პროპაგანდა
კატეგორია: სიახლე
“საბერძნეთში ლტოლვილები პოლიციელებს თავს დაესხნენ” - ამ მანიპულაციური სათაურით 21 მარტს მასალა გამოაქვეყნა geworld.ge-მ: - ვკითულობთ მასალაში. პირველწაყროში, რომელსაც Geworld.ge ეყრდნობა, წერია, რომ საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, რვა პოლიციელი ლტოლვილთა ბანაკში არეულობის შედეგად დაშავდა.

“არეულობა დაახლოებით 150-მა მიგრანტმა დაიწყო. პროტესტი გამოიწვია განკარგულებამ, რომლის ძალითაც მათ კუნძულის დატოვება აეკრძალათ. უკმაყოფილო ადამიანებმა ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი პოლიციელებს შეუტიეს, რომლებიც არეულობის თავიდან ასაცილებლად ადგილზე მივიდნენ” - ვკითხულობთ geworld-ის მასალაში.

გარდა ამისა, მიგრანტების მიმართ უარყოფითი სარედაქციო პოლიტიკის მქონე “საქართველო და მსოფლიომ” მასალას დაურთო ფოტო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კუნძულ ლესბოსზე მომხდარ შემთხვევასთან. გუგლში ფოტოს ძიებით დგინდება, რომ ის დაახლოებით 3 წლის წინ არის პირველად გამოქვეყნებული.
კატეგორია: სიახლე
„გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი: ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის“ - ამ სათაურით, ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ ავრცელებს, მასალაში ვკითხულობთ: „გერმანიის ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გამოცემა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს“.

გერმანიის შს მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერ განცხადების შესახებ მასალა იძებნება „დოიჩე ველესა“ და The Washington Post-ზე, სადაც მოცემულია მინისტრის ციტატა და ამბის კონტექსტი. სინამდვილეში, მინისტრმა თქვა, რომ ისლამი, გერმანულ კულტურას არ ეკუთვნის, გერმანული კულტურის ფორმირება ქრისტიანობის საფუძველზე მოხდა. ხოლო, „საქართველო და მსოფლიომ“ ზეეჰოფერის ნათქვამი კონტექსტის გარეშე მიაწოდა მკითხველს, რაც ქმნიდა განწყობას, რომ გერმანიის შს მინისტრი ისლამოფობია.

„საქართველო და მსოფლიოს“ შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, მაშინ როცა წერს, რომ გერმანიის შს მინისტრის თქმით, „ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს“. „დოიჩე ველესა“ და The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, რომ მინისტრს დეპორტაცია არ უხსენებია. თუმცა, „დოიჩე ველეზე“ იძებნება მისი სხვა, უფრო ძველი განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა დაჩქარდეს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, უნდა დაჩქარდეს იმ პირთა დეპორტაცია, რომელთაც ლტოვილის სტატუსი არ მიენიჭათ და ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. ამ განცხადებაში მინისტრს მუსლიმები არ უხსენებია. „საქართველო და მსოფლიომ“ კი ორი განცხადება, რომელთაგან ერთი ისლამს, ხოლო მეორე დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდას ეხებოდა, და რომლებიც სხვადასხვა დროს გაკეთდა, ერთმანეთს დაუკავშირა და აუდიტორიას ერთად შესთავაზა.

რომა კალანდაძე
კატეგორია: ანალიზი
ქართული მედიასაშუალებების ნაწილი ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად აქტიურად იყენებს ბავშვებთან, მათ განათლებასთან, აღზრდასთან და ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს.

ძირითადად, იკვეთება ორი მიმართულება: პირველი, ბავშვებთან დაკავშირებით დასავლურ სახელმწიფოებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის მიზანსაც ბავშვების საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოადგენს, წარმოჩენილია უარყოფით კონტექსტში. კერძოდ, საკითხი შეფუთულია ისე, თითქოს დასავლური სახელმწიფოების მიზანია ბავშვების გარყვნა, ოჯახის ინსტიტუტისა და ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა.

მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ტენდენციაა ბავშვების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ინცესტის დაკანონებაზე, ოჯახებისთვის წართმევაზე და ა.შ. ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, გადაუმოწმებელი ფაქტი, ან მიზანმიმართული სიცრუეა.

მანიპულირება ფაქტებით

არის შემთხვევები, როცა ანტიდასავლური ქართული მედიასაშუალებები ევორპასა და აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს იმდაგვარად აწვდიან მკითვხელს, რომ მათ შეუქმნან უარყოფითი წარმოდგენები ზოგადად დასავლეთზე, კერძოდ, თუ როგორი გარყვნილია დასავლეთი და როგორ ებრძვის ის ოჯახსა და რელიგიას.

მაგალითად, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია “საქართველო და მსოფლიოს” მასალა სათაურით “ჰოლანდიელი მასწავლებელი ანატომიის გაკვეთილებზე ბავშვების თვალწინ შიშვლდება”. სინამდვილეში, ამბავი ეხება ბიოლოგიის მასწავლებელს, რომელიც ბავშვებსი წინაშე გამოდის სპეციალური კოსტუმით, რომელზეც აღბეჭდილია ადამიანის ძვლები და კუნთები.

ასევე უარყოფითი კონტექსტითაა შეფუთული ერთ-ერთი ნორვეგიული ტელეარხის მიერ მომზადებული სამეცნიერო გადაცემების სერია, რომელიც 8-12 წლის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. კერძოდ, გადაცემის მიზანია მაყურებელს აჩვენოს, როგორ ტრანსფორმირდება ბავშვის სხეული ზრდასთან ერთად. ბუნებრივია, რომ ამ გადაცემაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ინფორმაციას სქესობრივი მომწიფების შესახებაც. გადაცემის წამყვანი პროფესიით ექიმია, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მაყურებელს. აღნიშნული ამბის კონტექსტში, იმავე სტატიაში ნახსენებია, რომ საქართველოში მკვიდრდება განათლების ნორვეგიული მოდელი.

ქართულმა მედიასაშუალება “საქინფორმმა” მკითხველს არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდა ინფორმაცია ნიდერლანდების სამეფოში დაგეგმილი ახალი რეგულაციის შემოღების შესახებ. კერძოდ, გამოცემა წერს: “ჰოლანდიაში ბავშვებს ოთხი ერთსქესიანი მშობლის ყოლის ნებას დართავენ, ანუ რას გადაურჩა საქართველო”. სინამდვილეში, საქმე ეხება ნიდერლანდების მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს შეიძლება ჰყავდეთ ოთხი ლეგალური მშობელი. მაგალითად, თუ ბავშვის მშობლები განქორწინდებიან და სხვა ოჯახებს შექმნიან, მაშინ შესაძლოა, ბავშვზე მშობლის უფლება ორივე მშობლის წყვილს ჰქონდეს.

“საქართველო და მსოფლიომ” ასევე უარყოფითი კონტექსტით გააშუქა აშშ-ში, მინესოტას შტატში მიღებული წესები სკოლებისთვის, რომლის მიზანი ბავშვების სექსუალური იდენტობის ნიადაგზე განხორციელებული ჩაგვრისგან (ბულინგი) დაცვაა. ამ რეკომენდაციის მიხედვით, სკოლებმა ტრანსგენდერ ბავშვებს უნდა მიმართონ ნეიტრალურად,მაგალითად, “მოსწავლევ” და არ გამოიყენონ მიმართვისას სიტყვები “გოგო”, ან “ბიჭი”. აღნიშნული რეკომენდაციის მიღების მიზეზი გახდა სექსუალური იდენტობის ნიადაგზე ბავშვების ჩაგვრის, ბულინგის ფაქტები, რაც არაერთხელ დასრულებულა სუიციდით. მინესოტაში მიღებული რეკომენდაციის მიზანი კი სწორედ მსგავსი სახის ჩაგვრასთან ბრძოლაა.

სიცრუის ტირაჟირება

ფაქტების დამახინჯებისა და მანიპულაციის გარდა, ანტიდასავლური მედიასაშუალებები ხშირად მიმართავენ სიცრუის განზრახ ტირაჟირებას.

ქართული მედიასაშუალება “საქართველო და მსოფლიო” მკითხველს რეგულარულად სთავაზობს სტატიების სერიას სათაურით “უზნეობა დემოკრატიის სახელით”. აღნიშნული სათაურის ქვეშ გაერთიანებულა ის ამბები, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციის აზრით, ყველაზე კარგად წარმოაჩენს “დასავლეთის გარყვნილ სახეს”. აღნიშნული სერიის ფარგლებში, მედიასაშუალებამ მკითხველს 2017 წლის ივლისში მიაწოდა ინფორმაცია სათაურით “კანადაში მიღებული კანონით, მშობლებს, რომლებიც ლგბტ-ს აკრიტიკებენ, შვილებ სწაართმევენ”. სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ მშობლები გაბედავენ ლგბტ თემის იდეოლოგიის წინააღმდეგ სიტყვის ამოღებას ან, თუ ბიჭს დაუშლიან, უყვარდეს სხვა ბიჭი პარალელური კლასიდან, სახელმწიფოს უფლება ეძლევა, მშობლებს შვილი წაართვას.

აღნიშნულ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდნენ როგორც რუსული მედიასაშუალებები, ისე - კანადური და ამერიკული კონსერვატიული მედიასაშუალებების ნაწილი. არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ იმ მასშტაბსაც კი მიაღწია, რომ კანადის მთავრობამ დამატებითი განმარტებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ოჯახებს ბავშვებს არ წაართმევენ გენდერული იდენტობის მიუღებლობის გამო. სინამდვილეში, ონტარიოში მიღებული კანონის მიზანია ბავშვთა დაცვა მშობლების ძალადობისგან, თუ ეს ძალადობა ხდება სხვადასხვა მიზეზით და ამ მიზეზებს შორის კი ერთ-ერთია ბავშვის გენდერული იდენტობა.

მსგავსი, ცრუ ფაქტის შესახებ საუბარია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, “ქართულმა გაზეთმა” გამოაქვეყნა სტატია “იუვენალური ფაშიზმი”, სადაც ავტორი ამბობს, რომ იუველური ფაშიზმის მიზანია: შობადობის შემცირება მსოფლიოში, ოჯახების კონტროლი და ტერორი, ოჯახის ინტიტუტის ნგრევა, ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის სარფიანი ბიზნესი და ა.შ. ამის დასტურად მოყვანილია გერმანია, სადაც ავტორის თქმით, სრულიად ნორმალურ ოჯახებს დაუსაბუთებელი ბრალდებების და ცილისწამების საფუძველზე ბავშვებს ართმევენ და ინტერნატებში მიჰყავთ, მერე მინდობით აღზრდაში გადასცემენ. მიმღები ოჯახები ბავშვს ხშირად არასათანადოდ ექცევიან, ეს ბავშვები ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლებიც. გაზეთის ინფორმაციით, გავრცელებულია ამ ბავშვების სექსუალური უმცირესობებისთვის მიშვილებაც. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხშირია შემთხვევები, როცა „ერთსქესიანი ოჯახები“ ბავშვებს ცვლიან ერთმანეთში სექსუალური ორგიებისთვის.

სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ ხშირია ჩამორთმეული ბავშვების გაუჩინარების შემთხვევები, რადგან მათ ორგანოებით ვაჭრობისთვის იყენებენ. ამის ფონზე სტატიაში აღნიშნულია, რომ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით საქართველომაც მიიღო კანონი “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”, რომელმაც სწორედ ეს ნორმები დააკანონა და მოყვანილია მაგალითები, როდესაც საქართველოში კარგ დედებს ბავშვები დაუსაბუთებლად წაართვეს და მინდობით აღზრდაში გააშვილეს, ამიტომ ავტორის მტკიცებით, ეს კანონი ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგაა მიმართული.

სტატია ცალმხრივ გადაუმოწმებელ, დაუსაბუთებელ ინფორმაციას და ავტორის მოსაზრებებს ეყრდნობოდა. სტატიაში ასევე აღრეული იყო სხვადასხვა ცნება და სფერო. სრულიად დამახინჯებულად იყო გადმოცემული კანონებისა და რეფორმების ძირითადი არსი.

როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სტატიის მიზანი ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება იყო. ბავშვების თემა კი სენსიტიურობიდან გამომდინარე შეირჩა.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
“რას იზამდი, თუ გთხოვდით, დაგეწერა გამოგონილი ამბავი?” – ასე იხსენებს გასაუბრებაზე დასმულ კითხვას ამერიკელი ჟურნალისტი ენდრიუ ფეინბერგი, რომელმაც რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალება “სპუტნიკში” რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა.

“ჩემი ცხოვრება რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებაში”, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ფეინბერგმა სტატია ამერიკული მედიასაშუალება “პოლიტიკოს” საიტზე. ის იხსენებს რამდენიმეთვიანი მუშაობის გარემოებებს, მათ შორის, ფაქტების გაყალბების პრაქტიკას, რედაქტორებთან უსიამოვნო საუბრებსა და გასაუბრების დეტალებს.

ენდრიუ ფეინბერგმა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული და მართული “სპუტნიკის” ვაშინგტონის ბიუროში მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, გასაუბრებაზე დასმული კითხვა მის მიერ ცრუ ამბის გავრცელების შესაძლებლობას ეხებოდა, რაც მისთვის სიურპირზი აღმოჩნდა.

როგორც ფეინბერგი წერს, რა თქმა უნდა, მან იცოდა “სპუტნიკის” მფლობელებისა და მისი რეპუტაციის შესახებ, თუმცა ჩათვალა, რომ სიცრუის გავრცელებაზე დასმული კითხვა სწორედ მის გამოსაცდელად იყო მოფიქრებული, რაზეც მან უპასუხა: “მე სამსახურს დავტოვებ”.

“მე მაშინ ავხსენი, რომ არ იყო პრობლემა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებისთვის მემუშავა, მათ შორის რუსეთის მიერ დაფინანსებულშიც კი, თუ მექნებოდა ისეთივე სარედაქციო დამოუკიდებლობა, როგორიც ნებისმიერ სხვა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში. არსებობს სხვა უამრავი მედიასაშუალება, მათ შორის BBC, ამერიკის ხმა, სააგენტო ფრანს პრესი, ალ ჯაზირა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა შესანიშნავად მუშაობს,”, – წერს ენდრიუ ფეინბერგი.

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, მან მუშაობა 2017 წლის იანვარში დაიწყო და პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა სამ რედაქტორთან: პიტერ მარტინიჩევთან, ანასტასია შეველევასთან და ზლატკო კოვაჩთან. ფეინბერგის თქმით, ამ სამი რედაქტორიდან არც ერთმა არ იცოდა ამერიკული მედიის მუშაობის წესები და პრინციპები, მათ შორის ჟურნალისტის წყაროებთან ურთიერთობა და ა.შ.

ენდრიუ ფეინბერგი სპუტნიკის თეთრი სახლის კორესპონდენტი იყო. მან ერთ-ერთ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანს შონ სპაისერს ჰკითხა, დონალდ ტრამპი რატომ არ უგზავნიდა უკრაინას იარაღს, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.

“მე მაშინ არ ვიცოდი, რომ დავარღვიე სპუტნიკის მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაუწერელი წესი”, – წერს ენდრიუ ფეინბერგი. როგორც ჟურნალისტი იხსენებს, მან რედაქტორისგან მიიღო გაფრთხილება, რომ ნებისმიერი კითხვა, რომლის დასმასაც ის რესპონდენტებისთვის აპირებდა, რედაქტორებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული.

ფეინბერგის თქმით, ის მეორე მსგავს წინაღობას წააწყდა სირიაში, ზარინის გაზის გამოყენების შედეგად მოსახლეობის დაღუპვისას. რედაქტორები მისგან მოითხოვდნენ, რომ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაესვა რუსული გადმოსახედიდან, რომელიც მხარს უჭერს ასადის რეჟიმს.

“სპუტნიკის” ყოფილი ჟურნალისტი ასევე იხსენებს, რომ აღნიშნულ მედიასაშუალებაში ასეთი მითითება არსებობდა: ოკუპირებული ყირიმის შესახებ დაწერილ ყველა სტატიაში ნახსენები უნდა ყოფილიყო, რომ რეფერენდუმის შედეგად, რუსეთთან მიერთებას მხარი მოსახლეობის 90%-მა დაუჭირა.

“რა თქმა უნდა, როცა მე ვახსენე რეფერენდუმის მიმდინარეობისას ქუჩებში ტანკებისა და შეიარაღებული პირების არსებობის შესახებ, ის სტატიიდან გამოქვეყნებამდე ამოიღეს”, - იხსენებს ფეინბერგი.

ჟურნალისტი წერს, რომ დროთა განმავლობაში მან დაიწყო სპუტნიკის პოლიტიკის გაცნობიერება, რომლის მიზანიც იყო და არის რუსული ნარატივის გავრცელება, ხოლო აშშ-სა და მისი მოკავშირეების პოლიტიკის დისკრედიტაცია.

“სოციალურ მედიაში მე რეგულარულად მაკრიტიკებდნენ პროპაგანდის გავრცელებისთვის, ზოგი ღალატშიც კი მადანაშაულებდა. მე ყოველთვის ვიცავდი საკუთარ თავსა და კოლეგებს. გავაცნობიერე, რომ მნიშვნელობა არ აქვს მე, ინდივიდუალურად როგორ თავდადებით ვმუშაობ, ან როგორი შემართებით ვებრძვი ხელმძღვანელთა ზეწოლას, ვინაიდან მე ვმუშაობდი “სპუტნიკისთვის” და ხელს ვუწყობდი არასწორი ინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ პირადად, აქტიურად არ ვმონაწილეობდი ამაში”, – წერს “სპუტნიკის” ყოფილი ჟურნალისტი.

ფეინბერგის თქმით, ბოლო წვეთი მისსა და “სპუნტიკის” თანამშრომლობაში დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის თანამშრომლის, სეთ რიჩარდის მკვლელობა იყო. ვაშინგტონის პოლიციამ დაადგინა, რომ ის ძარცვისას მოკლეს. თავდაპირველად, მემარჯვენე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ვერსია, რომლის მიხედვითაც, თითქოს რიჩარდის მკვლელობა 2016 წლის არჩევნებისას დემოკრატთა ელქტრონული მიმოწერის “ვიკილიქსისთვის” გადაცემას უკავშირდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ამერიკულმა მედიამ ეს ვერსია უარყო. “სპუტნიკმა” კი გადაწყვიტა, ეს ვერსია არ უნდა მიჩქმალულიყო, რადგან ის “ადასტურებდა”, რომ ამერიკულ არჩევნებში რუსეთი არ მონაწილეობდა, ფაქტზე პასუხისმგებლობა კი მთლიანად, ამერიკულ სპესამსახურებს ეკისრებოდათ.

როგორც ფეინბერგი ამბობს, მან გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, თუმცა “სპუტნიკის” ხელმძღვანელობამ მას დაასწრო და სამსახურიდან გაუშვა.

სპუტნიკის ვაშინგტონის ბიუროს რედაქტორმა, პიტერ მარტინიჩევმა პოლიტიკოსთან საუბრისას უარყო ყველა ის ბრალდება და გარემოება, რაზეც ენდრიუ ფენიბერგი თავის სტატიაში წერს. მარტინიჩევმა ყოფილი ჟურნალისტის მონაყოლს სიყალბე უწოდა.
კატეგორია: სიახლე
“ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ვვრაუდობდით, სამ ეტაპად აგვემოქმედებინა რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმა” - ამ სათაურით, “საქართველო და მსოფლიო“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ამგვარი განცხადება ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში გააკეთა.

სტატიაში დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის ციტატის სახით, ვკითხულობთ: “პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომელიც გადავდგით, იყო სამხრეთ ოსეთის გარშემო სამხედრო და სადაზვერვო ბაზების შექმნა, ასევე, სამხედრო და უშიშროების ოფიცრების ამოქმედება სამხრეთ ოსეთში. გეგმის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა ჩეჩნეთში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩერქეზეთში ხელისუფლებაში რადიკალი ისლამისტების მოსვლას. გეგმის ამ ნაწილის უკან იდგა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, მი 6-ის, აგრეთვე, თურქეთისა და საუდის არბეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელ პირთა კონკრეტული შეხვედრები და, თუკი ისლამისტები მოახერხებდნენ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას რუსეთის რეგიონებში, ნატოს სამხედრო ძალები პრაქტიკულ წვდომას მიიღებდნენ კავკასიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილზე. გეგმის მესამე ეტაპის დაწყებას უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანიებისა და სხვა სამხედრო ბაზების დასტაბილურების შემდეგ ვვარაუდობდით“ .

ინტერვიუ ფაბრიკაციაა და ის გაავრცელა არა ბრიტანულმა გამოცემა Guardian- მა, არამედ ყალბმა საიტმა, რომელიც ბრიტანული გამოცემის იმიტაცია იყო. საიტი ვიზუალურად გარდიანის იდენტური იყო, განსხვავება მხოლოდ, დომენის სახელში, ერთ ასოშია - theguarian.com-ის ნაცვლად, საიტის მისამართი theguardıan.com იყო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსულმა პროსამთავრობო მედიასაშუალებამ, „tvzvezda.ru-მ“ გამოაქვეყნა სიახლე, თითქოს ევროკავშირი აპირებს, დაუწესოს სანქციები აშშ-ს, ამ უკანასკნელის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების საპასუხოდ. ინფორმაცია ეყრდნობოდა მხოლოდ „ანონიმურ წყაროს ბრიუსელიდან".

მასალაში „ზვეზდა“ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეუზღუდოს წვდომა ამერიკულ კომპანიებს ევროპული ბანკების კრედიტებზე და ეს იქნება პასუხი იმ სანქციებზე, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა.

სინამდვილეში, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა, 26 ივლისს განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და არავითარი განცხადება ანტიამერიკულ სანქციებზე არ გაუჟღერებია. ევროკავშირმა მხოლოდ და მხოლოდ გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუძლია, ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას, რადგან ისინი შეეხება იმ ევროპულ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ, თუმცა იუნკერისვე განცხადებით, ევროკავშირი მოახერხებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

წყარო: Stopfake
კატეგორია: სიახლე
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ რუსული და აზერბაიჯანული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ორ მასალასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა საკონსულტაციო კომისიაში, რომელიც პროპაგანდის წინააღმდეგ შეიქმნა. კომისია დაკომპლექტებულია თვითრეგულირების საბჭოების წარმომადგენლებისგან შემდეგი ქვეყნებიდან – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი.

რუსული mir24.tv-ს წინააღმდეგ

ქარტიის პირველი საჩივარი ეხება mir24.tv -ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს საქართველოში უწყლობისა და უშუქობის გამო მამაკაცმა პროტესტის ფორმას მიმართა და ქალაქში აბაზანა დადგა. სინამდვილეში ეს იყო პერფომანსი, რომელიც „ლიბერალმა“ გააშუქა. რესპონდენტი ინტერვიუში ამბობს, „წყალი გათბა ახლა, ცივს დავამატებ და კიდევ ჩავწვები”. mir24-მა კი მისი ეს სიტყვები შემდეგნაირად თარგმნა „მე მცხელა. სახლში +35 გრადუსია, ელექტროენერგიის გათიშვის გამო არ შემიძლია კონდიციონერის ჩართვა”.

შესაბამისად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი მიმართავს მანიპულირებას პოლიტიკური მიზნებისთვის. მასალა პროპაგანდისტულია, რასაც ადასტურებს ის, რომ სადავო ჟურნალისტური პროდუქტის შემქმნელები განზრახ აყალბებენ ფაქტებს, რის გამოც მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში არის მძიმე სოციალური ფონი და ხელისუფლების ქმედებების გამო დედაქალაქის მაცხოვრებლები რამდენიმე დღის განმავლობაში არიან ელექტროენერგიის და წყლის გარეშე, რაც თავის მხრივ ისეთ მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას, რომ ისინი იძულებულნი არიან ქუჩაში, საჯაროდ მიიღონ აბაზანა, რათა ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ. ცალსახაა, რომ ჟურნალისტური პროდუქტის შემქმნელის მიზანს წარმოადგენდა შეელახა მეზობელი სახელმწიფოს იმიჯი, წარმოეჩინა იგი როგორც ქვეყანა, რომელიც მისი დედაქალაქის მაცხოვრებლებს ვერ უზრუნველყოფს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით.

აზერბაიჯანული haqqin.az-ს წინააღმდეგ

ვებსაიტმა haqqin.az-მა გამოაქვეყნა მასალა „ანტიაზერბაიჯანული მიწისქვეშა თბილისში: გამოჩენა, ფული, ინსტრუქციები“. სტატიაში ე.წ „ფერადი რევოლუციები“ საქართველოში და უკრაინაში, რომელთა ძირითადი საფუძვლები იყო ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში და ცხოვრების დაბალი სტანდარტი, შეფასებულია, როგორც: „დასავლური ჰეგემონიის“ ნაყოფი, თავის მხრივ დასავლური ჰეგემონია შეფასებულია, როგორც საფრთხე, რომელიც იწვევს დესტაბილიზაციას. იქვე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ორგანიზაცია „კმარა“ აზერბაიჯანში დესტაბილიზაციის მოწყობას უჭერდნენ მხარს, თუმცა ილჰამ ალიევმა შეძლო ქართული რევოლუციური ძალების განეიტრალება. სტატიაში მხარდაჭერილია ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ – ერთი მთავარი მესიჯი, თითქოს „დასავლური შეთქმულების“ /“დასავლური ჰეგემონიის“ უკან დგას ჯორჯ სოროსი და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასთან ნათქვამია, რომ აზერბაიჯანული რევოლუციური ორგანიზაციები, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებას ცდილობდნენ, თბილისმა შეიფარა. მასალაში ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლიც, რომლიც საქართველოდან გაიტაცეს. ის დადანაშაულებულია აზერბაიჯანის მიმიმართ „მტრულად“ განწყობილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მასალა მიზნად ისახავს ორ სახელმწიფოს და შესაბამისად ერებს შორის ურთიერთობების გამწვავებას, წარმოაჩენს რა საქართველოს როგორც აზერბაიჯანის მიმართ არა მეგობრულად განწყობილ ქვეყანას, სადაც იგეგმება აზერბაიჯანის საწინააღმდეგო ქმედებები, ძმათამკვლელი ომები.

სტატიაში მოყვანილი არც ერთი ფაქტი არ არის გადამოწმებული არც ერთ წყაროსთან, რაც საფუძვლიან ეჭვს ტოვებს რომ მათი უმეტესობა ყალბი და ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია. „დასავლეთი“ და დასავლეთის მიერ მხარდაჭრილი NGO ორგანიზაციები აღწერილია, როგორც მტრები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნების დესტაბილიზაციას.

პროპაგანდის საწინააღმდეგოდ თვითრეგულირების საბჭოების კომისია ევროპის საბჭოს დახმარებით შეიქმნა. საქმის წარმოების წესი საბჭოების წარმომადგენლებმა 2016 წელს საქართველოში მიიღეს.

კომისიის საშუალებით ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს შეიტანოს საჩივარი თუკი აღმოაჩენს, რომ რომელიმე წევრი ქვეყნის მედიასაშუალება მანიპულაციას, სიძულვილის ენას იყენებს. ყველა წევრ თვითრეგულირების ორგანოს ჰყავს თავისი წარმომადგენელი კომისიაში. ქარტიას, რომელიც ამ კომისიის წევრია, მაია მეცხვარიშვილი წარმოადგენს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საჩივარი პირველია, რომელსაც კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
21 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა კაცმა პერფორმანსი მოაწყო – რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ აბაზანა დადგა, წყალი ჩაასხა და ჩაწვა. “ლიბერალის” ჟურნალისტმა ეს ფაქტი ვიდეოზე აღბეჭდა.

“წყალი გათბა ახლა, ცივს დავამატებ და კიდევ ჩავწვები”, - უთხრა პერფორმანსის ავტორმა “ლიბერალის” ჟურნალისტს. იგივე ამბავი განსხვავებულად გააშუქა და შეფუთა რუსულმა ტელეარხმა “МИР 24-მა”. კერძოდ, ამ ტელეარხის წამყვანმა გამოაცხადა, რომ თბილისში ცხელა, კომუნალური სამსახურები კი ხარვეზებით მუშაობენ, რის გამოც, დედაქალაქის მოსახლეობას რამდენიმე დღეა არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.
“მე მცხელა. სახლში +35 გრადუსია, ელექტროენერგიის გათიშვის გამო არ შემიძლია კონდიციონერის ჩართვა”, – რუსულად ზუსტად ასე გაახმოვანა რუსულმა ტელეარხმა პერფორმანსის ავტორის სიტყვები, რომელიც ლიბერალის ვიდეოშიც ისმის. ის ქართულად სულ სხვა რამეს ამბობს და ელექტროენერგიის გათიშვას საერთოდ არ ახსენებს.
კატეგორია: ანალიზი
პროპაგანდისტულმა რუსულმა მედიასაშუალებებმა “ქართველი ერის მუსლიმებისგან გადარჩენის ბრძოლის” კონტექსტში გააშუქეს მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში გამართული ქსენოფობიური “ქართველთა მარში”. საინფორმაციო წყაროების ნაწილში მარში წარმოდგენილი იყო როგორც ქართული ტრადიციების, მართლმადიდებლობისა და ქვეყნის გარყვნილებისგან დასაცავად გადადგმული მასშტაბური მოძრაობა. რუსულმა მედიამ, 14 ივლისის ქსენოფობიური მარშის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პარტია “ევროპული საქართველოს” მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციას “არა რუსულ ფაშიზმს”. აღნიშნული მოვლენა ისე გაშუქდა თითქოს, ათასობით ადამიანმა კვერცხები დაუშინა ანტირუსულ, პროევროპულ აქციას, რომელსაც სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები ატარებდნენ.

სტატიაში, რომელიც 14 ივლისის “ქართველთა მარშს” მიეძღვნა, რუსული მედიასაშუალება Lifenews ამბის მიმოხილვასთან ერთად წერს:

“საიდუმლო არაა, რომ ბოლო დროს თბილისის ცენტრში ბოლო წლებში გახსნილი ათეულობით თურქული და არაბული ბარი, კლუბი და მსგავსი დაწესებულებები, ახლო აღმოსავლეთის მუსლიმი მოქალაქეებისთვის სექს ტურიზმის არენას წარმოადგენს”.

ჟურნალისტი პარალელს ავლებს კუბასთან, სადაც ე.წ. მშრალი კანონის დროს, ბატისტას მმართველობისას, ამერიკელები კუბაში თავისუფალი გართობის მიზნით ჩადიოდნენ.

“სწორედ ასეთი ადგილი გახდა საქართველო თურქებისთვის, ირანელებისთვის, არაბებისა და ინდოელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ XVI–XVIII საუკუნეებში თურქებისა და ირანელების მმართველობა, და პირდაპირი მნიშვნელობით გაქრობისაგან, ისინი სწორედ რუსეთის იმპერიამ იხსნა”.

Lifenews-ის აღნიშნული სტატია არაერთმა სხვა რუსულმა მედიასაშუალებამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ქსენოფობიური “ქართველთა მარშის” რუსულ მედიაში გაშუქებას ახლდა, არის ის, რომ “საქართველოს აქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა უცხოელების ქვეყანაში შეშვების მიმართ და ბოლო დროს მნიშვნელოვნად მომრავლდა საჩივრები განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულთა მიმართ”. რა თქმა უნდა, ასეთ სტატიებში არ ჩანს არც კონკრეტული რიცხვები და ოფიციალური მონაცემები მსგავსი საჩივრების, ან უცხოელთა მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, იმ უცხოელებს შორის, რომლებმაც 2016 წელს დანაშაული ჩაიდინეს, რაოდენობით მეორე ადგილზე არიან თავად რუსეთის მოქალაქეები.

რამდენიმე მედიასაშუალებამ ინტერვიუ ჩაწერა შოთა აფხაიძესთან, რომელიც აღნიშნულ პუბლიკაციებში წარმოდგენილია როგორც “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორი.

შოთა აფხაიძე აღნიშნულ ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართველთა მარშს” საზოგადოების ძირითადი ნაწილი, მათ შორის ეკლესია უჭერდა მხარს. შოთა აფხაიძის ქსენოფობიური მოსაზრებების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვიზიტორთა მომრავლების შემდეგ, ქვეყანაში იმატა ბავშვთა პორნოგრაფიისა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის შემთხვევებმა. სხვა მოსაზრებების მსგავსად, აღნიშნულიც არ არის გამყარებული რაიმე ოფიციალური მონაცემებით და რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი მიზანმიმართულად ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას.

აფხაიძე ასევე საუბრობს აჭარის “თურქეთიზაციაზე” და “ოსმალების” გავლენის აღდგენაზე. აფხაიძის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ეხება რუსეთსა და მის მხსნელად წარმოჩენას. შოთა აფხაიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ძმათამკვლელ ომს და ორივე მხარის შეცდომად აფასებს.

“თუმცა, გავიმეორებ, რუსოფობია, გარდა ლიბერალებისა, ჩვენთან არ არის. ქართველი ერისთვის რუსეთი მთლიანად მისაღებია. არის ძალიან მარტივი ფორმულირება: რუსი რწმენით ჩვენი ძმაა, რუსეთი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, უფრო პირიქით, რუსები ჩვენი მხსნელები არიან”.

შოთა აფხაიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა სადისკუსიო კლუბმა “კონსერვატორმა”. აღნიშნული კლუბი წერს, რომ “ქართველთა მარშზე” უცხოელების წინააღმდეგ თბილისში 150 ათასი ადამიანი გამოვიდა.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ რუსულმა მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს “ქართველთა მარშის” წარმომადგენლების მიერ “ევროპული საქართველოს” მიერ მოწყობილი აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებას. ახალი ამბების უმეტეს ნაწილში წარმოჩენილი იყო, თუ როგორი “საკადრისი პასუხი” გასცეს ქართველმა ნაციონალისტებმა “ლიბერალ რუსოფობებს”.
კატეგორია: ანალიზი
ფემინიზმისა და ქალთა უფლებების დისკრედიტაცია, ჰომოფობიასთან ერთად, ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღია საქართველოში. ანტიდასავლური ონლაინ მედიასაშუალებები ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას წარმოაჩენენ, როგორც დასავლეთისგან თავსმოხვეულ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ ეკლესიას, ოჯახს და სხვა ე.წ. ქართულ, ტრადიციულ ღირებულებებს.

როდესაც ქართული ანტიდასავლური მედიასაშუალებები ქალთა მოძრაობასა და ფემინიზმზე წერენ, პირველ რიგში, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ამ მოძრაობას საერთო არაფერი აქვს ქალების დაცვასთან და უფრო მეტიც - ფემინისტები არიან დასავლეთისგან დაფინანსებული პირები, რომლებსაც მხოლოდ პირადი მიზნები ამოძრავებთ, მათ შორის ოჯახის ინსტიტუტისა და ქართული ტრადიციებისათვის ძირის გამოთხრა.

როგორც ჩანს, ქართული ანტიდასავლური ონლაინ მედიასაშუალებებისთვის ყველაზე “მტკივნეული” საკითხი ფემინისტთა მიერ პარლამენტში გენდერული კვოტების აუცილებლობაზე საუბარია. ამ საკითხზე მომზადებული სტატიები გაჯერებულია შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ტერმინებით, მიზოგინიით. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მედიასაშუალებებში კვოტების საწინააღმდეგოდ, ვერ შეხვდებით არგუმენტირებულ მსჯელობას, რომელიც დაცლილი იქნება შეურაცხყოფისა და სიძულვილისგან. მაგალითად, “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი, ბაკურ სვანიძე წერს:

“ბიძინა პოლიტიკიდან წავიდა,მაგრამ ქალი “ბუტკაში” არ შევიდა; ან, სულაც, სწორედ საქართველოს პარლამენტი მიიჩნიეს გარკვეული ტიპისა და კატეგორიის ქალებმა “ბუტკად” და დიდი დაჟინებითაც აპირებენ იქ შესვლა-მოკალათებას”.

“აკი, ჩვეულებრივი, ნორმალური, რეალურად ჭკვიანი და ინტელექტუალი ქალების მისწრაფება მამაკაცებთან ჯანსაღი კონკურენცია და ამ კონკურენციის საფუძველზე მიღწეული წარმატებაა ამა თუ იმ სფეროში. ხოლო ამათ, გონებით მახინჯ არსებებს, როგორც წესი, სადმე ინტრიგით, დაძალებით, შანტაჟით გაკვეტება ურჩევნიათ და, როგორც წესი, ზუსტად იქ ეკვეტებიან ხოლმე, სადაც მათნაირების ადგილი ჯანსაღ ვითარებაში არ უნდა იყოს”.


აღნიშნული გამოცემა იყენებს ისეთ შეურაცხმყოფელ ტერმინებს, როგორიცაა: ახუნტრუცებული დედაკაცი, არაქალი, მოქალო ელემენტი, ტუტუცი დედაკაცი და ა.შ.

ფემინიზმზე საუბრისას, ავტორები საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად ეყრდნობიან აშკარად ცრუ ფაქტებს, ან ისეთ ინფორმაციას, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ფემინიზმი ანტიდასავლური მედიასაშუალებების მიერ წარმოდგენილია, როგორც ტრადიციული ოჯახის ძირგამომთხრელი იდეოლოგია, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ოჯახის, ტრადიციებისა და მამაკაცების წინააღმდეგ ბრძოლაა, ფემინიზმს წარმოაჩენენ როგორც კაცობრიობის დამღუპველად. მაგალითად, სააგენტო ივერიონი წერს:

“ვაჟკაცი ქალიც რა სათქმელია? ეგ ტენდენციაც აშკარად იგრძნობა “დავაჟკაცდნენ” ქალები! ფემინიზმი სხვა არაფერია, თუ არა ლტოლვა კაცურობისკენ! გადაშენდება ადამიანის მოდგმა! არა და, ხომ იცი რა ცოტანი დავრჩით?”

ამავე სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე წერს, რომ ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნა “მიმართულია ოჯახის, როგორც ინსტიტუტის დასანგრევად! და რაოდენ სამწუხაროა, როდესაც ამას ხელისუფლება ვერ აცნობიერებს”. ამის დასტურად, ტომარაძე იხსენებს 2014 წლის ოქტომბერში მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციას. ამ აქციაზე აქტივისტებმა გააპროტესტეს ოჯახში ძალადობა და ქალების მკვლელობები, რასაც მოგვიანებით პარლამენტში დისკუსიაც მოჰყვა.

ანტიდასავლური მედიასაშუალებები ფემინისტურ მოძრაობას და ქალთა უფლებების დაცვაზე საუბარს პირდაპირ უკავშირებენ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას.

“გენდერული ინკვიზიციის ახალი დოკუმენტი მომზადებულია ევროპარლამენტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის მიერ. საბავშვო წიგნებში ტრადიციული ოჯახის პოპულარიზაციის აკრძალვის გარდა, ევროპელი ფემინისტები მოითხოვენ ევროკავშირის კანონმდებლობის შეცვლას ქალის სახის კორექტირების მიზნით”, - წერს “საქართველო და მსოფლიო”.

ამ და მსგავს სტატიებში შეხვდებით ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ თითქოს, შევდეთში აკრძალეს ბავშვების დაყოფა გოგოებად და ბიჭებად, მიმდინარეობს ზღაპრების გადაკეთება, სადაც პრინცს პრინცესა კი არ უყვარდება, არამედ პირნცს პრინცი და პრინცესას პრინცესა და ა.შ. ამ კუთხით საინტერესოა ერთი დეტალი, კერძოდ, “საქართველო და მსოფლიომ” დაწერა: “შვედეთში პატარებს ახალ “ნეიტრალურ” ნაცვალსახელს აზეპირებენ – “ჰენ”, რომელიც გოგოსაც ნიშნავს და ბიჭსაც, ქალსაც და კაცსაც. მოგვიწევს ამ ნოვაციის გადმოღება”. ავტორს ალბათ ან დაავიწყდა, ან შეგნებულად არ წერს, რომ ამ მიმართულებით შვედეთისგან არაფრის თავსმოხვევა ქართულ ენას არ სჭირდება, რადგან ბევრი სხვა ენისგან განსხვავებით, ქართულ ენაში არის ნეიტრალური ნაცვალსახელი “ის”, რომელიც, როგორც იცით, ქალსაც აღნიშნავს, კაცსაც და ნებისმიერ უსულო საგანსაც.

ანტიდასავლურ მედიასაშუალებებში საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ როდესაც საუბრობენ დასავლეთის მიერ ტრადიციული ოჯახის “ძირგამომთხრელ საქმიანობაზე”, ფემინიზმსა და ქალთა უფლებების დაცვას ყოველთვის ახსენებენ ჰომოსექსუალობისა და ლგბტ (ლესბი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) პირთა უფლებების დაცვასთან ერთად. მარტივად რომ ვთქვათ, ქალთა უფლებებისა და ლგბტ პირთა უფლებების დაცვა ერთობლიობაში განხილულია როგორც ტრადიციებისა და ოჯახის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა.

საინტერესოა ისიც, რომ ეს მედიასაშუალებები ერთი-ერთში იმეორებენ რუსულ მედიაში აქტიურად გამოყენებულ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “სოდომური მაფია”, “გეი ლობი” და ა.შ. ასეთ სტატიებში შეხვდებით შეთქმულების თეორიებს იმის შესახებ, თუ როგორ მართავენ ფემინისტთა და გეების გაერთიანებები მსოფლიოს, როგორ ებრძვიან რელიგიას, ოჯახსა და ტრადიციებს. ზოგიერთ მსგავს სტატიას წყაროდ პირდაპირ აქვს მითითებული გაურკვეველი რუსული საიტის მისამართები, რომლებიც ასევე სიცრუითა და დეზინფორმაციით კვებავენ მკითხველს.
კატეგორია: სიახლე
ორშაბათს, 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გადაცემა “არგუმენტების დროს” მეორე ნაწილის სტუმარი “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური იყო.
კატეგორია: ანალიზი
ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქება ქართულ ანტიდასავლურ მედიაში, ძირითადად, ერთი და იგივე სტერეოტიპების გამყარებას ემსახურება. აღნიშნული მიდგომები თითქმის არ იცვლება, შესაბამისად, უცვლელია ის ძირითადი დისკრიმინაციული გზავნილებიც, რასაც ჰომოსექსუალობის თემის გაშუქებისას ანტიდასავლური პროპაგანდა ემყარება.

გზავნილები მკაფიო და პირდაპირია:

ისევე, როგორც სხვა არაერთ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული მედიასაშუალებები ორიგინალურები არც ამ შემთხვევაში არიან – ისინი თითქმის ისევე აშუქებენ ჰომოსექსუალობასთან და ლგბტ პირთა უფლებების საკითხებს, როგორც რუსული მედიის უდიდესი ნაწილი.

პირველი და უმთავრესი, რაც მსგავსი ტიპის მედიასაშუალებებში გვხვდება, ეს არის შეურაცხმყოფელი, გაუგებარი ტერმინები და საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომების უგულვებელყოფა. მაგალითად, მეცნიერების რეკომენდაციის შედეგ, ჰომოსექსუალობა ფსიქიური დაავადებების ნუსხიდან აშშ-ში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ამოიღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი აღნიშნული 27 წლის წინ, 1990 წელს გააკეთა. მიუხედავად ამისა, ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს არის დაავადება, რომლისგანაც განკურნება შეიძლება. უფრო მეტიც, შეიძლება მისი ვინმესთვის “თავსმოხვევა” და ამით “ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლა”.

“ჰომოსექსუალობის მთავარი სამიზნე ოჯახი და ეკლესიაა, ჰომოსექსუალობა ცოდვაა”

ოჯახი და რელიგიური რწმენა არის ის საკითხები, რომლითაც ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროები ყველაზე ხშირად და აქტიურად მანიპულირებენ. ამ საკითხზე საუბრისას, ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის გამო, თითქმის მთელი მსოფლიო, გარდა რუსეთისა, წარმოჩენილია ოჯახისა და მართლმადიდებლობის მტრად. მაგალითად, ერთ-ერთ სტატიაში “საქართველო და მსოფლიო” დისკრიმინაციული ენით პირდაპირ წერს (სტილი დაცულია): “ფაშიზმისა და ლგბტ-თა მოძრაობის მშობელი “განათლებული” ევროპაა, საიდანაც ჰომოსექსუალიზმმა პურიტანულ ამერიკაშიც შეაღწია და გასული წლის ზაფხულში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ამერიკის ყველა შტატში დაკანონდა და, აბა, აშშ-ის სატელიტი ევროკავშირი რაღა საკითხავია: ევროპის უმრავლეს ქვეყანაში - დე იურედ, ხოლოდ დანარჩენებში დე ფაქტოდ არის აღიარებული ჰომოსექსუალური ქორწინებები, პლუს ლგბტ–პედერასტებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიები, რომელმაც ზემოხსენებული კლასიკური განმარტება დემოკრატიისა თავდაყირა დააყენა და ახლა, დემოკრატია კი არა, დემოტრაკია მეფობს ამერიკა–ევროპაში, რაც უღმერთო სატანისტი უმცირესობის დიქტატურაა მორწმუნე უმრავლესობაზე”.

იგივე მედიასაშუალება წერს, რომ “ჰომოსექსუალიზმის მთავარი სამიზნე ოჯახი და ეკლესიაა”. აღნიშნულ ჰომოფობიურ მოსაზრებას კი იმით “ასაბუთებს”, რომ დასავლურ სახელმწიფოებში სოციალური სამსახურები აქტიურად ერევიან ბავშვთა უფლებების დაცვაში, რის გამოც, “მშობლებს არ აქვთ უფლება, განსაზღვრონ შვილების სექსუალური ორიენტაცია”.

რუსული მედია დასავლეთს ხშირად აკრიტიკებს სწორედ ლგბტ პირთა უფლებების დაცვის გამო და არც თუ იშვიათად მომხმარებლებს სთავაზობს კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახებზე. მაგალითად, რუსულმა გამოცემა Lიფენეწს-მა დაწერა ოჯახის შესახებ, რომელიც თითქოს ლონდონიდან რუსეთის ერთ-ერთ სოფელში გადასახლდა იმის გამო, რომ მათი შვილები ყოველდღე ხედავდნენ “გეებს პირსინგებითა და ტატუებით”.

რუსულ მედიაში საინტერესო იყო საქართველოში მიმდინარე დისკუსია ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრის შესახებ. ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერს: “როგორც ჩანს, ევროპას აღიზიანებს, რომ ილია მეორე საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულია, ქართველების უმრავლესობა კი მორწმუნეა”.

ქართული ანტიდასავლური მედიის ნაწილი, ისევე როგორც რუსული მედია, აქტიურად აშუქებს მართლმადიდებელი მღვდლების ჰომოფობიურ ინტერვიუებსა და ქადაგებებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ “ჰომოექსუალიზმი სასიკვდილო ცოდვაა”, ასევე “რასიზმი, ფაშიზმთან და ჰომოსექსუალიზმთან ერთად, ადამიანის დაცემული ბუნების ერთ-ერთი გამოვლინებაა და მასაც უნდა ებრძოლო!”

“ჰომოსექსუალობა არის დაავადება და მისგან განკურნება შესაძლებელია”

იმის მტკიცება, რომ ჰომოსექსუალობა “დაავადებაა” და მისგან “განკურნება” შესაძლებელია, ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული გზავნილია. მედიასაშუალებების ნაწილი ამას ამტკიცებს ისე, რომ ეს არ ეყრდნობა არანაირ აღიარებულ სამეცნიერო კვლევას, ან მიგნებას, ათასში ერთხელ, წყაროდ შეიძლება გამოყენებული იქნეს რუსეთის რომელიმე ოლქში მცხოვრები ექიმის პირადი მაგალითი, მოსაზრებები და “მკურნალობის მეთოდები”.

მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ცნობილი გახდა რუსეთში, კერძოდ ჩეჩნეთში გეების წამებისა და მკვლელობების შესახებ, Lენტა.რუ-მ მოამზადა სტატია იმის შესახებ, ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრები ფსიქიატრი როგორ “კურნავს ჰომოსექსუალობისგან” მამაკაცებს. სტატიაში მოთხრობილია ერთ-ერთი ფინანსისტის ისტორია, რომელიც სხვა არაერთი კაცი მსგავსად "ჰომოსექსუალობისგან განიკურნა”. რუსული გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ ფსიქიატრს “გეების მკურნალობის” 50-წლიანი წარმატებული ისტორია აქვს.

სპეციალისტებისა და სასულიერო პირების პოვნა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალობა “დაავადებაა”, არც ქართული მედიის ნაწილს უჭირს. მაგალითად, გამოცემა “კარიბჭესთან” ინტერვიუში, ერთ-ერთი მღვდელი სწორედ “ფსიქიკურ სნეულებას” უწოდებს ჰომოსექსულობას და აღნიშნული არანაირი არგუმენტით გამყარებული არ არის.

ქართულმა გამოცემა “ჯორჯიან ტაიმსმა” კრიტიკული კონტექსტის გარეშე გააშუქა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის მიერ “გეობისგან განსაკურნებელი” წამლის ათ წელიწადში გამოშვების დაანონსება.

მსგავსი აბსურდული, უსაფუძვლო სტატიები სხვა მედიასაშუალებებშიც მრავლადაა. მაგალითად, “საქართველო და მსოფლიო” ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, რომ “მრავალი მედიკოსის დაკვირვებით,ჰომოსექსუალები 20-30 წლით მალე ამთავრებენ სიცოცხლეს, ვიდრე ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები.”

“ჰომოსექსუალები არიან გარყვნილები და პედოფილები”

დასავლურ ღირებულებებთან ბრძოლის საქმეში, მედიასაშუალებების ნაწილი ისეთ აბსურდამდე მიდის, როგორიცაა, მაგალითად, “ილუმინატის აღსარების” გამოქვეყნება. სტატია აღნიშნული სათაურით “ჯორჯიან ტაიმსმა” გამოაქვეყნა. შესავალში აღნიშნულია, რომ აღნიშნული “აღსარება” მდიდარმა მასონმა ნავთობბარონმა სიკვდილის წინ ჩააბარა მღდელს. სხვადასხვა ანიდასავლურ გზავნილთან ერთად, პუბლიკაციაში ერთსა და იმავე კონტექსტშია საუბარი ჰომოსექსუალობის, ნარკომანიის და პორნოგრაფიის შესახებ.

რუსული მედია ხშირად ამტკიცებს, რომ პედოფილები, ძირითად შემთხვევაში, გეები არიან და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომელმაც კანონით აკძალა “გეი პროპაგანდა”. მათი თქმით, ეს სწორედ ბავშვთა “მავნე ზეგავლენისგან დაცვის” მოტივით გაკეთდა.

რუსული მედასაშუალებები აქტიურად წერენ იმის შესახებ, თუ როგორ მოიცვა “გეი პროპაგანდამ” საბავშვო ფილმები, მათ შორის “ლამაზმანი და ურჩხული”, რომლის პრემიერაც რამდენიმე თვის წინ გაიმართა. აღნიშნულ ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი გეია, რის გამოც რუსეთში მის აკრძალვასაც კი აპირებდნენ.

“გარყვნილებისგან დაცვის” მოტივით “გეი პროპაგანდის” აკრძალვის აუცილებლობაზე არაერთხელ დაუწერიათ ქართულ ანტიდასავლურ მედიასაშუალებებს. როგორც წესი, მათი შიშები პედოფილიასა და ჰომოსექსუალიზმის შესაძლო კავშირის შესახებ, სტატისტიკური მონაცემებით, ან ავტორიტეტული კვლევებით გამყარებული არ არის და ძირითადად, მათ მოსაზრებებს ემყარება.

“დასავლეთი ჰომოსექსუალობის დაკანონებას გვავალდებულებს”

ანტიდასავლური მედია ამ შემთხვევაშიც იმეორებს რუსული მედიის პრაქტიკას და “ჰომოსექსუალობის გავრცელების” მთავარ წყაროდ აშშ-სა და ევროპას წარმოაჩენს, დამცველად კი - ერთმორწმუნე რუსეთს.

ჯერ კიდე მაშინ, როცა საქართველო ევროპისგან უვიზო მიმოსვლაზე თანხმობას ელოდა, ანტიდასავლური მედია განგაშით ამცნობდა მკითხველს, რომ ეს გამოიწვევდა საქართველოს ვალდებულების აღებას, დაეკანონებინა ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

დასავლური სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, ხშირ შემთხვევაში, მთელ მსოფლიოში ეკლესიის მოწინააღმდეგე აგრესორებად არიან წარმოჩენილნი. მაგალითად, “საქინფორმი” ერთ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ “გაერო აგრძელებს იდეოლოგიური იერიშების განხორციელებას კათოლიკურ ეკლესიაზე. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტი ეკლესიისგან მოითხოვს მოძღვრებების გადახედვას აბორტების, კონტრაცეფციისა და ჰომოსექსუალიზმის საკითხებში”.

მსგავსი მიდგომები ანტიდასავლურ მედიაში ახალი არ არს. ჯერ კიდევ გასულ წერს თB24 წერდა “სააკაშვილს უხუმრია- თუ ევროკავშირში შევდივართ, ერთი პედერასტი მინისტრი ჩვენც გვყავდეს კაბინეტში, როგორმე ავიტანთო”.

რუსულ მედიაში ხშირად შეხვდებით ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “გეების ლობი”, “ცისფერი მაფია” და ა.შ. როგორც წესი, ამ თემებზე მომზადებულ ვრცელ პუბლიკაციებში დეტალურადაა მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ მართავს მსოფლიოს “გეების ლობი”.

როგორც წესი, ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროების მიერ მომზადებული სტატიები გაჯერებულია ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი ტერმინებით, მსჯელობითა და დასკვნებით, რომელიც, ძირითადად, ემყარება სტერეოტიპებს, სიცრუესა და დეზინფორმაციას.