კატეგორია: სიახლე
გამოცემა „ჯორჯიან თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პირველი ქართველი ჯაშუში ქალი იზოლდა (ალექსანდრა) კვეტენაძე - უნიკალური ფოტო ლევილის არქივიდან“.

სინამდვილეში, იზოლდა კვეტენაძე არ არის რეალური პიროვნება და შესაბამისად არც პირველი ჯაშუში ქალი არ ყოფილა არასდროს.  სტატიაში თანდართულ ფოტოზე ასახული ქალი კი არის ამერიკელი მსახიობი, მოდელი და ყოფილი პორნოვარსკვლავი საშა გრეი.


საშა გრეის ფოტო, რომელიც გამოყენებულია სტატიაში
კატეგორია: სიახლე
იუმორისტული შოუს წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით - „როგორც იქნა ხაშურში ასფალტი დააგეს“. ფოტოზე ჩანს ქუჩა, რომელზეც ასფალტი მხოლოდ ვიწრო ზოლზეა დაგებული.

ეს ფოტო თანდართული ტექსტით უცვლელად, დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების გარეშე გამოაქვეყნა რამდენიმე ონლაინ გამოცემამ: Metronome.ge, DiaNews.ge, Gurianews.com და Accent.com.ge.

სინამდვილეში, ფოტო 2017 წლის ოქტომბერში, უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში, ბაქოს ქუჩაზეა გადაღებული.



ვანო ჯავახიშვილმა გავრცელებული ფოტო სოციალური ქსელიდან რამდენიმე საათში წაშალა, სააგენტოებზე კი ეს ფოტო და ტექსტი დღემდეა განთავსებული.
კატეგორია: რესურსები
სმარტფონების ეპოქაში, როდესაც ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია რეპორტიორი გახდეს, გადაუმოწმებელი ან არასწორი ინფორმაციის გავრცელების შანსი რადიკალურად მატულობს. ამგვარი ამბები ხშირად სოციალურ ქსელებში ვრცელდება, თუმცა, ისტორიას ცნობილი გამოცემების მიერ გავრცელებული ყალბი ამბები, ე.წ. Fake news-ებიც ახსოვს. მათ შორის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელმა ჟურნალისტებმა პულიცერის პრემია მიიღეს.

მედიაჩეკერი ხუთ ასეთ, საინტერესო ისტორიას გაგაცნობთ.

ორსონ უელსის „სამყაროების ომი“

1938 წლის 30 ოქტომბერს უელსმა რადიოსადგურ CBS-ში პიესა “სამყაროების ომი“ დადგა. წარმოდგენაში მარსიანელები დედამიწას იპყრობდნენ და ადამიანებს ანადგურებდნენ. მეორე დღეს ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოუს მსვლელობის პარალელურად ამერიკის ქუჩები მასობრივმა პანიკამ და ისტერიამ მოიცვა, ადამიანების დაშავდნენ და დაიღუპნენ კიდეც. (საუბრობდნენ თვითმკვლელობის შემთხვევებზე).

ამ ამბიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ გაირკვა, რომ ისტორია გაზვიადებული იყო. რადიოპიესის 75 წლის იუბილეზე ამერიკულმა გამოცემამ Slate -მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ საღამოს CBS-ის შოუს ძალიან ცოტა ადამიანი უსმენდა, იმდენად ცოტა, რომ ყველა მათგანსაც რომ დაეჯერებინა რასაც იქ ყვებოდნენ, მასობრივ ისტერიას მაინც ვერ გამოიწვევდა.
აღმოჩნდა, რომ ამერიკული ბეჭდური მედიის ნაწილმა პანიკის შესახებ ტყუილი სპეციალურად გაავრცელა. გაზეთებს სურდათ რადიოს, როგორც ინფორმაციის წყაროს დისკრედიტაცია მოეხდინათ და იმ დროისათვის მზარდი პოპულარობის მქონე კონკურენტი ჩამოეშორებინათ.


ვოლტერ დიურანტი და უკრაინის შიმშილობა


მეორე ისტორიაც 30-იანი წლების ამერიკას უკავშირდება. New York Times-ის პულიცერის პრემიის მფლობელი რეპორტიორი, ვოლტერ დიურანტი 1922-1936 წლებში გაზეთის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მას ეკუთვნოდა იმ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი, რომელიც ამერიკაში საბჭოთა კავშირის შესახებ ვცრელდებოდა. არაერთი საინტერესო რეპორტაჟის ავტორ დიურანტს 1931 წელს პულიცერის პრემიაც კი გადასცეს. თუმცა მალე გაირკვა, რომ მისი ნამუშევრების ნაწილი საბჭოთა პროპაგანდას ემსახურებოდა და ხშირად რეალობას იყო აცდენილი.
დიურანტის ყველაზე ცნობილი ტყუილი 1932-33 წლებში უკრაინაში შიმშილობის ამბის დამალვა იყო. ინფორმაცია მალე მაინც გავრცელდა ბრიტანულ პრესაში, დიურანტი კი ჯიუტად უარყოფდა სიტუაციის სიმძაფრეს და წერდა, რომ მართალია პირობები ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ეს არ იყო შიმშილობა.
ათეული წლების შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციები და ადამიანთა ჯგუფები ჟურნალისტისთვის პულიცერის პრემიის ჩამორთმევას მოითხოვდნენ. პულიცერის კომიტეტმა ამ საკითხზე ორჯერ, 1990 და 2003 წელს იმსჯელა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. კომიტეტის წევრების აზრით, დიურანტი იმსახურებდა პრიზს იმ სტატიებისთვის, რაც 1932 წლამდე დაწერა და რაც ტყუილი არ იყო. მის საქციელს ბევრი იმით ამართლებდა, რომ სტალინის დიქტატურის პირობებში კომპრომისების გარეშე მოსკოვში მუშაობა თითქმის წარმოუდგენელი იყო და დიურანტსაც დიდი არჩევანი არ ექნებოდა.

Washington Post-ის პულიცერის პრიზის მფლობელი სტატია 8 წლის ნარკოდამოკიდებულ ბავშვზე


1971 წლის ივნისში, კონგრესისთვის სიტყვით მიმართვისას, ამერიკის პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოების „ნომერ პირველ მტრად“ დაასახელა და „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი“ დააანონსა. ამ ამბიდან 9 წლის შემდეგ, „ომის“ აქტიურ ფაზაში, Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “ჯიმის სამყარო“.

მასალაში ჟურნალისტი ჯენეტ კუკი 8 წლის ჰეროინდამოკიდებული ბიჭის ისტორიას ყვებოდა და დეტალურად აღწერდა მის ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ მასალისთვის ჟურნალისტმა პულიცერის პრემია მიიღო.

ამ შემთხვევაშიც, მალე გაირკვა, რომ ისტორია გაყალბებული იყო და „ჯიმი“ რეალურად არ არსებობდა. Washington Post-მა ბოდიში მოიხადა, კუკი კი იძულებული გახდა ჯილდო უკან დაებრუნებინა და პოსტი დაეტოვებინა. ეს ერთადერთი შემთხვევაა პულიცერის ისტორიაში, როდესაც პრიზი უკან დააბრუნეს.


Rolling Stones-ის ჯგუფური გაუპატიურების ყალბი ისტორია


2014 წლის ნოემბერში, ჟურნალმა Rolling Stone-მა, ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "A Rape on Campus“ ( გაუპატიურება კამპუსში). მასალის ავტორი ჟურნალისტი საბრინა ერდელი ყვებოდა ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონას, ჯეკის ამბავს, რომელიც, მისი მტკიცებით ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი იყო. სტატიაში დეტალურად იყო აღწერილი, როგორ შეიტყუა ჯეკი მეგობარმა ბიჭმა ბნელ ოთახში, სადაც კიდევ რამდენიმე ბიჭი დახვდა და დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ძალადობდნენ მასზე. სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, ისე მედიისა და პოლიციის მხრიდან.
თუმცა, გამოძიების შედეგად ვერც სხვა ჟურნალისტებმა და ვერც პოლიციამ, მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ Rolling Stones-ის ჟურნალისტმა სათანადოდ არ გამოიძია დეტალები და მხოლოდ ერთ წყაროზე, ე.წ. მსხვერპლზე დაყრდნობით მოამზადა მასალა. ისტორიის სიყალბე სტატიის გმირმაც აღიარა. აღმოჩნდა, რომ მან ეს ამბავი იმ ბიჭის ყურადღების მისაქცევად მოიგონა, რომელიც მოსწონდა. თუმცა, იგი ამბობდა, რომ ინტერვიუს დროს თავისი გამოგოილი ამბის თავადაც სჯეროდა.
Rolling Stones-ს ამ ამბის გამო არაერთხელ მოუხდა ბოდიშის მოხდა. 2016 წელს გამართულ სასამართლოზე ჟურნალს უნივერსიტეტიდან შესული საჩივრების გამო 1 მილიონი დოლარის, საბრინა ედერლის კი 2 მილიონ დოლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრა. Pointer Institute-მა ამ ამბავს „ წლის შეცდომა“ უწოდა ჟურნალისტიკაში.


