„მთელი რიგი“ - კალკი მედიაში
12.07.2017
ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ხშირად ვხვდებით გამოთქმებს: რიგი ქვეყანა, რიგი ქვეყნები ან მთელი რიგი ქვეყნებისა, რიგი საკითხები, მთელი რიგი ცვლილებები და ა.შ.

კითხვები ამ გამოთქმების სწორ დაწერილობასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირია. რომელია სწორი ფორმა ან დასაშვებია თუ არა რომელიმე მათგანის გამოყენება? დღევანდელ წერილში ამ საკითხს მიმოვიხილავთ.

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოთქმები მხოლოდ სამეცნიერო-პოლიტიკურ ლიტერატურაში, ზეპირმეტყველებასა ( ლექციები, მოხსენებები...) და მედიასაშუალებებში გვხვდება. ლიტერატურული ტრადიცია ამ ფორმებს არ იცნობს.

არსებითი სახელი რ ი გ ი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონის მიხედვით არის:

1. ერთ ხაზზე განლაგებული საგნების ერთობლიობა, ერთ ხაზზე დაწყობილი ადამიანების წყება, მწკრივი.
2. ჯერი, თანმიმდევრობა.
3. ნაწილი, წყება.
4. ჩვეულებრივ, მრავლობითში; რიგები – ორგანიზებული ჯგუფი, წყება ადამიანებისა, – შემადგენლობა, წრე.
5. ზოგიერთი, ზოგი; საკმაოდ ბევრი. რიგი საკითხი. – რიგი მოვლენა. ◊ მთელი რიგი იგივეა, რაც რიგი (მნიშვ.)
6. წესი, წესრიგი, ჩვეულება.
8. თადარიგი, განკარგულება.
და ა.შ. ( სულ მოცემულია ამ სიტყვის ათი მნიშვნელობა).

მესამე და მეხუთე მნიშვნელობების თანახმად, რიგის სინონიმებია ნაწილი, წყება, ზოგიერთი, ზოგი, საკმაოდ ბევრი.

ახლა ვნახოთ, რა კონტექსტში გვხვდება „რიგი“ ან „მთელი რიგი“ მედიაში.

„რიგი მნიშვნელოვანი საკითხები“ ( მთელი რიგი საკითხები) , „რიგი პროექტები“ ( მთელი რიგი პროექტები), „განიცადა რიგი ცვლილებები“, „მთელ რიგ ქვეყნებში“, „გაანალიზდა მთელი რიგი მოვლენები“ და ა.შ. ამ მაგალითებში მნიშვნელობა არ აქვს იმას, მარტო რიგი იქნება მსაზღვერლი თუ მთელი რიგი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ საზღვრული უმეტესწილად მრავლობითი ფორმით არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ რიგი ან მთელი რიგი საკითხები ( საკითხი) ქართულში გავრცელდა რუსული გამოთქმების (Ряд вопросов, Целый ряд вопросов) ანალოგიით. კალკირებულ გამოთქმაში, რასაკვირველია, დაცულია იმ ენის კონსტრუქცია, საიდანაც გამოთქმა გადმოვიტანეთ. ეს კონსტრუქცია რომ დარღვეულიყო და ქართულისთვის მეტად ბუნებრივი შესიტყვებისთვის მიგვენიჭებინა უპირატესობა, მივიღებდით გამოთქმებს „რიგი ქვეყანა, რიგი მოვლენა, რიგი პროექტი და ა.შ., თუმცა აქაც თვალშისაცემ უხერხულობას ვაწყდებით. რატომ უნდა ვთქვათ ან დავწეროთ რიგი ქვეყანა, საკითხი, მოვლენა, პროექტი და ა.შ., თუ მათი შესატყვისი ქართული სიტყვები მრავლად გვაქვს?

ზოგიერთი, რამდენიმე, ბევრი, ძალიან ბევრი, საკმაოდ ბევრი, მრავალი, სხვადასხვა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიტყვებისა, რომლებიც თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კალკირებული ფორმის ნაცვლად.

დავაზუსტებთ, აქ იგულისხმება რიგისა და მთელი რიგის გამოყენება განუსაზღვრელობითი რაოდენობის მნიშვნელობით. დავაკვირდეთ ბეჭდური მედიიდან ამოკრებილ მაგალითებს. კალკი რომ ჩავანაცვლოთ, თითოეულის შემთხვევაში ქართულში არსებული შესატყვისები უფრო ზუსტად, ნათლად, მკაფიოდ და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს. შესაბამისად, კალკირება შესაწყნარებელი არ არის და კარგი იქნება, თუ მართლმეტყველებითა და მართლწერით მშობლიური ენის სიწმინდეზეც ვიზრუნებთ.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