გამოტოვებული თემები
კატეგორია: სიახლე
23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ სცნო და 9 წელი მიუსაჯა. მასთან ერთად, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მის მოადგილეს, ბრალდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილს.

ეს თემა გაშუქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და TV პირველის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა სიახლე ვერ მოხვდა 9-საათიან “კურიერში”.
კატეგორია: სიახლე
რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედიის” შვილობილი NTV Plus საქართველოს ტელებაზარზე შემოდის. NTV Plus-ის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფია“. ეს უკანასკნელი 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50%–ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%–ს კი – გულნარა ხეჩოშვილი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 10 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ პროპაგანდისტულ მედიაკამპანიას.

NTV Plus-ის საქართველოს ტელებაზარზე შემოსვლა მაუწყებლებისთვის ერთ-ერთი ძირითად თემა იყო, რომელიც მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გააშუქეს. გამონაკლისი აღმოჩნდა ტელეკომპანია „იმედი“, - საკითხი „ქრონიკის“ 20:00 საათიან გამოშვებაში ვერ მოხვდა.  "იმედს"ეს თემა არც დღის სხვა გამოშვებებში გაუშუქებია.
კატეგორია: სიახლე
2018 წლის 14 მარტს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა. წასვლის მიზეზად მან ხელმძღვანელთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაასახელა. 15 მარტს ბაგრატიამ პრესკონფერენაცია გამართა და თანამდებობიდან წასვლის მიზეზები დეტალურად განმარტა. მისი თქმით, რეორგანიზაციის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკრეტული პირის უპირობო დანიშვნას მოითხოვდა. რაზეც ბაგრატიამ, მისივე თქმით, უარი განაცხადა და თანამდებობა დატოვა. სხვა არხებისგან განსხვავებით, ეს ამბავი 15 მარტის 9 საათიან "მოამბეში" ვერ მოხვდა.
კატეგორია: სიახლე
23 თებერვალს ifact-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა “თბილისი პანორამას” გოლფის მოედანის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. პანორამა თბილისი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.

შემთხვევა 21 იანვარს მოხდა, თუმცა ამ დრომდე მუშის გარდაცვალების შესახებ არ გამხდარა ცნობილი. 23 თებერვალს კი ეს ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2-სა” და “TV პირველისგან” განსხვავებით, არ მოხვდა ტელეკომპანია “იმედის” 23 თებერვლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი მთავარი საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.
კატეგორია: სიახლე
20 თებერვალს ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები უჩნდება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანია “იბერიასაც”.

“არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით”, - განაცხადა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

ეს თემა “იმედის”, “რუსთავი 2-სა” და “TV პირველისგან” განსხვავებით, არ მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ხელისუფლების მხრიდან “TV პირველის” სარედაქციო პოლიტიკაში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებული ინფორმაციაც არ გააშუქა.
კატეგორია: სიახლე
16 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მედიის უახლესი გამოწვევების შესახებ გამართულ მრგვალ მაგიდაზე, ტელეკომპანია “პირველის” პოლიტიკური გადაცემის წამყვანებმა, ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ხელისუფლების მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, გარკვეული ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრეს. ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, დღეს ხელისუფლებას ბაზარზე არსებული პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიასივრცის არსებობა დისკომფორტს უქმნის. შეხვედრაზე, "რუსთავი-2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკითხის შესახებ მეტი დეტალის გასაჯაროება მოითხოვა.

ეს თემა საერთოდ ვერ მოხვდა ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გააშუქა მოკლე კადრ-სინქრონის სახით, „ტვ პირველის“ საკითხი კი აქაც ყურადღების მიღმა დარჩა.
კატეგორია: სიახლე
14 თებერვალს, თბილისსა და ბათუმში, შრომის ინსპექციის შექმნისა და შრომის უსაფრთოხების უზრუნველყოფის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ 13 თებერვალს მშენებარე შენობის მეხუთე სართულიდან კიდევ ერთი მუშა, 26 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა და დაიღუპა. ეს თემა "მოამბის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა.
კატეგორია: სიახლე
6 თებერვალს პატიმართა წამებასა და არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებული 7 პირის მიმართ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმის მასალების თანახმად, 2010-2012 წლებში ბრალდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობდნენ. სასამართლო განაჩენი საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი თემა იყო, საკითხზე მასალა 8 საათიანმა „ქრონიკამაც“ მოამზადა. ტელეკომპანია „პირველის“ და „რუსთავი-2-ის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში კი ეს თემა ვერ მოხვდა.
კატეგორია: სიახლე
საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას 372 011 ლარს უხდის. მაუწყებელი კომპანიისგან ორი გადაცემისთვის საჭირო განათებებს ქირაობს, ეს გადაცემებია - „არჩევნები 2017“ და “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად”. მაუწყებელმა მომსახურების შესაძენად ტენდერი 10 ოქტომბერს გამოაცხადა და მასში მხოლოდ ბერა ივანიშვილის კომპანია - "სილქ ფაქტორი სტუდიო" მონაწილეობდა. ამის შესახებ ცნობილი 24 ოქტომბერს „ნეტგაზეთის“ მასალიდან გახდა, თემის მიმართ საჯარო ინტერესიც სწორედ ამ დღეს გაჩნდა. მიუხედავად ამისა, თემა 8 საათიან „მოამბეში“ ვერ მოხვდა.
კატეგორია: სიახლე
4 ოქტომბერს, სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ თბილისის 170-მდე საბავშვო ბაღის დირექტორს, თითოეულს 100-დან 200-მდე მხარდამჭერთა სიის შედგენა და სააგენტოში მიტანა დაევალა. 5 ოქტომბერს, გამოძიების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, თემა საინფორმაციო გამოშვებების დღის წესრიგში პირველივე ბლოკში მოხვდა. გამონაკლისი მხოლოდ 8 საათიანი „მოამბე“ იყო, რომელშიც საკითხი არ გაშუქებულა. 5 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში შემდეგი თემები მოხვდა:



კატეგორია: სიახლე
საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის მხრიდან დახმარების შეთავაზებას. 26 აგვისტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე ამბობდა, რომ დახმარებისთვის გაეროს მიმართეს, შესაბამისად, რუსეთს ხანძრის ჩასაქრობად მოთხოვნა არა საქართველომ, არამედ გაერომ გაუგზავნა. ამავეს ამბობდა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე: „არანაირი დახმარება ქართულ მხარეს რუსეთისთვის პირდაპირ არ უთხოვია. გაეროს ფარგლებში რუსეთმა გადაწყვიტა, რომ შემოეთავაზებინა დახმარება“.

28 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. "რუსთავი-2" დაუკავშირდა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს. მან დაადასტურა, რომ რუსეთმა საქართველოსგან ნოტა მიიღო, რომელშიც ხელისუფლება ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას ითხოვდა. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჩართვაზე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადებაც გაავრცელა და მაყურებელს მისი შინაარსი გააცნო. სამინისტრო ამ განცხადებაში ადასტურებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები შედგა. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველომ ხანძრის ჩასაქრობად მოიძია ყველა საჭირო ტექნიკა, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდანაც. სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე ჯერ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ესაუბრა, შემდეგ კი შვეიცარიის საელჩოს გავლით რუსეთს საქართველოსგან ნოტა გაეგზავნა. საკითხით დაინტერესდნენ სხვა მედიასაშუალებებიც. მეორე დღეს, 29 აგვისტოს თემა გააგრძელა „კურიერმა“, ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტები “იმედისა” და "tv პირველის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებშიც გავიდა. ამ არხებისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 საათიან “მოამბეში” ეს თემა ვერ მოხვდა.
კატეგორია: სიახლე
26 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილის შედეგები წარმოადგინა. ამ ნაწილში საუბარი იყო ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის თემებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კვლევის შედეგები 26 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ვერ მოხვდა, თუმცა ის გააშუქეს, რუსთავი 2-ის, იმედისა და TV პირველის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებებმა.

კითხვარს შორის მოხვდა ისეთი აქტუალური საკითხები, რომლის განხილვა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, მათ შორისაა საკონსტიტუციო რეფორმა, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არსებული სასჯელი. მათგან თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა კვლევის გასაჯაროების დღეს დაძლია.

კვლევიდან ირკვეოდა, რომ გამოკითხულთა 44%-მა არ იცოდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდებოდა, 59%-სთვის კი მიუღებელი იყო ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება და ერთი ხელმძღვანელის არსებობა. საერთო ჯამში ამ ცვლილებას ქვეყნისთვის უარყოფითი გავლენის მომტანად 45% აფასებდა.

NDI-ის კვლევით გაირკვა, რომ გამოკითხულთა 60%-მა არ იცის საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. იმ ადამიანებიდან ვინც იცოდა (32%) რეფორმის შესახებ, ნახევარზე მეტი (59%) ამბობდა, რომ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების პირად მოხმარებასთან არსებულ დანაშაულს: გამოკითხულთა 57% მიიჩნევდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისთვის ადამიანები სასჯელს ციხეში არ უნდა იხდიდნენ.