სვეტლანა ალექსეევიჩის ტყუილი სიკვდილი

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, სვეტლანა ალექსეევიჩის „გარდაცვალების“ ამბავი იყო. 2017 წლის 18 მაისს Twitter-ის ანგარიშზე, რომელიც თითქოს საფრანგეთის კულტურის მინისტრს, ფრანსუაზ ნისენს ეკუთვნოდა, ასეთი ტექსტი გავრცელდა: „საშინელი ამბავი. სვეტლანა ალექსეევიჩი გარდაიცვალა“.
ნისენი მანამდე ხელმძღვანელობდა საგამომცემლო სახლს Actes Sud-ს, რომელმაც ალექსეევიჩის წიგნები ფრანგულად გამოსცა და პირადადაც იცნობდა მწერალს. ამ დეტალის პოსტის სანდოობაში ეჭვი ბევრს არ შეუტანია, არც ის გადაუმოწმებიათ, რომ ანგარიში ახალი შექმნილი იყო და ეს ინფორმაცია მისი მფლობელის მხოლოდ მეოთხე პოსტი იყო.
ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის არაერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის: Rossiiskaya Gazeta-მ, RIA Novosti-მ, ასევე Current Time TV-მ, რომელიც რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტია. რუსეთს არც ევროპული გამოცემები ჩამორჩნენ- ალექსეევიჩი მკვდრად გამოაცხადეს ფრანგულმა Le Figaro-მ და მთავარმა პორტუგალიურმა ყოველდღიურმა გამოცემამ Diario de Noticias.
მოგვიანებით, ნისენის ყალბი ექაუნთის შექმნა და ტყუილი ინფორმაციის გავრცელება თავის თავზე აიღო იტალიელმა ჟურნალისტმა, ტომაზო დებენედეტიმ. იგი ცნობილია, როგორც ყალბი ინტერვიუების ავტორი, მათ შორის ისეთ დიდი მწერლებთან , როგორებიც არიან ფილიპ როთი და ჯონ გრიშამი.
კატეგორია: სიახლე
2018 წლის 8 აპრილს, ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ, ფეისბუკის გვერდზე პატრიარქთან მისი და გოგი გვახარიას შეხვედრის შესახებ სახუმარო შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

“მე და გოგის საპატრიარქოში მისვლა გთხოვეს უწმინდესთან შესახვედრად. საუბარმა ძალიან მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა. მიხარია, რომ პატრიარქი არ გავს მისი მრევლის იმ წევრებს, რომელნიც ასეთი დაუნდობელნი არიან ჩვენს მიმართ. მან სიყვარულისკენ და შენდობისკენ მოგვიწოდა. გვითხრა რომ წყენას არა ატარებს და ჩვენც იგივეს გვთხოვს. რაც შეეხება კრიტიკას, თავად აღნიშნა, რომ კრიტიკა და შეცდომებზე საუბარი, მხოლოდ გააჯანსაღებს ეკლესიას და პირველ რიგში მათთვის არის აუცილებელი. ბედნიერი ვარ რომ ეს საუბარი შედგა. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად მეგობრებო. გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთი სიყვარულია”.

ნინია კაკაბაძემ პოსტს ფოტო დაურთო, რომელზეც ის და გოგი გვახარია საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-სთან ერთად ჩანან.

სინამდვილეში, ეს ფოტო 2016 წელს, საქართველოს პატრიარქთან შორენა ბეგაშვილის სტუმრობას ასახავს. შესაბამისად, ნინია კაკაბაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო დამონტაჟებულია




ნინია კაკაბაძის სტატუსი ონლაინ მედიის ნაწილმა გადამოწმების გარეშე, როგორც ფაქტი ისე გაავრცელა. ასე მოიქცა სააგენტო - on.ge, ipress.ge, mediamall.ge, digest.pia.ge და fortuna.ge. აღსანიშნავია, რომ fortuna.ge-ს პატრიარქისა და შორენა ბეგაშვილის შეხვედრის შესახებ ამბავი ამავე ფოტოთი 2016 წლის 29 მარტს აქვს გამოქვეყნებული.

როგორც კი გაირკვა, რომ ნინია კაკაბაძის პოსტი ხუმრობა იყო, სააგენტოებმა fortuna.ge-მ, on.ge-მ და ipress.ge-მ გავრცელებული ამბავი წაშალეს. Ipress-მა მკითხველს გოგი გვახარიას განმარტება შესთავაზა იმის შესახებ, რომ ნინია კაკაბაძემ იხუმრა და ახალ ამბად გავრცელებული ხუმრობისთვის მკითხველს ბოდიში მოუხადა. ამბავი ამ დრომდე იძებნება digest.pia.ge-ს ვებსაიტზე. თუმცა, იქვეა ინფორმაცია ნინია კაკაბაძის განმარტების შესახებ, რომელშიც ის ამბობს, რომ მისი წინა პოსტი მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა იყო.

მედიასაშუალებების ნაწილის მიერ ხუმრობის ახალ ამბად გავრცელებას, მოგვიანებით, ნინია კაკაბაძე ახალი პოსტით გამოეხმაურა. "ვწუხვარ, რომ ამ "იუმორით განთქმულ" ქვეყენაში არც ისე ადვილი ყოფილა ხუმრობა", – წერს იგი და ამატებს, რომ "ფეიკ ნიუსებზე, კიდევ არა ერთი ტრეინინგია ჩასატარებელი".

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
BBC-ის ჟურნალისტები სკოლებში მოსწავლეებს ყალბი ამბების ამოცნობის ტექნიკას შეასწავლიან. მსგავსი ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ 12-15 წლების მოზარდების უმეტესობას, ფაქტისა და სიყალბის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ.

სქემის მიხედვით, რომლის სრული ვერსიაც მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, მსგავი სემინარები ბრიტანეთის 1000-მდე სკოლაში ჩატარდება და მასში ჩართულები იქნებიან BBC-ის ისეთი ჟურნალისტები, როგორებიც არიან - ჰიუ ედვარდსი, თინა დეჰელი, ნიკი ფოქსი, კამალ აჰმედი და ამოლ რაჯანი.

ახალი გეგმა, ასევე ფოკუსირებული იქნება საზოგადოებაში BBC-ის როლზე, მისი წვდომის მასშტაბების კიდევ უფრო ზრდაზე და იმ გზების ძიებაზე, რომელიც პოლიტიკურად დანაწევრებული სამოქალაქო ჯგუფების გასაერთიანებლად შეიძლება იყოს გამოყენებული.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ორწლიანი დაკვირვების შედეგად, მკვლევარებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან დაადგინეს, რომ Twitter-ზე ყალბი ახალი ამბები გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე - ნამდვილი. კვლევა 8 მარტს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

ავტორებმა, 2006-დან 2017 წლამდე ტვიტერზე გავრცელებული ათასობით ამბავი და ტრილიონობით ტვიტი გადაამოწმეს. კვლევის თანახმად, ნამდვილ ამბებს ტვიტერის მომხმარებლამდე მისასვლელად, დაახლოებით, 6-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ყალბ ამბებს. კვლევის კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაა, რომ ადამიანები უფრო მეტად ავრცელებენ ყალბ ამბებს და მათ გავრცელებაში დამნაშავე ე.წ. “ბოტები” სულაც არ არიან.

რაც შეეხება კონკრეტულ ინდივიდებს, ყალბ ამბებს უფრო მეტად სოციალური ქსელის პასიური მომხმარებლები ავრცელებენ. ავტორებს კვლევის შედეგები შემაშფოთებლად მიაჩნიათ და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ ნაშრომის გამოქვეყნება ბიძგს მისცემს უფრო დიდი კვლევების ჩატარებას.
კატეგორია: სიახლე
მედიასაშუალებების ნაწილმა აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო". სიახლეებში თავდაპირველად, არ ყოფილა დაკონკრეტებული, რომელ ვაქცინაზე იყო საუბარი. ეს მნიშვნელოვანი დეტალი სიახლეების გავრცელების მომენტში მედიისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რადგან კონკრეტული ვაქცინა აუდიტის სამსახურსაც არ აღუნიშნავს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მიუხედავად ამისა, სიახლეების დიდ ნაწილს თან ბავშვების ფოტოები ერთვოდა, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული ვაქცინა ბავშვებისთვის განკუთვნილ, გეგმიურ-პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროგრამაში შედიოდა.

მოგვიანებით, საკითხზე კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც და გაირკვა, რომ საუბარი იყო ცოფის ვაქცინაზე, რომელიც არ შედის ბავშვების გეგმიურ-პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროგრამაში შემავალი ვაქცინების სიაში. მედიის ნაწილმა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია წაშალა, თუმცა ვებგვერდების ნაწილზე ამგვარი არასწორი, შეცდომაში შემყვანი სიახლე, ბავშვების ფოტოებით კვლავაც იძებნება. გარდა ამისა, ამ სიახლეს მოჰყვა არაერთი უფრო ვრცელი მასალაც, ზოგადად იმუნიზაციის შესახებ. „არასწორმა აცრამ შეიძლება ინვალიდად მაქციოს?“ - ასეთია ერთ-ერთი მასალის სათაური. მართალია, თავად სტატიაში საუბარია იმუნიზაციის დადებით მხარეებზე და აღნიშნულია, რომ საზოგადოების ნაწილის შიშები უსაფუძვლოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებებმა ამგვარი სენსიტიური საკითხების გაშუქებისას, მასალებს შეურჩიონ ზუსტი, ეთიკური, არაანგაჟირებული სათაურები.

აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ბუნდოვანი ინფორმაცია მედიასაშუალებებმა ისე გაავრცელეს, რომ არ დაჰკავშირებიან არც აუდიტის სამსახურს და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, იმის დასაზუსტებლად, თუ რა ვაქცინაზე იყო საუბარი. აუდიტის სამსახურის ბუნდოვანი ინფორმაციის მედიის მიერ პირდაპირ, გადაუმოწმებლად და დაზუსტების გარეშე გავრცელებამ მშობლებში გამოიწვია უსაფუძვლო შიში და პანიკა, რაც კარგად ჩანდა სოციალურ ქსელებსა და სტატიების კომენტარების ველში მათ მიერ გაკეთებული კომენტარებიდანაც. საკითხის სენსიტიურობა იზრდება მითუფრო იმ ფონზე, რომ ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციის პროგრამის „საფრთხეებზე“ ხშირად, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტის გარეშე სპეკულირებს სხვადასხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე მედიასაშუალება თუ საიტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაშუქებისას, მედიას ოპერატიულობაზე უფრო მეტად, ყურადღება ამბის დაზუსტებასა და გადამოწმებაზე გაემახვილებინა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
“რას იზამდი, თუ გთხოვდით, დაგეწერა გამოგონილი ამბავი?” – ასე იხსენებს გასაუბრებაზე დასმულ კითხვას ამერიკელი ჟურნალისტი ენდრიუ ფეინბერგი, რომელმაც რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალება “სპუტნიკში” რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა.

“ჩემი ცხოვრება რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებაში”, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ფეინბერგმა სტატია ამერიკული მედიასაშუალება “პოლიტიკოს” საიტზე. ის იხსენებს რამდენიმეთვიანი მუშაობის გარემოებებს, მათ შორის, ფაქტების გაყალბების პრაქტიკას, რედაქტორებთან უსიამოვნო საუბრებსა და გასაუბრების დეტალებს.

ენდრიუ ფეინბერგმა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული და მართული “სპუტნიკის” ვაშინგტონის ბიუროში მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, გასაუბრებაზე დასმული კითხვა მის მიერ ცრუ ამბის გავრცელების შესაძლებლობას ეხებოდა, რაც მისთვის სიურპირზი აღმოჩნდა.

როგორც ფეინბერგი წერს, რა თქმა უნდა, მან იცოდა “სპუტნიკის” მფლობელებისა და მისი რეპუტაციის შესახებ, თუმცა ჩათვალა, რომ სიცრუის გავრცელებაზე დასმული კითხვა სწორედ მის გამოსაცდელად იყო მოფიქრებული, რაზეც მან უპასუხა: “მე სამსახურს დავტოვებ”.

“მე მაშინ ავხსენი, რომ არ იყო პრობლემა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებისთვის მემუშავა, მათ შორის რუსეთის მიერ დაფინანსებულშიც კი, თუ მექნებოდა ისეთივე სარედაქციო დამოუკიდებლობა, როგორიც ნებისმიერ სხვა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში. არსებობს სხვა უამრავი მედიასაშუალება, მათ შორის BBC, ამერიკის ხმა, სააგენტო ფრანს პრესი, ალ ჯაზირა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა შესანიშნავად მუშაობს,”, – წერს ენდრიუ ფეინბერგი.

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, მან მუშაობა 2017 წლის იანვარში დაიწყო და პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა სამ რედაქტორთან: პიტერ მარტინიჩევთან, ანასტასია შეველევასთან და ზლატკო კოვაჩთან. ფეინბერგის თქმით, ამ სამი რედაქტორიდან არც ერთმა არ იცოდა ამერიკული მედიის მუშაობის წესები და პრინციპები, მათ შორის ჟურნალისტის წყაროებთან ურთიერთობა და ა.შ.

ენდრიუ ფეინბერგი სპუტნიკის თეთრი სახლის კორესპონდენტი იყო. მან ერთ-ერთ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანს შონ სპაისერს ჰკითხა, დონალდ ტრამპი რატომ არ უგზავნიდა უკრაინას იარაღს, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.

“მე მაშინ არ ვიცოდი, რომ დავარღვიე სპუტნიკის მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაუწერელი წესი”, – წერს ენდრიუ ფეინბერგი. როგორც ჟურნალისტი იხსენებს, მან რედაქტორისგან მიიღო გაფრთხილება, რომ ნებისმიერი კითხვა, რომლის დასმასაც ის რესპონდენტებისთვის აპირებდა, რედაქტორებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული.

ფეინბერგის თქმით, ის მეორე მსგავს წინაღობას წააწყდა სირიაში, ზარინის გაზის გამოყენების შედეგად მოსახლეობის დაღუპვისას. რედაქტორები მისგან მოითხოვდნენ, რომ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაესვა რუსული გადმოსახედიდან, რომელიც მხარს უჭერს ასადის რეჟიმს.

“სპუტნიკის” ყოფილი ჟურნალისტი ასევე იხსენებს, რომ აღნიშნულ მედიასაშუალებაში ასეთი მითითება არსებობდა: ოკუპირებული ყირიმის შესახებ დაწერილ ყველა სტატიაში ნახსენები უნდა ყოფილიყო, რომ რეფერენდუმის შედეგად, რუსეთთან მიერთებას მხარი მოსახლეობის 90%-მა დაუჭირა.

“რა თქმა უნდა, როცა მე ვახსენე რეფერენდუმის მიმდინარეობისას ქუჩებში ტანკებისა და შეიარაღებული პირების არსებობის შესახებ, ის სტატიიდან გამოქვეყნებამდე ამოიღეს”, - იხსენებს ფეინბერგი.

ჟურნალისტი წერს, რომ დროთა განმავლობაში მან დაიწყო სპუტნიკის პოლიტიკის გაცნობიერება, რომლის მიზანიც იყო და არის რუსული ნარატივის გავრცელება, ხოლო აშშ-სა და მისი მოკავშირეების პოლიტიკის დისკრედიტაცია.

“სოციალურ მედიაში მე რეგულარულად მაკრიტიკებდნენ პროპაგანდის გავრცელებისთვის, ზოგი ღალატშიც კი მადანაშაულებდა. მე ყოველთვის ვიცავდი საკუთარ თავსა და კოლეგებს. გავაცნობიერე, რომ მნიშვნელობა არ აქვს მე, ინდივიდუალურად როგორ თავდადებით ვმუშაობ, ან როგორი შემართებით ვებრძვი ხელმძღვანელთა ზეწოლას, ვინაიდან მე ვმუშაობდი “სპუტნიკისთვის” და ხელს ვუწყობდი არასწორი ინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ პირადად, აქტიურად არ ვმონაწილეობდი ამაში”, – წერს “სპუტნიკის” ყოფილი ჟურნალისტი.

ფეინბერგის თქმით, ბოლო წვეთი მისსა და “სპუნტიკის” თანამშრომლობაში დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის თანამშრომლის, სეთ რიჩარდის მკვლელობა იყო. ვაშინგტონის პოლიციამ დაადგინა, რომ ის ძარცვისას მოკლეს. თავდაპირველად, მემარჯვენე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ვერსია, რომლის მიხედვითაც, თითქოს რიჩარდის მკვლელობა 2016 წლის არჩევნებისას დემოკრატთა ელქტრონული მიმოწერის “ვიკილიქსისთვის” გადაცემას უკავშირდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ამერიკულმა მედიამ ეს ვერსია უარყო. “სპუტნიკმა” კი გადაწყვიტა, ეს ვერსია არ უნდა მიჩქმალულიყო, რადგან ის “ადასტურებდა”, რომ ამერიკულ არჩევნებში რუსეთი არ მონაწილეობდა, ფაქტზე პასუხისმგებლობა კი მთლიანად, ამერიკულ სპესამსახურებს ეკისრებოდათ.

როგორც ფეინბერგი ამბობს, მან გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, თუმცა “სპუტნიკის” ხელმძღვანელობამ მას დაასწრო და სამსახურიდან გაუშვა.

სპუტნიკის ვაშინგტონის ბიუროს რედაქტორმა, პიტერ მარტინიჩევმა პოლიტიკოსთან საუბრისას უარყო ყველა ის ბრალდება და გარემოება, რაზეც ენდრიუ ფენიბერგი თავის სტატიაში წერს. მარტინიჩევმა ყოფილი ჟურნალისტის მონაყოლს სიყალბე უწოდა.
კატეგორია: სიახლე
“ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ვვრაუდობდით, სამ ეტაპად აგვემოქმედებინა რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმა” - ამ სათაურით, “საქართველო და მსოფლიო“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ამგვარი განცხადება ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში გააკეთა.

სტატიაში დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის ციტატის სახით, ვკითხულობთ: “პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომელიც გადავდგით, იყო სამხრეთ ოსეთის გარშემო სამხედრო და სადაზვერვო ბაზების შექმნა, ასევე, სამხედრო და უშიშროების ოფიცრების ამოქმედება სამხრეთ ოსეთში. გეგმის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა ჩეჩნეთში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩერქეზეთში ხელისუფლებაში რადიკალი ისლამისტების მოსვლას. გეგმის ამ ნაწილის უკან იდგა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, მი 6-ის, აგრეთვე, თურქეთისა და საუდის არბეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელ პირთა კონკრეტული შეხვედრები და, თუკი ისლამისტები მოახერხებდნენ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას რუსეთის რეგიონებში, ნატოს სამხედრო ძალები პრაქტიკულ წვდომას მიიღებდნენ კავკასიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილზე. გეგმის მესამე ეტაპის დაწყებას უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანიებისა და სხვა სამხედრო ბაზების დასტაბილურების შემდეგ ვვარაუდობდით“ .

ინტერვიუ ფაბრიკაციაა და ის გაავრცელა არა ბრიტანულმა გამოცემა Guardian- მა, არამედ ყალბმა საიტმა, რომელიც ბრიტანული გამოცემის იმიტაცია იყო. საიტი ვიზუალურად გარდიანის იდენტური იყო, განსხვავება მხოლოდ, დომენის სახელში, ერთ ასოშია - theguarian.com-ის ნაცვლად, საიტის მისამართი theguardıan.com იყო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
CBS-თან აფილირებულმა ციფრულმა ტელევიზია KMOV-მა ბოდიში მოიხადა დედოფალ ელისაბედსა და პრინც ულიამსზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო.

მედიასაშუალებამ გაავრცელა ახალი ამბავი, რომ დედოფალმა ელისაბედ II-მ ოფიციალურად გადასცა სამეფო გვირგვინი პრინც უილიამსა და მის მეუღლეს, ქეით მიდლტონს. შესაბამისად, დედოფლის შემდეგ უილიამი გახდებოდა მეფე, ქეითი კი - დედოფალი. “ელისაბედმა ამ ნაბიჯით გამოტოვა საკუთარი შვილი, პრინცი ჩარლზი, რომელსაც წესისამებრ დედოფლის შემდეგ უნდა ემეფა.” - წერდა KMOV.

თუმცა, KMOV-ის ინფორმაცია გადაუმოწმებელი აღმოჩნდა და ტელევიზიას ამის გამო ბოდიშის მოხდაც მოუწია. სავარაუდოდ, ის ნიგერიული ვებსაიტ Nation-ს დაეყრდნო, რომელმაც 11 აგვისტოს გამოაქვყეყნა სტატია ბრიტანეთის სამეფო კარზე. გაზეთი წერდა, რომ “დედოფალს მის მემკვიდრედ პრინცი უილიამი სურს”. სტატია, თავის მხრივ, “ანონიმურ წყაროს” ეყრდნობოდა, რომელიც Nation-ის მტკიცებით, სამეფო კართან დაახლოებული პირია.

საბოლოოდ, მისურის შტატში მაუწყებელმა KMOV-მა ეს ახალი ამბავი წაშალა. ტელევიზიამ, სანაცვლოდ შენიშვნა გამოაქვეყნა, რომელიც პირდაპირ არ უთითებდა მის შეცდომაზე, თუმცა, აღიარებდა, რომ ბრიტანეთის სამეფო კარზე გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელი იყო. “ეს ოფიციალური არაა, ელისაბედ II-ეს არ გადაუცია გვირგვინი პრინცი უილიამისთვის და არ გამოუტოვებია პრინცი ჩარლზი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს წყაროებმა. ჩვენ ბოდიშს ვიხდით ამის გამო წარმოქმნილი დაბნეულობისა და გაუგებრობის გამო.” - ასეთი განცხადება გაავრცელა ტელევიზიამ.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსულმა პროსამთავრობო მედიასაშუალებამ, „tvzvezda.ru-მ“ გამოაქვეყნა სიახლე, თითქოს ევროკავშირი აპირებს, დაუწესოს სანქციები აშშ-ს, ამ უკანასკნელის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების საპასუხოდ. ინფორმაცია ეყრდნობოდა მხოლოდ „ანონიმურ წყაროს ბრიუსელიდან".

მასალაში „ზვეზდა“ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეუზღუდოს წვდომა ამერიკულ კომპანიებს ევროპული ბანკების კრედიტებზე და ეს იქნება პასუხი იმ სანქციებზე, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა.

სინამდვილეში, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა, 26 ივლისს განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და არავითარი განცხადება ანტიამერიკულ სანქციებზე არ გაუჟღერებია. ევროკავშირმა მხოლოდ და მხოლოდ გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუძლია, ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას, რადგან ისინი შეეხება იმ ევროპულ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ, თუმცა იუნკერისვე განცხადებით, ევროკავშირი მოახერხებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

წყარო: Stopfake
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ბოლო თვეების განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მედია ედინბურგის ჰერცოგის პრინც ფილიპის გარდაცვალების შესახებ ცნობას ავრცელებს. მაისში The UK Sun-მა იმავე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა.

„ტელეგრაფის“ წარმომადგენელმა არასწორი ინფორმაციისთვის ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მათ შეცდომა მყისიერად გამოასწორეს. გამოცემაში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რამდენ ხანს იყო სტატია გამოქვეყენბული, როგორ გაჩნდა არასწორი ინფორმაცია და გამოაქვეყნებს თუ არა გამოცემა ახსნა-განმარტებას შეცდომისა და ისტორიის წაშლის შესახებ.

პრინცი ფილიპის შემთხვევა ერთადერთი არ არის, როდესაც მედია საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გარდაცვალების შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. მაგალითად, 2014 წელს People-მა საზოგადოებას კირკ დუგლასის საიკვდილის შესახებ ამცნო, თუმცა ის ამ დრომდე ცოცხალია. 2012 წელს კი Der Spiegel-მა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალების შესახებ დაწერა. ის დღესაც ცოცხალია.
კატეგორია: სიახლე
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ რუსული და აზერბაიჯანული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ორ მასალასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა საკონსულტაციო კომისიაში, რომელიც პროპაგანდის წინააღმდეგ შეიქმნა. კომისია დაკომპლექტებულია თვითრეგულირების საბჭოების წარმომადგენლებისგან შემდეგი ქვეყნებიდან – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი.

რუსული mir24.tv-ს წინააღმდეგ

ქარტიის პირველი საჩივარი ეხება mir24.tv -ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს საქართველოში უწყლობისა და უშუქობის გამო მამაკაცმა პროტესტის ფორმას მიმართა და ქალაქში აბაზანა დადგა. სინამდვილეში ეს იყო პერფომანსი, რომელიც „ლიბერალმა“ გააშუქა. რესპონდენტი ინტერვიუში ამბობს, „წყალი გათბა ახლა, ცივს დავამატებ და კიდევ ჩავწვები”. mir24-მა კი მისი ეს სიტყვები შემდეგნაირად თარგმნა „მე მცხელა. სახლში +35 გრადუსია, ელექტროენერგიის გათიშვის გამო არ შემიძლია კონდიციონერის ჩართვა”.

შესაბამისად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი მიმართავს მანიპულირებას პოლიტიკური მიზნებისთვის. მასალა პროპაგანდისტულია, რასაც ადასტურებს ის, რომ სადავო ჟურნალისტური პროდუქტის შემქმნელები განზრახ აყალბებენ ფაქტებს, რის გამოც მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში არის მძიმე სოციალური ფონი და ხელისუფლების ქმედებების გამო დედაქალაქის მაცხოვრებლები რამდენიმე დღის განმავლობაში არიან ელექტროენერგიის და წყლის გარეშე, რაც თავის მხრივ ისეთ მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას, რომ ისინი იძულებულნი არიან ქუჩაში, საჯაროდ მიიღონ აბაზანა, რათა ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ. ცალსახაა, რომ ჟურნალისტური პროდუქტის შემქმნელის მიზანს წარმოადგენდა შეელახა მეზობელი სახელმწიფოს იმიჯი, წარმოეჩინა იგი როგორც ქვეყანა, რომელიც მისი დედაქალაქის მაცხოვრებლებს ვერ უზრუნველყოფს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით.

აზერბაიჯანული haqqin.az-ს წინააღმდეგ

ვებსაიტმა haqqin.az-მა გამოაქვეყნა მასალა „ანტიაზერბაიჯანული მიწისქვეშა თბილისში: გამოჩენა, ფული, ინსტრუქციები“. სტატიაში ე.წ „ფერადი რევოლუციები“ საქართველოში და უკრაინაში, რომელთა ძირითადი საფუძვლები იყო ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში და ცხოვრების დაბალი სტანდარტი, შეფასებულია, როგორც: „დასავლური ჰეგემონიის“ ნაყოფი, თავის მხრივ დასავლური ჰეგემონია შეფასებულია, როგორც საფრთხე, რომელიც იწვევს დესტაბილიზაციას. იქვე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ორგანიზაცია „კმარა“ აზერბაიჯანში დესტაბილიზაციის მოწყობას უჭერდნენ მხარს, თუმცა ილჰამ ალიევმა შეძლო ქართული რევოლუციური ძალების განეიტრალება. სტატიაში მხარდაჭერილია ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ – ერთი მთავარი მესიჯი, თითქოს „დასავლური შეთქმულების“ /“დასავლური ჰეგემონიის“ უკან დგას ჯორჯ სოროსი და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასთან ნათქვამია, რომ აზერბაიჯანული რევოლუციური ორგანიზაციები, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებას ცდილობდნენ, თბილისმა შეიფარა. მასალაში ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლიც, რომლიც საქართველოდან გაიტაცეს. ის დადანაშაულებულია აზერბაიჯანის მიმიმართ „მტრულად“ განწყობილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მასალა მიზნად ისახავს ორ სახელმწიფოს და შესაბამისად ერებს შორის ურთიერთობების გამწვავებას, წარმოაჩენს რა საქართველოს როგორც აზერბაიჯანის მიმართ არა მეგობრულად განწყობილ ქვეყანას, სადაც იგეგმება აზერბაიჯანის საწინააღმდეგო ქმედებები, ძმათამკვლელი ომები.

სტატიაში მოყვანილი არც ერთი ფაქტი არ არის გადამოწმებული არც ერთ წყაროსთან, რაც საფუძვლიან ეჭვს ტოვებს რომ მათი უმეტესობა ყალბი და ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია. „დასავლეთი“ და დასავლეთის მიერ მხარდაჭრილი NGO ორგანიზაციები აღწერილია, როგორც მტრები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნების დესტაბილიზაციას.

პროპაგანდის საწინააღმდეგოდ თვითრეგულირების საბჭოების კომისია ევროპის საბჭოს დახმარებით შეიქმნა. საქმის წარმოების წესი საბჭოების წარმომადგენლებმა 2016 წელს საქართველოში მიიღეს.

კომისიის საშუალებით ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს შეიტანოს საჩივარი თუკი აღმოაჩენს, რომ რომელიმე წევრი ქვეყნის მედიასაშუალება მანიპულაციას, სიძულვილის ენას იყენებს. ყველა წევრ თვითრეგულირების ორგანოს ჰყავს თავისი წარმომადგენელი კომისიაში. ქარტიას, რომელიც ამ კომისიის წევრია, მაია მეცხვარიშვილი წარმოადგენს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საჩივარი პირველია, რომელსაც კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
21 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა კაცმა პერფორმანსი მოაწყო – რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ აბაზანა დადგა, წყალი ჩაასხა და ჩაწვა. “ლიბერალის” ჟურნალისტმა ეს ფაქტი ვიდეოზე აღბეჭდა.

“წყალი გათბა ახლა, ცივს დავამატებ და კიდევ ჩავწვები”, - უთხრა პერფორმანსის ავტორმა “ლიბერალის” ჟურნალისტს. იგივე ამბავი განსხვავებულად გააშუქა და შეფუთა რუსულმა ტელეარხმა “МИР 24-მა”. კერძოდ, ამ ტელეარხის წამყვანმა გამოაცხადა, რომ თბილისში ცხელა, კომუნალური სამსახურები კი ხარვეზებით მუშაობენ, რის გამოც, დედაქალაქის მოსახლეობას რამდენიმე დღეა არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.
“მე მცხელა. სახლში +35 გრადუსია, ელექტროენერგიის გათიშვის გამო არ შემიძლია კონდიციონერის ჩართვა”, – რუსულად ზუსტად ასე გაახმოვანა რუსულმა ტელეარხმა პერფორმანსის ავტორის სიტყვები, რომელიც ლიბერალის ვიდეოშიც ისმის. ის ქართულად სულ სხვა რამეს ამბობს და ელექტროენერგიის გათიშვას საერთოდ არ ახსენებს.
კატეგორია: სიახლე
15 ივნისს „geworld-მა“ გაავრცელა დეზინფორმაციული სიახლე, სათაურით „შიმშილის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო „საპატიო“ პირველ ადგილზეა.“ გავრცელებულ მასალაში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს:

სინამდვილეში, კვლევის თანახმად, პირველ ადგილზე არა საქართველო, არამედ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაჩვენებლები 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, საერთო ქულა(8,2) მაინც საკმაოდ დაბალია იმ ფონზე, როდესაც სხვა შვიდი ქვეყნის(ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ჩადის, ზამბიის, ჰაიტის, მადაგასკარის, იემენის, სიერა ლეონეს) მდგომარეობა შეფასდა, როგორც „საგანგაშო“, 35.0-46.1 ქულის ფარგლებში. გლობალური შიმშილის ყველაზე დაბალი ინდექსი, კვლევის თანახმად, არგენტინას აქვს.

„geworld-ის“ ინფორმაციით, „სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო სომხეთს, მაკედონიას, მოლდოვასა და თურქეთს უსწრებს;“

რეალურად კი, დასახელებული ქვეყნებიდან, მხოლოდ მაკედონიასა და თურქეთს აქვთ გლობალური შიმშილის უფრო დაბალი ინდექსი, ვიდრე საქართველოს. სომხეთსა და მოლდოვაზე უკეთეს მდგომარეობაში კი საქართველოა:

მოლდოვა-9,2; სომხეთი - 8,7; საქართველო-8,2; მაკედონია - 5,8; თურქეთი - 5-ზე ნაკლები;
კატეგორია: სიახლე
დეზინფორმაცია:

geworld-ზე გამოქვეყნებულ სიახლეში, სათაურით „აშშ-მ სირიაზე თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 72 ადამიანი!“, ვკითხულობთ:

“ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო“.

გადამოწმებული ინფორმაცია

· აშშ-ს შეტევის შედეგად დაღუპულების ზუსტი რაოდენობა დასავლურ მედიას ჯერ არ გაუვრცელებია. ალჯაზირა , ბი-ბი-სი CNN და სხვა დასავლური მედიასაშუალებები წერენ, რომ სირიის არმიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი.

· ვაშინგტონმა იერიშები მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა.80 ამდე ადამიანი დაიღუპა არა აშშ-ს მიერ განხორციელებულ შეტევაში, არამედ რამდენიმე დღის წინ, ქიმიური იარაღის გამოყენების დროს.

შესაბამისად:

გაუგებარია, რას ეყრდნობა ქართული გამოცემა, მაშინ როცა წერს, რომ თავდასხმის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა, ნაწილი კი მოიწამლა.

სხვა ფაქტობრივი ინფორმაცია:

· სირიაში მეექვსე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს;

· რამდენიმე დღის წინ სირიაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აჯანყებულთა მიერაა კონტროლირებული, ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მოიწამლა და მძიმედ დაშავდა ასობით ადამიანი, ხოლო ბოლო ცნობებით, 80 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც;

· 7 აპრილს, აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირატის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ესაა პასუხი 4 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე;

· ასადის რეჟიმს მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია და ეხმარება მიმდინარე სამოქალაქო ომშიც, რუსულმა ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა აჯანყებულთა დისლოკაციის ადგილები;

· პუტინმა აშშ-ს მიერ დღეს განხორციელებული იერიში "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად" შეაფასა;
კატეგორია: სიახლე
22 თებერვალს ონლაინმედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, გალაკტიონის არაკომპეტენტურობაზე საუბრობდა.

„როგორც ჩვენი ჯეჯელავაზე არანაკლებ ტუტუცი კორესპონდენტი გვატყობინებს, მესამე ვიცეპრემიერმა არც აცია, არც აცხელა და მორიგ საკბილოდ პირდაპირ გალაკტიონი აირჩია. როგორც ჯეჯელავა ამბობს, გალაკტიონი ჭიანჭველაზე კიდევ უფრო არაკვალიფიციურია და მისი ყველაზე ცნობილი ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ სასწრაფოდ არის ასაკრძალი,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ მასალებში.

„მას ეგონა, რომ მთვარე მთაწმინდისაა. ამიტომ ჩვენ ეს ამბავი უნდა გამოვასწოროთ, თორემ როდესაც ბავშვები ამ ლექსს ასეთი ფორმით წაიკითხავენ, შეცდომაში შევლენ. ამ ლექსს სასწრაფოდ უნდა დაერქვას - „მთვარე, რომელიც მთწმინდიდან დავინახე,“ ეს საკითხი გავარკვიეთ, მაგრამ ახლა მაინტერესებს თავად გალაკტიონის კვალიფიკაცია,” - სტატიაში ეს სიტყვები ალექსანდე ჯეჯელავას მიეწერებოდა.

ონლაინგამოცემება , tb24.ge- მ, საქართველო და მსოფლიომ, mpress.ge-მ news.coa.ge-მ და www.geotimes.ge-მ აღნიშნული სტატიის ბოლოს მიუთითეს წყარო, მაგრამ არ აღნიშნეს, რომ ინფორმაცია იუმორისტული ხასიათის იყო, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა.

ინფორმაციის პირველწყაროა ბაკურ სვანიძის პორტალი bstv.ge . როგორც ვებგვერდის ადმინისტრაცია უთითებს, საიტის ძირითადი მიმართულება „მიმდინარე რეალური მოვლენების სატირული ხერხით ასახვაა“.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
StopFake - ცნობილი უკრაინული ვებსაიტია, რომლიც მიზნად ისახავს რუსული პროპაგანდისტული მესიჯებსა და ინფორმაციას იდენტიფიცირებას, ანალიზსა და გადამოწმებას.

გამოცემა 2014 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა დააარსეს. „ებრძოლე პროპაგანდას ფაქტებით“ - სწორედ ესაა StopFake-ს მთავარი მიდგომა კრემლის აგრესიული, საინფორმაციო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორ ხდება ფაქტების გადამოწმება, რა გზებს და მეთოდებს იყენებს კრემლის პროპაგანდა, როგორ უნდა ვებრძოლოთ მას - ამ თემებზე მედიაჩეკერი StopFake-ს აღმასრულებელ რედაქტორს, ვიქტორია რომანიუკს ესაუბრა.


ვიქტორია რომანიუკი: StopFake - ეს იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პროფესიონალი ჟურნალისტების რეაქცია. ინფორმაციული ომისთვის წინააღმდეგობის გაწევისას, ჩვენ წავაწყდით აბსურდულ სიცრუეს, რომელიც არამხოლოდ უკრაინაში ვრცელდებოდა რუსების მიერ, არამედ საერთაშორისო აუდიტორიასაც უყალიბებდა წარმოდგენას უკრაინასა და უკრაინელებზე.

თავიდან, მასალებს მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე ვაქვეყნებდით. ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო უკრაინის და ასევე, სხვა ქვეყნების რუსულენოვანი აუდიტორიისთვის გვეჩვენებინა ინფორმაციის დამახინჯების, მანიპულაციის და სიცრუის ფაქტები, გამოგვეაშკარავებინა რუსული პროპაგანდის მასშტაბები. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ჩვენი პროდუქტი პროპაგანდის რისკის ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნებისთვისაც უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომნი. დღეისათვის ჩვენი მასალები ქვეყნდება: ფრანგულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ესპანურ, ბულგარულ და რუმინულ ენებზე.

მუშაობისას მკაცრად ვიცავთ ჟურნალისტურ სტანდარტებს, ვიყენებთ თანამედროვე ინსტრუმენტებს ფაქტობრივი და ვიზუალური ინფორმაციის სიზუსტის დასადგენად, (ფოტოს, ვიდეოს, კარტოგრაფიული მასალის შემოწმების ციფრულ მეთოდებს და ა.შ). ჩვენ მხოლოდ ვამოწმებთ მედიაში უკვე არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და თავად არ ვქმნით რაიმე გზავნილებს (მითუმეტეს პროპაგანდისტულს)

მნიშვნელოვანია, კომპლექსურად მიკერძოების გარეშე მივუდგეთ ინფორმაციის გადამოწმების პროცესს. ზოგჯერ გვხვდება ინფორმაცია, რომელიც ჩვენი, როგორც მოქალაქეების შეშფოთებას იწვევს, ჩვენ არ გვინდა გვჯეროდეს მისი ჭეშმარიტების, თუმცა არ გვაქვს უფლება, პირდაპირ, გადამოწმების, არგუმენტების გარეშე ვთქვათ, რომ ეს ინფორმაცია ყალბია. ხდება ისეც, რომ ფაქტების გადამოწმების შემდეგ, ირკვევა, რომ ამგვარი ინფორმაცია, სამწუხაროდ, უტყუარია.

- რა მეთოდს და გზას იყენებს რუსული პროპაგანდა უკრაინაში და განსხვავდება თუ არა ის, სხვა ქვეყნებში არსებული რუსული პროპაგანდისგან?

- 2014 წელს, ჩვენ მხოლოდ უკრაინაზე ვსაუბრობდით. დღეს კი აშკარაა, რომ ის მეთოდები, რომელსაც კრემლის პროპაგანდა იყენებს, უნივერსალურია და მისი გამოყენება ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგა შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსული პროპაგანდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების შესაბამისად იცვლებოდა. ის გახდა უფრო რთული და უფრო პროფესიონალური. დღეს, კრემლი სოციალურ მედიას და ქსელებს აქტიურად იყენებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის. თუმცა, ამის პარალელურად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსული პროპაგანდის, როგორც პრობლემის შესახებ ინფორმირებულობის დონე, მთელს მსოფლიოში გაიზარდა.

კრემლი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს საშინაო და საგარეო უდიტორიისთვის. თუ ვისაუბრებთ პროპაგანდაზე, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთის აუდიტორიაზე, მისი მეთოდები უფრო გართულდა და დაიხვეწა, ასეთი მესიჯების გადამოწმება კი ზოგჯერ, საკმაოდ რთულია. პროპაგანდა, რომელიც მიმართულია რუსეთის მრავალრიცხოვან, ლოიალურ შიდა აუდიტორიაზე, უფრო პრიმიტიულია.

კრემლის პროპაგანდა მუშაობს კომპლექსურად, აუდიტორია სეგმენტებადაა დაყოფილი და კარგადაა შესწავლილი. სხვადასხვა სეგმენტისთვის გამოიყენება სხვადასხვა არხი. თუ მაგალითად, უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის გამოიყენება ტრადიციული მედია - ტელევიზია, ახალგაზრდებზე მუშაობს ინტერნეტ მედია და სოციალური ქსელები.

უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, კრემლი პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებს ადგილობრივ ონლაინგამოცემებს. დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული სატელევიზიო არხებიც მონაწილეობდნენ ამ პროპაგანდაში. ეს არხები სამწუხაროდ, ახლაც მაუწყებლობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

- რას ფიქრობთ რუსული არხების და საინფორმაციო საშუალებების დაბლოკვაზე, რა დილემები შეიძლება ახლდეს ამ პროცესს?

-ეს კითხვა არაერთხელ დასმულა და ყოფილა ცხარე კამათის მიზეზი ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და აქტივისტებს შორის. რამდენად სწორია ეს ნაბიჯები? დაბლოკვით ხომ არ ვლახავთ სიტყვის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში? ერთი შეხედვით, შეილება ჩანდეს, რომ ესეთი ნაბიჯები არ მეტყველებს დადებითად ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაზე. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ფაქტი, რომ უკრაინა ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია და ეკრანებიდან, მტრის ტელეარხებიდან, ჩვენ გვესმის სიცრუე, რომელიც იდენტობის ტრავმას იწვევს, აყალიბებს ცრუ წარმოდგენებს უკრაინაზე და საერთოდ, აქ მიმდინარე პროცესებზე.

ბუნებრივია, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მოსახლეობა, რომელსაც აქვს მკვეთრად პრო-რუსული განწყობები, რთულია გადავარწმუნოთ. მხოლოდ არხების დაბლოკვა, გამოსავალი არ არის. აი აქ უნდა ვიმოქმედოთ სხვა ხერხით - კი არ უნდა ავუკრძალოთ, არამედ აღვზარდოთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, ნათელი გახდა პროპაგანდის შედეგები. დღეს, როცა მისი არსებობა და საფრთხეები ნათელია, ჩვენ ვეძებთ არამხოლოდ თავდაცვით გზებს, არამედ ლიკვიდაციის მეთოდებსაც, ვცდილობთ, გლობალურად მივუდგეთ ამ პრობლემას.

- რა შეგიძლიათ თქვათ რუსული პროპაგანდის გავლენაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე?

- პროპაგანდა აყალიბებს პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში, შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკაზე. ის ცვლის, როგორც აუდიტორიის პრიორიტეტებს, ასევე ამომრჩევლის ქცევას, რაც გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე და ახალი პოლიტიკური მოძრაობების წარმოშობას ახალისებს. ეს რთული, მრავალსაფეხურიანი, კომპლექსური პროცესია, რომელიც სახელმწიფოს ყველა სფეროში აღწევს.

საინფორმაციო ომის სამიზნეა არა ჯარისკაცების სხეულები, არამედ აუდიტორიის გონება. ასეთი ომის მიზანია, განვითარებული ეკონომიკისა და სოციალური სისტემების არმქონე კრიზისული რეგიონების ფორმირება. პროპაგანდა შობს კრიზისს - ჭრილობებს, რომელიც არ აძლევს ქვეყანას ნორმალურად განვითარების საშუალებას.

- რა არის საუკეთესო გზა, პროპაგანდისგან თავის დასაცავად?

- პირველ რიგში, აუცილებელია, მუდმივი მუშაობა აუდიტორიის კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. მხოლოდ განვითარებული აუდიტორიაა თქვენი, როგორც ჟურნალისტის, სანდო პარტნიორი. განავითარეთ ჟურნალისტიკა, გადადით ინფორმაციის გადამოწმების ახალ, ციფრულ საფეხურებზე, სადაც წყაროების გადამოწმება „ფაქტჩექინგის“ მეთოდებით, თანამედროვე ჟურნალისტის მუშაობის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, საინფორმაციო ომის სპეციფიკის შესახებ საზოგადოების რეგულარული ინფორმირება და საკითხის საჯაროდ განხილვა. ასევე, მნიშვნელოვანია თავად მედიის ინფორმირებაც, რათა მასმედიის თანამშრომლები არ აღმოჩნდნენ პროპაგანდის მახეში და თან არ ჩაითრიონ საკუთარი აუდიტორია. გახსოვდეთ, თქვენი ჟურნალისტური პასუხისმგებლობა ქვეყნისა და აუდიტორიის წინაშე, რადგან ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იარაღია, რომელსაც შეუძლია დაგიცვას, ან გავნოს.

თუ ვისაუბრებთ პროპაგანდასთან ბრძოლის გლობალურ მეთოდებზე მედიის და სახელმწიფოს დონეზე, ჩვენი ხედვა ასეთია: არ უნდა ებრძოლო პროპაგანდას პროპაგანდის მეთოდებით. ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ სამართლიანად და პროფესიონალურად. ნებისმიერი მედიის მთავარი ღირებულება სანდოობაა. იმედგაცრუებული აუდიტორია შეიძლება გახდეს პროპაგანდისტული მედიის მოკავშირე.

მხოლოდ დამახინჯებული ინფორმაციის გამოვლენა არაა საკმარისი. მნიშვნელოვანია, კრიტიკული აზროვნების მქონე აუდიტორიის ფორმირება, აუდიტორიისა, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს პროპაგანდა, მანიპულაცია და ტყუილი ჭეშმარიტებისგან. ბუნებრივია, ეს ხანგრძლივი პროცესია თუმცა ყველაზე ეფექტური.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
გარდიანი სარედაქციო წერილში იტყობინება, რომ მათ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატიები ყალბი აღმოჩნდა. წყაროებმა, რომლთა „ინტერვიუებიც“ მასალებს ერთვოდა, თქვეს, რომ ჟურნალისტთან ამ თემებზე არასოდეს უსაუბრიათ. სტატიები გარდიანის კონტრიბუტორის ჯოსეფ მეიტონის მიერ იყო მომზადებული.

„მეიტონმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, იმისა, რომ ეს ინტერვიუები ნამდვილად შედგა. ჩვენ დავიქირავეთ დამოუკიდებელი fact-checker (ადამიანი, რომელიც ფაქტებს ამოწმებს), რის შედეგადაც დადგინდა, რომ ინტერვიუების ნაწილი ფაბრიკაცია იყო. ორ შეხვედრას, რომელზეც მეიტონმა სტატია მოამზადა, ორგანიზატორების თქმით, ის არ დასწრებია, ხოლო წყაროთა ნაწილმა, რომელთა ინტერვიუებიც სტატიებში იყო გამოყენებული, თქვეს, რომ მათ არასოდეს უსაუბრიათ ამ ჟურნალისტთან“.

მეიტონი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ გარდიანი ტყუის: „ინტერვიუთა ნაწილი ჩაწერილია რამდენიმე თვის ან ერთი წლის წინ. მართალია, მე არ ვინახავდი საუბრების აუდიოჩანაწერებს, მაგრამ ინტერვიუები არასოდეს გამიყალბებია“.

წყარო: http://www.theguardian.com/commentisfree/2016/may/26/open-door-column-note-to-readers
კატეგორია: სიახლე
რამდენიმე ქართულ ვებსაიტზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საუდის არაბეთში კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგადაც მეცნიერებმა ქალები შინაურ ბინადრებად ცნეს. ინფორმაცია ყალბია, მსგავსი კვლევა არსად ჩატარებულა და არც ამ „დასკვნამდე“ მისულა რომელიმე მეცნიერი.

„საუდის არაბეთის მეცნირებისგან შემდგარი კოლეგია, მივიდა გაუგონარ დასკვნამდე: მათ გადაწვიტეს, რომ ქალი ნამდვილად ითვლება ძუძუმწოვარ არსებად, ე.ი. ის უნდა ფლობდეს იმავე უფლებებს, რასაც ამავე კლასის წარმომადგენელი ცხოველი- აქლემი, ერთკუზიანი აქლემი, თხა და ა.შ.“ - წერს lifegeek.ru-ზე დაყრდნობით ერთ-ერთი ქართული საიტი.

ინფორმაცია ამ „აღმოჩენის“ შესახებ პირველად World News Daily Report (WNDR)- ზე გამოქვეყნდა, რომელზეც სატირული, იუმორისტული ტიპის სიახლეები ქვეყნდება ხოლმე. გამოცემის გვერდზე ვკითხულობთ, რომ გამოქვეყნებული მასალების მიზანი გართობაა და სიახლეებში ნახსენები ფაქტები ყალბია, პირები კი, გამოგონილი.
კატეგორია: სიახლე
საინფორმაციო სააგენტო “პირველმა” 18 ივლისს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. შეცდომა იყო სტატიის სათაურში “თურქეთი შესაძლოა, NATO - დან გარიცხონ - ჯონ ქერი”.

როგორც სიახლეში ვკითხულობთ, ინფორმაცია გამოცემა The Independent-ზე დაყრდნობით გავრცელდა. თუმცა არც The Independent-ის სტატიაში, არც სააგენტო “პირველის” ინფორმაციაში არ ჩანს ჯონ კერის კონკრეტული ციტატა, სადაც ის თურქეთის NATO-დან გარიცხვის საფრთხეზე საუბრობს. ამგვარი ციტატა არც სხვა სანდო მედიასაშუალებების ვებსაიტებზე იძებნება.

The Independent-ის მასალის სათაურში გამოტანილი სიტყვები: „თურქეთის ამბოხებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ნატოს წევრობას“ გამოცემის ინტერპრეტაციაა და არა ჯონ ქერის მიერ ნათქვამი ციტატა ან მისი პერიფრაზი. სტატიაში აღნიშულია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ მდივანთან, ჯონ კერისთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნები, სადაც სიკვდილით დასჯა გამოიყენება, ვერ შეუერთდებიან ევროპის კავშირს, ჯონ კერიმ კი დაამატა, რომ ასეთი მოთხოვნები აქვს NATO-საც.

იგივე ინფორმაცია არასწორი ფორმულირებით ჰქონდა გამოქვეყნებული The Washington Post-საც, თუმცა მასალა მალევე შესწორდა. თავდაპირველად, მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯონ კერის თქმით,თურქეთის NATO-სწევრობა საფრთხის წინაშე იდგა.

კატეგორია: სიახლე
სააგენტო პირველმა ევროკავშირის გაუქმების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა2016-06-28 საინფორმაციო სააგენტო პირველმა 2016 წლის 27 ივნისს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ. აღნიშული ინფორმაციის წყაროდ სააგენტომ “უცხოური მედია” მიუთითა. კერძოდ - პოლონური ტელეკომპანია TVP Info. ამ კონკრეტული საინფორმაციო საშუალების გარდა იგივე ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე სხვა საინფორმაციო ვებგვერდმა, მათ შორის, რუსულმა მედიასაშუალებებმა Russia Today-მ და Pravdareport-მა. მათ განაცხადეს, რომ ფრანგული და გერმანული მხარის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია ახალი “სუპერსახელმწიფოს” შექმნაზე, თუმცა მითითებულ დოკუმენტში ევროკავშირის დაშლაზე არაფერია აღნიშნული.

იგივე შინაარსის სიახლე "მარშალპრესმაც" გაავრცელა და წყაროდ "პირველი" მიუთითა.

უნდა აღინიშნოს, რომ „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არცერთ სანდო დასავლურ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია. ამასთანავე გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირები, ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას.
კატეგორია: სიახლე
ქართული გამოცემების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ სირიაში 19 იეზიდი გოგონას ცოცხლად დაწვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა . ამ მედიასაშუალებებს შორის იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელმაც სიახლე ფოტოსთან ერთად ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნდა. ფოტო, რომელიც მასალებს ერთვოდა, ტექსტებში აღწერილ ამბავს არ უკავშირდებოდა. სინამდვილეში ეს ფოტო, პირველად 2013 წელს არაბულ გვერდზე elbashayeronline.com-ზე გამოქვეყნდა. ამ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს იყო პროტესტი ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მხარდამჭერი ქალებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამო. სტატიას თან ერთვის იგივე საპროტესტო აქციიდან მეორე ფოტოც.





კატეგორია: სიახლე
2016 წლის 6 ივნისს საინფორმაციო პორტალმა კვირამ (kvira.ge) გამოაქვეყნა სტატია “ზურაბ ქუმსიაშვილი: ლგბტ პირთა 98 პროცენტი გარყვნილი ცხოვრების წესის მიმდევარია”.სტატია გაზეთ “ასავალ დასავალში” ექიმ-პროფესორის ზურაბ ქუმსიაშვილის ინტერვიუს მიმოიხილავს. მასალა ლგბტ პირების სტიგმატიზებას უწყობს ხელს და მათი ცხოვრების წესის შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს აღვივებს.

“როგორც პროფესორი აღნიშნავს, ლგბტ პირების 98 პროცენტი გარყვნილების პროპაგანდას ეწევა. მისივე თქმით, ისინი მოსახლეობის ტრადიციებსა და კრედოს ეწინააღმდეგებიან. ისინი სექსუალური ორიენტაციას მორალური ნორმების მიმართ პროტესტის ან მატერიალური დაინტერსების გამო იცვლიან. აღსანიშნავია „მიბაძვის“ მომენტიც”,- აღნიშნულია სტატიაში. მოსაზრებები ფაქტადაა წარმოჩენილი.

ამასთანავე წერილში ლგბტ პირების წინააღმდეგ კანონის ძალით ბრძოლის აუცილებლობაზეა საუბარი, რაც საზოგადოებაში აგრესიას აღვივებს მათ მიმართ. კონკრეტული პირების სექსუალურ ორიენტაციას კი ავტორი დაავადებას უწოდებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, აღნიშნულ პირებს დაავადებებისგან განკურნებაში დაეხმაროს.

“სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება ის უნდა იყოს, რომ დაავადებულ 2 პროცენტს მაქსიმალურად დაეხმაროს პრობლემის მოგვარებაში და შექმნას არასრულფასოვან ადამიანებთან მიდგომის შემწყნარებლური გარემო. რაც შეეხება 98 პროცენტს, რომლებიც გარყვნილების პროპაგანდას ეწევიან, უპირისპირდებიან მოსახლეობის ტრადიციებს და მორალურ კრედოს – სახელმწიფო მათ დაუნდობლად უნდა ებრძოლოს შესაბამისი კანონშემოქმედი საქმიანობით და ზნეობრივი ნორმების პროგანდით გააბათილოს მათი უზნეო რიტორიკა”, - ვკითხულობთ წერილში.
კატეგორია: სიახლე
ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერაქტებიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში გაჩნდა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოები, რომლებიც თითქოსდა ასახავდა აფეთქების ეპიზოდებს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურებში. ვიდეოების თარიღად მითითებული იყო 2016 წლის 22 მარტი. შავ-თეთრი კადრებიდან ერთი შეხედვით შეუძლებელი იყო ადგილმდებარეობის გარჩევა.

ინტერნეტში მოკვლევის შედეგად, ცხადი ხდება რომ ეს ვიდეოები რამდენიმე წლის წინ არის ატვირთული. ორი მათგანი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტებში მომხდარ მოვლენებს ასახავს, მესამე კი - მინსკის მეტროში აფეთქებას.

ასეთი ვიდეოკადრები ქართულმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.

„ანოტაციის გარეშე | აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში (ახალი ვიდეო)“, „აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში - სათვალთვალო კამერით გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები“, „ბრიუსელის აეროპორტში სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული აფეთქების კიდევ ერთი ვიდეო“, „სათვალთვალო კამერით გადაღებული აფეთქების მომენტი ბრიუსელის აეროპორტში“, „სათვალთვალო კამერამ ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების მომენტი დააფიქსირა“, - ამ სათაურებით გამოაქვეყნა ვიდეოები ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა.

ფოტოზე ასახული მომენტი სათვალთვალო კამერებით ჩაწერილი ვიდეოდან, რომელიც რეალურად მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში 2011 წლის 4 იანვარს მომხდარ აფეთქებას ასახავს. მაშინ თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას ჩამოსვლების დარბაზში 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100 კი - დაიჭრა.

ეს კადრები შეცდომით გააშუქეს უცხოურმა გამოცემებმაც.

ეს კადრიც დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქებას ასახავს. იგივე მასალა ვიპოვეთ რუსეთის „მეხუთე არხის“ კადრებში. მასალა 2011 წლის 24 იანვრითაა დათარიღებული.

კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა ტვიტერზე, თუმცა ის ქართულ მედიასაშუალებებს არ გამოუქვეყნებიათ. ვიდეოს სათაურად მითითებული იყო, რომ კადრები ასახავდა ბრიუსელის მეტროში მომხდარ აფეთქებას 2016 წლის 22 მარტს. თუმცა BBC-ის ცნობით აღნიშნული მასალა მინსკის მეტროში 2011 წლის 11 აპრილს მომხდარ აფეთქებას ასახავს.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
კანადელმა ჟურნალისტმა ფრანსუა ბუგინგომ აღიარა, რომ მისი ზოგიერთი ჟურნალისტური ნამუშევარი გაყალბებული და გამოგონილია.

ჟურნალისტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ჟურნალისტური შეცდომა“ და „სიამაყით ნაკარნახევი ცოდვა“ ჩაიდინა, რადგან სურდა, მიეპყრო კვებეკელების ყურადღება იმ ამბებისაკენ, რომელიც მათთვის შორეული და ნაკლებად საინტერესო ჩანდა.

ბუგინგომ ბოდიში მოუხდა კოლეგებს, საზოგადოებასა და მეგობრებს, განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ნამუშევრებზე და ტოვებს კვებეკის პროფესიონალ ჟურნალისტთა ფედერაციას - „პროფესიული კოდექსის დარღვევა უღირსი საქციელია და ამას ძალიან ვნანობ”

ფრანსუა ბუგინგო წლების განმავლობაში კანადური მედიასაშუალებების უცხოეთის კორესპონდენტად მუშაობდა. ჟურნალისტმა, რომელიც 23 წელია მოღვაწეობს, არაერთი ამბის დამახინჯება აღიარა, მათ შორისაა რეპორტაჟები ეგვიპტეში მძევლების აყვანისა და სარაეოვის ომის შესახებ.

გამოცდილი რეპორტიორის საქმიანობაში ეჭვი პირველად La press-მა შეიტანა, რედაქციამ მის ნამუშევარში ყალბი ფაქტები აღმოაჩინა. ამის შემდეგ ფრანსუა ბუგინგოსთან თანამშრომლობა ყველა მედიასაშუალებამ შეწყვიტა, მათ შორის FM 98.5, La Journal de Montereal, La Journalde Quebec, FM 98.5, TV Novelles.

წყაროwww.imediaethics.org