კატეგორია: ფოტოისტორია


"14,15 და 16 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებია! მოქალაქენო! ამ დღეს უნდა გადასწყდეს საქართველოს ბედი! თქვენ თვითონ უნდა გამოსჭედოთ იგი! საქართველოს ერთი დიდი მტერთაგანი იქნება არჩევნებისადმი გულცივობა!" - 1919 წელი, 12 თებერვალი, გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", N34.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები 1919 წლის 14,15 და 16 თებერვალს გაიმართა. ქართველ ხალხს პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ თავად აერჩია საქართველოს დამფუძნებელი კრება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური ორგანო გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქტიურად მოუწოდებდა ამომრჩევლებს არ დარჩენილიყვნენ სახლში და გამოეყენებინათ ხის მიცემის უფლება.

ეს მოწოდება, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკის“ 12 თებერვლის ნომერშია გამოქვეყნებული, არჩევნების დანიშვნის დღიდან ხმის მიცემის დასრულებამდე თითქმის ყველა ნომერში დაიბეჭდა:

"14,15 და 16 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებია! მოქალაქენო! ამ დღეს უნდა გადასწყდეს საქართველოს ბედი!
თქვენ თვითონ უნდა გამოსჭედოთ იგი!
საქართველოს ერთი დიდი მტერთაგანი იქნება არჩევნებისადმი გულცივობა!
ამ საბედისწერო მომენტრში, როდესაც მრავალი სხვა მტერი გვახვევია და სიკვდილი გვემუქრება
საქარათველოს მოქალაქენო თქვენ უნდა გასცეთ მათ შესაფერი პასუხი!
იქ, სადაც იარაღია საჭირო, - იარაღით ხელში და იქ, სადაც სიტყვაა - სიტყვით.
დამფუძნებელი კრების არჩევნებში თქვენ უნდა გამოსთქვათ თქვენი მტკიცე სურვილი და უდრეკი ნება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის და დემოკრატიული წესწყობილების დასაცავათ.
ერთ წუთსაც არ დაივიწყოთ, რომ დამფუძნებელი კრების არჩევნები უდიდესი მოვლენაა ჩვენი ერის ცხოვრებაში!
არჩევნების დღეებში არც ერთი არ დარჩეთ შინ!
ყველამ მიაშურეთ საარჩევნო ყუთებს! არც ერთმა არ დაჰკარგოთ ხმა!“
კატეგორია: მედიაგარემო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, 95 მედიაორგანიზაცია დააკვირდება. მათ შორის ერთს, რომელსაც ვებ-გვერდიც კი არ აქვს, 382 აკრედიტებული წარმომადგენელი ეყოლება. ჯამში, საპრეზედინეტო არჩევნებისთვის აკრედიტებულია 1765 პირი (ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი).

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 95-დან 30 საერთაშორისო მედიაორგანიზაციაა, 65 კი ადგილობრივი.

როგორც ცესკოს ვებგვერდზეა მითითებული, ყველაზე მეტი 382 აკრედიტაცია მიღებული აქვს ნიუს სფეისს. ეს არის ონლაინ საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც არ გააჩნია ვებგვერდი, Facebook-ის გვერდზე სულ გამოქვეყნებული 10 პოსტიდან კი ბოლო 2017 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება.

ნიუს სფეისმა აკრედიტაცია გასული, 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების დროსაც გაიარა. მაშინ ამ თემაზე მასალა ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთმა მოამზადა. სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ მედიასაშუალებას დაარსებიდან 2 თვეში, არჩევნების დღისთვის 1 724 აკრედიტაცია ჰქონდა მიღებული.

ნეტგაზეთის ცნობით, ნიუს სფეისის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი თორნიკე დიასამიძე იყო, რომელიც იმ დროისთვის პარტია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, მედიასაშუალების 100%-იანი წილის მფლობელი კვლავაც თორნიკე დიასამიძეა.

2017 წლის თვითმართველობის არჩევნების დროს, ნეტგაზეთმა კიდევ ერთი მედიასაშუალება “პრეს მედია” აღმოაჩინა, რომელსაც 1459 აკრედიტაცია ჰქონდა მიღებული. ამ ეტაპზე ცესკოს მიერ აკრედიტებულთა სიაში ეს ორგანიზაცია აღარ იძებნება.

28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად სხვა მედიასაშუალებებიდან ყველაზე მეტი აკრედიტაცია მიღებული აქვს: საზოგადოებრივ მაუწყებელს (203 აკრედიტაცია), ტელეიმედს (152 აკრედიტაცია) და რუსთავი 2-ს (130 აკრედიტაცია).


კატეგორია: მედიაგარემო
წინასაარჩევნოდ, მედიასაშუალებებში ყველაზე ხშირად სიძულვილის ენა გამოყენებული იყო მიგრანტების, თურქებისა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ. ასეთია კვლევის დასკვნა, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა (MDF) 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. როგორც კვლევიდან ხდება ცნობილი, 1-ლი აგვისტოდან 15 ოქტომბრის შუალედში, მედიასაშუალებებში სულ 117 დისკრიმინაციული განცხადება მოხვდა, რომელთაგან თითქმის ნახევარი მიგრანტებს შეეხებოდათ.

MDF ორთვენახევრის განმავლობაში სიძულვილის ენის გამოსავლენად აკვირდებოდა:

5 საინფორმაციო და ანალიტკურ ტელეგადაცემას:
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე),
  • რუსთავი 2 (კურიერი, P.S.)
  • იმედი, (ქრონიკა, იმედის კვირა)
  • მაესტრო (საინფორმაციო გამოშვება)
  • „ობიექტივი“ (საინფორმაციო გამოშვება)

5 ტელე-თოქ შოუს:
  • რუსთავი 2 (არჩევანი)
  • იმედი (პირისპირ)
  • იბერია (თავისუფალი სივრცე)
  • ობიექტივი (ღამის სტუდია, ოქროს კვეთა)
  • კავკასია (ბარიერი, სპექტრი)

7 ონლაინ გამოცემას:
  • საქინფორმი
  • ნეტგაზეთი
  • ინტერპრესნიუსი
  • საქართველო და მსოფლიო
  • PIA
  • კვირის პალიტრა
  • მარშალპრესი

4 გაზეთს
  • რეზონანსი
  • პრაიმ თაიმი
  • ასავალ-დასავალი
  • ალია
კვლევამ მოიცვა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედიასაშუალებები, თუმცა მასში მითითებული არ გახლავთ თუ რა კრიტერიუმით მოხვდნენ კვლევის არეალში კონკრეტული მედიასაშუალებები.

შედეგები

სიძულვილის ენის წყარო საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ყველაზე ხშირად კახა კუკავა, შალვა ნათელაშვილი და ბესარიონ თედიაშვილი გახლდათ. სიძულვილის ენას ხშირად იყენებდა პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი და პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძეც. საპრეზიდენტო კანდიდატები სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით ავრცელებდნენ მესიჯებს, რომ საქართველოში მოსული მიგრანტები ქვეყანას საფრთხეს, მათ შორის ტერორიზმის საფრთხეს უქმნიან, ეთნიკურად ქართველთა ეროვნულ უმცირესობად ქცევას უქადიან და არიან პროსტიტუციის, ნარკომანიისა და კრიმინალს ზრდის მიზეზები.

ინფოგრაფიკა: © მედიის განვითარების ფონდი

საპრეზიდენტო კანდიდატებიდან სიძულვილის ენის წყაროთა შორის მოხვდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც. კვლევაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდასა და ახალციხეში ეთნიკურ სომხებსა და თურქებს შორის შუღლის გამაღვივებელი კომენტარები გააკეთა, რამდენიმე ხნით ადრე კი, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს? როცა გგონია რომ ათი შემოვიდა, სინამდვილეში 100-მდე შეიძლება იყვნენ".

პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში კი, სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად პატრიოტთა ალიანსის, ქართული დასის, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყენებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ MDF-ის მონიტორებმა სხვადასხვა მედიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ გაკეთებული 12 ქსენოფობიური, 8 თურქოფობიური, 3 ჰომოფობიური, 5 რელიგიური ნიშნით, 1 გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადება და 1 ძალადობის წამახალისებელი კომენტარი აღმოაჩინეს. MDF-ის კვლევაში მოხვდა მიხეილ სააკაშვილის ქსენოფობიური კომენტარიც, რომელიც „საქინფორმის“ ცნობით, მან საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა: “...ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები, რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ (საქინფორმი, 9 ოქტომბერი)20.”

ინფოგრაფიკა: © მედიის განვითარების ფონდი

რაც შეეხება პოლიტიკური სუბიექტების მიმართ გამოვლენილ სიძულვილის ენას, MDF-ის კვლევიდან ცნობილი ხდება რომ ყველახე ხშირად სიძულვილის ენა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო გამოყენებული. მედიასაშუალებებმა სხვადასხვა დროს ზურაბიშვილის მიმართ დისკრიმინაციული შინაარსის 5 კომენტარი გაავრცელეს, რომელთაგან 2 ძალადობის წამახალისებელი, 2 რელიგიური, 1 კი გენდერული ნიშნით სიძულვილის ენას შეიცავდა. სიძულვილის ენის ობიექტები ასევე გახდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

ინფოგრაფიკა: © მედიის განვითარების ფონდი


კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ MDF-ის ვებ-გვერდზე.
კატეგორია: რესურსები


გასული ათწლეულის განმავლობაში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და მედია პლატფორმების გაციფრულების ზრდასთან ერთად, არაერთ მედია საშუალებას, განსაკუთრებით კი გაზეთებს, უწევთ უამრავი გამოწვევის გადალახვა, რათა სწრაფად ცვალებად გარემოში თავი გადაირჩინონ. უმთავრეს საკითხს მედია ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობა წარმოადგენს. სწორედ ფინანსური გასაჭირიდან თავის დაძვრენის მიზნით, საერთაშორისო გამოცემები ხშირად მილიარდელი ბიზნესმენების ხელში ხვდებიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მილიარდელმა მარკ ბენიოფმა ლეგენდარული გამოცემა Time-ის შეძენის სურვილი გამოთქვა. ეს ფაქტი გასული 10 წლის განმავლობაში არსებული ტენდენციის კონკრეტული გამოვლინებაა. სწორედ ამ ტენდენციის შესახებ აქვეყნებს სტატიას BBC, რომლის თარგმანსაც მედიაჩეკერი გთავაზობთ.

რა სურს ადამიანს, რომელსაც უკვე ყველაფერი აქვს: მორიგი სპორტული მანქანა, უფრო დიდი იახტა თუ ჩემპიონი სპორტული გუნდი?

როგორც აღმოჩნდა, ამ კითხვის პასუხი სულ უფრო ხშირად არის დიდი რეპუტაციის მქონე გაზეთი ან ჟურნალი, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს.

ბიზნესმაგნატთა - მათ შორის იმათიც, ვისი ღირებულებებიც „მოქალაქე კაენესა“ და უოტერგეიტის სკანდალის შემდგომ ხანაში ჩამოყალიბდა - ქმედებები ცხადყოფს, რომ ისინი მოწადინებულები არიან დაეპატრონონ ნიუსრუმებს. ამისი უკანასკნელი მაგალითია რამდენიმე კვირის წინ მარკ ბენიოფისა და მისი ცოლის განცხადება, რომ მათ სურთ, შეიძინონ ყველასათვის პატივსაცემი Time - ჟურნალი, რომელიც 1923 წლიდან მოყოლებული ასახავდა ამერიკის პერსპექტივას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. დონალდ ტრამპი, მათ შორის, გახლავთ ერთ-ერთი იმ მდიდარი და ძლევამოსილი ადამიანთაგანი, რომელიც კვლავაც დიდ ყურადღებას აქცევს ჟურნალის წითელჩარჩოიან ყდაზე მოხვედრას.

ბენიოფისათვის, რომელიც ბიზნესისათვის განკუთვნილი კომპიუტერული პროგრამების ფირმის Salesforce.com-ის თანადამფუძნებელია, პრობლემას არ წარმოადგენს 190 მლნ დოლარის გადახდა გამოცემისათვის, რომლის რეალური ღირებულებაც 6.7 მილიარდი დოლარია.

ამ ნაბიჯით ის ჯეფ ბეზოსის ნაკვალევს გაჰყვა, რომელმაც 5 წლის წინ Amazon-იდან ნაშოვნი მილიონებით the Washington Post იყიდა. იმავე წელს როდესაც ბეზოსმა Washington Post შეიძინა, ჯონ ჰენრიმ, რომელიც ფონდების ყოფილი მენეჯერი და Boston Red Sox-ის მფლობელია, იყიდა the Boston Globe.

მალევე, სასტუმროებისა და კაზინოების მაგნატმა შელდონ ადელსონმა იყიდა Las Vegas Review-Journal, უმსხვილესი ყოვედღიური გაზეთი ნევადაში. გასულ წელს, ლოურენს პოუელ ჯობსმა, Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის ქვრივმა, სოციალური მიზნებით შექმნილი ორგანიზაციის Emerson Collective-ის მეშვეობით, შეიძინა ჟურნალ The Atlantic-ში აქციათა უმეტესი წილი.

წელს კი პატრიკ სუნ-შიონგმა, სამხრეთ აფრიკაში დაბადებულმა ბიოტექ მილიარდელმა იყოდა Los Angeles Times და რამდენიმე სხვა გამოცემა დასავლეთ სანაპიროზე. შემცირებული გაყიდვებით შექმნილი არახელსაყრელი პირობებისა და ონლაინ რეკლამების მძვინვარე კონკურენციის პირობებში, ადვილი გასაგებია თუ რატომ არიან მედიაორგანიზაციები მზად, რომ ახალ ამბებზე შეყვარებულ ფულიან მამიკოებთან დაიჭირონ საქმე.

მედიასაშუალებები არიან „უზარმაზარაი წნეხის“ ქვეშ, აღნიშნავს დუგლას მაკაბე, Enders Analysis-ის მედია ანალიტიკოსი, მათი ადრინდელი გადაწყვეტილების გამო, არ დაწესებინათ საფასური ონლაინ ახალ ამბებზე. ასევე იმის გამო, რომ რეკლამის დამკვეთებს არ სურთ გადაიხადონ იმდენივე თანხა ციფრულ რეკლამებში, რამდენსაც ისინი იხდიდნენ მათ ბეჭდურ ეკვივალენტებში.

ამ წნეხმა კი მედია სექტორი განსაკუთრებულად არამიმზიდველად აქცია ინვესტორებისათვის.


შესაბამისად, თუკი ფულის კეთება არ არის მიზანი, რა მოტივაცია აქვთ მაგნატებს?

„მდიდრებს ყოველთვის იზიდავდათ მედია, უმეტესად იმის გამო, რომ გავლენიან მედიას თავის მხრივ მოაქვს ბევრ რამეზე ხელმისაწვდომობა და გავლენა მფლობელებისათვის,“ - აღნიშნავს მაკებე.

ეს შესაძლოა ასეც იყოს ზოგიერთისათვის, თუმცა არსებობს სხვა იმპულსებიც რომელიც ამოძრავებს მილიარდერი მედია ბარონების ახალ კასტას, ამბობს დენ კენედი, ბოსტონის Northeastern University-ის ჟურნალისტიკის ასოცირებული პროფესორი და ავტორი წიგნისა „მაგნატების დაბრუნება: როგორ გარდაქმნიან ჯეფ ბეზოსი და ჯონ ჰენრი გაზეთებს 21-ე საუკუნეში“.

„მე ვიტყოდი რომ ეს არის ეგოსა და გულრწფელი რწმენის კომბინაცია, რომ მათ შეუძლიათ სიკეთის მოტანა“- აღნიშნავს ის - „მათ სწამთ, რომ ის, რაც ამ ახალი ამბების ორგანიზაციებს აკლდათ, იყო მათი ფინანსური გამჭრიახობა და აი ისინი რომ ფლობდნენ მათ, ორგანიზაციები კვლავაც კარგად იგრძნობდნენ თავს.“

ჯეფ ბეზოსისა და Washington Post-ის შემთხვევაში, აღნიშნულ თვითრწმენას გარკვეული საფუძველი მიეცა, ამბობს კენედი. ნაწილობრივ Amazon-ის განსაკუთრებით დიდი წვდომის გამო, გამომწერთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ვაშინგტონში დაფუძნებული გაზეთი the New York Times-ის ნამდვილ კონკურენტად აქცია.

ბატონი ბეზოსის წარმატებამ Post-ში შესაძლოა შთააგონა სხვებიც, აღნიშნავს კენედი.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა შიშები რომ Amazon-ის დამფუძნებელი შეეცდებოდა ბრენდის და ბიზნეს ინტერესების პრომოუშენს ან პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის წამოწევას Post-ის მეშვეობით, ეს არ მომხდარა, აღნიშნავს იგი

სხვა მაგნატებმა კი, როგორიცაა ჯონ ჰენრი the Boston Globe-ში, შესაძლოა ხელში აიღეს გამოცემების სარედაქციო ხაზი, მაგრამ ამავდროულად მათ შეინარჩუნეს მნიშვნელოვანი დისტანცია თავად ნიუსრუმებისაგან. ნაცვლად ამისა, ისინი შეეცადნენ რომ ახალი ბიზნეს სტრატეგიების განვითარებაზე ფოკუსირებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, ეს არ ნიშნავს, რომ მილიარდერი ინვესტორები განიცდიან საჯარო პასუხისმგებლობის განცდის ნაკლებობას.

როდესაც სუნ-შიონგმა შეიძინა LA Times ამ ზაფხულს, მან თქვა რომ იგი ნაწილობრივ წაახალისა მისმა გამოცდილებამ გაზრდილიყო აპარტეიდის დროინდელ სამხრეთ აფრიკაში, სადაც პრესის თავისუფლება მნიშვნელოვნად იზღუდებოდა.

მან პირობა დადო, რომ ბრძოლას გამოუცხადებდა ღვთის რისხვად მოვლენილ fake news-ებს, რომელსაც ის „ჩვენი დროის კიბოს“ უწოდებდა. მკითხველებისადმი გამოქვენებულ წერილში კი ის წერდა რომ გაზეთი, რომელიც მან იყიდა იქნებოდა „სარედაქციო ხელშეუხებლობისა და დამოუკიდებლობის ბასტიონი“ რომელიც „დაიცავს ... დემოკრატიას და მიაწვდის მკითხველს დეზინფორმაციის ანტიდოტს“.

როდესაც ბეზოსი ყიდულობდა Washington Post-ს, იგი საუბრობდა მის როლზე დემოკრატიის დაცვაში. ხოლო პოუელ ჯობსის განცხადებაში the Atlantic-ში ინვესტირების შესახებ, მან პირობა დადო, რომ გამოცემა გააგრძელებდა თავისი „კრიტიკული მისიის შესრულებას კრიტიკულად მნიშნვნელოვან დროში.“

ასე რომ, კარგია თუ ცუდი გაზეთებისათვის, რომ ჰყავდეთ მდიდარი მეპატრონეები, რომელთაც აქვთ ამბიცია რომ დაიცავენ საჯარო დებატს?

„ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რა არის ალტერნატივა“ - აღნიშნავს კენედი.

მისი თქმით, გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ახალი ამბების ბევრ გამოცემას მოუწია თანამშრომლთა არაერთხელ გაცხრილვა იმისათვის, რომ მეპატრონეებს „გამოეწურათ მოგების უკანასკნელი წვეთიც კი“.

„ამ თვალსაზრისით, კარგია, რომ არსებობენ საზოგადო საკითხებით დაინტერესებული ადამიანები, რომლებსაც სურთ რომ მისცენ შანსი გაზეთებს“, ამბობს კენედი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის წარმატებას მიაღწევენ.

Facebook-ის თანადამფუძნებელმა კრის ჰაგისმა, 2012 წელს, შეიძინა 100-წლიანი ისტორიის მქონე ჟურნალი The New Republic, თუმცა 4 წელიწადში 20 მლნ დოლარის ინვესტირების შემდეგ, როდესაც გამოცემამ ვერ შეძლო მკითხველებისა და თანამშრომლთა შენარჩუნება, ჰაგისმა ის კვლავ გაყიდა.

დენ კენედი აღნიშნავს, რომ ის ესაუბრა Boston Globe-ის მფლობელ ჯონ ჰენრის რამდენიმე თვის წინ და მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთი ტაქტიკა მოსინჯა, რათა გაეგო რომელი გაამართლებდა, ამჟამად ის იმედგაცრუებული ჩანს იმის დანახვით თუ რა რთულია გაზეთების ბედ-იღბლის გადარჩენა.

აკადემიკოსი ასევე აფრთხილებს Time-ის ახალ მფლობელს მარკ ბენიოფს, რომ მზად იყოს წლების მგანმავლობაში ფინანსური დანაკარგებისათვის, ვინაიდან ჟურნალი ცდილობს იპოვოს თავისი ახალი მისია სწრაფად ცვალებად მედია ლანდშაფტში.

ავტორი: ლუსი ჰუკერი
გამოქვეყნდა BBC-ზე
კატეგორია: ეთიკა
3 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილს არხის მენეჯმენტმა შეცვლილი სამუშაო პირობები შესთავაზა. ცვლილება, რომელიც არხის ტექნიკურ თანამშრომლებს შეეხოთ, საათობრივ სამუშაო რეჟიმს და შესაბამის ანაზღაურებას გულისხმობს. შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში ათობით თანამშრომელს ორთვიან კომპენსაციასა და სამსახურიდან გათავისუფლებაზე მოუწევს დათანხმება.

კონტრაქტებში სამუშაო პირობების ცვლილებამ თანამშრომელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მათ აქციაც გამართეს ტელეკომპანიის შენობის წინ.

არხის გარშემო მიმდინარე მოვლენები მთელი კვირის განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრში იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აღნიშნული თემა გასულ კვირას (3-7 სექტემბერი) ყოველდღე ხვდებოდა, გარდა პარასკევისა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს თემა „მოამბისათვის“ არ აღმოჩნდა პრიორიტეტული და იგი დაბალანსებულად, თუმცა არასაკმარისი სიმწვავით შუქდებოდა.

„მოამბეში“ თანამშრომლების საკონტრაქტო პირობების ცვლილების შესახებ ოთხივე დღეს მხოლოდ კადრ-სინქრონები მზადდებოდა და ეთერში არც ერთხელ არ გასულა ვრცელი სიუჟეტი, რომელიც ამომწურავად და სიღრმისეულად გააშუქებდა საკითხს, გაარკვევდა თანამშრომლეთა უკმაყოფილების კონკრეტულ მიზეზებს და მოიძიებდა პასუხებს არხის ადმინისტრაციის მხრიდან.



3 და 4 სექტემბერს, მოამბეში აღშნიშნული ამბავი 26-ე წუთზე გავიდა მე-9 და მე-11 თემებად. 5 სექტემბერს თემა მხოლოდ 46-ე წუთზე მე-20 ამბად მოხვდა, 6 სექტემბერს კი 38-ე წუთზე 21-ე ამბად. ამბების გაშუქების ქრონომეტრაჟი 2-დან 4 წუთამდე მერყეობდა და კადრ-სინქრონები ძირითადად შეეხებოდა ფაქტობრივ ამბებს, მაგალითად, აქციის გამართვას, პროფკავშირებისა და თანამშრომელთა ნაწილის შეხვედრებს სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრთან, არხის მენეჯმენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გამართულ პრეს-კონფრენციას და ა.შ.



გარდა ამისა, კადრ-სინქრონები ძირითადად ეყრდნობოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარის ნინო ზაუტაშვილის, არხის რამდენიმე თანამშრომლის, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძისა და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლების კომენტარებს.



„მოამბეში“ აღნიშნული თემა არ გაშუქებულა ცალმხრივად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიას არ გაუწევია არავითარი ძალისხმევა, რომ გადაემოწმებინა განცხადებები, რომელიც კეთდებოდა არხის მენეჯმენტის მხრიდან. მაგალითად, კვლავაც გაურკვეველია ფაქტობრივი ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენ თანამშრომელს შესთავაზეს კონტრაქტის შეცვლილი პირობები და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ არხის მენეჯმენტის წერილობით განცხადებას ეფუძნებოდა.




საინფორმაციო გამოშვებაში არ მომხდარა კრიტიკულად იმის გაანალიზება თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მენეჯმენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არხის ათეულობით თანამშრომლისათვის. მაგალითად, ექნებოდათ თუ არა მათ საშუალება, რომ მიეღოთ სამუშაო საათების და შესაბამისად ანაზღაურების გარკვეული მინიმუმი თუ შესაძლოა, რომ ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ ჰქონდეთ რაიმეანაზღაურების მეღების საშუალება მთელი თვის მანძილზე.

გარდა ამისა, კვლავაც ბუნდოვნად დარჩა თუ რა ნიშნით შეირჩნენ თანამშრომლები, ვისაც ახალ კონტრაქტზე მოუწევდათ დათანხმება, რამდენად ობიექტურად და დასაბუთებული კრიტერიუმებით შეარჩიეს ისინი, რატომ მისცეს მათ სულ რამდენიმე დღე კონტრაქტის პირობებზე თანხმობის მოსაფიქრებლად და ა.შ. მაგალითად, გამოცემა On.ge-მ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის 4 თანამშრომლის ისტორია, სადაც ისინი საუბრობენ, რომ მათთვის ბუნდოვანია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ისინი მოყვნენ ოპტიმიზაციის პროცესში. ერთ-ერთი თანამშრომლის მტკიცებით კი იგი 3-თვიან ბიულეტენზე იყო გასული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც მას სამსახურის გაცდენაში ჩაუთვალეს.

გარდა ამისა, საინტერესოა რომ 4 სექტემბერს, მოამბეში აღნიშნულ თემაზე მომზადებული კადრ-სინქრონი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ „ილია მართლის საზოგადოების“ წევრების მიერ გამართული აქციის შესახებ კადრ-სინქრონის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი თემა ერთმანეთისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო, წამყვანმა ნიკა მუკბანიანმა შემდეგი კადრ-სინქრონი წარადგინა ტექსტით: „მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად, პირველი არხის შენობაში მაუწყებლის პროფკავშირისა და თანამშრომლების ნაწილის ბრიფინგი გაიმართა“. აღნიშნული ბმით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ორი ამბავი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, რაც რეალობას არ შეესაბამება და რაც მომდევნო დღეს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის კონსულტანტმა დოდო შონავამაც აღნიშნა.

3-6 სექტემბერს, პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბემ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისათვის საკონტრაქტო პირობების შეცვლის საკითხი არ დატოვა უყურადღებოდ და ორივე დაპირისპირებულ მხარეს მისცა პოზიციების დაფიქსირების საშუალება. მიუხედავად ამისა, აშკარა იყო, რომ აღნიშნული თემა ვერ გახდა არხისათვის პრიორიტეტული საკითხი, არ დაუთმო მას სათანადო ყურადღება და არ შეეცადა, რომ კრიტიკულად და სიღრმისეულად, სათანადო სიმწვავით გაეშუქებინა იგი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
გასულ კვირას The Guardian-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ალან რუსბრიჯერმა გამოსცა წიგნი - Breaking News: The Remaking of Journalism and Why It Matters Now. იგი დეტალურად აღწერს არამხოლოდ იმ ისტორიულ მასალებს, რომლებიც მისი რედაქტორობის დროს გამოაქვეყნა გამოცემამ (ედვარდ სნოუდენის ისტორია, რუპერტ მერდოკთან, ბილ და მელინდა გეითსებთან დაკავშირებული სკანდალები და ა.შ.), არამედ, როგორ უწევდა ერთ-ერთ უმსხვილეს ბრიტანულ გამოცემას თვითგადარჩენისათვის ბრძოლა ახალი ტექნოლოგიების პირობებსა და შეცვლილ მედიაგარემოში.

მედიაჩეკერი გთავაზობთ, The Guardian-ის რეპორტიორის იან ჯეკის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მიმოხილვას რუსბრიჯერის წიგნისა და საქმიანობის შესახებ.

ალან რუსბრიჯერი გამოცემა The Guardian-ის მთავარ რედაქტორად 1995 წელს დაინიშნა. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრიტანულ გამოცემას იგი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი რედაქტორობის პერიოდს დაემთხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მედიაგარემოში, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდა, ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობიდან დაწყებული, ბეჭდური პრესის დაღმავლობითა და სოციალურ მედიის, როგორც ახალი ამბების წყაროებთან კონკურენციით დამთავრებული. რუსბირჯისში თანამდებობიდან 2015 წელს გადადგა. იგი კეტრინ ვაინერმა ჩაანაცვლა.

Guardian-ის ყოფილი რედაქტორი დეტალურად აღწერს რევოლუციას ჟურნალისტიკაში. კვლავაც შესწევს თუ არა მას ძალა, შეასრულოს თავისი უპირველესი მოვალეობა - სიმართლის თქმა?

სიმართლე პატარა, თუმცა გადაჭარბებული გამოყენებისა და ფილოსოფიური დებატებისადმი მიდრეკილი სიტყვაა. ხოლო თუკი ამ სიტყვას მისი ყველაზე მოკრძალებული მნიშვნელობით, ზუსტ და გადამოწმებად ინფორმაციად გავიგებთ, მაშინ ჩვენ ხშირად გვგონია, რომ სიმართლეს ვფლობთ, როდესაც ვხედავთ ამას. ალან რუსბრიჯერის აზრით კი, ჟურნალისტიკა უნდა იყოს სიმართლის უმთავრეს მომწოდებლებს შორის: საზოგადოებები დამოკიდებულები არიან კარგ ჟურნალისტიკაზე, რათა გაარჩიონ ფაქტი გამონაგონისგან, რათა ჩამოუყალიბდეთ თავიანთი პრობლემებისა და მომავლის რეალისტური ხედვა.

ამასთან დაკავშირებით, ოდნავ იმედისმომცემად, იგი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა სინამდვილეში შესაძლოა ჟურნალისტიკას სასიკეთო საქმეც კი გაუკეთა. სიმართლისადმი მისი უცერემონიო უპატივცემულობით, ტრამპმა ჩვენ ყველას შეგვახსენა თუ რატომ გვჭირდება ის. ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა შექმნა „სამყაროში ჯერარნახული შესაძლებლობა ტყუილების გასავრცელებლად“, მაშინ როდესაც სიმართლის მაძიებელი ჟურნალისტიკის მხარდამჭერი ეკონომიები ჯერაც არასდროს ყოფილან ასეთი სუსტები. რუსბრიჯერის ერთ-ერთი წინამორბედიის აზრი რომ გადავაკეთოთ ოდნავ: ცუდი ფაქტები უხვადაა, კარგები კი ძვირი ღირს.

1995-2015 წლებში, რედაქტორობისას, რუსბრიჯერმა გამოაქვეყნა გამოძიებები და კამპანიები, რომლებიც ჟურნალისტიკის ისტორიის ნებისმიერ მომენტში უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებდა. ამათგან ზოგიერთს რუსბრიჯერი კვლავაც უბრუნდება თავის წიგნში: ნიკ დაივის ხანგრძლივი და უზარმაზარი ძალისხმევის მომთხოვნი კვლევა ტაბლოიდური პრესის მიერ ტელეფონების დაჰაკვის კრიმინალური ჩვეულების შესახებ, ედვარდ სნოუდენის მიერ მოქალაქეებზე მასობრივი სამთავრობო თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება, „Keep it in the Ground” კამპანია, რომელიც ინსტიტუციებს წიაღისეული საწვავის მოპოვებაში დეინვესტირებისაკენ მოუწოდებდა. მათი შედეგები კი შორსმიმავალია, დაწყებული რუპერტ მერდოკის მიერ უჩვეულო თავმდაბლობის დემონსტრირებიდან, დასრულებული BP-ში ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის ჰოლდინგის გაყიდვით. შედეგად, Guardian-ის რეპუტაცია გაიზარდა საზღვარგარეთ, კერძოდ კი ინგლისურენოვან ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ და ავსტრალია, სადაც გამოცემის ონლაინ ფილიალები დაარსდა. ონლაინ გამოცემების ახალ ერაში Guardian-მა დაიწყო საკუთარი თავის გლობალურ ბრენდად აღქმა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის თანამშრომლებიდან ბევრმა შესაძლოა თავი შეიკავოს ამაზე ლაპარაკისაგან.

თუმცა, სიმართლისთვის მუშაობა თანხებთან არის დაკავშირებული - ხელფასები, მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები. ჟურნალისტებმა, რომლებმაც ხელობა ციფრულ ეპოქამდე ისწავლეს, მოგებასა და დანაკარგზე ბევრი არაფერი იცოდნენ. როგორც რუსბრიჯერი წერს, ფრაზა „ბიზნეს მოდელს“ არასდროს არავინ ახსენებდა (1980-იანებში კი პირველად გაჟღერდა რედაქტორების შეხვედრაზე სიტყვა „ბიუჯეტი“). თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. წარსულის გახსენებისას რთული დასაჯერებელი ჩანს, რომ როდესაც ჩვენი კარიერა დავიწყეთ 1960-იან და 70-იან წლებში, სამუშაო იარაღებად ნახშირის ქაღალდებს, მაკრატლებსა და წებოს ვიყენებდით, მაშინ როდესაც იმავე შენობის სხვა ნაწილში მდნარი ტყვია ბრწყინავდა ლინოტიპური საბეჭდი მანქანების პატარა ყალიბებში, კლაქსონები კი როტაციული პრესის დაწყებას აცხადებდნენ. ზღვაოსნობიდან ორთქლის მანქანებზე, ცხენშებმული კარეტებიდან ლოკომოტივებზე, თეატრიდან კინოზე გადასვლა გაცილებით უფრო მსუბუქი იყო.

რუსბრიჯერი თავის პირველ გაზეთს the Cambridge Evening News-ს 1976 წელს შეუერთდა. იგი აღწერს, რამდენიმე ხნის წინ, როგორ შეეცადა გადმოეცა ბეჭდური გაზეთის წარმოების პროცესი ციფრულ ერამდე, 18 წლის სტუდენტებთან თეთრ დაფაზე დახატული ფიგურებით. ფიგურა 1 არის რეპორტიორი თავისი საბეჭდი მანქანით, ფიგურა 2 არის ახალი ამბების დესქი ე.წ. „copy taster”, ფიგურა 3 არის ახალი ამბების რედაქტორი, ფიგურა 4 არის გაზეთის შაბლონის ქვერედაქტორი და ა.შ. აწყობის ოთახიდან მოყოლებული, პრესის ოთახისა და გაზეთების დამტარებელი მიკროავტობუსის ჩათვლით, ვიდრე მივაღწევთ ფიგურა 19-ს, რომელიც აღნიშნავს ფოსტალიონ გოგოს ან ბჭს, რომელიც საფოსტო ყუთებში ტენის გაზეთებს. დაახლოებით 20 წყვილი ხელი იყო საჭირო, რათა ახალი ამბები მწარმოებლიდან მომხმარებლამდე მისულიყო. დღეს კი საჭირო არის მხოლოდ სმარტფონი.

რუსბრიჯერი გაზეთ Cambridge-ის 70-კაციან ჟურნალისტთა გუნდს შეუერთდა. ვინ და რა უხდიდა მათ ან დანარჩენ თანამშრომლებს ხელფასს? თანხის ნაწილი მოდიოდა გაზეთების გაყიდვიდან - დაახლოებით 50 000 ცალი გაზეთი იყიდებოდა მაშინ (დღესდღეობით კი კვირაში 15 000-ზე ნაკლები იყიდება). თუმცა, უდიდესი ნაწილი შემოსავლებისა მოდიოდა რეკლამიდან. თუკი ვინმეს უნდოდა რომ გაეყიდა მანქანა ან სახლი, გამოცხადებინა დაბადების, ქორწილისა თუ გარდაცვალების შესახებ, ისინი იხდიდნენ ფულს რეკლამის განსათავსებლად. ასევე იქცეოდნენ ფირმები, რომლებიც აცხადებდნენ ვაკანსიას, კინოთეატრები, რომლებიც იზიდავდნენ მაყურებლებს ანდა საბჭოები, რომლებსაც სურდათ გზის დახურვის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილება. ადგილობრივი გაზეთები როგორიც არის Cambridge Evening News, საქონელბრუნვაზე 40%-მდე მოგებას ნახულობდნენ. გამოცემებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოდიოდნენ, მაგალითად, Sunday Times და რომლებსაც უამრავი ფერადი რეკლამა ჰქონდათ ჟურნალებში, შეეძლო გაეგზავნა თანამშრომელი კატმანდუში (ამ შემთხვევაში - მე) და არც კი ედარდა იმაზე, რომ არ გაეშვა ნომერში მისი რეპორტაჟი, ვინაიდან უკეთესი მასლა ჰქონდათ გაზეთის შესავსებად.

არაფერი ახალი ამაში არ იყო. რეკლამა ყოველთვის კვებავდა რეპორტინგს. რუსბრიჯერი ციტირებს ამერიკელ ისტორიკოსს პოლ სტარს: „გასული 300 წლის მანძილზე, გაზეთებმა შეძლეს განვითარება და აყვავება, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მკითხველს არასდროს უწევდა პროდუქციის სრული საფასურის გადახდა“. ჯორჯ ორუელი კი შენიშნავდა, რომ რეკლამა ცდილობდა სარედაქციო მასალების ირიბ ცენზურას, თუმცა მისი გავლენა გაცილებით უფრო ჩახლართული იყო ვიდრე მას ესმოდა. მდიდარი მკითხველებიც იმავე ფასს იხდიდნენ გაზეთებში, რასაც ღარიბები. თუმცა მდიდარი მკითხველები გაცილებით უფრო ძვირფასები იყვნენ გაზეთისთვის, ვინაიდან მათი დიდი შემოსავლის მიყიდვა იყო შესაძლებელი რეკლამის დამკვეთებზე. მცირე მასშტაბზე გავრცელებული, მაგრამ უფრო მდიდარი მკითხველების მქონე გაზეთს შეეძლო უფრო ძვირი რეკლამის დამკვეთების მოზიდვა, რასაც მოჰყვებოდა გაზეთების მიერ პოლიტიკური ტონალობის შერბილება ანდა მცდელობები, რომ ფორდის მანქანებთან ერთად, გზებზე გამოეცადათ ასტონ მარტინის მანქანებიც.

ეს წინააღმდეგობები და მათ უკან მდგარი ფაქტები გაზეთების ყოველდღიურობის ნაწილი იყო. The Guardian შესაძლოა წუხდეს, რომ მისი მკითხველების შემოსავალი, 24 000 ფუნტი სტრელინგი 2016 წლისთვის  გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე Financial Times-ის, რომელიც გაცილებით მცირე ტირაჟით გამოდის, თუმცა მისი დანაკარგებიც შემოსავლის მსგავსად შედარებით მცირე აღმოჩნდა. მისი გამოცემის ცირკულაციის ზენიტში, გაზეთს შეეძლო ფურცლების შევსება საჯარო სერვისების რეკლამებით და ამასთან, იგი მნიშვნელოვან შემოსავალს იღებდა ჟურნალ Autotrader-დან, რომელიც Guardian Media Group-მა მდიდარი და უფრო ლოიალური მომხმარებლებისთვის შექმნა. “ის ისეთი ფულის საჭრელი მანქანა იყო,“ - იხსენებს რუსბრიჯერი - „რომ ზოგჯერ ვფიქრობდი, Guardian-ში შეხვედრები ყოველ დილით მეორადი მანქანების ვაჭრების ღმერთისათვის ჩუმი ლოცვის აღვლენით უნდა დაგვეწყო“.



ციფრულმა რევოლუციამ ჩაყლაპა პრესის ტრადიციები თითქმის ყველა გაგებით, არა მხოლოდ ფილოსოფიურად. თუკი ყველას ხმა თანასწორი იქნება, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს რედაქტორის არსებობას? თუმცა, გაცილებით უფრო ფუნდამენტური საკითხი იყო ფინანსური საკითხი. რუსბრიჯერის სიტყვებით, „ინფორმაციის წარმოების მთელი ეკონომიკური მოდელი ჩამოშლის პირას იყო“ და არავინ იცოდა რა უნდა ექანა. ბეჭდური გაზეთის მომავლისადმი რწმენა ურყევი იყო, მიუხედავად ყველა ნიშანის არსებობისა, რაც მიუთითებდა მოკლედან საშუალომდე პერიოდში ბეჭდური პრესის გარდაცვალებაზე. 2005 წელს, მხოლოდ ერთ უქმეებზე, 20 მილიონამდე უფასო DVD გასცეს ქვეყნის მასშტაბით გამომავალმა გაზეთებმა, რათა გადაერჩინათ გაყიდვებში დეფიციტი. 2006 წელს Daily Mail-ის ჯგუფმა უარი თქვა შეთავაზებაზე, რომ 1 მილიარდად გაეყიდა მისი კუთვნილი ადგილობრივი გაზეთები. მხოლოდ და მხოლოდ 6 წელის შემდეგ კი, მან ეს გაზეთები სიხარულით გაყიდა 53 მილიონისა და სხვა, ასევე დაღმავლობისკენ წასული საგაზეთო ქსელში მოკრძალებული წილის სანაცვლოდ.

ამ პროცესების საპასუხოდ არც Guardian-ს ჰქონდა იმუნიტეტი. Fleet Street-ზე არც ერთი სხვა რედაქტორი არ მოჰკიდებია ონლაინ გამოცემის მიერ შექმნილ შესაძლებლობებს ისეთი ენთუზიაზმით როგორც რუსბრიჯერი. თუმცა, 2005 წლის სექტემბერში მან მაინც განაახლა Guardian-ის ბეჭდვა ახალი Berliner-ის ფორმატით საკმაოდ დიდი დანახარჯებით, მიუხედავად იმ შეგრძნებისა რომ, როგორც ის თავად წერს, „ბეჭდური გაზეთის საბოლოო გაქრობისაკენ ლტოლვა უკვე შეუქცევადი იყო: ზედმეტად მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი.“

ეს იყო შეცდომა, რომელიც ძვირი დაჯდა - თავად რუსბრიჯერი საკმაოდ მოკრძალებულად საუბრობს ამ თემაზე - თუმცა, სასიამოვნო შესახედაობის. The Berliner გაზეთებისათვის იყო ის, რაც QE2 იყო North Atlantic-ის ლაინერებისთვის: კვდომის ფორმის უკიდურესი განვითარება. ამასობაში გაზეთი ონლაინ სივრცეში გაფართოვდა. „ჯერ წვდომა, შემდეგ შემოსავალი“ იყო რწმენა, რომელიც ნიშნავდა, რომ თავდაპირველად ონლაინ აუდიტორიამდე მიღწევა იყო მოსაგვარებელი საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ფულის შოვნის გზებზე ფიქრი. როგორ მოვახერხოთ „კონტენტის მონეტიზირება“ იქცა ჟურნალისტური საუბრების მთავარ საგნად, მაშინ როდესაც ბეჭდვის ხანაში, სარეკლამო შემოსავლები იშვიათად ხდებოდა მათი წუხილის მიზეზი.

The Guardian-მა უარი თქვა ფასიანი კონტენტის (ე.წ.paywall-ების) წარმოებაზე - მკითხველებისთვის ფულის გადახდის იძულებაზე - თუმცა არა მორალური პასუხისმგებლობის გამო. ონლაინ აუდიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი ცხოვრობდა დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, რაც ართულებდა მარტივად გადახდას, კომპანიას კი ეშინოდა რომ განსაკუთრებულად მცირე მკითხველთა წრე რეკლამიდან მიღებული შემოსავლების განსაკუთრებულად შემცირებასაც ნიშნავდა. (Times-ის შემთხვევაში კი, რომელმაც ასევე შემოიღო ფასიანი კონტენტი, ეს პროცესი ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა, ვინაიდან მას კვლავაც მდიდარი აუდიტორია ჰყავდა.) The Guardian-ის სტრატეგიის არსი იყო შემდეგი: კონტენტზე უფასო წვდომით მას უნდა შეექმნა იმდენად დიდი აუდიტორია, რომ რეკლამიდან მიღებული შემოსავალი დაფარავდა ყველაფრის საფასურს. თუმცა ის, რაც ვერავინ გათვალა - ანდა ვერავინ კალიფორნიის მიღმა - იყო ის, რომ ციფრული რეკლამების უმეტესობას Facebook და Google წაიღებდა, რომლებმაც შექმნეს პროგრამები, რითაც თითოეული ონლაინ მომხმარებლის გემოვნებისა და შესყიდვების ისტორიის იდენტიფიცირების საშუალება ჰქონდათ.

გაზეთები არ იყვნენ მზად ასეთი ტექნოლოგიურ ძალაუფლებასა თუ სიმდიდრესთან შესახვედრად. Twitter-მა 2 მლრდ დოლარი დახარჯა, ვიდრე პირველ მოგებას მიიღებდა ინტერნეტში გაშვებიდან 12 წელში. კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელი კომპანიების ქრონიკულ ინოვაციურობას კი რუსბრიჯი ხის რკილის (Xestobium rufovillosum) მუშაობას ამსგავსებს: იგი უჩინარია, ვიდრე მთელი სახლი არ ჩამოინგრევა. „ჩვენ დამოკიდებულები ვიყავით 5000 მილით დაშორებული ერთი მუჭა ტექნო გიგანტების წყალობაზე. ჩვენ აღმოვჩნდით გლობალიზაციის ძალების პირისპირ, რისი გააზრების არც ძალაუფლება აღმოგვაჩნდა და არც შესაძლებლობა.“

შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიცნობ და თაყვანს ვცემ ალან რუსბრიჯერსს და მისი რედაქტორობისას რეგულარულად ვწერდი Guardian-ში. ხოლო წიგნი, რომელიც მან დაწერა, არის არამხოლოდ ყოველმხრივ გამართული არგუმენტაცია წყაროებით მდიდარი ჟურნალისტიკის დასაცავად, არამედ კარგად მოთხრობილი ამბავიც იმის შესახებ, რა ტანჯვის გავლა მოუხდა ამ ძირძველ პროფესიას ახალი ტექნოლოგიების პირისპირ, რომელიც მას გაქრობით ემუქრებოდა და რომლის თავიდან არიდებაც, Guardian-ის შემთხვევაში, მკითხველების სულგრძელობითა და თავდადებით მოხერხდა.

ავტორი: იაჯ ჯეკი
გამოქვეყნდა The Guardian-ში
კატეგორია: ეთიკა
2018 წლის 18 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 22 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა გარდაცვლილს შანტაჟის გზით ჯერ ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა გადააგზავნინა, შემდეგ კი აღნიშნული მასალის გასაჯაროებით დაემუქრა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს თემა ფართოდ გაშუქდა ქართულ ტელე და ონლაინ მედიასაშუალებებში, თუმცა, უმეტესობამ ამბის გაშუქებისას აქცენტი გააკეთა მხოლოდ ფაქტზე, როგორც დანაშაულზე ან ტრაგიკულ მოვლენაზე, ნაცვლად საკითხის სოციალურ პრობლემად წარმოდგენისა და მოზარდებში სუიციდის პრევენციაზე ყურადღების გამახვილებისა. ზოგიერთი მედიასაშუალების მომზადებულ მასალაში კი ამბის თხრობისას სენსაციურობის ელემენტები სჭარბობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველმა არხმა და “TV პირველმა” აღნიშნული თემა საღამოს მთავარ გამოშვებაში არ გააშუქეს, თუმცა, დღის გამოშვებებში ინფორმაცია კადრ-სინქრონის ფორმატით გავიდა. მასალა შსს-ის მიერ გავრცლებულ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავდა და ფოკუსი ბრალდებულის დაკავებასა და ბრალის კვალიფიკაციაზე გაკეთდა. შსს-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაშუქდა ამბავი ტელეკომპანია “იბერიის” 19:00-საათიან გამოშვებაშიც.

მსგავსადვე გაშუქდა ამბავი ონლაინ გამოცემების უმეტესობაში, სადაც თქვეს, რომ 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, შემდეგ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელეს დაკავებულისთვის ბრალის დამძიმების შესახებ. აღნიშნული ახალი ამბები მხოლოდ შსს-ის განცხადებებს ეყრდნობოდა.

ორმა ტელეკომპანიამ, “რუსთავი 2-მა” და “იმედმა” შედარებით ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს თემას მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.

რუსთავი 2-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გამოყენებულია გარდაცვლილის წერილი დეტალები, რომელიც ჟურნალისტის თქმით „კურიერმა“ მოიპოვა. სიუჟეტში წაიკითხეს და აჩვენეს წერილიდან ციტატები, საიდანაც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი სწორედ ის დეტალები, რომლის გახმაურების თავიდან აცილების მიზნითაც მოიკლა არასრულწლოვანმა თავი. სიუჟეტში ასევე ნაჩვენები იყო გოგონას რამდენიმე ფოტოც.

ამავე სიუჟეტში ბრალდებულის ადვოკატი ხანგრძლივ კომენტარში აღნიშნავს, რომ გოგონა “ნებაყოფლობით” ჩაერთო “ბინძურ თამაშში” და მან აღწერა იმ ფოტოებისა თუ ვიდეოების შინაარსი, რომლის გასაჯაროებითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაემუქრა გარდაცვლილს. ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანმა თავი მხოლოდ მას შემდეგ მოიკლა, რაც ბრალდებულმა დაზარალებულს ვიდეოების ჩაწერა მეგობარ გოგოსთან ერთად მოსთხოვა. მისი თქმით, ბრალდებულს რომ არ მოეთხოვა მეორე გოგონასთან ერთად ვიდეოს ჩაწერა, შესაძლოა გოგონას სუიციდი არ ჩაედინა, “მაგრამ ამან ვერ გაუძლო ამ ცდუნებას უკვე და მოიკლა თავი.“

“კურიერში” გასული ინფორმაციის შემდეგ, წერილიდან ამონარიდები გამოაქვეყნეს ონლაინ მედია საშუალებებმაც, მათ შორის „პალიტრავიდეომ“, „რეზონანსმა“ და „ნიუპოსტსმა“. აღნიშნული წერილიდან ციტატები ამბის სათაურებად გამოიყენეს მაგალითად „ახალმა თაობამ“, „ალიამ“ და „მედიამოლმა“. “გურიის მოამბემ” კი ამბის კიდევ უფრო სენსაციურად გასაშუქებლად სათაურად გატანილ წერილის ციტატას წინ დაურთო სიტყვა „ექსკლუზივი“.

"იმედზე", „ქრონიკის“ 20:00-საათიან გამოშვებაში შსს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის გარდა სიუჟეტში გამოყენებული იყო კადრები გარდაცვლილის დაკრძალვიდან და საუბარი შეეხო გარდაცვლილის წერილსაც, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, თუმცა, წერილის დეტალები სიუჟეტში არ მოხვედრილა. გარდა ამისა, თვითმკვლელობის მიზეზებთან დაკავშირებით სიუჟეტში ჩართულია რამდენიმე მეზობლის კომენტარი. ერთ-ერთის თქმით, მას არ სჯერა, რომ გოგონა ამის გამკეთებელი იყო (იგულისხმება ინტიმური მიმოწერა და ფოტოების გაგზავნა ბრალდებულისათვის). მეორე მეზობლის თქმით კი, ბავშვი ემოციური იყო და ვინაიდან ისინი სოფელში ცხოვრობენ, მამის მორიდების გამო არ გაამჟღავნა ამბავი, თორემ ოჯახი აუცილებლად დაუდგებოდა გვერდში და მიღებდნენ ზომებს მოძალადის წინააღმდეგ. მეზობლებისა და ადვოკატის გაკეთებული კომენტარებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ თვითმკვლელობის ჩადენის მიზეზი ნაწილობრივ თავად ამ გოგოს ქცევა გახდა, რომელიც გაკიცხვას იმსახურებს. მაგალითად, “კურიერის” სიუჟეტში, სადაც აღნიშნულიც კი არ არის, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ადვოკატის კომენტარი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გარდაცვლილმა სუიციდი მხოლოდ იმიტომ ჩაიდინა, რომ მას მოსთხოვეს სხვა გოგოსთან ერთად გადაეღო ვიდეო და რომ თვითმკვლელობა იყო „ცდუნება“.

სიუჟეტებში არ ყოფილა აქცენტირებული, რომ მოზარდებში სუიციდი ცალკე აღებული მოვლენა არ გახლავთ და იგი ხშირად დაკავშირებულია ობიექტურ ხელშემწყობ გარემოებებთან, რომლის კონტროლიც სუიციდის მსხვერპლის შესაძებლობებს აღემატება. სიუჟეტებში არ იყო გამოყენებული სფეროს ექსპერტების არც ერთი კომენტარი, რომელიც შეძლებდა განემარტა თუ როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნულ ასაკში სუიციდის ნიშნების გამოვლენა და მისი თავიდან არიდება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ "სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესების"თანახმად, კვლევებით დადასტურებულია, რომ „ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები და პირიქით, ფრთხილმა, კვალიფიციურმა გაშუქებამ შესაძლოა ეს რიცხვი შეამციროს კიდეც“. იმისათვის, რომ მედიამ თავიდან აირიდოს ამბის ზედაპირული და სარისკო გაშუქება, უმნიშვნელოვანესია, რომ ჟურნალისტმა დასვას შეკითხვა თუ რა არის მიზანი აღნიშნული მედიამასალის მომზადებისა. თუკი მასალა არ ემსახურება სუიციდზე, როგორც სოციალურ პრობლემაზე მსჯელობას, მაშინ იგი მაღალი საჯარო ინტერესით ან დაზარალებული მხარის ინტერესით შეიძლება გამართლდეს. ზემოთ აღწერილ შემთხვევაში კი დაზარალებული მხარის ინტერესი არა თუ არ იქნა გათვალისწინებული, არამედ მედიის დამსახურებით ზუსტად ის დეტალები გახმაურდა, რომლის დაფარვასაც გარდაცვლილი შეეცადა თვითმკვლელობით. საჯარო ინტერესი კი მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც მედიამ მშრალად, ზედაპირულად და რიგ შემთხვევებში სენსაციურად გააშუქა ამბავი.

აღსანიშნავია, რომ სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ცალსახადაა მითითებული ისაც, რომ მედიისთვის არ არის რეკომენდირებული გარდაცვლიის ფოტოების, თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის დეტალების განსაკუთრებული აქცენტირება და სუიციდის მიზეზების შესახებ გარდაცვლილის ახლობლების ვერსიების უაპელაციო ტირაჟირება. ნაცვლად ამისა, საჭიროა ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა თუ სხვა პროფესიონალების ექსპერტული ცოდნის გაზიარება მაყურებლისათვის სუიციდის ნიშნების ამოსაცნობად და თავიდან ასარიდებლად.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ქართულ მედიასაშუალებებს გარკვეული პერიოდულობით უხდებოდათ გაეშუქებინათ საქართველოში ბოლო დროს მომრავლებული ნეონაციონალისტური და ფაშისტური დაჯგუფებების საქმიანობა. საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც საჯარო სივრცეში განსაკუთრებით ხილვადი 2017 წლის „ქართული მარშის“ შეკრების შემდეგ გახდა ახალ გამოწვევებს ქმნის არა მხოლოდ იმ ჯგუფებისათვის, რომელთაც ისინი უპირისპირდებიან, არამედ მედიის წარმომადგენლებისთვისაც. სადავო არ არის, რომ მედიამ მათი არსებობისა და საქმიანობის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, თუმცა მეორე მხრივ მედია შესაძლოა მათთვის ერთგვარი პლატფორმა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უბრალო გამტარი გახდეს.

ნეონაციონალისტურ ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხები პრობლემური მხოლოდ ქართული საჯარო სივრცისათვის არაა. მსგავსი ჯგუფების გაძლიერების ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანასა და აშშ-ში გასული წლების განმავლობაში განსაკუთრებით ნათელი გახდა. 2017 წლის 25 ნოემბერს ამერიკულმა გამოცემა the New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია აშშ-ის შტატ ოჰაიოში მცხოვრები ერთ-ერთი ნეონაცისტის ცხოვრების ყოფითი დეტალების შესახებ. სტატიამ, რომლის თავდაპირველი სათაურიც იყო „მეზობელი ნეონაცისტი“, შემდეგ კი „სიძულვილის ხმა ამერიკის შუაგულში“ დაერქვა, მომხმარებლების ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. გამოცემას ედავებოდნენ, რომ სტატიით ისინი ნეონაცისტი ტონი ჰოვატერის შეხედულებებისა და ცხოვრების წესის ნორმალიზებას ახდენდნენ. კრიტიკოსების საპასუხოდ Times-ის ერთ-ერთმა რედაქტორმა განაცხადა: „ამბის მიზანი ის კი არ იყო, რომ რაიმეს ნორმალიზება მოეხდინა, არამედ ის, რომ აღგვეწერა, თუ რა დოზით მოხდა სიძულვილისა და ექსტრემიზმის ნორმალიზება ამერიკულ ცხოვრებაში, რომლის შესახებაც ბევრ ჩვენგანს წარმოდგენაც არ აქვს“. მიუხედავად განმარტებისა, გამოცემის ამგვარი მიდგომა ნეონაცისტების საკითხისადმი, მედია წრეებში არაერთგვაროვნად აღიქვეს. ამ თემის შესახებ გამოცემა VOX-ის ჟურნალისტი ამერიკელ მედია მკვლევარს, ამერიკული პრესის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს და არაერთი სახელმძღვანელოს ავტორს ტომ როზენსტილს ესაუბრა, რომლის თარგმანსაც მედიაჩეკერი გთავაზობთ.

კარენ ტერნერი

როგორი იყო თქვენი თავდაპირველი პოზიცია ტონი ჰოვატერის შესახებ the New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე?

ტომ როზენსტილი

ნებისმიერ დროს, როდესაც სიძულვილით მოტივირებული ჯგუფების შესახებ წერ, მთავარი გამოწვევაა, შექმნა ერთგვარი გაგება, კონტექსტი, ისე, რომ არ შეუწყო ხელი მათ პოპულარიზაციას. დღესდღეობით კი ამ მხრივ განსაკუთრებით რთული არის ის, რომ ეს ჯგუფები საკმაოდ კარგად არიან გათვითცნობიერებული თუ როგორ მუშაობს მედია. ისინი არ ცდილობენ ჩრდილში დარჩენას და იქიდან მუშაობას. ისინი მოქმედებენ საჯაროდ, ცდილობენ მიიქციონ მეინსტრიმ მედიის ყურადღება. შედეგად, მათ მოიხადეს უკვე კაპიუშონები და სურთ, რომ ადამიანებმა დაინახონ მათი სახეები. მათ სჯერათ, რომ ისინი არიან უმრავლესობაში. სახეზეა ცხადი სტრატეგია.

კარენ ტერნერი

რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჟურნალისტები ბოლო დროს გაძლიერებული მოძრაობების გაშუქებას?

ტომ როზენსტილი

ჩვენ ვსწავლობთ, ვფიქრობ, რომ სოციალური მედიის ეპოქაში ეს იმაზე უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, ვიდრე ჟურნალისტებს ეგონათ. მაგალითად, როდესაც ასეთი ჯგუფების შესახებ რაიმე ამბავი გამოქვეყნდება, იგი შეიძლება სხვა მიზნებით გამოიყენონ სოციალურ მედიაში და საყოველთაოდ გაავრცელონ, რათა თქვან „ნახეთ. შემოგვხედეთ, ჩვენ არ ვართ მარგინალური ჯგუფი, ჩვენს შესახებ წერენ.“

და იმის საწინააღმდეგოდ, რომ ადამიანები სოციალურ მედიაში წარმოსახვით ფილტრ-ბუშტებში არსებობენ, სადაც ისინი მხოლოდ იმას ხედავენ, რასაც ეთანხმებიან, ასეთი მარგინაური და სიძულვილით მოტივირებული ჯგუფების სტრატეგიაა, რომ გამოიყენონ სოციალური პლატფორმები, რათა გამოიტანონ იდეები ასეთი ფილტრ-ბუშტებიდან, ასეთი ვიწრო არხებიდან და საფეხურებრივად გააფართოვონ საზღვრები, რომლებიც გამორიცხავს მათ. სოციალური მედია კი ამას მხოლოდ ხელს უწყობს ნაცვლად გართულებისა.

რომ დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებენ ამ დროს ჟურნალისტები, არ მგონია, რომ თქვენ აიგნორებთ მნიშვნელოვან საკითხებს. თუმცა, თქვენ უნდა გააშუქოთ ეს საკითხები იმგვარად, რომ კონტექსტი ნათელი გახდეს და ისე, რომ თქვენი მასალა არ იქნას სხვა მიზნებით გამოყენებული.

კარენ ტერნერი

ანუ ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ ისინი, თუმცა ,გააშუქებენ თუ არა, მათ მაინც მოუწევთ წყევლა-კრულვის ატანა.

ტომ როზენსტილი

წყევლა-კრულვის ატანა მაშინ მოგიწევთ, თუკი არასწორად გააშუქებთ. თუმცა, ადრე, როდესაც ადამიანებს რეალურად ძალიან ცოტა არჩევანი ჰქონდათ თუ საიდან მიეღოთ ინფორმაცია, ნდობის უფრო მაღალი ხარისხი არსებობდა. ყველაფერი, რასაც ინფორმაციის სახით იღებდი ან ერთი წყაროდან მოდიოდა ან მეორიდან.

დღესდღეობით ამბები ატომიზირებულია. ისინი დანაწევრებულია იმგვარად, რომ თუკი დღეს რაიმე ამბავს კითხულობთ რომელიმე წყაროში, არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს ერთადერთი წყარო იყოს ამ თემაზე, რომელიც შეიძლება ოდესმე ნახოთ. შესაბამისად, ამბის წერის სირთულეა ის, რომ მკითხველს სრული სურათი უნდა შეექმნას მხოლოდ ამ ერთი ამბის წაკითხვისას. ანუ თუკი ბევრი არაფერი ვიცი ნეონაცისტების შესახებ, მხოლოდ ამ ერთი ამბიდან მჭირდება მივიღო კონტექსტი, რათა გავიგო ყველაფერი, რაც მჭირდება რომ ვიცოდე მათ შესახებ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ნებისმიერი ცალკეული ამბისა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე იყო.

კარენ ტერნერი

რა ტიპის კონტექსტი უნდა მიაწოდონ ჟურნალისტებმა მკითხველებს ასეთი ამბების გაშუქებისას?

ტომ როზენსტილი


ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ საჯაროობის მიღება სიძულვილით მოტივირებული ჯგუფების განცხადებული ტაქტიკა და მათი სტრატეგიის ნაწილია. თუკი ჟურნალისტებს ეს არ ეცოდინებთ ისინი ვერასდროს მიხვდებიან ბოლომდე პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ ან რისკებს, რომელიც თან ახლავს ასეთი ჯგუფების გაშუქებას.

ამასთან, ესაუბრეთ ექსპერტებს თუ რა დგას ყურადღების მიქცევის სტრატეგიის უკან. რატომ გამოვიდნენ ისინი მზის შუქზე და როგორ გაიზარდნენ ან ვერ გაიზარდნენ ეს მოძრაობები. უბრალოდ ხელში კამერის დაკავებით, გადაღებით და შემდეგ იმის თქმით, რომ „აქ აქცია მიმდინარეობს“ ან „აქა და აქ მარში მიმდინარეობს, ღმერთო ჩემო, შეხედეთ რამდენი ხალხია“ ჟურნალისტები ვერ აარიდებენ თავს ზედაპირულობას და ეჭვებს.

კარენ ტარნერი

საერთო ჯამში, ფიქრობთ, რომ მედია ასეთი მოძრაობების გაშუქებით კარგ საქმეს აკეთებდა ამ დრომდე?

ტომ როზენსტილი


თავი უნდა დავიძვრინო ცალსახა პასუხისგან და უნდა ვთქვა, რომ დიახ და არა. შეგვიძლია ორივე შემთხვევის ცალკეული მაგალითები მოვიტანოთ - მინახავს მასალები სატელევიზიო ქსელებში, რომლის დროსაც მიფიქრია „ღმერთო ჩემო, ეს რა არის, ამ მასალას საერთოდ არ გააჩნია კრიტიკული ასპექტი.“ დაახლოებით ისეა მომზადებული, უბრალოდ რომ დაჯდე და ინტერვიუ ჩამოართვა ნაცისტს მისი შეხედულებების შესახებ, რომლის დროსაც ჟურნალისტები საერთოდ არანაირ სირთულეს არ უქმნიან მას, არანაირ კონტექსტუალიზაციას არ ახდენენ თუ ვინ არის ის და რატომ ამბობს იმას, რასაც ამბობს. გარდა ცარიელი ინტერვიუსი, არაფერია ხოლმე ამ მასალებში, თითქოს უბრალოდ ქუჩაში რიგითი გამვლელი იყოს ეს ადამიანი.

ასევე მინახავს მასალები, რომლებიც ვფიქრობ ,რომ საკმაოდ სიღრმისეულია და საკითხის ნორმალურად გაგების საშუალებას გაძლევს. შარლოტსვილის მარშის გაშუქება მეტნაკლებად დაგვეხმარა, რომ შეგვესწავლა ცალკეული საკითხები ამ ადამიანების აღზევებისა და მათი ტაქტიკების შესახებ. The Vice-ის დოკუმენტური ფილმში, რომელიც HBO-ზე გავიდა, რეპორტიორი ძალიან დაუახლოვდა ამ ადამიანებს და მათ საშუალება მისცეს ჟურნალისტს, რომ ისინი ახლო ხედიდან გადაეღო. იგი საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებს უსვამდა მათ და რესპონდენტებიც საკმაოდ გულწრფელად პასუხობდნენ. ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითი იყო იმისა თუ როგორ უნდა გააშუქო ნეონაცისტები. ასი წლის წინ, როდესაც New York Times ლინჩის წესით გასამართლების შემთხვევებს აშუქებდა და მათ შესახებ მასალებს ამზადებდა, როგორც წესი ლინჩის წესის მომხრეებს აძლევდა ტრიბუნას, რომ აზრი გამოეთქვათ. თუმცა მოგვიანებით, მათ გადაწყვიტეს „არა, ჩვენ აღარ გვინდა რომ ასე მოვიქცეთ.“ იმიტომ, რომ ლინჩის წესში სხვა ლეგიტიმური „მხარე“ გარდა მოწინააღმდეგეებისა არ არსებობს.

კარენ ტერნერი

მისაღებია თუ არა რომ სიძულვილით მოტივირებული ჯგუფები წარმოვაჩინოთ როგორც ნორმალურები? ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ასეთი სტატიები გარკვეულ სამსახურს სწევენ, რათა აჩვენო, რომ შენს კეთილგანწყობილ მეზობელსაც კი შესაძლოა ჰქონდეს ასეთი დამალული რასისტული და შემაძრწუნებელი შეხედულებები.

ტომ როზენსტილი


დიახ. ასეთი შემთხვევები საშიშად უახლოვდება ხოლმე სიძულვილის მეინსტრიმიზაციის საფრთხეს. ერთი, რაც Times-მა იცოდა გასულ წელს თუ სხვა დროსაც, არის ის, რომ იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიცემა, მაგრამ მას ქმნიან ადამიანები, რომლებიც ძირითადად ნიუ-იორკის შუაგულში ცხოვრობენ. და თუკი შენ ქმნი გაზეთს მხოლოდ ვესტ-საიდ მანჰეტენის ცნობიერებით, რომლის მაცხოვრებლებიც ერთგვარად გაოცებული ან შეშინებულები არიან იმ ადამიანების არსებობით, რომლებიც ტრამპის მარშს ესწრებიან ან თუკი გაზეთით აჩვენებ, რომ მთელი დანარჩენი ქვეყნის მოსახლეობის არსებობა შენთვის შოკია, ამით შენ ასუსტებ შენს შესაძლებლობას, რომ იყო ქვეყნის მასშტაბის ან საერთაშორისო გამოცემა. ეს სიღრმისეული კულტურული გამოწვევაა ნებისმიერ გამოცემისათვის, რომელიც ერთ კონკრეტულ ადგილას არსებობს ფიზიკურად, თუმცა, ცდილობს, რომ გააშუქოს ყველაფერი.

აქ არ არსებობს იოლი გზა. გარკვეული ფენომენის, მოვლენის იგნორირება არ არის გამოსავალი. თუმცა, თუკი შენ აშუქებ ასეთ საკითხს ან ამგვარ ჯგუფებს, ეს ყველაფერი საჭირო სიღრმისეულობით უნდა გააკეთო, რასაც, ჩემი აზრით, საკმარისად ხშირად ვერ ვხედავთ ხოლმე.

ინტერვიუ გამოქვეყნდა ვებ-საიტ VOX-ზე, 2017 წელს.
კატეგორია: ბიოგრაფია
სარა მარგარეტ ფულერ ოსოლი - XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, კრიტიკოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი. იყო პირველი ქალი კორესპონდენტი, რომელიც იმდროინდელ პრესაში ომისა და საზღვარგარეთის საკითხებს აშუქებდა. მისი წიგნი „ქალი მეცხრამეტე საუკუნეში“ კი პირველ სერიოზულ ამერიკულ ფემინისტურ ნამუშევრად მიიჩნევა.

ბავშვობა მან მასაჩუსეტში, კემბრიჯპორტში გაატარა, ოჯახთან ერთად. გოგონას დაბადებით (1810 წელი) იმედგაცრუებულმა მამამ, რომელიც მასაჩუსეტში საკმაოდ პატივსაცემი იურისტი და პოლიტიკოსი გახლდათ, გადაწყვიტა რომ გოგონას განათლებისთვის დიდი ძალისხმევა გაეღო. მარგარეტმა საკმაოდ კარგი განათლება მიიღო, ჯერ გროტონის გოგონათა სკოლაში, შემდგომ, 20 წლამდე კი, მას პირადად ასწავლიდა ელაიზა ფარერი, ცნობილი პროფესორის ჯონ ფარერის ცოლი და ეტიკეტის შესახებ არაერთი წიგნის ავტორი. ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში, მარგარეტმა North American Review-ში ისტორიკოს ჯორჯ ბანკროფტის საპასუხო კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა. 1835 წელს კი მისი პირველი ლიტერატურული კრიტიკა გამოქვეყნდა Western Messenger-ში. 30 წლის ასაკში მარგარეტი უკვე ითვლებოდა ყველაზე განათლებულ ადამიანად მის გარემოცვაში. მამის გარდაცვალების შემდეგ, უსახსრობის გამო, ევროპაში მოგზაურობა ვერ მოახერხა და იძულებული გახდა, აეღო პასუხისმგებლობა ოჯახის რჩენაზე. დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. 1834 წელს კი მისი წერილების გამოქვეყნება დაიწყო „North American Review”-მ, თუმცა სხვადასხვა პრობლემის გამო, მარგარეტს მოუწია დროებით შეეწყვიტა სამწერლო კარიერაზე ფიქრი.

1839 წელს, ტრანსცენდენტალისტი პოეტისა და ამავე მოძრაობის ერთ-ერთი ლიფერისგან, რალფ ვალდო ემერსონისაგან მარგარეტ ფულერმა მიიღო მოწვევა გამხდარიყო ჟურნალ “Te Dail”-ის რედაქტორი. 1840 წლიდან ის შეუდგა უკვე საგამომცემლო საქმიანობას. მან გაზეთი 1844 წელს დატოვა ჯანმრთელობის პრობლემების გამო (თუმცა გსათვალისწინებელია ისიც, რომ მას იმედები გაუცრუვდა, სამუშაოსთან დაკავშირებით).

1940-იანი წლების დასაწყისში ფიულერმა სახელი გაითქვა თავისი ცნობილი „საუბრებითაც“ - დისკუსიათა ციკლით, რომელშიც იმდროინდელი ინტელექტუალური წრის წარმომადგენელთა უმეტესობა მონაწილეობდა.

იმავე წლის შემოდგომაზე, მარგარეტმა დაიწყო მუშაობა ჰორაცი გრილის “New York Tribune”-ში ლიტერატურის კრიტიკოსად. ის გახდა პირველი სრულ განაკვეთზე მომუშავე ქალი მიმომხილველი ჟურნალისტიკის ისტორიაში. გარდა ადგილობრივი მწერლებისა ის წერდა უცხოელი ავტორების, სხვდასხვა ლექციისა და გამოფენის შესახებ.

1846 წელს მარგარეტი ევროპაში, კერძოდ კი ინგლისსა და იტალიაში, გაზეთის დავალებით სამოგზაუროდ გაემგზავრა და გახდა გამოცემის პირველი ქალი საერთაშორისო რეპორტიორი. ინგლისში ყოფნისას, მას მოუწია ემუშავა არაერთ მნიშვნელოვან პოლიტიკოსთან და მწერალთან. აქ შეხვდა ის იტალიის გაერთიანებითვის მებრძოლ ჯუზეპე მაზინის, რომლის გარემოცვაშიც მარგარეტმა გაიცნო მომავალი პარტნიორი ჯოვანი ანჯელო ოსოლი. ოსოლისთან ერთად ის იტალიაში, ფლორენციაში გადავიდა საცხოვრებლად და მასთან ერთად უჭერდა მხარს ჯუზეპე მაზინის ბრძოლას იტალიის გასაერთიანებლად და ე.წ. 1444-49 წლების რევოლუციაში.

ევროპაში ყოფნა მას დაეხმარა უკეთ გაცნობოდა ადგილობრივი ფემინისტების იდეებს და თანხმობაში მოეყვანა ის ამერიკულ რეალობასთან. მანამდე, 1945 წელს გამოქვეყნებული წიგნის „ქალი მეცხრამეტე საუკუნეში“ დამსახურებით, ფიულერი უკვე მიიჩნეოდა ყველაზე გავლენიან ფემინისტ ჟურნალისტად და მწერლად. თუმცა მის წიგნს კრიტიკოსიც ბევრი ჰყავდა და ბრალს დებდნენ რომ ის აქტივისტზე მეტად, მოსაუბრე იყო.

1850 წელს ის და მისი ქმარ-შვილი გემ „ელიზაბეტიით“ უკან აშშ-ში გამოემგზავრნენ. გზაში დაღუპული კაპიტნის, გამოუცდელი თანაშემწის გამო, გემი „ელიზაბეტი“ აფეთქდა, ცეცხლოვან კუნძულთან, ნიუ-იორკიდან 100 მეტრის მოშორებით. აფეთქების შედეგად, მარგარეტი და მისი ქმარი დაიღუპნენ, მათი ნეშთიც კი ვერ იპოვეს. გარკვეული დროის შემდეგმ მხოლოდ ანჯელინოს (მარგარეტის შვილი) სხეული გამორიყა წყალმა. აფეთქების დროს დაიკარგა და დაიწვა მარგარეტის ნაწერების დიდი ნაწილიც.

კატეგორია: ბიოგრაფია
ნელი ბლაი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ქალი ჟურნალისტის, ელიზაბეტ ჯეინ კოჩრანის ფსევდონიმია. მან სახელი ჯერ კიდევ 1880-იან წლებში გაითქვა ბლექვილის ფსიქიატრიული საავადმყოფოში პაციენტებისადმი მკაცრი და არაადამიაური მოპყრობის შესახებ სიღრმისეული და საგამოძიებო რეპორტინგის გამო. საყოველთაოდ ცნობილი კი, ნელი ჟურნალისტური საქმიანობის გარდა, იმითაც გახდა, რომ მან დედამიწას 72 დღეში შემოუარა და 80-დღიანი რეკორდი გააუმჯობესა.

ელიზაბეტი 1864 წლის 5 მაისს, კოჩრანს მილში, პენსილვანიის შტატში, დაიბადა. 6 წლის ასაკში მომავალ ჟურნალისტს მამა დაეღუპა, რომელიც ქალაქის დამაარსებელი და ცნობილი იურისტი იყო. მამის დაღუპვამ ოჯახი ფინანსურ კრიზისში ჩააგდო და ელიზაბეტი იძულებული გახდა ერთი სემესტრის შემდეგ, სკოლა-პანსიონატში სწავლისთვის თავი დაენებებინა. 1880 წელს, მისი ოჯახი საცხოვრებლად პიტსბურგში გადავიდა.“Pittsburg Dispatch”-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ საავტორო სვეტს, 18 წლის ასაკში, ნელიმ უპასუხა საკმაოდ ვრცელი და სერიოზული წერილით, ფსევდონიმით „მარტოხელა ობოლი გოგონა“. წერილის სერიოზულობამ და პათოსმა გაზეთის რედაქტორი იმდენად მოხიბლა, რომ მან მალევე შესთავაზა ელიზაბეტს მათ გაზეთთან თანანმშრომლობა. მას ფსევდონიმიც სათანადო შეურჩიეს „ნელი ბლაი“ (იმ დროს პოპულარული სიმღერის მიხედვით).

„Pittsburg Dispatch”-ში მისულმა ნელიმ დაიწყო წერა ქალ მუშებზე, მათ უმძიმეს სამუშაო და საცხოვრებელ პირობებზე. რედაქტორები კი მისგან მოითხოვდნენ, რომ მოდაზე, მებაღეობასა და ხელოვნებაზე ანუ იმ თემებზე ეწერა, რომლის შესახებ საუბარიც ქალის მხრიდან უფრო მისაღები იყო იმდროინდელი ამერიკული საზოგადოებისთვის. ამ ყველაფრით უკმაყოფილო ნელიმ გადაწყვიტა, წასულიყო მექსიკაში და გამხდრიყო უცხოეთის ამბების კორესპონდენტი. 21 წლის ელიზაბეტმა თითქმის ნახევარი წელი დაჰყო მექსიკაში, საიდანაც “Pittsburg Dispatch-ს” ადგილობრივ ცნობებს აწვდიდა. მოგვიანებით, ეს პერიოდი მან აღწერა საკუთარ წიგნში „ექვსი თვე მექსიკაში“. ერთ-ერთ წერილში, რომელიც ადგილობრივი ჟურნალისტის დაპატიმრებას შეეხებოდა, ნელი ბლაიმ მექსიკის მთავრობა და პორფირიო დიასის დიქტატურა გააკრიტიკა. როდესაც მექსიკელმა ცენზორებმა მისი წერილი შეისწავლეს, აღმოაჩინეს რომ წერილი სავსე იყო რეჟიმის საწინააღმდეგი პათოსით, რის გამოც ელიზაბეტი მექსიკიდან გამოაგდეს.

აშშ-ში დაბრუნებულმა ჟურნალისტმა განაგრძო წერა თეატრსა და ხელოვნებაზე, თუმცა 1887 წელს მან დატოვა “Pittsburg Dispatch“ და ნიუ-იორკში გაემგზავრა. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ელიზაბეტი იძლებული გახდა სამუშაოდ მისულიყო პულიტცერის „New York World-ში“. სწორედ აქ მუშაობისას გაითქვა მან სახელი ბლექველის კუნძულზე მდებარე „შეშლილ ქალთა თავშესაფარში“ არსებული განუკითხაობის გაშუქების გამო.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნელი ბლაი თავად ცხოვრობდა ამ დაწესებულებაში, როგორც პციენტი. ჟურნალისტის ბლექვილის თავშესაფარში მოხვედრამ პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. “New York Sun-მა“ მას სტატიაც კი მიუძღნა სათაურით „ვინ არის ეს შეშლილი გოგო?“. “New York Times-მა“ კი ელიზაბეტს უწოდა „იდუმალი მეუღლე“, რომლის თვალებშიც „ცხოველური, შეშლილი მზერა“ იმალება და რომელიც გაიძახის, რომ არაფერი ახსოვს.

დაწესებულების შიგნით ყოფნა ნელი ბლაის დაეხმარა, ცხადად აღეწერა ის სასტიკი და არაადამიანური პირობები, რომელშიც ბლექვილის ფსიქიატრიული ინსტიტუციის პაციენტები იმყოფებოდნენ. ბლაის რეპორტაჟებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მაშინდელ საზოგადოებაში და ხელი შეუწყო ინსტიტუციურ რეფორმასა და ჰუმანური მეთოდების დამკვიდრებას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.

ელიზაბეტ ჯაეინ კოჩრანი საყოველთაოდ პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც 1889 წლის 14 ნოემბერს, იგი 80 დღეში 24 899 მილის დასაფარად, დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ გაემართა. მისი მიზანი იყო ჟიულ ვერნის ცნობილი პერსონაჟის ფიბესებინა. თან თითქმის არაფერი წაუღია ორი ხელი ტანსაცმლისა და 200 ინგლისური გირვანქის გარდა. მოგზაურობისას, ნელი ეწვია ინგლისს, საფრანგეთს, იტალიას, სუეცის არხს, ჰონ-კონგს, სინგაპურსა და იაპონიას. აშშ-ში ის 1890 წლის 12 იანვარს, 72 დღეში დაბრუნდა, რითიც მან იმდროისთვის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. „World-ის“ მფლობელმა პულიტცერმა მას ჩარტერული მატარებელიც კი დაახვედრა, რომ სან ფრანცისკოდან ნიუ ჯერსიში ჩამოსულიყო.

1895 წელს ნელი დაქორწინდა მილიონერ მეწარმეზე რობერტ სიმენზე. ჟურნალისტიკით გადაღლილმა კი გადაწყვიტა გამხდარიყო „Iron Clad Manufacturing”-ის პრეზიდენტი. ეს იყო კომპანია, რომელიც რკინის ჭურჭელს ამზადებდა და იმ დროისათვის წამყვანი პოზიციებიც ეკავა აშშ-ის ბაზარზე. 1904 წელს, ელიზაბეტი დაქვრივდა და კომპანიის მართვა მთლიანად გადაიბარა. მის სახელს მიეწერება რამდენიმე გამოგონება, თუნუქისგან ჭურჭელის დამზადებაში და ერთ-ერთ წამყვან ქალ მწარმოებლად ითვლებოდა.

ნელი ბლაი 1910-იანი წლების ბოლოს კვლავ დაუბრუნდა ჟურნალისტიკას. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ის წერდა ევროპის აღმოსავლური ფრონტის შესახებ. მანამდე კი სუფრაჟისტების 1913 წლის პარადი გააშუქა. 1920 წელს ბლაიმ New York Journal-ში დაიწყო მუშაობა. თუმცა მალევე, 1922 წლის 27 იანვარს, 57 წლის ასაკში, ბრონქების პნევმონიით ნელი ბლაი დაიღუპა წმინდა მარკის საავადმყოფოში და ბრონქსში, ვუდლოუნის სასაფლაოზე დაკრძალეს.