არჩევნები
კატეგორია: ანალიზი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წინასაარჩევნო პერიოდში აკვირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პოლიტიკურ ტოკშოუსა და დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება, ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად, „ხელისუფლების მიმართ რბილი, არამოდარაჯე პოზიციით ხასიათდება”.

საინფორმაციო გამოშვება

რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით, მონიტორინგის პერიოდის განმავლობაში მოამბეში ყველაზე მეტი დრო მთავრობას დაეთმო. ყველაზე დადებითად პრემიერ-მინისტრი გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 14% პოზიტიური იყო. ყველაზე უარყოფითად კი მიხეილ სააკაშვილი შუქდებოდა, რადგან მისთვის დათმობილი 35 წუთიდან 22% ნეგატიური იყო.

მონიტორინგის შედეგების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ იშვიათობაა 8 საათიან „მოამბეში“ მწვავე, ექსკლუზიური სიუჟეტები: „მაუწყებელი თითქმის ვერ ავლენს კორუფციულ ფაქტებს, იშვიათად აშუქებს ადამიანის უფლებების დარღვევის ექსკლუზიურ შემთხვევებს, თუმცა აშუქებს თითქმის ყველაფერს და უმეტესწილად, დაბალანსებულად, ”- აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა კონკრეტულ სიუჟეტებშიც ფიქსირდება. მაგალითად, ანგარიშში მოყვანილია 6 ივლისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი კალაძის ბოლო სამუშაო დღეზე, ენერგეტიკის სამინისტროში. ჟურნალისტმა ჩამოთვალა მისი მიღწევები. კალაძეს აქებდა პრემიერიც: „ჟურნალისტს ადვილად შეეძლო რამდენიმე რესპონდენტის (სფეროს ექსპერტის) პოვნა, რომლებიც კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ კალაძის მინისტრობისას განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებზე. მაყურებელს შეექმნებოდა უფრო რეალისტური, რამდენიმე წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობილი წარმოდგენა კალაძის საქმიანობაზე. თუმცა ამ შემთხვევაში ჟურნალისტი მეტწილად შემოიფარგლა კალაძის, როგორც მერობის მომავალი კანდიდატის დადებითად წარმოჩენით, რაც არ არის მედიის ფუნქცია, მით უფრო საზოგადოებრივი მაუწყებლის“- აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.


ქარტიის ანგარიშის მიხედვით, 3 ოქტომბერს, ეთიკური სტანდარტების დარღვევით მომზადდა სიუჟეტი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატზე, ალეკო ელისაშვილზე. სიუჟეტში მაყურებელს საშუალება ჰქონდა ელისაშვილის ხედვების შესახებ მიეღო ინფორმაცია, თუმცა ერთ მონაკვეთში ჟურნალისტმა შემდეგი წინადადება თქვა: „იმაზე, რისი მოგვარებაც სურს, საუბრობს ყველგან, ყველაზე მეტს კი პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრისას, თუმცა სტაჟიანმა ჟურნალისტმა და უკვე პოლიტიკოსმა იცის, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების მედალს ორი მხარე აქვს, ერთი, როცა კონკურენტების უფრო სჯერათ, ვიდრე შენი და მეორე, როცა პირიქით, მეტად გენდობიან“. ამ ტექსტის ფონზე კადრებში ჩანდა ორი აქტიური ადამიანი. ჟურნალისტის ტექსტის მიხედვით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი იყვნენ ელისაშვილით უკმაყოფილო ამომრჩევლები, რომლებსაც მასთან გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ და ტყუილში ადანაშაულებდნენ.


მოგვიანებით, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა 8 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი სადაც ჩანს, რომ პირველი არხის სიუჟეტში რიგით, უკმაყოფილო ამომრჩევლებად წარმოჩენილი ადამიანებიდან ერთი დიდუბის გამგებლის მოადგილე, მეორე კი ქართული ოცნების დიდუბის საარჩევნო შტაბის წევრი იყო.

„სახეზეა არაზუსტი ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანა. მოხდა ისეთი ნიუანსის მიჩქმალვა, რაც მთლიანად ცვლიდა სიუჟეტში გაჟღერებულ აზრს - ელისაშვილს უმაყოფილო ამომრჩევლები კი არ დახვდნენ (როგორც ეს სიუჟეტიდან ჩანს) არამედ ხელისუფლების მხარდამჭერები, რომელთა ქმედებებშიც საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის ნიშნებიც იკვეთებოდა. ეს კი პირველი არხის ჟურნალისტის ყურადღების მიღმა დარჩა”, ვკითხულობთ ანგარიშში.

ტოკშოუ „თვითმმართველობა 2017“

2016 წლისგან განსხვავებით, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სამი გადაცემა მუშაობდა საარჩევნო თემებზე, მათ შორის, მონიტორინგისას ყველაზე დადებითად შეფასებული გადაცემა „ინტერვიუ“, წელს ამგვარი ე.წ. Hard Talk-ის ფორმატის გადაცემა, სადაც მწვავე კითხვები დაისმებოდა, ეთერში არ გასულა. მაუწყებლის პირველმა არხმა მაყურებელს შესთავაზა „თვითმმართველობა 2017“, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის კანდიდატების გაცნობა იყო. გადაცემის გუნდი ჩადიოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგინში და ღია ცის ქვეშ მოწყობილი სტუდიიდან სთავაზობდა მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების ხედვებს. ქარტიის ანგარიშის მიხედვით, თითოეულ მათგანს მიეცა აზრის გამოხატვის და დისკუსიისთვის შერჩეულ საკითხებზე მოსაზრებების დაფიქსირების თანაბარი შესაძლებლობა.

