კატეგორია: მედიაგარემო
საქართველოში მედიაგარემო გაუარესდა, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კი საფრთხის შემცველი გახდა პროფესიული საქმიანობის შესრულება - ასე აფასებს ქართულ მედიაგარემოს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".

არასამთავრობო ორგანიზაცია იმ პრობლემებს გამოყოფს, რომელთა წინაშეც კრიტიკული მედია დგას. მათ შორისაა: სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და ძალადობაზე არასათანადო რეაგირება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, აგრესიული რიტორიკა მმართველი პარტიიდან და სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, მათ მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია.

მედიის წინაშე არსებული გამოწვევები - საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მედიის გამოწვევებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე.

“მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მიერ არა მხოლოდ გამოძიების დაწყება, არამედ დამნაშავეების დროული იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირად მსგავს ფაქტებზე არ ხდება სათანადო რეაგირება, კერძოდ, დროში იწელება გამოძიება, არ ანიჭებენ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს და ა.შ., რაც თავის მხრივ, ახალისებს ძალადობას და კიდევ უფრო ართულებს მედიის წარმომადგენლებისათვის მუშაობას.”,- ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხაზს უსვამს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიულ განცხადებებსა და მუქარებს ჟურნალისტების მიმართ. „სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების აგრესიული მიდგომის გამოძახილია ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული ძალადობის ფაქტები.“, - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამწუხარო ტენდენციად იქცა მედიის წარმომადგენლებისათვის გადაადგილების თუ ცალკეული უწყებების შენობებში შესვლის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის პროფესიული საქმიანობის შესრულებას.

მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის დასახელებულია ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების წყაროს იდენტიფიცირების მცდელობები, ფარული მოსმენა და სოციალურ ქსელებში ჟურნალისტების დისკრედიტაციის კამპანიები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ინსტიტუციურ დევნაზეც საუბრობს და ამბობს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცალკეული გადაწყვეტილებები მედიაგარემოსთვის სახიფათო გამოწვევად რჩება და კრიტიკული მედიის შეზღუდვის ნიშნებს შეიცავს.
კატეგორია: მედიაგარემო
ანა სიხაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ (FLEX) კურსდამთავრებულია.

ის აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გაძლიერების პროექტებზე და თავის მაგალითზე გვიყვება იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც უსინათლო, მცირემხედველი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სხვა ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.

ირმა კურტანიძე: რამდენად ადაპტირებული და ხელმისაწვდომია მედია უსინათლო ადამიანებისთვის?

ანა სიხაშვილი: რთულია კონკრეტულად თქმა - ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. ტელევიზია ტექნიკურად ხანდახან ხელმისაწვდომი არ არის ხოლმე, მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ შეხედეთ ეკრანს, რომელზეც ნომერი გამოჩნდება -  შეუძლებელია ეკრანზე წავიკითხო ნომერი, რომელიც მაგალითად, ინტერაქტივის ან ანგარიშის ნომერია. მართალია, არსებობს ამომცნობი პროგრამები თუმცა ესენი უცხო ენოვანია. ქართულ ენაზე კი არ გვაქვს ისეთი აპლიკაციები, რომლებიც დამეხმარებიან, მაგალითად, ეკრანზე გამოსახული ნომრის წაკითხვაში.

რაც შეეხება ჟურნალ-გაზეთებს, მახსოვს სკოლაში ბრაილის შრიფტით მოჰქონდათ ხოლმე რამდენიმე გაზეთი. თუმცა, ასეთი ბევრი არ არის. ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. ჩემი აზრით, ბრაილის შრიფტით რამდენიმე ეგზემპლარად ყველა შემთხვევაში უნდა იბეჭდებოდეს, იმის მიუხედავად, თუ რამდენად მოთხოვნადია.

მე პირადად ბრაილის შრიფტს დიდი ხანია აღარ მოვიხმარ. ტექნოლოგიებზე გადავერთე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვერ ვკითხულობ დასკანერებულ დოკუმენტს, ვკითხულობ მხოლოდ ტექსტურს. 

ჩემი ინფორმაციის წყარო ონლაინ მედიაა, მაგრამ აქაც ზოგი ვებგვერდი ადაპტირებულია, ზოგი არა. ინტერფეისს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიცი, რომ არის ვებგვერდები, რომლებიც პროგრამულად არ არის ადაპტირებული უსინათლო ადამიანებისთვის. არის შემთხვევები როდესაც თუ ბევრი არ ვიწვალე ვერ ვიგნებ გზას და ვერ შევდივარ ვებგვერდზე. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა ვებგვერდზე გადავსულვარ, მაგრამ ტექსტი ვეღარ წამიკითხავს.

ონლაინ მედიას აქტიურად ვეცნობი, თუმცა ეს იმიტომ, რომ ტექნოლოგიურად აბსოლუტურად აღჭურვილი ვარ, მაგრამ შუახნის უსინათლო ადამიანი, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს ისეთი სმარტფონი, რომ ინტერნეტში შევიდეს და წაიკითხოს, ონლაინ მედიას ვერ გაეცნობა. ჟურნალ-გაზეთებშიც, რაც იბეჭდება ან შემდეგ ონლაინ თავსდება, ვერ გაეცნობიან თუ ვინმე არ წაუკითხავს. შესაბამისად, მხოლოდ ტელევიზიაზე არიან დამოკიდებული.

ირმა კურტანიძე: რამდენად ინტერესდებიან მედიასაშუალებები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების პრობლემების გაშუქებით?  

ანა სიხაშვილი: შშმ პირებს დღეს ბევრი პრობლემა აქვთ: ბარიერია საზოგადოების დამოკიდებულება, პრობლემებია დასაქმების და განათლების კუთხით, არაადაპტირებული გარემო და სხვა.

მედია შესაძლოა ხშირად ინტერესდება, მაგრამ არა პრობლემების გაშუქების, არამედ დრამატიზების კუთხით. შეიძლება შშმ ადამიანებს პოზიტიურ ჭრილში აჩვენებენ ხოლმე, მაგრამ ამით უფრო მეტი სტერეოტიპი ემატება იმას, რაც უკვე არის. მაგალითად, ვიღაც ფორტეპიანოზე უკრავს და გაჩვენებენ, რომ რა მაგარია უსინათლო, რომ ფორტეპიანოზე უკრავს. ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი. კარგი იქნება თუ განსხვავებული რიტორიკით გაშუქდება და თუნდაც ჟურნალისტს ხმაში არ იქნება გაკვირვება, იმიტომ, რომ ისინი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენენ. ამ დროს სჯობს, მაქსიმალურად ნეიტრალური იყოს და თან გადმოსცეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი უკრავს, მაგრამ ამაში საოცარი არაფერია.

ირმა კურტანიძე: კიდევ რა პრობლემებს ხედავთ უსინათლოების შესახებ გასულ სიუჟეტებში?

ანა სიხაშვილი: ჩემთვის მტკივნეულია, როდესაც უსინათლოებზე სიუჟეტებს მძიმე მუსიკას ადებენ. როცა ასეთ მუსიკას იყენებენ, ვფიქრობ, რომ რეიტინგის აწევა უნდათ.

ასევე ხშირია ჟურნალისტების დაბნეულობა ამ თემებზე მუშაობის დროს. მესმის, რომ როდესაც ადამიანი მოდის ჩემთან, ამ დროს კი ერთდროულად ბევრი ადამიანი ვდგავართ, შეიძლება ვერ გათვალოს, რომ თუ სახელით არ მომმართა, ვერ მივხვდები, რომ მე მესაუბრება.

მაგრამ ყველაზე საყურადღებოა ხოლმე, როდესაც ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები ჩემთან ერთად მყოფ ადამიანს ესაუბრებიან ჩემ მაგივრად. მაგალითად, მახსოვს, სიუჟეტისთვის ფოტოების გადაგზავნა უნდოდათ და დედაჩემს ელაპარაკებოდნენ.

როდესაც ვამჩნევ რომ ჩემ მაგივრად სხვას ელაპარაკებიან მე ვიწყებ ხოლმე პასუხის გაცემას, არ ვაცდი სხვას ლაპარაკს და მერე ხვდებიან ხოლმე, რომ ყურადღება უნდა მომაქციონ. თამხლები ადამიანი არის უბრალოდ გამყოლი. არ აქვს მნიშვნელობა დედა იქნება თუ სხვა.

კიდევ როდესაც ჟურნალისტებს ვესაუბრები, ვცდილობ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდო, რადგან, როდესაც ამბავს ჰყვებიან ხოლმე შეიძლება ჩემი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაცით გადმოსცენ. ცოტა ხნის წინ ჩემი აზრით, სასაცილო სიუჟეტი გამოვიდა ჩემ შესახებ, როდესაც თქვეს, თეთრი ხელჯოხის დახმარებით მიაღწია წარმატებასო.

თეთრი ხელჯოხი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი უსინათლო ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც თეთრი ხელჯოხი არ აქვს ის შეიძლება არ იყოს წარმატებული. მგონია, რომ თეთრი ხელჯოხი უბრალოდ გვეხმარება, გავხდეთ დამოუკიდებელი ადამიანები.

მგონია, როდესაც მიდიხარ რესპონდენტთან კარგია თუ წინასწარ მინიმალური ინფორმაცია და წარმოდგენა გაქვს შესაბამის თემაზე.

ირმა კურტანიძე: როგორ უწყობს ხელს მედია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების სტიგმატიზებას და სტერეოტიპების გაღვივებას საზოგადიებაში? 

ანა სიხაშვილი: მედია ძირითადად უფრო პოზიტიურ დისკრიმინაციას ეწევა. ჩემი დაკვირვებით, ცდილობენ ან ძალიან დადებით ჭრილში წარმოაჩინონ ან შეცოდების ობიექტად “ვაიმე საწყალი” - ასეთი რიტორიკა ისმის ხოლმე. ასეთი გაშუქებით კი ადამიანებს ცნობიერება არ აუმაღლდებათ.

ჟურნალისტებმა უნდა წარმოაჩინონ, რომ ასეთი ადამიანები სულაც არ არიან განსხვავებულები - პირიქით, ჩვეულებრივები არიან. როდესაც ჟურნალისტი ამ საკითხზე საუბრობს თვითონვე გაოგნებული არ უნდა იყოს. როგორც პირობითად, უსინათლო სტუდენტი ისეთივე სტუდენტია, როგორიც ნებისმიერი სხვა, უბრალოდ იქვე შეიძლება ვთქვათ, რომ ალტერნატიულ გზებს იყენებს, იმისთვის, რომ წაიკითხოს, მაგრამ ამაში გასაოცარი არაფერია.

რასაც ჩემი საუბრით სტერეოტიპების დამსხვრევას ვცდილობ, ასეთი სიუჟეტებით ჩემი და ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანების შრომა წყალში იყრება. თუ მე შემიძლია, რომ 15-20 ადამიანს გავაგებინო რაღაც, ჟურნალისტი მილიონობით ადამიანს საწინააღმდეგოს ეუბნება.

სიუჟეტებში ისიც უთქვამთ ხოლმე, რომ უსინათლო ადამიანებს აქვთ კარგი მუსიკალური სმენა ან აქვთ 100%-ზე მეტი სმენა, რაც ასე არ არის. უბრალოდ უსინათლო ადამიანი უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას. რა დატვირთვაც თვალზე უნდა მოდიოდეს, ის დატვირთვა მე ყურზე მიმაქვს, ამიტომ მესმის რაღაც უფრო მკვეთრად, რადგან ყურადღებას ვამახვილებ.

ზოგადად ძალიან ბევრი სტერეოტიპი, ხშირად, ერთი ადამიანიდან გამომდინარე მოდის ხოლმე.  ამაში მედია დიდ როლს თამაშობს, როდესაც ვინმეზე სიუჟეტს გააკეთებენ, ისე წარმოაჩენენ ყველაფერს, თითქოს, ყველა უსინათლო ადამიანი ერთნაირია.

ირმა კურტანიძე: ხშირად გვესმის ტერმინი, „შეზღუდული უნარები“ - რა უნდა დავუპირისპიროთ ამას?

ანა სიხაშვილი: ზოგჯერ ადამიანები შესაძლებლობას აღიქვამენ, როგორც უნარს. მაგალითად, ჰგონიათ, რომ შესაძლებლობა გულისხმობს უსინათლოობას და არა მაგალითად იმას, რომ მე არ მაქვს შესაძლებლობა დავსაქმდე იმიტომ, რომ გარემო არ არის ადაპტირებული. კარგი იქნებოდა თუ მედია მაქსიმალურად ეცდებოდა წარმოაჩინოს არაადაპტირებული გარემო და არა ის, რომ მე ვერ ვხედავ და პრობლემა ამაშია. სახელმწიფო არ მიქმნის პირობებს, რომ, მაგალითად, დავსაქმდე.

მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სახელმწიფოს ვალდებულებებზე შშმ პირების უფლებების უზრუნველყოფის კუთხით. მალჩინოსნებამდე უნდა მივიდეს ხმა, რომ ჩემთვის სერვისები არ არსებობს და ამაზე პროტესტი გაუჩნდეს თვითონ შშმ პირსაც, რადგან ყველამ არ იცის როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები. როდესაც ის გაეცნობა ასეთ ჟურნალისტურ მასალას მიხვდება, რომ თურმე იმ დღეს რაღაც რომ არ გააკეთებინეს, ან ვერ გააკეთა, ეს სახელმწიფოს პრობლემაა და, შეუძლია ეს გააპროტესტოს.

მეორე მხრივ, ეს გამოიწვევს საზოგადოების მხარდაჭერას შშმ პირების მიმართ. ამ მხრივაც ძალიან დიდი პრობლემაა, ადამიანები თუ შშმ პირები არ არიან ან ამ მიმართულებით არ მუშაობენ, როგოც წესი, არ ინტერესდებიან ხოლმე და აქაც მედიის როლი ძალიან დიდი იქნებოდა. მედია სახელმწიფო ვალდებულებებზე ხშირად რომ საუბრობდეს, სახელმწიფო უფრო მეტად იმოქმედებს.

ირმა კურტანიძე: რატომაა მნიშვნელოვანი ჟურნალისტებმა სწორი ტერმინოლოგია გამოიყენონ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მოხსენიებისას ?

ანა სიხაშვილი: საზოგადოებაში არაკორექტული ტერმინები შშმ პირების მიმართ ძალიან ფესვგადგმულია, მაგალითად „ბრმა“, „ინვალიდი“, „ხეიბარი“ და როდესაც ჟურნალისტი ბევრჯერ გაიმეროებს, რომ სწორია „უსინათლო“, „ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე“ და არა „უნარშეზღუდული“, მაყურებელიც, უფრო იოლად დაიმახსოვრებს ამას. საზოგადოების ერთი წევრი მაინც მიხვდება, რომ არასწორად იყენებს ტერმინებს და გამოასწორებს.

მახსოვს, ერთ-ერთ ინტელექტუალურ გადაცემაში წამყვანმა წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟზე თქვა, “ბრმა იყოო”. ვიღაცას ხომ ძალიან ეწყინა, ხალხმაც ხომ გაიგო, რომ ავტორიტეტულმა ადამიანმა ასეთი რაღაც თქვა და, [ჩათვალა, რომ] ესე იგი, ამის თქმას არა უშავს. 

თუმცა, ბოლო დროს, რაც ტერმინოლოგიაზე გამახვილდა ყურადღება, მაქსიმალურად ცდილობენ წინასწარ გაიგონ რა არის სწორი. მაგრამ ჟურნლისტები მაინც იძაბებიან ხოლმე, რომ შეცდომა არ დაუშვან - თითქოს ეშინიათ. ეს შიში და დაძაბულობაც შემდეგ გადაიზრდება არამხოლოდ არასწორ ტერმინოლოგიაში, არამედ ყველაფერზე დაძაბულები არიან და საერთოდ რომ გელაპარაკებიან ამისაც ეშინიათ.

ირმა კურტანიძე: რა არის გამოსავალი - რა უნდა გაითვალისწინოს ჟურნალისტმა, როდესაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთან მუშაობს?

ანა სიხაშვილი: როდესაც ჟურნალისტი შშმ პირთან მიდის ჩაწერაზე საფუძვლიანად უნდა გაერკვიოს რას აკეთებს, რადგან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს და უნდა იაზრებდეს ამას.

მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაში. შშმ პირების ნაწილი იმიტომ არ გადის გარეთ, რომ საზოგადოების დამოკიდებულების ეშინია, ან გარემო არ არის ადაპტირებული და სხვ. მედია რომ საზოგადოებას ინფორმაციას სწორად აწვდიდეს, შშმ პირს პირობები შეუმსუბუქდებოდა და აღარ გაუჭირდებოდა გარეთ გასვლა. თუ საზოგადოებაში დამკვიდრდება აზრი, რომ შშმ პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, უკვე ხალხი მოსთხოვდა მათ მიერ დაქირავებულ ხელისუფლებას რომ ამ ადამიანებს შეექმნათ ღირსეული პირობები.
კატეგორია: მედიაგარემო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, სარჩელის განხილვა დაიწყო. პირველი სასამართლო სხდომა სარჩელის წარდგენიდან 2 წლის შემდეგ, 25 მაისს გაიმართა.

თავდაპირველად პროცესი დისტანციურად დანიშნა, თუმცა კაპანაძის უფლებადამცველის მიმართვის შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზში ჩატარებაზე დათანხმდა.

"მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლომ ჩვენ მიერ წარდგენილი შუამდგომლობები განიხილა, მეორე მხარეს შუამდგომლობები არ ჰქონდა. განხილვის შემდეგ კი სასამართლო პროცესი გადავდეთ",- გვეუბნება " საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი ილონა დიასამიძე.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და მოწმედ დაკითხავს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ნატა იმედაიშვილს და საბჭოს ყოფილ წევრს ბეჟან გობაძეს.

რას ითხოვს კაპანაძე?

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი თანამდებობაზე აღდგენას, მისი უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას ითხოვს.

ნათია კაპანაძემ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს შეიტანა. საია სასამართლოს სარჩელის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებდა და პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობდა. სასამართლოში კი ამბობდნენ, რომ სხდომის არ დანიშვნა პანდემიას უკავშირდებოდა.

ჯერჯერობით უცნობია მომდევნო სხდომის თარიღი. ადვოკატი ილონა დიასამიძე ამბობს, რომ სასამართლო მას მომდევნო სხდომის დანიშვნის შესახებ პროცესამდე ერთი კვირით ადრე შეატყობინებს.

საქმის დეტალები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ გადაირჩია. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრები, გიგა ჩხარტიშვილისა და ირაკლი დარცმელიძის არგუმენტებით:

• „ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგი შემცირდა.“
• „ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
• „ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“

საიაში მიიჩნევენ, რომ ნათია კაპანაძისადმი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადება ეფუძნებოდა „არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა.“

ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მმართველი პარტიის გავლენის შესახებ რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლისა და „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ 2021 წლის ანგარიშებშია საუბარი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დაუგეგმავად დაეშვა. ბელარუსელმა სამართალდამცავებმა ერთ-ერთი მგზავრი, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ჟურნალისტს შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროს. ევროკავშირის ქვეყნები მომხდარს "სახელმწიფოს ტერორიზმად" აფასებენ. სხვა სახელმწიფოებთან ერთად საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატები.

რა მოხდა 23 მაისს?

რომან პროტასევიჩი ვილნიუსში ათენიდან ბრუნდებოდა. ის საბერძნეთში ეკონომიკის საკითხზე კონფერენციას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან, სვეტლანა ციხონოვსკაიასთან, ერთად დაესწრო.

ჟურნალისტმა ათენის აეროპორტშივე შენიშნა, რომ უთვალთვალებდნენ და ფოტოებს უღებდნენ. ათენი-ვილნიუსის რეისი კი, რომელზეც 170 მგზავრი იყო, 3 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის საზღვართან ახლოს პილოტებს მინსკიდან შეატყობინეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი იყო. ბელარუსის პრეზიდენტის ბრძანებით, თვითმფრინავი აეროპორტამდე რეაქტიულმა გამანადგურებელმა MiG-29-მ მიაცილა. მგზავრებს ბორტი დაატოვებინეს და ისინი თავიდან შეამოწმეს. თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. რომან პროტასევიჩი კი ადგილზე დააკავეს.

Nexta-ს რედაქტორის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბორტზე ბელარუსის უშიშროების სამსახურის (KGB) თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ეკიპაჟის წევრებთან ჩხუბი მოაწყვეს და აცხადებდნენ, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. ამის შემდეგ კი ეკიპაჟი იძულებული გახდა მინსკში დაშვებულიყო.

ვილნიუსში მდებარე "ევროპულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტში" ამბობენ, რომ დაკავებულია მათი სტუდენტი სოფია საპეგაც, რომელიც ჟურნალისტთან ერთად მგზავრობდა. 

ლიეტუვაში მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება თვითმფრინავის ტერორიზმის მიზნით გატაცების ბრალდებით. ევროკავშირში ბელარუსზე სანქციების შესაძლო დაწესებას განიხილავენ და ამბობენ, რომ პროტასევიჩის დაკავება ბელარუსის ხელისუფლების მიერ ოპოზიციური ხმის ჩახშობის მორიგი მცდელობაა.  

ლიეტუვას პრეზიდენტი კი დამატებით, ბელარუსის საჰაერო სივრცის სახიფათოდ გამოცხადებისა და ბელარუსული თვითმფრინავების ევროკავშირის აეროპორტებში არ მიღების ინიციატივით გამოდის. მსოფლიო ლიდერები ჟურნალისტის დაკავებას გმობენ.

მომხდარს გუშინ ღამით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია“. მოგვიანებით ამავე პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დაწერა, რომ " ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია".

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ ასახავს შექმნილი ვითარების სიმწვავეს და მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდეს სათანადო რეაქცია და დაგმოს ჟურნალისტის დაკავება.

ვინ არის რომან პროტასევიჩი?

პროტასევიჩი 26 წლის ბელარუსელი ჟურნალისტი და აქტივისტია. ის ამჟამად Telegram-ზე ბელარუსული პოლიტიკური გამოცემის Belarus of the Brain-ის მთავარი რედაქტორია.

რომან პროტასევიჩი გასულ წელს Telegram-ზე არსებული არხის NEXTA-ს მთავარ რედაქტორად მუშაობდა. NEXTA-ს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ანტისამთავრობო გამოსვლებს აქტიურად აშუქებს. ასევე მონაწილეობს აქციების ორგანიზებაში. ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არხის მიერ გავრცელებული კადრებს ფართოდ იყენებდა საერთაშორისო მედია.

რომან პროტასევიჩმა ბელარუსი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო 2019 წელს დატოვა, მშობლები პოლონეთში მას შემდეგ გადაიყვანა, რაც მათ თვალთვალი დაუწყეს. მოგვიანებით კი საცხოვრებლად ვილნიუსში გადავიდა და თავისი საქმიანობა იქიდან განაგრძო.

ჟურნალისტმა ნოემბერში Twitter-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ის ბელარუსიის ტერორისტების სიაშია შეყვანილი. მას ბელარუსში არეულობებისა და სოციალური სიძულვილის გაღვივებაში დასდეს ბრალი.

პროტასევიჩმა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ყურადღება პირველად თინეიჯერობის დროს დისიდენტობით მიიპყრო. ის 2011 წელს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სკოლიდან, მოგვიანებით კი მინსკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამიდან გარიცხეს.

რა ემუქრება დაკავებულ ჟურნალისტს?

ბელარუსის უშიშროების სამსახურს რომან პროტასევიჩი ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი. თუ მას ტერორიზმში დაადანაშაულებენ, შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროს. ამჟამად ჟურნალისტისთვის წარდგენილი ბრალდებები კი თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.
კატეგორია: მედიაგარემო
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

რა მოხდა?

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებს გზა აქვთ გადაკეტილი, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა.  სწორედ ამ დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ პირველი არხის ადგილზე მყოფ გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს.

როგორც მაუწყებელში გვეუბნებიან, გადამღები ჯგუფის წევრები მცირედ დაშავდნენ და ისინი სამართალდამცველებმა ადგილზე უკვე გამოკითხეს. დაზიანებულია ტექნიკაც. 

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა დაგმო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და  სამართალდამცავ ორგანოებს შემთხვევის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდა

მოგვიანებით, "პირველი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, დმანისთან მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ, "ერთობლივი, დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და [ჟურნალისტების დაზიანების ფაქტი] ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული". 


მომხდარის დეტალები 

"პირველი არხის" ჟურნალისტები დმანისში ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებას აშუქებდნენ. ჩხუბი 16 მაისს საღამოს დმანისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა. ინციდენტის დროს მაღაზიის მეპატრონეებს რამდენიმე ათეული ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა. მომხდართან დაკავშირებით დმანისში მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობაა.


ფოტო: 1tv.ge
კატეგორია: მედიაგარემო
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭომ უარი თქვა რუსულენოვანი ბეჭდური გამოცემა соотечественник-ის ყოფილი რედაქტორის განაცხადის განხილვაზე.

ეს ქარტიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც განხილვის პროცესში დადგინდა, რომ საქმე არ ეხებოდა ჟურნალისტურ პროდუქტს.

თავდაპირველად, ეთიკის ქარტიამ მირანდა ოგანეზოვას განაცხადი პროფესიული საქმიანობის დროს ზეწოლისა და ჩარევის შესახებ მიიღო და საკითხზე იმსჯელა. თუმცა განხილვისას საბჭომ თქვა, რომ соотечественник არ არის მედია, ხოლო მისი საქმიანობა არ არის ჟურნალისტური.

რა არის Соотечественник-ი?

გამოცემა ეკუთვნის „საქართველოში თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს“ (КСОРГС), რომელიც ნებაყოფლობითი არაკომერციული ორგანიზაციების ასოციაციაა. Соотечественник-ი ("თანამემამულე") არაპერიოდულად გამოიცემა 500 ეგზემპლარად.

შინაარსობრივად გამოცემა ორგანიზაციის საინფორმაციო ბიულეტენია, რუსულენოვანი საზოგადოების ცხოვრებაზე წერს და ძირითადად უფასოდ ნაწილდება КСОРГС-ში შემავალ ორგანიზაციებს შორის.

რა იყო სადავო?

გამოცემის ყოფილი რედაქტორი, მირანდა ოგანეზოვა, „თანამემამულეთა ორგანიზაციების საბჭოს“ თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ალექსანდე ბეჟენცევს ადანაშაულებდა ქარტიის მე-2 პრინციპის დარღვევაში.

ეს გულისხმობს, ჟურნალისტის იძულებას, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

ოგანეზოვას მტკიცებით, ბეჟენცევი მას თავის [ბეჟენცევის] ყოფილ კოლეგაზე შეურაცხმყოფელი ანონიმური სტატიის დაწერას აიძულებდა. უარის მიღების შემდეგ კი მის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშად ერეოდა, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მის დისკრედიტაციას ცდილობდა.

ბეჟენცევი ბრალდებებს უარყოფს და ქარტიაში მირანდა ოგანეზოვას შეტანილ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს.

რატომ არ განიხილა საკითხი ქარტიამ?

ქარტიის საბჭოს არგუმენტები იმაზე, თუ რატომ არ მიიჩნიეს „სოოტეჩესტვენიკი“ ჟურნალისტურ მედიად:

• გაზეთი არ ვრცელდება საჯაროდ.

• ის არ არის განკუთვნილი ფართო აუდიტორიისათვის.

• “სოოტეჩესტვენიკი” საზოგადების მიერ არ აღიქმება ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებად.

• ის განკუთვნილია მხოლოდ „რუს თანამემამულეთა“ წრისათვის, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ.

• მედიის დამახასიათებელი თვისებაა რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

„წარმოდგენილი მტკიცებულებები უფლებამოსილი ორგანოების მიერ (სახალხო დამცველი, სასამართლო, სამართალდამცავი უწყებები) მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია შეფასდეს დისკრიმინაციად, ზეწოლად, მაგრამ მათზე ვერ იმსჯელებს ქარტიის საბჭო, ვინაიდან გამოცემა „თანამემამულე“ ვერ შეფასდება როგორც მედიად და ჟურნალისტურ საქმიანობად.“, - განმარტავს ქარტია.

საბჭოში ამბობენ, რომ ქარტიის პრინციპები ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება და, შესაბამისად, საბჭო მხოლოდ იმ შესაძლო დარღვევებს განიხილავს, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში მოხდა.

ქარტიის არსებობის 11 წლის განმავლობაში, ეს არის მესამე პრეცედენტი, როდესაც საბჭო მეორე პრინციპის დარღვევას განიხილავდა. წინა ორი საქმე ტელეკომპანია „იმედს“ უკავშირდებოდა. ორივე შემთხვევაში საბჭომ იმსჯელა და მეორე პრინციპის დარღვევა დაადგინა. ჟურნალისტები სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას "იმედის" იმჟამინდელ დირექტორებს ედავებოდნენ.
კატეგორია: მედიაგარემო
ტელეკომპანია "მთავარის არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება (სსკ-ის 126-ე) ძალადობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავის განცხადებაში „ყველანაირი ძალადობა” დაგმო და თქვა, რომ გამომძიებლები "ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან”, და რომ შესაძლოა, გამოძიებიდან გამომდინარე, საქმეს „5 მუხლი დაემატოს“, ან არცერთი. კვალიფიკაციის შეცვლაზე კი პროკურატურამ უნდა იმსჯელოს.

რა მოხდა?

4 მაისს დავით გარეჯში "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი რესპონდენტთან, ივერი მელაშვილთან, ერთად ჩავიდა. ჟურნალისტი ნინუცა კეკელია გადაცემა "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟს ამზადებდა. არხის ინფორმაციით, ივერი მელაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ნასვამმა სასულიერო პირებმა და რამდენიმე მოქალაქემ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გადამღებ ჯგუფს ტექნიკა დაუზიანეს

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენასა და თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით საგარეჯოს პოლიციაში უკვე გამოკითხეს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი და ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიების პროცესში საჭირო ყველა პირს გამოკითხავენ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, " გამიძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, [დამნაშავეები] კანონის შესაბამისად დაისჯებიან."

„მთავარი არხის“ თანამშრომლებზე ძალადობას გმობენ "საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტია" და სახალხო დამცველი. ისინი სამართალდამცავ ორგანოებს შემთხვევის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ჟურნალისტებზე თავდასხმის გახშირებული შემთხვევები

ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს. სახალხო დამცველის თქმითაც, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა.

8 აპრილს ღამით ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ. ორივე დაზარალებული მაუწყებლის მძღოლია. ერთზე ფიზიკურად იძალადეს, მეორე მძღოლს კი, მანქანა დაუზიანეს.

25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე "ფორმულას" ტელეწამყვანს, ვახო სანაიას მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით სამი პირი დაესხა თავს. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

ბოლო პერიოდში გახშირდა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდანაც.

სახალხო დამცველი 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.


ფოტო: მთავარი არხი


კატეგორია: მედიაგარემო
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, სარჩელის განხილვას სასამართლო ხელოვნურად და დაუსაბუთებლად აჭიანურებს“ - ამ შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა 30 აპრილს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

„საია“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილების უმოკლეს ვადაში მიღებისკენ მოუწოდებს.

რა წერია ნათია კაპანაძის სარჩელში

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გადააყენა.

ნათია კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს შეტანილი სარჩელით ითხოვს:

• მისი უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

• თანამდებობაზე აღდგენას.

• იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.

• დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

საიაც და ნათია კაპანაძეც სარჩელის განხილვის გაჭიანურებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.

„პროცესის მიმართ სრული უყურადღებობა კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს მის პოლიტიკურ მართვასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს მოგვეცემა სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენებისა და ჩემი უდანაშაულობის დაცვის შესაძლებლობა“, - გვეუბნება ნათია კაპანაძე.

სასამართლოს არგუმენტები

საიას ადვოკატი ილონა დიასამიძე გვეუბნება, რომ სასამართლოს განმარტებით, საქმეზე სხდომების არ დანიშვნა პანდემიას უკავშირდება. მისივე თქმით, სასამართლო ამბობს, რომ ნათია კაპანაძის საქმეზე დისტანციური პროცესი ვერ დაინიშნება.

„ამაზეც კითხვის ნიშანი ჩნდება იმიტომ, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ბევრად უფრო გვიანდელ საქმეებზე დაინიშნა პროცესები, მაგრამ ნათია კაპანაძის საქმე რატომღაც მაინც თაროზე იყო შემოდებული“, - ამბობს ილონა დიასამიძე.

საიას ადვოკატის თქმით, ნათია კაპანაძის საქმის დროულად განხილვა არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რათა დაგროვებულ კითხვებს პასუხები გაეცეს.

„აშკარად ჩნდება კითხვის ნიშნები მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მოვითხოვთ სასამართლომ უმოკლეს ვადებში განიხილოს საქმე“, - ამბობს საიას ადვოკატი ილონა დიასამიძე.

საქმის დეტალები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ გადაირჩია. იმპიჩმენტის საკითხი 2019 წელს, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ დააყენეს.

ნაწილი მათი არგუმენტებიდან:

• „ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგი შემცირდა.“
• „ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
• „ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“

საიაში მიიჩნევენ, რომ ნათია კაპანაძისადმი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადება ეფუძნებოდა „არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა.“

ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მმართველი პარტიის გავლენის შესახებ რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლისა და „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ 2021 წლის ანგარიშებშია საუბარი.
კატეგორია: მედიაგარემო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებაზე უარი თქვა და ისინი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი არსებობდა.

სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 ადამიანს თავდებში თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი, მომღერალი და ტელეწამყვანი გია გაჩეჩილაძე და მსახიობი დავით ხურცილავა უდგებოდნენ, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების თავდებობით გათავისუფლებაზე.

პროკურორის ინფორმაციით, ცალკე გამოძიება დაწყებულია ვახო სანაიას ოჯახის მიმართ მუქარის წერილებთან დაკავშირებითაც.

გაჩეჩილაძის და შაქარიშვილის არგუმენტები

"ეს ბიჭები უნდა გამოვიხსნათ აუცილებლად იმიტომ, რომ ზეგ არის წითელი პარასკევი და მაზეგ არის აღდგომა. სრულიად უდანაშაულო ადამიანები და მით უმეტეს ასეთი მსუბუქი მუხლებით არავინ არ ზის ციხეში ამდენი ხნის განმავლობაში“,- თქვა გია გაჩეჩილაძემ სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე.

სამი ადამიანი ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხა მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

სასამართლოზე გაჩეჩილაძე და შაქარიშვილი ამბობდნენ, თავდებში ჩადგომის მსურველი 2000-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა ჰქონდათ, თუმცა დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, როგორ გააკონტროლებდნენ ბრალდებულების ქცევას მისი თავდებით გათავისუფლების შემთხვევაში.

ვატო შაქარიშვილმა სანაიაზე თავდამსხმელების დაკავებას „პოლიტ მედია ბულინგი“ უწოდა და ამბობს, რომ „ეს ბიჭები პოლიტ მედია ტერორისგან უნდა დაიცვან“.

"ეს არის მედიაზე შეტევა. უცნობს მინდა მივუსამძიმრო მისი დღევანდელი კრახი",- ამბობს ვახო სანაია "ფორმულას" ეთერში.

რა არის საგულისხმო?

„საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებს ქვეყანაში ძალადობრივი დანაშაულების ჩამდენთა დაუსჯელობა აქეზებს. ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი.

„აქ ყოველთვის იმის პრობლემა გვაქვს, რომ მედიის წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულების ჩამდენები არ ისჯებიან, ხელისუფლების წარმომადგენლები ახალისებენ ასეთ ქმედებებს, რა თქმა უნდა, ამის ფონზე არ იქნება სწორი და კარგი, რომ ამ ადამიანებს შეეფარდოთ თავდებით გათავისუფლება“, - ამბობს სიმონიშვილი.

მისი თქმით, ყველას აქვს უფლება სასამართლოს სთხოვოს თავდებში ჩაუდგეს ბრალდებულებს, თუმცა მთავარი საკითხი აქ სახელმწიფოს ვალდებულებაა, არ წაახალისოს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.

„ძალადობრივ ქმედებებს ახალისებენ პოლიტიკოსები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები. აუცილებელია, მკაცრი პოლიტიკა გატარდეს სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაულის ჩამდენებმა იცოდნენ - დაისჯებიან.“

დამატებით, ამ საქმეზე

ვახო სანაიაზე თავდასხმაზე ბრალდებულებს, წინასწარი პატიმრობა 26 თებერვალს შეეფარდათ. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და დევნის მუხლებით (სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) წარედგინათ, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მომდევნო სხდომა მაისში გაიმართება.
კატეგორია: ეთიკა
21 აპრილს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგოს გაუჩინარების შესახებ, რომელსაც, მათი ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ გოგო იპოვეს. ამბავი მედიასაშუალებებმა არასათანადოდ გააშუქეს. 

რა არის საყურადღებო?

• როგორც ონლაინ მედიაში, ისე ტელევიზიებით, მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა. მათ შორის გოგოს კავშირი ინტერნეტ თამაშთან, „ლურჯ ვეშაპთან“ და, სავარაუდოდ, მის მიერ დატოვებული „წერილი“, რომელშიც მკვლელობების შესახებ იყო საუბარი.

• ამბის შესახებ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალებში მოყვანილი იყო გაუჩინარებული გოგოს ახლობლების, მასწავლებლებისა და თანაკლასელების ვარაუდები მომხდართან დაკავშირებით.

• რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მოზარდი „გამუდმებით ტელეფონში იყურებოდა“ , ასევე ცდილობდნენ გაეშიფრათ „2-გვერდიანი წერილი“. ამ ჩანაწერს, რომელშიც ფურცელზე ინგლისურენოვანი ფრაზები და ნახატები იყო გაბნეული, მედია გოგოს გაუჩინარებას უკავშირებდა.

რა პრობლემაა?

• მაშინ, როდესაც „წერილის“ ავთენტურობა დადგენილი არ იყო, სიუჟეტებსა და სტატიებში ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ გოგომ ვრცელი წერილი დატოვა, რომელშიც „ახლობლების თქმით, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე იყო საუბარი“ და „სავარაუდო თვითმკვლელობის სცენა იყო აღწერილი“.

• გაშუქდა „წერილის“ ინტერპრეტაციებიც იმის შესახებ, რომ მოზარდს რამდენიმე წლის წინ თანაკლასელი უყვარდა და სწორედ მისი ინიციალები იყო მითითებული „დატოვებულ ჩანაწერში“.

• ჟურნალისტები დადასტურებულად მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ გოგონა გაუჩინარდა და მას სამართალდამცველები ეძებდნენ, თემის ძირითადი ნაწილი კი სოფელში გავრცელებულ დაუდასტურებელ ვარაუდებსა და ვერსიებს ეთმობოდა.

რატომ არის პრობლემა?

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა გვეუბნება, რომ ასეთმა გაშუქებამ ჭორებს და მითქმა-მოთქმას დაუდო საფუძველი, რამაც შეიძლება „წარმოუდგენელი მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი გამოიწვიოს ადამიანისთვის.“

„ამ [წერილის] შინაარსის გარეთ გამოტანა და, მითუმეტეს, იარლიყის მიწებება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან ან რაღაც ტიპის თამაშში ჩართულობასთან გვაქვს საქმე, დაუშვებელია. პირად ჩანაწერებში ადამიანს შეიძლება ყველაფერი ეწეროს და ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამკეთებელია. ეს ძალიან პირადია. ეს იგივეა, რომ შენს ფიქრებში, შენს გონებაში ვიღაც შემოძვრეს და შენი აზრები გამოაქვეყნოს.“

ასეთ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებმა თავიანთ თავს უნდა ჰკითხონ: რას არის ასეთი გაშუქების მიზანი და რაზეა ის ორიენტირებულიო - გვეუბნება ფსიქოთერაპევტი.

„ერთადერთი რა აზრიც მომდის ეს არის რეიტინგისთვის. ასეთ გაშუქებაში ეთიკური სტანდარტი აბსოლუტურად უგულებელყოფილია.“, - ამბობს მაია ცირამუა.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

მედია განსაკუთრებით ფრთხილად უნდა აშუქებდეს არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ითვალისწინებდეს შესაბამის ეთიკურ სტანდარტებსა და პრინციპებს:

ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესები:

• თავიდან აირიდეთ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ ჭრილში გაშუქება.

• თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა.

• ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს, თუ ეს რედაქციულად დასაბუთებული არ არის და არ გადაწონის საჯარო ინტერესი, მაგალითად, გამოააშკარავებს სხვა დანაშაულს.

სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესები:

• თუ სამართლებრივად დადასტურებული არ არის, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან, თავად ნუ გააკეთებთ საქმის ამგვარ კვალიფიკაციას.
კატეგორია: მედიაგარემო

• სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება ტელეკომპანია "მთავარ არხზე" 2020 წლის ივნისში გასული სიუჟეტის გამო.

• 2021 წლის 13 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტის პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყება „არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.“

• 2021 წლის მარტშივე, „TV პირველის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერების შემდეგ, (რომელიც ბერა ივანიშვილსა და სახელმწიფო მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბარს ასახავდა) თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოებს ტელეკომპანიაში ნებისმიერ დროს შესვლისა და მასალების ამოღების საშუალებას აძლევდა.

რამდენად მოქმედებს სახელმწიფო უწყებების მსგავსი განცხადებები მედიის თავისუფლებაზე? ამ თემაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მედია პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძეს ვესაუბრეთ.

რას შეიძლება ემსახურებოდეს, ბოლო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მედიის მიმართ გავრცელებული კრიტიკული განცხადებები?

დღეს სამწუხარო რეალობა გვაქვს იმ კუთხით, რომ ძალადობას ახალისებს არამხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, არამედ სიძულვილის ენა და აგრესიული საუბარი ჟურნალისტების მიმართ.

მაგალითად, „ფორმულას“ შემთხვევაში, ბოლოს იყო რამდენიმე დღის წინ მძღოლებთან დაკავშირებული საქმე, და ვახო სანაიას საქმე (რედაქციის შენიშვნა: სხვადასხვა დროს თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ორ მძღოლს და ტელეწამყვან ვახო სანაიას). ან თუნდაც ის, როდესაც ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ, ფიზიკურ ან მატერიალურს ზიანს იღებენ წინასაარჩევნო გარემოს ან პოსტსაარჩევნო აქციების გაშუქების დროს.

ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს თავისი როლი და ფუნქცია. სახელმწიფოს ვალდებულებაა ქვეყანაში ჟურნალისტების უფლებების დაცვა უზრუნველყოს, მათ შორის, იმ ჟურნალისტებისაც, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიებში მუშაობენ. სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას და შექმნას ჯანსაღი გარემო ყველასათვის.

ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, ქვეყანაში მაქსიმალურად შეზღუდული იყოს კრიტიკული გამოხატვის თავისუფლება, პრობლემა შეექმნას ამ მედიასაშუალებებს. ეს სხვადასხვა გზით მიიღწევა, მაგრამ მიზანი ერთია.

მაგალითად, აგრესიული რიტორიკა, მიკერძოებული საქმეები, დეზინფორმაციის კამპანია, გამოუძიებელი საქმეები, რაც ჟურნალისტებზე თავდასხმას შეეხება, “TV პირველის” დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის, მიმართ მუქარის საკითხი. ძალიან დიდია ჩამონათვალი. არ დაგვავიწყდეს მცდელობები, რომ ამა თუ იმ ფორმით მოხდეს კანონმდებლობის ისე შეცვლა, რომ თუ ამ ყველაფერს გავაანალიზებთ, ეს კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება. მეორე მხრივ ეს, რა თქმა უნდა, თვითცენზურას ახალისებს.

რა სამართლებრივი მექანიზმები შეიძლება გამოიყენონ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მედიის მიმართ პრეტენზიის ქონის შემთხვევაში ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მედიის თავისუფლებას?

გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მაგრამ მკაცრ ტესტს გადის, როდესაც ის იზღუდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება თავისი თავი დაიცვას. არსებობს დემოკრატიული გზა: შეგიძლია მიმართო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან სასამართლოს. მაგრამ მეორე საკითხია, რომ თვითონ სასამართლო არ მოექცეს მმართველი ძალის ზეგავლენის ქვეშ და ისეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

მედიაში ჟურნალისტად მუშაობა არ აძლევს ადამიანს კანონის დარღვევის უფლებას, მაგრამ თუ მედიის წარმომადგენლების მხრიდან ეთიკური ნორმები დაირღვა, არსებობს ნაკლებად რეპრესიული და არა აგრესიული მექანიზმები. აქ მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგალითად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მაქსიმალურად განვითარდეს.

ხელისუფლების ნებისმიერი შტო, რომელიც დგამს ამ ნაბიჯს მედიის წინააღმდეგ, ძალიან მკაცრ ტესტს გადის მაშინაც კი, თუ ფორმალურად ერთი შეხედვით ყველაფერი სწორადაა. მნიშვნელოვანია, რამდენად პროპორციულია ეს ზომები და არსებობს თუ არა ალტერნატივა.

ხომ არ აზიანებს საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ, სახელმწიფო უწყებების მსგავსი ქმედებები და განცხადებები?

ზოგადად ქვეყანაში ჟურნალისტების საქმიანობისათვის რთული გარემოა და ნებისმიერი რამ, რაც წაახალისებს ამ უნდობლობას, საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სამართალდამცავ ორგანოებზე, ადმინისტრაციულ უწყებებზე ან სასამართლოზე, კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წასახალისებლად. ეს განცხადებები, რაღაც პერიოდი ჩაწყნარდება ხოლმე, შემდეგ იღვიძებს. ნებისმიერი ქმედება რომელიც მიმართულია ამისკენ, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს ქმნის იმ რთულ გარემოს, რომელშიც მედია ძალიან პოლარიზებულია.

ასევე არ დაგვავიწყდეს ის დეზინფორმაციული კამპანია, რაც დადასტურებულია არამხოლოდ ჩვენი ფაქტჩეკერების, არამედ Facebook-ის მიერაც, რომ პროსახელისუფლებო ძალებთან ასოცირებული ფეისბუქ ანგარიშების თავდასხმის ობიექტები არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებიც არიან. ეს ყველაფერი საერთო ჯამში ქმნის რთულ გარემოს, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო უარესდება.

ხომ არ შეიძლება ეს განცხადებები და ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან მედიის რეგულირების მცდელობად აღვიქვათ?

ის, რომ თვითრეგულაციიდან რეგულაციაში გადატანის საკითხი არსებობს, სამწუხაროდ, არახალია, ძველია.

ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად ესა თუ ის კონკრეტული განცხადება ამას ემსახურება, მაგრამ თუ საერთო სურათს შევხედავთ, ნამდვილად გვაქვს მცდელობები შეიცვალოს კანონმდებლობა ამ კუთხით.

კითხვა ჩნდება, ხომ არ იყენებს ხელისუფლება ამ საკითხებს მედიის რეგულირების საფუძვლად? მაშინ როდესაც კითხულობ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამას ხედავ. დღევანდელი მედიის კანონმდებლობა კარგია და არ უნდა ხდებოდეს პრაქტიკაში მისი ბოროტად გამოყენება.

რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თვითრეგულირების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში?

თვითრეგულაციის როლი და მნიშვნელობა განუზომლად დიდია ნებისმიერ ქვეყანაში და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლარიზებული გარემო და მოწყვლადი დემოკრატიაა; სადაც კითხვები არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიკერძოებულობასთან, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებზე სახელმწიფოს ზეგავლენასთან დაკავშირებით.

ასეთ გარემოში თვითრეგულაცია ეხმარება მედიას, პირველ რიგში იყოს უფრო ეთიკური, ჰქონდეს მეტი პასუხისმგებლობა, დაამყაროს პირდაპირი კავშირი თავის აუდიტორიასთან და პროფესიული ეთიკური დარღვევის შემთხვევაში იმოქმედოს შესაბამისად.

მედიამაც უნდა გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული სტანდარტები და მათი პატივისცემა, რომ ვინმეს (ამ შემთხვევაში ხელისუფლებას) კანონმდებლობის შეცვლის დამატებითი საფუძველი არ მისცეს.

რამდენად აქვს უფლება სახელმწიფოს მედიას ანონიმური წყაროს ვინაობის გამხელა მოსთხოვოს?

წყაროს გამჟღავნებასთან დაკავშირებით შარშან “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” განცხადებაც კი გაავრცელა. იმ პერიოდში ქვეყანაში მოიმატა შემთხვევებმა, როცა პროკურატურაში იბარებდნენ ჟურნალისტებს და წყაროს გამხელის საკითხზე მიუთითებდნენ ნაცვლად იმისა, რომ ამ წყაროს მიერ გამხელილ ინფორმაციაზე გაემახვილებინათ ყურადღება.

კანონმდებლობით დადგენილია, რომ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა უნდა დაიცვას წყარო, ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ჟურნალისტებისთვის. ეს კანონითაც გარანტირებულია. კანონმდებლობაში გარანტიები იმიტომ არის, მათ შორის წყაროს დაცვასთან დაკავშირებით, რომ ისინი შესრულდეს და სამართალდამცავმა ორგანოებმა ჟურნალისტს წყაროს გამხელა არ დაავალდებულონ.

ეს ერთი მხრივ ეხმარება ჟურნალისტს, მეორე მხრივ კი ანონიმურ წყაროს აძლევს გარანტიას, მედიასთან ითანამშრომლოს ისე, რომ მისი ვინაობა არ გამჟღავნდეს.

როგორ შეაფასებთ კრიტიკული მედიის მფლობელების მიმართ სამართლებრივი დევნის ფაქტებს, რაც მედიაგარემოს ნაწილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა?

ნიკა გვარამიასა და ნიკა რურუას საქმეები, ის საქმე, რომელშიც ვატო წერეთლის მამა ფიგურირებდა ან თუნდაც არჩევნებამდე მუქარა მისი ტელევიზიის საქმიანობასთან დაკავშირებით და ჟურნალისტებთან დაკავშირებული სხვა საქმეებით ცხადია, რომ ხელისუფლება იყენებს თავის ზეგავლენას სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოზე ვიწრო პარტიული, არადემოკრატიული მიზნით.

პრაქტიკულად არ დარჩა კრიტიკულად მიჩნეული მსხვილი მედია, რომლის მიმართ ამა თუ იმ ფორმით საქმე არ იყოს აღძრული და ამ საქმესთან დაკავშირებით არ იყოს ლეგიტიმური, კრიტიკული კითხვები. შესაბამისად ეს შემდგომ აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსა თუ ანგარიშებში.

მნიშვნელოვანია ყველას ჰქონდეს საშუალება იმუშაოს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში. რა თქმა უნდა, ეს ეხება კრიტიკული მედიების წარმომადგენლებსაც. სახელმწიფო უწყებების ეს ქმედებები ეხება ზოგადად გარემოს და არა მხოლოდ ამ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ ადამიანებს შეშინებისა და თვითცენზურისთვის მიზნით.

სხვა მედიასაშუალებების თვითცენზურას ახალისებს, როდესაც კრიტიკულ თემებზე მომუშავე მედიის ჟურნალისტს პრობლემები ექმნება. ამიტომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები საერთო ჯამში არაჯანსაღ გარემოს ქმნის.

როგორ შეიძლება მედიამ თავი დაიცვას სახელმწიფო ორგანოების მსგავსი ქმედებებისგან?

გამოხატვის თავისუფლება ეხება როგორც მედიას, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანის თავისუფლებას, რომ, მაგალითად, შეაფასოს მედიის საქმიანობა, რომელიც შესაძლოა არ მოსწონდეს.

აქ მნიშვნელოვანია, ვინ და რა პოზიციიდან აკრიტიკებს მედიას, მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენელი, ან პოლიტიკოსი. ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც პოლარიზებულ გარემოში გვესმის მმართველი პარტიიდან, რა თქმა უნდა, დაძაბულ გარემოს ქმნის და ნამდვილად არ ეხმარება დეპოლარიზაციის პროცესს.

მედიამ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ მან შეასრულოს მაკონტროლებლის ფუნქცია. ასევე მედიას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რა წვლილი შეაქვს საჯარო დისკუსიაში თავისი გაშუქებით და პატივი სცეს აუდიტორიას. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მოსახლეობის ინფორმირება და არა ხელოვნური ბალანსი, ცალმხრივი გაშუქება და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლები იყვნენ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართაც.

ფოტო: Mzia saganelidze (RFE/RL) / ილუსტრაცია: "მედიაჩეკერი"
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
გამოვლინდნენ მსოფლიო პრესის ფოტოგრაფიის (World Press Photo-ს) 2021 წლის კონკურის გამარჯვებულები. ჟიურიმ წლის საუკეთესო ნამუშევრად დანიელი ფოტოგრაფის მადს ნისენის ფოტო, სახელწოდებით, "პირველი ჩახუტება", დაასახელა. საუკეთესო ფოტო ამბავი კი იტალიელი ფოტოგრაფის ანტონიო ფაჩილონგოს პროექტი "ჰაბიბი" გახდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ „ამბის ციფრულად თხრობის" კონკურსშიც.

წლის ფოტო - „პირველი ჩახუტება“
alt
85 წლის როზა ლუიზა ლუნარდის პირველი ჩახუტება 5 თვის განმავლობაში. მას მომვლელი კოვიდ პანდემიის დროს გამჭვირვალე ფარდის საშუალებით ეხუტება, მოხუცთა საცხოვრებელი, სან პაულო. ბრაზილია. 2020 წლის 5 აგვისტო. ფოტომ პირველი ადგილი დაიკავა „მნიშვნელოვანი ახალი ამბების“ ნომინაციაშიც.

წლის ფოტო ამბავი
- „ჰაბიბი“
altaltalt
"ჰაბიბი", რომელიც არაბულად "ჩემს სიყვარულს"/ "საყვარელოს" ნიშნავს, ყვება სასიყვარულო ისტორიებზე ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ფონზე. ფოტოგრაფი მსჯავრდებული პალესტინელების ოჯახებზე კონფლიქტის გავლენისა და მათი სირთულეების ჩვენებას ცდილობს. ავტორი ყურადღებას არა ომზე, სამხედრო მოქმედებებსა და იარაღებზე, არამედ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების გამბედაობაზე ამახვილებს. ამ ფოტოსერიამ პირველი ადგილი დაიკავა „გრძელვადიანი პროექტების“ ნომინაციაშიც.

World Press Photo -ს ფონდი ამსტერდამში არსებულ დამოუკიდებელ, არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1955 წელს დაფუძნდა და ფოტოკონკურსს სხვადასხვა კატეგორიაში ყოველწლიურად ატარებს.

სხვა კატეგორიებში გამარჯვებული ნაშრომები:

თანამედროვე პრობლემები - იემენი: „შიმშილი - ომის კიდევ ერთი ჭრილობა“
alt
დედა-შვილი თევზაობისთვის ემზადება, იემენი. 2020 წლის 17 თებერვალი, ფოტოგრაფი: პაბლო ტოსკო.

ამავე კატეგორიაში მე-3 ადგილი დაიკავა სომეხი ფოტოგრაფის ვაღინაკ ღაზარიანის ფოტომ, რომელშიც ჩანს, რომ ჯარისკაცი მთიანი ყარაბაღის ომის პერიოდში სანგარში ისვენებს. 2020 წლის 31 ოქტომბერი.
alt

მნიშვნელოვანი ახალი ამბები - "დაკარგული სამოთხე"
alt

გარემო - კალიფორნიის ზღვის ლომი ნიღბით თამაშობს
alt
მონტერეი, კალიფორნია, აშშ. 2020 წლის 19 ნოემბერი. ფოტოგრაფი: რალფ პეისი

alt

ბუნება - ჟირაფების გადარჩენა დატბორილი კუნძულიდან
alt
ტბა ბარინგო, კენია. 2020 წლის 3 დეკემბერი. ფოტოგრაფი: ეიმი ვაიტალი

alt

პორტრეტები - „გარდასახვა - იგნატი“
alt
ტრანსგენდერი კაცი იგნატი თავის მეგობარ გოგონა მარიასთან ერთად, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. 2020 წლის 23 აპრილი. ფოტოგრაფი: ოლეგ პონომარევი.

alt

სპორტი - ხის მორებზე ცოცვა
alt
სპორტსმენი ვარჯიშობს ცოცვაში, ბავარია, გერმანია. 2020 წლის 15 სექტემბერი. ფოტოგრაფი: ადამ პრიტი

alt

ახალი ამბავი - დებატები ემანსიპაციის მემორიალის შესახებ
alt
ქალისა და კაცის აზრთა სხვადასხვაობა ემანსიპაციის მემორიალის მოხსნასთან დაკავშირებით. ლინკოლნის პარკი, ვაშინგტონი, აშშ. 2020 წლის 25 ივნისი; ფოტოგრაფი: ეველინ ჰოკსტინი.

alt

ციფრული ამბის თხრობის ნომინაციებში გამარჯვებულები:
"ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ მინეაპოლისში საპროტესტო აქციების 7 დღის რეკონსტრუქცია"

„ვუჰანიდან დარეკვა“ და The New York Times-ის პროექტი, კამერით ასახული რასისტული თავდასხმის შესახებ.