ხორავას ქუჩის საქმე კვირის მთავარ გადაცემებში
06.06.2018
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტი 31 მაისიდან დღემდე მაუწყებლების ერთ-ერთი მთავარი თემაა. “იმედის”, “რუსთავი 2-სა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები კვირის ბოლოსაც ამ საკითხს დაეთმო, თუმცა განსხვავებული გზავნილებით.

“იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც შაბათს, ასევე კვირას, ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტებსა და გადაცემებში მთავარ აქცენტს აკეთებდნენ აქციის პოლიტიზებაზე - სოლიდარობის მიზნით დაწყებული პროტესტი გადაიქცა პოლიტიკურ აქციად. მაშინ, როდესაც “რუსთავი 2” ხაზგასმით ამბობდა, რომ ეს იყო მოკლული არასრულწლოვნის მამის სოლიდარობის აქცია.

სამივე არხი განსხვავებული რაკურსებით გვთავაზობდა რუსთაველის გამზირსა და ვაკის პარკში მიმდინარე აქციების კადრებს. ასევე, რადიკალურად განსხვავდებოდნენ საქმის ის მთავარი ფიგურები, რომლებზეც მაუწყებლებმა ვრცელი სიუჟეტები მოამზადეს. “იმედმა” ასეთ რესპონდენტად აქციების ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კუპრავა, “რუსთავი 2-მა” კი ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი შეარჩია.

შაბათი, 2 ივნისი


შაბათის გადაცემები სამივე არხმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების დეტალებით დაიწყო. “იმედმა” გამოშვება შსს-ს მაღალჩინოსნების დაკითხვის თემით გახსნა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - მომხდარის თვითმხილველი არასრულწლოვნების, “რუსთავი 2-მა” კი აუდიტორიას საქმეში არსებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სასულიერო პირის შვილია და სავარაუდოდ მას გამოძიება ხელს აფარებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის შაბათის 9-საათიანი გამოშვება 6 საათზე დაწყებული პირდაპირი ეთერის გაგრძელება იყო. საღამოს გამოშვების პირველი სიუჟეტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების “ახალ ეტაპს” ეხებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ატყობინებდა მაყურებელს, რომ მთელი დღის განმავლობაში შსს-ში 5 მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობდა.

გამოშვების მთავარი აქცენტები ასეთი იყო:

  • გამოძიება გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მასთან მოწმეები არ თანამშრომლობენ - ეს გზავნილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისგან ვლადიმერ ბორცვაძისგან მოვისმინეთ, რომლის ჩართვა სტუდიაში გადაცემის დასრულებამდე სამჯერ შემოგვთავაზეს განმეორებით.

  • აქცია გუშინდელთან შედარებით გაცილებით პოლიტიკურია - “მოამბემ” ამის დასადასტურებლად საპროტესტო აქციაზე რამდენიმე გამომსვლელის განცხადება მოგვასმენინა.

  • “პარლამენტმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და პირველად ასეთ საქმეში, შექმნა საგამოძიებო კომისია”, - დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგამოძიებო კომისიის შემქნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბორცვაძის მსგავსად, ეკა ბესელიას ჩართვაც გადაცემის დასრულებამდე განმეორებითაც გვაჩვენეს.

“იმედი”

შაბათის “ქრონიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარის თვითმხილველი არასრუწლოვნების დაკითხვის თემით დაიწყო. მეორე სიუჟეტად “იმედმა” პატრიარქთან ზაზა სარალიძის შეხვედრის შესახებ მოუთხრო მაყურებელს, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში აქცია ჩართო. ჩართვისას “იმედის” ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას მუშაობაში ხელს უშლიდნენ, შეეცადნენ ტრიბუნასთან ახლოს მისვლას, თუმცა იქ მდგომი პირები ამბობდნენ, რომ ზაზა სარალიძეს იცავდნენ და ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, ასევე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ზაზა სარალიძისგან ინტერვიუს აღებას, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

