NTV Plus-ის შემოსვლა საქართველოში „იმედმა“ არ გააშუქა
12.04.2018

თეგები : გამოტოვებული თემები;
რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედიის” შვილობილი NTV Plus საქართველოს ტელებაზარზე შემოდის. NTV Plus-ის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფია“. ეს უკანასკნელი 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50%–ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%–ს კი – გულნარა ხეჩოშვილი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 10 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ პროპაგანდისტულ მედიაკამპანიას.

NTV Plus-ის საქართველოს ტელებაზარზე შემოსვლა მაუწყებლებისთვის ერთ-ერთი ძირითად თემა იყო, რომელიც მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გააშუქეს. გამონაკლისი აღმოჩნდა ტელეკომპანია „იმედი“, - საკითხი „ქრონიკის“ 20:00 საათიან გამოშვებაში ვერ მოხვდა.  "იმედს"ეს თემა არც დღის სხვა გამოშვებებში გაუშუქებია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
ასევე იხილეთ
რასიზმის პრობლემა  და მედიის ფოკუსი
რასიზმის პრობლემა არის ყველგან  და სამწუხაროდ გამონაკლისი არც საქართველოა. ამის მიუხედავად, ქართული მედიის ნაწილი ხშირად თემას ზედაპირულად და არასწორი მიმართულებით აშუქებს. საკითხზე სასაუბროდ არაკომპეტენტურ სტუმრებს იწვევს და შესაბამისად აუდიტორიას ვერ სთავაზობს არგუმენტირებულ მსჯელობას. მეტიც, ხანდახან ჟურნალისტებს უჭირთ გაუმკლავდენენ გადაცემის მონაწილეს, რომლის სტერეოტიპული დამოკიდებულებები, დიდი ალბათობით, წინასწარაც იცოდნენ.

საქართველოში ძირითადად ანტითურქული, ანტიირანული, ანტიარაბული და ანტიინდური განწყობებია. არცთუ იშვიათია ისეთი შენიღბული რასიზმის შემცველი განცხადებები, როგორიცაა - „მიგრანტები „ქართულ გენს“ უქმნიან საფრთხეს“, „ქართველები საქართველოში მალე უმცირესობაში აღმოჩნდებიან“, „უცხოელები ქართველ ქალებს გვართმევენ“ (თითქოს ქართველი ქალები ქართველი კაცების საკუთრება არიან). ამასთან, დასავლეთშიც და საქართველოშიც უფრო და უფრო იმატებს ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიცხვი.

რასიზმის პრობლემის საილუსტაციოდ, ბოლო წლებში, მედიაში გავრცელებული რამდენიმე შემთხვევაც კმარა.
რასისტული შინაარსის განცხადებები უცხო არც ქართველი პოლიტიკოსებისთვისაა. რამდენიმე ასეთი განცხადება რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის 2015 წლის მოხსენებაშიც მოხვდა. სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმადაც, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტური გამოძიება.

ამგვარი ფონის მიუხედავად ტოქშოუში საკითხზე არარელევანტური სტუმრებით, უფოკუსო და ზედაპირული მსჯელობა იშვიათი გამონაკლისი არ არის. ამის ნათელი მაგალითი იყო 23 აპრილს “TV პირველის” ეთერში გასული გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”, რომლის მეორე ბლოკის მიზანი იყო დაედგინა, არის თუ არა საქართველოში რასიზმის პრობლემა. საკითხის ამგვარად დასმით, ზემოთ აღნიშნული რასობრივი დისკრიმინაციის არაერთი მაგალითის მიუხედავად, გადაცემაში საერთო ჯამში პრობლემა დაკნინდა და საერთოდ არსებობა არარსებობამდე დავიდა დისკუსიის ფოკუსი.

სტუმრების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ საქართველოში რასისტული განწყობები საერთოდ არ არის და მედიამ სხვა საკითხები უნდა გააშუქოს. გადაცემაში ცდილობდნენ დაეცვათ ბალანსი იმ საკითხში, სადაც მეორე მხარე არ არსებობს, რადგან რასიზმს გამართლება არ აქვს და ყველა შემთხვევაში მიუღებელი უნდა იყოს. ამ გადაცემაში კი ერთ მხარეს იურისტები ნინო ბოლქვაძე და ლევან ალაფიშვილი იდგნენ, მეორე მხარეს კი ნიკოლოზ მჟავანაძე და დავით ლორია “უფლებადამცველთა გაერთიანებიდან“. მსჯელობაში მონაწილეობდნენ დარბაზში მსხდომებიც, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ფერადკანიანი პირები. გადაცემის ამგვარი ფოკუსისა და სტუმრების გამო რაიმე საკითხის საფუძვლიანი განხილვის ნაცვლად დისკუსია ურთიერთბრალდებების რეჟიმში წარიმართა.

გადაცემაში “უფლებათა დამცველის” სტატუსით მიიწვეული იყო სტუმარი (ნიკოლოზ მჟავანაძე), რომლის ანტიდასავლური და ისლამოფობიური განცხადებები მრავლად იძებნება. გადაცემაში კი მის დისკრიმინაციულ და უფოკუსო რეპლიკებსა და ბრალდებებს წამყვანი ვეღარ გაუმკლავდა, არაერთხელ მიუთითა, რომ სისულელეს ამბობდა და გადაცემის დატოვებისკენაც მოუწოდა. რეალურად რესპონდენტის ეს განცხადებები არაფრით განსხვავდებოდა მისი სხვა გამოსვლებისგან და წამყვანისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ამგვარი რიტორიკა, შესაბამისად გაუგებარია მაშინ რატომ მიიწვია და რა ინფორმაციის მიღებას ელოდა მისგან.

