კატეგორია: ეთიკა
ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანს ვახო სანაიას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დისკრიმინაციის პრინციპის დარღვევა დაუდგინა. საუბარია გადაცემაზე, რომელშიც ერთ-ერთმა სტუმარმა პარაოლიმპიელები რამდენჯერმე მოიხსენია დისკრიმინაციულ კონტექსტში, წამყვანს კი ამაზე შესაბამისი რეაქცია არ ჰქონია.

ვახო სანაიას წინააღმდეგ ქარტიას “საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა” მიმართა. კომიტეტი 2020 წლის 13 ნოემბერს გასული გადაცემის იმ ნაწილზე დავობდა, სადაც მიწვეული სტუმრები 12 ნოემბრის საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს განიხილავდნენ.

მსჯელობისას, ერთ-ერთმა სტუმარმა, გიორგი ჯანელიძემ ასეთი რამ თქვა: “ჩემი აზრით, მაკედონიას უნდა მოეგო, წესით. ამ D ჯგუფში, ეს ფორმატი, რაც მოიგონა “უეფამ”, ჩვენთვის სასარგებლო იყო, მაგრამ, დაახლოებით, ჰგავს, აი, ოლიმპიადაზე რომ დაამატო პარაოლიმპიელი. ამ D ჯგუფის დამატება იქ, ევროპის ჩემპიონატზე. აგერ, იქნება გაისად და ნახავთ, რას მიაღწევს ეს მაკედონია…” შემდგომ კვლავ განაგრძო დისკრიმინაციული მსჯელობა: “ამ D ჯგუფში, ამ პარაოლიმპიელებში, უხეშად რომ ვთქვათ...” რესპონდენტის ამ განცხადებებზე გადაცემის წამყვანს ვახო სანაიას რეაგირება არ ჰქონია.

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”, - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაციის) პრინციპში.

განმცხადებელი საჩივარში უთითებდა, რომ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გამიჯვნოდა ან დაპირისპირებოდა რესპონდენტის დისკრიმინაციულ განცხადებებს.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, აღიარებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო ნებისმიერი პიროვნების დისკრიმინაცია არის ადამიანის თანდაყოლილი და განუყოფელი ღირსების დარღვევა. აგრეთვე ეროვნულ დონეზე, კერძოდ, “სპორტის შესახებ” საქართელოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აღიარებულია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანასწორ ორგანიზაციად. შესაბამისად საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის და ამ კომიტეტის ქვეშ გაერთიანებული პარალიმპიერი სპორტსმენების კნინობით კონტექსტში მოხსენიება არაეთიკურია და ეს ქმედება დისკრიმინაციულად ხაზს უსვავს ამ ადამიანთა შეზღუდულ შესაძლებლობებს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია”, - ვკითხულობთ “საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის” განცხადებაში.

მეტი დეტალი, რას მიაქცია ქარტიის საბჭომ ყურადღება საქმის განხილვისას, მოგვაინებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება.
კატეგორია: მედიაგარემო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში 2021 წელი კიდევ ორი თანამშრომლის გაშვებით და დირექტორის ახალი მოადგილის მისვლით დაიწყო. 31 დეკემბერს გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტებმა - გიორგი არობელიძემ და ნათია ქარჩილაძემ კანცელარიიდან მისული წერილით შეიტყვეს, რომ მაუწყებელის დირექტორი გიორგი კოხრეიძე შრომით ხელშეკრულებებს აღარ უგრძელებთ. პარალელურად, ამავე დღეს დირექტორმა თავის მოადგილედ დანიშნა ნიკა ჩხარტიშვილი, რომელიც იქამდე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე იყო.

"ჰეშთეგი" კიდევ უფრო შემცირებული გუნდით და ფორმატით

გიორგი კოხრეიძის დირექტორობის პირობებში, გადაცემა “ჰეშთეგის” მაუწყებლობა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ შეჩერდა, გუნდს 3 თანამშრომელი გამოაკლდა და საბოლოოდ, გადაცემის ფორმატი 5-დან 1 დღემდე შემცირდა.

"ჰეშთეგი" 20201 წლის 14 იანვარს კიდევ უფრო შემცირებული გუნდით დაუბრუნდა ეთერს. გადაცემის ორ ჟურნალისტს - გიორგი არობელიძესა და ნათია ქარჩილაძეს, რომლებსაც ორწლიანი კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ამოეწურათ, მოქმედმა მენეჯმენტმა შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ დღეს კანცელარიიდან მიღებული წერილით შეიტყვეს, რომ მაუწყებელში აღარ მუშაობენ.

alt"კანცელარიიდან დაგვიკავშირდნენ, წერილი არისო თქვენს სახელზე და ამ წერილში ეწერა, რომ დირექტორმა ეს გადაწყვეტილება HR სამსახურის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. არაფერი კონკრეტული არ ეწერა წერილში და ეს რეკომენდაციაც არ გვინახავს ჩვენ ჯერჯერობით", - ამბობს გიორგი არობელიძე. 

HR სამსახურის უფროსი ემზარ პაქსაძე მისივე გაცემული რეკომენდაციის შინაარსზე "მედიაჩეკერთან" არ საუბრობს. მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ კი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ჩვენს კითხვაზე, რა ტიპის რეკომენდაციებზეა საუბარი და როგორი შეფასებაა მოცემული დოკუმენტში, რამდენად კრიტიკული იყო მისი დასკვნა და რა შეიძლება ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ დირექტორს აღარ გაეგრძელებინა ჟურნალისტებისთვის ხელშეკრულებები - ემზარ პაქსაძე გვპასუხობს, რომ დოკუმენტი ვრცელია, დადებითი ან უარყოფითი შეფასებები არ არის, თუმცა, სანამ უშუალოდ ჟურნალისტებს არ ჩაბარდებათ, მათი თანხმობის გარეშე ვერაფერს გვეტყვის, რადგან დოკუმენტი პირად ინფორმაციას შეიცავს:

"ორშაბათს ჩაბარდებათ და მოგაწვდიან, თუ თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. ვრცელია (დოკუმენტი), 8 თუ 9 გვერდია და უფლებამოსილება არ გამაჩნია მე, რადგან პირადი ინფორმაციის შემცველია", - ამბობს ემზარ პაქსაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებაში არ არის ახსნილი, კონკრეტულად რის საფუძველზე არ გაუგრძელდათ ხელშეკრულები და ამ ეტაპზე არც HR სამსახურის უფროსის რეკომენდაცია აქვთ ნანახი, ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ დირექტორის გადაწყვეტილება მათ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება:

"ფაქტია, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც ერთი დიდი პროცესის ნაწილია. სახეზე გვაქვს, მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც, ვფიქრობ, ისედაც ყველა ხედავს პირველივე დღიდან - კრიტიკულად განწობილი ჟურნალისტების დევნა, შევიწროება, გათავისუფლება… მთელი ამ ჯაჭვის ნაწილია ეს ყველაფერი", - ამბობს გიორგი არობელიძე

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გარდა, კიდევ ერთი მიზეზი, ალტერნატიულ პროფკავშირებში მათი აქტიური წევრობაა:

alt"მეც და გიორგიც ვიყავით ერთ-ერთი დამაარსებელი ალტერნატიული პროფესიული კავშირის, რომელიც მაუწყებელში გიორგი კოხრეიძის დირექტორად მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული იმ აქციებსა და კამპანიაში, რაც მაუწყებელში მიმდინარეობდა. ზეწოლა, გათავისუფლება თუ სხვა პოზიციაზე გადაყვანა კი სწორედ იმ ადამიანებს შეეხოთ, ვინც პროფკავშირების წევრები იყვნენ და აქტიურად იყვნენ ჩართული მიმდინარე პროცესებში", -ამბობს ნათია ქარჩილაძე.

"გრძელდება კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა და შევიწროება", - ასე შეაფასეს პროფკავშირებში "ჰეშთეგის" ჟურნალისტებისთვის ხელშეკრულებების არ გაგრძელება - "ორივე გათავისუფლებული თანამშრომელი აქტიურად ცდილობდა ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებისა და არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის ასახვას სატელევიზიო რეპორატაჟებში; რაც, ჩვენი შეხედულებით, მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის და ჰეშთეგისთვის მორიგი მძიმე დარტყმის მიყენების კიდევ ერთი მიზეზი იყო", - ვკითხულობთ ალტერნატიული პროფკავშირების მიერ 13 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი არობელიძე და ნათია ქარჩილაძე სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე კი ამბობს, რომ "ჰეშთეგის" თანამშრომლებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს:

"გვქონდა კონსულტაციები გიორგისთან და ნათიასთან და ვფიქრობთ მათთან ერთად სამართლებრივ დავაზე. ამ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები განსხვავებულია და ჯერჯერობით ვფიქრობთ, რას ვაპირებთ და როგორ". 

გადაცემის გუნდის შემცირების გარდა, გიორგი კოხრეიძის დირექტორობის პირობებში, გადაცემა "ჰეშთეგმა" ორჯერ შეწყვიტა მაუწყებლობა და ბოლოს ეთერს შემცირებული ფორმატით დაუბრუნდა.

altაჭარის ტელევიზიამ "ჰეშთგისთვის" ეთერის დათმობა თავდაპირველად 23 მარტს შეწყვიტა. ამ დღიდან, მაუწყებელმა "ჰეშთეგთან" ერთად, საინფორმაციო და სამედიცინო გადაცემების გარდა, ყველა გადაცემა შეაჩეარა და მენეჯმენტმა გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ახსნა. გადაცემა მეორედ 31 ივლისიდან შეჩერდა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 12 ნოემბერს ეთერში ხუთდღიანი ფორმატის ნაცვლად, ერთდღიანი ფორმატით დაბრუნდა.

გადაცემის ფორმატის შემცირებასთან დაკავშირებით მაშინ გიორგი კოხრეიძემ "მედიაჩეკერს" განუცხადა, რომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური, განვითარების პროცესია - "ჰეშთეგი" გადაცემა ხომ არის ეხლა ეთერში? მითხარით, რა განსხვავებას ხედავთ განსაკუთრებულს? სათქმელს ვერ იტყვიან, თუ რა?", - გვიპასუხა მან და ჩვენს კითხვაზე, თუ რა არგუმენტებით და რის საფუძველზე მიიღო გადაცემის 5-დან 1 დღემდე შემცირების გადაწყვეტილება, გვითხრა, რომ გადაწყვეტილება კომისიიდან გამომდინარე მიიღო და არა პირადი ინტერესებიდან.

“ჰეშთეგის” გუნდი კი მაუწყებლის დირექტორის ამ გადაწყვეტილებასაც გადაცემის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.

დირექტორის მიერ უკონკურსოდ დანიშნული კადრები


31 დეკემბერს, ორი კადრის გაშვების პარალელურად, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მაუწყებელში ახალი კადრი - ნიკა (იაკინთე) ჩხარტიშვილი თავის პირველ მოადგილე დანიშნა.

დირექტორმა თავისი მოადგილე უკონკურსოდ შეარჩია. ამას HR სამსახურის უფროსი ემზარ პაქსაძეც ადასტურებს და განმარტავს, რომ “კონკურსი არ ყოფილა გამოცხადებული. მას (დირექტორს) ჰქონდა ამის უფლებამოსილება".


alt



ნიკა ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას ამბობს, რომ შეთავაზება პირადად გიორგი კოხრეიძისგან მიიღო. თავად გიორგი კოხრეიძე კი არ მალავს, რომ ნიკა ჩხარტიშვილთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და სანამ ამ პოზიციაზე დაითანხმებდა, კონსულტაციები მასთან ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა:

“ახალი სეზონიდან მე უშუალოდ ვაკვირდებოდი პროცესებს, რომელიც მიმდინარეობდა მაუწყებელში და დამანახა პროცესებმა, რომ საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა მაუწყებელი სუფთა მენეჯერული კუთხით. გარკვეული მიმართულებებით მე სერიოზული მხარდაჭერა და დახმარება მჭირდებოდა და,შესაბამისად, შევაფასე ადამიანი, რომელსაც მე კაი ხანია ვიცნობ. ვიცნობ, როგორც ძალიან კარგ მენეჯერს. ბოლო ერთი თვეა მქონდა მასთან კონსულტაციები, ვსაუბრობდით და ბოლო-ბოლო დავითანხმე და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ დამიდგეს გვერდში და ერთად შევძლოთ იმ პროცესების უკეთესად წარმართვა, რაც მაუწყებელს მისცემს (საშუალებას) უფრო უკეთესად განვითარდეს”, - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიასთან.

ნიკა ჩხარტიშვილი 2017 წლიდან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, 2019 წლიდან კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი იყო. აჭარის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებული მისი სამუშაო გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, იგი მენეჯერულ პოზიციაზე რამდენიმე კომპანიაში მუშაობდა, თუმცა, მისი მედიაში მუშაობის გამოცდილება იმით შემოიფარგლება, რომ 2000 წელს გაზეთ „დიდუბელის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო.

2018 წელს ნიკა ჩხარტიშვილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. მაშინ ჩხარტიშვილმა კომისიას ვერ წარუდგინა დიპლომის ასლი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული განათლება აქვს მიღებული. მაშინ, ვადის მიცემის მიუხედავად, ჩხარტიშვილმა დიპლომის ასლი ვერ წარადგინა და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა უმაღლესი განათლების შესაბამისი აკადემიური ხარისხი, თუმცა კომისიამ მეორე ეტაპზე მაინც გადაიყვანა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ (მაუწყებლიდან ნათია ზოიძის წასვლის შემდეგ) ვახტანგ ხუზმიაშვილი იყო არჩეული. თუმცა, მას შემდეგ, რაც ხუზმიაშვილი საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა, დირექტორის მოადგილის თანამდებობა კვლავ ვაკანტური გახდა.

გარდა ნიკა ჩხარტიშვილისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორობის პირობებში, მაუწყებელში ხელმძღვანელ პოზიციაზე უკონკურსოდ კიდევ ორი ახალი თანამშრომელი დასაქმდა - აკაკი გოგიჩაიშვილი და ნინო ხაჟომია.

აკაკი გოგიჩაიშვილი 2020 წლის პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარი რედაქტორი გახდა. მაშინ აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობდა, რომ შეთავაზება მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან, ვახო ხუზმიაშვილისგან მიიღო.

აკაკი გოგიჩაიშვილამდე, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებით, საინფორმაციო გამოშვების მთავარი რედაქტორად ნინო ხაჟომია დაინიშნა, თუმცა მან მალევე - ოთხ დღეში თანამდებობა დატოვა და მოგვიანებით ახალი ამბების რედაქციის ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა.

გიორგი კოხრეიძის დირექტორობის 14 თვე
და 14 თანამშრომლის ბედი

გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევიდან - 2019 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე, აჭარის მაუწყებლიდან თანამშრომლების გაშვება, პოზიის შეცვლა თუ შრომითი ხელშეკრულებების არ გაგრძელება ჩვეულ ამბად იქცა.

დირექტორობის თითქმის 14 თვის განმავლობაში კოხრეიძემ ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლა, სამს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, ხუთი არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა, ორმა თანამშრომელმა კი, მისი დირექტორობის პირობებში, თავადვე თქვა უარი ტელევიზიაში მუშაობაზე.


alt

  • 01.01.2020 - გიორგი კოხრეიძემ შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ნათია შავაძეს. მან დირექტორის ეს გადაწყვეტილება შეაფასა მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკის ნაწილად, რომელსაც იგი აქტიურად აპროტესტებდა; 

  • 02.02.2020 - აჭარის მაუწყებელი დატოვა ნათია ზოიძემ და განაცხადა, რომ იძულებული გახდა ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო. მიზეზად სარედქციო პოლიტიკიდან ჩამოშორება დაასახელა; 

  • 24.02.2020 - მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციას ჩამოაშორეს და და რადიოს ახალ ამბებში გადაიყვანეს; 

  • 24.02.2020 - აჭარის ტელევიზია “უკიდურესი პროტესტის” ნიშნად თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა;

  • 24.02.2020 - სამსახურიდან გათავისუფლდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი;

  • 13.03.2020 - სამსახურიდან გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციოს წამყვანი თეონა ბაკურიძე;

  • 23.03.2020 - მაუწყებლის დირექტორმა ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე კორესპონდენტად ბათუმიდან ქუთაისში, ფაქტობრივად, არარსებულ ბიუროში გადაიყვანა; 

  • 13.04.2020 - ხელშეკრულება შეუცვალეს ვებ მიმართულების ხელმძღვანელ სოფო ჟღენტს და ახალ ამბებს ჩამოაშორეს;

  • 21.04.2020 - ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსების გამო თეონა თურმანიძეს აჭარა TV-ში წამყვანობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდეს;
  • 11.05.2020 - ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა სამსახურიდან გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი გაათავისუფლა;

  • 31.07.2020 - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს – შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. მოგვიანებით ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე მაუწყებელში განსხვავებულ პოზიციებზე დააბრუნეს, ორივე მათგანი მმართველობით რგოლს ჩამოაშორეს, ბაჩო გურაბანიძე პროდიუსერად, გიორგი მურვანიძე კი რეჟისორად გადაიყვანეს;

  • 31.12.2020 - შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს “ჰეშთეგის” ჟურნალისტებს - გიორგი არობელიძე და ნათია ქარჩილაძეს. 

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა და არსებითად სხვა პოზიციაზე გადაყვანილმა თანამშრომლებმა მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყეს. მათ უფლებებს EMC იცავს. ამ ეტაპზე მხოლოდ მაია მერკვილაძის საქმე არის განხილული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აჭარის ტელევიზია მაია მერკვილაძის პოზიციაზე ახალ თანამშრომელს ვერ დანიშნავს, სანამ შრომითი დავა არ დასრულდება. EMC-ის ადვოკატი ლადო ქუთათელაძე, რომელიც მათ უფლებებს იცავს, ამბობს, რომ პროცესი მიმდინარეობს და სასამართლოში საქმეების ჩანიშვნას, სავარაუდოდ, თებერვალში ელოდებიან.
კატეგორია: ეთიკა

"ვაქცინის მსხვერპლი" - ამ სათაურით, 15 იანვარს "TV პირველის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ანტივაქსერული სიუჟეტი გავიდა.  "ყველაზე მაღალი ეფექტურობის მქონე Pfizer-ის ვაქცინას ნორვეგიაში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა", -  ამ ნარატივს იმეორებდნენ მასალის ავტორიც და საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც,  მიუხედავად იმისა, რომ მასალაში არ ჩანდა რა წყაროებს ეყრდნობოდა ეს მტკიცება და არც რომელიმე რესპონდენტი ამბობდა მტკიცებითში ამას.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მაყურებელს სიუჟეტი შემდეგი შესავლით წარუდგინა:

"კორონავირუსის ვაქცინას ნორვეგიაში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოქალაქეები, რომლებსაც ეგონათ, რომ კოვიდისგან ახალი ვაქცინა დაიცავდათ, ინექციიდან რამდენიმე საათში დაიღუპნენ. ეს ტრაგიკული შემთხვევა, ქართველი ექიმების თქმით, უნდა გახდეს მაგალითი, რომ ჩვენი ქვეყანა ვაქცინაციის პროცესისთვის უკეთ მოემზადოს და რისკები მინიმუმამდე შეამციროს. როდის დაიწყება ქვეყანაში ვაქცინაცია - ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხები ამ დრომდე არ არსებობს. სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს აფრთხილებენ, რომ ვაქცინაცია მხოლოდ წამლის შემოტანა არ არის და ამ ურთულეს პროცესს საგანგებო მომზადება სჭირდება". 

აღნიშნული შესავლის შემდეგ, ეთერში სიუჟეტი გავიდა. ჟურნალისტმა წამყვანის ნააზრევი გააგრძელა და მტკიცებით ფორმაში მაყურებელს მოუყვა, რომ კორონავირუსის ვაქცინისგან გარდაცვლილი პაციენტები 80 წელს გადაცილებულნი იყვნენ და რომ მედიკოსებმა ისინი ვირუსისგან დასაცავად ყველაზე მაღალი ეფექტურობის მქონე - Pfizer-ის ვაქცინით აცრეს. ბოლოს კი, თავისივე მტკიცების საპირისპიროდ აღნიშნა, რომ სპეციალისტები ახლა არკვევენ, თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი.

სიუჟეტში არ ჩანდა, რას ან ვის ეყრდნობოდა ჟურნალისტი, როდესაც ამტკიცებდა, რომ, თითქოს, კორონავირუსის ვაქცინამ ადამიანები იმსხვერპლა. გარდა ამისა, ამავე სიუჟეტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საპირისპიროზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი შესწავლის საგანია და არ არსებობს მსგავსი დასკვნა, რომ 23 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაცია გახდა.

ამირან გამყრელიძის კომენტარის შემდეგ, ჟურნალისტმა ვაქცინაციის თემის ქვეყანის რეალობაში გადმოტანა სცადა და თქვა, რომ საქართველოში ჯერ ვაქცინა არ არის, შესაბამისად:  "მთავრობას მომზადებისთვის და უცხოეთში დაშვებული შეცდომების გასააზრებლად ჯერ კიდევ დრო აქვს". 

უკვე ერთი წელია მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, კორონავირუსის პანდემიაა. გარდაცვლილთა რიცხვმა, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე გადააჭარბა 2 მილიონს. პანდემიის დაწყებიდან ყველას ყურადღება ვაქცინებისადმია მიპყრობილი, რადგან მასობრივი ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა პანდემიის დროულად დასამარცხებლად. საუკუნეების განმავლობაში ვაქცინაციის წყალობით შესაძლებელი გახდა იმუნიტეტის გამომუშავება არაერთი ისეთი დაავადებისადმი, როგორიცაა: წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი და ა.შ.

თუმცა, ყველა დროს არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ვაქცინებისადმი და ანტივაქსერულ მოძრაობებს ახალისებდნენ. შესაბამისად, ვაქცინებისადმი ადამიანების ნდობის გაზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ ფონზე კი, მედიის პასუხისმგებლობა, არ გაავრცელოს მანიპულაციური, ან თუნდაც დაუზუსტებელი ინფორმაცია და ამით უნებლიედ, არ გახდეს ანტივაქსერული მოძრაობის გამაძლიერებელი, განსაკუთრებულია.

"ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია", – განაცხადა 16 იანვარს  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსული პანდემიის პირობებში, იმ ფონზე, რომ ანტივაქსერული კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, სიზუსტის დაცვას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნებისმიერი არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებით მიღებული ზიანის მასშტაბი, შესაძლოა, ძალიან მძიმე აღმოჩნდეს.

“კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, მედიის როლი განსაკუთრებულია. ერთი მხრივ, მედიას კვლავ რჩება მთავარი, ანუ ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქცია, მეორე მხრივ გაჩნდა ახალი გამოწვევა, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაშუქების საჭიროების სახით. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, დახარჯოს განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადამოწმებაში”, - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის სახელმძღვანელო წესებში, რომელიც მედიისთვის სპეციალურად COVID-19-ის გაშუქებისთვისაა მომზადებული.

ამავე სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია სანდო წყაროების მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, სანდო, გადამოწმებული, პანიკისა და სენსაციურობისგან მაქსიმალურად დაცლილი ინფორმაციის როლი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

კატეგორია: მედიაგარემო
13 წლის შემდეგ, ჟურნალისტი, ყოფილი დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია “იმედზე" ბრუნდება. იგი არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუს წაიყვანს. პირველი გადაცემა ეთერში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გავა.

როგორც მაგდა ანიკაშვილმა “მედიაჩეკერს” უთხრა, ამ ეტაპზე გადაცემის ფორმატზე მუშაობენ. დამატებითი დეტალები კი საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

“მედიაჩეკერის” კითხვაზე, როდის უნდა ელოდოს მაყურებელი ეთერში ტოქშოუს გასვლას, ანიკაშვილი ამბობს, რომ პირველი გადაცემა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გავა.

მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია “იმედში” აქამდეც მუშაობდა. 2006 წლიდან ორი წლის განმავლობაში იგი არხზე ტელეწამყვანი იყო. ანიკაშვილმა “იმედი” 2008 წელს დატოვა და პარტია “გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატებში” გაწევრიანდა. იგი საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

2003 წლიდან 2019 წლამდე, სხვადასხვა პერიოდში, მაგდა ანიკაშვილი მუშაობდა “მეცხრე არხში”, რუსთავი 2-ში”, საზოგადოებრივ მაუწყებლში, “იმედსა” და „მაესტროში“. 2019 წლიდან იყო პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, მოგვიანებით კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი.

მაგდა ანიკაშვილის “იმედზე” დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად On.ge-მ გაავრცელა.
კატეგორია: ეთიკა
10 იანვარს ონლაინ გამოცემების ნაწილმა, მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემები მტკიცებით ფორმაში წერდნენ, რომ მომღერალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამბის გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ზოგიერთ ვებგვერდზე დეზინფორმაცია წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ერთი დღის შემდეგაც იძებნება, ნაწილმა ამბავი წაშალა, ნაწილმა კი მასალა ყოველგვარი მითითების გარეშე ჩაასწორა და დაწერა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელოში - “შესწორების სტანდარტი მედიაში”, ვკითხულობთ, რომ “ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია კი, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე".

როგორ მოიქცნენ მედიასაშუალებები და როგორია სტანდარტი

გამოცემების ნაწილი, რომლებიც თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ატყობინებნენ აუდიტორიას, ინფორმაციის წყაროდ, ძირითადად, ჟურნალისტ ელისო კილაძეს, მამა პეტრე კოლხს ან/და სოციალური ქსელის მომხმარებლებს უთითებდნენ. ელისო კილაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ ინფორმაცია პეტრე კოლხის სტატუსის შემდეგ გაავრცელა, რომელშიც იგი წერდა, რომ თემურ წიკლაურს “გაუჩერეს დედამიწა და ჩავიდა”. ამ დროისთვის არც ელისო კილაძის და არც პეტრე კოლხის თავდაპირველი ფეისბუქ პოსტები აღარ იძებნება.

altმედიასაშუალებების ნაწილმა თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გადამოწმების გარეშე გაავრცელა და მოგვიანებით საერთოდ წაშალა ვებგვერდიდან. ამგვარად მოიქცნენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა, მაგალითად: პალიტრავიდეო, სპუტნიკი, მედიაცენტრი მთავარი, მეტრონომი, არტინფო, გურია TV, newspress, 2020news.ge, news.ge, cyc.ge, tv4, ntv.ge და სხვა. ასევე მოიქცა ტელეკომპანია “მაესტროც” და ფეისბუქ გვერდზე დადებული თემურ წიკლაურის ფოტო, რომელიც მისი გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა, წაშალა.

აღნიშნულმა გამოცემებმა თავდაპირველად სათაურშივე, მტკიცებით ფორმაში დაწერეს, რომ მომღერალი გარდაიცვალა. მოგვიანებით კი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უკვე ვირუსულად გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და როდესაც ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ თემურ წიკლაური, რომელიც კორონავიურუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, ცოცხალია, ზემოთჩამოთვლილმა მედიასაშუალებებმა მასალები ვებგვერდიდან წაშალეს. მიუხედავად ამისა, გუგლის საძიებო სისტემაში ამ გვერდების მიერ გავრცელებული მასალები კვლავ იძებნება.

შესწორების სტანდარტის მიხედვით, მასალის სრულიად წაშლა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული და მაშინაც კი, როდესაც მასალა იშლება, სასურველია, რედაქციამ განმარტება გააკეთოს, თუ რატომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.

შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელოში ახსნილია, თუ როდის არის დაშვებული უკვე გამოქვეყნებული მასალის წაშლა და როგორ უნდა მოიქცეს რედაქცია ასეთ შემთხვევაში:

  • მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს.

  • მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს.

  • მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

  • თუკი მომდევნო დღეებში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რაც არსობრივად ცვლის წინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, უმჯობესია ცალკე მომზადდეს ახალი მასალა, უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში კი ცხადად მიეთითოს ბმული და გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ

ზემოთჩამოთვლილი გვერდებისგან განსხვავებით, გამოცემების ნაწილმა თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ მასალა არ წაშალა და თავდაპირველ ვერსიაშივე ჩაასწორა. თუმცა, არ მიუთითა, რომ სტატია შესწორებული და განახლებულია და არც სარედაქციო განმარტება შესთავაზა მკითხველს. ამგვარად მოიქცა: რეზონანსი, ნიუპოსტი, ახალი თაობა, report.ge. ამ დროისთვის, ამ ვებგვერდებზე შეცვლილია მასალების სათაურები და ტექსტი ისე, რომ მკითხველს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

altგუგლის საძიებო სისტემაში მასალები კვლავ იძებნება თავდაპირველი სათაურებით. მაგალითად, მკითხველს გაზეთი “ახალი თაობის” სტატიაზე გადასვლისას, რომელსაც აწერია “თემურ წიკლაური გარდაიცვალა”, დახვდება მასალა შეცვლილი სათაურით და შინაარსით - "თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არაა სწორი”.

ანალოგიურად, რეზონანსის სტატია, რომელსაც თავდაპირველად სათაუშივე ეწერა, რომ “თემურ წიკლაური გარდაიცვალა”, ამ დროისთვის შემდეგნაირადაა შეცვლილი - "თემურ წიკლაურის გარდაცვალება არ დასტურდება - მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა".

ზემოთჩამოთვლილმა ვებგვერდებმა ისე ჩაასწორეს მასალები, რომ მკითხველს არც იმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თავდაპირველი ვერსია შეცვლილია და არც იმის შესახებ, რომ თვითონ ეს გამოცემები იყვნენ იმ ცრუ ინფორმაციის ერთ-ერთი გამავრცელებლები, რაზეც მოგვიანებით თავადვე წერდნენ.

როდესაც მედიასაშუალება მასალას ასწორებს, საჭიროა, რომ ამის შესახებ აუდიტორია ინფორმირებული იყოს. შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო გვეუბნება, რომ მასალის ბოლოს, შენიშვნის სახით, მითითებული უნდა იყოს, თუ რა ეწერა თავდაპირველ, მცდარ ვერსიაში. ამავე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ მასალა ისე უნდა შესწორდეს, რომ ყველა პლატფორმაზე განახლებული ვერსია იძებნებოდეს:

  • გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში.

  • სათაურის შეცვლის შემთხვევაში მედია უნდა დარწმუნდეს, რომ მასალის სათაური შესწორდა ყველა პლატფორმაზე, სადაც კი გაზიარებული იყო ინფორმაცია. ყურადღება მიაქციეთ ბმულის ფრაგმენტსაც (URL), რომელიც ხშირად სათაურის ანალოგია. ფაქტობრივი უზუსტობა იქაც ჩაასწორეთ.

თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე იძებნება interpost.ge-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდზე მოგვიანებით სამი სხვა მასალა დაიდო, რომლებიც მის გარდაცვალებას უარყოფდა, მკითხველი, რომელიც მხოლოდ პირველ სტატიას გაეცნობა, შესაძლოა შეცდომაში შევიდეს.
კატეგორია: მედიაგარემო
რამდენად პოლარიზებული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ონლაინ მედია, რა ტიპის ინფორმაცია აღწევდა ფართო აუდიტორიამდე, რა აჩვენა 6 თვიანმა დაკვირვებამ და რა ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა მონიტორინგისას - “მედიაჩეკერი” ონლაინ მედიის მონიტორინგის ხელმძღვანელ გიორგი ჯოლოგუას ესაუბრა.

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 6 თვის განმავლობაში 13 გამოცემას აკვირდებოდით. რა პრინციპით შეარჩიეთ აღნიშნული მედიები?

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული გამოცემები, რადგან, ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ იმ ვებგვერდებს, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი კითხულობს. ერთი სირთულე ის გვაქვს, რომ არ არსებობს ასე გაწერილი რეიტინგები ონლაინ მედიასაშუალებების. ამიტომ ყოველი მონიტორინგის წინ ვატარებთ კვლევას, ვქირაობთ სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციას და ვთხოვთ, რომ დაგვითვალონ რეიტინგები. ბოლო რამდენიმე წელია ამას დავუმატეთ მეორე კომპონენტიც - მედიის ექსპერტებს, მიუკერძოებელ ადამიანებს, ვთხოვთ, რომ გამოგვიგზავნონ სია, მათი აზრით, რომელი საიტები იქნებოდა საინტერესო მონიტორინგისთვის. ამ ორ შედეგს ვაჯამებთ და შედეგად, ვადგენთ იმ მედიასაშუალებების სიას, რომელსაც დავაკვირდებით.

- რა აჩვენა 6 თვიანმა დაკვირვებამ?

ონლაინ მედიაზე ბევრი კარგის თქმა შეიძლება, წლიდან წლამდე გაუმჯობესება გვაქვს. ერთ-ერთი მიგნება ის არის, რომ გვაქვს საკმაოდ ბევრი ვებგვერდი, რომელიც ცდილობს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით იმუშაოს, ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქოს მოვლენები და სიღრმისეული ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს. 13 საიტიდან 6 მაინც გვქონდა ისეთი, რომ მხოლოდ დადებითის თქმა შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად მეტყველებს ქართული ონლაინ მედიის განვითარებაზე.

რაც შეეხება სხვა ძირითად მიგნებებს, არ გვხვდებოდა ისეთი მძიმე დარღვევები, რომლებიც უფრო ხშირია, ვთქვათ, პრესაში, ტელევიზიაში, რაც გამოიხატება ჟურნალისტთა მხრიდან განსაკუთრებულად აგრესიულ, შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ გაშუქებაში. წელს სულ 2-3 პრობლემური ვებგვერდი გვქონდა, თუმცა, ამ ვებგვერდებზეც კი არ შეგვხვედრია ამ ტიპის განცხადებები ჟურნალისტთა ტექსტებში. პრობლემა იყო ის, რომ ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები შუქდებოდა უკომენტაროდ.

- რა ტიპის ეთიკური დარღვევები გვხვდებოდა ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში?

ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა არის სარეკლამო მასალების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო სტატიებისგან. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ქართულ ონლაინ მედიაში. ერთ მაგალითს გეტყვით, რომ უფრო კარგად აღსაქმელი იყოს, რა მასშტაბის პრობლემაზეა საუბარი. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ვებგვერდ “ინტერპრესნიუსს” რომ დავაკვირდით, მონიტორინგის პერიოდში გამოქვეყნებული სტატიების (რომლებიც ეხებოდა პოლიტიკის და არჩევნების თემებს) თითქმის ⅓ იყო გამოქვეყნებული სარეკლამო ნიშნით - NS - რომელიც არ არის შესაბამისი მითითება და არ არის მარტივად აღსაქმელი მკითხველისთვის.

წარმოიდგინეთ, როცა ვებგვერდის არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული სტატიების ⅓ იყო დაფინანსებული, ეს მთლიანად ცვლის გაშუქებას და ეს პიარ მომსახურებას უფრო ემსგავსება, ვიდრე ჟურნალისტიკას. ფაქტობრივად, მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ გაარჩიოს რომელი სტატიაა რედაქციის მიერ მომზადებული, ჟურნალისტის ნამუშევარი და რომელი შეკვეთილი, კომერციული სარგებლის სანაცვლოდ გამოქვეყნებული.

სხვა ტიპის პრობლემებს რაც შეეხება, ყველაზე ხშირი და გავრცელებული დარღვევა ონლაინ მედიაში არის ბრალდებების ცალმხრივად გაშუქება. როდესაც არის კონკრეტული ბრალდება კონკრეტული პირის მიმართ, ზოგი ვებგვერდი ამას აშუქებს ისე, რომ არ ცდილობს იმავე სტატიაში წარმოადგინოს ბრალდების მხარის პოზიცია და, შესაბამისად, მკითხველს ეძლევა მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრება. ესეც შეინიშნებოდა ისეთ ვებგვერდებზე, რომლებიც ძალიან ტენდენციურად აშუქებენ მოვლენებს. ვთქვათ, ისეთი ვებგვერდები, რომლებიც უფრო ხელისუფლებისკენ იხრება, ასეთ ბრალდებებს ცალმხრივად აშუქებენ ოპოზიციის მისამართით. 


  • იხილეთ ონლაინ მედიის მონიტორინგის ანგარიში სრულად ამ ბმულზე


- ამბობთ, რომ ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება უფრო იმ ვებგვერდებზე შეინიშნებოდა, რომლებიც მიკერძოებული იყვნენ. თუმცა, მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები...

დიახ, იყო გამონაკლისის სახით რამდენიმე შემთხვევა მონიტორინგის საწყის ეტაპზე ისეთ ვებგვერდებზე, რომლებიც ცდილობენ, რომ ეთიკური სტანდარტების დაცვით გააშუქონ მოვლენები. თუმცა, მონიტორინგის შემდეგ ეტაპებზე გამონაკლისის სახითაც აღარ გვხვდებოდა. ეს გამონაკლისიც მხოლოდ კვლევების გაშუქებისას გვხვდებოდა.

ბალანსის და ბრალდებების ცალმხრივად გამოქვეყნების პრობლემები გვხვდებოდა სამ ვებგვერდზე “მარშალპრესი”, “კვირა” და “პრაიმტაიმი”. ამ საიტებზე სისტემატურად გვხვდებოდა მძიმე ბრალდებების ცალმხრივად გაშუქება. თუმცა, ესეც არ იყო ჟურნალისტთა ტექსტები, ეს იყო პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მათი ოპონენტების მიმართ.

- თქვენი დაკვირვებით, ბრალდებების ცალმხრივად გაშუქების მიზანი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების დისკრედიტაცია იყო?

მიზნის თქმა ზუსტად შეუძლებელია, ჩვენ ვაკვირდებით იმ მესიჯს, გზავნილებს, რაც მოდის მედიაპროდუქტიდან. მიზანს, ამის უკან რა დგას, ჩვენ არ ვიკვლევთ. თუმცა, მიზანზე მიუთითებს ის, რომ ასეთი ბრალდებების გაშუქება გვხვდებოდა მხოლოდ ოპოზიციონერ კანდიდატთა მიმართ. ეს გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ეს ხდებოდა მიზანმიმართულად და არა შემთხვევით, ან უბრალოდ სტანდარტების არცოდნის გამო.

- რამდენიმე მედიასაშუალება დაასახელეთ და თქვით, რომ ძალიან აშკარა იყო ამ ვებგვერდებზე ხელისუფლების მიმართ მიკერძოება. დანარჩენ სამონიტორინგო ვებგვერდებს რაც შეეხება, ხომ არ გამოკვეთილა ზოგადად ოპოზიციის ან რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მიმართ მიკერძოება ან სიმპატია?

არა, ერთ-ერთი მთავარი მიგნება წლევანდელი მონიტორინგის სწორედ ეს არის, რომ არ გვხვდებოდა პოლარიზაცია. წელს გვხვდებოდა ვებგვერდები, რომლებიც აშკარად ხელისუფლებისკენ იყო, ასევე, გვხვდებოდა ვებგვერდები, რომლებიც ძალიან კრიტიკულად იყო ხელისუფლების მიმართ. თუმცა, ჩვენ არცერთი ვებგვერდი არ შეგვხვედრია, რომელზეც რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიმართ განსაკუთრებული, აშკარა მხარდაჭერა გამოკვეთილიყო.

ერთადერთი იყო “ტაბულა”, რომელზეც “ევროპულ საქართველოს” ჰქონდა ბევრად მეტი გაშუქება, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა იქაც არ ჩანდა განსაკუთრებულად დადებითად გაშუქების ტენდენცია. ამბები ამ პარტიის მიმართ უარყოფით ტონშიც შუქდებოდა. ანუ აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დაბალანსებული გაშუქება იყო და აშკარა მხარდაჭერა არ შეინიშნებოდა.

- დასაწყისში ახსენეთ, რომ მკითხველს ჰქონდა საშუალება სიღრმისეულ, ანალიტიკურ სტატიებს გაცნობოდა და ამ მხრივ წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესება შეინიშნებოდა. მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში კი ერთ-ერთ მიგნებად გამოყოფილია, რომ ონლაინ მედიაში კვლავ პრობლემად რჩება ზედაპირული გაშუქება. ამ ნაწილში იმ მედიასაშუალებებს გულისხმობთ, რომლებიც ხელისუფლების მიმართ იყო მიკერძოებული?

დიახ, სწორედ ასეთ ვებგვერდებზე იყო ზედაპირული გაშუქების პრობლემა. ჩვენ ვთქვით, რომ 13 მედიასაშუალებიდან 6-ზე შეგვიძლია კარგი დასკვნების გაკეთება, თუმცა, მეორე მხარეს რჩება 7 ვებგვერდი, სადაც კვლავ პრობლემად რჩება მოვლენების ზედაპირული გაშუქება. ნადვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს ეხება მთლიანად ონლაინ მედიას, თუმცა გვაქვს მედიასაშუალებები, სადაც ეს პრობლემა კვლავ არსებობს.





- პანდემიის გამო, წლევანდელი საარჩევნო პერიოდი განსხვავებული იყო წინა წლებისგან. როგორ აისახა ეს მონიტორინგზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებულმა თემებმა ჩაანაცვლა მედიაში წინასაარჩევნო დღის წესრიგი?

ჩვენ ვაკვირდებოდით მხოლოდ ისეთ მასალებს, რომლებშიც ჩვენი სუბიექტები იყვნენ - პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სახელმწიფო უწყებები, ქვეყნის მეთაურები. ერთადერთი, რაც ძალიან ნათლად აისახა ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგებზე პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან იყო ის, რომ აბსოლუტურად ყველა ვებგვერდზე ძალიან მაღალი დადებითი ტონის მაჩვენებელი ჰქონდა პრემიერ მინისტრს. ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც ზოგადად ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილი მთავრობის და თავად პრემიერ მინისტრის მიმართ. ეს გამოიწვია იმან, რომ პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ მომზადებული სხვადასხვა სახის დახმარების პაკეტები ყოველთვის ჟღერდებოდა პრემიერ მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, ეს აისახა მისი გაშუქების მაჩვენებელში.

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად ჰქონდა ონლაინ მედიის მკითხველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება?

ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ვებგვერდების ნაწილი საარჩევნო პერიოდში მკითხველს აწვდიდა სანდო, სიღრმისეულ ინფორმაციას პოლიტიკოსების საქმიანობის შესახებ, მათი საარჩევნო პროგრამების, ხედვების შესახებ. შემაჯამებლად, შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ონლაინ მედიიდან მიიღოს სანდო ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ჩვენ ონლაინ მედიას 2012 წლიდან ვაკვირდებით და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს 8 წელი უწყვეტად არის გაუმჯობესების პროცესი. 2012 წელს უკიდურესად პოლარიზებული იყო ქართული ონლაინ მედია. ნაწილი ერთ მხარეს იდგა და ნაწილი - მეორე მხარეს და ეს ძალიან აშკარა იყო. შემდეგ წლებში სულ უფრო და უფრო მცირდებოდა პოლარიზაცია. პარალელურად, ჩნდებოდა ასეთი პრობლემა, რომ რეიტინგულად ძალიან მაღლა მიიწევდნენ ისეთი ვებგვერდები, რომლებიც ზედაპირულად აშუქებდნენ მოვლენებს. ამ კუთხით ბევრად უკეთესი სიტუაცია გვაქვს. ისეთი ვებგვერდების რეიტინგები უფრო გაიზარდა, რომლებიც მიუკერძოებლად, ეთიკური სტანდარტების დაცვით და სიღრმისეულად აშუქებენ მოვლენებს. ამიტომ, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული სულ გაუმჯობესება გვაქვს ქართულ ონლაინ მედიაში. წელს შერჩეული მედიასაშუალებების თითქმის ნახევარი იყო აბსოლუტურად სანდო და საიმედო საარჩევნო პერიოდში.
კატეგორია: ეთიკა
შერჩევითი ფოტოებით მანიპულირების პრაქტიკას ქართული ონლაინ მედიის მცირე ნაწილი ხშირად იყენებს. ამბის საილუსტრაციოდ ასეთი მედიები ზოგჯერ შემთხვევით დაფიქსირებულ, ანდა ვიდეოდან ამოჭრილ ისეთ ფრაგმენტებს იყენებენ, რომელიც ადრესატს მისი გამომეტყველებით, ქმედებით, ან სხეულის ენით, ამბავში მოთხრობილის სრულიად საპირისპიროდ და მეტწილად, უარყოფითად წარმოაჩენს. მსგავს ფოტოებს შეუძლია, რომ მკითხველს სრულიად სხვა კუთხით დაანახოს ამბის მთავარი გმირი ან მოვლენა, წინასწარი განწყობები შეუქმნას და მცდარი დასკვნები გამოატანინოს, ან - პირიქით.

“მედიაჩეკერის” დაკვირვებით, შერჩევითი ფოტოებით მანიპულირებისას, სხვადასხვა ტიპის მედიების სამიზნე ყველაზე ხშირად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ქართული ოცნების” ლიდერები ხდებიან.

ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა, რომელიც ხშირად იყენებს მსგავს შერჩევით ფოტოებს მკითხველის წინასწარი განწყობების შესაქმნელად ან, შესაძლოა, თავად გამოცემის დამოკიდებულების საილუსტრაციოდ - “ტაბულაა”. დაუკვირვებელი თვალისთვისაც კი მარტივად შესამჩნევია, რომ გამოცემა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, ხშირად მასალის ვიზუალიზაციისთვის მმართველი პარტიის ლიდერების ისეთ ფოტოებს იყენებს, სადაც ისინი შეუსაბამოდ, არასერიოზულად, სასაცილოდ ან/და არაადეკვატურად გამოიყურებიან.

მაგალითად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გაშუქებისას “ტაბულა” მასალებს ხშირად ურთავს ფოტოს, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერს თავისივე ნათქვამის შინაარსთან შეუსაბამოდ, არასერიოზულად წარმოაჩენს, მისი გამომეტყველება კი, უარყოფით განწყობას უქმნის მკითხველს.

ქვემოთმოყვანილ ფოტოზე ასახულია სამი კადრი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე მომზადებული მასალების ვიზუალიზაციისთვის - ე.წ. ქავერის, ანუ, მთავარ ფოტოდ:

alt

იხილეთ რამდენიმე მასალის ბმული:


"ტაბულაზე" რამდენიმეთვიანი დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი ფოტოების გამოყენებას ტენდენციური ხასიათი აქვს. ბიძინა ივანიშვილის გარდა, “ტაბულა” ხშირად იყენებს შერჩევით ფოტოებს პარტიის სხვა ლიდერებსა თუ წევრებზე მასალების გამოქვეყნებისასაც.

მაგალითად, ფოტოები შერჩევითაა გამოყენებული ქვემოთმოყვანილ მასალებში, რომლებიც ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, თეა წულუკიანსა და გია ვოლსკის ეხება:

მსგავსი ფოტოები პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლებიდან, ინტერვიუებიდან და ვიდეორეპორტაჟებიდან არის შერჩევითად ამოჭრილი/დასქრინული.

alt

"ტაბულას" შერჩევითი ფოტოები სხვა პარტიის ლიდერების გაშუქებისასაც არაერთხელ გამოუყენებია. მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ადა მარშანიაზე მომზადებულ მასალებში.

alt

ფოტომანიპულირების შემთხვევებს ტენდენციური ხასიათი არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა on.ge-ს მიერ მომზადებულ მასალებშიც. ასეთი სტატიები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერ, თეა წულუკიანს ეხებოდა.

სტატიას სათაურით - “რვა წლის შემდეგ იმიტომ ვიხდი ბოდიშს, რომ ახლა დგება სიმართლის დრო — მიხეილ სააკაშვილი” საილუსტრაციოდ ახლავს ფოტო, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ხელსახოციანი ხელი თვალთან აქვს მიტანილი და, ერთი შეხედვით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ცრემლებს იწმენდს.

მეორე მასალას კი - სათაურით "წულუკიანმა დავით ბაქრაძეს "მოლაპარაკე დათუნია" უწოდა" - თეა წულუკიანის არასერიოზული გამომეტყველების ამსახველი, “შეუსაბამოდ” გაცინებული ფოტო ახლავს თან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაგალითი მოხვდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშიც, სადაც ნათქვამია, რომ “გაუგებარია თუ რატომ შეარჩია რედაქციამ სწორედ ასეთი ფოტოსურათი მინისტრის განცხადების გაშუქებისას.”

alt

ზოგჯერ შერჩევით ფოტოებს მიხეილ სააკაშვილზე მომზადებული მასალების საილუსტრაციოდ იყენებს“პრაიმტაიმიც”. მაგალითად, ქვემოთმოყვანილ სტატიებს თან ერთვის ფოტოები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილს თავისი ქმედება ან გამომეტყველება არასერიოზულად წარმოაჩენს:

ფოტომანიპულაციების შემთხვევებს ტენდენციური ხასიათი აქვს ხელისუფლებასთან აფილირებულ ისეთ გამოცემებზე, როგორიცაა “კვირა” და “მარშალპრესი”. აღნიშნულ საიტებზე განსაკუთრებით თვალშისაცემია ფოტომანიპულირების მაგალითები, როდესაც საქმე მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციას ეხება.

ორივე გამოცემა ხშირად იყენებს ფოტოებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი სასაცილოდ, არაადეკვატურად და შეუსაბამოდ გამოიყურება. მაგალითად, “მარშალპრესის” მასალას სათაურით - ხომ გეუბნებოდით, დაცხება და ტვინში ისევ ოფლის გაჟონვა დეემართება-მეთქი? – ხტუნაობდით, ტოოო? - ზედელაშვილითანდართული აქვს ფოტო, სადაც მიხეილ სააკაშვილის შადრევანთან სირბილის მომენტია ასახული.  
“კვირას” მასალას - სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერებისა და პომპეოს მოადგილის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება - კი ერთვის სააკაშვილის არასერიოზულ გამომეტყველებიანი კადრი.

მსგავს ფაქტებს ტენდენციური ხასიათი აქვს ოპოზიციის გაშუქებისასასც. მაგალითად, ფოტომანიპულაციების შემთხვევები, რომლებიც “ევროპული საქართველოს” ლიდერ ელენე ხოშტარიას და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილს ეხებოდა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშიც მოხვდა.

ფოტოები, რომლებსაც აღნიშნული გამოცემები იყენებენ, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათი მიზანი, ერთი მხრივ, “სამიზნე” სუბიექტებისადმი წინასწარ არასერიოზული განწყობების შექმნა, მეორე მხრივ კი - კონკრეტული პოლიტიკოსების დისკრედიტაციის მცდელობაა.
კატეგორია: მედიაგარემო
დღეს, 19 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა მეთორთმეტე საერთო კრებაზე, ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.

ქარტიის საბჭოს სამი ახალარჩეული წევრიდან, ერთი თბილისის კვოტითაა არჩეული, ორი კი რეგიონების.

საბჭოს წევრები გახდნენ:

თბილისის კვოტით - ნინო ჯაფიაშვილი
რეგიონის კვოტით - გულო კოხოძე და სოფო ჟღენტი
 
მათ ამ პოზიციაზე ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი და მაია მერკვილაძე ჩაანაცვლეს.

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს.

ქარტიის საბჭოს ახალი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ზვიად ქორიძე
  2. ნანა ბიგანიშვილი
  3. კამილა მამედოვა
  4. ნინა ხელაძე
  5. ირმა ზოიძე
  6. ნინო ჯაფიაშვილი
  7. სოფო ჟღენტი
  8. გულო კოხოძე
  9. ნათია ზოიძე
კატეგორია: მედიაგარემო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 19 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე "ქარტიის პრიზი 2020-ის" გამარჯვებულები გამოავლინა.

დამოუკიდებელმა ჟიურიმ საუკეთესოდ შემდეგი ნამუშევრები მიიჩნია:



პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის საკითხებზე პრიზი დაწესებული იყო IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.

გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები გადაეცათ.
კატეგორია: ეთიკა
ფაქტების სიზუსტე და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი, დაუბალანსებელი გაშუქება, სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნის პრობლემა, საკითხების ზედაპირული გაშუქება და სიღრმისეული, კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა - ეს ის ძირითადი პობლემებია, რომლებიც წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად ონლაინ მედიაში გამოიკვეთა.

ონლაინ მედიის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 15 ივნისიდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, დღეს, 18 დეკემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად იკვეთება და გასულ წლებში განხორციელებულ მონიტორინგთან შედარებით, შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მედიაში გენდერული ნიშნით გამოკვეთილ პრობლემებზეც და ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პერიოდში თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მასალების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა:

  • სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა უმწვავესი გამოწვევააონლაინ მედიისთვის. რეიტინგული ვებგვერდების ნაწილი მკითხველს არ აძლევს საშუალებას, რომ ნათლად გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია სარეკლამო და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;
  • ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტების სიზუსტე და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი, დაუბალანსებელი გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები;
  • ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება, თუმცა მონიტორინგისთვის შერჩეული 13 ვებგვერდიდან 4-ის შემთხვევაში ცალსახად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან,მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;
  • გასულ წლებში განხორციელებულ მონიტორინგთან შედარებით, შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით. მართალია, ვებგვერდებზე ჭარბობდა მმართველი პარტიის გაშუქება, თუმცა ყურადღება ეთმობოდა ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებასაც;
  • წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის გაშუქება აისახა იმაში, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა ვებგვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის პროცენტული მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრის გაშუქებისას; ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე.
  • თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს;
  • ონლაინ მედიაში პრობლემად რჩება საკითხების ზედაპირული გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა უმრავლესობა მკითხველს არ სთავაზობდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სიღრმისეულ და კრიტიკულ ანალიზს;
  • მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პირველი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ონლაინ მედიაში საგრძნობლად იკლო ასეთი განცხადებების უკომენტაროდ გამოქვეყნების შემთხვევებმა; 

მონიტორინგის შესახებ

ქართული ონლაინ მედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდებოდა.

მონიტორები 13 ონლაინ მედიასაშუალებას სკვირდებოდნენ: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

კვლევის მეთოდოლოგია

მედიამონიტორინგის ფარგლებში შერჩეულ მედიასაშუალებებზე დაკვირვება ხდებოდა როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კომპონენტების გათვალისწინებით. მეთოდოლოგიაში ნათქვამია, რომ რაოდენობრივი კვლევისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა სიხშირით შუქდებოდა ესა თუ ის სუბიექტი შერჩეულ მედიასაშუალებაში და რა ტონით შუქდება აღნიშნული სუბიექტი. თვისებრივი დაკვირვებისას კი ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად იცავს შერჩეული მედიასაშუალება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, როგორიცაა: ფაქტის სიზუსტე, წყაროების მრავალფეროვნება, დაბალანსებული გაშუქება, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება, გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირება, რაიმე სახის მანიპულაცია და ა.შ.

მონიტორინგი არ ხორციელდებოდა სარეკლამო სტატიებზე, რომლებსაც თან ახლავს სათანადო მინიშნება.
კატეგორია: ეთიკა

დღეს, 15 დეკემბერს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქალაქის მერიამ უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენები მთელი დღის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი თემაა მედიისთვის. “მედიაჩეკერი” 12:00 საათიდან აკვირდება ცენტრალური მაუწყებლების სატელევიზიო ეთერებს, იმის გასარკვევად, ვინ, როდის და როგორ დაიწყო ამ მოვლენების გაშუქება.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენების სატელევიზიო ეთერში გაშუქება “იმედისა” და "Postv-ის" გარდა, ყველა ცენტრალურმა მაუწყებელმა 13:00 საათის შემდგომი,უახლეოსი საინფორმაციო გამოშვებებიდან დაიწყო. “იმედმა” ამბავი პირველად 17:00 საათიან გამოშვებაში გააშუქა (იქამდე არხზე გავიდა 14:00 საათიანი გამოშვებაც), "Postv-ს" კი, 12:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში (რა დროსაც ამ ამბის გაშუქებას ვაკვირდებოდით) ეს ამბავი სატელევიზიო ეთერში არ გაუშუქებია.

ამავე დროს, ყველა იმ მაუწყებელმა, რომელმაც, ამბავი 13:00 საათის შემდგომ საინფორმაციოში გააშუქა, გამოშვება ამ ამბით დაიწყო, პირველმა არხმა და "იმედმა" კი ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო გამოშვების ბოლო ბლოკში გააშუქეს, - პირველმა არხმა 30-წუთიანი საინფორმაციო გამოშვების დაახლოებით 25-ე წუთზე, "იმედმა" კი 17:00 საათიანი გამოშვების 23-ე წუთზე.

ამბის სატელევიზიო ეთერში გაშუქება თავდაპირველად “TV პირველმა” 13:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში დაიწყო და მას შემდეგ “TV პირველის” მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებისთვის 14:00, 15:00 და 16:00 საათიან გამოშვებებშიც.

აფრიკის დასახლებიდან ჟურნალისტის პირდაპირ ეთერში ჩართვით დაიწყო ტელეკომპანია “ფორმულას” 14:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვებაც. ასევე, აღნიშნული ამბის გაშუქებით დაიწყო 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ტელეკომპანია “რუსთავი 2-მაც”.

“მთავარი არხის” მაყურებელი 14:35 საათიდან მოვლენებს პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. “მთავარმა არხმა” სერიალის ჩვენება შეწყვიტა და საინფორმაციო გამოშვებამდე 25 წუთით ადრე, სპეციალური გამოშვებით შევიდა სატელევიზიო ეთერში. “მთავარის” საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ კი, ამავე ამბით ეთერში დაიწყო საგანგებო გამოშვება გადაცემა “დღის სტუმარი” აფრიკის დასახლებიდან.

სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა 15:00 საათიანი გამოშვების დასკვნით ნაწილში გააშუქა (15:25 წუთიდან) და დაახლოებით 5 წუთი დაუთმო.

ამბავი ამ დრომდე არ გაუშუქებია ტელეკომპანია "Postv-ს”. აღნიშნული მაუწყებლის ეთერში 12 საათიდან უკვე სამი საინფორმაციო გამოშვება გავიდა - 12:00, 14:00 და 16:00 საათზე.

სამი საინფორმაციო გამოშვება გავიდა “იმედზეც” - 12:00, 14:00 და 17:00 საათზე. თუმცა, მაყურებელმა მომხდარის შესახებ მხოლოდ 17:00 საათიანი “ქრონიკიდან” შეიტყო. შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანია “იმედის” მაყურებელს აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მიიღო.

ამბავი “იმედმა” 17:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში მანიპულაციურად გააშუქა - “ქრონიკის” წამყვანმა ამბავი შემდეგი ტექსტით წარუდგინა მაყურებელს:

“დღეს თბილისის მერს მოუხდა განმარტების გაკეთება აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებზე. კახა კალაძის თქმით, ვიდრე ქალაქის მმართველია, არ დაუშვებს სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცებას. აქვე გეტყვით, რომ აფრიკის დასახლებაში, სადაც “თბილისის მერიამ” შენობების დემონტაჟი დაიწყო, სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ, რა დროსაც დააკავეს დაახლოებით 8 ადამიანი. მოსახლეობა მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან შენობების დანგრევის შესახებ წინასწარი გაფრთხილების შესახებ არ იუწყება, თუმცა საწინააღმდეგო არის ოფიციალური ინფორმაცია”.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ განცხადება 15 დეკემბერს დაახლოებით 11:30 საათისთვის გაავრცელა.


რედაქცია: სტატია გამოქვეყნდა 17:50 საათზე, შესაბამისად, მასალაში აღწერილი ვითარება მოიცავს 12:00 - 17:50 საათის მონაცემებს. "მედიაჩეკერი" აგრძელებს თემის გაშუქებაზე დაკვირვებას.

კატეგორია: მედიაგარემო
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58,061 ლარით დააჯარიმა. კომისიის ინფორმაციით, მაუწყებელი კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო დაჯარიმდა.

საქმე ეხება 6 და 7 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ დაკვეთით განთავსებულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს. კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან და „მთავარ არხს“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან -16 ნოემბრიდან ჰქონდა.

“იმის გათვალისწინებით, რომ იდენტური დარღვევისთვის კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლის მიმართ თებერვალში უკვე გამოყენებული აქვს ფულადი სანქცია, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, „მთავარ არხს“ ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით დაეკისრა” - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.

“არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე” - ამ განცხადებით კომინიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა:

“წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით. წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა?” - წერს გვარამია.