კატეგორია: რესურსები

აპრილის მოახლოება როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, საპირველაპრილო ხუმრობებთანაა დაკავშირებული. პირველ აპრილს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა კომპანიისა თუ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც სინამდვილეში "უწყინარი ხუმრობა" აღმოჩნდება ხოლმე.

ამ მცდარი განცხადებების ტირაჟირებას მედიასაშუალებების ნაწილიც უწყობს ხელს. ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მედია ორგანიზაციებიც იგონებენ არარსებულ ფაქტებს და აუდიტორიის საპირველაპრილოდ გაცურებას (მოტყუებას) ცდილობენ.

ამ თემაზე: "საპირველაპრილო ხუმრობები ქართულ მედიაში"

თუმცა, რამდენად მისაღებია მსგავსი მიდგომა და როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, რომ შემთხვევით პირველი აპრილის ხუმრობების ”მსხვერპლი“ არ გახდეს და ყალბი ინფორმაცია არ გაავრცელოს? - ამ კითხვებზე პასუხსა და რჩევებს Poynter-ის ინსტიტუტი აქვეყნებს.

1. ნუ იჩქარებთ - სხვა დღეებთან შედარებით პირველ აპრილს ადამიანები უფრო მეტად შეეცდებიან მოგატყუონ, ამიტომ ნუ იჩქარებთ, დაფიქრდით და სკეპტიკურად შეხედეთ ყველა ამბავს.

2. ნუ ენდობით სტუდენტურ გამოცემებს - და ზოგადად, თვალდახუჭული არც სხვა მედიასაშუალებებს ენდოთ, გადაამოწმეთ ყველა ფაქტის სისწორე.

3. იქნებ არ ღირს მონაწილეობა - მკითხველებისთვის თქვენ მიერ გავრცელებული უწყინარი ხუმრობები შეიძლება უკან ცუდად დაგიბრუნდეთ. ორგანიზაცია RTDNA-ს ყოფილი თავმჯდომარე ვინსენტ დაფი ამ საკითხთან დაკავშირებით წერდა " ბევრმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი სანდოობაა, განსაკუთრებით იმ ხანაში, როდესაც ბევრი მედიასაშუალება ჯერ ამბავს აშუქებს და ფაქტებს მოგვიანებით ამოწმებს. ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და აქტივისტი კი დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს სოციალური მედიის საშუალებით. თუ გვინდა, რომ გვენდობოდნენ, მაშინ არ უნდა ჩავერთოთ ხალხის მოტყუების (საპირველაპრილო) თამაშში."

4. ზოგჯერ ეს მუშაობს - National Public Radio-მ 2014 წელს Facebook-ზე საპირველაპრილოდ ერთდროულად სახუმარო და შინაარსიანი მასალა გამოაქვეყნა სათაურით: "რატომ აღარ კითხულობენ ამერიკელები?" ბმულზე გადასულ მკითხველს კი შემდეგი ტექსტი დახვდა ვებგვერდზე:

"ჭეშმარიტო (ნამდვილო) მკითხველებო, გილოცავთ პირველ აპრილს!

ზოგჯერ გვგონია, რომ ხალხის ნაწილი ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე ისე აკომენტარებს, რომ მათ არც კი კითხულობს. თუ შენ ახლა ამას კითხულობ, გთხოვ მოიწონე ეს პოსტი, მაგრამ არ დატოვო კომენტარი მის ქვეშ და ვნახოთ, რას იტყვის ხალხი ამ "სტატიაზე".

სასიამოვნო დღეს გისურვებთ.
საუკეთესო სურვილებით,
თქვენი მეგობრები NPR-დან“

alt


და ბოლოს, Poynter-ის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ცენტრი სვამს კითხვას: "ყალბი ახალი ამბების ერაში, არის კი სასაცილო საპირველაპრილო ხუმრობები?

----
P.S. სტატიის ორიგინალი ვერსია Poynter-ზე 2015 წელს გამოქვეყნდა, 2018 წელს კი სტატია განახლდა.


ასევე დაგაინტერესებთ:
"ნინია კაკაბაძის ხუმრობა ონლაინ მედიის ნაწილმა ახალ ამბად გაავრცელა"

 

კატეგორია: რესურსები

აუდიტორიას აქვს უფლება ფლობდეს მედიასაშუალების შესახებ ინფორმაციას, იქნება ეს მისი საკონტაქტო ნომერი, მფლობელის ვინაობა, ფინანსების გამჭვირვალობა თუ ორგანიზაციის მთავარი მისია.

მედია ეთიკის მიმომხილველი კელი მაქბრაიდი Poynter-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ონლაინ მედიასაშუალებებისთვის "ჩვენ შესახებ" გვერდის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, დღესდღეობით მედიაში უამრავი რთული პრობლემაა, თუმცა არსებობს ერთი მარტივი პრობლემაც, რომლის გადაჭრა ნებისმიერ მედია ორგანიზაციას ზომიერი ძალისხმევით შეუძლია - ეს კი სწორედ "ჩვენ შესახებ" გვერდს უკავშირდება.

ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობითი ხასიათის გვერდი ყველა ონლაინ მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს, თუმცა ვებგვერდების უმრავლესობას , ფაქტობრივად, არ აქვს ადგილი გამოყოფილი იმისთვის, რომ საზოგადოებას თავიანთ შესახებ მოუყვნენ - ვინ არიან, რას საქმიანობენ და რა წარმოადგენს მათს მიზანს. ზოგჯერ აუდიტორიისთვის ვებსაიტზე ელემენტარული ინფორმაციის მოძებნაც კი შეუძლებელია, მათ შორის, თუ ვინ დგას გვერდის მიღმა და საერთოდაც რატომ არსებობს ესა თუ ის ვებსაიტი.

“ჟურნალისტები ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ აუხსნან რას სთავაზობენ საზოგადოებას, რატომ არიან ღირებულნი და რატომ უნდა დაუჯეროთ მათ. "ჩვენ შესახებ" გვერდი კი უმარტივესი გზაა ამის სათქმელად", - განმარტავს პროექტ Trusting News-ის ხელმძღვანელი, ჯოი მეიერი.

სტატიის ავტორი გაცნობითი ხასიათის გვერდის ქონის თვალსაზრისით გამონაკლისებად სტარტაპებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს მიიჩნევს. კელი მაქბრაიდი აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის ვებგვერდებს ყოველთვის აქვთ ადგილი გამოყოფილი კომპანიის შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად, რადგან სტარტაპების შემთხვევაში, ისინი რაღაც ახალს ქმნიან და ცდილობენ ამის შესახებ საზოგადოებასაც შეატყობინონ, არაკომერციული ორგანიზაციების ნაწილი კი შემოწირულობებს ითხოვს.

მედია ორგანიზაცია NPR-ს გაცნობითი ხასიათის გვერდი მრავალფეროვანი ინფორმაციით აქვს შევსებული, მათ შორის რამდენიმე ათეული ბმულით კომპანიის ფინანსების, საკონტაქტო ინფორმაციისა და მასალის შესწორების მოთხოვნის გაგზავნის შესახებ. ამ შემთხვევაში მაქბრაიდი ერთადერთ პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ ბმულების მოსაძებნად მკითხველს გვერდის ბოლომდე უწევს ჩასვლა. 

 The Texas Tribune-საც არანაკლებ მრავალფეროვანი მასალა აქვს "ჩვენ შესახებ" გრაფაში, მათ შორის ინფორმაცია კადრების, ფინანსების, სტრატეგიული გეგმის, ეთიკისა და სხვა სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. იგივე შეიძლება ითქვას ProPublica-ზეც.

alt


სტატიის ავტორს ჯოი მეიერის არგუმენტი მოჰყავს და წერს, რომ ექსპერტები ახალგაზრდებს ინფორმაციის შეფასებისას უპირველეს ყოვლისა მისი წყაროს დადგენას ასწავლიან და როდესაც ვებსაიტზე "ჩვენ შესახებ" გვერდი არ გვხვდება ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ კომპანიას არ სურს გამჭვირვალობა. მეიერი იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ვებგვერდზე იმის შესახებაც კი არ იძებნება ინფორმაცია, თუ რა გეოგრაფიულ არეალს ფარავს.

"ჩვენ შესახებ" გვერდის შექმნა არამარტო აუდიტორიას მიაწვდის ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, არამედ მედიასაშუალებებს შიდა მუშაობაშიც შეუწყობს ხელს, მათ შორის, ახალი კადრების ინტეგრირების პროცესსა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

მაქბრაიდის რეკომენდაციით, "ჩვენ შესახებ" სრულყოფილი გვერდის შექმნა 3 ელემენტს საჭიროებს:

  1. ხელმძღვანელობის კონსენსუსს - გუნდმა ერთად უნდა გამონახოს დრო "ჩვენ შესახებ" გვერდის შესაქმნელად.
  2. კარგი დიზაინს - მხოლოდ დიდი ტექსტი საკმარისი არაა.
  3. დეველოპერების გუნდს - გვერდზე ნებისმიერი ცვლილებისთვის პროგრამისტების შრომაა საჭირო.
კონკრეტული ნაბიჯები "ჩვენ შესახებ" გვერდის შესაქმნელად:

  • ჩამოწერეთ ხელმძღვანელი პირების სია, რომელთა ნებართვაც საჭიროა "ჩვენ შესახებ" გვერდის შესაქმნელად.
  • ამ სიიდან პროექტის მიმართ ენთუზიაზმით განაწყვეთ ერთი ადამიანი, რომელიც საქმეს ბოლომდე მიჰყვება.
  •  დაავალეთ ნიმუშის შექმნა მცირე ჯგუფს (არაუმეტეს ოთხი ადამიანისა)
  • გადაწყვიტეთ, რომელ კითხვებს უნდა პასუხობდეს თქვენი გაცნობითი გვერდი. შესაძლოა გამოიყენოთ ეს კითხვები:
         ○ რისთვის არსებობს ჩვენი საინფორმაციო ორგანიზაცია?
         ○ რა თემებს ვაშუქებთ?
         ○ რა თვალსაზრისით ვუდგებით ჩვენს საქმეს?
         ○ როგორ ვასწორებთ ჩვენს შეცდომებს? 
         ○ ვინ არის ჩვენი მფლობელი?
         ○ როგორ გვაფინანსებენ?
         ○ რა გზებით შეუძლია აუდიტორიას ჩვენთან ინტერაქცია?
         ○ ამჟამად რა გვჭირდება ჩვენი აუდიტორიისგან?
  • დაწერეთ საცდელი პროექტი.
  • ანახეთ მასალა ხელმძღვანელ პირებს მოდიფიცირებისთვის.
  • შექმენით დიზაინი.
  • პროგრამისტებს ისე განათავსებინეთ ეს მასალა ვებგვერდზე, რომ მკითხველი მას ყოველთვის ხედავდეს.
  • გამოაქვეყნეთ.
  • მიაქციეთ ყურადღება გვერდს. საშუალება მიეცით აუდიტორიას დაგიკავშირდნენ ამ გვერდის საშუალებით. ჩართეთ შეკითხვის გამოგზავნის ფუნქცია.
  • შეარჩიეთ ჟურნალისტი, რომელიც ამ გვერდზე შემოსულ ინფორმაციას ყოველ კვარტალში ერთხელ განიხილავს. როცა გამოქვეყნებულ ინფორმაციას განახლება დასჭირდება დაუბრუნდით ზემოთ ნახსენებ პირველ ნაბიჯს.

კელი მაქბრაიდი ზოგიერთ ვებსაიტზე "ჩვენ შესახებ" გვერდის არ არსებობის ერთერთ მიზეზად მენეჯმენტის მხრიდან ქედმაღლობას ასახელებს - "ზოგიერთი მედიასაშუალების ხელმძღვანელს ჰგონია, რომ ყველამ იცის მისი ორგანიზაციის შესახებ. შემიძლია გარანტია მოგცეთ იმისა, რომ ეს რწმენა უადგილოა ყველაზე ცნობილი ახალი ამბების ორგანიზაციებისთვისაც კი. თუ ასეთ ქედმაღლობას წააწყდებით ან თქვენ თვითონვე ხართ ამაში დამნაშავე, დასვით შეკითხვა: კმაყოფილი ვართ ჩვენი ამჟამინდელი აუდიტორიის ზომით? თუ გვინდა უფრო გავზარდოთ აუდიტორია? თუ აუდიტორიის ზრდა გინდათ, მაშინ ისიც უნდა აუხსნათ ხალხს, რატომ უნდა გენდოთ თქვენ", - წერს მაქბრაიდი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ტექნოლოგიური სიახლეების ვებგვერდი Recode ბოლო პერიოდში მედიის შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და დროთა განმავლობაში "ჟურნალისტის" განმარტების ცვლილების ტენდენციაზე აქვეყნებს სტატიას .

აშშ-ში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედია გამოცემებში მომუშავე კადრების მასობრივი შემცირება დაიწყო. მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, LinkedIn-ის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ მდგომარეობა არც ისე ცუდი შეიძლება იყოს, თუ "ჟურნალისტის" უფრო ფართო განმარტებას გამოვიყენებთ.

2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც Facebook-ი შეიქმნა, ჟურნალისტთა დასაქმების მაჩვენებელი 14%-ით შემცირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავეებისთვის, რომელთაც ხშირად ჟურნალისტების მსგავსი განათლება და უნარ-ჩვევები აქვთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნეგატიური აღმოჩნდა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სწრაფად იზრდება "სოციალური მედიასა" და "კონტენტის" სფეროში დასაქმებულთა რიცხვი.

 alt
 LinkedIn-ზე დასაქმებულთა წილი პროფესიების მიხედვით 
LinkedIn-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ 2018 წელს ოთხივე კატეგორიაში: ჟურნალისტიკაში, PR-ში, კონტენტსა და სოციალურ მედიაში - დასაქმების ბევრად მაღალი მაჩვენებელი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც Facebook-ს ჯერ კიდევ theFacebook.com ერქვა.

LinkedIn-ის მონაცემთა უფროსი მეცნიერის, ალან ფრიტზლერის, განცხადებით, ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ჟურნალისტიკასა და PR-თან დაკავშირებული სამუშაო ადგილები კი არ ქრება, არამედ დროთა განმავლობაში სახელს იცვლის. ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ჟურნალისტიკაში ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობდნენ, ნელ-ნელა "კონტენტის შემქმნელებად" და "სოციალურ მედია მენეჯერებად" იქცნენ.

LinkedIn-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რედაქტორების, რეპორტიორებისა და ჟურნალისტების სამუშაო ადგილების შემცირება არც ისე დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა რადიკალურად განსხვავებული სურათია PEW-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც "შრომის სტატისტიკის ბიუროს" (BLS) მონაცემებია გამოყენებული. ეს კი იმითაა განპირობებული, თუ რა განსაზღვრავს "ჟურნალისტიკას".

ბიუროს მონაცემთა ბაზაში ჟურნალისტად მიჩნეული იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ახალი ამბების ინდუსტრიაში მუშაობდნენ. თუმცა, Recode-ის ცნობით, დღესდღეობით ადამიანთა ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს, ტრადიციულ ჟურნალისტიკაში ტრადიციული მედიასაშუალებებისთვის აღარ მუშაობს.

მაგალითად, BLS-ის მონაცემებში ვერ მოხვდნენ ციფრული მედიის პროდიუსერები და პოდკასტის ავტორები. გარდა ამისა, დღეს უკვე უამრავი კომპანია არსებობს, რომლის მთავარი მიმართულება სარედაქციო მხარე არაა და, შესაბამისად, ეს დამსაქმებლებიც ტიპურ ჟურნალისტურ კომპანიებს შორის არ მოაზრებიან, თუმცა აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებენ. მაგალითად, კომპანია Dollar Shave Club-ის მიერ შექმნილი ჟურნალი კაცებისთვის MEL Magazine. ეს კომპანია კვლევისას არა ჟურნალისტურ, არამედ იმ კომპანიებს შორის მოხვდება, რომლებიც თავის მოვლის საშუალებებს ყიდის. ხოლო, უშუალოდ LinkedIn-ის 70 ადამიანისგან შემდგარი სარედაქციო პერსონალი დასაქმების სერვისის ინდუსტრიაში შეიძლება იყოს განხილული.

"ათი წლის წინ, ჟურნალისტური სამუშაო სტაბილური და პროგნოზირებადი იყო, შეგეძლო ამისთვის მომზადებულიყავი, არსებობდა გარკვეული გზა. მაგალითად, ბეჭდურ მედიაში კლასიკური "მარშრუტი" იყო პატარა გაზეთიდან დაწყება, შემდეგ ცოტა უფრო დიდსა და ბოლოს ყველაზე დიდ გაზეთში გადასვლა",- აცხადებს ბოსტონის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის პროფესორი კრის დეილი.

ეს ტრაექტორია შეიცვალა და იშვიათი გახდა. დეილის ბევრ ჟურნალისტ სტუდენტს ახლა ისეთი სამუშაო აქვს, რომლიც დამოუკიდებელი არაა - ანუ ისინი მუშაობენ ჟურნალისტებად, თუმცა ნაკლები შანსია იმისა, რომ თავიანთი დამსაქმებელი კომპანია გამოიძიონ - მაგალითად, საინფორმაციო ბიულეტენის მწერალი ჰოსპიტალისთვის ან არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავე გამომძიებელი რეპორტიორი .

“ისინი არ მუშაობენ პრესისთვის ან ტელევიზიისთვის, მაგრამ იმავე უნარებს იყენებენ. ესაა სამსახურები, რომლებიც ფაქტების მოძიებასა და ინტერვიუს აღებას მოიცავს - ფაქტობრივად ჟურნალისტობას," - განმარტავს დეილი.

LinkedIn-ის მონაცემები მოიცავს ყველას, ვინც ჟურნალისტის, რედაქტორის, საინფორმაციოს ხელმძღვანელის, რეპორტიორისა და ამ საქმიანობებთან დაკავშირებულ პოზიციაზე იყო დასაქმებული, განურჩევლად იმისა, თუ რა ტიპის კომპანიაში მუშაობდნენ. ამ ჟურნალისტებისთვის დამახასიათებელი საკვალიფიკაციო უნარები კი მონაცემთა ანალიზს, ციფრულ მარკეტინგს, Adobe Premiere-ისა და Illustrator-ის ცოდნას მოიცავს.

ადამიანების სუბიექტური განმარტება ჟურნალისტიკაზე ყოველთვის განსხვავებულია, თუმცა LinkedIn-ის ზემოთნახსენები კვლევის მიგნებები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტიკის დღევანდელი მდგომარეობა შესაძლოა არც ისეთი არასახარბიელოა, როგორც სხვები ფიქრობენ.
კატეგორია: ფოტოისტორია
1989 წლის 5 ივნისს, ფოტორეპორტიორი ჯეფ ვიდენერი ჩინეთის დედაქალაქში, სასტუმრო "ბეიჯინგის" მეექვსე სართულზე იმყოფებოდა, როდესაც ყველასთვის ნაცნობი ფოტო - Tank Man ("ტანკის კაცი") გადაიღო. ამ ერთი ფოტოს მიღმა საინტერესო ისტორია იმალება.

ვიდენერი Associated Press-მა პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე აქციის გასაშუქებლად გაუშვა. დემონსტრანტები რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლებისგან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას მოითხოვდნენ, საბოლოოდ კი 4 ივნისს საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ჯარის დახმარებით დაარბია. მომხდარს რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მეორე დღეს ფოტორეპორტიორი ტიანანმენის მოედანზე უნდა გასულიყო და დარბევის შემდგომ არსებული ვითარება ფირზე აღებეჭდა. როგორც, ჯეფ ვიდენერი იხსენებს, იმ დღეებში ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ ჩინეთის პოლიცია ჟურნალისტებს კამერასა და ბლოკნოტებს ართმევდა და მათს წინააღმდეგ ელექტროშოკს იყენებდა.

alt
 AP-ის ფოტოგრაფები: ჯეფ ვიდენერი და ლიუ ჰანგ შინგი ტიანანმენის მოედანზე  

"მოედანზე ფოტოების გადასაღებად მაქსიმალურად მცირე ზომის კამერა Nikon FE2 წავიღე, ჩამოსაკიდი მოვხსენი და კამერა შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე, რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო. ქურთუკის გარე და შიდა ჯიბეები კი ფოტოაპარატის ლინზების, რამდენიმე შეკვრა ფირისა და ტელეკონვერტერისათვის გამოვიყენე."

ფოტორეპორტიორი AP-ის ოფისიდან დანიშნულების ადგილამდე ველოსიპედით მივიდა. როგორც კი სასტუმრო "ბეიჯინგს" მიუახლოვდა, ვიდენერმა დაინახა, რომ სასტუმროს შესასვლელთან პოლიციელები იდგნენ.

alt

"მე ნელა მივუახლოვდი შესასვლელს და დავაყენე ჩემი ველოსიპედი, ვიცოდი, რომ, დიდი ალბათობით, პოლიციელები დამაკავებდნენ, მაგრამ ამ დროს სასტუმროს ლობიში ახალგაზრდა კაცი დავინახე, რომელსაც რემბოს მაისური, შორტები და სანდლები ეცვა. ის კრიკ მარტსენი იყო, გაცვლითი პროგრამის ამერიკელი სტუდენტი, რომელიც სასტუმროში Los Angeles Times-ის რეპორტიორთან ერთად იყო გაჩერებული. მე თამამად გავემართე მისკენ და ხმამაღლა დავუძახე: "გამარჯობა ჯო, სად იყავი? გეძებდი." და როცა მივუახლოვდი ჩავჩურჩულე " მე Associated Press-დან ვარ, შეიძლება შენს ოთახში ამოვიდე?" კრიკმა ლიფტისკენ მიმითითა. დავინახე, როგორ შეტრიალდნენ სასტუმროს შესასვლელში მდგარი პოლიციელები, ალბათ, ეგონათ, რომ სასტუმროს სტუმარი ვიყავი."

alt
 კრიკ მარტსენი

ჯეფ ვიდენერმა ლიფტში ამერიკელი სტუდენტისგან შეიტყო, რომ ჯარისკაცებმა სასტუმროს შესასვლელთან მდგარი ორი მამაკაცი მის გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე მოკლეს. როცა ისინი ოთახში ავიდნენ, ფოტორეპორტიორმა სტუდენტს განუმარტა, რა მიზნით იყო ტიანანმენის მოედანზე მისული.

"კრიკმა ამიხსნა, რა გზით შეიძლებოდა სასტუმროს სახურავზე ასვლა ფოტოების გადასაღებად, იქ მოსახვედრად ლიფტის გამოყენება იყო საჭირო, თუმცა პირველი მცდელობისას სასტუმროს დაცვამ შეგვაჩერა, რომელის წევრებიც ყველა სართულზე იყვნენ განლაგებული”.

მარტსენი და ვიდენერი ოთახში დაბრუნდნენ, ფოტორეპორტიორმა რამდენიმე კადრი სასტუმროს აივნიდან გადაიღო და მოგვიანებით კიდევ ერთხელ სცადა სახურავზე ასვლა.

"სასტუმროს დაცვის თანამშრომელი სართულებს შორის კოლეგას რაღაცაზე ეკამათებოდა, ამიტომ ლიფტში შესვლა მოვახერხეთ და სახურავზე ავედით. კრიკს ვთხოვე ჩემი ფირები საცვალში დაემალა, რადგან თუ ვინმე გამოგვიჭერდა, პირველ რიგში კამერის მოსაძებნად მე გამჩხრეკდნენ, კრიკს კი მხოლოდ მაისური და შორტები ეცვა."

ვიდენერი ჰყვება, რომ სახურავზე ახალგაზრდა წყვილს გადააწყდა დასავლეთიდან. ისინი სახურვის კიდეზე ისხდნენ და ფეხებს აქანავებდნენ. ფორტორეპორტიორმა წყვილი გააფრთხილა, რომ იქ ყოფნა სახიფათო იყო, რადგან სნაიპერს ნებისმიერ დროს შეეძლოა გაესროლა მათკენ, ამასთანავე წყვილი ყურადღებასაც უფრო მეტად მიიქცევდა კრიკსა და მასზე.

"მათ ყურადღება არ მოგვაქციეს და განაგრძეს იქ ჯდომა. შორი დისტანციიდან ათობით ტანკსა და დამატებით სამხედრო ავტომობილებს ვხედავდი, მაგრამ ჩემი 40 მმ-იანი ობიექტივისთვის კადრი ძალიან შორი იყო. თუმცა, საბედნიეროდ ტელეკონვერტერი მქონდა, რამაც ეს პრობლემა გადაჭრა. რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ Fuji 800 ISO-ს ფირი კრიკს მივეცი და დაუყოვნებლივ დავტოვეთ ტერიტორია."

alt

ვიდენერს ფოტოაპარატისთვის საკმარისი ფირები აღარ ჰქონდა. კრიკმა მას დახმარება შესთავაზა და 2 საათში ოთახში Fuji 100 ISO - ს ფერადი ნეგატივის ფირებით დაბრუნდა, რომელიც სასტუმროს ერთერთ სტუმარს გამოართვა.

"იმედგაცრუებული ვიყავი ფირების უხარისხობით, მაგრამ სწორედ იმ ერთმა ფირმა შეცვალა ჩემი ცხოვრება", - იხსენებს ფოტოჟურნალისტი.

როგორც კი ვიდენერს გარედან ძრავების ხმა მოესმა თავისი ფოტოაპარატი აიღო, აივანზე გავიდა. იქვე კედელზე ნატყვიარი იყო და იცოდა, რომ მარტივად შეიძლებოდა გამხდარიყო ტყვიის მსხვერპლი, ამიტომ რკინის მოაჯირებს ამოეფარა.

alt

"მოედანზე ჩამწკრივებული ტანკები გამოჩდნენ და ვიფიქრე, რომ კარგი კადრი გამოვიდოდა. მაგრამ მოულოდნელად თეთრპერანგიანი კაცი გამოჩნდა, რომელსაც ორივე ხელში პარკები ეჭირა, ტანკებს მიუახლოვდა და წინ დაუდგა. მე გავღიზიანდი და კრიკს ვუთხარი ეს კაცი კომპოზიციას გამიფუჭებს-მეთქი. კრიკმა გადმომაძახა ისინი მას მოკლავენო. მაშინ თავი ჯერ კიდევ არეული მქონდა წინა დღით ნანახის გამო და ის ფაქტი, რომ კაცი რამდენიმე ტანკს გადაეღობა, ნორმალურად მიმაჩნდა. ველოდი, რომ მას ესროდნენ ან გაიქცეოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ის ტანკზე აძვრა, მე კი სასტუმროს ოთახში ჩემს ტელეკონვერტერს გავხედე. იმ წამს უნდა მიმეღო გადაწყვეტილება გამერისკა უფრო ახლო და სუფთა ფოტოს გადაღება თუ საერთოდ ხელიდან გამეშვა შანსი.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად მაშინ გავრისკე, საწოლისკენ გავიწიე, ავიღე ტელეკონვერტერი და დავუმაგრე კამერას. ჩემი აპარატის ლინზებისთვის დაბალი ჩამკეტის სიჩქარე იყო, მაგრამ ვიფიქრე, რომ ამას გავუმკლავდებოდი. რადგან კადრის გადასაღებად სასტუმროს გვერდითა ოთახის კედელი მეფარებოდა, უნდა გამერისკა, აივანზე გადავწეულიყავი და ისე გადამეღო კადრები. ამასობაში, ის კაცი ტანკიდან ჩამოხტა და საბოლოოდ კიდევ ერთხელ გადაუდგა წინ ტანკებს. მე გადავიღე ფოტო - ჯერ პირველი, შემდეგ მეორე და მესამე. ამ დროს შევამჩინე, რომ ფოტოაპარატის ავტომატური ჩამკეტი სიჩქარე წამში 1/30 და 1/60-ს შორის მიჩვენებდა და არა 1/250-ს. სანამ გავარკვევდი, რა მოხდა, ის კაცი იქვე მდგომმა ხალხმა გაიყვანა და მას შემდეგ აღარც მინახავს."



ოთახში დაბრუნებისას კრიკ მარტსენმა ფოტორეპორტიორს ჰკითხა, მოახერხა თუ არა კადრების გადაღება. ვიდენერმა კი უარის ნიშნად თავი გააქნია

"სიმართლე ის იყო, რომ მე ყველაფერი ავურიე, ექსპოზიცია 800 ISO-ს შევუსაბამე, რასაც ზოგადად ვიყენებდი, მაგრამ დამავიწყდა, რომ კამერის პარამეტრები 100 ISO-ზე მქონდა დაყენებული, რამაც ჩამკეტი სიჩქარე შეამცირა. ამის ფონზე, ვიცოდი, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა მკვეთრი გამოსახულების მიღება, მაგრამ ჩემი მეექვსე გრძნობა მეუბნებოდა, რომ შეიძლება ერთი ფოტო მაინც გამოსულიყო კარგი. ამის ახსნა არ შემიძლია. რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ კამერა შენი ნაწილი ხდება და თითქოს შეგიძლია შეიგრძნო კამერის ნაწილების მუშაობა ან ეს უბრალოდ ჩემი სხეული იყო, რომელიც იმედის ცრუ სიგნალს მიგზავნიდა."

alt

სანამ გაირკვეოდა სამი კადრიდან ერთი ფოტო მაინც გამოდგა თუ არა, მანამდე ფირები AP-ის ოფისში უნდა დაებრუნებინა. ამის გაკეთება ვიდენერმა კრიკ მარტსენსს სთხოვა. კრიკმა ისევ საცვლებში დამალა ფირი და სასტუმრო ველოსიპედით დატოვა.

"ფოტოჟურნალისტისთვის არაფერია იმაზე შემაწუხებელი ვიდრე, მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველი ფოტოს არ ქონა ან იმის არ ცოდნა, საერთოდაც მიაღწევს თუ არა მნიშვნელოვანი ფირები რედაქტორის მაგიდამდე. რადგანაც საიდუმლო პოლიცია სასტუმროს სატელეფონო ზარებს მონიტორინგს უწევდა, თავი უნდა ამერიდებინა საეჭვო სატელეფონო საუბრისგან. 5-საათიანი ნერვიული ლოდინის შემდეგ AP-ის ბეიჯინგის ოფისში დავრეკე, ზარზე ფოტოჟურნალისტმა ლიუ ჰანგ შინგმა მიპასუხა - "ჯეფ, რა ჩამკეტ სიჩქარეს იყენებდი?" გული შემიწუხდა. -"ფოტოები კარგი იყო, გამოვიყენეთ, მაგრამ ძალიან მკვეთრი არ ყოფილა."

იმავე საღამოს კრიკ მარტსენმა სასტუმრო "ბეიჯინგში" დაბრუნება უსაფრთხოდ მოახერხა. როგორც აღმოჩნდა მან ვერ მიაგნო AP-ის ოფისს და ამიტომ ამერიკის საელჩოში მივიდა, სადაც წარმომადგენელს ფირი გადასცა და უთხრა, რომ ტიანანმენის მოედნის ძალიან მნიშვნელოვანი ფოტოები ჰქონდა, რომელიც Associated Press-ის ოფისში უნდა მოხვედრილიყო. საელჩოს წარმომადგენელმაც დაუყოვნებლივ გადასცა ცელოფნის პარკში გახვეული ფირები AP-ის ოფისს.

მეორე დღეს ვიდენერი თვითონ მივიდა ოფისში.

"ლიუ მოვიდა და მეხუმრა "ცუდი შეტყობინება გაქვს ნიუ-იორკიდან" მე ვკითხე "ახლა, რაღა ჯანდაბა გავაკეთე არასწორად?" და მან მიპასუხა - "შენ, ალბათ, პულიცერს მოიგებ." მსოფლიოს AP-ის სხვადასხვა ბიუროდან მილოცვის წერილები მომივიდა. ბრიტანული გაზეთების ძირითადი ნაწილის გარეკანზე ჩემი გადაღებული ფოტო იყო გამოსახული. ფოტო, რომელიც "ტანკის კაცის" სახელწოდებით გახდა ცნობილი Herald Tribune-ის, New York Times-ის, USA Today-ისა და მოგვიანებით ჟურნალ Time-ის გარეკანზეც დაიბეჭდა. ეს ე.წ ერთი ღამის სენსაციად იქცა.“


alt  alt

არავინ იცის რა მოუვიდა "ტანკის კაცს", მისი ვინაობა დღემდე უცნობია.

"ბევრი თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ რა მოუვიდა "ტანკის კაცს", მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ შესაძლოა ვერავინ გავიგოთ მისი ბედის ამბავი. თუმცა, გარკვეულწილად, ის უცნობი ჯარისკაცია და ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის მამაცი სიმბოლო."

ფოტოჟურნალისტი ამბობს, რომ თავისი წარმატება და ფოტოს გავლენის მნიშვნელობა მისი გადაღებიდან წლების შემდეგ გაიაზრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ეს ფოტო შთამაგონებელი იყო. ჩემი ფოტოს გავლენა ათი წლის შემდეგ მაშინ გავიაზრე, როცა America On Line -ზე სათაურს "ყველა დროის ყველაზე დასამახსოვრებელი ტოპ ათ ფოტოს" მოვკარი თვალი. ჩამონათვალში ბევრი ნაცნობი შავ-თეთრი ფოტო შემხვდა, რომელიც ბავშვობაში Time-ის გარეკანზე მქონდა ნანახი, შემდეგ ნაცნობი ფერადი ფოტო გამოჩნდა, რომელზეც გამოსახული კაცი ჩინეთში ტანკების პირისპირ იდგა". 

alt


წლების შემდეგ ფოტოს გადაღების ისტორიამ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი ფოტოჟურნალისტს.

"2009 წელს ჰავაიში, სადაც ადგილობრივი გაზეთისთვის ვმუშაობდი, ჩემს სახლში კომპიუტერთან ვიჯექი. ელ.ფოსტით წერილი მივიღე. გავხსენი და აი ეს ეწერა:

- - - - - - - - - - - - - - - - - -

ჯეფ -

მე ვიყავი ბიჭი, რომელმაც ფირები მოგცა. სასტუმრო "ბეიჯინგში" ფოტოს გადაღების შემდეგ სააბაზანო "ბნელ ოთახად" გამოიყენე. ფირები საცვლებში ჩავიდე და ველოსიპედით ამერიკის საელჩოში მივიტანე. შენს შესახებ ჩემი კოლეგისგან შევიტყვე. ახლახანს, 15 წლის განმავლობაში ტაივანში ცხოვრების შემდეგ შტატებში გადმოვედი და მალე სიმღერების ალბომს გამოვუშვებ. აქ, კონექტიკუტში ჩემი ტელეფონის ნომერია --- გამიხარდება თუ შენგან შევიტყობ ამბებს ამდენი წლის შემდეგ. როგორ სწრაფად გადის დრო, არა?

საუკეთესო სურვილებით ,

კრიკ მარტსენი

„ტანკის კაცის“ ფოტო ჩინეთში დღემდე აკრძალულია. 62 წლის ამერიკელი ფოტოგრაფი ჯეფ ვიდენერი კი ამჟამად გერმანიაში, ჰამბურგში მუშაობს.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ახალ ზელანდიაში მომხდარი თავდასხმა, რომელმაც 49 ადამიანი იმსხვერპლა, Facebook-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.  ინციდენტის ამსახველ კადრებს თავად თავდამსხმელი იღებდა, მოგვიანებით 17-წუთიანი ვიდეო Youtube-ზე, Twitter-სა და რამდენიმე მედიასაშუალების გვერდზეც გავრცელდა.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში Facebook-მა თავდამსხმელის მიერ განხორციელებული პირდაპირი ეთერი და მისი Facebook ანგარიში ქსელიდან წაშალა, რათა ხელი არ შეეწყო ტირაჟირებისთვის.

როგორც ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის Facebook-ის პოლიტიკის ხელმძღვანელმა, მია გარლიკმა, INSIDER-ს განუცხადა, კომპანიაში თავდასხმის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შესახებ შეტყობინება ახალი ზელანდიის პოლიციისგან მიიღეს.

"ახალი ზელანდიის პოლიციამ შეგვატყობინა ვიდეოს შესახებ, მალევე, როგორც კი პირდაპირი ეთერი დაიწყო. ჩვენ დაუყოვნებლივ წავშალეთ თავდამსხმელის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები და უშუალოდ მომხდარის ამსახველი ვიდეო. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ისეთი მასალის წაშლას, რომელიც ამ კრიმინალურ აქტს და თავდამსხმელს უჭერს მხარს", - განაცხადა გარლიკმა.

Facebook-ი თავდამსხმელის ვიდეოს ასლების ქსელში ძებნას განაგრძობს და შლის ყველა მათგანს მათი აღმოჩენისთანავე. ამ შემთხვევაში კომპანია კონტენტის მოძიებისა და წაშლისთვის ტექნოლოგიურ და ადამიანურ რესურსებს ერთობლივად იყენებს.

Independent-ის ცნობით, მედიასაშუალებების ნაწილმა უკვე წაშალა თავდამსხმელის მიერ გადაღებული ვიდეო. თუმცა, რამდენიმე საინფორმაციო გვერდზე, მათ შორის, The Mirror-სა და MailOnline-ზე მაინც იძებნება ვიდეოს ფრაგმენტები. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამჟამად Google და Twitter-იც მუშაობენ, რათა მათ პლატფორმებზე თავდასხმის ამსახველი ყველა მასალა წაიშალოს.

მედიის საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ტერორიზმის გაშუქებისას მედიას აკისრია პასუხისმგებლობა უნებურად არ გახდეს ხელშემწყობი ტერორისტული შინაარსის მიმართვების თუ მოწოდებების ტირაჟირებისა.

თავდასმა ახალი ზალანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში 15 მარტს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ორ მეჩეთში გახსნეს. შემთხვევის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 49 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა, ინციდენტი ტერორისტულ აქტად შეაფასა.
კატეგორია: რესურსები

Instagram-ი ყოველთვიურად 1 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებლით უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 9 წლის წინ შექმნილი მობილური აპლიკაცია სხვა ქსელებისგან განსხვავებით მთლიანად ვიზუალურ კონტენტზეა ორიენტირებული და უამრავ ე.წ ინფლუენსერს აერთიანებს. ბოლო წლების განმავლობაში კი ის, როგორც უცხოური ისე ქართული მედიასაშუალებებისთვის ერთერთ ყველაზე გამოყენებად პლატფორმად იქცა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, Instagram-ი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა თაობაში. მსოფლიოს მასშტაბით ქსელის მომხმარებელთა 70%-ზე მეტის ასაკი 34 წელს ქვემოთაა. ხოლო, საქართველოში Instagram-ს დაახლოებით 1 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს და აქაც, გლობალური მონაცემის მსგავსად, ძირითად ნაწილს 18-დან 34-წლამდე ასაკობრივი კატეგორია წარმოადგენს.

alt

ზემოთხსენებული ინფორმაციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მედია ორგანიზაციებისთვის Instagram-ი ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა.

დღესდღეობით მედიასაშუალებებს შორის Instagram-ზე ყველაზე პოპულარული გამოცემა 101 მილიონი მიმდევრით National Geographic-ია. @natgeo-სა და სხვა საერთაშორისო მედიის მაგალითით შეიძლება ითქვას, რომ Instagram-ის გამოყენება მხოლოდ ფოტოსა და აღწერაში თანდართული ბმულის გამოქვეყნებით არ შემოიფარგლება. დღესდღეობით სხვადასხვა მედიასაშუალება მაქსიმალურად ცდილობს პლატფორმის ყველა ფუნქცია აითვისოს და ამბის თხრობის სხვადასხვა ხერხით მეტი ინსტაგრამმომხმარებელი დააინტერესოს.

Instagram Stories - ფუნქციის დამატება მარკ ზაკერბერგმა 2016 წლის აგვისტოში დააანონსა, ამავე წლის ოქტომბერში „სთორებს“ ყოველდღიურად 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, ერთი წლის შემდეგ ეს რიცხვი 300 მილიონამდე გაიზარდა და მაშინდელ მთავარ კონკურენტს Snapchat-ს მომხმარებელთა რაოდენობით თითქმის 2-ჯერ გადაუსწრო. დღეს კი Instagram-ის „სთორებს“ ყოველდღიურად 500 მილიონი ადამიანი მოიხმარს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებიც მუდმივად იყენებდნენ ამ ფუნქციას, რადგან „სთორები“ საშუალებას იძლევა ინფორმაცია მაქსიმალურად მრავალფეროვნად მიეწოდოს აუდიტორიას. ნებისმიერ ვიზუალურ მასალაზე ბევრი დროის დახარჯვის გარეშეა შესაძლებელი წარწერების, გიფების და სხვა მინიშნებების დამატება, ხოლო „ინსტაგრამის“ ანგარიშზე 10,000-ზე მეტი მიმდევარის ყოლის შემთხვევაში, შესაძლებელია ამბავს ბმულიც დაურთოთ, რაც ვებგვერდზე ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის.


altalt









აუდიტორიასთან პირდაპირი კონტაქტია შესაძლებელი Instagram Story-ში „გამოკითხვისა“ და „შეკითხვების“ ფუნქციების გამოყენებით. ასეთ დროს ფოტოზე ან ვიდეოზე სტიკერებისა და გიფების დამატებით ბევრად იზრდება აუდიტორიისგან უკუკავშირის მიღების შანსი.


altalt



(cc:
 



@Tavisupleba
)

ხოლო შემდგომში Highlight-ების შექმნით, შესაძლებლობა გეძლევათ საინტერესო თემაზე მომზადებული „სთორი“ საჯაროდ ხელმისაწვდომი დატოვოთ.
 

alt

IGTV - ხანგრძლივი ვიდეო კონტენტისთვის ფუნქცია Instagram-ს 2018 წელს დაემატა. 2019 წლის თებერვალში კი დაანონსდა, რომ IGTV-ზე ატვირთული მასალები მიმდევრების კედელზეც გამოჩნდებოდა. მედიასაშუალებების ნაწილმა სხვა პლატფორმებზე უკვე გამოქვეყნებული ვიდეოები IGTV-ის პორტრეტულ ფორმატს შეუსაბამა, ნაწილმა კი უშუალოდ ამ პლატფორმისთვის დაიწყო ვიდეოების შექმნა.

alt

alt
 
Live – Instagram-ზე პირდაპირი ეთერის ფუნქციის გამოყენებით მედიასაშუალებებს აუდიტორიასთან რეალურ დროში კონტაქტის საშუალება ეძლევათ. პირდაპირი ეთერის ჩართვის შემთხვევაში შეტყობინება თქვენს მიმდევრებს მიუვათ, რაც მაყურებელთა რაოდენობას გაზრდის.

#ჰეშთეგები - ჰეშთეგების გამოყენებით იზრდება შანსი იმსა, რომ თქვენს მასალას უფრო მეტი ადამიანი ნახავს. თუმცა, ასეთ დროს აუცილებელია რაოდენობრივად და შინაარსობრივად შესაბამისი ჰეშთეგები გამოიყენოთ. თუ აღწერის გადატვირთვა არ გსურთ, მაშინ @Nowthisnews-ის მსგავსად, კომენტარებში მითითება შეგიძლიათ.

alt

ამბის თხრობა ფოტოებით ( ე.წ კარუსელის ფუნქცია) - რამდენიმე ფოტოსა და ვიდეოს ერთდროულად ატვირთვის ფუნქციას სხვადასხვა მედიასაშუალება Instagram-ზე ამბის გადმოსაცემად იყენებს.

alt
alt

გარდა ახალი ამბის მიწოდებისა, მედიია ორგანიზაციები Instagram-ს კადრს მიღმა მოვლენების საჩვენებლად და ჟურნალისტური მასალების დასაანონსებლადაც იყენებენ.

alt

Instagram-ი ერთერთი საუკეთესო პლატფორმაა ფოტორეპორტიორების ნამუშევრების წარმოსაჩენადაც.

alt

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ Instagram-ზე ძირითადად სწორედ ის ასაკობრივი კატეგორია იყრის თავს, რომლიც ყველაზე ნაკლებად ეცნობა პრესას ან უყურებს ტელევიზორს, ამიტომ მედიასაშუალებების დამატებით ახალ პლატფორმაზე გადასვლა და კონტენტის მუდმივ რეჟიმში გამოქვეყნება ახალგაზრდა აუდიტორიის გაფართოების საშუალებას იძლევა.

P.S Mediachecker-ის სიახლეების გასაცნობად კი შეგიძლიათ გამოგვყვეთ ჩვენს Instagram გვერდზე @Media_checker
კატეგორია: რესურსები
ჟურნალისტები Facebook-ს სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის ამბის თხრობისა და კონკრეტულ პირებთან დაკავშირებისთვის ხშირად იყენებენ, ამიტომ ონლაინ სივრცეში უსაფრთხოების, წყაროებისა და კონტაქტების დაცვა ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

Facebook-მა სპეციალურად ჟურნალისტებისთვის Blueprint პროგრამის ფარგლებში უსაფრთხოების ონლაინ კურსი შექმნა. ამ კურსის მიხედვით გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თქვენი Facebook ანგარიშისა და მასზე არსებული ინფორმაციის დაცვაში დაგეხმარებათ:

 ♦  სწორად შეარჩიეთ პაროლი

დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული პაროლი უნიკალურია და ნურავის გაუმხელთ მას. ეცადეთ პაროლის შერჩევისას არ გამოიყენოთ ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი ან ელ.ფოსტის მისამართი. როგორც წესი, ძლიერი პაროლი მინიმუმ 8 სიმბოლოსგან შედგება (დამატებითი უსაფრთხოებისთვის სჯობს 12 სიმბოლოს გამოყენება), რომელიც ციფრებს, სიმბოლოებს, დიდ და პატარა ასოებს შეიცავს.

სასურველია თქვენი პაროლი:

  •  არ იყოს მხოლოდ ერთი სიტყვა
  • არ შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რომლის გამოცნობაც მარტივია. მაგალითად, თქვენი ტელეფონის ნომერი, შვილის ან შინაური ცხოველის სახელი, დაბადების თარიღი, თქვენი საყვარელი სპორტული გუნდი და ა.შ.

 ♦  გამოიყენეთ უსაფრთხოების გასაღები ან ჩართეთ ორმაგი ავტორიზაცია

ორმაგი ავტორიზაცია Facebook ანგარიშის დაცვაში დაგეხმარებათ. მისი სახელიდან გამომდინარე, ეს ფუნქცია პაროლის გარდა ავტორიზაციის კიდევ ერთ ნაბიჯს ამატებს. მისი ჩართვის შემთხვევაში თქვენს ანგარიშზე შესასვლელად დამატებით სპეციალური უსაფრთხოების კოდის შეყვანა მოგიწევთ.

უსაფრთხოების კოდის მიღების რამდენიმე გზა არსებობს:

alt• ფიზიკური გასაღები - ეს არის პატარა, ფლეშ მეხსიერების ბარათის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერის USB პორტს ერგება. ასეთი გასაღების შეძენა სხვადასხვა კომპანიიდან (მაგ: Yubico-დან) შეგიძლიათ.

• კოდის გენერატორი - მისი გამოყენება Facebook-ის აპლიკაციის საშუალებით სმარტფონზე ან პლანშეტზეა შესაძლებელი. ავტორიზაციის აპლიკაცია - გამოიყენეთ მესამე პირის ავტორიზაციის აპლიკაციები, როგორებიცაა Google Authenticator ან LastPass. ისინი Facebook-ის ანგარიშზე შესასვლელ კოდს შექმნიან, რაც დაგეხმარებათ თქვენს პროფილთან წვდომაში, მაშინ როცა უცხო მოწყობილობიდან პირველად შეეცდებით შესვლას.

alt• აღსადგენი კოდები - შეგიძლიათ მიიღოთ 10 სპეციალური კოდი, რომელსაც ამობეჭდავთ ან სადმე ჩაინიშნავთ.  ამ შემთხვევაში ეს კოდები უსაფრთხო ადგილას უნდა შეინახოთ ან სანდო ადამიანს გაუზიაროთ.

• SMS შეტყობინება - Facebook-ი კოდს ტექსტური შეტყობინებით მაშინ გამოგიგზავნით, როცა ანგარიშზე შესვლას გადაწყვეტთ. Facebook-ის რეკომენდაციით, ზემოთ განხილული ვარიანტებიდან ყველაზე უსაფრთხო ფიზიკური გასაღების გამოყენება, ხოლო ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო მეთოდს SMS შეტყობინების მიღება წარმოადგენს.

 ♦  მიიღეთ შეტყობინებები უცნობი მოწყობილობების შესახებ

login alerts ფუნქციის დახმარებით, როდესაც ვინმე თქვენს ანგარიშზე შესვლას უცხო მოწყობილობიდან შეეცდება შეტყობინებას მიიღებთ.

 

alt
 
შეტყობინების მიღება შეგიძლიათ: Facebook-ზე, ელ.ფოსტაზე, კომპიუტერში და მობილურზე ან სატელეფონო შეტყობინების სახით. სასურველი მისამართის ასარჩევად:

  • შედით Facebook-ის პროფილზე და ზემოთ, მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ სამკუთხედის სიმბოლო
  • გადადით პარამეტრებში - Settings
  • დააჭირეთ შეტყობინებებს - Notifications.
  • აირჩიეთ რედაქტირება - Edit.

alt 

♦  საიდუმლო კომუნიკაცია Messenger-ში

ქვემოთ ნახსენები ფუნქციები Messenger-ში წყაროსთან კომუნიკაციის დაცვაში დაგეხმარებათ. დაშიფრული მიმოწერის გამოყენება iOS ან Android სისტემაზეა შესაძლებელი. "საიდუმლო მიმოწერის" ფუნქციის ჩასართავად:

 

alt

 


iOS-ზე
"ინბოქსში" დააჭირეთ კონკრეტული პირის სახელს და აირჩიეთ Go to Secret Conversation ფუნქცია/

Android-ზე
დააჭირეთ კონკრეტული პირის სახელის გვერდით სამ წერტილს “. . .”, ჩამოყევით ბოლოში და აირჩიეთ Go to Secret Conversation.

"საიდუმლო მიმოწერის" გამოყენებისას შეგიძლიათ ჩართოთ ტაიმერი და მიუთითოთ ის დრო, რომლის გასვლის შემდეგაც მიმოწერა გაქრება ან შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წაშალოთ თქვენ მიერ გაგზავნილი შეტყობინებები.

 ♦  Messenger-ში დაარქივება

თუ Messenger-ში მიმოწერას დააარქივებთ, ის თქვენს "ინბოქსში" აღარ გამოჩნდება მანამ, სანამ ისევ არ მისწერთ იმ ადამიანს. ფუნქციის გამოსაყენებლად:

  •  დააჭირეთ ხელი კონკრეტულ ადამიანთან მიმოწერას
  • გადადით "სამი ხაზის" სიმბოლოზე
  • აირჩიეთ დაარქივება - Archive 

 ♦  Tor ბრაუზერი

IP მისამართის შესაცვლელად Facebook-ზე შეგიძლიათ Tor ბრაუზერით შეხვიდეთ. Facebook-ი ამ ბრაუზერის გამოყენებისას შემდეგ მისამართს უწევს რეკომენდაციას : https://facebookcorewwwi.onion

 

alt

 

Facebook-ზე შესვლა შეგიძლიათ Tor-ის ანდროიდ აპლიკაცია Orbot proxy-ით, რომლის გადმოწერაც Google Play-დანა შესაძლებელი.

 კონფიდენციალობის შემოწმება

ამ ფუნქციის გამოყენება მხოლოდ რამდენიმე წამს საჭიროებს და მისი საშუალებით:

  • გადახედავთ და საჭიროების შემთხვევაში შეცვლით კონფიდენციალობის პარამეტრებს 
  • ნახავთ ვის შეუძლია თქვენი პოსტებისა და პროფილის ინფორმაციის (ტელეფონის ნომრის, ელ.ფოსტის მისამართის) ნახვა 
  • შეამოწმებთ იმ აპლიკაციებს, რომლებზეც Facebook-ით ხართ შესული 

alt

 

სასურველია Facebook ანგარიშზე ყოველთვის განაახლოთ საკონტაქტო ინფორმაცია და წაშალოთ ძველი ნომერი/ელ.ფოსტის მისამართი. ეს ხელს შეგიწყობთ კვლავ იქონიოთ თქვენს პროფილზე წვდომა, თუ პაროლი დაგავიწყდებათ.

 ♦   როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ რომ Facebook-ი გაგიტეხეს?

  • თუ ანგარიშზე შესვლა შეგიძლიათ, მაშინვე შეცვალეთ პაროლი. შე
  • ამოწმეთ შეცვალეს თუ არა პროფილზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია
  • თუ ანგარიშზე წვდომა არ გაქვთ, მაშინ უნდა დაუკავშირდეთ Facebook-ს ბმულზე: facebook.com/hacked

alt

 

რა თქმა უნდა, ამ რჩევების გათვალისწინება Facebook ანგარიშის უსაფრთხოების გარანტირებულად დაცვას მაინც არ ნიშნავს, თუმცა ზემოთ ნახსენები მეთოდების გამოყენება თქვენს ინფორმაციას ბევრად დაცულს გახდის და ჰაკერებსაც საქმეს გაურთულებს.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) იმ ქალი ჟურნალისტების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეში არიან დაკავებული. ზოგიერთი მათგანი წამებისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლია და მძიმე პირობებში უწევს ყოფნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დროთა განმავლობაში უფრო მეტი ქალი ჟურნალისტი ხდება ავტორიტარული რეჟიმების მსხვერპლი. 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 334 ჟურნალისტია ციხეში, მათგან 27 (8%) ქალია. 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 3% იყო.

27 ქალი ჟურნალისტი საერთო ჯამში 9 ქვეყანაშია დაკავებული. ყველაზე ბევრი მათგანი ირანისა და ჩინეთის ციხეებში იხდის სასჯელს (თითოეულ ქვეყანაში 7-7 ქალი ჟურნალისტი), ამ ქვეყნებს თურქეთი მოსდევს 4 დაკავებული ჟურნალისტით, საუდის არაბეთში სასჯელს 3 ქალი ჟურნალისტი, ვიეტნამში - 2, ეგვიპტეში, ბაჰრეინში, სირიასა და ნიკარაგუაში კი ერთი ქალი ჟურნალისტი იხდის სასჯელს.

დევნა სტატიების გამო და მძიმე ბრალდებები

ქალ ჟურნალისტებს თავიანთი სტატიებისა თუ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო ძირითადად ბრალს ისეთი მძიმე დანაშაულისთვის უყენებენ, როგორებიცაა "ტერორიზმის პროპაგანდა", "ტერორისტული ჯგუფის წევრობა" ან "საეჭვო კავშირები უცხო პირებთან". ეს ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი ბრალდებები კი მათი გრძელვადიანი პატიმრობისთვის საფუძველი ხდება.

ირანში ჟურნალისტ და უფლებადამცველ ნარგის მოჰამადსა და რედაქტორ ჰენგამა შაჰიდს "ეროვნული უსაფრთხოებისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულებისა" და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელის "შეურაცხყოფის" ბრალდებით 10 და 12 წელი პატიმრობა მიესაჯათ. როია საბერი ნეგად ნობახტს, რომელსაც ირანისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 2014 წელს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც მოგვიანებით 5 წლამდე ვადით შეუმცირეს.

სამუდამო პატიმრობები

ჟურნალისტთა გასაჩუმებლად ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო უწყებები სამუდამო პატიმრობასაც მიმართავენ. მათ შორისაა, ჩინეთიც. 2010 წელს ახალი ამბების ვებგვერდ Salkin-ის რედაქტორს გალმირა აიმინს "სეპარატიზმისა" და "სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების" ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. იგივე განაჩენი გამოუტანეს თურქეთში 74 წლის ჟურნალისტს ნაზლი ილისაკს და მის ორ მამაკაც კოლეგას, ძმებ ალთანებს, რომელებმაც 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე სატელევიზიო გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა. სამივე მათგანს სამუდამო პატიმრობის "დამამძიმებელი" ფორმა მიუსაჯეს, რაც შეწყალებას არ ითვალისწინებს.
alt
"არაადამიანური" პირობები

ქალ ჟურნალისტებსაც, ისევე, როგორც მათ მამაკაც კოლეგებს ციხეში მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა. ნიკარაგუის სატელევიზიო არხის, 100% Noticias-ის, საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელს ლუსია პინეიდა იუბაუს ქალთა კოლონიაში გადაყვანამდე მანაგუას ელ ჩიპოტეს გაძლიერებული უსაფრთხოების ციხეში 41 დღე მოუწია ყოფნა, პორტუგალიელმა ევროპარლამენტარმა ხოსე ინასიო ფარიამ, რომელმაც პინეიდა ელ ჩიპოტეში პირადად მოინახულა, განაცხადა, რომ ციხეში "არაადამიანური" პირობებია. ვიეტნამელ ბლოგერს ტრან ტი ნას, რომელმაც მიგრანტი მუშები დაიცვა "ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის" ბრალდებით 2017 წლის 25 ივლისს ერთ-დღიან სასამართლო პროცესზე 9-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს. მას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა სატელოფონო ზარების განხორციელება და ციხეში ვიზიტორების მიღება, რადგან "უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე."

RSF-ის ცნობით, ირანში პატიმრობაში მყოფი პირებს სათანადო სამედიცინო დახმარებით არ უზრუნველყოფენ. ერთერთ ყველაზე ცუდი პირობების მქონე ციხე გერჩაკში სამი ჟურნალისტი ქალი - საფიდა მორადი, ავიშა ჯალალედინი და შიმა ენტესარი 5-წლიან სასჯელს იხდის. ირანში დაკავებული ქალი ჟურნალისტები ციხეში არსებული შეუსაბამო პირობების, მათ შორის არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების გასაპროტესტებლად ხშირად მიმართავენ საშიმშილო გაფიცვებს.

წამება, დამცირება და სექსუალური შევიწროება

ჩინეთში გილმირა აიმინი აწამეს და იძულეს ადვოკატის ნახვის გარეშე მოეწერა ხელი დოკუმენტებზე.

2018 წლის 25 აპრილს ეგვიპტეში დაკავებული ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტის, შუროქ ამჯად აჰმედ ალ საიედის, ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ, სანამ მათთვის სასურველი ჩვენება არ მისცა, კერძოდ, ის, რომ მან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით შექმნა ვებგვერდი, რომელიც უკანონო ორგანიზაცია"მუსლიმთა საძმოს" ეკუთვნოდა.

საუდის არაბეთის ადამიანთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის Al-Qst-ის ინფორმაციით, ორი არაბი ჟურნალისტი - იმან ალ ნაფჯანი და ნაუფ აბდულაზიზ ალ ჯერავი იმ ქალთა უფლებადამცველებს შორის მოხვდნენ, რომლებიც 2018 წელის გაზაფხულში დაკავების შემდეგ აწამეს, მათ შორის ზოგიერთი მათგანი აიძულეს გაშიშვლებულიყვნენ, რათა მათთვის ფოტოები გადაეღოთ.

გაუჩინარება პატიმრობისას

საუდის არაბეთის მთავრობას ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია ის ბრალდებები, რაც არაბ ჟურნალისტებს, ნაფჯანსა და ჯერავის წაუყენეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ 6 ქალი ჟურნალისტია დაპატიმრებული სასამართლო პროცესის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტების ოჯახებმა კავშირი დაკარგეს მათთან. მაგალითად, ჩინეთში არავინ იცის რა დაემართა სამ ჟურნალისტს - ჩან ჯიშინს, ჩინ ჩაოსა და ლი ჟაშუს - რომლებიც 2015-16 და 2017 წლებში დააკავეს.

სირიელი ბლოგერი თალ ალ-მალუჰიც პატიმრობისას გაუჩინარდა. 2011 წელს მას 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამიტომ ის უკვე დიდი ხნის გათავისუფლებული უნდა იყოს. თუმცა, ბოლოს ალ-მალუჰი 2016 წელს ნახეს, როდესაც დამასკოს ციხეში გადაჰყავდათ. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტი კი 18 წლის ასაკში 2009 წლის დეკემბერში დააკავეს. ის უკვე წლებია გისოსებს მიღმაა დარჩენილი.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 27-ვე ქალი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და გაეროს ამ საქმეების გადახედვისკენ მოუწოდებს.

წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ასეულობით ჟურნალისტმა მედიის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა.

"დოიჩე ველეს" ცნობით, ხორვატიაში ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლოში 1,100-ზე მეტი სარჩელია შეტანილი. "ხორვატიელ ჟურნალისტთა ასოციაციის" განცხადებით კი, სარჩელები მედიის ცენზურისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობაა.

"ადგილობრივი სასამართლოები პოლიტიკოსებთან არიან გაერთიანებული და ყველა კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობენ. ჩვენს ნიუსრუმებში ამიტომაც იგრძნობა თვითცენზურის საჭიროება. მე აღარც კი ვწერ ჩემს სვეტს, რადგან თუ ისე დავწერ როგორც მინდა, სასამართლო სარჩელები და კომპენსაციის მოთხოვნა საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სამუშაო ადგილებს”, - განაცხადა "დოიჩე ველესთან" საუბარში გაზეთ Podravski-ის მთავარმა რედაქტორმა რობერტ მიჰაილევიჩმა.

alt

ჟურნალისტების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხორვატიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა HRT-მა სასამართლოში თავისივე ჟურნალისტების წინააღმდეგ 30-ზე მეტი სარჩელი შეიტანა. ხორვატიის საზოგადოებრივ მაუწყებელს კრიტიკოსები მმართველი პარტიის ინტერესების დაცვასა და მისი საზოგადოებრივი ფუნქციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ხორვატიელი ჟურნალისტები კორუფციასა და ორგანიზაციულ დანაშაულს იძიებენ, მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში ერევა. მედიის უფლებადამცველებმა აღნიშნეს ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მედია კონტენტის "დამცირება" 2013 წლიდან კრიმინალიზებულია.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

გამოცემა The Washington Post-მა გასულ წელს თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის პატივსაცემად მისი სახელობის სასტიპენდიო პროგრამა დააარსა.

გამოცემის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამა ჟურნალისტებსა და მწერლებს დამოუკიდებელი პლატფორმით უზრუნველყოფს, რათა მათ თავიანთი ხედვა მსოფლიოს იმ ადგილებიდან წარმოადგინონ, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია.

The Washington Post-მა ჯამალ ხაშოგის სახელობის პროგრამის პირველ სტიპენდიანტად საუდის არაბეთის წარმომადგენელი, აქტივისტი და მწერალი ჰალა ალ-დოსარი დაასახელა.


alt

“ჩვენ პატივს მივაგებთ ჯამალის ცხოვრებას, მუშაობასა და იმ ღირებულებებს, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენთვის დიდი პატივია ის, რომ ჰალა დათანხმდა ყოფილიყო პირველი სტიპენდიანტი. მოუთმენლად ველით, როდის შეუერთდება ის იმ კონტრიბუტორებს, რომლებიც მოგვაწოდებენ ინფორმაციულ და განსხვავებულ ხედვებს, რომლის გამოხატვის საშუალებაც შესაძლოა თავიანთ ქვეყანაში ან რეგიონში არ ჰქონდეთ",- განაცხადა The Washington Post-ის ერთერთმა რედაქტორმა ფრედ ჰაიატმა.

ჯამალ ხაშოგის სახელობის პროგრამის პირველი სტიპენდიანტი ძირითადად შუა აღმოსავლეთში დღესდღეობით არსებულ ყველაზე აქტუალურ თემებზე დაწერს. ჰალა ალ-დოსარის სვეტები კი გამოცემის "მოსაზრებების" გვერდზე არაბულ ენაზეც გადაითარგმნება.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

როდესაც რესტორანში ან სასტუმროს ბარში იმყოფებით ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თქვენი პირადი საუბარი მომდევნო დღეს მთელ მედიაში გაშუქდეს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული ვინ ხართ და რას წარმოადგენთ - სწორედ ასე იწყება მედიაპლატფორმა The Conversation-ზე პროფესორ დეივ პორტერის გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ჟურნალისტების მიერ რესპოდენტების პირად საუბრებზე მიყურადებას ეხება.

პორტერის თქმით, საზოგადოებაში მიყურადება მიუღებელ ქმედებადაა მიჩნეული, თუმცა ჟურნალისტის შემთხვევაში სხვისი პირადი საუბრების მოსმენა შესაძლოა ITV-ის ახალი ამბების რეპორტიორის, ენგუს უოლკერის, ამბის მსგავსად დასრულდეს.

ბრიტანული მედიასაშუალების ITV-ის რეპორტიორი 2019 წლის 11 თებერვალს ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში ფრანგი პოლიტიკოსის მიშელ ბარნიესა და "ბრექსიტის" საკითხებში სახელმწიფო მდივნის სტივენ ბარკლის შეხვედრას აშუქებდა. პოლიტოკოსებს ვახშამზე დიდი ბრიტანეთის "ბრექსიტის" მთავარი მომლაპარაკებელი ოლი რობინსიც შეუერთდა.

მაშინ, როცა ოლი რობინსმა ვახშამი დატოვა და ტაქსიში ჩასაჯდომად გაემართა, ITV-ის რეპორტიორი და ოპერატორი შენობის გარეთ პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდნენ. 


alt

ITV-ის ჟურნალისტი, ენგუს უოლკერი პირდაპირი ჩართვისას


როგორც ჟურნალისტი ყვება, პირდაპირი ჩართვის დასრულების შემდეგ ის და მისი ოპერატორი თავიანთ სასტუმროში დაბრუნდნენ და დასალევად ბარში დასხდნენ. რეპორტიორმა სწორედ ბარში შესვლისას აღმოაჩინა, რომ ოლი რობინსიც იმავე სასტუმროში იყო გაჩერებული და ისიც თავის ორ კოლეგასთან ერთად სვამდა. ენგუს უოლკერის თქმით, რობენსი ისეთი მანერით საუბრობდა, სულაც არ იყო დაჟინებით მოსმენა საჭირო, იმის გასარკვევად, თუ რას ამბობდა ის „ბრექსიტის“, მთავრობისა და პარლამენტის შესახებ.

მომდევნო დღეს რობინსის ნათქვამი იმის შესახებ, რომ თუ პარლამენტის წევრები ტერეზა მეის „ბრექსიტის“ ბოლო შეთანხმებას უარყოფდნენ, მაშინ მომდევნო ვარიანტი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაგრძელება იქნებოდა, ბრიტანულ მედიაში გაშუქდა. ჟურნალისტის აზრით, რობინსის ეს განცხადება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტერეზა მეი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 29 მარტს დატოვებდა და ის გამოსვლის პროცესის შეყოვნებაზე დისკუსიაში არ ჩაერთვებოდა.

გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე მთავრობის წარმომადგენელმა კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ სტატიაში გამოყენებული ინფორმაცია "პირადი საუბრის" ნაწილს წარმოადგენდა.

⇒   არის თუ არა პირადი საუბრების გაშუქება ეთიკურად გამართლებული?

ამ კითხვაზე საპასუხოდ დეივ პორტერს მაგალითად ერთი შემთხვევა მოჰყავს, რომელიც ამჯერად ჟურნალისტის მიყურადებას ეხება.

2016 წლის ოქტომბერში ერთერთ რესტორანში BBC-ისა და Channel 4-ის ახალი ამბების ჟურნალისტს პოლ მეისონს პირადი საუბარი ჰქონდა. ის ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, ჯერემი კორბინს, აკრიტიკებდა. პოლ მეისონის პოლიტიკოსისადმი მიმართული დამამცირებელი სიტყვები მის გვერდით მდგომმა ე.წ ფრილანსერმა ჟურნალისტმა ჩაიწერა და მასალა საუბრის ამსახველ ფოტოებთან ერთად ცნობილ ტაბლოიდს The Sun- ს გადასცა.



პოლ მეისონმა ტაბლოიდის წინააღმდეგ ბრიტანეთის პრესის საბჭოს ( IPSO-ს) მიმართა. ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მისი კონფიდენციალობა დაირღვა და ჩანაწერი უკანონოდ იქნა მოპოვებული.

IPSO-ს რედაქტორთა კოდექსის თანახმად, "მიუღებელია პირისთვის ფოტოს გადაღება მისი ნებართვის გარეშე საჯარო ან კერძო სივრცეში, სადაც კონფიდენციალობის დაცვის გონივრული მოლოდინი არსებობს." ამავე კოდექსის თანახმად, პრესამ გამოსაქვეყნებელი მასალის მოსაპოვებლად არ უნდა გამოიყენოს ფარული მოწყობილობები, როგორებიცაა ფარული კამერა ან ხმის ჩამწერი საშუალებები. ამ შემთხვევაში IPSO-მ მეისონის საჩივარი The Sun-ის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ერთერთი არგუმენტი იყო ის, რომ ე.წ ფრილანსერმა ჟურნალისტმა მასალები მობილურით მარტივად მოიპოვა და ეს საიდუმლო ან ფარულ მოწყობილობად არ ჩაითვალა.

IPSO-მ შემთხვევა შემდეგნაირად განმარტა: " მომჩივანი, პოლიტიკური მიმომხილველი, პროფესიულ კონტაქტთან ერთად განიხილავდა პოლიტიკურ საკითხს, მას არ უსაუბრია პირადულ თემებზე." შესაძლოა, რესტორანი კერძო სივრცედ მიჩნეულიყო, თუმცა საუბრის დრო და გარემოება, ფაქტი, რომ ის რესტორანი სწორედ იმ ადგილის გვერდით იყო, სადაც მეისონი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, მისი ახლო კავშირი ლეიბორისტულ პარტიასთან და ის ფაქტიც, რომ თვითონვე ჟურნალისტია, ნიშნავდა, რომ "საუბრის გამოქვეყნება მომჩივანის პირად ცხოვრებაში შეჭრას არ წარმოადგენდა".

  საჯარო ინტერესი

სტატიის ავტორის ცნობით, რედაქტორთა ამ ეთიკურ კოდექსის ხელმომწერი ბრიტანეთის ბეჭდური და ონლაინ მედია გამოცემების ძირითადი ნაწილია. მაუწყებელთათვის კი მარეგულირებელი ორგანო Ofcom-ია. ორივე შემთხვევაში, ჟურნალისტებს უფლება აქვთ დაარღვიონ ეს კოდექსი თუ არსებობს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი. მიუხედავად ამისა, IPSO -ს არ დაუკონკრეტებია ის, რომ პოლ მეისონის კომენტარების შინაარსი საჯარო ინტერესს წარმოადგენდა. ხოლო ITV-ისა და „ბრექსიტის“ თემის შემთხვევაში კი საჯარო ინტერესი ეჭვგარეშეა.

გარდა ამისა, "ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის" (The NUJ) ეთიკის კოდექსიც ამბობს, რომ "ჟურნალისტებმა მასალების მოპოვებისას უნდა გამოიყენონ კეთილსინდისიერი, პირდაპირი და ღია გზები", თუმცა მათ უფლება აქვთ გასცდნენ ამ წესებს, თუ არსებობს "აბსოლუტური" საზოგადოებრივი ინტერესი.

დეივ პორტერის თქმით, ამ ყოველივედან გამომდინარე რესპოდენტების საუბარზე მიყურადება ერთერთი ჟურნალისტური ხერხი გამოდის, რომლის გამოყენებაც პროფესიული ეთიკის დარღვევის გარეშე მხოლოდ კონკრეტულ და შეზღუდულ შემთხვევებშია შესაძლებელი.

წყარო: theconversation.com

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ყოველთვის არ უნდა ვენდოთ იმას, რასაც ვკითხულობთ ან ვისმენთ, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში არც ნანახის უნდა გვჯეროდეს. ე.წ Deepfake ვიდეოები ბოლო პერიოდში არამარტო ინტერნეტის მომხმარებლების, არამედ მთავრობებისა და მედიის ყურადღებასაც იქცევს.

Deepfake ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჰიპერრეალისტური ვიდეო ან აუდიო ჩანაწერია, რომელშიც ჩანს, რომ კონკრეტული ადამიანი ამბობს ან აკეთებს იმას, რაც სინამდვილეში არასდროს გაუკეთებია. ტერმინი ორ სიტყვას აერთიანებს - deep learning (სიღრმისეული შესწავლა) - რაც ხელოვნური ინტელექტის ერთერთ ალგორითმს წარმოადგენს და Fake - ყალბს.

მატივად, რომ ავხსნთ, ჩვეულებრივი ვიდეო მანიპულაციისგან განსხვავებით, უკვე არსებულ ალგორითმს ერთი ადამიანის მოძრაობა და სიტყვები გადააქვს მეორე ადამიანზე. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ორი ვიდეო - ერთი მსახიობის ან კონკრეტული ადამიანის პაროდისტის და მეორე სამიზნე ადამიანის. ალგორითმი ქმნის ახალ სინთეზურ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია, რომ სამიზნე ადამიანი ზუსტად ისე საუბრობს და მოძრაობს, როგორც მისი პაროდისტი. რაც უფრო მეტი ვიდეო და აუდიო მასალა არსებობს, რომელშიც სამიზნე პირია ასახული, მით უფრო მეტს შეისწავლის ხელოვნური ინტელექტი და შესაბამისად, deepfake-იც ვიზუალურად ბევრად რეალისტურია.

 

via GIPHY

ტერმინი თავდაპირველად 2017 წელს გაჩნდა, როდესაც Reddit-ის მომხმარებლმა სახელით Deepfake, ხელოვნური ინტელექტის deep learning ალგორითმით ცნობილი ადამიანების სახეები პორნოგრაფიულ ვიდეოებში დაამუშავა.

თუმცა, Deepfake ვიდეოები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის აპრილში კომპანია Buzzfeed-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ბარაკ ობამა დონალდ ტრამპს დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს. რეალურად ობამას სახე deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით ჰოლივუდის მსახიობის, ჯიორდან პილის, ხმასა და სახის მოძრაობაზე იყო აგებული. ვიდეოს შექმნის მიზანს იმ საფრთხეების ჩვენება წარმოადგენდა, რაც შესაძლოა ამ ტიპის ვიდეოებს ახლდეს თან. Buzzfeed-ის ვიდეო მალევე გავირუსდა და Deepfake ტექნოლოგიაზე გაშუქება საერთაშორისო პრესამ, მათ შორის, Wall street Journal-მა, CNN-მა და BBC-იმ დაიწყეს.

via GIPHY

დღესდღეობით Deepfake შესაძლოა დეზინფორმაციის მძლავრ იარაღად იქცეს. თუ აქამდე მხოლოდ სპეცეფექტების ექსპერტებს შეეძლოთ ყალბი, მაგრამ რეალისტური ვიზუალური და აუდიო მასალის დამზადება, ახლა ხელოვნური ინტელექტი საშუალებას იძლევა ნებისმიერმა ადამიანმა შექმნას ასეთი კონტენტი. ამისთვის კი მხოლოდ ინტერნეტი, სამიზნე პირის ფოტო ან ვიდეო მასალაა სააჭირო. აშშ-ში ბერკლის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი ჰენი ფარიდი Wall street Journal-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვიზუალური გამოსახულებების შეცვლით შესაძლებელია ისტორიის შეცვლაც, ხელოვნური ინტელექტის ამგვარად გამოყენება კი ციფრულ სივრცეში ყველაფერს ცვლის.

⇒ ასეთი ვიდეოს დამზადების სქემა 

 

via GIPHY

აღსანიშნავია, რომ ისტორიის შეცვლა ვიზუალური მანიპულაციებით წლების წინაც ხდებოდა, მაგალითად, როდესაც სტალინი მისთვის არასასურველ ადამიანებს ფოტოებიდან აქრობდა. მოგვიანებით, ისტორიული მომენტების „გაყალბება“ კინოინდუსტრიაში ერთერთ პოპულარულ ტექნიკად იქცა. მაგალითად, სწორედ სპეც.ფექტებითაა დამუშავებული ფილმ „ფორესტ გამპში“ ტომ ჰენკსის შეხვედრა პრეზიდენტ ჯონ კენედისთან.

via GIPHY

2015 წელს გამოსულ „ფორსაჟ 7“-ის ბოლო სცენაში კი იმ დროისთვის უკვე დაღუპული მსახიობი პოლ უოლკერი ჩანს, რეალურად რეჟისორმა სცენაში უოლკერის ძმა ათამაშა და სახე ციფრული ტექნოლოგიის დახმარებით შეცვალა.

via GIPHY

დღეს კი ზუსტად ამავე ეფექტის მიღწევა შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით რამდენიმე წუთში შეიძლება. კარგად დამუშავებული Deepfake-ის ამოცნობას კი შესაძლოა რამდენიმე დღეც დასჭირდეს.


•     Deepfake-ის უარყოფითი მხარეები

ამჟამად ასეთი ვიდეოები ძირითადად ინტერნეტის ე.წ ბნელ ქსელში იძებნება. კერძოდ, ცნობილი ადამიანების: ემა უოტსონის, გალ გადოტის, ანჯელინა ჯოლის და სხვების სახეები ქალი პორნომსახიობების ვიდეოებშია გამოყენებული, რაც იძლევა იმის ილუზიას, რომ პორნოგრაფიულ ვიდეოში უშუალოდ ეს ადამიანები მონაწილეობენ. თუმცა, Deepfake პორნოგრაფიული ვიდეოების მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს. მათ შორისაა, 18 წლის ავსტრალიელი მოსწავლე ნოელ მარტინი, რომელმაც ინტერნეტში ორალური სექსის ამსახველი ვიდეო მისივე მონაწილეობით ნახა. მარტინმა პოლიციას მიმართა, თუმცა უშედეგოდ, რადგან არც ავსტრალიაში და არც სხვა ქვეყნებში არ არსებობს კანონი, რომელიც Deepfake-ის კრიმინალიზებას ახდენს.

საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის Carnegie Endowment for International Peace-ის სილიკონ ველის ოფისის დირექტორი შარლოტ სტენტონი წერს, რომ Deepfake-ს შეუძლია უხეშად ჩაერიოს პოლიტიკაში, მოახდინოს არჩევნების საბოტაჟი და გააჭინაუროს დიპლომატიური ურთიერთობები.

მაგალითად, გასულ წელს ბელგიის ერთერთმა პოლიტიკურმა პარტიამ თვითერზე გამოაქვეყნა Deepfake ვიდეო, რომელშიც ტრამპი აკრიტიკებს ბელგიის პოზიციას კლიმატის ცვლილების შესახებ. ვიდეო ვიზუალურად არც ისე რეალისტურია და შესაბამისად მარტივად შესამჩნევი იყო მისი სიყალბეც, მიუხედავად ამისა მან ონლაინ პლატფორმაზე მაინც მოახერხა ასობით კომენტარის პროვოცირება, რომელებშიც აუდიტორია აღშფოთებას გამოხატავდა ტრამპის მიერ ბელგიის შიდა საქმეებში ჩარევაზე.

პროფესორი ფარიდი კი Deepfake-ის შესაძლო საფრთხეს ასე ხსნის: "წარმოიდგინეთ შემდეგი სცენარი: გამოქვეყნდა ტრამპის ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ "მე ახლახანს გავუშვი ატომური ბომბი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ“. ეს ვიდეო მოხვდება თვითერზე და გავირუსდება 30-60 წამში. ჩრდილოეთ კორეა უპასუხებს მომდევნო 60 წამში, სანამ ვინმე გაარკვევს, რომ ვიდეო ყალბია. ამის შემდეგ როგორ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც ვნახულობთ? ამიტომ Deepfake რეალური საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას."

თუმცა, მეორე მხრივ Deepfake-ების რიცხვის მატებამ შესაძლოა აუდიტორიას ავთენტური ვიდეოების მიმართ სიყალბის ეჭვი გაუჩინოს. ამერიკელი პროფესორები რობერტ ჩესნი და დენიელ სიტრონი ამ ეფექტს "მატყუარას დივიდენდს" (liar’s dividend) უწოდებენ: რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებს საზოგადოება deepfake-ების შესახებ, მით უფრო სკეპტიკურად უყურებს ვიდეოებს და მისთვის ბევრად ბუნებრივი ხდება ავთენტური ვიდეოს ყალბად აღქმა.

კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს ისიც, რომ მომავალში პოლიტიკოსებს მარტივად შეეძლებათ თავი იმართლონ იმით, რომ მათზე გავრცელებული ჩანაწერები კომპიუტერულადაა დამუშავებული.


•     როგორ უნდა ამოვიცნოთ Deepfake?

კარგად დამუშავებული Deepfake-ის ამოცნობა რთულია, რადგან მას არ გააჩნია აშკარა ნიშანი, რითაც მის სიყალბეში დავრწმუნდებით. თუმცა, ასეთი ვიდეოების უმრავლესობას ზოგადად ახასიათებს რამდენიმე ფაქტორი: ადამიანის არაბუნებრივი სუნთქვა, პულსი ან თვალების დახამხამება. თუ ვიდეო 30 წამიანია და მასში ნაჩვენები ადამიანი თვალს არ ახამხამებს, მაშინ ეს ვიდეო შესაძლოა ყალბი იყოს. 

via GIPHY

აღსანიშნავია, რომ Deepfake-ებთან საბრძოლველად ევროკავშირმა ნაბიჯები უკვე გადადგა. ბრიუსელის ოფისმა გასულ წელს გამოაქვეყნა ყველა ფორმის დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც Deepfake-ებსაც მოიცავს. აშშ-ის კი კონგრესმენებმა ადამ შიფმა და სტეფანი მერფიმ ეროვნული დაზვერვის დირექტორს მისწერეს წერილი, რომელშიც მოითხოვეს რომ გაირკვეს როგორ შეიძლება სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა, სადაზვერვო სამსახურებმა და კერძო პირებმა Deepfake-ების საშუალებით აშშ-ის ინტერესებს ავნონ და რა ფორმით შეიძლება მათი შეჩერება. ამ თემას ცალკე მოხსენება დაუთმო სენატორმა მარკო რუბიომაც. გარდა ამისა, პენტაგონმა უკვე დააფინანსა საკვლევი პროექტი იმისთვის, რათა ახალი მეთოდები გამოიძებნოს deepfake-ების გამოსავლენად.

ფაქტია, ტექნოლოგიები მუდმივ პროგრესს განიცდის, რაც კიდევ უფრო მარტივს ხდის ყალბი, მაგრამ მაქსიმალურად რეალისტური კონტენტის შექმნას, რომელიც მედიაში შესაძლოა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნაწილად  იქცეს.