გადაცემას წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე შავკანიანი კაცისა და სავარაუდოდ, ქართველი ქალის ქორწინების ცერემონიის ფოტოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფითი გამოხმაურება. კიდევ ერთი გახმაურებული ინციდენტი მოხდა ბელიაშვილზე, სადაც ნიგერიელ სტუდენტებს შესაძლო დისკრიმინაციული მოტივით ადგილობრივები თავს დაესხნენ. ეს ინციდენტები გაიხსენა წამყვანმა, ვახო სანაიამ და სტუმრებს ამ კითხვით მიმართა: “არის თუ არა ეს ყველაფერი რეალობა, თუ მაინც გაზვიადებულია ეს თემა?!” 


გადაცემის განმავლობაში, რომლის უდიდესი ნაწილი ხმაურის ფონზე წარიმართა, მჟავანაძე ამტკიცებდა, რომ “ერთი ბელიაშვილის ქუჩით ავაგეთ მთელი ჰიპოთეზა, რომ საქართველოში ფერადკანიან ადამიანებს ჩაგრავენ.” ის მოუწოდებდა წამყვანს გაეშუქებინა აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის პრობლემები და აცხადებდა, რომ ამ საკითხით “TV პირველი” კომპანია სოკარის რეკლამის გამო არ ინტერესდება.

გადაცემის მიწურულს, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მაყურებელი ვახო სანაიასა და ნიკოლოზ მჟავანაძის კამათს ისმენდა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დისკუსიის თემასთან. წამყვანმა სტუმრის თემაზე კონცენტრირება ვეღარ შეძლო და სტუდიის დატოვებისკენ მიუთითა.

“გინდა სტუდიაში, გინდა გარეთ, ეთერის მერე, გაბედეთ რაც გინდათ; ისე არ ქნათ, რომ ბოლო ეთერი იყოს თქვენთვის აქ; წადით თუ გინდათ… უკაცრავად მაყურებელთან, თქვენ როგორც უფლებადამცველი აღორძინდით. რაც ხართ ის ხართ, კარგად გამოჩნდა”, - უთხრა წამყვანმა.

დისკუსის არასწორმა ფოკუსმა და არარელევანტურმა სტუმრებმა საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ერთი საათისა და 15 წუთის განმავლობაში გადაცემაში ძირითადად ზოგადი მოსაზრებები ისმოდა, დისკუსია დაცლილი იყო კონკრეტიკისგან და არგუმენტირებული მსჯელობისგან. საბოლოოდ, ვერც გადაცემის მთვარ კითხვას გაეცა პასუხი და მაყურებელმა ვერ გაიგო “არის თუ არა რასიზმი საქართველოში”.
ხეების “გადარჩენის” ამბავი იმედზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანა დენდროლოგიურ პარკში დიდი ხანია მედიის კრიტიკის საგანია. უმეტესად აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ხეების გადატანის პროცესში ზიანდება გზა, სხვა ხეები, ეკოსისტემა. სადენების დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილი რჩება ელექტროენერგიის გარეშე, უფრო მეტიც, სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზეც არაერთხელ ითქვა და დაიწერა.

ამ კრიტიკის საპირწონედ, 15 აპრილს, გადაცემა “იმედის კვირამ” მოსიარულე ხეების დადებითი კუთხით წარმოჩენა სცადა. წამყვანმა თქვა, რომ “გურიაში დენდროლოგიური პარკის გაშენების პროცესი არც თუ ისე მშვიდ გარემოში გრძელდება და ამ ყველაფერმა ოპოზიციის და მისი მიმდევარი ტელევიზიის კონტექსტში, ცოტა არ იყოს კომიკური სახე მიიღო”. მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერის ოპონენტები თითქმის ყოველდღიურად იუწყებიან, რომ ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.  დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ კი იმასაც ამბობენ, რომ ხეების მთხრელი ცხოვრობს და ივანიშვილს ბუნების მტერს უწოდებენ, თუმცა რეალურად არავის უნახავს რა ხდება პარკში “რომლის ანალოგიც მსოფლიოში, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე იყოს და სადაც წლების შემდეგ მისვლა ყველას შეეძლება”. წამყვანმა იქვე რიტორიკული კითხვაც დასვა - “გარემოს მტერი თუ ქველმოქმედი? რა მიზნით ყიდულობს ბიძინა ივანიშვილი ასწლოვან ხეებს”

სიუჟეტში ამ კითხვის პასუხი არ უძებნიათ, მასალის მთლიანი ფოკუსი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილის ჩვენება იყო.

დასაწყისშივე, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე, აუდიტორიას პარკში არსებული ხეები გააცნეს, მეტყევის კომენტარით კი უთხეს, რომ ყველა ხე იმაზე უკეთეს პირობებშია ამ პარკში, ვიდრე იმ ადგილას, საიდანაც გადმოიტანეს. მაგალითად, პარკში გადაინაცვლა ციხისძირიდან ევკალიპტმა, რომლის მოჭრასაც მოსახლება ითხოვდა. მოქალაქე ადასტურებს როგორი შეწუხებული იყვნენ ამ ხის გამო.

ჟურნალისტს უკმაყოფილო მოქალაქე არ უჩვენებია მაშინ, როდესაც სხვა არაერთ მედიასაშუალებასთან ადგილობრივები ხეების მოჭრის გამო წუხილს ვერ მალავდნენ, განსხვავებული აზრი აუდიტორიას პრაქტიკულად არ მოუსმენია. მაგალითად, არ უსაუბრიათ არც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აგრონომებს თუ ბიოლოგებს, რომლებიც გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე ამახვილებენ ყურადღებას.

“გადარჩენილი” ხეების ბედნიერი ისტორიების პარალელურად, ხეში გაცვლილი სიკეთის არაერთი ამბავიც მოვისმინეთ. მაგალითად, როგორ შესთავაზეს თავად მაცხოვრებლებმა ბიძინა ივანიშვილს ხე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ერთ რესპონდენტზე დაყრდნობით გავიგეთ, რომ გზა გააკეთეს, ეზო მოაპირკეთეს, ელექტროენერგიის პრობლემა მოგვარდა. წვერმაღალოს ამბავს უკვე ჟურნალისტი ჰყვება - ხეების ნაცვლად როგორ დაუგეს გზა და გააკეთეს საბავშვო ბაღი, რომელიც სოფელში ბოლო ოცი წელია არ ყოფილა. ბობოყვათში კი გზების დაგებაში ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდა.

სიუჟეტში მხოლოდ კმაყოფილი მოქალაქეები საუბრობდნენ. ამის პარალელურად, თითქმის იმავე დროს სხვა არხზე, “რუსთავი 2-ის” ეთერში, მსგავს თემაზე მომზადებულ მასალაში, მხოლოდ უკმაყოფილო მოქალაქეები ჩანდნენ. ისინი წუხდნენ, რომ მაგალითად სოფელ კახათში გზა მხოლოდ გადასატან ხემდე მიდის და სხვაგან არაფერი გაუკეთებიათ.

ხეების გადამრგველი კომპანიის, “ზიმოს” წარმომადგენელი სიუჟეტში ირწმუნება, რომ ერთი გადარგული ხის ნაცვლად იმ ადგილას ასს ნერგს რგავენ, რომელიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოაქვთ. მოთხრილ ადგილებს კი იმ კონდიციამდე ამუშავებენ, რა შეთანხმებაც მეპატრონესთან აქვთ. ალაგ-ალაგ დარჩენილი მოშიშვლებული ადგილებიც სწორედ შეთანხმების შედეგი ყოფილა, რადგან მეპატრონეს სახლის აშენება ან ბოსტნის გაშენება ჰქონია გადაწყვეტილი იმ ადგილას. ამ სიტყვების გადამოწმება ჟურნალისტს არ უცდია, არ დაინტერესებულა იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე სახლი ვინ ააშენა. გადატანილი ხეების ადგილას კი დატოვებული სიცარიელე და გამოწვეული პრობლემები რომ არაერთია, არც ეს უთქვამს ჟურნალისტს.

“იმედის კვირის” სიუჟეტში სრულ ჰარმონიას, ისევ ოპოზიცია არღვევს. “ნაციონალური მოძრაობა” აჭარაში ჟურნალისტის თქმით, “გარემოს დამცველების სტატუსით გვევლინება”, სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე საუბრობს და ბუნებაზე მიყენებული ზიანის გამო სასამართლოში ჩივილით იმუქრება. ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა რომ ხე გადაიტანოს სახელმწიფო გზას უკეთებს და ბიუჯეტის ფულს ხარჯავს. ბრალდებას უარყოფს საგზაო დეპარტამენტი. ჟურნალისტს არც ამ საკითხის გარკვევა უცდია, არ დაინტერესებულა დოკუმენტების მოძიებით, რომ რეალურად გაერკვია მართლაც იხარჯება თუ არა ბიუჯეტის სახსრები ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ. მაყურებელი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კომენტარის ამარა დარჩა.

ეკოსისტემის რღვევაზე წუხილის საპასუხოდ კი ისევ მეტყევე საუბრობს და ნიცშეს ციტატაზე დაყრდნობით აიმედებს საზოგადოებას, რომ ერთი ხე ვერავითარ პრობლემას ვერ შექმნის. იქვე მაყურებელს ახსენებს, რომ წლების წინ, ხეები უმოწყალოდ იჩეხებოდა და ამაზე ხმას არავინ იღებდა. ეკოლოგიური კატასტროფა კი არა ხეების გადატანა, არამედ, მაგალითად, “მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრაა”.

შემდეგ “ფონდი ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ჩნდება. იგი ამბობს, რომ უარყოფითი ინფორმაციის გავრცელება ოპოზიციურ პარტიას სურს “ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”. შემდეგ კი რესპონდენტი და ჟურნალისტი იმ პროექტების საერთო ღირებულებას დეტალურად გვახსენებს, რაც ფონდმა წლების განმავლობაში განახორციელა. რამდენიმე წუთით სიუჟეტის ფოკუესი იცვლება და თბილისის და ბათმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტსაც აცნობენ მაყურებელს. ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ბუნების მტერი არ არის.

სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ისევ დენდროლოგიურ პარკს უბრუნდება. ყვება, თურმე აჭარაში აჟიოტაჟი არ წყდება, მოსახლეობის ერთი ნაწილი ხეების ასაკის დადგენითა და მათი სარფიანად გაყიდვით ყოფილა დაინტერესებული. მეორე უკმაყოფილო ნაწილი კი გარემოზე ზიანის მიყენებაზე საუბრობს. თუმცა, ასეთ დროს ყურადღების მიღმა დარჩენიათ ის ასწლოვანი ხეები, რომლებიც, ჟურნალისტის თქმით, სხვადასხვა დროს და სხვადსხვა მიზეზით თავად მოსახლეობა გაუჩეხავს.

“ეს ელოდათ იმ ხეებსაც, რომელიც დღეს გადასარევ პირობებში ბოტანიკოსების და მეცნიერების ხელშია აღმოჩენილი და იცოცხლებს კიდევ რამდენიმე წელი, რას ხედავთ ამაში ცუდს, ვერაფერი ვერ გავიგე” - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი და მოსიარულე ხეების 15 წუთიანი ისტორიაც აქ მთავრდება.
Freedom House - ის ანგარიში - გაშუქება სხვადასხვა კონტექსტით
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2018 წლის ანგარიში ის თემა აღმოჩნდა, რომელიც მედიამ სხვადასხვა ჭრილში გააშუქა. ანგარიში 11 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის საერთო ინდიკატორთან ერთად მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი გაუარესდა და 2009 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა. ანგარიშის მიხედვით მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მაჩვენებლის შემცირება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ესენია: ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის საქმე, პროსახელისუფლებო კერძო ტელევიზიების - იმედის, GDS-ისა და მაესტროს გაერთიანება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცება.

Freedom House-ის ამ შეფასებით განაწყენებული დარჩა როგორც მმართველი გუნდი, ისე მედიის კრიტიკულ კონტექსტში განხილული ნაწილიც. ეს, განსაკუთრებით ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დოკუმენტის  შეფასებების შესახებ მომზადებულ მასალებში გამოჩნდა. 12 აპრილის სიუჟეტებში მთავარი აქცენტი სწორედ ანგარიშის შეფასებები იყო.

პირველი არხი

12 აპრილის საინფორმაციო გამოშვებაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომლის მენეჯმენტის მუშაობა მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად არის დასახელებული, Freedom House-ის ანგარიშს უნდობლობა გამოუცხადა და შეცდომების ძებნა დაიწყო.

“ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის ობიექტურობა საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მმართველი გუნდის ლიდერები Freedom House-ის კვლევის ავტორებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. მწვავე კრიტიკის საგანია დოკუმენტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც 2017 წელს ქართული მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებელი მაჩვენებლი გაუარესდა და 2009-2012 წლების მონაცემებს გაუტოლდა. დოკუმენტში უზუსტობები მედიაორგანიზაციების ნაწილმაც იპოვა”, - ამ ტექსტით წარადგინა თემა მოამბის მთავარი გამოშების წამყვანმა.

საზოგდოებრივი მაუწყებლის მიერ დოკუმენტში აღმოჩენილ უზუსტობაზე საუბრით დაიწყო სიუჟეტი ჟურნალისტმაც. მან განმარტა, რომ Freedom House - ის ანგარიშში მეორე არხის დახურვასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი არაზუსტია. თქვა, რომ არხი მაუწყებლობას დღესაც განაგრძობს და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად პარლამენტის სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების ტრანსლირებას უზრუნველყოფს.

ამის შემდეგ, ჟურნალისტმა ანგარიშში აღმოჩენილ იმ უზუსტობაზე ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, ტელეკომპანია “იმედმა” აღმოაჩინა და მაყურებელს ტელეკომპანიის განცხადების ნაწილი გააცნო, რომელიც ასე იკითხება:

“შევახსენებთ Freedom House” - ს, რომ 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ბოლომდე იმედი არათუ კონტროლდებოდა და შესაბამისად, არ იყო კრიტიკული მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, არამედ უშუალოდ მათ მფლობელობაში იმყოფებოდა”.

სიტყვა “უზუსტობა” სიუჟეტში რამდენჯერმე გაჟღერდა. ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ დოკუმენტი საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში კამათისა და დაპირისპირების საგნად იქცა, რაც ქმნიდა შთაბეჭილებას, რომ ჟურნალისტი მსგავსი ჩანართებით საკუთარი ნათქვამის გამყარებას ცდილობდა და ხაზს უსვამდა, რომ ანგარიშს უნდობლობა არა მხოლოდ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, არამედ საზოგადოებისა და პოლიტიკურ სპექტრის ნაწილმაც გამოუცხადა. რაც დოკუმენტში მათ მიერ აღმოჩენილი “უზუსტობების” აქცენტს უფრო მეტ სიმყარეს მატებდა.

სიუჟეტში Freedom House - ის ანგარიშის შესახებ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი კრიტიკული შეფასებაც მოვისმინეთ.

