კუთვნილებითი ნაცვალსახელები მისი და თავისი
06.08.2016
მესამე პირის კუთვნილების გამომხატველი კუთვნილებითი ნაცვალსახელების გამოყენებისას ხშირია ისეთი შეცდომები, რომლებიც წინადადების კონტექსტსაც კი ცვლის.

მესამე პირში მისი და თავისი ნაცვალსახელები არ უნდა აგვერიოს. საერთო წესი, როგორც ყოველთვის, მარტივია - თუ სუბიექტის კუთვნილებაზეა საუბარი, თავისი ითქმის, თუ სხვის კუთვნილებაზე - იმისი ან მისი.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სტუმრად მიხვედით მეგობართან. მან ორი ჟურნალი გათხოვათ. ერთი ამ მეგობრისაა, მეორე კი ძმისგან აქვს თავად ნათხოვარი. „მან მათხოვა მისი ჟურნალი“ - წინადადება გულისხმობს, რომ მეგობარმა ძმის ჟურნალი გათხოვათ და არა საკუთარი. „მან თავისი ჟურნალი მათხოვა“ - გულისხმობს, რომ მან საკუთარი ჟურნალი გათხოვათ. დავიხსომოთ, რომ ამ სიტუაციაში მეგობარი მოქმედი პირია. ის საკუთარ (მოქმედი პირის კუთვნილ) ნივთს გაძლევთ.

ყოველთვის, როცა ეჭვი შეგეპარებათ, მისი უნდა დაწეროთ თუ თავისი, საორჭოფო ნაცვალსახელი ( მისი-თავისი) ჩაანაცვლეთ სიტყვით საკუთარი. თუ კონტექსტი არ იცვლება, ე.ი. ნაცვალსახელი სწორადაა შერჩეული.

იმავე წარმატებით შეგიძლიათ საორჭოფო ნაცვალსახელი ჩაანაცვლოთ სიტყვით სხვისი და თუ ის შესაფერისი აღმოჩნდა, სწორი ფორმა ყოფილა მისი და არა თავისი.

მეტი დაკვირვება გვმართებს მაშინ, როცა ის, ვის კუთვნილებაზეც არის საუბარი, ნათესაობით ბრუნვაში დგას. ეს ნიშნავს, რომ ის მოქმედი ვერ იქნება, რადგან მოქმედი, ანუ ქვემდებარე, ნათესაობით ბრუნვაში არასდროს დგას.

„მწერლის შემოქმედების პირველი შემფასებელი მისი მეუღლე იყო“ - ამ წინადადებაში მწერალი, ვის კუთვნილებაზეც არის საუბარი, მოქმედი არ არის. მოქმედი შემფასებელია, ამიტომაც აქ მისი უნდა გამოვიყენოთ.

„პრეზიდენტის საუკეთესო მრჩეველი მისი ერთ-ერთი ოპოზიციონერი იყო“ - აქაც საუბარი პრეზიდენტის „კუთვნილებაზეა“, მაგრამ „მოქმედი“ არის „ოპოზიციონერი“, ამიტომ სწორია მისი და არა თავისი. ( პრეზიდენტი მოქმედი, ანუ ქვემდებარე არ არის).

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ზმნის სუბიექტი მრავლობითშია, თავისი ნაცვალსახელი თავიანთი ფორმით შეიცვლება. შესაბამისად, სწორია:
მთავრობის წევრებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.
დეპუტატებმა თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს.

თუ სუბიექტი კრებითობის გამომხატველი სიტყვაა, მასთან კვლავ თავისი ფორმა გამოიყენება:
უმრავლესობამ თავისი გაიტანა.
ხალხმა თავისი გააკეთა.

აქვე მიმოვიხილავთ პირის ნაცვალსახელებზე -გან თანდებულის დართვით წარმოქმნილ ნაცვალსახელებსაც, რომელთა გამოყენებისას საკმაოდ ხშირად უშვებენ შეცდომებს.

ნაცვალსახელებით - ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი - აღინიშნება ჩვენ შორის, თქვენ შორის, მათ შორის ერთი რომელიმე. ამ ნაცვალსახელების ფუძე უკვე არის მრავლობითის გამომხატველი, ამიტომ ნიშანი თა ( მრავლობითის გამომხატველი) საჭირო აღარ არის. შეცდომაა: ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი.

უნდა იყოს:

ჩვენგანი
თქვენგანი
მათგანი

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