შაბათის "ქრონიკაში" ცალკე სიუჟეტი მიეძღვნა იმას, ვინ არის ზვიად კუპრავა. მასალის თანახმად, კუპრავა -”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, წინა ხელისუფების პერიოდში მუშაობდა შსს-ში, აქციაზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს, მის გამო ხალხის ნაწილმა დატოვა აქცია (გვაჩვენეს აქციის ერთ-ერთი მონაწილის სტატუსი ფეისბუქზე, სადაც იგი ამბობს, რომ კუპრავა არის მკვლელი, მონაწილეობდა 26 მაისის აქციის დარბევაში), არასდროს ტოვებს მარტო ზაზა სარალიძეს, მისი წარსულით დაინტერესდა დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც, ხელისუფლება კი “ნაციონალურ მოძრაობას” ტრაგედიით მანიპულირებაში ადანაშაულებს (თბილისის მერის კახა კალაძის კომენტარი).

ამ სიუჟეტის შემდეგ “იმედმა” მიმდინარე მოვლენების შეფასებები შემოგვთავაზა. სტუმრებთან (დავით ბაქრაძე, მამუკა მდინარაძე, ნინო ლომჯარია) კითხვების ფოკუსი იყო: არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკოსები აზარალებენ პროცესს, რომელიც შეიძლება აქციებიდან საქმეზე გადავიდეს? პოლიტიკოსების ერთი ჯგუფის წახალისებით აქციაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ადექვატურია? ხომ არ შეჰყავს, გარკვეულ პოლიტიკურ სპექტრს მოქალაქეები შეცდომაში? და ა.შ.

“რუსთავი 2”

შაბათის “კურიერმა” მაყურებელს რამდენიმე ახალი ინფორმაცია მიაწოდა. გადაცემა ექსკლუზივით დაიწყო, რომელშიც მაყურებელმა გაიგო, რომ საქმეს კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშვე ჰყავს, ასევე არასრულწლოვანი, სასულიერო პირის შვილი, რომელსაც გამოძიება ხელს აფარებს; მიუხედავად იმისა, რომ ეთიკური სტანდარტები მედიას არასრულწლოვანი სავარაუდო ბრალდებულის ვინაობის დაფარვას ავალდებულებს, გადაცემის წამყვანმა მისი სახელისა და გვარის გამჟღავნება მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა. მასალაში არ ჩანდა სრული კონტექსტი, რატომ შეიძლება აფარებდეს ხელს ხელისუფლება ამ არასრულწლოვანს, რა გავლენა აქვს სასულიერო პირს, მაყურებელს არ უნახავს არასრულწლოვნის ოჯახთან დაკავშირების მცდელობა.

არხმა აუდიტორიას შესთავაზა სიუჟეტი მირზა სუბელიანზე, რომლის დაკავებასაც ზაზა სარალიძე დიდი ხანია ითხოვს. მოგვიანებით კი აუდიტორიას ის ახალგაზრდები გააცნო, რომლებიც სარალიძის მხარდამჭერ მოძრაობას - “ნუ მომკლავ” უდგანან სათავეში.


განსხვავებით იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, “შაბათის კურიერში” როგორც წამყვანის, ასევე ჟურნალისტის ტექსტში ხაზგასმული იყო, რომ აქციაზე დგანან რიგითი მოქალაქეები: “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ აქციებზე სიტყვით მხოლოდ ხალხი გამოდის - ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებს და ამბობს, რომ ქვეყნის ათობით მოქალაქე სამართლის გარეშე დარჩა”, - თქვა წამყვანმა ნოდარ მელაძემ და იგივე აქცენტებით გააგრძელა საუბარი ჩართვისას ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ.

