კატეგორია: მედიაგარემო
2020 წელს ტელევიზიებში კომერციული შემოსავალი 9%-ით შემცირდა. მართალია, პოლიტიკურმა რეკლამამ წლის განმავლობაში შემოსავლები დაასტაბილურა, მაგრამ, მაუწყებელთა ნაწილზე, განსაკუთრებით მცირებიუჯეტიან ტელევიზიებზე, კომერციული შემოსავლის კლება მაინც მძიმედ აისახა.

“ვგეგმავდით განვითარებას, გვქონდა ტექნიკური გადაიარაღების და ახალი გადაცემის დაწყების გეგმები, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაჩერდა ეს ყველაფერი”, - ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ წლებია “კავკასია” ისედაც მწირი შემოსავლებით არსებობს, შესაბამისად, ამ “დარტყმასაც გაუძლეს”, თუმცა, არ იყო მარტივი: “უმძიმესი გავლენა იქონია, მაგრამ როგორღაც ვახერხებთ არსებობას”.

როგორც “მედიაჩეკერთან” მაუწყებლების სარეკლამო სამსახურები განმარტავენ, ტელევიზიების ძირითად ნაწილთან გასულ წელს რეკლამები იმ კომპანიებმა შეაჩერეს, რომლებიც შეზღუდვების გამო აღარ ფუნქციონირებდნენ და მომხმარებლებს მომსახურებას ვეღარ უწევდნენ.

მაგალითად, შეზღუდვების პირველი ტალღის დროს უმეტესად ქართული კომპანიებიდან წამოსული რეკლამების შეჩერებაზე საუბრობენ “TV პირველში”. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი დარტყმა ამ კუთხით 2020 წლის გაზაფხულზე მიიღეს.

პანდემია განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა ისედაც მცირეშემოსავლიანი რეგიონული ტელევიზიებისთვის. “ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს” კომერციული დამკვეთებისგან 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის შესყიდვები გაუუქმდა. რეგიონული არხების უმრავლესობაში კომერციული რეკლამებიდან შემოსავლის დაახლოებით 70-80%-იანი კლება დაფიქსირდა. რეკლამები გააჩერეს მსხვილმა დამკვეთებმა, მათ შორის, ბანკებმა და საკომუნიკაციო კომპანიებმა.

“ჩვენთან გაცილებით უფრო დრამატულია კლება ვიდრე, ეროვნულ მაუწყებლებში. ახლა საერთოდ ნულოვანია შემოსავლები რეგიონულ ტელევიზიებში, კომერციული მხარდაჭერის გეგმებიც კი არ არსებობს. როგორც კი პანდემია დაიწყო, პირველადი შემცირებები, რაც მოხდა იყო რეგიონულ მედიებთან ბიუჯეტებზე”, - ამბობს “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი და ამატებს, რომ გასული წელს ეს კლება დონორთა მხარდაჭერამ დააკომპენსირა, - “რაც რეგიონულ ტელევიზიებში შევიდა როგორც კომერციული მომსახურება. პოლიტიკურმა რეკლამამაც დაასტაბილურა ბევრი რამ, ამან გადაარჩინა გარკვეულწილად ეს სექტორი. მეტი დარტყმა ჰქონდა რადიოებს, იყო პირდაპირი ვარდნა და საერთოდ არანაირი რეკლამა არ გაიყიდა”.

შემოსავლების ვარდნა განსაკუთრებით მტკივნეული დაუგეგმავი ხარჯების ზრდის ფონზე იყო: “განსაკუთრებით გაიზარდა გადაადგილებისა და დამცავი ეკიპირების ხარჯები. აქაც ხელშეწყობა რეგიონულ მედიებში ძირითადად დონორებიდან მოდიოდა. სწორედ დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი სახელფასო ანაზღაურების შენარჩუნება”.

რეკლამების ძირითადი ნაწილის განთავსების კუთხით საქართველოს 7 ტელევიზიას: ”რუსთავი 2-ის” ჯგუფში შემავალ არხებს: “რუსთავი 2-ს”, “მარაოს”, “კომედი არხს”, “იმედი ჰოლდინგის” სამ არხს: “იმედს”, “მაესტროსა” და “GDS-ს” და “POSTV-ს” მომსახურებას კომპანია Dac capital უწევს.

ორგანიზაციის დირექტორი დავით ჭეჟეა განმარტავს, რომ ზემოთ ნახსენებ 6 მაუწყებელზე ( გარდა პოსტვ-ისა) რეკლამებზე მოთხოვნები გასულ წელს, მეორე კვარტალში, 30%-ით დაეცა. ძირითადად საყოფაცხოვრებო დარგის კომპანიებისგან, ასევე მცირედით შემცირდა რეკლამები სწრაფი რეალიზების პროდუქტებზე ( FMCG ). აღნიშული ვარდნა ძირითადად კონკრეტული ბიზნესობიექტების მუშაობის შეჩერებამ და დროებით დახურვამ გამოიწვია.

“ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო დიდ ბრენდებზე. ზოგადად ასეთ კომპანიებს რეკლამაზე გაწეული ხარჯი მიბმული აქვთ გაყიდვებზე, თუ გაეზარდათ გაყიდვები, დიდი ალბათობით, იზრდება სარეკლამო ბიუჯეტებიც. ახლა ტენდენცია რაც ჩანს, არის ზრდისკენ”, - განმარტავს ჭეჟეა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

“კოვიდ-პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირებაა” დასახელებული იმ მიზეზებს შორის, რის გამოც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ცოტა ხნის წინ სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც შესაძლოა “სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილება” მოჰყვეს.

ტელეკომპანია “იმედში” კი აცხადებენ, რომ კომერციული რეკლამებიდან შემოსავლის კლებას გავლენა არ ჰქონია არხის მუშაობასა და გეგმებზე.

როგორი იქნება მიმდინარე, 2021 წელი, ტელევიზიებში პროგნოზი უჭირთ. ამის მიზეზი პანდემია, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური ვითარებაა. წინა წელთან შედარებით უკეთესი ვითარებაა ეროვნულ მაუწყებლებში, თუმცა კვლავ მძიმე კრიზისის წინაშე რჩებიან რეგიონული არხები, რომლებთან მიმართებაშიც, ნათია კუპრაშვილის ინფორმაციით, რეკლამის დამკვეთებს გეგმები არ აქვთ, აქტივობები და გეგმების განხორციელება გვიანდება სამოქალაქო ორგანიზაციებიდანაც, რომლებთანაც რეგიონულ მაუწყებლებს დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ.
კატეგორია: მედიაგარემო
სტრასბურგში კომპანია OVH-ის მონაცემთა ბაზაზე გაჩენილი ხანძარის გამო, ათასობით ვებგევრდმა მუშაობა შეწყვიტა, მათ შორისაა ქართულენოვანი გამოცემა “ინდიგოც”. გამოცემის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, ვებგვერდის აღდგენასა და მონაცემებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.

Reuters-ის ინფორმაციით, ცეცხლის შედეგად დაიწვა სერვერების ნაწილი, ნაწილზე კი წვდომა დროებითაა შეჩერებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ მონაცემთა 4 ცენტრიდან განადგურებულია SBG2-ის და დაზიანებულია SBG1-ის მონაცემთა ცენტრები.

ცეცხლი შენობაში დილის საათებში გაჩნდა. ადგილზე ხანძრის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე 6 საათის განმავლობაში ცდილობდა. ამ ეტაპზე კომპანია მომხდარის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლის. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

OVHCloud ევროპაში ქალუდ სერვისის ყველაზე დიდი პროვაიდერია.

კატეგორია: მედიაგარემო
იყო თუ არა მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც, მეორე სართულიდან მოაჯირის გადავარდნის გამო გადამღები ჯგუფები დაშავდნენ, ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის მცდელობები სასულიერო პირების მხრიდან - „მედიაჩეკერი“ დეტალების გარკვევას შეეცადა.

8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილების გამო დაწყებული დაპირისპირების გაშუქებისას, რამდენიმე ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მეორე სართულის აივნიდან გადავარდა. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ამ ეტაპზე მათი ნაწილი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, ნაწილს კი დამატებითი გამოკვლევები უტარდება.

ამ დღეს მიტროპოლიტი სტეფანე, რომელმაც პეტრე ცაავასთან დაახლოებულ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, ეპარქიაში სხდომას მართავდა. სხდომა დახურული იყო. ამავე შენობის აივანსა და ეზოში კი პეტრე ცაავას მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. ისინი მიტრპოლიტის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. აივანის მოაჯირი მას შემდეგ გადავარდა, რაც შენობის კარი გაიღო და შიგნით მყოფი ხალხის მასა აივანზე შეკრებილებს მიაწვა. შედეგად, მეორე სართულის აივნიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა.

მომხდარიდან მალევე სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი ვიდეომასალები გავრცელდა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სასულიერო პირები ცდილობენ გადამღებ ჯგუფებს ოთახი დაატოვებინონ.



ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარში დანაშაულის ნიშნები დაინახეს კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდეს, დაინტერესდნენ მომხდარით. მომხდარზე ძიება მართლაც დაიწყო, 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით.

„მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტი ემა გოგოხია მისივე არხთან საუბარში ამბობს, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს ჟურნალისტების მოშორების ბრძანება ჰქონდა გაცემული. ემა იხსენებს, რომ ოთახიდან ხმამაღალი ლაპარაკის ხმა ისმოდა. სასულიერო პირები მიტროპოლიტისგან ითხოვდნენ პასუხს, კიდევ აპირებდა თუ არა ის სხვა პირების დასჯასაც და მისი მივლინება ეპარქიაში, ხომ არ იყო გამიზნული მეუფე პეტრეს მომხრეების დასასჯელად.

„სწორედ ამ დროს დაიძაბა ოთახში ვითარება. იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. შევეცადეთ სიახლოვეს მივსულიყავით და ფანჯრიდან გადაგვეღო. გაღიზიანებული მრევლი კი აივანზე ამოვიდა და ოთახში შესვლას შეეცადა. ამ დროს მეუფე სტეფანემ გასცა ბრძანება მის მომხრეებზე, რომლებიც კართან იყვნენ ჩამდგარი, რომ მოვეშორებინეთ. მრევლსა და მამებს შორის მოყვა მედიაჯგუფი. დაპირისპირების დროს, როდესაც იძულებით ცდილობდნენ ჩვენს გაყვანას, აივნის მოაჯირი მთლიანად ჩამოინგრა და მეორე სართულიდან გადმოცვივდნენ იქ მყოფი მოქალაქეებიც, ჟურნალისტებიც და ოპერატორები“, - აცხადებს გოგოხია.

„ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი პაპუნა შუშანია, რომელიც მის ოპერატორთან, ალეკო ხაზალიასთან ერთად გადავარდა მეორე სართულის აივნიდან, „მედიაჩეკერთან“ ამბობს, რომ მას მუშაობაში განზრახ ხელშეშლის შთაბეჭდილება არ დარჩა:

„უკან მედგა ოპერატორი და ეს მასა რომ წამოვიდა ჩვენკენ, ჩვენ უკან-უკან წავიწიეთ, ბევრი ვიყავით, აივანზე უფლებამოსილება შეჩერებული სასულიერო პირების მრევლიც იდგა. კარი როდესაც გაიღო, ინერციით მოგვაწვნენ, ამ კარმა ჩვენ უკან წამოგვწია . მოაჯირმა ამხელა მასას ვერ გაუძლო, მოტყდა და გადმოვცვივდით. მე გონება დავკარგე, როცა აზრზე მოვედი და გავიხედე, ჩემს ოპერატორს სისხლი ჰქონდა. გარეგანი დაზიანება აღენიშნება შუბლის არეში“.

პაპუნა ამბობს, რომ მომხდარი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული არ იყო. თუმცა, მისივე თქმით, როგორც სხვა შემთხვევებში, დღესაც ადგილზე მყოფი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი აგრესიით გამოირჩეოდა:

„მე უკვე მიჩვეული ვარ სასულიერო პირებისგან სიტყვიერ შეურაცხყოფას. დღესაც ცხადი იყო, რომ არ სიამოვნებდათ რომ ვაშუქებდით. მრევლს შორისაც იყვნენ აგრესიულად განწყობილი ადამიანები“.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების დაშავების გამო წუხს, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ აივნი ვიწრო იყო და ჟურნლსიტები იქ საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ, იმიტომ, რომ იქ არის აივანი ძალიან ვიწრო, იყო ძალიან ბევრი ხალხი. იქ არ უდნა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები. კრება მიდის და ერთი შუშა ყოფს აივანს და კრების დარბაზს", — განაცხადა ჯაღმაიძემ.

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლა, მათზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები, აგრესია, მედიის მისამართით კრიტიკა და მოწოდებები, რას უნდა აშუქებდეს მედია და რას არა, ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ყოველდღიურობად იქცა. ყოველდღიურობად იქცა მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადებებიც, იმაზე ხაზგასმით, რომ ყველა ასეთი შემთხვევა სამართალდამცავმა უწყებებმა სათანადოდ უნდა გამოიძიონ, ვინაიდან, დაუსჯელობა ასეთ ფაქტებს ახალისებს.

27 თებერვალს, ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთგვარი აქცია-პერფორმანსიც მოაწყვეს და საჯაროდ ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდეს უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. ეს იყო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარის შემდეგ მედიაკოალიციისა და ქარტიის განცხადებების მთავარი აქცენტიც - მომხდარის დროული და ეფექტური გამოძიება.


მთავარი ფოტო: ბერდია კალანდია
კატეგორია: მედიაგარემო

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში შენობის მეორე სართულზე აივნის ჩანგრევის შედეგად, დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან: "მთავარი არხის" "ტვ პირველის", "პოსტვ-ის", "რუსთავი 2-სა" და "ფორმულას" გადამღები ჯგუფები. 

"ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დაშავდნენ არხის სამეგრელოს ბიუროს ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაშავებულებს მოტეხილობები არ აქვთ, მათ დაჟეჟილობები და თავის მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ.

ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, შემთხვევის ადგილზე დაშავდა მათი ოპერატორი იაგო ვეკუა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მთავარის არხის" ინფორმაციით, რომ ადგილზე მუშაობისას მათ ჟურნალისტს ემა გოგოხიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ სასულიერო პირები ცდილობენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალონ. 

სასწრაფო დახმარების სამსახურში "მედიაჩეკერს" განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად ხუთი პირი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, ხუთივე დაშავებული მარტვილის ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები არ აღენიშნებათ. 

გადამღები ჯგუფები ჭყონდიდში სასულიერო პირებს შორის არსებულ დაპირისპირებასა და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას მოჰყვა. მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ სასულიერო პირს  მღვდელმსახურება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების მოტივად სახელდება ის, რომ ისინი პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. 

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა დახურული იყო. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ.

დეტალების დაზუსტება "მედიაჩეკერმა" საპატრიარქოს პრესცენტრში სცადა. ანდრია ჯაღმაიძემ კი განგვიცხადა, რომ მომხდარის შესახებ მანაც მედიით შეიტყო და მხოლოდ ის იცის, რაც საჯაროდ გავრცელდა.

 

 მასალა პერიოდულად ახლდება.

კატეგორია: რესურსები

ომის პირველი ქალი ფოტოგრაფი, პირველი აფრო-ამერიკელი ქალი მიმომხილველი აშშ-ის ეროვნულ რადიოსა და ტელევიზიაში, ომის ყველაზე გავლენიანი რეპორტიორი ქალი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ქალი, რომელიც არ უშინდებოდა პუტინის ხელისუფლების მხილებას და რა თქმა უნდა, ომის ერთ-ერთ საუკეთესო რეპორტიორად მიჩნეული მარი კოლვინი - 
"მედიაჩეკერი"  ხუთ გავლენიან ქალ ჟურნალისტს გაგაცნობთ.

 ⇒ მარგარეტ ბურკ-უაითი (1904 – 1971)

altმარგარეტ ბურკ-უაითი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოჟურნალისტია. ის ომის პირველი ამერიკელი ქალი ფოტოჟურნალისტი იყო. შესაბამისად, ბრუკ-უაითი აშშ-ში პირველი ქალი ფოტოგრაფი იყო, რომელსაც აკრედიტაცია ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

გარდა ამისა, მარგარეტ ბურკ-უაითი 1941 წელს მოსკოვში მყოფი ერთადერთი უცხოელი ფოტოგრაფი იყო მაშინ, როდესაც გერმანიამ მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტი დაარღვია და საბჭოთა კავშირში შეიჭრა. მისი გადაღებული ფოტოები მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველ ერთ-ერთ პირველ ვიზუალურ მასალას წარმოადგენდა, რომელიც მსოფლიომ იხილა.

ბრუკ-უაითის გაშუქებული აქვს სამოქალაქო ომები, სეგრეგაციის პერიოდი, ბუნებრივი კატასტროფები, კონფლიქტები და ჰუმანიტარული კრიზისები. ის არის ბოლო ადამიანი, რომელმაც მაჰათმა განდისგან ინტერვიუ აიღო.  

⇒ ეთელ პეინი (1911 – 1991)

altეთელ პეინი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფრო-ამერიკელი ჟურნალისტი ქალია. 1972 წელს ის CBS-მა დაიქირავა და, შედეგად, პეინი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალი მიმომხილველი აშშ-ის ეროვნულ რადიოსა და ტელევიზიაში. ის აშუქებდა საშინაო და საგარეო პოლიტიკას, სამოქალაქო უფლებების მოძრაობას, კორეის, ვიეტნამის ომებსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.

პეინი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჟურნალისტად მიიჩნეოდა, რომელსაც არ ეშინოდა რთული შეკითხვების დასმის. სწორედ ეთელ პეინმა ჰკითხა აშშ-ის 34-ე პრეზიდენტს დუაიტ ეიზენჰაუერს როდის გეგმავდა ის სეგრეგაციის აკრძალვას. 

 მართა გელჰორნი (1908 – 1998)

altამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი მართა გელჰორნი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ომის კორესპონდენტად მიიჩნევა. 60-წლიანი კარიერის განმავლობაში ის აშუქებდა მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან კონფლიქტს. მათ შორის მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიაში, ჩეხოსლოვაკეთში, ფინეთში, ჰონგ-კონგში, სინგაპურში, ინგლისში მიმდინარე მოვლენებს. ვიეტნამის ომს, ესპანეთის სამოქალაქო ომსა და 1980-იან წლებში ცენტრალურ ამერიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომებს მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს უკვე 70 წელს გადაცილებული იყო.

გელჰორნი ვერ მოხვდა 558 აკრედიტირებულ ჟურნალისტს შორის 1944 წლის 6 ივნისს სამხედრო ოპერაცია „ოვერლორდის“ დროს, როდესაც ბრიტანეთის, აშშ-სა და კანადის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდის სანაპიროდან შევიდნენ. ამიტომ ის ჰოსპიტალის გემზე შეიპარა და ოპერაციის დროს ერთ-ერთ სანაპიროზე მთელი ღამის განმავლობაში დაჭრილებს ეხმარებოდა. მართა გელჰორნი მაშინ 150,000 კაცს შორის ერთადერთი ქალი იყო.

⇒ ანა პოლიტკოვსკაია (1958 -2006)

altანა პოლიტკოვსკაია უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი იყო, რომელიც რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა. "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი აშუქებდა ჩეჩნეთის ომსა და რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ის 2004 წელს ბესლანის ტერაქტის გასაშუქებლად მიმავალი, მოსკოვი-დონის როსტოვის ავიარეისზე თვითმფრინავში მოწამლეს.

ჟურნალისტი არ ერიდებოდა პუტინის ხელისუფლების მხილებას. მას არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს ლიფტში მოკლული იპოვეს.

⇒ მარი კოლვინი (1956-2012)

altცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ომის კორესპონდენტი აშუქებდა კონფლიქტებს ახლო აღმოსავლეთში, ლიბიაში, ჩეჩნეთში, კოსოვოში, ზიმბაბვეში, სიერა ლეონეში, აღმოსავლეთ ტიმორში, შრილანკასა და სხვა ქვეყნებში. კოლვინმა აღმოსავლეთ ტიმორში მუშაობისას 1500-მდე ქალი და ბავშვი გადაარჩინა. 23 ჟურნალისტს შორის ის იყო ერთადერთი, ვინც არ მიატოვა ინდონეზიური ძალების მიერ დევნილი ქალები და ბავშვები.

კოლვინმა 2001 წელს შრილანკური არმიის მიერ ნასროლი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის (RPG) აფეთქების შედეგად მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა. მარი კოლვინი 2012 წლის 22 თებერვალს სირიაში, ქალაქ ჰომსის ალყის გაშუქების დროს დაიღუპა.

კოლვინის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ვრცლად ამ ბმულზე.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

კოვიდ-19-ის პანდემია ჟურნალისტიკას სხვადასხვა მიმართულებით შეეხო. შეცვლილმა დღის წესრიგმა, სამუშაო გარემომ და ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ გავლენა იქონია ნიუსრუმების მუშაობის სტილზე, ახალი ჟურნალისტური კონტენტის კონცეფციაზე, მედია ორგანიზაციების ფინანსურ მდგომარეობასა და ჟურნალისტების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კოვიდ პანდემიის ჟურნალისტიკაზე გავლენის შესახებ კვლევა Thomson Reuters Foundation-მა ჩაატარა და მასში 26 განვითარებადი ქვეყნიდან 55 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

კვლევის თანახმად, კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა შეამცირა მედიაგამოცემების სარეკლამო შემოსავლები, რამაც თავის მხრივ საკადრო ცვლილებები, ანაზღაურების შემცირება, ზოგიერთ შემთხვევაში კი უშუალოდ მედია ორგანიზაციების დახურვა გამოიწვია. მაგალითად, 2020 წლის მაისში სამხრეთ აფრიკაში ორი დიდი გამომცემლობის Caxton-ისა და Associated Media Publishing (AMP)-ის დახურვის შედეგად, შეწყდა 17 ჟურნალის გამოცემა. ორი თვის შემდეგ კი კომპანია Media24-მა 5 ჟურნალისა და 2 გაზეთის დახურვის შესახებ დააანონსა.

პანდემიის განმავლობაში სამსახური დაკარგა ათასობით ჟურნალისტმა, ამას ისიც ემატება, რომ ამ პერიოდში დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილის მოძებნის შესაძლებლობები ბევრად ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში. გასულ წელს, ჟურნალისტებისთვის გაიზარდა სამუშაო დატვირთვაც. ზოგიერთ ქვეყანაში კი უფრო მეტად გახშირდა ხელფასის დაგვიანების შემთხვევები. Voice of America-სთან საუბრისას “ისლამაბადის ეროვნული პრესკლუბის” პრეზიდენტი აცხადებდა, რომ პაკისტანის ზოგიერთი ბეჭდური გამოცემა და ტელევიზია თანამშრომლებს ანაზღაურებას 10 თვით უგვიანებდა. თუმცა, პანდემიის დასაწყისში ბევრ მედია პლატფორმას გაეზარდა აუდიტორიის რიცხვი, მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ მაინც ვერ გადაწონა სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებული კრიზისი. ყველაზე რთულად კორონავირუსის პანდემია ფრილანსერ ჟურნალისტებს შეეხოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

ახალ გამოწვევებთან გამკლავება მოუწიათ იმ ჟურნალისტებსაც, რომლებმაც სამსახური შეინარჩუნეს. პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სოციალური დისტანციის დაცვა, სახლიდან მუშაობა, დამატებითი აღჭურვილობის გამოყენება "ახალ ნორმად" იქცა. სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების უმრავლესობას მოუწია ვირუსისა და სამედიცინო საკითხების შესახებ მეტი ცოდნის მიღება. კვლევის თანახმად, ზოგიერთ ქვეყანაში აღმოჩნდა, რომ სამედიცინო და სამეცნიერო საკითხზე მომუშავე ჟურნალისტების არასაკმარისი რაოდენობა იყო.

სახლიდან მუშაობისას ჟურნალისტებისთვის გამოწვევას წარმოადგენდა ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და ის გაუთვალისწინებელი დამატებითი ხარჯები, რაც თან ახლდა დისტანციურად მუშაობას. კვლევაში მონაწილე რეპორტიორების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს სახლიდან მუშაობის დროს პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრების ბალანსის დარღვევაზეც.

პრობლემას წარმოადგენდა ჟურნალისტებისთვის არასაკმარისი დამცავი საშუალებების უზრუნველყოფაც. "ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის" (ICFJ) გამოკითხვის თანახმად, 125 ქვეყანაში მომუშავე 1,400 ჟურნალისტიდან 30% აცხადებდა, რომ მედია ორგანიზაციებმა პანდემიის პირველი ტალღის დროს რეპორტიორებს პერსონალური დამცავი აღჭურვილობა არ მიაწოდეს.

ჟურნალისტებისთვის სირთულე იყო წყაროებთან ურთიერთობაც, რომელთა დიდი ნაწილი უსაფრთხოების მიზნით უარს აცხადებდა ჟურნალისტთან პირადად შეხვედრაზე. მეორე მხრივ, პანდემიამ დადებითად იმოქმედა მედიაში დასაქმებულების ციფრული უნარების განვითარებაზე.

პანდემიის პერიოდში ჟურნალისტებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ფიზიკური ისე, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" განცხადებით, ახალი რეალობის წინაშე ყოფნით, რაც სახლიდან მუშაობას, დროებით უმუშევრობას, ბავშვების სახლში მეცადინეობას, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან შემცირებულ ფიზიკურ კონტაქტს მოიცავს, მნიშვნელოვანია ადამიანებმა ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასაც მიხედონ.

პანდემიამ გავლენა იქონია მედია გამოცემების კონტენტის ფორმატზეც. ბევრმა ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული პოდკასტების, შეტყობინებებისა და სხვა ტიპის მასალების დამზადება დაიწყო. შეიცვალა ამბის თხრობის სტილიც. მაგალითად, ლატვიაში არსებულმა რუსულ და ინგლისურენოვანმა გამოცემა Meduza-მ ონლაინ თამაში შექმნა, რომელშიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია "ქვიზის სახით არის მოცემული და მკითხველმა უნდა აირჩიოს ინფორმაცია "სიცრუეა თუ სიმართლე".

Thomson Reuters Foundation-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პანდემიამ ხელი შეუწყო მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ჟურნალისტების დაკავშირებასა და ახალ კოლაბორაციულ პროექტებსაც.

კორონავირუსმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დამოუკიდებელი მედიის თავისუფლებაზეც.


ამ თემაზე იხილეთ:   "პრესის თავისუფლების შეზღუდვა პანდემიის საბაბით"


გარეკანის ფოტო: Jose Luis Magana/AP/Shutterstock
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
დაკავება, ბრალის წაყენება, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, ცენზურა, ყალბი ახალი ამბების გადამეტებულად რეგულირება, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები - ეს იმ დარღვევების ჩამონათვალია, რაც "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა" მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხა.

ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი, პრესის თავისუფლების სხვადასხვა ფორმით დარღვევის 473 ფაქტი ფიქსირდება. კოვიდ პანდემიის ჟურნალისტიკაზე გავლენის დასადგენად კვლევა ჩაატარა Thomson Reuters Foundation-მაც", მასში 26 განვითარებადი ქვეყნიდან 55 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

alt
კვლევის თანახმად, კოვიდ კრიზისი და პანდემია ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობამ მედიის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენა. ეს კი რამდენიმე ფორმით, მათ შორის ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, მედია ორგანიზაციების დახურვითა და პრესის თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღებით გამოიხატა.

Amnesty International-ის პოლიტიკისა და სამართლის საკითხებში დირექტორის, აშფაქ ხალფანის, განცხადებით, პანდემიის ნარატივის გასაკონტროლებლად მთავრობები რამდენიმე მეთოდს იყენებენ.

"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის" (IPI) მონაცემებით კი პანდემიის დაწყების შემდგომ "ყალბი ახალი ამბების" რეგულირება 17 ქვეყანაში: ალჟირში, აზერბაიჯანში, ბოლივიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბრაზილიაში, კამბოჯაში, უნგრეთში, იორდანიაში, ფილიპინებში, პუერტო რიკოში, რუმინეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ტაილანდში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთსა და ვიეტნამში დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კანონები ზოგჯერ მართლაც ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ეწინააღმდეგება, სამართლებრივი განმარტების ბუნდოვანება და კანონის გავრცელების მასშტაბი კრიტიკული მედიის ცენზურის საშუალებას იძლევა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის "მედია მონაცემებისა და საზოგადოების ცენტრს" მაგალითი მოჰყავს იმის შესახებ, თუ როგორ აკრძალა ხელისუფლებამ სამთავრობო კონფერენციებზე დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დასწრება ფილიპინებსა და ნიკარაგუაში.

ინფიცირების ახალი შემთხვევების შემცირების მიზნით გამოცხადებული კარანტინის დროს ბევრ ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათი და მგზავრობაზე შეზღუდვა დაწესდა, შესაბამისად ჟურნალისტებს სპეციალური საშვები დასჭირდათ.

მაგალითად, ფილიპინებში პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტმა საშვები ჟურნალისტების მხოლოდ მცირე რაოდენობაზე გასცა, თანაც ისე, რომ თუ საშვის მქონე რეპორტიორი შეუძლოდ ყოფნის ან სხვა მიზეზის გამო პრესკონფერენციას ვერ დაესწრებოდა, მისი ჩანაცვლების უფლება კოლეგას არ ჰქონდა. კოვიდ-19-ის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს თავდასხმებზე, დაკავებებსა და ჟურნალისტების მკვლელობებზეა საუბარი UNESCO-ს მიერ სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში. ხშირად ჟურნალისტები თავდასხმის სამიზნეები ხდებოდნენ არამხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების წევრების მხრიდანაც.

ჟურნალისტებისთვის პანდემიის განმავლობაში კიდევ ერთ პრობლემად ხელისუფლების მიერ ვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების არასანდო მონაცემების გამოქვეყნება და კრიტიკულად განწყობილი მედიის დევნა იქცა. მაგალითად, ეგვიპტეში ოფიციალური მონაცემების შესაძლო უზუსტობის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო The Guardian-ის ჟურნალისტი რუთ მაიკლსონი ეგვიპტის ხელისუფლებამ იძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინა. რეპორტიორი ეგვიპტეში 2014 წლიდან მუშაობდა. კოვიდ-19-ის მონაცემების შესახებ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მასზე თავდასხმა ონლაინ ტროლებმა დაიწყეს, შემდეგ მთავრობამ აკრედიტაცია გაუუქმა და ეგვიპტის უშიშროების ძალებმა ის ქვეყნიდან გააძევა.

ირანში კი გაზეთი Jahan-e Sanat მას შემდეგ დახურეს, რაც გამოცემაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ეპიდემიოლოგი აცხადებდა, რომ ოფიციალური მონაცემები ქვეყანაში არსებული რეალური მონაცემების მხოლოდ 5%-ს ასახავდა.

ზამბიაში ხელისუფლებამ დამოუკიდებელ საინფორმაციო ტელევიზია Prime TV-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა და დახურა, რადგან ტელეკომპანიამ უარი განაცხადა ხელისუფლების მიერ კოვიდ-19-თან დაკავშირებით ჩატარებული კამპანიების გაშუქებაზე იმის გამო, რომ წინა სარეკლამო კამპანიების გაშუქებისთვის არხისთვის თანხა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადახდილი.

ხელისუფლებებს პანდემიის დროს მედიის შესაზღუდად განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ ომანსა და შუა აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. მთავრობებმა ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნით ახალი ამბების ფიზიკური ფორმით დისტრიბუცია შეამცირეს. მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, ომანში გაზეთების, ჟურნალებისა და ყველა სახის პუბლიკაციის დაბეჭდვა და ცირკულაცია, ასევე ქვეყნის გარეთ გამოშვებული ჟურნალ-გაზეთების გაყიდვა აიკრძალა. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს იორდანიაში, მაროკოსა და იემენში. მთავრობები შეზღუდვას დაბეჭდვისა და დისტრიბუციის დროს ინფიცირების გავრცელების შემცირების მიზნით ხსნიდნენ.

ზოგიერთ შემთხვევაში კი ტერმინი "ყალბი ახალი ამბები" პოლიტიკური ლიდერების იარაღად იქცა. პანდემიის დროს მიღებული კანონებითა და რეგულაციებით ჟურნალისტებს "ყალბი ახალი ამბების" გავრცელების შემთხვევაში სამართლებრივი დევნა და პატიმრობა ემუქრებათ.

IPI-ის ინფორმაციით, რუმინეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საგანგებო განკარგულება ხელისუფლებას იმ სტატიების წაშლისა და ვებგვერდების გაუქმების უფლებამოსილებას აძლევს, რომლებიც ვირუსის შესახებ "ყალბ ამბებს" გაავრცელებენ. ამ შემთხვევაში მედია ორგანიზაციებს გასაჩივრების საშუალება არ ექნებათ.

აზერბაიჯანში კი მარტიდან მკაცრი კარანტინის გამოცხადების შემდეგ ბაქოს გარეთ გასვლა ან ბაქოში თემების გაშუქება მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების მქონე ჟურნალისტებს შეეძლოთ, თანაც ისე, რომ რეპორტიორები გარეთ 2 საათზე მეტ ხანს არ უნდა ყოფილიყვნენ.

სომხეთში გამოცხადებული შეზღუდვების შედეგად პოლიციამ 22 სხვადასხვა მედია გამოცემიდან მასალის წაშლა ან მისი დარედაქტორების ბრძანება გასცა, რადგან ჟურნალისტური მასალები " კორონავირუსის შესახებ შეცდომაში შემყვან და არასწორ ინფორმაციად" მიიჩნია.

სერბი ანა ლალიჩი კი ერთ-ერთი რეპორტიორია, რომელიც კორონავირუსის თემაზე მუშაობის გამო დააკავეს. ვებგვერდ Nova.rs-ზე მის გამოქვეყნებულ სტატიაში ის ერთ-ერთ ჰოსპიტალში არსებული რთული ვითარებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის დეფიციტის შესახებ წერდა. სამედიცინო დაწესებულებამ საინფორმაციო ვებგვერდს "არაზუსტი, გადაუმოწმებელი და დამაზიანებელი ინფორმაციის გაშუქების გამო" უჩივლა. ჟურნალისტი მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა ბრალდება არ მოუხსნეს.

ჟურნალისტების მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის გაკრიტიკების გამო მედიის წარმომადგენლების დაკავების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც. მსგავსი ფაქტები აჩვენებს, რომ ავტორიტარული რეჟიმები კორონავირუსის პანდემიას მედიის თავისუფლების შეზღუდვისთვის იყენებენ. ჟურნალისტებისთვის რთული აღმოჩნდა უშუალოდ ვირუსთან ბრძოლაც. უსაფრთხოების ზომების სათანადოდ ვერ დაცვამ და აღჭურვილობის არ ქონამ გაზარდა ინფიცირებული რეპორტიორების რიცხვი. ჟენევაში დაფუძნებული ორგანიზაციის, "პრესის ემბლემის კამპანიის (PEC)" 15 ნოემბრის მონაცემებით, კოვიდ-19-ით 56 ქვეყანაში 462 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფიცირებული რეპორტიორების გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა პერუში გამოვლინდა.

ჟურნალისტიკაზე კოვიდ-19-ის გავლენის შესახებ Thomson Reuters Foundation-ის კვლევაში რესპონდენტები აზერბაიჯანიდან, ბანგლადეშიდან, ბრაზილიიდან, კამერუნიდან, ეგვიპტიდან, განადან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, ყაზახეთიდან, კენიიდან, მალავიდან, მექსიკიდან, მოლდოვიდან, მაროკოდან, ნიგერიიდან, ფილიპინებიდან, რუმინეთიდან, სინგაპურიდან, შრი-ლანკიდან, ტანზანიიდან, ტაილანდიდან, უგანდიდან, უკრაინიდან, ვიეტნამიდან, ზამბიიდან და ზიმბაბვედან მონაწილეობდნენ.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ანგარიში - @realDonaldTrump კომპანია Twitter-მა 2021 წლის 8 იანვარს სამუდამოდ დაბლოკა. გადაწყვეტილებას წინ ორი დღით ადრე დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი და პრეზიდენტის Twitter-ის ანგარიშზე გავრცელებული ძალადობის წამქეზებელი შინაარსის განცხადებები უძღოდა.

Twitter-იდან ტრამპის ანგარიშის წაშლას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ცნობილი პოლიტიკოსების ნაწილმა ფაქტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად, ნაწილმა კი უსაფრთხოებისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებად შეაფასა. გაჩნდა შეკითხვებიც: უნდა ჰქონოდა თუ არა პრეზიდენტს სოციალურ ქსელში სხვა მომხმარებლებისგან განსხვავებით პრივილეგიები? და ვინ უნდა აკონტროლებდეს სოციალური მედიის კომპანიებს?

პრეზიდენტის ანგარიშის გაუქმების შესახებ საპირისპირო მხარეებს შესაბამისი არგუმენტები აქვთ. პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოგვიანებით დისკუსიაში ჩაერთო უშუალოდ Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსიც.

"სწორი, მაგრამ სახიფათო"


Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დროსიმ ტრამპის ანგარიშის სამუდამო დაბლოკვიდან ერთი კვირის შემდეგ გადაწყვეტილების განმარტებისა და საკუთარი შეხედულების გამოსახატად 13 ტვიტი გამოაქვეყნა. დორსი წერდა, რომ პრეზიდენტის პირადი ანგარიშის წაშლა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს სახიფათო პრეცედენტს ქმნიდა.

მისი აზრით, სახიფათო იყო "ძალაუფლება, რომელიც ინდივიდს ან კორპორაციას აქვს გლობალური საჯარო დისკუსიის ნაწილზე."დორსისვე განმარტებით, ქსელში ანგარიშის დაბლოკვა, აშკარა გამონაკლისების გარდა, სწორედ ჯანსაღი დისკუსიის კუთხით კომპანიის მარცხს წარმოადგენს. Twitter-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ კომპანიას მოდერაციასთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობა სჭირდება.

საზოგადოების რეაქცია


თითქმის ყველა თანხმდება, რომ წლების წინ Twitter-ის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ტერორისტული ანგარიშების წაშლა შედეგიანი აღმოჩნდა. თუმცა, როდესაც საკითხი შეერთებული შტატების პირველ პირს ეხება აზრი ძირითადად ორად იყოფა: არიან ისინი, ვინც პრეცედენტს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამენ და ისინი, ვისთვისაც ფაქტი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი და დროული ქმედება იყო.

დონალდ ტრამპის ანგარიშის Twitter-ის მიერ დაბლოკვას პრობლემურად მიიჩნევს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. კანცლერის პრესსპიკერის შტეფან ზიბერტის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა და მასში ჩარევა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ხდებოდეს და არა კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით. მსგავს მოსაზრებას იზიარებს საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერიც. მისი აზრით, ”ციფრული გიგანტი კომპანიები არ შეიძლება თავად ციფრულმა ოლიგარქიამ დაარეგულიროს".

Twitter-ის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორისთვისაც. მან კერძო კომპანიის ძალაუფლებას ცენზურა გაუწიოს ქსელში გამოხატულ მოსაზრებებს "ცუდი ნიშანი" უწოდა.

დონალდ ტრამპის დაბლოკვის გადაწყვეტილების კიდევ ერთი კრიტიკოსი აღმოჩნდა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელმაც ფაქტი პირად პოლიტიკურ განწყობებსა და ემოციებზე დაფუძნებულ "ცენზურის მიუღებელ აქტად" შეაფასა.

ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილისთვის, მათ შორის ჰილარი კლინტონისთვის, კი ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა სრულიად მისაღები და მისასალმებელია. დონალდ ტრამპის მომხრეებისა და თანაგუნდელების ნაწილი Twitter-ის კრიტიკისას პარალელს ჩინეთთან ავლებს. მაგალითად, დონალდ ტრამპის ყოფილი პრესმდივანი სარა სანდერსი მომხდარს ასე გამოეხმაურა: "ეს არ არის ჩინეთი, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ". არგუმენტს The New York Times-ის მოსაზრების სვეტში უპასუხა ბლოგერმა მიშელ გოლდბერგმა, რომელიც ფიქრობს, რომ ტრამპის დაბლოკვა აბსოლუტურად საპირისპიროა იმისგან რაც ჩინეთში ხდება, სადაც წარმოუდგენელია ყველაზე დიდმა ჩინურმა სოციალურმა ქსელმა Weibo-მ პრეზიდენტი სი ძიპინი დაბლოკოს.

წლების განმავლობაში დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს ამერიკელი იურისტი ბენ ვიზნერი, რომელიც The Guardian-ის შეკითხვაზე უფრო დროულად უნდა დაებლოკა თუ არა Twitter-ს ტრამპის ანგარიში, პასუხობს, რომ თუ დონალდ ტრამპი საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ მხოლოდ თეთრი სახლის არხებს გამოიყენებდა, სადაც ყველა მასალა კარგადაა რედაქტირებული, მაშინ საზოგადოებას მისი რეალური სახე ნაკლებად ეცოდინებოდა. იურისტი ამბობს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ხშირად იმპულსური ტვიტები ტრამპისვე წინააღმდეგ სასამართლოში მნიშვნელოვანი მტკიცებულების სახით წარადგინეს, შესაბამისად Twitter-ზე დონალდ ტრამპის ანგარიშის ამდენ ხანს არსებობა საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენდა.

სად გაქრა @realDonaldTrump-ის ტვიტები?

მიუხედავად იმისა, რომ Twitter-ზე ტრამპის ანგარიში სრულად დაბლოკილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ტვიტები ინტერნეტსივრციდან საბოლოოდ გაქრა და საზოგადოებისთვის მიუწვდომელი გახდა.

დღესდღეობით მასალებში ტრამპის ტვიტერიდან გამოყენებული "ჰიპერლინკები" უფუნქციოა. ე.წ Embed ანუ "ჩაშენებული" ტვიტები მხოლოდ ტექსტის სახით ჩანს. თუმცა, 2009 წელს შექმნილი ანგარიში @realDonaldTrump და მასზე გამოქვეყნებული ყველა განცხადება, მათ შორის წაშლილი ტვიტები შესაბამისი დადგენილების მიხედვით ეროვნულ არქივში შეინახება.

დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული 56,000-ზე მეტი ტვიტის ნახვა საჯაროდ ხელმისაწვდომ რესურზე "ტრამპის ტვიტერის არქივშია" შესაძლებელი.


alt


Twitter-ის საპილოტე პროექტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ

დონალდ ტრამპის ტვიტების "შეცდომაში შემყვან ინფორმაციად" მონიშვნის, ზოგჯერ მათი წაშლით, საბოლოოდ კი ანგარიშის გაუქმების შემდეგ კომპანიამ ახალი პროექტი წარადგინა. იმის გამო, რომ 2020 წელს Twitter-ის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხერხები საკმარისი არ აღმოჩნდა. კომპანიამ ახალი საპილოტე პროგრამა Birdwatch წამოიწყო, რომლითაც ფაქტების გადამოწმების ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, მასში ჩართვას უშუალოდ მომხმარებლები შეძლებენ.

პირველ ეტაპზე სოციალური ქსელის 1000 შერჩეულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ ტვიტს გადამოწმებული ინფორმაცია შენიშვნის სახით დაურთოს. პროექტში ჩასართავად განაცხადის გაგზავნა შეერთებული შტატების მასშტაბით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.



გარეკანის ფოტო:  MARKETWATCH PHOTO ILLUSTRATION/GETTY IMAGES
კატეგორია: ფოტოისტორია
2020 წელს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები AP-ის ფოტოგრაფებმა თავიანთ ნამუშევრებში ასახეს.

64 წლის ქალი კალიფორნიის საავადმყოფოს COVID-19-ის განყოფილებაში ტირის და მომაკვდავ ქმარს ეხვევა...

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე ცეცხლში გახვეულ ხალხმრავალ ლტოლვილთა ბანაკს მიგრანტები ტოვებენ...

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო განრისხებული, წვიმისგან დასველებული დემონსტრანტები სისტემის წინააღმდეგ გამოდიან...

ეს არის ბუნებრივი და არაბუნებრივი კატასტროფებითა და ძალადობრივი თუ არაძალადობრივი კონფლიქტებით მოცული მსოფლიო, რომელიც Associated Press-ის ფოტოგრაფებმა 2020 წელს აღბეჭედეს. ესაა მსოფლიო, რომლის ყველა კუთხეში კორონავირუსია გავრცელებული.

ამ ფოტოებში არიან ცოცხალი ადამიანები: ქალები, რომლებიც თავს ჩადრით, დამცავი ტანსაცმლითა და აირწინაღით იფარავენ, რათა ირანში დაკრძალვისთვის ცხედარი მოამზადონ. პოლიეთილენის პარკის ორ მხარეს მყოფი ოთხმოც წელს გადაცილებული ესპანელი წყვილი, რომელიც ერთმანეთს კოცნის.

არიან გარდაცვლილებიც: ნათესავები, რომლებიც ღამით, გემით პერუს მდინარეზე გადაადგილდებიან, რათა ცხედარი დასაკრძალად სახლში დააბრუნონ. ახალი საფლავები, რომლებსაც ლათინო ამერიკის ყველაზე დიდ სასაფლაოზე თხრიან.

ფოტოებში ასახული არიან ექიმებიც, რომლებიც ახალი დაავადების წინააღმდეგ, ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან.

ფოტოგრაფებმა გადაიღეს შეერთებულ შტატებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრები, ვულკანის ამოფრქვევა მანილაში, შტატებში გამართული დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნები.

და მათ შორის 2020 წლის, ალბათ, ყველაზე შესაფერისი ფოტო? ის ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო ტალღისა და არეულობის დროსაა გადაღებული. აქციის მონაწილე ცეცხლმოკიდებული შენობის ფონზე ამერიკის დროშით ხელში მოძრაობს. დროშა ამოტრიალებულია, რაც გასაჭირის საერთაშორისო სიგნალია.


ჩილეს ქალაქ სანტიაგოში ნაციონალური პოლიციის საკუთრებაში არსებულ ეკლესიაში შეჭრილი მომიტინგეები უთანასწორობის გამო დაწყებული მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების წლისთავზე. 2020 წ. 18 ოქტომბერი. (AP Photo/Esteban Felix)


პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაშინგტონში წმ.იაონეს ტაძრის წინ ხელში უჭირავს ბიბლია, მას შემდეგ რაც თეთრ სახლთან ახლოს სამართალდამცველებმა მშვიდოებიანი მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 2020 წ. 1 ივნისი. (AP Photo/Patrick Semansky)


კუბელი მომღერალი Cimafunk-ი ჰავანას 35-ე საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის დროს ძველი ჰავანის უბანში ქალს ეხუტება. 2020წ. 15 იანვარი. (AP Photo/Ramon Espinosa)


საწოლს მიჯაჭვული, დემენციის მქონე 86 წლის ჯოსეფა რიბასი, რომელსაც ექთანი სინჯავს. ბარსელონა, ესპანეთი. 2020წ. 7 აპრილი. (AP Photo/Emilio Morenatti)


უდაბნოს კალიები კენიაში, კიტუის მუნიციპალიტეტის სოფელ კატატიკაში. 2020წ. 24 იანვარი. კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 25 წელიწადში. სომალიდან და ეთიოპიიდან კენიაში ასობით მილიონმა მწერმა გადაიარა და სამეურნეო მიწები გაანადგურა. (AP Photo/Ben Curtis)


კობი ბრაიანტის ფეხსაცმელი და მაისური მისივე მომეორიალთან ლოს-ანჯელესში 2020წ. 2თებერვალი. ბრაიანტის ტრაგიკულად გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ. (AP Photo/Damian Dovarganes)


სამლოცველოს ფანჯარაზე ქალის ანარეკლი, რომელსაც COVID-19-ისგან დასაცავად პირბადე უკეთია. ანარეკლში ჩანს ლითონის სასახლეც, რომელშიც რუმინეთის დედაქალაქის ბუქარესტის მფარველი წმინდანის დიმიტრი ბასარაბოვის ნეშტია მოთავსებული. 2020 წ. 25 ოქტომბერი, წმინდანის დღესასწაული, რომელიც, როგორც წესი, ერთ კვირას გრძელდება და მასში 100,000-მდე ადამიანი მონაწილეობს, თუმცა წელს კორონავირუსი გამო დღესასწაულის ხანგრძლივობა შემცირდა. (AP Photo/Andreea Alexandru


საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟმა ქალაქ იდლიბში მთავრობის საჰაერო თავდასხმის დროს დაღუპული ბიჭის ცხედარს მიაგნო. სირია, 2020წ. 11 თებერვალი. (AP Photo/Ghaith Alsayed)


"ადამიანი ობობას" კოსტუმში გამოწყობილი მოქალაქე "Ceu na Terra-ს ("სამოთხე დედამიწაზე") ფესტივალზე რიო-დე-ჟანეიროში, კარნავალის მიმდინარეობისას. 2020წ. 22 თებერვალი. (AP Photo/Leo Correa)


ერთი წლის იაზანს ჟანგბადის ნიღაბს ხსნიანს გულის ხუთსაათანი ოპერაციის შემდეგ. ტრიპოლი, ლიბია 2020წ. 27 თებერვალი. (AP Photo/Felipe Dana)


Givenchy-ის ჩვენება, შემოდგომა-ზამთრის 2020/21 წლის პარიზის მოდის კვირეული. 2020წ. 1 მარტი. (Photo by Vianney Le Caer/Invision/AP)


ბავშვი, რომელსაც კორონავირუსისგან დასაცავად პირბადე უკეთია, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანში, მდინარე იანძის სანაპიროზე ისვენებს. 2020წ. 16 აპრილი. (AP Photo/Ng Han Guan)


მაშველები და ადგილობრივები ეძებენ გადარჩენილებს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებში, რომლის ბორტზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. პაკისტანი, ქალაქი კარაჩი. 2020წ. 22 მაისი. (AP Photo/Fareed Khan)


ხალხი აივნებზე ბარსელონაში საყოველთაო კარანტინის დროს. ესპანეთი. 2020წ. 29 მარტი. (AP Photo/Emilio Morenatti)


25 წლის მედდა მარტინა პაპონეტი კორონავირუსის პანდემიის წინა ხაზზე საკუთარი ცვლის დასრულების შემდეგ ბერგამოს ერთ-ერთ ჰოსპიტალში. იტალია, 2020წ. 27 მარტი (AP Photo/Antonio Calanni)


სამხრეთ აფრიკის ეროვნული თავდაცვის ძალები იოჰანესბურგის აღმოსავლეთით, მჭიდროდ დასახლებულ უბანში კაცების ჰოსტელთან პატრულირებენ. კორონავირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით დაწესებული მკაცრი კარანტინის დროს. 2020 წ. 28 მარტი (AP Photo/Jerome Delay)


საპროტესტო აქციის მონაწილეს უჭირავს აშშ-ის ამოტრიალებული დროშა მინეაპოლისში, აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო დაწყებული გამოსვლების დროს. (AP Photo/Julio Cortez)


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტოლედოში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მიემართება. ოჰაიოს შტატი. 2020წ. 9 იანვარი. (AP Photo/Jacquelyn Martin)


მუშებს გადააქვთ COVID-19-ით გარდაცვლილის კუბო. სხვა კუბოები კი დაკრძალვის ან კრემაციის რიგშია. ბარსელონა, ესპანეთი. 2020წ. 2 აპრილი. (AP Photo/Emilio Morenatti)


არიფ მირბაგი საკუთარი სახლის ეზოში კონტრაბასზე უკრავს სავალდებულო თვითიზოლაციის დროს. თეირანი, ირანი. 2020 წ. 5 აპრილი. (AP Photo/Ebrahim Noroozi)


ეტლში მჯდომი უსახლკარო ადამიანი წვიმიან ამინდში ლოს-ანჯელესში, 2020წ. 6 აპრილი. კალიფორნიის გუბერნატორმა მარტის შუა რიცხვებში პანდემიის პერიოდში უსახლკაროების დასახმარებლად $150 მილიონის გამოყოფის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. (AP Photo/Damian Dovarganes)


სარბოლო ავტომობილის მიერ დატოვებული მტვერი. "დაკარის რბოლის" მეორე ეტაპის დროს. საუდის არაბეთი. 2020წ. 6 იანვარი. (AP Photo/Bernat Armangue)


ჰოლივუდის კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური შევიწროვების საქმეზე ნაფიცმსაჯულთა შერჩევის პროცესზე დასწრების შემდეგ ტოვებს სასამართლოს ნიუ-იორკში, 2020წ. 10 იანვარი (AP Photo/Mark Lennihan)


ენტონი ფაუჩი - აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, თეთრ სახლში კორონავირუსის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვაშინგტონი. 2020წ. 9 აპრილი. (AP Photo/Andrew Harnik)


ოჯახის ევაკუაცია უსაფრთხო ტერიტორიაზე, ვულკან ტაალის ფერფლის ფონზე, ლემერის მუნიციპალიტეტში, ქალაქი ბატანაგა, ფილიპინები. 2020წ. 13 იანვარი. (AP Photo/Aaron Favila)


აქციის მონაწილე ფოტოსთვის პოზირებს პოლიციის დამწვარი მანქანის ფონზე, ლოს-ანჯელესში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო მიმდინარე დემონსტრაციის დროს. 2020წ. 30 მაისი. (AP Photo/Ringo H.W. Chiu)


ფრანცისკო ესპანია ხმელთაშუა ზღვას უყურებს. კორონავირუსის გამო ბარსელონას del Mar- ის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გატარებული 52 დღის შემდეგ მას ექიმებმა თერაპიის ფარგლებში ზღვის სანაპიროზე 10 წუთით ყოფნის ნება დართეს. 2020წ. 4 სექტემბერი. (AP Photo/Emilio Morenatti)


ამერიკელი ჩოგბურთელი კორი "კოკო"გაუფის მატჩი რუმინელ სორანა კირსტიასთან, ავსტრალიის ღია პირველობაზე, მელბურნი. 2020წ. 22 იანვარი. (AP Photo/Lee Jin-man)


სანთლებითა და ჩირაღდნებით განათებული აივნები კორონავირუსთან ბრძოლის აღსანიშნავად ნიუ დელის ერთ-ერთ უბანში. ინდოეთი, 2020წ. 5 აპრილი. (AP Photo/Altaf Qadri)


დამცავი საშუალებებით აღჭურვილი მუშები ცხედრებს მარხავენ კუნძულ ჰარტზე ( Hart Island) ნიუ-იორკში. 2020წ. 9 აპრილი (AP Photo/John Minchillo)


ქალი ხელს იქნევს ავტობუსიდან, რომელსაც საკრუიზო გემის Diamond Princess-ის მგზავრები ტოკიოსთან ახლოს მდებარე იოკოჰამას პორტიდან გადაჰყავს. მგზავრები კორონავირუსის გამო გემზე კარანტინში იმყოფებოდნენ. 2020წ. 20 თებერვალი. (AP Photo/Eugene Hoshiko)


ღამით ტურები ყმუიან თელ-ავივის ჰაიარკონის პარკში, რომელიც დაცარიელებულია კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული კარანტინის გამო. 2020წ. 9 აპრილი. (AP Photo/Oded Balilty)


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კორონავირუსის შესახებ მართავს პრესკონფერენციას. 2020წ. 13 აპრილი. მარცხნივ - კორონავირუსის წინააღმდეგ თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი დებორა ბრიქსი. (AP Photo/Alex Brandon)


შეიარაღებული პირები მიჩიგანის შტატის ქალაქ ლენსინგში, კაპიტოლიუმის შენობის წინ, კორონავირუსის პანდემიის გამო გუბერნატორის მიერ სახლში დარჩენისა და ბიზნეს ობიექტების დახურვის შესახებ გაცემული ბრძანების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. 2020წ. 15 აპრილი.(AP Photo/Paul Sancya)


მუშა, რომელსაც დამცავი სამოსი აცვია საავადმყოფოს ფანჯრებს წმენდს, მედდა კი კორონავირუსით ინფიცირებულების ინტენსიურ განყოფილებაში მუშაობს. ლიმა, პერუ. 2020წ. 17 აპრილი. (AP Photo/Rodrigo Abd)


კალიფორნიაში დაწესებული კარანტინის დროს ცარიელი გზა (110 Arroyo Seco Parkway), რომელიც ლოს-ანჯელესის ცენტრისკენ მიდის. 2020წ. 26 აპრილი. (AP Photo/Mark J. Terrill)


ისრაელის "ქალთევზის საზოგადოების" წევრები ქალთევზის კუდის ფორმებით ბათ იამის სანაპიროსთან ცურავენ, თელ-ავისთან ახლოს. 2020წ. 23 მაისი. (AP Photo/Oded Balilty)


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიფრინავს შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის. 2020წ. 21 იანვარი. (AP Photo/Evan Vucci)


აქციის მონაწილე ელმოს თოჯინის ნიღბით ფილადელფიაში, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს. 2020წ. 30 მაისი. (AP Photo/Matt Rourke)


მედიკოსი ეხმარება კოლეგას, რომელსაც COVID-19-ის ტესტირების ბანაკში გადაღლილობის გამო გული წაუვიდა. ნიუ დელი, ინდოეთი 2020წ. 27 აპრილი. (AP Photo/Manish Swarup)


ქალი სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად ქვაბზე უკრავს, ნაწილობროვი კარანტინის დროს ბრიუსელში. 2020წ. 31 მაისი. (AP Photo/Francisco Seco)


ქალი სასულიერო პირები მიდიან სასაფლაოზე, რათა COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დასაკრძალად მოამზადონ. ირანი, 2020წ. 30 აპრილი. (AP Photo/Ebrahim Noroozi)


კოვიდინფიცირებული მოხუცი ქალი ჟანგბადის ნიღბის დახმარებით სუნთქავს ქალაქ პოჩაივის საავადმყოფოში, უკრაინა, 2020წ. 1 მაისი. (AP Photo/Evgeniy Maloletka)


ჯოან პეილორის შვილიშვილების რეაქცია ბებიის დაკრძალვაზე მტრედების გაშვებისას. 2020წ. 3 მაისი. მიუხედავად იმისა, რომ 62 წლის ქალი კორონავირუსით არ გარდაცვლილა, პანდემიამ მისი დაკრძალვის ყველა ასპექტზე იმოქმედა. ჯოან პეილორი გარდაცვალებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ დაკრძალეს. (AP Photo/Jacquelyn Martin)


აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანის სტივენ კულიგის გამოსახულება მისი ქალიშვილის, ელიზაბეტ დეფორესტის სახლის კედელზე. დეფორესტი საძინებლის ფანჯრიდან იხედება, მის ქმარი კი პირველი სართულის ფანჯარაში ჩანს. ჩიკოპი, მასაჩუსეტსი, 2020წ. 3 მაისი. ვეტერანი 92 წლის ასაკში COVID-19-ით გარდაიცვალა. (AP Photo/David Goldman)


COVID-19-ით გარდაცვლილი 77 წლის რიკარდო ნორიეგას ცხედარი საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში. ლიმა, პერუ. 2020წ. 4 მაისი. ნორიეგას სუნთქვის გაძნელება ჰქონდა და სიკვდლის მისაღები ოთახის სავარძელში ელოდა, რადგან იმ დილით ვერ შეძლო ტაქსის პოვნა, რომელიც მას ჰოსპიტალში გადაიყვანდა. (AP Photo/Rodrigo Abd)


ლიბიის სანაპიროსთან მაროკოელები და ბანგლადეშელები ხალხით გადაჭედილ ხის ნავზე ესპანეთის სამძებრო-სამაშველო ჯგუფს ელოდებიან. 2020წ. 10 იანვარი. (Santi Palacios)


პოლიციის ოფიცერი პისტოლეტით საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეტაკებებისას ნაირობიში, კენიაში. 2020წ. 8 მაისი. (AP Photo/Brian Inganga)


კასიკ პედრო საკუთარი სახლის წინ " მკვიდრი ერების პარკის" დასახლებაში. ქალაქი მანაუსი. ბრაზილია. 2020წ.10 მაისი. (AP Photo/Felipe Dana)


გოგონა სკუტერით კორონავირუსის გამო დაწყებითი სკოლის დახურული სათამაშო მოედნის ფონზე. მარსელი, საფრანგეთი. 2020წ. 14 მაისი. (AP Photo/Daniel Cole)


ეკვადორის ქალაქ კიტოს ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამშრომელი 2020 წლის 14 მაისს ქუჩაში გარდაცვლილი ქალის ცხედარს სადეზინფექციო ხსნარს ასხამს. მათ ადგილზე COVID-19-ის სწრაფი ტესტი ჩაატარეს და განაცხადეს, რომ ქალის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. (AP Photo/Dolores Ochoa)


დონალდ ტრამპი რაშმორის მთის ეროვნულ მემორიალთან ვიზიტის დროს. 2020წ. 3 ივლისი. (AP Photo/Alex Brandon)


მარცხნივ - თეოდორო მეჰია უყურებს როგორ გააქვთ მისი ცოლის, ბერტა კუსი პალომინოს ცხედარი საკუთარი სახლიდან. ლიმა, პერუ. 2020წ. 14 მაისი. პალომინოს, სავარაუდოდ, COVID-19 ჰქონდა. (AP Photo/Rodrigo Abd)


18 წლის იასმინ პროტოს სკოლის გამოსაშვებ დღეს პირბადზე საკუთარი ფოტო აქვს გამოსახული. ქასიტა, ჯორჯიის შტატი. 2020წ. 15 მაისი. (AP Photo/Brynn Anderson)


COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტი ორ ინფიცირებულს შორის. რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია. 2020წ. 24 მაისი.(AP Photo/Leo Correa)


დემონსტრანტები მინეაპოლისში სწრაფი კვების ცეცხლმოკიდებული ობიექტის წინ 2020წ. 29 მაისს. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო დაწყებული აქციების მიმდინარეობისას. (AP Photo/John Minchillo)


COVID-19-ით გარდაცვლილი ვიქტორ გასპარის დაკრძალვისას მის საფლავს ნთესავები ლუდს ასხამენ. ლიმა, პერუ. 2020წ. 28 მაისი. (AP Photo Rodrigo Abd)


ლიზა ვარმბო მარტონოვიჩი და ნიკოლ ინგლენდ-ჩიზევსკი ვარჯიშობენ აკრობატული შოუსთვის Gladius The Show, 2020 წლის 28 მარტს ლას-ვეგასში. კორონავირუსმა პროდიუსერები იძულებული გახადა მიმდინარე წელს მათი ყველა წარმოდგენა გაეუქმებინათ.(AP Photo/John Locher)


პოლიციის ბრძანებით ავომობილში მყოფები მიწაზე წვანან, მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს. 2020წ. 31 მაისი. (AP Photo/John Minchillo)


რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური ვასილი გელევანი ლოცავს 86 წლის ლუდმილა პოლიაკს, რომელსაც, სავარაუდოდ, COVID-19-ი აქვს. პოლიაკის სახლში, მოსკოვი. (AP Photo/Alexander Zemlianichenko)


აქციის მონაწილე და პოლიციის ოფიცერი ხელს ართმევენ ერთმანეთს, ნიუ-იორკში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო სამართლიანობის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო გამოსვლაზე. 2020 წ. 2 ივნისი. (AP Photo/Wong Maye-E)


დედმამიშვილები (მარცხნიდან) ესტიბენი, ესტეფანი და ხავიერ აკინოები სანთლის შუქზე ვახშმობენ თავიანთ სახლში, ნუევა ესპერანზას დასახლებაში, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ლიმა, პერუ. 2020წ. 8 ივნისი. (AP Photo/Rodrigo Abd)


პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება ატლანტაში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას. 2020 წ. 29 მაისი. (AP Photo/Mike Stewart)


კაცები მილებით ხელში გადიან მიტოვებული საავტომობილო გვირაბს, რათა კარაკასის ესპერანზას უბანში წყლის სიტემა შეაკეთონ. ვენესუელა, 2020წ. 11 ივნისი. ვენესუელაში წყლის სერვისი იმდენად გაუარესდა, რომ ღარიბ უბნებში მცხოვრებმა მოსახლეობამ ჭების თხრა ან წყლის კერძო სისტემებიდან მოპოვება დაიწყო. (AP Photo/Matias Delacroix)


ხალხი თეთრი სახლის მახლობლად, წვიმაში აპროტესტებს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს, ვაშინგტონი. 2020წ. 4 ივნისი. (AP Photo/Evan Vucci)


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალაქ ტულსაში ( ოკლაჰომას შტატი) მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრუნდება. ვერტმფრენიდან გადმოსული პრეზიდენტი თეთრი სახლის ეზოს გადის. 2020წ. 21 ივნისი. (AP Photo/Patrick Semansky)


თელ-ავივში ეროვნული სამოყვარულო ბოდიბილდერების ასოციაციის კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილეები კულისებში ვარჯიშობენ. კორონავირუსის გამო კონკურსი, რომელშიც 85 ადამიანი მონაწილეობდა, ღია ცისქვეშ შესაბამისი წესების დაცვით გაიმართა. 2020წ. 19 აგვისტო. (AP Photo/Oded Balilty)


პერუელი მიგრანტი ხოსე კოიანტესი საკუთარი ცოლის, სილვია კანოს, დაკკრძალვის დროს ტირის. მისი თქმით, სილვია კანო COVID-19-ით გარდაიცვალა. ხოსე კოიანტესს ერჩივნა ცოლის ცხედრის კრემაცია მომდარიყო, რათა მისი ფერფლი სამშობლოში დაებრუნებინა, თუმცა ბიუროკრატიის გამო, ისედაც ორ კვირას მოუწია ლოდინი დაკრძალვამდე. კათოლიკური სასაფლაო სანტიაგოში, ჩილე. 2020წ. 3 ივლისი. (AP Photo/Esteban Felix)


ბარსელონაში სამთვიანი შეზღუდვების შემდეგ ოპერა Liceu-ს გახსნა. მუსიკოსები ასრულებენ ჯაკომო პუჩინის ელეგიას სიმებიანი კვარტეტესთვის "ქრიზანთემები". დამსწრეთა სკამებზე კი 2 292 მცენარეა მოთავსებული. პერფორმანსი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ესპანეთი, 2020წ. 22 ივნისი. (AP Photo/Emilio Morenatti)


COVID-19-ზე ტესტირების პროცესი. ნიუ დელის საავადმყოფო, ინდოეთი. 2020წ. 6 ივლისი. (AP Photo/Manish Swarup)


პაციენტი თავისი საწოლის გვერდით სკამზე ისვენებს. ბარსელონის საავადმყოფო, COVID-19-ის განყოფილება. ესპანეთი, 2020წ. 18 ნოემბერი. (AP Photo/Emilio Morenatti)


Black Lives Matter-ის აქციის დროს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, დემონსტრანტები ღობეს აწვებიან. ქალაქ პორტლენდის სასამარლოს შენობასთან. ორეგონის შტატი. 2020წ. 25 ივლისი. (AP Photo/Marcio Jose Sanchez)


"ატლეტიკი" "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ ლა ლიგის საფეხბურთო მატჩის დროს, რომელიც ბილბაოში სან მამესის დაცარიელებულ სტადიონზე გაიმართა. 2020წ. 5 ივლისი. (AP Photo/Alvaro Barrientos)


პროექტორის ოპერატორი პავლოს ლეპენიოტისი კინოთეატრის საწყობში ფილმის ხარისხს ამოწმებს. ლეპენიოტისი კინოთეატრებში 12 წლიდან მუშაობს. ათენი, საბერძნეთი. 2020წ. 3 ივნისი. (AP Photo / Petros Giannakouris)


მესაფლავეებს COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანის სასახლე დასაკრძალად სასაფლაოზე მიაქვთ. ლიმას გარეუბანი, პერუ. 2020წ. 8 ივლისი. (AP Photo/Rodrigo Abd)


მარცხნივ - სენატორი მიჩ მაკონელს კორონავირუსისგან თავდასაცავად პირბადე უკეთია და დაცვის წევრებთან ერთად შეხვედრებს შორის სენატის მეტროთი გადაადგილდება. ვაშინგტონი, 2020წ. 21 ივლისი. (AP Photo/Jacquelyn Martin)


ხალხი ატრაქციონის რიგში ნიუ ლექსინგტონი, ოჰაიოს შტატი. 2020წ. 24 ივლისი. (AP Photo/Wong Maye-E)


ხალხი მაღაზიის უკანა მხრიდან, ფეხსაცმელებით ხელში გაურბის პოლიციას. აპერ დარბის მუნიციპალიტეტი, პენსილვანია. 2020წ. 31 მაისი. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებული გამოსვლებისა და არეულობების დროს. (AP Photo/Matt Slocum)


ბეისბოლის მატჩი Los Angeles Dodgers-სა და San Francisco Giants-ს შორის ცარიელ სტადიონზე. ლოს-ანჯელესი, 2020წ. 26 ივლისი. (AP Photo/Jae C. Hong)


ნათესავებს პერუს მდინარე უკაიალიზე გემით გადააქვთ ხოსე ბარბარანის ცხედარი. ის კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით დაიღუპა. გარდაცვალებულის ოჯახის წევრებმა 4 საათის განმავლობაში იმგზავრეს. 2020წ. 29 სექტემბერი. (AP Photo/Rodrigo Abd)


მუსლიმი გოგონები ლაგოსის ქუჩებში ლოცვის შემდეგ. ნიგერია, 2020წ. 31 ივლისი (AP Photo/Sunday Alamba)


20 წლის ოლინდა ტაფური ელოდება მეანს, COVID-19-ით ინფიცირებული მშობიარე ქალებისთვის განკუთვნილ კარავში. ლიმა, პერუ. 2020წ. 29 ივლისი (AP Photo/Rodrigo Abd)


ჯორჯია ბრიდლავი კონგრესმენ ჯონ ლუისის ჩასასვენებელ სასახლესთან. ლუისი, რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოდა, 2020 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. კაპიტოლიუმის შენობა, ატლანტა, ჯორჯიის შტატი. 2020წ. 29 ივლისი. (AP Photo/Brynn Anderson)


64 წლის რომელია ნავარო ეხუტება ქმარს, ანტონიოს, სიცოცხლის ბოლო წუთებში. ქალაქ ფულერტონის საავადმყოფოს COVID-19-ის განყოფილება. კალიფორნია, 2020წ.31 ივლისი. (AP Photo/Jae C. Hong)


ბეირუთის პორტში მომდარი აფეთქების შემდეგ ადგილიდან 11 წლის ჰოდა კინნო საკუთარ ბიძას, მუსტაფას, გამოჰყავს. ჰოდას კისრის არეში მოტეხილობები აღენიშნებოდა, მისი 15 წლის და სედრა კი აფეთებას ემსხვერპლა. 2020წ. 4 აგვისტო. (AP Photo/Hassan Ammar)


გზა ჰყოფს ლაგუნა Cerro-ს, რომლის მარჯვენა მხარე ვარდისფრადაა შეფერილი და ნაპირის ზედა კუთხეში მუშაობს ტყავის მწარმოებელი კომპანია Waltrading S.A. 2020წ. 5 აგვისტო. წყლის ფერი გამოწვეული მძიმე მეტალების, მათ შორის ქრომისგან, რომელიც ხშირად გამოიყენება ტყავის წარმოების პროცესში. (AP Photo/Jorge Saenz)


სახლის ფანჯარაში არეკლილია ჯონა ზაპატა, რომლის ჯამბაზის სახელია "ჯიჯოლინი". ის ლიმას ღარიბ გარეუბანში ოჯახს გასაყიდ კარამელიზებულ ვაშლებს სთავაზობს. პერუ, 2020წ. 5 აგვისტო. 35 წლის ზაპატა ოჯახის დასახმარებლად ცირკის საკვებს მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამო ცირკები დახურულია. (AP Photo/Martin Mejia)


პირბადიანი ქალი ცეკვავს კლიენტის სახლში. მეხიკო, 2020წ. 8 აგვისტო. პანდემიის გამო ბიზნესი იძულებული გახდა ახალ რეალობას მორგებოდა და გამონაკლისი არც გასართობი ინდუსტრიაა. (AP Photo/Eduardo Verdugo)


ფერნანდა მარიოტი COVID-19-ით გარდაცვლილი დედის ფოტოთი ხელში. საკუთარ სახლში, ბუენოს აირესი, არგენტინა. 2020წ. 11 აგვისტო. მარტიოტი საავადმყოფოში დედამისის ნახვას ითხოვდა, თუმცა ექიმმა ამის ნება არ დართო. (AP Photo/Natacha Pisarenko)


საკვების გასაყიდი კარვები ბანგკოკის Rot Fai-ის ბაზრობაზე. ტაილანდი, 2020წ. 19 ივნისი (AP Photo/Sakchai Lalit)


რიჩარდ ფრემონდი მირბის ჯილდოს მისაღებად სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე. ქალაქი ჰოუმსტედი, ფლორიდის შტატი. 2020წ. 23 ივნისი. ცერემონია სოციალური დისტანციის დაცვით სარბოლო ტრასაზე გაიმართა, სადაც 41-მა კურსდამთავრებულმა დიპლომის ასაღებად ფინიშის ხაზი გადაკვეთა. (AP Photo/Wilfredo Lee)


84 წლის ბილ ნიკოლსი ცდილობს ხანძრისგან გადაარჩინოს სახლი, რომელშიც 77 წელი იცხოვრა. ვაკავილი, კალიფორნია. 2020წ. 19 აგვისტო. (AP Photo/Noah Berger)


84 წლის ბიანკა ორტიზი, როდესაც გაიგო, რომ საავადმყოფოდან გაწერდნენ. ის COVID-19-ის დიაგნოზით რამდენიმე კვირით ადრე საავადმოფოში მოათავსეს. ბუენოს-აირესი, არგენტინა. 2020წ. 13 აგვისტო. (AP Photo/Natacha Pisarenko)


დაშავებულების ევაკუაცია ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ. ლიბანი, 2020წ. 4 აგვისტო. (AP Photo/Hassan Ammar)


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აეროპირტში, ქალაქი ლენსინგი, მიჩიგანის შტატი. 2020წ. 27 ოქტომბერი. (AP Photo/Evan Vucci)


(მარცხნიდან) ტომას ჰენი და ჩარლზ ჩავირა უყურებენ ხანძრისგან გამოწვეულ კვამლს ჰილდსბურგში, კალიფორნია. 2020წ. 20 აგვისტო. (AP Photo/Noah Berger)


ონსერატ მედინა ზენტელა კორონავირუსის პანდემიის გამო ინტერნეტით ესწრება სასკოლო გაკვეთილს. მეხიკო, 2020წ. 24 აგვისტო. (AP Photo/Marco Ugarte)


ასაფეთქებელი მოწყობილობა ფეთქდება, რა დროსაც მომიტინგე ცდილობს შეაჩეროს ჯავშანმანქანა, რომელიც ქალაქ კონეშას სასამართლოს შენობის გარეთ დემონსტრანტებს შლის. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აფრო-ამერიკელ ჯეიკობ ბლეიკს ესროლა. 2020წ. 25 აგვისტო. ვისკონსინის შტატი. (AP Photo/David Goldman)


თეთრი სახლის მრჩეველი კელიენ კონვეი ემზადება სიტყვით გამოსვლის ჩაწერისთვის. 2020წ. 26 აგვიტო. (AP Photo/Susan Walsh)


74 წლის უოლტერ კარტერი მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი სიტყვით ("მე მაქვს ოცნება") გამოსვლის 57-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობას ესწრება ვაშინგტონში, აბრაამ ლინკოლნის მემორიათან. 2020წ. 28 აგვისტო. უოლტერ კარტერი 1963 წელს გამართულ მსვლელობაშიც მონაწილეობდა. (AP Photo/Jacquelyn Martin)


დელგადოების ოჯახი. 6-დან 14 წლის ასაკის ხუთივე ბავშვი მშობლებთან ერთად მთელ დღეს სახელოსნოში მუშაობს. ელ-ალტო, ბოლივია. 2020წ. 28 აგვისტო. (AP Photo/Juan Karita)


ხიდი (Bidwell Bar Bridge) ხანძრის ფონზე , ორვილი, კალიფორნია. 2020წ. 9 სეტემბერი. (AP Photo/Noah Berger)


ქალების კოცნა ბელარუსის ძველი დროშის ქვეშ, მინსკში დამოიკიდებლობის სასახლესთან ოპოზიციის მხარდამჭერების შეკრების დროს. 2020წ. 30 აგვისტო. (AP Photo)


ოჯახის წევრები კორონავირუსის სიმპტომებით გარდაცვლილი 88 წლის მანუელა ჩავეზის კუბოსთან, დაკრძალვის ცერემონიის დროს. "შიპიბოს" მკვიდრი თემი, ქალაქი პუკალპა, პერუ. 2020წ. 31 აგვისტო. (AP Photo/Rodrigo Abd)


მოხუცთა სახლის მცხოვრებთა ევაკუაცია სანტა როზაში გაჩენილი ხანძრის გამო. კალიფორნის შტატი. 2020წ. 28 სექტებერი. (AP Photo/Noah Berger)


COVID-19 -ის სიმპტომების სკრინინგისთვის მისული სამედიცინო პერსონალი მუმბაის დასახლება დარავიში, ინდოეთი.2020წ. 4 სექტემბერი. (AP Photo/Rafiq Maqbool)


დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი, მედიასთან საუბრის შემდეგ პირბადეს იკეთებს. ვილმინგტონი, დელავერის შტატი. 2020წ. 4 სექტემბერი. (AP Photo/Carolyn Kaster)


კრიმინალური ბანდის დაპატიმრებული წევრები, პირბადით სხედან საკანში, კეზალტეპეკის ციხის მედიატურის დროს. სალვადორი, 20290წ. 4 სექტემბერი.(AP Photo/Salvador Melendez)


წითელ შუქმნიშანზე გაჩერებული მანქანის უკანა ხედვის სარკეში ჩანს, რომ ხოსე კოიანტესს 5 წლის ქალიშვილი კეჰიტი ეხუტება. ფოტოს გადაღებამდე სამი თვით ადრე COVID-19-ით ხოსეს ცოლი გარდაიცვალა. საინტიაგო, ჩილე. 2020წ. 6 სექტემბერი. (AP Photo/Esteban Felix)


ხალხი კაიაკით სან-ფრანცისკოს ყურეში, Oracle Park-ის სტადიონის გარეთ, San Francisco Giants-სა და Seattle Mariners-სის მატჩის მიმდინარეობისას. 2020წ. 9 სექტემბერი. (AP Photo/Tony Avelar)


პარკურის მიმდევარი ხტება სარკინიგზო ხიდზე. ფრანკფურტის საბანკო უბანის შენობების ფონზე. გერმანია, 2020წ. 9 სექტემბერი. (AP Photo/Michael Probst)


COVID-19-ის მქონე პაციენტი საავადმყოფოს საწოლზე. მარსელი, საფრანგეთი. 2020წ. 10 სექტემბერი. (AP Photo/Daniel Cole)


შავი კვამლი, რომელიც ბეირუთის პორტში ცეცხლმოდებული საწყობიდან ამოდის. ლიბანი. 2020წ. 10 სექტემბერი. (AP Photo/Hussein Malla)


შეიან სამერსს ხელში ჰყავს თავის ძაღლი ტოფი. ფოტო გადაღებულია ხანძრის გამო ევაკუირებულთათვის განკუთვნილი ცენტრის ბანაკში. ორეგონი, აშშ, 2020წ. 13 სექტემბერი. (AP Photo/John Locher)


კოლუმბიელი ჰაროლდ ტეხადა "ტურ დე ფრანსის" ველორბოლის დროს. 2020წ. 17 სექტემბერი. (AP Photo/Thibault Camus)


მხარდამჭერები თავიანთი მანქანებიდან აღნიშნავენ საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენისა და მისი ცოლის ჯილ ბაიდენის დიდ ეკრანზე გამოჩენას, დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონვენციის მეოთხე დღეს. ვილმინგტონი, დელავერი. 2020წ. 20 აგვისტო. (AP Photo/Carolyn Kaster)


პირბადიანი პალესტინელი ქალი ავტობუსში, ღაზიდან ეგვიპტეში საზღვრის გადაკვეთას ელოდება. 2020წ. 27 სექტემბერი. (AP Photo/Khalil Hamra)


ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის მატჩი New Orleans Saints-სა და Tampa Bay Buccaneers-ს შორის. ფოტოზე ჩანს მარშონ ლატიმორი და მაიკ ევანსი. ტამპა, ფლორიდა. 2020წ. 8 ნოემბერი. (AP Photo/Jason Behnken)


დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ლას-ვეგასში, კლარკის ოლქის საარჩევნო დეპარტამენტთან საპროტესტო აქციაზე. ნევადა, 2020წ. 4 ნოემბერი.(AP Photo/John Locher)


კონფედერატების გენერალ რობერტ ლის ძეგლს გარშემორტყმული მომიტინგეები აირწინაღებითა და ფარებით ელიან პოლიციის მოქმედებას. რიჩმონდი, ვირჯინიის შტატი. 2020წ. 23 ივნისი. (AP Photo/Steve Helber)


86 წლის მერი ფეი კოკრენი დედის დღეს ფანჯრიდან საკუთარ ვაჟს, სტეისი სმიტს, ტელეფონით სიმღერა You Are My Sunshine-ს უმღერის. ქალაქი სმირნა, ჯორჯიის შტატი. 2020წ. 10 მაისი. (AP Photo/Brynn Anderson)


სამედიცინო პერსონალის დეზინფექცია პორტატულ კარავში, კარანტინის დროს. მანილა, ფილიპინები. 2020წ. 27 აპრილი. (AP Photo/Aaron Favila)


მოხალისე ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას ბრაზილიის ხანძრების დროს. მატო-გროსოს შტატი, ბრაზილია. 2020წ. 11 სექტემბერი. (AP Photo/Andre Penner)


ჯილ ბაიდენი უკან წევს ქმარს, ჯო ბაიდენს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ესაუბრება. ნიუ კასლი, დელავერი. 2020წ. 5 ოქტომბერი. (AP Photo/Andrew Harnik)


დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კლარკის ოლქის საარჩევნო დეპარტამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. ლას-ვეგასი, ნევადა. 2020წ. 8 ნოემბერი. (AP Photo/John Locher)



პირბადიანი კაცი დარბის ზღვის სანაპიროს გასწვრივ, წვიმიან ამინდში. ჰავანა, კუბა. 2020წ. 6 ოქტომბერი. (AP Photo/Ramon Espinosa)


ესპანელი რაფაელ ნადალი ბერძენი სტეფანოს ციციპასის წინააღმდეგ ATP World Finals-ის ტურზე, ლონდონში. 2020წ. 19 ნოემბერი. (AP Photo/Frank Augstein)


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის, მხარდასაჭერი კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას. ფილადელფია, პენსილვანია, 2020წ. 21 ოქტომბერი. (AP Photo/ Matt Slocum)


ცეცხლმოდებული სახლი კარვაჩარში, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონი. 2020წ. 13 ნოემბერი. (AP Photo/Dmitry Lovetsky)


დრონით გადაღებულ ფოტოზე ჩანს მოწითალო ფერის დიდი მლაშე ტბა, იუტას შტატი, 2020წ. 8 ოქტომბერი. წითელი ფერი გამოწვეულია ჰალოფილური ბაქტერიისგან, რომელიც მარილის დონის მატებისას მრავლდება. (AP Photo/Julio Cortez)


სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები აკავებენ დემონსტრანტს ახალი კანონის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლისას ჯაკარტაში. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ კანონი ზიანს მიაყენებდა გარემოსა და შრომით უფლებებს. ინდონეზია. 2020წ. 8 ოქტომბერი. (AP Photo/Tatan Syuflana)


ოჯახს სატვირთოთი გადააქვს სახლი, მთიან ყარაბაღში, სოფლის დატოვებისას. 2020წ. 18 ნოემბერი. (AP Photo/Sergei Grits)


ნიუ-იორკის ყოფილი მერი და დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანი, პრესკონფერენციის დროს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის შტაბში, ვაშინგტონი. 2020წ. 19 ნოემბერი. (AP Photo/Jacquelyn Martin)


სამედიცინო პერსონალს საავადმყოფოში გადაჰყავს აზერბაიჯანის არტილერიის მხრიდან დაბომბვის დროს დაჭრილი პირი, სტეფანაკერტში, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში. 2020წ. 28 ოქტომბერი. (AP Photo/Dmitry Lovetsky)



პოლიცია ასახლებს ბუენოს-აირესის პროვინცია გერნიკის ერთ-ერთ ბანაკში თვითნებურად შესახლებულ პირებს. არგენტინა. 2020წ. 29 ოქტომბერი. (AP Photo/Natacha Pisarenko)


კოტ-დ'ივუარის პრეზიდენტობის კანდიდატის, კუადიო კონან ბერტინის, მხარდაჭერი ბერტინის საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრაზე მისასვლელად ღობეს ახტება. აბიჯანი, კოტ-დ'ივუარი, 2020წ. 29 ოქტომბერი. (AP Photo/Leo Correa)


სომხეთის ძალების მხრიდან მთიან ყარაბაღში დაბომბვის შედეგად დაღუპული 7 წლის აისუ ისგანდაროვას მამა ქალიშვილის პანაშვიდზე. გარაიუსიფლი, აზერბაიჯანი. 2020წ. 28 ოქტომბერი. (AP Photo/Aziz Karimov)


მოსწავლეები პირბადეებითა და რეზინის ხელთათმანებით საკლასო ოთახში. ჰავანა, კუბა. 2020წ. 2 ნოემბერი. პანდემიის პერიოდში ჰავანაში მოსწავლეები საკლასო ოთახებში აპრილის შემდეგ პირველად ნოემბერში დაბრუნდნენ. (AP Photo/Ramon Espinosa)


მაშველები ნანგრევებში ეძებენ გადარჩენილებს მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ. იზმირი, თურქეთი. 2020წ. 2 ნოემბერი. (AP Photo/Emrah Gurel)


კვების უკმარისობის მქონე გოგონას, რამა ვატიკს, მკურნალობენ ქალაქ სანას საავადმყოფოში. იემენი. 2020წ. 3 ნოემბერი. იემენში მოსახლეობის ორი მესამედი - დაახლოებით 28 მილიონი ადამიანი შიმშილობს. (AP Photo/Hani Mohammed)


ხმის მიცემის პროცესი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირველ პრესვიტერიანულ ეკლესიაში, სტემფორტი, კონექტიკუტი. 2020წ. 3 ნოემბერი. (AP Photo/Jessica Hill)


ფეხბურთის გულშემატკივრები ოლივოსის კლინიკასთან იკრიბებიან, სადაც დიეგო მარადონას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ბუენოს აირესი, არგენტინა. 2020წ. 3 ნოემბერი. მარადონა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. (AP Photo/Natacha Pisarenko)


ნიუ-იორკის პოლიცია კეტავს ვაშინგტონ სკვერის პარკის ჩრდილოეთ შესასვლელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. ნიუ-იორკი, 2020წ. 4 ნოემბერი. (AP Photo/Seth Wenig)


საარჩევნო დეპარტამენტის თანამშრომელი აკვირდება ბიულეტენს ატლანტაში ხმის დათვლის პროცესის დროს. 2020წ. 5 ნოემბერი. (AP Photo/Brynn Anderson)


დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებს მოხუცთა თავშესაფარში COVID-19-ით გარდაცვლილის ცხედარი გადააქვთ, მის გვერდით საწოლზე კი სხვა პაციენტს სძინავს. ბარსელონა, ესპანეთი. 2020წ. 5 ნოემბერი. (AP Photo/Emilio Morenatti)


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სცენაზე დამცავი შუშის პირას, მხარდამჭერებისკენ იხრება. ვილმინგტონი, დელავერი. 2020წ. 7 ნოემბერი. (AP Photo/Carolyn Kaster)


კაცი სომხეთის დროშით დადივანკის მონასტერს სტუმრობს. ქალბაჯარი, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონი. 2020წ. 13 ნოემბერი. ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებით, აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა. (AP Photo/Sergei Grits)


ხალხი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას ფოიერვერკებით აღნიშნავს. Black Lives Matter Plaza-ს ქუჩა, ვაშინგტონი. 2020წ. 7 ნოემბერი. (AP Photo/Jacquelyn Martin)


ინდოეთის სოფელ პეინგანადუში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეიდენტობის კანდიდატის კამალა ჰარისის პლაკატებს ამზადებენ, რათა იზეიმონ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დემოკრატიული პარტია გაიმარჯვებს. 2020წ. 6 ნოემბერი. პეინგანადუს მეზობელი სოფელი ტულაშენდრაპურამი კამალა ჰარისის დედის მხრიდან ბაბუის მშობლიური სოფელია, საიდანაც ის ათობით წლის წინ შეერთებულ შტატებში გადასახლდა. (AP Photo/Aijaz Rahi)



წყარო: apnews.com
კატეგორია: რესურსები
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჟურნალისტების ნაწილი სახლიდან მუშაობს, რაც გარკვეულწილად მეტ საფრთხეს უქმნის მათი პერსონალური მონაცემებისა და წყაროების შესახებ ინფორმაციის დაცვას. ხშირად ჰაკერების სამიზნე სწორედ ჟურნალისტები ხდებიან, ამიტომ მედიაში მომუშავე პირებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავი დაიცვან კიბერთავდასხმებისგან.

კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჟურნალისტებს სახლიდან მუშაობის პერიოდში გასათვალისწინებელ 6 რჩევას ტექნოლოგიების სფეროში ფრილანსერი ავტორი და პროგრამისტი ნალა დევისი უზიარებს. დევისის კლიენტების რიცხვში ისეთი კომპანიები შედიან, როგორებიცაა Samsung, Time Warner, Netflix, და Sony.

გთავაზობთ, კიბერუსაფრთხოების შესახებ 6 მარტივ რჩევას ჟურნალისტებისთვის სახლიდან მუშაობის დროს:

⇒  სამსახურის (ან, მუშაობისთვის განკუთვნილი) კომპიუტერი გამოიყენეთ მხოლოდ სამუშაო მიზნებისთვის

ნალა დევისის რჩევით, სასურველია სამსახურის კომპიუტერი არასდროს გამოიყენოთ პირადი მიზნებისთვის, მაგალითად, ონლაინ შოპინგისთვის. ონლაინ შეკვეთას შესაძლოა მხოლოდ 30 წამი დასჭირდეს, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პროცესის დროს კონკრეტულ ვებგვერდზე შეგყავთ საკრედიტო ან საბანკო მონაცემები, მისამართი, თქვენი სახელი და გვარი. სასურველია, ნებისმიერი კომპიუტერიდან ონლაინ შოპინგის დროს მხოლოდ SSL სერტიფიკატით დაცული ვებგვერდი გამოიყენოთ.

⇒  გამოიყენეთ ვირტუალური პირადი ქსელი (VPN)

VPN-ის მუდმივად გამოყენება ჰაკერებისგან დაგიცავთ. ვირტუალურ პირად ქსელს შეუძლია თქვენი ოლნაინ აქტივობის დაშიფვრა, რაც ჰაკერებს ლეპტოპიდან ან პერსონალური კომპიუტერიდან ინფორმაციის შეგროვებას გაურთულებს. ჟურნალისტები განსაკუთრებით დაუცველები არიან, როდესაც მუშაობის დროს სასტუმროს ან ნებსიმიერ სხვა საჯარო WiFi-ის იყენებენ. დღესდღეობით ინტერნეტ ბრაუზერზე უფასო VPN-ის დაყენება მარტივადაა შესაძლებელი.

⇒  გამოიყენეთ პაროლების მენეჯერი

ჰაკერებისთვის ყველაზე მარტივია ავტომატურად დამახსოვრებული, მარტივად გამოსაცნობი, ფურცელზე ან ტექსტურ ფაილში ჩანიშნული პაროლების ამოცნობა. პაროლების მენეჯერის საშუალებით კი შესაძლებელია რამდენიმე პაროლის ერთ ადგილას დაშიფრულად შენახვა ისე, რომ მასზე წვდომა მხოლოდ თქვენ გექნებათ. ასე, თავიდან აიცილებთ ბევრი რთული პაროლის დამახსოვრების აუცილებლობასაც.

⇒  მასალები ატვირთეთ და შეინახეთ „ქლაუდ“ სერვერზე

მასალების „ქლაუდ“ სერვერზე ატვირთვით არამხოლოდ შესაძლებელია ამ მასალების გამოყენებით ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა, არამედ გარანტიაც გეძლევათ, რომ კომპიუტერში განთავსებული ინფორმაციის დაკარგვის ან წაშლის შემთხვევაში მისი ასლები უსაფრთხოდ იქნება შენახული. ამ რჩევის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჟურნალისტები ისეთ ქვეყანაში მუშაობენ, სადაც პრესის თავისუფლება იზღუდება. კომპიუტერიდან სამართალდამცველების მიერ ინფორმაციის წაშლის ან უშუალოდ კომპიუტერის დაკარგვისა თუ მოპარვის შემთხვევაში გეცოდინებათ, რომ მასალები „ქლაუდ“ სერვერზე უსაფრთხოდ გაქვთ შენახული.

⇒  სიფრთხილე გამოიჩინეთ საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენებისას

ამ შემთხვევაში საუბარია ე.წ ნივთების ინტერნეტის ტექნოლოგიის (IoT) მოწყობილობებზე. მაგალითად, საყოფაცხოვრებო საკომუნიკაციო ნივთებზე, როგორიცაა ხმოვანი ასისტენტი Alexa, რომელიც WiFi-ის საშუალებით მუშაობს. ე.წ ნივთების ინტერნეტის ტექნოლოგია გულისხმობს ინტერნეტის საშუალებით სენსორების მქონე საგნების ერთმანეთთან დაკავშირებასა და მონაცემების გაცვლას. IoT ძირითადად "ჭკვიან" მოწყობილობებს მოიცავს. ნალა დევისის აზრით, ჟურნალისტების მიერ ასეთი მოწყობილობების გამოყენებისას არსებობს, შანსი იმისა, რომ პირობითად, ექსკლუზიურ ინტერვიუს მესამე პირი ( იქნება ეს მთავრობა, ჰაკერი თუ კონკურენტი მედია) ისმენდეს.

⇒ მუდმივად განაახლეთ სმარტფონის, კომპიუტერისა და ანტივირუსის პროგრამები

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შესაძლოა დაგეზაროთ, რადგან ის კომპიუტერის გადატვირთვას მოითხოვს. თუმცა, კიბერუსაფრთხოების ექსპერტები და დეველოპერები ახალი საზიანო პროგრამების გამოვლენის დროს მუშაობენ პროგრამულ განახლებაზე, რომელიც მომხმარებლებს სამომავლოდ შესაძლო კიბერშეტევებისგან დაიცავს. განახლებებზე ყურადღების არმიქცევით კი საკუთარ ინფორმაციას საფრთხეში აგდებთ.

  • ასევე გაეცანით 

ციფრული უსაფრთხოების წესები ჟურნალისტებისთვის  

⇒ ამავე თემაზე, იხილეთ ვიდეოგზამკვლევი

 

 

წყარო:  journalism.co.uk

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

წლიდან წლამდე, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, Instagram სულ უფრო პოპულარულიი ხდება და აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვიც მატულობს. Reuters-ის ციფრული ახალი ამბების 2020 წლის ანგარიშის თანახმად, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც აპლიკაციას ახალი ამბების გასაცნობად იყენებენ. თავის მხრივ Instagram მომხმარებლებს კონტენტის შესაქმნელად მუდმივად ახალ ფუნქციებს სთავაზობს, შესაბამისად, მედიაგამოცემების ნაწილი ცდილობს სიახლეებს არ ჩამორჩეს და აუდიტორიის გასაზრდელად მასალები Instagram-ის პლატფორმას მოარგოს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ბრიტანული ონლაინ და ბეჭდური გამოცემა i-ის გუნდმა განაცხადა, რომ ერთ წელიწადში Instagram-ზე მათი გამომწერების რიცხვი გაორმაგდა და 10,000-მდე გაიზარდა. Journalism.co.uk გაზეთის Instagram-ის სტრატეგიის გასარკვევად გამოცემის სოციალურ მედია მენეჯერს ტაშ სალმენს დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი მიდგომების შესახებ ისაუბრა.

⇒ მთავარია თანმიმდევრულობა

სალმენის განმარტებით, რადგანაც გაზეთისთვის Instagram აქამდე პრიორიტეტული არ ყოფილა, მისი პირველი დავალება პლატფორმაზე მასალების სტაბილურად და თანმიმდევრულად გამოქვეყნება იყო. Metro.co.uk-ში მიღებული გამოცდილებით იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა ერთ დღეში ბევრი პოსტის განთავსებას და დანარჩენ დღეებში არაფრის გამოქვეყნებას.

"საჭიროა დღეში სულ მცირე ერთხელ დაპოსტვა, რათა აუდიტორიას ჩვევები და მოლოდინები ჩამოუყალიბდეს. მთავარია მიჰყვეთ საკუთარ ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს Instagram-ის ანგარიში, იმ კვირებშიც კი, როდესაც ჩართულობა და აქტივობა დაბალია“.

⇒ კონტენტი

მნიშვნელოვანია პოსტები თქვენი საინფორმაციოს ბრენდს შეესაბამებოდეს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს მასალები Instagram-ის ფორმატზე იყოს მორგებული. სალმენის თქმით, Instagram უფრო პოზიტიური პლატფორმაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოქვეყნებული მასალები ინფორმაციული შინაარის არ იყოს.

alt"ჩვენი Instagram-ის ანგარიში ბევრად უფრო მხიარულია, ვიდრე Twitter-ის. i-ის აქვს ციფრული და ბეჭდური გამოცემა, ყოველთვის მინდოდა ჩვენს Instargam-ზე ორივე ასახულიყო. ასე რომ, შესაძლოა გამოსაქვეყნებლად ვებგვერდიდან ავიღო მასალა, მაგრამ ასევე, ყოველ დილით ვამოწმებ ბეჭდურ გაზეთსაც, რათა ვნახო რომელი ფოტოებია მასში გამოქვეყნებული", - ამბობს ტაშ სალმენი.

⇒ ყველა საზომი მნიშვნელოვანია

გამომწერების რიცხვის 10,000-მდე გაზრდა სწორი მიმართულების ნიშანია. სალმენი ამის მთავარ საფუძელს სტაბილურობასა და თანმიმდევრულობაში ხედავს. მომხმარებლების ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ თემებზეც, რომლებსაც აუდიტორია კარგად იღებს. სალმენის განმარტებით, i-ის აუდიტორიას პოლიტიკასთან ერთად აინტერესებს ისტორიული აღმოჩენები და უყვარს ცხოველები, შესაბამისად, მათი ყველაზე პოპულარული პოსტებიც ამ თემების გარშემოა შექმნილი.

⇒ "სთორები" ზრდის ჩართულობას

 

alt2019 წლის დეკემბერში i-ის სოციალურმა მედია მენეჯერმა გადაწყვიტა, რომ Instagram-ის "სთორების" სტრატეგია გამოეცადა. გამომწერებს საშუალება ჰქონდათ გაეგზავნათ შეკითხვები, რომლებსაც "სთორებში" გამოცემის ჟურნალისტები პასუხობდნენ.

გარდა ამისა, i-ის Instagram-ის გვერდზე დაიწყეს სერიები სახელწოდებით #iexplained რომლის ფარგლებშიც რეპორტიორები ახალ ამბებს Insragram "სთორის" ფორმატში ჰყვებიან.

⇒ სახლიდან მუშაობა

პანდემიის დროს #iexplained სერიების სახლიდან ჩაწერას თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა.

"სახლში მყოფი აუდიტორიისთვის იმის მოყოლამ და ჩვენებამ, რომ ჩვენც სახლში ვართ, შეინარჩუნა ავთენტურობის დონე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია Instagram-ზე", - ამბობს გაზეთის სოციალური მედიის მენეჯერი ტაშ სალმენი.

⇒ რამდენად მნიშვნელოვანია Reels-ი?

i-ის გუნდში ჯერ-ჯერობით არ იციან რა ფორმით გამოიყენებენ ახალ ფუნქციას, რომელიც 15-წამიანი ვიდეოების შექმნისა და დამუშავების საშუალებას იძლევა, თუმცა Buzzfeed-ის მაგალითი აჩვენებს, რომ უკვე არსებული ვრცელი ვიდეო კონტენტის Instagram Reels-ების ფორმატზე მორგება წარმატებითაა შესაძლებელი. გამოცემის ზოგიერთ 15-წამიან ვიდეოს 3 მილიონამდე ნახვა აქვს.

წყარო: journalism.co.uk
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

The Reuters Institute-ისა და "ტორონტოს უნივერსიტეტის" ახალი კვლევის პირველადი შედეგების თანახმად, კორონავირუსის საკითხების გაშუქება ჟურნალისტების ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. მკვლევრებმა 2020 წლის ივნისის თვეში ახალი ამბების საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული 73 ჟურნალისტი გამოკითხეს. The Reuters Institut-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები შფოთვისა და დეპრესიის ნიშნებს ამჟღავნებენ. მათ შორის საუბარია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტებზეც, რომლებიც ფინანსურად ძლიერ მედია ორგანიზაციებში არიან დასაქმებული.

კვლევის ფარგლებში, რესპონდენტებს თავიანთი სამუშაო პირობებისა და ემოციური მდგომარეობის შესახებ შეკითხვები 2020 წლის ივნისში დაუსვეს, ეს ის პერიოდია, როდესაც COVID-19-მა მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე გავლენა სხვადასხვა კუთხით უკვე იქონია.

"გამოკითხულთა დაახლოებით 70%-ს ფსიქოლოგიური დისტრესის გარკვეულ დონე აღენიშნება. რესპონდენტების 26%-ი კი კლინიკურად მნიშვნელოვან შფოთვას განიცდის, რომელიც შეესაბამება გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზს, რაც ისეთ სიმპტომებს მოიცავს, როგორებიცაა წუხილი, უძილობა, "ზღვარზე ყოფნის“ შეგრძნება, კონცენტრაციის დარღვევა და გადაღლა.

რესპონდენტთა დაახლოებით 11%-ი კი პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა) სიმპტომების ქონას ასახელებს. ეს მოიცავს COVID-19-თან დაკავშირებული ტრავმული მოვლენის შესახებ დროდადრო აკვიატებულ ფიქრებსა და მოგონებებს, მოვლენის გახსენებისგან თავის არიდების სურვილს, დანაშაულის გრძნობას, შიშს, ბრაზსა და სირცხვილს", - ასეთია კვლევის პირველადი შედეგები.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ პანდემიამ გავლენა იქონია დიდ მედიაკომპანიებში მომუშავე მრავალწლიანი სტაჟის მქონე ფიზიკურად ჯანმრთელ ჟურნალისტებზეც. შესაძლოა კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იყოს ჟურნალისტური პროფესიის ნაკლებად პრივილეგირებულ ნაწილებში.

კვლევის მიხედვით, სტრესის გამომწვევი ერთ-ერთი ასპექტი ისიცაა, რომ ვირუსის გავრცელების ფართო მასშტაბებიდან გამომდინარე ყველა რეპორტიორს სწრაფად მოუწია შეესწავლა ჯანდაცვის საკითხების გაშუქება. ამის ფონზე კი კვლევაში მონაწილე რესპონდენტების მხოლოდ 4%-ი იყო თავიდანვე სპეციალიზებული რეპორტიორი ჯანდაცვის კუთხით, პანდემიის დროს კი რეპორტიორების 74%-ი აშუქებდა ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ თემებს.

მკვლევრები ყურადღებას სტრესის გამომწვევ კიდევ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებენ:

ბევრ ქვეყანაში ჟურნალისტები შიშობენ იმაზეც, რომ სანდო ინფორმაციის არარსებობის გამო მათ არ შეუძლიათ თავიანთი საქმის სათანადოდ შესრულება და იძულებულები არიან მხოლოდ მთავრობის მიერ გავრცელებულ ცნობებს დაეყრდნონ.

კორონავირუსის პანდემია პირდაპირ გავლენას ახდენს ჟურნალისტებზე. გამოკითხულთა 45%-ი იცნობს ჟურნალისტს, რომელიც COVID-19-ით დაავადდა. კვლევაში მონაწილე ერთმა რესპონდენტმა თვითონვე გადაიტანა ვირუსი, ორმა რესპონდენტმა კი განაცხადა, რომ იცნობდნენ კოლეგა ჟურნალისტს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიამ გავლენა იქონია რეპორტიორების სამუშაო საათებზეც. გამოკითხულთა 60%-ი აცხადებს, რომ პანდემიის გამოცხადების შემდეგ უფრო მეტხანს უწევთ მუშაობა.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული ჟურნალისტების საშუალო ასაკი 41 წელია. მათ ნახევარზე მეტს (55%) ჰყავს შვილები. რესპონდენტების 58%-ი ქალია. მკვლევრები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმას, რომ ქალ ჟურნალისტებში უფრო მეტად ვლინდება შფოთვის, დეპრესიისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები.

ავტორები სამომავლოდ სრული კვლევისა და ანალიზის გამოქვეყნებას გეგმავენ, მანამდე კი ყურადღებას ნიუსრუმის ხელმძღვანელობის მხრიდან ჟურნალისტებისთვის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ამახვილებენ. კვლევა აჩვენებს, რომ ჟურნალისტების 52%-ს, რომელთაც პანდემიის პერიოდში შესაბამისი თერაპია გაიარეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შფოთვისა და პტსა-ს სიმპტომები აღენიშნებოდეთ.

გაეცანით სტატიებს: