ზვიად დევდარიანის საქმე “აქტუალურ თემაში”
04.04.2018

თეგები : მიკერძოებული გაშუქება; ბალანსი;
“სიდას” ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის მხიდან ქალების სავარაუდო შევიწროვება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქტუალურ თემაში” ბოლო ორ კვირაში ორჯერ განიხილეს. პირველად, როცა სავარაუდო მსხვერპლი ქალების ისტორიები გასაჯაროვდა (21 მარტი) და მეორედ, როცა ზვიად დევდარიანმა სამართლებრივი ბრძოლის დასაანონსებლად პრესკონფერენცია გამართა (3 აპრილი). ორივე გადაცემის ფოკუსი იყო არა ქალთა მიმართ ძალადობა, არამედ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვა.

21 მარტს ამ თემაზე მსჯელობა “ტაბულას” დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილთან, ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან, რუსუდან გოცირიძესთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთან, რამილია ალიევასთან გადაწყვიტეს. პირველი კითხვა, რომელიც წამყვანმა გადაცემის დაწყებისას დასვა, შეეხებოდა იმას, თუ რამდენად ხდება “ძალადობაში ბრალდებულის” უფლებების დაცვა მის შესაძლო დანაშაულზე საუბრით მაშინ, როცა არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. იგივე შინაარსის კითხვა წამყვანმა მოგვიანებითაც გაიმეორა, რითიც ფაქტობრივად მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სავარაუდო დანაშაულზე მსჯელობა არ შეიძლება.

მაშინ, როდესაც სახალხო დამცველმაც დაადასტურა, რომ ქალების “მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს”, გადაცემის წამყვანმა მაკა ცინცაძემ რამდენჯერმე ეჭვქვეშ დააყენა ამგვარი ფაქტების არსებობა.

“იგივე, როცა ძალადობის ფორმებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა, მე არაძალადობრივი მიდგომები აღვიქვა ძალადობად და ამას დავარქვა ძალადობა”, - ამ ფრაზით გააწყვეტინა წამყვანმა ერთ-ერთ რესპონდენტს საუბარი, რომელიც ქალებზე ძალადობის ფორმების ახსნას ცდილობდა. როცა “ტაბულას” რედაქტორი იმ ისტორიებზე საუბრობდა, სადაც ქალები დევდარიანის დანაშაულზე ყვებოდნენ, წამყვანმა თქვა: “საინტერესოა, რა ინფორმაციაა. მე ვერ მოვიპოვე ეს ინფორმაცია”.

გადაცემის მესამე ნაწილი ქალთა მოძრაობის მიერ სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ პარლამენტში შეტანილ ინიციატივასაც შეეხო, სადაც საუბარია “სექსუალური ხასიათის კომენტარებზე, უხამს ხუმრობებზე, მიშტერებაზე, სტვენასა და ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნზე, რომელიც უარის შედეგადაც გრძელდება”. წამყვანმა ამ ინიციატივას რადიკალიზმი უწოდა და დაინტერესდა ამით ქალები ხომ არ მოექცევიან უხილავი ჩადრის ქვეშ და მათზე “შეხედვა ხომ არ აიკრძალება”.

ასევე მხოლოდ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვას ეძღვნებოდა 3 აპრილის გადაცემა. ზვიად დევდარიანმა “აქტუალური თემა” გამოიყენა ტრიბუნად იმისთვის, რომ საზოგადოება საკუთარ სიმართლეში დაერწმუნებინა. ამას ხელს უწყობდა წამყვანიც, რომელიც რიგ შემთხვევებში პასიური მსმენლის როლში იყო და არც განმეორებით სვამდა უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს და არც დეტალებით ინტერესდებოდა. გადაცემა ცალმხრივი იყო, მხოლოდ დევდარიანის და მისი ადვოკატის პოზიციები ისმოდა.

„რას აკეთებდა ზვიად დევდარიანი და ვინ ვისი უფლება დაარღვია, ახლა, ამას სასამართლო დაადგენს“, - ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა წამყვანმა, პირველი კითხვა კი ქალების იმ ისტორებიების შესახებ დასვა, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში და ძალადობაში ადანაშაულებენ, თუმცა წამყვანს არ უხსენებია კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულზე იყო საუბარი, ან რას ყვებოდნენ ქალები. დევდარიანმა რამდენიმეწუათიანი მონოლოგის შემდეგ, რომელიც კითხვაზე პასუხის ნაცვლად პირად განცდებს აღწერდა, თქვა, რომ ქალების ისტორიების ნამდვილობის დადგენა მასაც სურს.

მოგვიანებით, გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა აღიქვეს იმ ქალებმა სექსუალურ შევიწროებად ან ძალადობად, რომლებიც მას უჩივიან. დევდარიანი, ასევე, აღნიშნავდა, რომ მას არ ჰქონდა გავრცელებულ ბრალდებებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა და რომ მისი სამეურვეო საბჭოს კანდიდატებიდან მოხსნა მმართველი პარტიისთვისაც ხელსაყრელი იყო. მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა სახელმწიფო სტრუქტურები, მმართველი პარტია. მიუხედავად ამისა, წამყვანი არ შეეცადა დაეზუსტებინა და ეჩვენებინა აუდიტორიისთვის, რამდენად რელევანტურია მისი მოსაზრებები. რა სარგებელს იღებდა მმართველი პარტია ზვიად დევდარიანის მიმართ ბრალდებების გავრცელებით, როცა მარტივად შეეძლო მისი კანდიდატურის ჩაგდება.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში აქტუალური გახდა ქალთა უფლებების დაცვა, როდესაც ქალებმა გაბედეს ხმამაღლა სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ საუბარი, მნიშნელოვანია, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან ფრთხილად მუშაობდეს ამ თემაზე. ორივე გადაცემაში წამყვანი ნაცვლად ფაქტებით, არგუმენტებით დაპირისპირებისა, ცალმხრივად აშუქებს საკითხს და მთელ ეთერს მხოლოდ ძალადობაში დადანაშაულებულ პირს უთმობს, არ აჩვენებს თავად მსხვერპლების პოზიციებს და არ უხსნის აუდიტორიას რეალური პრობლემის არსს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
ასევე იხილეთ
მედიის ფინანსური გამჭვირვალობა და არასრული ინფორმაცია
23 აპრილს ტელეკომპანიების „იმედისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა სიუჟეტები მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კანონის აღსრულების პრობლემაზე, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მედია გარემოს შეფასების ნაწილში მოხვდა. სიუჟეტებს წინ უძღოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის პოსტი სოციალურ ქსელში, რომლის თანახმადაც კანონის აღსრულებას „რუსთავი 2“ აფერხებს. ორივე არხზე მასალების მთავარი ფოკუსიც სწორედ ეს იყო. ორივე არხის საინფორმაციო გამოშვების მასალაში აღნიშნეს, რომ მხოლოდ „რუსთავი 2“ არის წინააღმდეგი ფინანსური შემოსავლების გასაჯაროვებისა. მასალები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ანგარიშში მედიაგარემო ნეგატიურ კონტექსტში სწორედ ამ ერთი მაუწყებლის გამოა მოხსენიებული და კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მიაყენებს ზიანს ტელევიზიებს.
„იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ წამყვანმა შესავალი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის გამოხმაურებით დაიწყო: „ყველა მედიასაშუალება მზადაა საკუთარი შემოსავლები გამჭვირვალე გახადოს, გარდა რუსთავი 2-სა. სწორედ რუსთავი 2-მა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში ის ნორმა, რომლის აღსრულების აუცილებლობაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია  საუბარი“, - ციტირებს წამყვანი კახა ბექაურს.



„მოამბემ“ თემის წარდგენისასაც და მასალის დასაწყისშიც აქცენტი 2013 წელს მიღებულ კანონზე გააკეთა, რომლის აღსრულებას სასამართლო დავა აფერხებს და შესავალი ასე დაასრულა: „კანონის აღსრულების მიზნით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილ წესებს ტელეკომპანია რუსთავი 2 დღემდე აპროტესტებს“.




ეს ქვეტექსტი აქვს ამ თემაზე მომზადებულ მთლიან სიუჟეტებსაც. 

