე, როდესაც გადაცემაში სენსიტიურ თემას განიხილავენ. “აქტუალური თემის” ეთერი ორჯერ დაეთმო სექსუალურ შევიწორებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანის საქმეს. პირველად, როდესაც სავარაუდო მსხვერპლი ქალების ისტორიები გასაჯაროვდა (21 მარტი) და მეორედ, როდესაც ზვიად დევდარიანმა, პრესკონფერენციით, სამართლებრივი ბრძოლა დააანონსა (3 აპრილი). ორივე გადაცემის ფოკუსი იყო არა ქალთა მიმართ ძალადობა, არამედ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვა, და ეს მაშინ, როდესაც სავარაუდო მსხვერპლმა ქალებმა დიდხნიანი დუმილი დაარღვიეს და სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ ხმამაღლა საუბარი დაიწყეს.

2015 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პროგრამული პრიორიტეტები დაადგინა. მას მერე ახალი ვერ შეიმუშავეს, ამიტომაც კვლავაც ძველია სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც მაუწყებლის პრიორიტეტად მითითებულია სოციალურ-პოლიტიკური ტოქ-შოუები, რომელებმაც “უნდა ასახონ თემების და შეხედულებების მრავალფეროვნება, რისთვისაც უნდა გაიზარდოს მათში რიგით მოქალაქეთა, სამოქალაქო აქტივისტთა, არასახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფების, ექსპერტთა მონაწილეობის მოცულობა და ხარისხი.” იქვე ნათქვამია, რომ ამგვარი გადაცემები ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს.

პრიორიტეტების შესრულებაზე მონიტორინგი სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, თავის მხრივ საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. “აქტუალური თემის” და მთლიანად სამაუწყებლო ბადის შეფასება, თუ რამდენად ასრულებს არხის ხელმძღვანელობა ამ პრიორიტეტებს, საბჭოს სწორედ ანგარიშის წარდგენისას მოუწევს.
“სიდას” ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის მხიდან ქალების სავარაუდო შევიწროვება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქტუალურ თემაში” ბოლო ორ კვირაში ორჯერ განიხილეს. პირველად, როცა სავარაუდო მსხვერპლი ქალების ისტორიები გასაჯაროვდა (21 მარტი) და მეორედ, როცა ზვიად დევდარიანმა სამართლებრივი ბრძოლის დასაანონსებლად პრესკონფერენცია გამართა (3 აპრილი). ორივე გადაცემის ფოკუსი იყო არა ქალთა მიმართ ძალადობა, არამედ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვა.

21 მარტს ამ თემაზე მსჯელობა “ტაბულას” დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილთან, ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან, რუსუდან გოცირიძესთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთან, რამილია ალიევასთან გადაწყვიტეს. პირველი კითხვა, რომელიც წამყვანმა გადაცემის დაწყებისას დასვა, შეეხებოდა იმას, თუ რამდენად ხდება “ძალადობაში ბრალდებულის” უფლებების დაცვა მის შესაძლო დანაშაულზე საუბრით მაშინ, როცა არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. იგივე შინაარსის კითხვა წამყვანმა მოგვიანებითაც გაიმეორა, რითიც ფაქტობრივად მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სავარაუდო დანაშაულზე მსჯელობა არ შეიძლება.

მაშინ, როდესაც სახალხო დამცველმაც დაადასტურა, რომ ქალების “მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს”, გადაცემის წამყვანმა მაკა ცინცაძემ რამდენჯერმე ეჭვქვეშ დააყენა ამგვარი ფაქტების არსებობა.

“იგივე, როცა ძალადობის ფორმებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა, მე არაძალადობრივი მიდგომები აღვიქვა ძალადობად და ამას დავარქვა ძალადობა”, - ამ ფრაზით გააწყვეტინა წამყვანმა ერთ-ერთ რესპონდენტს საუბარი, რომელიც ქალებზე ძალადობის ფორმების ახსნას ცდილობდა. როცა “ტაბულას” რედაქტორი იმ ისტორიებზე საუბრობდა, სადაც ქალები დევდარიანის დანაშაულზე ყვებოდნენ, წამყვანმა თქვა: “საინტერესოა, რა ინფორმაციაა. მე ვერ მოვიპოვე ეს ინფორმაცია”.

გადაცემის მესამე ნაწილი ქალთა მოძრაობის მიერ სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ პარლამენტში შეტანილ ინიციატივასაც შეეხო, სადაც საუბარია “სექსუალური ხასიათის კომენტარებზე, უხამს ხუმრობებზე, მიშტერებაზე, სტვენასა და ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნზე, რომელიც უარის შედეგადაც გრძელდება”. წამყვანმა ამ ინიციატივას რადიკალიზმი უწოდა და დაინტერესდა ამით ქალები ხომ არ მოექცევიან უხილავი ჩადრის ქვეშ და მათზე “შეხედვა ხომ არ აიკრძალება”.

