კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 2 თებერვალს დაადგინა, რომ უგრეთში დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება. სასამართლო განიხილავდა უნგრეთის ინტერნეტკონტენტის მიმწოდებელთა თვითრეგულირების ორგანოსა და ახალი ამბების გამავრცელებელი ინტერნეტპორტალის საკითხს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალისა და ამ მასალაზე მკითხველთა კომენტარების გამო.

მოსარჩელეების აზრით, უნგრულმა სასამართლომ ისინი უსამართლოდ გაამტყუნა მკითხველის მიერ დაწერილი კომენტარების გამო. კომენტარები კი მოჰყვა პუბლიკაციას, რომელიც ამხელდა უძრავი ქონების საიტებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში.

მოსარჩელეები უნგრეთის კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული იურიდიული პირები იყვნენ: უნგრული კონტენტის პროვაიდერების ასოციაცია (Magyar Tartalomszolgáltatók Egyesülete - MTE) და ახალი ამბების გამავრცელებელი ვებსაიტი index.hu.

უნგრული კონტენტის პროვაიდერების ასოციაცია (MTE) თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა უნგრეთში ინტერნეტის კონტენტის მიმწოდებლების მიერ. ასოციაციის შემქმნელთა შორის იყო „ინდექსიც“ (index.hu) - ერთ-ერთი გავლენიანი ინტერნეტპორტალი უნგრეთში.

მოცემულ დროს MTE და „ინდექსი“ ნებას რთავდნენ მომხმარებლებს, თავისუფლად ეწერათ კომენტარები მათს საიტებზე გამოქვეყნებულ მასალაზე. ორივე პორტალის წესებსა და პირობებში მითითებული იყო, რომ კომენტარების ავტორები თავად იყვნენ პასუხისმგებელნი კომენტარის შინაარსზე. ამას გარდა, ორივე საიტი მუშაობდა სისტემით, რომლის პირობებშიც მომხმარებელს შეეძლო, „დაერეპორტებინა“ შეუფერებელი კომენტარი. დარეპორტების შემდეგ კი კომენტარი წაიშლებოდა.

2010 წლის 5 თებერვალს MTE-მ გამოაქვეყნა მოსაზრება, სადაც აკრიტიკებდა უძრავი ქონების სააგენტოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გამო - სააგენტო მომხმარებელს 30-დღიან უფასო სარეკლამო მომსახურებას სთავაზობდა, 30 დღის შემდეგ კი მომხმარებელი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჯარიმდებოდა. MTE-ის კრიტიკას „ინდექსი“ გამოეხმაურა და პუბლიკაცია სრულად გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე. მასალის კომენტარების ველში მალევე გაჩნდა შეურაცხმყოფელი კომენტარები უძრავი ქონების სააგენტოს მისამართით.

2010 წლის 17 თებერვალს კომპანიამ, რომელიც უძრავი ქონების ვებსაიტებს ფლობდა, აღძრა საქმე MTE-ისა და index.hu-ს წინააღმდეგ. კომპანია ამტკიცებდა, რომ გამოქვეყნებული მოსაზრება და კომენტარები მის რეპუტაციას ლახავდა. უნგრეთის სასამართლომ მოგვიანებით დაადგინა, რომ საიტზე გამოქვეყნებული კომენტარები სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ზღვარს. ამასთან, სასამართლომ MTE-სა და „ინდექსს“ 75 ათასი უნგრული ფორინტის (დაახლოებით 250 ევრო) გადახდა დააკისრა. უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საქმე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განიხილა.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თვითრეგულირების ორგანო MTE და ახალი ამბების პორტალი index.hu არ იყვნენ პასუხისმგებელი მათი მკითხველის მიერ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო. გადაწყვეტილების მიხედვით, უნგრეთის სახელმწიფოს ეკისრება სამი თვის განმავლობაში 5100 ევროს კომპენსაციის გადახდა მოსარჩელეებისათვის.
კატეგორია:
2008 წელს რუმინეთის მოქალაქე ბოგდან მიხაი ბარბულესკუმ ევროსასამართლოს მიმართა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. მისი აზრით, დამსაქმებლის მიერ მისი სამსახურებრივი ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებიდან - მესინჯერიდან დამსაქმებლის მიმოწერის წაკითხვა, წარმოადგენდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. მომჩივანი აცხადებდა, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება მისი შრომითი ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით, დაფუძნებული იყო მისი პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის უფლების დარღვევაზე და შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ვერ დაიცვეს მისი უფლება. ევროსასამართლომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე
კატეგორია:
2008 წლის 30 მარტს საკვირაო გაზეთში „News of the World“, გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ფორმულა 1-ის ბოსს ავადმყოფური ნაცისტური ორგია აქვს ხუთ მეძავთან". სტატია იწყებოდა წინადადებით, "ფორმულა 1-ის ავტომრბოლელი მაქს მოსლი გამოაშკარავდა როგორც ფარული სადომაზოხისტური სექსუალური გარყვნილი". გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა ე.წ. „ორგიაში“ მონაწილე ერთ-ერთი პირის მიერ ფარულად გადაღებული ვიდეოდან ამოღებული ფოტოებიც. ფორმულა 1-ის ავტომრბოლელმა მაქს მოსლიმ ჯერ ადგილობრივ სასამართლოებს, შემდეგ კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევასთან დაკავშირებით მიმართა. ევროსასამართლომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე
კატეგორია:
2002 წელს, ერთ-ერთ საზაფხულო ბანაკში 9 წლის ბიჭი 12 წლის მოზარდებმა სცემეს და მასზე სექსუალურად იძალადეს. ერთ-ერთი ბრალდებული ფედერალური მოსამართლეების შვილი იყო, მეორე კი, ივანოვოს რეგიონული საგზაო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის მეორე ცოლის შვილიშვილი. ეს ფაქტი გახმაურდა და მედიის დიდი ყურადღება მიიქცია. თემაზე აქტიურად წერდა გამოცემა „ივანოვო-პრესაც“.

2002 წლის 3 სექტემბერს, საზაფხულო ბანაკში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „განკითხვის დღე“ (Час расплаты). „ეს შემთხვევა განსაკუთრებით სამარცხვინოა, ვინაიდან ერთ-ერთი პატარა ნაძირლის მშობლები რაიონული სასამართლოს მოსამართლეები არიან, ხოლო მეორის ახლო ნათესავი კი, რეგიონული საგზაო პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელია“, აღნიშნული იყო სტატიაში. ამავე მასალაში ვკითხულობდით, რომ ბავშვებთან ერთად, პასუხი მათმა მშობლებმაც უნდა აგონ. ამ მასალაში არც ბავშვებისა და არც მათი მშობლების ვინაობა დასახელებული არ ყოფილა. მომდევნო სტატიებში კი ბავშვებისა და მშობლების სახელები და გვარებიც დაიწერა.

ბავშვების მშობლებმა ადგილობრივ სასამართლოს, გამოცემის წინააღმდეგ, ცილისწამებისა და პირად ცხოვრებაში ჩარევის გამო მიმართეს და პროცესი მოიგეს. სასამართლომ დაადგინა, რომ გაზეთს უნდა გამოექვეყნებინათ ინფორმაცია, მათ მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებების ოფიციალურად უარყოფის შესახებ და ბოდიში უნდა მოეხადათ. გარდა ამისა, გამოცემას უნდა გადაეხადა კომპენსაცია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3,000 რუსული რუბლის ოდენობით, რაც დაახლოებით 85 ევროს ეკვივალენტია .

გამოცემამ მიიჩნია, რომ ადგილობრივი სასამრთლოს ამ გადაწყვეტილებით, დაირღვა ევროკონვენციის მეათე მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება და ევროსასამართლოს მიმართა. ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვებისა და მათი მშობლების ვინაობის დასახელების მიმართ არ არსებობდა ლეგიტიმური საჯარო ინტერესი, ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეზე დაწყებული სამართალწარმოების პროცესი არ უკავშირდებოდა მათი მშობლების საქმიანობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელია ოფიციალური პირისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მისი ოჯახის წევრების გამო.

სასამართლოს მსჯელობაში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტის უფლება, გაავრცელოს ინფორმაცია სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, არ უნდა იყოს უპირატესი, არასრულწლოვნის უფლებაზე, პირადი ცხოვრების ეფექტიან დაცვასთან დაკავშირებით. „უდავოა, რომ არასრულწლოვნის გვარის არაერთხელ ხსენებამ პრესაში საზაფხულო ბანაკში მომხდარ დასაგმობ ინციდენტთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ზიანი მიაყენა მის მორალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას, და პირად ცხოვრებას“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მეათე მუხლი არ დარღვეულა. სასამართლომ ასევე იმსჯელა ჩარევის პროპორციულობაზე და აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობა, რომლის გადახდა განმცხადებელს დაეკისრა მოსარჩელეებისთვის, არ იყო გადაჭარბებული.

„არ არსებობს საფუძველი იმის მტკიცებისა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გადააჭარბეს მათზე მინიჭებული უფლებების ზღვარს. აქედან გამომდინარე, სასამართლო ადასტურებს, რომ გასაჩივრებული ჩარევა არ იყო არაპროპორციული კანონიერ მიზანთან და შესაბამისად, ის შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში" კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,“ - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე
კატეგორია:
ავსტრიულ გამოცემა Der Standard - ში 2004 წლის ნომერში საშინაო პოლიტიკის რუბრიკაში დაიბეჭდა სტატია, სათაურით „ჭორებით ვაჭრობა“. მასალაში მიმოხილული იყო ქალაქში გავრცელებული ჭორი, რომ მაშინდელი ფედერალური პრეზიდენტი და პირველი ლედი განქორწინებას აპირებდნენ. ასევე, მინიშნებული იყო, რომ პირველ ლედის სასიყვარულო ურთიერთობა პარალელურად, სხვა მამაკაცთანაც ჰქონდა. პრეზიდენტის ოჯახმა გამოცემას ადგილობრივ სასამართლოში უჩივლა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ Der Standard-ი ამ სტატიით უხეშად შეიჭრა მათ პირად ცხოვრებაში. სასმართლო პროცესი პრეზიდენტის ოჯახმა მოიგო და გამოცემას 12 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. Der Standard -მა მიიჩნია, რომ ადგილობრივი სასამართლოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით, შეილახა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება და სწორედ ამიტომ, ევროსასამართლოს მიმართა.

ევროსასამართლო მსჯელობაში აღნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს, იმის მიუხედავად, რომ ის საჯარო პირია, უნდა ჰქონდეს პირადი ცხოვრების დაცვისა და პატივისცემის „სამართლიანი მოლოდინი“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოცემის მიერ საპრეზიდენტო წყვილის შესახებ გავრცელებული ჭორის მიმართ, არ არსებობდა საჯარო ინტერესი, ეს ინფორმაცია გავლენას არ ახდენდა პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებაზე, შესაბამისად, ევროკონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

მოსამართლეთა ამგვარ მსჯელობას არ დაეთანხმა კოლეგიის ორი მოსამართლე, გადაწყვეტილებაში მოცემულია მათი განსხვავებული აზრიც. ისინი აღნიშნავენ, რომ სტატიას პირადი ცხოვრების შესახებ, ჰქონდა საჯარო ინტერესი, რადგან მის მიზანს წარმოადგენდა ვენის საზოგადოების იმ ეგრეთ წოდებული ზედა ფენის, ელიტის დამოკიდებულების კრიტიკა, რომლის ძირითად საქმიანობად, იმ პერიოდში, საპრეზიდენტო წყვილის შესახებ გავრცელებული ჭორების მიმოხილვა იყო. მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ პრეზიდენტის ქორწინების მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია და ამიტომ, ეროვნულმა სასამართლომ დაარღვია თავისი დისკრეციული უფლება, როცა მომჩივანი კომპანიის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩაერია. შესაბამისად, ამ ორი მოსამართლის აზრით, დაირღვა მე-10 მუხლი.

გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე
კატეგორია:
გაზეთმა 2000 წელს გამოქვეყნა სტატია, რომელიც მუნიციპალიტეტის დაგეგმვისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსის საქმიანობის შეხებოდა. დეპარტამენტის უფროსი მიიჩნევდა, რომ გაზეთი მას ცილს სწამებდა. სტატიის ადრესატმა ადგილობრივ სასამართლოებს მიმართა, სადაც გაზეთის მხრიდან ცილისწამება დადგინდა.გამოცემამ მიიჩნია, რომ ადგილობრივი სასამართლოების ამგვარი გადაწყვეტილებით შეილახა ევროკონვენციის მეათე მუხლი (სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება) და ევროსასამართლოსაც სწორედ ამ მუხლით მიმართა.ევროსასამართლომ საქმეზე მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე.
კატეგორია:
2005 წელს გაზეთმა “პრავოე დელომ“ და მისმა რედაქტორმა შტეკელმა უკრაინის წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიმართეს, ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე- 10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა).

იმ პერიოდისთვის, „პრავოე დელო“ იყო ადგილობრივი გაზეთი, რომელიც კვირაში სამჯერ გამოდიოდა 3,000-იანი ტირაჟით. იგი აქვეყნებდა მოხსენებებს და მასალებს უკრაინაში, უფრო ზუსტად, ოდესაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ. სახსრების სიმცირის გამო, გაზეთი ხშირად ბეჭდავდა სხვადასხვა საჯარო წყაროდან, მათ შორის ინტერნეტიდან მოპოვებულ სტატიებს.

2003 წელს, გამოცემამ უცვლელად და წყაროს მითითებით გადმოაკოპირა სხვა საიტზე გამოქვეყნებული ანონიმური წერილი, რომელშიც, უშიშროების სამსახურის ოდესის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დადანაშაულებული იყო კრიმინალურ ჯგუფთან კავშირში. გამოქვეყნებულ წერილს თან ერთვოდა რედაქტორის მინაწერიც, სადაც ის ხაზს უსვამდა, რომ წერილი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ქვეყნდებოდა და ამბის მონაწილე ყველა მხარეს, საქმის შესახებ საჯარო დისკუსიას და მათი მოსაზრებების გამოქვეყნებას სთავაზობდა. წერილში ჩამოთვლილი იყო კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც კრიმინალური ჯგუფის წევრებად მოიხსენიეს. ერთ-ერთმა მათგანმა, გ.ტ-მ გაზეთის წინააღმდეგ, ცილისწამების მუხლით ადგილობრივ სასამართლოს მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, იყო ცილისმწამებლური და ლახავდა მის საქმიან რეპუტაციას. ის სასამართლოსგან ითხოვდა, რომ რედაქციას გამოექვეყნებინა უარყოფის წერილი, მოეხადა ბოდიში და გადაეხადა კომპენსაცია 200,000 უკრაინული გრივნის ოდენობით.

რედაქცია განმარტავდა, რომ გამოქვეყნებულ წერილზე მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ, რადგან მათ უბრალოდ სხვა ვებსაიტიდან დააკოპირეს წერილი, ინფორმაცია არ ყოფილა გამოცემის მიერ მოპოვებული და დამუშავებული, შესაბამისად, მის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ. გარდა ამისა, ჟურნალისტები მიუთითებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ ცილისმწამებლური მიზანი და მასალების გამოქვეყნებისას, ისინი მიზნად ისახავდნენ საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვეს საკითხზე, რომელსაც იმ დროისთვის საზოგადოებრივი ინტერესი გააჩნდა. ადგილობრივმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს გაზეთის პოზიცია და დაავალეს ინფორმაციის უარყოფა, ბოდიშის მოხდა და კომპენსაციის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს შემდგომმა ინსტანციებმაც, საბოლოოდ გამოცემამ ევროსასამართლოს მიმართა.

ევროსასამართლომ ამ საქმეზე მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა, რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ რომ ცილისწამების შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობა არ იყო საკმარისად ნათელი და განჭვრეტადი. ევროსასამართლო უთითებს, რომ კონვენციის მეათე მუხლის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში უნდა იყოს კანონიერი. კანონი უნდა შეესაბამებოდეს “ხარისხის” გარკვეულ მოთხოვნებს. უფრო ზუსტად, რეგულირება არ შეიძლება იქნას მიჩნეული “კანონად,” თუ იგი ცხადი, ისე რომ მოქალაქემ შეძლოს განჭვრიტოს, მის ამათუიმ კონკრეტულ ქმედებას, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ევროსასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბოდიშის მოხდას, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნების საპირწონედ, უკრაინული კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებდა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა სასამართლომ გაზეთს დაავალა არა მხოლოდ კომპენსაციის გადახდა, არამედ ინფორმაციის უარყოფა და ბოდიშის მოხდა. ამ პირობებში, სასამართლო ადგენს, რომ ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი არ ეფუძნებოდა კანონს და შესაბამისად, ამ ნაწილში დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი.

„უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად, ჟურნალისტებს არ შეიძლება დაეკისროთ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ცილისწამების საქმეებში, როცა ისინი არ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას განზრახ, როცა მოქმედებენ კეთილსინდისიერად და ამოწმებენ ინფორმაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოცემის ჟურნალისტებმა, აღნიშნეს, რომ მასალის გამოქვეყნებისას ისინი არ მოქმედებდნენ მოსარჩელის მიმართ სულ ოდნავი ცილისმწამებლურად ბოროტი განზრახვითაც კი, თემის მიმართ კი საჯარო ინტერესი არსებობდა, გამოცემა მიზნად ისახავდა დებატების და დისკუსიის გამართვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე. მათი ეს პოზიცია საერთოდ არ იქნა გაზიარებული ადგილობრივი სასამართლოების მიერ“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე

კატეგორია:
გაზეთმა ტაიმსმა 2002 წლის 28 ოქტომბერს და 2003 წლის 28 ივლისს ევროსასამართლოს ორი საჩივარი წარუდგინა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. საქმე ეხება ინტერნეტში მასალის გამოქვეყნების წესს, ცილისმწამებლური მასალის ინტერნეტარქივეში განთავსებასა და გამოქვეყნების ხანდაზმულობის ვადებს. 

გდაწვეტილება სრულად, ქართულ ენაზე
კატეგორია:
უნგრეთის ინტერნეტ კონტენტის პროვაიდერთა ასოციაციის (MTE) და უნგრეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ გამოცემა INDEX-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები ეხებოდა უძრავი ქონების ვებგვერდების საქმიანობას. ამ მასალების კომენტარების ველში მომხმარებლები შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდნენ ვებგვერდის მფლობელი კომპანიის მიმართ. კომპანიამ ადგილობრივ სასამართლოს მიმართა. მოსარჩელის აზრით, კომენტარების ველში გამოთქმული მოსაზრებები ლახავდა მის საქმიან რეპუტაციას. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მისი პოზიცია, სააპელაციო სასამართლომაც თქვა, რომ შეილახა კომპანიის რეპუტაცია და კომენტარებზე პასუხისმგებლობა დააკისრა MTE-სა და INDEX-ს.

MTE-სა და INDEX-მა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მკითხველების მიერ გაკეთებული კომენტარები არ გამოხატავდა პორტალების მოსაზრებას და მათ შინაარსზე კომენტარების ავტორები იყვნენ პასუხისმგებლები. შესაბამისად, შეიზღუდა მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება.

ევროპის სასამართლომ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა ინტერნეტის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ბალანსი ერთი მხრივ, მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და მეორეს მხრივ, მე-8 მუხლით დადგენილ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას შორის. ევროპის სასამართლომ შეაფასა, რამდენად იყო დასაბუთებული ადგილობრივი სასამართლოს მიერ მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა.

ევროპის სასამართლო აღნიშნავს, რომ კომენტარები არ შეიცავდა მკაფიოდ არამართლზომიერ და სიძულვილის ენას ან ძალადობისკენ წაქეზებას. ეროვნულ სასამართლოს კი დამატებით არ შეუფასებია კომენტარების შინაარსი, მიიჩნია არამართლზომიერად, ვინაიდან მათ შელახეს კომპანიის რეპუტაცია.

სიძულვილის ენის და ძალადობის წამქეზებელ კომენტარების არ წაშლის გამო მსხვილი ახალი ამბების მსხვილი ინტერნეტ პორტალების პასუხისმგებლობის შეფასებისთვის სასამართლოს დადგენილი აქვს შემდეგი კრიტერიუმები (Delfi v Estonia): კომენტარების კონტექსტი, განმცხადებელი კომპანიის მიერ გამოყენებული ღონისძიებები ცილისმწამებლური კომენტარების თავიდან აცილების ან წაშლის მიზნით, კომენტარების რეალური ავტორების პასუხისმგებლობა, როგორც შუამავლის პასუხისმგებლობის ალტერნატივა და ეროვნული სამართალწარმოების შედეგები განმცხადებელი კომპანიისთვის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ MTE-სა და INDEX-ის მიერ საკუთარი პლატფორმის დათმობა მესამე მხარისთვის მოსაზრების გამოსახატავად „წარმოადგენს განსაკუთრებული ხასიათის ჟურნალისტურ საქმიანობას“. იმ შემთხვევაშიც კი აღნიშნული კომენტარები დისკრედიტაციას რომ შეიცავდეს, „რთულია მომჩივანებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შეჯერება არსებული პრეცედენტული სამართალით დადგენილ მიდგომებთან, რომლის შესაბამისადაც „ჟურნალისტის დასჯა ინტერვიუს დროს სხვა პირის მიერ გაკეთებული განცხადებების გავრცელებაში დახმარების გამო სერიოზულად შეზღუდავდა პრესის წვლილს იმ საკითხების განხილვის ხელშეწყობაში, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენენ. ეს დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამისთვის სერიოზული საფუძველი არსებობს“.

სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივნებმა მიიღეს გარკვეული ზოგადი ზომები საკუთარ ვებგვერდებზე მადისკრედიტირებელი კომენტარების განთავსების თავიდან აცილების ან მათი წაშლისთვის.

უნგრეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გაუფილტრავი კომენტარების განთავსების ნების დართვით, მომჩივნებს უნდა ჰქონოდათ იმის მოლოდინი, რომ ზოგიერთი მათგანი კანონს დაარღვევდა. ევროპის სასამართლოსთვის ეს წარმოადგენს ქმედებას, რომელიც მოითხოვს გადაჭარბებულ და შეუსრულებად წინდახედულობას, რომელსაც შეუძლია ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის შეტყობინების უფლების თავისუფლება შებღალოს.

ამ არგუმენტების გათვალისწინებით ევროპის სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე.

კატეგორია:
2006 წელს ესტონეთის ერთ-ერთმა დიდმა საინფორმაციო პორტალმა „დელფიმ“ საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა სტატია ერთ-ერთი კერძო კომპანიის შესახებ. მომდევნო დღეს სტატიას ჰქონდა 185 კომენტარი. მათგან 20 შეიცავდა პირად მუქარასა და შეურაცხმყოფელ ენას კომპანიის მისამართით. თვენახევრის შემდეგ კომპანიის ადვოკატმა მედიაორგანიზაციას მოსთხოვა კომენტარების წაშლა და არამატერიალური ზიანისთვის ფულის გადახდა. კომპანიამ კომენტარები წაშალა, მაგრამ ფულის გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლო დავა დიდხანს გაგრძელდა, საოლქო სასმართლომ კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა წარმოებაში დააბრუნა. ამის შემდეგ, საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ თავად სტატია, რომელიც „დელფის“ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა, დაბალანსებული იყო, მაგრამ სტატიის ქვემოთ არსებული კომენტარები კომპანიის მიმართ ცილისმწამებლური იყო და ზიანს აყენებდა მას.

ეს გადაწყვეტილება „დელფიმ“ გაასაჩივრა, თუმცა როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა, ამიტომაც საბოლოოდ მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. საინფორმაციო პორტალი მიიჩნევდა, რომ მე-10 მუხლით დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.

ევროსასამართლომ გაიზიარა ადგილობრივი სასამართლოს პოზიცია და გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „დელფიმ“ არ გაატარა საკმარისი ღონისძიებები, სიძულვილის ენისა და ძალადობის წამქეზებელი მოწოდებების შემცველი კომენტარების დაუყოვნებლივ წასაშლელად. ამასთან, ევროსასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ესტონეთის სასამართლოს ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში იყო ლეგიტიმური, „დელფისთვის“ დაწესებული სანქცია კი - პროპორციული. ამიტომაც, მეათხე მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

დელფი ას ესტონეთის წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე.

კატეგორია:
საქმე აჰმედ ილდირიმი თურქეთის წინააღმდეგ შეეხება ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვას. 2009 წელს თურქეთის პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით დაიბლოკა პლატფორმა googlesite- ზე განთავსებული ერთ-ერთ საიტი, რომლის მფლობელსაც ბრალად ათათურქის ხსოვნის შეურაცხყოფა ედებოდა, რაც თურქული კანონმდებლობით დანაშაულია. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამ კონკრეტულ საიტთან ერთად დაიბლოკა Google Sites-ის დომენზე არსებული ყველა სხვა საიტიც, მათ შორის აჰმედ ილდირიმის პირადი ვებგვერდიც, სადაც ის აკადემიურ ნაშრომებს და მოსაზრებებს აქვეყნებდა.

2009 წლის 1 ივლისს ილდირიმმა მოითხოვა დაბლოკვის შესახებ ბრძანების გაუქმება მის ვებგვერდთან დაკავშირებით. ის აღნიშნავდა, რომ ამ ღონისძიებამ შეუზღუდა ყოველგვარი წვდომა გვერდზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა უკანონო შინაარსის გამო დაბლოკილ საიტთან. უფრო კონკრეტულად კი ის ამტკიცებდა, უნდა შერჩეულიყო მეთოდი, რომელიც მხოლოდ დარღვევების შემცველ ვებგვერდს გახდიდა მიუწვდომელს და არა მთლიან პლატფორმას.

2009 წლის 13 ივლისს დენიზლის სისხლის სამართლის სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. მან მიიჩნია, რომ დაბლოკვის შესახებ ბრძანების თანახმად დარღვევების შემცველი ვებგვერდზე წვდომის აკრძალვის ერთადერთ გზა Google Sites სერვისზე წვდომის სრული დაბლოკვა იყო.

ამის შემდეგ, ილდირიმმა ევროსასამართლოს მიმართა. ის აღნიშნავდა, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მეათე მუხლი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას გულისხმობს. განმცხადებელი აცხადებდა, რომ Google Sites-ის დაბლოკვა უტოლდებოდა არაპირდაპირ ცენზურას.

ევროსასამართლომ საქმეზე იმსჯელა და მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა, თურქეთის სახელმწიფოს კი ილდირიმისთვის 8 500 ევროს გადახდა დააკისრა.

ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ Google Sites-ი არის Google-ის მომსახურება, რომელიც შექმნილია ჯგუფის ფარგლებში ვებგვერდების შექმნისა და გაზიარების ხელშესაწყობად და შესაბამისად წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საშუალებას.

„ეს გარემოებები საკმარისია სასამართლოსთვის იმის დასადგენად, რომ სადავო ღონისძიება უტოლდებოდა “სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ჩარევას” განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაზე უფლებაში, რომლის განუყოფელი ნაწილია ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების თავისუფლება“ - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.