კატეგორია: მედიაგარემო

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა, რომელიც უკვე შემაშფოთებელ ფორმას იღებს", -  ასე ეხმიანება EMC მორიგ საკადრო ცვლილიებას აჭარის ტელევიზიაში.

 შეგახსენებთ, თეონა თურმანიძის შემდეგ, ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, სამსახურიდან გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილიც გაათავისუფლა. ფეისბუკის პოსტი, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების საბაბი გახდა, მან 21 აპრილს გამოაქვეყნა და ამ პოსტით იგი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის რეპორტიორისა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის აქტიური წევრის თეონა თურმანიძის წინააღმდეგ დირექტორის მიერ უსამართლო და უსაფუძვლო დისციპლინურ დევნას გამოეხმაურა.

მალხაზ რეხვიაშვილმა, თეონა თურმანიძესთან ერთად გამოთქვა მოსაზრება, რომ თეონა თურმანიძის დისციპლინური დევნა დირექტორის იმ ბრძანების საფუძველზე მოხდა, რომელიც მაუწყებლის თანამშრომლების ქცევის ახალ წესებს ადგენს და გამოხატვის თავისუფლების თვითნებურ და არაპროპორციულ შეზღუდვებს აწესებს. მაუწყებლის დირექტორმა თეონა თურმანიძის მიმართ ახალი ბრძანების გამოყენების ფაქტი უარყო და მალხაზ რეხვიაშვილს ჯერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა, ხოლო შემდგომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რაც რეხვიაშვილის მხრიდან ცილისმწამებლური და მაუწყებლისთვის რეპუტაციული ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელების არგუმენტით დაასაბუთა.

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს და არამხოლოდ შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის მიღებული, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და საშიში ილუსტრაციაა", - ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მალხაზ რეხვიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცილისწამება, რადგან მისი შინაარსი წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და მასში არ არის მითითებული არსებითად მცდარი ფაქტი.

"თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სტატუსი ეხება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, რაზეც საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღებაა მიმართული და პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეს გაერთიანების წევრების შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოხმაურების და დაცვის ვალდებულება აქვს, გავრცელებული მოსაზრება სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში და მისი ავტორის აბსოლუტურად დაცულ უფლებას წარმოადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ მაუწყებლის დირექტორის ბრალდება ცილისწამების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც არ დასტურდება მაუწყებლისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკით, ცილისწამების დადგენისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორმა უნდა ამტკიცოს არამხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, არამედ ისიც, რომ მან კონკრეტული ზიანი განიცადა, რაც მოცემულ საქმეში სახეზე არაა", - აცხადებენ EMC-ში.

ორგანიზაციის განცხადებითვე, ცხადია, რომ პროფესიული კავშირის თავმჯდომარის წინააღმდეგ წარმოებული დისციპლინური დევნა წარმოადგენს მაუწყებლის დირექტორის თვითნებურ და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას შრომითი კანონმდებლობის კუთხითაც. 

"საქმის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან არ იყო დაცული კანონით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურა და დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასჯელი - სამსახურიდან გათავისუფლება, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპს.
 
მეტიც, ჟურნალისტების დევნის ფაქტები მიუთითებს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არამხოლოდ შრომით ურთიერთობებში უკანონო ინტერვენციას, არამედ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დევნის) შემადგენლობას, რამდენადაც აშკარაა რომ მაუწყებლის დირექტორი სამსახურიდან დაუსაბუთებლად ათავისუფლებს, ან თვითნებურად დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მხოლოდ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს.

აშკარაა, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების საკითხი აგრეთვე უკავშირდება მას, როგორც ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეს, რამდენადაც ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, რომ გიორგი კოხრეიძე პროფკავშირის შექმნის შემდგომ სხვადასხვა ფორმით ცდილობს მათი საქმიანობის ხელშეშლას.

აღნიშნული ქმედება კი დევნის მიღმა, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) ნიშნებზე მიუთითებს. ამდენად, მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ გიორგი კოხრეიძის საქმიანობით და მისი მხრიდან სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის არაერთი ფაქტით", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, EMC მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და უწყებებში მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
კატეგორია: მედიაგარემო
"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი აღარ იქნება. ამ პოზიციაზე მას არხის გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია შეცვლის. საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და მისი ხედვები  ერთმანეთს არ დაემთხვა. 


"კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. ამიტომ მოგვიხდა ამ სეგმენტში დაშორება. გუნდი, რომელთან ერთადაც "TV პირველში" მოსვლის დღიდან ვმუშაობ, ახლა ტოქშოუს მიმართულებას დავუთმობთ მთელ ენერგიას", - უთხრა ნინო ჟიჟილაშვილმა "მედიაჩეკერს".

იგი ამბობს, რომ განსაკუთრებულ წარმატებას უსურვებს  არხის ნიუსის ახალგაზრდა შემადგენლობას: " პრინციპულს, საქმიანს და ღირსეულს, რომელთან ერთადაც ჩვენ ორ თვეში შევძელით რთული და საზოგადოებისთვის ძალიან კრიზისული პერიოდი სარედაქციო შეცდომების გარეშე გაგვევლო და ნიუსის ყურებადობაც გაგვეზარდა. ყველამ, ვინც ამ გუნდს შეუერთდება უნდა იცოდეს, რომ დაჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები". 

"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო ჟიჟილაშვილი მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან დაინიშნა.  ამ პოზიციაზე მან მათე კირვალიძე ჩაანაცვლა. ამავე არხზე ნინო ჟიჟილაშვილი ორი ტოქშოუს - „პოლიტმეტრისა“ და „პირველების“ წამყვანია. ახლა კი, როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, ახალ, მესამე ტოქშოუს დაიწყებს. 

"TV პირველზე" ეს ცვლილება არხზე ტელეკომპანია "მთავარი არხიდან" რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის, საინფრმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ნოდარ მელაძის გადასვლას დაემთხვა. შეგახსენებთ, ნოდარ მელაძე არხის პროდუსერი გახდა.  ნოდარ მელაძის შემდეგ, "TV პირველზე" გადავიდნენ: ვასილ დაბრუნდაშვილი, ეკო მაღრაძე, მაკა ანდრონიკაშვილი და რუსუდან ჯაბანიშვილი.

კატეგორია: მედიაგარემო
საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლებისა თუ სხვა პოზიციებზე გადაყვანის საქმეში დარღვევები დაადგინა. ომბუდსმენი მაუწყებლის დირექტორს მიმართავს, ბათილად ცნოს ამ თანამშრომლების საქმეზე გამოცემული ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა.

„საქმისწარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების, მათ შორის, მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების საგულდაგულოდ შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პირთა დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება/გადაყვანა საქართველოს შრომის კოდექსისა და აჭარის ტელევიზიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს, 27 აპრილს გამოაქვეყნა.

ამ განცხადების თანახმად, ახალი ამბების ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის მიმართ დისციპლინური წარმოება წარიმართა ამისთვის დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო წამყვან-რეპორტიორ თეონა ბაკურიძეს ერთი და იმავე დარღვევისთვის ორჯერ შეეფარდა დისციპლინური სანქცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის შრომის სამართალში მოქმედ პრინციპებთან. ამასთან, ორივე შემთხვევაში გამოვლინდა წარმოების პროცესში დასაქმებულების არასათანადო ჩართულობისა და ინფორმირებულობის პრობლემა, რის გამოც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, სამსახურიდან გათავისუფლებამდე თუ კონკრეტული დისციპლინური სანქციის შეფარდებამდე, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეპირისპირებინათ მათ მიმართ არსებული ბრალდებებისთვის და სრულფასოვნად ესარგებლათ თავის გამართლების უფლებით. გარდა ამისა, არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის - გათავისუფლების გამოყენების საფუძვლიანობა და პროპორციულობა.

„რაც შეეხება ახალი ამბების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მაია მერკვილაძის საქმეს, მაუწყებლის საშტატო განრიგში მისი პოზიციის გაუქმების შედეგად, იგი არა არსებითად იმავე ფუნქციების მქონე ახლადშექმნილ რედაქტორის პოზიციაზე, არამედ სხვა, არატოლფას თანამდებობაზე გადაიყვანეს. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის შრომის კანონმდებლობასთან, რომლის თანახმადაც, მსგავსი სახის საშტატო ცვლილებები არ ქმნის დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების/გადაყვანის კანონიერ საფუძველს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აპრილს რეკომენდაციით მიმართა აჭარის მაუწყებლის დირექტორს, ბათილად ცნოს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის პირვანდელი პოზიციებიდან გათავისუფლების/გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა.

„აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი უფლებადარღვევის ფაქტები კიდევ უფრო ამძაფრებს აჭარის ტელევიზიის თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, რომლებიც ტელეკომპანიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ გაჩნდა“, - აცხადებს ომბუდსმენი.

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენების მონიტორინგს, მათ შორის, შეისწავლის მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციის ცალკეულ საქმეებს, რის შედეგადაც, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელებს შესაბამის რეაგირებას.

გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის გარდა, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის კიდევ არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა; დისციპლინურ წარმოება დაიწყო და ეთერიდან მოხსნა წამყვანი თეონა თურმანიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.
კატეგორია: მედიაგარემო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მთავრობის ადმინისტრაციას მოუწოდებს  გაითვალისწინოს  გამკაცრებული შეზღუდვების პირობებში მედიასაშუალებების წინაშე წარმოშობილი პრობლემები და დამატებით გასცეს სპეციალური საშვები. 

"წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ ეს არის მედიისთვის საქმიანობაში გამიზნულად ხელის შეშლა", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში, რომელიც დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნდა.

ქარტიის განცხადებაში აღწერილია, როგორ განკაცრდა ეტაპობრივად საქართველოში შეზღუდვები და ამ ფონზე, როგორ აღარ მიეცა მედიას დამატებითი საშვების მოთხოვნის შესაძლებლობა.

ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 

  • 2020 წლის 30 მარტის დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის 31 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით კომენდანტის საათი დაწესდა და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე აიკრძალა როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შეზღუდვა შეეხო მედიასაც. სპეციალური საშვების მისაღებად მედიას წერილობით უნდა მიემართა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურისთვის, 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ მეილზე.  მედიასაშუალებების უმრავლესობამ მხოლოდ იმ თანამშრომელთა მონაცემები გააგზავნა, ვისაც კომენდანტის საათის განმავლობაში უწევდა გადაადგილება.

  • 2020 წლის 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილის 21:00 საათის შემდეგ აიკრძალა ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გასვლა. მთავრობის დადგენილებაში ხაზგასმული იყო, რომ შეზღუდვა არ ეხებოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლების ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას. თუმცა მათ სჭირდებათ სპეციალური საშვი, რომელიც 31 მარტიდან აღარ გაიცემა.

  • 2020 წლის 17 აპრილის 12:00 საათიდან აიკრძალა გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. აღნიშნული შეზღუდვა შეეხო მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც, თუ მათ 30 მარტის 23:30 საათამდე ვერ მოასწრეს სპეციალური საშვების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციისთვის მიმართვა.

  • 2020 წლის 21 აპრილს დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა. შესაბამისად, მედია ორგანიზაციები პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ, რადგან მთავრობის ადმინისტრაცია ვადის გასვლის გამო უარს აცხადებს სპეციალური საშვების გაცემაზე, ისევე როგორც კონკრეტული პირების ჩანაცვლებაზე. არაერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ ხელი ეშლებათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

"ქარტია ყოველთვის მოუწოდებდა ჟურნალისტებს დაეცვათ დაწესებული შეზღუდვები, თუმცა ამ შეზღუდვების პირობებში მუშაობა შეუძლებელი ხდება. წარმოუდგენლად მიგვაჩნია მედიას ეფიქრა, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ვეღარ მიიღებდა სპეციალურ საშვებს.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ქარტია მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას

გაითვალისწინოს გამკაცრებული შეზღუდვების პირობებში მედიასაშუალებების წინაშე წარმოშობილი პრობლემები და დამატებით გასცეს სპეციალური საშვები ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიჩნევთ, რომ ეს არის მედიისთვის საქმიანობაში გამიზნულად ხელის შეშლა", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მედიაორგანიზაციების უმეტესობა ამბობს, რომ მათ არ ეძლევათ თანამშრომლებისთვის დამატებითი საშვების მიღების შესაძლებლობა და ამის გამო, ხელი ეშლებათ მუშაობაში. 

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ: 

კატეგორია: მედიაგარემო

მსუბუქი მანქანებით გადააგილების აკრძალვა 27 აპრილამდე, საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისამდე გახანგრძლივდა. პარალელურად, მედიასაშუალებებს, რომელთათვისაც სამუშაო პროცესის ორგანიზებისთვის ავტომობილებით გადაადგილება აუცილებელია, დამატებით საშვების გაცემაზე უარს ეუბნებიან. მედიაორგანიზაციებში ამბობენ, რომ მათ მუშაობაში ხელი ეშლებათ და საშვებს ითხოვენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 21:00-დან 06:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვა ეხება მედიასაც, 31 მარტიდან კომენდანტის საათის მოქმედების დროს, გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს შეუძლიათ.

ე.წ. კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ საქართველოს მთავრობამ 30 მარტს გაავრცელა განცხადება. სპეციალური საშვის მისაღებად მედიას სულ რამდენიმე საათი ჰქონდა. მედიასაშუალების წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურსისთვის ოფიციალური წერილით 30 მარტის 23:30 საათამდე უნდა მიემართათ და თითოეული თანამშრომლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი უნდა გაეგზავნათ. როგორც მედიაორგნიზაციებში ამბობენ, თავდაპირველად მათ უთხრეს, რომ საშვები ლიმიტირებული იყო და მხოლოდ გარკვეული რაოდენობის თანამშრომელბზე გაიცემოდა, ამიტომ, მედიაორგანიზაციების უმეტესობამ საშვები იმ პირებისთვის მოითხოვა, ვისაც მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ღამის საათებში უწევდა მუშობა და მოძრაობა.

“მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ მათთვის თავიდანვე გარკვეული ლიმიტი იყო დაწესებული და თანამშრომლების სრული სიის გაგზავნა ვერ შეძლეს:

“თავიდან გვითხრეს რომ არის ლიმიტირებული რაოდენობა, ჯერ იყო 100, მერე 150, რაღაც კრიტერიუმებით დააწესეს ეს ლიმიტები და ამ შეზღუდული რაოდენობით მოვიპოვეთ ე.წ. ღამის საშვები”, - ამბობს თამთა მურადაშვილი.

ეს ლიმიტი გაცილებიც მცირე აღმოჩნდა “რადიო თავისუფლებისთვის”, დაახლოებით 10 თანამშრომელი. მედიასაშუალებების ნაწილმა კი თავად გაგზავნა “მოკრძალებული” სია, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მთავრობა საკარანტინო შეზღუდვებს კიდევ უფრო გაამკაცრებდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან ჩაიკეტა თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, 17-დან 22 აპრილამდე კი საავტომობილო გადაადგილება მთელი საქართველოს მასშტაბით სრულად აიკრძალა. დღეს, 21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ეს შეზღუდვა 27 აპრილამდე გაგრძელდა, საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების პირობებში, მედიის ნაწილს საქმიანობაში სერიოზულად ეშლება ხელი, მეტიც, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ, ფაქტობრივად, ვერ ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას.

თავდაპირველად, თუ მედიის მხოლოდ იმ თანამშრომლებს ესაჭიროებოდათ სპეციალური საშვი, რომლებიც ღამის საათებში(21:00-დან 06:00 საათამდე) ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების და დამატებითი აკრძალვების გამო, სპეციალური საშვი მედიის თითქმის ყველა თანამშრომლისთვის გახდა საჭირო.

თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად მხოლოდ იმ ადამიანებისთვის გაკეთდა ე.წ. ღამის საშვები, რომლებიც ღამის ეთერში მუშაობდნენ. მისი თქმით, მაუწყებლობა საფრთხეშია და მათთვის, დამატებითი საშვების არქონის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გახანგრძლივება მაუწყებლის პარალიზებას ნიშნავს:

“ახლა უკვე, როცა შეზღუდვამ კიდევ გადაიწია ერთი კვირით, ეს ნიშნავს რომ დღის მაუწყებლობა საფრთხეშია. 24 საათი ვმაუწყებლობთ, ღამის საშვები ლიმიტირებულია, და საეთერო დროის უმეტესი დრო, დღის გადაცემებს ეთმობა და თანამშრომლები რომლებიც დღე მუშაობენ, ვეღარ მოვლენ სამსახურში. მძღოლების რაოდენობა რომლებიც იყო ბაზაში, განკუთვნილი იყო ღამის საათებში მოძრაობისთვის, ისინი ძლივს უმკლავდებოდნენ თანამშრომლების სახლებიდან სამსახურებში მოყვანას, იმიტომ, რომ გადამღები ჯგუფებიც უნდა ეტარებინათ. ახლა კიდევ ერთი კვირით გაგრძელება ნიშნავს, რომ პარალიზებული ვიქნებით, ფიზიკურად ვერ გავუმკლავდებით.”

ნინო ჯაფიაშვილი ამბობს, რომ აქამდე “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები, ძირითადად, ტაქსით და პირადი ავტომობილებით მოძრაობდნენ, მსუბუქი ავტომობილების აკრძალვის შემდეგ კი, ფაქტობრივად, ვეღარ გადაადგლდებიან. მისივე თქმით, ავტომობილებზე დამატებითი საშვების დაშვებაზე უარი 2-ჯერ მიიღეს:

“როდესაც მანქანებისთვის ვიღებდით საშვებს, მაშინ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იყო დაწესებული. იმ მომენტისთვის ჩვენ გჭირდებოდა რამდენიმე მანქანა, რომელსაც მოძრაობის უფლება ექნებოდა მხოლოდ კომენდანტის საათის პერიოდში - საღამოს 9-დან დილის 6-მდე, დღის სხვა მონაკვეთში ჩვენ ვსარგებლობდით პირადი მანქნებით ან ტაქსით. ახლა, თბილისშიც და რეგიონებშიც ჩვენი კორესპონდენტების უმრავლესობას შეზღუდული აქვს გადადგილების შესაძლებლობა და შესაბამისად ჟურნალისტური საქმიანობაც".

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი ეშლება რეგიონულ მედიასაც. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელის, ნათია კუპრაშვილის თქმით, ყველა რეგიონულ ტელევიზიას პრობლემა შეექმნა, შეზღუდული დროისა და გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, ვერ მოახერხეს თანაშრომლების სრული სიის გაგზავნა, საშვების დამატებით დაშვებაზე კი მუდმივად უარს იღებენ:

“ძალიან შეზღუდული დრო იყო და ამ დროში ტეელვიზიებმა გააკეთეს და გაგზავნეს “მოკრძალებული” სიები. რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მანქანების შეზღუდვას დააწესებდნენ. ბევრმა ასე შორს ვერ გათვალა და გააგზავნა შეზღუდული სიები… მუდმივად ხაზზე ვიყავი კანცელარიასთან რეგიონული მედიების სახელით, მუდმივად ვთხოვდი, რომ აი, აქ ძალიან გვიჭირს, შეიძლება ამის გამო გადაცემა ჩავარდეს და ა.შ., მაგრამ, საშვები არ დაგვიმატეს, ზოგადად, ხისტი უარი მივიღეთ ყველაზე.”

საშვების დაშვებაზე პრობლემა აქვთ მარნეულის ტელევიზიის თანამშრომლებსაც. ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ ადგილობრივ მედიას მუშაობაში ხელი არ შეეშლებოდა, მარნეულის ტელევიზიის ტოქშოუს წამყვანს, რომელიც რუსთავში ცხოვრობს, ამ დრომდე არ აქვს საშვი, რომ სამსახურში მისვლა შეძლოს.

“იმის გამო, რომ წამყვანები დარჩნენ ჩაკეტილი რეგიონის მიღმა, მარნეულის ტელევიზიას მოუწია სამოქალაქო აქტივისტთან შეთანხმება. ეთერში დავსვით, ფაქტობრივად, ყოველგვარი შემზადების გარეშე და საინფორმაციო და ტოქშოუები მას მიჰყავს. ამ დრომდე ვერ მივიღეთ იმის უფლება, რომ წამყვანებმა შეძლონ მარნეულში შესვლა და გამოსვლა. მაგალითად, ისე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები შედიან. თავდაპირველად, განცხადებაში ითქვა, რომ ადგილობრივ მედიას და საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეეშლებოდა ხელი, მაგრამ ადგილობრივ მედიას შეეშალა, ფაქტია", - ამბობს ნათია კუპრაშვილი. 

განიხილება თუ არა საშვთა სისტემის გადახედვა და მედიის წარმომადგენლებისთვის დამატებითი საშვების გაცემა ? ვის და რა შემთხვევაში შეუძლია მიიღოს საშვი - ამ კითხვებზე პასუხს "მედიაჩეკერი" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილობით ელოდება. როგორც კი ჩვენს გაგზავნილ კითხვებზე პასუხს მივიღებთ, მასალა განახლდება. 

მასალას აგრეთვე დაემატება იმ მედიების ჩამონათვალი და გამოცდილება, რომელთაც ასევე ეშლებათ ხელი მუშაობაში საშვების არქონის გამო. 

კატეგორია: მედიაგარემო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნეს. ჟურნალისტის განმარტებით, დირექტორმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილი სტატუსების გამო მიიღო. ამ სტატუსებში ჟურნალისტი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს.

„მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს. ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება. ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ. მერე ვნახოთ”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.



დირექტორის ბრძანება, დისციპლინური სანქციის გამოყენებისა და დროებით ეთერიდან მოხსნის შესახებ, თეონა თურმანიძემ დღეს, 21 აპრილს, საღამოს მიიღო. ბრძანებაში თეონა თურმანიძის რამდენიმე სტატუსის შესახებ არის საუბარი. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა 10 და 11 აპრილს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა “მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ მიმართული სტატუსები”, რომლებშიც “ირონიული ტონით მოიხსენია მაუწყებელი, მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სხვა თანამშრომელი. შელახა მაუწყებლის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია, მოახდინა დამსაქმებლისა და სხვა თანამშრომლის დისკრედიტაცია”.

თეონა თურმანიძის 10 და 11 აპრილის სტატუსები მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის, ვახტან ხუზმიაშვილისა და ვებპლატფორმის ხელმძღვანელის ნინო ხაჟომიას დანიშვნას ეხებოდა. ასევე ნინო ხაჟომიას თემას ეხება ჟურნალისტის კიდევ ერთი, 14 აპრილის სტატუსი, რომელზეც მას დირექტორი ახსნა-განმარტებას სთხოვს:

"ქალბატონო თეონა, სოციალური ქსელის (facebook) საკუთარ ანგარიშზე 2020 წლის 14 აპრილს საჯაროდ გამოაქვეყნეთ მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადება/სტატუსი, რითაც ზიანი მიადგა მაუწყებლის იმიჯსა და საქმიან რეპუტაციას, მიუთითეთ მაუწყებლის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე და საზოგადოებას მოუწოდეთ, მოითხოვონ მაუწყუებლის გაუქმება. აღსანიშნავია ასევე, რომ მაუწყებლის იმიჯის, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი დისკრედიტაციისკენ მიმართული სხვა საჯარო განცხადებები/სტატუსები ადრეც არაერთხელ გამოქვეყნებულა თქვენს პირად ანგარიშზე სოციალურ ქსელში", - აღნიშნულია წერილში.

14 აპრილის სტატუსში ჟურნალისტი წერს, რომ აქამდე მაუწყებლის ვებპლატფორმიდან ხშრად აზიარებდა ახალ ამბებს, ახლა კი ასე აღარ მოიქცევა და ამის მიზეზი სოფო ჟღენტის უფროსად ნინო ხაჟომიას დანიშვნაა.

“მედიაჩეკერთან” საუბარში თეონა თურმანიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დირექტორის საკადრო პოლიტიკის გაგრძელებაა და მიზანი მაუწყებლისთვის კრიტიკულად განწყობილი კადრების ჩამოშორებაა. თურმანიძე ერთ-ერთია იმ უკვე ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებს შორის, რომლებიც მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ინტერნეტში/სოციალურ ქსელში ქცევის წესები, რომელიც სხვათაშორის, 2020 წლის 8 აპრილით თარიღდება, მაუწყებლის ვებგვერდზე გუშინ 20 აპრილს გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტი ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენიათ.

