კატეგორია: ბლოგი
alt

რამდენიმე კვირის წინ, ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და იურისტი ბენ შაპირო BBC-ის ჟურნალისტმა ენდრიუ ნეილმა გადაცემა "Politics Live"-ში მიიწვია სტუმრად. შაპირო, რომელიც თავისი ანტილიბერალური და უკიდურესად კონსერვატიული, მათ შორის აბორტის საწინააღმდეგო შეხედულებებით გამოირჩევა, ფაქტობრივად ეთერიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა შაპიროს შეკითხვები დაუსვა აშშ-ის ზოგიერთ შტატში, აბორტთან დაკავშირებით ახლახან მიღებულ, დასავლური ქვეყნებისათვის საკმაოდ მკაცრ კანონმდებლობაზე. ნეილის მწვავე შეკითხვებმა შაპირო ფაქტობრივად წყობიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც სტუმარმა წამყვანს მემარცხენეების სასარგებლოდ მიკერძოებულობაში ბრალი დასდო.

შაპირო, რომელიც მგზნებარე მოდებატეა და ხშირად დემაგოგიასაც არ ერიდება, მომდევნო დღეს სრულიად ინგლისურენოვანი Twitter-ის დაცინვის ობიექტად იქცა. როგორც აღმოჩნდა, ენდრიუ ნეილი თავად კონსერვატიულად განწყობილი ჟურნალისტია, ოდესღაც კონსერვატიული პარტიისთვის მუშაობდა მკვლევრად და ამჟამად სათავეში უდგას ჯგუფს, რომელიც ფლობს კონსერვატიულ ჟურნალს The Spectator. შაპიროს შეკითხვაზე ობიექტური ჟურნალისტი ხართ თუ მიკერძოებული ჟურნალისტი, ნეილს მარტივი პასუხი ჰქონდა: „მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც სვამს შეკითხვებს [...] ჩემი საქმეა დავუსვა კითხვები იმათ, ვისაც აქვთ მტკიცე შეხედულებები და ვაჩვენო ამ მოსაზრებების ალტერნატივა. თუ თქვენ აბორტის მოწინააღმდეგე ხართ, მე დაგისვამთ აბორტის მომხრეთა შეკითხვებს.“

ენდრიუ ნეილის პასუხი შაპიროს ბრალდებებზე, ალბათ, საუკეთესოდ აჯამებს ზოგადად რატომ შეიქმნა სატელევიზიო სივრცეში ტოქშოუები და რატომ ჰყავს ამ გადაცემებს წამყვანები. მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებების ხარჯზე დემოკრატიულ საზოგადოებაში რთულია ადამიანები სათანადოდ ინფორმირებული გყავდეს. ხოლო ისეთი გადაცემების დამატებით, როგორიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებია, მაყურებელს უჩნდება შანსი, რომ აქტუალურ საკითხებზე მრავალმხრივი ინფორმაცია მიიღოს.

სიღრმისეული, დინამიკური და საინტერესო ფორმით ინფორმაციის მისაღებად კი ერთადერთი გზა ოპონირებაზე გადის. ქართული ტელესივრცისთვის რაც არ უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, ოპონირება გადაცემის წამყვანმა უნდა გასწიოს და არა გადაცემაში მოსულმა, რესპონდენტთან დაპირისპირებულმა სხვა სტუმარმა. ყველა სხვა ფორმატი, სადაც ჟურნალისტი ოპონირების ფუნქციას არ ასრულებს, სცდება ჟურნალისტურ საზღვრებს და უახლოვდება პოლიტიკოსთა პიარს, ჟურნალისტის ფუნქციის დაკნინებას მოდერატორის ფუნქციამდე ანდა როგორც ხშირად ქართულ სადისკუსიო გადაცემებში ხდება ხოლმე - ქაოსს.

ქართულ ტელესივრცეში გასული ტოქშოუებიდან ალბათ თითზე შეიძლება ჩამოვთვალოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტმა თავისი არსებობის გამო რესპონდენტს ისეთი დისკომფორტი შეუქმნა, რომ გადაცემა პოლიტიკოსისათვის ტრიბუნის დათმობას არ დამსგავსებოდა. სამაგიეროდ, იოლად შეიძლება გავიხსენოთ ისეთი მაგალითები, სადაც როლები იცვლებოდა და რესპონდენტებს მიჰყავდათ გადაცემა. ასეთი ჟურნალისტური მარცხების თავიდან ასარიდებლად კი, ჩვენი ტელეწამყვანები რამდენიმე ხერხს მიმართავენ ხოლმე, სადაც ჟურნალისტები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს:

1) მოდერატორ - გამშველებელი - მოგყავს ორი დაპირისპირებული პოლიტიკოსი, დასვამ ერთმანეთის პირისპირ, შუაში თავად ჩაჯდები, იტყვი რომ დღეს მოდერატორის ფუნქციას ასრულებ, რამდენიმე გამხსნელ შეკითხვას სვამ და შემდეგ უკვე ეთერში მოწვეულ ფალავნებს უთმობ ტატამს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სტუმრებმა უნდა დაასისხლიანონ ერთმანეთი ისე, რომ მაყურებელს შეიძლება სულაც დაავიწყდეს ჟურნალისტის სტუდიაში არსებობის შესახებ მანამ, სანამ რომელიმე სტუმარი ჭიქას არ გადაალეწავს მეორეს და ამ დროს ირთვება შენში გამშველებლი. სტუდია იწყებს ზანზარს, ირღვევა დეკორაციები, სტუმარი გარბის, მეორე სტუმარი მისდევს და აჩქარებული სუნთქვით გადიხარ ეთერიდან. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ევრონიუსზეც მოხვდეთ;

2) მსაჯი - სტუდია იყოფა ორ მხარედ. თითოეულ მხარეს სტუმართა რაოდენობა შესაძლოა მერყეობდეს 3-დან 6-მდე. სასურველია სტუმართა შორის იყოს იყვნენ „ექსპერტები“ და „ცნობადი სახეები“, რომლებსაც შეუძლიათ კვანტური ფიზიკიდან ფისკალურ პოლიტიკამდე ყველა თემაზე საუბარი. ხსნი გადაცემას შეკითხვით, „როგორია თქვენი კომენტარი“, საუბარს იწყებს ერთ-ერთი სტუმარი, რამდენიმე წუთში მას აჰყვება მეორე სტუმარი, საუბარში ერთვება მესამე რესპონდენტი, იწყება პოლიფონია, მოსაუბრეთა რაოდენობამ შესაძლოა ხუთსაც მიაღწიოს, ეკრანიდან ისმის კაკაფონია, ჰაერში გოგირდის სუნი ტრიალებს, კულმინაცია ახლოვდება, სცენაზე შემოდის წამყვანი და შელოცვასავით იმეორებს სიტყვებს „გთხოვთ, დაასრულებინეთ სათქმელი,“ „გთხოვთ, დაასრულებინეთ სათქმელი.“ სტუმრები (ზოგჯერ) ჩუმდებიან, მაგრამ რამდენიმე წუთში მეორე ტაიმი იწყება;

3) დირიჟორი - გადაცემაში მოსულ სტუმართა რაოდენობას თავისუფლად უნდა შეეძლოს თბილისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შევსება. სასურველია, სტუმართა 100-ვე პროცენტი ერთ აზრზე იყოს, მაგრამ რეგალიებით განსხვავდებოდნენ. აუდიტორიის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე ისე გადადის მიკროფონი, რომ რთული მისახვედრია ეკრანის შეხედვის გარეშე მიხვდე როდის მორჩა ერთი რესპონდენტი სათქმელს და გააგრძელა მეორემ. ვიდრე ერთი საუბრობს დანარჩენი 24 მორჩილად ელოდება რიგს. წამყვანის მთავარი ფუნქცია კი გამომსვლელთა რიგითობის დაცვაა. თითოეულ რესპონდენტს აქვს 5-7 წუთი (გარდა ტელევიზიის დირექტორისა), გადაცემა გრძელდება უსასრულობამდე, მაყურებელი იძინებს ტკბილად, ტელევიზორის პულტით ხელში.

4) დეკორაცია - უბრალოდ ზიხარ.

რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება ჩვენში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუთა მრავალფეროვნება. თუმცა, ყველაზე ხშირად, სწორედ ამ 4 ტიპის ტელეწამყვანებს მოკრავთ თვალს ეკრანებზე. ქვეყანაში, სადაც წამლად ერთი ნორმალური Hard Talk შოუც კი არ გადის, შეუჩვეველმა აუდიტორიამ შესაძლოა იკითხოს - რა არის პრობლემა ასეთ გადაცემებში? რა და არაინფორმირებული მაყურებელი, რომელიც მათი ნახვის შემდეგ ან სრულ პოლიტიკურ აპათიაში ვარდება ან კიდევ უფრო ნაკლებად ინფორმირებული და დაბნეული თიშავს ტელევიზორს.

არადა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენს წამყვანებს ოპონირება რომ ეცადათ.
კატეგორია: ბლოგი
მისაღებია თუ არა გინება პირდაპირ ეთერში? - ეს არის იმ ქვეყნის ორი მთავარი არხის მთავარი საკვლევი საკითხი, სადაც ბავშვები შიმშილით კვდებიან; სადაც სასამართლო უვადოდ ბარდება კლანს; სადაც ერთი ადამიანის ხელშია ყველა სახელისუფლებო ბერკეტი; სადაც ოკუპანტი ქვეყანა რბილი ძალის გამოყენებით სულ უფრო აფართოებს მხარდამჭერების წრეს, სადაც მოსახლეობა იძულებულია ქვებით და ხელკეტებით დაიცვას თავი ხელისუფლებისგან და ა.შ.

ჩამონათვალი ძალიან გრძელი გამოვა. იმდენი პრობლემაა, რომელიც მედიის ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ…

მაგრამ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ქვეყნის დე ფაქტო მთავარს აგინებს; მთავრის მაგინებელს კი საგულდაგულოდ შერჩეულ მოქალაქეებს აგინებინებს მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საგანგებო რეჟიმში მომუშავე ტელეარხი.

და ზუსტად ამ დროს არ დააყოვნა საზოგადოების სახელით მოლაპარაკე ადამიანების ჯგუფის ინიციატივამაც, რომელიც მედიასივრციდან უხამსი ლექსიკის კანონით განდევნას ითვალისწინებს. ამ ინიციატივის თაობაზე ტელეიმედიდან შევიტყვეთ, რომელმაც საქართველოს მეცნიერთა, მწერალთა და კულტურის მოღვაწეთა მიმართვა უწოდა ერთგვერდიან წერილს, რომელსაც ხელს 60-მდე ადამიანი აწერს.

ამ წერილს მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესმდივნის განცხადებაც, რომლის მიხედვით, საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეისწავლის სატელევიზიო სივრცის რეგულირების საერთაშორისო გამოცდილებას, რათა “ამ სივრციდან არ იღვრებოდეს, აგრესია, ძალადობა, უხამსობა”.

არადა, საქართველოში უკვე მოქმედებს ორი კანონი, რომლებშიც უხამსობაზეა საუბარი. ესენია, კანონები “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა” და “მაუწყებლობის შესახებ”. ამ კანონების მიხედვით, უხამსობა - ეს არის განცხადება ან ქმედება, რომელსაც არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.

აქვს თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღირებულება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები კონკრეტული ხელისუფალის, კონკრეტული ინსტიტუციის მიმართ ტელეეთერით გინებას? - ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც ნებისმიერ ზემოთ აღნიშნულ მოქალაქეს შეუძლია დღეს მოქმედი კანონებითაც მიიღოს, თუკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტს მიმართოს კონკრეტული მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს ან პირდაპირ სასამართლოს.

მაშინ რატომ შეიძლება ირჯებოდნენ ისინი დამატებით და რა საფრთხის მატარებელია ამ მიმართულებით მედიის ნებისმიერი სახის რეგულირებაზე აპელირება?

ამ ხერხს უკვე მიმართა რუსეთმა. 2013 წლის მარტში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც ჯარიმები დაწესდა მედიაში უცენზურო სიტყვებისა და გამონათქვამების გამოყენებისთვის. შედეგი იქამდე მივიდა, რომ როსკომნადზორი მედიასაშუალებებს უცენზურო გამონათქვამების შემცველი რეპ-ბათლის ვიდეოს გამოქვეყნებისთვისაც კი აჯარიმებს.

საქართველოს სინამდვილეში, ასეთი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, მედიასაშუალებების დაჯარიმესთვის საკმარისი იქნებოდა პარლამენტის სხდომების ვიდეოტრანსლაციაც, რადგან საპარლამენტო სხდომებზე აქ ნამდვილად “მოსულა” პრემიერის მხრიდან კეთილების გინება, შეიძლება ჩართულ ან გამორთულ მიკროფონშიც “გაიპაროს” სპიკერის უცენზურო გამონათქვამი და ა.შ.

უფრო მეტიც, პოლიტიკოსების მხრიდან გინება არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად მიმართავს უხამს ლექსიკას და მას, ცხადია, აქტიურად აშუქებს მსოფლიო მედია.

თუმცა, მხოლოდ გინება არ არის უხამსობა. მაგალითად, სექსზე ტელეეთერიდან საუბარი რამდენიმე წლის წინ უხამსობად აღიქმებოდა საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილში და ტელევიზიებთან მასობრივი საპროტესტო აქციებიც იმართებოდა ასეთი გადაცემის აკრძალვის მოთხოვნით. დღეს ამ თემაზე დისკუსიები იმართება, ვსაუბრობთ სკოლებში სექსუალური განათლების აუცილებლობაზე და ა.შ.

ამდენად, მედიაში ამ მიმართულებით დამატებითი რეგულაციების შემოღება ვერანაირად ვერ მოემსახურება საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ კეთილ ზრახვებს და ის მხოლოდ ხელისუფლებისთვის არასასურველი მედია ორგანიზაციების დევნისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.

ამის პარალელურად, აუცილებელია უშუალოდ მედიის თვითრეგულირების მექანიზმების აქტიურად გამოყენება და მას, პირველ რიგში, საზოგადოება უნდა იყენებდეს. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ერთ კონკრეტულ სტატიაზე ან ტელეგადაცემაზე შეიძლება 50 ათასი საჩივარი შევიდეს თვითრეგულირების ორგანოში მოქალაქეების მხრიდან. ასე იქცევა საზოგადოება, რომელსაც აღელვებს პირადი ცხოვრების უფლების დაცვა, ამბების ზუსტი და მიუკერძოებელი გაშუქება, ბავშვის უფლებები, მოქალაქეების დაცვა დისკრიმინაციისაგან და ა.შ.

და რაც მთავარია, ასეთ საზოგადოებაში ჟურნალისტები იძიებენ ფაქტებს, რომლებიც საზოგადოებაში აღძრავენ პროტესტს და შესაძლოა, იწვევენ საზოგადოების მხრიდან გინებასაც კონკრეტული ხელისუფლებების მიმართ. და ეს გინება, როგორც საზოგადოების გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს, მათ შორის, სატელევიზიო სივრცეში.
კატეგორია: ბლოგი

“კითხვები დამთავრებულია” - ჟურნალისტების ნაცვლად გადაწყვიტა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მათ ზურგი აქცია. ის 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების შემდეგ ჩავიდა, ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთს გაჩერდა. შემდეგ ადევნებულ ჟურნალისტს გაღიმება ურჩია და თქვა: "მუშაობის საშუალებას მომცემთ?" 


alt

ჟურნალისტებთან კომუნიკაცია საჯარო მოხელეების სამუშაოს ნაწილად ჩვენთან არასდროს აღიქმება არც ჩვეულებრივ, მშვიდ დღეებში და არც კრიზისული ვითარებისას. როდესაც ისეთი ამბავი ხდება, როგორიც 21 აპრილს პანკისში დაპირისპირება, 2017 წლის 22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია თუ 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობა იყო, საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება. ჟურნალისტებიც ცდილობენ მომხდართან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი დეტალი მოძიონ ყველა შესაძლო ხერხით. შევლენ ყველგან, სადაც შეუშვებენ, ჩაწერენ ყველას, ვინც გამოჩნდება იქნება ეს ადგილობრივი მოსახლე თუ საჯარო პირი. შეეცდებიან განიხილონ ყველა ვერსია, თავად ჩაატარონ გამოძიება და აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან იმ დროს ყველა სხვა თემაზე მომზადებული ამბავი არარელევანტურად ჩანს. ვერ გაუშვებენ ეთერში მხატვრულ ფილმს ბედნიერ ცხოვრებაზე, სერიალს ოჯახურ დრამაზე თუ რამე გასართობ გადაცემას, მაშინ, როდესაც ერთ-ერთ რეგიონში მოსახლეობა და სპეცრაზმი ერთმანეთს ურტყამს ანდა შუა ქალაქში სპეცოპერაცია ლამის მთელი დღე ტარდება. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჟურნალისტებს უხარიათ უწყვეტად ეთერში ყოფნა ანდა სტატიების მომზადება, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება იყოს დროულად ინფორმირებული.

კრიზისული ვითარებისას დაზუსტებული ინფორმაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მიღებულმა ინფორმაციას შეიძლება მყისიერად შეცვალოს ადამიანის ქცევა. მაგალითად, დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, გაიაროს ქუჩაზე, რომელიც უსაფრთხო ჰგონია ანდა პირიქით, არაფერი გააკეთოს იმის იმედით, რომ ამბავი მას არ შეეხება. აღარაფერს ვამბობ პანიკის დათესვაზე და მასების მობილიზებაზე. ამ დაზუსტებულ ინფორმაციას ჟურნალისტი შესაბამის უწყებებიდან უნდა იღებდეს. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საკომუნიკაციო სტრატეგია თუ როდის რა ფორმით აწვდის მედიას ინფორმაციას.

ბოლო პერიოდში მსოფლიო მედიას არაერთი კრიზისული სიტუაციის, ტერორისტული აქტის თუ სხვა ტიპის ოპერაციების გაშუქების დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ძალიან მარტივი სანახავია, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ოფიციალურ უწყებებებს გამოყოფილი ჰყავთ პირი, რომელიც მედიას პროაქტიულად აწვდის ინფორმაციას თუ რას და როგორ აპირებს ხელისუფლება, რა დაზუსტებული ცნობები აქვთ მომხდარის შესახებ, აკეთებენ განმარტებებს, აწვდიან ინსტრუქციას მედიას სამუშაო არეალის შესახებ, რათა არ შევიდნენ იქ, სადაც უსაფრთხო არ არის მათთვის და ამასთან ხელი არ შეუშალონ ოპერციის მიმდინარეობას. იქ მედიასთან ურთიერთობა სამუშაოს ნაწილია, ჩვენთან მინისტრგაკიდებულ ჟურნალისტს აქეთ ამადლიან რამდენიმე წამიან სინქრონს.

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ამბისას ჟურნალისტების საინფორმაციო ვაკუუმში დატოვება ხელს უწყობს დაუზუსტებელი ცნობების, ვერსიების, ვარაუდების, სპეკულაციების გავრცელებას. როდესაც რელევანტური რესპონდენტი არ ჩანს, ჟურნალისტი იძულებულია, მას დაუსვას კითხვა, ვინც შემოხვდება, შედეგად მაგალითად, კრიმინალურ თემაზე შეიძლება მოვისმინოთ განათლების ანდა გარემოს დაცვის მინისტრის, დეპუტატის, ოპოზიციის თუ მავანის მოსაზრებები, რომელთაც ფაქტობრივი ინფორმაცია არ აქვთ. მერე ჟურნალისტებს აკრიტიკებენ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, ერთი და იმავე ცნობების გამეორების თუ ისეთი კადრების გამოქვეყნებისთვის, რაც აუდიტორიის აზრით, ოპერაციის მიმდინარეობას ხელს უშლიდა.

მედიას ცხადია აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ეთიკური სტანდარტები, წესები, რისი შესრულებაც მისი ვალდებულებაა, მაგრამ შეცდომების თავიდან აცილება და ზიანის შემცირება შესაძლებელია ანგარიშვალდებული ხელისუფლების პირობებში, როდესაც პროაქტიულად აწვდიან ინფორმაციას და გაღიმებას არ ურჩევენ ჟურნალისტებს კითხვებზე პასუხის ნაცვლად.

კატეგორია: ბლოგი
alt
გვანცა ხონელიძე, იურისტი, ორგანიზაცია ქალთა მზერის დამფუძნებელი

რამხელა ძალისხმევითაც სამოქალაქო აქტივისტები ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპული და არასერიოზული დამოკიდებულებების განეიტრალებას ვცდილობთ, იმდენივე ძალისხმევით მედიის დაუფიქრებელი ნაბიჯები უკუპროცესს აწარმოებს.

alt21 მარტს „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში ვიხილეთ სიუჟეტი, რომელშიც შიშველი ქალის სხეულზე სუში იყო დალაგებული. ეს ფაქტი მე, როგორც რიგით მაყურებელს, მხოლოდ ერთი კუთხით მადარდებს, ეს დარდი არ ეხება სუშის ფედერაციას და იმას, ვაკეთებთ თუ არა კარგ სუშს საქართველოში. ეს ეხება ბევრისთვის უხილავ, მაგრამ ჩემთვის უცხადეს პრობლემას, - ქალები დღემდე მოვიაზრებით დეკორაციებად. ნებისმიერ სიუჟეტს გმირი ჰყავს და ისტორიის ხაზი აქვს, ტელევიზია კი ამ სიუჟეტის მთხრობელად გვევლინება. სიმპტომატურია რომ ამ სიუჟეტებში გასაგნებულის, არასერიოზული პერსონაჟის, გამრთობის როლს ქალი და მისი სხეული ასრულებს.

გასაგნებას/განივთებას ბევრად დიდი სოციალური ეფექტი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია. ეს პროცესი შეიძლება უშუალო აქტორის თავისუფალი ნებით ხდებოდეს, მაგრამ გრძელვადიანი ეფექტი იქონიოს იმ სოციალურ ჯგუფზე, რომელსაც ეს აქტორი წარმოადგენს. ქვეყანაში სადაც ქალების ფიზიკური შევიწროვება კულტურულ ნორმატივად მოიაზრება, ასევე ნორმალიზებულად აღიქმება შიშველი ქალის სხეულის მაგიდად გამოყენება სატელევიზიო ეთერში. ეს არც პირადი სივრცეა და არც ფილმის -„სექსი დიდ ქალაქში“ ცნობილი სიუჟეტი, სამანტას სხეულზე სუში რომ აქვს დალაგებული, ესაა დილის გადაცემა ქვეყანაში, სადაც ყოველ მეშვიდე ქალს ერთხელ მაინც გამოუცდია ძალადობა.

ქართული მედიასივრცისთვის ქალის აბუჩად აგდება უხარისხო მედიაპროდუქტის გასაღებისთვის დიდი ხნის აპრობირებული გზაა. ამის სათავეებში ჯერკიდევ ადრეული 2000-იანი წლებიდან დგას შალვა რამიშვილი, რომელსაც ქალები, სარეკლამო ჭრის დროს, ხან დასაცინად გამოჰყავდა, ხან უხამსი ხუმრობების სამიზნედ.

ქალების რეპრეზენტირების კუთხით, დღემდე, ტელევიზია 202-ის დაწესებული სტანდარტი არ მორყეულა. თუ „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში შიშველ ქალს მაგიდის როლს ათამაშებენ რეიტინგის ასაწვად, პარალელურად, შალვა რამიშვილი გართობად გვასაღებს ქალების ჩხუბისა და თმებით თრევის ვიდეოებს, სხვა პოპულარულ არხებზე კი ქალებზე ძალადობის ისტორიებს, როგორც პირად, სასაცილო გამოცდილებას, ისე ყვებიან.

ნარატივი ყველგან ერთია, ჩვენი სხეული ჩვენგან დამოუკიდებლად ჩააბეს რეიტინგზე ნადირობის უწყვეტ ჯაჭვში. ამ სახეხატის ყოველდღიური წარმოების შემდეგ, აღარ უნდა გვიკვირდეს რატომ არ გვეკიდებიან სერიოზულად და რატომ მომართავენ ქალების სექსუალურ და პირად ცხოვრებას ჩვენსავე საწინააღმდეგოდ. ტელევიზია, როგორც ძლიერი ინფლუენსერი, არ არის შეჯერებული, რომ ჩვენი სოციალური ჯგუფი სერიოზული, პოლიტიკურად აქტიური, ჭკვიანი და ძლიერი წარმოაჩინოს.

1950-60-იანი წლების ამერიკული რეკლამები, როგორც იმდროინდელი საზოგადოების ანარეკლი, სექსიზმით და რასიზმით გაჯერებული იყო. განვითარებული დემოკრატიები, ქალების სოციალური წინააღმდეგობების გარეშე, დღეს არ იარსებებდა. რაც ამ წლებში მისაღებად ითვლებოდა, ნელ-ნელა ამ წინააღმდეგობებმა ანტისოციალურ ქმედებად და ამ ჯგუფების მიზანმიმართულ ჩაგვრად დააიდენტიფიცირა.

მე, როგორც ფემინისტი, ვამბობ, ჯანსაღად არასოდეს იფუნქციონირებს საზოგადოება, რომელიც  მაგიდად შიშველ სხეულს, როგორც სექსის ბაზისური ინსტინქტის ილუსტრაციას ისე იყენებს. თანამედროვე ადამიანის ტვინში ეს სცენა აგდებს ბმულებს - ჭამა, სექსი, დაუფლება. საგნის ფუნქციის შემსრულებისგან, ისევე როგორც საგნისგან, ნებართვას არავინ იღებს, შესაბამისად, არ არსებობს თანხმობა, როგორც ქალის ხმის, ნების გამომხატველი ცნება.

ასეთი სცენები პროტესტს უნდა იწვევდეს ჩვენში, ასეთი მედია კონტენტი არ უნდა შევისაღოთ და მეტი სიღრმისეული განათლება და მგრძნობელობა უნდა მოვითხოვოთ მედია სივრცისგან.
კატეგორია: ბლოგი

„ვინ არ იცის ჩვენს დროში განცხადებათა მნიშვნელობა?
ხალხთა ცხოვრებაში განცხადება ისეთს უცილობელს საჭიროებას შეადგენს,
ვითარცა „პური ჩვენი არსობისა“, -
გაზეთი 
„ცნობის ფურცელი“, 1897 წელი 


ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ნახო, ან სად შეიძლება გაერთო XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ტფილისში? რომელ სასტუმროში შეიძლება გაჩერდნენ, მაგალითად, „და-ძმა ვარდროპნი, რომლებიც ჩვენში ქართული ენის შესასწავლად ჩამოვიდნენ“?

სად შეიძლება გამოეწყო „უკანასკნელის ფასონების“ ტანისამოსში, სად გაიკრიჭო და გაიპარსო თმა-წვერი, სად იყიდო „რევოლვერი“, გაკოხტავებულმა და გადიდგულებულმა კი სად გაისველო ყელი - „დანიაში“, თუ „პურ-ღვინოში“? ყველგან გპირდებიან „შინაურ საჭმელ-სასმელს, როგორც ევროპიულს, ისე ჩვენებურს“. აქ რომ მოათავებ მოლხენას, მერე იქნებ საღამოს „ტანცებზეც“ მოგინდეს გავლა...

alt


მეორე ამბავია, რამდენად გაგწვდება ჯიბე ამ ყველაფერზე. ფული თუ არ გყოფნის, შენი რა მიდის - ფინანსურ პირამიდაზე ჯერ არაფერი გსმენია, „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ირწმუნებიან - „დიდი ცოდნისა და ხარჯის გარეშე, ყველა ადვილად და პატიოსნურად იშოვნის 400 მანეთს, მხოლოდ ჩქარა გამოგზავნეთ თქვენი ადრესიო“.

 alt


თუკი მაინც გეძვირა, იქნებ რომელიმე ბაღში შეგევლო კულა გლდანელის და ნესტორ ესებუას ჭიდაობის სანახავად? ან თუნდაც დიდუბეში, დოღის საყურებლად? ნაძალადევის პირდაპირ დანიშნულ ბურთაობას უკვე ვეღარ მიუსწრებ იმიტომ, რომ „ბურთი სწორედ 5 საათზედ გავარდება“.


alt

არა, დოღი და ჭიდაობა ყოველთვის მოესწრება, ჯობს „ტფილისში უნახველი უშველებელის ტანის 18 წლის კაცი“ იხილო, ან „გრძნეული და მბრძანებელი გველებისა, ინდოელი ქალი მისს პასტრელი“, თუნდაც „ლიუმიერის კინემატოგრაფი - ცხოველი ფოტოგრაფიული სურათები“, ბოლო-ბოლო, გოლოვინის პროსპექტზე აისეირნებ, სადაც აფრიკაში დაჭერილ ცოცხალ სირაქლემას ნახავ, ან მადათოვის კუნძულზე გადახვალ და ფეცის დიდ მუზეუმში გამოფენილ, „100-მდე სხვა-და-სხვა საგანს“ დაათვალიერებ.


alt
ამ ეპოქის ტფილისის მცხოვრები, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა წერა-კითხვა, სადმე, ერევნის მოედანზე, ან იარმურკაზე მაინც შეიტყობდი იმ სარეკლამო განცხადებების შინაარსს, რაც სხვებს პრესაში ამოეკითხათ...

ფაქტია, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესაში უამრავი სარეკლამო განცხადება, მარკეტინგული ხრიკი და რიგ შემთხვევებში - სარეკლამო კამპანიაც კი გვხდებოდა. კრეატიული მედია-მენეჯერები, პოტენციური დამკვეთების დასაინტერესებლად, გაზეთში მრავალფეროვან კლიშეებსაც ათავსებდნენ, რითაც მეწარმეებსა თუ სერვისის მიმწოდებლებს საკუთარი პროდუქციის სარეკლამო განცხადების გაფორმება შეეძლოთ. ამ და სხვა ხერხებით, პირდაპირ თუ ირიბად, იმდროინდელ საქმოსნებს საკუთარ გაზეთში სარეკლამო განცხადებების გამოქვეყნების აუცილებლობაში არწმუნებდნენ.

alt
სარეკლამო განცხადებების მიხედვით, იყიდება ყველაფერი, პროდუქტიც და სერვისიც: ყოველდღიური მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, ფოტოგრაფიული ხელობის კურსები, ქონების, სიცოცხლის დაზღვევისა და სამედიცინო სერვისები:

„კონფექტები რუსთაველი“ - თითოეული „კონფექტი“ შეხვეულია ქაღალდში, რომელზედაც დაბეჭდილია საუკეთესო და ანდაზად გადაქცეული ლექსები „ვეფხვის ტყაოსნიდგან“ და წვეულებებში შეადგენენ საუცხოვო შესაქცევარსა;

ყინული - სრულიად სუფთა, ფილტრით დაწმენდილის წყლისაგან მომზადებული, სასმელსა და საჭმელში სახმარებლად;

საქალო ჰიგიენური ბალიშები;

რძის ფქვილი ნესტლესი - ძუძუ-მწოვარა ბავშვთა საზრდოებლად;

ფხვნილი თმისა და ბალნის მოსაცილებლად;

სატუალეტო საშუალება დედათათვის;

მრავალ-გვარი ამერიკანული კლეონკები სტოლის გადასაფარებლად;

ელექტრონის ზარები;

შობის ხის სრული მორთულობა.

alt

alt


პარალელურად, იმდროინდელი მეწარმეები აქტიურად იცავენ საკუთარ პროდუქციას გაყალბებისგან და მომხმარებლებს აფრთხილებდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათი სამარკო ნიშნის მქონე პროდუქცია შეიძინონ.

alt
დიდი ყურადღება ეთმობა საგანმანათლებლო ტიპის პროდუქციას, ახლადგამოცემულ წიგნებს, მათ შორის, თარგმნილ ლიტერატურას, რომელთა შესახებ განცხადებები არა მხოლოდ რეკლამის, არამედ ახალი ამბების სახითაც კი გვხვდება.

alt
თავისთავად საინტერესოა ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სარეკლამო განცხადებების ავტორთა ფანტაზია, იმდროინდელ ეპოქაზე მეტად, დღევანდელ რეალობასთან უფრო ახლოსაა. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულია 1898 წელს, „ბათომში, სანდროს მიერ აღებული სასტუმრო „ლონდონის“ შესახებ [დროში მცირედი აცდენით] გამოქვეყნებული „თიზერი“ და რეკლამა:

alt
ასევე, სარეკლამო ტექსტებისა და მათი ვიზუალური მხარის მრავალფეროვნების მიუხედავად, ერთ-ერთი გამორჩეული სარეკლამო კამპანია ცნობილი ქართველი მეცენატის, მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო სასმელებს უკავშირდება. აღნიშნული კამპანიის რელევანტურობა და ეფექტურობა უფრო ცხადად ჩანს, თუკი გავიხსენებთ, რომ 1914 წელს, რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ „მშრალი კანონი“ შემოიღო. ბუნებრივია, ეს კანონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოზეც ვრცელდებოდა.

1915 წელს, გაზეთის რამდენიმე ნომერში, აღნიშნული კომპანია ერთსა და იმავე ილუსტრაციას იყენებს, ტექსტი კი მუდმივად იცვლება - „ბასიაკობის“ გასაკიცხი ჩვეულების ნაცვლად, რომელიც ღვინის ბოთლზე მიწოლილი, დაბეჩავებული კაცის მწარე ხვედრით არის გამოსახული, გამაგრილებელი სასმელის წყლის ბოთლის გვერდით, მხნე, ფხიზელი მთხრობელი დგას, რომელიც დაწვრილებით გვიამბობს, თუ რა დადებითი შედეგი მოჰყვა ღვინის აკრძალვას; როგორ უნდა გაარჩიო ამ კომპანიის ეტიკეტი - ყალბისაგან; „რამ დაღუპა კნიაზები, რამ გახადა ყველა ბანკის მონათ“ და ა.შ.

alt
დასასრულს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიც არ უნდა ვიკვლიოთ, ან ვისაუბროთ ამ პერიოდის სარეკლამო სფეროსა და იმდროინდელ ტენდენციებზე, ენა და ხასიათი, რითაც ძველი ქართული სარეკლამო განცხადებები იწერებოდა, ნებისმიერ მთხრობელზე უკეთ აღწერს ყველაფერს.

alt
 
alt

კატეგორია: ბლოგი

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა პირველად შეიძინა რეალური პოლიტიკური აქტუალობა (ფრანგულ პენსიას, კლარნეტის შეძენას და ნინოობის დღესასწაულზე ბოდბეში წირვაზე დასწრებას თუ არ ჩავთვლით) და ისიც არც თუ სასიამოვნო თემით - ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით. რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ თემის გააქტიურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ლაშა ჟვანიასთვის სულიწმინდის გამოცხადებას არ მოჰყოლია და არც დიმიტრი გაბუნიას უთენებია ჯერჯერობით ღამეები მსოფლიო პრაქტიკის შესწავლით. სალომე ზურაბიშვილის სენსიტიურობა ცილისწამების თემაზე პირდაპირაა დაკავშირებული ჩავლილ საარჩევნო ისტერიკასთან.

როგორც მოსალოდნელი იყო, რადიკალურად პოლარიზებულ პოლიტიკურ და მედიაგარემოში წინასაარჩევნო ბატალიები საკმაოდ ბინძურ ფორმებს იღებდა, იქნებოდა ეს საპრეზიდენტო კანდიდატების აბსურდული მიზეზებით დემონიზაცია, ერთმანეთის საარჩევნო შტაბებში სერგო ორჯონიკიძის ძიება, შვილების დუელი, კანდიდატთა პირადი ცხოვრებით სპეკულაცია თუ სასულიერო იერარქების მობილიზება კონკურენტების ანათემაზე გადასაცემად.

პრეზიდენტის ჯერაც ჩანასახში მყოფ ინიციატივას, რომელიც სავარაუდოდ მალე საკანონმდებლო ინიციატივად იქცევა (ჩვენი პოლიტიკოსების არც თუ ისე პრინციპულ, ხანმოკლე დროის პერიოდში 180 გრადუსით შემობრუნებულ პოზიციებს თუ გადავხედავთ), დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედია და არასამთავრობო წრეებში. Music Box-ის და საფერავი TV-ის (მართლა არსებობს ასეთი ტელევიზია) გარდა, ქართული ტელევიზიებიდან ალბათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იყო ერთადერთი, რომელმაც ცილისწამების შესახებ კანონის გამკაცრების ინიციატივის პრობლემურობას არ დაუთმო სათანადო ყურადღება. ტელეარხისთვის ამბის გაშუქების საბაბი ძირითადად მთავრობის რომელიმე წევრის განცხადება ხდებოდა, სადაც ისინი მართალია ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ერთხმად მიესალმებოდნენ პრეზიდენტის სრულიად ბუნდოვან ინიციატივას.

alt29 იანვარს კი, პირველმა არხმა, რომლის ვებგვერდიც ზოგჯერ შეიძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდში აგერიოთ (იხ. ფოტო), გადაწყვიტა, ცილისწამების თემისთვის გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ ერთი მთლიანი ბლოკი დაეთმო.

გადაცემის ამ ბლოკის მთავარი კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა - გვჭირდება თუ არა ცილისწამების კანონით რეგულირება? თემაზე ამომწურავად და სიღრმისეულად სასაუბროდ არხმა შიდა რესურსები გამოიყენა და გადაცემის სამ წამყვანთან ერთად მწერალი, ესეისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს) პაატა ქურდაძე მიიწვია.

რთულია არ დაეთანხმო პაატა ქურდაძეს, როდესაც ის ამბობს, რომ ყალბი ინფორმაციებით მიყენებულ ზიანზე სადისკუსიო ველის შექმნის აუცილებლობა დგას. მაგრამ, „ევროპულ ესთეტიკასთან ძალიან ღრმად ნაზიარებმა ადამიანმა“, როგორც მას ოდესღაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი უწოდებდა ნეტგაზეთთან ინტერვიუში, ცილისწამების მუხლთან დაკავშირებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, მთავრობის წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციების გასამყარებლად რამდენიმე მსუყე განცხადება გააკეთა.

წუთით რომ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ გადაცემის მთავარი კითხვა გვჭირდება თუ არა ცილისწამების კანონით რეგულირება? აპრიორი არარელევანტურად ჟღერს, რადგან ასეთი კანონმდებლობა უკვე არსებობს საქართველოში (კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, თავი IV), თავად ქურდაძის მოსაზრებებში რამდენიმე საგულისხმო მომენტის გამოყოფა შეიძლება.

ცილისწამებას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან - ეს პათოსი გასდევდა გადაცემის მთელ ბლოკს, სადაც ქურდაძე ამტკიცებდა, რომ „ცილისწამება არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, ეს არის, თუ გნებავთ მორალური, ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სხვის მიმართ, თუნდაც ცილისმწამებლის მიმართ აგრესიაში ან აგრესიაში საკუთარი თავის მიმართ, მის უკიდურეს გამოხატულებამდე, თუნდაც თვითმკვლელობამდეც კი, ამიტომ ცილის წამების დაკავშირება, ჩემი აზრით, აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან, ეს არის ძალიან რბილად რომ ვთქვა ფუნდამენტური შეცდომა“.

ერთი შეხედვით, ამ წინადადებაში არაფერია არალოგიკური, ვიდრე მის ბოლო ნაწილამდე მივალთ. ცილისწამება მართლაც შეიძლება იქცეს საკმაოდ სავალალო შედეგების მიზეზად, მაგრამ ეს როგორ შეიძლება გახდეს ლოგიკური წანამძღვარი მტკიცებისა, რომ ცილისწამებას აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან არაფერი აქვს საერთო, ჯერ-ჯერობით ამოცანად რჩება პირადად ჩემთვის. გვერდზე გადავდოთ ის ფაქტი, რომ ქართული კანონმდებლობა სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შუქზე ხედავს ცილისწამების საკითხს. მთავარი შეცდომა, რისკენაც ეს მიდგომა გვიბიძგებს, ალბათ არის ის, რომ კანონმდებლობის გამკაცრების მომხრეები ისე წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს გამოხატვის თავისუფლება საქართველოში აბსოლუტურია და მას არაფერი ზღუდავს. დიდი იურიდიული განათლება არ სჭირდება გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის IV თავში იმის გაგებას, რომ პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო და საჯარო პირის ცილისწამებისთვის.

alt„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოიარა რამდენიმე ისეთი პერიოდი, თითქმის ასეული წლის განმავლობაში, რეპრესიები, რომელიც ძირითადად, როგორც წესი, ეფუძნება სახელმწიფოებრივ რანგში აყვანილ ცილისწამებებს. მიუხედავად ამისა, ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული უზარმაზარი გამოცდილებისა, რატომღაც გადავწყვიტეთ 2004 წელს, რომ მოგვეხდინა ცილისწამების დეკრიმინალიზება და შევედით ახალ ერაში, როდესაც დაუსჯელი ცილისწამებების, რეპრესიების ეპოქაში ვცხოვრობთ დღეს“, - ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რომელიც პირველი არხის წარმომადგენელმა გააკეთა გადაცემაში და რომელსაც გარდა ლოგიკური გამართულობისა, პრობლემა აქვს ფაქტების სრულიად უკუღმა დანახვაშიც.

იმ რეპრესიების პერიოდში, რომელზეც ბატონი ქურდაძე საუბრობდა გადაცემაში, სწორედ ცილისწამების შესახებ არსებული მკაცრი კანონმდებლობა შეიძლება გამხდარიყო ადამიანთა რეპრესიების საფუძველი. პრობლემა, რომელიც ცილისწამების კანონმდებლობის გამკაცრებას შეიძლება მოჰყვეს, სახელმწიფოს მიერ, ამ კანონის მეშვეობით, განსხვავებული აზრის ჩასახშობად შექმნილი ნოყიერი ნიადაგი იქნება. ზუსტადაც რომ გამოხატვის თავისუფლების მკაცრი შეზღუდვის ტრაგიკული და სამწუხარო გამოცდილება, რომელიც საქართველოს აქვს ისტორიულად, უნდა იყოს იმპულსი იმის გასააზრებლად, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების რეპრესირების მექანიზმად შეიძლება იქცეს ისეთი კანონი, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში, ადამიანებს არაპროპორციულად მკაცრ სასჯელს მიუსჯის.

2004 წელს მიღებულ კანონს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც მედიის სფეროში წინა ხელისუფლების ალბათ ერთადერთ პოზიტიურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, მთელი იმ რეპრესიებისა და უზურპაციის პირობებში, რასთან შეჯახებაც მედიის წარმომადგენლებს უწევდათ, არ გაუუქმებია ცილისწამების მუხლი ბოლომდე. მან უბრალოდ გაზარდა გარანტიები იმისა, რომ ვისაც როდის და როგორ მოუნდება, ისე ვერ დასჯის ჟურნალისტს, თუნდაც არასწორი ფაქტების გავრცელების შემთხვევაში. უპირველეს ყოვლისა კი, ხელისუფლება ვერ გაასამართლებს ჟურნალისტებს მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების გამო.

ჟურნალისტიკა არ არის მათემატიკა ან ფიზიკა, სადაც შეიძლება ფორმულაში ჩასვა რიცხვები და შედეგი 100%-იანი სიზუსტით მიიღო. ჟურნალისტიკა თავისი არსით არის ინტერპრეტაციული საქმიანობა და მითი ფაქტებისა და მოსაზრებების სრული გამიჯვნის შესაძლებლობის შესახებ დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აკადემიურ თუ პროფესიულ სფეროში. შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ ნებსით თუ უნებლიედ, რეპორტიორმა არასწორად ინტერპრეტირებული ან დამახინჯებული ფაქტები გაავრცელოს, საშუალოზე უფრო დიდია.

მორიგი საინტერესო მიგნება, რომელიც ბატონმა პაატამ შემოგვთავაზა მდგომარეობს შემდეგში: თურმე, ე.წ. Fake News-ის გაგება დასავლეთში სხვაა და ჩვენთან სხვა, რადგან პოლიტიკურ კონტექსტში შეფასების კრიტერიუმები განსხვავდება. თურმე საფრანგეთში, როდესაც ადამიანს განიხილავენ პოლიტიკურ კონტექსტში, იქ მხოლოდ მის საქმიანობას განიხილავენ, მის პროფესიონალიზმს, ჩვენ კი პირდაპირ მისი პირადი ცხოვრების განხილვაზე გადავდივართ. ბატონმა პაატამ ისიც კი დაამატა, რომ მას არასდროს მოუსმენია მაგალითად, საფრანგეთში განეხილოთ ემანუელ მაკრონი კარგი კაცია თუ ცუდი.

მსუბუქად თვითკოლონიზატორულ ტონს თუ ცოდვად არ ჩავუთვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია პროდუქტების დირექტორს, ის ნამდვილად ცოდვად უნდა ჩავუთვალოთ, რომ საფრანგეთის მოქალაქეს არ სმენია მთელი ის მედია ლაყაფი, რომელიც მაგალითად მაკრონისა და მისი ასაკით დიდი, ყოფილი მასწავლების ცოლობას მოჰყვა, ანდა მედიით აგორებული ჭორები მაკრონისა და მისი დაცვის თანამშრომლის ალექსანდრე ბენალას საყვარლობის შესახებ.

ერთი სიტყვით, ეს ნაივური წარმოდგენა, რომ დასავლეთში საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ საქმიანად მიმდინარეობს და პოლიტიკური პოლარიზაცია მარტო ჩვენნაირ განუვითარებელ და ჩამორჩენილ ქვეყნებში იღებს პირადი ცხოვრების განქიქების ფორმას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ზედაპირული და რეალობისგან აცდენილია. სხვა თუ არაფერი, აშშ-ის გასული საპრეზიდენტო არჩევნებიც გამოდგება მაგალითად, სადაც პირადი შეურაცხყოფებისა და კომპრომატების ომის ნამდვილი მასტერკლასები დაიდო.

თუმცა ამ განცხადებას კიდევ ერთი შრე ჰქონდა, თითქოს ყალბი ახალი ამბების, ე.წ. Fake News-ების მომრავლება ცილისწამების მუხლის გამკაცრების საჭიროებაზე მიუთითებდეს. მთელს იმ დისკუსიას, რომელსაც ჩვენთან სათავე ქალბატონმა პრეზიდენტმა დაუდო, სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნახსენები საფრანგეთში მიღებული კანონი გაჰყვება წითელ ზოლად. აი, ნახეთ, საფრანგეთმა ეს კანონი მიიღო, ჩვენ კიდე რაზე ვტეხთ განგაშს, ცოტათი ცილისწამების კანონს თუ გავამკაცრებთ და ერთი ორ ადამიანს თუ დავსჯით ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელების გამოო. ამ დღიდან მოყოლებული, მთავრობის წევრებიც დაიბნენ და თუკი, მაგალითად, ქალაქის მერი Fake News-ების გაკონტროლების აუცილებლობაზე საუბრობდა, პარლამენტის თავმჯდომარე პირადი შეურაცხყოფების კრიმინალიზებისკენ მიგვერეკებოდა.

ეს დაბნეულობა კი ალბათ იმისი ბრალია, რომ დასაწყისშივე ტყუილი თქვა პრეზიდენტმა (განზრახ ან უცოდინრობით). დიახ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონი ნამდვილად მიიღო, 2018 წლის 20 ნოემბერს. ოღონდ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ცილისწამებასთან. იგი Fake News-ების გავრცელებასთან დასაპირისპირებლად მიიღო საფრანგეთმა და ძირითადად ორ მთავარ ზომას ითვალისწინებს: ციფრული პლატფორმების გამჭვირვალობის იძულებას და საკანონმდებლო ბრძანებულების გამოცემას, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს ცრუ ამბის გავრცელებას თუკი ის ცალსახად ყალბია, ვრცელდება მასობრივად და წინასწარგანზრახვით და თუკი იგი ქმნის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხეს.

შესაბამისად, ის კოგნიტური დისონანსი, რომელიც პრეზიდენტის დამსახურებით, მთავრობის წევრებსა და მის მხარდამჭერებს შორის შეიქმნა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ როდესაც მიგვითითებენ, რომ რაღაც დასავლეთში ასეა, თითის ნაცვლად, მიმართულებას უნდა გავხედოთ. დასავლურად შემოსაღებული იდეები, შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მცხოვრები საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის თავში იყოს.

კატეგორია: ბლოგი

alt

უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების (მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის) მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არაერთმა ინიციატივამ გაიჟღერა. ამგვარი სურვილები დააფიქსირა საქართველოს საპატრიარქომაც. მართალია ასეთი მცდელობები ახალი არაა, თუმცა თანადროული ერთხმიანობა გვაფიქრებინებს, რომ საკითხი ყურადღების ცენტრშია მოქცეული როგორც მმართველი პარტიის, ისე დომინანტი რელიგიური გაერთიანების მიერ და შეიძლება ამ სურვილების სისრულეში მოყვანისათვის შესაბამისი ნაბიჯებიც მალე გადაიდგას.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ყურადღება მახვილდება, ეს ცილისწამებისათვის სანქციის გამკაცრებაა, რაც არ გამორიცხავს მისი ხელახალი კრიმინალიზაციის შესაძლებლობასაც. ამ მოკლე მიმოხილვაში საუბარი სამ ძირითად მიმართულებაზე გვექნება, რომელიც საერთო ჯამში ცხადად გვანახებს დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არამხოლოდ საჭიროების არარსებობაზე, არამედ ამგვარი მიდგომის მოსალოდნენ სავალალო შედეგებზე და ხელისუფლების შესაძლო რეალურ ზრახვებზე.


 ⇒    ა) გამოხატვის თავისუფლების მოქმედი ჩარჩო ცილისწამებასთან დაკავშირებით და მისი შეცვლის საჭიროებები


საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას 2004 წელს ცილისწამების (დანასაულის დაბრალებით) დეკრიმინალიზაცია წარმოადგენს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი სრულიად არის გასული სამართლებრივი სივრციდან. ცილისწამებისათვის (და პირის პატივის, ღირსების ან რეპუტაციის შელახვისათვის) შესაბამისი პასუხისმგებლობა პირს სამოქალაქო წესით მოეთხოვება. ამდენად მოქმედი რეგულაციებით (“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ისევე როგორც სამოქალაქო კოდექსით) გათვალისწინებულია ცილისწამების შესაძლო მსხვერპლების სამართლებრივი დაცვის გზები. მათ აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ მათ წინააღმდეგ გავრცელებული ცილისმწამლებლური ცნობების უარყოფა და თუნდაც შესაბამისი კომპენსაცია.

როდესაც უფლების შეზღუდვაზე, მითუმეტეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია დავსვათ კითხვა - არის კი (ან რატომ არის) საჭირო პირის სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას? რა იქნება მისი საპირწონე ღირებულება/სიკეთე, რომლის არსებობასაც შეიძლება საფრთხე შევუქმნათ ასეთი მკაცრი მიდგომით? თავი რომ დავანებოთ იმ პრაქტიკულ სიძნელეებს, რომელიც ცილისწამების გამო სისხლის სამართლებრივი დევნისას შეიძლება აღმოცენდეს, ფაქტი ერთია, ეს ვერ იქნება პროპორციული გზა მეორე მხარეს მყოფი კერძო პირთა ინტერესების დასაცავად. მეტიც, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მივანიჭებთ შესაძლებლობას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით ჩაახშოს კრიტიკული აზრი საზოგადოებაში, რასაც აუცილებლად ექნება მსუსხავი ეფექტი და საზოგადოების წევრებს თვითცენზურის დაწესებას აიძულებს. ის რომ ეს საფრთხე რეალურია, 2004 წლამდე მოქმედი კანონმდებლობიდან და შესაბამისი პრაქტიკიდანაც ჩანს.

საქართველოს კონსტიტუციის პასუხი ცალსახაა: ის უშვებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ და მხოლოდ იმ ფარგლებით, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში კონსტიტუციითვე გაწერილი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და არის თანაზომიერი გზა ამისათვის.

“არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართლმსაჯულების გზით მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებით, გვეშინია, გვძულს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მორალისა თუ ტრადიციების შეუსაბამოა…. გამოხატვის თავისუფლების დაბალანსების საუკეთესო გზა ისევ გამოხატვაა – რადგან ნებისმიერი მოსაზრება, გამონათქვამი, რომელსაც არ ეთანხმები, არ მოგწონს ან, შენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, შეიძლება უარყო საწინააღმდეგო მოსაზრებებითა და იდეებით, რომელთაც იზიარებ, მოგწონს ან სწორად მიგაჩნია", - აღნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

გასათვალისწინებელია ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.“

ამდენად, ცილისწამების კრიმინალიზაცია ან სხვა რაიმე ფორმით გამოხატვის თავისუფლების დამატებით შეზღუდვა იქნება არაკონსტიტუციური, თანამედროვე დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუსაბამო უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც საფუძვლად არ უდევს არც შესაბამისი რაციონალური საჭიროება და არც იმგვარი საპირწონე ღირებულება, რომელიც უპირობოდ გადაწონიდა მისი ფარგლების შემცირებას.


⇒     ბ) ევროპული ქვეყნები, როგორც არასამაგალითო მოდელი გამოხატვის თავისუფლების დასარეგულირებლად

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოსურვენი ხშირად უთითებენ ხოლმე დასავლეთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობას და იქ არსებულ შეზღუდვებს, როგორც მისაბაძ მაგალითს. ამ მხრივ ყურადღების ღირსია ის ისტორიული წინამძღვრები, რაც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო დონეზე: მეოცე საუკუნის განმავლობაში, ევროპაში გამოხატვის თავისუფლება ისევე ფასობდა, როგორც ამერიკაში. ჯერ კიდევ გაეროს ფარგლებში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დროს ევროპის წამყვანი ქვეყნები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ დეკლარაციაში გამოხატვის თავისუფლების პარალელურად მისი შეზღუდვის მკაცრი კრიტერიუმების განსაზღვრას. სამაგიეროდ, ამის აქტიური ინიციატორნი და დამცველნი იყვნენ საბჭოთა კავშირი და მისი მოძმე სოციალისტური ქვეყნები. საბჭოთა კავშირი მოკავშირეებთან ერთად აქტიურად ცდილობდა სიძულვილის ენის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებიდან გამოყვანას და ამ უფლების შეზღუდვის ისეთი საფუძვლებით გამართლებას, როგორიცაა „ეროვნული, რასისტული ან რელიგიური მტრობის ნებისმიერი ადვოკატირება, რომელიც წარმოადგენს სიძულვილის წახალისებას“. აღნიშნული საკითხი ცხარე მსჯელობის საგანი იყო, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების, ასევე „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის თუ სხვა მსგავსი საერთაშორისო დოკუმენტების შემუშავების დროს, სადაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო გამოხატვის თავისუფლება, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება.

სამწუხაროდ, ქვეყნების ნაწილი გაჰყვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გზას, თუმცა ამას ისინი ამართლებდნენ საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე და უმთავრესად იმ მიზნით, რომ ხელი შეეშალათ ნაციზმისა და ფაშიზმის ან მსგავსი იდეოლოგიების/რეჟიმების ხელახალი გაღვივებისათვის (რაც ერთი შეხედვით კეთილშობილურ მიზნად შეგვიძლია აღვიქვათ კიდეც) და დაემარცხებინათ ანტისემიტიზმი. თუმცა მათ ვერ გათვალეს, რომ გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა გახდებოდა ბიძგის მიმცემი შეზღუდვის უფრო მეტად გაფართოების და მისი ბოროტად გამოყენებისთვისაც. ამ ისტორიული შეცდომის შედეგებს კი დღეს უკვე ვიმკით, მათ შორის საქართველოში, სადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას (ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით) დაუფარავად, არა უმცირესობათა უფლებების ან ძალადობრივი რეჟიმებისგან თავის დაცვის მიზნით, არამედ კრიტიკული აზრის ჩასახშობად ამართლებენ.


⇒    გ) ხელისუფლების რეალური ზრახვები და სამოქალაქო საზოგადოების პასუხი მასზე


ერთგვარი პარადოქსია ის, რომ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც გამოირჩეოდნენ საარჩევნო პერიოდში (და არამხოლოდ) პოლიტიკური ოპონენტების მიმართ საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მცდელობებით (ბილბორდები „არა ბოროტებას“, Fake news-ები და გვერდები სოციალურ ქსელებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე განხორციელებული თავდასხმა და მათი ფაშისტებად მონათვლა; პატრიოტთა ალიანსის მუქარა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ და ა.შ.) სწორედ სიძულვილისა და მცდარი ინფორმაციებისგან საზოგადოების დაცვის მოტივით საუბრობენ რეგულაციების გამკაცრებაზე ამ მიმართულებით. პარადოქსია ისიც, რომ ერთი მხრივ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებული არაეთიკური მიმართვების ფონზე (მაგალითად თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გინება პირდაპირ ეთერში) სწორედ მმართველი პარტია საუბრობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის სანქცირების საჭიროებაზე.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის ჩახშობის სურვილები და მიდრეკილებები არ უნდა იყოს გასაკვირი, რამეთუ ნებისმიერი ხელისუფალის თანმდევი მანკიერებაა ძალაუფლების შენარჩუნების მუდმივი წყურვილი, რასაც უპირველეს ყოვლისა სწორედ კრიტიკული აზრის არსებობა უშლის ხელს. რაც ნაკლებია ხელისუფლების გაკიცხვის შესაძლებლობები, მით ნაკლებადაა მოსალოდნელი საზოგადოებრივი პროტესტის გაჩენის რისკებიც. ამის ნათელი მაგალითი დღევანდელ სამყაროში კი არაერთი გვაქვს: დაწყებული მეზობელი აზერბაიჯანით და დამთავრებული უკიდურესი შემთხვევით, ჩრდილოეთ კორეით. ამავდროულად, საყურადღებოა ისიც, რომ ხელისუფლება ღირებულებათა სისტემის შექმნისას საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებებით საზრდოობს და საკუთარ პოლიტიკას სწორედ მასზე აფუძნებს ხოლმე, ან როგორც მინიმუმ ცდილობს არ შეეწინააღმდეგოს მათ (ამ მხრივ აღსანიშნია ბოლო პერიოდში ევროპაში პოპულისტური პარტიების მომძლავრება, მაგალითად, უნგრეთსა და პოლონეთში).

ეს ორი მოცემულობა (ხელისუფლების შენარჩუნების სურვილის გამო ერთი მხრივ კრიტიკის არხების ჩახშობა, ხოლო მეორე მხრივ გაბატონებულ შეხედულებათა მიდევნა) უკვე გასაგებს ხდის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მუდმივ მისწრაფებას, შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები. თუმცა ნათელია, რომ გაცხადებულ მიზნებს არა ზემოთხსენებული სურვილები, არამედ სხვა ადამიანთა ღირსების დაცვა და უფლებათა დაბალანსების გზით საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევა წარმოადგენს.

თუმცა ასეთ პირობებში გადამწყვეტი ფაქტორია არა ხელისუფლების ფარული სურვილები, არამედ საზოგადოების პასუხი მასზე. ხელისუფლების მანკიერი მიდრეკილებების წარმატების ხარისხი დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს სამოქალაქო საზოგადოება სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს მას და არ აუნთოს მწვანე შუქი ჰომოგენური, სტაგნაციაში მყოფი საზოგადოების შექმნას. უკანასკნელ პერიოდში გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ საქართველოში შექმნილი აჟიოტაჟი სწორედ ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი მორიგი გამოცდაა სახელმწიფოს დემოკრატიზაციის გზაზე.

ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ინგლისელმა ფილოსოფომა, ჯონ სტუარტ მილმა აღნიშნა: „შეხედულების ჩახშობის განსკუთრებული ბოროტება ის არის, რომ ის ადამიანების მთელ მოდგმას ძარცვავს - შთამომავლობასაც და ახლანდელ თაობასაც; კიდევ უფრო მეტად ძარცვავს მათ, ვინც ამ შეხედულებას არ ეთანხმება, ვიდრე მათ ვინც მას იზიარებს. თუ შეხედულება სწორია, მათ ერთმევათ შეცდომის ჭეშმარიტებად შეცვლის შესაძლებლობა; ხოლო თუ მცდარია, ისინი თითქმის ისეთსავე დიდ სარგებელს კარგავენ: ესაა ჭეშმარიტების უფრო მკაფიოდ აღქმა და მისი უფრო ცხოველი შთაბეჭდილების მოპოვება, რასაც გვაძლევს შეცდომასთან მისი შეჯახება.“ მილის ამ სიტყვებში ყველაზე კარგად ჩანს ის, თუ რატომ ანიჭებს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოება გამოხატვის თავისუფლებას ესეოდენ მნიშვნელობას და მას დემოკრატიის ქვაკუთხედს უწოდებს.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ადამიანთა დევნას, მათი ხმის ჩახშობასა და დასჯას უპირობოდ მოსდევს საზოგადოების სტაგნაცია და განვითარების შეფერხება, ხოლო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში პოპულიზმი იკიდებს ფეხს.

სწორედ ამიტომ, არსებითია, სამოქალაქო საზოგადოებამ გაიაზროს მის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა, სათანადოდ შეაფასოს მიმდინარე მოვლენები და მცდარი არჩევანის თანმდევი სავალალო შედეგები, რომელიც უთუოდ დააზიანებს არამხოლოდ აწმყოს, არამედ საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს სამომავლო განვითარებასაც. 

alt
მარინე კაპანაძე

კატეგორია: ბლოგი
სტუდიაში თავპირის მტვრევა, რესპონდენტებს შორის ერთმანეთის გინება, ჭიქების ფშვნა, გამშველებელი ჟურნალისტი… ასეთი იყო ტელესანახაობა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს.

 


უფრო ადრე იყო უარესიც… ჟურნალისტების მოდარაჯე და მათზე მონადირე ალისტრახოები.

კიდევ უფრო უარესი იყო მდუმარე, მიკროფონის დამტარებელი ჟურნალისტები, რომელთა გავლით ხელისუფლება გვიყვებოდა სხვა ჟურნალისტების “ჯაშუშურ” ამბებს, როგორ აგროვებდნენ ისინი ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ავრცელებდნენ-გადასცემდნენ.

უარესი იყო ნაცემი, დარბეული, დაშანტაჟებული ჟურნალისტები…

ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება უკეთესად გვეჩვენება პარტიულ აქტივისტებად ქცეული ჟურნალისტები, მაგრამ სინამდვილეში კარგად უნდა გვახსოვდეს, რა მოაქვს ქვეყნისთვის პროპაგანდისტულ ჟურნალისტიკას, ამის 70-წლიანი გამოცდილება გვაქვს.

არადა, რატომღაც კვლავაც ამ გზას დაადგა ტელემედია დღეს საქართველოში: ვხედავთ პროპაგანდას წიწაკა ჩელინჯის თუ საგანგებო რეჟიმის სახელით, სადაც სამიზნე მხოლოდ შავია ან შავზე უფრო შავი.

და მაინც, რით დაგვამახსოვრა თავი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მედია გაშუქებამ?

როგორც წესი, დასავლეთის ქვეყნებში მთავარი წინასაარჩევნო სანახაობა საარჩევნო კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატებია. ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადებიან ჟურნალისტები, რადგან ამ დღეს ელიან ამომრჩევლები, კანდიდატები, დამკვირვებლები, ანალიტიკოსები. ისინი სწორედ ამ დღის ფონზე აკეთებენ მნიშვნელოვან არჩევანს, ანალიზს, დასკვნებს, პროგნოზებს.

რა მოხდა საქართველოში? - არანაირი დებატები მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის.

იყო დებატები პირველი ტურის წინ, თუმცა გადაცემის ფორმატმა და წამყვანმა ჟურნალისტმა მოახერხეს ის, რომ მთელი ამ გადაცემიდან დასამახსოვრებელი ისევ მხოლოდ ჟურნალისტი აღმოჩნდა იმით, რომ ერთი თვით ადრე შედგენილ კითხვებშიც კი უზუსტობა დაუშვა. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ კითხვები, ფაქტობრივად, არც ერთ მწვავე საკითხზე არ დაუსვამს ჟურნალისტს, რაც კი მთელი საარჩევნო პერიოდის მანძილზე ტრიალებდა დებატებში მონაწილე კანდიდატების გარშემო.

საბოლოოდ მაყურებელმა ვერაფერი მიიღო, ვერც ინფორმაცია და ვერც სანახაობა. ვერც ანალიტიკოსების საქმე გაადვილდა ამ გადაცემით, რომ დასკვნები და პროგნოზები გაეკეთბინათ. ერთი სიტყვით, დებატები დებატებისთვის გამოვიდა.

სკანდალი - ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად იზიდავს მაყურებელს და რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში თან სდევს საარჩევნო პროცესს. ამომრჩევლის არჩევანზე ზემოქმედების საუკეთესო ხერხი სწორედ კარგად ორგანიზებული სკანდალური მასალების სერიაა, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები გეგმავენ და მედიისთვის მეტად დილემური საკითხია, როგორ უნდა გააშუქოს ასეთი ამბები.

ამ დილემის წინაშე აღმოჩნდა ქართული მედია 2012 წელს, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ციხეში პატიმართა წამების კადრები გამოჩნდა. მედიის დიდმა ნაწილმა კადრები უაპელაციოდ აიტაცა და მსხვერპლთა იდენტიფიცირებასაც არ მოერიდა. მოგვიანებით, არჩევნების დღის წინა ღამეს უფრო შოკის მომგვრელი სკანდალი შემოგვთავაზა მედიამ - ჩვილი ბავშვის “მკვლელობა” საარჩევნო მიზნების საბაბით.

მოგვიანებით გაირკვა, რომ წამების კადრების ნაწილი ინსცენირებული იყო, ჩვილის “მკვლელობის” დადგენაც ვერ შეძლო გამოძიებამ და მითუმეტეს მასში პოლიტიკური კვალის აღმოჩენა. თუმცა სერიის დამგეგმავებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს, ხელისუფლება არჩევნების გზით გადაიბარეს.

ეს ამბები მედიის პროფესიონალებისა და მკვლევარების სიღრმისეული ანალიზის და დისკუსიის საგანი რომ გამხდარიყო, შესაძლოა, ისეთივე შემარყეველი ძალა აღარ ჰქონოდა ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც, ერთის მხრივ, ბიზნესის რეკეტის სქემად შემოგვთავაზა მედიის ნაწილმა, ხოლო, მეორეს მხრივ, დანაშაულში მხილებული მაღალჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომად.

რეალობაა ისაა, რომ საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩევლები შინაგანი რწმენის იმედად იქნებიან, დაიჯერონ თუ არა ბიძინა ივანიშვილის 4 თითის ვიდეოს არსებობა; ირწმუნონ თუ არა მირზა სუბელიანის “ციხის აღსარების” რეალისტურობა და ა.შ.

რეალობაა ის, რომ წლევანდელ არჩევნებზე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაში გენერირებულმა სკანდალებმა გადაფარა ხელისუფლების საარჩევნო სტრატეგიული გეგმა, რომელმაც წინა არჩევნების დროს წარმატებით იმუშავა და რომელიც წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშის გაღვივებას ეფუძნებოდა.

მედიაში განხილვის მთავარი თემა 2015-16 წლებში სწორედ ეს იყო - გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მორიგ რევოლუციას და არეულობის ორგანიზებას ქვეყანაში. ამ ვერსიის გასამყარებლად შიგადაშიგ მედიაში “იჩეკებოდა” ე.წ. უკრაინულ ვებ-გვერდებზე გენერირებული ფარული აუდიო ჩანაწერები სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს შორის.

ასე იქნებოდა წელსაც, თუმცა უკრაინული საიტების “მადანმა” აღარ იმუშავა მედიაში, რადგან ხელისუფლებამ პირველი დიდი კრახი თავისივე გეგმის გამო განიცადა, როცა მარიხუანის კულტივაციის თემა შემოაგორა საარჩევნო პერიოდში. ამას დაემატა ორივე მხარეს ამოქოქილი ტროლების მანქანა თემაზე: ვინ უფრო რუსეთის აგენტია - სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე?

ყალბი ამბები - ეს მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული ტრენდია წინასაარჩევნო პერიოდში და, ამ მხრივ, არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი.

მაგალითად, ყალბი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებში მხარს “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერდა; ასევე, ყალბი აღმოჩნდა სოციალურ ქსელებში და შემდეგ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული КГБ-ს მოწმობა, რომელიც თითქოს გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნის; ყალბი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული განცხადებების ნაწილი და ა.შ. თუმცა, ყალბმა ამბებმა თავისი საქმე გააკეთეს. ამომრჩევლის ნაწიილი ამ ამბების უტყუარობაში მყარადაა დარწმუნებული.

რა ინფორმაციას ფლობს ამომრჩეველი მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებზე? - ეს არის შეკითხვა, რომელზე ამომწურავი პასუხიც შეიძლება მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიშში ამოვიკითხოთ, როცა შევიტყობთ, თუ რას სთავაზობდა მათ მედია საარჩევნო სუბიექტებზე. თუმცა, თვალის ერთი გადავლებით, ცხადზე ცხადია, რომ ამომრჩევლის მთავარი ინტერესის საგნად მედიამ მხოლოდ ერთი საკითხი აქცია - სალომე ზურაბიშვილია ქვეყნის მოღალატე და რუსეთის აგენტი, თუ გრიგოლ ვაშაძე?

მაგრამ რა მტკიცებულებები აქვს მედიას? - ძირითადად ეს არის შთაბეჭდილებები და ვერსიები, როგორც თავად ჟურნალისტების, ისე მათი რესპონდენტების მიერ გამოთქმული.

რა არჩევანი უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა? - ცხადია, რომ ეს იქნება ნაკლებად ინფორმაციული და უფრო მეტად ემოციური თუ მანიპულაციური არჩევანი - წინა ხელისუფლების დაბრუნების ან ქვეყნის რუსულ ორბიტაზე შეტრიალების შიშზე დაფუძნებული.

კატეგორია: ბლოგი
არც ისე დიდი ხნის წინ ქართული მედია ყურადღების მიღმა ტოვებდა ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს და სრულიად აიგნორებდა ისეთ თემებსაც კი, როგორიც არის ოჯახში ძალადობა და ფემიციდი/ქალთა მკვლელობები.

 


მახსოვს 2010 წელს, ჯერ კიდევ გენდერის კვლევების მაგისტრატურის სტუდენტი, ერთ-ერთ კვლევით პროექტში ვმონაწილეობდი. 2006-2010 წლებში გავრცელებული რამდენიმე დიდტირაჟიანი ჟურნალ-გაზეთი და ნაციონალური არხის სატელევიზიო გადაცემა გავაანალიზეთ იმ მიზნით, რომ მედიის როლი გაგვერკვია ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის პრობლემებთან მიმართებაში.

ცხადია, ჩვენ კონტენტ- ანალიზი გვაინტერესებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართულ მედიაში მაშინ ამ თემებზე დისკურსი თითქმის არ არსებობდა. ოჯახში ძალადობის პრობლემაზე სულ 11 სტატია (3 გაზეთი: ახალი თაობა, თბილისელები, 24 საათი და 4 ჟურნალი: ცხელი შოკოლადი, პრაიმ თაიმი, ლიბერალი, კარიბჭე) და 4 ტელეგადაცემა ვიპოვნეთ. აქედან უმრავლესობა უფრო აღწერითი ხასიათის იყო ვიდრე ანალიტიკური. მაშინ ვფიქრობდი და ამას სხვებიც იზიარებდნენ, რომ მთავარი მედიის დღის წესრიგში ქალთა პრობლემების გაჩენა იყო და ეს ყველა შემთხვევაში პოზიტიური შედეგების მომტანად წარმომედგინა.

2011 წელს, თვითორგანიზებული არაფორმალური ფემინისტური ჯგუფები როდესაც გამოჩდნენ, რომლის ნაწილი მეც ვიყავი, მედია, ჩვენი დიდი ძალისმხევის მიუხედავად, საერთოდ არ ინტერესდებოდა არც აქციებით და არც იმ თემებით, რომლებსაც ვაყენებდით. შემდეგ უკვე ნელ-ნელა, მაგრამ გამოჩნდა თითო-ოროლა მოკავშირე მედია-პლატფორმა, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს ფემინისტი აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქციებისა და დისკუსიების გაშუქება.

ასე, მცირე დოზით, მაგრამ ფემინისტური დისკურსი დაიწყო ქართულ მედიაში. ცხადია, შეცდომები ბევრი მოსდიოდათ და ეს მაშინ ლოგიკურიც იყო, რადგან არც ამ თემების გაშუქების გამოცდილება არსებობდა და არც ქართულ ენაზე შექმნილ სახელმძღვანელოებზე მიუწვდებოდათ ხელი ჟურნალისტებს. ამიტომ, ჩვენ, ახალბედა ფემინისტი აქტივისტებიც და ჟურნალისტებიც, ერთად ვსწავლობდით, როგორ გვემუშავა უკეთესად.

მაგალითად, თავიდან სათითაოდ გვიწევდა თხოვნა ჟურნალისტებისთვის, რომ „სუსტი სქესის“, „მშვენიერი სქესისა“ და „მანდილოსანის“ ნაცვლად, სიტყვა „ქალი“ გამოეყენებინათ. მიხარია, როცა ვხედავ წარსულში სრულიად სექსისტური და მიზოგინიური სტატიებისა თუ სატელევიზიო სიუჟეტების ავტორი არაერთი ჟურნალისტი გენდერულად მგრძნობიარე მედია-პროდუქტს როგორ ქმნის ახლა. ასევე, როგორ გადაიქცნენ ჩვენს მოკავშირეებად წარსულში ანტიფემინისტური გამოცემები და ახლა მაღალპროფესიონალური სტანდარტით აშუქებენ გენდერული თანასწორობის პრობლემებს დღეს. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია „ტაბულა“.

და დღეს თითქოს მოვედით იქ, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა უფლებები ხვდება მედიის დღის წესრიგში, რადგან უამრავი სტატია და ბლოგი იწერება, სიუჟეტები და გადაცემებიც მზადდება. აქციებზე კი ზოგჯერ უფრო მეტი ჟურნალისტია, ვიდრე აქტივისტი და ამ თემებზე დისკუსია-დებატიც აღარ წარმოადგენს იშვიათობას სხვადასხვა ცენტრალურ არხზე. მაგრამ, დღეს მე აღარ ვფიქრობ, რომ გენდერული თემატიკის არსებობა მედიაში ყოველთვის პოზიტიურ როლს ასრულებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. პირადი გამოცდილებით ვხედავ, რომ სიკეთეების მომტან ცვლილებებთან ერთად, მედიას პირიქითაც ასეთივე წარმატებით შეუძლია გაამყაროს და კვლავაწარმოოს ის კულტურული ნორმები, რომლებიც საბედისწერო როლს ასრულებენ ადამიანების ცხოვრებაში.

წინა წლებისგან განსხვავებით, დღეს ქართულ ენაზე ცოდნა უკვე ხელმისაწვდომია - სახელმძღვანელოებიც არსებობს და არაერთი სასწავლო კურსიც, როგორ გააშუქონ ჟურნალისტებმა სხვადასხვა პრობლემური თემები. გარდა ამისა, არსებობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მკვლელობების სტატისტიკაც და არაერთი კვლევა სხვადასხვა პრობლემაზე.

ამიტომ, ამ ფონზე მიამიტური უცოდინრობით ვეღარ აიხსნება, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული „კომედი შოუს“ ერთ-ერთი სკეჩი, სადაც ოჯახში ძალადობა გაშარჟებულია. ქალის მსხვერპლობის კომიკურობის დემონსტრირება რას ემსახურება იქ, სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ხოლო ყოველწლიურად ოცზე მეტ ქალს კლავენ ქმრები, შეყვარებულები თუ ყოფილი პარტნიორები?!

მსხვერპლ ქალებს ისედაც ჰგონიათ, რომ ჩვენ მათი არ გვესმის, რომ ეს პრობლემა სხვებისთვის არასერიოზულია და ამიტომ ხმის ამოღებას აზრი არ აქვს. მედიის მხრიდან ეს მიზანმიმართული მავნებლობაა და მას არ აინტერესებს, რომ მსგავსი გზავნილები მოძალადეებისთვის წამქეზებლურია, ხოლო ტრამვირებული ქალების თვითშეფასებაზე დამანგრევლად მოქმედებს.

2018 წლის მარტში კი, როცა ქალებმა სექსუალურ შევიწროვებაში ზვიად დევდარიანი ამხილეს და ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის დაწყება ძლივს გაბედეს, იმავე „კომედი შოუში“ მორიგი სკეჩით ანალოგიურად გააშარჟეს სექსუალური შევიწროვების პრობლემაც. რა არის ეს, თუ არა ქალების ტრაგიკული გამოცდილების მიზანმიმართული ვულგარიზება? 2018 წლის 6 სექტემბერს, სხვადასხვა არხზე გასული სიუჟეტებით კი ქართულმა მედიამ მოახერხა და ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის სასამართლო პროცესის გაშუქება „სიყვითლით“ შეაზავა. პროცესის გაშუქებისას საინფორმაციო გამოშვებებმა მთავარ ამბად მოკლულის დედასა და ბრალდებულის ოჯახის წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირება გადმოგვცეს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა საერთოდ ამ კადრებით დაიწყეს სიუჟეტები, თითქოს უფრო მნიშვნელოვანი არა ქალის სიცოცხლე, არამედ სასამართლოში იმ დღეს ატეხილი ხმაური იყო.

განსაკუთრებული მავნებლობით მაინც ის გასართობი ტოქშოუები გამოირჩევიან, რომლებმაც ქალთა უფლებები ე.წ. ყვითელ თემად გადააქციეს. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ის არის, რომ ხშირად თავად ქალების, უფლებადამცველების, ფემინისტი და ლგბტ აქტივისტების მონაწილეობით ეწყობა სრულიად უშინაარსო, ანალიზისგან და გადაჭრის გზებზე მსჯელობისგან დაცლილი ცირკი.

დიდი არჩევანი რადგან არ არის, ქალები ცდილობენ ასეთი შოუები გამოიყენონ საკუთარი სათქმელის გასაჟღერებლად. გადაცემაში მისულმა კი შეიძლება აღმოაჩინონ, რომ არა პრობლემაზე სადისკუსიოდ, არამედ გივი სიხარულიძესთან პირისპირ სხედან, რომელსაც ისინი სელექციური აბორტებისა და ადრეული ქორწინებების სტატისტიკაზე ესაუბრებიან, გივი სიხარულიძე კი მათი საუბრის ფონზე ყვირის, მაგალითად, რომ მათნაირ ქალს ლექსს არავინ მიუძღვნის (!). შედეგად, პრობლემებზე საუბრის მცდელობისა და ჩართული სადღეგრძელობის სინთეზით იქმნება საუკეთესო ყვითელი შოუ.

მსგავს ყვითელ გადაცემებში სიარული დროის კარგვის გარდა, რომ არსებული პატრიარქალური წესრიგის გამყარებაში თანამონაწილეობა იყო, მე დიდი ხნის წინ მივხვდი. მიუხედავად ამისა, მაინც აღმოვჩნდი 2017 წლის 24 ივნისს ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში „პრაიმშოუ“. მსგავსი ტოქშოუების მიზანმიმართულ მავნებლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მაშინ, როცა შეთანხმების მიუხედავად, გივი სიხარულიძე და ბესო ჩუბინიძე შემოიყვანეს გადაცემაში შუა ჩაწერის დროს. წამოვედით, მაგრამ ჩვენი მონაწილეობით შოუ მაინც შედგა და იმ საღამოს ქალთა უფლებებზე კიდევ ერთხელ გაერთო „იმედის“ მაყურებელი.

ერთ-ერთ ბოლო „პრაიმშოუ“ კი, რომელიც 17 ოქტომბერს გავიდა ეთერში, მარადიული და ამოუწურავი სექსის თემას მიუძღვნეს. მოწვეულ სტუმრებში, ტრადიციულად ლალი ბადურაშვილი და გივი სიხარულიძე მოიხმეს, რომლებსაც მოაყოლეს ვინმე არქიმანდრიტი და დოდოშკა ხურცილავა, მამა-შვილი ფალავანდიშვილი და სხვანი. ე.წ. „მეორე მხარე“, ასევე, ტრადიციულად ბლოგერი ირინა ტორონჯაძით იყო წარმოდგენილი.

კითხვაზე - რატომ წამოწიეს ეს თემა, წამყვან-პროდიუსერმა გადაცემის ბოლოს კმაყოფილი სახით გვაუწყა „აი, თუნდაც ამიტომ, რაც ნახეთ მთელი დღევანდელი გადაცემის განმავლობაშიო“. და რა ვნახეთ? მით უმეტეს, რა გავიგეთ? ყველაზე საგანგაშო მაინც ის არის, რომ მთელი ამ გადაცემით კიდევ ერთხელ უთხრეს ახალგაზრდა გოგონებს, რომ სექსი თუ მოუნდებათ, ერთადერთი გზა ამის მისაღებად ქორწინებაა. იმიტომ, რომ მამა ფალავანდიშვილი ქორწინებამდე სექსს მრუშობად გვითვლის ქალებს. იმ ვინმე არქიმანდრიტმა კი დაგმოძღვრა, ქალწულება ღვთისმშობლის ბაძვაა და თან კაცებსაც ურჩევნიათ ქალწული ჩაბარდეს ქალიო. გივი სიხარულიძემ ტრადიციას არ უღალატა და რაღაცნაირი სიამაყით გამოაცხადა, რომ ანგელოზი სულაც არ არის, მაგრამ ამ თვითგამოცხადებულმა მრუშმა და ცოდვილმა, მორალი წაგვიკითხა სულის სისპეტაკზე, რომელიც, მისივე აზრით, ქალისთვის უსექსობით მიიღწევა.

ბევრი დასამახსოვრებელი მომენტიდან, ლალი ბადურაშვილის აღშფოთება საუკეთესო იყო გივის ცოდვილობასთან დაკავშირებით. „პირიქით, ამაზე სუფთა და მოყვარული ადამიანი არ არსებობსო“ კატეგორიული ტონით დაასკვნა და იქვე დაამატა „ აბა, ცოლის ღალატი რა მოსატანია იმასთან, ზოგი ამხანაგს და სამშობლოს რომ ღალატობსო“. იქ მყოფთაგან ზოგი წამყვანი და სტუმარი ქალების სექსითვის პატიებისკენ მოგვიწოდებდა, ქალს ერთხელ „იქნებ შეეშალაო“ ან „შეცდომა დაუშვაო“.

მოკლედ, საათზე მეტხანს ვისმინეთ ორმაგი მორალური სტანდარტებით გაჯერებული მავნებლური განხილვა ქალების სექსუალურ ცხოვრებაზე და თან მორალიც ისევ ქალებს წაგვიკითხეს - რა პრობლემებიც გვაქვს, თურმე, ჩვენივერ ბრალია, რადგან თავად ქალებს არ უნდათ თანასწორობა.

ვხედავთ და ფაქტია, რომ ქალთა უფლებების „გაყვითლება“ და გაკომიკურება ქართული მედიის ბოლო წლების განსაკუთრებული ვნებაა. ტელევიზიებმა კარგად იციან ეს როგორ გააკეთონ და ცირკად ქცეულ სანახაობას, ზოგჯერ, შენივე მონაწილეობით „რეიტინგი დააწერინონ“. მედია კი, რომელმაც იცის, რომ მსგავსი გადაცემებით საზოგადოებაში არსებულ სტიგმებს და სტერეოტიპებს ამყარებს, მაგრამ აგრძელებს და ამას რეიტინგით ამართლებს, მიზანმიმართული მავნებელია და საერთო არაფერი აქვს საზოგადოებრივ სიკეეთეებთან.
კატეგორია: ბლოგი
25 ოქტომბერს ქალაქ გორში 9 წლის გოგონა სასტიკად მოკლეს. ქართული მედიის ნაწილმა კი კვლავაც ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ ტრაგედიის გაშუქება სენსაციურობისაგან დაეცალა, ყოფილიყო ემპათიური მგლოვიარე ოჯახის წევრებისადმი და საზოგადოებაში პანიკის დათესვის ნაცვლად, სამართალდამცავების მუშაობისათვის შეეწყო ხელი.

ამ წერილში შეგნებულად არ დავასახელებთ არც ერთ მედიასაშუალებას, რომელმაც, ჩემი აზრით, ამბის გაშუქებაზე მეტად მაყურებლებში პანიკის დათესვასა და ამბის არაადეკვატურად მიტანას შეუწყო ხელი, ნაცვლად რაციონალური და პროფესიონალური რეპორტინგისა.

ამ წერილის მიზანი არის არა ვინმეს დასახელება და შერცხვენა, არამედ უკვე მანტრასავით არაერთგან, არაერთგზის გამეორებული პრინციპის კიდევ ერთხელ გამეორება - ჟურნალისტმა თავისი საქმიანობთ, როგორც მინიმუმ, უფრო მეტი ადამიანი არ უნდა დააზარალოს, ტრაგედიების გაშუქებისას, თუკი ვერავის ეხმარება ის.

გარდაცვლილის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში, როცა კრიმინალისტებს ადგილზე მუშაობაც კი არ ჰქონდათ დასრულებული, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ შოკში მყოფი ოჯახის წევრებს კომენტარის გაკეთება სთხოვა. გარდაცვლილის მამის ღრიალიც ვერ გახდა ნიშანი ზოგიერთი მათგანისთვის, რომ Facebook Live გაეთიშათ ადგილიდან, სადაც არაფერი ხდებოდა გარდა ოჯახის წევრებისა და მეზობლების გლოვისა.

ზოგმა ადგილზე მისული ჩინოვნიკების კომენტარებზე ნადირობა გააჩაღა, თითქოს ქალაქ გორის საკრებულოს წევრს, მერს ანდა შს მინისტრის მოადგილეს რაიმე ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდა დანაშაულის შესახებ, რომელიც ორიოდე საათის წინ მოხდა. ან თითქოს არ იციან ჟურნალისტებმა, რომ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაშიც კი, ოფიციალური პირები მედიასთან არაფერს იტყვიან ვიდრე ელემენტარული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება. თითქოს პოლიტიკური პირების დანაშაულის ადგილზე ყოფნა რეალურ ღირებულებას ქმნიდა ამბისთვის.

როგორც ტრაგედიების გაშუქებისას ხდება ხოლმე, ჟურნალისტების ნაწილმა ჩაწერა ამბისგან შეძრული მეზობლები, რომელთაგან თითოეულს დანაშაულის საკუთარი ვერსია აქვს. მაგალითად რამდენიმემ პოლიტიკური სარჩულის ძიება გოგონას სახლში გადასვენებამდე დაიწყო. ზოგიერთმა ჟურნალისტმა კი სათითაოდ ჩამოიარა შეკრებილი ადამიანები (მათ შორის გარდაცვლილის ბაბუა) და დაჟინებით სთხოვდა გაემეორებინათ, რომ მათ შვილების ქუჩაში გაშვების შეეშინდებოდათ მეორე დღიდან. სიტყვა ტრაგედია ვერ აღწერს იმ ამბის სიმძიმეს რაც გორში მოხდა. ხოლო ის, რაც ჟურნალისტებმა გორში ჩაიდინეს სხვა არაფერია თუ არა ტრაგედიის გაბაიბურება და სენსაციურობას შეწირული პროფესიონალიზმი.

რეპორტინგი არ არის მხოლოდ რესპონდენტისთვის შეკითხვის დასმა. ჟურნალისტიკა გულისხმობს, რომ რესპონდენტამდე საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვები - ღირს თუ არა ამბის გაშუქება საერთოდ? უნდა გააშუქო თუ არა ამბავი კონკრეტულ დროსა და სივრცეში? რა ფორმით ჯობია ამბის თხრობა? ვინ უნდა ისაუბროს? რამეს ხომ არ აზიანებ მიშვერილი მიკროფონითა და კამერით? რა უნდა აჩვენო? რა უნდა დამალო? ოღონდ ეს ყველაფერი თეორიაა და მგლის თავზე ნაკითხი სახარების მსგავსად, რეალობა ხშირად რეპორტიორებსა თუ ოპერატორებს სულაც არ აძლევს იმის დროს, რომ საკუთარ თავთან გასცენ შეკითხვებს პასუხები. ამიტომ, რთულია, მორალი წაუკითხო ჟურნალისტებს. თუმცა იოლია, რომ საღ აზრზე ისაუბრო მათთან. იმიტომ, რომ საღ აზრს არ სჭირდება ბაკალავრის დიპლომი, ლოპოტაზე ტრენინგები და ეთიკის ნორმებში მეცადინეობა. ის ან გაქვს, ან - არა.

ხოლო მათ, ვისაც საკუთარი საღი აზრის იმედი ვერ ექნება პროფესიულ საქმიანობაში, არსებობს ეთიკური სტანდარტების არაერთი სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს რეპორტიორი დანაშაულის ადგილას და როგორ უნდა გააშუქოს გორში მომხდარი ამბის მსგავსი ტრაგედიები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო კრიმინალური ამბების შესახებ პირდაპირ ამბობს:

  • „კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტის ემოციებზე. მედია უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.
  • მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლწო ვარაუდების გავრცელება...“

იქვე აღნიშნულია,

  • „მასალის მოსამზადებლად განკუთვნილი მცირე დროის გამო პირველი გამოწვევა ჟურნალისტებისთვის არის მსხვერპლის ინტერვიუზე დათანხმება. ეს განსაკუთრებით რთულდება მათთვის, ვისაც ვიდეორეპორტაჟის მომზადება სურს, რადგან დაზარალებულს შესაძლოა, არ უნდოდეს კადრში გამოჩენა იმ მდგომარეობაში, რაშიც მომხდარის შემდეგ იმყოფება. ეთიკურად გაშუქებისთვის: »
  • მსხვერპლთან საუბარი დაიწყეთ კამერისა და სხვა ტიპის ჩამწერის გარეშე. შეუთანხმდით ინტერვიუზე და ამის შემდეგ დაიწყეთ ჩაწერა. წარუდგინეთ საკუთარი თავი, რათა რესპონდენტმა იცოდეს ვის ესაუბრება.
  • მედია უნდა შეეცადოს, არ მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმირება.
სახელმძღვანელოს სრულად ნახვა შესაძლებელია ჟურნალისტური ეთიკის ვებგვერდზე.

ამავე თემაზე საინტერესო რესურსების (ინგლ) მოძიება შესაძლებელია ჟურნალისტიკისა და ტრავმის დარტ ცენტრის ვებ-გვერდზე.
კატეგორია: ბლოგი
მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი ჟურნალისტი დაიბარა. გადაწყვიტა, რომ გამოჩნდეს სამ რეიტინგულ არხზე და იქვე განსაზღვრა ვისგან უნდოდა კითხვების მოსმენა. სიგნალის გადაცემის უზრუნველყოფაც თავის თავზე აიღო. ფაქტობრივად, სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე არხების გაერთიანებული ტოქშოუ დაგეგმა და ფორმატიც შეიმუშავა.

პირველი წინააღმდეგობა დასაწყისშივე შეექმნა - სამიდან ორმა ტელეკომპანიამ უთხრა, რომ მათი გადასაწყვეტია ვინ დასვამს კითხვას, ამიტომაც  ინტერვიუზე სხვა ჟურნალისტები გაუშვა.

"გასაოცარი დემოკრატიის" ქვეყნებში თანამდებობის პირები, ქვეყნის მმართველები, პრესკონფერენციებს მართავენ და შერჩევით არ ეძახიან მედიას, რადგან არსებობს ანაგარიშვალდებულება ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან. ასეთ ქვეყნებში არ ამადლიან ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხს, არ ჩნდებიან მხოლოდ იმ არხზე, სადაც "ნეგატივი" არ დახვდებათ. თუნდაც უხერხულ და უსიამოვნო კითხვებზე პასუხი იქ საჯარო პირების სამსახურის ნაწილია, იმიტომ, რომ ჟურნალისტები აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე სთხოვენ პასუხს. საჯარო პირები მონოლოგის რეჟიმში არ საუბრობენ, არ მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტებთან მათ უნდა წაიყვანონ დისკუსია - ზუსტად იციან მედიის როლი.

არ უგეგმავენ მედიას ისეთ ტოქშოუს, სადაც მოდერატორი რესპონდენტია და თავად განსაზღვრავს რომელი მედიასაშუალებიდან კონკრეტულად რომელმა ჟურნალისტმა უნდა დასვას კითხვა, რადგან თავმოყვარე მედია ამ პირობაზე არ დათანხმდება. ჭკუას არ ასწავლიან ჟურნალისტებს, არ უკითხავენ ლექციას და არ ჰპირდებიან, რომ პიარ ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ მცდელობას არ დააკლებენ, რომ ამ ტელეკომპანიაში “განსხვავებული აზრი შევიდეს.”

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს მაინც იზამენ, “გასაოცარი დემოკრატიის” ქვეყნებში ეს ფაქტები მედიაზე ზეწოლად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქმება. ყველა მედია გაერთიანდება, დაახლოებით ისე, როგორც ეს ამერიკაში გააკეთეს.

და რადგანაც არ ვართ "გასაოცარი დემოკრატიის" ქვეყანა, ჩვენთან ზემოთ აღწერილი ქმედებები სრულიად ბუნებრივია მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის. აქ პრობლემად მხოლოდ ფიზიკურ ზეწოლას აღიქვამენ, როგორც ჩანს. რადგანაც ასეთ ვითარებაში ვიმყოფებით, მედია იძულებულია დასთანხმდეს იმ კაცთან ინტერვიუს (თუნდაც მის მიერ შემოთავაზებული ფორმატით), ვის მიმართაც ყველაზე მეტი კითხვა არსებობს და სულაც არ თვლის თავს ვალდებულად პროაქტიულად უპასუხოს ხოლმე ყველა კითხვას. სამაგიეროდ მედია გრძნობს პასუხისმგებლობას - სცადოს მაინც კითხვების დასმა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

ეს რესპონდენტის მიერ განსაზღვრული ტოქშოუ მერე თუნდაც იმად ღირს, რომ გაიგო როგორ ესმის ქვეყანაში პოლიტიკის წარმმართველს მედიის ფუნქცია, როგორ არ მოსწონს, როცა ჩაეძიები, ჩაეკითხები. კითხვებზე პასუხის ნაცვლად ასეთი შეხვედრის დროსაც მონოლოგს და "ნეგატივის" გარეშე საუბარს როგორ ელის. როგორ უწევთ ჟურნალისტებს მუდმივად შენიშვნების მიღება, ერთგვარად საქმის გარჩევა მათ მიერ მომზადებულ პროდუქტზე. "დამელოდეთ", "კულტურა იხმარეთ" - ასეთი შენიშვნები უფრო შერბილებულადაც კი ჩანს, თუკი ბიძინა ივანიშვილის წინა წლების ინტერვიუებს გადავხედავთ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მედიის "ჭირხვნა" პირველივე პრესკონფერენციიდან დაიწყო.

აი, იმ პრესკონფერენციებს თუ გავიხსენებთ, თუნდაც სულ ბოლოს, 2016 წელს, სადაც 11 ჟურნალისტი და მაუწყებელი იყო წარმოდგენილი, ბევრი რამე თვალსაჩინო გახდება - მაგალითად, როგორ გაქრა ბაზრიდან რამდენიმე მათგანი და ვერ მივიღეთ ხელისუფლების მიერ ხშირად ნახსენები მედიაპლურალიზმი. იმ ჟურნალისტთაგან ნაწილი საჯარო სამსახურში წავიდა, ერთი დეპუტატი გახდა და მხოლოდ ერთეულები არიან ისევ ეკრანზე.

23 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე სამწუხარო ერთი ფრაზა თქვა „დღეს რომ გამორთო რუსთავი 2, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ“
კატეგორია: ბლოგი
1973 წელს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, იან-ერიკ ოლსონმა და კლარკ ოლაფსონმა „Kreditbanken”-ის, იმ დროისათვის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, დაყაჩაღების მცდელობისას, 4 თანამშრომელი აიყვანა მძევლად (3 ქალი და ერთი მამაკაცი). რამდენიმედღიანი წამებისა და დახოცვის მუქარის შემდეგ კი, ბანკის თანამშრომლებმა არა თუ უარი თქვეს დამნაშავეების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, არამედ ჯერ მათთან ერთად გაქცევას შეეცადნენ, შემდეგ კი ამტკიცებდნენ, რომ ოლსონი და ოლაფსონი ძალიან კეთილი ადამიანები იყვნენ. დატყვევებულთაგან ორი მოგვიანებით ციხეში ესტუმრა დამნაშავეებს და მათზე იქორწინეს. ამ პარადოქსულ მიზიდულობას, რომელიც აგრესორსა და მსხვერპლს შორის გაჩნდა, მოგვიანებდით სტოკჰოლმის სინდრომი ეწოდა.

სწორედ ასეთი პარადოქსული სინდრომის ნიშნების არ დანახვა შეუძლებელი იყო რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, ერთმანეთის მიყოლებით, სასულიერო პირებთან ჩაწერილი ინტერვიუების ყურებისას. 22 სექტემბერს, შაბათის კურიერის წამყვანმა ნოდარ მელაძემ შერონ სტოუნის სასტუმროს ნომრის შემდეგ, ალბათ ყველაზე დიდი ექსკლუზივი მოიპოვა - ჯერ ბოდბელ ეპისკოპოსთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან ჩაწერა თითქმის ნახევარსაათიანი ინტერვიუ, შემდეგ კი ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტ, მეუფე ანტონთან. 23 სექტემბერს, ამ არხზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე სიუჟეტი მოამზადეს, ამჯერად უკვე კურიერი P.S.-ისათვის.  

კვირის მანძილზე და განსაკუთრებით უქმეებზე, ტელევიზიების ეთერში სასულიერო პირთა სიუხვე გასაკვირი არ იყო სამედიცინო კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონის გარშემო ატეხილი ხმაურიდან გამომდინარე. რამდენიმე დღის წინ, სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას მათი პოლიტიკური წონისა და ძალის შესახებ, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის ფარგლებს ხშირად სცდება ხოლმე. ასეთი გადაცდომების მაგალითები კი ჩვენს პოლიტიკურ ველში არაერთია. მაგალითად, საპატრიარქოს, სასულიერო პირების თუ მათთან დაახლოებული პირების ინტერვენციები სკოლებში საგან „მე და საზოგადოებას“ დანერგვასთან დაკავშირებით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავებისა თუ სხვადასხვა დროს წინასაარჩევნო პროცესებში.

როგორც წესი, საპატრიარქოს ყოველ ასეთ ინტერვენციას მთავრობა ხბოს აღტაცებითა და საკუთარი პოზიციების გადასინჯვით პასუხობს ხოლმე. ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პოზიცია კი ამ თემასთან დაკავშირებით მთავრობისგან მხარდაჭერილმა (რატომღაც) დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა 18 სექტემბერს ტ/კ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“. ინტერვიუში, რომელიც გიორგი არველაძის დროინდელი „იმედის“ საუკეთესო ტრადიციებითა და წამყვანის რესპონდენტისადმი სრულ სიამტკბილობაში წარიმართა, თითქმის ყოველ ნათქვამ სიტყვაზე იყო შესაძლებელი, რომ ზურაბიშვილისათვის შესადავებელი მოგეძებნა, გარდა ერთი ნაწილისა, რომლის დროსაც სასულიერო პირების წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს.“

თუმცა, რუსთავი 2-მა ანტიკური ანდაზის „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“ პრინციპით იმოქმედა და სახელისუფლებო კანდიდატურის ჩრდილის მიყენებას სწორედ იმ ინსტიტუციის წარმომადგენლების დახმარებით შეეცადა, რომლებიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, რუსთავი 2-ს ანათემაზე გადასცემენ ხოლმე წელიწადში რამდენჯერმე. კურიერი P.S.-ში სიუჟეტის, სახელად "დაფრანგული ქალბატონი" და "კანაფის დედოფალი" - დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილსა და მღვდელმთავრებს შორის", დაწყებამდე წამყვანმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ რელიგიურად მოტივირებულმა ადამიანებმა ლამის მანქანაში ჩაქოლეს, სალომე ზურაბიშვილს დიპლომატობა დაუწუნა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ეკლესიას დაეტაკა და თითის ქნევა დაუწყო“. ამ სიტყვების ავტორი წელს უკვე მინიმუმ ორჯერ იქცა საპატრიარქოსა თუ ცალკეული სასულიერო პირების კრიტიკის ობიექტად თავისი იუმორის გამო, მეუფე იობმა იგი დაწყევლა, მერე კი გრძელ-გრძელი მონოლოგების კითხვა მოუხდა სუფლიორზე მაყურებლის დასარწმუნებლად, რომ ის მათზე უფრო ქრისტიანია.

მეტიც, საპატრიარქომ 24 მაისს რუსთავი 2-ს ბოიკოტი გამოუცხადა და სამღვდელობას მოუწოდა, ტელეარხთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტათ, არ მიეცათ ინტერვიუები და არ მიეღოთ გადაცემებში მონაწილეობა. პასუხად, არხის გენერალურმა დირექტორმა კი განაცხადა: „სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობაში დღეს არიან ძალები, რომლებიც მაქსიმალურად აზიანებენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს ძალები თავმოყრილნი არიან დღეს საპატრიარქოში და აკონტროლებენ მათ შორის საპატრიარქოს სახელით გავრცელებულ განცხადებებსაც [...] ეს ადმინისტრაცია, მე ვიტყოდი ბნელი ადმინისტრაცია, ამ ადმინისტრაციას გადაჰყავს თვითგანადგურების რეჟიმში ქართული ეკლესია, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს და რომლის მრევლსაც მიეკუთვნება ძალიან ბევრი ადამიანი...“

საქართველოში საკმაოდ ძლიერ ინსტიტუციასა და მთავარ ოპოზიციურ ტელეარხს შორის არსებული ასეთი პრეისტორიის ფონზე, ალბათ, ცოტა უცნაური და უხერხულობის მომგვრელი იყო ის დიალოგი, რომელიც შაბათის კურიერის წამყვანსა და მეუფე იაკობს შორის წარიმართა ინტერვიუს ბოლოს. მეუფე იაკობმა ჯერ მედიის როლზე ისაუბრა საზოგადოებაში, შემდეგ ამერიკული მედიის ანატომიაც აუხსნა მაყურებელს, ბოლოს კი ჟურნალისტის ოდნავ თავმომწონე კომენტარს გასცა პასუხი, რომ ის რუსთავი 2-ს ხშირად უყურებს და რომ მათი არხი ბევრ რამეში ობიექტურია. ეპილოგი კი ასეთი გახლდათ:

ჟურნალისტი: თუ არ ვცდები ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასე ვრცლად საუბრობთ ტელეეთერში...

მეუფე იაკობი: მე ასეთი ის არ მქონია...

ჟურნალისტი: ეს ხდება პირველად...

მეუფე იაკობი: პირველად...

ჟურნალისტი: და მხოლოდ კურიერში...

მეუფე იაკობი: მხოლოდ კურიერში... (იღიმის).


ერთი მხრივ, ბუნებრივია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ერთ ორგანიზმად ვერ აღვიქვამთ და ვერ ვიტყვით, რომ არხსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ყველა მეუფესა თუ მღვდელმთავარს ეხებოდა. მეორე მხრივ, იმის დაჯერება, რომ საპატრიარქოს ბოიკოტი, ჟურნალისტთა წყევლა-კრულვა და ანათემაზე გადაცემა ინსტიტუციურად არ არის ორკესტრირებული, მიტროპოლიტები და ქორეპისკოპოსები კი ამ პროცესებისაგან განმდგარი ცალკეული პირები არიან, ან ცხადი გულუბრყვილობაა ან უბრალოდ პოლიტიკური არჩევანი, თვალი დახუჭო წარსულზე. ასეთი არჩევანის პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ამ დროს, როგორც წესი, ნაბან წყალს (ზურაბიშვილს) ბავშვი (სეკლუარიზმი) გადაჰყვება ხოლმე.

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობისას რელიგიურ პირებს კიდევ ერთხელ მისცა ტელეკომპანიამ სრული კარტბლანში თვით-ლეგიტიმიზაციისათვის. თითქოს ხელისუფლებისაგან საკმარისი ლეგიტიმიაცია არ ჰქონდეთ, თითქოს მმართველი ძალა უკვე საკმარისად არ იხევდეს უკან მათ წინაშე. ამჯერად სწორედ რუსთავი 2-ის ეთერში მოგვიწია ანტისეკულარული მესიჯების მორიგი დოზის მიღება. მეუფე ანტონმა შემოგვთავაზა, „უშიშროების საბჭოში, განათლების სისტემაში და ყველგან“ ეკლესიის წარმომადგენელი უნდა იქნას დანიშნულიო. ხოლო ქორეპისკოპოსმა იაკობმა, მსუბუქი მუქარანარევი ირონიითა აღნიშნა, რომ თუკი ხელისუფლება გაჯიუტდება და თუკი საჭიროება გახდება, ეკლესია გაცილებით მეტი ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეძლებს.

არადა, მათ მიერ ქუჩაში გამოყვანილი ხალხი ერთხელ უკვე ვნახეთ - 2013 წლის 17 მაისს. სწორედ, 17 მაისს ათეულ ათასობით გამძვინვარებული ადამიანის მიერ 30-იოდე აქტივისტის სასტიკი და არაადამიანური დარბევის შესახებ სწორედ ზემოხსენებული ქორეპისკოპოსი აღნიშნავდა: "ბევრმა თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა და ვიღაცას მტრად შეხედა, შეაგინა ან ხელი მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ რიგებში. მე მათ ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ, ისინიც ადამიანები არიან და შესაძლოა ნერვებმა უმტყუნათ".