კატეგორია: მედიაგარემო
“არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი” - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის შეფასება გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.

“ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მის მიერ 2015 წელს მიღებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ რისკების გაწევა და კონკრეტული მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება არათუ სისხლისსამართლებრივი, არამედ სამეწარმეო სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველიც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გახდეს. კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორს უფლება აქვს მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები. მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება წარმატებული ან საწარმოსათვის მოგების მომტანი არ აღმოჩნდა” - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების ჯეროვანი შეფასება მნიშვნელოვანია როგორც პირთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის, აგრეთვე სასამართლო პრაქტიკის შემდგომ განვითარებისათვის - “იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს”.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის 9 აგვისტოს, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა.“რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას და ორგანიზაციის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებიან, რითაც მაუწყებელს 7 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა. საქმე ეხება 2015 წელს, სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 16 ივლისს „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
კატეგორია: მედიაგარემო
“ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს გადაცემაში მონაწილეობაზე” - ძირითადად, მსგავსი შინაარსის შესავლით იწყებენ ცენტრალურ თუ რეგიონულ მაუწყებლებში კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე გადაცემებს ტელეწამყვანები. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს “ქართული ოცნების” პარტიული გადაწყვეტილებაა და საჯარო მოხელეები ბოიკოტს უცხადებენ კონკრეტულ ტელევიზიებსა და გადაცემებს.

არ სცალია, ქალაქიდან არის გასული, მივლინებაშია, ვერ მოვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რომელსაც გადაცემის წამყვანები, პროდიუსერები თუ ჟურნალისტები, საჯარო მოხელეების ან მათი წარმომადგენლების ეთერში მიწვევის პასუხად, ყოველდღიურად ისმენენ სამთავრობო უწყებების პრესსამსახურებისგან, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათთან დაკონტაქტება შეძლეს.

“ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სისტემაზე, სოციალურ მუშაკებზე უამრავი გადაცემა გავაკეთეთ ისე, რომ სახელმწიფო უწყებიდან არც ერთი ადამიანი არ იყო მოპასუხედ მოსული”, - იხსენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და ამბობს, რომ ბოლო სამი წელია ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა მიზეზით, თავს არიდებენ კრიტიკულ კითხვებს და უარს აცხადებენ გადაცემაში მისვლაზე.

“ორშაბთს ვიწყებთ სახელმწიფო უწყებებთან რეკვას, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, შაბათამდე იქნება “ვაჭრობა”. ყველა გადაცემაში ვაცხადებთ, რომ მოწვეული გვყავდა ესა თუ ის უწყება და არავინ არ მოვიდა ჩვენთან. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ აღარც ამაზე რეაგირებენ და ნაკლებად აწუხებთ და ადარდებთ ეს ამბავი”.

ნინო ზაუტაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას თავისი ვალდებულება, რომ ელაპარაკოს ხალხს, დავიწყებული აქვს და მარტივად წყვეტს პრობლემას - არ მიდის ისეთ გადაცემებში, სადაც, შესაძლოა, დაუსვან კრიტიკული, არასასურველი კითხვები:alt

“ეს ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ გადაცემაში - “რეალურ სივრცეში”. ხელისუფლების წარმომადგენლები თვითონ წყვეტენ, რომ მივიდნენ ისეთ გადაცემაში, სადაც “ზედმეტი” კითხვა არ იქნება დასმული. ძირითადად, ასე ხდება, სამწუხაროდ. სადაც კრიტიკული შეკითხვები შეიძლება დახვდეთ, არასოდეს არ მიდიან სტუმრად. ჩვენს შემთხვევაში, ეს, განსაკუთრებით, ეხება ეკონომიკის სამინისტროს, აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვის სამინისტროზე. ეს არის უკვე აბსოლუტური ბოიკოტის რეჟიმი, რაც აქვთ ჩვენს გადაცემასთან დაკავშირებით. ანუ, ადამიანებთან სალაპარაკოდ ეს ხალხი მზად არ არის. ავიწყდებათ, რომ სწორედ ადამიანები ირჩევენ მათ და ფულს უხდიან იმაში, რომ მართონ მათი პრობლემები. საერთოდ, ეს მათი ვალდებულებაა და ამ ვალდებულებას ვერ გრძნობენ, ეს საქმეშიც ჩანს და მედიასთან ურთიერთობაშიც”.

(მას შემდეგ, რაც ნინო ზაუტაშვილი “მედიაჩეკერს” ესაუბრა, “რეალური სივრცეში” ნამახვან ჰესის საკითხზე, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ინტერვიუ გავიდა პირდაპირ ეთერში. როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო მინისტრის გადაცემაში სტუმრობას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ იგი გადაცემაში დებატების გარეშე, მარტო იქნებოდა)

იმავე პრობლემაზე საუბრობს ტოქშოუ “პოლიტიკის ფორმულას” წამყვანი სოფო ზურაბიანი და ამბობს, რომ კონკრეტულ გადაცემებში არმისვლა - ეს “ქართული ოცნების” პარტიული გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, ყველა ჯერზე, როდესაც ქვეყანაში რაღაც გადამწყვეტი ხდება, აქვთ იმედი, რომ ისინი შეცვლიან პოზიციას და ყველა გადაცემის წინ უშედეგოდ ახსენებენ ხელისუფლებას, რომ მათი კარი კვლავ ღიაა:

“ყველა ამბობს, რომ ეს არის სადღაც “ზევით” მიღებული გადაწყვეტილება. პარტიის საერთო პოზიციაა, რომ ისინი არ დადიან ტელეკომპანია “ფორმულას” ტოქშოუებში. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენი ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებას და მუდმივად ვთავაზობთ ეთერს. ძალიან ხშირად ვახსენებ მათ, რომ მაინც საჭირონი არიან ისინი გადაცემაში. რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძეს შევუთვალეთ პრესსამსახურის საშუალებით, რომ ისევ ღიაა ჩვენი კარი მათი პოზიციებისთვის, მაგრამ უარი მივიღეთ”.

სოფო ზურაბიანის თქმით, მედიას ხელი ეშლება მთავარი ფუნქციის შესრულებაში - საზოგადოების ინფორმირებაში:alt

“არ ესმის ხოლმე პოლიტიკურ კლასს, რომ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, მათ პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება აქვთ ყველა მოქალაქის წინაშე. ამ ანგარიშვალდებულების ნაწილია კრიტიკულ კითხვებზე პასუხი. მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, რომ ყოველდღიურად მივიდნენ და პრემიერ მინისტრს, უმრავლესობის ლიდერს თუ მის მიერ არჩეულ დეპუტატს კითხვები დაუსვან. ისინი ამას აკეთებს ჩვენი საშუალებით, მედიაა შუამავალი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. მოქალაქე, რომელიც მხოლოდ შელამაზებულ პასუხებს ისმენს კონკრეტული არხებიდან, რომლებიც კითხვას არ სვამენ, რჩება არაინფორმირებული. მე, მედიას, ხელი მეშლება მთავარი ფუნქციის შესრულებაში, რომ საზოგადოებას მივაწოდო ყველა მხარის ინფორმაცია, ვაჩვენო ორივე რაკურსი ამბავზე და მერე თავად მოქალაქემ განსაჯოს, რისი სჯერა”.

მთავრობის წარმომადგენლები, ტელეკომპანია “მთავარის” დაარსების დღიდან, უარს აცხადებენ მაუწყებლის ეთერში სტუმრობაზე. ტოქშოუ “მთავარი აქცენტების” წამყვანი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ ყოველთვის მზადაა ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელს დაუთმოს ეთერი და დაუსვას კითხვები, თუმცა, დიდი ხანია მთავრობას ოფიციალური ბოიკოტის რეჟიმი აქვს გამოცხადებული ოპოზიციური მაუწყებლებისთვის:

alt“ბოიკოტის რეჟიმი ხელისუფლებამ დაიწყო ჯერ კიდევ “რუსთავი 2-ზე” როცა ვიყავით. “მთავარზე” რაც გადმოვედით, არავინ მოსულა ეთერში. ჩვენ გვყავს ჩვენი მაყურებელი, რომლის ძირითადი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი, ამიტომ არ ცდილობს ხელისუფლება, რომ დაელაპარაკოს მის ამომრჩეველს, რომელიც მის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. სრული იგნორია, თითქოს არ არსებობენ ისინი. ოპოზიციურ მედიაში საერთოდ არ ჩანან. “ტვ პირველზე” იყვნენ ხოლმე და იქიდანაც ამოიკვეთეს ფეხი”.

ტელეკომპანია “პირველის” ტელეწამყვანი, რომელსაც არხზე ორი ტოქშოუ - “პოლიტიკური პარასკევი” და “საჯარო პოლიტიკა” მიჰყავს, ამბობს, რომ ერთი წელია ხელისუფლებიდან არავინ მისულა მის გადაცემებში.

alt“დადიან მხოლოდ იქ, სადაც საკუთარი თავის პროპაგანდის საშუალება აქვთ და არ მიდიან იქ, სადაც შესაძლოა კრიტიკული კითხვები მოისმინონ. რა დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, როდესაც კითხვებზეც კი არ გვპასუხობენ. ესა თუ ის ტელევიზია მოგწონს თუ არა ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ხელისუფლება ხარ. გამოდის, რომ შენ მხოლოდ საზოგადოების რაღაც ნაწილს ელაპარაკები. თუ ამას იმით ამართლებენ, რომ პოზიციურად განწყობილ არხებზე არ მიდიან, მილიონზე მეტმა ადამიანმა ოპოზიციას მისცა ხმა და ეს რა მიდგომაა, რომ ვიღაცასთან ანგარიშვალდებულად მიიჩნევ თავს და ვიღაცასთან - არა, არ მესმის”, - ამბობს ეკა მიშველაძე და ამატებს, რომ წლებია ჟურნალისტიკაშია და ასეთი შემთხვევა არ არასდროს ჰქონია, - “მიჭირს ასე მუშაობა, ასე ვთქვათ, გიწევს სულ ერთ კარში ითამაშო, რაც ძალიან რთულია”.

გარდა ცენტრალური მაუწყებლებისა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ბოიკოტის რეჟიმზე საუბრობენ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე რეგიონულ მაუწყებლებშიც. “ადგილობრივი ხელისუფლება გვაიგნორებს” - ამბობს სულხან მესხიძე, TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. მისი თქმით, პანდემიის პირობებში პრობლემა კიდევ უფრო უფრო გამწვავდა:
alt
“ერთი წელია ასე გრძელდება. მინისტრები ხომ საერთოდ ხელმიუწვდომლები არიან ჩვენთვის და ვთავაზობ მოადგილეებს, წარმომადგენლებს მოსვლას, თითო მინისტრს 3-4 მოადგილე ჰყავს და არცერთი არ მოდის. არგუმენტირებული, დასაბუთებული პასუხი არ გვაქვს, მკაფიო პოზიცია არ ვიცით, რატომ არ მონაწილეობენ ჩვენს გადაცემებში. მიზეზებს იგონებენ, რომ რაღაც შეხვედრები აქვთ, ქალაქში არ იმყოფებიან და ა.შ. და იმავე დღეს ვხედავთ სამთავრობო მედიებში. ადრე ფაქტებიც კი შევაგროვე და აჭარის მთავრობას მივმართე, რომ მაშინ, როდესაც მე უარს მეუბნებოდნენ, წარმოდგენილნი იყვნენ სამთავრობო მედიებში. პასუხი არ მაქვს კონკრეტული, რის გამო არ მონაწილეობენ. ყველა მათგანს საჯაროდაც მივმართე და პირადადაც, მათთვის მოსახერხებელ დროზე და კომუნიკაციის საშუალებაზე, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რომ პირობები თავად აერჩიათ, მაგრამ არანაირ თანამშრომლობაზე არ მოდიან”.

რადიო “მარნეულის” ხელმძღვანელი კამილა მამედოვა ფიქრობს, რომ ტენდენცია, რაც რეგიონებშიც დამკვიდრდა ჟურნალისტების მიმართ, ცენტრიდან მოდის:

alt“ცენტრალურ ხელისუფლებას რა დამოკიდებულებაც აქვს მედიის მიმართ, ეს გადადის რეგიონებზე. თვლიან, რომ შეუძლიათ არ აიღონ ყურმილი, არ მოგცენ კომენტარი და ა.შ. ჩვენ გვაქვს ანალიტიკური გადაცემა დღეგამოშვებით აზერბაიჯანულ ენაზე სპეციალურად, რომ ადგილობრივებმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე მშობლიურ ენაზე მიიღონ ინფორმაცია. ხელისუფლების წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, დეპუტეტების ჩართულობა ამ დისკუსიაში საჭიროა და არასდროს მოდიან ეთერში. ეს მხოლოდ ბოლო პერიოდში კი არა, მუდმივად ამ რეჟიმში ვართ, უბრალოდ, წინასაარჩევნოდ ცოტა “გვწყალობენ” ხოლმე”.

“ვერცერთ სახელმწიფო უწყებას, ვერცერთ პასუხისმგებელ პირს ვერ ვიხსენებ, რომელიც თამამად ადგება და მოვა ეთერში, სამწუხაროდ. ამბობენ, რომ საქმე აქვთ და ვერ მოვლენ. მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ აცნობიერებენ, რომ მედიასთან ურთიერთობაც საქმეა. მეორე პლანზე გადააქვთ, რომ თავიანთ ამომრჩეველს დაელაპარაკონ და ინფორმაცია მიაწოდონ”, - ამბობს ტელეკომპანია “მეცხრე არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ტოქშოუ “დიალოგის” წამყვანი რუსუდან გვარამაძე.alt

მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კონკრეტულ ტელეარხებზე არმისვლას რომ ტენდენციური ხასიათი აქვს, აღნიშნულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მონიტორინგის ანგარიშშიც:

“ტოქშოუების წამყვანების კომენტარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებენ ტელეკომპანია „ფორმულაში“, „TV პირველსა“ და „კავკასიაში“ ვიზიტზე, მაშინ, როდესაც “იმედსა” და “POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ იყვნენ წარმოდგენილი არც „მთავარ არხზე“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასევე უარს აცხადებდნენ მონაწილეობა მიეღოთ „პალიტრა TV-ის“ ეთერში გამართულ დებატებში და ისინი, ამ არხზე ძირითადად წარმოდგენილი იყვნენ მარტო, ოპონენტების გარეშე, გადაცემის ბოლო ნაწილში” - ნათქვამია ტოქშოუების მონიტორინგის ანგარიშში.
 

მთავარი ფოტო: www.newscaststudio.com
კატეგორია: ეთიკა

სათაურები და ტექსტები მტკიცებით ფორმაში, Live საავადმყოფოს ეზოდან, ახლობლების გლოვის მძიმე კადრები - ასე, არაფრთხილად, კონტექსტისა და საზოგადოების განწყობების გათვალისწინების გარეშე და სენსაციის შემცველი ელფერით გაშუქდა კოვიდის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას”ვაქცინით აცრის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტი საქართველოში, რამაც ანტივაქსერული განწყობების წახალისებას შეუწყო ხელი.

18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გონება დაკარგა. მოგვიანებით მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო.

მომხდარის შესახებ ამბავი თავდაპირველად რეგიონულმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს. ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” იყო. პირველი მასალა, რომელიც ამბავს შეეხებოდა, “სამხრეთის კარიბჭემ” იმ დროისთვის ჯერ კიდევ ოფიციალურად დაუდასტურებელი, მტკიცებითი სათაურით გამოქვეყნა: - “ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა”.

alt“სამხრეთის კარიბჭემ” პირველი სტატია 15:18 საათზე გამოაქვეყნა. (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ დროს შემთხვევა უკვე რამდენიმე საათის მომხდარი იყო, ვინაიდან, ფორმა 100-ის მიხედვით, ექთანს აცრა 12:15 საათზე გაუკეთდა და აცრიდან რამდენიმე წუთში გახდა შეუძლოდ). ტექსტის მიხედვით, მტკიცება ექიმებს ეყრდნობოდა ("როგორც ექიმები საუბრობენ"). ახალ ამბავში არ ჩანდა ვინ იყვნენ ეს ექიმები, რამდენად საფუძვლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი მტკიცება აცრისა და კომაში ჩავარდნის კავშირზე, რის საფუძველზე შეიძლებოდა სცოდნოდათ მათ ეს, ანუ, რამდენად სანდო წყაროებად ითვლებოდნენ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში დასაწერად და რას ამბობდნენ მომხდარზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ან საერთოდ, სცადა თუ არა გამოცემამ მათთან დაკავშირება.


ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მალევე, გამოცემის ჟურნალისტმა იმ საავადმყოფოს ეზოდან, სადაც შემთხვევა მოხდა, პირდაპირი ეთერიც ჩართო. ამ ეთერში მაყურებელი 27 წუთის განმავლობაში თვალს ადევნებდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რომლებიც ექთნის ნახვას ითხოვდნენ და დროდადრო კლინიკის თანამშრომლებს უპირისპირდებოდნენ. შიგადაშიგ პირდაპირ ეთერში ისმოდა გინება და ახლობლების ტირილიც. სტატიისგან განსხვავებით, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი გამუდმებით უსვამდა ხაზს, რომ ახალგაზრდა ექთანი “სავარაუდოდ” აცრის შემდეგ გახდა ცუდად, ამბობდა მხოლოდ ფაქტს, რომ ახალგაზრდა ექთანი აცრის შემდეგ ცუდად გახდა, სხვა ინფორმაციას ეს ეთერი არ შეიცავდა და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ტოვებდა სივრცეს.

მოგვიანებით კლინიკის ეზოდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო რეგიონული მაუწყებლის TOK.TV-ის ჟურნალისტიც, რომელიც ასევე ამბობდა, რომ სავარაუდოდ ეს იყო აცრის შემდგომი გართულება. იმ დროს, როდესაც ეს მაუწყებელი ჩაერთო პირდაპირ ეთერში, სიტუაცია შედარებით დამშვიდებულიც იყო.

ამ დროისათვის, იგივე ამბავი, ასევე მტკიცებითი სათაურით, უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ადგილობრივ ტელევიზია “მეცხრე არხსაც” და არამხოლოდ - სხვადასხვა გამოცემებისა და მაუწყებლების საიტებსა თუ ფეისბუქის გვერდებზე უკვე ვირუსულად ვრცელდებოდა ტექსტური და ფოტოინფორმაციები, ასევე მტკიცებითი ფორმულირებით, ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შესახებ, მათი ნაწილი “სამხრეთის კარიბჭეს” ეყრდნობოდა.

პარალელურად, სოციალურ ქსელში უკვე დაწყებული იყო ერთი მხრივ, იმ ადგილობრივი მედიების კრიტიკა, რომლებმაც მომხდარი ამ ფორმით გამოაქვეყნეს, და მეორე მხრივ, უკვე წახალისებული იყო ანტივაქსერული დისკუსიები, ეს განსაკუთრებულად მძაფრად, პირდაპირი ეთერების, ე.წ. Live-ების კომენტარების ველში იგრძნობოდა.

მასალის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 2 საათში, “სამხრეთის კარიბჭემ”, შესწორების სტანდარტის დაცვით, სტატიის სათაური შემდეგნაირად ჩაასწორა: “შესწორება: ახალციხეში ექთანი სავარაუდოდ აცრის შემდეგ ცუდად გახდა, ექიმების თქმით ის ხელოვნურ სუნთქვაზეა”. ცოტა მოგვიანებით, დარედაქტირდა პირდაპირი ეთერის ვიდეოც, რომელიც ახლა არის 11-წუთიანი და აღარ შეიცავს ახლობლების მძიმე ემოციების კადრებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე არაზუსტ ინფორმაციასთან არ გვქონია და მოგვიანებით ფაქტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა (ამბის გავრცელებიდან 2 საათში, 17:00 საათიან ბრიფინგზე), მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულმა პირველადმა ინფორმაციამ, მტკიცებით ფორმაში დაწერილმა სათაურებმა და არაფრთხილმა, სენსაციურმა გაშუქებამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია.

ახალციხეში მომხდარი ფაქტი მედიას რომ უნდა გაეშუქებინა, ცხადია, ეს დავის საგანი არ არის. მაგრამ, აქ რამდენიმე დეტალი იყო გასათვალისწინებელი:

  • კონტექსტი - საზოგადოებაში ისედაც გამძაფრებული ანტივაქსერული განწყობები, მაღალი საჯარო ინტერესი ვაქცინაციისადმი, რომელიც სულ რამდენიმე დღის დაწყებული იყო და ბოლო დღეების მოვლენები “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან დაკავშირებით (მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება, რომელთაც ვაქცინაცია დროებით შეაჩერეს და ეს იმ დღეებში იყო აქტიური განხილვის თემა).

  • ფაქტის მნიშვნელობა და ეფექტი - რამდენად მძიმე შემთხვევა იყო სავარაუდოდ, ვაქცინაციის ასეთი მძიმე გვერდითი მოვლენა, რამდენად შოკის ეფექტი ექნებოდა საზოგადოებაზე და ამიტომ, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ამბის წყარო, ან წყაროები, ყოფილიყო ძალიან სანდო და რელევანტური.

  • საზოგადოების ინფორმირებულობა ვაქცინაციაზე - იმ პერიოდისათვის (და ფაქტობრივად, დღესაც) საზოგადოების ინფორმირებულობის დონე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, პროცესზე, გვერდით ეფექტებზე და ა.შ. ძალიან დაბალია, ვაქცინაციის ეფექტის მოლოდინი კი (საზოგადოების მცირე ნაწილში მაინც) ძალიან მაღალი და სწორედ ამიტომ ჰქონდა ამ პირველად ინფორმაციას ძალიან დიდი შოკის ეფექტი.


უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, ეს არ იყო ის ამბავი, რომლის გამოქვეყნებისას უპირატესი სისწრაფე და ოპერატიულობა უნდა ყოფილიყო. (ასეც მოიქცა მაგალითად რამდენიმე ონლაინ გამოცემა, (მაგ.: ნეტგაზეთი, პუბლიკა, რადიო თავისუფლება), მათ პირველი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც მომხდარი ამირან გამყრელიძემ დაადასტურა).

“ვაქცინაციის და ვაქცინის თემის გაშუქებისას გაიღეთ მაქსიმალური ძალისხმევა ზუსტი, უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაციის მისაღებად”, - ვკითხულობთ გზამკვლევში ვაქცინაციის გაშუქების შესახებ, რომელიც ერთ-ერთი თავია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული კოვიდის გაშუქების ვრცელი გზამკვლევიდან.

მას შემდეგ რაც ახალგზრდა ექთანი გარდაიცვალა, ამბავი კიდევ უფრო პრობლემურად გაშუქდა.

მაგალითად, “მთავარმა არხმა”, გარდა იმისა, რომ ეთერში აჩვენა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი, სასოწარკვეთილი ოჯახის წევრების და ახლობლების გლოვა, ყველაზე მძიმე კადრები შეკრიბა და ცალკე ვიდეოებად გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე. ახლობლების გლოვის ამსახველი მძიმე კადრები ნახა ტელეკომპანია “პირველის” მაყურებელმაც. არცერთ შემთხვევაში ამ მძიმე კადრებსა და მასალებს არანაირი დამატებითი ინფორმაციული ღირებულება არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ მანიპულირებდა ადამიანების ემოციებით, ზეგავლენას ახდენდა მოწყვლად ჯგუფებზე და კიდევ უფრო ახალისებდა იმ ჯგუფების განწყობებს, რომლებიც ანტივაქსერული, ან ვაქცინებისადმი სკეპტიკური განწყობებით გამოირჩევიან.

ანტივაქსერები და ვაქცინის სკეპტიკოსები - სწორედ ამ ორ ჯგუფზეა საუბარი ქარტიის მიერ მომზადებულ ვაქცინაციის გაშუქების გზამკვლევში. ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების არაფრთხილმა გაშუქებამ ანტივაქსერული განწყობები რომ წაახალისა, ამაზე ზემოთ უკვე ვთქვით, მაგრამ ამ შემთხვევამ, როგორც სოციალურ ქსელებზე დაკვირვებით ირკვევა, ვაქცინის სკეპტიკოსთა რიცხვიც მკვეთრად გაზარდა.

“Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, გაზრდილია, სწორედ, ვაქცინის სკეპტიკოსთა რაოდენობა. ესენი არიან ადამიანები, რომელთა პოზიცია შეიძლება ჟღერდეს ამგვარად: „ვაქცინაციის მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ ჯერ დაველოდები, სხვებზე როგორ იმოქმედებს ვაქცინა და მერე ავიცრები მეც“, - ვკითხულობთ გზამკვლევში ვაქცინაციის გაშუქების შესახებ.

ასეთი ადამიანების რიცხვი რომ გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს მომხდარიდან მომდევნო დღეებში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვის მკვეთრმა შემცირებამაც დაადასტურა.

 


შენიშვნა: სტატიიდან ამოღებულია შემდეგი აბზაცი: "ტექსტში არც ის ჩანდა, რომ გამოცემა ფაქტის დაფიქსირებიდან ტექსტის გამოქვეყნებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროსთან ცდილობდა ამბის გადამოწმებას (რაც შემდეგ გამოცემის რედაქტორმა “მედიაჩეკერთან” თქვა) და ახალი ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შემთხვევა 4-მა სხვადასხვა ექიმმა დაადასტურა (საუბარია არამხოლოდ იმ კლინიკის, არამედ ქალაქში მომუშავე სხვა ექიმებზეც)", - ვინაიდან გამოცემის რედაქტორს ეს არ უთქვამს როგორც კომენტარი, მან ამის შესახებ პირად საუბარში თქვა. 

კატეგორია: ეთიკა

“მედიას შეუძლია, შეცვალოს ადამიანის ცნობიერება და, რაღაც ნაწილში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიაც ეს არის”, - ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა 8 მარტს, მისივე არხს უთხრა რეპორტაჟში, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

არხმა ამ დღეს მაყურებელს აუწყა, რომ 8 მარტს, ქალთა საერთაშირისო დღეს, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ ორგანიზებული ვებინარი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა, რომელიც 2019 წლიდან ამავე ალიანსის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

ამ ვებინარიდან და სიუჟეტიდან რამდენიმე დღეში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 5 დღის განმავლობაში, 11-15 მარტის პერიოდში, ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული წარმატებები ისე გააშუქა, რომ მაყურებელს თუ მკითხველს მისი მხრიდან ყოფილ ცოლზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

 

“წარმატებები ვუსურვოთ ნიკას” - ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ცალმხრივი და უკონტექსტო გაშუქება

 

ნიკოლოზ ბასილაშვილზე მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ საზოგადოებაში საჯარო განხილვები და ვნებათაღელვა 11 მარტს განახლდა, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა. მედიასაშუალებების ნაწილი ბასილაშვილის გამარჯვებას რამდენიმე წინადადებით, მშრალად აშუქებდა, ნაწილი კი აუდიტორიას იმის შესახებაც აწვდიდა ინფორმაციას, რომ მას ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი და გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

12 მარტს, “მოამბეს” მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში, ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობები მაყურებელს სპორტული სიახლეების წამყვანმა დავით ბანანაშვილმა გააცნო. ამ დროს დოჰას ტურნირის ნახევარფინალი მიმდინარეობდა და წამყვანმა წარმატება უსურვა ბასილაშვილს - “წარმატებები ნიკას ამ ძალიან პრინციპულ დაპირისპირებაში” - თქვა და მაყურებელს ყოველგვარი ახსნის გარეშე, უკონტექსტოდ, აცნობა, რომ მის გამარჯვებას მცირე რაოდენობით ნეგატიური შეფასებები მაინც მოჰყვა:

“აი, ამ ყველაფრის ფონზე კი, გუშინ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სუპერვარსკვლავის, როჯერ ფედერერის დამარცხებას, ზოგადად, სოციალურ ქსელებში და ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, იყო მცირე რაოდენობა, მაგრამ მაინც იყო ნეგატიური შეფასებები და ამასთან დაკავშირებით, სწორედ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოიწვია ბრიფინგი და ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა პასუხი. ბასილაშვილის ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართველი ჩოგბურთელის კონსტიტუციური უფლებები დაირღვა. ირმა ჭკადუას განცხადებით, იგი მიმართავს სახალხო დამცველს და აცხადებს, რომ ისინი ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებებს”.



წამყვანს არ აუხსნია მაყურებლისთვის, რამ გამოიწვია ვნებათაღელვა სოციალურ ქსელებში, რატომ მიიჩნევენ, რომ ბასილაშვილის კონსტიტუციური უფლებები დაირღვა ანდა კონკრეტულად რას მოჰყვა მის მიმართ უარყოფითი შეფასებები წარმატებული მატჩის შემდეგ.

აღნიშნული შესავლის შემდეგ, მაუწყებლის ეთერში, ასევე უკონტექსტოდ, ბასილაშვილის ადვოკატის 38 წამიანი კომენტარი გავიდა, სადაც იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს “ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენის” უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა:

“მოიხსენიებენ ნიკოლოზ ბასილაშვილს, როგორც მოძალადეს, რაც, ცალსახად, ადასტურებს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ უფლებადამცველებს, ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებას. ვინაიდან, არცერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავე. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად და მე მინდა, მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი - ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ გამოყენებულ იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა.”

ამ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული ამბების გაშუქება მხოლოდ ადვოკატის აღნიშნული მცირე კომენტარით შემოიფარგლა. ამის შემდეგ, მაუწყებელმა ეს ცალმხრივი ვნებათაღელვაც დაივიწყა და დღის საინფორმაციო გამოშვებებში მაყურებელს მშრალად აუწყებდა ბასილაშვილის მორიგი გამარჯვებების შესახებ.

შედარებით ვრცელი, შემაჯამებელი სიუჟეტი არხზე 13 მარტს გავიდა, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამ დღეს “მოამბეს” დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ქართველი ჩოგბურთელის ისტორიული გამარჯვებით დაიწყო. ამბავს 4 წუთამდე დრო დაეთმო. მაუწყებელი მატჩების მიმოხილვით შემოიფარგლა, ეთერში გავიდა ბასილაშვილის სიტყვაც, რომელითაც მან ტურნირის მოგების შემდეგ თავის შვილს მიმართა. თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლისთვის არც ამჯერად უცნობებია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე გასულ წელს დააკავეს, ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა და რომ სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა, 11-15 მარტის პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხის” ვებგვერდზეც, “სპორტის” კატეგორიაში, აქტიურად ქვეყნდებოდა მასალები ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობების შესახებ. თუმცა, მაუწყებლის მკითხველიც, ისევე როგორც მაყურებელი, არაინფორმირებული დარჩა იმის შესახებ, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული და მისი სასამართლო პროცესები ახლაც მიმდინარეობს.

კატეგორია: მედიაგარემო
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს სამართლებრივად ირეაგიროს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტებზე, რომლებიც პოლიციას კომენდანტის საათის დროს სექსმუშაკების მფარველობაში ამხელს. რა იგულისხმება სამართლებრივ რეაგირებაში, ჯერჯერობით უცნობია, რადგან საჩივარი ჯერ არ არსებობს, თუმცა, ბოლო პერიოდის ტენდენციების ფონზე, მედიაწრეებში უწყების ეს ღია განცხადება უკვე აღიქვეს, როგორც კრიტიკული მედიის დაშინების მცდელობა.

სადავო სიუჟეტები გადაცემა “შაბათის ფორმულაში” 23, 30 იანვარს და 13 მარტს გავიდა. რეპორტაჟების თანახმად, შსს-ს მაღალჩინოსნები სექსმუშაკებს კომენდანტის საათის დროს “ესკორტად ემსახურებიან”. ბოლო სიუჟეტში, რასაც შსს-ს განცხადება მოჰყვა, “ფორმულა” ამტკიცებს, რომ რამდენიმედღიანი დაკვირვებით გაარკვიეს, რომ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილე მართავს იმ ავტომობილს, რომელმაც სექსმუშაკი სუტინიორთან ერთად კომენდანტის საათის დროს კონკრეტულ მისამართზე მიაცილა.

უწყებაში “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ მაუწყებელი მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, რათა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს და პოლიციის მიმართ ნდობა შესუსტდეს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა გზით აპირებენ “ფორმულას” წინააღმდეგ დავას, და დღესაც იგივეს ამბობენ, რასაც რამდენიმე დღის წინ, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს”.

გადაცემის წამყვანი დავით ქაშიაშვილი ამბობს, რომ უწყებიდან მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს და, გავრცელებული საჯარო განცხადების გარდა, ამ ეტაპზე არაფერი იციან. ტელეკომპანიას სამართლებრივი დაცვა “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” (GDI) უკვე შესთავაზა. დეტალები ჯერჯერობით არც ორგანიზაციაში იციან, თუმცა ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოში დაიცვან მაუწყებლის ინტერესები.

მედიის საკითხებზე მომუშავე იურისტებს წინასწარ საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ სარჩელის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ კონკრეტულ შეფასებებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს განცხადებაში სასამართლოზე იყო აქცენტი გაკეთებული, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონმდებლობით არ აქვს იმის უფლება, რომ სასამართლოში იჩივლოს:

“შსს თვითონ ვერ იჩივლებს პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში. ადმინისტრაციულ ორგანოს სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებით არ დაიშვება და კანონში პირდაპირ წერია, რომ ვერ შეიტანს ადმინისტრაციული ორგანო სარჩელს”.

მისივე თქმით, თავად პოლიციელებს შეუძლიათ იჩივლონ და სამოქალაქო დავა დაიწყონ მაუწყებლის წინააღმდეგ, თუმცა, არც ამ შემთხვევაში აქვს სამინისტროს დავაში ჩართვის უფლება:

“მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება თვითონ პოლიციელებმა იჩივლონ, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი სამოქალაქო დავა და მე ვერ წარმომიდგენია და გაუგებარია, აქ შსს-მ რანაირად შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. შსს ვერ ჩაერთვება ამ საქმეში და არ შეიძლება დაინტერესებული იყოს სამოქალაქო დავაში რაიმე ფორმით, ეს წარმოუდგენელია”.

“საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი, რომელიც წლებია მუშაობს მაუწყებელთა თვითრეგულირების საკითხებზე, ამბობს, რომ თუ შსს სასამართლოს გზას აირჩევს, ეს მისთვის უარესი იქნება:

“ინსტიტუციას რისი უფლებაც არ აქვს კანონით, თუ იმას აკეტებს გვერდის ავლით და აწერინებს თავის თანამშრომლებს საჩივრებს და ასე წავა სასამართლოში, ეს კიდევ უფრო უარესი პრაქტიკა იქნება იმის, რომ თავისი ე.წ. რეპუტაცია აღიდგინოს. ეს ნიშნავს, რომ უწყება პოულობს კანონში ხვრელს. ზოგადად, პრობლემა გვაქვს კანონის არასწორ ინტერპრეტაციებში ან ხვრელების პოვნაში, რომ სათავისოდ, ანუ, ცუდი გაგებით, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის გამოიყენონ”.

ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ როდესაც მაუწყებელთან არსებობს შინაარსთან დაკავშირებული პრეტენზია, ჩვენი კანონმდებლობით ყველაზე სწორი გზა თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვაა:

“ჩვენი კანონმდებლობით, ყველაზე სწორი და ნათელი გზა არის ის, რომ მან მიმართოს “ფორმულას” თვითრეგულირებას და იმსჯელოს ჟურნალისტებთან ერთად, რა არის დარღვევა და რა არა. ამ პრაქტიკას, ამ მექანიზმებს, პირველ რიგში, ვინც დაწერა ეს კანონები და ვინც აღსრულებაზეა ვალდებული, ისინი არ იყენებენ. მერე იოლად ლაპარაკობენ, რომ არ მუშაობს ეს მექანიზმები, მაგრამ როგორ იმუშავებს, როცა სამართლიან მოწყობაზე პასუხისმგებელი უწყება არ იყენებს თვითონ ამ მექანიზმებს. თუ გადააბიჯებს თვითრეგულირებას და წავა სასამართლოში და იქ დაიწყებს დავას, ეს იქნება არასამართლებრივი ნაბიჯი და მაშინ მან უნდა დაასაბუთოს, რატო გამოტოვა თვითრეგულირების გზა და რატომ წავიდა პირდაპირ სასამართლოში”.

ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მედიასთან ბრძოლის ერთგვარი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. მისი შეფასებით, უწყება ცდილობს, ამჯერადაც მედიაზე გადაიტანოს ყურადღება, ბოლო პერიოდის მაგალითებს იხსენებს და “ტვ პირველის” საქმესთან ავლებს პარალელს, როდესაც სასამართლომ გამოძიება არა მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში გაჟღერებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, არამედ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების კუთხით დაიწყო.

“ზოგადად, მიდგომასავით ჩამოყალიბდა, “ტვ პირველთან” მიმართებითაც რაც მოხდა, შინაარსზე კი არ გაამახვილეს ყურადღება, არამედ - ფორმაზე, აქაც იგივე ხდება დაახლოებით. საკითხთან მიმართებით კი არ იწყებენ მოკვლევას (ყოველშემთხვევაში, საზოგადოებისთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუწვდიათ), არამედ საუბარია იმაზე, რომ ფორმასთან მიმართებით ხდება კონცენტრირება და არა შინაარსთან. შსს ცდილობს, მედიაზე გადაიტანოს ყურადღება. აქ კონკრეტულად x და y პოლიციელი კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ რომელმა მიაცილა, აქ მთავარია ის, რომ პოლიცია მონაწილეობდა თუ არა ამ საქმეში და ეს საკითხი უნდა მოეკვლიათ და საზოგადოების ინფორმირება მოეხდინათ. ნაცვლად ამისა, მედიაზე გადააქვთ აქცენტი, რომ მედია აკეთებს რაღაცას არასწორად.”

ნათია კუპრაშვილიც იმავეზე საუბრობს და ამბობს, რომ “ბოლო პერიოდში, ასეთი პრაქტიკა აქვთ, რომ თავდასხმა ყველაზე კარგი თავდაცვააო, მისდევენ თავდასხმის პოლიტიკას და ამით ცდილობენ გადაირჩინონ თავი და დაფარონ დანაშაული”.
კატეგორია: ეთიკა
"ბერა, გვითხარით რაიმე ახალი პროექტების შესახებ”, - ექსკლუზიური ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან ფარული ჩანაწერების თემაზე კრიტიკული კითხვების გარეშე "იმედის" გადაცემაში, სადაც კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებს მოიხსენიებდნენ "ფსიქოლოგიური ტერორიზმის გამავრცელებლად და ტელესაროსკიპოებად", რომლებიც უნდა გამორთონ. და ასევე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული სახელისუფლებო ნარატივი, რომელსაც გადაცემაში მხატვრები და მომღერლები აჟღერებდნენ. 

9 მარტს გადაცემა “იმედის ფაქტორი” ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს მიეძღვნა. წამყვანებმა შესავალშივე დააანონსეს, რომ “იმედის” მაყურებელი ჩანაწერების მთავარ გმირთან - ბერა ივანიშვილთან ინტერვიუს პირდაპირ ეთერში ექსკლუზიურად იხილავდა.

გადაცემა ეთერში ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერებიდან მესამე დღეს გავიდა.”ტვ პირველის” ინფორმაციით, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბერა ივანიშვილი, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ათანხმებენ, თუ როგორ უნდა დაისაჯონ თუ დააშინონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

“იმედის ფაქტორი” ივანიშვილების ოჯახის დაცვას და იმის მტკიცებას მიეძღვნა, რომ ჩანაწერები გაყალბებულია. ეთერში მიწვეული “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ხელისუფლებასთან აფილირებული რესპონდენტები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. გადაცემის მსვლელობისას, წამყვანებს არ დაუსვამთ არც ერთი კრიტიკული კითხვა და ისინიც ღიად აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების აზრს თავადაც იზიარებდნენ და ეთანხმებოდნენ.

“ქართული ოცნების” ნარატივი წამყვანების მონოლოგში
 

alt

გადაცემა მაყურებლისთვის წინა ხელისუფლების “რეჟიმის” შეხსენებით და ბიძინა ივანიშვილის, როგორც “ცნობილი ქველმოქმედის და მეცენატის” ხოტბის შესხმით დაიწყო. წამყვანები მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ ივანიშვილების ოჯახს ამჯერადაც “ნაციონალური მოძრაობა” ებრძვის, დევნის, აბულინგებს და ამის ნაწილია “უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული” ფარული ჩანაწერებიც.

“იმედის ფაქტორი” გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა შემდეგი შესავლით დაიწყო:

“დღეს თქვენ ნახავთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბერა ივანიშვილთან. პირველად, ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ის იტყვის, როგორი იყო “ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლა მისი ოჯახის წინააღმდეგ. 2010-2011 წლები, უკვე მოკლულები არიან სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ათობით სხვა უდანაშაულო ახალგაზრდა. დაკარგულია ორი ქართული რეგიონი, დარბეულია ტელეკომპანია “იმედი” და მედიას სრულად რეჟიმი აკონტროლებს. პრაქტიკულად, განადგურებულია პოლიტიკური ოპოზიცია. ერთადერთი, რაც სააკაშვილის ძალაუფლებას ემუქრება, არის ცნობილი ქველმოქმედის და მეცენატის - ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შემოსვლა პოლიტიკაში. და ეს რეალობა ხდება. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა პოლიტიკური გეგმების შესახებ, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ეს რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იყო”.

 

ამის შემდეგ, მაგდა ანიკაშვილის მონოლოგი გადაცემის მეორე წამყვანმა - ვაკა გორგილაძემ განავრცო:

 

“ივანიშვილის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა ამოქმედდა. ბიზნესმენს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმეს. დაიწყეს “ქართუს” გაკოტრება, ანგარიშები დაყადაღდა, დააკავეს ბანკის თანამშრომლები, ატერორებდნენ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ ადამიანებს, რეჟიმი ებრძოდა მედიას, დააზიანეს “მეცხრე არხის” აპატარურა, ზღუდავდნენ სიგნალის გადაცემას, დააყადაღეს “გლობალ ტვ”. ეს იყო დაუნდობელი ბრძოლა ბინძური მეთოდებით და ამ ბრძოლის ნაწილი გახდა ბულინგის და შეურაცხყოფის კამპანია ივანიშვილების ოჯახის, მისი შვილების წინააღმდეგ. ასეთ რეალობაში აღმოჩნდა ბერა ივანიშვილი, რის შესახებაც ის ჩვენს ეთერში დეტალურად ისაუბრებს”.



გადაცემის წამყვანებმა აღნიშნული ვრცელი მონოლოგების შემდეგ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების - მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის, ასევე, ოპოზიციური ტელეარხების წამყვანების - ნოდარ მელაძისა და ნიკა გვარამიას კადრების ფონზე, დაგვიანონსეს, რომ გადაცემაში ვნახავდით - თუ “როგორია უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული საუბრების რეალური შინაარსი; როდის დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ მუქარის, ცილისწამების და შეურაცხყოფის კამპანია ოჯახის წინააღმდეგ; დღეს ვინ დგას ბულინგის და ფსიქოლოგიური ტერორის უკან; ამჯერად რა მიზანი აქვს ჩანაწერების ფაბრიკაციას; რატომ დაემთხვა მასალის გასაჯაროება პოლიტიკური მოლაპარაკების განახლებას და არჩევნების შესახებ ეუთოს საბოლოო, პოზიტიური დასკვნის გამოქვეყნებას”.

12 სტუმარი და 1 პოზიცია
 
ანონსის შემდეგ, გადაცემის წამყვანებმა მაყურებელს წარუდგინეს შემდეგი სტუმრები, როგორც სხვადასხვა სფეროს ავტორიტეტული ადამიანები, რომელთა აზრიც მნიშვნელოვანია:

“ქართული ოცნებიდან” მამუკა მდინარაძე, ვიქტორ სანიკიძე და გია ცაგარეიშვილი, ანალიტიკოსის სტატუსით - გური სულთანიშვილი და ნუკრი შოშიაშვილი, პოლიტოლოგის და ფსიქოლოგის სტატუსით რამაზ საყვარელიძე, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, თეა გოგოტიშვილი - ფსიქოლოგი, რობერტ სტურუა - რეჟისორი, ნიკუშა შენგელაია - მხატვარი, გოგა ხაინდრავა - კინორეჟისორი და ზურაბ მანჯავიძე - მომღერალი.

გადაცემის მსვლელობისას, თითქმის საათნახევრის განმავლობაში, მაყურებელი ისმენდა ჩამოთვლილი 12 რესპონდენტის ერთი და იგივე პოზიციას. რესპონდენტები მონოლოგის რეჟიმში, კრიტიკული კითხვებისა და ოპონირების გარეშე, უნისონში საუბრობდნენ ერთი და იმავეს. ამტკიცებდნენ, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია, რომ ივანიშვილების ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, რომ ოპოზიციური არხები დეზინფორმაციას ავრცელებენ და ეს კანონით უნდა დარეგულირდეს. წამყვანებიც ღიად აცხადებდნენ, რომ მათ აზრს თავადაც იზიარებდნენ. “აბსოლუტურად გეთანხმები” - ამ სიტყვებით უდასტურებდა წამყვანი სტუმრებს, რომ ერთ პოზიციაზე იყვნენ.

altწამყვანების მიკერძოება ნათლად ჩანდა ეთერში პირველივე რესპონდენტის ჩართვისას. გადაცემა მამუკა მამუკა მდინარაძის ჩართვით დაიწყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მონოლოგის რეჟიმში საუბრობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა წამყვანმა მისივე ნარატივის დამადასტურებელი რეპლიკით შეაწყვეტინა, მდინარაძემ კი უთხრა, რომ დაასრულებდა ისტორიის მოყოლას და მერე უპასუხებდა მათ კითხვებს - რაზეც გადაცემის წამყვანმა უპასუხა -“კითხვები აღარ გვექნება, ბატონო მამუკა”.

მართლაც, წამყვანებმა ტრიბუნა დაუთმეს მამუკა მდინარაძეს, რომელიც ერთხმად, კრიტიკული კითხვებისა და ოპონირების გარეშე ამტკიცებდა, რომ წინა ხელისუფლება უკანონოდ უსმენდა არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს.

“ბატონო მამუკა, აბსოლუტურად გეთანხმებით, მოგყვებით ამ ლოგიკაში, მართლაც შეუძლებელია ბერა ივანიშვილისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან, ანზორ ჩუბინიძისგან შექმნა დემონის”, - ამ სიტყვებით დაუდასტურა წამყვანმა ვაკა გორგილაძემ თავისი პოზიცია მდინარაძეს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მსგავსად, თავადაც არაერთხელ აღნიშნა, რომ “დაგეგმილი პროვოკაცია” უკვე დიდი ხანია გრძელდება.

იმის საჩვენებლად, თითქოს, საზოგადოება გმობს ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ “დაგეგმილ პროვოკაციას”, გადაცემაში გავიდა ე.წ. ქუჩის გამოკითხვაც. ჟურნალისტის კითხვას - დასაგმობია თუ არა ნაც.მოძრაობის მიერ ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ფსიქოლოგიური ტერორი - ყველა რესპონდენტი იდენტურად პასუხობდა, რომ “რა თქმა უნდა, დასაგმობია”.

მსჯელობა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ
 

alt

გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ გაჟღერდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული მესიჯები. კინორეჟისორი, მხატვარი და მომღერალი მედიის რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, გადაცემის წამყვანებს კი არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ.

მხატვარი ნიკუშა შენგელაია მაყურებელს არწმუნებდა, რომ ევროკავშირი ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონის მიღებას და პარლამენტს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ დაიწყონ ამის განხილვა. მომღერალი ზურა მანჯავიძე ამტკიცებდა, რომ სასამართლოში უნდა წყდებოდეს ეს ყველაფერი. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კი ოპოზიციურ ტელევიზიებზე არაერთხელ თქვა, რომ “უნდა გამოვრთოთ ფსიქოლოგიური ტერორის მანქანები”.

უფრო დეტალურად, მედიის რეგულირებისკენ მიმართული საშიში მსჯელობა ეთერში მას შემდეგ დაიწყო, რაც მაგდა ანიკაშვილმა გოგა ხაინდრავას შემდეგი კითხვით მიმართა - “ცდილობენ, დაგვაჯერონ სურათი, რომ არასრულწლოვანი, რომლის ოჯახსაც უპირისპირდებოდა მთელი რეპრესიული მანქანა, იყო მოძალადე. ეს როგორ უნდა ავხსნათ?”

გოგა ხაინდრავა: ეს არის ფსიქოლოგიური ტერორიზმის ნიმუში. გამოსავალი არის მარტივი - ეს ფსიქოლოგიური ტერორიზმი უნდა გამოვრთოთ და აღარც ეს ლაპარაკი იქნებოდა საჭირო, არც ის გავრცელება, არც ვნებათაღელვა. ეს ტელესაროსკიპოები, ეს დაწესებულებები, რომლებიც ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევიან ნამდვილს, რომელიც არაფრით ნაკლები არ არის იმ ტერორზე რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ფორმითაა, უნდა გამოვრთოთ და მორჩა, დამთავრდება ამით სუყველაფერი. დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ თავიანთ საროსკიპოებში და ილაპარაკონ ერთმანეთთან.

ნიკუშა შენგელაია: ეს ერთადერთი რამით გვარდება - კანონით. რომელიც მთელ ჩვენ პარტნიორულ ქვეყნებში მუშაობს. მე მინდა მივმართო დღევანდელ პარლამენტს - თავმჯდომარეს და დეპუტატებს - 2018 წლის ბოლოს მაუწყებლობის შესახებ კანონი დევს პარლამენტში, არ იხილავენ ამ კანონს. დღესვე ამოიღონ ეს კანონი და ხვალვე, სასწრაფოდ დაიწყონ განხილვა. იმიტომ, რომ ეს კანონი არის მოცემულობა ჩვენი, ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ეს არის ჩარჩო კანონი, რომელიც არის გაკეთებული მათი სპეციალისტების და ჩვენი მარეგულირებელი კომისიის, და ეს ჩარჩო არის ასოცირების ქვეყნებთან გაკეთებული. ეხლა კიდე ახალი აქვთ ევროკავშირს უკვე წევრებთან.

ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ წელს უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც სრულუფლებიან წევრად, ეს კანონი უნდა შევიდეს ძალაში, ამას ითხოვს ევროკავშირი. სხვანაირად არ გვარდება, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ჩვენ აქ შევშფოთდეთ, საზოგადოება, ეს არის მედია ფსიქოლოგიური ტერორი საზოგადოებაზე და ეს ნაწილი უნდა მოგვარდეს კანონით. მიყურადებას, მითვალთვალებას, უნდა გამკაცრდეს კანონი, იმიტომ, რომ მთელი ცივილური სამყარო შეთანხმდა, რომ ეს არის უზნეობა, ეს არის მიუღებელი საქციელი, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა, მისი თვალთვალი, ყურადობა და მით უმეტეს - გასაჯაროება...

ზურა მანჯავიძე: სასამართლოში უნდა წყდებოდეს ეს ყველაფერი. საინფორმაციო საშუალება ამბობს ტყუილს, აშკარა ტყუილს, დეზინფორმაციას, რომელსაც შეიძლება ცუდი შედეგები მოყვეს. შევიდეს სასამართლოში საქმე, დაჯარიმდეს ის ტელევიზია ტყუილის გავრცელებისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ერთხელ ასი ათასი დოლარით დაჯარიმდება, მეორეჯერ მილიონი დოლარით და ის ათასჯერ გადაამოწმებს კიდე იმ ინფორმაციას, კეთილს ინებებს და ჯიბეზე რომ შეეხება უკვე, ტყუილ ინფორმაციებს აღარ გაავრცელებს და ჩვენც აღარ გაგვიხეთქავს გულს. დაგვანებონ თავი, ნორმალური ცხოვრება გვინდა უკვე, ამოვიდა ყელში მართლა ეს კიწი-კოწი.

ნიკუშა შენგელაია: ეს კანონი, ჩარჩო, დევს პარლამენტში. მედიაექსპერტებთან ერთად გაკეთებული ევროსაბჭოს, საცა იხილება ასევე გაფრთხილება, ჯარიმა, შენ შეგიძლია სასამართლოში მიმართო და თუ ამ ყველაფერზე ეგენი ხო ჯარიმებზე უარს იძახიან, შეგიძლია საეთერო დრო გაუთიშო, ესეა ბევრ სხვა ქვეყანაში. შენ თუ საერთაშორისო შუღლს აღვივებ, ომის პროპაგანდას ეწევი, ბულინგს აკეთებ … (ულტრალიბერალური კანონმდებლობაა - აღნიშნა წამყვანმა), ჩვენც ყველაფერში ულტრა ვართ.

კულმინაცია - დაანონსებული “ექსკლუზიური ინტერვიუ” ბერა ივანიშვილთან
 
altგადაცემის დასკვნით ნაწილში, ეთერში დაპირებული ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა. გადაცემის წამყვანებს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილისთვის არ დაუსვამთ საზოგადოებაში არსებული მნიშვნელოვანი კითხვები, თუმცა, დაინტერესდნენ, მაგალითად იმით, თუ რატომ აღარ დებს ტიკ-ტოკზე ვიდეოებს და რა ახალ პროექტებს გეგმავს მუსიკოსი.

უფრო დეტალურად, წამყვანებმა ბერა ივანიშვილს ჰკითხეს:

  • პირველ რიგში, გთხოვთ, გაიხსენოთ, ბერა, ის პერიოდი, როდესაც დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ეს ბულინგის და შეურაცხყოფის კამპანია თქვენი ოჯახის წინააღმდეგ
  • ბერა, ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერები?
  • ბერა, მე გთხოვთ, რომ პერიოდი უფრო დავაკონკრეტოთ, იმიტომ, რომ გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს არის საუბრები ჩაწერილი 10-11 წლის წინ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ ეს 2017 წლის ჩანაწერია. რეალურად როგორ არის საქმე?
  • როგორ ფიქრობთ, ბერა, იყო თუ არა ეს კამპანია მიზანმიმართული კამპანია თქვენ წინააღმდეგ, თუ სხვა მიზანი, სხვა სამიზნე არსებობდა? რას ეტყვით დღეს იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ბულინგში, წერდნენ ამ შეურაცხმყოფელ კომენტარებს და, პრინციპში, დღეს ისინი აპროტესტებენ იმ პასუხს, რომელსაც თქვენი მეგობრები სცემენ მათ სოციალური ქსელის მეშვეობით და ბრაზობენ ამაზე იცით? ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ გულწრფელად გგულშემატკივრობთ და ძალიან მწვავედ რეაგირებს იმ შეურაცხყოფაზე, იმ ბულინგზე, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით და ბუნებრივად ერთვება აი ამ ბრძოლაში, ცდილობს, რომ დაიცვას თქვენი ოჯახი. თქვენ შეგიძლიათ მათ რაიმე უთხრათ, რაიმე მოწოდება გაქვთ მათ მიმართ?
  • სანამ ამ თემას ამოვწურავთ, აუცილებლად მინდა გთხოვოთ განმარტება - რას ნიშნავს ტერმინი “ტრი ტრი”, იმიტომ, რომ ამას რაღაც ბევრი ინტერპრეტაცია მოყვა და ეხლა უნდა აგვიხსნათ ეს ამბავი
  • რატომ გაჩნდა ეს ვერსია, რომ ეს რაღაცნაირად უკავშირდება თქვენს სიმღერას, რომ ეს შეიძლება იყოს 2017 წლის ჩანაწერი და, სხვათა შორის, თოლიის ხმასაც ეძებდნენ ამ ჩანაწერში, მე როგორც მივხვდი, ეგონათ, რომ ეს იყო გამოყენებული თქვენს სიმღერაში
  • ბერა, თქვენ იშვიათად ჩნდებით საზოგადოების წინაშე და, ბუნებრივია, რომ არის დიდი ინტერესი თქვენი საქმიანობის მიმართ. მე გავიხსენებ, რომ თქვენი ვიდეოები ძალიან პოპულარული იყო ტიკ-ტოკზე. თუ არ ვცდები, 5 მილიონი გამომწერი გყავთ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ეს ვიდეოები აღარ ჩნდება და რა არის ამის მიზეზი, ხომ ვერ გვეტყვით?
  • ამის მიუხედავად, თქვენ ბრძანდებით მუსიკოსი, თქვენ აგრძელებთ თქვენს საქმიანობას და გვითხარით რაიმე ახალი პროექტების შესახებ

რა გავიგეთ გადაცემიდან


გადაცემიდან, რომელიც სკანდალური ჩანაწერებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავიდა და რომელსაც წინ უძღოდა მმართველი გუნდის წევრების მტკიცება, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებული იყო, ფაქტობრივად, გავიგეთ, რომ ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებული არ არის. ეს იმ ფონზეც, როდესაც მთელი გადაცემა, ბერა ივანიშვილის ინტერვიუმდე, წამყვანებიც ამ გზავნილის გავრცელებას ცდილობდნენ და მტკიცებითში იმეორებდნენ, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. 

გადაცემაში არ დასმულა არცერთი კრიტიკული კითხვა, მსჯელობის საგანი არ გამხდარა არასრულწოვნების დაჩაგვრის ფაქტები, რაც ამ ჩანაწერებმა გამოააშკარავა, პირიქით, გადაცემა ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ "დედის კულტის" პატივისცემის სახელით, სხვების დაჩაგვრა ვაჟკაცური საქციელია. 

და მთავარი, გადაცემამ ნათელი გახადა, რომ ხელისუფლების მთავარი თავისტკივილი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაა და "ფსიქოლოგიური ტერორიზმის გამავრცელებელი მედია უნდა გამოირთოს". 

 

კატეგორია: მედიაგარემო
საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა “ტვ პირველში” შეჭრას აპირებს, სიცრუეა. უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც “ტვ პირველმა” გამოაქვეყნა სასამართლოს განჩინება, რომელმაც პროკურატურას მაუწყებლიდან ფარული ჩანაწერების შესახებ მასალების ამოღების უფლება მისცა. მაუწყებელში აცხადებენ, რომ მოსამართლემ პროკურატურას, ფაქტობრივად, იძულების გზით მაუწყებელში შესვლის და ჩხრეკის ჩატარების უფლება მისცა.

“ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება” - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, მაუწყებელს შეუძლია მათთვის მისაღებ დროს, პროკურატურაში წარადგინონ ხელთ არსებული ფარული ჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიუხედავად მათ მიერ გაჟღერებული პოზიციისა სასამართლოს განჩინების შინაარსთან დაკავშირებით.

პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიების მიზანია დროულად მიიღონ ჩანაწერები, რათა დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დასადგენად და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდა, მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ “ტვ პირველიდან” ჩანაწერების ამოღების შესახებ განჩინება არღვევს სიტყვის თავისუფლებას, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და აქვს მსუსხავი ეფექტი ხელისუფლებების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებისთვის. 

საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.
კატეგორია: მედიაგარემო

გიორგი მშვენიერაძე, რომელიც “TV პირველის” ინტერესებს იცავს მასალის ამოღების საქმეში, აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ, რადგან, ვიდრე ეს განჩინება ძალაში ექნება, პროკურატურას ექნება საშუალება, ნებისმიერ დროს შევიდეს ტეელვიზიაში იმ ნივთის ამოსაღებად, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. და იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს ნივთი რომც არსებობდეს, მის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა.

“დღეს დავიწყეთ აქტიურად მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა ტვ პირველს, გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, პირველ რიგში”, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე და ამატებს, რომ სანამ არსებობს ეს განჩინება და ეს არის ძალაში, იქამდე აქვთ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობა, იძულების სახით, ნებისმიერ დროს განახორციელონ ტვ პირველში” იმ ნივთის ამოღება, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, - “და რომც არსებობდეს, მაინც არ აპირებს ტელევიზია ამის გადაცემას საგამოძიებო ორგანოებისათვის”.

მშვენიერაძის შეფასებით, ეს განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც არ აინტერესებს თავად ჩანაწერის შინაარსი: “ანგარიშგებაში არ არის მოთხოვილი აუდიო ფაილი, არამედ მიზანმიმართულად ითხოვენ იმ მოწყობილობას, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო ჩაწერის ფაილი, ანუ მათ აინტერესებთ სწორედ ფაილის წარმომავლობა ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოებით დაცული, აბსოლუტური პრივილეგიით დაცული წყარო”.

ადვოკატის თქმით, ტელევიზია აცხადებს მზადყოფნას, თუ გამოძიება დაინტერესდება, გადასცეს მას აუდიო ფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ტელევიზიაში არ არსებობს ის დოკუმენტი თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება, - “და რომ არსებობდეს ტელევიზია მის გადაცემაზე მაინც უარს განაცხადებდა”.

“ამ განჩინებას უახლოეს პერიოდში გავასაჩივრებთ. აქვე განვმარტავ, რომ არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი, მაგრამ ამის მიუხედავად, გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით მაინც შევეცდებით და თუკი ეს არ იქნება საკმარისი, განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით”, - აცხადებს მშვენიერაძე.


შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს. ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად, ტელევიზიაში ჩხრეკის ჩტარებას ნიშნავს.

საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.

სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც დღეს "TV პირველის" დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა გამართეს, ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა სწრაფად ირეაგირონ მომხდარზე:

"ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება. დღეს უკვე სასამართლო დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია პირველში. ეს არის ხელისუფლების, ქართული ოცნების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტვ პირველი აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს”, - განაცხადა წერეთელმა.

კატეგორია: მედიაგარემო
"ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ”, - ამ ფრაზით, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და მათგან სწრაფ რეაქციას ითხოვს.

სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა გამართეს, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურამ ამოიღოს ტვ პირველიდან მასალები, ხელისუფლება ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან გავიდა

“მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას - გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია პირველი” ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში”.

ამავე ბრიფინგზე ვატო წერეთელმა დოპლომატიურ კორპუსს მიმართა, გაიღონ ძალისხმევა ამ ისტერიის შესაჩერებლად:

“მე მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება. დღეს უკვე სასამართლო დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია პირველში. Ეს არის ხელისუფლების, ქართული ოცნების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტვ პირველი აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს”.


შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს. ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად, ტელევიზიაში ჩხრეკის ჩტარებას ნიშნავს.

საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.

 

კატეგორია: მედიაგარემო
“სასამართლოს განჩინება ტელეკომპანია ტვ პირველიდან გავრცელებული ჩანაწერების ამოღების შესახებ არღვევს სიტყვის თავისუფლებას და არსებით საფრთხეს უქმნის დემოკრატიას”, - ასე ეხმაურება “დემოკრატიის ინდექსი საქართველო” სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის "TV პირველიდან"ფარული ჩანაწერების შესახებ მასალების ამოღების უფლების მიცემას.

ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტყვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობა ჟურნალისტს აძლევს იმუნიტეტს, რომლითაც მას უფლება აქვს, არ გადასცეს პროფესიული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებსაც კი. სიტყვის თავისუფლებას კი საფრთხე მაშინ ექმნება, როდესაც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს შესახებ ინფორმაციის ამოღებაც ხდება.

ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ციტირებს და ამბობს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში ინფორმაციის წყაროს გადაცემის მოთხოვნა გამოძიების ორგანოების მხრიდან არღვევს სიტყვის თავისუფლებას, მაშინაც კი, თუ არ აღსრულებულა.

“მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა განჩინებით არ გაავლო ზღვარი დანაშაულის საგანს - ჩანაწერს და ინფორმიაციის წყაროს შორის, რომელმაც ჟურნალისტს გადასცა აღნიშნული ჩანაწერი. მან ნება დართო გამოძიებას, ამოეღო ინფორმაცია, რომელიც არა მხოლოდ ჩანაწერის ამოღების შესაძლებლობას იძლევა, არამედ ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების პირდაპირ საფრთხესაც ქმნის”.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არღვევს სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას:

“ნახსენები კონვერტი ან სხვაგვარი შეფუთვა, რომლის ამოღების ნება ასევე მიეცა საგამოძიებო ორგანოებს, შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციის წყაროს ვინაობას ან მინიშნებას მასზე. მიუხედავად ამ საფრთხისა, მისი განეიტრალებისთვის რაიმე კონკრეტული დათქმა მოსამართლეს არ განუსაზღვრავს თავის განჩინებაში. გასათვალისწინებელია, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა). სწორედ ამიტომ მისი განჩინება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას”.

სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის "TV პირველიდან" ფარული ჩანაწერების შესახებ მასალების ამოღების უფლების მიცემას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ. მედიაკოალიცია აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე ზემოქმედების ნებისმიერი ნაბიჯი ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მცდელობად აღიქმება და ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს. ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად, ტელევიზიაში ჩხრეკის ჩტარებას ნიშნავს.

საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.
კატეგორია: მედიაგარემო
“გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ” - ასე ეხმაურებიან კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის "TV პირველიდან"ფარული ჩანაწერების შესახებ მასალების ამოღების უფლების მიცემას.

მედიაკოალიცია აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე ზემოქმედების ნებისმიერი ნაბიჯი ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მცდელობად აღიქმება და ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც ხელისუფლება ახალისებს:

“მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 09 მარტს საქართველოს პროკურატურამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ. ვფიქრობთ, რომ გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ. ჩვენ კვლავაც ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც, სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ.”

10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს. ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად, ტელევიზიაში ჩხრეკის ჩტარებას ნიშნავს.

საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.
კატეგორია: მედიაგარემო
სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს. ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად, ტელევიზიაში ჩხრეკის ჩტარებას ნიშნავს. 

სასამართლოს განჩინება ტელეკომპანიამ გუშინ მიიღო. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განჩინების დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურორმა მიმართა და ითხოვა ნებართვის გაცემა, რათა: “საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ, განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება, ამოღება, კერძოდ ამოღებულ იქნეს: 2021 წლის, 6 მარტს, „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 2021 წლის, 6 მარტს, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ “TV პირველისთვის” გადაცემული (გაგზავნილი) კონვერტი (ან სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა”.





"მედიაჩეკერთან" საუბარში ნოდარ მელაძე ამბობს, რომ იმ განჩინებიდან, რაც მათ მიიღეს, ვერ დგინდება, რა კონვერტს და რა ელექტრონულ მატარებელს ითხოვს პროკურატურა, ამიტომ, არხის იურისტები ამზადებენ პასუხს, რომლითაც უწყებისგან დაკონკრეტებას მოითხოვენ. გარდა ამისა, მელაძის თქმით, ის ფაქტი, რომ მოსამართლემ პროკურატურას მაუწყებელში შესვლის და ფაქტობრივად, ჩხრეკის ჩატარების უფლება მისცა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

“პრაქტიკა ასეთია, რომ პროკურატურა, ძალოვანი უწყება ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური , როდესაც მედიასაშუალების ნებისმიერი მასალა წარმოადგენს მათ ინტერესს, აგზავნის წერილს და შესაბამისად მედია აწვდის მასალებს. განჩინებამდე ასეთი წერილი არ შემოსულა და თავიდანვე იძულების ღონისძიების გზით რატომ მიდიან? ეტყობა უნდათ შემოსვლა და კომპიუტერების ამოღება, წაღება, ჩხრეკის ჩატარება და ასე ძალის დემონსტრირება”.

ნოდარ მელაძე ფიქრობს, რომ ამ ქმედების მიზანი წყაროზე გასვლაა. ისინი კი, რა თქმა უნდა, წყაროს გამხელას არ აპიებენ: "წყაროსთან დაკავშირებით, კანონი გვაძლევს იმის უფლებას, რომ არ დავასახელოთ და, რა თქმა უნდა, არც დავასახელებთ".

საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.