რა ცვლილებები შევიდა მაუწყებლობის შესახებ კანონში - ინტერვიუ კახა ბექაურთან
22.05.2015
2015 წლის 1 აპრილიდან კანონში მაუწყებლობის შესახებ ცვლილებები შევიდა. ახალი რეგულაციების ნაწილი ცვლილებების შეტანისთანავე ამოქმედდა, ნაწილი კი 2016 წლიდან ამოქმედდება. თუმცა ახალმა ცვლილებებმა უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. განსაკუთრებით აქტუალური ე.წ. „მცოცავი საათი“ გახდა, რომლის განმარტებასაც კანონი იძლევა.

კერძოდ, რა ცვლილებები შევიდა კანონში და რატომ გახდა მათი მიღება საჭირო? საკითხით Mediachecker-ი დაინტერესდა. ჩვენს კითხვებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაური პასუხობს.
კახა ბექაური:

ყველა ეს ცვლილება სარეკლამო ბაზრის სტიმულირებას ემსახურება. დადგინდა ლიმიტები, რომ სარეკლამო ჭრა უნდა იყოს საათის არა უმეტეს 20%-ისა, ამასთან, იცით, რომ კანონით მაუწყებელში არის განსაზღვრული რეკლამის სამი სახეობა: სარეკლამო რგოლი, სასპონსორო მომსახურება და პროდუქტის განთავსება, ანუ ე.წ. „ფროდაქთ ფლეისმენთი“. ახალი ცვლილებით მოხდა ზუსტი დეფინიცია სასპონსორო მომსახურების, როგორც რეკლამის ერთ-ერთი სახეობის. ამასთან, ადრე სასპონსორო და სარეკლამო მომსახურებები ერთმანეთისაგან გამიჯნული არ იყო, რის გამოც, ტელევიზიები სასპონსორო მომსახურების ქვეშ, ფაქტობრივად, სარეკლამო რგოლებს ათავსებდნენ. ამ წუთასაც ასეა, ჩვენ გარდამავალი ეტაპი გვაქვს და კანონის ახალი დეფინიცია სასპონსორო მომსახურებასთან დაკავშირებით, ერთ წელიწადში, 2016 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება. მანამდე ძველებურად გრძელდება, თუმცა ოთხწუთიანი ლიმიტი დავადგინეთ. 12 წუთი რეკლამა, პლუს 4 წუთი სასპონსორო მომსახურება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაუწყებლებს გარდამავალი ერთი წლის მანძილზე დავუტოვეთ იგივე, რაც ჰქონდათ: პრაქტიკულად რეკლამა (სასპონსორო 4 წუთი პლუს 12 წუთი რეკლამის) მთლიანად პირველ წელს ექნებათ 16 წუთის ოდენობით.

ამ ცვლილებების მთავარი მიზანი, როგორც აღვნიშნე, სარეკლამო ბაზრის სტიმულირებაა. მოგეხსენებათ, აღნიშნული ბაზარი არ შედგება მხოლოდ სატელევიზიო და სამაუწყებლო ბაზრისგან. ის შედგება ბეჭდური, ონლაინ და გარე რეკლამისაგან. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სატელევიზიო რეკლამა, ბაზარზე შემოთავაზებული სხვა სახის რეკლამებთან შედარებით, უფრო ეფექტიანი და, შესაბამისად, ძვირია. ჩვენი ძველი კანონმდებლობა იძლეოდა საშუალებას, რომ ულიმიტოდ, სასპონსორო და სარეკლამო მომსახურებების ერთმანეთისაგან გაუმიჯნავად, არხებს ერთმანეთთან კონკურენციის პროცესში, დემპინგურ ფასებში, დაბალი ღირებულებით გაეყიდათ მომსახურება. ეს კი მათ აძლევდათ საშუალებას, მთლიან ბაზარზე შესულიყვნენ და ისედაც ეფექტური ტელერეკლამა უფრო ეფექტური გაეხადათ. ამით ისინი იჭრებოდნენ სხვა რეკლამის განმთავსებელთა ბაზარზე (ბეჭდური, რადიო თუ ონლაინ სივრცე) და აპატარავებდნენ სარეკლამო ბაზარს ისე, რომ კონკურენციის პირობებში ამას თავადაც ვერ ხვდებოდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ სატელევიზიო რეკლამა საქართველოში 2.5-ჯერ იაფი ღირს, ვიდრე ჩვენი ეკონომიკის პირობებში უნდა ღირდეს. ამიტომ, ახალი რეგულაცია ემსახურება იმას, რომ გაიზარდოს ფასები სატელევიზიო რეკლამაზე. რა თქმა უნდა, მაუწყებლები დაკარგავენ რეკლამას, თუმცა არა შემოსავალს. იაფიანი რეკლამა სხვა მედიასაშუალებაში გადავა დაბალ ფასად, ჯამში კი სარეკლამო ბაზარი გაიზრდება.

