კატეგორია: სიახლე
26 თებერვალს "კურიერის" 3 საათიან გამოშვებაში საგუშაგოზე მოკლული 19 წლის ბექა რუსიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სიუჟეტი გავიდა. წამყვანის თქმით, სასამართლო პროცესი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. ამის შემდეგ კი სიუჟეტში აჩვენეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჭირისუფალი, რომელმაც მსჯავრდებულის ოჯახთან იკამათა. მათ ჩხუბს ეთერში დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ვუყურებდით.

გაუგებარია, რა საჯარო ინტერესს ემსახურებოდა აღნიშნული კადრების ჩვენება და რა დამატებითი ინფორმაცია მიიღო მათი ნახვით მაყურებელმა რუსიას მკვლელობის შესახებ.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
კატეგორია: სიახლე
26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება და დაკრძალვა 10 და 11 იანვრის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების წამყვანი თემა იყო. გარდაცვალების დღეს, 10 იანვარს 9 საათიან „კურიერში“ მაყურებელი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ისმენდა ჭირისუფლების ტირილსა და მოთქმას. გლოვა და ტირილი ისმოდა იმავე დღეს, „TV პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც.

11 იანვრის კი 9 საათიან „კურიერში“ და 8 საათიან „ქრონიკაში“ მაჩალიკაშვილის ცხედარი აჩვენეს, TV პირველის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ცხედართან ერთად, ის კადრებიც გაუშვეს, სადაც ჩანს, როგორ აყრიან მიწას 19 წლის ახალგაზრდას.

საჯარო ინტერესი თემის მიმართ ცხადი და ნათელია. ამბის კონტექსტის გათვალისწინებით გარკვეული საჯარო ინტერესი, მედიის მხრიდან ჭირისუფლების პოზიციების ჩაწერისა და ჩვენების მიმართაც არსებობს, თუმცა ბუნდოვანია, რა საინფორმაციო ღირებულება აქვს ცხედრის, წესის აგებისა და დატირების კადრების ჩვენებას.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35-ე მუხლში კი ვკითხულობთ: „მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები, ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო წესებში კი ვკითხულობთ: “მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება“.
კატეგორია: სიახლე
27 ნოემბრის „კურიერში“ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირის დანაწევრებული ცხედრის კადრები პირდაპირ, ყოველგვარი რედაქტირების გარეშე აჩვენეს. „ეს ძალიან მძიმე კადრია, თუმცა გრაფიკული დამუშავების შემთხვევაში არსი მთლიანად დაიკარგებოდა“ - განუმარტა წამყვანმა აუდიტორიას და იქვე მოუწოდა, ბავშვები ეკრანებისთვის მოერიდებინათ. „რუსთავი 2-ის“ მტკიცებით, ფოტოზე აფეთქების შედეგად დასახიჩრებული ახმედ ჩატაევის სხეული ჩანს.

ცხადია, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი კითხვაა, არის თუ არა ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი. შესაბამისად, ყველა ფოტო, ვიდეო თუ სხვა სახის მასალა, რომელიც პირების იდენტიფიცირების შესახებ არსებულ ეჭვებს დაადასტურებს ან უარყოფს, მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ კონკრეტულ ფოტოზე, რომელიც „კურიერმა“ „ექსკლუზიურად“ გაავრცელა, ერთადერთი დეტალი, რომლითაც მაყურებელს შესაძლოა ევარაუდა, რომ დანაწევრებული სხეული ახმედ ჩატაევის იყო, ფოტოზე ასახული სავარაუდოდ ფეხის პროთეზია. ცნობილია, რომ ჩატაევს მარცხენა ფეხი არ ჰქონდა და პროთეზს ატარებდა. გარდა ამისა, შესაძლოა იდენტიფიცირებისთვის გამართლებული ყოფილიყო სახის ნაწილის და თავის ჩვენებაც. ფოტოზე ასახული დანაწევრებული სხეულის სხვა ნაწილების მიმართ არანაირი ინტერესი არ არსებობდა. ამიტომაც გაუგებარია, რატომ „დაიკარგებოდა არსი“ მისი გრაფიკულად დამუშავებისას, როგორც ეს წამყვანმა განაცხადა.

„კურიერის“ მიერ ექსკლუზიურ კადრად შემოთავაზებული ფოტო წინა დღეს „იმედის კვირაშიც“ უჩვენეს, თუმცა მნიშვნელოვნად დარედაქტირებული სახით - ფოტოზე ჩანდა არა დანაწევრებული ცხედარი, არამედ მხოლოდ ის დეტალი, (სავარაუდოდ, ფეხის პროთეზის ნაწილი) რის მიმართაც საჯარო ინტერესი არსებობდა.

ასევე, 27 ნოემბრის "კურიერში" კიდევ ერთხელ, ახლო ხედებით და რედაქტირების გარეშე უჩვენეს სპეცოპერაციის დროს სხვა ლიკვიდირებულთა ცხედრებიც.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

მუხლი 36: „მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება“.

მუხლი 38: .აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ , ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას. მუხლი 41. .ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის, როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია შესაბამისი კონტექსტით.
კატეგორია: სიახლე
13 სექტემბერს კურიერის მთავარ გამოშვებაში მასალა გავიდა აზერბაიჯანის მოქალაქის მანქანაში ჩაცხრილვის შესახებ. არხი აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ პირი იმის გამო მოკლეს, რომ რამდენიმე თვის წინ მან სავარაუდოდ, მკვლელობის დამკვეთს ყური მოაჭრა. ეთერში მოხვდა დასისხლიანებული კაცისა და მოჭრილი ყურის კადრებიც.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ მედია მოერიდოს მსგავსი კადრების ჩვენებას, თუ ის არ შეიცავს რაიმე დამატებით ინფორმაციას მაყურებლისთვის.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (მუხლი 36, პუნქტი 1) ვკითხულობთ, რომ მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამის, ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. ამავე კოდექსის კიდევ ერთი მუხლში (მუხლი 41) წერია: ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია შესაბამისი კონტექსტით.
კატეგორია: სიახლე
ქვემო ქართლში ახალგაზრდა მამაკაცი ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. მოძალადეებმა მომხდარის ამსახველი კადრები თავად გადაიღეს, რაც სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელდა.

