GNCC-ის დასკვნით, ტელეკომპანიებმა კომერციული რეკლამის განთავსების წესები დაარღვიეს
28.03.2017
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადაცემებში პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „პირველი“ წერილობით გააფრთხილა. GNCC-ის პრესრელიზის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად, სპონსორობის და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა დაფიქსირდა ტელეკომპანია „იბერიასთან“, „იმედთან“ და „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებითაც. ამ სამი მაუწყებლის საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე განიხილება.

GNCC-ის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ გადაცემაში „სელფი-მაესტრო“ 11 თებერვალს გასული სიუჟეტით, რომელშიც გადაცემის წამყვანი ბრენდულ მაღაზია „სამსუნგს“ სტუმრობდა და მაყურებელს ახალ პროდუქციის უპირატესობაზე ესაუბრებოდა, დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე–2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ის არ უნდა შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; და პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს.

11 თებერვალს განთავსებული იმ რეკლამებით კი, რომლებიც ლიმონათ „ყაზბეგის,“ „კულასა“ და კლინიკა „ავერსის“ პოპულარიზაციას ემსახურებოდა, „მაესტრომ“ დაარღვია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილება და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტიც, რომლის თანახმადაც, „სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.“

კომერციული რეკლამის განთავსების წესებს არღვევდა 4 თებერვალს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „უძრავი ქონების სიუჟეტიც , რომელიც ელექტრო და დამხმარე ხელსაწყოების მწარმოებელ ბრენდს, INGCO-ს (ინგკოს) შეეხებოდა. ავტორი გადაჭარბებული მნიშვნელობით ყვებოდა INGCO-ს პროდუქციის უპირატესობაზე. იმავე გადაცემაში 12 თებერვალს გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა კომპანია „ნოვას“ საგამოფენო და სარეალიზაციო დარბაზებში გასაყიდად წარმოდგენილ სამშენებლო და კერამიკულ-სააბაზანო მასალებსა და პროდუქციას.

ასევე, GMCC-მ კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევად მიიჩნია გადაცემა „ავტორბოლისა“ და „საქმიანი დილის“ სასპონსორო ტიხრებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდება.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ ორივე ტელეკომპანიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონები დაირღვა, რადგან, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