ორივე სიუჟეტში კახა ბექაური საუბრობს იმის შესახებ, რომ კომისია მაუწყებლებს არ სთხოვს დეტალურ ინფორმაციას ფინანსური შემოსავლების შესახებ და კომისიის მიერ შემუშავებული მექანიზმი მაუწყებლების კომერციულ ინტერესს არ აზარალებს. „მოამბის“ სიუჟეტში ბექაური ასევე ამბობს: „ყველამ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასამართლოსი და აღიარა კანონიერად, მაგრამ მხოლოდ ერთი მაუწყებელი აღმოჩნდა, რომელმაც მეორე ინსტანციაში, სააპელაციოში გაასაჩივრა“.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან სასამართლო დავა არაერთი მაუწყებელს ჰქონდა, თუმცა, არც „მოამბეს“ და არც „ქრონიკას“ მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია სხვა ტელევიზიების პოზიცია, რატომ არ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. მართლაც მიიღეს სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ამას კახა ბექაური ამბობს, თუ სხვა მიზეზი არსებობდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოში დავა აღარ განაგრძეს.

როდესაც ეს სიუჟეტები მომზადდა, იმავე სოციალურ ქსელში, სადაც კახა ბექაურმა გაავრცელა პოზიცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, უკვე არსებობდა ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ „გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. დღეს ტელემედიის ფინანსური გამჭვირვალობა მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი. მარეგულირებელ კომისიას აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ აქვს ინფორმაცია. ყველა შემოსავალი იცის. საქმე იქამდეც კი მივდა, რომ მედიის მფლობელებს სახელმწიფო ჩინოვნიკებივით პირადი ქონებრივი დეკლარაციაც კი შეგვავსებინეს რამდენიმე წლის წინ. უბრალოდ არა მხოლოდ რუსთავი2, არამედ მთელი ტელემედია, რეგიონულებიდან დაწყებული მსხვილი მედიასაშუალებებით დამთავრებული ვაპროტესტებდით ახალ რეგულაციებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ დეტალიზაციას ითხოვდა, პრაქტიკულად ყველა კონტრაქტი უნდა გაგვესაჯაროვებინა და არანაირი კომერციული საიდუმლოება აღარ უნდა დაგვეტოვებინა. თან საქმე ეხებოდა რაღაც გაუგებარ ფორმებს, რომელთა შევსება კიდევ დამატებითი თავსატეხია. მე მხოლოდ იმიტომ არ ვარ სასამართლო დავაში, რომ არ მაქვს ამის რესურსი, ისევე როგორც სხვა პატარა ტელეკომპანიებს. თუმცა ვგულშემატკივრობ ამ სარჩელს და საიაც იმიტომ იყო ამ საქმეში, რომ მოთხოვნა სამართლიანია”, - წერს ნინო ჯანგირაშვილი. არც მისი მოსაზრება და არც სხვა ტელეკომპანიების პოზიცია ნაჩვენები არ ყოფილა

სიუჟეტებში არასწორ წარმოდგენას ქმნიდა ავტორების ტექსტიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამოკიდებულებაზე. ორივე მაუწყებლის ეთერში თქვეს, რომ საია, რომელიც ჯერ ეთანხმებოდა კანონპროექტს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, შემდეგ ერთ-ერთ მაუწყებელს სასამართლოში გაჰყვა, პოზიცია შეცვალა დღეს კომენტარს არ აკეთებს“. ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ მათ ცალსახად კომენტარზე უარი არ უთქვამთ. როგორც საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლევან ქათამაძემ „მედიაჩეკერს“ განუცხადა, მათ დრო ითხოვეს წლების წინანდელი საქმის დეტალების გასახსენებლად. ოფიციალურ განცხადებას ამ საქმესთან დაკავშირებით კი უახლოეს პერიოდში გააკეთებენ.

ორივე სიუჟეტი მოიცავს ერთსა და იმავე რესპონდენტების თითქმის იდენტურ კომენტარებს, რომელიც ერთ დროს არის ჩაწერილი. ორივე მასალაში საუბრობენ თამთა მურადაშვილი (რუსთავი 2), მამუკა ანდღულაძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა) და ლაშა ტუღუში (კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი). მასალაში არ ჩანს მცდელობა განსხვავებული აზრის წარმოჩენისა.
ბაჩო ახალაიას დამნაშავედ ცნობა სერგო თეთრაძის წამების საქმეზე „კურიერმა“ არ გააშუქა
23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ სცნო და 9 წელი მიუსაჯა. მასთან ერთად, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მის მოადგილეს, ბრალდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილს.

ეს თემა გაშუქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და TV პირველის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა სიახლე ვერ მოხვდა 9-საათიან “კურიერში”.
NTV Plus-ის შემოსვლა საქართველოში „იმედმა“ არ გააშუქა
რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედიის” შვილობილი NTV Plus საქართველოს ტელებაზარზე შემოდის. NTV Plus-ის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფია“. ეს უკანასკნელი 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50%–ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%–ს კი – გულნარა ხეჩოშვილი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 10 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ პროპაგანდისტულ მედიაკამპანიას.

NTV Plus-ის საქართველოს ტელებაზარზე შემოსვლა მაუწყებლებისთვის ერთ-ერთი ძირითად თემა იყო, რომელიც მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გააშუქეს. გამონაკლისი აღმოჩნდა ტელეკომპანია „იმედი“, - საკითხი „ქრონიკის“ 20:00 საათიან გამოშვებაში ვერ მოხვდა.  "იმედს"ეს თემა არც დღის სხვა გამოშვებებში გაუშუქებია.
ომბუდსმენის ანგარიში სააგენტოების ნაწილმა ჰომოფიური კონტექსტით გააშუქა
საქართველოს სახალხო დამცველმა, 2 აპრილს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილი ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას. ნინო ლომჯარიას აზრით, მსგავსი ჩანაწერი ხელს უწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას. „კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის პარალელურად, მნიშვნელოვანია ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი მდგომარეობის აღიარების სხვა ფორმების შემოღებაც, მაგალითად, სამოქალაქო პარტნიორობის“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ონლაინ გამოცემებმა: alt-info.com, saqinform.ge, 2020news.ge, timenews.ge, და geonewest.com, სახალხო დამცველის ანგარიშის ამ ნაწილზე გააკეთეს აქცენტი და ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი, ერთი და იმავე ტექსტით მიაწოდეს აუდიტორიას.

გამოცემების მტკიცებით, ჰომოსექსუალთა სამოქალაქო პარტნიორობა ოჯახისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ პარტნიორობის შემთხვევაში ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება არ ეძლევათ. "გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამ განსხვავებული სახელწოდებით ჰომოსექსუალთა ოჯახების არსებობას საზოგადოება შეეგუება, ამ ურთიერთობის ფორმას ოჯახს დაარქმევენ და შვილის აყვანის უფლებას დაამატებენ. პროცესი სწორედ ამგვარი სახით ვითარდებოდა დასავლეთში და ასე განვითარდება აქაც", - იდენტური ტექსტი დაწერეს გამოცემებმა ისე, რომ არცერთს არ მიუთითებია ვის ეკუთვნოდა ეს მოსაზრება და რას ეყრდნობოდა დასკვნა.

"ჰომოსექსუალთა ქორწინება დაკანონდება" - ამ მესიჯით, მტკიცებით ფორმაში ჰქონდა სათაურები geonewest.com-ის, 2020news.ge-სა და timenews.ge-ს მასალებს. saqinform.ge-მ მკითხველს ამბავი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დამონტაჟებული ფოტოთი შესთავაზა.


ამ გამოცემებისგან განსხვავებით, ომბუდსმენის ანგარიშიდან „საქართველო და მსოფლიოს“ ყურადღების ქვეშ ქორწინების საკითხთან ერთად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეც მოხვდა. მასალა მოიცავს ინტერვიუებს ჰამლეტ ჭიპაშვილთან და გია ხუხაშვილთან. ქორწინების ნაწილზე ლომჯარიას მოსაზრებას გია ხუხაშვილი აფასებს: „ომბუდსმენი ამას ჩვენთვის არ ლაპარაკობს, ის ეპრანჭება უცხოელ სპონსორებს“, ჰამლეტ ჭიპაშვილი კი ამბობს, „ლომჯარია გააკეთებს იმას, რასაც უკარნახებენ დასავლეთიდან.“ „საქართველო და მსოფლიოსაც“, სათაურში აქვს გატანილი, რომ “ოცნების” რჩეული სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებასა და ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონებას მოითხოვს“.

საერთო ჯამში, ამ სააგენტოებმა ომბუდსმენის ანგარიში კონტექსტიდან ამოგლეჯილად, საკუთარი შეფასებით გაავრცელეს და ჰომოფობიური ნარატივის გავრცელებას შეუწყეს ხელი.
 ნინია კაკაბაძის ხუმრობა ონლაინ მედიის ნაწილმა  ახალ ამბად  გაავრცელა
2018 წლის 8 აპრილს, ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ, ფეისბუკის გვერდზე პატრიარქთან მისი და გოგი გვახარიას შეხვედრის შესახებ სახუმარო შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

“მე და გოგის საპატრიარქოში მისვლა გთხოვეს უწმინდესთან შესახვედრად. საუბარმა ძალიან მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა. მიხარია, რომ პატრიარქი არ გავს მისი მრევლის იმ წევრებს, რომელნიც ასეთი დაუნდობელნი არიან ჩვენს მიმართ. მან სიყვარულისკენ და შენდობისკენ მოგვიწოდა. გვითხრა რომ წყენას არა ატარებს და ჩვენც იგივეს გვთხოვს. რაც შეეხება კრიტიკას, თავად აღნიშნა, რომ კრიტიკა და შეცდომებზე საუბარი, მხოლოდ გააჯანსაღებს ეკლესიას და პირველ რიგში მათთვის არის აუცილებელი. ბედნიერი ვარ რომ ეს საუბარი შედგა. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად მეგობრებო. გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთი სიყვარულია”.

ნინია კაკაბაძემ პოსტს ფოტო დაურთო, რომელზეც ის და გოგი გვახარია საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-სთან ერთად ჩანან.

სინამდვილეში, ეს ფოტო 2016 წელს, საქართველოს პატრიარქთან შორენა ბეგაშვილის სტუმრობას ასახავს. შესაბამისად, ნინია კაკაბაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო დამონტაჟებულია




ნინია კაკაბაძის სტატუსი ონლაინ მედიის ნაწილმა გადამოწმების გარეშე, როგორც ფაქტი ისე გაავრცელა. ასე მოიქცა სააგენტო - on.ge, ipress.ge, mediamall.ge, digest.pia.ge და fortuna.ge. აღსანიშნავია, რომ fortuna.ge-ს პატრიარქისა და შორენა ბეგაშვილის შეხვედრის შესახებ ამბავი ამავე ფოტოთი 2016 წლის 29 მარტს აქვს გამოქვეყნებული.

როგორც კი გაირკვა, რომ ნინია კაკაბაძის პოსტი ხუმრობა იყო, სააგენტოებმა fortuna.ge-მ, on.ge-მ და ipress.ge-მ გავრცელებული ამბავი წაშალეს. Ipress-მა მკითხველს გოგი გვახარიას განმარტება შესთავაზა იმის შესახებ, რომ ნინია კაკაბაძემ იხუმრა და ახალ ამბად გავრცელებული ხუმრობისთვის მკითხველს ბოდიში მოუხადა. ამბავი ამ დრომდე იძებნება digest.pia.ge-ს ვებსაიტზე. თუმცა, იქვეა ინფორმაცია ნინია კაკაბაძის განმარტების შესახებ, რომელშიც ის ამბობს, რომ მისი წინა პოსტი მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა იყო.

მედიასაშუალებების ნაწილის მიერ ხუმრობის ახალ ამბად გავრცელებას, მოგვიანებით, ნინია კაკაბაძე ახალი პოსტით გამოეხმაურა. "ვწუხვარ, რომ ამ "იუმორით განთქმულ" ქვეყენაში არც ისე ადვილი ყოფილა ხუმრობა", – წერს იგი და ამატებს, რომ "ფეიკ ნიუსებზე, კიდევ არა ერთი ტრეინინგია ჩასატარებელი".