ასევე მხოლოდ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვას ეძღვნებოდა 3 აპრილის გადაცემა. ზვიად დევდარიანმა “აქტუალური თემა” გამოიყენა ტრიბუნად იმისთვის, რომ საზოგადოება საკუთარ სიმართლეში დაერწმუნებინა. ამას ხელს უწყობდა წამყვანიც, რომელიც რიგ შემთხვევებში პასიური მსმენლის როლში იყო და არც განმეორებით სვამდა უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს და არც დეტალებით ინტერესდებოდა. გადაცემა ცალმხრივი იყო, მხოლოდ დევდარიანის და მისი ადვოკატის პოზიციები ისმოდა.

„რას აკეთებდა ზვიად დევდარიანი და ვინ ვისი უფლება დაარღვია, ახლა, ამას სასამართლო დაადგენს“, - ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა წამყვანმა, პირველი კითხვა კი ქალების იმ ისტორებიების შესახებ დასვა, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში და ძალადობაში ადანაშაულებენ, თუმცა წამყვანს არ უხსენებია კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულზე იყო საუბარი, ან რას ყვებოდნენ ქალები. დევდარიანმა რამდენიმეწუათიანი მონოლოგის შემდეგ, რომელიც კითხვაზე პასუხის ნაცვლად პირად განცდებს აღწერდა, თქვა, რომ ქალების ისტორიების ნამდვილობის დადგენა მასაც სურს.

მოგვიანებით, გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა აღიქვეს იმ ქალებმა სექსუალურ შევიწროებად ან ძალადობად, რომლებიც მას უჩივიან. დევდარიანი, ასევე, აღნიშნავდა, რომ მას არ ჰქონდა გავრცელებულ ბრალდებებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა და რომ მისი სამეურვეო საბჭოს კანდიდატებიდან მოხსნა მმართველი პარტიისთვისაც ხელსაყრელი იყო. მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა სახელმწიფო სტრუქტურები, მმართველი პარტია. მიუხედავად ამისა, წამყვანი არ შეეცადა დაეზუსტებინა და ეჩვენებინა აუდიტორიისთვის, რამდენად რელევანტურია მისი მოსაზრებები. რა სარგებელს იღებდა მმართველი პარტია ზვიად დევდარიანის მიმართ ბრალდებების გავრცელებით, როცა მარტივად შეეძლო მისი კანდიდატურის ჩაგდება.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში აქტუალური გახდა ქალთა უფლებების დაცვა, როდესაც ქალებმა გაბედეს ხმამაღლა სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ საუბარი, მნიშნელოვანია, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან ფრთხილად მუშაობდეს ამ თემაზე. ორივე გადაცემაში წამყვანი ნაცვლად ფაქტებით, არგუმენტებით დაპირისპირებისა, ცალმხრივად აშუქებს საკითხს და მთელ ეთერს მხოლოდ ძალადობაში დადანაშაულებულ პირს უთმობს, არ აჩვენებს თავად მსხვერპლების პოზიციებს და არ უხსნის აუდიტორიას რეალური პრობლემის არსს.
გასული წლების მსგავსად, ქართულმა გამოცემებმა პირველი აპრილი წელსაც აღნიშნეს და გამოგონილი ამბები გამოაქვეყნეს.

მედიასაშაულებების ნაწილმა ამბები თავად მოიგონა, ნაწილმა კი სხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ხუმრობები დაიჯერა და მკითხველს, როგორც ახალი ამბავი, ისე შესთავაზა. ამათგან ზოგიერთმა გამოცემამ მიუთითა, რომ სიახლე საპირველაპრილო ხუმრობა იყო, ზოგ მასალაშ კი ამგვარი მინაწერი დღემდე არ იძებნება.

მე-18 საუკუნეში გადაშენებული კავკასიური ტყებუჩის აღმოჩენის ამბავი - თბილისის ზოოპარკის საპირველაპრილო ხუმრობა რამდენიმე ონლაინმედიამ სიმართლედ აღიქვა და გამოაქვეყნა. ხუმრობის გაცნობიერების შემდეგ, ზოგმა მასალა წაშალა, თუმცა ის ამ დრომდე იძებნება Imedinews-ის საიტზე. მასალაში მოგვიანებით გაჩნდა მინაწერიც, რომ ინფორმაცია “თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ საპირველაპრილო ხუმრობის სახით გაავრცელა”.




“გუშინ მივიღეთ ძალიან სასიხარულო და მოულოდნელი შეტყობინება. თითქმის, 2 წლიანი კვლევის შემდეგ, უნიკალური კლიმატური პირობების გამო, საქართველო მოხვდა იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც NASA-სა და SpaceX-ის მიერ, მოხდება ძაღლების შერჩევა კოსმოსური მისიისთვის“, – ზოომაღაზიათა ქსელის “ზოომარტის” ეს ხუმრობა გააშუქეს Marketer-მა და Imedinews-მა. მარკეტერის სტატიაში მოგვიანებით გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მკითხველისთვის გასაგებს ხდის, რომ ამბავი რეალურად ხუმრობაა. იმედინიუსის საიტზე განთავსებულ მასალაში კი ამ დრომდე არაა მითითებული, რომ სტატია გამოგონილ ამბავზეა.



აფხაზური მედიის საპირველაპრილო ხუმრობა, თითქოს აფხაზეთის სამმა მკვიდრმა 200 ტონა აზიური ფაროსანა შეაგროვა, რაშიც 200 მილიონ რუბლს მიიღებენ, გააშუქა LivePress-მა, ხოლო ლაივპრესზე დაყრდნობით Imedinews-მა. პირველწყარომ “ApsnyLIFE” მასალაში განმარტება მოგვიანებით გააკეთა და დაწერა, რომ ამბავი რეალურად გამოგონილია. ზემოაღნიშნულ ქართულ საიტებზე კი სტატია ამ დრომდე იძებნება.




პირველ აპრილს ორი გამოგონილი ამბავი გამოაქვეყნა “გურიის მოამბემ”. ერთ-ერთი სტატიის თანახმად, გურიის გუბერნატორად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი დავით მჟავანაძე ინიშნება.

“მჟავანაძემ მოინანია გამოჩენილი ქართველი დენდროლოგის მიმართ განხორციელებული პროვოკაციები და პირობა დადო, რომ გუბერნატორად დანიშვნის პირველივე დღიდან პირადად უხელმძღვანელებს ხეების გადატანის პროცესს მთაგორიანი გურიიდან ზღვისპირეთისაკენ და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას, ასევე პირობა დადო, რომ ერთ ხეს პირადად მისი ხელებით მოგლეჯს და ზურგით ჩაიტანს შეკვეთილში”, - ვკითხულობთ სტატიაში.

მეორე საპირველაპრილო მასალა კი გურიის მოამბემ ოზურგეთის მერის მიერ, ილარიონ კეჭაყმაძის მემორიალური დაფის გახსნას მიუძღვნა.

“გასული საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უდიდესი ძირგამომთხრელი, მჩხიბავი, მიმთვისებელი და მყვლეფელი ამა ქვეყნისა მონაი ხვთისა ილაია კეჭაყმაძე“ - მემორიალურ დაფას სწორედ ეს წარწერა დაამშვენებს”, - წერია სტატიაში.

ორივე მასალაში თავიდანვე აღნიშნული იყო, რომ სტატია ხუმრობაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

“NBA: “უორიორსმა” ზაზა ფაჩულია გუნდიდან გარიცხა”, - ამ სათაურით მასალა გამოაქვეყნა Sporter.ge-მ.




“P.S. საბედნიეროდ, იუმორის გრძნობა Sporter.ge-ზეც გვაქვს, ამიტომ ეს სტატია, რა თქმა უნდა, საპირველაპრილო ხუმრობაა. ზაზა ფაჩულია კი “ოკლენდში” რჩება”, - წერს მასალის ავტორი.

კიდევ ერთი აფხაზური სააგენტოს, Cyxymu.info-ს ხუმრობას წამოეგო Ipress, რომელმაც გამოაქვეყნა მასალა “დე ფაქტო აფხაზეთი 4 რუს დიპლომატს გამოაძევებს”. აიპრესის მასალაში ამ დრომდე არ წერია, რომ ამბავი რეალურად ხუმრობაა. Ipress-ის მასალის ზუსტი ასლი გამოაქვეყნა Reportiori.ge-მაც.

“ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით 2018 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, გია სურამელაშვილი იქნება!” - ამ სათაურით მასალა notifications.ge-მ გამოაქვეყნა. სტატაის 3 ათასზე მეტი გაზიარება აქვს, თუმცა არსადაა აღნიშნული, რომ ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და ხუმრობაა.
19 მარტის „აქტუალურ თემაში“ სტუმრად მიწვეულმა გოგა ხაინდრავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის „მავნებლურ საქმიანობაზე“ სასაუბროდ გამოიყენა. ის გადაცემის პირველი ნაწილის ერთადერთი სტუმარი იყო და წამყვანის მიერ დასმული სამი კითხვიდან, კრიტიკული თუ დამაზუსტებელი არც ერთი ყოფილა. ბუნდოვანია, რა იყო სტუმრის შერჩევის კრიტერიუმი და საპირწონედ, რატომ არ მოგვასმენინეს არც ერთი განსხვავებული აზრი.

მართალია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ცუდ მხარეებზე, ბორდის წევრობის სხვა კანდიდატების - იზაბელა ოსიპოვას და ზაზა შათირიშვილის დადებით თვისებებზე საუბრობდნენ, თუმცა მაინც ბუნდოვანი დარჩა, რაზე იყო გადაცემა, რა იყო თემის ფოკუსი. მაგალითად, გადაცემის შესავალში წამყვანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მიმართ დღეს მთავარი კითხვა, რაც ისმის, ისაა, იზიარებს თუ არა ის ბორდის წევრობის კანდიდატის, ზვიად დევდარიანის პოზიციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ბუნდოვანი დარჩა, რატომ იყო სწორედ ეს კითხვა „მთავარი შეკითხვა“ 19 მარტს, იმ დღეს, როცა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ შეხვდა სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლებს და გამოიკვეთა, რომ მათი მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს,

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარადგინა, ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, რომელმაც 6 პუნქტიან გეგმას ხელი მოაწერა და რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალი დონეზეა. მათივე განცხადების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლს და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესის გამტარებელ მედიაორგანიზაციას. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სახალხო დამცველთან გაჩნდა მთავარი შეკითხვა: ხომ არ იზიარებს ნინო ლომჯარია პირველ არხთან მიმართებაში მის მიერ დასახელებული კანდიდატის პოზიციას, თუ სწორედ ეს პოზიცია გახდა ნინო ლომჯარიასთვის ზვიად დევდარიანის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი“ - ასეთი იყო წამყვანის შესავალი ტექსტი. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, წამყვანი ასე აფასებს: „ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც გათვლილი არის ჩვენი საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე და ითვალისწინებს ჩვენს დისკრედიტაციას“.

წამყვანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სტუდიაში სტუმრობა შესთავაზა როგორც სახალხო დამცველს, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც, წამყვანისვე თქმით, მუდმივად აკრიტიკებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა და ვისგან მიიღო უარი.

წამყვანს სტუმრისთვის არ დაუსვამს არც ერთი კრიტიკული შეკითხვა. ჩანდა, რომ რესპონდენტიცა და ინტერვიუერიც ერთ აზრზე იყვნენ, სტუმრის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებსა წამყვანის მხრიდან არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება. წამყვანის შეკითხვები იყო ძალიან ზოგადი, „თქვენ რას ფიქრობთ“ ტიპის. მან სულ სამი შეკითხვა დასვა:

1. რატომ აღმოჩნდა სამეურვეო საბჭოს წევრობა ასეთი მაღალი ინტერესის საგანი?

2. ბატონო გოგა, დღეს თქვენ ასეთი რამ განაცხადეთ: ნინო ლომჯარიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, პოსტს დატოვებდა.საინტერესოა, ასეთი მკვეთრი განცხადების გაკეთების საფუძველს რა გაძლევთ?

3. ლომჯარიას მიერ დასახელებულ კანდიდატთან მომხდარ სკანდალამდე , იყო კიდევ ერთი კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც აზრთა სხვადასხვაობა ისმოდა, და რომლის დასახელებასაც მოჰყვა ხმაური. სამეურვეო საბჭოს არჩევნებში ჩართული ადამიანების ნაწილი აპროტესტებდა ზაზა შათირიშვილის კანდიდატურას იმ მიზეზით, რომ ის არის ვასილ მაღლაფერიძის მეგობარი თუმცა ეს ფაქტი არის, რომ არავისთვის არ იყო საიდუმლო. გაავრცელეს ფოტო, როგორც გვახსოვს ყველას, დაარქვეს შემდეგ უკვე ამას სკანდალი, საინტერესო არის ერთი რამ, რა იყო ამ ე.წ. ფოტოსკანდალის ანატომია და რამდენად მისაღები არის აი ამ ფორმით, ამ მეთოდებით ბრძოლა?

გოგა ხაინდრავამ კი, თავისმხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრიბუნა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის დისკრედიტაციისთვის და მათი ქვეყნისა და ეროვნული ფასეულობების მტრებად წარმოჩენისთვის. მაგალითისთვის, სტუმარი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს „კაპიტან გიგაურად“, ხოლო სახალხო დამცველს „ლეიტენანტ ლომჯარიად“ მოიხსენიებდა: „ლომჯარიას მართავს კაპიტანი გიგაური, ეტყობა ლომჯარია ჯერ ლეიტენატია, ვერ მიიღო უკეთესი უფრო მაღალი წოდება“. „არსამთავრობოების კასტა“, „მათი ბელადი სააკაშვილია“ „სექტანტური ინტერესების დამცველები“ - ისმოდა გადაცემაში სტუმრის მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით.

ბორდის წევრობის კანდიდატის, ზვიად დევდარიანის გარშემო მიმდინარე ამბებიც, გოგა ხაინდრავამ არასამთავრობო ორგანიზაციის „ნამდვილი სახის სადემონსტრაციოდ“ გამოიყენა, თუმცა არ აღუნიშნავს, რომ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტები პირველად, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გახმაურდა, ეს მისთვის არც წამყვანს შეუხსენებია: „ლომჯარიას და კაპიტან გიგაურს, უნდოდა დედვარიანის გაყვანა, მთელ დანარჩენ საზოგადოებას უნდოდა ზაზა შათირშვილის გაყვანა, ახლა განასხვავეთ ვინ არის მართალი, ვინ რა პოზიციაზე დგას. აქეთ დგას დევდარიანი, აქეთ დგას შათირშივლი“.

შიგადაშიგ, სტუმარი წამყვანსაც ამხნევებდა და მოუწოდებდა, არ აჰყოლოდა არასამთავრობოების პროვოკაციებს: „წყნარად უნდა იმუშაოთ, არ აყვეთ, მთავარი თქვენი შემფასებელი არის მაყურებელი“ ამბობს სტუმარი, „რა თქმა უნდა“ - ეთანხმება წამყვანიც.

გადაცემის მეორე ნაწილი მთლიანად მაუწყებლის ბორდის წევრობის კიდევ ერთ კანდიდატზე, იზაბელა ოსიპოვაზე დადებით კონტექსტში საუბარს დაეთმო. სტუმრები იყვნენ: ზაურ ხალილოვი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი, მიხეილ ავაქიანი, სომხური სათვისტომოს წარმომადგენელი, ასოციაციის „შენ“ ხელმძღვანელი და აგიტ მირზოევი იეზიდური თემის წარმომადგენელი, ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

ინტერნეტსივრცეში ყველას ერთხელ მაინც გვინახავს ან წაგვიკითხავს ინტერვიუ, სტატია, თუ უბრალოდ ახალი ამბავი, ისეთი ფოტოთი, რომელიც თემას, ერთი შეხედვით საერთოდ არ უკავშირდება, მედიასაშუალებები ხშირად ახალი ამბების თხრობისას ფოტომონტაჟსაც იყენებენ და ვიზუალური მანიპულაციის ხერხებით ცდილობენ მკითხველის განწყობა შექმნან თავად ამბის, ან ამბის მონაწილე რესპონდენტის მიმართ. ამ მხრივ განსაკუთრებით ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ონლაინ მედია გამოირჩევა.

მაგალითად, პირველ მარტს “საქართველომ და მსოფლიომ” სტატია გამოაქვეყნა სათაურით - “დავით საგანელიძე იბერიის გაბრწყინებას “იბერიკოთი” გეგმავს”. ამბავი საპარტნიორო ფონდის ახალ ინიციატივას ეხება, რომელიც ქართული ჯიშის ღორების გადარჩენას გულისხმობს. მასალას კი ილუსტრაციის სახით, ფოტომონტაჟი ადევს.

მსგავსი ტიპის ვიზუალური მასალა ახლავს “საქართველოს და მსოფლიოს” მიერ ასევე პირველ მარტს გამოქყვენებულ სტატიას - “ქართველი რემბოები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ”.

“ევროპულ საქართველოსთან” ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციული” - მასალა “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე პირველ მარტს გამოქვეყნდა და თბილისის მერის კახი კალაძის ამ განცხადებას შინაარსთან ასევე სრულიად შეუსაბამო ფოტო ახლავს.

ფოტომანიპულაციის ხერხებს ასევე აქტიურად იყენებს ინტერნეტპორტალი tb24. ამის ერთ-ერთ მაგალითია, 20 თებერვალს გამოქვეყნებული მასალა “ვინ არიან “მავნე ძალები” ქართულ საზოგადოებაში?”. მასალაში, ერთი მხრივ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის მიერ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გაკეთებული განცხადებებია ცინიკური ტონით წარმოჩენილი. მეორე მხრივ კი, ილუსტრაციისთვის კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილი ფოტო ახლავს. კერძოდ, ელჩისა და მისი მეუღლის არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტო, რომელიც ამბავთან თანხვედრაში არ მოდის.

“პრემიერ კვირიკაშვილის ბოდვებს საზღვარი არ აქვს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია ახალი წესებით უნდა მოხდეს” - სწორედ ასე იწყება 9 თებერვალს გამოქვეყნებული მასალა. მასალაში გამოყენებული არაკორექტული თხრობის სტილის პარალელურად, მასზე დართული ფოტოც იქცევს ყურადღებას. ილუსტრაციისთვის პრემიერ-მინისტრის ის კადრია, შერჩეული, როდესაც მან “ერთიანი ნაციონალური მოძროაბის” წევრს ნიკა მელიას შეგინა.

არაეთიკურ შინაარსთან ერთად, ვიზუალური გაფორმებაც შესაბამისი აქვს “საქართველოსა და მსოფლიოს” 1 მარტის მასალასაც. სტატიას სათაურით “ქართლი ოცნება” ცხოველთა სამყაროში”.
“მეტი ქალი პოლიტიკაში”, კვოტირების მომხრეები და მოწინააღმდეგეები, მსჯელობა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ტრანსგენდერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, ნაკლები ყვავილი და ნაკლები აქცენტი ქალზე, როგორც „ნაზ არსებასა“ და “სუსტ სქესზე” - ბოლო ორი წელია, წინა წლებისგან განსხვავებით 8 მარტი ტელემედიაში სწორედ ამ კონტექსტში შუქდება.

თუმცა, საერთო გაუმჯობესების მიუხედავად, 2018 წლის 8 მარტის მედიაგაშუქებაში გარკვეული ხარვეზები მაინც გამოვლინდა: მედია, როგორც წესი, მიჰყვებოდა სხვების დღის წესრიგს და მხოლოდ დღის მიმდინარე ამბებს აშუქებდა. საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტობრივად ვერ ნახავდით თემებს, რომელთა გაშუქებაც თავად მედიის მიერ იყო ინიცირებული. გარდა ამისა, თუკი მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აქცენტი ქალთა უფლებებზე კეთდებოდა, დღის გამოშვებებში გავიდა მასალები, სადაც საკითხი მილოცვების, ნარცისებისა და ენძელების ფონზე გაშუქდა.

მაგალითად, საზოგადოებივი მაუწყებლის “მოამბის” დღის გამოშვებებში მართალია, გაშუქდა ისეთი სიახლეებიც, სადაც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე და გენდერულ უთანასწორობაზე კეთდებოდა აქცენტი, მაგრამ ამის პარალელურად, აშკარად ჭარბობდა სიახლეები მილოცვებისა და ყვავილების დარიგების შესახებ. “მოამბის” დღის წესრიგში მოხვდა სიახლე, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ და ფეხბურთის ფედერაციამ “პარასპორტსმენ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს”. კადრსიქნრონში ვხედავთ ყვავილებით დასაჩუქრებულ ქალებსაც, რომლებიც საჩუქრებისთვის მადლობას იხდიდნენ. ამავე საინფორმაციო გამოშვებაში ვნახეთ, თუ როგორ აჩერებდნენ პატრულის მამაკაცი თანამშრომლები ქალ მძღოლებს და თაიგულებს ჩუქნიდნენ. “ალბათ ქალბატონებისთვის ეს ყველაზე სასიამოვნო გაჩერება იყო პატრულის მხრიდან” - აღნიშნა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მასალის ეთერში გასვლის შემდეგ.



პროფკავშირების წარმომადგენლების მიერ ქალებისთვის ყვავილების დარიგების პროცესი “ტვ პირველის” დღის გამოშვებებში გაშუქდა, ხოლო კადრები, თუ როგორ დაასაჩუქრა თბილისის მერმა ენძელებით ქალები დღის “ქრონიკაში” მოხვდა.

დღის გამოშვებებისგან განსხვავებით, მთავარ გამოშვებებში 8 მარტი გაშუქდა არა როგორც იების ჩუქების, არამედ როგორც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღე. 118 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, სავალდებულო კვოტირების გზით პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვის მოთხოვნა მოხვდა “ტვ პირველის”, “იმედის”, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციოებში.

გარდა საპროტესტო აქციებისა, “მოამბეში”, “ქრონიკასა” და “კურიერში” ვნახეთ ვრცელი სიუჟეტები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ. “ქრონიკაში” ასევე გავიდა მასალა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტარი ქალების შესახებაც.

ქალთა უფლებების საკითხების გაშუქებაში აშკარა პროგრესის მიუხედავად, პრობლემური იყო ტრანსგენდერი ქალების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 8 მარტს გამართული აქციის გაშუქება. დემონსტრაცია მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, “იმედის”, “რუსთავი 2-ისა” და “ტვ პირველის” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. მაუწყებლებმა საკითხი გააშუქეს მშრალად. მასალებში არ ჩანდა მაუწყებლების მკაფიო სარედაქციო პოზიცია კონტრაქციაზე შეკრებილებთან დაკავშირებით, რომლებიც მაუწყებლებისთვის მიცემულ კომენტარებში ტრანსგენდერი ადამიანების საჯარო სივრცეში გამოჩენის აკრძალვას მოითხოვდნენ. მედიასაშუალებებმა მათი პოზიციები წარმოაჩინეს, როგორც საკითხის მეორე, ლეგიტიმური მხარე, რესპონდენტების ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოსაზრებები პირდაპირ, შესაბამისი კონტექსტის გარეშე შემოგვთავაზეს (ამავე თემაზე: “რატომ არ უნდა დაუთმოს მედიამ ტრიბუნა მათ, ვინც მხარდამჭერებს სიძულვილისა და დისკრიმინაციისკენ მოუწოდებს?”)
18 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ყოველკვირეულ გადაცემაში “იმედის კვირა” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურთან ნახევარსაათიანი ინტერვიუ გავიდა. წამყვანმა თავადვე აღნიშნა, რომ რესპონდენტის მიმართ ბოლო პერიოდში ბევრი კითხვა არსებობდა, მიუხედავად ამისა, ინტერვიუმ მწვავე კითხვების გარეშე ჩაიარა.

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რასაც ინტერვიუში შეეხნენ მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს ეხებოდა. ეს ის თემაა, რაზეც სამოქალაქო საზოგადოება, მაუწყებლები დიდხანს კამათობდნენ საკანონმდებლო ორგანოში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო შემოსავლების ზრდის შესაძლებლობა განიხილებოდა. მაუწყებლები ამბობდნენ, რომ სარეკლამო შემოსავალი შემცირებულია, პარალემენტის თავმჯომარე კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებელთა შემოსავლების ოფიციალური მონაცემები, რისი გასაჯაროვებაც ევალებათ, კანონის დამტკიცებამდე არ გამოაქვეყნა.

ჟურნალისტი ამ თემას არ ჩაღრმავებია, არ უკითხავს რატომ არ გამოქვეყნდა ეს მონაცმები დროულად, რომ რეალურად გარკვეულიყო, გაიზარდა თუ შემცირდა მაუწყებელთა შემოსავლები. ჟურნალისტს არ წარმოუჩენია ტელევიზიების პრეტენზიები ამ თემაზე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ კომისია სპეციალურად აჭიანურებდა მონაცემების გამოქვეყნებას, რადგან დამტკიცდებოდა, რომ შემოსავლები მცირდება.

ჟურნალისტი ამ თემაზე საუბრისას მხოლოდ იმით დაინტერესდა, თუ რატომ იყო განსხვავებული კომუნიკაციების კომისიის მიერ დათვლილი მონაცემები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული რიცხვები.

იმის დასადასტურებლად, რომ ქვეყანაში მედიაპლურალიზმი არსებობს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე გაორმაგდა მაუწყებლების რაოდენობა და 98 გახდა, მათ შორის საერთო მაუწყებლები 4 დან 21-მდე გაიზარდა. თუმცა წამყვანს არ შეუხსენებია, რომ ამავე წლებში ძირითადი სამაუწყებლო მოთამაშეები იგივე დარჩა, კვლავაც 2 დიდი კერძო მაუწყებელია ბაზარზე. ინტერვიუ ისე დასრულდა, რომ წამყვანს არც რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები უხსენებია, და არც საზოგადოებრივ მაუწყებლსა და "იმედის" ჰოლდინგზე ხელისუფლების შესაძლო გავლენები - რა კითხვებიც მედიაგარემოზე საუბრისას არსებობს საზოგადოებაში.

კახა ბექაურის მიმართ სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა ფოტოს გავრცელებას, სადაც ის საზოგადოებრივი მაწყებლის გენერალურ დირექტორთან და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ერთად არაფორმალურ გარემოში იყო. გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მაუწყებლის მეურვედ ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე მსჯელობდნენ. წამყვანის მიერ ამ საკთხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბექაურმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა მას ეხმარება პრობლემების გაგებაში. ოპონირების და ჩაკთხვის მცდელობა წამყვანს არც ამ შემთხვევაში ჰქონია. არ დაინტერესებულა ამავე ფორმატში ხვდება თუ არა ის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს და როგორ ეხმარება ამ მედიასაშუალებებს პრობლემების მოგვარებაში.

მოგვიანებით, კომისიის თავმჯდოამრემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატი ზაზა შათირიშვილი დადებითად დაახასიათა. ჟურნალისტმა არ დასვა არც ერთი კითხვა, რომელიც შათირიშვილი კომპეტენციასთან დაკავშირებით გასაუბრების შემდეგ გაჩნდა, რადგან გასაუბრებაზე გამოიკვეთა, რომ შათირიშვილმა მაუწყებლის მართვის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები არ იცის.

ინტერვიუს ბოლოს წამყვნმა ფაქტად აღნიშნა, რომ ქვეყანაში მედიის პლურალიზმი და მრავალფეროვნებაა, მაგრამ დაინტერესდა, მაინც რა გამოწვები არსებობს თანამედროვე მედიაში.

ამ კითხვაზე რეპონდენტმა მედიის პრობლემებად: მომხმარებელთა ქცევის შეცვლა (მულტიმედიურ პროდუქტზე გადასვლა), ნაკლები ფინანსების გამო კვლაფიციური კადრბის ნაკლებობა დაასახელა.

გადაცემაში საერთოდ არ გაჟღერებულა კითხვები კომუნიკაციების კომისიის წევრების კვალიფიკაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასმულ კითხვებზე პასუხები მიიღო. ამ პასუხიებით ირკვეოდა, რომ კომისიის წევრები კახა ბექაური და მერაბ ქათამაძე კანონით მოთხოვნილ დიპლომებს არ ფლობდნენ.

ინტერვიუს მიმდინარეობისას წამყვანი თავისუფლად აძლევდა რესპონდენტს საშუალებას, ეთქვა ის, რაც მას სურდა და არ უსვამდ დამაზუსტებელ, კრიტიკუ შეკითხვებს.
0,3726 გრამი სუბოტექსის შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილსთვის 8-წლიანი პატიმრობის მისჯასთან ერთად, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. პარლამენტში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის შემუშავებული კანონპროექტი განიხილება.

პარალელურად კი ონლაინ მედიის ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ევროინტეგრაციას უკავშირდება და მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ქვეყანა „დასავლეთის შეკვეთას“ შეასრულებს, მეორე ნაწილი კი ადამიანის ორგანიზმზე მარიხუანას დამღუპველ შედეგებზე წერს. იკვეთება, რომ სტატიებს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ კამპანიური ხასიათი აქვს და ამ მხრივ, განსაკუთრებით ანტიდასავლური გამოცემები აქტიურობენ. მედიაჩეკერი დააკვირდა ასეთ გამოცემაში თემის გაშუქებას.

„ვესტერნიზაციის ნამდვილი სახე“ - სტატია ამ სათაურით „საქართველო და მსოფლიოზე“ 2 თებერვალს გამოქვეყნდა. მასალის ავტორის მტკიცებით, საქართველოს საგარეო კურსს - ევროინტეგრაციას, „უამრავ სხვა სიმახინჯესთან ერთად, უკვე ნარკორეალიზატორების მიმართ თანაგრძნობა და მხურვალე მხარდაჭერაც მოჰყვა“. სტატიაში ვკითხულობთ, თითქოს ნარკოპოლიტიკის ცვლილების მომხრეები ნარკოტიკების გამსაღებლების დაცვას ითხოვენ. ავტორი ადამიანის უფლებათა დამცველებსა და აქტივისტებს ნარკორეალიზატორობის პროპაგანდაში ადანაშაულებს და წერს:

„ახლა კი აგერ, ნარკობარიგებს ვუძღვნით ტელეგადაცემებს, თოქშოუებს, აქციებს, მიტინგებს, ლექსებს, სიმღერებს და ლამისაა, ეროვნულ გმირებად გამოვაცხადოთ ისინი“.

გარდა ამისა, ამავე სტატიაში ვხვდებით ჰომოფობიურ და სექსისტურ გამონათქვამებსაც: „მაშ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ საზოგადოებად ნარკობარიგების დაცვას გვიხატავენ? ვინც ქალის თავაშვებულ ქცევას ქალის თავისუფლებად გვაწვდის, ხოლო მამაკაცის გაუკუღმართებას _ მის პირად უფლებად?“

სტატიის ავტორი უფრო შორსაც მიდის და თუკი ერთი მხრივ ევროპას „ნარკობარიგების, ქალების თავაშვებული ქცევისა და მამაკაცების გაუკუღმართების“ ლობისტად წარმოაჩენს, მეორე მხრივ, „გვიჩვენებს“, რომ საქართველო ყველაზე ძლევამოსილი საბჭოთა პერიოდში იყო:

„როდის იყო ქართული ენა უფრო დაცული - საბჭოთა პერიოდში თუ ახლა? როდის უფრო ვრცელ ტერიოტორიას აკონტროლებდა, თუნდაც ფორმალურად თბილისი - საბჭოთა პერიოდში თუ ახლა? როდის უფრო იყო ხელშეუხებელი სარწმუნოება - საბჭოთა პერიოდში თუ ახლა? გინდა, იფიქრეთ, რომ საბჭოეთს მივტირი; გინდა, იფიქრეთ, რომ ვსლუკუნებ და ვბღავი, ოღონდ, უბრალოდ, მიპასუხეთ იმ კითხვებზე, რომლებიც დავსვი“.

ამავე გამოცემამ, ამავე რიტორიკით გამოაქვეყნდა კიდევ ერთი მასალა -„ნარკომაფია გულუხვად აფინანსებს ღონისძიებებს, რომლებიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის მოთხოვნით ეწყობა“. მასალაში ვკითხულობთ, რომ მარიხუანის მომხმარებელთა 30 პროცენტს სხვადასხვა ტიპის ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემა უვითარდება, თუმცა ავტორი არმაზ სანებლიძე არ აკონკრეტებს, რომელი სამეცნიერო ინსტიტუტის მონაცემებს ეყრდნობა.

„ბევრი უცხოელი სპეციალისტის აზრით, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ჩამორჩენილი რეგიონია იმის გამოც, რომ იქაური მოსახლეობა დიდი რაოდენობით ეწეოდა და ეწევა მარიხუანას, რაც არხეინობის განცდას იწვევდა, კლავდა და კლავს მიზნის მიღწევის, დაბრკოლების გადალახვის სურვილს“, - წერს სანებლიძე.

ონლაინმედია For.ge-ის სტატიაში კი, სათაურით „ბარიგების ხელში ვართ“, ვკითხულობთ, თითქოს ქართველი ნარკოლოგები თანხმდებიან, რომ „მარიხუანა უაღრესად საშიში ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომელიც გზას უხსნის სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკებს და ამ დამღუპველი ნივთიერებების მიმართ ადამიანის შეჩვევას იწვევს.“

სტატიის ავტორი თელავის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელზე, ლია კირვალიძეზე დაყრდნობით წერს, რომ პაციენტების ნაწილში, რომელთაც მერყევი ფსიქიკა აქვთ, მარიხუანა შეიძლება გახდეს ფსიქოზების, ფსიქოზური აშლილობების გამომწვევი:

მასალაში მოყვანილია ექიმ-ნარკოლოგ ილია ჩიკვილაძის მოსაზრება, რომლის თანახმად, ნარკოტიკების გამსაღებლები ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციას იყენებენ და სინამდვილეში მცდარია მოსაზრება, რომ მარიხუანის შემადგენლობა უვნებელია. ალტერნატიული პოზიციები სფეროს სხვა სპეციალისტების მხრიდან, არ ისმის.

თბილისი 24-სთვის ინსპირაციის წყარო კი „კლუბ ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტი გახდა, როცა მოქალაქემ კლუბის დაცვის წევრები დაჭრა. 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატიის სათაური ასეთია - „დაბოლილებს და დაშტერებულებს წინ ნაჯა თუ არ წაგვიძღვა, ისე ევროკავშირში ვინ მიგვიღებს?!“ სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ კლუბში ნარკოტიკები იყიდება და „რამდენიმე ახალგაზრდა საიქიოდან მოაბრუნეს“. ზემოხსენებულ მედიასაშუალებებში თემის გაშუქებაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მედიის ნაწილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავს ანტიდასავლურ კონტექსტში და წარმოაჩენს, როგორც „გარყვნილი დასავლეთისგან“ თავსმოხვეულ პროცესს, რომელიც ეწინააღმდეგება ე.წ. ქართულ, ტრადიციულ ღირებულებებს.