GNCC: “რუსთავი 2-მა” კანონი დაარღვია”
30.11.2015
„რუსთავი 2-ის“ ეთერში, შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში პოლიტიკური შინაარსის რეკლამები გადიოდა. რგოლში გამოყენებულია საარქივო მასალა, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას საარჩევნო დაპირებებს აძლევს. ისმის ამომრჩევლების მოსაზრებებიც, რომლებიც უკმაყოფილებას დაპირებების შეუსრულებლობის გამო გამოხატავენ. რეკლამის ბოლოს ისმის „ოცნება არ მუშაობს“ „ესენი უნდა წავიდნენ“.

Mediachecker.ge-სთან საუბარში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა განაცხადა, რომ კომისიამ დარღვევა დაადგინა- სარეკლამო რგოლები წინასაარჩევნო პერიოდში კანონით წაყენებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

“სარეკლამო რგოლს არ ჰქონდა წარწერა ფასიანია თუ უფასო რეკლამა, ასევე არ იყო უზრუნველყოფილი სურდო თარგმანით, არ იყო მითითებული სარეკლამო ნომერი და პოლიტიკური პარტიის, ბლოკის, გაერთიანების სახელწოდება”, - ამბობს ხატია ყურაშვილი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

“რუსთავი 2 - ის“ გაყიდვების განყოფილების უფროსი კონსტანტინე ბათმანიდის თქმით კი, რეკლამა არა პოლიტიკურმა პარტიამ, არამედ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა” დაუკვეთა და ის ეთერში კომერციული რეკლამის სტატუსით გავიდა, ამიტომ მასზე პოლიტიკური რეკლამისთვის დაწესებული მოთხოვნები ვერ გავრცელდებოდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ეკა ციმაკურიძის თქმით, კომერციული რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც ემსახურება რაიმე პროდუქტის შეთავაზებას მაყურებლისათვის კომერციული მიზნებით, “რუსთავი 2- ის“ ეთერში გასულ კონკრეტულ რეკლამაში კი არანაირი პროდუქტის რეკლამირება არ ხდება.

“რეკლამა „ოცნება არ მუშაობს“ თავისი შინაარსით კონკრეტული პოლიტიკური ძალის ანტირეკლამაა, რაც ასევე წარმოადგენს საარჩევნო რეკლამას. შესაბამისად, ზემო აღნიშნული რეკლამის შინაარსი სრულად აკმაყოფილებს საარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ განმარტებას და საარჩევნო პერიოდში მისი გავრცელებაც საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით უნდა მომხდარიყო”, - ამბობს ეკა ციმაკურიძე.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო რეკლამა არის: “პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/ საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ”.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლევან ნატროშვილიც მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2-ის“ ეთერში გასული რეკლამა პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს და იმის თქმა, რომ რეკლამა კომერციულია, მაუწყებელს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

“ამ ლოგიკით, ნებისმიერს შეუძლია დაუკვეთოს პოლიტიკური რეკლამა, ფული გადაიხადოს ,მასში პოლიტიკური შინაარსი ჩადოს და თქვას რომ კომერციულია. ეს იქნება რეგულაციებისგან გვერდის ავლა. შინაარსი თუ პოლიტიკური რეკლამისაა, პოლიტიკურ რეკლამად უნდა ჩაითვალოს. არ აქვს აზრი ვინ დაუკვეთა,” - განმარტავს ლევან ნატროშვილი.

GNCC-მ “რუსთავი 2-ს“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გადასცა.თუ სასამართლომ დარღვევა დაადგინა, ტელევიზია შესაძლოა 1500 მდე ლარით დაჯარიმდეს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