ახალი ვარიანტით, ტელეშოპინგი ეთერში, შესაძლოა, განთავსდეს არანაკლებ 15 წუთის ხანგრძლივობით. ასევე არ იყო დაკონკრეტებული დრო კანონის წინა ვარიანტში. კიდევ რა სიახლეებია ტელეშოპინგთან დაკაშირებით?

ტელეშოპინგი რეკლამის ერთ-ერთი, ძალიან სპეციფიკური სახეობაა. ფაქტობრივად, ეს არის გადაცემა-რეკლამა, თუმცა ასევე არსებობს „ტელეშოპინგ სპოტი“, რომელიც განმარტებულია, როგორც ტელეშოპინგის ერთ-ერთი ნაწილი. „ტელეშოპინგ სპოტი“ და კომერციული რეკლამა უკვე გათანაბრებულია, რაც შეეხება ტელეშოპინგს, იმისათვის, რომ არ გაიგივდეს სარეკლამო რგოლთან, ამიტომ უნდა იყოს დიდი - 15 წუთი და მეტი. ამ შემთხვევაში, ის არ მოიაზრება სარეკლამო კომერციული რეკლამის ლიმიტებში. ამ რეგულაციას ერთი ერთზე ითვალისწინებს ევროდირექტივები, მათ შორის ქრონომეტრაჟის ხანგრძლივობასაც. ტელეშოპინგის ხანგრძლივობა ევროპულ კანონმდებლობაში ყველგან ამ ჩანაწერით არის.

რა რეგულაციები არსებობს გადაცემაში „პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით?

ეს ნაწილი ნიშნავს იმას, რომ მაუწყებელმა მაყურებელს რაღაც ფორმით უნდა მიანიშნოს, რომ ადგილი აქვს სარეკლამო განთავსებას. ამას ამონათებით აკეთებენ. „ფროდაქთ ფლეისმენტის“ განთავსება მხოლოდ და მხოლოდ მკაცრი ჩარჩოებით არის დაშვებული და აკრძალულია ყველგან, გარდა გამონაკლისებისა. ეს გამონაკლისებია გასართობი და სპორტული გამოშვებები, ფილმები და ტელესერიალები. დაუშვებელია, საინფორმაციო ფორმატის, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურ და ა.შ. გადაცემებში. სადაც დაშვებულია, ამ გადაცემებისადმი არის ორი მოთხოვნა: არ შეიძლება ყიდვისაკენ მოწოდება და არც გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება პროდუქტისათვის. სწორედ ეს ორი რამ განაპირობებს იმას, რომ „ფროდაქთ ფლეისმენტი“ უნდა იყოს იმ გადაცემის, სცენარის ნაწილი. მაგალითად, შეძლება ეს იყოს სერიალში პროდუქტი, რომელიც ჩანს ან გმირი მუშაობდეს იმ კომპანიაში, ვისი პროდუქტის რეკლამირებაც ხდება და ა.შ. ასევე, არ უნდა იყოს გადაჭარბებული მითითებები იმაზე, რომ ეს პროდუქტი კარგია, შველის ამა და ამ დაავადებას და ა.შ. შესაძლოა, მხოლოდ გადაცემის ან სერიალის გმირი მოიხმარდეს მას.

კანონს დაემატა „ფროდაქთ ფლეისმენტის“ ნაწილი, რომელიც ადრე არ იყო. თუ განიხილეთ რაიმე საქმე ამ მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, ან თუ მოუმართავს ვინმეს?

„ფროდაქტ ფლეისმენთთან“ დაკავშირებით მომართვა, დაახლოებით, ორჯერ გვქონდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მონიტორინგს ატარებს. ვაკვირდებით ყველა ცვლილებას, მათ შორის „ფროდაქთ ფლეისმენტსაც“, როგორ თავსდება ის. გარკვეული დარღვევები უკვე აღმოვაჩინეთ. ჩვენ გვქონდა ორი შეხვედრა მაუწყებლებთან. მოვიწვიეთ ყველა მაუწყებელი და დაინტერესებული პირი, მათ შორის მედიის კუთხით მომუშავე არასამთავრობოები. ვაჩვენეთ მაუწყებლების ეთერში განთავსებული ეს მასალა -წარმოვადგინთე ჩვენი აზრით, სად არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას და სად იყო პრობლემები განთავსებაში. გავითვალისწინეთ, რომ ეს ახალი კანონია და, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთ თვეზე მეტია, რაც ძალაშია შესული. მივეცით დრო, რომ მოერგონ ახალ კანონმდებლობას და აღმოფხვრან შეცდომები იმ კონკრეტული მინიშნებებითა და რეკომენდაციებით, რომლებიც წარვუდგინეთ. მეორე შეხვედრაზე არა მხოლოდ მათ ეთერში გასული „ფროდაქთ ფლეისმენთის“, არამედ, უცხოეთის გამოცდილება და პრაქტიკაც ვაჩვენეთ. ნორმა და რეგულაცია, როგორც ვთქვი, ერთი-ერთშია გადმოტანილი ევროპიდან. იქ არ გამოთქმულა არანაირი შენიშვნა. პირიქით, დაგვეთანხმნენ თუმცა თქვეს, რომ ჩვენი ბაზარი ასე მუშაობს. ვუთხარით, რომ ასე მუშაობს, თუმცა უნდა გადააწყონ, რომ რეკლამა რეკლამად, სასპონსორო პაკეტი სასპონსორო პაკეტად, „ფროდაქთ ფლეისმენთი“ კი „ფროდაქთ ფლეისმენთად“ გაყიდონ. ვუთხარით, რომ 4 მაისიდან უკვე ჩაირთვებოდა მონიტორინგი და ვიმოქმედებდით კანონით მონიჭებული უფლებით. თუ უკვე დაფიქსირდება მონიტორინგის სამსახურის მიერ დარღვევები, კომისია უახლოეს სხდომაზე განიხილავს და იმსჯელებს კანონით დადგენილი წესით - საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, იქნება ეს სანქცია თუ საზღაური, რასაც კონკრეტული დარღვევა ითვალისწინებს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ახალი რეგულაციები გამოიწვევს რეკლამის გადასვლას სხვა მედიასაშუალებებში. რა გარანტიაა იმისა, რომ ეს ასე მოხდება და ის მედიებიც არ დაკარგავენ შემოსავალს?

სარეკლამო მომსახურებები ურთიერთჩანაცვლებადია. როდესაც ყველაზე ეფექტიანი რეკლამის ფასი იზრდება და ამ ფასად აღარ აწყობს რეკლამის დამკვეთს, ის ან სხვა მედიასაშუალებას მიმართავს, ან იმავე მაუწყებელში რეკლამის რაოდენობას მოუკლებს. რეალურად კომპანიას სარეკლამო ბიუჯეტი აქვს ბაზარზე და მისი დახარჯვა სურს, ის ბაზრიდან ვერ წავა, რადგან აქ მუშაობს. პროდუქტს ჰყიდის და ყველაფერს სჭირდება რეკლამა. როდესაც ერთ-ერთ სარეკლამო საშუალებაზე ფასი იცვლება, ძვირდება და არაეფექტიანი ხდება, დამკვეთი იწყებს გზების ძიებას, რაც სხვა არაფერია, თუ არა რეკლამის სხვა მატარებლებში გადასვლა.

ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი, რომელიც კანონის ახალ ვარიანტში ფიქსირდება, სამაუწყებლო საათის განსაზღვრებაა. ბევრი ტელეკომპანია ამბობს, რომ ე.წ. „მცოცავი საათი“ ეწინააღმდეგება კანონის #11 პუნქტს, სადაც ნათქვამია, რომ დაუშვებელია, გაწყდეს გადაცემა ოფიციალური გამოსვლებისას. თუ მიმდინარეობს ამ ნაწილზე მუშაობა ან როგორ განმარტავს „მცოცავ საათს“ კომისია?

ჩვენს დღევანდელ კანონმდებლობაში არ არის ასტრონომიული საათი. ის განსაზღვრავს საათის შესრულებიდან მომდევნო საათამდე დროს (მაგ: 1-დან 2-მდე, 2-დან 3-მდე და ა.შ.). როდესაც შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ სწორედ დროის ამ მონაკვეთში, სარეკლამო ჭრა არ უნდა აღემატებოდეს საათის 20%-ს, ან 12 წუთს და ეს ლიმიტი გამოყენებული უნდა იყოს ზუსტად საათიდან საათამდე მანძილზე. რაც შეეხება მცოცავ საათს, რომელიც კანონში გვაქვს, მის თანახმად, ლიმიტი ნებისმიერ საათში უნდა იყოს დაცული და არ უნდა აღემატებოდეს 12 წუთს. კერძოდ, ნებისმიერი წამიდან შემდეგი 60 წუთი რომ გადათვალოთ, ამ ნებისმიერ საათში უნდა იყოს ლიმიტი დაცული. ეს მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, არხებმა გააპროტესტეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ თავის დროზე, სულ პირველი პროექტის გაკეთებისას, როდესაც არა პარლამენტში, ჯერ აქ, კომისიაში ვიწყებდით განხილვებს, მაუწყებლებს მივწერეთ და ვუთხარით ორი ვარიანტის, ასტრონომიული და მცოცავი საათის შესახებ. ვუთხარით, ამოერჩიათ რომელი ვარიანტიც სურდათ, რადგან ევროპაში ორივე სახის გამოცდილება არსებობს. მაუწყებლებმა თავად გადაწყვიტეს, რომ მცოცავი საათი ერჩივნათ. ეს მათი არჩევანი იყო. აღნიშნული მიმოწერით და მეილებითაც გვაქვს დაფიქსირებული. მცოცავ საათს აქვს გარკვეული უპირატოსება. კერძოდ, ის, რომ როდესაც მოულოდნელი ვითარების გამო ეთერი გერღვევა (მაგ: პირდაპირი ჩართვების, ოფიციალური გამოსვლების დროს), თუ გადასცდი ასტრონომიულ საათს და რეკლამა გაქვს დაგეგმილი, შეგიძლია, კარგად გადაათამაშო - ეთერი ახლო-ახლო გაჭრა. საათობრივი ლიმიტის ჩარჩოში არ ჯდები და შენ 24 საათიანი დაგეგმარების სივრცე გაქვს რეკლამისათვის.
მაგრამ ეთერის 15 წუთზე ადრე გაჭრას ხომ კრძალავს კანონი?

მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების შემთხვევაში. ძველი რეგულაციით და იმ სურვილითაც, როდესაც ასტრონომიული საათი უნდოდათ. ამ შეთხვევაში გადაცემა სულ სამჯერ უნდა გაგვეჭრა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ქრონომეტრაჟი ერთი საათი იყო თუ საათ-ნახევარი. მცოცავი საათის შემთხვევაში, ესეც მოიხსნა. ერთსაათიანი გადაცემა შეგიძლია რვაჯერ გაჭრა - რომელ დროსაც გინდა, იმ დროს, გარდა საინფორმაციოსი. საუბარია სერიალებზე ფილმებზე და ა.შ.

კანონის ამოქმედების პირველივე დღეს იყო შემთხვევა, როდესაც „რუსთავი 2-მა“ საინფომაციო გამოშვება, ოფიციალური გამოსვლა გაწყვიტა, კანონი გვავალდებულებსო. #11 პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დაუშვებელია, გაიჭრას ოფიციალური გამოსვლები, მთავრობის სხდომები და ა.შ. რამდენად წინააღმდეგობრივია ეს ორი პუნქტი ერთმანეთის მიმართ?

საერთოდ არ არის ერთმანეთთან კავშირში. მედიაში მაშინაც გავაკეთე განმარტება და ვთქვი, რომ ეს ტყუილია. ოფიციალური გამოსვლისას წერია, რომ რეკლამით ჭრა არ შეიძლება. როგორ შეიძლება ამას მცოცავი საათი უშლიდეს ხელს? ტელევიზიების არგუმენტი იყო, რომ იმ დროს რეკლამა ჰქონდათ დაგეგმილი. მაგრამ დაგეგმვას კანონი არ გავალდებულებს - შენ გეგმავ. თან მცოცავი საათი გაძლევს საშუალებას, სადაც გინდა და როგორც გინდა, იქ გაჭრა. შენი სარეკლამო ჭრების დაგეგმარებაში ეს, ასტრონომიულ საათთან შედარებით, მეტ თავისუფლებას განიჭებს. ისე, მაშინაც თავში რომ ვუთხარით, აერჩიათ რომელი საათი სურდათ, მაუწყებლებმა კი აარჩიეს მცოცავი საათი, მაგრამ დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილს ასტრონომიული საათი უნდა და ამბობენ, გავაკეთებთ შესაბამის ინიცირებასო, ნაწილი ამბობს, რომ მოსწონთ მცოცავი საათი..

კანონით აკრძალულია ახალი ამბების, პოლიტიკური გადაცემების, საარჩევნო და მომხმარებელთა უფლებების შესახებ გადაცემათა სპონსორობა. რას ამბობს კანონი დღის, შუადღისა თუ საღამოს ეთერის სპონსორობაზე? თუ აპირებს განსაზღვრების გაკეთებას კომისია?

ამ საკითხზე იმსჯელა კომისიამ, ოღონდ არა სანქცირებისა და საჯარო სხდომაზე. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობის ნაწილი საღამოს ეთერის სპონსორობის ქვეშ, საინფორმაციოს სპონსორობასაც შეიძლება აღიქვამდეს. ამიტომ უმჯობესია, ეს დეფინიცია დაზუსტდეს. ჩვენ თავად ვუთხარით მაუწყებლებს, მოიფიქრონ ფორმა. მაგალთად, საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორობა ან რამე ამდაგვარი. ანუ, ჩაასწორონ, და მეტად დააკონკრეტონ, რომ მაყურებელი არ შეცდეს. არ უნდა იყოს არც ერთი ადამიანი, ვისაც კითხვა გაუჩნდება. მაუწყებლებმა გაიზიარეს და მე მგონი, გამოასწორებენ. თუ არა, მაშინ კომისიას მოუწევს მსჯელობა საჯარო ფორმატში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