ჟურნალისტები რეკლამებში
21.03.2018
სხვადასხვა ტელეკომპანიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და ახალი ამბების წამყვანები არც თუ იშვიათად მონაწილეობენ კერძო კომპანიების სარეკლამო რგოლებსა თუ პოსტერებში. მაუწყებლობის შესახებ კანონში წერია, რომ იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში. სფეროს სპეციალისტების ნაწილი თანხმდება, რომ მუხლის მიზანი აუდიტორიის დაცვაა, რადგან შესაძლოა, ზემოჩამოთვლილი გადაცემების წამყვანების რეკლამაში მონაწილეობამ ეჭვქვეშ დააყენოს ჟურნალისტის მიუკერძოებლობის საკითხი. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების ეროვნული კომიის პრაქტიკით, სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება არა იმ ტელეარხს, რომლის ჟურნალისტიც რეკლამაში მონაწილეობს, არამედ იმას, რომელმაც ამგვარი სარეკლამო რგოლი ეთერში განათავსა. იმ შემთხვევებზე კი, როცა საქმე გვაქვს არა ტელე, არამედ სოციალური ქსელის ან გარე რეკლამასთან, მაუწყებლობის შესახებ კანონი არ ვრცელდება და საკითხი მხოლოდ ეთიკის ჭრილში განიხილება.

ვის უნდა დაეკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა - არხს, რომელმაც რეკლამა ეთერში განათავსა, თუ არხს, რომლის ჟურნალისტიც რეკლამაში მონაწილეობს? ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

2014 წელს კომპანია ჯეოსელმა რეკლამა დაამზადა, სადაც იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაესტროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო გამოშვების წამყვანები მონაწილეობდნენ. ამ რეკლამის განთავსების გამო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები “რუსთავი 2” და “იმედი” გააფრთხილა.



რამდენიმე კვირის წინ ევრობრენდის რეკლამაში მონაწილეობდნენ TV პირველის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანები. მედიაჩეკერი დაინტერესდა დაიწყო თუ არა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკითხის შესწავლა. კომისიამ მედიაჩეკერს აცნობა, რომ არ განიხილავენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების არასამაუწყებლო რეკლამაში მონაწილეობის საკითხს, რადგან მაუწყბლობის შესახებ კანონით დაწესებული აკრძალვა არასამაუწყებლო რეკლამაზე არ ვრცელდება.

ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2-ის” იურისტები კანონის ზემოხსენებულ ნორმაში სხვადასხვა შინაარს კითხულობენ. “რუსთავი 2-ში” ამბობენენ, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ მედიას უნდა ეკისრებოდეს, რომლის ჟურნალისტიც კომერციულ რეკლამაში მონაწილეობს, საპირისპიროს ფიქრობს “იმედის” იურისტი.

ზემოხსენებულ შემთხვევაზე, როცა “ჯეოსელის” რეკლამის ეთერში განთავსების გამო “რუსთავი 2” გააფრთხილეს, თამთა მურადაშვილი ამბობს: “ჩვენ მაშინ კომისიის სხდომაზეც ვთქვით, რომ რეკლამაში შეიძლება მონაწილე ყოფილიყო რომელიმე რეგიონული ტელევიზიის ჟურნალისტი, რომელიც ჩვენთვის არ იქნებოდა ცნობილი. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ?”.

მურადაშვილი ასევე, ფიქრობს, რომ რეკლამასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომა უნდა არსებობდეს და მაუწყებლის ჟურნალისტს ისევე უნდა ეკრძლებოდეს სატელევიზიო რეკლამაში მონაწილეობა, როგორც ონლაინ ან სხვა ტიპის რეკლამაში. მისი თქმით, “რუსთავი 2” ამ საკითხს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს და ჟურნალისტები ინფორმირებულები არიან, რომ რეკლამაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ:

“კანონის სულისკვეთება ისაა, რომ დაიცვას აუდიტორია და ჟურნალისტის მიუკერძოებლობის მიმართ არ გაჩნდეს კითხვები. არ აქვს მნიშვნელობა იმას, სად განთავსდება რეკლამა”.

ტელეკომპანაი იმედის იურისტი, ანდრია ლაშხი კი GNCC-ის პრაქტიკას იზიარებს და მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა იმ ტელეკომპანიას უნდა დაეკისროს ვინც რეკლამას ათავსებს: “ჟურნალისტს ეკრძალება რეკლამაში მონაწილეობა. შესაბამისად, ისეთი რეკლამა, რომელშიც ის მონაწილეობს არასათანადო რეკლამაა, არასათანადო რეკლამის განთავსება კი იმ მაუწყებლის პასუხისმგებლობას იწვევს, რომელმაც განათავსა.” მისი თქმით, შეუძლებელია რომელიმე არხმა აკონტროლოს დასაქმებული თანამშრომლები, რომ რეკლამაში არ მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, ის დასძენს, რომ ჟურნალისტის საქმიანობა კანონის რეგულირების სფერო არაა და შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობა არ უნდა დგებოდეს.

ლაშხი ასევე განმარტავს, რომ კანონში რეკლამაში საინფორმაციო პროგრამების ჟურნალისტის მონაწილეობის აკრძალვა რეკლამის არასწორი გავლენისგან მაყურებლის დასაცავად დევს: “ჟურნალისტმა იმიტომ კი არ უნდა მიიღოს რეკლამაში მონაწილეობა, რომ შემდეგში მისი გაშუქებული მასალა იქნება არასანდოო, არამედ კანონის ეს მუხლი მომხმარებლებს იცავს - რეკლამას როცა უყურებს ადამიანი და ხედავას ტელეწამყვანს, რომელსაც ენდობა და აქვს მოლოდინი, რომ ობიექტური იქნება, შესაძლოა ამან პროდუქტის მიმართაც გააჩინოს გადაჭარბებული მოლოდინები”.

მედიასამართლის სპეციალისტს მამუკა ანდღულაძეს მიაჩნია, რომ ცალსახად იმის თქმა, თუ ვისი პასუხისმგებლობა უნდა დგებოდეს, რთულია. თუმცა, მას მაინც მიაჩნია, რომ უფრო სწორია კანონის იმგვარად გაგება, როგორც კომისია განმარტავს: “იდეალური გამოსავალი არააა, თუმცა ჯობია მაუწყებელს ჰქონდეს რეკლამის არგაშვების ვალდებულება, მაგრამ სანქცირების საკითხი უნდა დადგეს მას შემდეგ, რაც გაირკვევა იყო თუ არა მისთვის ცნობილლი, რომ რეკლამაში საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი მონაწილეობდა”, - განმარტავს ანდღულაძე და დასძენს, რომ საკუთარი თანამშრომლის მონაწილეობით კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში, არხის პასუხისმგებლობა უფრო მაღალი უნდა იყოს.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილიც იზიარებს პოზიციას, რომ სამართლებრივი რეგულაციები რეკლამის განმთავსებელზე უნდა ვრცელდებოდეს, ხოლო თავად ჟურნალისტის რეკლამაში მონაწილეობის საკითხი ეთიკური პასუხისმგებლობის ჭრილში უნდა გაიხილებოდეს.

მისი თქმით, ეთიკური დილემა დგება მაშინ, როცა, ჟურნალისტის მონაწილეობის გამო, მაყურებელს რეკლამის ყურებისას უჩნდება იგივე განცდა, რაც საინფორმაციო პროგრამების ნახვისას.

“როგორც წესი, მაყურებელი ვერ მიჯნავს ამას, როცა რეკლამაში მონაწილეობს საინფორმაციო სამსახურის სახე”, - ამბობს ის.

მისი თქმით, მსგავსი ეთიკური დილემისგან თავის დასაცავად მაუწყებლებმა ისეთი შიდა მექანიზმი უნდა შექმნან, რომელიც გამორიცხავს მათი ჟურნალისტის რეკლამაში მონაწილეობას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, “ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ რაიმე პროდუქტის რეკლამაში, ანდა პრომოუშენში. "მაუწყებლობის შესახებ" კანონშიც აღნიშნულია, რომ "იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში". ამ ნორმის მთავარი მიზანი ის არის, რომ როდესაც წამყვანის მიერ რეკლამირებული პროდუქტის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია ამავე მედიასაშუალების მიერ გავრცელდება, აუდიტორიამ ეჭვქვეშ არ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა”.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