საპირველაპრილო ხუმრობები ქართულ მედიაში
02.04.2018
გასული წლების მსგავსად, ქართულმა გამოცემებმა პირველი აპრილი წელსაც აღნიშნეს და გამოგონილი ამბები გამოაქვეყნეს.

მედიასაშაულებების ნაწილმა ამბები თავად მოიგონა, ნაწილმა კი სხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ხუმრობები დაიჯერა და მკითხველს, როგორც ახალი ამბავი, ისე შესთავაზა. ამათგან ზოგიერთმა გამოცემამ მიუთითა, რომ სიახლე საპირველაპრილო ხუმრობა იყო, ზოგ მასალაშ კი ამგვარი მინაწერი დღემდე არ იძებნება.

მე-18 საუკუნეში გადაშენებული კავკასიური ტყებუჩის აღმოჩენის ამბავი - თბილისის ზოოპარკის საპირველაპრილო ხუმრობა რამდენიმე ონლაინმედიამ სიმართლედ აღიქვა და გამოაქვეყნა. ხუმრობის გაცნობიერების შემდეგ, ზოგმა მასალა წაშალა, თუმცა ის ამ დრომდე იძებნება Imedinews-ის საიტზე. მასალაში მოგვიანებით გაჩნდა მინაწერიც, რომ ინფორმაცია “თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ საპირველაპრილო ხუმრობის სახით გაავრცელა”.




“გუშინ მივიღეთ ძალიან სასიხარულო და მოულოდნელი შეტყობინება. თითქმის, 2 წლიანი კვლევის შემდეგ, უნიკალური კლიმატური პირობების გამო, საქართველო მოხვდა იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც NASA-სა და SpaceX-ის მიერ, მოხდება ძაღლების შერჩევა კოსმოსური მისიისთვის“, – ზოომაღაზიათა ქსელის “ზოომარტის” ეს ხუმრობა გააშუქეს Marketer-მა და Imedinews-მა. მარკეტერის სტატიაში მოგვიანებით გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მკითხველისთვის გასაგებს ხდის, რომ ამბავი რეალურად ხუმრობაა. იმედინიუსის საიტზე განთავსებულ მასალაში კი ამ დრომდე არაა მითითებული, რომ სტატია გამოგონილ ამბავზეა.



აფხაზური მედიის საპირველაპრილო ხუმრობა, თითქოს აფხაზეთის სამმა მკვიდრმა 200 ტონა აზიური ფაროსანა შეაგროვა, რაშიც 200 მილიონ რუბლს მიიღებენ, გააშუქა LivePress-მა, ხოლო ლაივპრესზე დაყრდნობით Imedinews-მა. პირველწყარომ “ApsnyLIFE” მასალაში განმარტება მოგვიანებით გააკეთა და დაწერა, რომ ამბავი რეალურად გამოგონილია. ზემოაღნიშნულ ქართულ საიტებზე კი სტატია ამ დრომდე იძებნება.




პირველ აპრილს ორი გამოგონილი ამბავი გამოაქვეყნა “გურიის მოამბემ”. ერთ-ერთი სტატიის თანახმად, გურიის გუბერნატორად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი დავით მჟავანაძე ინიშნება.

“მჟავანაძემ მოინანია გამოჩენილი ქართველი დენდროლოგის მიმართ განხორციელებული პროვოკაციები და პირობა დადო, რომ გუბერნატორად დანიშვნის პირველივე დღიდან პირადად უხელმძღვანელებს ხეების გადატანის პროცესს მთაგორიანი გურიიდან ზღვისპირეთისაკენ და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას, ასევე პირობა დადო, რომ ერთ ხეს პირადად მისი ხელებით მოგლეჯს და ზურგით ჩაიტანს შეკვეთილში”, - ვკითხულობთ სტატიაში.

მეორე საპირველაპრილო მასალა კი გურიის მოამბემ ოზურგეთის მერის მიერ, ილარიონ კეჭაყმაძის მემორიალური დაფის გახსნას მიუძღვნა.

“გასული საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უდიდესი ძირგამომთხრელი, მჩხიბავი, მიმთვისებელი და მყვლეფელი ამა ქვეყნისა მონაი ხვთისა ილაია კეჭაყმაძე“ - მემორიალურ დაფას სწორედ ეს წარწერა დაამშვენებს”, - წერია სტატიაში.

ორივე მასალაში თავიდანვე აღნიშნული იყო, რომ სტატია ხუმრობაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

“NBA: “უორიორსმა” ზაზა ფაჩულია გუნდიდან გარიცხა”, - ამ სათაურით მასალა გამოაქვეყნა Sporter.ge-მ.




“P.S. საბედნიეროდ, იუმორის გრძნობა Sporter.ge-ზეც გვაქვს, ამიტომ ეს სტატია, რა თქმა უნდა, საპირველაპრილო ხუმრობაა. ზაზა ფაჩულია კი “ოკლენდში” რჩება”, - წერს მასალის ავტორი.

კიდევ ერთი აფხაზური სააგენტოს, Cyxymu.info-ს ხუმრობას წამოეგო Ipress, რომელმაც გამოაქვეყნა მასალა “დე ფაქტო აფხაზეთი 4 რუს დიპლომატს გამოაძევებს”. აიპრესის მასალაში ამ დრომდე არ წერია, რომ ამბავი რეალურად ხუმრობაა. Ipress-ის მასალის ზუსტი ასლი გამოაქვეყნა Reportiori.ge-მაც.

“ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით 2018 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, გია სურამელაშვილი იქნება!” - ამ სათაურით მასალა notifications.ge-მ გამოაქვეყნა. სტატაის 3 ათასზე მეტი გაზიარება აქვს, თუმცა არსადაა აღნიშნული, რომ ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და ხუმრობაა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ბრალდებული არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება
19 ივლისს, ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. იმის მიუხედავად, რომ მედიაში არც დაკავებულის სახელი და გვარი გაჟღერებულა და არც მისი ფოტო ან ვიდეოკადრები უჩვენებიათ, მისი იდენტიფიცირება მაინც მოხდა.

19 და 20 ივლისს, ტელეკომპანიებმა “რუსთავი 2”, “იმედი”, “TV პირველი” და “მაესტრო” მაყურებელს დაკავებულის მშობლების კომენტარი ისე შესთავაზეს, რომ  რესპონდენტები არ დაუფარავთ. მართალია მათ სახელი და გვარი არ ეწერათ, მაგრამ დაუფარავი კადრებიდან მათი ამოცნობა მარტივად იყო შესაძლებელი. გამონაკლისი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი, რომელმაც კადრი დაფარა.

მიუხედავად ამ საქმესთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესისა, მედია ვალდებულია, პირველ რიგში, გაითვალისწინოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. მით უფრო, ამ საქმეზე სასამართლოს განაჩენი არ დამდგარა და შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია ნამდვილად ჩაიდინა თუ არა იდენტიფიცირებულმა არასრულწლოვანმა დანაშაული.
დაუსაბუთებელი ინფორმაცია “კურიერში”
16 ივლისს "რუსთავი 2-ის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი გურიაში, კურორტ ბახმაროში უკანონო მშენებლობებს და მიწების მიტაცებას მიეძღვნა. სიუჟეტი წამყვანმა შემდეგი ტექსტით წარადგინა: “უკანონო მშენებლობები და მიწების მიტაცება ბახმაროში. მოსახლეობა განუკითხაობაზე საუბრობს და პრობლემებს თბილისის მერს და სხვა თანამდებობის პირებს უკავშირებს. ადგილობრივი ხელისუფლება კი კანონის დარღვევით მიტაცებული ქონების მეპატრონეებს მხოლოდ საფინანსო ჯარიმას აკისრებს და ამით არაფერი იცვლება. უკანონო მშენებლობები კურორტზე შეუფერხებლად გრძელდება”.

სიუჟეტში, რომლის მთავარი სათქმელი იყო, რომ ბახმაროში, მეწყერსაშიშ, ასევე რეკრაციულ ზონაში, უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს და ამ ყველაფრის უკან თანამდებობის პირები დგანან, ამგვარი განცხადებების დამადასტურებლად ვერც რაიმე დოკუმენტი ვნახეთ და ვერც ჟურნალისტის მცდელობა - უკეთ გადაემოწმებინა ფაქტები. გზავნილებს ავტორი უმეტესად ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებდა.

რუსთავი 2-ის სიუჟეტი ბახმაროში უკანონო მშენებლობების შესახებ

მასალის მთავარი დასაყრდენი ბახმაროს განვითარების ხელშემწყობი ასოციაციის თავმჯდომარე არმაზ ახვლედიანია, რომელიც ყვება, რომ ბოლო 20-25 წელია ბახმაროელებს არ ახსოვთ ის, რაც დღეს იქ ხდება: "შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილი, რაც თქვენ მოგეწონებათ, მოიხაზოთ. უბრალოდ გადაიხადოთ ამისთვის ფული, ქრთამის სახით და გაიტანოთ თქვენი”. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობა კურორტზე ბევრია, რისთვისაც "უმოწყალოდ ნადგურდება ბახმაროს უნიკალური ლანდშაფტი". იგი კორუფციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებაში ამას ან ხელს აფარებენ, ან გაჩუმების სანაცვლოდ დიდ ფულს იღებენ. სიუჟეტიდან არ ჩანს, კონკრეტულად რომელ თანამდებობის პირს გულისხმობს ახვლედიანი, ან აქვს თუ არა კორუფციული გარიგების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

შემდეგ მასალიდან ვიგებთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ადგილი, რომელიც უცნობმა მოქალაქემ, მაგრამ “სავარაუდოდ, გავლენიანმა პირმა მოიხაზა, პირდაპირ სარეკრეაციო ზონაზე გადის”. ჟურნალისტისვე ინფორმაციით, დაზუსტებით ვინ აშენებს სახლს ამ კონკრეტულ ადგილას, უცნობია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ვინმე ჭეიშვილია. “ბახმაროში ადგილობრივები ყვებიან, რომ ეს პირი კახი კალაძის მეგობარია”, - აზუსტებს ჟურნალისტი.

გარდა ადგილობრივების კომენტარებისა, მასალაში არ ჩანს ოფიციალური დოკუმენტების გადამოწმებისა და არსებული რესურსების გამოყენების მცდელობა იმის დასადგენად ვინ არის სინამდვილეში ამ კონკრეტული ადგილის მფლობელი, ან, ვინ არის ეს “ვინმე ჭეიშვილი” და რა აკავშირებს მას თბილისის მერთან. ჟურნალისტს კითხვით არც კახა კალაძისთვის მიუმართავს.

კიდევ ერთი შეუსაბამობა, რაც მაყურებელს უფრო კითხვებს უჩენს, ვიდრე ინფორმაციას აწვდის, ამ ახალგაჩეხილი ადგილის მეპატრონის დაჯარიმებაა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ერთის მხრივ ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მიმდინარებს მოკვლევა იმის დასადგენად, “ვინ ამუშავა ტექნიკა”, მეორეს მხრივ კი განმარტავს, რომ უკანონო მშენებლის ზუსტი ვინაობა არ იცის, თუმცა იცის, რომ ოზურგეთელია და უკვე დაჯარიმებულია. როგორ დააჯარიმეს დაუდგენელი პირი, ჟურნალისტს კითხვა კი გაუჩნდა, მაგრამ, როგორც სიუჟეტიდან ჩანს, არც ამ ფაქტის გადამოწმება უცდია.

მასალის ბოლოს ჟურნალისტმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ მდინარის კალაპოტი, რომელიც კურორტის ცენტრში მოედინება, წლებია არ გაწმენდილა და ადიდებული მდინარე მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამ განცხადების ფონად კი ვიხილეთ ვიწრო ზოლში ჩამომავალი მდინარე, რომლის სიმაღლე ქვებსაც ძლივს ფარავს. სიუჟეტიდან სრულიად გაუგებარი დარჩა, რა კავშირი ჰქონდა თემასთან მდინარის საკითხს.

თუ გავითვალისწინებთ პათოსს, რომელიც თითქმის 5-წუთიან სიუჟეტს მთავარ ხაზად გასდევს და რაშიც კურორტზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები, თანამდებობის პირების მიერ მიტაცებული მიწები და თბილისის მერთან კახი კალაძესთან კავშირები მოიაზრება, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულის დასამტკიცებლად, ჟურნალისტს გარდა რამდენიმე ადგილობრივის ვარაუდისა, სხვა არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდენია. ამბავი ტოვებს ზედაპირული მსჯელობის, რეალობის გაზვიადებისა და შესაძლო კორუფციულ კავშირებში თბილისის მერის ხელოვნურად ჩართვის მცდელობის შთაბეჭდილებას.
“რუსთავი 2-ის” სიუჟეტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე არასწორი აქცენტით
10 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მოზარდების მიერ მაღაზიების ძარცვის შესახებ გავიდა მასალა. სიუჟეტი ოთხი არასრულწლოვნის მიერ Beko-ს მაღაზიიდან მობილურების მოპარვას ეხებოდა. მასალიდან გავიგეთ, რომ ეს ამ ბრენდის მაღაზიების გაქურდვის მესამე შემთხვევაა, ზარალი დიდია, თუმცა, პოლიცია დამნაშავეებს ვერ აკავებს, რადგან ისინი არასრულწლოვნები არიან.

ტელეკომპანიას მსგავს თემაზე მასალა ადრეც აქვს მომზადებული და წინა სიუჟეტის მსგავსად, ამჯერადაც, ჟურნალისტურ პროდუქტში არ იყო გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მასალის მთავარი აქცენტი, ამჯერადაც, არა არასრულწლოვანთა დანაშაულის აცილებისთვის საჭირო პრევენციის არარსებობა, არამედ კანონით მათი დასჯის შეუძლებლობა იყო. ჟურნალისტი და წამყვანი საუბრობდნენ "კანონში არსებულ ხარვეზებზე" , რაც პოლიციას არასრულწლოვანი თავდამსხმელების დაკავების უფლებას ართმევს. საუბარია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომელშიც ნათქვამია, რომ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები".


"რუსთავი 2-ის" სიუჟეტი მაღაზიის გაქურდვის შესახებ. 10 ივლისი, 2018

“არასრულწლოვნების მიერ გახშირებული ქურდობები ქვეყნისთვის უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. იქ, სადაც კანონი უძლურია, საკუთარი თავის დაცვაზე ბიზნესსექტორმა თავად დაიწყო ზრუნვა და მაღაზიები რკინის გისოსებით შემოღობა. ბიზნესი მთავრობას იმ კანონის გადახედვას სთხოვს, რომელის მიხედვითაც, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად 12 წლამდე პირები სასჯელის მიღმა რჩებიან”, - ამ სიტყვებით წარადგინა გამოშვების წამყვანმა სიუჟეტი.

სიუჟეტის დაწყებიდან მალევე ჟურნალისტი გაძარცვული კომპანიის წარმომადგენელის კომენტარს გვთავაზობს. ეს ერთადერთი რესპონდენტია, რომელიც კანონის ხარვეზზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში ყველა სხვა პირი პრევენციის აუცილებლობაზე საუბრობს, ჟურნალისტის ტექსტების მთავარი მესიჯი მაინც კანონის გამკაცრებაა. ერთ შემთხვევაში, ავტორი ცვლის კიდეც რესპონდენტის ნათქვამის აქცენტს - ჟურნალისტი ამბობს, რომ ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის აზრით, პრობლემა ლიბერალური პოლიტიკაა. შემდეგ ვისმენთ რესპონდენტის მოსაზრებას, რომელიც პირიქით, ამბობს, რომ ჰუმანური კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ “მნიშვნელოვანია რომ გაძლიერდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება მსგავსი ტიპის შემთხვევებს ნაკლებად ჰქონდეს ადგილი”.

როდის და რატომ შეიცვალა კანონმდებლობა

2008 წლის პირველი ივლისიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე, რიგ სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე, არასრულწლოვნებს პასუხისმგებლობა12 წლიდან ეკისრებოდათ. 2010 წლის თებერვლიდან მინიმალური ზღვარი 14 წლამდე გაიზარდა. ამით საქართველომ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის რჩევა გაითვალისწინა.

აღნიშნული კომიტეტი მონაწილე ქვეყნებს ურჩევს, არ დაიყვანონ მინიმალური ასაკი თორმეტ წლამდე, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაბალი ასაკობრივი ზღვარი არ შედის ბავშვის საუკეთესო ინტერესში. აქვე განმარტებულია, რომ პასუხისმგებლობის მაღალი ასაკი, როგორიცაა 14-16 წელი, ხელს უწყობს სასამართლო პროცედურების გარეშე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულებას და ბავშვის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვას.


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ზოგადი სტანდარტების მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს ქვემოთ მყოფი ბავშვები პრევენციის სფეროს ნაწილია და არა დასჯის. ამ სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოს ევალება შექმნას პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. ამ პროცესში წამყვანი როლი ეკისრება სოციალურ და განათლების სფეროებს, სამართალდამცველი ორგანოების ფუნქცია არა არასრულწლოვნის დასჯა, არამედ პრობლემის იდენტიფიცირება და მისი შესაბამის სექტორში გადამისამართება უნდა იყოს. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარებში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის ზომების არარსებობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკის სერიოზული ხარვეზია.

მედიის პასუხისმგებლობა

არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიამ სწორად შეარჩიოს კუთხე. ამბის გადმოცემისას მუდმივად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ის, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარი - 14 წელი, არ უნდა შემცირდეს, ის ბავშვები კი, რომლებიც 14 წელზე ნაკლები ასაკის არიან და ჩადიან სხვადასხვა ტიპის დანაშაულს, ჩართულნი უნდა იყვნენ სხვადასხვა ტიპის პრევენციულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. მსგავს შემთხვევებში მედიის ფოკუსი არა არასრულწლოვნების დასჯაზე, არამედ პრევენციის მექანიზმის მუშაობის ეფექტიანობაზე უნდა იყოს.

“უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო წესებში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაა მომზადებული.

არაზუსტი ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ტენდერებზე “იმედის კვირაში”
2018 წლის 9 ივლისს, გადაცემა "იმედის კვირამ" ერთ-ერთი სიუჟეტი საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ტენდერებს მიუძღვნა. საქმე ეხება უწყების მილიონიან ტენდერებში პეტრე დევრიშაძის კომპანიების გამარჯვებას. აღმოჩნდა, რომ 2010 წელს ე.წ. ოპერაცია “ენვერის” ფარგლებში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და რუსულ სპეცსმსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით გასამართლებული დევრიშაძის კომპანიები ძალოვან უწყებებს აღჭურვილობითა და სპეციალური ტექნიკით ამარაგებს.

სიუჟეტი, რომელიც უწყებების გამართლების მცდელობას გავდა, რამდენიმე არაზუსტ დეტალს შეიცავდა და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავდა.

ფაქტის შესახებ საზოგადოებამ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებიდან შეიტყო.


სტუდია მონიტორის გამოძიება

მონიტორმა მასალა 25 ივნისს გამოაქვეყნა. ფაქტს საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა და დისკუსია მოჰყვა. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იძულებული გახდნენ განმარტებები გაეკეთებინათ. ამასთან, ორივე უწყებამ გააუქმა ის მიმდინარე ტენდერები, რომლებშიც შეთვაზებული ფასის გათვალისწინებით, გამარჯვების დიდი შანსი კვლავ პეტრე დევრიშაძის კომპანიას ჰქონდა.

"იმედის კვირის" წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას “ქართული ოცნების” ხელისუფლების დაპირებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ბევრი საქმე კვლავაც გამოუძიებელია, რაც პრობლემას ისევ ახალ ხელისუფლებას უქმნის.


"იმედის კვირაში" გასული სიუჟეტი

შემდეგ უკვე სიუჟეტიდან პირველ რიგში გავიგეთ, რომ პეტრე დევრიშაძის კომპანიისგან შეძენილი საქონელი “არ წარმოადგენს საიდუმლოების ნუსხით განსაღვრულ საქონელს”. ვნახეთ თავდაცვის სფეროში საიდუმლო შესყიდვების ობიექტების ჩამონათვალიც. შემდეგ კი ჟურნალისტმა განმარტა, რომ დევრიშაძისა და თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულება მომავალ კვირას უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, მოთხოვნა დავების საბჭომ ძალოვან უწყებას 21 ივნისს, გამოძიების გამოქვეყნებიდან, ოთხი დღით ადრე წაუყენა.

“თავდაცვის სამინისტროს მიერ ტენდერის გაუქმებამ სტუდია მონიტორის გამოძიებას დაასწრო, იმავეს ვერ ვიტყვით შსს-ის გადაწყვეტილებაზე”, - დასძინა ჟურნალისტმა. 

ეს დეტალები რამდენიმე უზუსტობას შეიცავს.

  • თავდაცვის სამინისტრომ გააუქმა ტენდერი და არა ხელშეკრულება. ხელშეკრულება კომპანიასთან მას შემდეგ ფორმდება, როცა გამარჯვებული გამოვლინდება. იგივენაირად მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

  • მტიკიცება, რომ თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გაუქმებით სტუდია მონიტორის გამოძიებას დასწრო, სინამდვილეს არ შეესაბამება. კერძოდ, შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრომ 12 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის მიზნით, 2 351 596 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 1 ივნისს გამოაცხადა. 10 ივნისს, ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ, შპს “უნიფორმ სერვისმა” დავების საბჭოს საჩივრით მიმართა და შემსყიდველისგან, ანუ თავდაცვის სამინისტროსგან, სატენდერო განცხადების პირობების სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ითხოვა. 21 ივნისს დავების საბჭომ შპს “უნიფორმ სერვისის” გადაწყვეტილება ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სატენდერო კომისიას თავდაცვის სამინისტროს ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების გადასინჯვა დაავალა. 

  • აქვე აღსანიშნავია, რომ ტენდერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია და არა დავების საბჭო. ეს უკანასკნელი, კონკრეტული საჩივრის საფუძველზე, სატენდერო კომისიას მხოლოდ ტენდერთან დაკავშირებულ ამა თუ იმ ხარვეზზე მიუთითებს და რეკომენდაციას გასცემს. 

  • სახელმწიფო შესყიდვების ვებვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, სატენდერო საბჭომ თავდაცვის სამინისტროს ტენდერი მიმდინარე წლის 5 ივლისს, ანუ სტუდია მონიტორის გამოძიების გამოქვეყნებიდან 10 დღეში გააუქმა და არა ოთხი დღით ადრე, როგორც ეს “იმედის კვირის” სიუჟეტში იყო ნათქვამი.

სიუჟეტში დეტალების გადამოწმების გარეშე იმის მტკიცება, რომ თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გაუქმებით ჟურნალისტურ გამოძიებას დაასწრო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ჰგავდა და უწყების გამართლების შთაბეჭდილებას ქმნიდა. მითუმეტეს, რომ 11-წუთიან სიუჟეტში, ტენდერების თემაზე მეტად იმის გამორკვევის მცდელობა იყო, ნამდვილად იყვნენ თუ არა დამნაშავეები პეტრე დევრიშაძე და ე.წ. ენვერის საქმის სხვა პირები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ გაასამართლა.
მანიპულაცია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის  თემაზე  P.S. -ში
პირველ ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" ერთ-ერთი სიუჟეტი შინაური ცხოველების თემას მიეძღვნა. მასალის ინსპირაცია საქართველოს რამდენიმე საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება იყო. დოკუმენტი შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და ასევე, მათი პოპულაციების მართვის პირობებს ადგენს.

სიუჟეტმა, რომლის მიზანიც სავარაუდოდ დეპუტატების კომპეტენციის ჩვენება იყო, თავისი შინაარსით, ასევე, წამყვანის შესავლითა და და დასკვნით, არასერიოზული და დამცინავი წარმოდგენა დეპუტატების ნაცვლად მაყურებელს ცხოველთა უფლებებზე შეუქმნა. არადა ჟურნალისტმა მასალის ბოლოს თავადვე ახსენა, რომ ეს თემა სასაცილო არ არის.

სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა აუდიტორიას რამდენიმესაკრებულოს მიერ სხვადასხვა დროს მიღებული რეალობასთან შეუსაბამო დადგენილებები გაახსენა. შემდეგ კი თქვა:“ადამიანთა პრობლემები ხომ მოგვარებული აქვთ, ახლა ცხოველებს მიადგნენ და სხვადასხვა პირობებთან ერთად, ისიც დაუდგინეს, როგორ უნდა ისექსაონ”.



სიუჟეტში, რომლის მომზადების საფუძველი საკრებულოების მიერ მიღებული დადგენილებები იყო, მაყურებელს არ უნახავს რა წერია დოკუმენტში. მთელ მასალაში მთავარი აქცენტი ცხოველების გამრავლებაზე გაკეთდა და აუდიტორიას არ მიუღია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს დადგენილება არეგულირებს და აწესრიგებს იმ პირობებს, რომელშიც ცხოველები უნდა იმყოფებოდნენ, საუბარია მათ კვებაზე, მოვლაზე, დაავადებებისგან დაცვასა და ასევე მათ მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულებების შემცირებაზე. სწორედ ამ უკანასკნელს ეხება დოკუმენტის მე-11 მუხლი, - შინაური ცხოველების მოშენება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ “პოპულაციური კონტროლის მიზნით აკრძალულია 2 წლამდე და 6 წელს ზემოთ და წელიწადში ერთზე მეტად ცხოველების გამრავლება”.

სიუჟეტში ხაშურის საკრებულოს თანამშრომელი განმარტავს, რომ გამრავლების შესახებ ჩანაწერი სელექციურ მოშენებას ეხება, მაგრამ არც ავტორს და არც გადაცემის წამყვანს ამაზე აქცენტი არ გაუკეთებია. მთელი სიუჟეტის განმავლობაში კადრებში ვხედავდით სხვადასხვა ოჯახის შინაურ ცხოველებს და ვისმენდით მეპატრონეების გაოცებულ კომენტარებს, როგორ გაუკონტროლონ თავიანთ ცხოველებს ინსტინქტები: “უსაქმური ადამიანი უნდა იყო, რომ დიო ძაღლებს”... “სექსს როგოს ავუკრძალავ, ჩემამდე არ მოდის, დავაბავ? ეგ არ არის სწორი”

სიუჟეტში არც სპეციალისტებისა და შეთავაზების ინსპირატორი არასამთავრობო ორგანიზაციების განარტებები ისმოდა იმის შესახებ, რა მიზანი აქვს ამგვარ დადგენილებებს, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, რას ნიშნავს ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობა და ეს ყველაფერი, პირდაპირ თუ ირიბად, ისევ ადამიანებს როგორ უკავშირდება. სიუჟეტიდან მაყურებელმა ვერაფერი გაიგო ცხოველების კასტრაცია/ სტერილიზაციაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე, საქართველოში უპატრონო ცხოველების პრობლემებსა და გადამდებ დაავადებებზე, რაც საკმაოდ სახიფათოა ანუ, ყველაფერ იმაზე, რაზეც დადგენილება საუბრობს.


„ძაღლები და კატები კი არა, ასეთ უმაქნის დეპუტატებს ვინც ამრავლებს, იმას უნდა წააჭრა ძირში ყვერები და კიდევ უნდა მოუწვა ის ადგილი, რომ ახლები არ ამოუვიდეს”, - გადაცემის წამყვანის ასეთი ციტატით, სიუჟეტის დასასრულს, მასალამ აუდიტორიას დადგენილება მხოლოდ მხოლოდ “ცხოველებისთვის სექსის აკრძალვად” გააცნო. სინამდვილეში კი, როგორც “მედიაჩეკერს” “ცხოველთა უფლებების კომიტეტის” თავმჯდომარემ (ორგანიზაცია, რომელიც ცხოველთა მოვლის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს)თინათინ ჭავჭანიძემ განუმარტა, საუბარია გამრავლების კონტორლის მექანიზმის შემუშავებაზე, საკმაოდ მკაცრზე, მაგრამ ისევ ცხოველებისთვის ჰუმანურზე, რომ უპატრონო ცხოველები ქუჩებში სტიქიურად არ გამრავლდნენ.

“სრულიად უაზრო სკანდალი აგორდა და გაუგებარია, რატომ იქცა სასაცილოდ ეს თემა. ვისაც უნდა და როგორც უნდა ისე ამრავლებს ცხოველებს, მერე აღარ მოეწონებათ, გადააგდებენ და იტანჯებიან ეს ქუჩაში გაყრილი კატები და ძაღლები. ზოგი ნაგავშიც კი აგდებს პატარა ლეკვებს და კნუტებს. ცალკე პრობლემაა გენეტიკური, გადამდები და სხვა სახის დაავადებები ცხოველებში. ამიტომ, თუ ამის კონტროლი მეტ-ნაკლებად მოხერხდება, ქუჩის ძაღლების და კატების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება”,- ამბობს ჭავჭანიძე.