თუმცა, კრიტიკა დაიმსახურა გადაცემის ფორმატმა. ქარტიის ანგარიშში ვკითხლობთ, რომ ფორმატიდან გამომდინარე, არ გამართულა კანდიდატებს შორის დებატები და არც წამყვანი სვამდა კრიტიკულ კითხვებს: “ ფორმატიდან გამომდინარე, წამყვანს არ ჰქონდა შესაძლებლობა კონტრკითხვები დაესვა მაშინაც კი, როდესაც არარელევანტურ პასუხს იღებდა სტუმრებისგან. მაგალითად, 2 ოქტომბერს „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელს წამყვანმა ჰკითხა რაჭაში გაზიფიცირების პრობლემის მოგვარების შესახებ, რესპონდენტის პასუხი კი გირჩის შეგროვება–მოპოვებას შეეხებოდა”.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადაცემაში დასმული შეკითხვები ყველა ქალაქში იდენტური იყო და არ ისმოდა კითხვები იმ სპეციფიკური საკითხების მიმართ, რაც ამა თუ იმ რეგიონს აწუხებს: „არსებობს ისეთი წყება საკითხებისა, რომლებიც ყველაზე მწვავედ გვხვდება მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში: მაგალითად, ზუგდიდში აზიური ფაროსანას პრობლემა; ქუთაისში - მისი ფუქნციონალური დატვირთვის მნიშვნელობა - საპარლამენტო, საუნივერსიტეტო ქალაქი, თუ საერთაშორისო აეროპორტზე მიბმული ტურისტული ცენტრი და ა.შ. ადგილობრივი სპეციფიკა არ ყოფილა გათვალისწინებული არც ერთ გადაცემაში”, ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ კანდიდატები თავისუფლად ავრცელებდნენ სასუსრველ მოსაზრებებს, პირდებოდნენ საზოგადოებას პრობლემების მოგვარებას, თუმცა რამდენად რეალური იყო მათი დაპირება, დამაზუსტებელი კითხვების არარსებობის გამო, გაურკვეველი რჩებოდა. მაყურებელს არ ჰქონდა საშუალება გაეანალიზებინა, თუ რამდენად შეუძლიათ კანდიდატებს დაპირების შესრულება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რადგან გადაცემის სტუდია ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, დამატებითი პრობლემები იქმნებოდა: „მაგალითად, 29 სექტემბერს ძლიერ ქარში მოუხდათ ქუთაისის მერობის კანდიდატებსა და ჟურნალისტს რამდენიმესაათიანი საუბრის წარმართვა. ეს იწვევდა ტექნიკურ პრობლემასაც – წყდებოდა ხმა, ყანყალებდა კადრი და ა.შ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა კიდეც, რომ გაუსაძლისი იყო ასეთ პირობებში დებატები. შესაბამისად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რესპონდენტებს ერთი სული ჰქონდათ ჩაემთავრებინათ სათქმელი და დროულად დაესრულებინათ გადაცემა, რამაც, ფაქტობრივად, მოვალეობის მოხდის მიზნით საუბრად აქცია მთელი ტოქშოუ“.
კატეგორია: ანალიზი
15 სექტემბერს „ვანოს შოუს“ სტუმარი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ნიკა მელია, იყო. ვანო ჯავახიშვილის ფრაზას - „მიშას პიარში არ ჩაგვეთვალოს,“ ხელი არ შეუშლია მელიასთვის, მთელი გადაცემის განმავლობაში სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე, ნარმანიას მერობის პერიოდზე, ოპონენტებსა და მისი გუნდის პოლიტიკურ ხედვებზე ესაუბრა. მელია ცდილობდა თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის, პოზიტიურად წარმოჩენასაც, რაშიც წამყვანიც დაეხმარა და ასეთი „საარჩევნო სლოგანებიც“ შესთავაზა: „აირჩიე ზაალი, გაითენე ხვაალი;“ „-რატომ ზალიკო? - უკეთესი არ იყო...“

„თქვენ რომ გაიმარჯვებთ, მე მაგაში ეჭვიც არ მეპარება... ამხელა ორი ულამაზესი ეიფელის კოშკი [ნიკა მელია და ზაალ უდუმაშვილი] რომ მოგიკაკუნებს კარზე, როგორ უნდა გაძლო, რომ არ შემოხაზო ორივე ერთად,“ - ეს ფრაზა კი მელიას „კომედი შოუს“ იმ მსახიობმა უთხრა, რომელიც წამყვანმა მას „ამომრჩევლად“ წარუდგინა.

22 სექტემბერს „ვანოს შოუს“ ალეკო ელისაშვილი ესტუმრა. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა და წამყვანმა, ტრადიციულად, პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, პარტიების შემოწირულობებზე, „ოცნების“ მმართველობაზე, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასა და დაგეგმილ პროექტებზე.

„რუსთავი 2-ის“ კიდევ ერთი გადაცემა, რომელშიც საარჩევნო პერიოდში მერობის კანდიდატები ვიხილეთ, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ იყო. 20 სექტემბერს წამყვანი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს, ჯერ - საკუთარ, შემდეგ კი მშობლების სახლში ესტუმრა და მათთან ინტერვიუები ჩაწერა.

„დღევანდელ გადაცემაში თქვენ გაიგებთ, სად ცხოვრობს ალეკო ელისაშვილი, როგორი სახლი აქვს, როგორი მეუღლე ჰყავს, როგორი მშობლები ჰყავს, რას აკეთებს თავისუფალ დროს, ბოლოს რისი გაკეთება მოახერხა თავისი მეუღლისთვის,“ - ასე დაანონსა ჟორჟოლიანმა გადაცემა.

შემდეგ კი ვნახეთ, როგორ შეხვდათ წამყვანსა და მერობის კანდიდატს სახლისკენ მიმავალ გზაზე პოტენციური ამომრჩეველი, რომელიც ელისაშვილის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებდა: „ამნაირი კაცური კაცი ქალაქში არ დადის, ქალაქელებო და მიეცით სულ ყველამ ხმა,“ - თქვა მან.

„გარეთ რომ ქვეყნის და ქალაქის მოგვარებას გვპირდები, გვაინტერესებს, ოჯახში რა გაქვს მოგვარებული,“ - ეუბნებოდა წამყვანი ელისაშვილს.

„რამდდენოთახიანია სახლი,“ „რამდენი კვადრატულია მისაღები,“ „დახურეს თუ არა სახლის კრედიტი,“ - მსგავსი კითხვებით წამყვანი ცდილობდა, ხაზი გაესვა, რომ ელისაშვილი მოკრძალებულად ცხოვრობს.

ნანუკა ჟორჟოლიანი დაინტერესდა, სად გაიცნო მეუღლე თბილისის მერობის კანდიდატმა, რამდენ ხანში მოიყვანა ცოლად, სად შედგა პირველი პაემანი და ახერხებს თუ არა სიურპრიზებს: „სად მოახერხა ბოლოს, რომ იგრძენით, რომ ქალი ხართ,“ „მესამეს[შვილს] ხომ არ აპირებთ?“ - ეს კითხვები წამყვანა ელისაშვილის მეუღლეს დაუსვა.

შემდეგ გადაცემამ მერობის კანდიდატის მშობლების სახლში გადაინაცვლა, სადაც ელისაშვილის ბავშვობასა და ხასიათზე მისმა დედ-მამამ ისაუბრა.

იმავე დღეს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ კიდევ ერთი ნაწილი „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანიდატს, ელენე ხოშტარიას, დაეთმო. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკოსზე მისმა მეუღლემ, მეგობრებმა და მშობლებმა ისაუბრეს. წამყვანი ცდილობდა, გაერკვია, რატომ არ ატარებს მაკიაჟს ხოშტარია, როგორი ხასიათი აქვს, როგორი ბავშვი იყო...

4 ოქტომბერს „ნანუკას შოუ“ მასთან სახლში აღარ მისულა, თუმცა მას შემდეგ რაც სტუდიაში შუქი „ჩაქრა,“ თვითონ მოვიდა გიორგი გუგავა. „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი „ნანუკას შოუს“ მეუღლესთან და შვილებთან ერთად სტუმრობდა.

„ნანუკას შოუ“ არჩევნების კვირაშიც, 18 ოქტომბერს, საარჩევნო კანდიდატებს დაეთმო. გადაცემის პირველ ბლოკში ბავშვობაზე, პოლიტიკური ცხოვრების დაწყებასა თუ მშობლების ავადმყოფობის ისტორიებზე, სენტიმენტალური მუსიკის ფონზე, ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა. „შენი გულშემატკივარი ვარ ყოველთვის,“ - ასე დაემშვიდობა წამყვანი თბილისის მერობის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. ამავე გადაცემის მეორე ბლოკში კი „ნანუკას შოუ“ ქუთაისის მერობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ესტუმრა.

საარჩევნო სუბიექტების ხილვა არაპოლიტიკურ გადაცემებში ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებლებსაც შეეძლოთ. 17 სექტემბერს კომედიურ შოუ „მეგობრებს“ გიორგი ვაშაძე, 24 სექტემბერს კი ალეკო ელისაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, აქ კანდიდატებთან ინტერვიუები არ გამართულა, მხოლოდ გადაცემის დასაწყისში ისინი წამყვანებმა წარადგინეს და რამდენიმე სიტყვით გაეხუმრნენ.

თუმცა მერობის კანდიდატებთან ინტერვიუები შედგა „იმედის“ კიდევ ერთ არაპოლიტიკურ გადაცემაში - „რა დროს ძილია,“ რომელსაც 7 ოქტობერს ელენე ხოშტარია ეწვია. მან წამყვანთან ერთად სტუდიაში ივახშმა და თავის პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბრა. „დღეს დადიოდი კარდაკარ მთელი დღე. რაღაცა მიირთვი,“ - ეუბნებოდა წამყვანი ხოშტარიას, რომელმაც ინტერვიუს ბოლოს საკუთარი ძალები კრივშიც მოსინჯა.

