კატეგორია: სიახლე
მედიის ნაწილმა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სავარაუდო სუიციდის შემთხვევა ზედაპირულად გააშუქა. ფაქტის აღწერას, საიდანაც ვიგებდით, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული, თან ერთვოდა ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებლის პოსტი, სადაც ის სენტიმენტალურად საუბრობდა იმაზე, თუ რა მდგომარეობა დახვდათ შემთხვევის ადგილზე მისულ ადამიანებს.

პოსტში, რომელიც მედიამ უცვლელად გაავრცელა, სხვათა ნაამბობის საფუძველზე აღწერილი იყო სუიციდის მეთოდი, ასევე მოტივი და ფაქტობრივად ბრალდებოდა სავარაუდოდ ბანკს და მისგან მიგზავნილ „მეპროცენტეს“. გარდაცვლილი მეწიგნე მიშკას მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის სუიციდი გამოსავლად იყო წარმოჩენილი.

გარდა ამ ფეისბუკ პოსტისა, მედიასაშუალებებს შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალები არ მოუძიებიათ, არ განუზოგადებიათ თემა და ამბავი ერთი პირის ისტორიის ფრაგმენტული გაშუქებით შემოიფარგლა. არც ფეისბუკ პოსტში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა ჩანდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებული სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, ისეთი სენსიტიური თემის გაშუქებისას, როგორიც სუიციდია, მნიშვნელოვანია ფოკუსირება პრობლემაზე ზოგადად და არა კონკრეტულ შემთხვევაზე, თუ არ არსებობს მის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი. ამ კონკრეტული შემთხვევის ასე გაშუქებისას არ ჩანდა ეს საზოგადოებრივი ინტერესი.

ამავე სახელმძღვანელო წესების მიხედვით:

· სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის.

· დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება, სენსაციურ ჭრილში გაშუქება

· არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და ა.შ... ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია.

· უნდა შესთავაზოთ აუდიტორიას ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ეხმარება.

ასევე ქარტიის მიერ შექმნილ კიდევ ერთ დოკუმენტში, „სოციალური მედიის გამოყენების“ შესახებ სახელმძღვანელო წესებში, საუბარია სოციალური ქსელის, როგორც ინფორმაციის წყაროს შესახებ: „სოციალური ქსელიდან მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადიოდეს გადამოწმების ყველა იმ ფილტრს, რასაც ჩვეულებრივ, სხვა გზებით მოპოვებული ახალი ამბავი გადის“.
კატეგორია: რესურსები
ბოლო დროს, მედიაში სუიციდის შემთხვევების აქტუალურობამ ამ თემის ეთიკური გაშუქების პრობლემა წამოჭრა. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ სუიციდის შემთხვევების ზედაპირულმა და არააკურატულმა გაშუქებამ, შესაძლებელია, გაამყაროს სხვა ადამიანების გადაწყვეტილება, სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულონ. მეორე მხრივ კი, ფრთხილი და კვალიფიციური მედიაგაშუქება ეხმარება აუდიტორიას, გაიღრმავოს ცოდნა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ და თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგებს.

„მედიაჩეკერი“, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ევროპის დართ ცენტრის მიერ ამ თემაზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მოკლედ გთავაზობთ, სუიციდის ეთიკური გაშუქების სახელმძღვანელო წესებს:

პირველ რიგში, ჟურნალისტები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად ღირს სუიციდის კონკრეტული შემთხვევის გაშუქება. თვითმკვლელობის ყველა შემთხვევა არ შეიძლება იქცეს ახალი ამბების თემად.

იყავით ძალიან ფრთხილი სუციდის ხერხის აღწერისას.

არ დაასახელოთ სუიციდის ერთი კონკრეტული მიზეზი, რადგან სუიციდს კომპლექსური პრობლემები იწვევს.

არ გაავრცელოთ ვარაუდი, თითქოს სიკვდილის სხვადასხვა შემთხვევების უკან ფარული ხელი, საიდუმლო კავშირი თუ ოკულტური გავლენები იმალება.

სიფრთხილით მოეკიდეთ დილეტანტ ფსიქოლოგიას და გავრცელებულ ცრურწმენებს, რომელებიც მოკლებულია მტკიცებულებებს.

არ თქვათ, რომ თვითმკვლელობა სუიცუდური შეგრძნებების გარდაუვალი დასასრული იყო.

ზედმეტად დეტალურ აღწერასა და სენსაციაზე ორიენტირებულმა სტატიებმა, რომლებიც ფოკუსირდებიან სუიციდის მსხვერპლთა მიერ გამოყენებულ მეთოდებზე, შესაძლოა სხვებს, ვინც რაიმე ფორმით, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოახდენს მსხვერპლთან, ასწავლოს თუ როგორ უნდა გაიმეორონ იგივე ქმედება.

ნუ აჩვენებთ იმ გარემოს, სადაც სუიციდი მოხდა.

ძალიან ფრთხილად შეარჩიეთ გამოსახულება, რომელსაც ეთერში უშვებთ. არ გამოიყენოთ ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სუიციდის სცენას.

არასოდეს გააშუქოთ სუიციდი, როგორც გმირული საქციელი. ამით, შესაძლოა, მიბაძვა გამოიწვიოთ. არასრულწლოვანმა თვითმკვლელობას შესაძლოა მხოლოდ იმიტომ მიმართოს, რომ ამ ფაქტის შემდეგ მასზე ილაპარაკებენ და „დააფასებენ.“

სუციდის მსხვერპლის ახლობლებთან ურთიერთობა

ოჯახის წევრები, ხშირად, ისეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან, რომ ყვებიან იმას, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ იტყოდნენ. ამიტომ თავად აწონ-დაწონეთ, რაიმე ზიანს ხომ არ მოუტანს ამ ინფორმაციის, ანდა კადრების გავრცელება მათ? თვითმკვლელობა დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს სამეზობლოში, სანაცნობოში. ეცადეთ, მათგან გაგონილი ყველა ინფორმაცია არ გაასაჯაროვოთ და პატივი სცეთ გარდაცვლილის პირად ცხოვრებას. ოჯახის წევრებისთვის მტკივნეული წასაკითხი და სანახავი იქნება ამგვარი მასალა.ახლობლებისა და სამართალდამცავების კომენტარების გარდა, მნიშვნელოვანია ფაქტების მოგროვება სხვა წყაროებიდან. თუკი ისეთი ვინმესგან აიღებთ ინტერვიუს, ვინც არ იცის სიტუაციის მიღმა არსებული ფაქტორები, შესაძლოა, თქვენც არასწორად მოახდინოთ რეალობის ინტერპრეტაცია.

ენა

· არ გამოიყენოთ სიტყვები “წარმატებული” ან “წარუმატებელი” სუიციდი. ეს სიტყვები, შესაძლებელია, ძალიან ორგანული იყოს ენისთვის, მაგრამ მაინც ძალიან უდიერად, უხეშად ჟღერს და არ ღირს მათი გამოყენება. თუ კი გჭირდებათ ამ საკითზე ყურადღების გამახვილება, სჯობს, იხმაროთ ფრაზა - “მცდელობა, რომელიც არ დამთავრდა/დამთავრდა ფატალურად.“

· არ თქვათ, რომ სუიციდით „ტკივილის/ტანჯვას ბოლო მოეღო“.

· არ გამოიყენოთ ფრაზა „სუიციდი ჩაიდინა.“ სუიციდი დანაშაული არ არის. უმჯობესია, თქვათ „სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.“

არ გამოიყენოთ ტერმინი “თვითმკვლელობის ჩადენა”. ქვეყნების უმეტესობა, უკვე მრავალი წელია, რაც სუიციდს კრიმინალურ ქმედებად/დანაშაულად არ განიხილავს. ამიტომ გაცილებით უკეთესია თქვათ: „გარდაიცვალა სუიციდის შედეგად ან “თავი მოიკლა”.

არ მოიხსენიოთ სუიციდის მსხერპლი, როგორც „თვითმკლელი.“ ეს ტერმინი აკნინებს ადამიანს. მისი გამოყენებისას იკარგება პიროვნება და რჩება მხოლოდ სიკვდილის მეთოდი.

გაშუქების მასშტაბი და მასალის მოცულობა

კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო ფართოდაა გაშუქებული ამბავი, ხოლო ჰედლაინი მყვირალა, განსაკუთრებით თუ ის პირველ გვერდზეა, მით მეტად მოქმედებს ის აუდიტორიაზე.

არ დაიწყოთ საინფორმაციო გამოშვება სუიციდის ამბით. არ განათავსოთ სუიციდთან დაკავშირებული ამბები გაზეთის/ჟურნალის ყდაზე.

გლამურმა და პოპულარულობამ არ უნდა დაჩრდილოს პიროვნების ფსიქიკური ჯანმრთელობის ან წამალდამოკიდებულების საკითხები.

სახიფათოა მდარე ხარისხის ან ემოციური მუსიკის გამოყენება სუიციდის გაშუქებისას, ასევე, თვითმკვლელობის ისეთი კუთხით წარმოჩენა, რომელიც ადამიანის ცხოვრების სტილის იდეალიზებას ახდენს.

იყავი სასარგებლო აუდიტორიისთვის

ჰკითხეთ რჩევა ექსპერტებს.

თქვენი გაშუქება უნდა დაეხმაროს მომავალში სუიციდის შემთხვევების პრევენციას. დაამატეთ სტატიას ჩანართი “სუიციდის ნიშნების” ან მაგალითად, “სასარგებლო რჩევების” შესახებ. შეგიძლიათ ისტორიას ბოლოში ნდობის ტელეფონი და სხვა სასარგებლო ბმულები დაურთოთ.

სუიციდისა და სუიციდისაგან გადარჩენილი ადამიანების გაშუქებისას ყურადღება გაამახვილეთ სუიციდის პრევენციაზე, ინფორმირებასა და მხარდაჭერაზე.
კატეგორია: ბლოგი
ჟურნალისტიკაში არის თემები, რომელთა გაშუქებაც სარისკო და რთულია. ასეთ დროს ძალიან ბევრს ვფიქრობთ, როგორ ვაჩვენოთ რესპონდენტი, გარემო, როგორ შემოვიტანოთ ჩვენი ტექსტით თემა ისე, რომ პრობლემის იდენტიფიცირებაც ხდებოდეს და არც ვინმე დავაზიანოთ.

უნდა გავაშუქოთ თუ არა სუიციდის, გაუპატიურების, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები? ეს კითხვები ხშირად ისმის. პასუხი ერთია - ყველაფერი უნდა გაშუქდეს, თემის დამალვა ჩვენს პროფესიულ ეთიკას ეწინააღმდეგება, თუმცა შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

ბოლო პერიოდის უდავოდ დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, რომ სახიფათო და მძიმე თემების გაშუქებისას, ჟურნალისტები ხშირად გადიან სპეციალისტებთან კონსულტაციებს. არის თემები, რომლებზეც კითხულობენ, როგორ შეიძლება გაუშვან ეთერში ისე, რომ ეთიკური სტანდარტი არ დაარღვიონ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ შეცდომები მაინც მოსდით.

პრობლემურ თემებს შორის, ალბათ, სუიციდის გაშუქება ჭარბობს. უნდა ვახსენოთ თუ არა სახელი და გვარი, თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის ფორმა, მიზეზი.. როგორი ფოტო უნდა დავურთოთ თან ამბავს, უნდა ჩავწეროთ თუ არა გარდაცვლილის მეზობელი ან მეგობარი.. ეს კითხვები გამუდმებით აქტუალურია. ბოლო პერიოდში თვითმკვლელობის პრევენციის შესახებ თემები ხშირად შუქდება. ერთ-ერთი პირველი, ალბათ, „პროფილი“ იყო, რომლის ანონსმაც ბევრ ადამიანს პროტესტი გაუჩინა და, გადაცემის ეთერში გასვლამდე, წამყვანს განმარტების გაკეთებაც მოუხდა.

ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი კი, რომელიც მოზარდთა შორის თვითმკვლელობის პრევენციას ეხებოდა, „იმედის დროში“ გავიდა. ალბათ, ჟურნალისტი ბევრს ეცადა, კონცენტრირებულიყო პრობლემასა და მის პრევენციაზე, რაც, გარკვეულწილად, მოახერხა კიდეც, თუმცა სიუჟეტში ნაჩვენებია კადრები, რომლებიც ადამიანმა სუიციდის „შემოთავაზებულ ხერხად“ შეიძლება აღიქვას. ჟურნალისტი საუბრობს ფორმებზე, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა გამოიყენეს. ასევე აღნიშნულია, სუიციდის სავარაუდო მიზეზები.

ერთ-ერთ ისტორიას ფონად გასდევს ბევრისთვის ცნობილი სიმღერა, რომელიც, ერთ-ერთი გარდაცვლილის მიერ დატოვებულ წერილში მოხსენიებულია, როგორც მისი უკანასკნელი წერილის საუნდტრეკი.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებით მანიპულირება, არც სიუჟეტის მძიმე მუსიკით გაფორმება და მეტ-ნაკლებად რომანტიზებულ მიზეზებზე საუბარი. მათი განმარტებით, ასე სიკვდილი უფრო მიმზიდველი ხდება.

ძალიან საფრთხილოა სუიციდის კონკრეტული შემთხვევების მიზეზების მედიით აფიშირება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელიც შესაძლოა იმავე მდგომარეობაში იყოს, რომელშიც სუიციდის მსხვერპლი, პირდაპირ სთავაზობ „პრობლემის მოგვარების“ გზას.

ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმა, რომელსაც სპეციალისტები გვთავაზობენ, ჟურნალისტურ მასალებში იმ ნიშნების იდენტიფიცირებაა, რომლებიც სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს ახასიათებთ. თუმცა თემაზე მუშაობისას სამწუხაროდ, პირველი თავში მაინც რეიტინგი მოგვდის. რეიტინგი კი, ადამიანური ისტორიების, ცრემლის, ტირილის გარეშე, ვერ წარმოგვიდგენია.
კატეგორია: სიახლე
2 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში 14:00 საათზე გავიდა სიახლე თბილისში მომხდარი სუიციდის ფაქტის შესახებ.ახალი ამბის მიხედვით, მამაკაცი, რომელიც ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა, არ დაემორჩილა ექიმებს, თვითნებურად დატოვა ინტენსიური თერაპიის განყოფილება, გადავიდა სხვა განყოფილებაში და საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადახტა. საინფორმაციო გამოშვებაში ამბავი ეთიკური ნორმების დაცვით გაშუქდა.

მოგვიანებით, სიუჟეტი ტელეკომპანია „იმედმა“ თავისსავე ვებგვერდზე ატვირთა, ე.წ. „თამბნეილად“, ანუ საჩვენებელ ფოტოდ, დაურთო სურათი, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ ხტება მამაკაცი შენობიდან. აღნიშნული ფოტო ჩნდება, როდესაც ტელეკომპანიის ვებგვერდზე სუიციდზე მომზადებულ სიუჟეტს გახსნით, ასევე, სოციალურ ქსელში მისი გაზიარებისას.

კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, დაუშვებელია, როცა მედია ზედმიწევნით აღწერს ადამიანების თვითმკვლელობას, აქვეყნებს ინფორმაციას სუიციდის მეთოდის შესახებ, აჩვენებს დადგმულ სცენას (რეკონსტრუქციას), ან ამართლებს სუიციდს, როგორც კრიზისსა და უბედურებაზე მისაღებ რეაქციას.