თეონა თურმანიძე ამბობს, რომ მის საქმეზე მოკვლევა ორ დღეში უნდა დასრულდეს: “დაველოდები მოკვლევის დასრულებას და ჩემს გათავისუფლებას გადაწყვეტენ, სასამართლოს მივმართავ”.



თეონა თურმანიძე არ არის პირველი, ვის წინააღმდეგაც მენეჯმენტი დისციპლინურ წარმოებას იწყებს. მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ცდილობს მაუწყებელს ჩამოაშოროს ყველა ის კადრი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი. 

გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე,  სამსახურადან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი; მის გათავისუფლებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა;

ასევე, სამსახურიდან 
გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ. ამ ბოლოს კი დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა.
კატეგორია: რესურსები
რატომ იზრდება, კიდევ უფრო მეტად, პანდემიის დროს, გადამოწმებული ინფორმაციის, სწორად დასმული კითხვებისა და აქცენტების და მაღალკვალიფიციურად შერჩეული რესპონდენტების როლი, რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემების დაცვა, როგორ შეუძლია მედიას აიცილოს რასისტული ნარატივი და ადამიანების სტიგმატიზება - „მედიაჩეკერი“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრს, მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

- ყველა ვთანხმდებით, რომ პანდემიის დროს მედიაზე მოთხოვნა გაზრდილია და გაიზარდა კეთილსინდისიერი და ხარისხიანი ჟურნალისტიკის საჭიროებაც. რატომ არის ახლა მედიის როლი განსაკუთრებული?

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ასპექტია რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა ზოგადად და კონკრეტულად, საქართველოში.

ერთი მხრივ, ადამიანებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რა არის ეს ვირუსი, რამ გამოიწვია, როგორ ხდება მისი მუტაცია, გავრცელება; მეორე მხრივ, როგორ შეიძლება რომ ჩვენ ჰიპერბოლური წარმოდგენები კი არ შევიქმნათ მასზე, არამედ რეალურად წარმოვიდგინოთ როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ; და მესამე, როგორ შეიძლება მოიქცეს ასეთ დროს მოქალაქე. აქ ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანობაში იმაზე, რამდენად ინფორმირებულია მოქალაქე, როდესაც ასეთ სერიოზულ პრობლემაზეა საუბარი. ეს არის ჩემი აზრით ახლა მედიის ერთ-ერთი მთავარი დილემა - ინფორმირება, ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაციით.

საჭიროა ბევრი წყაროს მოძიება, დოკუმენტის გაცნობა, მაღალკვალიფიციური ადამიანების: მეცნიერების, ექიმების, მკვლევრების პოზიციების მოსმენა. თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ვეძებოთ მაღალრეიტინგულ და გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში, ან თუნდაც პოპულარულ მედიაში, ოღონდ სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე მედიაში.


რასისტული ნარატივი და  დისკრიმინაციის საფრთხეები

კორონავირუსის პანდემიას, დასაწყისში, თან ახლდა  რასისტული ნარატივი მედიაში. ამ თემაზე მოუსმინეთ ზვიად ქორიძეს



- სანდო წყაროების შერჩევის მნიშვნელობას უსვამთ ხაზს?

რა თქმა უნდა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც კი ჩვენ დავიწყებთ მარჩიელობას, როგორც კი ვიფიქრებთ, რომ ნახე, როგორი საინტერესო წყარო, საინტერესო რესპონდენტი ვიპოვე და ყურადღებას არ მივაქცევთ ამ წყაროს კვალიფიციურობას, ეს უკვე იქნება პრობლემა.

დღეს საკმაოდ დიდი ნაკადია ინფორმაციის, ადამიანებს ძალიან უჭირთ ტყუილ-მართალის გარჩევა, მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება. ამიტომ, ამ ადამიანებს ჩვენ უნდა მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. როგორც კი ვიწყებთ გარკვეული ვარაუდების გავრცელებას, ვარაუდებში ვგულისხმობ იმას, რომ ჰიპოთეტურ კითხვას დავსვამთ, რომელზეც ვერც რესპონდენტს ვპოულობთ, ვერც წყაროს და ასეთი ტიპის ინფორმაციას ვავრცელებთ, ამით ჩვენ ვიწვევთ ადამიანების სრულ დეზორიენტაციას.

დღეს რომ ქუჩაში გავიდეთ, 100 ადამიანი გავაჩეროთ და პრევენციის საშუალებებზე გამოვკითხოთ, უამრავ ვერსიას მოვისმენთ, ზოგი გვეტყვის, რომ ნიღაბია საჭირო, ზოგი ამას უარყოფს, ზოგს ნიორი გაახსენდება... საიდან იღებენ ეს ადამიანები ინფორმაციას? ის, რომ ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა, სრულებით არ არის საკმარისი დასკვნების გამოსატანად. ამ ინფორმაციის ანალიზი უნდა შევძლოთ მოქალაქეებმა და თუ მედია არ დაგვეხმარება ზუსტი ინფორმაციით, ჩვენ ეს გაგვიჭირდება.



იდენტიფიცირება/პერსონალური მონაცემების დაცვა 

ახალი კორონავირუსული ინფექციის მასშტაბების ზრდის პარალელურად, პროფესიულ წრეებში მსჯელობენ, უნდა გაასაჯაროოს თუ არა მედიამ ინფიცირებული ადამიანის ვინაობა, როდის არის ეს გამართლებული, სად გადის ზღვარი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესსა და პერსონალურ ინფორმაციას შორის - მოუსმინეთ ზვიად ქორიძეს


მთელი საუბრის განმავლობაში თქვენ ხაზს უსვამთ ზუსტი ინფორმაციის მნიშვნელობას, რაც ცხადია, ზოგადადაც მნიშვნელოვანია, უბრალოდ ახლა გაასმაგებულად რადგან საქმე ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება?

არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, ეს ეხება ექსტრემალურ ვითარებას, როდესაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას როგორ იმოქმედონ. ჩვენ პოსტმოდერნული ადამიანები ვართ, სხვა განზომილებაში ვცხოვრობთ, თანამედროვე ადამიანის მართვა რთულია, ის ახერხებს თავად მართვას, თავად ორგანიზებას, ახერხებს სწორად დაალაგოს მიღებული ინფორმაცია და ისე მოიქცეს, როგორც არის საჭირო ამ კონკრეტულ ვითარებაში. სამწუხაროდ, დღეს არ არის თვითორგანიზების მაღალი მაჩვენებელი, ვერ შეთანხმდა საზოგადოება, რომ პანდემიურ სურათს უნდა დაუპირისპირდეს, ოღონდ არა იმ რეგულაციით, რომელსაც დეკრეტში ჩაწერს პრეზიდენტი, არამედ, იმ თვითრეგულაციით, რომლითაც საჭიროა რომ მე დავიცვა ჩემი უსაფრთხოება, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი სიცოცხლის უფლება და ასევე, შენი უსაფრთხოება და შენი სიცოცხლის უფლება. თუ მე ვარ ინფორმირებული, მაშინ ამის არც გაცნობიერება მიჭირს და არც შესრულება.

მაგრამ, ამაში მედია უნდა დამეხმაროს ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაციით. განსაკუთრებულად მაშინ, როცა ვხედავ, რომ ის ვისაც ევალება მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა, ამას ვერ ახერხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ დარჩება კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს ქუჩაში სამნი ვივლით თუ ორნი, მანქანაში წინ დავსხდებით თუ უკან. და მერე ეს დისკუსია კარიკატურული გახდება, და როცა საკითხი კარიკატურული ხდება, მისი დაბრუნება საინფორმაციო ველში უკვე შეუძლებელია.

საქართველო ახლა არის ე.წ. დაპაუზებულ მდგომარეობაში, ასეთ მდგომარეობაში არის ბევრი ქვეყანა, სწორედ ის ქვეყნები, სადაც ვერ მოხერხდა საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირება და შესაბამისად საზოგადოებამ ვერ იმოქმედა. ჩვენ მოქალაქეებს ვთხოვთ, მოიქეცი ასე, მაგრამ ახსნის გარეშე ვერ მოიქცევა, რადგან ხიშტის და მათრახის მექანიზმით პანდემიას ვერ დაამარცხებ, პანდემიას ამარცხებ მხოლოდ და მხოლოდ შეგნებით და ეს შეგნება დგას ინფორმირებაზე.



ვრცლად იმ ეთიკური დილემების შესახებ, რაც ახალი კორონავისული პანდემიის გაშუქებისას გაჩნდა, წაიკითხეთ სახელმძღვანელოში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და IREX M-TAG პროგრამის ფარგლებში მომზადდა

კატეგორია: რჩევები ჟურნალისტებს
რატომ იზრდება, კიდევ უფრო მეტად, პანდემიის დროს, გადამოწმებული ინფორმაციის, სწორად დასმული კითხვებისა და აქცენტების და მაღალკვალიფიციურად შერჩეული რესპონდენტების როლი, რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემების დაცვა, როგორ შეუძლია მედიას აიცილოს რასისტული ნარატივი და ადამიანების სტიგმატიზება - „მედიაჩეკერი“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრს, მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

- ყველა ვთანხმდებით, რომ პანდემიის დროს მედიაზე მოთხოვნა გაზრდილია და გაიზარდა კეთილსინდისიერი და ხარისხიანი ჟურნალისტიკის საჭიროებაც. რატომ არის ახლა მედიის როლი განსაკუთრებული?

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ასპექტია რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა ზოგადად და კონკრეტულად, საქართველოში.

ერთი მხრივ, ადამიანებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რა არის ეს ვირუსი, რამ გამოიწვია, როგორ ხდება მისი მუტაცია, გავრცელება; მეორე მხრივ, როგორ შეიძლება რომ ჩვენ ჰიპერბოლური წარმოდგენები კი არ შევიქმნათ მასზე, არამედ რეალურად წარმოვიდგინოთ როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ; და მესამე, როგორ შეიძლება მოიქცეს ასეთ დროს მოქალაქე. აქ ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანობაში იმაზე, რამდენად ინფორმირებულია მოქალაქე, როდესაც ასეთ სერიოზულ პრობლემაზეა საუბარი. ეს არის ჩემი აზრით ახლა მედიის ერთ-ერთი მთავარი დილემა - ინფორმირება, ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაციით.

საჭიროა ბევრი წყაროს მოძიება, დოკუმენტის გაცნობა, მაღალკვალიფიციური ადამიანების: მეცნიერების, ექიმების, მკვლევრების პოზიციების მოსმენა. თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ვეძებოთ მაღალრეიტინგულ და გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში, ან თუნდაც პოპულარულ მედიაში, ოღონდ სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე მედიაში.


რასისტული ნარატივი და  დისკრიმინაციის საფრთხეები

კორონავირუსის პანდემიას, დასაწყისში, თან ახლდა  რასისტული ნარატივი მედიაში. ამ თემაზე მოუსმინეთ ზვიად ქორიძეს



- სანდო წყაროების შერჩევის მნიშვნელობას უსვამთ ხაზს?

რა თქმა უნდა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც კი ჩვენ დავიწყებთ მარჩიელობას, როგორც კი ვიფიქრებთ, რომ ნახე, როგორი საინტერესო წყარო, საინტერესო რესპონდენტი ვიპოვე და ყურადღებას არ მივაქცევთ ამ წყაროს კვალიფიციურობას, ეს უკვე იქნება პრობლემა.

დღეს საკმაოდ დიდი ნაკადია ინფორმაციის, ადამიანებს ძალიან უჭირთ ტყუილ-მართალის გარჩევა, მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება. ამიტომ, ამ ადამიანებს ჩვენ უნდა მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. როგორც კი ვიწყებთ გარკვეული ვარაუდების გავრცელებას, ვარაუდებში ვგულისხმობ იმას, რომ ჰიპოთეტურ კითხვას დავსვამთ, რომელზეც ვერც რესპონდენტს ვპოულობთ, ვერც წყაროს და ასეთი ტიპის ინფორმაციას ვავრცელებთ, ამით ჩვენ ვიწვევთ ადამიანების სრულ დეზორიენტაციას.

დღეს რომ ქუჩაში გავიდეთ, 100 ადამიანი გავაჩეროთ და პრევენციის საშუალებებზე გამოვკითხოთ, უამრავ ვერსიას მოვისმენთ, ზოგი გვეტყვის, რომ ნიღაბია საჭირო, ზოგი ამას უარყოფს, ზოგს ნიორი გაახსენდება... საიდან იღებენ ეს ადამიანები ინფორმაციას? ის, რომ ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა, სრულებით არ არის საკმარისი დასკვნების გამოსატანად. ამ ინფორმაციის ანალიზი უნდა შევძლოთ მოქალაქეებმა და თუ მედია არ დაგვეხმარება ზუსტი ინფორმაციით, ჩვენ ეს გაგვიჭირდება.



იდენტიფიცირება/პერსონალური მონაცემების დაცვა 

ახალი კორონავირუსული ინფექციის მასშტაბების ზრდის პარალელურად, პროფესიულ წრეებში მსჯელობენ, უნდა გაასაჯაროოს თუ არა მედიამ ინფიცირებული ადამიანის ვინაობა, როდის არის ეს გამართლებული, სად გადის ზღვარი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესსა და პერსონალურ ინფორმაციას შორის - მოუსმინეთ ზვიად ქორიძეს


მთელი საუბრის განმავლობაში თქვენ ხაზს უსვამთ ზუსტი ინფორმაციის მნიშვნელობას, რაც ცხადია, ზოგადადაც მნიშვნელოვანია, უბრალოდ ახლა გაასმაგებულად რადგან საქმე ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება?

არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, ეს ეხება ექსტრემალურ ვითარებას, როდესაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას როგორ იმოქმედონ. ჩვენ პოსტმოდერნული ადამიანები ვართ, სხვა განზომილებაში ვცხოვრობთ, თანამედროვე ადამიანის მართვა რთულია, ის ახერხებს თავად მართვას, თავად ორგანიზებას, ახერხებს სწორად დაალაგოს მიღებული ინფორმაცია და ისე მოიქცეს, როგორც არის საჭირო ამ კონკრეტულ ვითარებაში. სამწუხაროდ, დღეს არ არის თვითორგანიზების მაღალი მაჩვენებელი, ვერ შეთანხმდა საზოგადოება, რომ პანდემიურ სურათს უნდა დაუპირისპირდეს, ოღონდ არა იმ რეგულაციით, რომელსაც დეკრეტში ჩაწერს პრეზიდენტი, არამედ, იმ თვითრეგულაციით, რომლითაც საჭიროა რომ მე დავიცვა ჩემი უსაფრთხოება, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი სიცოცხლის უფლება და ასევე, შენი უსაფრთხოება და შენი სიცოცხლის უფლება. თუ მე ვარ ინფორმირებული, მაშინ ამის არც გაცნობიერება მიჭირს და არც შესრულება.

მაგრამ, ამაში მედია უნდა დამეხმაროს ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაციით. განსაკუთრებულად მაშინ, როცა ვხედავ, რომ ის ვისაც ევალება მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა, ამას ვერ ახერხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ დარჩება კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს ქუჩაში სამნი ვივლით თუ ორნი, მანქანაში წინ დავსხდებით თუ უკან. და მერე ეს დისკუსია კარიკატურული გახდება, და როცა საკითხი კარიკატურული ხდება, მისი დაბრუნება საინფორმაციო ველში უკვე შეუძლებელია.

საქართველო ახლა არის ე.წ. დაპაუზებულ მდგომარეობაში, ასეთ მდგომარეობაში არის ბევრი ქვეყანა, სწორედ ის ქვეყნები, სადაც ვერ მოხერხდა საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირება და შესაბამისად საზოგადოებამ ვერ იმოქმედა. ჩვენ მოქალაქეებს ვთხოვთ, მოიქეცი ასე, მაგრამ ახსნის გარეშე ვერ მოიქცევა, რადგან ხიშტის და მათრახის მექანიზმით პანდემიას ვერ დაამარცხებ, პანდემიას ამარცხებ მხოლოდ და მხოლოდ შეგნებით და ეს შეგნება დგას ინფორმირებაზე.



ვრცლად იმ ეთიკური დილემების შესახებ, რაც ახალი კორონავისული პანდემიის გაშუქებისას გაჩნდა, წაიკითხეთ სახელმძღვანელოში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და IREX M-TAG პროგრამის ფარგლებში მომზადდა

კატეგორია: მედიაგარემო
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებით, მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებების გამო, რომელშიც პოლიტიკური მოტივი იკითხება, მაუწყებლის სატელევიზიო ბადე მნიშვნელოვნად გაღარიბდა. ეს ფაქტი კი მაუწყებლის ზოგადი იდეის მიმართ სკეპტიციზმსა და გულგრილობას აღვივებს. პროფკავშირი შეჩერებული გადაცემების აღდგენას ითხოვს და პირობას დებს, რომ აღდგენილ გადაცემებს საგაფიცვო მიზნებისთვის არ გამოიყენებს. 

ვრცელი განცხადება, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, პროფკავშირების სახელით ცოტა ხნის წინ [3 აპრილი, 00:30სთ] გავრცელდა.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 23 მარტიდან, აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე, ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების საფუძველზე რადიკალურად შეიცვალა. გადაცემათა სრული უმრავლესობა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მოტივად კი მენეჯმენტმა კორონავირუსის პანდემია და შესაბამისად - დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა დაასახელა.  მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, ისინი მზად იყვნენ დისტანციური რეჟიმით ემუშავათ. შეჩერებულ გადაცემათა დიდ ნაწილს ფორმატის მოდიფიცირება შეეძლო, თუმცა, მათ ამის ნება არ დართეს. 

ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირის სახელით მენეჯმენტს ჩაბარდა საგაფიცვო დოკუმენტი, რომლის უმთავრეს მოთხოვნებს სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო მექანიზმების შემუშავება, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და იმ მოცემულობის აღდგენა იყო, რომელიც საშტატო ნუსხაში ცვლილების დამტკიცებამდე მოქმედებდა [მაია მერკვილაძე უნდა დაბრუნებოდა მთავარი გამოშვების რედაქტორის/სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო შორენა ღლონტი - ახალი ამბების სამსახურის უფროსის პოზიციას].

საგაფიცვო დოკუმენტის შემუშავება-ჩაბარება მენეჯმენტთან კოლექტიური დავის დაწყებას ნიშნავდა. ამ დოკუმენტის ჩაბარებიდან 21 დღის შემდეგ, ანუ 23 მარტს თანამშრომლებს უკვე შეეძლოთ გაფიცვის დაწყება, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, დასაქმებულებმა ეს უფლება არ გამოიყენეს და მედიაციას დაელოდნენ. მედიაცია კი დირექტორის გადაწყვეტილებით, არ შედგა.

„მედიაციის პროცესი თავის მხრივ ნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მხარეთა შორის კონსენსუსის მისაღწევად მედიატორის დანიშვნას. მას შემდეგ რაც მედიატორთან ინდივიდუალური დისტანციური კომუნიკაცია შედგა და დაიწყო ერთობლივი შეხვედრის სამზადისი, მაუწყებლის დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობაზე. მისი მხრიდან, უარის მოტივად საგაფიცვო მოთხოვნების არარელევანტურობა დასახელდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროფკავშირების წევრები ამბობენ, რომ დირექტორის მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და აცდენილია მაუწყებლის ინტერესების დაცვას.

„დირექტორს საგაფიცვო დოკუმენტი 2 მარტს ჩაბარდა და მას საკმაო დრო ჰქონდა მის გასაცნობად, თუმცა, მან მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა მედიაციაზე უარის თქმა [და დოკუმენტის არარელევანტურად ცნობა], როდესაც ეთერიდან გადაცემების მოხსნის თარიღი მოახლოვდა და შესაბამისად, ნათელი გახდა რომ დასაქმებულებს აღარ ექნებოდათ ხელთ გაფიცვის მთავარი ბერკეტი - სატელევიზიო ეთერი. მედიაციაზე უარის თქმა პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ დირექტორი არ ცნობს ადეკვატურად დასაქმებულთა საჭიროებებს, მისთვის არ არის მნიშვნელოვანი მაუწყებლის თანამშრომლების სათქმელი და ის ბოროტად იყენებს მინიჭებულ ძალაუფლებას/არსებულ ვითარებას ალტერნატიული პროფესიული კავშირის წინააღმდეგ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე უკიდურესად გაღარიბდა. ის საზოგადოებას ვეღარ აწვდის საჭირო ინფორმაციას, აღარ აშუქებს მათ პრობლემებს, აღარ ჩანან სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები ან ჯგუფები, რომლებსაც დამატებითი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით უმძიმთ კრიზის გადატანა.

„ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში, როგორშიც ქვეყანა ახლა იმყოფება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამგვარად ორგანიზებული საეთერო ბადე, აღვივებს მაუწყებლის ზოგადი იდეის მიმართ სკეპტიციზმსა და გულგრილობას. ზუსტად ახლა არსებობს იმის ისტორიული შანსი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეალურად აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები, მთელი თავისი ძალისხმევა და სახალხო ფინანსები მიმართოს ხალხისვე საკეთილდღეოდ, ხოლო სკეპტიკურად განწყობილი ჯგუფები არათუ განამტკიცოს საკუთარ დამოკიდებულებებში, არამედ - დაარწმუნოს საწინაღმდეგოში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროფკავშირები მიმართავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს,

- ა) უზრუნველყონ საეთერო ბადეში იმ შეჩერებული გადაცემების აღდგენა [მოდიფიცირებული ფორმატით], რომლებსაც შეუძლიათ ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოებრივ საჭიროებებს

- ბ) მისცენ დასაქმებულებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა [უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის ფონზე].

„ამ ეტაპისთვის, მაუწყებლის ჟურნალისტების დიდ ნაწილს, მკაცრად აქვს შეზღუდული მაუწყებლის რესურსებთან [შენობა, ტექნიკური ბაზა და სხვა] წვდომა და შესაბამისად, ფიზიკურად ვერ ახორციელებს დაკისრებულ ვალდებულებას.

ისე, როგორც არასდროს - საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ზრუნავდეს ერთი მხრივ - მოქალაქეთა ინფორმირებაზე, ხოლო მეორე მხრივ - მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიცირებასა და გამოსავლის გზების ძიებაზე. კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ იმ შემთხვევაში თუ შეჩერებული გადაცემები დაუბრუნდება სატელევიზიო ეთერს საგანგებო ვითარების ფონზე, ისინი არ იქნება გამოყენებული საგაფიცვო მიზნებისთვის“, - აცხადებენ განცხადების ხელმომწერები.
კატეგორია: მედიაგარემო
„ფაქტობრივი“ საყოველთაო კარანტინის გამო, რომელიც ქვეყანაში 31 მარტიდან ამოქმედდა, რეგიონულ ბეჭდურ მედიას გაზეთის გავრცელების პრობლემა შეექმნა. მიმდინარე კვირას ადგილობრივმა გამოცემებმა მუნიციპალიტეტებში გაზეთები საკუთარი ავტომობილებით დაარიგეს. მედიამფლობელები ამბობენ, რომ ეს მათთვის გაზრდილი ფინანსური ხარჯია და ამ გამოწვევას დიდხანს ვერ გაუმკლავდებიან.

სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის გამო, ხარაგაულის ადგილობრივი გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ მისმა მფლობელმა ლაურა გოგოლაძემ, დღეს, 2 აპრილს, ქუთაისიდან, სტამბიდან, ხარაგაულში შვილის ავტომობილით ჩაიტანა.

alt„აი ახლა, თქვენ რომ მირეკავთ, სახლში ზუსტად გაზეთებს ვკეცავთ და ხელმომწერების ვინაობებს ვაწერთ“, - მეუბნება სატელეფონო საუბარში ლაურა გოგოლაძე და ამატებს, რომ ამ კვირაში გაუმართლა რადგან მისი შვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, დროებით მშობლების ოჯახშია ჩასული.

ახლა წინ მეორე გამოწევევაა, ეს გაზეთები ხარაგაულის სოფლებში უნდა გააგზავნოს.

„დისტრიბუტორებს მანქანები არ ჰყავთ, მიკროავტობუსებს ვატანდით სოფლებში და იქ სადგურებზე ხვდებოდნენ. სანამ გაზეთების გაგზავნას გადავწყვეტდი, ყველას დავურეკე, რა გზით შეიძლებოდა მიმეწოდებინა, შეძლებდნენ თუ არა დახვედრას. გამომწერებსაც ვესაუბრე, თუ მოგვეხმარებოდნენ, რომ როგორმე ეს გაზეთები წაეღოთ“, - ამბობს ლაურა და ამატებს, რომ სოფლებამდე გაზეთებს ალბათ ისევ შვილის მანქანით მიიტანს, მერე კი ხელმომწერების და ადგილობრივი გამავრცელებლების იმედი აქვს: „ხვალ მომიწევს ოჯახის ტრანსპორტით მიწოდება დისტრიბუტორებამდე, ერთ სოფელში რომ მივალ, მეორე, ახლომდებარე სოფლის დისტრიბუტორი მოვა და წაიღებს“.


გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ხარაგაულის რაიონში 1998 წლიდან გამოიცემა. 2011 წლიდანგაზეთის ბაზაზე  იგივე სახელწოდების ონლაინ გამოცემა  დაფუძნდა (chemikharagauli.com). გაზეთი მეტწილად ადგილობრივ ამბებს აშუქებს.


„ჩემი ხარაგაულის“ მსგავსად დაბეჭდილი გაზეთის გურიამდე ჩატანა პრობლემაა „გურია ნიუსისთვისაც“, რომელიც კვირაში ორჯერ გამოდის და მთელს გურიის რეგიონში ვრცელდება. „გურია ნიუსი“ თბილისში იბეჭდება და აქამდე ისიც მატარებლით იგზავნებოდა.

გაზეთის გამომცემელი ია მამალაძე ამბობს, რომ მიწოდების პრობლემა მოაგვარეს: „ელვა მარკეტთან (პრესის გავრცელების ჯიხურებს ქსელი. რედ.) შევთანხმდით, რომ ჩამოგვიტანს. მაგრამ, ისიც ვერ მიდის სამტრედიის იქით, ამიტომ, ჩვენი მანქანით დავხვდებით სამტრედიაში და ჩამოვიტანთ. პარალელურად, ჩვენ გურიის სხვა რაიონებიდან უნდა შევაგროვოთ მათი სხვა გაზეთები, რაც არ გაიყიდა და ის უნდა ჩავუტანოთ, ანუ, ერთგვარი ბარტერის მსგავსი მოლაპარაკებაა. მაგრამ, ჩვენ დაუგეგმავი ხარჯი მაინც გაგვიჩნდა, ერთის მხრივ ეს ამოღებული გაზეთები უნდა შევაგროვოთ, ვინც თავად ვერ გვაწვდის და მეორე მხრივ, ჩვენი გაზეთი ჩამოვიტანოთ. რთულია“.

ამ გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯს, რომელიც მწირი ბიუჯეტის მქონე რეგიონული მედიებისთვის სერიოზული გამოწვევაა, ისიც ემატება, რომ საგანგებო მდგომარეობისა და შეჩერებული რიგი ეკონომიკური საქმიანობების გამო, მათმა შემოსავლებმა იკლო. „ჩვენ გვქონდა დამატებითი ბიზნესი, პოლიგრაფია. ვემსახურებოდით მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, რითაც ვიხდიდით მაგალითად კომუნალურ გადასახადებს და ეს შემოგვაკლდა. ამავე დროს შემცირდა განცხადებები, რეკლამები, სამძიმრები, რაც ასევე იყო ჩვენთვის შემოსავლის წყარო“, - ამბობს ია მამალაძე და ამატებს, რომ ამას, სხვა დაუგეგმავ ფინანსურ ხარჯებთან ერთად, რაც მუშაობის დისტანციურ რეჟიმს და კარანტინს მოჰყვა, დაემატა ბეჭდვის გაძვირება: „ბეჭდვა მიბმულია დოლარის კურსზე, რადგან ქაღალდი უცხოეთიდან შემოდის და ამიტომ გაძვირდა. ესეც სერიოზული პრობლემაა“.


გაზეთი „გურია ნიუსი“ 1991 წლიდან გამოიცემა კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს. გაზეთის ბაზაზე 2006 წელს დაარსდა ვებ-პორტალი gurianews.com.



შემოსავლები მოაკლდა „ჩემ ხარაგაულსაც“, რომელიც ასევე ბეჭდავდა ადგილობრივ მცირე განცხადებებს. როდემდე გაწვდება ადგილობრივი გამოცემა დაუგეგმავ ხარჯებს, რედაქციაში პროგნოზი უჭირთ. გაზეთის გამოცემის შეწყვეტას არ განიხილავენ: „იმედი მაქვს რომ დიდხანს არ გაგრძელდება, თორემ როგორ შევძლებ არ ვიცი. 22 წელი რომ გაზეთს ვუშვებ, ახლა როგორ შევწყვიტო?! მითუმეტეს, დავრწმუნდი, რომ ახლ უფრო სჭირდება ხალხს გაზეთი, სოფლებში ინტერნეტის პრობლემაა, ჩვენი მკითხველი კი ზუსტად ის რისკ ჯგუფია, რომელზეც ახლაა საუბარი“, - გვეუბნება ლაურა გოგოლაძე.

altგაზეთის დახურვას, იმავე მოტივით, რომ ახლა ბეჭდური მედიის საჭიროება უკეთ გამოჩნდა, სოფლებში ინტერნეტის პრობლემების გამო, გამორიცხავს ია მამალაძეც:

„რადგან შეზღუდულია მიმოსვლა, ამიტომ ალბათ ერთ ნომერზე გადავალთ, სულ გაჩერებას ვერ დავუშვებთ, ამაზეც ვიმსჯელეთ. ამ სიტუაციაში კარგად გამოჩნდა, რომ ინტერნეტის ხელმიუწვდომლობაა. ჩვენს სოფლამდე ჩოხატაურიდან 5 კილომეტრია და ჩვენთან არ არის ინტერნეტი და ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება უფრო ზედა ზონის სოფლებში. ზოგს ტექნიკაზე არ აქვს ხელმისაწვდომობა. ვისაც ინტერნეტი და ტექნიკა აქვს, იმან შეიძლება ფინანსურადაც ვერ გაუძლოს ინტერნეტის ხარჯებს“, - ამბობს იგი და ამატებს, - „არის ხალხის კატეგორია, და ზუსტად ის სოციალური ფენა, ასევე, 60-70 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორია, რომელსაც ზუსტად ის ინფორმაცია სჭირდება, რასაც ჩვენ ვაწვდით. მათ შორის, ადგილობრივი საჭირო უწყებების ინფორმაცია და ა.შ. ამ ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაცია და ამიტომ, ვეცდებით კვირაში ერთხელ რაღაც მოვახერხოთ“.




"ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი", როგორც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწოდებს, საქართველოში 30 მარტს, საღამოს გამოცხადდა. 31 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, საქალაქთაშორისო მოძრაობაც. საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციის Covid-19-ის გავრცელების გამო მოქმედებს.

2 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 134 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 26. კარანტინის რეჟიმშია 5550, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 ადამიანი.
კატეგორია: მედიაგარემო
პლატფორმა 'არა-ფობიას!' მედიას მოუწოდებს საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათი პლატფორმების სოციალურ გვერდებზე მედიის მომხმარებლის ქსენოფობიური შინაარსის კომენტარებზე.

პლატფორმა, რომელიც 11 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის იმ ტალღის გამო, რომელიც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა.

"მოვუწოდებთ მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას, ამასთან აქტიური როლი შეასრულონ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც დღეს, 25 მარტს გავრცელდა. 

მას შემდეგ, რაც მარნეულში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს ახალი კორონა ვირუსი - COVID 19 დაუდგინდა, საქართველოს მთავრობამ მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოაცახადა. "არა ფობიას" განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შემდგომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში, გავრცელდა სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ.

"ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, (ენობრივი ბარიერები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ნაკლებობა, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობა, ინტეგრაციის დაბალი დონე, ნაკლები პოლიტიკური ჩართულობა და სხვა), ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას. მიმდინარე მოვლენების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისება თითოეული მოქალაქის მხრიდან და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ხელშეწყობა" - ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმა მოუწოდებს:

  • მედიას, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათი პლატფორმების სოციალურ გვერდებზე მედიის მომხმარებლის ისეთ კომენტარებზე, რომლებიც ქსენოფობიური შინაარსისაა და კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად ახდენს საზოგადოების დაყოფას და ეთნიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქეთა დისკრიმინაციას;
  • პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში;
  • სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა ჯგუფებს, სოციალურ მედიაში ქსენოფობიური შინაარსის მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, გაასაჩივრონ ასეთი განცხადებები ფეისბუკის და ტვიტერის საზოგადოებრივი სტანდარტების შესაბამისად.
შეგახსენებთ, მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადებისთანავე, სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

"ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კატეგორია: ეთიკა
"ეთნიკურ აზერბაიჯანელებს არ სჯეროდათ კორონავირუსის არსებობა და რეკომენდაციებსაც არ იცავდნენ", - მსგავსი ტექსტით ჩაერთო 23 მარტს, გვიან ღამით, მარნეულის ტელევიზიის ჟურნალისტი „მაესტროს“ სპეციალურ გამოშვებაში. მან ვრცელი საუბარი, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ახალისებდა, ისე დაასრულა, რომ გამოშვების წამყვანს რეაქცია არ ჰქონია, პირიქით, ის დაეთანხმა სტუმარს და ადგილობრივების გაუფრთხილებლობას "ერთგვარი უპასუხისმგებლობა" უწოდა.

„მაესტროს“ სპეციალური გამოშვება მარნეულში 62 წლის ქალისთვის კორონავირუსის დადგენის ამბავსა და მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრებას დაეთმო. ვინაიდან ამ დაინფიცირების წყარო უცნობია, დაავადებულს კი ასობით მოქალაქესთან ჰქონდა შეხება, საქართველოს მთავრობის განმარტებით, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა და დაიკეტა. გვიან ღამით მიმდინარე სპეციალურ გამოშვებაში, წამყვანმა „მარნეული TV-ს“ ჟურნალისტი ჩართო, რომელთანაც მარნეულში ამ დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდა. წამყვანის ერთ-ერთი კითხვა ადგილობრივების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების თემას შეეხო.

გთავაზობთ ნაწყვეტს წამყვანისა და ჟურნალისტის დიალოგიდან:

წამყვანი: რეკომენდაციების შესრულებაზე რას გვეტყვით, სანამ მარნეული და ბოლნისი გადავიდოდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, ის რეკომენდაცები, რომლებიც დაწესებული იყო მთელი საქართველოსთვის, რამდენად სიზუსტით სრულდებოდა ეს მანდ?

სტუმარი: როგორ იყო იცი, ჩვენი ტელევიზიაც ორენოვანია, ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას, მაგრამ იყო ასეთი მიდგომა, რომ იცი რა ეს ვირუსი არ არის, სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური და თვითონ მოსახლეობას, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რატომღაც არ ჯეროდათ ამ ვირუსის.
წამყვანი: დიახ და შესაბამისად ისინი არ იცავდნენ ზედმიწევნით, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებს?
სტუმარი: არა, არა, არანაირად არ იცავდნენ, ქუჩებიც სავსე იყო, ჩაიხანები ძლივს დაკეტეს, ზოგ ადგილას პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
წამყვანი: ფიქრობთ, რომ ამას შეიძლებოდა გამოეწვია ის სურათი, რაც დღეს მივიღეთ? მოქალაქეთა დაუდევრობამ, ასე ვთქვათ, გაუფრთხილებლობამ? უპასუხისმგებლობამ, შეიძლება ასეც ვუწოდოთ...
სტუმარი: ზუსტად ეგ არის ის, რაც მივიღეთ, მოქალაქეების დაუდევრობა, გაუფრთხილებლობა, არ ჯეროდათ ამ ვირუსის, თან დაემთხვა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ერთმანეთთან ალბათ ხშირად მიდიოდნენ - მოდიოდნენ სტუმრად. და ამ დაუდევრობამ გამოიწვია, რომ არ ჯეროდათ ამ ვირუსის, ეს ყველაფერი.

ამის შემდეგ, წამყვანმა მას ჰკითხა, რა ხდებოდა იმ წუთებში მარნეულში და დაემშვიდობა ისე, რომ არ გამიჯვნია მის ნათქვამს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას ახალისებდა.




აღსანიშნავია, რომ ვიდეოს იმ მოკლე მონაკვეთს, რომელშიც ეს დიალოგია, სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი ახლავს და მათი უმეტესობა რასიზმსა და ქსეონოფობიას ახალისებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიაში გავრცელებული მასალები, სახიფათო შინაარსის გამო, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხეებს აჩენს. კორონავირუსის გავრცელებისთანავე მსოფლიო მედიაში გაჩნდა მასალები, რომლებშიც ხაზგასმული იყო, რომ გარკვეული ჯგუფების მიმართ უარყოფითი, რასისტული განწყობები იკვეთებოდა. საქართველოში ასეთი ჯგუფი თავდაპირველად ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.

დღეს დილით, მას შემდეგ, რაც გუშინ მარნეულში ვირუსი დაუდასტურდა ადგლობრივ მცხოვრებს და ეს თემა მედიისთვის მთავარ თემად იქცა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რამდენიმე დეტალია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

„ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ეს არ არის ქარტიის საბჭოს მხრიდან კორონავირუსის თემაზე გავრცელებული პირველი განცხადება. თემის სიფრთხილით გაშუქების აუცილებლობაზე ქარტია ზუსტად ერთი თვის წინ ალაპარაკდა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

„კონკრეტული შემთხვევების გაშუქებისას, არ გაამჟღავნოთ პაციენტის პირადი ინფორმაცია (ვინაობა, სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.), ასევე არ გააკეთოთ აქცენტი პაციენტის ეროვნებაზე, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს ქსენოფობია“, - ვკითხულობთ ერთი თვის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც ამავე დროს ქარტის საბჭოს წევრია და აქტიურად მონაწილეობს ამ განცხადებების გავრცელებაში, ამბობს, რომ ახლა მედიის პასუხისმგებლობა სიფრთხილით გააშუქოს თემა, გაათმაგებულია. მასალაში, რომელიც ამავე თემის გაშუქებისას „TV პირველის“ ეთერით გაჟღერებულ ასევე დისკრიმინაციულ განცხადებებს შეეხებოდა, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მედია ასეთ დროს არ უნდა იყოს ინფორმაციის მხოლოდ გამტარი და მას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, ისევე როგორც რესპონდენტების შერჩევისას, ასევე მათი განცხადებების მოსმენისას.

„როდესაც არის კრიტიკული ვითარება, სულერთია, ეს არის ეპიდემია, პანდემია, საომარი ვითარება თუ სხვა ტიპის საგანგებო ვითარებები, არ შეიძლება მედია მოქმედებდეს არარაციონალურად”, - უთხრა „მედიაჩეკერს“ ზვიად ქორიძემ.

„ვირუსს, დაავადებას არ აქვს არც მოქალაქეობრივი კუთვნილება არც ეთნიკური ნიშანი, ის ვრცელდება კონკრეტულ ქვეყანაში და ყველანაირი მიმართება, რომელიც ეხება ეთნიკურ ნიშანს, იქნება რასისტული და ქსენოფობიური“, - ამბობს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბარში “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ეკა ჭითანავა.

გამოცემა ეკა ჭითანავას დაახლოებით ერთი თვის წინ ესაუბრა, მაშინ როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტირდა და მედიაში ამ თემაზე წერა გააქტიურდა.

„ ცალკე უსაფრთხოების საკითხის იგნორირება არ შეიძლება და აქაც სახელმწიფოები იღებენ სპეციალურ ზომებს, მაგრამ ასე კონკრეტულად ეთნიკური ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა ან ქსენოფობიური დამოკიდებულება არ არის გამართლებული”, - განაცხადა ეკა ჭითანავამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში.