როგორ აღმოჩნდა მაყურებელი სხვის საძინებელში
27.10.2020
“ჯერჯერობით სახლში არავინ არ იმყოფება და ჩვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ სახლი”, - ამ სიტყვებით შეუძღვა პირდაპირი ეთერის საშუალებით მაყურებელს “ფორმულას” ჟურნალისტი კერძო პირის საცხოვრებელ სახლში, რომელიც, რეპორტიორის თქმით, სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, სახლი ეკუთვნოდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუას ნათესავია და ჩხრეკაც ამ თავდამსხმელის ძებნის ოპერაციის ფარგლებში ჩატარდა.

მაყურებელმა იხილა როგორ შედის ჟურნალისტი და ოპერატორი კერძო პირის სახლში, ათვალიერებს ცარიელ ოთახებს, სადაც ჩხრეკის კვალი სახეზეა - გადმოყრილია კარადებიდან ნივთები, დამტვრეულია ინტერიერის გარკვეული ნაწილები და ა.შ. მაყურებელი იგებს, რომ სახლში არავინაა.

საქართველოს ჟურნალისტურის ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

ქარტიის პრინციპების განმარტებების მიხედვით, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება “საზოგადოებრივ ინტერესს”.

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი, რა დროსაც რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა თავდამსხმელმა და საბოლოოდ ნახევარი მილიონი დოლარი გაიტაცა და ამ დრომდე მიმალულია, ეჭვგარეშეა, რომ მაღალი საზოგადობრივი ინტერესის მქონე საქმეა. საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის საგანია, მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებენ საგამოძიებო ორგანოები დამნაშავის ძებნა-დაკავების ოპერაციას, თუმცა, ემსახურებოდა თუ არა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას “ფორმულას” ჟურნალისტის ჩართვა თავდასხმაში ბრალდებული პირის ნათესავის ცარიელი სახლიდან? რა ტიპის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა ჟურნალისტის მხრიდან არეული საწოლებისა და კარადების, გაჩხრეკილი საძინებლის ჩვენება?

“ამგვარი ინტერესის გარეშე არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ საჯარო პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაც არაეთიკურია”, - ნათქვამია ქარტიის პრინციპების განმარტებებში.

“ფორმულას” ფეისბუკ-გვერდზე ლაივ-ჩართვის ამსახველი ვიდეოჩანაწერის კომენტარებში მაყურებლის ნაწილი არაეთიკურს უწოდებდა ჟურნალისტის ქცევას, როდესაც ის კერძო პირის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, სადაც არავინ იმყოფებოდა და მაყურებელს დაათვალიერებინა ოთახები.

ქარტიის მე-10 პრინციპის დაცვის კუთხით, გაყოფილია ჟურნალისტისა და რედაქტორის (პროდიუსერის) პასუხისმგებლობა: ჟურნალისტის პასუხისმგებლობაა, რამდენად კეთილსინდისიერად მოიპოვებს მასალას ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ; რედაქტორის (პროდიუსერის) პასუხისმგებლობაა რას გამოაქვეყნებს და რას არა.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

საქმე ეხება 12 ივნისს სპეცოოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქეს. სუს-ის ინფორმაციით, ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უკანონოდ უთვალთვალებდა და მის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

"ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მაგომედ გუციევი, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული პირი სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას”

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის. უწყება აცხადებს, რომ კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება გრძელდება

15 ივნისს ტელეკომპანია "ფორმულამ" და "მთავარი არხის" დირეექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს, სპეცოოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.
სასამართლომ აჭარა TV-ს მაია მერკვილაძის პოზიციაზე ახალი თანამშრომელის დანიშვნა აუკრძალა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აჭარის ტელევიზია მაია მერკვილაძის პოზიციაზე ახალ თანამშრომელს ვერ დანიშნავს, სანამ შრომითი დავა არ დასრულდება. სასამართლომ მაუწყებელს აუკრძალა ახალი ამბების სამსახურის რედაქტორის სადავო პოზიციაზე ახალი თანამშრომლის განუსაზღვრელი ან 6 თვეზე მეტი ვადით დანიშვნა. ინფორმაციას EMC ავრცელებს.

“იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, არსებობდა რეალური საფრთხე, მოპასუხე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ახალი კადრით შეევსო ახალი ამბების რედაქტორის პოზიცია, რომელზე აღდგენასაც მაია მერკვილაძე მოითხოვს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეძლევა გარანტია, შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აღდგეს სადავო პოზიციაზე”, - აცხადებს EMC.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს 24 თებერვალს ჩამოაშორეს. მას ჯერ ტოქშოუს, შემდეგ კი რადიოს ახალი ამბების რედაქტორობა შესთავაზეს. მაია მერკვილაძე ამ შეთავაზებას დათანხმდა და პარალელურად მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყო.

მაია მერკვილაძის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა, თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერკვილაძის სარჩელი, რომლითაც იგი იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რის საფუძველზეც ტელევიზიაში მისი შტატი გააუქმეს.

EMC აცხადებს, რომ აგრძელებს მაია მერკვილაძის ინტერესების დაცვას საერთო სასამართლოების წინაშე და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას დავის მიმდინარეობის შესახებ.
“ღამის ამბების” წამყვანებმა და პროდიუსერმა
ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა “ღამის ამბების” წამყვანებმა: თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ და გადაცემის პროდიუსერმა ნათია ზოიძემ ტელეკომპანია დატოვეს. სამივე მათგანი ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს არ უკავშირდება.

ინფორმაცია ამის შესახებ ონლაინგამოცემა "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. 

თეონა ბაკურიძემ, რომელიც "TV პირველის" გუნდს მიმდინარე წლის 26 მარტიდან შეუერთდა, მას შემდეგ, რაც იგი აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს, "მედიაჩეკერს" უთხრა, რომ მისი გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას, იმიტომ, რომ იმ გადაცემაში, სადაც ის მუშაობდა, ეს გარანტირებული იყო: “უბრალოდ, ჩემი მხრიდან თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული სარედაქციო დამოუკიდებლობასთან".

მეტ დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა, თქვა, რომ ისევ მედიაში ხედავს საკუთარ თავს, თუმცა, სად, ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. კითხვაზე, ხომ არ განიხილავს აჭარის ტელევიზიას, მან თქვა, რომ არხთან მას სამართლებრივი დავა აქვს და ჯერ მის საქმეზე პროცესებიც არ ჩანიშნულა.

"მედიაჩეკერი" თამარ ჩიხლაძეს ვერ დაუკავშირდა, თუმცა, როგორც მან "ნეტგაზეთს" უთხრა, მისი გადაწყვეტილებაც არ უკავშირდება სარედაქციო თავისუფლების საკითხს.

"ტვ პირველმა" მომცა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი "ღამის ამბები", რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ, თუმცა საბოლოდ გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იღებ. ამ ეტაპზე ეს ჩემი არჩევანია. აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში. სამომავლო საქმიანობას რაც შეეხება, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თამარ ჩიხლაძემ.

სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხში ტელეწამყვანეს ეთანხმება გადაცემის პროდიუსერი ნათია ზოიძე. მან "მედიაჩეკერს" უთხრა, რომ მისი შრომითი ხელშეკრულება ტელეკომპანიასთან ამოიწურა და ამ ეტაპზე მისი გაგრძელება აღარ ისურვა.  ნათია ზოიძეც, თეონა ბაკურიძის მსგავსად, TV პირველზე აჭარის ტელევიზიიდან გადავიდა. იგი აჭარის ტელევიზიაში დირექტორის მოადგილე იყო და არხი მას შემდეგ დატოვა, საკუთარი გადაწყვეტილებით, რაც დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. 
‘ჰეშთეგი’ ეთერში დაბრუნდა, თუმცა 5-ის ნაცვლად, მხოლოდ 1 დღე გავა
თითქმის სამთვიანი წყვეტის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის ეთერში გადაცემა "ჰეშთეგი" დაბრუნდა, თუმცა, შემცირებული ფორმატით. გადაცემის გუნდში ფიქრობენ, რომ ამ ფორმით მათ კრიტიკული პოზიციისთვის სჯიან, არხის დირექტორი კი ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, გადაცემის რეიტინგმა და "ტელევიზიას ასე სჭირდება".

"ამ სეზონიდან, ნაცვლად ყოველდღიურისა, "ჰეშთეგი" მხოლოდ ერთდღიან ფორმატზე გადავიდა. ეს გადასვლა არ გამოხატავს გადაცემის გუნდის სურვილს და, ალბათ, არ იქნება ძნელი გამოსაცნობი, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო. შესაბამისად, ყოველ სამუშაო დღეს ვეღარ, თუმცა, ყოველ ხუთშაბათს 7 საათზე მოგიყვებით იმ თემების შესახებ, რაც გაწუხებთ და რაც უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი მზად იყო ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში თქვენთან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებებზე სხვადასხვა ფორმატში ესაუბრა, ამის საშუალება არ მოგვეცა. თუმცა, მიუხედავად ამ ძალიან შემჭიდროებული დროისა, კვლავ შევეცდებით, საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების ხელშემწყობ გუნდად დავრჩეთ", - წამყვანების ამ შესავლით დაბრუნდა "ჰეშთეგი" აჭარის მაუწყებლის ეთერში 12 ნოემბერს, თითქმის 3 თვიანი წყვეტის შემდეგ, 5 სამუშაო დღიდან 1 დღემდე შემცებული ფორმატით.


"ჰეშთეგის" პირველი გადაცემა, 3-თვიანი წყვეტის შემდეგ.

გადაცემის ხელმძღვანელი ირაკლი ყურუა ამბობს, რომ გუნდში "ამ ეტაპისთვის იმაზე მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხი". მათთვის გაურკვეველია, ოფიციალურად რა მიზეზით შეამცირა რადიკალურად გადაცემის ფორმატი მაუწყებლის მენეჯმენტმა. თუმცა, 31 ივლისიდან გადაცემის შეჩერებას და არჩევნების შემდეგ ეთერში ერთდღიანი ფორმატით დაბრუნებას, გუნდში კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებენ:

"წერილობით მივმართეთ ოფიციალურად დირექტორს იმის თაობაზე, თუ რა ტიპის არგუმენტებს დაეყრდნო მაუწყებელი, როდესაც ბადის ასეთი რადიკალური შემცირება გადაწყვიტა. პასუხი იმდენად შაბლონური და არაფრისმომცემი იყო, რომ, პრაქტიკულად, ინფორმაცია არ მიგვიღია. ბუნებრივია, ყველაფერს ვუკავშირებთ იმ კონტექსტს, რაც მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ვფიქრობთ, რომ მაუწყებელს არჩევნების წინა პერიოდში არ სჭირდებოდა კრიტიკული კონტენტისთვის საეთერო ბადეში რაიმე დროის დათმობა", - ამბობს ირაკლი ყურუა.

გადაცემის ფორმატის შემცირებაში მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და მიიჩნევს, რომ "ამ საკითხთან დაკავშირებით, განმარტებები საკმარისად გააკეთეს".

"ჰეშთეგი" გადაცემა ხომ არის ეხლა ეთერში? მითხარით, რა განსხვავებას ხედავთ განსაკუთრებულს? სათქმელს ვერ იტყვიან, თუ რა?", - ამბობს მაუწყებლის დირექტორი და "მედიაჩეკერის" კითხვაზე, თუ რა არგუმენტებით და რის საფუძველზე მიიღო გადაცემის 5-დან 1 დღემდე შემცირების გადაწყვეტილება, გვპასუხობს, რომ გადაწყვეტილება კომისიიდან გამომდინარე მიიღო და არა პირადი ინტერესებიდან. დამაზუსტებელ კითხვაზე, კონკრეტულად როგორ აფასებდა გადაცემას კომისია, ამბობს:

"მოვყვე ეხლა თითოეული კომიისიის წევრი? მე რა ვიცი, თითოეული თავისი შეხედულებისამებრ უყურებდა, მაგრამ ეს არ იყო შეხედულება მხოლოდ და მხოლოდ. ყურებადობა, თემატურობა, დანახარჯი - ბევრი საკითხიდან გამომდინარე იყო შეფასებული, თითოეული მიმართულებით ყველა ადამიანი აფასებდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. აბსოლუტურად ნორმალური პროცესია, ეს არის განვითარების პროცესი".

ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან გიორგი კოხრეიძე მხოლოდ რეიტინგების თემას განავრცობს და ამბობს, რომ გადაცემა “ჰეშთეგის” დაწყებისას მაყურებელთა მინიმუმ 80% ეთერს ტოვებდა:

"მე მოგიყვანთ ერთ მაგალითს. თუ ავიღებთ რეიტინგს და ყურებადობას, როდესაც 7 საათამდე 10 ადამიანი, პირობითად ვამბობ, უყურებდა ეთერს, ყველაზე კაი ვარიანტში 2 ადამიანი რჩებოდა, როცა იწყებოდა გადაცემა, და ყველაზე ცუდ ვარიანტში არცერთი არ რჩებოდა ეთერში. ეს ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რის მიხედვითაც მოხდა შეფასება”.

“ჰეშთეგის” გუნდი აცხადებს, რომ რეიტინგები ფორმალური მოტივია. მათი თქმით, დირექტორი სჯით იმის გამო, რომ ძალმომრეობაზე დაფუძნებულ საკადრო პოლიტიკას არ შეეგუვნენ და დღემდე ცდილობენ გაასაჯაროონ მის მმართველობასთან, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და შელახულ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

“დაბალი რეიტინგი და სხვა მსგავსი საკითხები, ფორმალური და მოჩვენებითი მოტივია. რეალურად ის ემსახურება სულ სხვა მიზნებს და ეს მიზნები - [განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ] კრიტიკული კონტენტისთვის დროისა და რესურსების მაქსიმალური შემცირებაა. მაუწყებლის მენეჯმენტი გაურბის სოციალური პრობლემების არსებობის აღიარებას და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ყოველდღიურობის შესახებ მრუდე წარმოდგენების შესაქმნელად”, - ვკითხულობთ გადაცემის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ფონზე, გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ თანამშრომლებს “ყველანაირად უწყობს ხელს, რომ თავიანთი საქმე აკეთონ”. ჩვენს კითხვაზე, როგორ ფიქრობს, 5-დან ერთ დღემდე გადაცემის შემცირება ეს ხელშეწყობაა? გვპასუხობს, რომ “ტელევიზიას ასე სჭირდება”.

საპირისპიროზე საუბრობენ “ჰეშთეგის” გუნდში. ფიქობენ, რომ “მაუწყებლის მენეჯმენტი აგრეძელებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას”.

ირაკლი ყურუა ამბობს, რომ ბევრს ფიქრობდნენ დაბრუნებულიყვნენ თუ არა ეთერში. ბოლოს, მათთვის გადაცემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ სივრცის დათმობა ასე მარტივად არ უღირთ:

“საბოლოო ჯამში, ბევრი ვიფიქრეთ, დავბრუნებულიყავით თუ არა ეთერში თუნდაც არჩევნების მერე, მაგრამ, მაინც ჩავთვალეთ, რომ იმდენი თემა და იმდენი ადამიანია ყურადღების გარეშე, რომ ეს 45 წუთი კვირაში, რაც ძალიან ცოტაა, სულ არაფერს ჯობდა. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სატელევიზიო ეთერი, ამას ვუყურებთ, როგორც გარკვეული თავისუფლების 45 წუთს და ამის დათმობა, იმ შრომის, ჯანმრთელობის და ბრძოლის შემდეგ, რაც აქამდე გამოვიარეთ, არანაირად არ გვინდა. ამ სივრცის დათმობა ასე მარტივად არ გვიღირს, არ შეგვიძლია”.

აჭარის ტელევიზიამ გადაცემა “ჰეშთგისთვის” ეთერის დათმობა თავდაპირველად 23 მარტს შეწყვიტა. ამ დღიდან, მაუწყებელმა “ჰეშთეგთან” ერთად, საინფორმაციო და სამედიცინო გადაცემების გარდა, ყველა გადაცემა შეაჩეარა.




მენეჯმენტი გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ხსნიდა. ირაკლი ყურუა მიიჩნევს, რომ იმ პერიოდშიც რეალური მიზეზი გადაცემის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა იყო:

“პანდემიის პერიოდშიც ჩვენი გაჩერება იმას უკავშირდებოდა, რომ მაუწყებლის მენეჯმენტს არ სურდა, ეთერში ყოფილიყო ისეთი მასალა, ვთქვათ, სადაც ვისაუბრებდით იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემას უჭირს, რომ ადამიანები რჩებიან ელემენტარული შემოსავლის გარეშე და სახელმწიფო სათანადო ყურადღებას ვერ აქცევთ და ა.შ. ბუნებრივია, მაშინაც გვქონდა განცდა და გარკვეული მოლოდინები იმისა, რომ შეიძლება “ჰეშთეგი” საერთოდ არ დაბრუნებულიყო ეთერში”.

მოგვიანებით, 25 მაისს გადაცემა ეთერში ისევ დაბრუნდა, თუმცა, მოკლე ხნით. 

25 მაისი, 2020წ. გადაცემის დროებით დაბრუნება.

 

  'მთავარი არხის' შაბათის გადაცემა  ხარვეზებით დაიწყო - არხზე კიბერშეტევას ეჭვობენ
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ კვირის შემაჯამებელი ანალიტიკური გადაცემა „მთავარი შაბათს“ დაწყებიდან დაახლოებით 2 წუთში, 21:02 სთ-ზე, ეთერიდან რამდენიმე წუთით გაითიშა. მალევე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ცხრასაათიანი შაბათის ეთერის დაწყებისთანავე ტელევიზიაში გამოირთო სრულიად ყველაფერი ერთდროულად - სასერვერო, ქსელი, სტუდიასთან კავშირი“.



გადაცემა ეთერში, დაახლოებით ოთხწუთნახევარში (21:06:35) დაბრუნდა. როგორც წამყვანმა, მიშა სესიაშვილმა თქვა, ტელეკომპანიაზე სავარაუდოდ მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა.

„მაყურებელს ბოდიშს ვუხდი იმ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენს ეთერში დაფიქსირდა. თუმცა, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მასშტაბურ კიბერშეტევასთან, რომელიც მთავარ არხზე განხორცილდა“, - თქვა მიშა სესიაშვილმა და დაამატა, რომ რამ რამდენიმე წუთია გათიშულია არხის მთავარი და სათადარიგო სერვერები და ყველა ის ტექნიკური საშუალება, რომლითაც არხი მაუწყებლობს და პირდაპირ ეთერში გადის.

„ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ამ წუთებშიც არკვევს ამ პრობლემის შინაარსს და მასშტაბებს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს არის კიბერშეტევა, რომელიც განხორციელდა "მთავარ არხზე". ასე რომ, თუ ხარვეზები იქნება დღევანდელი გამოშვების განმავლობაში, ამაზე წინასწარ გიხდით ბოდიშს, მაგრამ გაუთვალისწიენებელმა ტექნიკურმა პრობლემამ იჩინა თავი“, - მიმართა მან მაყურებელს.




„მედიაჩეკერი" შეეცადა მეტი დეტალი არხის იურისტთან და დირექტორთან თამთა მურადაშვილთან გაერკვია.  თუმცა როგორც მან გვითხრა, ამ დროისთვის იმის გარდა, რაც ეთერში გაჟღერდა, დამატებითი დეტალები უცნობია.

ასევე იხილეთ

ნარკომომხმარებელთა მიმართ სტიგმის გაძლიერება ექთანზე თავდასხმის შესახებ მასალებში
ნარკომომხმარებელთა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა სტიგმატიზება/დისკრიმინაცია და პაციენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება - ასე გაშუქდა ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტის მხრიდან ექთანზე თავდასხმის ფაქტი. მედიამ მომხდარი ზედაპირულად, კონტექსტისა და პრობლემის ჩვენების გარეშე გააშუქა, რითაც ნარკომომხმარებელთა მიმართ სტიგმის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც კოვიდსასტუმროდ არის გადაკეთებული, 25 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტმა, რომელიც ერთ-ერთი სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია, ექთანს, სავარაუდოდ გატეხილი თერმომეტრით, დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, თვითდაზიანება სცადა. პაციენტი ექთანს, როგორც სამედიცინო პერსონალმა განმარტა, კონკრეტულ მედიკამენტს სთხოვდა.

ბათუმში მომხდარი შემთხვევა მედიის ფოკუსში მოხვდა და ფართოდ გაშუქდა. ამბის გაშუქებისას, თითქმის ყველა მედიამ, (როგორც სამაუწყებლო, ასევე, ონლაინ მედიამ) რამდენიმე გამონაკლისის გარდა (მათ შორის, „რადიო თავისუფლება“, ტელეკომპანია „იმედი"), დაასახელა ის პროგრამა, საუბარია მეტადონის პროგრამაზე, რომლის ბენეფიციარიც აღნიშნული პირია, და ასევე, დეტალურად აღწერა როგორ მოხდა თავდასხმა.

რა იყო მედიის მთავარი აქცენტი


მედიამ მომხდარი ფრაგმენტულად და ზედაპირულად გააშუქა, როგორც ბათუმში მომხდარი ინციდენტი, რომელშიც მეტადონის პროგრამის ბენეფიციარი მონაწილეობდა.  მასალების აქცენტი არ იყო იმის ჩვენება, რამდენად სრულყოფილად იღებს საჭირო მომსახურებას ამ კონკრეტული სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი და მისი ქცევა, ხომ არ იყო განპირობებული უყურადღებობით, ან საჭირო სერვისების ვერმიღებით. მედიამ მისი პროგრამის ბენეფიციარობა მხოლოდ იმის საჩვენებლად გამოიყენა, რომ “სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი არის ნარკოდამოკიდებული და ის იყო აგრესიული”, რამაც ნარკოდამოკიდებულთა მიმართ საზოგადოებაში ისედაც არსებული სტიგმის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

პროგრამა დაასახელეს შემდეგმა მაუწყებლებმა:

პირველი არხი, (15:00, 18:00 და 21:00 საათიან გამოშვებებში. ყველა გამოშვებაში ახსენეს პროგრამის დასახელება), აჭარის ტელევიზია, (რომელმაც ეს ამბავი გააშუქა სამ გამოშვებაში, 15:00, 18:00 და 20:00 საათზე და ამათგან, 20:00 საათიან გამოშვებაში სიუჟეტს შემდეგი სათაური ჰქონდა: “პაციენტი ექთანს თავს ნარკოტიკის გამო დაესხა”), TV ფორმულა (17:00 საათიან გამოშვებაში), "რუსთავი 2” (18:00 საათიან გამოშვებაში), “მაესტრო” (15:00, 17:00 და 18:00 საათიან გამოშვებებში).

ორმა მაუწყებელმა, “მთავარმა არხმა” და “ტვ პირველმა” კი მომზადებულ მასალებში პაციენტის პერსონალური მონაცემებიც გაასაჯაროვა.

“მთავარმა არხმა” 25 ნოემბერს შემთხვევა ორ, 15:00 და 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში გააშუქა. 15:00 საათიან გამოშვებაში წამყვანმა დეტალურად აღწერა როგორ დაესხა პაციენტი თავს ექთანს და იქვე თქვა, რომელი პროგრამის ბენეფიციარია იგი. ამის შემდეგ კი, ჟურნალისტმა, ჩართვაში დაასახელა პაციენტის სახელი და გვარი, პროგრამა და ხაზი გაუსვა, რომ “როგორც ამბობენ, ეტაპობრივად კოვიდპაციენტი აგრესიული იყო ხოლმე”. მანვე დაამატა, რომ “რომ არა დაცვის სამსახურის სწრაფი და დროული რეაგირება, შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა” და კიდევ ერთხელ, დეტალურად აღწერა, როგორ აპირებდა მომხდარის შემდეგ პაციენტი თვითდაზიანებას. 18:00 საათიან გამოშვებაში ინფორმაცია შედარებით მშრალი იყო, პაციენტის პერსონალური მონაცემები აღარ გაუსაჯაროებიათ, თუმცა, ექთანს მაინც დეტალურად მოაყოლეს, როგორ მოხდა მასზე თავდასხმა.

პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვეს “TV პირველის” 15:00 საათიან გამოშვებაშიც. ჟურნალისტმა ჩართვაში ხაზი გაუსვა, რომ მათ გაარკვიეს, ვინ არის პაციენტი. ასევე, “მთავარი არხის” მსგავსად, “TV პირველზეც” დეტალურად აღწერეს როგორი აგრესიული იყო პაციენტი. მომდევნო, 18:00 საათიან გამოშვებაში, არხს პაციენტის პერსონალური მონაცემები აღარ გაუსაჯაროებია, მაგრამ, ამჯერადაც მთავარი აქცენტი პაციენტის მეტადონზე დამოკიდებულება იყო და ასევე, კვლავ დეტალურად აღწერეს თავდასხმის ხერხები. აღსანიშნავია, რომ ამ გამოშვებაში იყო იმის მცდელობა, ეჩვენებინათ კოვიდპაციენტები რამდენად სრულყოფილად იღებენ საჭირო სერვისებს და მუშაობენ თუ არა მათთან ფსიქოლოგები. თუმცა, ეს აქცენტი ეხებოდა ზოგადად ყველა კოვიდინფიცირებულს.

სამაუწყებლო ეთერში არ ჰქონია, თუმცა, ვებგვერდისთვის მომზადებულ მასალაში პაციენტის პერსონალური მონაცემებიც გასაჯაროვდა და მისი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარობაც Imedinews.ge-ს მასალაში. ასევე, მეტადონის პროგრამის გარდა, პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვეს გამოცემებმა რეზონანსმა და ნიუპოსტმა.

პაციენტის იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ, თუმცა, მეტადონის პროგრამის ბენეიციარობა ნახსენები იყო სხვა ონლაინგამოცემების ნაწილის მიერ მომზადებეულ მასალებშიც. მათ შორის, ასეთი სტატიები გამოქვეყნდა: “ბათუმელებზე”, გურიანიუსზე, პრაიმტაიმზე და სხვა, არაერთ საიტზე, როგორიცაა: მედიამოლი, დრონი, დიანიუსი და ა.შ.


როგორ უნდა გაეშუქებინა მედიას მომხდარი შემთხვევა


ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი, რომელიც წლებია მუშაობს ნარკომომხმარებელთა თემაზე, ამბობს, რომ ამ ინციდენტის ასე გაშუქება და პაციენტის მდგომარეობის და ქცევის კონტექსტში მისი მეტადონის პროგრამაში ყოფნაზე ხაზგასმა, სტიგმისშემცველი იყო.

“თითქოს იკითხებოდა ისე, რომ ამ ადამიანის აგრესიულობა დამოკიდებული და კავშირში იყო მხოლოდ მის ნარკომომხმარებლობასთან”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ეს გასნკუთრებით პრობლემურია იმ დამოკიდებულების ფონზე, რაც წლებია არსებობს ნარკოდამოკიდებულთა მიმართ და რაც იმაში გამოიხატება, რომ მათ აგრესიულობას პირდაპირ აკავშირებენ მათ მდგომარეობასთან.

ნათია ამბობს, რომ ამ ამბის გაშუქებისას მედიას სხვა კონტექსტი უნდა ჰქონოდა: “ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის და როგორც ჟურნალისტისთვისაც, საინტერესო იყო რატომ მოხდა შემთხვევა, მიიღო თუ არა ამ ადამიანმა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, საჭირო და ადექვატური მკურნალობა და პრეპარატი. აუცილებლად უნდა გარკვეულიყო და გვცოდნოდა იღებდა თუ არა ის საკმარის დოზას. თუ ვთქვათ, ადამიანს, დოზა არ ჰყოფნის და მას გლიცინს შესთავაზებენ, ის რა თქმა უნდა იქნება ძალიან ცუდად. ეს არის ჩვეულებრივი, ერთგვარი ჩანაცვლებითი სამკურნალო პროგრამა და ამ ადამიანებს სჭირდებათ ადექვატური და სწორი მოვლა, სწორი დოზის შერჩევა და ამ დოზის კონტროლი”.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ჟურნალისტი ამახვილებს ყურადღებას, იზოლაციაში მყოფი, კოვიდპაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობაა:

“სულ რომ არ ყოფილიყო ამ მომსახურების მიმღები ეს ადამიანი, ისედაც ვიცით, რომ აგრესია, ფსიქიკური პრობლემები მეტად მწვავდება ასეთ პერიოდში და როდესაც ამგვარი, დამატებითი საჭიროების მქონე პაციენტი ხვდება ასეთ იზოლაციაში, მის ქცევას დამატებით უნდა მიექცეს ყურადღება სახელმწიფოსგან, პერსონალისა და ზოგადად, მეტადონის პროგრამის განმახორციელებლისგან. უნდა გვცოდნოდა გათვალისწინებული იყო თუ არა მისი საჭიროებები, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს დეტალი უნდა გვცოდნოდა ჩვენ ამ მასალებიდან”.

ასოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირება პრობლემურად მიაჩნია ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს. “მედიაჩეკერს” ამ თემაზე მასთან ვრცელი ინტერვიუც აქვს მომზადებული, რომელშიც იგი ამბობს, რომ სგავსი შემთხვევების გაშუქებისას მედიამ ყოველთვის უნდა აჩვენოს კონტექსტი: “მედიამ დანაშაულის შემთხვევები არ უნდა გააშუქოს ისე, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი ქცევა. როდესაც ჟურნალისტი აშუქებს ასეთ პრობლემას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განზოგადებას და სტიგმატიზებას თავი აარიდოს და ისაუბროს სისტემურ პრობლემაზე.

პერსონალური მონაცემების გამჟღავნება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე‐10 პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

სამედიცინო დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილია. შესაბამისად, ქარტიის ეს პრინციპი ცალსახად ავალდებულებს ჟურნალისტს, არ გაამჟღავნოს პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, თუკი არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

“მოერიდეთ ინფიცირებული პირის ვინაობის გასაჯაროებას, თუ ეს არ არის მაღალი საჯარო ინტერესის საგანი და არ გაქვთ სარედაქციო დასაბუთება, რატომ არის მოცემულ შემთხვევაში ამა თუ იმ პირის იდენტიფიცირება აუცილებელი”, - ვკითხულობთ კორონავირუსის გაშუქების გზამკვლევში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაა მომზადებული. იმ მასალებიდან, რომლებშიც პაციენტის პერსონალური მონაცემები გასაჯაროვდა, გაუგებარია ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა, სხვა რა საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა პაციენტის ვინაობის გასაჯაროებას.


სარედაქციო განმარტება: სტატიას შეგნებულად არ ერთვის არცერთი ბმული (ე.წ. ჰიპერლინკი), იმისათვის, რომ განმეორებით არ შევუწყოთ ხელი მასალების ტირაჟირებას და შესაბამისად, ნარკომომხმარებელთა სტიგმატიზებას. 
ტელეკომპანია "მთავარი არხი" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გაშუქებას არ აპირებს. ამის შესახებ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, დღეს, 21 ნოემბერს, საინფორმაციო გამოშვების დასრულებისას განაცხადეს.

"მთავარი არხი" სრულად უერთდება ქართველი ხალხისა და ოპოზიციის პროტესტს და ჩვენი სარედაქციო გადაწყვეტილებით, ხვალ, არხის საინფორმაციო სამსახური არ გააშუქებს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ სპექტაკლს, სახელწოდებით - მეორე ტური", - განაცხადა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა დიკო ჯოჯუამ. მისმა თანაწამყვანმა პაატა იაკობაშვილმა კი მაყურებელთან დამშვიდობებამდე მათ მიმართა, რომ შეუერთდნენ პროტესტს და არ წავიდნენ ხვალ არჩევნებზე.



შეგახსენებთ, ხვალ, 22 ნოემბერს, 14 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და თავის ელექტორატსაც მიმართავს, არ წავიდნენ საარჩევნო უბნებზე.
გარდაცვლილი მცირეწლოვნის მშობლების გლოვის მძიმე კადრები “მთავარ არხზე”
ქალაქ რუსთავში მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვნის გადმოვარდნის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში “მთავარმა არხმა” გარდაცვლილის მშობლების გლოვის ამსახველი მძიმე კადრები აჩვენა.

მაუწყებელმა 19 ნოემბერს 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება რუსთავში მომხდარი ტრაგედიის გაშუქებით დაიწყო. არხმა მაყურებელს აუწყა, რომ რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა, საავადმყოფოში მიყვანისას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჟურნალისტმა მაყურებელს მოუყვა, რომ ბავშვის გარდაცვალების ამბავი მშობლემა სულ რამდენიმე წუთის წინ გაიგეს.

სავარაუდოდ, მაუწყებლის კამერამ ზუსტად ის მომენტი გადაიღო, როდესაც მშობლებმა შვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანის და კორესპონდენტის პარალელურად, მაყურებელი ერთი წუთის განმავლობაში უყურებდა და უსმენდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი, სასოწარკვეთილი ოჯახის წევრების გლოვას.

მაუწყებელმა არ გაითვალისწინა პოტენციური ტრავმა, რომელიც, შესაძლოა, მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას.

გაუგებარია, რა საინფორმაციო ღირებულება აქვს მაყურებლისთვის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მშობლების ჩვენებას. ქარტიის მეათე პრინციპი პირდაპირ მიუთითებს, რომ “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.” ამავე პრინციპის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ტრაგედიის მომენტის გამოქვეყნება არაეთიკურია, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაშიც კი.

გარდა ამისა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "პირველი ხაზის" ავტორმა და წამყვანმა გიორგი ნიორაძემ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მასწავლებლების შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის მაყურებელს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ არხის გადაწყვეტილებით, მასალამაუწყებლის ყველა პლატფორმიდან წაიშლება.  

თამარ ჟვანიას შესახებ სიუჟეტი გავიდა გადაცემაში "პირველი ხაზი", რომელსაც ჟურნალისტები გიორგი ნიორაძე და ვიკა ბუკია უძღვებიან. 12 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც ეთერში ეს მასალა გავიდა, გადაცემა მხოლოდ გიორგი ნიორაძეს მიჰყავდა.

"ჟურნალისტურ სტანდარტს რომ თავი დავანებო, ეს იყო, მსუბუქად რომ ვთქვა, მდარე სატელევიზიო პროდუქტი, ძალიან ცუდი ესთეტიკის, რომელზეც პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე ვარ მე. ვაღიარებ, მე შემეშალა და ამისთვის ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, გარდაცვლილი პედაგოგების ოჯახებს და ჩემს კოლეგებს, ამ და სხვა რედაქციებში, ვისაც დისკომფორტი შევუქმენი. ვაღიარებ ჩემს, დავარქვათ შეცდომას, ეს სიუჟეტი არ ასახავს არც ამ არხის და არც ამ გადაცემის სტანდარტს და შესაბამისად, აღნიშნული სიუჟეტი იხსნება "ტვ პირველის" ყველა ელექტრონული პლატფორმიდან", - განაცხადა გიორგი ნიორაძემ სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღეს გადაცემის ბოლოს. 



შეგახსენებთ, მასალა, რომლის გამოც გადაცემის წამყვანმა ბოდიში მოიხადა, ტელეკომპანიის ეთერში 12 ნოემბერს გავიდა. სიუჟეტის ავტორი დაინტერესდა იმით, როგორი მოსწავლე იყო თამარ ჟვანია და ამ მიზნით, იმ მუნიციპალიტეტში ჩავიდა, სადაც ცესკოს თავმჯდომარემ სასკოლო განათლება მიიღო.  

უფრო ვრცლად, იმ სიუჟეტის შესახებ, რომლის გამოც გადაცემის წამყვანმა ბოდიში მოიხადა, წაიკითხეთ სტატიაში: როცა ჟურნალისტი იკვლევს, როგორი მოსწავლე იყავით სკოლაში. 

14 ნოემბრის 01:50 საათის მონაცემებით, აღნიშნული სიუჟეტი ისევ იძებნებოდა გადაცემა "პირველი ხაზის" ფეისბუკის გვერდზე. საუბარია12 ნოემბრის გადაცემაზე, რომელიც სწორედ ამ სიუჟეტით მთავრდება. ცალკე მოჭრილი ეს კონკრეტული მასალა კი, რომელიც მაუწყებლის ფეისბუკის გვერდზე ვრცედებოდა, გიორგი ნიორაძის ბოდიშამდე  კარგა ხნით ადრე, 13 ნოემბრის დღის პირველ ნახევარშივე უკვე აღარ იძებნებოდა.  

განახლება: ამ სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, გადაცემის ფესიბუკის გვერდზე ვიდეომასალა დაარედაქტირეს. ამჟამად, 12 ნოემბრის გადაცემის პირდაპირი ეთერის (LIVE) ვიდეოს ბოლო ნაწილი მოჭრილი აქვს და სიუჟეტი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

როცა ჟურნალისტი იკვლევს, როგორი მოსწავლე იყავით სკოლაში
ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ვინაიდან შემაჯამებელ ოქმებში ცდომილების ის მასშტაბი, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, არჩევნების შედეგებს ცვლის იმ თვალსაზრისით, რომ ერთპარტიულ მმართველობას კოალიციური მთავრობა ანაცვლებს.

ცხადია, რომ არჩევნების შედეგების შეჯამებაზე პასუხისმგებელია ცენტრალური საარჩევნო კომისია. შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესის საგანია იმის გარკვევა, თუ რატომ აღმოჩნდა ბევრი ცდომილება შემაჯამებელ ოქმებში. იყო თუ არა ეს განპირობებული უბნებისა და ოლქების დონეზე კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციით? თუ ეს ასეა, როგორ და რატომ შეარჩია ცესკომ კომისიის წევრები? როგორია თავად ცესკოს წევრების პროფესიული კვალიფიკაცია? მათი კავშირები ხელისუფლებასთან ან სხვა საარჩევნო სუბიექტებთან, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ პროფესიულ საქმიანობაზე და ა.შ.

მაგრამ არის თუ არა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი კომისიის წევრების ან ცესკოს თავმჯდომარის გარეგნობა? წონა? ასაკი? და ბოლოს, აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები სკოლაში?

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული რეპორტაჟის ავტორი დაინტერესდა იმით, თუ როგორი მოსწავლე იყო ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. ამ მიზნით ჟურნალისტი ჩავიდა ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ჟვანიამ სასკოლო განათლება მიიღო; ეწვია სკოლას, სადაც ის სწავლობდა; მოიძია მისი ფიზიკის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებლებს კი სასაფლაოზე მიაკითხა; გამოკითხა მეზობლები, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები და მთელი ამ შრომის შედეგად საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ თამარ ჟვანია სკოლაში ფრიადოსანი და მოწესრიგებული მოსწავლე ყოფილა, მათ შორის, მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა ფიზიკა-მათემატიკაშიც.

მოდით, ახლა ვიკითხოთ - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხზე რა ინფორმაცია მიიღო ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ აუდიტორიამ? რა კავშირშია თამარ ჟვანიას, როგორც ცესკოს თავმჯდომარის პროფესიულ საქმიანობასთან ან მისი მხრიდან არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან ანუ სისხლის სამართლის დანაშაულთან ის, თუ როგორი მოსწავლე იყო ის სკოლაში და რა ნიშნებს უწერდნენ მათემატიკისა თუ ფიზიკის მასწავლებლები? - რა თქმა უნდა, არავითარი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. ცხადია, პირადი ცხოვრების ნაწილია ის, თუ როგორი აკადემიური მოსწრება ჰქონდა ამა თუ იმ პირს სკოლაში. საზოგადოებრივ ინტერესზე უკვე ვისაუბრეთ ზემოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

მოდით, ახლა ისიც ვიკითხოთ, თუ რატომ შეიძლება იყვნენ მასწავლებლები ანგარიშვალდებულები მოსწავლეების პროფესიულ საქმიანობაზე? - რას ემსახურებოდა ჟურნალისტის შეფასება, რომ “ალბათ საფლავში ბრუნავდა” თამარ ჟვანიას მათემატიკის მასწავლებელი? ან რატომ ჩააყენა თავის მართლების პოზიციაში ფიზიკის მასწავლებელი, რომლის ფრიადის დამსახურება ყოფილა, ჟურნალისტის ტექსტის მიხედვით, ჟვანიას წარჩინების ატესტატი?

თუკი ხსენებული რეპორტაჟის ავტორი ჟურნალისტის ლოგიკას მივყვებით, გამოდის, რომ მედიამ უნდა მიაკითხოს კორუფციაში ან სხვა “არითმეტიკულ ოპერაციებთან” დაკავშირებულ უკანონო საქმიანობაში დადანაშაულებული ან მხილებული პირების მათემატიკის მასწავლებლებს; ან “გამზრდელის” ანალოგიით პასუხი მოსთხოვს მკვლელობაში ბრალდებულების აღმზრდელებს და ა.შ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე.

***

განახლება: მასალის თავდაპირველ ვერსიას თანდართული ჰქონდა ის სიუჟეტი, რომელიც მაუწყებლის ეთერში გავიდა. თუმცა, ვინაიდან მოგვიანებით, არხმა ამ სიუჟეტის გამო ბოდიში მოიხადა და მასალა ყველა პლატფორმიდან წაშალა, ჩვენც საჭიროდ ჩავთვალეთ, სიუჟეტი აგვეღო და ის აღარ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. რედაქციის ბოდიშის შესახებ კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე