სოციალური მედია
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ორწლიანი დაკვირვების შედეგად, მკვლევარებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან დაადგინეს, რომ Twitter-ზე ყალბი ახალი ამბები გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე - ნამდვილი. კვლევა 8 მარტს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

ავტორებმა, 2006-დან 2017 წლამდე ტვიტერზე გავრცელებული ათასობით ამბავი და ტრილიონობით ტვიტი გადაამოწმეს. კვლევის თანახმად, ნამდვილ ამბებს ტვიტერის მომხმარებლამდე მისასვლელად, დაახლოებით, 6-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ყალბ ამბებს. კვლევის კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაა, რომ ადამიანები უფრო მეტად ავრცელებენ ყალბ ამბებს და მათ გავრცელებაში დამნაშავე ე.წ. “ბოტები” სულაც არ არიან.

რაც შეეხება კონკრეტულ ინდივიდებს, ყალბ ამბებს უფრო მეტად სოციალური ქსელის პასიური მომხმარებლები ავრცელებენ. ავტორებს კვლევის შედეგები შემაშფოთებლად მიაჩნიათ და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ ნაშრომის გამოქვეყნება ბიძგს მისცემს უფრო დიდი კვლევების ჩატარებას.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
New York Times-მა ახალი ჟურნალისტი, ქუინ ნორტონი სამსახურში აიყვანა, თუმცა თანამშრომლობა მალევე შეწყდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ნორტონის ძველი ტვიტები რასისტული და ჰომოფობიური იყო.

13 თებერვალს, საღამოს Times-ის სარედაქციო გვერდის რედაქტორმა, ჯეიმს ბენეტმა განაცხადა, რომ ნორტონის ძველი ტვიტების შესახებ იფორმაცია გაზეთისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა: “ქუინ ნორტონის შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მის ყოფილ დამსაქმებლებთან ჩვენი საუბარის მიუხედავად, ეს ინფორმაცია ჩვენთვის ახალი იყო”.

Times-ის განცხადებამდე კი სოციალური მედია აფეთქდა. მომხმარებლები ქუინ ნორტონს მისი ტვიტებისა და ნეო-ნაცისტ ენდრიუ აუერჰაიმერთან მეგობრობის გამო აკრიტიკებდნენ. როგორც თავად ნორტონმა ბლოგპოსტში დაწერა, ის წუხს, რომ Times-სთვის ვერ იმუშავებს და ძალიან უნდა გამოსავალი არსებობდეს. თუმცა, ნორტონის თქმით, მას არ უცდია დამსაქმებლისთვის თავი მოეწონებინა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ერთი კვირის წინ New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ იყიდეს ტვიტერის ყალბი გამომწერები, ე.წ. “ფოლოუერები” ცნობილმა მსახიობებმა, სპორტსმენებმა, პოლიტიკოსებმა თუ ჟურნალისტებმა. ონლაინ კომპანიის მიერ გაყიდული ყალბი ანგარიშების რიცხვი ათობით ათასს აღწევს.

ტაიმის სტატიის შემდეგ, ტვიტერმა დაახლოებით მილიონი ყალბი გამომწერი გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ ყალბი ანგარიშების შავი ბაზარი მანამდეც არაერთმა გამოცემამ გამოააშკარავა და ეს პრაქტიკა სათავეს ტვიტერის შექმნიდან იღებს, პრობლემას სოციალური ქსელი ამ დრომდე ვერ აგვარებს.

2012 წელს Business Insider- ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორმაც ყალბ ანგარიშებზე, გამომწერებსა და რეტვიტებზე მომუშავე 58 ვებსაიტი გამოააშკარავა. ამ დროს, 1 000 გამომწერის ყიდვა დაახლოებით 18 აშშ დოლარი ღირდა. მსგავსი მასალა გამოაქვეყნა New York Times- მა 2013 წელს, რომლის მიხედვითაც, ყალბ ანგარიშებს 25 კომპანია ყიდდა. 2014-ში კი, 5 დოლარად ნაყიდ 4 000 ფოლოუერზე დაწერა სტატია ჟურნალისტმა გილად ლოთანმა.

მიზეზი, რატომაც ტვიტერი ყალბი ანგარიშებისა და ბოტების პრობლემას ვერ აგვარებს, კრიტიკოსების შეფასებით, მომხმარემებლთა რაოდენობაა - კომპანია ყალბი ანგარიშების გაუქმებისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ მათი რაოდენობა ინვესტორების თვალში სოციალურ ქსელს უფრო მიმზიდველს ხდის.

2015 წელს ტვიტერის თანამშრომელმა, ლესლი მაილიმ ბოტების უზარმაზარი რაოდენობა იპოვა, რომელთა IP მისამართები, მისი თქმით, რუსეთში იყო რეგისტრირებული. მან ტვიტერს ყალბი ანგარიშების წაშლის რეკომენდაციით მიმართა, თუმცა სოციალური ქსელის მენეჯმენტმა ამაზე უარი თქვა. ტვიტერი ამტკიცებს, რომ მომხმარებელთა მხოლოდ 5 პროცენტია ყალბი, თუმცა მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალური რიცხვი 15 პროცენტს (დაახლოებით 48 მილიონი ანგარიში) აღწევს. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ 400 000-მდე ბოტი პოსტავდა პოლიტიკურ მესიჯებს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. ზოგი გამოთვლით, დონალდ ტრამპის გამომწერთა 45 პროცენტი, შესაძლოა, ყალბი იყოს. ტვიტერის წარმომადგენელი კი New York Times -თან ამბობს, რომ პრობლემასთან გასამკლავებლად ყველაფერს აკეთებენ.

მომზადებულია cjr -ის სტატიის მიხედვით.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
The New York Times- ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ შოუ-ბიზნესის ცნობილ ვარსკვლავებსა და ჟურნალისტებს ტვიტერზე ყალბი გამომწერები ჰყავთ. გამოძების მიხედვით, მათ ყალბი გამომწერები, ე.წ. „ფოლოუერები“ კომპანია „დევუმისგან“ იყიდეს. Times- ის სიაში აღმოჩნდა Chicago Sun-Times კინოკრიტიკოსი რიჩარდ როპერსიც. გამოცემამ მისი სამსახურიდან დროებით დათხოვა გადაწყვიტა.

The Chicago Sun-Times’s -ის რედაქტორი Imediaethics- თან საუბარში აცხადებს, რომ კინოკრიტიკოსის მასალები არ გამოქვეყნდება, სანამ საკითხს ბოლომდე არ შეისწავლიან. როპერსს ტვიტერზე 222 ათასი გამომწერი ჰყავს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
The New York Times-მა სოციალური მედიის ახალი სახელმძღვანელო წესები შეიმუშავა. წესების მიხედვით, გამოცემის ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელებში არ უნდა გამოხატონ პოზიციები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, არ უნდა გაავრცელონ არაზუსტი ინფორმაცია და პატივისცემით უნდა იურთიერთონ სხვა მომხმარებლებთან.

გამოცემა თავის ჟურნალისტებს სამ საფეხურიან ტესტს სთავაზობს: „სანამ რაიმეს გამოაქვეყნებ, ჰკითხე საკუთარ თავს:
  1. ის რისი დაწერაც გინდა, აუცილებლად უნდა ითქვას?
  2. ის რისი თქმაც გინდა, აუცილებელია, რომ სწორედ შენ თქვა?
  3. ის რისი თქმაც შენ გინდა, აუცილებელია რომ სწორედ ახლა, ამ მომენტში თქვა? თუ ამ სამი კითხვიდან რომელიმეზე პასუხი იქნება „არა“, უმჯობესია, თავი შეიკავოთ პოსტის დაწერისგან“.

წესები ვრცელდება ყველა ტიპის სოციალურ მედიაზე და მისი დაცვა გამოცემის ყველა ჟურნალისტს ევალება. მაგალითად, პოლიტიკური მოსაზრებები არ უნდა გამოაქვეყნონ მათ შორის იმ ჟურნალისტებმაც, რომლებიც პოლიტიკაზე არ მუშაობენ.

რამდენიმე წესი The New York Times-ს სოციალური მედიის სახელმძღვანელოდან:

- სოციალურ მედიაში ჩვენი გამოცემის ჟურნალისტებმა არ უნდა გამოხატონ რომელიმე პოლიტიკოსის მხარდამჭერი ან პირიქით, შეურაცხმყოფელი მოსაზრებები. არ უნდა გამოაქვეყნონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება შელახოს ტაიმსის რეპუტაცია.

- ჟურნალისტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მაშინ, როცა კონკრეტული ამბის გაშუქებას The New York Times მიუკერძოებლად, ამბისგან დისტანცირებულად ცდილობს, მისი გამოცემის ჟურნალისტი კი სოციალურ ქსელში გამოხატულ მოსაზრებებში ამბის ორი მხარიდან ერთს ირჩევს და მის მხარდამჭერ პოზიციას გამოხატავს.

- აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მაგალითად ტრამპის შესახებ ნებისმიერი ჟურნალისტის მიერ დაწერილი ნებისმიერი პოსტი, მკითხველისა თუ რესპონდენტების მხრიდან, აღიქმება The New York Times-ის პოზიციად.

- შესაძლოა მიგაჩნდეთ, რომ სოციალური ქსელები თქვენი პირადი სივრცეა და ის გამიჯნულია თქვენი ჟურნალისტური საქმიანობისგან, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი რასაც ვაქვეყნებთ და ვიწონებთ გარკვეულწილად, საჯაროა და ასოცირდება გამოცემასთან, რომელშიც მუშაობთ.

- მნიშვნელოვანია, რომ პოსტები და ტვიტები არ შიეცავდეს არაზუსტ ინფორმაციას, შეცდომა კი სწრაფად გასწორდეს.

- თუ აზიარებთ სხვა გამოცემის მასალას, სადაც საკითხი მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან არის წარმოჩენილი, შესაძლოა აუდიტორიას დარჩეს შთაბეჭდილება, რომ თქვენც ამ პერსპექტივას იზიარებთ.

დაბოლოს, თუ არ იცი, პოსტი რომლის გამოქვეყნებაც გსურს, შეესაბამება თუ არა The New York Times-ის სტანდარტებს, დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

1. გამოხატავდი ამავე პოზიციას ტაიმსის სტატიაში?

2. ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, ხომ არ იფიქრებს რომ შენ მიკერძოებული ხარ?

3. ხომ არ იმოქმედებს ეს პოსტი ტაიმსის სანდოობასა და რეპუტაციაზე?

4. სოციალური ქსელების მომხმარებელმა რომ დაათვალიეროს შენი გვერდი სოციალურ ქსელში, როგორ ფიქრობ, შენ მიერ გამოხატული მოსაზრებები და გაზიარებული ბმულები ხომ არ გაუჩენს კითხვას, რამდენად შეძლებ შენ ამბის მიუკერძოებლად გაშუქებას?
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
დასავლური მედიასაშუალებების ჟურნალისტებს სოციალურ ქსელებში არაკორექტული პოსტების გამოქვეყნება ძვირად უჯდებათ. ხშირად, სწორედ ტვიტერზე ან ფეისბუკზე დაწერილი შეუფერებელი კომენტარების გამო, მათ სამსახურიდანაც კი ათავისუფლებენ. გთავაზობთ, 2017 წლის სამ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევას, როდესაც ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ან სამსახური დაკარგეს, ან ბოდიში მოიხადეს და პოსტი წაშალეს.

1. CNN კომენტატორი ჯეფრი ლორდი სამსახურიდან სულ ცოტა ხნის წინ იმის გამო გაუშვეს, რომ twitter-ზე ნაცისტური მისალმება გამოიყენა. „Sieg Heil” - ასე უპასუხა მან twitter-ის ერთ-ერთ მომხმარებელს. 


2. Los Angeles Times - რედაქტორმა და ჟურნალისტმა ჯესიკა როიმ ჯონ მაკკეინის შესახებ გამოქვეყნებული პოსტისთვის ბოდიში მოიხადა. ის წერდა, რომ მისი მეგობრის ქმარი გლიობლასტომით იყო დაავადებული, მათ მაკკეინს დახმარებისთვის მიმართეს, თუმცა დახმარება ვერ მიიღეს. „ ჩემი ტვიტი წავშალე იმის გამო, რომ ის ჩემი დამსაქმებლების სტანდარტებს - გადამოწმებისა და შემდეგ გამოქვეყნების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. ვნანობ იმის გამო, რაც დავწერე და გულწრფელად ბოდიშს ვიხდი“ - დაწერა ჯესიკა როიმ. 

3. The Daily Beast - ის კულტურის ბლოკის ჟურნალისტმა ირა მედისონმა twitter-ზე თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის ფოტოს გამოქვეყნებისა და მასზე დართული კომენტარის გამო, სადაც ის “მამაკაცურ დედოფლად”მოიხსენია, ბოდიში მოიხადა. „ბოდიშს ვიხდი ცუდი ხუმრობისთვის. არავის წყენინება არ მინდოდა. ვწუხვარ, რომ ეს გავაკეთე“ - დაწერა მედისონმა.

კატეგორია: სიახლე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს რომან ქევხიშვილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო საყვედური გამოუცხადეს. საქმე საზოგადოებრივი მაუწყებლის სადისციპლინო საბჭომ განიხილა.

ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში 21 მარტს ლალი მოროშკინას მიერ ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს შესახებ დაწერა. სტატუსი შეიცავდა მოროშკინას მისამართით უცენზურო გამონათქვამებს.

ამ საკითხვთან დაკავშირებით 28 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფუტკარაძემ მედიაჩექერს უთხრა: „ჩვენ ვცდილობთ, წესად დავამკვიდროთ, რომ ჟურნალისტებმა საჯარო სივრცეში არ უნდა ჩაიდინონ ქმედება, რომელიც ჩრდილს აყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შეურაცხყოფს ადამიანებს“.

ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი კი, გამოცხადებულ საყვედურს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ასეთივე სწრაფი რეაგირება რომ მოეხდინა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტს, საინფორმაიო სამხახურის უფროსს, ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტის დირექტორს -ჩემ არაერთ თხოვნაზე, რომ არ მაქვს ღამის განათება (ფლეშბეკი), რადიომიმღები მიკროფონი (2016 წელია), კამერის მონიტორი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლეპტოპი, რომ ოპერატიულად, შემთხვევის ადგილიდან ავტვირთო ვიდეო აჯობებდა. რადგან მაუწყებლის მაყურებელი იმსახურებს, სწრაფ და ხარისხიან ინფორმაციას. თუმცა ეს ტექნიკური პრობლემები, რომელიც წლებია არსებობს და ყველა საქმის კურსშია, არავის აინტერესებს. სამარცხვინოა, რომ Facebook -ის სტატუსები უფრო მნიშვნელოვანია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმღძვანელი პირებისთვის, ვიდრე პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ხარისხიანი საინფორმაციოსთვის, ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, გამართულად მომუშავე ტექნიკაა. პრობლემების მოგვარებაზე არ იფიქროს არავინ და მხოლოდ ფბ სტატუსები განიხილეთ.. ამიტომ აქვს არხს "უზარმაზარი" რეიტინგი”.
კატეგორია: სიახლე
საზოგადოებრივი მაუწყებლის სადისციპლინო საბჭო მაუწყებლის ჟურნალისტის, რომან ქევხიშვილის ფეისბუქ სტატუსს განიხილავს. ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში 21 მარტს ლალი მოროშკინას მიერ ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს შესახებ დაწერა. სტატუსი შეიცავდა მოროშკინას მისამართით უცენზურო გამონათქვამებს.

რომან ქევხიშვილის თქმით, მას პირადად საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე დაუკავშირდა. ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის კამპანია, რომელიც მაუწყებლიდან მისი „გაგდების ხანგრძლივ ოცნებას“ ემსახურება.

„ჯერ კიდევ 23 იანვარს, ხელმძღვანელმა პირებმა მითხრეს, რომ მაუწყებელს, ჩემთან დამშვიდობება მოუწევს, თუ ფეისბუქში ხელისუფლების მისამართით კრიტიკული სტატუსების წერას არ შევეშვები“, - წერს ქევხიშვილი სოციალურ ქსელში.

თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღანელის, გიორგი ფუტკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სოციალურ ქსელში ჟურნალისტების ქცევა არ არღვევდეს მაუწყებლის სტანდარტებს, საინფორმაციო სამსახურის მიუკერძოებლობას არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ არცერთი რეპორტიორის ქმედება. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ სადისციპლინო საბჭომ იმსჯელოს ამ საკითხზე და დადგინდეს დაარღვია თუ არა ქევხიშვილმა კოდექსი.

„ჩვენ ვცდილობთ, წესად დავამკვიდროთ, რომ ჟურნალისტებმა საჯარო სივრცეში არ უნდა ჩაიდინონ ქმედება, რომელიც ჩრდილს აყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შეურაცხყოფს ადამიანებს“ -ამბობს ფუტკარაძე. მისივე თქმით, დისციპლინარული საბჭოსგან დამოუკიდებლად, ასევე ეცდებიან დაადგინონ, თავად რომან ქევხიშვილის სტატუსის კომენტარებში, ხომ არ შეილახა მისი უფლებები საჯარო პირების მხრიდან.

გიორგი ფუტკარაძემ უარყო, რაიმე სახის მუქარა ან ზეწოლა რომან ქევხიშვილის მიმართ. მისი თქმით, ტყუილია, რომ ჩინოვნიკების მიმართ კრიტიკული სტატუსის დაწერა აუკრძალეს.

„ყველა ჟურნალისტი გაფრთხილებულია, რომ მათი საჯარო აქტივობები არ უნდა არღვევდეს ქცევის კოდექსს და ეს არის მაუწყებლის პრინციპი“, - ამბობს ფუტკარაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით სსმ-ის თანამშრომელთა ქმედებამ ან გარეშე საქმიანობამ არასასურველი გავლენა არ უნდა იქონიოს სსმ-ის გადაცემებსა და სამსახურებზე. აუდიტორიას არ უნდა მიეცეს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს სსმ-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაში, მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებაში.

დაარღვია თუ არა ქცევის კოდექსი მაუწყებლის ჟურნალისტმა ამაზე, სადისციპლინო საბჭო იმსჯელებს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ყირიმის ომი, ტელეგრაფით გადაცემული პირველი ომია, ტელევიზიით კი პირველად ვიეტნამის გაშუქდა, ხოლო ISIS-ის წინააღმდეგ კამპანია პირველია, რომელშიც სოციალური მედია და თანამედროვეობის უახლესი ტექნოლოგიებია გამოყენებული, - ასე აფასებს მსოფლიო მედიაექსპერტთა ნაწილი ომს, რომელიც ნამდვილთან ერთად, ვირტუალურ რეალობაშიც მიმდინარეობს, მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფება კი ახალი ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების ყველა სიკეთეს ნაყოფიერად იყენებს.

ტვიტერი, ფეისბუქი, იუთუბი, საკუთარი სოციალური ქსელები და ვებ-საიტები მცირე ჩამონათვალია არხებისა, რომლითაც ISIS-ის წევრები სარგებლობენ. განსაკუთრებით პოპულარული ტვიტერია. აქ ინფორმაცია ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ნებისმიერი განცხადება, ვიდეო, მიმართვა თუ სიკვდილით დასჯის კადრები სოციალური ქსელებით მიდის ადრესატამდე.

ისლამურ სახელმწიფოს ტვიტერის ოფიციალური ანგარიში არ აქვს და ვერც ექნება. სამაგიეროდ, ათი ათასობით მხარდამჭერი გვერდი არსებობს. მაგალითად, ჯეი ემ ბერგერისა და ჯონათან მორგანის მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე, ტვიტერში ISIS-ის 46 ათასამდე ანგარიში არსებობდა. პროფილები ძირითად კონტენტს არაბულ ენაზე დებენ. ისინი აქტიურად იყენებენ ჰეშთეგს. ასეულობით მათგანი უშვებს კონკრეტულ თაგს იმისათვის, რომ მესიჯი დღის ტრენდებში გამოჩნდეს. ანგარიშების ნაწილი ინგლისურენოვანია. მათ საშუალოდ 1000 მიმდევარი ჰყავთ. პროფილის ფოტოები უმეტესად, უწყინარია. არ შეიცავს ძალადობას. ანგარიშებს საერთაშორისო ჰაკერთა ჯგუფი ბლოკავს და არეპორტებს, თუმცა მათი რაოდენობა, პრაქტიკულად, არ მცირდება. პატრონებთან წვდომაც არ არის მარტივი საქმე. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თუ ვინ დგას იმ ათეულ ათასობით ანაგრიშის უკან, რომლებიც ვირუსულად ავრცელებენ ინფორმაციებს. გარდა საერთაშორისო ქსელებისა, ისლამური სახელმწიფო საკუთარ ონლაინ-გაზეთსაც უშვებს. „ისლამური სახელმწიფოს ანგარიშში“ აღწერილია ცხოვრება ISIS-ში. სოციალურ ქსელებთან ერთად, დაჯგუფებაში მაღალ დონეზე ფლობენ ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის ხელოვნებას.

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე დასავლეთში მცხოვრები მუსლიმები არიან. სწორედ მათთვის ითარგმნება ვიდეოები და მიმართვები რაც შეიძლება მეტ ენაზე.

„ისეთი ტერორისტული ჯგუფი, როგორიც ISIS-ია, ცდილობს, მიაღწიოს იმ ახალგაზრდა მუსლიმებამდე, რომლებიც საკუთარ იდენტობას ებრძვიან და ტვინი გამოურეცხოს მათ. მაღალი ხარისხის ვიდეოები, ონლაინ-ჟურნალები, სოციალური მედიის გამოყენება, ტერორისტების ტვიტერის ანგარიშები - ამ ყველაფრის სამიზნე ახალგაზრდები არიან. ადამიანები, ვინც იყენებენ ინტერნეტს და ინტეგრირებულები არიან კიბერსივრცეში,“ - ეს განცხადება ბარაკ ობამას ეკუთვნის.

აგრესიული სოციალური მედიის კამპანიის პირობებში, მომხმარებელს ხშირად უჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ახდენს ფეისბუქი, ტვიტერი, იუთუბი ან გუგლი დაუყოვნებლივ რეაგირებას? გამომდინარე იქიდან, რომ გამოხატვის თავისუფლება დასავლეთის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, კონტენტის დაბლოკვა სოციალური ქსელიდან მარტივი არ არის. საეჭვო ანგარიშის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს ადმინისტრაციას. ამ უკანასკნელს დრო სჭირდება, პროფილის შესასწავლად.

იუთუბის გამოცდილებიდან გამომდინარე (2007 წელს, აშშ-ს ერთ-ერთი შტატის სკოლის მოსწავლემ ატვირთა მუქარა საკუთარი კლასელებისა და სკოლის მიმართ. მას ყურადღება არავინ მიაქცია, ცოტა ხანში კი ბიჭმა კლასელები და მასწავლებელი დახოცა), კონტენტი, ყველა სოციალურ ქსელში მოწმდება. პრობლემა არა მთავრობების არაეფექტურ მუშაობაში, არამედ, ახალი მედიის გლობალურობაშია. მისი დარეგულირება ერთი საიტის კონტროლით ვერ მოხდება. უსაფრთხოების სამსახურებს საკანონმდებლო დონეზე აქვთ უფლება, დახურონ ყველა საიტი, რაც ძალადობას შეიცავს და ტერორიზმის მოიაზრება, თუმცა ბევრი ამას ცენზურად აღიქვამს, რადგან სიძულვილის ენის პროპაგანდაც, თავის მხრივ, ვიღაცისთვის გამოხატვის თავისუფლებაა.

ტერორიზმის საფრთხის გაზრდის პარალელურად, გაიზარდა სოციალური ქსელების მოტივაცია, ებრძოლონ ტერორიზმს. „ფეისბუქი ტერორისტების ადგილი არ არის. ჩვენ ვატარებთ აგრესიულ პოლიტიკას მათ წინააღმდეგ და მაქსიმალურად ვცდილობთ, არ მივცეთ საიტის გამოყენების უფლება,“ - ამბობს ფეისბუქის სპიკერი და ამატებს, რომ ქსელი წაშლის ყველა პროფილს ფეიჯსა და ჯგუფს, რომელიც ტერორიმის ან ძალადობის პროპაგანდას ეწევა. მართლაც, ფეისბუქი, დღის მანძილზე, ათასობით პოსტს ბლოკავს და შლის.

ის, რაც ფეისბუქისათვის მარტივი გასაგები აღმოჩნდა, გაუჭირდა ტვიტერს. მისი დამაარსებელი, ჯეკ დორსეი ამბობს, რომ მისი მთავარი ღირებულება გამოხატვის თავისუფლებაა და არ გაჩერდება მანამ, სანამ ამას მთელს მთელს მსოფლიოში არ მიაღწევს. თუმცა სოციალურმა ქსელმა აგრესიული კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი საშუალებით, ჟურნალისტ ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთის ვიდეო გავრცელდა. მიუხედავად რიგი სანქციებისა, მომხმარებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ტვიტერს სუსტი რეგულაცია აქვს, რაც ტერორისტებს ინფორმაციის ადვილად გავრცელების საშუალებას აძლევს, თუმცა ათობით ათასი ანგარიშის დაბლოკვა გამოსავალი არ არის - მათი გაკეთება თავიდან მარტივი შესაძლებელია. რაც შეეხება დამატებით რეგულაციას, ტერორიზმის შეზღუდვის სახელით ინტერნეტის რეგულირება ორ საფრთხეს აჩენს: ერთი, ცენზურას, მეორე - ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. ორივე მათგანი დასავლეთის მთავარი ღირებულებაა.

საუკეთესო გამოსავალზე მსჯელობის პარალელურად, ISIS-ი კვლავ აგრძელებს პროპაგანდას სოციალურ ქსელებში. „თქვენი ტვიტები თქვენი იარაღია, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დასავლეთში უამრავი მუსლიმი ძმა ელის თქვენს შეტყობინებას,“- ასეთი სახის მოწოდებები თითქმის ყოველდღე ვრცელდება. სოციალური ქსელები აქტიურად იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ცდილობენ, არ აჩვენონ საჯაროდ საკუთარი პრაქტიკა. კომპანიებს კონტენტის დაბლოკვის ორი ხერხი აქვთ: ისინი ავტომატურად რეაგირებენ ერთსა და იმავე ტიპის მასალაზე, რომელიც მათი მომსახურების პირობებს არღვევს, პარალელურად ითხოვენ სასამართლოდან ორდერს, რათა მოახდინონ დაკვირვება და საფრთხის პრევენცია ყველა აქტივობისა, რომელიც კონკრეტული თემიდან გამომდინარე შეიძლება, გაჩნდეს ონლაინში.

ეს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის დარღვევის გარეშე, სადაზვერვო სააგენტოების საშუალებით კეთდება. ამერიკის მთავრობა, მომხმრებლის მონაცემამდე მისასვლელად სასამართლოს ნებართვის ლოდინის ნაცვლად, კონტენტის მონიტორინგს აწარმოებს და სწრაფ რეაგირებას ცდილობს. მაგალითად, ერთი თვის წინ ფეისბუქმა გააუქმა პროფილი, რომელიც სან-ბერნარდინოში მომხდარ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილს ეკუთვნოდა. შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, საფრანგეთის პრემიერი და ევროსაბჭოს კომისიის ოფიციალური პირები ცალ-ცალკე შეხვდნენ ფეისბუქის, გუგლისა და ტვიტერის წარმომადგენლებს და ონლაინ-ტერორიზმისა თუ სიძულვილის ენის გამოწვევების წინააღმდეგ კოოპერაცია სთხოვეს.

სოციალური ქსელების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებთან კოოპერაციის შესახებ ყველა დეტალი გამოვლინდება, ეს უარყოფითად იმუშავებს პირადი ინფორმაციის დაცვის მიმართულებით. ისინი შიშობენ, რომ მსგავსი სახის კოოპერაციაზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოდან დაიწყება, რითიც, ყველაზე მეტად, სპამერები ისარგებლებენ.

მანამ, სანამ მსოფლიო საუკეთსო გამოსავალზე ფიქრობს, “ისლამური სახელმწიფო“ ქმნის ახალი მედიის გამოყენების პრეცედენტს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორ წელზე მეტია, სირიის ტერიტორია დახურულ ზონად არის გამოცხადებული. ის დატოვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ადგილზე უსაფრთხოების გარანტიებს ვერავინ იძლევა. უცხოურ მედიას ისღა დარჩენია, ინფორმაციის წყაროდ სოციალური მედია გამოიყენოს. წყარო, რომლის სანდოობის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა ერთადერთია ადგილიდან.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2006 წელს, როდესაც ჯეკ დორსეიმ დიდი კორპორაციებისათვის შიდაკომუნიკაციის ეს სისტემა მოიგონა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ “ტვიტერი” მედიასაშუალებებისათვის ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდებოდა.

სპეციალური თეგებისა და საძიებო სისტემების საშუალებით შეგიძლიათ მთავარ მოვლენებს დროსა და სივრცეში გაჰყვეთ. ტვიტერს იყენებენ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანები, პოლიტიკოსები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფებაც კი.

ISIS-ის მიერ სოციალური მედიის გამოყენება მედიამკვლევრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ოქსფორდში,როიტერის ინსტიტუტის ფარგლებში, მოქმედ ჟურნალისტთა მიერ ჩატარებული კვლევების ნაწილიც ცხადყოფს, თუ როგორი გამოცდილი და სოციალურ მედიაში კარგად გათვიცნობიერებული ადამიანები მუშაობენ მათთვის.

როდის ჩამოყალიბდა ტვიტერი ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების წყაროდ? ალბათ, 2010 წლიდან მოყოლებული, როდესაც ირანში არსებული ცენზურის პირობებში თეირანის მთავარ მოედანზე მიმდინარე მოვლენების მთავარ წყაროდ იქცა საერთაშორისო მედიისათვის, მაშინაც, როდესაც ინფორმაციის ერთადერთი გამტარი იყო 2011 წელს,ეგვიპტის რევოლუციის დროს თუ “არაბული გაზაფხულისას”.

საიტზე ინფორმაციის უმრავლესობა ტვიტერიდან მიაქვს გერმანიის ერთ-ერთ გავლენიან მედიასაშუალებას. “შპიგელ ონლაინში” სპეციალური მორიგეები ჰყავთ, რომლებიც სოციალურ ქსელს ღამით ამონიტორინგებენ, რათა ამერიკის კონტინენტზე განვითარებულ მოვლენებს დროსა და სივრცეში მიადევნონ თვალი. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ბრიტანეთში, საფრანგეთშიდა შტატებშიც. მედიასაშუალებები ტვიტერს ინფორმაციის გავრცელების მთავარ საშუალებად იყენებენ.

რა არის ტვიტერი? ეს არის მიკრობლოგის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ მხოლოდ 140 სიმბოლო, ვწეროთ ლაკონიურად და სრული ინფორმაცია ლინკებით გავავრცელოთ. თავის დროზე ტვიტერს ეკუთვნის ყველა ის ნოვაცია, რასაც ახლა სხვა სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ვიყენებთ: ჰეშთეგი, ტრენდები, სოციალური ქსელების ერთმანეთთან დაკავშირება და სხვა. ტვიტერის გვერდზე არსებული ტრენდები კი გვეხმარება, ადვილად მოვძებნოთ მსოფლიოში აქტუალური თემები (Worldwide trends) ან ჩავშალოთ ქალაქებისა და ქვეყნების მიხედვით.

ტრენდების ამ ჩამონათვალში საქართველო არ არის. აქ მოსახვედრად მხოლოდ მისი გამოყენება არაა საკმარისი. მაგალითისთვის, უკრაინის ინტერნეტაქტივისტებმა ტვიტერს ოფიციალური პეტიციით მიმართეს, სადაც ასაბუთებდნენ ტრენდებში უკრაინის არსებობის საჭიროებას. პეტიციას 250 ათასი ხელმოწერაც ამყარებდა. რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა დორსეის კომპანიისთვის.

რა არის ტვიტერი ჩვენთვის, ქართული მედიისა და საზოგადოებისათვის? სამწუხაროდ, ამ ქსელის ათვისება ვერ მოვახერხეთ. ვერ მოვახერხეთ ენის არცოდნისა გამო, ვერ მოვახერხეთ იმიტომ, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობს ინგლსურენოვანი მედია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ვფიქრობთ, რომ ჩვენთან მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბები რამენაირად მაინც მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

მაგალითისათვის 13 ივნისის მოვლენებიც კმარა. 20-მდე დაღუპული ადამიანი, წყობიდან გამოსული საკომუნიკაციო სისტემები დედაქალაქში, სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითი და სხვა, საერთაშორისო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა. ერთადერთი, რამაც მსოფლიო მედიის პირველი გვერდები მოიცვა, გმირთა მოედანზე მოსეირნე ჰიპოპოტამი იყო (ამბავი AP-მ გაავრცელა). რამდენიმე დღეში ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. საერთაშორისო მედია კი კვლავ ტვიტერზე ეძებდა ამბებს უშედეგოდ და 2-3 კაცის მიერ გავრცელებული ტვიტებით იღებდა ინფორმაციას, შემდეგ მათთან რეკავდა,ამზადებდაინტერვიუებს თუ პირდაპირ ჩართვებს.

ეს მაშინ, როდესაც ჩვენს მეზობლად, აზერბაიჯანსა და სომხეთში, გაცილებით რთული პირობების, ცუდი ინტერნეტისა და დემოკრატიის დაბალი ხარისხის მიუხედავად, ზუსტად იციან, როგორ უნდა გამოიყენონ ტვიტერი. 13 ივნისიდან მცირე ხანში ერევანში ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდის თაობაზეგამოსვლები იყო. აქცია პოლიციამწყლისჭავლით დაშალა. ტვიტერზე სწრაფადვე გაჩნდა შესაბამისი ჰეშთეგი, რომელსაც მოქალაქე აქტივისტები სწრაფად ავრცელებდნენ.

ახლაც, როდესაც საქართველოში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს მედიის კუთხით, ტვიტერზე ინფორმაცია, პრაქტიკულად, არ მოიპოვება. ქართულ მედიასაშუალებებსა და კომპანიებს ტვიტერის ექაუნთიზრდილობის გულისთვის აქვთ გაკეთებული და,უმეტესწილად, სპამის რეჟიმში აახლებენ ფეისბუკის გვერდიდან.

გარკვეულ სფეროში პოპულარობის მიუხედავად, დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ტვიტერი კვდება, რადგან ფეისბუკისა და სხვა სოციალური ქსელებისაგან განსხვავებით, არ ვითარდება. როგორც ჩანს, ამ აზრმა მის დამაარსებლამდეც მიაღწია, რადგან რამდენიმე კვირის წინ ჯგუფისათვის გაგზავნილ მეილშიისიმ გეგმებზე საუბრობს, რომლებიც ტვიტერის გაძლიერებას სჭირდება. მეილიდან ცოტა ხანში კი ტვიტერზე გამოჩნდა დარეკლამებული ანგარიშები და მოძრავი ვიდეოები.მიუხედავად ამისა, ტვიტერის ძალა საფრანგეთის მოვლენებმა ისევ დაგვანახა. ადამიანები ინფორმაციის მისაღებად ტვიტერს უფრო ადევნებდნენ თვალს ვიდრე ფეისბუკს, მედიასაშუალებები ტვიტერზე დებდნენ პირდაპირ ჩართვებს კიდევ ერთი სოციალური ქსელის, პერესკოპის მეშვეობით, რომელიც ტვიტერის შვილობილი კომპანიაა. ასეთი ექსტრემალური ვითარებები კარგად აჩვენებს ამ სოციალური ქსელის შესაძლებლობებს.

და ბოლოს: ქართულენოვანი ინტერნეტაუდიტორია ძალიან ხშირად სვამს კითხვას: რაში გვჭირდება ტვიტერი საქართველოში მაშინ, როცა ფეისბუკი არსებობს? სინამდვილეში,არც არაფერში. ეს სოციალური ქსელი ჩვენთან ვერასოდეს გახდება პოპულარული, რადგან ქართულენოვანი აუდიტორია (ყოველ შემთხვევაში,ისინი, ვინც სოციალურ მედიას აქტიურად იყენებენ) ტვიტერის მასშტაბებისათვის ძალიან მცირეა. ამის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის საერთაშორისოდ გავრცელებისათვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა.

თამარ კარელიძე
კატეგორია: ანალიზი
სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სოციალური მედიის როლი კრიზისული სიტუაციის დროს განსაკუთრებულად იზრდება. წყალდიდობის, ტერაქტების, მიწისძვრისა თუ ცუნამის შესახებ ინფორმაცია პირველად სწორედ სოციალური ქსელებით ვრცელდება ხოლმე. ასე მოხდა 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროსაც - მოქალაქე ჟურნალისტებმა ტრადიციულ მედიას დაასწრეს, კამერები ტელეფონებით „ჩაანაცვლეს“ და სტიქიის პირველივე საათებიდან მათი ფეისბუქ პროფილები, პრაქტიკულად, ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო იყო.

წყალდიდობის დაწყებისას სოციალური ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ტრადიციული მედიის მისამართით, ტელევიზიებმა მოვლენის ადგილზე მისვლა და სპეციალური გამოშვების ეთერში გაშვება სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ შეძლეს.

ასეთ სიტუაციაში ლოგიკურად გაიზარდა მოთხოვნა სოციალური ქსელითა თუ იუთუბით გავრცელებულ ინფორმაციაზე. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც ფეისბუქის მომხმარებელმა გიორგი მანჯავიძემ (GIO FOX-მა) 13 ივნისს შემთხვევის ადგილიდან ატვირთა, 1925 გაზიარება და 78 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

“გულწრფელად გეტყით, თავდაპირველად ძალიან გავბრაზდი და კარგადაც გამოვლანძღე ჩვენი ტელემედია... ეს იმიტომ, რომ იმ მომენტში ფაქტობრივად ინფორმაციის გარეშე ვიყავი დარჩენილი, როგორც მაყურებელი. აი მოგვიანებით კი ჩემში "ჟურნალისტობამ" სძლია მაყურებლის პოზიციას და მივხვდი, რომ ჩემს კოლეგებს აშკარად გაუჭირდებოდათ მობილიზება საგანგებო ეთერისთვის სტიქიის გამო”, - ამბობს გიორგი მანჯავიძე. მან ტელეფონი აიღო, შემთხვევის ადგილზე წავიდა და მთელი ღამის განმავლობაში აწვდიდა სოციალური ქსელების მომხმარებლებს ინფორმაციას მოვლენათა ეპიცენტრიდან.

მანამ, სანამ გადამღები ჯგუფი ადგილზე მივიდოდა და ტელევიზიისთვის ინფორმაციისა და კადრების მიწოდებას შეძლებდა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ აუდიტორიას ინფორმაციას ტელეკომპანიის ვებისა და ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით აწვდიდა. ისინი აქტიურად იყენებდნენ სოციალურ ქსელში მოსახლეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც. ტელევიზიის ვებგვერდის გამშვები რედაქტორის, რუსა მაჩაიძის, თქმით, კითხვებზე პასუხის გაცემა ოფიციალურ უწყებებსაც უჭირდათ, ამიტომ ინფორმაციის მისაღებად სოციალური ქსელების გამოყენება დაიწყეს:

“ყველაზე პრობლემატური კი ის იყო, რომ ინფორმაცია არავის ჰქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ყველანაირი მასალა გამოგვექვეყნებინა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი წყარო ფეისბუქი იყო. ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე ჩვენი ჟურნალისტები ადგილებამდე მივიდოდნენ. შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ვამოწმებდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. იმდენად დიდი იყო ინფორმაციაზე მოთხოვნა, რომ ტელეკომპანიის საიტი რამდენჯერმე გაითიშა. ასეთ დროს, ინფორმაციას პირდაპირ ფეისბუქის გვერდზე ვაქვეყნებდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ღამეს სოციალურმა ქსელებმა ყველაზე კარგად იმუშავა. ინფორმაციის მიღების თვალსაზრისითაც და გავრცელების მხრივაც”, - ამბობს რუსა მაჩაიძე.

მოგვიანებით ტელევიზიები ეთერში სოციალურ ქსელებში გარცელებულ კადრებსაც აქტიურად გადასცემდნენ.

თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ სოციალური ქსელში ინფორმაციას რიგითი ადამიანები გადაუმოწმებლად აქვეყნებენ, აზიარებენ და ავრცელებენ, ფეისბუქი ხშირად დეზინფორმაციის წყაროც იყო. მაგალითად, ვრცელდებოდა სხვა ქვეყნებსა და სიტუაციაში გადაღებული ფოტოები, როგორ დასეირნობდა ლომი თუ ნიანგი ქუჩაში, ფოტოს მინაწერში კი აღნიშნული იყო, რომ ის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დროს იყო გადაღებული.

სოციალური ქსელით გავრცელდა მოსახლეობის მიერ გადაღებული ფოტოები ბაგებში ვეფხვის არსებობის შესახებაც. ტრადიციული მედიის გამოშვებებში ეს ფოტოებიც მოხვდა. მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ ეს ვეფხვი სინამდვილეში კატა ყოფილა.

ჟურნალისტ თამარ კარელიძის თქმით, ის, რომ უცხოურმა მედიამ საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში აქცენტი ზოოპარკიდან გაქცეულ ჰიპოპოტამზე გააკეთა, იმის ბრალია, რომ სხვა ამბებმა ქვეყნიდან ვერ გააღწია.

“იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში, თითქმის არავინ წერდა ტვიტერზე საქართველოდან ინგლისურად. მე იმ დღეს დავიწყე წერა, როცა ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და უცხოური მედიის მხრიდანაც ინტერესი დიდი იყო. იმავე დღეს მომწერა და მიმდინარე ამბების შესახებ ეთერში ჩამრთო რადიო LBC-მ, ასევე, სკაიპით ჩავერთე Sky News-ს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ”, - ამბობს თამარ კარელიძე,

მისი თქმით, ტვიტერი ძალიან კარგი საშუალებაა ინფორმაციის საერთაშორისო მასშტაბით გასავრცელებლად, თუმცა ამ რესურსს საქართველოში არ ვიყენებთ. არადა, ტვიტერი უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფ საშუალებად იქცა. ეს სოციალური ქსელი საშულებას იძლევა მოძებნო ბოლო ინფორმაცია სასურველი ან ყველაზე პოპულარული თემების შესახებ.

შეიძლება ითქვას, რომ 13 ივნისს, თბილისის წყალდიდობისას, სოციალურმა მედიამ ტრადიციულ მედიასთან შედარებით უფრო ოპერატიულად იმუშავა, ინფორმაციაც სწრაფად, ვირუსულად ვრცელდებოდა. მოქალაქე ჟურნალისტები ინფორმაციის გასავრცელებლად, ყველაზე ხშირად, ფეისბუქსა და იუთუბის იყენებდნენ.
კატეგორია: სიახლე
ქალაქის მერის არაერთ განცხადებას „ტაბულას“ ვებსაიტზე ნარმანიას ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის