საუბრები Covid-19-ზე
კატეგორია - საუბრები Covid-19-ზე

«ჩნდება კითხვა, თუ კიდევ გაგრძელდება ის მდგომარეობა, რაშიც ეხლა ვიმყოფებით, სად შეიძლება აღმოვჩნდეთ. ამაზე პასუხი რთულია... ერთი რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ ჩვენ, ყველანი, ახლა გადარჩენის რეჟიმში ვართ» - ნატა ძველიშვილი, გამოცემა "ინდიგო".
 
«მომავალი ბუნდოვანია. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამთავრდება ეს წელი კომპანიებისთვის, როგორ განსაზღვრავენ მომავალი წლის ბიუჯეტს და რა წილი ექნება სარეკლამო ხარჯებს»,  - ხატია ღოღობერიძე, On.ge.



კორონავირუსის პანდემიამ მედია სხვა ბევრ გამოწვევებთან ერთად, ფინანსური გამოწვევების წინაშეც დააყენა. სრულიად დაუგეგმავ, გაზრდილ ხარჯებს, რასაც შრომის უსაფრთხოება და შეზღუდვების პირობებში გადაადგილება ითხოვდა, შემცირებული ან შეწყვეტილი სარეკლამო შემოსავლები დაემატა. 2020 წელს განსაკუთრებულად იმ მედიებს გაიჭირდათ, რომლებიც მეტწილად სარეკლამო შემოსავლებზე იყვნენ დამოკიდებული.

ნატა ძველიშვილი, გამოცემა "ინდიგოს" დირექტორი და ხატია ღოღობერიძე, On.ge-ს რედაქტორი, საუბრობენ რა გამოწვევების წინაშე დადგა მათი გამოცემები, როგორ გაართვეს ამ კრიზისს თავი და როგორ ხედავენ მომავალს. 



გადაცემა მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრისა" და "მედიაჩეკერის" მიერ, გადაცემათა ციკლისთვის - "Covid-19-ის გავლენა მედიაზე". საუბრების ეს სერია მთლიანად კორონავირუსს დაეთმობა და ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა მედიიდან, მოგვიყვებიან, რა გამოწვევების წინაშე იდგნენ პანდემიის დროს, როგორ მუშაობდნენ, რა ისწავლეს... გადაცემები თვეში ერთხელ მომზადდება.

გადაცემა ჩაწერილია 14 დეკემბერს.  

  • წინა გადაცემა ეხებოდა აუდიტორიის ინტერესს კორონავირუსის პანდემიისას და მისი ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
კატეგორია - საუბრები Covid-19-ზე

„როდესაც ვუჰანში კორონავირუსი გაჩნდა, გვქონდა განცდა, რომ ეს პროცესი საქართველომდე ვერ მოვიდოდა. თავიდან ეს იყო ამბავი, რომელსაც ვაშუქებდით მსოფლიოს სხვა მხარეში... მაგრამ, ძალიან მალე მივხვდით, რომ ეს სხვაგან აღარ იქნებოდა და სანდო ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა ცენტრალური საკითხი“, - ონლაინგამოცემა პუბლიკას რედაქტორები, ლიკა ზაკაშვილი და თათია ხალიანი, „მედიაჩეკერის“ ონლაინგადაცემაში საუბრობენ აუდუტორიის ინტერესებზე კორონავირუსის პანდემიისას.



ონლაინგამოცემა „პუბლიკა“ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოში ვირუსის შემთხვევების დაფიქსირებისთანავე, სოციალურ ქსელში აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ, ღია ჯგუფი შექმნა. ლიკა ზაკაშვილი, გამოცემის მთავარი რედაქტორი, იხსენებს, რომ დაახლოებით 9 თვის წინ, მაშინ როდესაც ვირუსზე საუბარი საქართველოშიც დაიწყო, მომხმარებლები ინფორმაციულ შიმშლს განიცდიდნენ:

„ინტერესი მატულობდა რაც უფრო იზრდებოდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ვირუსი ფიქსირდებოდა, ადამიანები უკვე იჯერებდნენ, რომ ვირუსი ჩვენამდეც მოვიდოდა. პირველივე შემთხვევის შემდეგ, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოში ვირუსი დაფიქსირდა, ყველაფერი, ყველა ახალი ამბავი მაყურებლის ინტერესის სფეროში ხვდებოდა და ყველაფერს ჰყავდა ბევრი მომხმარებელი. ამიტომ, ძალიან მალე მივხვდით, რომ სანდო ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა ცენტრალური საკითხი და და ეს ჯგუფიც ამიტომ გავაკეთეთ".

"ეს ჯგუფი იყო ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაციისთვის და ინტერაქციისთვის, ვიგებდით რა აინტერესებდა მკითველს. ეს ინტერესები ძალიან მრავალფეროვანი იყო, დაწყებული იქიდან, სად უნდა დაერეკათ სიცხის დროს, დამთავრებული მეცნიერული აღმოჩენებით ან მიგნებებით ვირუსზე“, - ამბობს თათია ხალიანი, „პუბლიკას“ ვებგვერდის რედაქტორი.

გადაცემის მეორე ნაწილში, ლიკა და თათია საუბრობენ რა გამოწვევების წინაშე დადგა პანდემიის გაშუქებისას „პუბლიკა“, რომელიც მაშინ, როდესაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, სულ რაღაც 4 თვის დაარსებული იყო.

ამავე გადაცემაში, ისინი ცდილობენ იპოვონ პასუხი კითხვაზე - რა ასწავლათ პანდემიამ.

****

გადაცემა მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრისა" და "მედიაჩეკერის" მიერ, გადაცემათა ციკლისთვის - "Covid-19-ის გავლენა მედიაზე". საუბრების ეს სერია მთლიანად კორონავირუსს დაეთმობა და ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა მედიიდან, მოგვიყვებიან, რა გამოწვევების წინაშე იდგნენ პანდემიის დროს, როგორ მუშაობდნენ, რა ისწავლეს... გადაცემები თვეში ერთხელ მომზადდება.

გადაცემა ჩაწერილია 9 ოქტომბერს.