"ხარისხის არხი" ანტიქრისტეს ბეჭდის ძიებაში
06.06.2017
ქართულ სატელევიზიო სივრცეში მოიძებნება არხი, სახელწოდებით „ხარისხის არხი“ . ავტორიზაციის პირობებში მისი თემატიკა განსაზღვრული არ არის, თუმცა გადაცემებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ არხის ძირითადი ორიენტირი მართლმადიდებლობაა და სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური საკითხიც სწორედ მართლმადიდებლობის ჭრილში განიხილება. არხზე უდიდესი დრო ეთმობა, ID ბარათების კრიტიკას, „მხეცის ნიშნებსა და ჩიპებზე“ საუბარს.

ტელეკომპანია „ხარისხის არხი“ 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს. არხის საეთერო ბადეში შევხვდებით ისეთ გადაცემებს, როგორიცაა: „რელიგია და მეცნიერება“, „ენა, მამული სარწმუნეობა“, „ბაგრატოვანნი“, „ერთობის დრო“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო ეთერში განთავსებული პროდუქიის შინაარსი უხვად არის გაჯერებული ანტიდასავლური და ანტიამერიკული მესიჯებით.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში არხზე შევხვდებით რელიგიური შინაარსის მქონე დოკუმენტური ტიპის ფილმებსაც. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ფილმში სახელწოდებით „ფრთხილად სარწმუნოებას გვიცვლიან“ 2016 წელს კუნძულ კრეტაზე გამართულ საეკლესიო კრებაზეა საუბარი, სადაც არამართლმადიდებლური კომფესიის წარმომადგენლები ერეტიკოსებად და მწვალებლებად არიან მოხსენიებულნი. ასევე, საუბარია ყველა რელიგიის ერთ რელიგიად გაერთიანების გაუგებარ საფრთხეებზე. ფილმში კათოლიკური ეკლესიის კარდინალების კრებები ავაზაკების კრებად არის მონათლული, ამერიკის სადაზვერვო სამსახური (CIA) კი ბნელი ძალების მსახურებად არის მოხსენიებული.

არხის ეთერში შეხვდებით ისეთ ფილმებსაც, როგორიცაა: „კაცობრიობის ელქტრონული ზომბირება“, „უკანასკნელი ბაბილონი“, რომელიც ცალსახად შეიძლება მივიჩნიოთ ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდის მაგალითებად. ფილმებში დასავლეთიდან მომდინარე არარეალისტურ, უსაფუძვლო საფრთხეებზეა საუბარი და სპეციალური დამამძიმებელი ეფექტების გამოყენებით, მაყურებლის მიზანმიმართულ დაშინებას ისახავს მიზნად.


ანდიტდასავლური რიტორიკის ტრიბუნად შეგვიძლია განვიხილოთ კიდევ ერთი რელიგიური შინაარსის მქონე გადაცემაც „ენა, მამული, სარწმუნოება“. გადაცემის წამყვანი დავით გიორგობიანი აუდიტორიას წმინდა მამების შეგონებებზე, ქადაგებებზე და წინასწარმეტყველებებზე უყვება. წამყვანი დაახლოებით 40 წუთი განმავლობაში მართლმადიდბლური ეკელიის მიერ წმინდანებად შერაცხული პირების წერილებს უკითხავს მათ მეორედ მოსვლისა და იმ სფრთეეხების შესახებ აფრთხილებს, რაც შესაძლოა სწორი, ანუ მართლმადიდბლური გზიდან გადახვევას მოჰყვეს. ის საზოგადოებას დაფიქრებისა და გადარჩენის გზების ძიებისკენაც მოუწოდებს. გადაცემის ფორმატი პერიოდულად ცვალებადია და წამყვანი უკვე სტუმართან ერთად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც მათივე შეფასებით დღეს გვჭირს. სტუმართან საუბარი ხშირად ანტიდასავლური და ანტიამერიკული მესიჯების გაჟღერებაშიც გადადის. მაგალითად ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში საუბარი იყო ერის გადაგვარებაზე, რაც სტუმრის სოფელ გიორგი წმინდის მღვდლის გიორგი პავლოვის შეფასებით, ამერიკანიზაციის, დასავლეთიზაციის, თუ დემოკრატიზაციის შედეგია. სტუმარი ასევე ქუჩაში მოსიარეულე ნახევრად შიშველ ქალებზეც წუხდა, რაც მისი შეფასებით, დასავლური მსაობრივი კულტურის და უზნეობის გავლენის შედეგია. მისივე თქმით, უარი უნდა ვთქვათ დასავლურ უზნეობაზე და იმ სიბინძურეზე, რაც იქიდან ნაკადებით მოდის.


„რომ იძახიან ეს არის დასავლური ცივილიზაცია, დასავლური ცივილიზაცია, ბევრ რამეში ეს არის დასავლური კანალიზაცია და არ გვჭირდება ჩვენ ეს დასავლური კანალიზაცია. თვითონ თუ უნდათ ამ კანალიზაციაში ბანაობა იბანაონ, ჩვენ თავი დაგვანებონ“ - თქვა გიორგი პავლოვმა.

ზოგჯერ კი გადაცემაში ანტიქრისტეს ბეჭდის მხილებაც კი ხდება და იმაზეც მსჯელობენ, თუ როგორ აღმოგაჩნდება ანტიქრისტეს ბეჭედი, თუკი ახალი ბიომეტრიული პასპორტის ანდაც ID ბარათის აღებას გადაწყვეტთ.

ის, რომ მოსახლეობის ანტიქრისტეს ნიშნისგან დაცვა არხის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ამას არხის კიდევ ერთი გადაცემა - „დასაბამიდან სასუფევლამდე“ ადასტურებს. გადაცემას წამყვანი გიორგი ასათიანი თითქმის თანაწამყვენებად ქცეულ სტუმრებთან დავით გიორგობიანთან და ლევან ჩაჩუასთან ერთად [აღსანიშნავია, რომ ლევან ჩაჩუა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული იედის“ თავმჯდომარეა] უძღვება. გადაცემაში ხშირად შევხვდებით ბიომეტრიულ პასპორტბზე და ე.წ. ID ბარათებზე წუხილს. წამყვანების წუხილი იმდენად გადამდემბი ხდება, რომ ანტიქრისტეს ბეჭდით შეშინებული მაყურებელი, მათგან რჩევის მისაღებად პირდაპირ ეთერშიც რეკავს. შედეგად წამყვანებს შორის კამათიც იმართება, უნდა აიღოს თუ არა მაყურებელმა ID ბარათი. გადაცემის ერთი წამყვანი მაყურებელს მოძღვართან ამისამართებს, მეორე კი მას ბარათის აღების უფლებას აძლევს და აღნიშნულ ცოდვას საკუთარ თავზეც იღებს.


გადაცემის წამყვანები ხშირად მსჯელობაში უფრო შორსაც მიდიან და ზოგადად ჩიპიზაციის კატასტროფულ საფრთხეებზე საუბრობენ. მათივე განმარტებით, გარდა ანტიქრისტეს ბეჭდისა, ე.წ. ჩიპების გამოყენებით, მოსახლეობისთვის თანაგრძნობის უნარის წართმევასაც ცდილობენ. მაგალითად, წამყვანი დავით გიორგობიანი ჩიპების გამოყენების შემდეგ პერსპექტივას გვთავაზობს - მისი ვარაუდით, რომელიც მხოლოდ მის შინაგან რწმენებს ეყრდნობა, სულ მალე ფული ე.წ. „ქეშის“ სახით აღარ იარსებებს და მისი გამოყენება მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი. საბოლოოდ კი მივალთ იქამდე, რომ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ადამიანს, სურვილის მიუხედავად, დახმარებას უკვე ვეღარ გავუწევთ, „აბა, ბარათს ხომ ვერ მოვატეხთ და მის ნაწილს ხომ ვერ მივცემთ“ - ასეთია, წამყვანის მხრიდან მოსახლეობისთვის მოწყალების გაცემის აკრძალვის ხედვა.

