აჭარა TV-ის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო
29.05.2020
აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა დაიწყო. აქტივისტმა დღეს, 29 მაისს მაუწყებლის წინ კარავი გაშალა და განაცხადა, რომ მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას.

“მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს ის დაკავებული თანამდებობიდან. Ამ მოთხოვნით მე დღეიდან ვიწყებ შიმშილობას და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც გათავისუფლდა კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ”,- განაცხადა მან აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.

ტელევიზიასთან დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „მე მიყვარს ბათუმი“ აქციამაუწყებლის შენობის წინ 26 მაისსაც გამართა.


ფოტო: რადიო თავისუფლება

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ე.წ. საბოტაჟის საქმეს მედიაკოალიცია მედიის თავისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ პროცესად აფასებს
‘დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები“, - ასე აფასებს კოალიცია მედიის თავისუფლებისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებულ გამოძიებას. მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმები. 

„ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები.

ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე.

მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც კოალიციამ მედიის თავისუფლებისათვის დღეს, 3 ივლისს გაავრცელა.

მედიაკოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

„სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია .

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 2 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უფლება მიეცა, რომ “მთავარი არხიდან” ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებული რეპორტაჟის სრული, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა ამოიღოს. მაუწყებლის დირექტორი, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ეს ქმედება არხის დისკრედიტაციას და მათ დაშინებას ემსახურება.

საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისს გასულ სიუჟეტს „ნაყიდი COVID-19“. სიუჟეტში რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერის სანაცვლოდ, მათ გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მუხლით და ამ გამოძიების ფარგლებში “მთავარი არხის” რესპონდენტები გამოკითხვაზე დაიბარა.
რას შეცვლის ფეისბუკის პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკაში საქართველოს ჩართვა
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ღია წერილით მიმართა “ფეისბუკის” დამფუძნებელს, რათა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღოს გარკვეული ზომები საქართველოსთან მიმართებაში. რატომ გახდა აუცილებელი ამ ზომების მიღება და რა გამოხმაურებას უნდა ველოდოთ ფეისბუკის მხრიდან, ამ საკითხებზე აღნიშნულ წერილზე ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციის - “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მრჩეველ-კონსულტანტს, მიხეილ ბენიძეს ვესაუბრეთ:

- ღია წერილიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ ფეისბუკმა საქართველოში ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკა. რა დამატებით ინფორმაციას მისცემს ეს ამომრჩეველს საქართველოში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი?

საქართველოში საარჩევნო გარემოზე სერიოზულ გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის ინფორმაცია და მადისკრედიტებელი კამპანიები, რომლებიც ხშირად ანონიმურად დასპონსორებული კონტენტის საშუალებით ხორციელდება ფეისბუკის გვერდებზე ან ჯგუფებში. ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან აქტორები როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან, ცდილობენ ამომრჩევლების განწყობაზე გავლენას, მათ შორის, გაუმჭვირვალე ფინანსების გამოყენებით. საარჩევნო კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური გამჭვირვალობა, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური შინაარსის რეკლამას.

ფეისბუკზე ხშირად გვხვდება არა მხოლოდ ოფიციალური კანდიდატების - პარტიების ან საარჩევნო სუბიექტების მიერ განთავსებული რეკლამები, არამედ ისეთი დასპონსორებული პოსტები, რომლებიც არსით არიან საარჩევნო კამპანიის ნაწილი - ეს არის მადისკრედიტებელი, ან დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც მიიმართება პოლიტიკოსების, აქტივისტების მედიაორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და დღესდღეობით ჩვენთვის უცნობია, ვინ დგას ამ კამპანიების უკან და რა თანხა იხარჯება.

პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა არის სწორედ ფეისბუკის გამჭვირვალობის ერთ-ერთი მექანიზმი პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებზე რეკლამებთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს, მაგალითად, აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე შარშან უკვე უკრაინაშიც ჩაირთო არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ბიბლიოთეკა მოგვცემს საშუალებას, გავიგოთ, თუ ვინ არის გადამხდელი, როცა ფეისბუკში გამოჩნდება დასპონსორებული პოსტები საარჩევნო და პოლიტიკურ საკითხებზე; გავიგოთ, თუ ვისი დაკვეთით და რომელ პერიოდში ქვეყნდება ეს პოსტები; რა რაოდენობის თანხა იხარჯება ამაში; რა დემოგრაფიულ და გეოგრაფიულ აუდიტორიაზე იყო მიმართული და ა.შ.

- თქვენი ორგანიზაცია ბოლო წლებში აქტიურად აკვირდება ფეისბუკში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს. რას აჩვენებს თქვენი მონიტორინგის შედეგები ამ კუთხით: არის იმის ნიშნები, რომ, მაგალითად, ხელისუფლება შესაძლოა აფინანსებდეს ფეისბუკში ისეთ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც ამომრჩევლის დეზორიენტაციას ემსახურება და რომლის ხარჯებსაც მალავს და არ წარადგენს იგივე აუდიტის სამსახურში, სადაც ევალება კანონით საარჩევნო ხარჯებზე ინფორმაციის მიწოდება?

დიახ, ამის შთაბეჭდილება ნამდვილად იქმნება და გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებებიც. ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, სხვა პოლიტიკური აქტორებიც არიან ამაში ჩართულები. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სოციალური ქსელების მონიტორინგმა, რომელიც ჩავატარეთ, აჩვენა, რომ ოფიციალური საარჩევნო სუბიექტები კამპანიის წესებს იცავდნენ, მაგრამ ამავდროულად იყო ანონიმური, დასპონსორებული, მადისკრედიტებელი კამპანიები, რომლებიც შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ იყო ორგანიზებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ან მათთან აფილირებული პირების მიერ. აი, ამ გვერდებზე უკვე ყოველდღიურად დიდი რაოდენობით დასპონსორებული კონტენტი ქვეყნდებოდა, მაგრამ ხელმისაწვდომი არ იყო ინფორმაცია ამ კონტენტის და ამ გვერდების წარმომავლობაზე.

ასეთი დაახლოებით 54 გვერდი აღმოვაჩინეთ ჩვენ 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის დროს, ხოლო მეორე ტურის დროს მათი რაოდენობა გასამმაგდა და 160-ს გადააჭარბა. ეს არ იყო მხოლოდ სახელისუფლებო გვერდები, თუმცა რაოდენობრივად უფრო მეტი იყო ხელისუფლების სასარგებლოდ მომუშავე გვერდები. განსაკუთრებით, მეორე ტურის დროს გასამმაგებული რაოდენობა ასეთი გვერდებისა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა საერთაშორისო კონსულტანტები ჩართო ხელისუფლებამ და ჩვენს ანგარიშში ჩვენ ვწერდით კიდეც, რომ ავსტრიაში იგივე კონსულტანტების ჩართულობით მსგავსი მეთოდები გამოიყენებოდა, უბრალოდ, უფრო ნაკლები მასშტაბით, რადგან იქ საკმაოდ მძაფრი რეაგირება მოჰყვა მსგავსი მეთოდების გამოყენებას.

ამას ორგანიზებული სახე ჰქონდა - ერთი და იგივე თემების გააქტიურება ერთდროულად რამდენიმე გვერდზე და შემდეგ კიდევ გრძელდებოდა ამ მეთოდების გამოყენება მთელი წლის მანძილზე, განსაკუთრებით პოლიტიკურად მნიშვნელოვან თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებთან, მაგალითად, 20 ივნისის მოვლენებზე და ა.შ. წლის ბოლოს კი, როდესაც ფეისბუკმა გააუქმა საქართველოში ბევრი გვერდი, მათ შორის მმართველ პარტიასთან დაკავშირებული, იქ ასევე ნათქვამი იყო, რომ 316 ათასი აშშ დოლარის ოდენობის რეკლამაზე დახარჯული თანხა იყო იმ ქსელის მიერ, რომელიც მაშინ ფეისბუკმა გააუქმა. ანუ ამის მტკიცებულებები არსებობს და ეს ქსელი, როგორც მოგეხსენებათ, მაშინ ფეისბუკმა პირდაპირ თქვა, რომ იყო დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან”.

- კოორდინირებული არააუთენტიკური ქცევის გამოსავლენად ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდებთ თქვენს ღია წერილში ფეისბუკს, რომელმაც ბოლო დროს ამის გამო საქართველოში არაერთი გვერდი და ანგარიში წაშალა. თქვენ ითხოვთ, რომ შესაბამისი ქსელების წაშლის შემდეგ ამ ანგარიშის მიმდევრებსა და მომწონებლებს ფეისბუკმა შეატყობინოს ის, რომ ეს ანგარიშები სწორედ კოორიდნირებული საეჭვო ქცევის გამო წაიშალა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

როგორც ცნობილია ასეთი ქცევის გამო საქართველოში გვერდები წაიშალა ჯერ გასული წლის დეკემბერში, შემდეგ ამ წლის აპრილში. საერთო ჯამში, ძალიან ბევრი, სადღაც 1400-ზე მეტი გვერდი და ანგარიში წაიშალა და ეს კარგად აჩვენებს, თუ რამდენად მასშტაბურად გამოიყენება ეს ინსტრუმენტი - კოორდინირებული საეჭვო ქცევა საქართველოში საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად. ამ ინსტრუმენტით ხდება ხელოვნურად რაღაც თემების გააქტიურება, ხელოვნური ინტერაქციის შექმნა და ფეისბუკის მომხმარებლების განწყობებზე ზეგავლენის მოხდენა.

ამგვარად, ეს პრობლემურია იმ კუთხით, რომ დემოკრატიული არჩევნების წინაპირობაა ის, რომ მოქალაქეებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება და თავად აირჩიონ სასურველი კანდიდატები ინფორმირებული არჩევანის შედეგად. ინფორმირებულ არჩევანზე ნეგატიურ გავლენას ახდენს სწორედ ხელოვნურად შექმნილი დღის წესრიგი.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ერთის მხრივ ფეისბუკმა მოახდინოს რეაგირება, ხოლო როცა ირეაგირებს და წაშლის ასეთ გვერდებზე, შესაბამისი შეტყობინება დაეგზავნოს იმ ადამიანებს, ასე ვთქვათ, დაზარალებულებს, ვისკენაც იყო მიმართული ეს დეზინფორმაციული თუ მადისკრედიტებელი გზავნილები.

- საინტერესოა, თუკი ფეისბუკი დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, მხოლოდ საარჩევნო პერიოდში და საარჩევნო საკითხებზე გავრცელდება ეს ყველაფერი, თუ იგივე მოხდება რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებულ კოორდინირებულ ქსელებზე, რომლებიც საქართველოში ძალიან აქტიურია?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შორის რუსული პროპაგანდის ძირითადი მიზანი დიდწილად არის სწორედ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესზე გავლენის მოხდენა და რუსეთისთვისაც არჩევნები არის ხოლმე ცხელი სამიზნე. ცხადია, არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში უნდა იყოს ფეისბუკი აქტიური, უბრალოდ, ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ თუ დროულად ჩაირთვება პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა, შემდეგ ის ჩართული რჩება არასაარჩევნო პერიოდშიც, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში ასეა. აი, მაგალითად, გასულ თვეში, ივნისში პეტრო პოროშენკოს პარტიის მიერ უკრაინაში დახარჯულია 160 ათასი აშშ დოლარი ფეისბუკში პოლიტიკური რეკლამისთვის, ანუ უკვე არასაარჩევნო პერიოდში, ყოველთვიურად ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს თითოეული ეს რეკლამა და გააანალიზოს.

- როდესაც საქართველოში ფეისბუკმა ასეულობით გვერდი და ანგარიში წაშალა კოორდინირებული არააუთენტიკური ქცევის გამო, მაშინ იმ აქტორების მხრიდან, რომლებსაც შეეხო ეს “წმენდა”, იყო განცხადებები იმაზე, რომ ფეისბუკს მიეწოდა არასწორი ინფორმაცია იმ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლების განცხადებით, მაგალითად, დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ა.შ. რეალურად რამდენად ეყრდნობა ფეისბუკი არასამთავრობო ორგანიზაციების ან სხვა, მესამე პირების ცნობებს, როდესაც იღებს ქსელიდან გვერდებისა და ანგარიშების წაშლის თაობაზე კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამო?

კოორდინირებული არააუთენტიკური ქცევის გამო ქსელებს ფეისბუკი შლის მხოლოდ და მხოლოდ ფეისბუკის შიგნით მიმდინარე სერიოზული გამოძიების შემდეგ და საკმაოდ სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს. შეიძლება რიგ შემთხვევებში, ვთქვათ, ჩვენ, ან რომელიმე სხვა ორგანიზაციამ ან აქტორებმა მიაწოდონ ფეისბუკს ინფორმაცია ან ანგარიში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დეტალურად შეისწავლიან კონკრეტულ ქცევას და დარწმუნდებიან, რომ მართლაც ყალბ ინტერაქციას აქვს ადგილი და ხელოვნური მეთოდებით მოხდა საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენა, იღებენ გადაწყვეტილებას წაშლის თაობაზე.

ამდენად, ჩვენი ანგარიშები მათთვის ამ შემთხვევაში არის მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომი ანგარიშები, რომელიც შეიძლება მათთვის იყოს საწყისი ეტაპი, რომ აღმოაჩინონ რაღაც, თუმცა მათი ალგორითმები დამოუკიდებლაც ავლენს მსგავსი ტიპის ქცევას. ამიტომ ასეთი პოლიტიკურ აფილაციებზე საუბარი არ არის დამაჯერებელი ამ შემთხვევაში, რადგან ფეისბუკი თავად იძიებს ასეთ საკითხებს და ისე იღებს გადაწყვეტილებას. აქვე დავამატებ იმას, რომ პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის ნაწილში ჩვენ ფეისბუკისგან ვითხოვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ასეთი რეგულაციები დაწესებული აქვს მაუწყებლებს და სამწუხაროდ, ფეისბუკთან მიმართებაში კანონის ეს მოთხოვნა ვერ სრულდება. ამიტომ აუცილებელია, რომ ფეისბუკმა აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

- რა შანსებია იმისა, რომ მოესწროს და ფეისბუკმა თქვენი განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნები სწორედ ამ არჩევნების დროს დააკმაყოფილოს?

ჩვენ ფეისბუკიდან გვაქვს დაპირება, რომ შესაბამის ყურადღებას მიაქცევენ საქართველოში ამ არჩევნებს, რაც ასევე გულისხმობს პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკის ჩართვას, უბრალოდ, რახან ჯერ კიდევ, არჩევნებამდე 4 თვით ადრე არ არის ჩართული ეს ფუნქცია, ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო საჯარო წერილის მიწერა, რომ ეს არის არა მხოლოდ ერთი და ორი ორგანიზაციის მოთხოვნა საქართველოში.

თუკი ფეისბუკის მხრიდან იქნება ნება და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ეს ფუნქცია ჩაირთვება ძალიან მალე. მაგალითად, უკრაინის არჩევნებზე 2019 წელს, ეს მექანიზმი თუ არ ვცდები, ჩაირთო არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, რაც ბუნებრივია, არასაკმარისი დროა, რადგან დიდი რაოდენობით ხარჯი უკვე გაწეული იყო მანამდე. სწორედ ამიტომ მივმართეთ არჩევნებამდე 4 თვით ადრე ფეისბუკს, რომ დროულად დაემატოს საქართველო პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკაში ქვეყნების ჩამონათვალს.
ე.წ. საბოტაჟის საქმეს TI სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და თვითცენზურის საფრთხედ აფასებს
"მედიის მხრიდან პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას, საკითხის სისხლის სამართლის ჭრილში გადატანა ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ქმნის თვითცენზურის საფრთხეს", - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით მიმდინარე გამოძიების პროცესი კითხვებს აჩენს. 

"მედიის მიერ პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმები და მიმართოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ან ტელევიზიაში შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს. ამის ნაცვლად, გამოძიების დაწყება და საქმის სისხლის სამართლით დასჯად ქმედებათა ჭრილში გადატანა სახიფათო პრეცედენტს ქმნის და „მსუსხავი ეფექტის“ საფრთხეს აჩენს", - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში. 

ამავე განცხადებაში, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სიუჟეტში მოყვანილ შესაძლო დანაშაულებზე (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ სტატისტიკის გაყალბებასა და შესაძლო სამოხელეო დანაშაული) რეაგირების ნაცვლად, საბოტაჟის მუხლით გამოძიების წარმართვა არალოგიკურად გამოიყურება. 

"აღნიშნული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება არა ფაქტების დადგენას, არამედ მედიის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას, სხვა ტელევიზიებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნასა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შეკავებას ისახავს მიზნად", - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

TI-ს შეფასებით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტებს ქმნის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მედიაგარემოს.

"მოახლოებული არჩევნების ფონზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაიაზროს დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტის როლი და უზრუნველყოს მედიის შეუფერხებელი საქმიანობა", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

შეგახსნებთ, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უფლება მიეცა, რომ “მთავარი არხიდან” ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებული რეპორტაჟის სრული, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა ამოიღოს. მაუწყებლის დირექტორი, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ეს ქმედება არხის დისკრედიტაციას და მათ დაშინებას ემსახურება.

საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისს გასულ სიუჟეტს „ნაყიდი COVID-19“. სიუჟეტში რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერის სანაცვლოდ, მათ გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ. 
ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მუხლით და ამ გამოძიების ფარგლებში “მთავარი არხის” რესპონდენტები გამოკითხვაზე დაიბარა.
მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტი - ქარტია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე
მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტი - ასე აფასებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ე.წ. "საბოტაჟის საქმეს", რომლის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე და ამავდროულად,  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მას უფლება მიეცა, რომ “მთავარი არხიდან” რეპორტაჟის სრული, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა ამოიღოს.

განცხადებაში, რომელიც ქარტიამ დღეს, 2 ივლისს გაავრცელა, ნათქვამია, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის დაუშვებელია, რომ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში და აფასებდნენ მომზადებული მასალის შინაარსს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებაში უთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივაა და დაუშვებელია, რომ ეს ფუნქცია ხელისუფლების რომელიმე შტომ შეასრულოს.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე, რომელსაც სუს-ი საკუთარ განცხადებაში დეზინფორმაციულს უწოდებს. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თავისი განჩინებით ტელეკომპანიისგან გამოითხოვა როგორც ეთერში გასული სიუჟეტები, ასევე სრული და დაუმონტაჟებელი მასალა. ყველა ეს ქმედება არის მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება და საქალაქო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კონკრეტული მედიასაშუალების, ასევე მთლიანად მედიაგარემოს გაკონტროლების მცდელობას, რაც სახიფათო და დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის", - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში. 

შეგახსნებთ, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უფლება მიეცა, რომ “მთავარი არხიდან” ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებული რეპორტაჟის სრული, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა ამოიღოს. მაუწყებლის დირექტორი, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ეს ქმედება არხის დისკრედიტაციას და მათ დაშინებას ემსახურება.

სუს-ის განცხადებას მალევე “მთავარი არხის” დიექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს ტელეკომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაა და სუს-ს მათი შეშინება არ გამოუვა:

“თარგმანი სწორია. ის, რომ აზერბაიჯანელი ჩვენი თანამოქალაქეები "აკაჩავეთ" და რაც გინდოდათ, ის ათქმევინეთ, თქვენს დანაშულზე და ამ საქმის, ერთის მხრივ, ჩაფარცხვის და, მეორეს მხრივ, "მთავარი არხის" დისკრედიტაციის მიმართულებით მოქმედებაზე მეტყველებს მხოლოდ; გასაგებია რაც გეწვით, მაგრამ არ გამოვა არც ჩვენი შეშინება, არც ამ თემით შაქარაშვილის საქმის გადაფარვა. დაივიწყეთ, რიგითი სიუჟეტი იქნება, როგორი ავადმყოფი დებილები ხართ და რა მეთოდებით ებრძვით მედიას”, - წერს ნიკა გვარამია.

საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისს გასულ სიუჟეტს „ნაყიდი COVID-19“. სიუჟეტში რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერის სანაცვლოდ, მათ გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ.

ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მუხლით და ამ გამოძიების ფარგლებში “მთავარი არხის” რესპონდენტები გამოკითხვაზე დაიბარა.
სუს-ი “მთავარი არხისგან” დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ს), თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უფლება მიეცა, რომ “მთავარი არხიდან” ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებული რეპორტაჟის სრული, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა ამოიღოს. მაუწყებლის დირექტორი, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ეს ქმედება არხის დისკრედიტაციას და მათ დაშინებას ემსახურება. 

დღეს, 2 ივლისს სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით:

“აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ყალბი ამბების ფართოდ გავრცელების მიზნით, სიუჟეტს, სოციალური ქსელების და სატელევიზიო კომენტარების საშუალებით, ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და შეეცადნენ, ცრუ ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის მიცემას”,- ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

უწყება აცხადებს, რომ “საქმეზე სრული, ყოველმხრივი და ობიქტური გამოძიების შემდგომი წარმართვის მიზნით, რათა ყოველ კონკრეტულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების საკითხი გადაწყდეს უტყუარი და უერთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ინიციატივისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება - 2020 წლის 20 ივნისს, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის - „ნაყიდი COVID 19“-ი და ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დღეს ოფიციალურად ჩაბარდება აღსასრულებლად სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას”.

სუს-ის განცხადებას მალევე “მთავარი არხის” დიექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს ტელეკომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაა და სუს-ს მათი შეშინება არ გამოუვა:

“თარგმანი სწორია. ის, რომ აზერბაიჯანელი ჩვენი თანამოქალაქეები "აკაჩავეთ" და რაც გინდოდათ, ის ათქმევინეთ, თქვენს დანაშულზე და ამ საქმის, ერთის მხრივ, ჩაფარცხვის და, მეორეს მხრივ, "მთავარი არხის" დისკრედიტაციის მიმართულებით მოქმედებაზე მეტყველებს მხოლოდ; გასაგებია რაც გეწვით, მაგრამ არ გამოვა არც ჩვენი შეშინება, არც ამ თემით შაქარაშვილის საქმის გადაფარვა. დაივიწყეთ, რიგითი სიუჟეტი იქნება, როგორი ავადმყოფი დებილები ხართ და რა მეთოდებით ებრძვით მედიას”, - წერს ნიკა გვარამია.



საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისს გასულ სიუჟეტს „ნაყიდი COVID-19“. სიუჟეტში რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერის სანაცვლოდ, მათ გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ.

ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მუხლით და ამ გამოძიების ფარგლებში “მთავარი არხის” რესპონდენტები გამოკითხვაზე დაიბარა.

ასევე იხილეთ

სანდო სამედიცინო წყაროების და კვლევების გამოყენება პანდემიის გაუქებისას -  ინტერვიუ ცირა გვასალიასთან
რატომ არის მნიშვნელოვანი სანდო სამედიცინო და სამეცნიერო წყაროების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება; რა ართულებს საქართველოში სამედიცინო თემაზე სიღრმისეული რეპორტაჟების მომზადებას; როგორ უნდა გამოვიყენოთ კორონავირუსის თემაზე ჩატარებული კვლევები, მაშინ, როდესაც ამ კვლევების მიგნებები ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგოა - ამ და სხვა საკითხებზე, „მედიაჩეკერს“ თავის გამოცდილებას ჯანდაცვის თემებზე მომუშავე, "კაქტუს-მედიის" დამფუძნებელი ცირა გვასალია უზიარებს.

- ცირა, თქვენ დიდი ხანია მუშაობთ ჯანდაცვის თემებზე და არაერთი მასალა მოამაზადეთ კორონავირუსის თემაზე. რამდენად რთულია ჯანდაცვის თემაზე მუშაობა და რა არის მთავარი პრობლემა?

იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დიდი პანდემიები ხშრად არ ხდება - ზოგჯერ ასწლეულში ერთხელ, ის დაბნეულობა, რაც არსებობს მთელს მსოფლიოში, ერთი შეხედვით, გასაკვირი არ არის.

მე, როგორც ჯანდაცვის თემებით დაინტერესებული ჟურნალისტი, რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად ვმუშაობ არაქართულ წყაროებთან. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ იმ შემთხვევაზე, როდესაც მაგალითად, ლოკალური მონაცემები მჭირდება.


“კაქტუს-მედია” არის პლატფორმა, რომელიც აშუქებს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს გარემოს დაბინძურებასა და ჯანდაცვაზე, აგროვებს შესაბამის მონაცემებს კვალიფიციური წყაროებიდან, ეძებს ადამიანებს, რომლებსაც ეს მოვლენები შეეხოთ და მოგითხრობთ მათ ამბებს.


საერთაშორისო წყარობთან მუშაობას, რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში, ზოგადად გვაქვს, მონაცემების შეგროვების პრობლემა. მონაცემები გარკვეული სახით არსებობს, მაგრამ არ არის ისეთი ხარისხიანი და სრულყოფილი, როგორც არის ევროპასა და ამერიკაში.

 

მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როდესაც მჭირდებოდა გარკვეული მონაცემები საქართველოს რეგნიოული ამბულატორიებიდან და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვალდებული არიან ინფორმაცია ელექტრონულად მოაგროვონ ერთიან ბაზაში, ეს მონაცემები არ არსებობდა. ამბულატორიებს არ ჰქონდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, რიგ შემთხვევებში, ელექტროენერგია და ინტერნეტი და ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. ცუდი მონაცემები, ცხადია, მოქმედებს გაშუქების ხარისხზე.

როცა წყაროებთან მუშაობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ სხვა რამესაც. მაგალითად, დღეს გამოვაქვეყნე მასალა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის მუშაობაზე, რომლისთვისაც მონაცემი ავიღე ამერიკული გაზეთიდან. ამ გაზეთს ჰქონდა თავისი წყარო. ნებისმიერ ამერიკულ თუ ბრიტანულ გამოცემას ყოველთვის ახლავს მონაცემები და კვლევები, ახლავს სამეცნიერო წყარო, რომელიც ამყარებს იმ მიგნებას, რაც ამა თუ იმ პუბლიკაციაშია წამოწეული.

ჩვენ არ ვართ კვლევებით განებივრებული, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, ამდენი ფული არ გვაქვს, შესაბამისად, ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენი მასალები ვერ იქნება ხარისხიანი. თუმცა, როდესაც საქმე ეხება პანდემიის გაშუქებას, აქ გამოსავალი არის საერთაშორისო წყაროების გამოყენება. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე საერთაშორისო სამედიცინო და არა ჟურნალისტურო წყარო, რომელსაც მე პირადად ყოველთვის ვადევნებ თვალყურს. დღეში ერთხელ მაინც შევდივარ მათ ფეიჯზე, ვამოწმებ რა აქვთ და თუ არის რაიმე საინტერესო, ვცდილობ, რომ ვთარგმნო და გამოვაქვეყნო “კაქტუსზე.” ესენია: JAMA Network, New England Journal of Medicine, Annals of Internal Medicine, Lancet და Nature.

- თქვენ ახსენეთ საერთაშორისო წყაროები, რომელსაც ეყრდნობით და ასევე, კვლევები, რომლითაც საქართველოში არ ვართ განებივრებული. თუმცა, რასაც ვუყურებთ, Covid-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო კვლევების მიგნებები, ძალიან ხშირად იცვლება და ხანდახან, ურთიერთგამომრიცხავია. ასეთ დროს როგორ იქცევით?

აქ მთავარია, როგორ ვიყენებთ კვლევის მიგნებებს. ნებისმიერ სამედიცინო ჟურნალში, ყველა კვლევას აქვს თავისი შეზღუდვა. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შეზღუდვას დააკვირდე, - რამდენი ადამიანი მონაწილეობდა, რამდენად მასშტაბური იყო, ჰყავდა თუ არა საკონტროლო ჯგუფი და ასე შემდეგ.

კეთილსინდისიერმა ჟურნალისტმა, როგორც ეს ხდება კარგ გამოცემებში, ყოველთვის უნდა მიუთითოს კვლევის შეზღუდვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმისათვის, რომ მკითხველი შეცდომაში არ შეიყვანო. მაგალითად, პატარა კვლევა, 50-კაციანი, არ წარმოუდგინო როგორც ჭეშმარიტება. აუცილებლად უნდა უთხრა, რომ არის ეს შედეგები, მაგრამ ეს კვლევა არის მცირემასშტაბიანი. მეტი არაფერი არ სჭირდება, ვინაიდან შენ არ ატყუებ მკითხველს.



ეს ერთი დეტალი, რაც აუცილებლად უნდა გვქონდეს სტატიაში. მეორე, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი დილემა, რაც დავინახე, არის დღევანდელი მკითხველის ქცევა, მაგალითად ის, რომ ხშირად ადამიანები მხოლოდ სათაურს კითხულობენ და სტატიას ისე აზიარებენ სოციალურ ქსელში. ამიტომ, ჩემი აზრით, სათაურის შერჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაღალკვალიფიციურ გამოცემებში, ესა თუ ის მიგნება სათაურში ჭეშმარიტებად არ არის გამოტანილი, აუცილებლად მითითებულია, რომ ეს მიგნება არის ამა და ამ კვლევის ფარგლებში, ყოველთვის არის მინიშნება წყაროზე და ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგი მიდგომა.

 
მაგალითად, ცოტა ხნის წინ, იყო შემთხვევა, როდესაც BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომლის სათაურში ეწერა, რომ ნაპოვნია ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი. წარმოიდგინეთ ეს როგორი ხმაურიანი სათაურია, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ელოდება მედიკამენტს და ვაქცინებს და BBC წერს ამას.



alt
BBC-ს სტატია დექსამეტაზონზე, როგორც შესაძლო სამკურნალო საშუალებაზე 
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ

იგივე ამბავზე, მეორე ჩემმა საყვარელმა გამოცემამ, The New York Times-მა თქვა, რომ ამას და ამას ამბობენ მეცნიერები, არ წარმოუდგენია ახალი კვლევა ჭეშმარიტებად; ტექსტში მიუთითა, რომ ეს კვლევა არსად, არცერთ სამედიცინო და სამეცნიერო ჟურნალში არ არის გამოქვეყნებული, მეცნიერებმა მხოლოდ პრესრელიზის სახით წარმოადგინეს გვერდნახევრიანი ინფორმაცია და peer review არ აქვს გავლილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ პიარ რევიურები კვლევას აკრიტიკებენ და მის ხარვეზებს წარმოაჩენენ.

alt
The New York Times-ის სტატიის სათაური დექსამეტაზონზე, როგორც ახალი კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო საშუალებაზე

ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც The New York Times-მა რამდენიმე საათით გვიან გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, მაგრამ იყო უფრო ზუსტი, ვიდრე BBC-ის. და სხვათაშორის, მოგვიანებით BBC-ს მასალაში სათაური შეცვალეს, ბრჭყალებში გაიტანეს მიგნება.

ყოველთვის უნდა მიუთითო კვლევის შეზღუდვა და მასშტაბი; ვინაიდან მკითხველების უმეტესობა არ კითხულობს სტატიას, სათაურშივე სიზუსტე უნდა იყოს დაცული.

- ჯანდაცვის თემაზე წერას ალბათ ისიც ართულებს, რომ ძალიან სპეციფიკურია და თვითონ თემაა რთული. თუნდაც, კვლევის შეზღუდვა, რასაც თქვენ ახსენებთ, ყველასთვის გასაგები არ არის...

ამისთვის ძალიან კარგია, რომ როდესაც ვწერთ სტატიას ჯანდაცვის საკითხებზე, სულ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენმა მკითხველმა არაფერი იცის: არა იმიტომ, რომ მათ პატივს არ ვცემთ. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში ამდენი და ამდენია თანმხლები დაავადებების სტატისტიკა, მაგალითად, გულის დაავადებები, იქვე განვმარტოთ რა არის გულის დაავადება, 1-2 წინადადებით, ძალიან მარტივი ენით. სტატია, რომელშიც ეს ახსნილია მოვლენები და ტერმინები, არის მაღალი ხარისხის და ადვილად გასაგები. ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს სცემ შენს მკითხველს.

ალბათ, ძალიან სასარგებლოა ვიკითხოთ სანდო საერთაშორისო გამოცემები, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელშიც ვმუშაობთ. ასევე ძალიან კარგი იქნება, რომ ჟურნალისტები კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობდნენ. ეს იმიტომ, რომ ხანდახან ინფორმაცია იმდენად სწრაფად იცვლება, ვერ ეწევი.

მახსოვს, ერთ დღეს პრეპარატ რემდესივირზე იმდენი რამე გამოქვეყნდა, გამიჭირდა, რომ ყველაფრის წაკითხვა მომესწრო. ერთი მიმართულებით სპეციალიზაცია, ალბათ, ძალიან კარგი გამოსავალია. მესმის, რომ ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა და არ ვიცი, ამას ვინ როგორ შეძლებს, მაგრამ ეს იქნებოდა სასაურველი.

თუმცა, მთავარია რომ ჟურნალისტებმა დაიწყონ სანდო გამოცემების ძიება, კითხვა. ერთხელ რომ იწყებ ამას, შემდეგ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს პროცესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ საინტერესო მასალებს ყოველთვის ეყოლება მკითხველი და მე ეს მაჩვენა პანდემიის პერიოდში მუშაობამ.


  • თემაზე - როგორ გამოვიყენოთ მონაცემები პანდემიის გაშუქებისას, წაიკითხეთ ქარტიის მიერ მომზადებული გზამკვლევი
რატომ არის საშიში და სარისკო პორნოგრაფიის მსხვერპლი ბავშვების ნებისმიერი ფორმით ჩვენება
“ყველა იმ ბავშვისთვის, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული, ჩანს იმ კადრებში თუ არა, გაბლარულია თუ არა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, თავისთავად ამ კადრების გამოჩენა რაიმე ფორმით, ასეთი დოზით ტრიალი, ასეთი გადაცემების გაკეთება, პირველი - ზრდის რეტრავმატიზაციის რისკებს, მეორე - მოდის ძალიან დიდი აგრესია საზოგადოების მხრიდან მსხვერპლის მისამართით, ხდება მისი დადანაშაულება, რასაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვეს და მესამე, ეს არის მზა მასალა პედოფილებისთვის”, - ასე აფასებს ფსიქოლოგი მაია ცირამუა იმ რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს პორნოგრაფიის მსხვერპლი ბავშვების კადრების რაიმე ფორმით ჩვენებას საზოგადოებისთვის.

მაია ცირამუას ეს შეფასება ეკუთვნის ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “მთავარი არხის” კვირის შემაჯამებელ გადაცემაში გავიდა. სიუჟეტი ქართველი მოზარდების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების ღია სივრცეში ხელმისაწვდომობას ეხებოდა. სიუჟეტს თანდართული ჰქონდა ამ ფაქტის ამსახველი კადრები, რომელზეც ბავშვების სახეების დასაფარად ე.წ. “ბლარი” იყო გამოყენებული, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, მსხვეპლი არასრულწლოვნების ახლობლებისთვის მათი ამოცნობა შესაძლებელი იყო. ამასთან, კადრში ჩანდა სავარაუდო დანაშაულის ერთ-ერთი ადგილიც და აღწერილი იყო გარემო.

მასალის გასვლისთანავე სოციალურ ქსელში მომხდარს დიდი განხილვა მოჰყვა. კრიტიკის პასუხად, სიუჟეტის ავტორმა და გადაცემის პროდიუსერმა, სოციალურ ქსელშივე განაცხადეს, რომ მათი მიზანი იყო ამ მასალით დახმარებოდნენ ბავშვებს, რომელთა კადრები დიდი ხანია ასე ვრცელდება და ისედაც უკვე ბევრმა ნახა. მათ არც კი განუხილავთ ვერსია, რომ ასეთი კადრები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო სიუჟეტში, ირწმუნებოდნენ, რომ ბავშვები “კარგად იყვნენ დაბლარული და მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო”.

“თუ ჩვენი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ გამოიძიოს ეს საქმე და გაქრეს ეს საშინელი კადრები ინტერნეტ სივრციდან, მაშინ ჩვენ თვითონ რატომ ვუწყობთ ხელს ამ კადრების თუნდაც დაბლარული ფორმით გავრცელებას? 1%-იც რომ არსებობდეს რისკი იმისა, რომ ვიღაც ამ ბავშვს ამოიცნობს, და ყველაზე უფრო მტკივნეული, თავად ბავშვი ამოიცნობს თავის თავს, იქ უკვე ყველაფერი მთავრდება”, - ამბობს მაია ცირამუა.

მისივე თქმით, როდესაც ვიცით, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის კადრები ინტერნეტსივრცეში არსებობს და სახელმწიფო ამაზე არ რეაგირებს, მედიამ ამაზე უნდა ილაპარაკოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას.

“როდესაც გვეკამათებიან [მასალის ავტორები], გვეუბნებიან, რომ სახეები დაბლარულია და არ ჩანს. რისკი რა არის?! ის თემი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, არის პატარა, ამ ამბის შესახებ ყველა საქმის კურსშია და ამ ადამიანებისთვის ცხადი და გასაგებია ვისზეა საუბარი და რა პროცესში მიიღეს ამ ადამიანებმა მონაწილეობა. აქამდე შეიძლება ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდათ, მაგრამ ახლა დეტალურად არიან ინფორმირებული, იმიტომ რომ იქ იყო ასეთი კადრები. შეიძლებაა მე ვერ ვიცნო მსხვერპლი, მაგრამ მას აუცილებლად იცნობს თავისი თანაკლასელი, მეზობელი, ის ადამიანი, ვინც იცის, ვინ იყო ამ პროცესში ჩართული. ეს მათთვის ძალიან სერიოზულ პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და თვითონ ბავშვისთვის, ყველაზე მაღალი რისკი რაც არის, ეს არის რეტრავმატიზაციის რისკი”.

რეტრავმატიზაციის რისკი არ არის ერთადერთი, რაც მაია ცირამუას აზრით, ასეთ შემთხვევაში არსებობს. ცირამუა ამბობს, რომ ადევნებდა თვალს როგორი დისკუსია დაიწყო სოციალურ ქსელში და როგორ ამუშავდა მანქანა, რომელმაც მთავარ დამნაშავეებად ისევ მსხვერპლები აქცია:

“არაერთი მოსაზრება წავიკითხე ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ბავშვია ისევ დამნაშავე. არ იცოდა რას აკეთებდა?! შეიკრა მთელი ჯაჭვი და კიდევ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლებად გადავაქციეთ ეს ბავშვები”.

და ამას გარდა, ცირამუა კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

“მრავალმხრივ პრობლემურია ასეთი ჩვენება. რამდენად კარგად დაბლარულია ეს კადრები, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამით, ფაქტობრივად, მათ მასალა დადეს, მოდი ასე ვთქვათ, პედოფილებისთვის, აღარ სჭირდებათ მათ ძებნა. ყველა მხრიდან, რა მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ ამ ამბავს, ეს იყო ძალიან სერიოზული დარღვევა და ძალიან მაღალი რისკის შემცველი ამ ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის, მათდამი საზოგადოების დამოკიდებულების კუთხით. ამ ბავშვებს წავართვით შანსი, რომ ნდობა გაუჩნდეთ ადამიანების მიმართ. იმიტომ რომ ეს ტალღა, რისხვა, ისევ წავიდა ამ ბავშვების მისამართით და არა იქით, საითაც უნდა წასულიყო”.

სიუჟეტის გასვლისთანავე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არხს მოუწოდა ამოეღო აღნიშული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე მოუწოდა ყველა მედიასაშუალებას არ გაევრცელებინათ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეო კადრები.

“მედიის ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს მას ამბავი, რომელიც ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევა რედაქციის დასაბუთება და საჯარო ინტერესი, რასაც “მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟეტის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია”, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

მიუხედავად ამ განცხადებისა და საზოგადოების კრიტიკისა, ამ შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ, ამავე არხზე დაანონსდა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე იქნებოდა გადაცემა “ნანუკას შოუ”, რომელშიც საქმის დეტალებზე სტუმარი თავად ილაპარაკებდა. გადაცემის სტუმარი სრულწლოვანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მაია ცირამუა ამბობს, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

“ეს უარესია”, - ამბობს მაია ცირამუა, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანის პირადი ტრაგედიიდან შოუს გაკეთება, სულ ცოტა ძალიან დაბალი სტანდარტია, - “საერთოდ გაუგებარია ჩემთვის, რატომ შეიძლება ამას ადამიანი აკეთებდეს. კიდევ ერთხელ, ასეთი ამბების გახსენება ნებისმიერი ფორმით, არის მაღალი რეტრავმატიზაციის რისკი მონაწილე პირებითვის და ხაზგასმით ვამბობ, ასეთი გადაცემებით, ასეთი სიუჟეტებით, ჩვენ ამ ადამიანებს ვწირავთ განკითხვისთვის, იმ საზოგადოებაში, სადაც მსხვერპლია ყოევლთვის დამნაშავე, ვაგდებთ ძალიან მძიმე სიტუაციაში და უნდა ვიფიქროთ შედეგზე - უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კარგ შედეგზე ვერ გაგვიყვანს, იმიტომ, რომ რეტრავმატიზაციის გარდა, ეს ბავშვები ხდებიან ბულინგის, სექსტინგის მსხვერპლი”.

23 ივნისის გვიან საღამოს, სიუჟეტის გასვლიდან ორი დღის შემდეგ, მომხდარს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ “მთავარმა არხმა” მძიმე შეცდომა დაუშვა.



იმავე დღეს, გვიან, მას შემდეგ, რაც კრიტიკა მიიღო “ნანუკას შოუს” ანონსმა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქმეს გადაცემის ავტორიც და თქვა, რომ “მაყურებლის ნაწილმა ვერ გაიგო, რომ მათ სტუმარს კავშირი არ ჰქონდა ამავე არხზე გასულ რეპორტაჟთან”.

“არსებობს ორი ფოტოგრაფის საქმე. აქედან ერთის საქმეა არასრულწლოვნების თემა და მეორე საქმეზე დაკავებულია დედა-შვილი. სწორედ მეორე საქმის დეტალებზე დაავანონსეთ სტუმარი, რომელიც ფიქრობს რომ მის დას და დედას, ბრალი არასწორად წაუყენეს. გოგო სრულწლოვანია, თუმცა მის გამოჩენას ისედაც არ ვაპირებდით”.

ამავე სტატუსის თანახმად, მათ გვიან გაიგეს, რომ არასრულწლოვნების ფოტოები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. “გვითხრეს რომ ამ საქმის ნებისმიერი შინაარსით გაცოცხლება ფოტოების აქტუალურობას ისევ დღის წესრიგში დააყენებს. ამიტომ, გადავწყვიტე დროებით, ვიდრე მასალები არ წაიშლება გადავდო გადაცემა”.



24 ივნისის მდგომარეობით, არც კვირის შემაჯამებელ გადაცემაში გასული სიუჟეტი და არც ნანუკას შოუს ანონსი ინტერნეტ სივრცეში აღარ იძებნება.
როგორ უნდა გაეშუქებინა მედიას ამბავი რამზან კადიროვის “ქველმოქმედებაზე”
როგორ გაშუქდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მიერ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ფქვილის გაგზავნის ამბავი, რომელიც დროში დაემთხვა სავარაუდოდ, კადიროვის დაკვეთით, ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას; რა უნდა ყოფილიყო ასეთ დროს, ასეთი ამბის გავრცელების მთავარი კონტექსტი და როგორ უნდა აეხსნათ გამოცემებს ამგვარი ახალი ამბის მნიშვნელობა.

19 ივნისს რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ჰუმანიტარული დახმარების სახით,100 ტონა ფქვილი გაგზავნა. ამ ამბავს რამზან კადიროვის შესახებ კიდევ ერთი ამბავი უსწრებდა წინ, რომელიც ერთი კვირით ადრე, 12 ივნისს გახდა ცნობილი. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, კადიროვის დაკვეთით, იგეგმებოდა ქართველი ჟურნალისტის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.

კადიროვის “ქველმოქმედების” შესახებ ახალი ამბავი გაავრცელეს გამოცემებმა: “რადიო თავისუფლებამ”, “იმედინიუსმა”, “ინტერპრესნიუსმა”, “რეზონანსმა”, “პრაიმატიმმა”, “კვირამ” და “კვირის პალიტრამ”. გუგლის საძიებო სისტემებით, იგივე შინაარსის მასალა იძებნება ონლაინგამოცემა “რეგინფოზეც”, თუმცა, ახლა აღნიშნული ბმული აღარ იხსნება. “რეგინფოს” რედაქციის განმარტებით, გამოქვეყნებიდან მალევე, იქამდე, ვიდრე მას მომხმარებლები ნახავდნენ, მასალა საიტიდან ჩახსნეს, რადგან რედაქტორმა მიიჩნია, რომ სტატია არ შეესაბამებოდა გამოცემის სარედაქციო პოლიტიკასა და ღირებულებებს.

ყველა იმ მედიასაშუალებაში, სადაც მასალა ამ დრომდე იძებნება, გარდა “რადიო თავისუფლებისა”, ამბავი თითქმის იდენტური ტექსტით გამოაქვეყნდა. მასალებში ნათქვამია, რომ რამზან კადიროვმა ოკუპირებულ ცხინვალს 100 ტონა ფქვილი გაუგზავნა და ეს ე.წ. “ჰუმანიტარული დახმარება” სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდება.

თითქმის იდენტური შინაარსის ტექსტი ჰქონდა გამოქვეყნებული თავდაპირველად “რადიო თავისუფლებასაც”, თუმცა, მოგვიანებით, გამოცემამ ამბავს ბოლოში ერთი აბზაცი დაამატა, რომელშიც ვკითხულობთ:

“ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ჯერ კიდევ 2010 წელს ამბობდა, რომ აგვისტოს ომი იყო ნაწილი დასავლეთის სახელმწიფოთა ანტირუსული შეთქმულებისა, რომელიც მიზნად მთელი კავკასიის დაპყრობას ისახავდა. სააგენტო როიტერს რამზან კადიროვმა ისიც უთხრა, რომ დასავლეთის ზეგავლენის ქვეშ მყოფი საქართველო და უკრაინა რუსეთისთვის ავადმყოფობაა, რომლის ლიკვიდირებას შეტევა სჭირდება და საამისოდ რუსეთს არმიაც ჰყავს და ტექნოლოგიებიც აქვს”.

გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. მედიასაშუალებები მომხმარებელთა კრიტიკის სამიზნეებად იქცნენ, განსაკუთრებული კრიტიკა ისმოდა “იმედინიუსის” მისამართით. მომხმარებელთა უმეტესობამ ახალი ამბავი აღიქვა ისე, თითქოს გამოცემები ცდილობდნენ კადიროვი ქველმოქმედად წარმოეჩინათ.

ამ კრიტიკის პასუხად, “იმედინიუსმა” ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი ამბავი “მხოლოდ მშრალი ფაქტის პუბლიკაციაა”, მასში ადვილად იკითხება “მომხდარი ფაქტის მიმართ ჩვენი ვებ-გამოცემის მკაფიო სარედაქციო დამოკიდებულება” და ამას გამოცემა შემდეგით ხსნის - “მაგ.: ჰედლაინშივე ხაზგასმულია სიტყვები „ოკუპირებული ცხინვალი“, ხოლო სიტყვები „ჰუმანიტარული დახმარება“ ბრჭყალებშია ჩასმული”.

“მიუხედავად ამისა, სხვა ათამდე მედიასაშუალებას შორის, მხოლოდ „იმედინიუსი“ გახდა ფსევდოპატრიოტული ბულინგის სამიზნე და პოლიტიკურად მოტივირებული „ფეისბუქ იუზერების“ თავდასხმის ობიექტი”, - წერს “იმედინიუსი” და იქვე ხაზს უსვამს, რომ მათ გარდა ეს ამბავი სხვა გამოცემებსაც ჰქონდათ და ამავდროულად, მათზე ადრე -”ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება (და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასანანია, რომ ჩვენ არ ვიყავით პირველები) არის ნებისმიერი საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ფუნქცია და, იმავდროულად - ერთ-ერთი ლეგიტიმური გზა, რომ ხალხმა ზუსტად გაიგოს ვინ და რა ხერხით ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

მათზე ადრე გამავრცელებელში, “იმედინიუსი” სავარაუდოდ “რადიო თავისუფლებას” გულისხმობს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ეს ამბავი. კრიტიკა “რადიო თავისუფლების” მისამართითაც ისმოდა. “მედიაჩექერმა” სარედაქციო დასაბუთებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ასეთ დროს ამ ახალი ამბის გამოქვეყნება და რატომ დაემატა მას კონტექსტი მოგვიანებით, “რადიო თავისუფლების” ქართულენოვანი სამსახურის მმართველ რედაქტორს, ნინო ჯაფიაშვილს მიმართა:

“კონტექსტი, ნამდვილად, ოდნავ გვიან დაემატა. ჩვენ გვაქვს დამატების პრაქტიკა. ჟურნალისტმა, რომელმაც დაწერა ამბავი, არ დაურთო კონტექსტი, ახალი ამბების რედაქტორმა კი ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო კონტექსტი და დაამატა. შესწორება არ წერია იმიტომ, რომ შესწორებას იმ შემთხვევაში ვწერთ, როდესაც მასალას ახალ გარემოებებსა და ფაქტებს ვამატებთ, ან ვასწორებთ შეცდომებს”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.

რაც შეეხება ამბის მნიშვნელობას, “რადიო თავისუფლება” კადიროვის მიერ ცხინვალში 100 ტონა ფქვილის გაგზავნის ამბის გაშუქებას საჯარო ინტერესით ხსნის და ამბობს, რომ რადიო თავისუფლებას აქვს სპეციალური პროექტი, რომელიც უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ ამბებს აშუქებს.

“ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი იყო გვეთქვა რა სიახლეებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით პანდემიის დროს, ეს საჯარო ინტერესია, მეორე მხრივ, საინტერესოა კადიროვი რა გადაწყვეტილებებს და რა განცხადებებს აკეთებს საქართველოსთან მიმართებაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს დროში ემთხვეოდა გაბუნიას საქმეს, რომელიც იყო მთავარი თემა ქვეყანაში, მესამე ის არის, რომ ჩვენ სისტემატურად და ხანგრძლივად ვაშუქებთ ამბებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შეიძლება ითქვას, სხვა მედიებზე მეტი დოზითაც კი”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.

სამხრეთ კავკასიის ამბები ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთისთვის”, თუმცა ეს ამბავი მედიას არ გაუშუქებია. “მედიაჩექერი” “ნეტგაზეთის” სარედაქციო დასაბუთებითაც დაინტერესდა.

“კონტექსტის გათვალისწინებით, ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა გამოგვექვეყნებინა. დღეში რამდენიმე ნიუსს ვაქვეყნებთ რეგიონებიდან და სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამბები იყო იმ დროისთვის”, - ამბობს “ნეტგაზეთის” სამხრეთ კავკასიის ამბების რედაქტორი ნინო კახიშვილი.

“ამ ამბის გაშუქებისას მთავარი კონტექსტის სრულყოფილად ჩვენება უნდა ყოფილიყო”, - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც ამატებს, რომ ქართულმა მედიასაშუალებებმა მკითხველს არ აუხსნეს რატომ იყო მნიშვნელოვანი კადიროვის მიერ ცხინვალში 100 ტონა ფქვილის გაგზავნის ამბავი:

“თუ ამ ამბავს აშუქებ, შენს მაყურებელს თუ მკითხველს უნდა აუხსნა სრულყოფილად, ვინ არის კადიროვი. ეს არის დარღვეული კონტექსტი, რომ იმასაც კი არ მეუბნები, ახლა რატომ არის მნიშვნელოვანი კადიროვზე ნიუსი.

ეს ამბავი უნდა გავრცელებულიყო ქართულ საინფორმაციო საშუალებებში კონტექსტით, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც აღიარებს არაღიარებულ რესპუბლიკებს და მათ მთავრობებს და ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემუქრება სიკვდილით. ჩვენ, რეალურად, ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სტაბილურობას ანგრევს და ამ კონტექსტით ინფორმაცია მკითხველისთვის არცერთ გამოცემას არ მიუწვდია”.

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ კადიროვის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ამბავი თავიდან ბოლომდე მანიპულაციური ხასიათის იყო, ეს თავად კადიროვმა წამოიწყო და აღმოჩნდა, რომ ქართული მედიასივრცე ადვილად წამოეგო ამ მანიპულაციას.

“კადიროვმა მიზნობრივად გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომლის სავარაუდო სამიზნე აუდიტორია, მისი გათვლით, ქართული აუდიტორია იქნებოდა, რათა ეჩვენებინა, რომ, აი, რამდენად ჰუმანურია და რომ სისხლის მსმელი და სისხლის ამღები კი არ არის, არამედ, ჰუმანური ადამიანია - ეს კონტექსტი თვითონ კადიროვმა შექმნა. მე არ ვიცი კადიროვმა შარშან, შარშანწინ ან თუნდაც ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენჯერ გააგზავნა ასეთი ტიპის ჰუმანიტარული დახმარება სამხრეთ ოსეთში. არც არასდროს გვიმსჯელია და დაგვიწერია ამაზე.

საბოლოო ჯამში, რატომ გავავრცელეთ ეს ინფორმაცია? მაგალითად, ვიცით რუსეთის ფედერაციის ცალკეული სუბიექტებიდან ან ფედერალური მთავრობიდან რა ტიპის დახმარება ჩავიდა ცხინვალში? ქართული მედია ამით დაინტერესებულა ოდესმე? ეს არის წმინდა პროპაგნდისტული სიახლე. პრაქტიკულად, ქართულმა მედიამ შეასრულა ის ფუნქცია, რაც უნდოდა რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას”, - ამბობს ზვიად ქორიძე.
“20 ივნისი - არშემდგარი გადატრიალების ისტორია” - იმედზე
“სახელმწიფო გადატრიალების წინასწარ გაწერილი სცენარი”, “ღალატად მონათლული პროტოკოლური შეცდომის გამო გაბრაზებული ახალგაზრდები” და “პარლამენტთან გამართული პოლიტიკური კარნავალი” - ამ კონტექსტში წარმოაჩინა ტელეკომპანია “იმედმა” გასული წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დაახლოებით 39 წუთიან უავტორო ფილმში, რომლის მთავარი მოქმედი გმირები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. მთელი პროცესიც სწორედ სახელისუფლებო ინტერესებისა და პოზიციის დაცვის ხაზის გატარებით იყო აღწერილი, ყოველგვარი განსხვავებული მოსაზრებისა და კრიტიკული პოზიციის გარეშე.

საზოგადოებაში წინასწარი განწყობის შესაქმენლად, ფილმის დასაწყისში ავტორმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის სანდრა რულოვსის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე სააკაშვილი-გვარამიასა და სააკაშვილი - თემურ ალასანიას სხვადასხვა დროის საუბრები შემოგვთავაზა, სადაც მასობრივ დაუმორჩილებლობაზე, რეჟიმის წინააღმდეგ იარაღის აღების მზაობაზე და მოვლენების რადიკალიზაციაზეა ყურადღება გამახვილებული.

ამის შემდეგ, მანვე განმარტა, რომ ქვეყნის ყველაზე საკრარული შენობა - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო “საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგ და საუკეთესო მაგალითად” ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისის მოვლენების დროს იქცა.

ფილმში ავტორი მოვლენების ქრონოლოგიას საქართველოს მიერ 2019 წლის 19-21 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის მასპიძლობის შესახებ ინფორმაციით იწყებს და ამბობს, რომ ადრე ოპოზიციას, როდესაც ეს მათ ინტერესში შედიოდა, ასამბლეის წევრების შემადგენლობა არასდროს გაუპროტესტებია. აღნიშნულის დასამოწმებლად იგი 2016 წელს თბილისში ჩატარებულ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარალმენტო ასამბლეას იხსენებს, რომელშიც  რუსული დელეგაციაც მონაწილეობდა და რომლის წევრებსაც, ავტორისვე განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი “არაერთხელ აქვთ დარღვეული”.

ფილმში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მაშინ ოპოზიციის დუმილის მიზეზი, იმ დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგი წერეთლის მხრიდან ეუთოს საპარალმენტო ასამბლეის პრეზიდენტობის სურვილი იყო, რომელსაც პროცესში რუსული დელეგაციის წევრების მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდა.

ამის შემდეგ, ფილმი უკვე 20 ივნისს განვთიარებული მოვლნების ავტორისეული ინტერპრეტაციით გრძელდება. მთავარ შეცდომად, ავტორი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის პარლამენტის შენობაში ჩატარებას ასახელებს და დასძენს, რომ წესის მიხედვით, სესიის მსვლელობისას , როგორც წესი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს ასამბლეის პრეზიდენტი იკავებს და ეს ფუნქცია 2018 წლიდან რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს აკისრია. “მიუხედავად ამისა, ქართლმა მხარემ ტრადიცია დაარღვია და ეს ადგილი გავრილოვის ნაცვლად ასამბლეის გენერალურ მდივანს დაუთმო და ეს ფაქტი დღის წესრიგშიც არის დაფიქსირებული. მიუხედავად ამისა, რუსმა დეპუტატმა ქართული მხარის მიერ გაწერილი პროტოკოლი დაარღვია და პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი თვითნებურად დაიკავა”, - განმარტავს იგი და ამატებს, რომ რუსი დეპუტატის ამ ქცევას მყისიერად გმობენ უმრავლესობის დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები კი - “იწყებენ პარლამენტის ტრიბუნის ბლოკირებას” და პარლამენტს წინ საღამოს 7 საათზე აქციას აანონსებენ.

ოპოზიციის მხრიდან რევოლუციური სცენარის განვითარების პერსპექტივის კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოსაჩენად ავტორი ამბობს: “მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცხადი იყო, რომ ასამბლეა აღარ გაგრძელდებოდა, პარლამენტის შენობაში პროტესტის გამოსახატად პლაკატებით აღჭურვილი [ოპოზიციის] აქტივისტების ტალღა არ წყდება. მათი მარშრუტი პლენარული სხდომის ცარიელი დარბაზია, სადაც უკვე აღარ იმყოფებიან ასამბლეის წევრები”. იგი ასევე აღნიშნავს, რომ “საპროტესტო აქციამდე საპროტესტო მუხტის მაქსიმალურად გამძაფრებას ნიკა მელია და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერები ცდილობდნენ”.

ამ დღეს ოპოზიციის მხრიდან კონსტიტუციური წყობის ძალისმიერი მეთოდებით დამხობის სურვილისა და ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური და ადეკვატური ძალის გამოყენების შესახებ ფილმში მმართველი გუნდის ლიდერების არაერთი განცხადება მოვისმინეთ. “დარაზმვა საზოგადოების გარკვეული ნაწილის, იმისათვის, რათა პარლამენტში შემოჭრილიყო, რასაკვირველია, რა თქმა უნდა, ეს იყო ნოემბრის გეგმის გამეორების მცდელობა. კარგად ორგანიზებული ჯგუფები, ჯახში გამოცდილი ადამიანები ჩაუდგენენ სათავეში ამ თითქოსდა სპონტანურ რევოლუციურ მოძრაობას. ამისკენ მიდიოდა ოპოზიცია სადღაც 2014 წლიდან”, - თქვა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

“[ეს იყო] არაადეკვატური შეტევა იყო, რაზეც დიდხანს არ პასუხობდნენ სამართალდამცველები”, - აღნიშნა ფინანსთა მინსიტრმა ივანე მაჭავარიანმა.

“ვერ წამომიდგენია მსოფლიოში დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იმდენს მოითმენდა, რამდენიც მაშინ ქართულმა სახელმწიფომ მოითმინა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტზე შტურმის დაწყებიდან გაცემული იქნებოდა ბრძანება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომხდარიყო ძალიან მკაცრი, ლეგიტიმური და ეფექტური პასუხის გაცემა და ეს, როგორც წესი, არის ხოლმე გაცილებით მკაცრი ვიდრე ეს საქართველოს შემთხვევში მოხდა”, - თქვა ყოფილმა სახალხო დამცველმა და ამჟამად პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ პოლიციელები კანონის იგნორირებას და სამართალდამცველებზე თავდასხმას 4 საათის განმავლობაში იგერიებდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ ამ განცხადებებს არ მოჰყოლია კითხვები,  რამდენად პროპორციული იყო სამართალდამცველების მხრიდან, 20 ივნისს, მომიტიგნეების მიმართ გამოყენებული ძალა და ხომ არ ჰქონდა ადგილი, რიგ შემთხვევებში მაინც, უფლებამოსილების გადამეტებას? საერთოდ, რამდენად საჭირო იყო იმ დღეს სახელმწიფოს მხრიდან ძალის დემონსტრირება და საკმარისი იყო თუ არა თუნდაც აქციის რამდენიმე ათეული მონაწილის პარლამენტის შენობაში შესვლის სურვილი აღნიშნულისთვის? აგრეთვე, არ გაანალიზებულა ის ფაქტი, გამოიწვევდა თუ არა თუნდაც აქციის მონაწილეების საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ხელისუფლების “დამხობას” და რამდენად იყო საკანონმდებლო ორგანო ამისთვის სტრატეგიული დანიშნულების მქონე ობიექტი.

უფრო მეტიც, გამოთქმული მოსაზრებებისადმი კრიტიკული შეფასების ნაცვლად, ავტორი თავადვე იცავს მმართველი გუნდის პოზიციას და ამბობს, რომ რომ “მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციის მთავარ მიზანს პატრიოტული მოწოდებებით გულანთებული ახალგაზრდების გამოყენებით კონსტიტუციური წყობილების დამხობა წარმოადგენდა” და ამ მიზნით, პარლამენტში შეჭრის განზრახვის დატესტვას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია მომიტინგეებში ცდილობდა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც “პარლამენტზე შტურმი” დაიწყო, შსს-მ განცხადება გაავრცელა, აქციის მონაწილეებს კანონდარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა და იქვე განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება კანონით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებდა. აღნიშნულის ფონზე, კადრში შსს-ს მიერ Facebook-ის საშუალებით გავრცელებული განცხადება ჩანს. ფილმის ავტორი არ დაინტერესებულა, რამდენად საკმარისი იყო, წერილობითი განცხადება მომიტიგნეების ინფორმირებისთვის და როგორ უნდა გაეგოთ აღნიშნულის შესახებ აქციის მონაწილეებს, როდესაც ისინი, პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ და დიდი ალბათობით, მათი უმრავლესობა უწყების გვერდზე ინფორმაციის შემოწმებას ნამდვილად არ დაიწყებდა.

აღნიშნულის ნაცვლად, ავტორი ამბობს: “პარლამენტის წინ ესკალაციის განსამუხტად კიდევ ერთხელ კეთდება განცხადება, ამჯერად, “ქართული ოცნების” ოფისში, კახა კალაძე აქციის მონაწილეებს გონიერებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მართლწესრგის დასაცავად პოლიცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს. ამის მიუხედავად პარლამენტზე შტურმი უკვე 4 საათის განმავლობაში გრძელდება”.

როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, პოლიციამ რეზინის ტყვიები სწორედ ამის შემდეგ გამოიყენა, რაც აბსოლუტურად “ლეგიტიმური” იყო.

ავტორი 20 ივნისის ღამეს “მოქალაქეებთან ერთად”, მხოლოდ 80-ზე მეტი პოლიციელის დაშავებაზე გვიყვება, რომელთა ნაწილის მდგომარეობაც, მისივე შეფასებით, იმდენად მძიმე იყო, რომ “მათ საზღვარგარეთ მკურნალობა დასჭირდათ”. იგი არაფერს ამბობს, დაშავებულ რიგით მოქალაქეებზე, რომელთაგან ორმა თვალი დაკარგა, რამდენიმე ათეული მოქალაქე კი მძიმედ დაშავდა. ფილმში ვერც 30-ზე მეტი დაზარალებული ჟურნალისტის შესახებ მოხვდა ინფორმაცია, რომლებიც სამართალდამცველების მიერ, როგორც თავადვე ამბობდნენ, “დამიზნებით” ნასროლი რეზინის ტყვიებით, სწორედ საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ. ისინი არც საკანონმდებლო ორგანოში “შეჭრას” ცდილობდნენ და არც ქვეყენაში კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და მით უფრო, მათი მიზანი არც რომელიმე ხელისუფალის დამხობა იყო.

მასალაში ასევე არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ დაზარალებული ჟურნალისტების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია, რომ აქციაზე დაშავებული მოქალაქეების დიდ ნაწილს დღემდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. არც იმაზე გამახვილებულა ყურადღება, რომ აქციის დაშლის დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების პროპორციულობაზე არსებულ არცერთ კითხვას ამ დრომდე პასუხი არ გასცემია.

2019 წლის 20 ივნისს, მოვლენების მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან წარმოჩენა და მთავარ რესპონდენტებად მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების გამოყენება, ასევე აქცენტის მხოლოდ ოპოზიციის ბრალეულობაზე გადატანა და სავარაუდო “რევოლუციურ” სცენარზე ყურადღების გამახვილება, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ავტორის მიზანს არა მომხდარის შესახებ საზოაგდოებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მოვლენების კვალიფიციური ანალიზი, არამედ ხელისუფლების როლის სრულად ჩახსნა და მისი პოზიციის დაცვა წარმოადგენდა.
ინფორმაცია, თითქოს „ეპიდემია არ არსებობს“ - ყალბია
ონლაინგამოცემა hotnews-ის მიერ 15 ივნისსს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „პანდემია არ არსებობს“, რაც ვითომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგის „სკანდალურმა აღსარებამ“ ცხაყო - ყალბია და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ვითომდა ჯანმო-ს კოვიდ-19-თან ბრძოლის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვმა „სენსაციური“ გაცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც „კარანტინისა და კომენდანტის საჭიროება არ არსებობს და ყველაფერი ეს ხელისუფლების მოთხოვნას წარმაოდგენდა ჩანასახშივე“.

„პანდემია არ არის. ეპიდემია არ არსებობს. არავითარი ვაქცინა არ არის საჭირო. ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ხელთათმანები, პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები. არ იყო აგრეთვე არც კარანტინის და კომენდანტის საათის საჭიროება და არც ე.წ კონტაქტების გამოკვლევა, ვირუსი ზედაპირზე ვერ ცოცხლობს - ამგვარი იზოლაცია მხოლოდ მთავრობების მოთხოვნა იყო. ნებისმიერ ორგანიზაციას, ფიტნეს-კლუბს, თეატრებსა და რესტორნებს/კაფე-ბარებს საშუალება აქვთ, იმუშაონ სრული დატვირთვით“, - ციტირებს გამოცემა ვითომდა მარია ვან კერხოვის სიტყვებს.

გამოცემა აგრეთვე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგის მთავარი რეკომენდაცია სიცხის გაზომვაა და თითქოს, მისივე თქმით, „სხვა სახის ვირუსებით საგრძნობლად მეტი ადამიანი კვდება ყოველწლიურად ვიდრე კორონავირუსით“.

ინფორმაციის ნამდვილობის დასტურად მასალას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეო ახლავს, რომელშიც მარია ვან კერხოვი კოვიდ-19-ის შესახებ ნამდვილად საუბრობს, თუმცა იგი მასალაში მოტანილი ინფორმაციის აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობს. თანდართულ ვიდეოში, კერხოვი კოვიდ-19-ის მქონე ასიმპტომურ პაციენტებსა და მათ მიერ ვირუსის გავრცელებისა და სხვა ადამიანისთვის მისი გადადების შესაძლებლობაზე მსჯელობს.

ვიდემასალას ზედა მარცხენა კუთხეში აღწერილობაც აღლავს, სადაც შემდეგს ვკითხულობთ: „ჯანმო-ს განცხადებით, კოვიდ-19-ის მქონე ასიმპტომური პაციენტებისგან ვირუსის გადადება იშვიათია“.

ვიძიებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გამოვლინდა ასიმპტომური შემთხვევები? მათი უმეტესობა ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებიდან გამოვლინდა. იგი სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკისა დაგამოცდილების გათვალისწინებით, დასძენს, რომ კვლევებისა და დაკვირვების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ასიმპტომური პაციენტიდან კოვიდ-19-ის გავრცელების შემთხვევები „იშვიათია“.

„ფოკუსირება სიმპტომების მქონე პაციენტებზე უნდა მოხდეს. თუკი ასე მოვიქცევით, ასევე გამოვიკლევთ მათ კონტაქებს და მათ იზოლაციას მოვახდენთ, ვირუსის გადაცემის რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება. არსებული მონაცემების მიხედვით, ასიმპტომური პაციენტებიდან ინფექციის გადაცემის შემთხვევები იშვიათია“, - ამბობს იგი.

ვიდეოდან, რომელიც მასალას ახლავს, ნათლად ჩანს, რომ მარია ვან კერხოვი არც ეპიდემიის არარსებობაზე საუბრობს და პირიქით, ინფექციის გავრცელების რისკების შესამცირებლად, იგი ინფიცირებული პაციენტების კონტაქტების გამოკვლევისა და მათი იზოლაციის მნიშვნელობაზე მიუთითებს. ალტერნატივის სახით, სხვა წყარო, რომელიც მასალაში ავტორის მსჯელობის ნამდვილობას დაადასტურებდა, მასალაში არ იძებნება.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულის შესახებ, არც რომელიმე სოლიდურ გამოცემას დაუწერია და დამატებითი კომენტარები არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაკეთებულა, რაც მოწოდებული ინფორმაციის რეალურობას ცალსახად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

აღსანიშნავია, რომ ონლაინგამოცემის ვეგვერდზე, თავად hotnews-ის რედაქციის, მფლობელებისა და გამოცემის საქმიანობის მიზნების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ამასთან, მასალაზე მუშაობის მომენტში გამოცემის (16 ივნისი, 01:40 სთ) ვეგვერდიდან წინამდებარე მასალა გაქრა და მასალის ლინკზე გადასვლისას მხოლოდ შეცდომა 404 იძებნება.

Hotnews-ზე დაყრდნობით მასალა იდენტური ტექსტით tinp.ge-მ და qartuliazri.reportiori.ge -მ გადააკოპირა. ორივე მათგანმა ამბის პირველწყაროდ სწორედ hotnews.ge მიუთითა.