კატეგორია: საერთაშორისო ამბები
The Associated Press-მა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გადაღებული ფოტოდან უგანდელი ეკოქატივისტის ვანესა ნაქათე ამოჭრისთვის ბოდიში მოიხადა.

AP-მ მასალა გამოაქვეყნა, რომლის ფოტოზეც გრეტა თუნბერგი და სხვა აქტივისტები იყვნენ გამოსახული, თუმცა სურათის ერთი მხარე, რომელზეც უგანდელი ეკოაქტივისტი ჩანდა მოჭრილი იყო.

alt


ნაქათემ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის AP-მი რასიზმში დაადანაშაულა და გამოცემის მასალა Twitter-ზე გააზიარა წარწერით: რატომ ამომშალეთ ფოტოდან? მეც ჯგუფის ნაწილი ვიყავი"
 
alt

მოგვიანებით, AP-მ iMediaEthics-ს განუმარტა, რომ სტატიის ფოტო მისი ორიგინალი ვერსიით ჩაანაცვლეს, რომელშიც უგანდელი აქტივისტიც ჩანდა, გარდა ამისა მასალას სხვა ფოტოებიც დაემატა, რომელზეც ასევე ვანესა ნაქათე იყო გამოსახული.

“ვნანობთ იმ ფოტოს გამოქვეყნებას, რომელზეც გამოსახული ერთადერთი ფერადკანიანი ადამიანი - ეკოაქტივისტი ვანესა ნაქათე ამოჭრილია. როგორც ახალი ამბების ორგანიზაციას, გვაღელვებს ზუსტად ავსახოთ მსოფლიო, რომელსაც ვაშუქებთ. ჩვენს ჟურნალისტებს ვასწავლით იყვნენ მგრძნობიარენი ინკლუზიური თემების გაშუქებისას. საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ჟურნალისტებს და ამ შეცდომიდან გაკვეთილს ვისწავლით", - ნათქვამია AP-ის განცხადებაში .

alt

გარდა ამისა, უგანდელ ეკოაქტივისტს უშუალოდ ბოდიში მოუხადა Associated Press-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა სალი ბაზბიმ.

“ვანესა, AP-ის სახელით მინდა გითხრა თუ როგორ ვწუხვარ, რომ ფოტოდან ამოგჭერით. ეს შეცდომა იყო, ჩვენ ვიაზრებთ, რომ ამით შენი ხმა ჩავახშეთ და ბოდიშს გიხდით. ყველანი ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ამ შემთხვევიდან ვისწავლოთ", - წერს ბაზბი Twitter-ზე.

alt
 
ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა AP-ის ფოტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელმა დევიდ ეიკმაც. მისი განმარტებით, ფოტოგრაფი დროში იყო შეზღუდული, ცდილობდა ფოტო სწრაფად გადაეღო, შემდეგ კი ის კომპოზიციიდან გამომდინარე, უკანა ფონზე არსებული შენობის გამო მოჭრა.

წყარო: https://www.imediaethics.org
კატეგორია: მულტიმედია
alt


ცნობილი კალათბურთელი კობი ბრაიანტი 26 იანვარს ტრაგიკულად ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. შემთხვევას ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა. NBA-ის ვარსკვლავის დაღუპვა თავდაპირველად მედიაში ბევრი არაზუსტი დეტალით გაშუქდა, კრიტიკა მოჰყვა ამერიკულ ტაბლოიდ TMZ-ის, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ცნობა ბრაინატის დაღუპვის შესახებ. აუდიტორიაში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია ბრაიანტის გაუპატიურების ბრალდების სკანდალის გახსენებამ The Guardian-ისა და Washington Post-ის ჟურნალისტების მიერ. კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესში მომხდარი შემთხვევა მომდევნო დღეების განმავლობაში როგორც ამერიკის, ისე საერთაშორისო მედიის მთავარი თემად იქცა.

როდის უნდა გაეშუქებინა კობი ბრაიანტის დაღუპვის ამბავი TMZ-ის?

"TMZ-ის 14-წლიან ისტორიაში ვებგვერდზე ნახვების მიხედვით კობი ბრაიანტის დაღუპვა ყველაზე დიდი ამბავია", - ასე შეაფასა TMZ-ის დამფუძნებელმა ჰარვი ლევინმა ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად დადასტურებამდე 4 საათით ადრე პირველმა სწორედ მისმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

TMZ-ი მალევე არაერთი ადამიანის კრიტიკის ობიექტად იქცა. მათ შორის იყო ლოს ანჯელესის შერიფი ალექს ვიანუევა, რომელმაც კონფერენციაზე ტაბლოიდი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "მსხვერპლების ოჯახებისთვის მათი ახლობლების დაღუპვის შესახებ ამბის TMZ-დან გაგება შეურაცხმყოფელი და შეუფერებელია".

იმავე ბრალდებით, რომ გამოცემამ იქამადე გაავრცელა კობი ბრაიანტის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, ვიდრე მისი და სხვა მსხვერპლების ოჯახის წევრები გაიგებდნენ, ტაბლოიდის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ნახევარ-მილიონზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.alt

 ჰარვი ლევინი გააკრიტიკა და თავის აუდიტორიას პეტიიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა მსახიობმა ელენ პომპეომაც.


 
TMZ-ის დამფუძნებელმა კობი ბრაიანტის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების სარედაქციო გადაწყვეტილება კი ტელეკომპანია FOX 11-ის ეთერში განმარტა. ლევინის განცხადებით, ამბის გავრცელებამდე ერთი საათით ადრე ბრაიანტის დაღუპვის შესახებ ცნობა კალათბურთელთან დაახლოებულ რამდენიმე პირთან სატელეფონო საუბრების საშუალებით გადაამოწმა და მათგანვე მიიღო ინფორმაცია, რომ ბრაიანტის ოჯახმა ტრაგედიის შესახებ იცოდა, რის შემდეგაც ამბავი ვებგვერდზე გამოაქვეყნეს. თუმცა რჩებოდა კიდევ ერთი ეთიკური დილემა: ბრაიანტის ოჯახის გარდა, სხვა მსხვერპლების ოჯახებმა ხომ არ გაიგეს ამბავი სწორედ მედიიდან? რაზეც ტაბლოიდის დამფუძნებელს შემდეგი არგუმენტი აქვს.


                                       

"არსებობს რომელიმე ახალი ამბების ორგანიზაცია, რომელმაც განაცხადა, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავით? ვფქრობ, სამართლიანია ამ თემის [სხვა მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიერ ამბის მედიიდან შეტყობა] განსახილველად წინ წამოწევა, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს ამაში: რამდენ ხანს უნდა მოგვეცადა? შერიფმა გუშინ კონფერენციაზე კობის იდენტიფიცირება მოახდინა. ასე რომ, რა დროზე საუბრობენ? რეალობა ისაა, რომ მსოფლიოში ნებისმიერმა მედია ორგანიზაციამ ამბავი იმაზე ბევრად ადრე გააშუქა, ვიდრე მსხვერპლების სახელები გახდა ცნობილი. თქვენ [როგორც ტელევიზიას] გაგიშუქებიათ ავიაკატასტროფები და როცა ეს ხდება ტელევიზიით აცხადებთ, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, არავინ გადარჩენილა, ამბობთ სად მიფრინავდა და რეისის ნომერსაც კი ასახელებთ. გამოდის, [პირობითად] 300 ადამიანს შეატყობინეთ, რომ მათი ნათესავები თვითმფრინავში ისხდნენ, თუ მათ იცოდნენ, რომ ისინი ამ რეისზე იყვნენ. მაგრამ თქვენ ამას აკეთებთ და ასე უნდა მოიქცეთ კიდეც, რადგან ეს ახალი ამბავია და მასზეც იგივე პრინციპი ვრცელდება", - განაცხადა ლევინმა.

შეცდომები და შესწორების პრაქტიკა თემის გაშუქებისას

TMZ-ი ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც კობი ბრაიანტის დაღუპვის გაშუქებასთან დაკავშირებით გააკრიტიკეს. ამბის გავრცელებისას შეცდომები დაუშვეს ცნობილმა მედიასაშუალებებმა. მათ შორის BBC-მ. ტელეკომპანიის ახალი ამბების ერთ-ერთ სეგმენტში ბრაიანტის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას შეცდომით "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" მოთამაშის ლებრონ ჯეიმსის კადრები გასდევდა.

                                       


მომხდარს გადაცემის რედაქტორმა პოლ როიალმა "ადამიანური შეცდომა" უწოდა და ბოდიში Twitter-ზე მოიხადა.

შეცდომები დაუშვეს სხვა გამოცემებმაც. iMediaEthics-ის ცნობით, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრაიანტის გარდა კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა. რის გამოც შესწორება შეიტანეს და ბოდიში მოიხადეს Vox-მა და KXAN-მა.

altABC News-მა აკრედიტაცია დროებით შეუჩერა თავის კორესპონდენტს მეთ გატმენს, მას შემდეგ, რაც მან შეცდომით განაცხადა, რომ ბრაიანტის ოთხივე შვილი შემთხვევის დროს ვერტმფრენში იმყოფებოდა. არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა უშუალოდ ჟურნალისტმაც.

იგივე შეცდომა დაუშვა Florida TV-ის ადგილობრივმა მედიასაშუალებამ WPLG-მ, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ დაღუპულთა შორის ბრაიანტის 4-ვე შვილიც იყო. გამოცემამ ტვიტი წაშალა.

Massachusetts Live-მა და Temple-News-მა კობი ბრაიანტთან ერთად დაღუპული შვილი - 13 წლის ჯიანა (ჯიჯი) კალათბურთელის ყველაზე უფროს ქალიშვილად მოიხსენიეს, რეალურად ჯიანა ბრაიანტი კობის მეორე შვილი იყო. ამიტომ მედიასაშუალებებმა ბოდიში მოიხადეს.

Clutch Points-მა თავდაპირველად დაწერა, რომ ბრაიანტის ოთხივე ქალიშვილი ცოცხალი და უსაფრთხოდ იყო, თუმცა მოგვიანებით ამბის განახლება მოუწია.

The New York Times-მა კობი ბრაიანტის ოსკარის ჯილდოს მიღების ხსენებისას კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი შედომით "ლეიკერსის" გუნდის წევრად მოიხსენია, რეალურად 2018 წლის მარტში ჯეიმსი "კლივლენდის" გუნდში თამაშობდა და "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" წევრი ჯერ არ იყო, როს გამოც გამოცემამ სტატიას რედაქტორის შენიშვნა დაურთო.

Esquire-ის რედაქტორს კი ბოდიშის მოხდა მოუწია, რადგან მის სტატიაში შეცდომით ეწერა, რომ ბრაიანტი ჩემპიონი არა 5-ჯერ, არამედ 3-ჯერ გახდა.

გაუპატიურების ბრალდებების გახსენება

კოლორადოში 2003 წელს კობი ბრაიანტი დააკავეს. მას სასტუმროს 19 წლის თანამშრომელი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. სპორტსმენს ბრალდება მომდევნო წელს, მას შემდეგ მოეხსნა, რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, ორივე მხარემ დავა სასამართლოს გარეშე მოლაპარაკების გზით მოაგვარა. კობი ბრაიანტმა გაუპატიურების ბრალდება უარყო. მისი აზრით, სექსუალური კავშირი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე შედგა, თუმცა ისიც ესმოდა, რომ მისი მბრალდებელი ასე არ ფიქრობდა.


alt
კობი ბრაიანტი სასამართლოს დატოვებისას კოლორადო, აშშ. 2003წ. M. Spencer Green / AP


კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ და ჟურნალისტმა აუდიტორიას კალათბურთელის ცხოვრების სკანდალური პერიოდი შეახსენა. 

alt

ერთ-ერთი მათგანი იყო The Washington Post-ის რეპორტიორი ფელისია სონმეზი, რომელმაც ავიაკატასტროფის შემდეგ Twitter-ზე გამოცემა Daily Beast-ის 2016 წელს სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი კობი ბრაიანტის გაუპატიურების ბრალდებზე იყო. The Washington Post-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სონმეზმა რედაქციის მიერ შემუშავებული სოციალურ მედიაში ქცევის წესები დაარღვია, რის გამოც რეპორტიორს დროებით აკრედიტაცია შეუჩერდა, თუმცა ანაზღაურება შეუნარჩუნდა.



როგორც სონმეზმა The New York Times-თან განმარტა, მან მხოლოდ სტატიის ბმული (სათაურით) გააზიარა და სარედაქციო წესების გამო კომენტარი განზრახ აღარ დაუწერია. რეპორტიორის განცხადებით, სტატიის გაზიარების შემდეგ მან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, გარდა ამისა სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი სახლის მისამართიც, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით სასტუმროში დარჩენა მოუწია.

ფელისია სონმეზმა მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების შესახებ, The Post-ის უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად რედაქტორს აცნობა, რომელმაც ტვიტების წაშლის რეკომენდაცია მისცა, მისი სასტუმროში დარჩენის ხარჯები კი გამოცემამ დაფარა. მოგვიანებით, რეპორტიორმა შეიტყო, რომ დამსაქმებელმა მასთან თანამშრომლობა დროებით შეწყვიტა. მედიასაშუალების გადაწყვეტილება მომდევნო დღეს The Washington Post-ის 400-ზე მეტმა თანამშრომელმა აღმასრულებელი რედაქტორისადმი მიწერილ წერილში გააპროტესტა. მენეჯმენტმა საქმეს გადახედა და ჟურნალისტი სამსახურში აღადგინა.

The Post-ის მმართველი რედაქტორის, ტრეისი გრანტის განცხადებით, სონმეზს სოციალურ მედიასათან დაკავშირებით სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ არ დაურღვევია, თუმცა მან ტვიტი შეუფერებელ დროს გამოაქვეყნა. "ჩვენ [თანამშრომლებს] სოციალურ მედიაში მუდმივად თავშეკავებას ვთხოვთ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრაგიკული გარდაცვალების შემთხვევების დროს. ვწუხვართ, რომ საჯაროდ მოგვიწია ასეთ პირად საქმეზე საუბარი", - განაცხადა The Washington Post-ის რედაქტორმა.

აღსანიშნავია, რომ ფელისია სონმეზი ერთ-ერთი ქალი იყო, რომელმაც The Los Angeles Times-ის პეკინის ბიუროს ხელმძღვანელი ჯონათან კეიმანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 2018 წელს, მედიაში ჩატარებული გამოძიების შემდეგ, კეიიმანმა თანამდებობა დატოვა.

კობი ბრაიანტის სექსაუალური ძალადობის ბრალდება გაიხსენა The Guardian-მაც. გამოცემის ვებგვერდზე მოსაზრების სტატია სათაურით "ნება მოგვეცით გავიხსენოთ კობი ბრაიანტი, ასევე გავიხსენოთ მისი მბრალდებელი" გამოქვეყნდა. The Guardian-ზე დაიწერა განხილვა იმის შესახებაც, თუ როგორ ჩაივლიდა კობი ბრაიანტის 2003 წლის "გაუპატიურების საქმე" #MeToo-ს ერაში.


კობი გამოცემების პირველ გვერდებზე 



"ლეგენდა დაიღუპა", "მადლობა კობი", "გვენატრები მამბა", - ასეთი სათაურებით დაემშვიდობნენ ცნობილი გამოცემები NBA-ს ხუთგზის ჩემპიონს. ტრაგიკული შემთხვევიდან მეორე დღეს, ორშაბათ დილას, ამერიკული ჟურნალებისა და გაზეთების უმრავლესობის პირველი გვერდები კობი ბრაიანტის ხსოვნას მიეძღვნა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
Facebook-ი კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციულ და ადამიანებისთვის საზიანო ინფორმაციის შემცველ კონტენტს შეზღუდავს. გარდა ამისა, კომპანია თავის მომხმარებლებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ვირუსის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით მიაწვდის.

Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაქტჩეკერები კორნავირუსის შესახებ პლატფორმაზე გავრცელებული ყალბი შინაარსის შემცველი ინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობას განაგრძობენ.

"როდესაც ფაქტჩეკეკერები კონკრეტულ ინფორმაციას მცდარად შეაფასებენ, მის გავრცელებას Facebook-სა და Instagram-ზე ვზღუდავთ და ვცდილობთ პარტნიორების დახმარებით ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებლებს. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებმაც კონკრეტული კონტენტი გააზიარეს ან აპირებენ გაზიარებას, შეტყობინებას ვუგზავნით იმის შესახებ, რომ ეს მასალა გადამოწებულია“.

Facebook-ის ინფორმაციით, წაიშლება კორონავირუსთან დაკავშირებით ის ყალბი განცხადებები და კონსპირაციული თეორიები, რომელთა დაჯერებამ, ჯანდაცვის წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით, შესაძლოა ფიზიკური ზიანი გამოიწვიოს.

კერძოდ, Facebook-ი ყურადღებას ამახვილებს ისეთ მასალებზე, რომლებიც ვირუსის პრევენციისა და მისგან განკურნების ცრუ მეთოდებს შეიცავს.

"მაგალითად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მათეთრებლის მიღება კორონავირუსისგან განკურნების საშუალებაა, ან ისეთი განცხადებები, რომლებიც გაუგებრობას ქმნის ჯანდაცვის ხელმისაწვდომ რესურსებთან დაკავშირებით. ასევე Instagram-ზე დავბლოკავთ და შევზღუდავთ დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებულ ჰეშთეგებს“.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, Facebook-ისა და Instagram-ის გუნდი კორონავირუსის შესახებ ზუსტი და უფრო ხელმისაწვდომი ინფორმაციის გასავრცელებლად მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან.

" მომხმარებლებს "ნიუს ფიდში" კორონავირუსზე განახლებული ინფორმაციის მიღებაში დავეხმარებით. როდესაც ისინი Facebook-ზე ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას მოძებნიან ან Instagram-ზე შესაბამის ჰეშთეგზე გადავლენ, ეკრანზე გამოჩნდება ვირუსის შესახებ სანდო წყაროზე დაყრდნობით საგანმანათლებლო შინაარსის ინფორმაცია. გარდა ამისა, საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში ორგანიზაციებს უფასო რეკლამების განთავსების საშუალებას ვაძლევთ", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, Facebook-ი პარტნიორ კვლევით საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემების მიწოდებითაც დაეხმარება. კომპანიის პარტნიორები ვირუსთან დაკავშირებით სოციალური მომხმარებლების დამოკიდებულებებს ისეთი პროგრამების საშუალებითაც შეიტყობენ, როგორიც მაგალითად, CrowdTangle-ია.

Facebook-ის განმარტებით, ზემოთ ნახსენები ზომების სრულად დანერგვას გარკვეული დრო დასჭირდება. ისინი, ვირუსთან დაკავშირებით კომპანიის მიერ დამატებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებენ.

კორონავირუსის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში პნევმონიის გამომწვევი ვირუსით 213 ადამიანია დაღუპული. დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ კი 10,000-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის გარდა, კორონავისრუსის 98 შემთხვევა 18 ქვეყანაში დაფიქსირდა .
კატეგორია: ფოტოისტორია
ქეთევან ქარდავას მიერ 2016 წელს ბრიუსელის ტერაქტის დროს გადაღებული ფოტო, რომელიც CNN-მა ბოლო ათწლეულის 100 საუკეთესო ფოტოს შორის დაასახელა, თავის დროზე საერთაშორისო გამოცემების რედაქციებში განხილვის საგნად იქცა. უნდა გამოექვეყნებინათ თუ არა მედიასაშუალებებს ტერორისტის მსხვერპლის ფოტო პირველ გვერდებზე და ამით ხელს ხომ არ შეუწყობდნენ ტერორიზმის პროპაგანდას? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას იმავე წელს Guardian-ის ყოფილი რედაქტორი დებორა ორრი შეეცადა.

ორრის თქმით, ქართველი ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას მიერ გადაღებული ფოტო მრავლისმეტყველია. მასზე გამოსახულია ქალი, რომელიც ობიექტივს უყურებს, სახე სისხლით აქვს დაფარული, თმა და სხეული მტვრიანი აქვს, ხოლო მისი ტანსაცმელი ისეა დახეული, რომ ბიუსჰალტერი უჩანს. მის მარცხნივ მჯდომ ქალს ფიზიკური დაზიანებები ნაკლებად აღენიშნება, თუმცა ხელი, რომლითაც მობილური უჭირავს სისხლითაა დაფარული. Guardian-ის რედაქტორი მიიჩნევდა, რომ ქარდავას ფოტო სრულად ასახავდა ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლის მდგომარეობას, თუმცა ის მაინც არ იყო ისეთი სურათი, რომელიც მკითხველს საშინელ წარმოდგენებს შეუქმნიდა.

"ფოტო ემპათიას იწვევს - რთული არააა საკუთარი თავის წარმოდგენა ამ სიტუაციაში. არც ისაა რთული, რომ ვიფიქროთ რამდენად არ გვენდომებოდა საჯარო ადგილას ასეთ მომენტში ბიუსჰალტერში გადაეღოთ ჩვენთვის ფოტო. არღვევს ეს ფოტო ამ ქალის ღირსებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას? არა, რა თქმა უნდა, არა. ეს ტერაქტის ჩამდენებმა გააკეთეს. ეს ფოტო მთლიანად მსხვერპლის მხარესაა. ქალი უდანაშაულოა. მის ადგილას ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო.

და აი აქ რთულდება ყველაფერი. სწორედ ეს 5 სიტყვა "მის ადგილას ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო.", პირდაპირ უკავშირდება ტერორიზმის გზავნილს.  ჩვენ გვესმის, რომ წამებისა და მკვლელობის ამსახველი ფოტოების გავრცელება ტერორისტებსაც ხელს უწყობს, მაგრამ ის ფოტოები, რომლებსაც გასავრცელებლად დასავლური მედია ირჩევს, ასევე პროპაგანდას წარმოადგენს. ესაა პროპაგანდა, რომელიც შიშის დათესვის გარეშე მომხდარის რეალურად ასახვას ცდილობს. ამ ბალანსის მიღწევა კი რთულია“, - წერს ორრი.


alt
დებორა ორრი The Guardian/Felicity McCabe

დებორა ორრის აზრით, პროპაგანდის ცუდი რეპუტაცია ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ ზოგჯერ ის ცდილობს დამაჯერებელი გახადოს ყალბი, არაზუსტი, საზიანო და ცუდის მომასწავებელ გზავნილები. ამისთვის კი პროპაგანდა ძალიან ძლიერი უნდა იყოს. შედარებით რბილი პროპაგანდა, ისეთიც კი რომელიც მხოლოდ სიმართლეს გადმოსცემს, ნაკლებად ძლიერია, რადგან ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა მხარისთვის შესაძლოა სხვადასხვა გზავნილს ატარებდეს.

"ქარდავას ფოტოს გზავნილი იყო ის, რომ ტერორიზმი ჩვენნაირი ადამიანებისთვის ქაოსისა და უბედურების გამომწვევია. ფოტო შესაძლოა გამოყენებული იქნას იმის გადმოსაცემადაც, რომ უსაფრთხოების სამსახურები ვერ გვიცავენ ან უბრალოდ იმის სათქმელად, რომ ტერორიზმი მუშაობს.

ვფიქრობ, სისხლიანი ქალის ფოტოთი ისლამური სახელმწიფოს საშინელმა დაჯგუფებებმა შესაძლოა ისიამოვნონ. ისინი ნამდვილად დაიჯერებენ, რომ ამ ქალს ღირსება შეულახეს. თუ ხალიფატის წესების გჯერა, ნებისმიერ რამეს დაიჯერებ. მაგრამ მათთვის ეს ვერ იქცევა საკულტო ფოტოდ და ეს კარგია. არც დასავლეთისთვისაა ეს ფოტო საკმარისად ძლიერი, რომ საზოგადოებრივ აზრზე მოახდინოს გავლენა ან ტერორიზმის მხარდამჭერები დროებით შეაჩეროს. ფოტო ასახავს ორ ქალს, რომელთაც არ გაუმართლათ და ტერაქტის დროს დაშავდნენ, თუმცა გაუმართლათ იმაში რომ გადარჩნენ“,- აღნიშნავს რედაქტორი.

Guardian-ის ჟურნალისტი ტერორიზმის გაშუქებისას მისი აზრით, დასავლური მედიის მთავარ პრობლემას შემდეგ კითხვაში გადმოგვცემს: როგორ უნდა აჩვენონ ჟურნალისტებმა ტერორიზმის მსხვერპლები ისე, რომ ხელი არ შეუწყონ ამ ტერორისტული დაჯგუფებების დღის წესრიგს?

ორრი ქეთევან ქარდავას მიერ გადაღებული ფოტოს გავრცელების აუცილებლობას კი შემდეგნაირად ხსნის: "სისხლიანი, თუმცა არა სასიკვდილოდ დაჭრილი ან ძლიერი შიშით მოცული ქალის ფოტო კომპრომისია. ის არ გვიჩვენებს რატომ გვეშინია ტერორიზმის, იქცევს ყურადღებას მაგრამ არაა შოკისმომგვრელი. ის ასახავს ტერორიზმის მსხვერპლთა ყოველდღიურ ისტორიას. ეს ფოტო საკმარისია", - წერს დებორა ორრი.

დებორა ორრი Guardian-ის შაბათ-კვირის ჟურნალის რედაქტორად 1993-98 წლებში მუშაობდა, გარდა ამისა ორ ათწლეულზე მეტ ხანს Guardian-ისა და The Independent-ის მესვეტე იყო. ის 2019 წლის ოქტომბერში 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კატეგორია: ფოტოისტორია
Associated Press-მა მთელი წლის განმავლობაში თავისი ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებს მოუყარა თავი. 2019 წლის გამორჩეულ ფოტოებში როგორც პოლიტიკის, ასევე სოციალური, კულტურისა და სპორტის სფეროების ამსახველი ფოტოები მოხვდა.

გთავაზობთ AP-ის ფოტოგრაფების თვალით დანახული რეალობის ამსახველ რამდენიმე ფოტოს:



alt
აშშ-ის სასაზღვრო დაცვის ოფიცერი შეერთებული შტატებისა და მექსიკის გამყოფ საზღვართან წვიმაში. 1 იანვარი, 2019 (AP Photo/Daniel Ochoa de Olza)



alt
თევზაობისთვის მზადება, ვენესუელა, 9 ივლისი, 2019 წ.(AP Photo/Rodrigo Abd)



alt
პოლიცია წყლის ჭავლით შლის ანტისამთავრობო დემინსტრანტებს, ჩილე, 26 ოქტ. 2019 წ. (AP Photo/Matias Delacroix)


alt
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის - ნენსი პეოლსის „ცინიკური“ აპლოდისმენტები დონალდ ტრამპს, 5 თებერვალი, 2019. (AP Photo/Andrew Harnik)



alt
თოკით დაჭერილი დემონსტრანტი ვენესუელაში პოლიციასთან შეტაკებების დროს, 23 თებერვალი, 2019. (AP Photo/Fernando Llano)


alt
“ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ევაკუირებული ქალი ჩვილით, უდაბნოში. სირია, 25 თებერვალი, 2019. (AP Photo/Felipe Dana)



alt
ჩრდილოეთ კორეელები დახურულ საცურაო აუზში, ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა 13 მარტი, 2019. (AP Photo/Dita Alangkara)



alt
ალმოდებული ნოტრ-დამი, პარიზი 15 აპრილი, 2019 (AP Photo/Michel Euler)


alt
აშშ-ში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი, სენატორი კამალა ჰარისისა და სამოქალაქო უფლებათა დამცველის ალ შარპტონის შეხვდერა. ნიუ-იორკი, 21 თებერვალი, 2019. (AP Photo/Bebeto Matthews)


alt
მეხანძრეები კალიფორნიაში ცეცხლს აქრობენ, 3 აგვისტო, 2019. (AP Photo/Noah Berger)


alt
მდინარე რიო-გრანდეს ნაპირთან გამორიყული სალვადორელი მიგრანტები, მამა-შვილი, მექსიკა, 24 ივნისი, 2019. (AP Photo/Julia Le Duc)



alt
მანქანაში მყოფი ქალი თოლიებს კარტოფილი „ფრით“ კვებავს. ფოტო გადაღებულია ქარიშხალ „დორიანამდე“, ბაჰამა, 1 სექტემბერი, 2019. (AP Photo/Ramon Espinosa)




alt
ხანძრის შედეგად დამწვარი ტყე, ბრაზილია, 27 აგვისტო, 2019. (AP Photo/Victor R. Caivano)



alt
ხარების რბოლის ფესტივალი პამპლონაში, ესპანეთი 8 ივლისი, 2019. (AP Photo/Alvaro Barrientos)



alt
33 წლის ორაგუტანგი სანდრა, არგენტინა, 16 სექტემბერი, 2019. (AP Photo/Natacha Pisarenko)



alt
მეხანძრე კალიფორნიის ხანძრის დროს, 3 ოქტომბერი, 2019. (AP Photo/Noah Berger)


alt
აუზად გადაქცეული სატვირთო მანქანიდან ბავშვები წუწავენ კაცს, რომელსაც ლეკვი მიჰყავს, კუბა, 24 აგვისტო, 2019. (AP Photo/Ramon Espinosa)



alt
ჯარისკაცი ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობს, ბრაზილია, 3 სექტემბერი, 2019. (AP Photo/Leo Correa)


alt
ფანჯრიდან დანახული ანტისამთავრობო გამოსვლები ჰონგ-კონგში. 1 ოქტომბერი, 2019.
(AP Photo/Vincent Yu)


AP-ის 2019 წლის საუკეთესო ფოტოების სრულად ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ფოტოებით შეაჯამა 2019 წელი CNN-მაც. მედიასაშუალება აუდიტორიას მთელი წლის განმავლობაში მომხდარი მთავარი მოვლენების ქრონოლოგიურად ნახვას ამ ბმულზე სთავაზობს.
კატეგორია: ფოტოისტორია
ქეთევან ქარდავას ფოტო ერთ-ერთია იმ 100 ფოტოს შორის, რომლებიც CNN-მა ბოლო ათწლეულის განმსაზღვრელ  (საუკეთესო) ფოტოებად დაასახელა.

ქართველი ჟურნალისტი 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტად მუშაობდა. ის ჟენევაში მიემგზავრებოდა, როდესაც ბრიუსელის აეროპორტში 22 მარტს მომხდარ ტერირისტულ თავდასხმას შეესწრო და გადაიღო ფოტო, რომელმაც მსოფლიო მედია მოიცვა და ისეთი გამოცემის პირველ გვერდზე მოხვდა, როგორიც New York Times-ია.


alt
Ketevan Kardava/AFP/Getty Images

ქეთევან ქარდავას მიერ გადაღებულ ფოტოზე ტერაქტის შედეგად დაშავებული ორი ქალია გამოსახული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყვითელპიჯაკიანი ქალი ინდური ავიახაზების Jet Airways-ის ბორტგამცილებელი ნიდჰი ჩაპეკარია.


alt

ქართველი ჟურნალისტი რამდენიმე წლის წინ ჟურნალ Time-თან მიცემულ ინტერვიუში ფოტოს გადაღების მომენტებს იხსენებს. "ყველაფერი მტვერსა და კვამლში იყო გახვეული. ჩემ ირგვლივ ათობით ადამიანი ფეხების გარეშე იყო დარჩენილი და სისხლში იწვა",- ჟურნალისტის თქმით, მისი პირველი ინსტიქტი ფეხებზე დახედვა იყო - " არ მჯეროდა, რომ ფეხები ისევ მქონდა. შოკში იყავი. მინდოდა უსაფრთხო ადგილას გავქცეულიყავი, მაგრამ ფოტოების გადაღებაც მსურდა. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, მთავარი მოვალეობა ამ ფოტოების გადაღება და მსოფლიოთვის მომხდარის ჩვენება იყო. ვიცოდი, რომ ამ ადგილას ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი",- აღნიშნავს ქარდავა.

ქეთევან ქარდავამ დაახლოებით ერთ წუთში 12 ფოტო გადაიღო. მათ შორის პირველი სწორედ დაშავებული ბორტგამცილებლის - მოგვიანებით უკვე ამ ტერაქტის სიმბოლოდ ქცეული ფოტო იყო.

ტერაქტიდან ერთი წლის შემდეგ ჟურნალისტი და ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი ნიდჰი ჩაპეკარი ერთმანეთს შეხვდნენ.


alt
ქეთევან ქარდავა და ნიდჰი ჩაპეკარი 2017 წ. 19 მარტი Getty Images

ქეთევან ქარდავამ მასთან შეხვედრისას შეიტყო, რომ ბორტგამცილებელმა თავისი ფოტო პირველად ჰოსპიტალში ყოფნისას ნახა. ჩაპეკარის ქმარმა სწორედ ამ ფოტოს საშუალებით გაიგო, რო მისი ცოლი ცოცხალი იყო.



alt
ნიდჰი ჩაპეკარი საავადმყოფოში 2016 წ. CC:CNN


აღსანიშნავია ისიც, რომ ქარდავას მიერ ტერქატიდან რამდნიმე წამში საკუთარი სმარტფონით გადაღებულ ფოტოებში ცნობილი ბელგიელი კალათბურთელი სებასტიან ბელინიც მოხვდა.


alt
სებასტიან ბელინი 2016წ. Ketevan Kardava/Georgian Public Broadcaster/Associated Press


ჟურნალისტმა მოგვიანებით ის სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა.





2016 წლის მარტში, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს 32 ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობობა ტერირისტულმა დაჯგუფება ISIS-მა აიღო.

CNN-ის მიერ ბოლო ათწლეულის გამორჩეული 100 ფოტოს ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
კატეგორია: რესურსები
ბოტების ამოცნობა არც ისე მარტივია, თუმცა First Draft-მა თავი მოუყარა იმ ინდიკატორებს, რომლითაც შესაძლოა ბოტი გამოააშკარავოთ. 

ინდიკატორები სხვადასხვა კატეგორიად იყოფა, ესენია: სოციალური ქსელის ანგარიშის აქტივობა, ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, კონტენტი, რომელსაც ის აქვეყნებს და სხვა ანგარიშებთან კავშირი. გასათვალისწინებელია, რომ ქვემოთ მოცემული მახასიათებლები არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ანგარიში 100%-ით ბოტია, რადგან შესაძლოა აღნიშნული თვისებები სოციალური ქსელის რეალურ მომხმარებელსაც ახასიათებდეს.

მიუხედავად ამისა, First Draft-ის ინფორმაციით, თუ ანგარიშს ქვემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორებიდან 10 მათგანი მაინც ახასიათებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ ის ბოტს წარმოადგენდეს.

როგორ ამოვიცნოთ ბოტი?
ანგარიში:

  • შექმნილია ახლახანს - ბოტის გამოსავლენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ნიშანია ანგარიშის შექმნის თარიღი. თუ ის შექმნილია გასულ წელს ან თუნდაც რამდენიმე თვის წინ, შესაძლოა ბოტი იყოს. ასევე ისეთი ანგარიშები, რომლებიც დიდი ხნის წინ (2008-2012 წლებში) არის შექმნილი და წლების განმავლობაში არ აქტიურობს, თუმცა მოულოდნელად იწყებს გააქტიურებას, შესაძლოა ბოტი იყოს;
  • მითითებული აქვს ძალიან ცოტა პერსონალური ინფორმაცია;
  • პროფილის ფოტოდ აქვს გაურკვეველი, ბუნდოვანი, მოპარული ან დამუშავებული ფოტო გამოყენებული - საეჭვო ანგარიშებს ხშირად საერთოდ არ აქვთ პროფილის ფოტო ან იყენებენ ცნობილი ადამიანების, მულტფილმებისა და ფილმების პერსონაჟების, ცხოველების, ბუნების ამსახველ ფოტოებს. კიდევ ერთი საეჭვო ნიშანია თუ მომხმარებელს არ აქვს გარეკანის ფოტო;
  • მანიპულაციური და უთანხმოების გამომწვევი სიტყვები, ჰეშთეგები, ბმულები ან სტიკერები Bio-ს ველში - შესაძლოა ანგარიშზე პიროვნების შესახებ ინფორმაციის ნაცვლად მითითებული იყოს პოლიტიკურად მაპროვცირებელი ინფორმაცია, მეორე მხრივ ისეთი ინფორმაცია, რომელსაც მისი სამიზნე აუდიტორია ბუნებრივად მიიღებს მაგალითად, წარწერები: "სპორტის გულშემატკივარი", "ძაღლების მოყვარული" და სხვ;
  • საეჭვო სახელი ( მაგალითად ბევრი ციფრი Twitter-ის სახელში)

კონტენტი:

  • პოსტებს აქვეყნებს რამდენიმე ენაზე;
  • ერთვება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ თემებზე დისკუსიაში - აქვეყნებს თუ არა ეს ანგარიში ერთმანეთისგან განსხვავებულ თემებზე პოსტებს ან ერთვება დისკუსიებში? მაგალითად შეიძლება წერდეს როგორც საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის შესახებ და ასევე Nike-ის ფეხსაცმელზე;
  • იყენებს სოციალური მედიის პროგრამებს, მაგალითად Buff.ly-ს - ანგარიშები, რომლებიც აზიარებენ .ly დომენებს, მაგალითად buff.ly-ს, bit.ly-სა და ow.ly-ს;
  • აქვეყნებს პროვოკაციული შინაარსის "მიმებსა" და Gif-ებს - ეს "მიმები" ძირითადად არის აგრესიული, ცილისმწამებლური და შეცდომაში შემყვანი;
  • იყენებს ბევრ ჰეშთეგს (ძირითადად Twitter-ზე);
  •  აზიარებს ახალ ამბებს არასანდო წყაროებზე დაყრდნობით;
  • ახასიათებს არაბუნებრივი ფრაზები

აქტივობა:

  • აქვეყნებენ ყოველდღიურად ბევრ პოსტს;
  • ასევე აზიარებენ ბევრ მასალებს/პოსტებს - ანგარიშები რომლებიც სხვების პოსტებს უფრო მეტად აზიარებენ ან იწონებენ, ვიდრე თვითონ აქვეყნებენ, შესაძლოა ბოტებზე მიგვანიშნებდეს;
  • აქტიურობენ დღისითაც და ღამითაც;
  • პოსტებს აქვეყნებენ დღის კონკრეტულ პერიოდში - თუ შესაბამისი მომხმარებელი რუტინულად ერთსა და იმავე დღეებსა და დროის მონაკვეთში აქვეყნებს პოსტებს ან მოულოდნელად აქტიურდებიან და შემდეგ წყვეტენ პოსტების გამოქვეყნებას საეჭვო აქტივობად მიიჩნევა;
  • მოულოდნელად იცვლიან ინტერესებს.

ქსელი:

  • მისი გამომწერების და იმ ანგარიშების რიცხვი, რომლებსაც თვითონ იწერს დიდია და თითქმის ერთმანეთს უტოლდება;
  • ან იწერს ბევრ ადამიანს, თუმცა არ ჰყავს გამომწერები;
  • იწერს საეჭვო ანგარიშებს - აქვს თუ არა ამ მომხმარებელს კავშირი სხვა საეჭვო ანგარიშებთან? აზიარებს მათგან ინფორმაციას ან იწონებს და შედის მათთან დისკუსიაში? იმის გარკვევა თუ რომელ გვერდებს იწერს და პირიქით ვის ჰყავს გამოწერილი ბევრის მთქმელია ამ ანგარიშზე;
  • დაკავშირებულია სხვა საეჭვო ანგარიშებთან;
  • წარმოადგენს სხვა ანგარიშის ასლს - მოძებნეთ გამოყენებული აქვს თუ არა იგივე ფრაზები სხვა ანგარიშს სოციალურ მედიაში. აქვეყნებენ თუ არა სხვა მომხმარებლებიც იგივე პოსტებს? ჰგავს თუ არა მათი სახელები ან მათ შესახებ Bio-ში მითითებული ინფორმაცია ერთმანეთს? შედიან თუ არა ერთმანეთთან კომუნიკაციაში;
  • სხვა ორგანიზაციების მიერ მიჩნეულია საეჭვო ანგარიშად.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
რუსეთის მთავრობა დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სოციალური მედიის მომხმარებლების "უცხოელ აგენტებად" გამოცხადებას შეძლებს. შესაბამის კანონპროექტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

NPR-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით 2012 წელს რუსეთის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების "უცხოელ აგენტებად" შეფასების კანონი ფართოვდება. 2017 წელს ამავე კანონში შეიტანეს შესწორება, რომლის მიხედვითაც, უცხოეთიდან დაფინანსებული მედიებიც, მათ შორის "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმა", "უცხოელ აგენტებად" გამოცხადდნენ. მაშინ რუსეთის ეს ნაბიჯი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ Russia Today America-სთან დაკავშირებული კომპანიის "უცხოელ აგენტად" დარეგისტრირებას მოჰყვა.

2 დეკემბერს პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი არამხოლოდ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებზე, არამედ ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება. კანონი შეეხება ყველას, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება და "უცხოელ აგენტად" რეგისტრირებული მედიის გამოქვეყნებულ კონტენტს გაავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო მედიის განმარტებით, რუსეთის მთავრობა შეეძლებს დაბლოკოს "უცხოელი აგენტების" ვებგვერდები ან მათი იურიდიული წარმომადგენლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსულ რეგულაციებს დაარღვევს. ამავე კანონის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ გავრცელებულ ნებისმიერ მასალაზე, რომელიც უცხოეთის დაფინანსებით მომზადდება აღნიშნული უნდა იყოს, რომ "უცხოელი აგენტის" მიერაა გავრცელებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები Human Rights Watch-ი და "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" რუსეთში ამოქმედებულ კანონს ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან და მას კრიტიკული პოზიციის ჩახშობისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის მცდელობად აფასებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი ისედაც შემზღუდველ გარემოში ზიანის მომტანი იქნება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის.

"კანონი სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსეთთან საერთაშორისო მედიის თანამშრომლობაზე, რადგან უცხოურ მედიასაშუალებაში ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებს "უცხოელ აგენტებად" შეფასების რისკის წინაშე დააყენებს. ასევე, ეს იქცევა ოპოზიციური ხმების გაჩუმების ინსტრუმენტად. რუსეთში ბლოგერები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში დიდი როლს ასრულებენ, ეს კანონი კი ამ ინფორმაციის წყაროს კონტროლის მცდელობაა", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონდარღვევის შემთხვევაში მედიასაშუალებებს ფულადი ჯარიმები ეკისრებათ. მაგალითად, გასულ წელს მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციურ ჟურნალს The New Times-ს ჯარიმის სახით $338,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გამოცემამ "პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდიდან" მიღებული თანხის დახარჯვის შესახებ ანგარიში შესაბამისად ვერ წარადგინა. ჯარიმის გამო ჟურნალს გაკოტრების საფრთხე შეექმნა. საბოლოოდ დაკისრებული სანქციის დასაფარად თანხა მედიასაშუალების მხარდამჭერების დახმარებით შეგროვდა.
კატეგორია: ბიოგრაფია
ჯონ სტიუარტი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი გამორჩეული სატელევიზიო სახეა. ტელეწამყვანი, პროდიუსერი, კომიკოსი, მწერალი - ამ რეგალიებით იცნობენ სტიუარტს ამერიკაში. მიუხედავად სხვადასხვა სფეროში მუშაობისა ჯონ სტიუარტის კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს სატირული სატელევიზიო ახალი ამბების გადაცემა The Daily Show წარმოადგენს, რომელიც მას Comedy Central-ის ეთერში 1999-დან 2015 წლამდე მიჰყავდა.
კარიერის დასაწყისი

ჯონ სტიუარტი ( ჯონათან სტუარტ ლიბოვიცი) 1962 წლის 28 ნოემბერს აშშ-ში, ნიუ-იორკში დაიბადა. თუმცა, მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-ჯერსიში გადავიდა და ამიტომ სტიუარტს ახალგაზრდობის წლების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ შტატში აქვს გატარებული. 1984 წელს ვირჯინიის შტატში, უილიამსბურგის "უილიამისა და მერის" კოლეჯში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1986 წელს კი ნიუ-იორკში დაბრუნდა და ჯონ სტიუარტის სახელით კლუბებში კომიკოსად გამოსვლები დაიწყო. სტიუარტმა კომედიის ამ ჟანრში პოპულარობა მალევე მოიპოვა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან კი ის უკვე ტელევიზიაში რეგულარულად ჩანდა.

1990 წლიდან Comedy Central-ის არხზე კომედიური შოუ Short Attention Span Theater-ი 1992 წლიდან კი MTV -ის კომედიური სკეჩების სერიები You Wrote It, You Watch It-ი მიჰყავდა.



მომდევნო წელს MTV-ის ეთერში ჯონ სტიუარტს უკვე საკუთარი თოქ-შოუ The Jon Stewart Show ჰქონდა. გადაცემა ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებსა და კომედიური ჟანრის სკეტჩებს მოიცავდა. მიუხედავად გადაცემის დადებითი შეფასებებისა, "ჯონ სტიუარტის შოუმ" მხოლოდ 2 წელს იარსება.



altკადრი The Jon Stewart Show-დან


სტიუარტმა თავი მსახიობობაშიც გამოსცადა. მისი დებიუტი დიდ ეკრანზე 1994 წელს ფილმ Mixed Nuts-ში შედგა. სტიუარტი მონაწილეობდა ფილმებში Half Baked-ი (1998), The Faculty -სა (1998) და Big Daddy-ი(1999) და სხვ. 


alt
ჯონ სტიუარტი და ადამ სნდლერი ფილმში Big Daddy

The Daily Show - სატირული ახალი ამბების წამყვანი
 
ჯონ სტიუარტი წამყვანობას 1999 წელს დაუბრუნდა, როცა The Daily Show-ში ქრეიგ კილბორნი ჩაანაცვლა. მან ამავე დროს შოუს ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერის როლიც შეითავსა. The Daily Show - ახალი ამბების პროგრამაა, რომელიც მედიის, პოლიტიკისა და პოპკულტურის სატირას წარმოადგენს.



alt
ჯონ სტიუარტი The Daily Show-ს სტუდიაში 1999წ. Comedy Central/Everett


მას შემდეგ რაც ჯონ სტიუარტი გადაცემის წამყვანი გახდა, The Daily Show-ს მაყურებელთა რიცხვმა მკვეთრად იმატა. აშშ-ის 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე The Daily Show-ს მომზადებული მასალა იმდენად რეიტინგული გახდა, რომ არჩევნების ღამეს ზოგიერთ ტრადიციული ახალი ამბების გამოშვებას მეტოქეობას უწევდა. ჯონ სტიუარტს გადაცემაში ცნობილი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები სტუმრობდნენ.


alt
ბარაკ ობამა სტუმრად The Daily Show-ში 2010 წ. Jim Watson—AFP/Getty Images


The Daily Show-ში წარმატებული კარიერის დასაწყისი გახდა დღესდღეობით ცნობილი მსახიობებისა და სატელევიზიო სახეებისთვის, მათ შორისაა სტეფან კოლბერტი, სტივ ქარელი და ლუის ბლეკი, რომლებიც მაშინ სატირული ახალი ამბების "კორესპონდენტებად" მუშაობდნენ.



alt
The Daily Show-ს გუნდი. 2000 წ. COMEDY CENTRAL


მიუხედავად იმისა, რომ სტიუარტს „ფსევდო ახალი ამბების“ გამოშვება მიჰყავდა, მის გადაცემები პოლიტიკურ დღის წესრიგზე გარკვეულწილად გავლენას ახდენდა. მაგალითად, CNN-ის გადაცემა Crossfire-ი მას შემდეგ დახურეს, რაც სტიუარტმა განაცხადა, რომ შოუ ამერიკელებს შორის უთანხმოების გაღვივებას უწყობდა ხელს. The Daily Show სატირას წარმოადგენდა, თუმცა ამავე დროს მის ეთერში მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, რომელსაც არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე ამერიკელების დიდი აუდიტორია უყურებდა. The Daily Show-ს მიღებული აქვს "პიბოდისა" და "ემის" არაერთი ჯილდო.

alt
ჯონ სტიუარტი და The Daily Show-ს გუნდი ემის ჯილდოებით 200წ. Chris Weeks—FilmMagic/Getty Images


2015 წელს ჯონ სტიუარტმა შოუს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გადაცემა დღეს ტრევორ ნოას მიჰყავს.

 

ჯილდოები, წიგნები და კარიერა The Daily Show-ს შემდეგ
 
ჯონ სტიუარტს ხშირად იწვევდნენ მნიშვნელოვანი ღონისძიების წამყვანად. 2001 და 2002 წლებში გრემის დაჯილდოების ცერემონიის, 2006 და 2008 წლებში კი "ოსკარების დაჯილდოების" წამყვანი იყო. გარდა სატელევიზიო საქმიანობისა, სტიუარტი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორისაა Naked Pictures of Famous People (1998), America (the Book): A Citizen’s Guide to Democracy Inaction (2004) და Earth (the Book): A Visitor’s Guide to the Human Race (2010). ბოლო ორი წიგნის აუდიოვერსიებმა 2005 და 2011 წლებში სტიუარტსა და The Daily Show-ს გუნდს "გრემის" ჯილდოები მოუტანა.


alt
ჯონ სტიუარტი ოსკარების 78-ე დაჯიდლოებაზე. 2006 წ. Academy of Motion Picture Arts—WireImage/Getty Images

ჯონ სტიუარტის სარეჟისორო დებიუტი კი 2014 წელს ფილმ Rosewater-ით შედგა. ფილმი ჟურნალისტ მაზირ ბაჰარის მემუარებს ეფუძნება. ის ირანში ჯაშუშობის ბრალდებით 2009 წელს არჩევნებთან დაკავშირებული პროტესტის გაშუქების დროს დააკავეს.




alt
ჯონ სტიუარტი Rosewater-ის გადაღებებისას 2014 წ. Open Road Films


The Daily Show-დან წამოსვლის შემდეგ ჯონ სტიუარტმა HBO-სთან თანამშრომლობა დაიწყო. 2017 წლის ნოემბერში მას საქველმოქმედო ტელემარათონი Night of Too Many Stars-ი მიჰყავდა, რომელიც მიზნად აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და თანხის შეგროვებას ისახავდა. სტიუარტი დღესდღეობით ეკრანებზე არც ისე ხშირად ჩანს, თუმცა კომედიური ჟანრის „სთენდაფ შოუებში“ მონაწილეობას ისევ განაგრძობს.

alt
ჯონ სტიუარტი Stand Up For Heroes-ის ღონისძიებაზე. 2019 წ. MIKE COPPOLA / GETTY IMAGES
კატეგორია: მულტიმედია
მწვანეთვალება ავღანელი გოგოს ფოტო National Geographic-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარეკანია. პაკისტანში ავღანელების ლტოლვილთა ბანაკში გადაღებული ფოტო მსოფლიოს მასშტაბით ისე აიტაცეს, რომ 17 წლის განმავლობაში ამის შესახებ ფოტოს მთავარმა გმირმა არაფერი იცოდა. არც მსოფლიომ იცოდა გოგოს სახელი და მისი ისტორია. 1985 წლის ივნისის ნომერში დაბეჭდილი სტივ მაკკარის ფოტო სახელწოდებით „გოგო ავღანეთიდან“ მალევე იქცა ავღანელი ლტოლვილების რთული ცხოვრების სიმბოლოდ და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ფოტოდ.

alt


„გოგო ავღანეთიდან“ - ამბავი ფოტოს მიღმა

ამერიკელი ფოტოგრაფი სტივ მაკკარი 1984 წელს აზიაში მუსონებისა და ინდოეთის რკინიგზის გასაშუქებლად პროექტებზე მუშაობდა, როდესაც National Geographic-იდან დაუკავშირდნენ და ავღანეთი-პაკისტანის საზღვარზე ლტოლვილთა ბანაკების გადაღება შესთავაზეს. იმავე წელს მაკკარიმ 30-ზე მეტი ბანაკი მოიარა. ერთ-ერთი ბანაკის დათვალიერებისას, რომელშიც ავღანელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, გოგოების სკოლა შეამჩნია, მასწავლებელს ფოტოების გადაღების ნებართვა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და სწორედ ამ დროს დაინახა კარვის კუთხეში მყოფი მწვანეთვალება ბავშვი.

"მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 12 წლის იყო, მას შეშინებული სახე და გამჭოლი მზერა ჰქონდა. ძალიან მორცხვი იყო და ვიფიქრე, რომ თუ ჯერ სხვა ბავშვებს გადავიღებდი ის უფრო მეტად დამთანხმდებოდა", - იხსენებს ფოტოგრაფი.

alt
© სტივ მაკკარი ინდოეთში 1983წ. Steve McCurry/Magnum Photos via Phaidon.


სტივ მაკკარიმ სანამ მისთვის მნიშვნელოვან პორტრეტს გადაიღებდა, ჯერ ორ ბავშვი გადაიღო. შემდეგ კი ავღანელი გოგო უკეთეს განათებაზე დააყენა და დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი პორტრეტის ავტორი გახდა.

“კარავში15-მდე გოგო იქნებოდა, ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც სკოლის ბავშვები იქცევიან მთელ მსოფლიოში - დარბოდნენ, ხმაურობდნენ, მტვერს აყენებდნენ. მაგრამ იმ მომენტში, როცა მწვანეთვალება გოგოს ვიღებდი, ხმაური აღარ გამიგია. გოგოს, სავარაუდოდ ცნობისმოყვარეობის განცდა ჰქონდა, რადგან აქამდე მისთვის ფოტო არავის გადაუღია და დიდი ალბათობით, კამერაც პირველად ნახა" ,- ჰყვება სტივ მაკკარი.

როდესაც ფოტოგრაფი ნიუ-იორკში დაბრუნდა, National Geographic-ის ფოტოების რედაქტორმა გამოსაქვეყნებლად „ავღანელი გოგოს“ მეორე ფოტო აირჩია, რომელშიც ის თავსაფარს სახეზე ნახევრად იფარებს. მეორე ფოტო კი, რომელშიც მისი სახე მთლიანად ჩანს, „მეორეხარისხოვან“ ფოტოებში აღმოჩნდა, თუმცა ჟურნალის იმდროინდელი მთავარი რედაქტორი ბილ გარეტი ყოველთვის ნახულობდა „მეორეხარისხოვან“ფოტოებსაც. „კარგად მახსოვს, სტივის ცნობილი ფოტო „ავღანელი გოგო“ ჟურნალში გამოსაყენებელ ფოტოდ არ იყო შერჩეული, როგორც კი ვნახე, მაშინვე ვიცოდი, რომ ეს გასაოცარი ფოტო იყო“ , - იხსენებდა გარეტი. მან სწორედ მეორე ვარიანტი გამოიყენა 1985 წლის ივნისის ნომრის გარეკანისთვის.



alt© Steve McCurry/Magnum Photos via Phaidon

გამოქვეყნებიდან მალევე ამ ნომრის გარეკანმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. „ავღანელი გოგო“ გახდა ომისა და კონფლიქტების გამო დაზარალებული მილიონობით ლტოლვილი ბავშვის სიმბოლო. ფოტო ერთდროულად ასახავს სიძლიერესა და დაუცველობას. „ავღანელი გოგოს“ პორტრეტს ხშირად „თანამედროვე მონა ლიზადაც“ მოიხსენიებენ. ზოგიერთი ფოტოგრაფი, მათ შორის ენტონი ჯასტინ ნორთრიპი კი მიიჩნევს, რომ გოგოს მზერა უცხო ადამიანის დანახვითა და ფოტოს გადაღებით გამოწვეულ ბრაზს ასახავს და არა, ავღანეთში არსებული პირობებიდან გამომდინარე ტკივილსა და შიშს. 

„ავღანელი გოგოს” ძიებაში 

ფოტოს გადაღებიდან 17 წლის შემდეგ სტივ მაკკარი National Geographic-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად „ავღანელი გოგოს“ მოსაძებნად ლტოლვილთა ბანაკებში დაბრუნდა. ფოტოს მიმართ ინტერესი შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისა და მომდევნო თვეში ავღანეთის ომის დაწყების შემდეგ ისევ განახლდა. თვეების განმავლობაში ინფორმაციების შეგროვების შემდეგ სტივ მაკკარი გადამღებ ჯგუფღან ერთად 2002 წელს პაკისტანში ისევ ჩავიდა. ბანაკი, რომელშიც ავღანელი გოგო ცხოვრობდა, მალევე უნდა დაენგრიათ. National Georgraphic-ის გუნდმა ადგილობრივ მოსახლეობაში გოგოს ძებნა დაიწყო, მათ არ იცოდნენ მისი სახელი, ამიტომ ადგილობრივებს მხოლოდ მის ფოტოს აჩვენებდნენ. "ავღანელი გოგოს" იდენტიფიცირებისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მისი ზრდასრულობის ფოტოც შექმნეს. ძებნის პროცესში გადამღებ ჯგუფს რამდენიმე ქალი უმტკიცებდა, რომ სტივ მაკკარის ფოტოზე ისინი იყვნენ გამოსახული. ამით ფიქრობდნენ, რომ National Georgraphic-ისგან გარკვეულ თანხას მიიღებდნენ.

“ჩვენ ვიპოვეთ ერთი გოგო, რომელიც გვეგონა, რომ „ავღანელი გოგო“ იყო, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. მისი თვალები მუქი ყავისფერი იყო, გოგოს ავღანეთიდან კი მწვანე თვალები ჰქონდა. შემდეგ გამახსენდა ნაიარევი მის ცხვირზე“, რომელიც ფოტოშიც ჩანს, ამ გოგოს კი ეს ნაიარევი არ ჰქონდა“,- იხსენებს მაკკარი.

National Geographic-ის გუნდს „ავღანელი გოგოს“ პოვნაში პაკისტანელი ჟურნალისტი რაჰიმულა იუსუფზაი ეხმარებოდა. მან ასამდე ადამიანი გამოკითხა. ამ პერიოდში არაერთი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ გოგო დაიღუპა, რის გამოც გადამღები ჯგუფი უკვე ძებნის შეწყვეტას აპირებდა, რა დროსაც მათთან ერთი კაცი მივიდა, რომელიც აცხადებდა, რომ „ავღანელი გოგოს“ ძმის ადგილსამყოფელი იცოდა. მისივე თქმით, გოგო უკვე დაქორწინებული იყო და ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მხარეში ცხოვრობდა. თუმცა ის ფოტოგრაფს დაპირდა, რომ გოგოს და მის ძმას ქვეყნის საზღვართან შეახვედრებდა.

3 დღის შემდეგ „ავღანელი გოგო“ და მისი ოჯახი სტივ მაკკარისა და National Geographic-ის ჯგუფს პატარა სოფელში შეხვდნენ. თავდაპირველად მის სანახავად ადგილობრივებმა მხოლოდ ქალი პროდიუსერი შეუშვეს. „ავღანელი გოგოს“ სახის დანახვისთანავე პროდიუსერი მიხვდა, რომ ცნობილი ფოტოს გმირი იპოვეს. სწორედ მაშინ გაიგეს ქალის სახელიც - შარბათ გულა. პროდიუსერი გულას ოჯახს მოელაპარაკა, რათა მაკკარისთვის ოთახში შესვლისა და ფოტოს გადაღების ნება დაერთოთ. შარბათ გულამ მისი 17 წლის წინ გადაღებული პორტრეტი პირველად ამ შეხვედრის დროს ნახა.



“ჩვენი საუბარი ხანმოკლე და უემოციო იყო. მას ვახსოვდი, რადგან მაშინ ის აქამდე არავის გადაუღია და მე ვიყავი ერთადერთი უცხოელი, ვისთანაც ოდესმე კონტაქტში შესულა. ფოტო პირველად ნახა, თავისი წითელი თავსაფრის შერცხვა, როგორც თვითონ თქვა თავსაფარი საკვების მომზადებისას ცეცხლით დაიწვა. მე ავუხსენი რამდენი ადამიანი შეძრა მისმა ფოტომ და ვფიქრობ ესიამოვნა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ფოტოს მნიშვნელობა ბოლომდე ესმოდა. ჟურნალები, გაზეთები და ტელევიზია მისი ცხოვრების ნაწილი არაა", - იხსენებს ფოტოგრაფი.

მაკკარიმ გულას აუხსნა, თუ როგორი ცნობილი იყო მისი ფოტო და ის, რომ ახალი ფოტო მსოფლიოს ავღანეთში არსებულ ვითარებას დაანახებდა. შარბათ გულა ფოტოს გადაღებას დათანხმდა და ბურკა სახიდან მოიხსნა.

“მე მისი 12 წლის ასაკში გადაღებული ფოტო მქონდა, ეს კი ახლა 30 წლის ქალი იყო, რომელსაც ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. იმ პირობებში, რომლებშიც ის ცხოვრობდა, ადამიანები მალე ბერდებიან.”, - ამბობს მაკკარი.


alt

ზრდასრული შარბათ გულას ფოტოები 2002 წელს National Geographic-ის აპრილის ნომერში დაიბეჭდა.


alt



შარბათ გულას ცხოვრება კიდევ ერთი ფოტოს შემდეგ

მიუხედავად „ავღანელი გოგოს“ ფოტოების წარმატებისა, შარბათ გულასა და მის ოჯახს თანხის მიღება არასდროს მოუთხოვიათ. სტივ მაკკარი და National Geographic-ი მის ქმარსა და სამ შვილს სამედიცინო დახმარების მიღებაში დაეხმარნენ . გარდა ამისა, შარბათ გულას თხოვნით ფოტოგრაფმა საკერავი მანქანა იყიდა, რათა გულას შვილს კერვა შეესწავლა. წლების განმავლობაში სტივ მაკარი შარბათ გულას ოჯახს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა. National Geographic-მა „ავღანელი გოგოსა“ და მისი ქმრის მექაში პილიგრიმობა დააფინანსა და ამით მისი დიდი ხნის ოცნება აუსრულა.


alt
სტივ მაკკარი

გარდა ამისა, National Geographic-მა „ავღანელი გოგოს ფონდი“ შექმნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ავღანელი გოგოებისა და ქალებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებით უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. 2008 წელს ფონდის მისიამ ბიჭებიც მოიცვა და ორგანიზაციას „ავღანელი ბავშვების ფონდი“ დაერქვა.

2016 წელს შარბათ გულა პაკისტანში ყალბი დოკუმენტებით, არალეგალურად ყოფნის გამო დაკავეს. ამ პერიოდში გულა უკვე დაქვრივებული იყო, ოთხ შვილს ზრდიდა და C ჰეპატიტით იყო დაავადებული. სწორედ ამ დაავადებამ იმსხვერპლა მისი ქმარი და მოგვიანებით მისი უფროსი ქალიშვილი. ორ-კვირიანი პატიმრობის შემდეგ ის ავღანეთში დააბრუნეს.


alt

შარბათ გულა ავღანეთის პრეზიდენტმა მიიღო და სახლი აჩუქა. ახლა ის იმ ავღანელი ქალების 17%-ს მიეკუთვნება, რომელიც საკუთარ სახლს ფლობს. „ავღანელი“ გოგოს სახლს დაცვა ჰყავს, თუმცა National Geographic-ის გარეკანით მოპოვებული ცნობადობა საფრთხესაც უქმნის, რადგან ავღანელი კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ ქალები მედიაში არ უნდა ჩანდნენ.


alt

შარბათ გულამ BBC-სთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ფოტომ სარგებელზე მეტი პრობლემა მოუტანა, თუმცა პორტრეტის არსებობით მაინც ბედნიერია.

„ფოტომ ცნობილი გამხადა, მაგრამ მან ჩემი დაკავება განაპირობა. არ მომწონდა ფოტო და მედია, მაგრამ როცა გავიგე, რომ მე ვიყავი ბევრი ლტოლვილის დახმარების მიზეზი, გავბედნიერდი. დღეს ამით ვამაყობ. ამ ყველაფრის შემდეგ მინდა დავაფუძნო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხალხს უფასო სამედიცინო დახმარებას შესთავაზებს“, - აცხადებდა შარბათ გულა.

დღეს „ავღანელი გოგო“ 47 წლისაა და შვილებთან ერთად ქაბულში ცხოვრობს.



წყაროები:

www.artspace.com
www.nationalgeographic.com

კატეგორია: მულტიმედია

როგორ უნდა ვებრძოლოთ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას Deepfake-ს - "მედიაჩეკერს" სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ტომ ვან დე ვეგი ესაუბრება. იგი ამ საკითხს ბოლო ორი წლის განმავლობაში იკვლევდა.

Deepfake ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჰიპერრეალისტური ვიდეო ან აუდიო ჩანაწერია, რომელშიც ჩანს, რომ კონკრეტული ადამიანი ამბობს ან აკეთებს იმას, რაც სინამდვილეში არასდროს უთქვამს და გაუკეთებია

ტომ ვან დე ვეგი მედიაჩეკერმა ჩაწერა ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPC) ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც წელს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მასპინძლობდა



 
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ავსტრალიური გაზეთების პირველი გვერდები 21 ოქტომბერს შავად გადახაზული ტექსტებით დაიბეჭდა. ასეთი ფორმით მედია ორგანიზაციები ქვეყანაში არსებულ ცენზურას აპროტესტებენ და პრესის თავისუფლებას მოითხოვენ.

გაზეთების პირველ გვერდებზე ნაჩვენებია სამთავრობო დოკუმენტი, რომლის ტექსტის ძირითადი ნაწილი შავადაა რედაქტირებული. გაზეთების გვერდებზე დატანილი წარწერებით კი ავსტრალიელი ჟურნალისტები იმ კანონების შეცვლას მოითხოვენ, რომლითაც ჟურნალისტიკა კრიმინალიზებულია, მამხილებლობა კი ჯარიმდება.

კამპანია სახელწოდებით "შენი უფლებაა, იცოდე" 19-მა მედია ორგანიზაციამ და ჟურნალისტთა გაერთიანებებმა მთავრობის მხრიდან მედიაზე ზეწოლის გასაპროტესტებლად დაიწყეს. ამ კამპანიას წინ უძღოდა ივნისში, გაჟონილი სამთავრობო დოკუმენტაციის მოსაძებნად პოლიციის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისსა და ერთ-ერთი რეპორტიორის სახლში შემოწმების ჩატარება. მაშინ ინფორმაციის გაჟონვის გამო ბრალი წაუყენეს არმიის ყოფილ ადვოკატს, იგივე ემუქრება რამდენიმე ჟურნალისტსაც.

"ყოველ ჯერზე, როცა მთავრობა აწესებს ახალ შეზღუდვებს იმაზე, თუ რისი გაშუქება შეუძლიათ ჟურნალისტებს, ავსტრალიელებმა უნდა დასვან კითხვა: რის დამალვას ცდილობენ ჩემგან?" - აცხადებს კომპანია News Corp Australasia-ს აღმასრულებელი თავმჯდომარე მაიკლ მილერი.

ავსტრალიური მედია ორგანიზაციების კოალიციის განცხადებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ავსტრალიაში ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვისა და მამხილებლობაზე სანქციების დაკისრების მიზნით 60-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი გამოიცა.