სატელევიზიო და ონლაინ მედიაში თემაზე მომზადებულ მასალებში სიღრმისეულად მიმოიხილეს ამბის მონაწილეთა პირადი ცხოვრება, ამაში მათ მეზობლები და ნათესავები დაეხმარნენ. რესპონდენტები მომხდარის „პროვოცირებისთვის“ ახალგაზრდა ქალს კიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ სწორედ მისმა საქციელმა უბიძგა მეუღლეს, შური ეძია. „ინფო რუსთავმა“ კი ადგილობრივების ის კომენტარები გაავრცელა, სადაც დანაშაულის ჩადენის მოტივებსა და ხერხებს აღწერდნენ. ფაქტის გაშუქებისას ტელემედიაში აღინიშნა, რომ „საზარელი დანაშაულის მიზეზი ეჭვიანობა გახდა“.

„ეს ყველაფერი იმ გოგოს ბრალია, ამ გოგოზე უკვე მესამედ ხდება ასეთი რამ,“ - ამბობდა დაზარალებულის დედა „იმედის“ სიუჟეტში.

„გოგონას კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ,“ - ამბობდა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტიც. „ეს გოგო თვითონ ურეკავდა ჩემს შვილს და ეუბნებოდა, რომ უყვარდა და ამასთან ყოფნა უნდოდა,“ - ისმოდა სიუჟეტიდან.

ტელეკომპანია „იბერიას“ 11სთ-იან გამოშვებაში კი წამყვანი ჩართვაზე მდგარ ჟურნალისტს ეკითხება: „სოფო, რა გახდა ეჭვიანობის საფუძველი?“, რის პასუხადაც ჟურნალისტი ამბობს: „სოფელში ამბობენ, რომ ეჭვიანობის საფუძველი ნამდვილად არსებობდა“. ამავე მასალის შესავალ ტექსტში კი წამყვანმა მაყურებელს ისიც განუმარტა, თუ რა მეთოდით გააუპატიურეს მამაკაცი.

ახლობელი, რომელიც ეთერში საუბრობდა, ამტკიცებდა, რომ ინიციატივას გოგონა იჩენდა, მამაკაცი კი „თავიდან თავს არიდებდა“ და „იმ ღამით ძალიან ნასვამი იყო“.

გაშუქებაში მთავარი აქცენტი იყო არა იმაზე, რომ პირი ძალადობის მსხვერპლი გახდა, არამედ ძალადობის მოტივზე. საზოგადოებაში ამგვარი საკითხებისადმი არსებული ზოგადი სტერეოტიპებისა თუ განწყობების გათვალისწინებით, ძალადობის მოტივად ეჭვიანობის დასახელება, კონკრეტული, პირადი დეტალების გასაჯაროება და ჟურნალისტური მასალების ფოკუსის მთლიანად ამ საკითხზე გადატანა, ქმნიდა განცდას, რომ ერთი მხრივ „დაზარალებულმა კაცმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა“, მეორე მხრივ კი, ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი ქალი გახდა. მასალებისთვის ამგვარი ფოკუსის შერჩევა ქმნიდა განწყობას, რომ დაზარალებული და ქალი არასწორად მოიქცნენ და მოძალადეების პროვოცირება მოახდინეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია: „ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“.
კატეგორია: სიახლე
28 ივნისს, თბილისში მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ჟურნალისტმა 3 საათიან "კურიერში", ჩართვაზე ახსენა, რომ „შემთხვევა სულ ცოტა ხნის წინ მოხდა“, კადრში გვიჩვენეს სისხლის კვალი და ჩაწერეს შოკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მამა, რომელსაც მომხდარზე განმარტებებს სთხოვდნენ.

ადგილიდან შემოგვთავაზეს მეზობლებისა და გარდაცვლილი ბავშვი მამის კომენტარი: „რა ვერსიებზე საუბრობენ ისინი, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იყო საინტერესო,“ - თქვა ჟურნალისტმა.

ამ კომენტარებიდან მაყურებელს მომხდარზე დამატებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუღია, მხოლოდ ნახა ადამიანი პირადი მწუხარებისას, რომელსაც ჟურნალისტი უბედური შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მომხდარზე განმარტებებს სთხოვდა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, 36 მუხლი: მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე.
კატეგორია: ბლოგი
ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას ხშირად ხდება ადამიანური ტრაგედიების მოწმე. რთული პროცესია - გააშუქო სიუჟეტი, შექმნა სტატია ისე, რომ დაიცვა სამი ძირითადი პრინციპი: არ ავნო რესპონდენტს, რომელიც დაზარალებულის როლშია, არ ავნო საზოგადოებას, ვისთანაც გინდა მიიტანო შეგროვებული ინფორმაცია და ბოლოს, არ ავნო საკუთარ თავს.

ჩემი ბლოგის დაწერის მიზეზი გახდა სიუჟეტი, სადაც გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამას პანაშვიდის მიმდინარეობისას რეპორტიორი ეკითხება: რამდენი ტყვია მოხვდა გულში თქვენს შვილს?

რომელ აუდიტორიას სჭირდება ტყვიის რაოდენობის და ლოკალიზაციის ცოდნა?რა ინფორმაციულ ღირებულებას შეიცავს ეს ცნობა? ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, არანაირს!

სიუჟეტს დრამატიზაცია ემატება, თუ ეს ინფორმაცია მიღებულია გარდაცვლილის მამისგან პანაშვიდის მსვლეობისას. სიუჟეტში კარგად ჩანს, თუ როგორ შეშდება რამდენიმე წამის განმავლობაში მამა და ამბობს:

-არ ვიცი რამდენი ტყვიით... მოკლეს. ალბათ რომ სცოდნონდა ჟურნალისტს, რომ ადამიანი მწვავე ტრავმის გადატანის შემდეგ პირველი 24 საათი შესაძლებელია შოკის ფაზაზე იყოს , ამ კითხვას არ დასვამდა, არ მოუნდებოდა შოკის ფაზაზე მყოფი მამისთვის გაეცნობიერებინა ტყვიების რაოდენობა.

ტრავმული მოვლენები, როგორციაა ომი, ტყვეობა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, წამება, სექსუალური ძალადობა იწვევს მრავალფეროვან ფსიქიკურ დარღვევებს - მწვავე სტრესით გამოწვეულ აშლილობას, პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობას, დეპრესიას, ფსიქოზურ მდგომარეობას და ა.შ.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა პიროვნებისთვის გარკვეული შემაწუხებელი სიმპტომებით გამოიხატება და საჭიროებს სპეცილისტების ჩარევას (ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტისა ან ფსიქოლოგის). სპეცილისტების ამოცანაა ტრავმირებულ ადამიანს გაუწიონ დახმარება, რომელიც არ ხორციელდება ზეწოლით და არ იჭრება დაზარალებულის საზღვრებში, ეს დამზოგველი და დროში გაწერილი პროცესია. ტრავმაზე მომუშავე სპეცილისტი კლიენტთან ერთად დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ ტრავმული ისტორია კლიენტის მხრიდან არ იყოს “ერთი სულის მოთქმით გამოტანილი”, ზოგჯერ სწრაფი და არასწორი თხრობა იწვევს ე.წ. რეტრავმატიზაციის ფენომენს ანუ ტრავმის გაცოცხლებას.

დაზარალებულ ადამიანთან კომუნიკაციის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტრავმის სპეციალისტებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის. ადამიანები, რომლებმაც კრიზისული მოვლენა გადაიტანეს, შეიძლება ძალიან შეწუხებულები, შეშფოთებულები ან დაბნეულები იყვნენ. ზოგი შეიძლება საკუთარ თავსაც კი ადანაშულებდეს მომხდარში.

ჟურნალისტის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება და ჩვენება, რომ გესმით მათი, დაეხმარება დაზარალებულებს თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, დაფასებულად. იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავენ და რომ არ არიან სენსაციის მომტანი “მასალა”

რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც უხდება განსაცდელის შემდგომ ადამიანებთან ურთიერთობა:

· გავაშუქოთ ამგვარი მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ ჩვენს რესპოდენტს. მოვეპყრათ არა როგორც მძიმე მოვლენის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ობიექტს, არამედ როგორც პიროვნებას. დავამყაროთ მასთან თანამშრომლობა მოვლენის ეკოლოგიურად გაშუქების მიზნით, გავუფრთხილდეთ მის გრძნობებს, ღირსებას და ამ გზით მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

· გავაშუქოთ ამგვარი მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ ჩვენს აუდიტორიას, საზოგადოებას. აქ მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, ვიფიქროთ არა სენსაციასა და სანახაობაზე, არამედ საზოგადოებისათვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებაზე;

· გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა გადამდებია!

საზოგადოებისათვის ტრავმის გადადების პირდაპირი გზა მედიასაშუალებებით მისი არასწორი გაშუქებაა, ჟურნალისტს კი ემუქრება საფრთხე, აღმოჩნდეს ტრავმის გადამცემის როლში.

· გავაშუქოთ მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ საკუთარ თავს. ტრავმა და ტრავმული განცდები გადამდებია მისი თვითმხილველისათვის, ინტერვიუს ამღებისათვის. როდესაც ჟურნალისტი ხვდება ტრავმული მოვლენით დაზარალებულს, თავადაც არის რისკის ქვეშ (არის ტრავმული სიმპტომების საშიშროება). კვლევები აჩვენებს, რომ ჟურნალისტების 80-100% ტრავმულ გამოცდილებას აწყდება თავის სამუშაო გარემოში(e.g., Dworznik, 2011; Newman et al., 2003; Pyevich et al., 2003; Smith, 2008; Teegen&Gotwinkel, 2001)
კატეგორია: ბლოგი
გამოგიტყდებით, ძალიან გამიჭირდა წერა 13 ივნისის ტრაგედიაზე, უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა ამ ამბიდან და ვგრძნობ, რომ თავს ვარიდებ ფიქრს, ფოტოებს, რომელიც აქა-იქ ისევ გამოჩნდება ხოლმე სოციალურ მედიაში, ხოლო როცა კატასტროფის ზონაში გავლა მიწევს, მზერა სხვაგან გადამაქვს. არ ვიცი კიდევ რამდენი ადამიანია ჩემსავით. ამ მდგომარეობაზე ჩემი უცხოელი კოლეგის სიტყვები მახსენდება - გადატანილი ტრავმა ძალიან ჰგავს ადამიანის და მისი ჩრდილის „კავშირს“, რაც უფრო ცდილობ გაექცე შენსავე ჩრდილს მით უფრო იზრდება და „იწელება“ იგი, ხოლო რაც უფრო უახლოვდები - პატარავდება და ბოლოს ქრება კიდეც... ასევეა გადატანილ ტრავმასთან ჩვენი დამოკიდებულებაც, რაც უფრო თავს არიდებ, მით უფრო იზრდება მისი ზემოქმედება და ზიანი, ხოლო თუ გაბედავ და თვალს გაუსწორებ, შეგიძლია მოერიო კიდეც. ხშირად ამისთვის სპეციალისტის დახმარებაა საჭირო.

ჟურნალისტები კატასტროფაზე აღარ წერენ. ხელისუფლების მისამართით კი ხშირად ისმის საზოგადოების გულისწყრომა, დაზარალებულები თავს მიტოვებულად გრძნობენ, ამბობენ, რომ დაპირებები არ სრულდება, ამასწინათ Facebook -ის მომხმარებელმა ფოტო გადაიღო და გამოაქვეყნა ადგილი, სადაც წყალდიდიობის კვალი ჯერაც არავის „წაუშლია“.

კრიზისის პერიოდში საზოგადოების ცხოვრებას თავისებური დინამიკა აქვს, მეცნიერებმა ის რამდენიმე ეტაპად დაყვეს:

მოულოდნელად თავსდამტყდარი მოვლენა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს განადგურებით ემუქრება პირველ ეტაპზე, ე. წ. ჰეროიკულ ფაზაში განსაკუთრებული ამოცანების წინაშე გვაყენებს - ამ დროს მთელი ძალისხმევა მიმართულია დამანგრეველი ეფექტების თავიდან აცილებაზე, გადარჩენაზე. ფაქტია, რომ სწორედ ამ მომენტში სამაშველო ოპერაციებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ, მაგრამ რას უნდა აკეთებდეს მედია, რა ამოცანა დგას მის წინაშე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა სჭირდებათ ადამიანებს სტიქიის ზონაში და მის გარეთ? პასუხი კი ასეთია: უსაფრთხოება, საკვები, წყალი, თავშესაფარი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ცხადია, მედიას არ შეუძლია ადამიანებს ეს საჭიროებები დაუკმაყოფილოს, თუმცა ერთადერთი ამოცანა რაც მის წინაშე დგას, ესაა აჩვენოს კატასტროფის რეალური სურათი, ადამიანებს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია - სადაა საფრთხე? იღებენ თუ არა სტიქიის ზონაში მყოფები საჭირო დახმარებას? მობილიზებულია თუ არა სამაშველო სამსახურები ? ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ჟურნალისტი, რომელიც თვითონაც სტიქიის ზონაში მუშაობს, ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას - მან უნდა იფიქროს ადამიანის საჭიროებების ჩვენებაზე, რომელიც სიცოცხლისათვის იბრძვის და ადამიანზე, რომელიც ამას ყველაფერს უყურებს პირდაპირ ეთერში. ამ დროს, სურათის დრამატიზებას, მაყურებლისთვის ე. წ. პარადოქსული სიამოვნების მინიჭებას ან პირიქით, შელამაზებას და შემსუბუქებას (იმ აზრით, რომ არ დათესო პანიკა მოსახლეობაში) სტიქიის მსგავსად, შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა 2015 წლის 13 ივნისს ადამიანებს რომ არ სცოდნოდათ რამდენად მასშტაბურია წყალდიდობა სტიქიის ზონაში, ან 14 ივნისის დილას არ სცოდნოდათ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შესახებ, ან რა მოხდებოდა ვინმეს პირდაპირ ეთერში რომ ენახა როგორ მიაქვს წყალს მისი ახლობელი?

კრიზისის შემდეგი ეტაპია ე. წ. თაფლობისთვე (გრძელდება ერთი ან რამდენიმე კვირა) , როცა კატასტროფის შედეგად დაზარალებულები საზოგადოების, ჰუმანიტარული დახმარების სისტემების, სოციალურ სერვისების ყურადღებისს ცენტრში ექცევიან, როცა მთელი სამყარო მზადაა მათ დასახმარებლად და მხარდასაჭერად, რაც დაზარალებულებში და ზოგადად საზოგადოებაში, იმედის და რწმენის განცდების ატქუალიზებას იწვევს. საინტერესოდ წარიმართა ეს ეტაპი 13 ივნისის კატასტროფის შემდგომ - თბილისში გამოჩნდნენ მოხალისე ახალგაზრდები, რომლებმაც წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს, როგორც დაზარალებული ადამიანებისადმი, ასევე საკუთარი ქალაქისადმი.

რა ხდებოდა ამ დროს მედიაში, რომლის მთავარ ამოცანად ამ ეტაპზეც კვლავ უნდა დარჩეს სტიქიის შედეგების ზუსტი სურათის და საქველმოქმედო აქტივიზმის ჩვენება? ქართული ბეჭდური, სოციალური და ელექტრონული მედია მთლიანად შთანთქა ტრავმირებული ადამიანების ბუნებრივი აღდგენის პროცესში ამ ეტაპისათვის დამახასიათებელმა, წამყვანმა ემოციამ - ბრაზმა და ბრაზის ვექტორის სამიზნე გახდა ტრაგედიაში ბრალდებულის - დამნაშავის ძიება, რომელიც ხან ზარების გადამდნობი ჩვენი წინაპარი აღმოჩნდა, ხან ზოოპარკის დირექტორი, ხან წინა და ხანაც ახლანდელი მთავრობა, მედიამ ვერ/ ან არ გაუძლო ცდუნებას და პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში გადაიტანა საზოგადოებაში მანიფესტირებული ბრაზის მუხტი, რაც კარგად გამოჩნდა იმ პერიოდის ტოქ -შოუებსა და საინფორმაციო გამოშვებებში, მედიამ ვერც პარადოქსული სიმოვნების ცდუნებას აარიდა თავი და სტიქიის შედეგად დაღუპულთა პირადი ისტორიებით, დაკრძალვისა და პანაშვიდის კადრებით, სტიქიის შემსწრე ადამიანებით, განსაკუთრებით ბავშვებით, მანიპულირება დაიწყო.

სტიქიის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, მედიამ კი თავისი ისტორიების გმირად 5 ულამაზესი ახალგაზრდა აირჩია, ისე, რომ დანარჩენ დაღუპულთა სახელები და გვარებიც კი არ ვიცით.

კრიზისის შემდეგი ფაზა, ე. წ. გულგატეხილობის ფაზა ყველაზე მძიმე და მწვავე ემოციების ფონზე მიმდინარეობს, ამ დროს დაზარალებული ადამიანები მთელი სიმძაფრით აცნობიერებენ დანაკარგს იმის პარალელურად, რომ ჰუმანიტარული მხარდაჭერის მუხტი იკლებს, რადგან ცხადია, ის ვერ იქნება მარადიული. მოხალისეთა აქტივობაც ეცემა და მაშინ, როცა საზოგადოება ჩვეული რიტმით აგრძელებს ცხოვრებას, დაზარალებულთა წინაშე იშლება მატერიალური თუ სულიერი პრობლემების მთელი სპექტრი, რომელთა დასაძლევად მათ შინაგანი რესურსები ხშირად არ გააჩნიათ. ეს არის პერიოდი, როდესაც სოციალური სერვისების, მხარდამჭერი ქსელის გაქტიურებას გადამწყვეტი როლი ეკისრება, მთავარი გამოწვევა არის, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ იმედი, არ შეწყვიტონ ფუნქციონირება, არ მოხდეს მათი ვიქტიმიზაცია.

დღეს ჩვენ კრიზისის ამ ეტაპს გავდივართ და მედიაში სულ უფრო იშვიათია მასალები, სადაც ჩანს დაზარალებულთა მდგომარეობა, ბევრი კითხვაა - სად არიან ისინი დღეს? რა რესურსები გამოიძებნა მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? როგორ მიდის აღდგენითი სამუშაოები? როგორია მთავრობის, ადგილობრივი და უცხოელი დონორების მხარდაჭერა დაზარალებულებისადმი? რა დაპირებები შესრულდა? რა არ შესრულდა? და ა. შ. სამწუხაროდ, დღეს მედია ვერ ასრულებს ამოცანას საზოგადოებასთან ერთად აკონტროლოს, როგორ ხარჯავს მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, დაზარალებულთა დასახმარებლად და როგორ მუშაობენ სოციალური სამსახურები.

სწორედ ახლაა დრო დისკუსიისათვის, ანალიზისათვის, შეფასებისათვის, ჟურნალისტური გამოძიებისათვის, დღეს შეიძლება გაეცეს რაციონალური პასუხი, შეკითხვას - შეგვეძლო ტრაგედიის თავიდან აცილება? სამწუხაროდ, ეს თემა დღევანდელი მედიისათვის არააქტუალური და მოძველებულია, შეიძლება მარკეტინგულად არამომგებიანიც.

სამწუხაროდ, მედია არ არის ჩვენი საზოგადოების საიმედო პარტნიორი.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გადავლახავთ და აუცილებლად დავინახავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს, რადგან სადაც ტკივილია - იქ არის მისი ატანის ძალა და სიმამაცე.
კატეგორია: ანალიზი
სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სოციალური მედიის როლი კრიზისული სიტუაციის დროს განსაკუთრებულად იზრდება. წყალდიდობის, ტერაქტების, მიწისძვრისა თუ ცუნამის შესახებ ინფორმაცია პირველად სწორედ სოციალური ქსელებით ვრცელდება ხოლმე. ასე მოხდა 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროსაც - მოქალაქე ჟურნალისტებმა ტრადიციულ მედიას დაასწრეს, კამერები ტელეფონებით „ჩაანაცვლეს“ და სტიქიის პირველივე საათებიდან მათი ფეისბუქ პროფილები, პრაქტიკულად, ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო იყო.

წყალდიდობის დაწყებისას სოციალური ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ტრადიციული მედიის მისამართით, ტელევიზიებმა მოვლენის ადგილზე მისვლა და სპეციალური გამოშვების ეთერში გაშვება სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ შეძლეს.

ასეთ სიტუაციაში ლოგიკურად გაიზარდა მოთხოვნა სოციალური ქსელითა თუ იუთუბით გავრცელებულ ინფორმაციაზე. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც ფეისბუქის მომხმარებელმა გიორგი მანჯავიძემ (GIO FOX-მა) 13 ივნისს შემთხვევის ადგილიდან ატვირთა, 1925 გაზიარება და 78 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

“გულწრფელად გეტყით, თავდაპირველად ძალიან გავბრაზდი და კარგადაც გამოვლანძღე ჩვენი ტელემედია... ეს იმიტომ, რომ იმ მომენტში ფაქტობრივად ინფორმაციის გარეშე ვიყავი დარჩენილი, როგორც მაყურებელი. აი მოგვიანებით კი ჩემში "ჟურნალისტობამ" სძლია მაყურებლის პოზიციას და მივხვდი, რომ ჩემს კოლეგებს აშკარად გაუჭირდებოდათ მობილიზება საგანგებო ეთერისთვის სტიქიის გამო”, - ამბობს გიორგი მანჯავიძე. მან ტელეფონი აიღო, შემთხვევის ადგილზე წავიდა და მთელი ღამის განმავლობაში აწვდიდა სოციალური ქსელების მომხმარებლებს ინფორმაციას მოვლენათა ეპიცენტრიდან.

მანამ, სანამ გადამღები ჯგუფი ადგილზე მივიდოდა და ტელევიზიისთვის ინფორმაციისა და კადრების მიწოდებას შეძლებდა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ აუდიტორიას ინფორმაციას ტელეკომპანიის ვებისა და ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით აწვდიდა. ისინი აქტიურად იყენებდნენ სოციალურ ქსელში მოსახლეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც. ტელევიზიის ვებგვერდის გამშვები რედაქტორის, რუსა მაჩაიძის, თქმით, კითხვებზე პასუხის გაცემა ოფიციალურ უწყებებსაც უჭირდათ, ამიტომ ინფორმაციის მისაღებად სოციალური ქსელების გამოყენება დაიწყეს:

“ყველაზე პრობლემატური კი ის იყო, რომ ინფორმაცია არავის ჰქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ყველანაირი მასალა გამოგვექვეყნებინა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი წყარო ფეისბუქი იყო. ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე ჩვენი ჟურნალისტები ადგილებამდე მივიდოდნენ. შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ვამოწმებდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. იმდენად დიდი იყო ინფორმაციაზე მოთხოვნა, რომ ტელეკომპანიის საიტი რამდენჯერმე გაითიშა. ასეთ დროს, ინფორმაციას პირდაპირ ფეისბუქის გვერდზე ვაქვეყნებდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ღამეს სოციალურმა ქსელებმა ყველაზე კარგად იმუშავა. ინფორმაციის მიღების თვალსაზრისითაც და გავრცელების მხრივაც”, - ამბობს რუსა მაჩაიძე.

მოგვიანებით ტელევიზიები ეთერში სოციალურ ქსელებში გარცელებულ კადრებსაც აქტიურად გადასცემდნენ.

თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ სოციალური ქსელში ინფორმაციას რიგითი ადამიანები გადაუმოწმებლად აქვეყნებენ, აზიარებენ და ავრცელებენ, ფეისბუქი ხშირად დეზინფორმაციის წყაროც იყო. მაგალითად, ვრცელდებოდა სხვა ქვეყნებსა და სიტუაციაში გადაღებული ფოტოები, როგორ დასეირნობდა ლომი თუ ნიანგი ქუჩაში, ფოტოს მინაწერში კი აღნიშნული იყო, რომ ის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დროს იყო გადაღებული.

სოციალური ქსელით გავრცელდა მოსახლეობის მიერ გადაღებული ფოტოები ბაგებში ვეფხვის არსებობის შესახებაც. ტრადიციული მედიის გამოშვებებში ეს ფოტოებიც მოხვდა. მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ ეს ვეფხვი სინამდვილეში კატა ყოფილა.

ჟურნალისტ თამარ კარელიძის თქმით, ის, რომ უცხოურმა მედიამ საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში აქცენტი ზოოპარკიდან გაქცეულ ჰიპოპოტამზე გააკეთა, იმის ბრალია, რომ სხვა ამბებმა ქვეყნიდან ვერ გააღწია.

“იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში, თითქმის არავინ წერდა ტვიტერზე საქართველოდან ინგლისურად. მე იმ დღეს დავიწყე წერა, როცა ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და უცხოური მედიის მხრიდანაც ინტერესი დიდი იყო. იმავე დღეს მომწერა და მიმდინარე ამბების შესახებ ეთერში ჩამრთო რადიო LBC-მ, ასევე, სკაიპით ჩავერთე Sky News-ს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ”, - ამბობს თამარ კარელიძე,

მისი თქმით, ტვიტერი ძალიან კარგი საშუალებაა ინფორმაციის საერთაშორისო მასშტაბით გასავრცელებლად, თუმცა ამ რესურსს საქართველოში არ ვიყენებთ. არადა, ტვიტერი უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფ საშუალებად იქცა. ეს სოციალური ქსელი საშულებას იძლევა მოძებნო ბოლო ინფორმაცია სასურველი ან ყველაზე პოპულარული თემების შესახებ.

შეიძლება ითქვას, რომ 13 ივნისს, თბილისის წყალდიდობისას, სოციალურმა მედიამ ტრადიციულ მედიასთან შედარებით უფრო ოპერატიულად იმუშავა, ინფორმაციაც სწრაფად, ვირუსულად ვრცელდებოდა. მოქალაქე ჟურნალისტები ინფორმაციის გასავრცელებლად, ყველაზე ხშირად, ფეისბუქსა და იუთუბის იყენებდნენ.
კატეგორია: ბლოგი
13 ივნისს საქართველოში ვბრუნდებოდი. თვითმფრინავი აგვიანებდა. დაგვიანების მიზეზად რომის თავზე არსებულ ღრუბელსა და დიდი რაოდენობით ნალექს ასახელებდნენ. თბილისში მშვიდობით ჩამოვედი. აეროპორტი სულ მშრალი იყო და როგორც მითხრეს, ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. თუმცა დილის ხუთ საათზე სახლისკენ მიმავალმა ქალაქში მანქანების უჩვეულო სიმრავლე შევნიშნე, ხოლო ფილარმონიასთან გზის ჩამკეტ ბარიკადებზე მიმწყდარი ხალხი რაღაცის დანახვას ცდილობდა.

ადამიანებს გვიყვარს სანახაობა. ჩვენ იმდენად გვიყვარს სანახაობა, რომ კოლიზეუმიც კი ავაშენეთ. სწორედ ამიტომ ჟურნალისტური მოხერხებაც მით უკეთესად ითვლება, რაც უფრო ახლოდან გვანახებს ტრაგედიის, სეირის ან სხვა სახის სანახაობის სცენას. მეტიც, როდესაც ჟურნალისტს კონკურენტები ჰყავს, მას შეუძლია ტრაგედია აუდიო ან ვიზუალური ეფექტებით ან სულაც ტრაგედიის ადგილზე ნეონით განათებული სცენის ჩადგმით გაამძაფროს.

ამ ყველაფერში პრობლემური არაფერია. ჩვენ სამომხმარებლო საზოგადოება ვართ და მედიას რასაც და როგორი ფორმითაც ვუკვეთავთ, იმასვე ვიღებთ მისგან. სწორედ ამიტომ ქართულ საზოგადოებაში ფაქტობრივად მცირე დოზის პროტესტიც კი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დღეებში ქართული მედიასაშუალებები არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანების ცხედრების ახლო რაკურსიდან გადაღებასა და ტირაჟირებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ეს ყველაფერი პირველად არ მომხდარა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადამიანის სიკვდილს უკავშირდება, ქართულ მედიაში აუცილებლად გვამის ან სისხლით მოსვრილი სიკვდილის სცენის ჩვენებას გულისხმობს. მაგრამ პრობლემა აქაც არ არის. პრობლემა მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც ადამიანური ტრაგედიის ვულგარიზება ხდება.

ტრაგედიის ვულგარიზებაში ერთმანეთს, როგორც წესი, რამდენიმე ტოკ-შოუ უწევს ხოლმე კონკურენციას. ამჯერადაც ქართველ ტელემაყურებლებს სამი დიდი ჟურნალისტის (გია ჯაჯანიძის გამოკლებით) შემოქმედებას შორის შეგვეძლო არჩევანი გაგვეკეთებინა. ეკა ხოფერიას, მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუები ის გადაცემები იყო, რომლებშიც, სავარაუდოდ, მეკობრულად მისაკუთრებული ჰოლივუდური კინოს მუსიკა და უხარისხო ვიდეო ეფექტები არ დაიშურეს, რათა ისედაც უმძიმესი ტრაგედია კიდევ უფრო გაემძაფრებინათ.

ამ სამიდან ნანუკა ჟორჟოლიანი ყველაზე ყოჩაღი აღმოჩნდა. ის რეზინის ბოტებით პირდაპირ შემთხვევის ადგილას გაიქცა და ნეონით განათებულ სცენაზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემომდგარი კოლეგებისგან განსხვავებით, ჯერ ტალახებში იარა, შემდეგ კი პირდაპირ ჰიპოპოტამის გალიაში ჩაძვრა. მაიამ და ეკამ კი ყველაფერს ისევ მშობლიური სტუდია ამჯობინეს. იმ განსხვავებით, რომ თუ ეკა ხოფერიას რუსეთში გადახვეწილი ჩვენთვის უცნობი “ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების” აზრები გვასმენინა, მაიამ, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ დაზარალებული ოჯახი და ბავშვები (!!!) მოიყვანა სტუდიაში და იმ უბედურებაზე ალაპარაკა, რაც მათ დაემართათ.

სამივე შოუს ერთი რამ ჰქონდა საერთო - ჭირისუფლებთან ჩაწერილი ჰოლივუდური მუსიკით გაფორმებული ინტერვიუები. სწორედ აქ დგება ეთიკის საკითხი. მსგავსი დრამატურგია ცინიკურს ხდის იმ სამძიმარსაც კი, რომელსაც დაღუპულის ოჯახებს უცხადებენ ტელევიზიები და შოუების წამყვანები.

დასასრულ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში ზემოთხსენებული შოუები დადებითი რეპუტაციით არ სარგებლობენ, მაგრამ სანამ მათი მთავარი არგუმენტი საკუთარი რეიტინგია, ჩვენ ჩუმად ვართ და არ ვაპროტესტებთ, არ ვამბობთ რომ არ გვინდა ადამიანების ცხედრების ნახვა ტელევიზიით. არ ვამბობთ, რომ ჩვენ ისედაც გვჯერა და გვესმის იმ ტრაგედიის სიმძიმე და მნიშვნელობა, რომელიც თბილისში 13 ივნისის ღამეს დატრიალდა.
კატეგორია: ბლოგი
დაღუპული ადამიანების პირადი ცხოვრება, დახოცილი ცხოველების ფოტოები, სტიქიის, ქაოსის და პანიკის ამსახველი ვიდეოკადრები - ტელემედია თბილისის წყალდიდობიდან რამდენიმე დღის შემდეგაც მონდომებით აგრძელებს აუდიტორიის დაზაფვრას... კადრებს განსაკუთრებულ სიმძაფრეს სენტიმენტალური მუსიკა სძენს...

სტიქიის ღამეს პროფესიონალი ოპერატორებისა თუ მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გადაღებული ყველა მძიმე კადრი, რომელიც მანამდე საინფორმაციო გამოშვებებშიც არაერთხელ ვნახეთ, საგანგებოდ აიკინძა და ერთსა და იმავე ადამიანებზე და ისტორიებზე მომზადებული შოუ ზედიზედ ორჯერ - ჯერ ნანუკა ჟორჟოლიანის, შემდეგ კი მაია ასათიანის გადაცემებში ვნახეთ.

უნდა ვაღიაროთ, ქართული ტელეშოუების ავტორებს, ისე როგორც არავის არსად - შეუძლიათ, ჭირისუფლებისგან ინტერვიუს აღება და სასახლეზე დამხობილი დედის მოთქმა-გოდების ჩვენება: “დამეხმარეთ, დედა... ვიცი, რომ მკვდარია, ცოცხალს არ ვთხოულობ, ოღონდ მკვდარი მიპოვეთ...”

შოუს შემქმნელების ყურადღების მიღმა არც ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას შეყვარებულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სევდიანი წერილი დარჩა - წერილი გამოთქმით, და სრულად, ყველა სატელევიზიო შოუს ეთერში წაგვიკითხეს.

გარდაცვლილების შესახებ ყველაფერი გავიგეთ: სად დაიბადნენ, რა პირობებში იზრდებოდნენ, სად ცხოვრობდნენ, რა უყვარდათ, რაზე ოცნებობდნენ და სიცოცხლის ბოლო წუთებში ვის და რაზე ელაპარაკებოდნენ.



ამ ისტორიებს ყველაზე მხატვრულად “პროფილი” გვიჩვენებს.

“ჩვენ გვინდოდა საზოგადოებას უკეთ გაეცნო ის ადამიანები, რომელთა შესახებ ბოლო დღეებში ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ვხედავთ მათ ფოტოებს, მაგრამ არაფერი ვიცით მათ შესახებ”, -ამბობს ასათიანი და ამ ცოდნის დეფიციტს ავსებს.

“მომიყევით რა, იმ ღამით რა მოხდა” - ასეთი შეკითხვით იწყებს “პროფილის” წამყვანი სტიქიას გადარჩენილ ადამიანებთან საუბარს და ისინიც ყვებიან...

ყვებიან, როგორ დარბოდა აბობოქრებულ მდინარეში დარჩენილ სახლში მყოფი კაცი ოთახიდან ოთახში და როგორ ითხოვდა შველას, ყვებიან როგორ მიჰქონდა მოვარდნილ ღვარცოფს მათი ახლობელი ან სრულიად უცნობი ადამიანების სიცოცხლე, სახლები, მანქანები და წლების განმავლობაში დაგროვებული ქონება.

სტიქიის ეპიცენტრში მოხვედრილი და სიკვდილს გადარჩენილი ადამიანები “პროფილის” სტუდიაში დაუჯერებელ ამბებს ყვებიან. თან ტირიან. მათთან ერთად ტირის მაყურებელიც - შიშველ ემოციებზე და გრძნობებზე თამაში ხომ ქართულ ტელეშოუებს ყველაზე ბანალურ შემთხვევებშიც კი კარგად გამოსდით.

სტიქიის მსხვერპლთა თითქმის “პროფილური” პორტრეტები შექმნა საკუთარ შოუში ეკა ხოფერიამაც.

“ქრონიკის რეპორტიორებს რამდენიმე დღეა განსაკუთრებით მძიმე ამბების გაშუქება გვიხდება, თუმცა ამ ამბებში ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის განსაკუთრებით მძიმე სწორედ ივლიტა ჯიბუტის ტრაგედია აღმოჩნდა”, - ამბობს ჟურნალისტი და ივლიტას და მასთან ერთად გარდაცვლილი მისი მეგობრის, მარიამ ქუთელიას, შესახებ გვიყვება. გვიყვება ივლიტას და მისი მეუღლის “ლამაზი სიყვარულის ისტორიაზე”, ქორწილზე, ამ ქორწილის შესახებ რომელიღაც მედიასაშულებაში გამოქვეყნებულ სტატიაზე, ქორწილის მოსაწვევებზე და გარდაცვლილ გოგონაზე ამ გაზეთის ჟურნალისტების, მეგობრების და ლექტორის ცრემლნარევ შეფასებებზე.

ინფორმაცია უწვრილმანესი ნიუანსების შესახებაც კი მივიღეთ. პროზექტურაში ინდირა ზარანდია თურმე მისმა შეყვარებულმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა ამოიცნო. “ეს არის ყელსაბამი, რომელიც ირაკლიმ აჩუქა, შეყვარებულმა და ამით ამოიცნო, სახეზე ტალახები ჰქონდა”, - გვიყვება გარდაცვლილის ახლობელი და ინდირას კუთვნილ საათს და ყელსაბამს გვიჩვენებს.

ისიც გავიგეთ, რომ მძიმე დაზიანებების გამო განსაკუთრებით გართულდა მარიამ ქუთელიას ამოცნობა. ცხედრის ამოცნობის დეტალების შესახებ ოჯახის ახლობელი მოგვითხრობს: “პირველად შეიყვანეს და და მონიტორზე აჩვენეს მარის სახე. სახე იმდენად შეშუპებული, დალაქავებული და ტალახში ამოსვრილი იყო, სახე არ ჰქონდა თავისი... დედამ მოიკრიბა ძალა, თქვა, მე შევალ და მე ვიცნობ ჩემს შვილსო... შევიდა და თავისი შვილი ამოიცნო ფეხის თითებით...”.

არ ვიცი, როგორი რეიტინგები დადეს ადამიანური ტრაგედიებით შექმნილმა ამ გადაცემებმა და მათმა წამყვანებმა...ალბათ, მაღალი...

საქართველოში უყვართ სხვის, მათ შორის გარდაცვლილთა ცხოვრებაზე და პირად, ძალიან ინტიმურ დეტალებზე საუბარი. ალბათ, მომავალშიც ეყვარებათ, მანამ, სანამ, მედია პრობლემის არსზე საუბარს გაექცევა და იოლი გამოსავალის სახით, იაფფასიან შოუს დადგამს.

არა ვარ დარწმუნებული, რომ ინდირას, მარიამს ან სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაიას, ნანუკას და ეკას შოუში მათი ცხოვრების და ცხედრების მდგომარეობაზე ასეთი დაწვრილებითი საუბარი აუცილებლად მოეწონებოდა.

აქვე, რამდენიმე პროფესიული სტანდარტი, მსგავსი საკითების გაშუქების შესახებ:

"ნურასოდეს გამოიყენებთ პირად ტრაგედიას ბოროტად . პატივი ეცით იმ ადამიანების გრძნობებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, განსაკუთრებით, სხვადასხვა კატასტროფებისა და კატაკლიზმების შედეგად . როცა კი შესაძლებელია, მოერიდეთ მსხვერპლთა ან მათი ოჯახების ფოტოების ან ვიდეომასალის ახლო ხედით ჩვენებას" – ჯანდაცვის საკითხებზე კომუნიკაციის ევროპული ქსელი.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი51.: „მაუწყებლმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის".
კატეგორია: ბლოგი
01 საათი და 30 წუთია. სახლში ვეღარ ვჩერდები. ასეთ დროს სახლში არასოდეს ვმჯდარვარ. ყოველთვის ვცდილობდი მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას ჩემს ჯგუფთან ერთად. დღეს კი ტელევიზორს მივშეტერებივარ იმ იმედით, რომ რამეს გავიგებ. არც ერთ არხზე არაფერია. ალბათ, რაღაც საშინელება ხდება და თან მასშტაბური. ეტყობა, მზად არ იყვნენ ან ვერ ახერხებენ ეთერის დაწყებას.

1 საათი და 40 წუთი...უნდა წავიდე... მართალია, არც ერთ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ, მაგრამ რამეს მაინც გავიგებ და სოციალურ ქსელში დავწერ. ყველას აინტერესებს რა ხდება, მინდა ინფორმაცია გავავრცელო, სანამ ტელევიზიები სპეციალურ გამოშვებას დაიწყებენ. სახლიდან ზოოპარკამდე მანძილი 10 წუთში გავირბინე. ზოოპარკის მაგივრად ტბა დამხვდა. ცხოველების ღმუილი და ხალხის ყვირილი ერთმანეთში ირევა. კადრების გადაღება მინდა, მაგრამ ტელეფონი ამის საშუალებას არ მაძლევს, არაფერი ჩანს. ასე ჩავწერე ჩემი პირველი ვიდეო, სადაც იმის აღწერა ვცადე, რაც იმ წუთას ხდებოდა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გასროლა... ვეფხვი მოკლეს. პირველ ვიდეოს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე ... და ცოტა ხანში, ჩემი პერსონალური „სპეციალური გამოშვება“ მაქვს ფეისბუკზე.

ვიცოდი, რომ ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალს ჩემს ფეისბუკ გვერდს. ისიც ვიცოდი, რომ ბევრი ჩემი საშუალებით იგებდა გარკვეულ ინფორმაციას. თუმცა, ნამდვილად არ მეგონა, რომ ვიდეოების ნახვების რაოდენობა 80 000–მდე იქნებოდა. როგორც ჩანს, იმ ღამეს „რეიტინგით“ ტელევიზიებსაც გავასწარი. გეფიცებით, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ამ ამბების შემდეგ ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად და რამ გამოიწვია ჩემი ასეთი „რეიტინგულობა“.

იმ ღამეს ყველა ჩემი კოლეგა ჩემზე გაცილებით უფრო აქტიურად და „გმირულად“ მუშაობდა. თუმცა, სწორედ ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, უმეტესობამ, როგორც ჩანს, დროულად ჯერ სამსახურამდე და მერე ეპიცენტრამდე მისვლა ვერ მოახერხა. შესაბამისად, მასალების არქონის გამო ვერ მოხერხდა ეთერში სპეციალური გამოშვებებით გასვლა. მე კი იქვე ახლოს ვცხოვრობ, არც სამსახურში მისვლის აუცილებლობა მქონდა და არც ოპერატორს არ ველოდი. შესაბამისად, ოპერატიულობის მხრივ უპირატესობა ჩემ მხარეს იყო.

ჩემი მუშაობის დეტალებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ერთადერთი იმას გეტყოდით, რომ, როგორც ჩანს, თუ კამერით არ ხარ გადაღებაზე, სამართალდამცველებს მაინც უჭირთ შენი ჟურნალისტად აღქმა. აქ გაცილებით უფრო საინტერესო ეგრეთ წოდებული „ახალი მედიაა“, რომლის კარგი მაგალითიც ჩემი „რეპორტაჟებია“.

იმ ღამეს აღმოჩნდა, რომ ჩემი ფეისბუკ გვერდი ინფორმაციის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. ამ დღემდე ამ ეგრეთ წოდებულ „ახალ მედიასთან“ ასეთი აქტიური შეხება არასოდეს მქონია. სიმართლე გითხრათ, მომეწონა. თანაც ძალიან. არის მასში რაღაც განსხვავებული და საინტერესო. შენ ხარ შენი თავის პროდიუსერიც, შენი არხის დირექტორიც, ოპერატორიცა და ჟურნალისტიც. აუცილებელი არ არის, რომ იყო პროფესიონალი ჟურნალისტი. ახალი მედია დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერს შეუძლია იყოს „ მოქალაქე ჟურნალისტი“. ამას თავისი ხიბლი აქვს. მაგრამ ამ ყველაფერს ერთი პატარა ან დიდი მინუსი აქვს. ისეთი „არატრადიციული“ რეპორტაჟის დროს, როგორიც მე მქონდა, ძალზედ დიდი სიფრთხილე გმართებს. ჩემ მიერ გადაღებული ვიდეოების რაოდენობა გამოქვეყნებულს ორჯერ აღემატებოდა. მიზეზი კი ის არის, რომ შესაძლოა ამბის შესაბამისი კადრი ვერ აჩვენო, ძნელია ინფორმაციის გადამოწმებაც და შესაბამისად, გაცილებით უფრო მეტი სიფრთხილე გმართებს.

ამ ბლოგის წერისას ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ დამეწყო და დამესრულებინა. ბოლოს გადავყვიტე, რომ გუშინ მომხდარი ერთი პატარა ამბით დავასრულო.

16 ივნისი. საღამოს 6 საათი. ფილარმონიასთან ბავშვებს ვასეირნებ და სიამაყით ვუყურებ როგორ მოდიან გმირთა მოედნიდან ტალახში ამოსვრილი ახალგაზრდები. უცებ ერთი გოგო მომიახლოვდა:

– თქვენ ხართ?

– ვინ მე?

– აი, ვიდეოებს ვინც დებდა ფეისბუკზე ზოოპარკთან.

კი, მე ვარ-მეთქი ვუპასუხე და გავიღიმე. – თქვენ გმირი ხართ – ეს მითხრა და გადამეხვია.

გავშრი. პატარა გოგონა, რომელიც სტიქიის ადგილას მოხალისედ მუშაობდა, მე მეუბნება რომ გმირი ვარ?! შემრცხვა. მე არ ვიცი, ვინ იყო ეს გოგონა. არც მისი სახელი ვიცი. გული მწყდება რომ ვერაფერი ვუთხარი. არადა სიამოვნებით შევუბრუნებდი სიტყვას – „გმირობა თქვენკენ მოიკითხეთ...მე ერთი რიგითი ჟურნალისტი ვარ.“

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.