კვირა, 3 ივნისი


კვირის გადაცემებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ვაკის პარკში მიმდინარე აქციის თემაც დაემატა. განსხვავებებიც ამჯერად ამ აქციის გაშუქებისას გამოიკვეთა. სხვადასხვა იყო ვაკის აქციის გაშუქების ხანგრძლივობა, კადრები ამ ორი აქციიდან და აქცენტები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში არ გაუშვია ინცინდენტები, რა დროსაც სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას აგინეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

კვირის გადაცემაში, “ახალი კვირა” საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე პირდაპირ თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე მართვის სადავეები ხელში ოპოზიციურმა პარტიებმა აიღეს და მიკროფონი პოლიტიკოსების ხელშია. ტელევიზიამ მაყურებელს სიუჟეტიც შესთავაზა, სახეწოდებით, - სოლიდარობიდან პოლიტიკამდე, რომელშიც დეტალურად მოუთხრო “როგორც იქცა სოლიდარობის გამომტახველი აქცია პოლიტიკურ პროტესტად”.

კადრი

განსხვავებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისა, რომლის კადრებს აღნიშნული მაუწყებელი შორი ხედით აჩვენებდა, ვაკის აქციიდან კადრებს გვთავაზობდა ახლო ხედით, შესაბამისად, აქციას უფრო ხალხმრავალს ხედავდა აუდიტორია. ამ სიუჟეტს კი წინ უძღოდა ამბავი იმის შესახებ, რომ ახალგაზრდების ნაწილი გაემიჯნა რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს მისი პოლიტიზებულობის გამო.

ჩართვაში ჟურნალისტი ყვებოდა, რომ აქ არიან ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს განიცდიდნენ რეპრესიებს, შვილმკვდარი მშობლები და სხვადასხვა აქციაზე დაზარალებლები. ისინი ამბობენ, რომ რუსთაველზე იმის გამო არ გადიოდნენ და დღესაც არ გავიდნენ, რომ იქ კონკრეტულმა პარტიამ ჩაიგდო მართვის სადავეები ხელში.

“წარმოუდგენელია იმათთან ერთად დგომა რუსთაველზე. რა უნდა ამ კაცს ვერ ჩამოყალიბდა, თუ თავისი შვილის მკვლელობის გამოძიება უნდა, გადადგა მთავარი პროკურორი, შეიქმნა საგამოძიებო კომისია და უნდა ვაცადოთ, რაღაც დრო მივცეთ”, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჩართვისას.

ვაკის აქციას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 13 წუთი დაუთმო და აქციიდან ექვსი მონაწილე ჩართო ექვსივე ერთი და იმავე ტექსტით - რუსთაველზე მიმდინარე აქცია პოლიტიკურია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კვირის გადაცემის სტუმრები იყვნენ: კახა კალაძე, რომელმაც თქვა, რომ მასაც აქვს გამოცდილი, როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას. ასევე, არხს ჰქონდა ექსკლუზიური ინტერვიუ მირზა სუბელიანთან, რომელიც ამბობდა, რომ მზადაა გასცეს პასუხი ყველა კითხვას, არსად არ წასულა და არც შვილს აფარებს ხელს, პირიქით, თავად მიიყვანა საგამოძიებო ორგანოში.

გადაცემა “ახალ კვირაში”, რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი იმას, რომ ზაზა სარალიძე, რომელიც ვაკის აქციიდან სახლში წავიდა, რუსთაველის გამზირზე იქ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მიიყვანეს.

“ახლა კადრში შეგიძლიათ ნახოთ აქციის მონაწილეები, რომლებმაც ზაზა სარალიძეს სახლში მიაკითხეს და სავარაუდოდ ის აქციაზე დააბრუნეს”... “მე შეგახსენებთ, რომ მას სახლში მიაკითხეს აქციის მონაწილეებმა და წაიყვანეს”... “სარალიძე აქციაზე არ იმყოფებოდა მთელი დღის განმავლობაში, ის ვაკის პარკში მიმდინარე აქციას შეუერთდა, რომელსაც ახალგაზრდები მართავდნენ, რომ პოლიტიკოსები არ შეერთებოდნენ ამ აქციას და ყოფილიყო სუფთა სამართლის აქცია სუფთა ხელებით, პოლიტიკოსების გარეშე…ეს აქცია დატოვა ზაზა სარალიძემ და სახლში წავიდა, თუმცა მას სახლში მიაკითხეს, ეს ჩვენ გადავიღეთ. რუსთაველის აქციის ორგანიზატორებმა მას სახლშ მიაკითხეს და ის აქციაზე დააბრუნეს” (და კადრები კიდევ ერთხელ გაიმეორეს).

“იმედი”

“ოპოზიციური პარტიების წინასწარ შემუშვებულმა გეგმამ და აქტივობამ სამწუხაროდ ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული, სრულიად ლეგიტიმური პროტესტი რუსთაველზე პრაქტიკულად ჩაახშო და სხვა მიმართულებით წაიყვანა” - ამ სიტყვებით დაიწყო “იმედის კვირის” წამყვანმა კვირის მთავარი გადაცემა და ეს აქცენტი გაჰყვა ბოლომდე.

კვირის გადაცემაში გაგრძელდა წინა დღის ნარატივი ზვიად კუპრავას შესახებ. ამჯერად კუპრავა პირდაპირ ეთერში ჩართეს და კითხვებს გადაცემის წამყვანი უსვამდა.

“იმედის კვირა”, იგივე აქცენტით დასრულდა, როგორც დაიწყო. სიუჟეტის ავტორი მოჰყვა როდის და რა ვითარებაში მოუწოდეს პოლიტიკოსებს უკვე აშკარად და პირდაპირ აქციაში ჩართვის შესახებ, რა პოზიცია ჰქონდა ამაზე ზაზა სარალიძეს, გაგვაცნო კარავში კუპრავასა და სარალიძეს შორის თათბირის შესახებ პოლიტიკოსების თემაზე და კუპრავას შეძახილი ამ თათბირის შემდეგ, - “ჩვენ გავიმარჯვეთ”, - კადრში ხელებჩაჭიდული კუპრავა, სარალიძე და მაჩალიკაშვილი.

“2 ივნისის აქცია სრულდება ისე, როგორც ზოგი ვარაუდობდა, ზოგი იმედოვნებდა, ზოგიც იმას იმედოვნებდა, რომ ასეთ ფინალს არ იხილავდა. საპროტესტო აქციის ტრიბუნას პოლიტიკოები იკავებენ”, - თქვა ჟურნალისტმა და შემდეგ ეთერში აქციიდან პოლიტიკოსების გამოსვლები გაუშვა.

კვირას ღამით “იმედის კვირამ” გადაცემაში ჩართო: ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, (ორივე მათგანი ემიჯნება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას), ნიკა მელია, ოთარ კახიძე და არჩილ თალაკვაძე.

“რუსთავი 2”

გადაცემა “პოსტკრიპტუმი” მთლიანად ხორავას ქუჩის საქმეს მიეძღვნა. გამოშვება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციით დაიწყო, სადაც იმ პერიოდში ზაზა სარალიძის ადგილსამყოფელს იკვლევდნენ. “იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, “რუსთავი 2-მა” მაყურებელს უთხრა და აჩვენა ვინ იდგა ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე: “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, სუს-თან და ქართულ მარშთან დაკავშირებული პირები და ასევე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები.

კვირის გადაცემაში “რუსთავი 2-მა” ბოლო პერიოდის ტენდენციებიც გააცნო მაყურებელს - რა გზებით ცდილობს ხელისუფლება საპროტესტო განწყობების ჩახშობას და იმ თემების მარგინალიზებას, რაზეც საზოგადოების პროტესტი იწყება.

“რუსთავი 2-მა” კვლავ გააგრძელა საქმეში გამოჩენილი ახალი არასრულწლოვნის შესახებ თხრობა, თუმცა, ამჯერად სიუჟეტი გაცილებით მრავალმხრივი და დაბალანსებული იყო.

“პოსტკრიპტუმის” დასრულების შემდეგ  “კვირის აქცენტები” დაიწყო. წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ, რომელსაც ამ გადაცემაში შედარებით პასიური როლი აქვს, სტუმრებთან ერთად ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე გააგრძელეს საუბარი. გადაცემა დღის შეჯამებით დაიწყო, რა დროსაც ნიკა გვარამიამ ვაკის აქციასთან მიმართებით ასეთი ფრაზები გამოიყენა: “ძირითადი ნაწილი იქ იყო სუსის კონიუნქტურა, “ქართული ოცნების” შლეიფი, ასე ვთქვათ სეფექალები და სეფეკაცები, რომლებიც უბრალოდ აი პირდაპირ ხელიდან კენკავენ დღევანდელი ხელისუფლების”... “ღმერთო მეტეორი გვესროლეო რომ ამბობენ, თუ გვესროდა ღმერთი მეტეორს, იქვე ჩავარდნილიყო იქნებოდა არაჩვეულებრივი”.

"პოსტკრიპტუმისგან" განსხვავებით, "კვირის აქცენტების" წამყვანები არ ერიდებოდნენ სუბიექტური მოსაზრებების გახმოვანებას აქციებთან, თუ სხვადასხვა, ამ საქმესთან დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებით. ეთერიდან ისმოდა ერთგვარი მითითებებიც, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია, იმისათვის რომ არ განელდეს ის საპროტესტო მუხტი რაც ახლა რუსთაველის გამზირზეა. 

თეგები : პარალელური რეალობა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
ასევე იხილეთ
შეუსაბამო სათაური და ტექსტი „თრიალეთის“ მასალაში
"ბიძინა ივანიშვილის მომავალი სიძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იქნება" - ამ სათაურით გამოაქვეყნა მასალა 14 ივნისს ვებსაიტზე ტელეკომპანია „თრიალეთმა“. სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. ამავე მასალიდან ვიგებთ, როდის და რატომ გახდა აღნიშნული პოზიცია ვაკანტური, ასევე, რა პროცედურებია საჭირო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად.

სტატიის ბოლოს ავტორი მამუკა ბახტაძის ბიოგრაფიას გვაცნობს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან რაიმე ტიპის კავშირზე კი, რასაც სათაური ამბობს, მასალაში არაფერია ნათქვამი.

მასალას დართული აქვს დამონტაჟებული ფოტო, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი, მისი ქალიშვილი და მამუკა ბახტაძე არიან ასახული. 
პრეზიდენტის ნეგატიური გაშუქება საზოგადოებრივ მაუწყებელზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, 12 ივნისს, თურქეთში ტრანსანატოლიური მილსადენის გახსნის ცერემონიაზე მომზადდა მასალა სახელწოდებით - “TANAP-ის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის გარეშე”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდა.

მილსადენი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. იგი ითვალისწინებს აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ევროპის ბაზარზე მიწოდებას. საქართველოს ამ ინიციატივის ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორის როლს ასრულებს, რითაც იზრდება ქვეყნის სატრანზიტო როლი. ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტები. საქართველოს სახელით კი გახსნის ცერემონიაში მხოლოდ ელჩი მონაწილეობდა.  

მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიას არს საქართველოს მთავრობა დასწრებია და არ პრეზიდენტი, საზოგადოებრივ მაუწყებელში გასული მასლის სათაური და ჟურნალისტის ტექსტი მხოლოდ პრეზიდენტს წარმოაჩენდა ნეგატიურ კონტექსტში. პრეზიდენტის შესახებ მასალაში ისმოდა სიტყვები: “არ გაემგზავრა”, “ვერ მოიცალა”. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჟურნალისტს პრეზიდენტის ვერგამგზავრების მიზეზად მისი განრიგი დაუსახელეს. ამის მიუხედავად, სიუჟეტში გამოყენებული იყო ფრაზები:
  • დღევანდელ ღონისძიებას თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სერბეთის პრეზიდენტები დაესწრნენ, თუმცა საქართველო ცერემონიაზე მხოლოდ ელჩით იყო წარმოდგენილი;

  • ღონისძიებაზე მიწვეული გიორგი მარგველაშვილი თურქეთში არ გაემგზავრა

  • გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, ქალაქ ეშქიშექირში მარგველაშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირადად მიიწვია, თუმცა ღონისძიებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა ვერ მოიცალა;

  • საგარეო უწყებაში დღეს განმარტეს, თუ რატომ არ გაემზაგავრა სამთავრობო დელეგაცია, პრეზიდენტის მოუცლელობის მიზეზებზე კი, სამინისტროში ინფორმაცია არ აქვთ.
განსხვავებით პრეზიდენტისგან, სიუჟეტში ამ დოზით ყურადღება არ გამახვილებულა სამთავრობო დელეგაციის არ გამგზავრების მიზეზებზე. მასალის ყურებისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის წევრების ნეიტრალურ და პრეზიდენტის ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენის მცდელობა.
“რუსთავი 2-მა” არასრულწლოვანთა ქორწინების პრობლემა ვიწრო ჭრილში გააშუქა
8 ივნისს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არასრულწლოვნის, 16 წლის გოგოს გათხოვებების შესახებ მასალა ვიწრო ჭრილში, კონტექსტისა და საზოგადოებაში არსებული პრობლემის ანალიზის გარეშე გავიდა.

ამ სიუჟეტით მაყურებელმა მხოლოდ ის გაიგო, რომ 16 წლის გოგოს ოჯახი სხვა კაცზე გათხოვებას აიძულებდა, ის კი სხვაზე დაქორწინდა. არასრულწლოვნის ოჯახი ამ ქორწილის წინააღმდეგია და შვილის უკან დაბრუნებას მოითხოვს.

სიუჟეტის მთავარი აქცენტი, არა სახელმწიფოს როლსა და ვალდებულებაზე, არამედ ორ ოჯახს შორის კონფლიქტზე იყო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სიუჟეტის მიზანი არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის ნაცვლად, მხოლოდ სანახაობის ჩვენება იყო.

მასალაში გოგო წარმოდგენილია ნივთად, რომლის გამოც ორი ოჯახი ერთმანეთს უპირისპირდება. სიუჟეტში არ იყო მსჯელობა, რამდენად სერიოზული პრობლემაა საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინება, რა როლი აქვს ამ პრობლემის აღმოფხვრაში სახელმწიფო უწყებებს, რას აკეთებს განათლების სამინისტრო, სოციალური სამსახური, მუშაობენ თუ არა არასრუწლოვნებთან ფსიქოლოგები. რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო გოგოებს, რომლებსაც შესაძლოა ოჯახი მათი ნების წინააღმდეგ გათხოვებას აიძულებდეს, ვისი მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეთ მათ ამ დროს, რა გამოსავალი აქვთ, რა პრობლემები ახლავს არასრულწლოვანთა ქორწინებას, როგორ ირღვევა ასეთ დროს გოგოების უფლებები და ასე შემდეგ.

არასრულწლოვანთა ქორწინება და ნიშნობა რომ პრობლემაა, ამაზე მეტყველებს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშიც, სადაც მოყვანილია სტატისტიკური მონაცემებიც. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს პრაქტიკა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა და გოგონათა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ყალბი ინფორმაცია, მანიპულაცია და რუსული პროპაგანდა „საქართველო და მსოფლიოს“  სტატიაში
„დიდმა ბრიტანეთმა, პრაქტიკულად, აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა“, - 8 ივნისს, ამ სათაურით, გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ მოამზადა მასალა, რომელშიც საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებას მიმოიხილავს. სტატია გაჯერებულია ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდისტული გზავნილებით, შეიცავს ყალბ ინფორმაციას, ქსონოფობიასა და მანიპულაციას.

სტატიის პირველ ნაწილში საუბარია ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ავტორი ჯერ სირიის მაგალითს მიმოიხილავს და ამბობს, რომ სირიამ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ „სირიაში საომრად საქართველოს ბევრი მოქალაქე წავიდა“.

შემდეგ ბრიტანეთს ეხება და ამბავს, რომ თითქოს დიდმა ბრიტანეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ავტორი იმაზე დაყრდნობით წერს, რომ ლონდონში მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობდა გუნდი ოკუპირებული აფხაზეთიდან: „ქვეყნები, რომლებსაც მსოფლიოსა და ევროპის საფეხბურთო ორგანიზაციები, ფიფა და უეფა არ აღიარებენ, ლონდონში ჩავიდნენ და მსოფლიოს საკუთარ ჩემპიონატს ატარებენ. შესაბამისად, აფხაზეთის, ტიბეტის, ჩრდილოეთ კვიპროსისა და კიდევ სხვა ნაკრებებს ლონდონში ყველანაირი პირობა შეუქმნეს, საკუთარი ჭია რომ გაახარონ“.

შეჯიბრი არაოფიციალური იყო, ეს ნათქვამია სტატიაშიც, მაგრამ აქცენტირების გარეშე. ამავე დროს, სტატიაში არაფერია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ფაქტს გამოეხმაურა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.

რუსული პროპაგანდისტული გზავნილები მთელი სტატიის თანმდევია. რუსეთის „სიკეთეებზე“ ავტორი სხვადასხვა კონტექსტში საუბრობს. მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატზე: „მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატისგან ხეირი შეიძლებასაქართველოსაც ენახა შესაბამისი კამპანიის პირობებში; რუსეთში ჩასულ მილიონობით ტურისტს ხომ შეიძლებოდა საქართველოდან გატანილი ღვინო, მინერალური წყალი და ხილი გაესინჯა, მაგრამ რუსეთი ხომ მტერია და ჩვენი ეკონომიკისთვის ესოდენ საჭირო მილიონების გაკეთება რუსეთში თურმე არ შეიძლება?!

ავტორი ამას არ ჯერდება და რუსეთის პოზიტიურად წარმოჩენას მეზობელი ქვეყნის, სომხეთის მაგალითზეც ცდილობს. ავტორი წერს, რომ საქართველო არ ალაგებს ურთიერთობას რუსეთთან და სამაგიეროდ, „ხელისუფლება ერთი კვირის ინტერვალით, ზარ-ზეიმით შეხვდა მეზობელი სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერს“.

ამ ნაწილში გვხვდება ქსენოფობიური ტექსტიც სომხეთის მიმართ: „ჩვენ ხომ “სტუმარ-მასპინძლის” შემქმნელი ქვეყანა ვართ და ისტორიულად სომხების მიერ არაერთხელ გაყიდულები, მათ ისევ კოჭს ვუგორებთ“. ს

სომხეთთან კავშირში მასალაში ყალბი ინფორმაციაც გვხვდება, მაგალითად: „სომხეთმა ოფიციალურად აღიარა აფხაზური პასპორტები”, ან კიდევ: „სომხეთის ხელისუფლება ახალციხეში მცხოვრებ სომხებს მოქალაქეობის მიღებას აიძულებს“.

სტატიას ავტორი ისევ ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდისტული გზავნილით ასრულებს.

„მოგვცემს რუსეთთან დიალოგის უფლებას ევროპა და ამერიკა?! ხომ შეიძლება, გრანტებით გაბრუებულ ხელისუფლებას უცებ გამოეღვიძოს და მიხვდეს, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს?! - წერს ავტორი და ამატებს, რომ „ ნატო“ და „ევროკავშირი“ აღარ არის ქართველი ხალხის არჩევანი და რეფერენდუმი ნათლად გამოავლენდა ქართველი ხალხის განწყობას“.

საერთო ჯამში, მასალა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის საგარეო კურსს, ყალბი ინფორმაციით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, აღვივებს ანტიდასავლური განწყობებს და რუსეთს წარმოაჩენს როგორც საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილ და უალტერნატივო მოკავშირე ქვეყანას.
ფაქტის მიჩქმალვის მცდელობა “მოამბის” მთავარ გამოშვებაში
2018 წლის 7 ივნისს ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იყო. მთავარი, რაზეც ამ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ტატუნაშვილის ცხედარზე 100-მდე დაზიანებაა, რაც წამების ფაქტზე მიუთითებს. თუმცა, გაირკვა, რომ ქართული მხარე შეხვედრაზე ისე წავიდა დოკუმენტი არც რუსულად და არც ინგლისურად არ უთარგმნია, ამიტომ, ე.წ. ოსური მხარე მას ვერ გაეცნო.

ერგნეთის შეხვედრა 7 ივნისს მაუწყებლების მთავარ საინფორმაციო პროგრამებში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თუმცა, ის დეტალი, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან თარგმნილი დოკუმენტის გარეშე მივიდა, ვერ მოხვდა “მოამბის” მთავარ გამოშვებაში.

თემის წარგდგენისას წამყვანმა განმარტა, რომ „ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა“. მანვე აღნიშნა, რომ, თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენელს დეტალურად გააცნო ცხედარზე სამედიცინო ექსპერტიზის მიერ დადასტურებული ის დაზიანებები, რომლებიც ცალსახად წამებაზე მიუთითებს. თუმცა, არაღიარებული რეჟიმი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაცნობას საჭიროდ არ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი არ არის. წამყვანს ტექსტში დოკუმენტის თარგმნაზე არ უსაუბრია.

თითქმის იგივე შინაარსის ტექსტი გაიმეორა ჟურნალისტმაც. მან განმარტა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს ეგორ კოჩიევს ნაწამები სამხედროს ცხედარზე ჩატარებული ქართული სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზა გააცნეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ არჩილ ტატუნაშვილს 100-მდე მძიმე დაზიანება აღენიშნება, თუმცა ეს კოჩიევისთვის [ოსური მხარის წარმომადგენელი] საინტერესო არ აღმოჩნდა, რადგან მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ექსპერტიზა მისთვის საკმარისად სანდოა. ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით გააცნო ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს დასკვნის შინაარსი. მიაწოდა მათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მხოლოდ სიტყვიერი ინფორმაციით შემოიფარგლა.

ხაზგასმა, თუ რატომ ვერ მოახერხა ოსურმა მხარემ დოკუმენტის გაცნობა, ჟურნალისტს არც მას შემდეგ, უცდია, რაც სიუჟეტში ეგორ კოჩიევის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ მას ქართული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ უნახავს.

სიუჟეტში არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის კომენტარი მოხვდა, სადაც იგი განმარტავს, რომ ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ექსპერტიზის დასკვნის დაბეჭდილი ვერსია იმიტომ არ წარადგინა, რომ დოკუმენტი ნათარგმნი არ იყო. ეს განცხადება მოვისმინეთ სხვა ტელევიზიების ეთერით და ნათლად ჩანდა, რომ ამ კომენტარს ისმენდა და იწერდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტიც.

იმ ფონზე, როდესაც ოსურმა მხარემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ქართული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ვერ შეაფასებდა, რადგან მას არ უნახავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან დოკუმენტის არ წარდგენის შესახებ ინფორმაციის დაფარვა მთავრობის კრიტიკულ კონტექსტში წარმოჩენის თავიდან აცილების მცდელობას ჰგავდა. სიუჟეტის ყურებისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართულმა მხარემ ამ შეხვედრაზე ყველა ღონეს მიმართა, რაც სინამდვილეში ასე არ იყო. თარგმანის არარსებობა ამ ამბის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო, რაც სიუჟეტში ვერ მოხვდა.