ხორავას ქუჩის საქმე კვირის მთავარ გადაცემებში
06.06.2018
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტი 31 მაისიდან დღემდე მაუწყებლების ერთ-ერთი მთავარი თემაა. “იმედის”, “რუსთავი 2-სა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები კვირის ბოლოსაც ამ საკითხს დაეთმო, თუმცა განსხვავებული გზავნილებით.

“იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც შაბათს, ასევე კვირას, ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტებსა და გადაცემებში მთავარ აქცენტს აკეთებდნენ აქციის პოლიტიზებაზე - სოლიდარობის მიზნით დაწყებული პროტესტი გადაიქცა პოლიტიკურ აქციად. მაშინ, როდესაც “რუსთავი 2” ხაზგასმით ამბობდა, რომ ეს იყო მოკლული არასრულწლოვნის მამის სოლიდარობის აქცია.

სამივე არხი განსხვავებული რაკურსებით გვთავაზობდა რუსთაველის გამზირსა და ვაკის პარკში მიმდინარე აქციების კადრებს. ასევე, რადიკალურად განსხვავდებოდნენ საქმის ის მთავარი ფიგურები, რომლებზეც მაუწყებლებმა ვრცელი სიუჟეტები მოამზადეს. “იმედმა” ასეთ რესპონდენტად აქციების ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კუპრავა, “რუსთავი 2-მა” კი ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი შეარჩია.

შაბათი, 2 ივნისი


შაბათის გადაცემები სამივე არხმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების დეტალებით დაიწყო. “იმედმა” გამოშვება შსს-ს მაღალჩინოსნების დაკითხვის თემით გახსნა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - მომხდარის თვითმხილველი არასრულწლოვნების, “რუსთავი 2-მა” კი აუდიტორიას საქმეში არსებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სასულიერო პირის შვილია და სავარაუდოდ მას გამოძიება ხელს აფარებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის შაბათის 9-საათიანი გამოშვება 6 საათზე დაწყებული პირდაპირი ეთერის გაგრძელება იყო. საღამოს გამოშვების პირველი სიუჟეტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების “ახალ ეტაპს” ეხებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ატყობინებდა მაყურებელს, რომ მთელი დღის განმავლობაში შსს-ში 5 მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობდა.

გამოშვების მთავარი აქცენტები ასეთი იყო:

  • გამოძიება გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მასთან მოწმეები არ თანამშრომლობენ - ეს გზავნილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისგან ვლადიმერ ბორცვაძისგან მოვისმინეთ, რომლის ჩართვა სტუდიაში გადაცემის დასრულებამდე სამჯერ შემოგვთავაზეს განმეორებით.

  • აქცია გუშინდელთან შედარებით გაცილებით პოლიტიკურია - “მოამბემ” ამის დასადასტურებლად საპროტესტო აქციაზე რამდენიმე გამომსვლელის განცხადება მოგვასმენინა.

  • “პარლამენტმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და პირველად ასეთ საქმეში, შექმნა საგამოძიებო კომისია”, - დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგამოძიებო კომისიის შემქნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბორცვაძის მსგავსად, ეკა ბესელიას ჩართვაც გადაცემის დასრულებამდე განმეორებითაც გვაჩვენეს.

“იმედი”

შაბათის “ქრონიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარის თვითმხილველი არასრუწლოვნების დაკითხვის თემით დაიწყო. მეორე სიუჟეტად “იმედმა” პატრიარქთან ზაზა სარალიძის შეხვედრის შესახებ მოუთხრო მაყურებელს, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში აქცია ჩართო. ჩართვისას “იმედის” ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას მუშაობაში ხელს უშლიდნენ, შეეცადნენ ტრიბუნასთან ახლოს მისვლას, თუმცა იქ მდგომი პირები ამბობდნენ, რომ ზაზა სარალიძეს იცავდნენ და ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, ასევე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ზაზა სარალიძისგან ინტერვიუს აღებას, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

შაბათის "ქრონიკაში" ცალკე სიუჟეტი მიეძღვნა იმას, ვინ არის ზვიად კუპრავა. მასალის თანახმად, კუპრავა -”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, წინა ხელისუფების პერიოდში მუშაობდა შსს-ში, აქციაზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს, მის გამო ხალხის ნაწილმა დატოვა აქცია (გვაჩვენეს აქციის ერთ-ერთი მონაწილის სტატუსი ფეისბუქზე, სადაც იგი ამბობს, რომ კუპრავა არის მკვლელი, მონაწილეობდა 26 მაისის აქციის დარბევაში), არასდროს ტოვებს მარტო ზაზა სარალიძეს, მისი წარსულით დაინტერესდა დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც, ხელისუფლება კი “ნაციონალურ მოძრაობას” ტრაგედიით მანიპულირებაში ადანაშაულებს (თბილისის მერის კახა კალაძის კომენტარი).

ამ სიუჟეტის შემდეგ “იმედმა” მიმდინარე მოვლენების შეფასებები შემოგვთავაზა. სტუმრებთან (დავით ბაქრაძე, მამუკა მდინარაძე, ნინო ლომჯარია) კითხვების ფოკუსი იყო: არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკოსები აზარალებენ პროცესს, რომელიც შეიძლება აქციებიდან საქმეზე გადავიდეს? პოლიტიკოსების ერთი ჯგუფის წახალისებით აქციაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ადექვატურია? ხომ არ შეჰყავს, გარკვეულ პოლიტიკურ სპექტრს მოქალაქეები შეცდომაში? და ა.შ.

“რუსთავი 2”

შაბათის “კურიერმა” მაყურებელს რამდენიმე ახალი ინფორმაცია მიაწოდა. გადაცემა ექსკლუზივით დაიწყო, რომელშიც მაყურებელმა გაიგო, რომ საქმეს კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშვე ჰყავს, ასევე არასრულწლოვანი, სასულიერო პირის შვილი, რომელსაც გამოძიება ხელს აფარებს; მიუხედავად იმისა, რომ ეთიკური სტანდარტები მედიას არასრულწლოვანი სავარაუდო ბრალდებულის ვინაობის დაფარვას ავალდებულებს, გადაცემის წამყვანმა მისი სახელისა და გვარის გამჟღავნება მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა. მასალაში არ ჩანდა სრული კონტექსტი, რატომ შეიძლება აფარებდეს ხელს ხელისუფლება ამ არასრულწლოვანს, რა გავლენა აქვს სასულიერო პირს, მაყურებელს არ უნახავს არასრულწლოვნის ოჯახთან დაკავშირების მცდელობა.

არხმა აუდიტორიას შესთავაზა სიუჟეტი მირზა სუბელიანზე, რომლის დაკავებასაც ზაზა სარალიძე დიდი ხანია ითხოვს. მოგვიანებით კი აუდიტორიას ის ახალგაზრდები გააცნო, რომლებიც სარალიძის მხარდამჭერ მოძრაობას - “ნუ მომკლავ” უდგანან სათავეში.


განსხვავებით იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, “შაბათის კურიერში” როგორც წამყვანის, ასევე ჟურნალისტის ტექსტში ხაზგასმული იყო, რომ აქციაზე დგანან რიგითი მოქალაქეები: “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ აქციებზე სიტყვით მხოლოდ ხალხი გამოდის - ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებს და ამბობს, რომ ქვეყნის ათობით მოქალაქე სამართლის გარეშე დარჩა”, - თქვა წამყვანმა ნოდარ მელაძემ და იგივე აქცენტებით გააგრძელა საუბარი ჩართვისას ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ.

კვირა, 3 ივნისი


კვირის გადაცემებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ვაკის პარკში მიმდინარე აქციის თემაც დაემატა. განსხვავებებიც ამჯერად ამ აქციის გაშუქებისას გამოიკვეთა. სხვადასხვა იყო ვაკის აქციის გაშუქების ხანგრძლივობა, კადრები ამ ორი აქციიდან და აქცენტები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში არ გაუშვია ინცინდენტები, რა დროსაც სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას აგინეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

კვირის გადაცემაში, “ახალი კვირა” საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე პირდაპირ თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე მართვის სადავეები ხელში ოპოზიციურმა პარტიებმა აიღეს და მიკროფონი პოლიტიკოსების ხელშია. ტელევიზიამ მაყურებელს სიუჟეტიც შესთავაზა, სახეწოდებით, - სოლიდარობიდან პოლიტიკამდე, რომელშიც დეტალურად მოუთხრო “როგორც იქცა სოლიდარობის გამომტახველი აქცია პოლიტიკურ პროტესტად”.

კადრი

განსხვავებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისა, რომლის კადრებს აღნიშნული მაუწყებელი შორი ხედით აჩვენებდა, ვაკის აქციიდან კადრებს გვთავაზობდა ახლო ხედით, შესაბამისად, აქციას უფრო ხალხმრავალს ხედავდა აუდიტორია. ამ სიუჟეტს კი წინ უძღოდა ამბავი იმის შესახებ, რომ ახალგაზრდების ნაწილი გაემიჯნა რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს მისი პოლიტიზებულობის გამო.

ჩართვაში ჟურნალისტი ყვებოდა, რომ აქ არიან ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს განიცდიდნენ რეპრესიებს, შვილმკვდარი მშობლები და სხვადასხვა აქციაზე დაზარალებლები. ისინი ამბობენ, რომ რუსთაველზე იმის გამო არ გადიოდნენ და დღესაც არ გავიდნენ, რომ იქ კონკრეტულმა პარტიამ ჩაიგდო მართვის სადავეები ხელში.

“წარმოუდგენელია იმათთან ერთად დგომა რუსთაველზე. რა უნდა ამ კაცს ვერ ჩამოყალიბდა, თუ თავისი შვილის მკვლელობის გამოძიება უნდა, გადადგა მთავარი პროკურორი, შეიქმნა საგამოძიებო კომისია და უნდა ვაცადოთ, რაღაც დრო მივცეთ”, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჩართვისას.

ვაკის აქციას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 13 წუთი დაუთმო და აქციიდან ექვსი მონაწილე ჩართო ექვსივე ერთი და იმავე ტექსტით - რუსთაველზე მიმდინარე აქცია პოლიტიკურია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კვირის გადაცემის სტუმრები იყვნენ: კახა კალაძე, რომელმაც თქვა, რომ მასაც აქვს გამოცდილი, როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას. ასევე, არხს ჰქონდა ექსკლუზიური ინტერვიუ მირზა სუბელიანთან, რომელიც ამბობდა, რომ მზადაა გასცეს პასუხი ყველა კითხვას, არსად არ წასულა და არც შვილს აფარებს ხელს, პირიქით, თავად მიიყვანა საგამოძიებო ორგანოში.

გადაცემა “ახალ კვირაში”, რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი იმას, რომ ზაზა სარალიძე, რომელიც ვაკის აქციიდან სახლში წავიდა, რუსთაველის გამზირზე იქ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მიიყვანეს.

“ახლა კადრში შეგიძლიათ ნახოთ აქციის მონაწილეები, რომლებმაც ზაზა სარალიძეს სახლში მიაკითხეს და სავარაუდოდ ის აქციაზე დააბრუნეს”... “მე შეგახსენებთ, რომ მას სახლში მიაკითხეს აქციის მონაწილეებმა და წაიყვანეს”... “სარალიძე აქციაზე არ იმყოფებოდა მთელი დღის განმავლობაში, ის ვაკის პარკში მიმდინარე აქციას შეუერთდა, რომელსაც ახალგაზრდები მართავდნენ, რომ პოლიტიკოსები არ შეერთებოდნენ ამ აქციას და ყოფილიყო სუფთა სამართლის აქცია სუფთა ხელებით, პოლიტიკოსების გარეშე…ეს აქცია დატოვა ზაზა სარალიძემ და სახლში წავიდა, თუმცა მას სახლში მიაკითხეს, ეს ჩვენ გადავიღეთ. რუსთაველის აქციის ორგანიზატორებმა მას სახლშ მიაკითხეს და ის აქციაზე დააბრუნეს” (და კადრები კიდევ ერთხელ გაიმეორეს).

“იმედი”

“ოპოზიციური პარტიების წინასწარ შემუშვებულმა გეგმამ და აქტივობამ სამწუხაროდ ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული, სრულიად ლეგიტიმური პროტესტი რუსთაველზე პრაქტიკულად ჩაახშო და სხვა მიმართულებით წაიყვანა” - ამ სიტყვებით დაიწყო “იმედის კვირის” წამყვანმა კვირის მთავარი გადაცემა და ეს აქცენტი გაჰყვა ბოლომდე.

კვირის გადაცემაში გაგრძელდა წინა დღის ნარატივი ზვიად კუპრავას შესახებ. ამჯერად კუპრავა პირდაპირ ეთერში ჩართეს და კითხვებს გადაცემის წამყვანი უსვამდა.

“იმედის კვირა”, იგივე აქცენტით დასრულდა, როგორც დაიწყო. სიუჟეტის ავტორი მოჰყვა როდის და რა ვითარებაში მოუწოდეს პოლიტიკოსებს უკვე აშკარად და პირდაპირ აქციაში ჩართვის შესახებ, რა პოზიცია ჰქონდა ამაზე ზაზა სარალიძეს, გაგვაცნო კარავში კუპრავასა და სარალიძეს შორის თათბირის შესახებ პოლიტიკოსების თემაზე და კუპრავას შეძახილი ამ თათბირის შემდეგ, - “ჩვენ გავიმარჯვეთ”, - კადრში ხელებჩაჭიდული კუპრავა, სარალიძე და მაჩალიკაშვილი.

“2 ივნისის აქცია სრულდება ისე, როგორც ზოგი ვარაუდობდა, ზოგი იმედოვნებდა, ზოგიც იმას იმედოვნებდა, რომ ასეთ ფინალს არ იხილავდა. საპროტესტო აქციის ტრიბუნას პოლიტიკოები იკავებენ”, - თქვა ჟურნალისტმა და შემდეგ ეთერში აქციიდან პოლიტიკოსების გამოსვლები გაუშვა.

კვირას ღამით “იმედის კვირამ” გადაცემაში ჩართო: ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, (ორივე მათგანი ემიჯნება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას), ნიკა მელია, ოთარ კახიძე და არჩილ თალაკვაძე.

“რუსთავი 2”

გადაცემა “პოსტკრიპტუმი” მთლიანად ხორავას ქუჩის საქმეს მიეძღვნა. გამოშვება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციით დაიწყო, სადაც იმ პერიოდში ზაზა სარალიძის ადგილსამყოფელს იკვლევდნენ. “იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, “რუსთავი 2-მა” მაყურებელს უთხრა და აჩვენა ვინ იდგა ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე: “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, სუს-თან და ქართულ მარშთან დაკავშირებული პირები და ასევე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები.

კვირის გადაცემაში “რუსთავი 2-მა” ბოლო პერიოდის ტენდენციებიც გააცნო მაყურებელს - რა გზებით ცდილობს ხელისუფლება საპროტესტო განწყობების ჩახშობას და იმ თემების მარგინალიზებას, რაზეც საზოგადოების პროტესტი იწყება.

“რუსთავი 2-მა” კვლავ გააგრძელა საქმეში გამოჩენილი ახალი არასრულწლოვნის შესახებ თხრობა, თუმცა, ამჯერად სიუჟეტი გაცილებით მრავალმხრივი და დაბალანსებული იყო.

“პოსტკრიპტუმის” დასრულების შემდეგ  “კვირის აქცენტები” დაიწყო. წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ, რომელსაც ამ გადაცემაში შედარებით პასიური როლი აქვს, სტუმრებთან ერთად ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე გააგრძელეს საუბარი. გადაცემა დღის შეჯამებით დაიწყო, რა დროსაც ნიკა გვარამიამ ვაკის აქციასთან მიმართებით ასეთი ფრაზები გამოიყენა: “ძირითადი ნაწილი იქ იყო სუსის კონიუნქტურა, “ქართული ოცნების” შლეიფი, ასე ვთქვათ სეფექალები და სეფეკაცები, რომლებიც უბრალოდ აი პირდაპირ ხელიდან კენკავენ დღევანდელი ხელისუფლების”... “ღმერთო მეტეორი გვესროლეო რომ ამბობენ, თუ გვესროდა ღმერთი მეტეორს, იქვე ჩავარდნილიყო იქნებოდა არაჩვეულებრივი”.

"პოსტკრიპტუმისგან" განსხვავებით, "კვირის აქცენტების" წამყვანები არ ერიდებოდნენ სუბიექტური მოსაზრებების გახმოვანებას აქციებთან, თუ სხვადასხვა, ამ საქმესთან დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებით. ეთერიდან ისმოდა ერთგვარი მითითებებიც, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია, იმისათვის რომ არ განელდეს ის საპროტესტო მუხტი რაც ახლა რუსთაველის გამზირზეა. 

თეგები : პარალელური რეალობა;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

არაზუსტი ინფორმაცია მედიასაშუალებებში ქართველი მოჭიდავეების ფოტოს შესახებ
მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელისა და მოჭიდავეების ფოტო, რომელზეც მათ რუსეთის დროშის ფერების ფონზე მოჭიდავის გამოსახულებიანი მაისური აცვიათ. მედიასაშუალებები წერენ, რომ სპორტსმენების მაისურზე ასახულია დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატი ჯამბულატ თედეევი და ამ ფორმით ნაკრების წევრები მხარს უჭერენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატს. სინამდვილეში, მაისურზე გამოსახული პირი ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრია.

ამბავი თავდაპირველად, 16 აგვისტოს საღამოს, ონლაინგამოცემა On.ge-მ გამოაქვეყნა, შემდეგ კი იგივე ფოტო და მსგავსი ინფორმაცია არაერთმა მედიამ გაავრცელა, მათ შორის: რადიო თავისუფლება, ლიბერალი, ტაბულა, რეგინფო, ინტერპრესნიუსი, კვირის პალიტრა, Ambebi.ge,  ექსპრესნიუსი, პრაიმტაიმი, ინფო რუსთავი, Pia.geMediamall.ge, Accent.com.ge, Qartli.ge; ამბავი გამოქვეყნდა პირველი არხისა და რუსთავი 2-ის ვებსაიტებზეც. იდენტური ინფორმაცია გაავრცელა „მაესტრომაც“ და სხვა, ისეთმა პორტალებმა, როგორიცაა:  Goal.ge, Popsport.com, Fanebi.com, Sportall.ge.

გამოცემების ნაწილი ახალი ამბის გამოქვეყნებისას სხვა მედიასაშუალებას დაეყრდნო. მაგალითად, ინტერნპრესნიუსმა, რეგინფომ და Mediamall.ge -მ წყაროდ რადიო თავისუფლება მიუთითეს, რომელიც წერს, რომ ფოტო მიაწოდეს. ინტერპრესნიუსზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ამბავი პალიტრა ჰოლდინგში შემავალმა გამოცემებმა, პორტალების ნაწილმა კი აღნიშნა, რომ ფოტო და ამბავი On.ge-მ გაავრცელა.

მასალების გავრცელების შემდეგ On.ge-მ გაარკვია, რომ მაისურზე გამოსახული პირი არა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, არამედ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია. გამოცემამ მასალებში შესწორებები შეიტანა და მკითხველს ბოდიში მოუხადა. On.ge-მ სტატიები 17 აგვისტოს, დილით შეასწორა. 



ამ შესწორების შემდეგ ტექსტი ჩაასწორეს ლიბერალმაპირველმა არხმა და Accent.com.ge-მ, თუმცა, მითითების გარეშე.  ყველა დანარჩენ მედიასაშუალებაში, 17 აგვისტოს 14:00 საათის მონაცემებით, კვლავ გადაუმოწმებელი ინფორმაციაა გამოქვეყნებული.

 დაუდასტურებელი ფაქტები „კურიერის“ სიუჟეტში ინტერნეტ თამაშის შესახებ
14 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი „ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ახალი სახიფათო თამაშის შესახებ“. მასალა მხოლოდ ერთ რესპონდენტზე დაყრდნობით, დადასტურებულ ფაქტად გვაწვდის ამბავს იმის შესახებ, რომ საქართველოში გავრცელდა ინტერნეტ თამაში, რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს; გაიგივებულია ეს თამაში „ლურჯ ვეშაპთან“, რომლის კავშირი მოზარდების თვითმკვლელობასთან ასევე არ არის ოფიციალურად დადასტურებული; გარდა ამისა, სიუჟეტში დასახელებულია თამაშის სახელწოდება და ნაჩვენებია გზა, როგორ შეიძლება ჩაერთო  (მისი არსებობის შემთხვევაში).

ინტერნეტ თამაში რომ "საშიშია და უკვე საქართველოშიც გავრცელდა", ეს მტკიცებით ფორმაში დასაწყისშივე, მასალის წარდგენისას გვესმის და შემდეგაც რამდენჯერმე მეორდება სიუჟეტში.

  • „ახალი სახიფათო თამაში ინტერნეტ სივრცეში. საშიში არსება უკვე საქართველოშია“, - ასე წარადგენს სიუჟეტს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

სიუჟეტის ავტორი კი მასალაში ამბობს:

  • თამაშის მოქმედ პირთან კონტაქტობენ საქართველოშიც“;

  • „ჯერჯერობით დაუდგენელია საშიში ინტერნეტ თამაშის უკან რეალური პიროვნებაა თუ ვირუსი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს უკავშირდება“; 

  • „საქართველოში ბავშვებმა ამ თამაშის შესახებ უკვე ბევრი იციან, ზოგი მონსტრს ინტერესის გამო თავად უკავშირდება“.

ამგვარი განცხადებების საფუძველს მასალის ავტორს, რასაც სიუჟეტიდან ვიგებთ, მხოლოდ ერთი რესპონდენტის მოსაზრება აძლევს, რომელიც ამბობს, რომ თამაშის შესახებ მეგობრებისგან შეიტყო. მასალაში ისიც ჩანს, როგორ ცდილობს რესპონდენტი ჩაერთოს თამაშში, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ მთავრდება, რადგან, „როდესაც შენ უკავშირდები პირველი [ინტერნეტ ბოტს], ის თვითონ არ გწერს“.

გარდა იმისა, რომ სიუჟეტში თამაშის არსებობა და კავშირი სუიციდთან, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, სიუჟეტის დასაწყისშივე სახელდება თამაშის სახელწოდება და ნაჩვენებია გზაც, რის საშუალებით უნდა დაამყარო კავშირი თამაშთან და როგორ უნდა მოძებნო „საშიში ინტერნეტ ბოტი“.

ასევე დადასტურებულ ფაქტად გვესმის, რომ თამაში მონაწილის სუიციდით მთავრდება.

  • „ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერნეტ მონსტრი სახიფათოა, “ლურჯი ვეშაპის” მსგავსად ვირტუალური ქალის ბოლო დავალება თვითმკვლელობაა“, - შესავალშივე გვეუბნება წამყვანი; 

  • „არის რამდენიმე შემთხვევა სუიციდის“, - ეუბნება ჟურნალისტს რესპონდენტი და იქვე არ ჩანს მცდელობა ავტორის მხრიდან ამ განცხადების უტყუარობის დასადასტურებლად, მაგ.: რა იცის ფრაზის ავტორმა ამ შემთხვევებზე, სად და როდის მოხდა და რა ამტკიცებს, რომ ეს ინტერნეტ თამაშის შედეგი იყო;

  • „ინტერნეტ ბოტის შესახებ არაფერი იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისად, უწყება მოზარდების სუიციდის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად არც არაფერს აკეთებს“, - ამთავრებს ავტორი სიუჟეტს, ისე რომ აქაც დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩენს კავშირს მოზარდების სუიციდსა და ინტერნეტ თამაშს შორის.

მასალა ისე მთავრდება, რომ მასში გარდა ჟურნალისტის ზემოთ ნათქვამი ტექსტისა, არსად გვხვდება შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი, რომელიც უმოქმედობაშია დადანაშაულებული.

სიუჟეტიდან ასევე გვესმის, რომ მსგავსი სახიფათო თამაშების მოწყვლად ჯგუფებს ძირითადად არასრულწლოვნები წარმოადგენენ.

„ძალადობრივი თამაშის შესახებ კვლევები აჩვენებენ, რომ ასეთ გართობას ძირითადად სუსტი ფსიქიკის, არათვითრეალიზებული და მშობლების ყურადღებას მოკლებული ბავშვები იქცევენ“, - ამბობს ჟურნალისტი, თუმცა, მასალაში არსად ჩანს რომელ კვლევაზეა საუბარი. ამის შემდეგ კი გვხვდება ფსიქოლოგების რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ ბავშვები ამგვარი თამაშებისგან და ავაცილოთ მოსალოდნელი სუიციდი.

არასრულწლოვანთა სუიციდის თემა ცხადია მედიის ინტერესიის თემაა და ამ საკითხზე მასალები უნდა მომზადდეს, თუმცა, დიდი სიფრთხილით. „არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და ა.შ. ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია", - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტში.
ომბუდსმენის დისკრედიტაცია და სიძულვილის ენა “ოჯახის უფროსის” შესახებ მომზადებულ მასალებში
საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრს და მთავრობის სახელით გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ტერმინის "ოჯახის უფროსის" სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით ჩანაცვლება მოითხოვა. ნინო ლომჯარიას ამ ინიციატივას მედიაში არაერთი მასალა მოჰყვა. ონლაინმედიის ნაწილმა ომბუდსმენის ინიციატივა ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი კონტექსტით გააშუქა. გამოცემა „რეპორტიორმა“ [reportiori.ge] კი სახალხო დამცველის ინიციატივას რამდენიმე მასალა მიუძღვნა, რომლებშიც ნინო ლომჯარიას დისკრედიტაციის მცდელობაა.

სახალხო დამცველის განცხადება 6 აგვისტოს გამოქვეყნდა, მედიაში კი ეს ინფორმაცია 9 აგვისტოდან გავრცელდა. ამ დროიდან დღემდე გამოცემა “რეპორტიორმა” საკითხს ოთხი ახალი ამბავი მიუძღვნა, ოთხივე მათგანი სხვადასხვა პირის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებებია, ყოველგვარი შესავლის, განმარტების ან დამატებითი კომენტარების გარეშე უცვლელად გადატანილი.

„ირმა ინაშვილი: სად და როგორ იზრდებოდით, რომ ყველაფერი ჩვენი, ტრადიციული, ზნეობრივი გეზიზღებათ?!“ - ამ სათაურით 10 აგვისტოს რეპორტიორმა ვებგვერდზე ირმა ინაშვილის სტატუსი გამოაქვეყნა. „ესენი მალე კანონპროექტს შემოგვთავაზებენ,- მამაკაცმა იმშობიაროს, ქალს დრო არა აქვს და იზღუდება მისი უფლებაო. წადით, გენაცვალე, გადასახლდით სხვა კუნძულზე და იქ დადგით თქვენი ექსპერიმენტები. ჩვენ მოგვწონს ის, რაც გვაქვს! არ წაიღეს ტვინი? ასეთი რა ბავშვობა გაიარეთ, სად და როგორ იზრდებოდით, რომ ყველაფერი ჩვენი, ტრადიციული, ზნეობრივი გეზიზღებათ“, - წერს ინაშვილი.

„ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი? არა! პიდარასტების, ლესბოსელების და ფემინისტების დამცველია!“ - ასევე უცვლელად და ყოველგვარი განმარტების, ან გამიჯვნის გარეშე გადააკოპირა გამოცემამ ამავე დღეს ზვიად ტომარაძის ჰომოფობიური სტატუსიც, სათაურით - ზვიად ტომარაძე: ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი? არა!

ორი მასალა გამოაქვეყნდა 13 აგვისტოსაც - "ობიექტივის" ჟურნალისტის, ბონდო მძინარაშვილის არაეთიკური სტატუსი და ალიას ჟურნალისტის გელა ზედელაშვილის მოსაზრება.

სახალხო დამცველის ინიციატივაზე სტატიები მოამზადეს სხვა ონლაინგამოცემებმაც. ყველა მათგანის ტექსტი იდენტურია. ამ მასალებში ასევე გაიხსენეს ნინო ლომჯარიას მოსაზრება 2 აპრილის გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რომელიც ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება და უარყოფითადაა შეფასებული ქორწინების ცნება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის რეგულირება. აღსანიშნავია, რომ ამ სტატიებში უცვლელად გადაიტანეს აპრილში გამოქვეყნებული ტექსტები, რომლებიც იყო ჰომოფობიური და დაამატეს ომბუდსმენის ახალი ინიციატივა.

ამ სტატიების უმეტესობას მანიპულაციური სათაური აქვს, დაახლოებით ამგვარი კონტექსტის - ,,ჰომოსექსუალთა ქორწინება უნდა დაკანონდეს, ტერმინი “ოჯახის უფროსი” უნდა შეიცვალოს”. სტატიები იდენტური ტექსტით და ოდნავ განსხვავებული სათაურებით გამოაქვეყნეს: TimeNews.ge-მ, DiaNews.ge-მ , რომელმაც წყაროდ TimeNews მიუთითა, ჟურნალმა „სარკემ“ ასევე TimeNews-ზე დაყრდნობით და „სარკის“ ავტორობით გადაიტანეს ტექსტი Tvm.ge-მ და Digest.pia.ge-მ.

გარდა ამისა, რეპორტიორის მსგავსად, ირმა ინაშვილისა და ზვიად ტომარაძის სტატუსები გამოაქვეყნეს ვებსაიტებმა: mystar.ge, Geotimes.ge და მარშალპრესი.
ყალბი ინფორმაცია პრეზიდენტის დაჯარიმების შესახებ
10 აგვისტოს გამოცემებმა kvira.ge, reportiori.ge და pia.ge გამოაქვეყნეს მასალა, თითქოს WASHINGTON DAILY-მ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მარიხუანის მოწევის გამო დაჯარიმების შესახებ. გამოცემები ირწმუნებიან, რომ ამერიკული გამოცემა "ვაშინგტონის შტატის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ მარტში აშშ-ში ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი არა სიგარეტის, არამედ სასტუმროს ნომერში მარიხუანის მოწევის გამო დააჯარიმეს."  იქვე აღნიშნულია, რომ სასტუმროს ადმინისტრაციას საქართველოს პრეზიდენტისთვის ჯარიმა ოფიციალურად უნდა გამოეწერა, თუმცა, დელეგაციის წევრების მცდელობის შედეგად დოკუმენტში გიორგი მარგველაშვილის დაჯარიმების მიზეზად თამბაქოს მოხმარება ჩაიწერა.

მასალას თან ახლავს ინგლისურენოვანი  ე.წ. სქრინი, სადაც თითქოსდა ამერიკული გამოცემის სტატიაა ასახული. გამოცემები დასძენენ, რომ ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოიძიეს. მარტივი ძიებითაც ცხადია, რომ WASHINGTON DAILY საერთოდ არ არსებობს. დაახლოებით ამ სახელით იძებნება მხოლოდ WASHINGTON DAILY NEWS, რომელსაც მსგავსი არაფერი დაუწერია. ქართულ გამოცემებს კი სოციალურ ქსელში გავრცელებული არც ყალბი ფოტო არ გადაუმოწმებიათ და არც ფოტოზე არსებული ინფორმაცია. არც ერთ აღნიშნულ მასალაში არ ჩანს მცდელობა, რომ თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეეცადნენ გაერკვიათ, მართლაც დაჯარიმდა თუ არ გიორგი მარგველაშვილი. 

უფრო მეტიც, ქართული მედიასაშუალებების მიერ არაზუსტი მასალის გავრცელებიდან მალევე მარგველაშვილის ქმედება დაგმო  მამუკა არეშიძემ, რომელმაც ექსპერტის სტატუსით "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. მისი შეფასება "პრაიმტაიმმა" გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ არეშიძე გამოეხმაურა "დასავლური პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკაში ვიზიტის დროს მარიხუანას მოწევისთვის დააჯარიმეს. ექსპერტი ამბობს, რომ ეს განცხადება მისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო".
ყალბი ინფორმაცია რეზონანსსა და news.coa.ge-ზე
8 აგვისტოს გაზეთ რეზონანსის ვებსაიტმა და სააგენტო news.coa.ge-მ გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. გამოცემების მტკიცებით კი, ამის საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა ამ განცხადებას "უპრეცედენტო გმირობა" უწოდა. 

რეზონანსმა თავდაპირველად წყაროდ რუსული მედია მიუთითა. ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია არსად იძებნებოდა, "მედიაჩეკერი" დაუკავშრდა რეზონანსს და კონკრეტული წყაროს მითითება სთხოვა. რედაქციამ კი განაცხადა, რომ ისინი cyc.ge-ს დაეყრდნენ, რის შემდეგაც მასალა ჩასწორდა და წყაროდ აღნიშნული ვებსაიტი მიეთითა. საძიებო სისტემაში ჩანს, რომ cyc.ge-ზე მსგავსი მასალა მართლაც იყო გამოქვეყნებული, თუმცა ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, რატომ მიიჩნია გამოცემამ ეს ვებსაიტი პუტინის განცხადებების მოსაძიებლად რელევანტურ წყაროდ გაუგებარია.