იმედი

Freedom House -ის ანგარიშს თითქმის იდენტური პათოსით გაჯერებული მასალა მიუძღვნა ტელეკომპანია “იმედმაც”. მთავარი აქცენტი აქაც დოკუმენტში აღმოჩენილ უზუსტობებზე გაკეთდა.

“დასკვნას, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა, პრემიერი უკიდურესად არაობიექტურს და დაუბალანსებელს უწოდებს. ორგანიზაციის არგუმენტების გაბათილება საგანგებო ბრიფინგით სცადა ირაკლი კობახიძემაც, პარლამენტის თავმჯდომარე მიკერძოებაზე საუბრობს და ანგარიშში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე მიუთითებს. ანგარიშში, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა, მოხვდა ტელეიმედიც, თუმცა საკმაოდ უცნაური შინაარსით და არასწორი კონტექსტით” - ამ ტექსტით წარადგინეს თემა დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა და ასპარეზი ჟურნალისტს დაუთმეს, რომელმაც თემა ასევე ტელეკომპანიის მიერ გაკეთებული განცხადებით გახსნა, სადაც აღნიშნული იყოს რომ

“გამაოგნებელია მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციისთვის ასეთი ტიპის არასწორი ინფორმაციის გავრცელება”, შემდეგ Freedom House-ს შეახსენეს ის, რომ “იმედი” “ნაციონალური მოძრაობის” მფლობელობაში იმყოფებოდა. რასაც წინ უძღვოდა “შეიარაღებული თავდასხმა და ფიზიკური ტერორი ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე...ჩვენ არ ვართ პარტიულ-ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ უბრალოდ ვაშუქებთ მოვლენებს, ისე, როგორც ეს არის და ვაძლევთ ტრიბუნას ყველას, ვინც მოვლენებში მოაწილეობს…”

ტელეკომპანიამ საერთაშორისო ორგანიზაციის მისამართით არც რჩევები დაიშურა: “იმედს ვიტოვებთ, რომ ორგანიზაცია გამონახავს უფრო მაღალი კომპეტენციის თანამშრომლებს და კვლავ იქნება მედიათავისუფლების სადარაჯოზე…”

Freedom House - ის ანგარიშის გარშემო გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები ყურადღების მიღმა არც “იმედმა” დატოვა და საზოგადოებას ანგარიშით განაწყენებულებისა და კმაყოფილების საპირისპირო შეფასებები გააცნო.

რუსთავი 2

თემის აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტი შემოგვთავაზა ტელეკომპანია “რუსთავი 2- მა”. ზემოთ განხილული მაგალითებიგან განსხვავებით, აქ დოკუმენტებში შეცდომების ძებნა არავინ დაიწყო. მასალაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან Freedom House - ის ანგარიშის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება საერთაშორისო ორგანიზაციაზე შეტევად შეფასდა და მთავარი ფოკუსი არაფორმალურ მმართველობასა და ყოფილ პრემიერზე ბიძინა ივანიშვილზე გაკეთდა.

“მმართველი პარტიის ლიდერები შიდა დაპირისპირების შემდეგ, საერთაშორისო კონფლიქტში ერთვებიან, მთავრობისა და პარლამენტის მეთაურები მსოფლიოში ერთ-ერთ ყელაზე გავლენიან ორგანიზაციას მკაცრად და უხეშად აკრიტიკებენ. გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის გაღიზიანება საქართველოს დემოკრატიის ინდექსის დაწევამ და ამ გადაწყვეტილების მიზეზებმა გამოიწვია, მაგრამ, მათი განცხადებების შემდეგ გაუგებარი დარჩა ვის იცავენ პოლიტიკური ლიდერები, ქვეყნის იმიჯს, ხელისუფლებას, თუ არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის პირდაპირი ადრესატი იყო”, - ამ ტექსტით გახსნა თემა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.

ბიძინა ივანიშვილის კონტექსტი შეინარჩუნა ჟურნალისტმაც, რომელმაც განმარტა, რომ პოლიტიკური ლიდერები Freedom House - ს ერთმანეთის მიყოლებით და იდენტური სიტყვებით იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეპოქის დემოკრატიის ხარისხით ისეთივე კმაყოფილები არ არიან, როგორც ოცნების ლიდერები. ხაზი გაესვა ანგარიშის იმ ნაწილსაც, სადაც ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკურ ვენდეტაზე და მის მიერ წამოწყებულ და დაგეგმილ პროექტებზეა საუბარი.

მმართველი გუნდის განცხადებების პარალელურად, წარმოდგენილი იყო ოპოზიციური სპექტრის ის განცხადებები, სადაც აქცენტი კვლავ ბიძინა ივანიშვილზე იყო გადატანილი. მათი შეფასებით, მმართველი პოლიტიკური ძალის გაღიზიანება, Freedom House - ის ანგარიშში პანორამა თბილისისა და ბიძინა ივანიშვილის ხსენებამ გამოიწვია. სიუჟეტში ასევე წარმოდგენილი იყო ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული განცხადებაც.

ტელეკომპანია პირველი

“ხელისუფლება Freedom House - ის წინააღმდეგ” - სწორედ ასე დაასათაურა ტელეკოპმანია “პირველმა” სიუჟეტი, რომელიც ამავე თემას ეხებოდა. აქ მთავარი აქცენტი ხელისუფლების მხრიდან გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციაზე მმართველი გუნდის თავდასხმა იყო. მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა განმარტა, რომ დემოკრატიის ხარისხის გაუარესებას და “Freedom House” - ის შეფასებას არ ეთანხმება ქვეყნის პრემიერი. მანვე თქვა, რომ კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს მთავრობის ხვა წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარე კი დოკუმენტს ღიმილისმომგვრელი უწოდა.

ტელეკომაპნია “პირველის” სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ “Freedom House” - მა გამოქვეყნებული ანგარიშის გამო ხელისუფლებისგან თავდასხმების უპრეცედენტო კასკადი დაიმსახურა. მასალაში ანგარიშის შესახებ წარმოდგენილი იყო როგორც მმართველი გუნდის კრიტიკული შეფასებები, ისე ოპოზიციური ფლანგის კომენტარები, რომლებიც ხელისუფლების პოზიციას სირაქლემის პოზაში ყოფნას ადარებდნენ.

განხილული მაგალითები აჩვენებს, თუ როგორ როგორ ქმნის მედია ერთი და იმავე თემის გარშემო რადიკალურად განსხვავებულ პერსპექტივებს და საკუთარი დღის წესრიგის გათვალისწინებით, როგორ სთავაზობს მაყურებელს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ კონტექსტს და რეალობის აღქმის პარალელურ “სინამდვილეს”.
“აქტუალური თემა” არააქტუალური თემებით, სტუმრებითა და კითხვებით
“აქტუალური თემა” დღის მნიშვნელოვან საკითხს უნდა ეძღვნებოდეს, დამატებით ინფორმაციას, ანალიზს, არგუმენტებს აწვდიდეს აუდიტორიას. ასეც წერია გადაცემის ანოტაციაში. ანოტაცია ეკრანზე სხვაგვარად აისახა. ზოგჯერ გადაცემა სულაც არ ეხება აქტუალურ თემას. მოწვეული სტუმარი კი არ არის სასაუბრო საკითხთან კავშირში. ხანდახან ისეც ხდება, რომ მხოლოდ ერთი პოზიციის მოსმენა უწევს მაყურებელს ანდა, წამყვანი სულაც არ სვამს კრიტიკულ კითხვებს, არ წამოაჩენს საზოგადოების პრეტენზიებს და არ სთხოვს სტუმრებს მასზე პასუხს. უფრო მეტიც, ხანდახან გადაცემის წამყვანი თავად იქცევა პასიურ მსმენელად და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი სტუმართა მონოლოგების ტრიბუნა ხდება.

“აქტუალური თემა” საზოგადოებრივი მაუწყებლის საღამოს ეთერში გადის. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით წამყვანი სტუმრებთან ერთად წინასწარ შერჩეულ რამდენიმე საკითხს განიხილავს. ერთთვიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ საკითხებს შორის დღის აქტუალური თემა ხშირად ვერ ხვდება. მაგალითად:
  • 2 აპრილს ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიში გასაჯაროვდა, რომელშიც საუბარი იყო არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ამ დღეს აქტუალური თემა “სათამაშო ბიზნესსა და რეგულაციებს” დაეთმო.
  • 26 მარტს, როცა ერთ-ერთი მთავარი თემა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის სექსუალურ შევიწრობაში დადანაშუალება იყო, აქტუალურ თემაში “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ინიციატივები და სასამართლო რეფორმა / ორმაგი მოქალაქეობა და გენდერული კვოტირება” განიხილეს.
  • 5 მარტს პარლამენტში ტატუნაშვილი/ოთხოზორიას სიის საკითხი განიხილებოდა და საინფორმაციო პროგრამების ერთ-ერთი მთავარი თემაც ეს იყო, “აქტუალური თემა” კი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ხედვას მიეძღვნა.
იშვიათია დღე, როდესაც სტუდიაში არგუმენტირებული კამათი და დისკუსიაა, რაც მაყურებელს პრობლემის არსის უკეთ გაგებაში დაეხმარება. გადაცემაში არც თუ ისე ხშირად იწვევენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ამ შემთხვევაშიც მათ არ აქვთ საშუალება ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკამათონ, გაცვალონ აზრები. ეს საკითხი ნაკლებად პრობლემური იქნებოდა, თავად წამყვანს რომ შეეძლოს ოპონირება, ის კი, ძირითადად, წინასწარ გაწერილ კითხვებს მიჰყვება, რომელიც არ გამომდინარეობს რესპონდენტთა პასუხებიდან, იშვიათად ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას და ჩაკითხვას.

გოგა ხაინდრავა
ზოგჯერ გაუგებარია რა კავშირშია საერთოდ მოწვეული სტუმარი გადაცემის თემასთან. მაგალითად, 19 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსზე სასაუბროდ რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიწვიეს, თუმცა რა კავშირი ჰქონდა მას ამ თემასთან, რატომ იყო რელევანტური მისი მოსაზრებები, გადაცემის დასრულების შემდეგაც გაურკვეველი დარჩა. წამყვანმა თქვა, რომ მონაწილეობა შესთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მაგრამ, არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად ვისგან მიიღო უარი. ხშირია შემთხვევა, როცა გადაცემის განსახილველი თემის ყველა შესაძლო მხარე არ მონაწილეობს. როგორც წამყვანი გადაცემის მიმდინარეობისას აღნიშნავს ხოლმე, რიგ შემთხვევებში სტუმრები თავად ამბობენ უარს გადაცემაში მონაწილეობაზე, ზოგჯერ კი მიზეზი უცნობი რჩება. ფაქტი ისაა, რომ სხვდასხვა მიზეზთა გამო აუდიტორია სხვადასხვა მხარის არგუმენტებს ვერ ეცნობა.

არის შემთხვევები, როდესაც წამყვანი სხვადასხვა საკითხს ერთმანეთს არამართებულად უკავშირებს. ასე მოხდა 22 მარტსაც, როცა გადაცემაში “რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე” საუბრობდნენ. წამყვანმა შეურაცხყოფა, სიძულვილის ენის გამოყენება და მუქარა ფაქტობრივად ერთ კონტექსტში განიხილა, როდესაც ნარკოლოგს ჰკითხა:

“ზოგადად, ფეისბუქში ჩვეულებრივ ამბად იქცა, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, იგივე სიძულვილის ენა, მუქარა, შანტაჟი, დაშინების მცდელობები საკმაოდ ხშირია და შეურაცხყოფა. არის თუ არა, როგორ ფიქრობთ, საჭირო რაიმე სტანდარტის შემუშავება. და მიგაჩნიათ თუ არა, რომ  უნდა ისჯებოდეს თუ არა თუნდაც სოციალურ ქსელში, აი, ამ ტიპის ქმედებები” [სტილი დაცულია].

წამყვანის მიერ დასმული ამგვარი კითხვები და ზედაპირული მსჯელობა საბოლოოდ აუდოტორიას გადაცემის თემაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების გარეშე ტოვებს. ამის ნათელი მაგალითია 26 მარტის გადაცემა, როცა ტოქშოუს ერთი ნაწილის თემა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება და გენდერული კვოტირება იყო. სასაუბროდ კი მხოლოდ ერთი ადამიანი, პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი მიიწვიეს. მას გადაცემაში 20 წუთი დაუთმეს და აქედან, კვოტირებას თემას მხოლოდ 7 წუთი შეეხებოდა. 6 წუთი პრეზიდენტის პარლამენტში არმისვლისა და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდნეტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ კითხვა-პასუხს დაეთმო.


გაცილებით რთულადაა საქმე, როდესაც გადაცემაში სენსიტიურ თემას განიხილავენ. “აქტუალური თემის” ეთერი ორჯერ დაეთმო სექსუალურ შევიწორებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანის საქმეს. პირველად, როდესაც სავარაუდო მსხვერპლი ქალების ისტორიები გასაჯაროვდა (21 მარტი) და მეორედ, როდესაც ზვიად დევდარიანმა, პრესკონფერენციით, სამართლებრივი ბრძოლა დააანონსა (3 აპრილი). ორივე გადაცემის ფოკუსი იყო არა ქალთა მიმართ ძალადობა, არამედ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვა, და ეს მაშინ, როდესაც სავარაუდო მსხვერპლმა ქალებმა დიდხნიანი დუმილი დაარღვიეს და სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ ხმამაღლა საუბარი დაიწყეს.

****

2015 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პროგრამული პრიორიტეტები დაადგინა. მას მერე ახალი ვერ შეიმუშავეს, ამიტომაც კვლავაც ძველია სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც მაუწყებლის პრიორიტეტად მითითებულია სოციალურ-პოლიტიკური ტოქ-შოუები, რომელებმაც “უნდა ასახონ თემების და შეხედულებების მრავალფეროვნება, რისთვისაც უნდა გაიზარდოს მათში რიგით მოქალაქეთა, სამოქალაქო აქტივისტთა, არასახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფების, ექსპერტთა მონაწილეობის მოცულობა და ხარისხი.” იქვე ნათქვამია, რომ ამგვარი გადაცემები ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს.

პრიორიტეტების შესრულებაზე მონიტორინგი სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, თავის მხრივ საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. “აქტუალური თემის” და მთლიანად სამაუწყებლო ბადის შეფასება, თუ რამდენად ასრულებს არხის ხელმძღვანელობა ამ პრიორიტეტებს, საბჭოს სწორედ ანგარიშის წარდგენისას მოუწევს.
ზვიად დევდარიანის საქმე “აქტუალურ თემაში”
“სიდას” ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის მხიდან ქალების სავარაუდო შევიწროვება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქტუალურ თემაში” ბოლო ორ კვირაში ორჯერ განიხილეს. პირველად, როცა სავარაუდო მსხვერპლი ქალების ისტორიები გასაჯაროვდა (21 მარტი) და მეორედ, როცა ზვიად დევდარიანმა სამართლებრივი ბრძოლის დასაანონსებლად პრესკონფერენცია გამართა (3 აპრილი). ორივე გადაცემის ფოკუსი იყო არა ქალთა მიმართ ძალადობა, არამედ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვა.

21 მარტს ამ თემაზე მსჯელობა “ტაბულას” დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილთან, ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან, რუსუდან გოცირიძესთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთან, რამილია ალიევასთან გადაწყვიტეს. პირველი კითხვა, რომელიც წამყვანმა გადაცემის დაწყებისას დასვა, შეეხებოდა იმას, თუ რამდენად ხდება “ძალადობაში ბრალდებულის” უფლებების დაცვა მის შესაძლო დანაშაულზე საუბრით მაშინ, როცა არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. იგივე შინაარსის კითხვა წამყვანმა მოგვიანებითაც გაიმეორა, რითიც ფაქტობრივად მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სავარაუდო დანაშაულზე მსჯელობა არ შეიძლება.

მაშინ, როდესაც სახალხო დამცველმაც დაადასტურა, რომ ქალების “მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს”, გადაცემის წამყვანმა მაკა ცინცაძემ რამდენჯერმე ეჭვქვეშ დააყენა ამგვარი ფაქტების არსებობა.

“იგივე, როცა ძალადობის ფორმებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა, მე არაძალადობრივი მიდგომები აღვიქვა ძალადობად და ამას დავარქვა ძალადობა”, - ამ ფრაზით გააწყვეტინა წამყვანმა ერთ-ერთ რესპონდენტს საუბარი, რომელიც ქალებზე ძალადობის ფორმების ახსნას ცდილობდა. როცა “ტაბულას” რედაქტორი იმ ისტორიებზე საუბრობდა, სადაც ქალები დევდარიანის დანაშაულზე ყვებოდნენ, წამყვანმა თქვა: “საინტერესოა, რა ინფორმაციაა. მე ვერ მოვიპოვე ეს ინფორმაცია”.

გადაცემის მესამე ნაწილი ქალთა მოძრაობის მიერ სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ პარლამენტში შეტანილ ინიციატივასაც შეეხო, სადაც საუბარია “სექსუალური ხასიათის კომენტარებზე, უხამს ხუმრობებზე, მიშტერებაზე, სტვენასა და ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნზე, რომელიც უარის შედეგადაც გრძელდება”. წამყვანმა ამ ინიციატივას რადიკალიზმი უწოდა და დაინტერესდა ამით ქალები ხომ არ მოექცევიან უხილავი ჩადრის ქვეშ და მათზე “შეხედვა ხომ არ აიკრძალება”.

ასევე მხოლოდ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვას ეძღვნებოდა 3 აპრილის გადაცემა. ზვიად დევდარიანმა “აქტუალური თემა” გამოიყენა ტრიბუნად იმისთვის, რომ საზოგადოება საკუთარ სიმართლეში დაერწმუნებინა. ამას ხელს უწყობდა წამყვანიც, რომელიც რიგ შემთხვევებში პასიური მსმენლის როლში იყო და არც განმეორებით სვამდა უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს და არც დეტალებით ინტერესდებოდა. გადაცემა ცალმხრივი იყო, მხოლოდ დევდარიანის და მისი ადვოკატის პოზიციები ისმოდა.

„რას აკეთებდა ზვიად დევდარიანი და ვინ ვისი უფლება დაარღვია, ახლა, ამას სასამართლო დაადგენს“, - ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა წამყვანმა, პირველი კითხვა კი ქალების იმ ისტორებიების შესახებ დასვა, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში და ძალადობაში ადანაშაულებენ, თუმცა წამყვანს არ უხსენებია კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულზე იყო საუბარი, ან რას ყვებოდნენ ქალები. დევდარიანმა რამდენიმეწუათიანი მონოლოგის შემდეგ, რომელიც კითხვაზე პასუხის ნაცვლად პირად განცდებს აღწერდა, თქვა, რომ ქალების ისტორიების ნამდვილობის დადგენა მასაც სურს.

მოგვიანებით, გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა აღიქვეს იმ ქალებმა სექსუალურ შევიწროებად ან ძალადობად, რომლებიც მას უჩივიან. დევდარიანი, ასევე, აღნიშნავდა, რომ მას არ ჰქონდა გავრცელებულ ბრალდებებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა და რომ მისი სამეურვეო საბჭოს კანდიდატებიდან მოხსნა მმართველი პარტიისთვისაც ხელსაყრელი იყო. მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა სახელმწიფო სტრუქტურები, მმართველი პარტია. მიუხედავად ამისა, წამყვანი არ შეეცადა დაეზუსტებინა და ეჩვენებინა აუდიტორიისთვის, რამდენად რელევანტურია მისი მოსაზრებები. რა სარგებელს იღებდა მმართველი პარტია ზვიად დევდარიანის მიმართ ბრალდებების გავრცელებით, როცა მარტივად შეეძლო მისი კანდიდატურის ჩაგდება.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში აქტუალური გახდა ქალთა უფლებების დაცვა, როდესაც ქალებმა გაბედეს ხმამაღლა სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ საუბარი, მნიშნელოვანია, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან ფრთხილად მუშაობდეს ამ თემაზე. ორივე გადაცემაში წამყვანი ნაცვლად ფაქტებით, არგუმენტებით დაპირისპირებისა, ცალმხრივად აშუქებს საკითხს და მთელ ეთერს მხოლოდ ძალადობაში დადანაშაულებულ პირს უთმობს, არ აჩვენებს თავად მსხვერპლების პოზიციებს და არ უხსნის აუდიტორიას რეალური პრობლემის არსს.