კიდევ ერთი გადაცემაში „რელიგია და მეცნიერება“ წამყვანი გიორგი ასათიანი რელიგიური ნიუანსების მეცნიერულ ჭრილში ახსნას და მათ მეცნიერულ დასაბუთებას ცდილობს. მაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში მან ანგელოზების არსებობას მეცნიერული ახსნა მოუძებნა. ამის საილუსტრაციოდ კი მან შემდეგი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა. დისტანციური მართვის პულტისა და ტელეფონის ვიდეოკამერის გამოყენებით მან ის ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივება გვაჩვენა. რომელიც მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია, თუმცა როგორც კი ელექტრული ველი კამერის ობიექტივში მოხვდება უკვე თეთრი ან მოიისფრო მონარინჯისფრო ნათება ჩნდება. მისივე განმარტებით, სწორედ ეს მოვლენა უდევს საფუძვლად ანგელოზთა ვიზუალიზაციის ამსახველ მასალებსაც.

„ჩვენ ვერ ვხედავთ თვალით ანგელოზებს ჩვეულებრივ გარემოში, გარდა მათი უფლის დავალებით გამოხადების ფაქტებისა, სადაც ისინი უკვე მატერიალურად განსხეულნებულნი წარმოგვიდგებიან, მაგრამ ინფორმაციის მიმღებ და ჩამწერ დანადგარებს, მათ შორის ფოტო და ვიდეო კამერას, შესწევთ უნარი ელექტრომაგნიტური ველი გარკვეული სახით ტრანსფორმირებისა“ - ამბობს წამყვანი.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთულია იმსჯელო, თუ კონკრეტულად რას ან ვის მიზნებს ემსახირება არხის საეთერო ბადეში განთავსებული გადაცემები, თუ ფილმები. არხის საეთერო ბადეში მრავლად შევხვდებით ისეთი ტიპის კონტენტს, რომელიც მოსახლეობაში დასავლეთიდან მომდინარე სრულიად არარეალისტური და უსაფუძვლო შიშების გაღვივებას ემსახურება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

 “მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს” - უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი
უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ამბობს, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტი ამას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის სურვილს უკავშირებს.

“ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში არ მიშვებენ. მიზეზები არ დაუსახელებიათ. ამას ცალსახად ვუკავშირებ იმ ფაქტს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, დაეორგანიზებინა ჩემი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. რაც მოხდა არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის” - დაწერა გორდონმა ტელეგრამზე.
alt

ტელეკომპანია „მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცით, გორდონთან ერთად ქვეყანაში არ შემოუშვეს მისი მეუღლე - ალისია ბაცმანი.

კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრმა ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, რომ გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს, რომ შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.

დიმიტრი გორდონი უკრაინელი მწერალი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. იგი არის გადაცემის "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" წამყვანი, გაზეთ "გორდონის ბულვარის" მთავარი რედაქტორი და ონლაინ გამოცემა "GORDON"-ის დამფუძნებელი.
“ქართული ოცნების” აქციაზე ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ
ტელეკომპანია „ფორმულას“ და „TV პირველის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ტელეკომპანია “ფორმულა” აცხადებს, რომ ჟურნალისტ რატი წვერავას „ქართული ოცნების" აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მაუწყებლის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრესიულად არიან განწყობილი კრიტიკული მედიის სხვა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც.



“ფორმულას” და “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე მისული რამდენიმე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტებს და აგრესიულად სთხოვს ტერიტორიის დატოვებას. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურადაც უპირისპირდება და ხელის კვრით ცდილობს ჟურნალისტის გაგდებას.




“ტვ პირველმა” გაავრცელა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათი ჟურნალისტის მიკროფონს აქციის მონაწილემ სიგარეტი ჩააწვა. ტელეკომპანია შსს-ს რეაგირებას სთხოვს.



ჯერ-ჯერობით უცნობია, დაწყებულია თუ არა გამოძიება რომელიმე საქმეზე. “მედიაჩეკერი” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა და მმართველ პარტიასა და მათ აქტივისტებს მიმართა, რომ მედიას მუშაობის საშუალება მისცენ: „მივმართავთ მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის. გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“ - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ქარტია მიიჩნევს, რომ დღეს პარტიის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, თითქოს მოსალოდნელი იყო პროვოკაციები მედიის წარმომადგენლების მხრიდან, აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს შორის კონფლიქტი წაახალისა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათიდან "ქართული ოცნების" ორგანიზებით აქცია იმართება.
„ქართული ოცნება“ თავისი აქციის გასაშუქებლად ჟურნალისტებს აკრედტაციას სთავაზობს
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 27 ოქტომბერს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის გასაშუქებლად ჟურნალისტებს აკრედიტაციას სთავაზობს.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა აქციამდე ერთი დღით ადრე პარტიისგან ელექტრონული ფოსტით წერილი მიიღეს, რომელშიც „ქართული ოცნება“ „შემაჯამებელი აქციის“ გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლების გვარის, სახელისა და პირადი ნომრის გადაგზავნას სთხოვს.

როგორც პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, ღონისძიების გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების პირადი მონაცემები მათთვის ბეიჯების (პრეს ბარათების) დასარიგებლად სჭირდებათ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ აქციის გაშუქებას ნებისმიერი მედიასაშუალების წარმომადგენელი შეუზღუდავად შეძლებს, განურჩევლად იმისა, ექნებათ თუ არა მათ „ქართული ოცნების“ მიერ დამზადებული ბეიჯი.

რისთვის არის საჭირო ბეიჯები ღია სივრცეში დაგეგმილი აქციის გასაშუქებლად?

კითხვაზე, თუ რატომ განჩნდა ღია სივრცეში დაგეგმილი აქციის გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლებისთვის ბეიჯების დარიგების აუცილებლობა, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, ლელა გაბეჩავა გვპასუხობს, რომ „ქართული ოცნების“ ღონისძიებებზე ყოველთვის ასე ხდება.“

არ მახსენდება, რომელიმე ქუჩის აქციაზე აკრედიტაცია დაგვჭირვებოდაო, ამბობს On.ge-ის მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე.

„გამიკვირდა, რომ აკრედიტაციები მოითხოვეს, როცა საუბარია აქციაზე ღია სივრცეში, ქუჩაში, სადაც გადაადგილება ყველა ადამიანს თავისუფლად შეუძლია. უცნაურია მით უფრო, თუ ამბობენ, რომ ამ აკრედიტაციის გარეშეც შეგვიძლია ჩვეულებრივად გავაშუქოთ იქ მიმდინარე პროცესები.“- გვეუბნება on.ge-ის რედაქტორი.

ღოღობერიძე დასძენს, რომ 5 ივლისის მოვლენების გათვალისწინებით, არ იცის რამდენად უნდა ელოდოს საფრთხეებს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისგან. გამოცემაში ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტიათ, გაგზავნიან თუ არა On.ge ჟურნალისტების პირად მონაცემებს აკრედიტაციის მისაღებად:

„ცოტა პრინციპული საკითხიც არის. რატომ უნდა გვჭირდებოდეს აკრედიტაცია აქციაზე? ამიტომ ვფიქრობთ ჯერ გავგზავნოთ თუ არა.“

რეკომენდაციები პრეს ბარათებთან დაკავშირებით

მედიის უსაფრთხოების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციიით, ,,წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ჟურნალისტებისა და მედიის სხვა აქტორების მიერ დაკისრებული როლის სპეციფიკური ხასიათი და დემოკრატიული მნიშვნელობა კონკრეტულ კონტექსტში, როგორიცაა კრიზისის დროს, საარჩევნო პერიოდში, საზოგადოებრივ დემონსტრაციებსა და კონფლიქტის ზონებში.

ამ კონტექსტებში სამართალდამცავი ორგანოებისთვის მნიშვნელოვანია პატივი სცენ ჟურნალისტებისა და სხვა მედიის წარმომადგენლების როლს, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებსა და სხვა მოვლენებს. პრესის ან პროფესიული გაერთიანების წევრობის დამადასტურებელი ბარათები, შესაბამისი აკრედიტაცია და ჟურნალისტის სამკერდე ნიშანი სახელმწიფო ორგანოებმა უნდა მიიღონ, როგორც ჟურნალისტობის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო თუ შეუძლებელია, რომ ჟურნალისტმა ან სხვა მედია აქტორმა წარმოადგინოს პროფესიული დოკუმენტაცია, სახელმწიფო ორგანოებმა ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა გასწიონ მათი სტატუსის დასადგენად.”

„შეკრების მიმდინარეობისას მედია აქტორების და დამკვირვებლების უსაფრთხოების“ შესახებ სახელმძღვანელოში წერია, რომ ამ რეკომენდაციის შესაბამისად აქციებისა და დემონსტრაციების დროს დამატებითი აკრედიტაციის გავლა არ არის საჭირო და საკმარისია მედიის წარმომადგენლობის დამადასტურებელი ბარათის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ჩვენება.
ლექსო ლაშქარავაზე  ძალადობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქრავასა და ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

რა მოხდა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის და საქმის არსებითად გადაცემის საკითხები განიხილეს.

„ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6 პირს ბრალი დაუმძიმდა.

დაცვის მხარე ბრალდებულების 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატის ბექა თაკალანძის ინფორმაციით, ექვსივე ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

• 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა)

• 156-ე (დევნა)

• და 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა)

წარდგენილ ბრალდებებზე კიდევ ერთი მუხლი - დამამძიმებელ გარემოებებში ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ნაწილში (სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი) დაემატა.

ლექსო ლაშქრავას საქმეზე მომდევნო პროცესი 3 ნოემბერს 14:00 საათზე დაინიშნა.

ვიდეოგადაღება პროცესზე

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობაში ბრალდებულების საქმის სასამართლოს სხდომაზე გადაღების უფლება „ალტ-ინფოს“ ოპერატორმა მოიპოვა. არხის წამყვანები და მფლობელები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები არიან.

ინტერნეტ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე გვეუბნება, რომ დღეს სასამართლოში 5 ივლისის საქმეებზე მიმდინარე პროცესები სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობდა და მედიასაშუალებები ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის თავიანთი ჟურნალისტების პროცესებზე შევიდნენ.

მედიასაშუალებები „ალტ-ინფოსგან“ პროცესის ამსახველი მასალის მიწოდებას რამდენიმე საათს ელოდნენ. ამ დროისთვის ჟურნალისტებმა მხოლოდ კადრები მიიღეს.

ვის აქვს გადაღების უფლება?

კანონმდებლობის თანახმად, სხდომის გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს, თუ ამ უფლებამოსილებით საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს, მაშინ მისით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს.

იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე.

პირი, რომელიც ახორციელებს გადაღებას, ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

დეტალები

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტელეკომპანია „იმედის“ „პოლიტიკური განაცხადი“

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ „საგანგებო რეჟიმზე“ გადადის. არხმა იგივე შინაარსის განცხადება 3 წლის წინ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც გაავრცელა.

რა მოხდა?

ტელეკომპანია იმედის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ „ისევ რევანშისთვის ემზადება, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მოიგოს არჩევნები, სადაც რევოლუციური შტაბისა და დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდება“.

იგივე განცხადება ტელეკომპანიამ 18 ოქტომბრის 20:00-საათიან გამოშვებაშიც გაავრცელა.

არხის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ „პარტიის რევანშს და წარსულის დაბრუნებას ვერ დაუშვებს.“ და, რომ არხის „მისია სიმართლის ლაპარაკია და სიმართლისთვის, რეჟიმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა არხის დამფუძნებელი.“

ტელევიზიის განცხადებით „იმედი“ როგორც ბრძოლის სიმბოლო, ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

რას გულისხმობს „იმედის“ საგანგებო რეჟიმი?

ტელეკომპანია „იმედში“ აცხადებენ, რომ მათი სარედაქციო პოზიცია „სახელმწიფოებრივი ინტერესებით ნაკარნახევი და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება.“

• „ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.

• ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის "იმედის" სპეციალურ ეთერში.

• ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო.

• „იმედი“ მაყურებელს შეახსენებს ქვეყნის უმძიმეს წარსულს.“

კონტექსტი

“ტელეკომპანია „იმედის“ ეს განცხადება უბრალოდ პრობლემური კი არ არის, საერთოდ სცდება მედიის სფეროს და სრულ აბსურდშია გადასული“, - ასე აფასებს არხის საგანგებო რეჟიმზე უკვე მეორედ გადასვლას მედია მკვლევარი ლაშა ქავთავარძე. ის ამბობს, რომ ეს განცხადება სინამდვილეში „ქართულ მედიარეალობაში დანერგილი უწესობის ლეგიტიმაციის მცდელობაა.“

2018 წელსაც, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში ვერ გაიმარჯვა, ტელეკომპანია იმედმა „საგანგებო რეჟიმი“ გამოაცხადა.

ამის მთავარი მიზეზი, მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იყო. და მაშინაც, ტელეკომპანია იმედი აცხადებდა, რომ იმუშავებდა, რათა „რეჟიმი არ დაბრუნებულიყო".

მაშინ „იმედმა“ საეთერო ბადე შეცვალა, ეთერში თოქ-შოუების რიცხვმა იმატა, და გადიოდა სიუჟეტები, რომელთა შინაარსიც ძირითადად ეხებოდა იმას, თუ თუ რატომ იყო ოპოზიციის კანდიდატის გაპრეზიდენტება მიუღებელი.

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადების იმ ნაწილს, რომ არხის მისია „სიმართლის ლაპარაკია“, მხოლოდ სიტყვებად აღიქვამს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, გამომძიებელი ჟურნალისტი, ნანა ბიგანიშვილი. მისი თქმით, შეუძლებელია ცალმხრივი ინფორმაცია ობიექტური იყოს.

„ეს, რა თქმა უნდა, გვახსოვს [რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ტელეკომპანია „იმედი“ დაზარალდა], რაზეც საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. თუმცა ამდენი წლის შემდეგ იყო საგანგებო რეჟიმში და ბრძოლას უცხადებდე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას - ეს არის საზოგადოებისთვის დამაზიანებელი“, - გვეუბნება ბიგანიშვილი.

"ამ ყველაფერს კიდევ უფრო სასაცილოს ხდის ის ფაქტი, რომ არხზე თითქმის აღარვინ დარჩა იმ ჟურნალისტებისგან, ვინც იმ „ძველ იმედში“ მუშაობდა, რომლის დარბევისა და განადგურების ხარჯზეც აგერ უკვე მერამდენე წელია „ქართული ოცნება“ და „ახალი იმედი“ ცდილობენ, ამომრჩევლების მომხრობასო",- ამბობს მედია მკვლევარი ლაშა ქავთარაძე.

არხის „პოლიტიკური განაცხადი“

ნანა ბიგანიშვილი ტელეკომპანია იმედის ამ განცხადებას, „ფაქტობრივად პოლიტიკურ განაცხადს უწოდებს“ - ტელეკომპანიამ მიკერძოება გამოხატა, რაც მედიის მთავარ დანიშნულებას ცდებაო.

მისი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ხელისუფლების მქონე ძალის მიმართ კრიტიკული კითხების დასმაა:

„მათი განცხადება კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა მეორე მხრივ რაც ყველაზე საგანგაშო და, ალბათ, საზოგადოებისთვის ყველაზე დამაზიანებელია ისაა, რომ მათი ეს რიტორიკა და პოზიცია მმართველი პარტისა და ხელისუფლების განწყობებს ემთხვევა“, - ამბობს ქარტიის საბჭოს წევრი.

„შეიძლება ობიექტურობის ცნება იდეალისტურია, მაგრამ თუკი ოდესმე მედიას მოეთხოვება რომ ობიექტურობასთან მიახლოებული მაინც იყოს, ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდია. „იმედის“ ეს განცხადება კი სწორედ ამ პრინციპისთვის ხაზის გადასმაა.“ - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

კიდევ უფრო გაღრმავებული პოლარიზაცია

მაუწყებელთა პოლარიზაცია 2020 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაღრმავდა და ტელესივრცე ორ ბანაკად გაიყო. ეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის წინასწარ ანგარიშშია ასახული. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო მედია გარემო პლურალისტულია, თუმცა პოლიტიზებული.

ამავე ორგანიზაციის თოქ-შოუების მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანია „იმედის“ გზავნილები „ქართული ოცნების“ პოზიციას ემთხვეოდა და წამყვანები არ ერიდებოდნენ ცინიკურ დამოკიდებულებას ზოგიერთი ოპოზიციური სუბიექტების მიმართ.

მეორე მხრივ კი „TV პირველსა“ და „მთავარ არხზე“ სუბიექტური დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ იკვეთებოდა.

„იმედის“ საინფორმაციო გამოშვება კი ყველაზე დიდ დროს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას უთმობდა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკა, ფაქტობრივად, არ ისმოდა.

პოლარიზაციის ხარისხის კიდევ უფრო გაზრდაზე და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის ნაკლებ სივრცეზე მიუთითებს ნანა ბიგანიშვილი. "რაც მეტად გაიზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო ნაკლები სივრცე დარჩება ობიექტური ინფორმაციისთვისო",- ამბობს ჟურნალისტი.


მედია მკვლევარი ლაშა ქავთარაძე კი მიიჩნევს, რომ ქართული მასმედია გარემო „იმდენად საფუძვლიანად არის განადგურებული“, „იმედის“ ეს კონკრეტული ქცევა დიდად ვერაფერს შეცვლის. მისი განმარტებით, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს „იმედის“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლამ მხოლოდ „იმედის“ ეთერში ანტი-ოპოზიციური რიტორიკის ინტენსიურობა, არაეთიკური თავდასხმები პოლიტიკურ ფიგურებზე და ოპოზიციურ არხებზე საპასუხო თავდასხმები შეიცვალა, მაგრამ დიდ სურათში არხის ასეთ ქცევას ბევრი არაფერი შეუცვლია: „მედია ისევ პოლიტიკურად მიკერძოებული და მიკუთვნებული დარჩება, მოსახლეობა კი ისევ მოტყუებულიო", - ამბობს ქავთარაძე.

ასევე იხილეთ

რა ინფორმაციული ღირებულება აქვს მკვლელობის ამსახველი კადრების ჩვენებას
23 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" თბილისში ახალგაზრდა ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები დაუფარავად "ექსკლუზიურად" გაუშვა, წინა დღეს კი მაყურებელმა მოკლული შატალოვას ნაწილობრივ დაფარული ფოტო ასევე „ექსკლუზიურად“ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იხილა.

რა ინფორმაციული ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მკვლელობის ამსახველი მძიმე ვიზუალური მასალის ჩვენებას მაყურებლისთვის?

რა ზიანის მომტანია და როდის არის გამართლებული მედიის მიერ ასეთი კადრების ჩვენება?

კონტექსტი

30 წლამდე ქალი, ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 19 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მკვლელობის საქმე გახსნა და 3 პირი დააკავა.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი წამყვანის გაფრთხილების შემდეგ ეთერში დაუფარავად აჩვენა, ეს მასალა სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კი ცხედრის ნაწილობრივ დაფარული ფოტო, რომელიც საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა, „ფეისბუქზეც“ გაავრცელა.

უნდა გააშუქოს თუ არა მედიამ მკვლელობის ამსახველი კადრები?

არ არსებობს ცალსახა მიდგომა, რომელიც კრძალავს ან უშვებს მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების გაშუქებას. რედაქციამ გადაწყვეტილება თითოეული შემთხვევის კონტექსტიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა საჯარო ინტერესი საზოგადოების ცნობისმოყვარეობისგან გამიჯნონო, ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

„ცნობისმოყვარეობით შეიძლება გვაინტერესებდეს, მაგალითად რა ტრაექტორიით მოხვდა მას ტყვია, როგორ დაეცა, რა ეცვა მსხვერპლს და ა.შ მაგრამ ეს დეტალები, რეალურად საინტერესოა უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დონეზე, მაგრამ საჯარო ინტერესები არ არსებობს.“, - ამბობს გოგოსაშვილი.

ქარტიის დირექტორი განმარტავს, რომ საჯარო ინტერესი არსებობს, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რაიმე ტიპის დარღვევა ჩანს, იკვეთება დანაშაულის დაფარვის მცდელობები ან საგამოძიებო უწყებები არასწორ ინფორმაცის ავრცელებენ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების მხილებისა და დანაშაულის გახსნის ხელშეწყობის მიზნით საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ხელშემწყობიც იყოს.

მეორე მხრივ მედია უნდა დაფიქრდეს, რა ინფორმაციული ღირებულება აქვს მძიმე კადრებს და შეუძლია თუ არა ამბავი ამ ვიზუალური მასალის გამოყენების გარეშეც გადმოსცეს.

რა ზიანი მოაქვს მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების ჩვენებას?

ნებისმიერი მძიმე ვიზუალური მასალის გავრცელების დროს მედიასაშუალებებმა დაღუპულის ოჯახის წევრების რეტრამვირების საკითხიც უნდა გაითვალისწინონ.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. ასეთი მასალების გამოყენების დროს მედიასაშუალება უნდა შეეცადოს შეამციროს, ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მასში ასახულ პირს ან მის ნათესავებს მიაყენოს.

„როდესაც საძიებო სისტემაში თავიანთი ოჯახის წევრის სახელს და გვარს ჩაწერენ ძალაინ შემზარავ კადრებს უჩვენებს, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მათ რეტრამვირებას“, - განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი.

საერთაშორისო მედიის პრაქტიკაში მკვლელობის ამსახველი კადრების გაშუქების არაერთი მაგალითი არსებობს, თუმცა თითქმის ყველა მათგანს თავისი დასაბუთება აქვს. მაგალითად, 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ამსახველი ვიდეო ძირითადი მტკიცებულება იყო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში და ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესზე და სისტემური რასიზმის პრობლემას წარმოაჩენდა.

ამ კადრებმა მთავარი როლი შეასრულა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებაში და მოგვიანებით მისმა 18 წლის ავტორმა პულიცერის პრემიაც მიიღო.

მაღალი საჯარო ინტერესისა და გამოძიების მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელებაც, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობდა 2016 წელს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობისა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მძიმე კადრების გაშუქების დროსაც.

მკვლებობის ამსახველი კადრების დაუფარავად გაშუქებამდე მედიასაშუალებამ ორი ძირითადი კრიტერიუმი უნდა გაითვალისიწინოს: მაღალი საჯარო ინტერესი და ამ მასალის გამოყენების დასაბუთება, რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ ასეთი კადრების გავრცელება გადაწონის დაღუპულის ოჯახის წევრების რეტრამვირების რისკს.

ასევე, ამ თემაზე: მკვლელობის კადრები “ექსკლუზიურად ფორმულაზე”

ამ შემთხვევებიდან ერთი თვით ადრე ტელეკომპანია "ფორმულამ" საინფორმაციო გამოშვებაში ასევე „ექსკლუზიურად" უჩვენა თბილისში, ახალგზარდა კაცის, ნიკა კვარაცხელიას სასიკვდილოდ დაჭრის დაუფარავი კადრები.
ენმ-ს ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა მაუწყებლების რაკურსით
21 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ თბილისის მთავრობს ჩრდილოვანი კაბინეტის წევრების წარდგენა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გამოშვების დასასრულს, მანიპულაციურად გააშუქა. რუსთავი 2-მა პრეზენტაციას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და ეთერის ბოლოს მხოლოდ წუთნახევრიანი კადრსინქრონი გაუშვა. “იმედმა” და “პოსტვ-მ” კი ენმ-ს პრეზენტაციას დრო საერთოდ არ დაუთმო.

რა მოხდა?

21 ოქტომბერს 21:00 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები წარუდგინა.

როგორ გააშუქეს ცენტრალურმა მაუწყებლებმა?

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, “მოამბის” დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მეორმოცე წუთზე, ბოლო ამბად, სპორტული სიახლეების წინ, ორ ნაწილად გააშუქა. თავდაპირველად პრეზენტაციიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო ჟურნალისტი, რომელიც მაყურებელს მოუყვა წარდგენილი კანდიდატების შესახებ. ეთერში მოვისმინეთ ნაწყვეტები ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გამოსვლებიდან.

პირდაპირი ჩართვის შემდეგ კი, “მოამბეში” გავიდა მანიპულაციური შინაარსის სიუჟეტი, სადაც წამყვანი და ჟურნალისტი სკეპტიკური ტონით უყვებოდნენ მაყურებელს თუ “როგორ უნდა მართოს ოთხპარტიული ოპოზიციური შემადგენლობის მთავრობამ დედაქალაქი საკრებულოსთან ერთად, სადაც მანდატების უმრავლესობას “ქართული ოცნება” ფლობს”.

წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას მაყურებელს თავიდანვე აცნობა, რომ “ენმ-ს კოალიციურ ჩრდილოვან კაბინეტს არასერიოზულად განიხილავს ოპოზიციის ერთი ნაწილი” - ამის მაგალითად, სიუჟეტში გიორგი გახარიას პარტიისა და ანა დოლიძის კომენტარები გავიდა. თუმცა ამ კომენტარებში ისინი მხოლოდ ამბობდნენ, რომ ენმ და “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავენ და არაფერი იყო ნახსენები.

სიუჟეტის დაწყებისას კი ჟურნალისტმა თხრობა ასე დაიწყო: “ჩრდილოვანი კაბინეტი ჩრდილიდან გამოდის. ახლა უკვე, როცა ცნობილია, რომ ჯერ არჩატარებულ არჩევნებამდე, ჯერაც არარსებულ ქალაქის მთავრობაში ყველა პოსტი უკვე განაწილებულია, ჯერ არშემდგარ თანამდებობის პირებს ისღა დარჩენიათ, 30 ოქტომბრის საარჩევნო განაჩენს დაელოდონ”.

ჟურნალისტი განიხილავდა სავარაუდო მოცემულობას, რაც ნიკა მელიას არჩევნებში გამარჯვებას შესაძლოა მოჰყვეს: თუ დავუშვებთ, რომ ნიკა მელია მართლა გაიმარჯვებს, “ჩრდილიდან შესაძლოა, მაინც ვერ გამოვიდეს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საკრებულოს არჩევნები “ქართულ ოცნებას” უკვე მოგებული აქვს და უმრავლესობასაც ფლობსო”. ჟურნალისტი უფრო შორეულ მომავალსაც განიხილავდა და ამბობდა, რომ მელიას გამარჯვების შემთხვევაში, “გაზაფხულზე, სულაც, შესაძლოა, ახალი მერი იყოს ასარჩევი”.

ჟურნალისტის სკეპტიკური ტონი სიუჟეტს დასასრულამდე, ანუ იქამდე გასდევდა, სანამ ეთერში “ქართული ოცნების” შეფასებები გავიდოდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდნენ, რომ “კრიმინალ მელიას წაგება გარანტირებული აქვს”.

მათი კომენტარები ავტორმა ასე წარუდგინა მაყურებელს: “შესაძლოა, სხვა თბილისური არჩევანის მოლოდინისა თუ საკანონმდებლო კონტექსტების გათვალისწინებითაც, მმართველი პარტია ირწმუნება, რომ მელიას ჩრდილოვან კაბინეტს ჩრდილიდან გამოსვლა არ უწერია”.

რუსთავი 2

რუსთავი 2-მა ენმ-ს პრეზენტაციას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, ამბავი დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების 52-ე წუთზე, წუთ-ნახევარიან კადრსინქრონად გააშუქა. ამის შემდეგ კი ამდენივე დრო იმის მტკიცებას დაუთმო, რომ ოპოზიციის მიერ პოსტების გადანაწილება არასერიოზულია: მაყურებელმა მოისმინა ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის კომენტარები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ “კრიმინალ მელიას” გამარჯვების შანსი არ აქვს და “ოპოზიციის ადგილი ჩრდილშია”.

სამაგიეროდ, “რუსთავი 2-მა” გამოშვებაში ვრცელი სიუჟეტებები მიუძღვნა, ისეთ ამბებს, როგორიცაა, მაგალითად, 500 ლარიანი ვაუჩერები - მერიის ახალი ინიციატივა. ერთ-ერთი სიუჟეტი კი ღარიბაშვილის რუსთავში სტუმრობას და იმის მტკიცებას მიეძღვნა, რომ "ქართული ოცნება" ოცივე მუნიციპალიტეტის მოგებაში დარწმუნებულია.

იმედი

ენმ-ს პრეზენტაციის დროს “იმედის” ეთერში სერიალი “ერთხელ ჩუკუროვაში” გადოდა. თუმცა, ოპოზიციის “ჩრდილოვანი კაბინეტზე" “იმედმა” მანიპულაციური სიუჟეტი წინასწარ, 20:00 საათიან “ქრონიკაში” გაუშვა.

არხმა მაყურებელს აცნობა, რომ ექსპო-ჯორჯიაში “ნიკა მელიას პოლიტიკური შოუსთვის ემზადებიან”. წამყვანი კი ცინიკური ტონით ყვებოდა, რომ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში “ახალბედები, ლელოელები და ბარიერს მიღმა მყოფები უკვე დასაქმდნენ”. “იმედის” მაყურებელს ნიკა მელიას პოზიციის გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცა, სამაგიეროდ, პრემიერ მინისტრისა და ქართული ოცნების წევრების კომენტარები მოისმინა, რომლებიც ოპოზიციას ილუზიებიდან გამოსვლასა და წაგებისთვის მომზადებას ურჩევდნენ.

სხვა არხები

21 ოქტომბერს ენმ-ს მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ თბილისის მთავრობს ჩრდილოვანი კაბინეტის წევრების წარდგენას “მთავარმა არხი”, “ფორმულა”, “ტვ პირველი”, “პალიტრანიუსი” და “კავკასია” თითქმის ერთ საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
“იმედინიუსი” შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აქვეყნებს
იმედინიუსი” და რამდენიმე მედიაგამოცემა, ახალ ამბად, შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ და დაუდასტურებელ წყაროზე დაყრდნობით,“ნაციონალური მოძრაობის ჩრდილოვანი კაბინეტის” შემადგენლობას აქვეყნებენ.

რა მოხდა

20 ოქტომბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ირაკლი ლატარიამ, რომელიც პროსახელისუფლებო განცხადებებით არის ცნობილი, დაწერა ფეისბუქ პოსტი, თითქოს, “ხელში ჩაუვარდა ნაციონალური მოძრაობის ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგებლობა”.

პოსტის ავტორი არ წერს, რომ ინფორმაცია სერიოზულია ან ფაქტებს ეყრდნობა და ფეისბუქ მომხმარებლებიც კომენტარებში ირონიულად ეხმანებიან ლატარიას გავრცელებულ ინფორმაციას.



მიუხედავად ამისა, გამოცემები სიტყვა-სიტყვით აქვეყნებენ მინისტრების ჩამონათვალს და, მათ შორის, წერენ, რომ “ფორმულას” ჟურნალისტი ვახო სანაია თავდაცვის მინისტრი იქნება. “იმედინიუსმაც” ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უაპელაციოდ, გამოაქვეყნა ირაკლი ლატარიას სტატუსი ნამდვილ ამბად და დაწერა, რომ ნაციონალური მოძრაობის “ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობაზე ინფორმაციას ექსპერტი” აქვეყნებს.

ამ დროისთვის (18:00) ლატარიას პოსტი, “იმედინიუსის” გარდა, ახალ ამბად გამოქვეყნებული აქვს “ახალი თაობას” და for.ge-ს.

რა პრობლემაა

იმედინიუსი” გამოქვეყნებული მასალის პირველსავე წინადადებაში ხაზს უსვამს, რომ ინფორმაციას ექსპერტი აქვეყნებს. ტექსტში არსად არის ნახსენები, რომ ინფორმაცია შესაძლოა იყოს სარკასტული, დაუდასტურებელი, არასანდო ან სულაც არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. მასალა მთლიანად ეყრდნობა ერთადერთ წყაროს - თავად პოსტის ავტორს. მსგავსი ფორმულირებით გავრცელებული ინფორმაცია კი მკითხველისთვის შეცდომაში შემყვანია.

კონტექსტი

ტელეკომპანია “იმედმა” 18 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე, განაცხადა, რომ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და არ დაუშვებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ტელევიზიის განცხადებით „იმედი“ როგორც ბრძოლის სიმბოლო, ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

ვრცლად: ტელეკომპანია „იმედის“ „პოლიტიკური განაცხადი“
გახარია “სუპერძალოვანი მინისტრობიდან” “მოღალატეობამდე” “იმედზე”
მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ ხელისუფლება დატოვა და საკუთარი პარტია ჩამოაყალიბა, ტელეკომპანია “იმედმა” ნარატივი “ქართული ოცნების” რიტორიკის კვალდაკვალ, ნელ-ნელა შეცვალა: “სუპერძალოვან მინისტრად”, “კრიზისმენეჯერად” და “გავლენიანან, სტრატეგ პოლიტიკოსად” წოდებული გახარია - “ნეპოტისტი” და “მოღალატე” გახდა, რომლის “კოკაინშიკობაზეც” სერიოზული ეჭვებია.

როგორ აშუქებდა “იმედი” გახარიას პოლიტიკურ მოღვაწეობას ხელისუფლებაში ყოფნისას

სანამ გიორგი გახარია ხელისუფლებაში იყო, “იმედი” ცდილობდა, რომ მის სახელთან დაკავშირებული ყველა გახმაურებული საქმე, “ქართული ოცნების” ინტერესებიდან გამომდინარე, მის სასიკეთოდ გაეშუქებინა.

მაგალითად, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, მასთან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციების (ღამის კლუბებში შესვლის, ჰესის საწინააღმდეგოდ გამოსული მოსახლეობის დასარბევად პანკისში სპეცრაზმის შეყვანის, “გავრილოვის ღამეს” მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლის) გაშუქებისას, „იმედი“ ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების გამოყენებით გიორგი გახარია ქვეყანაში წესრიგს და მშვიდობას ამყარებდა.

გიორგი გახარიას გამართლებას და მისი “კეთილი საქმეების” ტირაჟირებას “იმედზე” წლების მანძილზე, ტენდენციური ხასიათი ჰქონდა.

თითქმის ორი წლის განმავლობაში, “იმედი” აქტიურად ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ გახარიამ 20 ივნისს პროპორციული ძალა გამოიყენა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა აღკვეთა. პარალელურად, აქციაზე პარლამენტთან გამოსული მშვიდობიანი ხალხის დარბევისას, 250 ადამიანის დაშავებაზე პასუხისმგებლობას “რადიკალურ ოპოზიციას” აკისრებდა.

“იმედი” იმდენად შორს მიდიოდა, რომ “ჩამოშლილ ეკონომიკასაც” ანტისაოკუპაციო აქციებს აბრალებდა და არასამთავრობო სექტორს “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაში სდებდა ბრალს.

და მაშინ, როდესაც 20 ივნისის შემდეგ, საზოგადოება გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდა, “იმედი” ცდილობდა ისეთი ფონი შეექმნა, თითქოს, მისი გადადგომა არა ხალხს, არამედ “რადიკალურ ოპოზიციას” და მათ მიერ მართულ ძალებს სურდათ.

ამავე პერიოდში, ირაკლი ჩიხლაძის ერთ-ერთი გადაცემა “პირისპირ” მთლიანად ხელისუფლების პოზიციების გამყარებას და იმის მტკიცებას მიეძღვნა, რომ 20 ივნისის გახარიას უწყება მშვიდობიან მოქალაქეებს კი არ გაუსწორდა, არამედ პარლამენტი შტურმისგან დაიცვა. ამავე ეთერში, “იმედიმა” სატელეფონო ინტერაქტივი ჩაატარა და ქუჩაში ხალხს, შემდეგ კი ემიგრანტებს მიმართა კითხვით “უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან შს მინისტრი”. კითხვაზე პასუხად, მაუწყებლის მიერ ჩაწერილი რესპონდენტების თითქმის 100% კი ამბობდა, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადამდგარიყო.

“არშემდგარი გადატრიალების ისტორია“ - 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ამ სათაურით, “იმედმა” 40 წუთიანი ფილმიც მოამზადა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ გახარიამ „ქვეყანა გადატრიალებისგან იხსნა”.



გიორგი გახარიას დაწინაურების შემდეგ, “იმედი” ოპოზიციის პროტესტს პოლიტიკურ მასკარადად აფასებდა და მაყურებელს არწმუნებდა, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა. ადამიანი, რომელიც „მწვავე შემთხვევებშიც არ ერიდება კომუნიკაციას“, „გავლენიანი და, აშკარად, კარგი სტრატეგი“, შს მინისტრი, რომელსაც „არაერთხელ მოუწია დაძაბული სიტუაციის განმუხტვა“ და პოლიტიკური ფიგურა, რომლისაც “ნაციონალურ მოძრაობას” ეშინია - ასე ახასიათებდა მაშინ “იმედი” ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

როგორ შეიცვალა "იმედის" რიტორიკა გახარიას ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ

მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ ხელისუფლება დატოვა, “იმედს” მასთან “არაერთი კითხვა და ეჭვი” გაუჩნდა. “ქართული ოცნების” გზვნილების შესაბამისად, სრულიად შეიცვალა გიორგი გახარიას “ხატი”, რომელსაც არხი წლების განმავლობაში ქმნიდა.

სუპერძალოვანი მინისტრი”, მალევე “გუნდის მოღალატე, გადამდგარ პრემიერად” გადაიქცა.



ბოლო 7 თვის განმავლობაში, “იმედი” გახარიას დისკრედიტაციას სხვადასხვა გზით ცდილობს. მაუწყებელი ჯერ ნეპოტისტურ ქსელზე და მისი პარტიის საეჭვო დაფინანსებაზე, მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან კავშირზე, ბოლოს კი, გახარიას სავარაუდო ნარკომომხმარებლობაზე ალაპარაკდა.

⇒ გახარიას პარტიის საეჭვო ფინანსები და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი

“იმედი” თავდაპირველად გახარიას პარტიის “გაურკვეველი” ფინანსებით დაინტერესდა. 3 ივნისს არხმა სიუჟეტი მოამზადა, სადაც მაყურებელს ამცნო - სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ პარტიას “საქართველოსთვის” დავით კეზერაშვილი აფინანსებსო. პარალელურად, თვეების განმავლობაში “იმედი” ხელისუფლების გზავნილებს განავრცობდა და სააკაშვილისა და გახარიას კავშირზე ეჭვებს აჩენდა.

თუ იქამდე მაუწყებელი თავის აუდიტორიას არწმუნებდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გახარიასი ეშინია, ახლა არხმა იმის იმის მტკიცება დაიწყო, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი მიხეილ სააკაშვილთან და მის პარტიასთან არის შეკრული. 23 ივნისს, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, “იმედმა” ვაშინგტონში სააკაშვილისა და “გადამდგარი პრემიერის” კონსპირაციულ შეხვედრაზე მოუყვა მაყურებელს. 27 ივნისს კიდევ უფრო ვრცლად ისაუბრა ვაშინგტონში “კულუარებიდან გამოტანილ” ინფორმაციაზე.

12 სექტემბერს კი “იმედმა” წინა პერიოდის ეჭვები შეაჯამა და სპეცრეპორტაჟი მიუძღვნა “გაქცეულ პრეზიდენტსა და გადამდგარი პრემიერს” შორის კავშირების ძებნას. სიუჟეტში ჟურნალისტი ირონიული ტექსტებით ცდილობდა გახარიას დისკრედიტაციას, რესპონდენტები კი მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ.



⇒ ნეპოტიზმი და კითხვები გახარიას მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციებზე

9 ივნისს, “იმედმა” “აღმოაჩინა”, რომ გიორგი გახარია, ხელისუფლებაში ყოფნისას, თურმე, „არათუ ებრძოდა ნეპოტიზმს და კორუფციას, არამედ - სახელმწიფო უწყებებში თავის ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს ასაქმებდა და აწინაურებდა“.

შეიცვალა “იმედის” რიტორიკა გახარიას მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებითაც. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას გიორგი გახარიას მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციებზე “კითხვები გაუჩნდა”, “იმედმაც” არ დააყოვნა და “ქართული ოცნების” რიტორიკას ფეხდაფეხ მიჰყვა.

“გახარიას მიერ გამოყენებული პროპორციული ძალა”, ახლა კითხვისნიშნის ქვეშ დადგა. თუ მანამდე “იმედი” 20 ივნისის აქციაზე 250 ადამიანის დაშავებას “რადიკალურ ოპოზიციას” აბრალებდა და ამბობდა, რომ შს მინისტრმა მაშინ ქვეყანა გადატრიალებისგან იხსნა, ახლა 20 ივნისი გახარიასთან დაკავშირებულ “ყველაზე მძიმე, ხმაურიანი ღამედ” იქცა და ტელეკომპანია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ “დაშვებულ შეცდომებზე” ალაპარაკდა.



⇒ ეჭვები და ბრალდებები გახარიას “კოკაინშიკობაზე”

გიორგი გახარიას ნარკომომხმარებლობასთან დაკავშირებული ბრალდებები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩაიტარა და მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა შემოწმების გავლისკენ.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს განცხადებების გავრცელება და გახარიას ნარკომომხმარებლობაზე მინიშნებების გაკეთება. 17 სექტმბერს კი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას პირდაპირ უწოდა “კოკაინშიკი”.

პარალელურად, კი იმედმა ფაქტობრივად, კამპანია დაიწყო ასეთი შინაარსის სიუჟეტებით: რატომ გაურბის ნარკოტესტს, გაივლის თუ არა გადამდგარი პრემიერი ნარკოტესტს - რომლებიც გახარიას სავარაუდო ნარკომომხმარებლობაზე აკეთებდა აქცენტს.

მოგვიანებით, გახარიამ ექსპერტიზა ქალაქ ვენაში, კლინიკა Rudolfinerhaus-ში ჩაიტარა და საზოგადოებას ამცნო, რომ “დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა”. „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილმა კი, ამ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რომ კლინიკა, სადაც გახარიამ ნარკოტესტი ჩაიტარა, სანდო არ არის.

თავდაპირველად, “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, კლინიკა, რომელშიც გახარიამ კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არისო. საბოლოოდ კი, იმის დასადგენად, ნამდვილად ჩაიტარა თუ არა გახარიამ ნარკოტესტი - ავსტრიაში გადამღები ჯგუფი ავსტრიაში გაგზავნა. ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ექიმის აედევნა და მისი და Rudolfinerhaus-ის კლინიკის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებით, ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ გიორგი გახარიას ნარკოლოგიური შემოწმება საერთოდ არ გაუვლია.



⇒ ეთერიდან გამქრალი ერთ დროს სასურველი სტუმარი

მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ოპოზიციურად განწყობილ მაუწყებლებში საერთოდ არ დადიოდა, მაყურებელს ხელისუფლების პირველი პირების, მათ შორის გიორგი გახარიას ხილვის და “ექსკლუზიური ინტერვიუების” მოსმენის “ფუფუნება” მხოლოდ “იმედზე” ჰქონდა. ტენდენცია ახლაც ნარჩუნდება და მინისტრები და “ქართული ოცნების” ლიდერები “იმედის” გადაცემებში კვლავაც აქტიურად დადიან. თუმცა, მას შემდეგ, რაც გახარია ხელისუფლებიდან წავიდა, “იმედმა” მისთვის ეთერის დათმობაზე უარი თქვა.

31 მაისს გიორგი გახარიას პრესკონფერენციაზე “იმედი” საერთოდ არ მივიდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ გახარიას პარტიის შეკრება “განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად” არ მიიჩნია. გახარიამ არხს მასთან პირველი ინტერვიუც შესთავაზა. რაზეც “იმედმა” განაცხადა, რომ მისთვის “ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად ეჩვენება”.

23 სექტემბერს გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა “იმედის” პირდაპირ ეთერში სტუმრობაზე და არხს მიმართა: “გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ. აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უარს ამბობთ ეთერში ჩემს მოწვევაზე”.

ამის ფონზე, „იმედის“ ეთერიდან ხშირად ისმის რიტორიკული განცხადებები, რომ გახარიასთან ბევრი კითხვაა, რომ მისგან განმარტებებს ელოდებიან, “ვნახოთ, რას იტყვის ბრალდებებზე გადამდგარი პრემიერი” და ა.შ. თუმცა, ჩანს, რომ ხელისუფლების დღის წესრიგს ფეხდაფეხ აყოლილ მაუწყებლში გიორგი გახარიასთვის დასათმობი დრო და ადგილი აღარ იძებნება.
“იმედის” ეჭვები გახარიას ნარკოტესტზე და ავსრტიაში ექიმს ადევნებული ჟურნალისტი
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ნარკომომხმარებლობაზე მინიშნებით გიორგი გახარიას დისკრედიტაციის მცდელობა დაიწყო, ტელეკომპანია “იმედი” ცდილობს ხელისუფლების ნარატივი გაავითაროს და გაამყაროს.

ნამდვილად ჩაიტარა თუ არა გახარიამ ნარკოტესტი - ამის დასადგენად ტელეკომპანია “იმედიმა” 22 სექტემბერს გადამღები ჯგუფი ავსტრიაში გაგზავნა. ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ექიმის აედევნა და მისი და Rudolfinerhaus-ის კლინიკის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებით, ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ გიორგი გახარიას ნარკოლოგიური შემოწმება საერთოდ არ გაუვლია.

როგორ ცდილობს “იმედი” გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე ეჭვების გაჩენას

ნარკოლოგიური შემოწმების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩაიტარა და მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა შემოწმების გავლისკენ.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს განცხადებების გავრცელება და გახარიას ნარკომომხმარებლობაზე მინიშნებების გაკეთება. 17 სექტმბერს კი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას პირდაპირ უწოდა “კოკაინშიკი”.

იმავე დღეს პარტიამ “საქართველოსთვის” გიორგი გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების პასუხი ფეისბუქზე გამოაქვეყნა. პარტიის ინფორმაციით, გახარიამ ექსპერტიზა ქალაქ ვენაში, კლინიკა Rudolfinerhaus-ში ჩაიტარა და “დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა”.

ქართული ოცნების წევრების ნაწილმა ამ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რომ კლინიკა, სადაც გახარიამ ნარკოტესტი ჩაიტარა, სანდო არ არის. პარალლეურად, ამავე შინაარსის ამბების გამოქვეყნება დაიწყო ტელეკომპანია “იმედმაც”. საბოლოოდ კი ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა “ამბის გადამოწმება” ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადაწყვიტა.

თუმცა, სანამ “იმედის” გადამღები ჯგუფი ავსტიაში ჩავიდოდა, არხმა Rudolfinerhaus-ის კლინიკის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება სხვა გზით სცადა. გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლინიკა, რომელშიც გახარიამ კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის. “სამაგიეროდ გაერთიანების ღირსეული წევრია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. საინტერესოა, რატომ ენდო გახარია კერძო კლინიკაში, ნევროლოგთან გაკეთებულ ნარკოტესტს და არა სამხარაულს” - წერდა “იმედი” საჯარო მმართველობის დოქტორის, თამთა მეგრელიშვილის ფეისბუქ პოსტზე დაყრდნობით, რომელიც სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

რის დადგენას ცდილობდა “იმედი” ავსტრიაში

“იმედის” გადამღები ჯგუფი ავსტრიაში 22 სექტემბერს ჩავიდა. “ინფორმაციის გადამოწმება გვსურდა, სწორედ ეს არის ჩვენი მოვალეობა” - ამ სიტყვებით დაიწყო ჟურნალისტმა გადაცემა “იმედი LIVE-ის” პირდაპირ ეთერში ჩართვა. მისი თქმით, გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა, რის გამოც ექსპერიმენტის ჩატარება და Rudolfinerhaus-ის კლინიკიდან მიღებული პასუხის ნამდვილობის გადამოწმება სცადეს.

ქეთევან ქარდავა დაჟინებით ეკითხებოდა ექიმ მუჰამედ ბაღეის, იცნობს თუ არა გახარიას, ექიმი კი უმეორებდა, რომ სამედიცინო კონფედენციალურ ინფორმაციას ვერ გასცემდა.

ჟურნალისტმა, ისევე როგორც გადაცემის წამყვანებებმა, ძალიან გაიკვირვეს, რომ ექიმი პაციენტის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა.

იმის მიუხედავად, რომ გახარიამ თავად გამოაქვეყნა დასკვნა, საერთაშორისო სტანდარტით, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობითაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება. კანონში განმარტებულია, რომ “სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ”.

ჟურნალისტი ეთერში ამბობდა, ექიმი მის “მარტივ კითხვაზე განერვიულდა”: “იმდენად აფორიაქდა, რომ დაიწყო უმისამართოდ ვენის ცენტრში სიარული. ჩვენ გავეკიდეთ მას, ვდიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და ვერ მივიღეთ პასუხი” - თქვა ჟურნალისტმა, თუმცა კადრში მხოლოდ ის ჩანდა, რომ ჟურნალისტი ვენის ქუჩაში მიკროფონით მისდევს ექიმს.

ბოლოს ჟურნალისტმა თავად გამოიტანა დასკვნა: “დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მან გიორგი გახარიას შესახებ არაფერი იცოდაო”.

რას (არ) ადასტურებს “იმედის” ექსპერიმენტი

ჟურნალისტი მაყურებელს უყვებოდა, რომ ექსპერიმენტის ჩაატარა და ნარკოტესტის გაკეთება იმ კლინიკაში თავადაც სცადა. თუმცა, “იქ ნარკოლოგიური განყოფილება საერთოდ არ აღმოჩნდა”. მისი თქმით, საავადმყოფოში უთხრეს, რომ ძალიან უცნაურია, რომ გახარიას ნარკოტესტის პასუხზე მათი საავამყოფოს სახელწოდება აწერია. ამ შემთხვევაშიც, ჟურნალისტის მოყოლილი ამბის დამადასტურებელი ფაქტები მაყურებელმა ვერც ნახა და ვერც მოისმინა.

“რა უხერხული სიტუაციაა, რა ბნელი ისტორიაა” - ამბობდა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი მაგდა ანიკაშვილი და სიცილით ამბოდა, რომ “შეუძლებელია იმ კლინიკაში ნარკოტესტის გაკეთება”

ჟურნალისტი იმეორებდა, რომ გიორგი გახარიასგან განმარტებებს ელოდებიან, თუ “რატომ ჩაიგდო ასეთ უხერხულ სიტუაციაში თავი”. თუმცა, მთელი გადაცემის მსვლელობისას ვერ ვნახეთ მცდელობა, რომ გახარიას დაკავშირებოდნენ და მიეცათ მაყურებლისთვის ბრალდების მხარის პოზიციის მოსმენის შესაძლებლობა.