კატეგორია: სიახლე
„ნეტგაზეთი“ სარედაქციო წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორი ჟურნალისტი, რომელიც 2016 წლის იანვრის ბოლომდე თანამშრომლობდა გამოცემასთან, სისტემატურად მიმართავდა პლაგიატს.

გამოცემა ორი თვის განმავლობაში ატარებდა შიდა გამოძიებას: „ისინი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, კომენტარებს, ინტერვიუებს ასაღებდნენ თავიანთ ნამუშევრებად და უგზავნიდნენ ნეტგაზეთს. საქმე ეხება 2014-15 წლებში გამოქვეყნებულ სტატიებს სამხრეთი კავკასიის რეგიონის შესახებ” - ვკითხულობთ სარედაქციო წერილში.

როგორც წერილიდან ვიგებთ, რედაქციის შიდა გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა სწორედ ერთ-ერთი ავტორის სტატია, რომელიც არ გამოქვეყნებულა: “სტატია 2016 წლის იანვარში მივიღეთ, მასში პლაგიატის შემთხვევა აღმოვაჩინეთ და გადავწყვიტეთ მისი და სხვა ავტორის მიერ მომზადებული ყველა სტატია შეგვემოწმებინა. თუმცა პლაგიატის პრაქტიკა მხოლოდ ორი ავტორის ტექსტებში აღმოჩნდა“.

გამოცემამ პლაგიატის დადასტურების შემდეგ, ჟურნალისტებთან კონტრაქტი გაწყვიტა: „ჩვენი გამოძიების შემდეგ საიტიდან წაშლილია ორივე ავტორის მიერ 2014-16 წლებში გამოქვეყნებული 40-ზე მეტი სტატია. ამ სტატიების ლინკები კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა საკუთრივ სტატიის ნაცვლად ნახავთ წარწერას, რომ ტექსტი წაშლილია აღმოჩენილი პლაგიატის გამო. სტატიების წაშლის გარდა, “ნეტგაზეთმა” გაუგზავნა ბოდიშის წერილები 40-ზე მეტ გამოცემას – ვებგვერდებს, რომლებიდანაც ორივე ჟურნალისტი პირდაპირ იწერდა სხვადასხვა ინფორმაციას, საკუთარ ნამუშევრად ასაღებდა და ამ ქმედებების შედეგად მიღებულ ტექსტებს “ნეტგაზეთზე” ვაქვეყნებდით” - განმარტავს გამოცემა.

ნეტგაზეთი, მომხდარის გამო, მკითხველს და კოლეგებს ბოდიშს უხდის: „ჩვენ მზად ვართ, კვლავ ვიმუშაოთ თქვენი ნდობის მოსაპოვებლად, თუ ის დავკარგეთ ამ ძალიან უსიამოვნო შემთხვევის გამო”.

რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი კი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს: „ყველაზე მძიმე შეცდომა ჩემს, როგორც რედაქტორის პრაქტიკაში, რაც განაპირობა გაუმართლებელმა ნდობამ ამ ავტორებისა და მათი რეკომენდატორებისადმი, თუმცა მიზეზებს მკითხველისთვის, ცხადია, არ აქვს მნიშვნელობა... ამიტომაც ნეტგაზეთის ამ პროექტში მეც აღარ ვიქნები ჩართული. ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, ვუხდი ბოდიშს ჩვენს მკითხველებსა და გულშემატკივრებს“.

აღსანიშნავია, რომ ესაა პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა გამოცემა თავადვე ღიად აცხადებს აღმოჩენილი პლაგიატის შესახებ, ბოდიშს უხდის მკითხველს და საქმის დეტალებს სარედაქციო წერილის სახით აცნობს აუდიტორიას.