ტელეკომპანია "იმედის" საგანგებო რეჟიმი
31.10.2018
არჩევნების მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადავიდა. ამის შესახებ არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებიდან და ვებგვერდიდან 30 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

"წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა. ტელეკომპანია "იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "იმედინიუსის" ვებგვერდზე გავრცელდა.

საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით, შეცვლილ საეთერო ბადეში, ტოქშოუ "პირისპირ" კვირაში ერთის ნაცვლად ორჯერ გავა. საეთერო ბადეს დაემატება „იმედი Live“, ახალი ტოქშოუ, რომელსაც იმედი ნიუსის რედაქტორი თეონა გეგელია წაიყვანს. გეგელია სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანია "მაესტროსა" და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ "მე-9 არხზე", ასევე ვებგვერდზე ForeignPress, რომელიც საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიების ქართულ თარგმანებს აქვეყნებდა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს, ტელეკომპანია "იმედის" 20:00-საათიან გამოშვებაში, რამდენიმე სიუჟეტი მიეძღვნა საარჩევნო თემატიკასა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შესაძლო გაპრეზიდენტებას. საინფორმაციო გამოშვება დაიწყო "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგით მეორე ტურში მისი მონაწილეობის გაგრძელების შესახებ. პირველი სიუჟეტი კი შეეხებოდა გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების პერსპექტივებს და იმ ნეგატიურ ეფექტებს, რაც ტელეკომპანიისა და სიუჟეტის რესპონდენტების მოსაზრებით, შეიძლება დადგეს ქვეყანაში. სიუჟეტი აგებული იყო ძირითადად იმ პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ხელოვანების და სახელმწიფო მოხელეების კომენტარებზე, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ხელისუფლებაში მოსვლას. სიუჟეტში მოხვდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის კომენტარიც, რომელიც აცხადებს რომ გრიგოლ ვაშაძე, თუკი ის პრეზიდენტი გახდება, კონსტიტუციას არ გადაუხვევს.



"ქრონიკის" მეორე სიუჟეტი შეეხებოდა ევროპული საქართველოსა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არჩევნების მეორე ტურში. სიუჟეტში საუბარი იყო იმ პოლიტიკურ სუბიექტებსა და პარტიებზეც, რომლებიც ვაშაძეს მხარს არ დაუჭერენ. გაკეთდა შეფასებებიც როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისე მთავრობის წარმომადგენლების მიერ, მეორე ტურში კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.



მესამე სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედმა" "ქართული ოცნებისა" და მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებზე გააკეთა. სიუჟეტი მოიცავს მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ.



მეოთხე სიუჟეტი კი ახალქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე თავდასხმას შეეხებოდა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. ამბის თხრობა ჟურნალისტმა დაიწყო "ქართული ოცნების" წარმომადგენლის პერსპექტივიდან, რომელიც ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხვადასხვა ადგილას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზურაბიშვილის მხარდამჭერებს და საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს ბენზინგასამართ სადგურებზე. სიუჟეტში ჩართული იყო ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ჩანს როგორ ჩამოხია ერთ-ერთმა ადამიანმა სალომე ზურაბიშვილის პლაკატი, თუმცა ვიდეოს არ აქვს ხმა. სიუჟეტის დარჩენილი ნაწილი ძირითადად აგებული იყო ამბის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ვერსიებზე, შსს-ისა და სახალხო დამცველის შეფასებებზე.



საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "იმედის" ღამის ეთერში გავიდა საზოგადოებრივ-ანალიტიკური ტოქშოუ „პირისპირ“ ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად. გადაცემის მთავარი თემა იყო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა, არჩევნების მეორე ტური, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შესაძლებლობა და საფრთხეები, რომელიც ტელეკომპანიის რწმენით, შეიძლება შეიქმნას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლით.

„გრიგოლ ვაშაძე სწორედ იმ პირების შეწყალებას აპირებს, და მათ ნაწილს აქვე ჩამოვთვლი: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, სია საკმაოდ გრძელია, რომლებიც მსჯავრდებულები და ბრალდებულები არან 7 ნოემბრის დარბევაში, გირგვლიანის მკვლელობაში, პატიმრების წამებაში, ტელევიზიის დარბევასა და ტელეკომპანია იმედის მიტაცებაში, რისი საფრთხეც ამ ძალის ხელისუფლების დაბრუნების შემთხვევაში გარდაუვალია,” - აღნიშნა წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ. გადაცემის სტუმრები იყვნენ ჟურნალისტები, ხელოვანები, ბიზნესმენები და საზოგადოების სხვა ჯგუფების რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც მიმდინარე ამბებსა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე აკეთებდნენ კომენტარებს.


ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

საქალაქო სასამართლომ თავიდან უნდა განიხილოს კომუნიკაციების კომისიის საქმე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ
6 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლომ განსახილველად პირველ ინსტანციაში დააბრუნა კომუნიკაციის კომისიის მიერ “მთავარი არხის” წინააღმდეგ შეტანილი საქმე, რომელიც საქალაქო სასამართლომ 29 ოქტომბერს წარმოებაში არ მიიღო.

რა მოხდა

27 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხს” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ორი ვიდეორგოლის გამო: ერთი შეიცავდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ხოლო მეორე - 14 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დასწრების მოწოდებას. კომისია ვიდეორგოლებს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნევს და არხს საარჩევნო კოდექსის დარღვევას ედავება.

ვრცლად: რას ედავება “მთავარ არხს” კომუნიკაციების კომისია?

საქალაქო სასამართლომ ეს საქმე 29 ოქტომბერს განიხილა. “მთავარი არხის” ვიდეორგოლებში “საარჩევნო სუბიექტის არ ყოფნის გამო”, კომუნიკაციების კომისიის პოზიცია არ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა, რაც კომუნიკაციების კომისიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

6 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მარეგულირებლის საჩივარი და საქალაქო სასამართლოს საქმის თავიდან განხილვა დაავალა.

“მთავარ არხში” მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციითაა განპოირობებული. მაუწყებლის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ვიდეორგოლები “სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში გამოხატული მათი საქალაქო პოზიცია და ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქტი” იყო და არა “პოლიტიკური რეკლამა”.

რას ამბობს საარჩევნო კოდექსი პოლიტიკურ რეკლამაზე

საარჩევნო კოდექსში წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასულ ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას.

ამავე რეგულაციით, წინასაარჩევნო რეკლამად ითვლება მასალა, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს.
„ყურადღება მოვადუნეთ, დაგვავიწყდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობა“ - ინტერვიუ ზურაბ ალხანიშვილთან

საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებია 60-ს აჭარბებს. ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ქვეყანაში დაბალია. რა როლი აქვს მედიას პანდემიასთან ბრძოლაში და რა უნდა გაითვალისწინონ ქართულმა მედიასაშუალებებმა, როცა კოვიდ-19-ს აშუქებენ? - ამ თემებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს, ზურაბ ალხანიშვილს ვესაუბრეთ. 


წაიკითხეთ ამავე თემაზე: პანდემიის გაშუქება - ექიმის რჩევები მედიას


პანდემიის გამოცხადებიდან თითქმის 2 წელი გავიდა, როგორ შეიცვალა ამ პერიოდში მედიის გაშუქების ხარისხი კოვიდ-19-თან დაკავშირებით?

პანდემიის დაწყებისთანავე საქართველოში მედია ამ საკითხს, მეტწილად, კარგად აშუქებდა: აქცენტებს სწორად სვამდნენ და სპეციალისტების აზრს ითვალისწინებდნენ. მარტივი მაგალითი, რომ გავიხსენოთ, პირველსავე დღეებში, როცა საქართველოში კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატყდა, კორონავირუსი შუქდებოდა, როგორც „ახალი მომაკვდინებელი კორონავირუსი“, შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა რეკომენდაცია, რომ ასეთი ფორმით ვირუსი არ გაეშუქებინათ.

ქართულმა მედიასაშუალებებმა მართლა ერთ დღეში შეწყვიტეს კორონავირუსის ამ ფორმით წარდგენა და გაშუქება.

პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობდა, ძირითადი პრობლემა ამ გადმოსახედიდან ისაა, რომ პერსონალური თუ სხვა ინტერესების გამო ხშირად ზარალდება ინსტიტუციების ავტორიტეტი. ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნებისმიერ კრიზისში მნიშვნელოვანია ინსტიტუციების მიმართ ნდობა.

კოვიდპანდემიის საწინააღმდეგოდ ჩვენი იარაღი კომუნიკაციაა: ინსტიტუტებმა და ავტორიტეტულმა ადამიანებმა გასცენ რეკომენდაციები და ეს რეკომენდაციები მთელმა საქართველომ შეასრულოს. ეს რეკომენდაციებია ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ვაქცინაცია. ხალხი ამ რეკომენდაციებს მაშინ ითვალისწინებს, თუ ენდობა ინსტიტუტებსა და სახელმწიფოს. ამის ნათელი მაგალითი 2 წლის თავზე ჩვენ უკვე ვნახეთ იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის ინსტიტუტები და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტები მაღალი ნდობით სარგებლობს. იქ ახლა უკეთესი ვითარებაა, მოსახლეობის დიდი ნაწილიც აცრილია და რეკომენდაციებიც მეტადაა დაცული. ამიტომ ეს უნდა ყოფილიყო მთელი საზოგადოების ერთიანი ინტერესი, რომ შენარჩუნებულიყო ჯანდაცვის ინსტიტუტების მიმართ ნდობა.

სხვა მხრივ შეგვიძლია შევაქოთ ჩვენი მედიასაშუალებები, რომ სწრაფად აუღეს ალღო მათ შორის მედიცინის და მეცნიერების მტკიცებულებების იერარქიას და თვითონ იწყებდნენ ხოლმე ინფორმაციის გადამოწმებას. რიგ შემთხვევებში იყო რესპონდენტების პრობლემა, შეიძლებოდა ეთერში ისეთი ადამიანი მოხვედრილიყო, რომელიც მტკიცებულებების გარეშე საუბრობდა, თუმცა ესეც ნელ-ნელა თავისით დარეგულირდა.

ახსენეთ ჯანდაცვის ინსტიტუტებისადმი ნდობა, რომელიც მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს მედიას აქვს უფლება კრიტიკული იყოს ხელისუფლების, მათ შორის ჯანდაცვის უწყების მიმართ და ეს კრიტიკა ჯანსაღი და არგუმენტირებული იყოს. ამაში ხედავთ პრობლემას?

ეს არავითარი პრობლემა არ არის, პირიქით ეს მხოლოდ დადებითად შესაფასებელი საკითხია. თუ მოსახლეობამ იცის, რომ ფილტრში გადის გადაწყვეტილების მიმღები პირების რეგულაციები, ექვემდებარება კრიტიკას, შეუძლია განსხვავებული მოსაზრება მოისმინოს. და თუ ამ განსახვავებულ მოსაზრებას შემდგომში სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.

თუმცა მე ამას არ ვგულისხმობ. მე აქ ვგულისხმობ პერსონალურ კრიტიკას. იმიტომ, რომ პანდემიის ვითარებაში მათი პირადი ცხოვრების სხვა დეტალების გაშუქება ნეგატიურ კონტექსტში კარგს არაფერს იძლევა. ეს კარგი არავისთვის არ არის და ვერცერთი პროცენტით ადამიანებს ვერ ეხმარება.

ძირითადად რა უზუსტობები ისმოდა ქართულ მედიაში კორონავირუსთან დაკავშირებით?

საბედნიეროდ, ასეთი ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ ამ ერთეულმა შემთხვევებმა ძალიან დააზარალა როგორც ვაქცინაციის კამპანია, ასევე პირდაპირ აისახა ადამიანების განწყობაზე. ვგულისხმობ, პრაიმატიმის, რეიტინგული საეთერო დროის, დათმობას იმ ადამიანებისთვის, ვისაც არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია და უფრო მეტიც, არიან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც შეფარვით თუ ცხადად ანტივაქსერული განწყობები აქვთ.

მათ ეთერი არ უნდა დაეთმოთ, ან, თუ დაეთმობათ, ეს წინასწარ კარგად უნდა იყოს დაგეგმილი და გაანალიზებული. ვერცერთი ჟურნალისტი ანტივაქსერს ვერ გაუწევს ოპონირებას: როცა ადამიანი მეცინერებისგან აბსოლუტურად განყენებულ საკითხზე გეუბნება რაღაცას მის წინააღმდეგ შენ სამეცნიერო არგუმენტი არ გაგაჩნია, რადგან ეს არის აბსურდი. როცა აბსურდზე გელაპარაკებიან და შენ ამ აბსურდზე უბრალოდ სიტყვა არ გაქვს, ვერ შეეწინააღმდეგები. მე რომ გითხრათ, თქვენ ხართ უცხოპლანეტელი ხომ ვერ დამიმტკიცებთ, რომ არ ხართ უცხოპლანეტელი, მაგრამ ამას პირდაპირ ეთერში რომ გეუბნებიან, უბრალოდ დაიბნევით და ვერაფერს იტყვით. მაყურებლის თვალით ჩანს, „აი შეხედეთ, მას სათქმელიც არაფერი ჰქონდა“. ეს წაგებული ბრძოლაა ხოლმე, ამიტომ მედია ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ასეთი რადიკალური ჯგუფების მოწვევას და გაშუქებას. ხოლო თუ აშუქებს, ისინი წინასწარ უნდა მოემზადონ ამისთვის, იცოდნენ ვინ დაახვედრონ სტუდიაში ოპონირებისთვის.

ასევე, მედიაში ჩანდნენ ქართველი, ახლა უკვე ცნობადი, სახეები რომლებსაც კერძო ინტერესები ჰქონდათ. მაგალითად, თავიანთი ბალახეულის წამლები, რომლებსაც ყიდიან კოვიდპაციენტებზე და, შესაბამისად, როცა ისინი ამბობენ, „არ აიცრათო“, იმიტომ ამბობენ, რომ ეს მათი პირდაპირი ინტერესია: რაც უფრო მეტი იქნება ავად, მეტ ფულს იშოვის თავისი „წამლებით“, რომელსაც ყიდის კოვიდპაციენტებზე.

სხვა მხრივ არ მახსენდება შემთხვევა, ალბათ, ერთეულები იქნება, როცა მედიამ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, გაავრცელა და ამით დააზარალა მოსახლეობა ან კამპანია.

ვაქცინებზე და ზოგადად კორონავირუსის შესახებ საუბრისას რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ტერმინოლოგიის გამოყენება?

ტერმინოლოგიას შინაარსი აქვს და ის ძალიან განსაზღვრავს ხოლმე განწყობებს, როგორ აღიქვამს ამას შემდგომში მსმენელი და მაყურებელი. არის, მაგალითად, ჯგუფები, რომლებსაც არ უყვართ, რომ ანტივაქსერებს ეძახიან, მაგრამ ანტივაქსერი არის - ადამიანი, რომელიც არის ვაქცინების მოწინააღმდეგე, ამაში ახალი არაფერია.

რა იყო მედიით ყველაზე ხშირად გავრცელებული დეზინფორმაცია კოვიდ-19-ის შესახებ?

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია ნაკლებად არის ხოლმე ცენტრალურ მედიაში. ძირითადად ისინი თავიანთი საინფორმაციო არხებით სარგებლობენ სოციალურ ქსელებში. შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ფორმა:

1. „მიმები“, რომლებიც ვრცელდება „ფეისბუქზე“, რომელიც დატვირთულია სახალისო, ვითომ შემეცნებითი შინაარსით, რეალურად ეფუძნება ნაწილობრივ სიმართლეს და ძირითადად მიმართულია ადამიანების შეცდომაში შეყვანისკენ. ემოციური შინაარსით არის დატვირთული, შეიძლება იყოს გამოგონილი ადამიანის ისტორიები; ან იყოს ნამდვილი ადამიანის ამბავი, ოღონდ შეცვლილი, რომელიც ხალხზე ზემოქმედებს. მართალია მასში აქცენტი მოთხრობილ ემოციურ ამბავზეა, მაგრამ ის გზავნილები, რომლის გატარებაც უნდათ მაინც აუდიტორიის ქვეცნობიერში რჩება და სხვადასხვა დროს ისევ იღვიძებს.

2. შეცვლილი, გაყალბებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამოსახულებები ან ვიდეოები. ამის ნათელი მაგალითი იყო და ქართულ მედიაშიც აქტიურად გავრცელდა, „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ ერთ-ერთი სპიკერის ვიდეო, რომელშიც ის თითქოს ამბობდა და „აღიარებდა“, რომ პანდემია არ არსებობს, ეს ყველაფერი მოგონილია და შეთქმულების თეორიაა. სინამდვილეში, ეს ვიდეო არასწორი ქართული თარგმანით გამოქვეყნდა. ეს ვიდეო ძალიან ფართოდ გავრცელდა ქართულ მედიაში. თავდაპირველად არავინ სცადა მისი ორიგინალის ნახვა, თუ რას ლაპარაკობდა ის ქალი ინგლისურად სინამდვილეში.

3. ფალსიფიცირებული გვერდები, მათ შორის ცნობილი ადამიანების ყალბი ფეისბუქ გვერდები. ამის მაგალითი იყო, როცა შექმნეს ამირან გამყრელიძის ყალბი ფეისბუქ გვერდი. მასზე განთავსებული ინფორმაციის, ალბათ, 90% სწორი იყო, რაც ეყრდნობოდა „დაავადებათა კონტროლის ცენტრს“ ამიტომ ადამიანების ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ეს ოფიციალური გვერდი იყო და აქედან სწორი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. თუმცა დროდადრო გამოერეოდა ხოლმე ყალბი, ძირითადად ანტივაქსერული ინფორმაცია, და ასე შეჰყავდათ ადამიანები შეცდომაში.

4. ორკესტრირებული კამპანიები, რაც საქართველოშიც აქტიურად მუშაობს, საბედნიეროდ, ისეთი წარმატებით ვერა, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ხშირად ამ საკითხზე საუბრისას ადამიანებს აქვთ კითხვა რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ სხვა ქვეყნებს იმისთვის, რომ ასეთი კამპანიები აწარმოონ საქართველოში. ამის ორი ძირითადი საფუძველი არსებობს. პირველი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისს შეუძლია მთელი ქვეყნის კრიზისში შეყვანა, რადგან ის იწვევს ეკონომიკურ, ფინანსურ კრიზისს და ა.შ გადის უზარმაზარ დანახარჯებზე, ეპიდემიების გამო იხურება სკოლები და ბაღები, იკარგება სამუშაო ადგილები და ა.შ. და მეორე: ეს პირდაპირ ურტყამს ავტორიტეტს - ანგრევს ჯანდაცვის ინსტიტუტების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ნდობას, ისინი კარგავენ გავლენას, ეს არის მტერი სახელმწიფოების ინტერესი და ამის გამო ამ მეთოდით იბრძვიან ხოლმე.

როგორ შეიძლება ჟურნალისტებმა თავიდან აიცილონ გაუცნობიერებლად ხელი არ შეუწყონ კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის ან კონსპირაციული თეორიების გავრცელებას?

ნებისმიერმა ადამიანმა ინფორმაცია სანდო წყაროებში უნდა გადაამოწმოს. თუ შევხედავთ მტკიცებულებათა იერარქიას, ყველაზე დაბალი რანგის არის მაგალითად, ექსპერტის მოსაზრება, რადგან მას თუ ზურგს არ უმაგრებს მტკიცებულებები და კვლევები, მაშინ მის აზრს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

ამ იერარქიაში რაც უფრო ზემოთ მივდივართ, ნელ-ნელა ვუახლოვდებით ინსტიტუციებს, რადგან ინსტიტუციები კვლევების შეჯერების საფუძველზე იძლევიან გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს. ამიტომ ჩვენ თუ რაღაც ახალ ინფორმაციას ვეცნობით და გვაინტერესებს ეს ინფორმაცია ნამდვილია, ყალბი, ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის ინსტიტუციებში.

ჩვენთან უკვე რამდენიმე ვებგვერდი მუშაობს, რომლის უკან „დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ და „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ დგას და ამ ინფორმაციის გადამოწმება ძალიან იოლია, მათ შორის „დაავადებათა კონტროლის ცენტრში“ არის კომუნიკაციის ჯგუფი, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვა შეიძლება.

რომელი სამედიცინო და სამეცნიერო წყაროებია ყველაზე სანდო კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ ინფორმაციის მისაღებად?

ეს არის NCDC.ge – „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ვებგვერდი, ასევე მათი პორტალი vaccines.ncdc.ge და provax.ge – ეს არის ის სამი ძირითადი პორტალი, რომლებიც პარტიორ ორგანიზაციებთან ერთად არის შექმნილი, მუდმივად განახლებადია და, როგორც წესი, პირველად ინფორმაცია ქართულ ენაზე მანდ არის ხოლმე ხელმისაწვდომი. ისევე როგორც ვაქცინების შესახებ სრული ინფორმაცია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომია.

უცხოენოვანი წყაროებიდან, თუ სამეცნიერო ჟურნალებს არ შევეხებით, რადგან აქაც თავისი იერარქიაა და უამრავი ჟურნალი არსებობს, მაშინ ისევ მარეგულირებლებს შეგვიძლია მივაკითხოთ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის მარეგულირებელი FDA და ევროპის მარეგულირებელი EMA. ეს სამი ძირითადი მარეგულირებელი არის ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე ორგანიზაცია.

როგორია ჟურნალისტების როლი პანდემიის დროს?

თითოეულ ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. რაღაც პრინციპებს მუდმივად უნდა ვიცავდეთ, არასდროს ეთერში არ უნდა მოხვდეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ გავიდეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა ორჭოფობა გამოიწვიოს ხალხში. ინფორმაცია, რომლის მიღმაც დარჩება შეკითხვები, რომლებზეც პასუხები არ გვექნება. და, რა თქმა უნდა, უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც გვაქვს და იმ მოცემულობას, რომელშიც ვართ. მაგალითად, ახლა რომ გაკეთდეს სიუჟეტი, რომელი ვაქცინაა კარგი და რომელი არა, ეს არასწორი მიდგომა იქნებოდა იმიტომ, რომ რომელი ვაქცინაც გვაქვს, 3%-ით მეტად ან ნაკლებად ეფექტური არის თუ არ არის - ეს არაფერს არ ცვლის, ეს ვაქცინები გვაქვს, ეს ვაქცინები უნდა გამოვიყენოთ, მით უმეტეს ვიცით, რომ სიკვდილიანობისგან 99%-ით ყველა ავტორიზებული ვაქცინა გვიცავს.

როგორ უნდა შეუწყოს ხელი მედიამ პანდემიასთან ბრძოლას დღევანდელ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში?

დღევანდელი სურათით თუ ვიმსჯელებთ, წინა რამდენიმე თვე პოლიტიკურად ძალიან აქტიური და დატვირთული იყო, რის გამოც მედიის დღის წესრიგიდან მოიხსნა კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები. რეალურად, ამის შედეგებს ახლაც ვხედავთ - აქტუალურობა დაკარგა. უბრალოდ ახლა, ბოლო დღეებში მოსახლეობაში ის აქტუალური გახდა, რადგან ვირუსის გავრცელება ისევ მაღალი გვაქვს და როცა ადამიანი თავისი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების ავადობას ხედავენ ხოლმე, უშინდებიან და აკითხავენ ვაქცინაციის ცენტრებს, ოჯახის ექიმებს და ა.შ

პოზიტიური მხარე ისაა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში გაიზარდა ზოგადად იმუნიზაციის შესახებ ცნობიერება, ეს მოიტანა როგორც მედიის აქტიურობამ ისე ორგანიზაციების, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობამ საქართველოს მასშტაბით. ეს ორივე ისევ მაღალ დონეზე უნდა მუშაობდეს ოღონდ, საჭიროა კოვიდ რეგულაციები არ აღსრულდა, რაც მოიკოჭლებს ხოლმე, ესეც თუ მედიით აქტიურად არ გაშუქდა და ერთგვარ ფორმაში არ ამყოფა მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიც, სტატისტიკა ცუდი გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით და ამიტომ გვჭირდება ამ მდგომარეობის შეცვლა. მედია თუ ამ საკითხებს სათანადოდ გააშუქებს ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ყოველთვის ცვლის ხოლმე მათ შორის მთავრობის დღის წესრიგსაც.

რა უნდა შეიცვალოს მედიაში პანდემიისა და ვაქცინაციის გაშუქების მიმართულებით?

მოდი უფრო ფართოდ შევხედოთ სურათს რომ მივხვდეთ რა მოხდა ბოლო 20-30 წელიწადში: ჩვენ გარშემო ვეღარ ვხედავთ ადამიანებს ყვავილით, პოლიომიელიტით, დიფტერიით, წითელათი და ა.შ. ეს დაავადებები ადრე მილიონობით ადამიანს, ხშირად ბავშვებს კლავდა. ეს იყო ჩვენი წარსული და ეს გამოცდილება ჩვენს ოჯახებში ასაკოვან ადამიანებს ახსოვთ.

მაგრამ როცა ეს დაავადებები ვაქცინებით იმართა, ზოგიერთი მათგანი, ფაქტობრივად, გაქრა, ზოგი კი გაქრობის პირას არის. ამ დაავადებებს ჩვენ გარშემო ვეღარ ვხვდებით და, შედეგად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ინტერესი მოვადუნეთ - ბოლო წლების განმავლობაში ამ თემებზე თითქმის აღარ ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ ეს თემა აღარ გვაწუხებდა. მედიაშიც, რა თქმა უნდა, ამას ძალიან მცირე ნაწილი ეკავა ხოლმე და მოსახლეობისთვისაც ეს აღარ იყო აქტუალური თემა ანუ ვაქცინები თავისივე წარმატების მსხვერპლი გახდნენ და დღეს როცა ვამბობთ, რომ მსოფლიო მოუმზადებელი იყო პანდემიისთვის ის იგულისხმება, რომ ხალხმა დავივიწყეთ ის სარგებელი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს მოაქვს.

როცა პრობლემა ხელახლა შემოგვიბრუნდა, ძალიან გაგვიჭირდა იმ წარსულის გახსენებაც და გადაფასებაც, რასაც უკვე მივაღწიეთ წინა საუკუნეში. ამიტომ მედიასაშუალებებმა სასურველია არ მოადუნონ ყურადღება. მხოლოდ კოვიდი ხომ არ არის? გრიპის სეზონი გვაქვს, საქართველოში მიმდინარეობს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრები და მიმართვიანობა არის ძალიან დაბალი. ამ დროს ეს არის ვაქცინა, რომელიც საშვილოსნოს კიბოს განვითარებისგან იცავს, მაგრამ ამის შესახებ მედიასაშუალებებიდან ნაკლებად გვესმის ხოლმე, კარგი იქნება, რომ ეს საკითხები დღის წერსიგში მუდმივად იდგეს, რათა მომავალში ასეთ ვითარებაში აღარ აღმოვჩნდეთ. აიცერით, დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი გარშემომყოფები.
“კავკასია“ ოპერატორის დაშავების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს
ტელეკომპანია "კავკასია" 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო აქციის დროს ოპერატორის დაშავებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

რა მოხდა?

"კავკასიის" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველების მიერ წიწაკის სპრეის გამოყენების დროს ტელეკომპანიის ოპერატორი ნიკოლოზ კოკაია დაშავდა და გონება დაკარგა.

"მიზეზი გახდა ახლო დისტანციიდან ე.წ. “წიწაკის სპრეის“ შესხმა. გონების დაკარგვამდე ოპერატორს კამერა ჩართული ჰქონდა და კამერის ლინზაზე ცხადად ჩანს შხეფები. ასევე, მეორე ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ახლო დისტანციაზე ასხამს აქციის მონაწილეების, მათ შორის ჩვენი ოპერატორის მიმართულებით სითხეს", - აცხადებენ ტელეკომპანიაში.

სასწრაფო დახმარების შემდეგ ნიკოლოზ კოკაიას მდგომარეობა გაუმჯობესდა. ტელეკომპანია "კავკასიის" ცნობით, მოგვიანებით, იმავე აქციაზე ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რისი კვალიც მას სხეულზე აღენიშნება. პოლიციელი ვიდეოკადრებით იდენტიფიცირებულია.

ტელევიზიაში ამბობენ, რომ აქციის გაშუქების დროს პოლიციელების მხრიდან საფრთხე შეექმნა “კავკასიის” კიდევ ერთ ოპერატორს, გივი მჭედლიშვილს.

"ის აქციის გადასაღებად ავიდა ქვის მაღალ კედელზე. ერთ–ერთმა პოლიციელმა სცადა არა მხოლოდ მისთვის ხელშეშლა გადაღებაში, არამედ კედლიდან მისი ჩამოგდება, რითაც საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - წერია განცხადებაში.

რას მოითხოვს "კავკასია" ?

ტელეკომპანიას სახელმწიფო სტრუქტურებთან ოთხი მოთხოვნა აქვს:

• პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის, სავარაუდოდ, უკანონო გამოყენებისა და ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რასაც ტელეკომპანიის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

• ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო გამოძიება დაიწყოს საქართველოს პროკურატურამ და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

• ყველა იმ ფაქტზე, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა წარმოადგენს აშკარა უხეშ დისცილინურ გადაცდომას, შსს-ს გენერალურ ინსპექციისგან მოვითხოვთ პოლიციელთა მიმართ დაიწყოს დისციპლინური წარმოება და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება.

• სახელითა და გვარით იდენტიფიცირდნენ ის პოლიციელები, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია "კავკასიის" ვიდეოოპერატორს, ხელი შეუშალა მათ საქმიანობაში და საფრთხეში ჩააგდო მათი სიცოცხლე.

მედიაკოალიციის მოწოდება

ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორის დაზიანების ფაქტს კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვისაც" გამოეხმაურა.

"დღემდე პრობლემად რჩება პოლიციის მხრიდან აქციების გაშუქებისას მედიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოვლენილი ფაქტის შესწავლა და მოხდეს სათანადო რეაგირება", - წერია კოალიციის განცხადებაში.

დეტალები

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომის პარალელურად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქცია “გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს, აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.“
კომუნიკაციების კომისია „დაუსაბუთებელს“ უწოდებს „მთავარი არხის“ ბრალდებებს
კომუნიკაციების კომისია „პოლიტიზირებულს და დაუსაბუთებელს“ უწოდებს მის მიმართ “მთავარი არხის” განცხადებებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვასთან დაკავშირებით.

რა მოხდა?

25 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” 111 903 ლარით დააჯარიმა ეთერში გასული სამი ვიდეორგოლის, მათ შორის სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" კლიპის განთავსების გამო.

იურისტების ნაწილი კომისიის გადაწყვეტილებას არაკანონიერს უწოდებს. "მთავარი არხი" ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის ელჩს, აშშ-ის საელჩოს, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციასა და მედიასაშუალებებს მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა.

26 ნოემბერს მოძრაობა “სირცხვილიამ” კომუნიკაციების კომისიასთან საპროტესტო აქციაც გამართა განცხადებით, რომ „მთავარი არხის“ დაჯარიმება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

კომუნიკაციების კომისიის საპასუხო განცხადების მიხედვით, მათი „თანამშრომლების მიმართ მუქარა და ბულინგი კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის“. კომისიამ საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, რომ ყურადღებით დააკვირდნენ მიმდინარე პროცესს.

კომუნიკაციების კომისიის პოზიცია

კომუნიკაციების კომისიის განცხადების მიხედვით, რომ 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც „მთავარ არხს“ ჯარიმა დაეკისრა, „სრულად შეესაბამება არა მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს”.

იმის დასტურად, რომ „მთავარი არხის“ ეთერში პოლიტიკური რეკლამა კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა, კომისიას „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტი და 761 მუხლის 21-ე პუნქტები მოჰყავს. ამ მუხლებში საუბარია მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებზე, წინასაარჩევნო რეკლამების განთავსების წესებზე და ტარიფებზე.

იურიდიული შეფასება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის, მარი კაპანაძის შეფასებით, კომისია ამ გადაწყვეტილებამდე თავისი სუბიექტური ინტერპრეტაციის შედეგად მივიდა და მისი გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული არ არის.

მისი თქმით, კანონმდებლობაში პირდაპირ არსად წერია, რომ პოლიტიკური რეკლამის განთავსება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდშია დასაშვები. გარდა ამისა, იურისტების შეფასებით, სადავო ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამის განმარტებაში არ ჯდება.

ვრცლად ამ თემაზე: „უპრეცენდენტო ჯარიმა “მთავარი არხს” - რა პრობლემაა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაში?

სადავო ვიდეორგოლები

კომუნიკაციების კომისიამ ამ შინაარსის ვიდეორგოლები მიიჩნია არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამად:

  • პირველ ვიდეოში, რომელიც მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ არის გაკეთებული, „ქართული ოცნების “წარმომადგენლების ფოტოები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახის კონტურში ერთიანდება და ეწერება „სირცხვილია“. ვიდეოს ფონად გასდევს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკა.
  • მეორე ვიდეორგოლში ნაჩვენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ. თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა -„კლავს“, ბოლოს კი ისმის მოწოდება - „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“.
  • მესამე ვიდეორგოლში შეკრებილია ამონარიდები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, პრეზიდენტის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, დეპუტატისა და თბილისის მერის განცხადებებიდან, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით. თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა - „კლავს“, ხოლო ვიდეორგოლის ბოლოს ისმის მოწოდება „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“.
„უპრეცენდენტო ჯარიმა “მთავარი არხს” - რა პრობლემაა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაში?
კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” 111 903 ლარით დააჯარიმა ეთერში გასული სამი ვიდეორგოლის, მათ შორის სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" კლიპის განთავსების გამო. იურისტები კომისიის გადაწყვეტილებას არაკანონიერს უწოდებენ. "მთავარი არხი" კი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.


რას ედავება კომისია “მთავარ არხს”

25 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხის” ეთერში 17 და 18 ნოემბერს გასული სამი ვიდეორგოლის გამო დაუდგინა სამართალდარღვევა:

● პირველ ვიდეოში, რომელიც მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ არის გაკეთებული, „ქართული ოცნების “წარმომადგენლების ფოტოები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახის კონტურში ერთიანდება და ეწერება „სირცხვილია“. ვიდეოს ფონად გასდევს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკა.

● მეორე ვიდეორგოლში ნაჩვენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ. თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა -„კლავს“, ბოლოს კი ისმის მოწოდება - „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“.

● მესამე ვიდეორგოლში შეკრებილია ამონარიდები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, პრეზიდენტის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, დეპუტატისა და თბილისის მერის განცხადებებიდან, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით. თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა - „კლავს“, ხოლო ვიდეორგოლის ბოლოს ისმის მოწოდება „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“.



კომუნიკაციების კომისიამ ვიდეორგოლები არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია. კომისიის განმარტებით, რადგან „მთავარი არხის“ მსგავსი სამართალდარღვევიდან ერთი წელი არ არის გასული, ის უმაღლესი სანქციით, წლიური შემოსავლის 1%-ით - 111 903 ლარით დაჯარიმდა.

„არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზეზით“, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” 2019 და 2020 წლებშიც დააჯარიმეს.

“მთავარი არხის” პოზიცია

მთავარი არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი “მთავარ არხში” კომისიის გადაწყვეტილებას კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას უწოდებს და ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა“.

არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, 25 ნოემბერს, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ კომისიამ ამ გადაწყვეტილებით შეზღუდა არა მხოლოდ მედიის უფლება, არამედ არასამთავრობო სექტორის გამოხატვის თავისუფლებაც. მან ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, აშშ-ის საელჩოს, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციასა და მედიასაშუალებებს მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა.

25 ნოემბრის საღამოსვე, „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სახელწოდებით, იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს" სადაც კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრები „თავისუფალი სიტყვის ჯალათებად“ და „ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებად“ არიან მოხსენიებული.



რა პრობლემაა და რას ამბობს კანონი

“ვხედავთ, რომ კომისიამ შეზღუდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე, როგორიცაა მედიის და გამოხატვის თავისუფლება და, ამის საპირწონედ, რა საზოგადოებრივი სიკეთე დაიცვა, არსად არ ჩანს“ - ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი მარი კაპანაძე.

მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებაში სამი მთავარი პრობლემა იკვეთება და “თუ ამ საქმეს დამოუკიდებელი სასამართლო განიხილავს, ყველა ნაწილში არაკანონიერად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს”.

სამი სამართლებრივი პრობლემა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაში

1. კანონმდებლობაში პირდაპირ არსად წერია, რომ პოლიტიკური რეკლამის განთავსება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდშია დასაშვები.

„კომისია “მთავარ არხს” ედავება, რომ მან საარჩევნო რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში გაუშავა და ეს აკრძალულიაო. თუმცა, კომისია ვერ უთითებს ვერც ერთ მუხლს კანონმდებლობიდან, რომელშიც ასეთი რამ წერია” - ამბობს მარი კაპანაძე.

მისი შეფასებით, მუხლი, რის გამოც მთავარი არხი დაჯარიმდა, კანონში მკაფიოდ არ არის გაწერილი და კომუნიკაციების კომისია ამ გადაწყვეტილებამდე თავისი სუბიექტური ინტერპრეტაციის შედეგად მივიდა და მისი გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული არ არის:

„როცა ვსაუბრობთ აკრძალვაზე და მედიის თავისუფლებაში ჩარევაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ ეს მკაცრად იყოს კანონით განსაზღვრული.” - ამბობს მარი კაპანაძე

2. რამდენად სწორად მიიჩნია კომისიამ სადავო ვიდეორგოლები პოლიტიკურ რეკლამებად?

იურისტების შეფასებით, სადავო ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამის განმარტებაში არ ჯდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განმარტებულია, როგორც “მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ”.

„საარჩევნო სუბიექტები ჩვენ გვყავს არჩევნების წინ. ახლა, თავისთავად, ვეღარ ვისაუბრებთ საარჩევნო სუბიექტებზე, იმიტომ, რომ არჩევნები დასრულებულია” - ამბობს მარი კაპანაძე.

მისივე თქმით, კომისიამ არ განმარტა, კონკრეტულად რა კრიტერიუმებიდან გამომდინარე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამაა.

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, წევრებისგან დასაბუთებას ითხოვდა მაუწყებლის იურისტი თამთა მურადაშვილიც, თუმცა, კომისიის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ გაუციათ.

3. თანაზომიერების პრინციპის დაცვა

თანაზომირების პრინციპი კრძალავს ძირითადი უფლებებში ზომაზე მეტად ჩარევას. ამავე პრინციპის თანახმად, ძირითად უფლებაში ჩარევა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.

მარი კაპანაძე ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისია ვალდებულია, თანაზომიერების პრინციპი გაითვალისწინოს.

„ეს პრინციპი ამბობს, უფლებებში ჩარევისა და შეზღუდვის შემთხვევაში, უნდა გამოიყენო ისეთი ზომა, რომელიც იქნება შესაბამისობაში ჩადენილ სამართალდარღვევასთან.“ - ამბობს მარი კაპანაძე და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიამ „გამოიყენა სანქცია, რომელიც არის კატასტროფულად მაღალი”.

კაპანაძის თქმით, რომ „მთავარი არხის“ მხრიდან სამართალდარღვევაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. „მაგრამ სამართალდარღვევა რომც ყოფილიყო, კომისიას არ დაუსაბუთებია, არ აუხსნია, თუ რა საჯარო ინტერესს ემსახურება ის, რომ ტელეკომპანიას აუკრძალოს მსგავსი ტიპის ვიდეორგოლების გაშვება.“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, კომისია ხელმძღვანელობს არა კანონით, არამედ - თავისი პრაქტიკის შესაბამისად. ეს პრაქტიკა კი ძირითადად ხელისუფლების ინტერესებს ემთხვევაო.

“თუ გადავხედავთ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ისინი ემთხვევა ამ არხების მიმართ ხელისუფლების გზავნილებს

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მედიის რეგულირებაზე.”

მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ „ეს გადაწყვეტილება შეიძლება აღვიქვათ ცენზურის და თვითცენზურის საფრთხედ“ და „კომისიის მიდგომა მიმართულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და თავისი უფლებამოსილების გაფართოებისკენ“.

ასევე იხილეთ

კონსპირაციული თეორიები კოვიდ-19-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ პანდემიისა და კოვიდ-19-ის შესახებ კონსპირაციული თეორიები გაჟღერდა.

გადაცემა ე.წ მწვანე პასპორტის წინააღმდეგ პროტესტს ეხებოდა, თუმცა დაახლოებით ერთსაათიანი ეთერი ძირითადად რესპონდენტების მხრიდან ვაქცინაციას საწინააღმდეგო მოსაზრებებსა და პანდემიის არსებობის ეჭვქვეშ დაყენებას დაეთმო.

კონტექსტი

„თავისუფალი ხედვის“ წამყვანმა შესავალშივე განმარტა, რომ თავდაპირველად გადაცემა მიწვეულ რესპონდენტებსა და „დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან“ დებატების ფორმატში იყო ჩაფიქრებული, თუმცა „დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან“ უარი მიიღეს:

„დღეს ვსაუბრობთ პანდემიაზე, კორონავირუსზე, თუმცა განსხვავებული პერსპექტივიდან. მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა ამას თან მოჰყვა სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქტიურობა. თუ რა პერსპექტივას, რა პროცესებს და ასე ვთქვათ რა გამოსავალს ხედავენ ისინი, რაში ხედავენ ისინი პრობლემას, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად“

წამყვანის განმარტებით, ის ეცდებოდა ჩაენიშნა რესპონდენტების დასახელებული ყველა პრობლემური საკითხი და მომავალში „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ წარმომადგენლებს აუცილებლად შესთავაზებდა ეთერს, რათა გადაცემაში რესპონდენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებისა და კითხვებისთვის ეპასუხათ.

კონსპირაციული თეორიები და ანტივაქსერული განწყობები

გადაცემა მთლიანად ორი სტუმრის: მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძისა და სამხედრო ექიმის სტატუსით მიწვეული გიორგი ლილუაშვილის მოსაზრებებს დაეთმო.

რესპონდენტები ამბობდნენ, რომ საქართველოში პანდემიური სიტუაცია არ არის და უნდობლობას უცხადებდნენ კოვიდ-19-ის ოფიციალურ სტატისტიკას.

ერთ-ერთ რესპონდენტთან წამყვანის პირველი შეკითხვა სწორედ პანდემიის არსებობის საკითხს ეხებოდა. მაშინ, როდესაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა და მსოფლიოში კოვიდ-19-ით 5 მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული.

- გიორგი გვიმრაძე: ბატონო ლევან, მოდით ამ კითხვით დავიწყოთ თქვენთანაც, პანდემია და ეპიდემია გვაქვს თუ არ გვაქვს და რას უნდა დავეყრდნოთ, ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლებრივი კატეგორია ანუ ამას დოკუმენტის გამოქვეყნება სჭირდება თუ შეფასებაც საკმარისია?

- ლევან ჩხიკვაძე: მოდით, მე როგორც მიკრობიოლოგი ისე დაგელაპარაკებით, როგორც ბიოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი.

- გიორგი გვიმრაძე: გისმენთ, ოღონდ მე გამიჭირდება გამოგყვეთ მაგაში ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე.

გადაცემის სტუმრებმა არაერთი ბრალდება გააჟღერეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძისა და მისი მოადგილის პაატა იმნაძის მიმართ.

რესპონდენტები გადაცემაში საუბრობდნენ „გაბერილ სტატისტიკაზე“, კოვიდ-19-ის დასადგენად პისიარ ტესტების „უფუნქციობაზე“ და მისი შემქმნელის პანდემიამდე გარდაცვალებაზე, რაც „კითხვის ნიშანს აჩენს“. გადაცემის სტუმრები ამბობდნენ, რომ პირბადე ადამიანს ვირუსისგან არ იცავს, კოვიდ-19 ბიოლოგიური იარაღია და რომ „იძულება მიმდინარეობს ბავშვები აცრან“, რაზეც წამყვანს ხაზგასმით არ უთქვამს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. „თავისუფალი ხედვის“ სტუმრები ე.წ მწვანე პასპორტებს ეწინააღმდეგებოდნენ და ვაქცინაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის მიმდინარეობისას წამყვანი რესპონდენტებთან ოპონირებას ცდილობდა, გადაცემის ბოლოს თავადვე აღნიშნა: „მე ვერ ვიქნები თქვენი ოპონენტი, ასე ცალმხრივად უბრალოდ შეუძლებელი ამაზე საუბარიო“.

კომენტარისთვის „თავისუფალი ხედვის“ წამყვანს გიორგი გვიმრაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან საუბარზე უარი გვითხრა.

ზიანი

„ეს გადაცემა, ალბათ, კონსპირაციული თეორიების მოყვარულ ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონებოდა იმიტომ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ეს ადამიანები აჟღერებდნენ იყო არაფერზე დაფუძნებული და უმეტესად ტყუილი, ჩვეულებრივი მითები, სადაც შეიძლება კონკრეტული ფაქტები იყოს მართალი, მაგრამ დანარჩენი მანიპულაციაა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნადო“, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ალხანიშვილი.

მისი განმარტებით, ვაქცინის მოწინააღმდეგეების მუშაობის სქემის ნაწილია საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომელშიც არის სიმართლის ელემენტები და დანარჩენი ყველაფერი, რასაც ამბობენ მათი ფანტაზიის ნაყოფია. დეზინფორმაცია კი ხშირად პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლეზე. ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე კი მედიის როლი მნიშვნელოვანია.

„მედიასაშუალებები თითოეულ სიტყვასა და რესპონდენტს ასჯერ უნდა წონიდნენ, რომ მგრძნობიარე საზოგადოებას ეს ყველაფერი სწორად მიეწოდებოდეს. ასეთი ინფორმაციის გაშუქების დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, იქვე უნდა გვქონდეს მტკიცე გარანტიები იმის, რომ მას დავუპირისპირებთ სამეცნიერო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. თუ ეს ვერ ხდება ასეთ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი“, - ამბობს ზურაბ ალხანიშვილი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ვაქცინაციის გაშუქების“ სახელმძღვანელო წესებში წერია, რომ ჟურნალისტებმა თავიდან უნდა აირიდონ ცრუ/ხელოვნური ბალანსი. ინფორმაციის ორივე მხარე მხოლოდ მაშინ უნდა გაშუქდეს, როცა განსხვავებული მოსაზრებები თანაბრად არგუმენტირებულია, და ეფუძნება ფაქტობრივ და სანდო ინფორმაციას.

ანტივაქსერული კამპანიის სიმძლავრიდან გამომდინარე კი მედიაში ანტივაქსერული განცხადებების რეკლამირების საფრთხეა. ამიტომ ვაქცინის მოწინააღმდეგეთა პოზიციების გაშუქებისას არსებობს ორი გზა: არ გავაშუქოთ ისინი, ან გაშუქების შემთხვევაში აღვნიშნოთ, რომ მოწოდება არის ანტივაქსერული, რასაც მედიასაშუალება არ იზიარებს.

„თავისუფალი ხედვის“ 16 ნოემბრის გადაცემა ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ არცერთ ონლაინ პლატფორმაზე არ არის ატვირთული.
რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და რას ამბობს “იმედი” და “პოსტვ”
ტელეკომპანია “იმედმა” და “პოსტვ-მ” 10 ნოემბრის ღამეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მანიპულაციურად გააშუქეს და მაყურებლის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში

10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ - საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, დროებითი ღონისძიების შესახებ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა მიიღო და იმავე დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილ გადაწყვეტილებაში წერია, რომ მთავრობამ 24 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, მომჩივნის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის ციხის საავადმყოფოში გაწერილი სამედიცინო მკურნალობის შესახებ.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მომჩივნის უსაფრთხოება ციხეში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის.

სასამართლომ “მხარეთა ინტერესებისა და სასამართლო წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა დაჟინებით სთხოვოს განმცხადებელს (მიხეილ სააკაშვილს) შიმშილობის შეწყვეტა”.

რა თქვა იუსტიციის მინისტრმა

სტრასბურგის გადაწყვეტილება, დროებითი ღონისძიების შესახებ, გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინზე გაასაჯაროა.

პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ფოტოასლი და დაწერა, რომ “სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა”.



შემდეგ კი ტექსტი განავრცო და დაწერა, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და სააკაშვილს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა.

როგორ გააშუქეს “იმედმა” და “პოსტვ-მ”

იმ დროს, როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, “იმედის” ეთერში გადაცემა “იმედი LIVE” გადიოდა. გადაცემის წამყვანებმა - მაგდა ანიკაშვილმა და გიორგი ფუტკარაძემ, მაყურებლის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

ორივე წამყვანი მხოლოდ რატი ბრეგაძის ფეისბუქ პოსტს ეყრდნობოდა და მისივე ინტერპერტაციას ახმოვანებდა. მაგდა ანიკაშვილმა მაყურებელს უთხრა, თითქოს, “უმაღლესი ინსტანციის სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის მოთხოვნა, კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ არის სამართლიანი”.

ამასთანავე, წამყვანები ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილის არასწორი ინტერპრეტაციაა.




“პოსტვ-მ” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 11 ნოემბერს, დილის საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქა. წამყვანმა გამოშვება დაიწყო ტექსტით, “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უარი მიხეილ სააკაშვილს.” წამყვანი საუბრობდა იმაზეც, თითქოს “სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის მოთხოვნა კერძო კლინიკაში გადაყვანაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

“იმედის” მსგავსად, “პოსტვ-ც” მხოლოდ რატი ბრეგაძის განცხადებას დაეყრდნო.

კონტექსტი

8 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 41 დღეა შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზე. სააკაშივლის ადვოკატები და ექიმი კი მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
კამერები ციხის თანამშრომლის შვილთან - რაშია პრობლემა?
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ჩანს ციხის იმ თანამშრომლის შვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა.

კონტექსტი

9 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ საჯარო გამოსვლისას თქვა: „აი ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი.“

გიგი უგულავა გულისხმობდა იმ ციხის საავადმყოფოს ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტის წერილის თანახმად, მაშინ ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში" და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მალევე მედიამ გაარკვია, რომ პენიტენციური დაწესებულების ეს წარმომადგენელი გლდანის ციხის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, რომელიც წლების წინ სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა და ქრთამის აღების გამო დააკავეს, სამი წლის შემდეგ კი ამნისტიით გათავისუფლდა.

რა მოხდა?

სიუჟეტში, რომელიც ეთერში საღამოს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, გიგი უგულავას გამოსვლიდან დაახლოებით 20 წუთში გავიდა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფი ციხის თანამშრომლის მიმართ ბრალდებებზე პასუხის გასაგებად მის საცხოვრებელ ბინასთან მივიდა და მისი შვილი ჩაწერა. სიუჟეტში ჩანს, გოგო, რომელიც ნახევრად გაღებულ კარში ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს, მასალაში ნახსენებია ქუჩა და ჩანს ბინის ნომერი.

რა ზიანი შესაძლოა მიადგეს ციხის თანამშრომლის შვილს?

ორგანიზაციის, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი გვეუბნება, რომ ასეთი განცხადებისა და გაშუქების შედეგად საფრთხეები მწვავეა, რაც ფსიქოლოგიურ სტრესში გამოიხატება.

„რა თქმა უნდა, ბავშვს აქვს კითხვა: მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერში? და ბავშვი არაფერ შუაში არ არის. შემდგომი საფრთხეა ის, რომ მას დააკავშირებენ ისეთ მოვლენასთან, რასთანაც მას კავშირი საერთოდ არ აქვს და არც პასუხისმგებელია. ამის გამო შეიძლება სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდეს და ყველა მიკროსოციუმში, მათ შორის სკოლაში სირთულეები შეექმნას.“, - ამბობს არგანაშვილი.

უფლებადამცველი მიყენებული ზიანის ხანგრძილვ ეფექტზეც საუბრობს, რაც ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე იქონიებს გავლენას. ამ ყველაფერში კი მედიის პასუხისმგებლობასაც ხედავს:

„მედია უნდა ყოფილიყო უფრო დაკვირვებით და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს რეაგირება. პასუხისმგებლობას, სამწუხაროდ, იზიარებს მედიაც და, სხვათაშორის, სასამართლო გადაწყვეტილებებიც არსებობს იმაზე, რომ ასეთ საქმეებში ბავშვები არაფერ შუაშია. ვისი შვილიც არ უნდა იყოს, ვერანაირი საჯარო ინტერესი ვერ გადაწონის ბავშვის ინტერესის დარღვევას.“

საჯარო ინტერესი და პირადი ცხოვრება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

ამგვარი ინტერესის გარეშე კი არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ საჯარო პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაც არაეთიკურია.

საზოგადოებრივი ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გასამიჯნად უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ამიტომაც თითოეულ შემთხვევაზე მსჯელობაა საჭირო.

ვრცელი სტატია ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის?

სახალხო დამცველის განცხადება და უგულავას ბოდიში

გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება დაუშვებელია და „ ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.“

გიგი უგულავამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ციხის თანამშრომლის შვილის მიმართ საფრთხის რისკს მაინც ხედავს. “ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა და იმედი მაქვს, ოჯახის წევრები და შესაბამისი სერვისები დაეხმარებიან.“
ვინ როგორ გააშუქა ოპოზიციის 31 ოქტომბრის აქცია?
31 ოქტომბერს ოპოზიციის აქცია ცენტრალური ტელევიზიების ერმა ნაწილმა მანიპულაციურად და პოლიტიკურად მიკერძოებულად გააშუქა. ნაწილმა კი მათთან შედარებით ობიექტურად, მშრალად ასახა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენები.

რა მოხდა

ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა არჩევნები “გაუქმებულად” გამოაცხადა და 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გამართა.

რა აჩვენა 7 ცენტრალურ არხზე დაკვირვებამ?

„მედიაჩეკერი“ შვიდი მაუწყებლის გაშუქებას დააკვირდა: „ტვ პირველი“, „იმედი“, „პოსტვ“, „პირველი არხი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „რუსთავი 2“.

ჩამოთვლითაგან “რუსთავი 2” ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელმაც ოპოზიციის აქციას პირდაპირ ეთერში დრო საერთოდ არ დაუთმო.

დანარჩენი მაუწყებლებიდან ზოგი რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს საათების განმავლობაში უწყვეტად აშუქებდა, ზოგმა კი მხოლოდ აქციის დაწყების ან დასრულების შემდეგ ჩართო პირდაპირი ეთერი.

უმრავლესობის გაშუქებაში - ჟურნალისტების მანიპულაციური ტექსტებით, შერჩეული კადრებით, მთავარი აქცენტებით - კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა მაუწყებლების პოლიტიკური მიკერძოება:

არხების ნაწილი მაყურებელს არწმუნებდა, რომ “ოლიგარქმა ქართველ ხალხს არჩევნები წაართვა და ოპოზიცია პარლამენტთან ამის გასაპროტესტებლად და სამოქმედო გეგმის წარსადგენად შეიკრიბა”. ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ „პოლიტიკურად გაბანკროტებული მელია მარცხს არ აღიარებს და ტრადიციულად ქუჩაში გავიდა”.

alt

დეტალურად

მთავარი არხი

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” ოპოზიციის პროტესტის გაშუქებას ყველაზე მეტი დრო დაუთმო. 18:00 საათიდან დაიწყო პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების პირდაპირ ეთერში გადაცემა და დაახლოებით, 20:50-მდე უწყეტ რეჟიმში აშუქებდა მოვლენებს.

სანამ აქციაზე გამოსვლები დაიწყებოდა, არხი მაყურებელს ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვებს სთავაზობდა.

ჟურნალისტი და მისი რესპონდენტები მტკიცებით ფორმაში ყვებოდნენ, “ოლიგარქის გუნდმა გაიფორმა გამარჯვება, რომელიც არ მოუპოვებიათო”. აქციის გაშუქებისას არხის მთავარი სათქმელი ის იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს წაართვა ნება, ოპოზიცია კი ამას აპროტესტებს და სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას წარადგენს”.

პირდაპირი ეთერის დასრულებიდან დაახლოებით 10 წუთში “მთავარი არხის” ეთერში გადაცემა “პოსტ ფაქტუმი” კვლავ რუსთავაელის გამზირიდან ჟურნალისტის ჩართვით განახლდა და არხმა თითქმის 15 წუთი ამავე თემას დაუთმო.

TV პირველი

პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის გაშუქება “ტვ პირველმა” მთავარ არხზე ადრე - 17:00 საათიდან დაიწყო. პირდაპირ ეთერში პერიოდულად ერთვებოდნენ ჟურნალისტები და მაყურებელს ინფორმაციას აწვდიდნენ სამზადისის შესახებ. 18:12-დან კი არხი თითქმის ორსაათ-ნახევრის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა აქციას.

არხი მაყურებელს პერიოდულად სთავაზობდა აქციის მონაწილეების, პოლიტიკოსების ჩართვებს.

სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, “ტვ პირველის” ჟურნალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი სამართალდამცავის მობილიზაციაზე ამახვილებდნენ.

ფორმულა

ტელეკომპანია “ფორმულამ” 18:40-დან დაიწყო აქციის გაშუქება, 19:00 საათიდან კი უწყვეტ რეჟიმში, ერთი საათის განმავლობაში აწვდიდა ინფორმაციას მაყურბელს იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ.

სამივე მაუწყებელი - “ფორმულა”, “ტვ პირველი”, “მთავარი არხი” - სხვადასხვა რაკურსით აჩვენებდნენ აქციაზე შეკრებილ ხალხს. თუმცა, საერთო სურათის უკეთ აღსაქმელად, არც ერთს არ უჩვენებია აერო გადაღების კადრები.

alt

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გაშუქება აქციამდე ერთი საათით ადრე დაიწყო. 18:00 საათიან “მოამბეში” რუსთაველიდან პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ორჯერ ჩაერთო და დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა.

19:25-დან კი “მოამბე” სპეციალური გამოშვებით შევიდა ეთერში და თითქმის 40 წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემდა იქ მიმდინარე მოვლენებს. მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა, მოესმინა აქციის ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლები.

პირველი არხი სამი სხვადასხვა რაკურსიდან აშუქებდა მოვლენებს: მაუწყებლის ერთი კამერა უშუალოდ აქციაზე გამომსვლელებისკენ იყო მიმართული, მეორე - ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უყურებდა პარლამენტს, მესამე კი აერო გადაღების კადრებს აჩვენებდა. ამ სამი რაკურსიდან, მაყურებელს მხოლოდ აერო გადაღების კადრიდან შეეძლო ხალხის რაოდენობის დანახვა.

alt

იმედი

“იმედმა” 20:00 საათზე კვირის მთავარი საინფორმაციო გამოშვება პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გაშუქებით დაიწყო. ამ დროს აქცია უკვე დასრულებული იყო და ხალხი იშლებოდა.