14 ოქტომბერს იმავე გადაცემის სტუმარი კახი კალაძე იყო, თუმცა ამჯერად გადაცემა მხოლოდ სტუდიაში ჩაწერილი ინტერვიუთი არ შემოიფარგლა და მას სახლშიც ესტუმრა. გადაცემის განმავლობაში ვნახეთ, როგორ თამაშობდა კალაძე შვილებთან ერთად, როგორ ეფერებოდა ძაღლს, როგორ პოზიტიურად ახასიათებდნენ მას ოჯახის წევრები.

წამყვანი დაინტერესდა, როგორ დაიწყო კალაძემ სპორტული და შემდეგ უკვე პოლიტიკური კარიერა. მერობის კანდიდატმა დაგეგმილ პროექტებსა და იმ პოზიტიურ ცვლილებებზეც ისაუბრა, რაც მის ენერგეტიკის მინისტრობას მოჰყვა, დაგვპირდა, რომ ასეთივე წარმატებული იქნება მისი მერობის პერიოდიც.

„ყველა რაიონმა, ყველა უბანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ უბანში,“ - მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს გადაცემიდან არაერთხელ მოისმენდით.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალაზრისით, ჩემი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა;“ „პროექტები და რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება თვალშისაცემი და ხელშესახები,“ - ამბობდა კალაძე.

პოლიტიკურ თემებზე საუბრისა და საკუთარი კანდიდატურის რეკლამირების შანსი არაპოლიტიკურ გადაცემაში „TV პირველზე“ მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანიდატს, ელენე ხოშტარიას, 13 სექტემბერს, გადაცემა „ქალების ნარატივში“ ჰქონდა. ხოშტარიამ პოლიტიკური კარიერის დასაწყისზე ისაუბრა: როგორ გაუცრუა ბებიას იმედები, არ გახდა ექიმი და პოლიტიკოსობა არჩია. გადაცემიდან მოვისმინეთ მისი პოლიტიკური გეგმების შესახებაც.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ „საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე“, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რესპონდენტის სტუმრობაზე შეთანხმება საარჩევნო პერიოდის დადგომამდე შედგა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ რესპონდენტი არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კანდიდატია, მისი ეთერში სტუმრობა არ უნდა ჩაიშალოს, ან გადაიდოს, მიუხედავად იმისა, რომ ქცევის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის არაპოლიტიკურ გადაცემაში სტუმრობა დაუშვებელია.გარდა ამისა, 23-ე მუხლის თანახმად, კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება“. არაპოლიტიკურ გადაცემებში კანდიდატების მოწვევის და მათთან პოლიტიკურ თემებზე საუბრის ტენდენცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც გამოიკვეთა.
კატეგორია: სიახლე
8 საათიანი „მოამბე“ აუდიტორიას მერობის კანდიდატების ხედვებს პერიოდულად აცნობს. 3 ოქტომბერს ამგვარი სიუჟეტი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შესახებ გავიდა.

„იმაზე, რისი მოგვარებაც სურს, საუბრობს ყველგან, ყველაზე მეტს კი პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრისას, თუმცა სტაჟიანმა ჟურნალისტმა და უკვე პოლიტიკოსმა იცის, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების მედალს ორი მხარე აქვს, ერთი, როცა კონკურენტების უფრო სჯერათ, ვიდრე შენი და მეორე, როცა პირიქით, მეტად გენდობიან“ - ჟურნალისტის ამ ტექსტს ადევს კადრები 19 სექტემბრის შეხვედრიდან, სადაც ქართული ოცნების“ შტაბის წევრები მაშინ მივიდნენ, როცა კანდიდატი ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა. „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა და დიდუბის გამგებლის მოადგილემ ელისაშვილს ტყუილების გავრცელებაში დასდეს ბრალი.

„ველოდები, რომ ჩემმა შვილებმა ირბინონ და ითამაშონ, აი ეს მამაკაცი (ელისაშვილი) ტყუილს ამბობს, რომ კორპუსი შენდებაო“ - ისმის 3 ოქტომბრის სიუჟეტში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრის ხმაც.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ტექსტიდან ისე იკვეთებოდა, თითქოს ელისაშვილს რიგითი ამომრჩევლები შეხვდნენ და მათ დასდეს ბრალი ტყუილების ტირაჟირებაში. მასალაში ჟურნალისტს არ აღუნიშნავს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები იყვნენ.

ის, რომ 19 სექტემბრის ინციდენტის მონაწილეები არა რიგითი, უპარტიო ამომრჩევლები, არამედ თავად მმართველი გუნდის შტაბის წევრები და გამგებლის მოადგილე იყვნენ, დასტურდება ვიდეოდან, რომელიც ელისაშვილის შტაბმა გაავრცელა.
კატეგორია: სიახლე
20 ოქტომბრის „რუსთავი 2-ის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში IDFI-ს მიერ, თბილისის მერიასა და საკრებულოში გაწეული ხარჯების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გაგვაცნეს. მონაცემები გრაფიკულად იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთ მათგანზე საკრებულოს მიერ საწვავის მოხმარების ხარჯები არასწორად იყო ასახული. მიუხედავად იმისა, რომ 2015 და 2016 წელს დახარჯული თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 2011 და 2012 წლებში, გრაფიკაზე ისეა მოცემული, თითქოს, ბოლო წლების განმავლობაში ხარჯებმა იმატა.

IDFI-ს კვლევის ანგარიშში ეს მონაცემი ასე გამოიყურება:


ტელეკომპანიას ინფორმაცია არ შეუსწორებია. არაზუსტი გრაფიკის შემცველი მასალა ახლაც იძებნება „რუსთავი 2-ის“ საიტზე. იყო თუ არა გარფიკის აწყობისას დაშვებული შეცდომა ტექნიკური ხასიათის, ეს აუდიტორიისთვის არ განუმარტავთ.

შესწორების სტანდარტის მიხედვით, მედიამ ინფორმაცია ისე უნდა შეასწოროს, რომ ძველი, არაზუსტი მასალა აღარ უნდა იძებნებოდეს მის ვებსაიტზე, ან იმავე მასალას უნდა ჰქონდეს მინიშნება, რომ არაზუსტია.
კატეგორია: სიახლე
4 ოქტომბერს, სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ თბილისის 170-მდე საბავშვო ბაღის დირექტორს, თითოეულს 100-დან 200-მდე მხარდამჭერთა სიის შედგენა და სააგენტოში მიტანა დაევალა. 5 ოქტომბერს, გამოძიების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, თემა საინფორმაციო გამოშვებების დღის წესრიგში პირველივე ბლოკში მოხვდა. გამონაკლისი მხოლოდ 8 საათიანი „მოამბე“ იყო, რომელშიც საკითხი არ გაშუქებულა. 5 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში შემდეგი თემები მოხვდა:



კატეგორია: ანალიზი
თითოეულმა პოლიტიკოსმა ზუსტად იცის შედეგი, რასაც ბავშვთან მომღიმარი სახით გადაღებული ფოტო მოუტანს. გათვლები შესაბამისი მიზნობრივი აუდიტორიისთვის ზუსტად არის გაკეთებული, კარგად აპრობირებული მეთოდი ჭრის, კადრს მედია იტაცებს, ის ვირუსულად ედება ინტერნეტში, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ტრიალებს ტელესივრცეშიც და შედეგიც მიღწეულია - პოლიტიკოსის პოზიტიური იმიჯიც შექმნილია.

პოლიტიკოსები ბავშვებს განსაკუთრებით ხშირად, წინსაარჩევნო კამპანიისას იყენებენ. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, როცა პროგრამის პრეზენტაციაზე პატარა გოგონა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გვერდით აღმოჩნდა, ერთობლივმა ფოტომ კი მოიცვა როგორც სოციალური ქსელები, ისე ინტერნეტგამოცემები. მათი შეხვედრის კადრები სატელევიზიო სიუჟეტებშიც არაერთხელ ვიხილეთ.



ტენდეცნია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გრძელდება. ამ მხრივ განსაკუთრებით, “ქართულმა ოცნება” აქტიურობს, პარტიამ საკუთარი პარტიისა და კანდიდატების რეკლამირებისთვის ბავშვები არაერთხელ გამოიყენა. ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მესამე კლასის მოსწავლესთან ერთად არის გადაღებული.



ბავშვით ხელში ისაუბრა კახი კალაძემ მოსახლეობასთან კიდევ ერთ შეხვედრაზე, სადაც ის ჯანდაცვის პროგრამების განვითარებაზე მსჯელობდა.



ბავშვებს იყენებენ კამპანიაში “ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოც".




დღესდღეობით, საქართველოში ბავშვის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება კანონით აკრძალული არ არის და ის ეთიკის ჭრილში განსახილება. რატომ არის პრობლემა, ბავშვის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება - ეს კითხვა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტ მაია ცირამუას დავუსვით, ფიქრობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესში არ შედის, მონაწილეობდეს პოლიტიკოსის პიარ აქტივობაში: “ეს არ არის ბავშვის გაცნობიერებული არჩევანი, ბავშვმა არ შეიძლება იცოდეს, რომელი პარტიისკენ იხრება მისი პოლიტიკური სიმპატიები, ეს ყველაფერი ემსგავსება ბავშვებით მანიპულირებას” - ამბობს მედიაჩეკერთან საუბარში მაია ცირამუა.

ვიზუალური მასალა ბავშვისა და პოლიტიკოსის მონაწილეობით, მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა, ხშირად, ამ შეხვედრების შესახებ მომზადებულ სიახლეებს ონლაინმედიაში სწორედ ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოები ერთვის. მედია ცალკე მასალებსაც კი უძღვნის იმის გარკვევას, თუ ვინაა ესა თუ ის ბავშვი, რომელიც პოლიტიკოსის გვერდით “შემთხვევით” გამოჩნდა.

რა პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, რომელიც პოლიტიკოსის ამგვარ ფოტოებს თუ ვიდეომასალას აზიარებს, ან ურთავს სიახლეს? მაია ცირამუას აზრით, მედიაც მსგავსი საკითხების გაშუქებისას სწორედ ბავშვის უფლებების პრინციპიდან უნდა ამოდიოდეს. მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსი ნახავს, რომ ბავშვით მანიპულაციის მცდელობა კადრს მიღმა დარჩა და მედიასივრცეში ვერ მოხვდა, მიხვდება, რომ მისმა ქცევამ შედეგი ვერ გამოიღო და მომავლში აღარ ეცდება წინასაარჩევნო კამპანია ბავშვების გამოყენებით აწარმოოს: “მედიას აქვს დიდი რესურსი და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, დაეხმაროს პოლიტიკოსებს დაისწავლონ სხვა ტიპის ქცევები” - ამბობს მაია ცირამუა.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია: სიახლე
19 ივნისს რუსთავი 2-ის ეთერში 9-საათიანი "კურიერი" ზაალ უდუმაშვილმა ბოლოჯერ წაიყვანა. ის აუდიტორიას, მთელი გადაცემის განმავლობაში, დღის მთავარ პოლიტიკურ ამბებს ამცნობდა, გადაცემის მიწურულს კი მაყურებელს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. "კურიერის" ეს ნაწილი, პოლიტიკაში გადასულმა წამყვანმა ფაქტობრივად, საარჩევნო მიმართვისთვის გამოიყენა. მაყურებელს უდუმაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა მეორე წამყვანმა, დიანა ჯოჯუამაც.

“ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება კი ნამდვილად მაქვს, გავიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა, და ამავე დროს, შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება თუ როგორ უნდა ებრძოლო უსამართლობას. მე რუსთავი 2-ის გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან სრულიად უთანასწორო ბრძოლაში. თუმცა, ქვეყანას მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად და თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო [ბიძინა] ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი,” - თქვა უდუმაშვილმა.

არც მეორე წამყვანის, დიანა ჯოჯუას ტექსტი იყო აპოლიტიკური, მან მაყურებელს მოუწოდა, თბილისის მერის არჩევნებში ზაალ უდუმაშვილისთვის დაეჭირათ მხარი.

“წარმატებას გისურვებ შენი ქალაქის, საყვარელი ქალაქის მერად გახდომაში და ნამდვილად მგონია, რომ ყველა ის თვისება გაქვს, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს. ჩვენს მაყურებელს კი მოვუწოდებ მხარი დაგიჭირონ ამ საქმეში,” - ამ სიტყვებით დაემშვიდობა უდუმაშვილს დიანა ჯოჯუა.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსში" ვკითხულობთ:

მუხლი 15: ახალი ამბების გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიუკერძოებლობის პრინციპის განუხრელი დაცვა.

მუხლი 16: ახალი ამბებისა გადაცემისას მაუწყებლისადმი წაყენებული მოთხოვნები: დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა

მუხლი 29: მაუწყებლის თანამშრომელმა, რომელიც წარმოადგენს მაუწყებელს, არ შეიძლება საჯაროდ გამოხატოს მხარდაჭერა რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მიმარ
კატეგორია: სიახლე
„უარი უნდა ვუთხრათ შეუზღუდავ ძალაუფლებას, რაც ნიშნავს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ყველანი მოვიდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ის გარემო, სადაც სიცილიც გაგვიხარდება, შრომაც შეგვეძლება და პერსპექტივაც იქნება წინსვლისა“- მსგავსი ტიპის პოლიტიკური განცხადებების გასართობი გადაცემის სტუმრისაგან მოსმენა „THE ვანო’ს შოუს“ მაყურებელს 21 ოქტომბერს შეეძლო. გადაცემას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა რურუა, სტუმრობდა. წამყვანი და რესპონდენტი მთელი გადაცემის განმავლობაში პოლიტიკურ თემებზე, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, პირველი ტურის შედეგებზე, გაბათილებულ ბიულეტენებზე, კარდაკარის პრინციპზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის უარყოფით მხარეებსა და საარჩევნო „კარუსელებზე“ საუბრობდნენ.

ნიკა რურუამ ირონიულ და დამაკნინებელ კონტექსტში ისაუბრა მეორე ტურში მის კოკურენტ სალომე ზურაბიშვილზეც („ეს არის პერსონა, რომელიც სხვაგან ცხოვრობს, სხვაგან გაიზარდა და ძირითადად არჩევნებზე, „პოლიტიკურ შოპინგზე,“ ჩამოდის ხოლმე საქართველოში“) და პოლიტიკურ ოპონენტს ქართული ენის ცოდნაც დაუწუნა: „ეს ადამიანი მაინცდამაინც კარგად ქართულ ენას ვერ ფლობს, ძირითადად იცის, ერთი ლიტერატურული ნაწარმოების გმირივით, სამი სიტყვა: ძიალოგი, ქადჟებო და მაშვინ“.

მეორე ტურში გასული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ილო ბეროშვილის შოუშიც“ იყო მიწვეული. გადაცემის სტუმრებად 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ოდიშარია და მისი მეუღლე, მაკუნა გამცემლიძე, შეირჩნენ. შოუს განმავლობაში რესპონდენტმა მეორე ტურზე, პირველი ტურის შედეგებსა და მეუღლესთან ოჯახურ თანაცხოვრებაზე ისაუბრა, დასასრულ კი იმღერა კიდეც.

ტელეკომპანია „იმედის“ კიდევ ერთ გადაცემაში, „იმედის დილაში,“ ბექა ოდიშარია 26 სექტემბერსაც ვიხილეთ, ამჯერად შვილებთან ერთად. პოლიტიკოსის ვოკალური შესაძლებლობებით აღნიშნული გადაცემაც დაინტერესდა: მაყურებელმა სპეციალურად პოლიტიკოსის დაბადების დღისთვის მომზადებული ვიდეოკლიპი იხილა, რომელშიც მაჟორიტარობის კანდიდატი ბევრ ცნობილ შემსრულებელთან ერთად მღეროდა.

შემდეგ, წამყვანი რესპონდენტის კვების რაციონით, საყვარელი სამზარეულოთი, პირველი სიყვარულით, პირველი ორიანით, ტელეფონში ბოლო სმს შეტყობინებით, ჩვევებით, ძილის გრაფიკითა და იმ ნივთებითაც დაინტერესდა, რომელთა გარეშეც ბექა ოდიშარია სახლს არასდროს ტოვებს. რესპონდენტი გადაცემის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს პოზიტიურად წარმოაჩენდა: „დადებითისკენ შეიცვალა თავად გარემო, გათავისუფლდა აბსოლუტურად წნეხებისაგან“.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მარიამ ჯაშის ბლიც-ინტერვიუ „იმედის დილაში“ 28 ოქტომბერსაც ვნახეთ. „რისთვის არ ენანება თანხა მარიამ ჯაშს,“ „სად იცხოვრებდა თბილისის გარდა,“ ბოლოს რაზე გაეცინა?“ - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ შეკითხვებისა, რომლებიც წამყვანმა დასვა და რესპონდენტის „სხვა კუთხით“ წარმოჩენას შეეცადა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და ამდენად, საარჩევნო პერიოდი, ჯერ არ დასრულებულა. ქვეყნის 50 ოლქში არჩევნების მეორე ტურია ჩანიშნული. სწორედ მეორე ტურში გასული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან ზემოთ ჩამოთვლილი რესპონდენტები მიუხედავად იმისა, რომ მათ მონაწილეობას გასართობ გადაცემებში „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ კრძალავს: „საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება („მაუწყებელთა ქცევის კოდექსი,“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
კატეგორია: სიახლე
8 სექტემბერს “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი კვირკაშვილმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა. რამდენიმე ტელეკომპანიამ პროგრამის წარდგენა პირდაპირ ეთერში სრულად აჩვენა. ტაბულას, რუსთავი 2-სა და კავკასიას წარდგენა პირდაპირ ეთერში არ გაუშვიათ, ხოლო TV პირველზე ჩართვის ხანგრძლივობა 7 წუთი იყო. დანარჩენმა ტელევიზიებმა პროგრამის წარდგენა სრულად, საათზე მეტი ქრონომეტრაჟით გვიჩვენეს.

კატეგორია: სიახლე
7 სექტემბრის „ნანუკას შოუში“, წამყვანი ყოფილ პრეზიდენტს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელს მიხეილ სააკაშვილს ოდესაში ესტუმრა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. იქამდე კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის რესპონდენტის მშობლიურ სოფელში ჩავიდა და მოკლე ინტერვიუები მოსახლეობისგან აიღო.

სხვადასხვა კუთხეში გადაღებული კადრები ინტერვიუს განმავლობაში გვიჩვენეს. მოსახლეობა ყოფილ პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, რომ დაბრუნდეს საქართველოში, ისინი ამბობენ, რომ „საქართველო მიშას გარეშე იღუპება“, რომ „ეს ხელისუფლება ნელ-ნელა გვკლავს“, რომ "მიშა ყველას ენატრება".

თავისმხრივ, რესპონდენტმა გაიხსენა სოფელ ცხრუკვეთში გატარებული ბავშვობა, როგორ თამაშობდა ფეხბურთს, როგორ დღესაც ახსოვს იმერული ხაჭაპურისა და ნაკვერჩხალზე შემწვარი სიმინდის გემო.

სააკაშვილმა ისაუბრა მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის პოლიტიკაში წასვლის შესახებაც. (ის კენჭს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით იყრის). მან აღნიშნა, რომ „სანდრას აქვს წარმოუდგენელი კაცთმოყვარეობა და ადამიანების სიყვარული“ , რომ მას აქვს მტკიცე, მებრძოლი და მდგრადი ხასიათი. შვილებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ მისი შვილებიც კაცთმოყვარეები არიან, ეს კი სწორედ სანდრას დამსახურებაა.

რესპონდენტი ფაქტობრივად, მთელი გადაცემის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რა პროექტები ხორციელდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წუხილი გამოთქვა, რომ ახლა ეს პროექტები გაჩერებულია.

სტუმარი ყვება, როგორ გრძნობდა, რომ არჩევნებს წააგებდა და როგორ გადაუფრინა საქართველოს ვერტმფრენით, მივიდა სხვადასხვა რეგიონში და დაემშვიდობა სამშობლოს.

სარჩევნო კოდექსის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა იკრძალება. წინასაარჩევნო აგიტაციად ითვლება ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ: „საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე“. მართალია, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა აუდიტორიისთვის ის სწორედ ამ პარტიასთანაა ასოცირებული, არის დამფუძნებელი, მისი მეუღლე კი სწორედ ნაციონალური მოძრაობის სახელით იყრის კენჭს.

გარდა ამისა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, მედიასაშუალებებმა საარჩევნო პროცესი მიუკერძოებლად უნდა გააშუქონ. ამ კონკრეტულ გადაცემაში კი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა იყო პოზიტიურად გაშუქებული.
კატეგორია: სიახლე
ტელეკომპანია GDS-ზე პირველი სექტემბრიდან კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს გადის გადაცემა “შეხვედრა რეგიონულ მედიასთან“ და მისი ერთადერთი სტუმარი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია. ფორმატის მიხედვით, ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ხვდება რეგიონის ჟურნალისტებს და პასუხობს მათ შეკითხვებს.

გადაცემებში ივანიშვილი საუბრობს, რა პოზიტიური ცვლილებები მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, როგორ გაიზარდა ინვესტიციები, გაძლიერდა ტურიზმი, აშენდა საწარმოები, როგორ უსისხლოდ გადაიბარეს ხელისუფლება. სტუმარი იძლევა საარჩევნო დაპირებებსაც: „კიდევ ერთჯერ შევახსენებ კვირიკაშვილის დაპირებას ჩვენს ტელემაყურებელს, რომ 4 წელიწადში, და ჩემი აზრით, ამ მთავრობას ხელეწიფება, რომ საქართველოში ძირითადი ინფრასტრუქტურული მშენებლობა, ძირითადი მაგისტრალები უნდა დასრულდეს“.

მიწვეული ჟურნალისტები, როგორც წესი, სტუმარს ისე უსვამენ შეკითხვებს, როგორც ქართული ოცნების წევრს. ეკითხებიან, როდის დაიგება ესა თუ ის გზა, როდის დაიწყება ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტები. მთელი გადაცემათა ციკლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად, პოზიციონირებულია, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი.

ასევე, ხშირად ისმის მისი მხრიდან კრიტიკა სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მიმართ, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე, მათ არ ეძლევათ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებზე რეაგირების ან პასუხის გაცემის საშუალება.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო პროცესი მაუწყებლებმა მიუკერძოებლად უნდა გააშუქონ, „არჩევნებთან დაკავშირებული პროგრამის მონაწილის შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და გამჭვირვალე კრიტერიუმებს“.

გარდა ამისა, გაუგებარია, რა საჯარო ინტერესი არსებობს იმისა, რომ ტელეკომპანიამ კვირაში ორჯერ, საარჩევნო პერიოდში საათ-ნახევრიანი ქრონომეტრაჟის გადაცემა მხოლოდ ერთ რესპონდენტს, ბიძინა ივანიშვილს დაუთმოს.
კატეგორია: სიახლე
პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარეს ვალარი კვარაცხელია ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გადაცემა მიჰყავს. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრი გადაცემის წამყვანი არ შეიძლება იყოს.

ცესკოს მონაცემებით, პარტიამ უკვე მიმართა კომისიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ამჯერად, განაცხადი რეგისტრაციის პროცესშია.



ვალერი კვარაცხელია გადაცემის მსვლელობისას აუდიტორიას ესაუბრება, როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი და ფაქტობრივად, ატარებს საარჩევნო კაპმპანიას, აკრიტიკებს ხელისუფლების საგარეო კურსს და მიმოიხილავს, რა პოზიტიური მხარეები აქვს თავად მის პარტიას საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. მაგალითად 25 ივნისის გადაცემაში წამყვანი აღნიშნავს:

„რომელიღაცა პოლიტიკოსად წოდებულმა ადამიანმა ჩემ შესახებ თქვა, რომ მას მხარდამჭერები არ ჰყავსო, მაშინ იმ დღეს, გორში სრულიად საწინააღმდეგო რამ გამოჩნდა“- ამბობს წამყვანი და მაყურებელი რომ დაარწმუნოს, რამდენად ბევრია მისი მხარდამჭერი, ეთერში გვიჩვენებს გორის შეხვედრის ჩანაწერებს, სადაც პარტიის სიკეთეებზე მათი მხარდამჭერები საუბრობენ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (მუხლი 16) აღნიშნულია: „დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით“.

საარჩევნო კოდექსის (მუხლი 51) მიხედვით კი, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ საკითხი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის სფეროა, ის მაუწყებლობის შესახებ კანონით არ რეგულირდება და შესაბამისად, მისი განხილვა და რეაგირება კომისიის საქმიანობის სფეროში არ შედის. თუკი მსგავსი შემთხვევები კომისიის მედიამონიტორინგისას დაფიქსირდა, GNCC შენიშვნის სახით მიუთითებს ქცევის კოდექსის ნორმებს.