“იმედმა” მაყურებელს მხოლოდ აერო გადაღების კადრები უჩვენა, საიდანაც ძირითადად პარლამენტთან მიმოფანტული ხალხი ჩანდა. ამ კადრების ფონზე კი, გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტი მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ „პოლიტიკურად გაბანკროტებულმა მელიამ ძლივს მოახერხა, ათასამდე კაცი მიეყვანა რუსთაველის გამზირზე, კახა კალაძემ კი ტრიუმფალურმა გამარჯვება მოიპოვა.”
alt

“ორგზის დამარცხებული ნიკა მელია, წაგების აღიარების ნაცვლად, არჩევნებს აცხადებს გაუქმებულად და ხალხს ქუჩაში იბარებს. თუმცა, როგორც ჩანს, ვერ შეკრიბა. მამულაშვილი ოპონენტების კაბინეტებიდან თმებით გამოყვანას აანონსებს. წითლიძე ზუგდიდის ქუჩებში დარბის და წაგებულის მოგებულად აღქმას ცდილობს. გვარამიძისთვის ისევ 2003 წელია და რევოლუციის სურვილით ქუჩაში გაჭრა სურს. ფორსირებულად შეკოწიწებული ე.წ. კოალიციაც კალაძის ტრიუმფალურმა გამარჯვებამ მარტივ მამრავლებად დაშალა. რეფერენდუმის მუქარა კი, ყოფილ სახელისუფლებო გუნდს ბუმერანგივით დაუბრუნდა” - ამ ტექსტით დაიწყო “იმედის კვირა” წამყვანმა.


პოსტვ

“ნაცები ქუჩაში გადიან. დესტრუქციული გეგმა და განცდილი მარცხის არაღიარება” - ასე დაიწყო ოპოზიციის აქციის გაშუქება 19:00 საათიან გამოშვებაში “პოსტვ-მ”.

“იმედის” მსგავსად, პოსტვ-იც აეროგადაღების კადრებს უჩვენებდა მაყურებელს, ჟურნალისტი კი მაყურებელს უყვებოდა, რომ აქციაზე ცოტა ხალხი იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, ძირითადად, პოლიციელები და ჟურნალისტები ავსებდნენ.

„ნაცები ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებების წინააღმდეგ. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოები ისევ ქუჩას მიმართავენ. რადიკალები ბრძოლას მოქალაქეებს უცხადებენ, რომლებმაც არჩევნებზე უარი მათ კიდევ ერთხელ უთხრეს. უსაფუძვლო და არალეგიტიმური პროტესტი მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ისახავს“ - ამბობდა პოსტვ-ს ჟურნალისტი.

alt

რუსთავი 2

“რუსთავი 2-ის” მაყურებელმა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შესახებ ფრაგმენტული და არასრული ინფორმაცია აქციის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ, 21:00 საათიან გამოშვებიდან მიიღო.

იმ დროს კი, როდესაც პარლამენტთან ოპოზიციის აქცია იმართებოდა, “რუსთავი 2-ზე” გადაცემა “ექიმები” და სერიალი “დიდებული საუკუნე” გადიოდა.

21:10 საათზე “კურიერის” ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით - „ოპოზიციის გეგმა - პოლიტიკური ბრძოლის ნაცად მეთოდზე ოპოზიციური კოალიცია კიდევ ერთხელ გადადის“. სიუჟეტში უშუალოდ აქციის გაშუქებას 2 წუთამდე დრო დაუთმო, დაახლოებით ამდენივე კი ხელისუფლების შეფასებებს.

“ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უკვე კარგად ნაცნობ და აპრობირებულ გზას ირჩევს. ნიკა მელიამ თანამოაზრეები ისევ ქუჩაში შეკრიბა და სამოქმედო გეგმა გააცნო” - ამ ტექსტით აცნობა ჟურნალისტმა მაყურებელს, რომ “მმართველი პარტია გამარჯვებას ზეიმობს. დამარცხებული ოპოზიცია კი ქუჩაში გადისო”.
რა ინფორმაციული ღირებულება აქვს მკვლელობის ამსახველი კადრების ჩვენებას
23 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" თბილისში ახალგაზრდა ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები დაუფარავად "ექსკლუზიურად" გაუშვა, წინა დღეს კი მაყურებელმა მოკლული შატალოვას ნაწილობრივ დაფარული ფოტო ასევე „ექსკლუზიურად“ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იხილა.

რა ინფორმაციული ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მკვლელობის ამსახველი მძიმე ვიზუალური მასალის ჩვენებას მაყურებლისთვის?

რა ზიანის მომტანია და როდის არის გამართლებული მედიის მიერ ასეთი კადრების ჩვენება?

კონტექსტი

30 წლამდე ქალი, ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 19 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მკვლელობის საქმე გახსნა და 3 პირი დააკავა.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი წამყვანის გაფრთხილების შემდეგ ეთერში დაუფარავად აჩვენა, ეს მასალა სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კი ცხედრის ნაწილობრივ დაფარული ფოტო, რომელიც საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა, „ფეისბუქზეც“ გაავრცელა.

უნდა გააშუქოს თუ არა მედიამ მკვლელობის ამსახველი კადრები?

არ არსებობს ცალსახა მიდგომა, რომელიც კრძალავს ან უშვებს მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების გაშუქებას. რედაქციამ გადაწყვეტილება თითოეული შემთხვევის კონტექსტიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა საჯარო ინტერესი საზოგადოების ცნობისმოყვარეობისგან გამიჯნონო, ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

„ცნობისმოყვარეობით შეიძლება გვაინტერესებდეს, მაგალითად რა ტრაექტორიით მოხვდა მას ტყვია, როგორ დაეცა, რა ეცვა მსხვერპლს და ა.შ მაგრამ ეს დეტალები, რეალურად საინტერესოა უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დონეზე, მაგრამ საჯარო ინტერესები არ არსებობს.“, - ამბობს გოგოსაშვილი.

ქარტიის დირექტორი განმარტავს, რომ საჯარო ინტერესი არსებობს, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რაიმე ტიპის დარღვევა ჩანს, იკვეთება დანაშაულის დაფარვის მცდელობები ან საგამოძიებო უწყებები არასწორ ინფორმაცის ავრცელებენ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების მხილებისა და დანაშაულის გახსნის ხელშეწყობის მიზნით საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ხელშემწყობიც იყოს.

მეორე მხრივ მედია უნდა დაფიქრდეს, რა ინფორმაციული ღირებულება აქვს მძიმე კადრებს და შეუძლია თუ არა ამბავი ამ ვიზუალური მასალის გამოყენების გარეშეც გადმოსცეს.

რა ზიანი მოაქვს მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების ჩვენებას?

ნებისმიერი მძიმე ვიზუალური მასალის გავრცელების დროს მედიასაშუალებებმა დაღუპულის ოჯახის წევრების რეტრამვირების საკითხიც უნდა გაითვალისწინონ.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. ასეთი მასალების გამოყენების დროს მედიასაშუალება უნდა შეეცადოს შეამციროს, ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მასში ასახულ პირს ან მის ნათესავებს მიაყენოს.

„როდესაც საძიებო სისტემაში თავიანთი ოჯახის წევრის სახელს და გვარს ჩაწერენ ძალაინ შემზარავ კადრებს უჩვენებს, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მათ რეტრამვირებას“, - განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი.

საერთაშორისო მედიის პრაქტიკაში მკვლელობის ამსახველი კადრების გაშუქების არაერთი მაგალითი არსებობს, თუმცა თითქმის ყველა მათგანს თავისი დასაბუთება აქვს. მაგალითად, 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ამსახველი ვიდეო ძირითადი მტკიცებულება იყო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში და ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესზე და სისტემური რასიზმის პრობლემას წარმოაჩენდა.

ამ კადრებმა მთავარი როლი შეასრულა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებაში და მოგვიანებით მისმა 18 წლის ავტორმა პულიცერის პრემიაც მიიღო.

მაღალი საჯარო ინტერესისა და გამოძიების მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელებაც, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობდა 2016 წელს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობისა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მძიმე კადრების გაშუქების დროსაც.

მკვლებობის ამსახველი კადრების დაუფარავად გაშუქებამდე მედიასაშუალებამ ორი ძირითადი კრიტერიუმი უნდა გაითვალისიწინოს: მაღალი საჯარო ინტერესი და ამ მასალის გამოყენების დასაბუთება, რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ ასეთი კადრების გავრცელება გადაწონის დაღუპულის ოჯახის წევრების რეტრამვირების რისკს.

ასევე, ამ თემაზე: მკვლელობის კადრები “ექსკლუზიურად ფორმულაზე”

ამ შემთხვევებიდან ერთი თვით ადრე ტელეკომპანია "ფორმულამ" საინფორმაციო გამოშვებაში ასევე „ექსკლუზიურად" უჩვენა თბილისში, ახალგზარდა კაცის, ნიკა კვარაცხელიას სასიკვდილოდ დაჭრის დაუფარავი კადრები.