კატეგორია: რესურსები

საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების გაშუქება ყოველთვის შეიცავს რისკებს, ასეთ დროს ჟურნალისტების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ამიტომ ისინი აქციების გაშუქებამდე შესაბამისად უნდა იყვნენ მომზადებულნი. ცოდნა, გამოცდილება და სამოქმედო გეგმის წინასწარ შედგენა საპროტესტო აქციების გაშუქებასთან დაკავშირებულ რისკებს ბევრად შეამცირებს.

"მედიაჩეკერმა" სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული, აქციებისა და დემონსტრაციების გაშუქების სახელმძღვანელო წესები მოიძია და პრაქტიკულ რჩევებს მოუყარა თავი. 


»  წინასწარ მომზადება

  • სანამ გადასაღებად წახვალთ წინასწარ დაგეგმეთ რას მოიმოქმედებთ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. კარგად შეისწავლეთ ტერიტორია და რუკის დახმარებით გაარკვიეთ ცხელ წერტილთან ახლოს მდებარე უსაფრთხო ადგილები და გასასვლელები.
  • წაიღეთ პატარა ზურგჩანთა, რომელშიც დამცავ საშუალებებთან ერთად წყალი და საკვები გექნებათ. კარგია თუ თან გექნებათ ტკბილეული.
  • ზურგჩანთა შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზინის ტყვიებისგან , ქვებისა და წყლის ჭავლისგან დამცავ "ფარად". სასურველია ზურგჩანთას ჰქონდეს წინა შესაკრავები, რომლითაც ჩანთას წელსა და გულმკერდის არეზე კარგად დაიმაგრებთ, რაც სირბილის დროს პრაქტიკული იქნება.
  • თან იქონიეთ პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი.
  • წაიღეთ თვალების დამცავი საშუალებები, თუნდაც ცურვისთვის განკუთვნილი სათვალე ან სამშენებლო სამუშაოებისთვის განკუთვნილი დამცავი სათვალე, ასევე სახის დამცავი ფარი ან აირწინაღი.
  • ჩაიცვით თავისუფალი, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი. ასეთი ტანსაცმელი ისე სწრაფად არ დაიწვება, როგორც სინთეტიკა. გახსოვდეთ, ყოველთვის არსებობს გაზის ყუმბარის აფეთქების რისკი.
  • ნუ ჩაიცვამთ პოლიციისა და სამხედროების ფორმის მსგავს ტანსაცმელს. სასურველია გეცვათ, როგორც სამართალდამცველების ისე მომიტინგეების ტანსაცმლისგან განსხვავებული ფერის ტანსაცმელი. მოერიდეთ შავის, ასევე ჭრელი ფერების ჩაცმას. ყველაზე კარგი ვარიანტია ლურჯი ფერის ტანსაცმელი.
  • ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც პრაქტიკულია და რომელსაც თასმები მჭიდროდ ეკვრება.
  • თან იქონიეთ საჭირო წამლები, თავისი შეფუთვით.
  • არ შეიკრათ თმა ე.წ ცხენის კუდით და არ გაიკეთოთ საყურეები, რათა არ ჩაგეჭიდოთ ვინმე ან რამეს არ გამოედოთ.
  • ტელეფონში პროდიუსერისა და სხვა მნიშვნელოვანი საკონტაქტო პირების ნომრები გამოყავით ცალკე ( შეგიძლიათ თითოეულს წინ მიაწეროთ ანბანის პირველი ასო A, რაც მათ მოძებნას გაგიადვილებთ ან ეს ნომრები გადაიყვანეთ მნიშვნელოვანი კონტაქტების სიაში). ასე დაზოგავთ დროს და ოფისსა და კოლეგებთან კომუნიკაციას გაამარტივებთ.
  • შეამცირეთ მობილურის განათება და არასაჭირო აპლიკაციებს გამოურთეთ ენერგიის მოხმარება. მობილური უნდა იყოს ბოლომდე დატენილი, თან უნდა იქონიოთ დამატებითი პორტატული დამტენი (Power Bank) და შესაძლებლობის ფარგლებში დამატებითი პატარა მობილური (არაა აუცილებელი სმარტფონი იყოს), რომლიდანაც მნიშვნელოვან კონტაქტებს დაურეკავთ.
  • იქონიეთ თქვენი ადვოკატის საკონტაქტო ნომერი. შეგიძლიათ დაიწეროთ მხარზე ან ფურცელზე, რომელიც სულ თან გექნებათ.
  • სასურველია ავტომობილში პატარა ზომის ცეცხლსაქრობი გედოთ.

»  უშუალოდ ადგილზე ყოფნისას

  • ყოველთვის დარჩით თქვენს ჯგუფთან ერთად. არასდროს დატოვოთ ოპერატორი მარტო, რადგან ის ფოკუსირებულია გადაღებაზე და ნაკლებად აქცევს ყურადღებას რა ხდება მის ირგვლივ. ყოველი შემთხვევისთვის შეარჩიეთ ერთი ადგილი, სადაც განცალკევების შემთხვევაში ჯგუფის წევრები ერთმანეთს შეხვდებით.
  • ყოველთვის თან იქონიეთ პრესის ბარათი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ხედავთ, რომ მედიის მიმართ აგრესიაა, დამალეთ პრესის ბარათი და ნუ იტყვით, რომ მედიის წარმომადგენელი ხართ. 
  • ნუ იქონიებთ თან ბლოკნოტს, რომელსაც მედიის ლოგო აქვს. ჩაინიშნეთ რაც შეიძლება ცოტა შენიშვნა, რათა ნაკლები ყურადღება მიიქციოთ.
  • ინტერვიუ ჩაწერეთ აქციის ადგილისგან მოშორებით ან ქუჩის კუთხეში.
  •  თუ რეპორტიორი ხართ, არაა აუცილებელი დემონსტრანტების წინ ან შუაში დადგეთ, უმჯობესია მათ გვერდიდან დააკვირდეთ და ისე გაჰყვეთ. როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც ქვებს ისვრიან დემონსტრანტების შუაში დგანან და ხალხში არიან შერეული. არასდროს დადგეთ მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის.
  • თუ ფოტოგრაფი ან ოპერატორი ხართ სჯობს მაღლიდან გადაიღოთ.
  • თუ სამართალდამცველები თქვენი მიმართულებით მორბიან გაერიდეთ ადგილს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისევე მოგექცევიან, როგორც ერთ-ერთ მომიტინგეს.
  • არაფერი აიღოთ მიწიდან. ნებისმიერი რამ, რაც თქვენს სიახლოვეს დავარდება დატოვეთ ისე, როგორცაა. თუ დემონსტრანტების ნასროლ ქვას აიღებთ შეიძლება პოლიციას ეგონოს, რომ თქვენც სროლას აპირებთ და ამისთვის დაგაკავონ. ხოლო, თუ ცრემლსადენი გაზის ყუმბარას შეეხებით, მაშინ ხელს დაიწვავთ.
  • დაკავების შემთხვევაში პოლიციას ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგიყვანენ. სჯობს იქ მყოფ სამართალდამცველებს უთხრათ თქვენი ვინაობა და განუმარტოთ რას აკეთებდით.
  • თუ დაგაკავეს მოყევით სიმართლე, მოერიდეთ ამბის შეცვლას.
  • თუ პოლიციის მანქანაში გადაგიყვანეს შეგიძლიათ ხმამაღლა დაიძახოთ თქვენი სახელი, გვარი და იმ მედიის სახელწოდება, რომლისთვისაც მუშაობთ. ასე თქვენი დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება. 

 ასევე დაგაინტერესებთ: გაშუქება და სტრესი

 

»  დარბევის დროს

  • სიტუაციის დაძაბვისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ყურადღებით. დარწმუნდით რომ ფიზიკურად მომზადებული ხართ. დაუსვით თქვენს თავს კითხვა: შეგიძლიათ სირბილი?
  • მზად იყავით გაექცეთ კვამლს, ცეცხლს, პოლიციას და ზოგადად ნებისმიერ ნასროლ ნივთს. ამ დროს თავი დაბლა უნდა გქონდეთ დაწეული.
  • თუ ვარაუდობთ, რომ ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ, დადექით ქარის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს, თუ გაზის ყუმბარა თქვენთან დავარდა, რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცით პოლიციისგან მოშორებით და ეცადეთ მაქსიმალურად ცოტა ისუნთქოთ. ასთმის, რესპირატორული პრობლემების, ინფექციური დაავადების მქონე, ორსულები, თვალის ინფექციისა და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ასევე ისინი, ვინც კონტაქტურ ლინზებს ხმარობენ, განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ცრემლსადენ გაზს.
  • თუ კონტაქტურ ლინზებს იყენებთ, შესაძლოა გაზი თვალსა და ლინზას შორის მოხვდეს, რაც გაღიზიანებას გამოიწვევს. ამიტომ სასურველია სათვალე გეკეთოთ.
  • რეზინის ტყვიების გამოყენებისას თუ ვერ გაიქცევით, პოლიციისკენ ზურგით დადექით მუხლებზე. თავი დახარეთ და დაიცავით სახე. ამისთვის შეგიძლიათ ზურგჩანთა გამოიყენოთ.
  • წყლის ჭავლის გაშვების შემთხვევაში, შებრუნდით ზურგით, მოიხარეთ, დახუჭეთ თვალები და ხელები აიფარეთ ცხვირისა და პირის წინ ისე, რომ ჰაერი საკმარისი გქონდეთ და სუნთქვა შეძლოთ.
  • იმუშავეთ თქვენს გუნდთან ერთად და გახსოვდეთ, საიდან უნდა გაიქცეთ, თუ ვითარება უარესობისკენ შეიცვლება.
  •  აქციის გაშუქების შემდეგ გამართეთ შეხვედრა ნიუსრუმში და განიხილეთ გაშუქების პროცესი. ისწავლეთ "გაკვეთილები"

»  რეკომენდებული აღჭურვილობა

ზურგჩანთა, რომელშიც გექნებათ:

  • ბეისბოლის კეპი (თავის დაცვისთვის)
  • თვალების დასაცავად სათვალე (ცრელმსადენი გაზის დროს)
  • აირწინაღი
  • პირველადი დახმარების ნაკრები
  • მუხლების დამცავი ბალიშები
  • პატარა ზომის ცეცხლსაქრობი
  • ყურის ერთჯერადი საცობები (აქციის დასაშლელად ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემთხვევისთვის)


»  რჩევები ცრემლსადენი გაზისგან თავდასაცავად

ცრემლსადენი გაზის გაშვებისას არ ჩავარდეთ პანიკაში. როცა გაიგებთ სროლის ხმას აიხედეთ ზემოთ და ეცადეთ მოერიდოთ იმ ადგილს, სადაც გაზის ყუმბარა დავარდება. ხშირად ყუმბარები ჰაერშივე ფეთქდება, რის გამოც ის ცხელდება ამიტომ არ შეეხოთ მას. ასევე არ აიღოთ აუფეთქებელი ცრემლსადენი გაზის ყუმბარა, რადგან შესაძლოა თქვენს ხელში აფეთქდეს და დაშავდეთ. ცრემლსადენი გაზისგან საუკეთესო თავდაცვის საშუალება აირწინაღია. მაგრამ თუ აირწინაღი არ გაქვთ თან იქონიეთ პოლიეთილენის პარკში ჩადებული ლიმონის წვენით/მჟავით ან ვაშლის ძმრით დასველებული ხელსახოცები, რომლებსაც ცხვირსა და პირზე დაიდებთ. თვალები შეგიძლიათ გამოირეცხოთ ფიზიოლოგიური ხსნარით ან წყლით.

ჩაიცვით რამდენიმე ფენა ტანსაცმელი. როცა კვამლი ტანსაცმელში შევა უნდა გაიხადოთ ზედა ფენა. ეცადეთ ზემოდან გეცვათ წყალგაუმტარი/ საწვიმარი ტანსაცმელი. თუ კონტაქტურ ლინზებს ხმარობთ, ცრემლსადენი გაზის გაშვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოიხსენით ლინზები. თუ არ გაქვთ სათვალე ან სახის რაიმე ტიპის დამცავი საშუალება, ცხვირზე აიფარეთ მაისური და ისე ისუნთქეთ - ეს იქამდე იქნება ეფექტიანი, ვიდრე მაისურის ქსოვილი გაზით არ გაიჟღინთება.

მოერიდეთ აქციაზე მაკიაჟით მისვლას. ეს ცრემლსადენი გაზის მოქმედებას გააძლიერებს. კოსმეტიკა და სახის დამატენიანებლები ცრემლსადენი გაზის ან წიწაკის სპრეის მოხვედრისას იწვევს წვას. გეკეთოთ სამაჯური ან იქონიეთ სამედიცინო ბეიჯი, რომელზეც ეწერება თქვენი სისხლის ჯგუფი და კონკრეტული დაავადება ან ალერგია.


წყაროები

 https://www.nuj.org.uk/documents/ifj-safety-guidelines/
https://j-source.ca/article/tips-for-journalists-covering-violent-protests/
https://gijn.org/resources/abrajis-security-manual-for-covering-street-protests/
https://ijnet.org/en/story/tips-staying-safe-while-covering-violent-protests

სტატიაში გამოყენებულია ტბელ აბუსერიძის ფოტო. თბილისი, 20 ივნისი.  


 

კატეგორია: რესურსები
თუ ცნობილი გამოცემების ვებგვერდებზე საერთაშორისო ამბებს ხშირად ეცნობით მაშინ დიდი შანსია იმისა, რომ ბოტის მიერ დაწერილი სტატია უკვე წაგიკითხავთ.

ციფრული ტექნოლოგიების ხანაში ხელოვნური ინტელექტი ბევრ სფეროშია ადაპტირებული მათ შორის ჟურნალისტიკაშიც. კომპიუტერული მეცნიერების ეს დარგი (AI), ფაქტობრივად, ჟურნალისტიკის პრაქტიკას ცვლის. ახლა უკვე შესაძლებელია ადამიანური რესურსის გარეშე ისეთივე მასალის მომზადება, როგორსაც ნიუსრუმში მომუშავე რეპორტიორი დაწერდა, იმ განსხვავებით, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი ამბავი კიდევ უფრო ოპერატიულად იწერება.

ტექნოლოგიური კომპანია Narrative Science-ის პროგნოზით, 2025 წლისთვის ახალი ამბების 90%-ს ბოტები დაწერენ. თუმცა, სანამ ეს რეალობად იქცევა, მანამდე დიდი გამოცემები ინფორმაციის გადამუშავებისა და შექმნის პროცესში თავიანთ ბოტებს უკვე იყენებენ. მათ შორისაა The Washington Post-ი, BBC-ი, Reuters-ი, The Associated Press-ი, Bloomberg-ი, The New York Times-ი, The Wall Street Journal-ი, The Times-ი და სხვ.

Reuters Institute-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, გამოკითხული 200 ტოპ რედაქტორიდან და ხელმძღვანელიდან 3/4 ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ხელოვნური ინტელექტი ახალი ამბების ჟურნალისტიკაში ძირითადად ფინანსების, სპორტული ღონისძიებების, მიწისძვრებისა და იმ თემების დასაწერად გამოიყენება, რომლებშიც ბევრი მონაცემია. ზემოთ ჩამოთვლილი ამ და სხვა მასალებისთვის ცნობილი გამოცემები ხელოვნურ ინტელექტს შემდეგნაირად იყენებენ:

გასულ წელს ჩინურმა მედიასაშუალებამ Xinhua-მ ახალი ამბების გამოშვების ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კაცი ტელეწამყვანი შექმნა. მიმდინარე წელს კი მაყურებელმა ასეთივე ქალი წამყვანის დებიუტი იხილა.

 

Forbes-ის ინფორმაციით, The Washington Post-ი რობოტს სახელად Heliograf-ს იყენებს. მისი მუშაობის პირველ წელს რობოტმა დაახლოებით 850 სტატია დაწერა. The Post-ი Heliograf-ს არა ჟურნალისტების ჩასანაცვლებლად, არამედ მათი სამუშაოს შესამსუბუქებლად იყენებს. რობოტი ძირითადად ფინანსურ მონაცემებსა და ვაშინგტონის მასშტაბით სასკოლო ფეხბურთის მატჩების გაშუქებაზე მუშაობს. The LA Times-ი ხელოვნურ ინტელექტს მიწისძვრებისა და მკვლელობების შემთხვევათა გასაშუქებლად იყენებს. გამოცემის ბოტი მსხვერპლის გენდერს, რასას, მკვლელობის მიზეზს, პოლიციიის ჩართულობის შესახებ ინფორმაციას, ადგილსა და სხვა მონაცემებს რეალურ დროში აგროვებს.

Bloomberg-ის კონტენტის 30% კი ავტომატურად, ბოტის მიერაა დაწერილი. პროგრამა Cyborg-ი ფინანსურ ანგარიშებს ბიზნეს რეპორტიორის მსგავსად ახალ ამბებად აქცევს. მას შეუძლია დაწეროს სტატიის სათაური და გამოყოს ქვეთავები. ხელოვნური ინტელექტის ეს პროგრამა სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვან ამბებსაც ეძებს და კატასტროფების, თავდასხმების, თანამდებობიდან გადადგომისა და სხვა თემების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებს პოულობს, რის შემდეგაც ადგენს, რამდენად ღირს ამა თუ იმ ამბის გაშუქება.

შედარებით მცირე მასშტაბის გამოცემები, მათ შორის AP-ი და RADAR-ი, ყოველკვირეულად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაწერილ ათასობით ახალ ამბავს აქვეყნებენ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლის მასალის მიხედვით, The Atlanta Journal-Constitution-ი ექიმების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ გამოძიებისთვის პულიცერის პრიზის ფინალისტი გახდა. თემაზე მუშაობისას კი გამოცემამ 100,000 -ზე მეტი დოკუმენტის შესასწავლად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.

Reuters-ი კი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამებს სამთავრობო და კორპორაციული მონაცემების გადასამუშავებლად, მასალების რამდენიმე ენაზე სათარგმნად და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით იყენებს.

ხოლო The Wall Street Journal-სა და Dow Jones-ში, ხელოვნურ ინტელექტი ინტერვიუს გასაშიფრად და deep fake-ების გამოსააშკარავებლად გამოიყენება.

ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის მზარდად დანერგვა მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე კითხვას უჩენს: ჩაანაცვლებს თუ არა ოდესმე რობოტი ჟურნალისტს? შემცირდება თუა არა სამუშაო ადგილები მედიაში? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ბოტების დაწერილ ახალ ამბებს? და სხვ.

Knowledge@Wharton-თან ინტერვიუში მკვლევარმა და პროფესორმა ნოამ ლატარმა ჯერ კიდევ 2014 წელს ივარაუდა, რომ ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედია ორგანიზაციებს ხარჯებს შეუმცირებდა.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია რეპორტიორს საქმე ბევრად გაუმარტივოს. მაგალითად, ხმის ამომცნობი ფუნქციით გაშიფროს ინტერვიუ და ერთდროულად უსმინოს რამდენიმე პრესკონფერენციას, დააფიქსიროს მასში კონკრეტული სიტყვები და მიხვდეს არის თუ არა რაიმე დაუყოვნებლივ გასაშუქებელი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტიკაში გამოირჩევა, ავტომატური თარგმანია. როგორც წესი, უცხო ქვეყნების კორესპონდენტები ამბავზე მუშაობისას ერთ ენას იყენებენ, მასალას კი სხვა ენაზე წერენ. მაგალითად, ინტერვიუს ჩინურად წერენ, სტატიას კი ინგლისურ ენაზე ამზადებენ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რეპორტიორებს შეუძლიათ მასალა ნებისმიერ ენაზე დაწერონ შესაბამისი პროგრამა კი მას წამებში გადათარგმნის, რის შემდეგაც მასალის ავტორი სტატიას გადახედავს, შესწორებებს შეიტანს და მედიასაშუალებას გადაუგზავნის.ხელოვნური ინტელექტის პლუსი ისიცაა, რომ ის ყოველ შეცდომას სწავლობს და მას აღარ იმეორებს.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის პროფესორი მერედიტ ბროუსარდი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ნიუსრუმებში დანერგვა ჟურნალისტებს დროის დაზოგვაში დაეხმარება და ისინი გამოთავისუფლებულ დროს ხარისხიანი და ბევრად საინტერესო მასალების შექმნას დაუთმობენ.

Bloomberg-ის მთავარი რედაქტორი ჯონ მიკლვეითი კი საკითხს ადამიანისა და რობოტის ერთობლივ მუშაობად აღიქვამს. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და დახვწისთვის ადამიანური რესურსია საჭირო. "ჩვენ გვჭირდებიან ჟურნალისტები, რომლებიც Cyborg-ს "ეტყვიან" რა გააკეთოს. ადამიანები გვჭირდებიან იმისთვისაც, რომ გადაამოწმონ ბოტის დაწერილი მასალა... გამოდის, რომ ადამიანები და მანქანები ერთად მუშაობენ“, - აღნიშნავს მიკლვეითი.

მართალია, ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტი რთულად გასაგები ციფრების დალაგებასა და ამბის გადმოცემას ახერხებს, თუმცა მისი წერის სტილი მაინც შაბლონურია და ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად, RADAR-ში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამისთვის ჟურნალისტები ქმნიან შაბლონებს, რომლებიც ტექსტის ფრაგმენტებსა და მისი ლოგიკური განვითარების ვარიანტებს მოიცავს, შესაბამისად მსგავსი მასალების ტექსტი, ფაქტობრივად, მუდმივად მეორდება და მასში მხოლოდ მონაცემები იცვლება. თავის მხრივ, რეპორტიორი სტატიის წერისას ინტერპრეტაციას იყენებს, ფაქტებს სხვადასხვა მხრიდან აჩვენებს, რაც ხელოვნურ ინტელექტს ჯერჯერობით არ შეუძლია.

კიდევ ერთი კითხვა, რაც ბოტის მიერ დაწერილ ახალ ამბებს უკავშირდება არის ის თუ ვინ არის მასალაზე პასუხისმგებელი? მაგალითად, თუ ალგორითმმა დაუშვა შეცდომა ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა? ერთ-ერთი ლოგიკური პასუხი უშუალოდ მედია ორგანიზაციაა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში ეს საკითხი, შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის გამო მაინც ბუნდოვანია.

ზოგიერთი გამოთვლებით, ხელოვნურ ინტელექტს დღესდღეობით რეპორტიორის საქმის 15%-ისა და რედაქტორის საქმის 9%-ის ათვისება შეუძლია. წყაროებთან მოლაპარაკება, მათი დათანხმება, მასალების განსხვავებულად და საინტერესოდ თავმოყრა კი იმ ჟურნალისტური უნარების ნაწილია, რაც ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს უამრავ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ჟურნალისტისთვის აუცილებელი თვისებები ისევ ჩაუნაცვლებელია.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

თანამედროვე ციფრულ სამყაროში მცხოვრებ ადამიანს იმაზე მეტ ახალ ამბავსა და ინფორმაციაზე აქვს წვდომა, ვიდრე ამის შესაძლებლობა ისტორიის განმავლობაში ნებისმიერ სხვა ადამიანს ჰქონია. მათ ინფორმაციის მიღება უფასოდ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ და თან ეს ყველაფერი მათს ჯიბეში, მობილურში იყრის თავს.

თუმცა თანამედროვე ადამიანებს წვდომა არა მხოლოდ ახალ ამბებზე, არამედ დაწყებული თამაში Clash of Clans-დან კიანუ რივზის მიმებითა და TikTok-ით დამთავრებული, ყველაფერზე აქვთ. აღნიშნული კონტენტი კი გასართობი ხასიათისაა და, როგორც წესი, მომხმარებლებს ბედნიერების გრძნობას ანუ უბრალოდ დადებით განწყობას უტოვებს. დღესდღეობით კი ბედნიერების შეგრძნება არც ისე მარტივია. ამიტომაც ბევრ ადამიანს ურჩევნია კიანუ რივზის მიმებით გაერთოს და თავი აარიდოს ტრამპის, ირანის, პუტინის, კლიმატის ცვლილების, ბრექსიტისა თუ რასიზმის შესახებ ამბებს.

გაუმჯობესებული ტექნოლოგია ახალ ამბებზე წვდომას ზრდის, თუმცა ამასთანავე ამარტივებს მათგან თავის დაღწევის საშუალებებსაც. Digital News Report-ის ბოლო ანგარიშში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, წარმოდგენილი იყო მონაცემები მკითხველის მიერ ახალ ამბებისგან თავის არიდების შესახებ. 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხულთა 29% აცხადებდა, რომ ისინი "ხშირად ან ზოგჯერ არიდებდნენ თავს ახალ ამბებს.“ 2019 წელს ეს მაჩვენებელი 32%-მდე გაიზარდა.

რატომ არიდებს ხალხი თავს ახალი ამბების კითხვას?

2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ამერიკელებისთვის ამის მიზეზი ის იყო, რომ ახალ ამბებს "ნეგატიური გავლენა ჰქონდა განწყობაზე (57%) და "ამბის სიმართლეში ეჭვი ეპარებოდათ" (35%).

LinkedIn-ის რედაქტორმა იზაბელ რაჰოლმა Digital News Report-ის მონაცემები მოკლედ შეაჯამა და მკითხველს ახალი ამბებისგან თავის არიდების გამოცდილებაზე ჰკითხა. ხალხმა მასალის ქვეშ კომენტარები დატოვა, რომლებშიც ჩანდა როგორ აღიქვამენ არაჟურნალისტები ახალ ამბებს. ბუნებრივია, კომენტარების ველი სამეცნიერო მაგალითად ვერ გამოდგება, თუმცა მათი ავტორები არიან ადამიანები, რომლებიც საინფორმაციო მედია ორგანიზაციისთვის მკითხველთა რაოდენობის გასაზრდელად სამიზნე აუდიტორია იქნებოდნენ.

რამდენიმე კომენტარი, რომლებიც იზაბელ რაჰოლის მასალას მოჰყვა:

"გაეცანით Metro -ს მასალებს. გარანტიას გაძლევთ, რომ ყოველ გვერდსა თუ სათაურში ნეგატიური სიტყვაა ნახსენები. ძირითადი მიმდინარე ამბების კითხვა დროისა და ენერგიის ხარჯვაა, ამიტომ ვარიდებ თავს ახალი ამბების წაკითხვას."

"ახალი ამბების წაკითხვა მას შემდეგ შევწყვიტე, რაც გავიაზრე, რომ ჩემს განწყობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებდა. ხოლო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სიახლე ჩემამდე თავისითაც აღწევს."

"გაზეთების კითხვა და ახალი ამბების ყურება მაშინ შევწყვიტე, როცა მივხვდი, რომ ფაქტებს მნიშვნელობა აღარ აქვს. მედიებს პოლიტიკური ან კომერციული ინტერესები ამოძრავებთ და ეს არ არის ჯანსაღი." " ახალი ამბების წაკითხვა ზედმეტი სტრესია."

"მათში არაფერია პოზიტიური. ახალი ამბები ყოველთვის ნეგატიურია, მე კი ვერ ვიტან ისეთი გაზეთის კითხვას ან ახალი ამბების მოსმენას, რომელშიც ყოველთვის ცუდი ამბებია გაშუქებული. " "უბრალოდ არ წარმომიდგენია პოლიტიკურ ან კრიმინალურ ახალ ამბებს გავეცნო. დაახლოებით 10 წლის წინ შევწყვიტე მათი კითხვა და მხოლოდ ბიზნესის სიახლეებს ვეცნობი ისეთ პლატფორმებზე, რომლებსაც ვენდობი."

"მე არასდროს ვუსმენ ახალ ამბებს. ამბების 99.99% ჭორი, ცნობილი ადამიანის შესახებ არაფრის მომცემი თემაა და მე არ მეხება."

"ახალი ამბების ორგანიზაციები სენსაციურ და შოკისმომგვრელ ახალ ამბებზე არიან დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ საჭიროა ნათელი მოეფინოს ცუდ და უარყოფით შემთხვევებს, მგონია, რომ სტატია დაბალანსებული უნდა იყოს. ცუდ ამბავს თუ აშუქებ, ისიც გვითხარი რა კეთდება მის შესაცვლელად. რატომ დავხარჯავ ჩემს ენერგიას მშრალი ახალი ამბის კითხვაში? ამას მირჩევნია რეკლამებით სავსე ჟურნალი ვიკითხო."

"ვეცნობი ამბებს, რომლებიც ჩემს სამსახურს უკავშირდება. მაგრამ დიდი ხანია აღარ ვუყურებ ადგილობრივ ახალ ამბებს ავარიებზე, სროლებსა და ა.შ"

ეს კომენტარები ნათლად წარმოაჩენს ფენომენს - "თუ ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ მიპოვის. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ მნიშვნელოვანი ახალი ამბები სოციალურ მედიაში მათთან ისედაც მიაღწევს.

ტრამპის ერაში იმის გათვალისწინებით, რომ მედიას Twitter-ზე ყოველ წუთს "ყალბს“ უწოდებენ, ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული N1 სიტყვა "ნდობაა", თუმცა იქნებ ზედმეტად ვაფასებთ ნდობის როლს აუდიტორიის ნაწილის მიერ ახალი ამბების არ წაკითხვის მიზეზის ძიებისას? ამაში ერთ-ერთ ფაქტორს ახალი ამბების მიერ ადამიანზე ნეგატიური გავლენის მოხდენა წარმოადგენს.

ახალი ამბების კითხვა ყოველდღიური ჩვევა იყო - ყოველ დილით გაზეთის წაკითხვა და ყოველ საღამოს 18:00 საათზე ახალი ამბების გამოშვების ყურება.

დღესდღეობით ადამიანები ახალ ამბებს ყოველდღიურად იმ რაოდენობით იღებენ, რამდენითაც თავად სურთ. მომხმარებლის მობილურში კი ჟურნალისტიკა ნებისმიერი ტიპის კონტენტთან კონკურენტულ გარემოშია.

წყარო: niemanlab.org

კატეგორია: რესურსები
Google-ის მიერ 2000-იანი წლების დასაწყისში შექმნილი Google Earth-ი, რომლის საშუალებითაც სატელიტიდან დედამიწის ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილის ნახვაა შესაძლებელი ფართოდ გამოიყენება ჟურნალისტიკაში. ამისთვის აქამდე Google Earth-ში ეკრანიდან ვიდეოს ან ფოტოების გადაღება იყო საჭირო. Google-ის ახალი პროგრამა კი ამ საქმეს ამარტივებს.

Google Earth Studio კომპანია Google-ის მიერ მედიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, გრაფიკოსებისა და უბრალოდ ვიდეო კონტენტის შემქმნელებისთვის შემუშავებული ხელსაწყოა.

პროგრამა Chrome-ის ბრაიუზერზეა დაფუძნებული და საშუალებას იძლევა Google Earth-ის 3D გამოსახულებისა და თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებისგან ვიდეო შექმნათ. 


 

Google Earth Studio-ს მარტივი სამონტაჟო პროგრამაა აქვს, რომელითაც მასალაზე სხვადასხვა ეფექტის, ნახაზებისა და მონიშვნების დამატებაა შესაძლებელი. მომხმარებელს საშუალება ეძლევა კონკრეტული მისამართი მიუთითოს და მისთვის სასურველი რაკურსიდან კადრები გადაიღოს, ასევე განსაზღვროს დღის ნებისმიერი პერიოდი და მზის ადგილმდებარეობა. 


 

Google Earth Studio-ს გამოყენებას არ სჭირდება მონტაჟის გამოცდილების ქონა. პროგრამის ვებგვერდზე განთავსებული ტუტორიალები დეტალურად აღწერს მასში მუშაობის წესებს. საბოლოოდ კი ამბის მოსათხრობად სატელიტიდან გადაღებული მაღალი ხარისხის ვიდეოს შესაქმნელად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო.



პროგრამა უფასოა ახალი ამბებისთვის, განათლების, კვლევისა და არაკომერციული მიზნებით გამოყენებისთვის. დაინტერესებულმა პირებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ, რის შემდეგაც Google Earth Studio-ს გამოყენებას დაიწყებენ.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

საფრთხეში მყოფი ჟურნალისტების დასაცავად One Free Press Coalition-ი ყოველთვიურად 10 ყველაზე გადაუდებელი საქმის სიას აქვეყნებს, რომლის მიზანს ჟურნალისტების დაცვა წარმოადგენს.

პროექტში 30 მედიასაშუალებაა ჩართული, მათ შორის TIME-ი,The Associated Press-ი, Reuters-ი, Süddeutsche Zeitung-ი, Forbes-ი, The Washington Post-ი და სხვ. "10 გადაუდებელი საქმის" სიის შექმნა მსოფლიოში პრესის თავისუფლების უზრუნველყოფასა და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო მათი დასჯის ან თავდასხმისგან დაცვას ემსახურება.

2019 წლის ივნისის სია:

1. ეზორი გვანდა (ტანზანია): დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც დაკარგულია

ეზორი გვანდა ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელიც ტანზანიაში მუშაობდა. ის 2017 წლის 21 ნოემბრიდან გაუჩინარდა. მანამდე კი ჟურნალისტი ტანზანიაში მომხდარ მკვლელობებს იძიებდა. ქვეყნის მთავრობას გვანდას საქმეზე ჯერ კიდევ არ დაუწყია სანდო გამოძიება.

alt


2. ჯამალ ხაშოგი (საუდის არაბეთი): მართლმსაჯულების უარი მოკლულ ჟურნალისტზე

სტამბულში 2018 წელს საუდის არაბეთის საკონსულოში ჯამალ ხაშოგის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ Washington Post-ის ჟურნალისტის საქმეზე გაეროს დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარებულა მიუხედავად იმისა, რომ CIA-მ ხაშოგის მკვლელობის საქმეში საუდის არაბეთის პრინცის მონაწილეობა დაადგინა. უყურადღებოდ დარჩა თეთრი სახლის მიმართ მოთხოვნაც, გამოექვეყნებინათ სადაზვერვო ანგარიშები.

alt

3. ასიფ სულთანი ( ინდოეთი): კონფლიქტის გაშუქების გამო დაკავებული

Kashmir Narrator-ის რეპორტიორი ასიფ სულთანი 2018 წლის აგვისტოში "ანტისახელმწიფოებრივი" ბრალდებებით დააკავეს. ჟურნალისტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გარდა ამისა, პოლიციამ მას არაერთხელ მოსთხოვა თავისი წყაროების დასახელება.

alt

4. კლაუდია დუქი (კოლუმბია): პირები, რომლებმაც გამომძიებელი ჟურნალისტი აწამეს, თავისუფლები არიან; შევიწროება გრძელდება

კოლუმბიაში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობამ ზოგიერთი რეპორტიორი იძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინა. კლაუდია დუქიმ წლების განმავლობაში გატაცებას, უკანონო მიყურადებასა და ფსიქოლოგიურ წამებას გაუძლო. სასამართლომ სამი მაღალი თანამდებობის პირი დამნაშავედ სცნო, თუმცა არცერთ მათგანს ციხეში ერთი დღეც კი არ გაუტარებია.

alt

5. მიგელ მორა და ლუსია პინედა (ნიკარაგუა): მედიაკომპანიაში რეიდის დროს დაკავებული ჟურნალისტები

2018 წლის დეკემბერში ნიკარაგუის პოლიციამ ტელევიზია 100% Noticias-ში რეიდი მოაწყო და კომპანიის დირექტორი მიგელ მორა, ახალი ამბების დირექტორთან ლუსია პინედასთან ერთად დააკავა. ორივე ჟურნალისტი "სიძულვილისა და ძალადობის წაქეზებისთვის" 5 თვეზე მეტ ხანს იყო დაკავებული. გისოსებს მიღმა მათ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, ასევე უარი ეთქვათ თავიანთ ადვოკატებთან წვდომაზე.

alt

6. ტრონგ დუი ნატი (ვიეტნამი): ბლოგერს უარი უთხრეს თავშესაფარზე, ახლა დაკავებულია

"რადიო თავისუფლება აზიის" (RFA) ბლოგერი ტრონგ დუი ნატი იანვარში ბანგკოკში, სადაც ლტოლვილის სტატუსის მიღება მოითხოვა, გაუჩინარდა. ვიეტნამელი ბლოგერი ამჟამად ბრალდების გარეშე ჰანოის საპატიმროშია მოთავსებული. თავდაპირველად ნატს მთავრობის კრიტიკული გაშუქების გამო 2013 წელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

alt


7. სევინქ ოსმანქიზი (აზერბაიჯანი): გამოძალვის მუქარა პოლიტიკის გაშუქების გამო

აზერბაიჯანულმა სამთავრობო არხმა Real TV-მ სევინქ ოსმანქიზის შევიწროება და მისგან თანხის გამოძალვა სცადა. აზერბაიჯანიდან გაძევებული ოსმანქიზი აშშ-ში ცხოვრობს და YouTube-ზე აზერბაიჯანის პოლიტიკის შესახებ გადაცემა მიჰყავს. Real TV-მ ერთ-ერთი ჟურნალისტისა და ოსმანქიზის პირადი აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა. გარდა ამისა, ჟურნალისტს ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრნენ, თუ გადაცემას არ შეწყვეტდა.

alt


8. აბდერამეინ ვედედი და შეიხ ოლ ჯიდოუ (მავრიტანია): დააკავეს კორუფციის გაშუქების შემდეგ

ბლოგერები აბდერამეინ ვედედი და შეიხ ოლ ჯიდოუ მარტში ყალბი ახალი ამბების გავრცელების ბრალდებით დააკავეს. ორივე მათგანმა მავრიტანიაში კორუფციის შესახებ გააშუქა. ბლოგერები ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოკითხეს, პასპორტები და ID ბარათები ჩამოართვეს. ამჟამად ორივე მათგანი მავრიტანიაში, დარ ნაიმის ციხეშია დაპატიმრებული.

alt


9. სეიუმ ტსაჰეიე (ერიტრეა): 20 წელი გისოსებს მიღმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო

სეიუმ ტსაჰეიე იმ რამდენიმე ჟურნალისტს შორისაა, რომლებიც მას შემდეგ დააკავეს, რაც ერიტრეის მთავრობამ 2001 წელს პრეზიდენტ ისაიას აფვერკის მიმართ კრიტიკის საპასუხოდ კერძო მედიის ფლობა აკრძალა. ხელისუფლებას არასდროს დაუზუსტებია ჟურნალისტის ადგილსამყოფელი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამართლებრივი სტატუსი.


alt



10.  მინა კარამიტრუ (საბერძნეთი): ჟურნალისტის მანქანის აფეთქების გამო არავინ დაუკავებიათ

2019 წლის მაისში CNN-ის ბერძნული რედაქციის რეპორტიორის მინა კარამიტრუს მანქანაში კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კარამიტრუს სჯერა, რომ მანქანის აფეთქება მის მიერ გაშუქებულ ამბავს უკავშირდებოდა. მან იმ კაცის შესახებ გააშუქა, რომელსაც მკვლელობებისთვის სამუდამო პატიმრობა რამდენჯერმე აქვს მისჯილი. მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაკავებულა.

alt

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ტიანანმენის მოვლენების 30 წლისთავთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობამ საერთაშორისო საინფორმაციო ვებგვერდები დაბლოკა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ ბეიჯინგში 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე ჩინეთის არმიის მიერ დემონსტრანტების დარბევის ფაქტის გაშუქება შეზღუდა. ცენზურის ფარგლებში რამდენიმე დღეა დაბლოკილია Washington Post-ი, NBC-ი, HuffPost-ი და The Guardian-ი. ჩინეთის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუძლებელი იქნება Wikipedia-ზე შესვლაც.

ჩინეთში ინტერნეტი სახელმწიფოს მიერ რეგულირდება, რის გამოც ხშირად დასავლურ მედიას ორ ვარიანტს შორის უწევს არჩევანის გაკეთება: მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ბიზნესის შენარჩუნების სანაცვლოდ ცენზურაზე დამორჩილება ან ჩინეთში საქმიანობის შეწყვეტა.

შედეგად კი მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ სივრცეში ისეთი დომინანტი კომპანიები, როგორებიც Facebook-ი და Google-ია, ჩინეთში დაბლოკილია და მათ ნაცვლად ჩინეთის მოსახლეობა Weibo-სა and WeChat-ს იყენებს, რომლებზეც სახელმწიფოს ცენზურა ვრცელდება.

გასულა კვირას ბრიტანეთის საელჩომ ბეიჯინგში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯერემი ჰანტის, სახელით ტიანანმენის მოედნაზე მომხდარი ტრაგედიისადმი პატივის მიგების განცხადება გამოაქვეყნა, თუმცა პოსტი ჩინეთის შიდა სოციალურ ქსელებში წაიშალა.

“ვეცადეთ განცხადება Weibo-ზე გამოგვექვეყნებინა, თუმცა ყოველ ჯერზე მაშინვე იშლებოდა და ახლა ჩვენს გვერდზე გამოქვეყნების ფუნქცია დროებით შეჩერებულია. მიუხედავად გამოწვევებისა, ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ღირებულებებს და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ”, - განაცხადა საელჩოს პრესმდივანმა ეშლი როჯერსმა.

ჩინეთის ხელისუფლების ცენზურის ფარგლებში Eikon-ის პროგრამულ სისტემაში Reuters-ზე ტიანანმენის მოვლენების შესახებ გამოქვეყნებული მასალებიც წაშალეს.

უკვე წლებია ჩინეთის ხელისუფლება საკუთარი ისტორიიდან ტიანანმენის ტრაგედიის გაქრობას ცდილობს. 30 წლის წინ დემოკრატიის მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტების დარბევა, რომელსაც, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მოსახლეობაში ტაბუდადებული თემაა. ამას მოწმობს BBC-ის რეპორტიორის მიერ ბეიჯინგის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვაც, რომლის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რამდენად ნაცნობი იყო ადამიანებისთვის "ტანკის კაცის" (Tank Man) ფოტო.
 
კატეგორია: რესურსები

გასულ წელს 7 წლის ამერიკელი ბიჭი სახელად რაიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიან იუთუბერად დასახელდა. მან 12 თვის განმავლობაში თავის Youtube არხზე (Ryan ToysReview) სხვადასხვა სათამაშოს განხილვით $22 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით ტოპ 10 იუთუბერს შორის ერთადერთი ბავშვი აღმოჩნდა.

სოციალურ მედიაში ბავშვების მონაწილეობით უამრავი კონტენტი ვრცელდება. ბევრი ბავშვისთვის კი ეს სფერო ერთგვარ სამსახურადაც იქცა. ამასთან, გაჩნდა კითხვები, რამდენადაა ინფლუენსერი ბავშვების უფლებები დაცული სოციალურ მედიაში და ხომ არ ირღვევა ბავშვთა შრომის კანონი? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა The Guardian-ის ჟურნალისტმა ჯულია ქერი ვონგმა სცადა.

ისინი ხსნიან ახალი სათამაშოების ყუთებს, თამაშობენ, იღებენ "პრანკ" ვიდეოებს, ამზადებენ ტყლარწებს, მღერიან, ცეკვავენ და იმახსოვრებენ ფრაზას: "გამოიწერეთ ჩემი არხი!"

ბავშვები YouTube-ისა და Instagram-ის იმ ვარსკვლავებს შორის არიან, რომლებიც მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ.

თუკი წლების წინ ტელევიზიაში ტყუპი და: მერი-ქეითი და ეშლი ოლსენები იყვნენ პოპულარულები, ახლა სოციალურ მედიაში პოპულარულები იდენტური ტყუპი დები: ალექსის და ევა მაკლუერები არიან. ყველასთვის ცნობილი მაკოლეი კალკინი კი 7 წლის რაიანმა ჩაანაცვლა.

ფაქტობრივად, დღესდღეობით ინფლუენსერ ბავშვებს ჰოლივუდის სტუდიაში ფეხის დადგმის გარეშე შეუძლიათ წარმატების მიღწევა და ქონების დაგროვება. თუმცა, მათზე ოფიციალურად არ ვრცელდება კალიფორნიის კინო ინდუსტრიის ცენტრში არსებული შრომითი კანონები, რომლებიც სპეციალურად მსახიობი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

alt

სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც თავის დროზე მშობლების ან/და დამსაქმებლის მხრიდან ბავშვი მსახიობების შრომითი ექსპლუატაციისგან თავდასაცავად შემუშავდა, YouTube-ისა და Instagram-ის ცნობილ ბავშვებზე არ ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანია კალიფორნიაში მდებარეობს.

დღესდღეობით ჰოლივუდში რამდენიმე ყოფილი მსახიობი ბავშვი და ექსპერტი ხმამაღლა საუბრობს არსებულ მდგომარეობაზე იმ იმედით, რომ სოციალური მედია პლატფორმები თავიანთ პრაქტიკას შეცვლიან ან პროცესში კანონმდებლები და მარეგულირებლები ჩაერთვებიან.

"არ მაინტერესებს თუ ეს უბრალოდ კამერის წინ საჩუქრების გახსნაა. ეს მუშაობაა და აღარაა თამაში, თუ ამისგან ფულს აკეთებ", - ამბობს შილა ჯეიმს კუელი, რომელიც ბავშვობაში მსახიობი იყო, ხოლო ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით 1999 წელს მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორია. კუელი ფიქრობს, რომ საჭიროა კანონები ჩასწორდეს, რათა ტექნოლოგიურ განვითარებას დაეწიოს.

არის თუ არა ბავშვის ინფლუენსერობა (ე.წ kidfluencing-ი) მუშაობა?
 

ტყუპი დის: ალექსის და ევას მშობლებმა, ეიმი მაკლუერმა და მისმა ქმარმა გასულ წელს სამსახურები მიატოვეს იმისთვის, რომ თავიანთი შვილების კარიერა წარემართათ. შედეგად კი იუთუბერი შვილები სხვადასხვა პროექტში ჩართეს, მათ შორის Facebook-ის ჭკვიანი კამერის - Portal-ის რეკლამაში, რომელიც თავიანთ Instagram გვერდზე გამოაქვეყნეს.

ინფლუენსერი ბავშვების ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს, რომ მათი შვილები კონტენტის შექმნის პროცესში ერთობიან ან ვერც კი ხვდებიან რას აკეთებენ. 2017 წელს უშუალოდ Instagram-ის ანგარიშზე პატარა ზოი მიოშის ფოტო გამოქვეყნდა, რომლის აღწერაშიც ზოის დედა სხვა მშობლებს რჩევას აძლევდა იმის, შესახებ თუ როგორ გადაუღო ფოტოები თავის 5 წლის გოგონას. "ძირითად შემთხვევებში ზოი ფოტოს გადაღებისას პირდაპირ მე არ მიყურებს, ამის დამალვაში კი მზის სათვალეები მეხმარება", - წერდა მშობელი. 

 
alt

 

Instagram-ზე ცნობილი სამი ბიჭის დედამ ბი ფიშერმა კი Wired-თან ინტერვიუში განაცხადა - “არის დღეები, როდესაც ბავშვები არ არიან ფოტოს ან ვიდეოს გადაღების ხასიათზე და არცაა აუცილებელი ყოველთვის ამის ხასიათზე იყვნენ, თუ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ფულს არ გვიხდიან. ასეთ შემთხვევაში ისინი მზად უნდა იყვნენ გადაღებისთვის. ჩვენ ყოველთვის გვაქვს კანფეტები (ბავშვებისთვის) ასეთ დღეებში". ეს ამბები არაფერია 47 წლის არიზონელი ქალის ისტორიასთან შედარებით. მიშელ ჰობსონს მიმდინარე წლის მარტში ბრალი დასდეს 7 აყვანილი ბავშვიდან 5-ის მიმართ ძალადობაში, რაც 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ცემას, დასჯასა და შიმშილს მოიცავდა.

“თითოეულმა ბავშვმა ახსენა, რომ დედამისის YouTube არხზე სახელწოდებით Fantastic Adventures-ზე (700,800-ზე მეტი გამომწერი და 242 მილიონზე მეტი ნახვა) განთავსებულ ვიდეოებში მონაწილეობდნენ. თუ ბავშვები თავიანთ სათქმელ ფრაზებს არ დაიმახსოვრებდნენ ან მითითებებს არ შეასრულებდნენ, ისჯებოდნენ. მოზარდებმა ისიც თქვეს, რომ სწორედ ამ მიზეზით გამოიყვანა ისინი დედამისმა სკოლიდან, რათა ვიდეოები გადაეღოთ", - აღნიშნულია პოლიციის დოკუმენტებში.

Arizona Republic-ის ინფორმაციით, ჰობსონმა თავისი YouTube არხიდან 2018 წელს თითქმის $300,000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. მიშელ ჰობსონის დაკავებაზე YouTube-ის თავდაპირველი პასუხი მისი არხის დემონეტიზაცია (რეკლამების შეწყვეტა ვიდეოებზე) იყო. კომპანიამ მოგვიანებით არხი გააუქმა.

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა იყო საპირველაპრილო ხუმრობა, რომელიც იუთუბერებმა ქოულ და სავანა ლებრანტებმა თავიანთ ქალიშვილს, 6 წლის ევერლი როუზს მოუწყვეს.

აპრილის თვეში წყვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელის პირველივე წამებში ჩანდა, თუ როგორ ტიროდა გოგონა. ბავშვის ცრემლების მიზეზს მშობლების "პრანკი" წარმოადგენდა, მათ შვილს დააჯერეს, რომ თავიანთი ძაღლის გაჩუქებას აპირებდნენ. მას შემდეგ, რაც ამ ვიდეომ საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია, იუთუბერებმა საპასუხო ვიდეო გამოაქვეყნეს, საპირველაპრილო ხუმრობას შეცდომა უწოდეს და ვიდეო არხიდან წაშალეს. “ვიცით, რომ ეს YouTube-ზე არ უნდა დაგვედო, მაგრამ ჩვენ ჩვენს მთელ ცხოვრებას ვიღებთ", - ამბობოდა სავანა ლებრანტი.


ამ შემთხვევის შემდეგ ევერლი არაერთ ვლოგსა და Instagram-ის პოსტში გამოჩნდა. ის მუდმივად ჩანს მისი მშობლების YouTube-ის არხზე (8.8 მილიონი გამომწერი), საკუთარ არხზე (2.2 მილიონი გამომწერი) და “საუკეთესო მეგობრების“ არხზე (1.5 მილიონი გამომწერი).

მას Instagram-ის პირადი გვერდიც აქვს 4.4 მილიონი მიმდევრით. ევერლი ხშირად ჩანს დედამისის Instagram გვერდზე (5.1 მილიონი მიმდევარი) გამოქვეყნებულ დასპონსორებულ პოსტებზე. ლებრანტებს არასდროს გაუციათ პასუხი კითხვაზე, უხდიან თუ არა ევერლის თავიანთი YouTube არხიდან მოგების წილს ან აქვთ თუ არა ბავშვისთვის გახსნილი შემნახველი ანგარიში.

ყოფილი მსახიობი ბავშვებისთვის 1991 წელს შექმნილი საადვოკატო ჯგუფის დამფუძნებლის პოლ პეტერსონის აზრით, კალიფორნიაში არსებული კანონმდებლობა, რომელიც ბავშვი შემსრულებლების დაცვას ითვალისწინებს ამავე შტატში მცხოვრებ ევერლიზე, არიზონაში ჰობსონის შვილებზე და ნიუ-ჯერსიში მცხოვრებ მაკლუერებზეც უნდა ვრცელდებოდეს.

“YouTube-ის შტაბ-ბინა სან ბრუნოშია, რომლის ტერიტორიაზეც კალიფორნიის კანონმდებლობა ვრცელდება. თუ მცირეწლოვნების ამ პლატფორმაზე გამოჩენასა და მათთვის თანხის გადახდას აპირებთ, მაშინ მათზე კალიფორნიის კანონმდებლობა აუცილებლად უნდა გავრცელდეს. ამიტომ ვცვლით კანონს”,- აცხადებს პეტერსონი.


"ბავშვის მიერ გამომუშავებული თითოეული დოლარი მის მშობელს ეკუთვნის"


სანამ პეტერსონი კანონის შეცვლას დაიწყებდა, ისიც მსახიობი ბავშვი იყო, რომელიც "მიკი მაუსის კლუბის" Mouseketeers-ის სერიებში მონაწილებდა, 12-დან 20 წლამდე კი "დონა რიდის შოუში"თამაშობდა. 1966 წელს, როცა შოუ დასრულდა, მსახიობს პრობლემები დაეწყო.

“როცა ცნობადობა გაქრა, პრობლემები დამეწყო. ასე იყვნენ სხვა ბავშვებიც: მშობლებისა და დედმამიშვილებისგან გაუცხოება, ცნობადობის გაქრობასთან ერთად იდენტობის დაკარგვა. თუკი ცნობადობის გამო ცუდი გავლენებისგან თავისუფალი განათლების უფლებაზე უარი თქვი, რისკის ქვეშ ხარ და ეს უცნობი არაა ადამიანებისთვის", - ამბობს პოლ პეტერსონი.

პეტერსონი და მისი გუნდი კანონმდებლებთან ერთად მუშაობდნენ 1999 წელს "ქუგენის აქტის" გადახედვაში, რომელიც კალიფორნიაში მსახიობი ბავშვებისთვის შემუშავებული შრომითი კანონია.

იგი 1939 წელს მიიღეს და ამერიკის პირველი კინოვარსკვლავი ბავშვის - ჯეკი ქუგენის სახელი უწოდეს. ქუგენი 1921 წელს ჩარლი ჩაპლინის პატარა მეგობრის განსახიერებით გახდა ცნობილი და შემდგომ Metro-Goldwyn-Mayer-თან თანამშრომლობით $4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ის ელოდა, რომ 21 წლის ასაკში თავის ქონებაზე კონტროლს მოიპოვებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა, დედა კი დაქორწინდა ქუგენმა შეიტყო, რომ "თითოეული დოლარი, რომელსაც ბავშვი 21 წლამდე გამოიმუშავებს, მის მშობლებს ეკუთვნის, ჯეკი ცენტსაც კი ვერ მიიღებს" - სწორედ ეს სიტყვები თქვა ქუგენის მამინაცვალმა პრესასთან 1938 წელს, მას შემდეგ, რაც ჯეკიმ თავისი ქონების დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

მოგვიანებით კანონმდებლებმა ქუგენის სახელობის კანონპროექტი შეადგინეს, რომელიც მშობლებს ბავშვების შემოსავლიდან გარკვეული პროცენტული წილის გადადებასა და შენახვას ავალდებულებდა. თანხაზე წვდომა ბავშვის სრულწლოვანებამდე დაუშვებელი იყო.

ამას სამართლებრივად ბევრი ცვლილება მოჰყვა. მსახიობ ბავშვებს უნდა მიეღოთ მუშაობის ნებართვა, მკაცრი რეგულაციები დაწესდა მათს სამუშაო საათებზე, რომლებიც გადასაღებ მოედანზე ყოფნისას "დასვენებასა და რეკრეაციას" და სწავლის პროცესში ხელის არ შეშლის მანდატს მოიცავდა. პროდიუსერები გადასაღებ მოედანზე ბავშვების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები გახდნენ.

1999 წელს კი კანონში ცვლილების შესატანად რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა, რომლის მიხედვითაც, მსახიობი ბავშვები ფლობენ თავიანთი შემოსავლის 100%-ს, აქედან 15% ე.წ ქუგენის ანგარიშზე გადანახულ თანხას წარმოადგენს, ხოლო დარჩენილი 85% მშობლებს შეუძლიათ ბავშვისთვის დახარჯონ - იქნება ეს შვილისთვის სახლის შეძენა, ხარჯების გასტუმრება თუ ხელფასის საკუთარი თავისთვის დანიშვნა ბავშვის კარიერის მართვისთვის. თუმცა ეს ფული მთლიანად ბავშვის საკუთრებას წარმოადგენს.


მეტი ვიდრე უბრალოდ გართობა და თამაში


მსახიობი ბავშვებისგან განსხვავებით, ინფლუენსერი ბავშვების კუთვნილებაშია თუ არა მათი შემოსავალი მაშინ, როცა სოციალურ მედიაში თავიანთივე გვერდებს არ ფლობენ?

YouTube-ი და Instagram-ი 13 წლამდე პირებს ანგარიშის შექმნას უკრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერობის ასაკამდე ბავშვები არ ფლობენ ანგარიშებს, რომელზეც YouTube-ი რეკლამებიდან მიღებული შემოსავლის წილს იხდის. ბავშვების საკუთრებაში არაა ის გვერდებიც, რომლებზეც ინფლუენსერის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსა თუ ვიდეოში პროდუქტის რეკლამირებისთვის ბრენდები გარკვეულ თანხას იხდიან. ამ ტიპის ბიზნეს შეთანხმებები სოციალურ მედია პლატფორმებს სცდება და ბრენდებთან მოლაპარაკებები, როგორც წესი, მშობლებს აქვთ ხოლმე.

Beverly Hills Bar Association-ის გასართობი ინდუსტრიის სამართლის სექციის თანათავმჯდომარე, დევიდ პირსი, მიიჩნევს, რომ YouTube-მა უნდა შეიმუშავოს პოლიტიკა, რომლითაც მონეტიზაციის მქონე ვიდეოებში მონაწილე ბავშვებს უფლება ექნებათ YouTube-ის ანგარიშის მფლობელისგან მიიღონ შემოსავლის ნაწილი. “ასეთი პოლიტიკა რომ არსებობდეს, კალიფორნიის კანონის მიხედვით ბავშვისთვის განკუთვნილი თანხა, YouTube-ზეც ბავშვის თანხა იქნებოდა და თუ მშობელი მას არასწორად დახარჯავდა, ბავშვი შეძლებდა მისთვის ეჩივლა", - აღნიშნავს დევიდ პირსი.

YouTube-ისა და Instagram-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. თუმცა, არ აკონკრეტებენ, რამდენად მიიჩნევენ თავს ვალდებულად შემოიღონ ე.წ ქუგენის ანგარიშების შექმნა ან სხვა დაცვის მექანიზმი ინფლუენსერი ბავშვებისთვის.

Instagram-ის წარმომადგენელმა ისიც განაცხადა, რომ კომპანია ინფლუენსერ ბავშვებს არ ასაქმებს. როდესაც Guardian-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ Facebook-ი, რომლის მფლობელობაში Instagram-იც შედის, ინფლუენსერ ბავშვებს Portal-ის გასაყიდად იყენებდა, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული კამპანია გარე სააგენტოს მიერ იყო წარმოებული და "ის ვალდებული იყო მოქმედი კანონმდებლობა დაეცვა." უშუალოდ სააგენტოს დასახელებაზე კი უარი განაცხადა.

alt

 კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ვინა დუბალი ფიქრობს, რომ YouTube-ს ინფლუენსერი ბავშვებისთვის იმაზე მეტი ვალდებულება აქვს, ვიდრე მხოლოდ მათი მშობლების ინფორმირებაა იმის შესახებ, რომ შრომითი კანონები არსებობს.

“შესაძლებელია ვამტკიცოთ, რომ YouTube-ი ბავშვის დამსაქმებელია. ის აკონტროლებს პლატფორმაზე რისი ნახვა შეუძლია და არ შეუძლია ბავშვს. ის აკონტროლებს ფულის გავრცელებასაც. ამიტომ კომპანია, დიდი ალბათობით, შეგვიძლია მივიჩნიოთ დამსაქმებლად, რომელზეც კალიფორნიის შრომითი და ხელფასის განმსაზღვრელი კანონმდებლობა ვრცელდება", - აცხადებს დუბალი.

დღესდღეობით ინფლუენსერ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს აშშ-ში შრომითი კომისრის ოფისი განიხილავს.

“ეს უბრალო გართობასა და თამაშზე მეტია. ბავშვები ასრულებენ სამუშაოს და თუ ეს სამუშაო მონეტიზირებულია, მაშინ ისინი ხელფასებს იმსახურებენ თავიანთი მომავლისთვის", - აცხადებს ვინა დუბალი. YouTube-ში Guardian-ის კითხვას კომპანიის, როგორც დამსაქმებლის ვალდებულების შესახებ არ უპასუხეს და განაცხადეს, რომ სპეკულაციაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

“მას შემდეგ, რაც საზოგადოება ამას ტრადიციულ მუშაობად აღიარებს, მეტი შანსია, რომ სახელმწიფოც ჩაერთოს, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც საუბარია ბავშვებზე", - ამბობს დუბალი იუთუბერ ბავშვებზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კალიფორნიაში დემოკრატების წევრმა კანსენ ჩუმ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც "ქუგენის აქტში" შესწორების შეტანას გულისხმობდა და სოციალური მედის რეკლამაში მცირეწლოვნების დასაქმებას მოიცავდა. კანონპროექტი მიიღეს და მასზე ხელი შტატის გუბერნატორმაც მოაწერა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცა ნაკლებად ჰგავდა დასაწყისში ინიცირებულ პროექტს.

The Guardian-ის ჟურნალისტი ჯულია ქერი ვონგი ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება იქამდე არ შევა, სანამ ერთ-ერთი ინფლუენსერი ბავშვი არ გაიზრდება და ჯეკი ქუგენის მსგავს შემთხვევაში არ აღმოჩნდება.

მომზადებულია  The Guardian-ის მიხედვით.

კატეგორია: ფოტოისტორია

ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის, მკვლელობის ამსახველი კადრები ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დეტალურად შესწავლილი ვიზუალური მასალაა.

1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში პროფესიით ტანსაცმლის მწარმოებელი აბრაამ ზაპრუდერი მოყვარული ფოტოგრაფის ამპლუაში Bell & Howell-ის კამერით პრეზიდენტის გამოჩენას ელოდა. ადგილზე უამრავი პროფესიონალი ფოტოგრაფი მუშაობდა, თუმცა მხოლოდ ზაპრუდერმა შეძლო კენედის მკვლელობის ისეთი კადრების გადაღება, რომლებშიც პრეზიდენტის მკვლელობა დეტალურად ჩანდა.

alt

 აბრაამ ზაპრუდერი  

ჟურნალ LIFE-ის ყოფილი რეპორტიორი რიჩარდ სტოლი TIME-თან ინტერვიუში იმ დღეს იხსენებს, როდესაც აბრაამ ზაპრუდერს შეხვდა.

"1963 წლის 22 ნოემბერს ოფისში ვიყავი. ახალი ცნობები მოდიოდა, ტელეფონებზე ზარები გაუჩერებლად რეკავდა. როდესაც პირველად დავუკავშირდი ზაპრუდერს წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო, ვიცოდი მხოლოდ ის, რომ მას ჰქონდა 8 მილიმეტრიანი კამერა და Dealey Plaza-სთან იმყოფებოდა. ავიღე ტელეფონების წიგნი, თითით ჩამოვყევი ზ-ასოზე კონტაქტებს და მისი ნომერი თვალში მომხვდა. დავიწყე რეკვა ყოველ 15 წუთში. 23:00 საათზე ზაპრუდერმა დაღლილი ხმით მიპასუხა. ვიცოდი, რომ მას სხვა რეპორტიორებიც დაუკავშირდნენ. მან ისინი თავის ოფისში 9:00 საათზე დაიბარა, მე 8:00-ზე მივედი. ზაპრუდერმა მითხრა, რომ მასთან მყოფი საიდუმლო სამსახურის ორი აგენტისთვის ვიდეო უნდა ეჩვენებინა და მეც შემეძლო მენახა. ასე რომ, ჩვენ სამნი პატარა თეთრ ოთახში შევედით, მან პროექტორი ჩართო და გვკითხა"მზად ხართ?"... ვიდეოში საპრეზიდენტო ესკორტის ნაცნობი კადრი გამოჩნდა, შემდეგ პრეზიდენტის ლიმუზინი. როდესაც მანქანამ გამოიარა ჩანდა, როგორ ჰქონდა პრეზიდენტს ორივე მუშტი ნიკაპს ქვემოთ წაღებული. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მას პირველი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, შემდეგ მოულოდნელად ჩვენ ვნახეთ ის კადრი, რომელიც ახლა 313-ე კადრითაა ცნობილი - როდესაც პრეზიდენტს მეორე ტყვია თავში ხვდება. ეს ვიდეო ცხოვრების განმავლობაში, ალბათ, 100-ჯერ მაინც მაქვს ნანახი. ამ კადრების გავლენა არასდროს შესუსტებულა. ჩემი ჟურნალისტიკაში ყოფნის დროს ყველაზე დრამატული, რაც მინახავს სწორედ ეს მომენტი იყო. როცა ვიდეო ვნახე, ვიფიქრე, რომ ჟურნალ Life-ს აუცილებლად ენდომებოდა ეს მასალა", - ჰყვება სტოლი.

რიჩარდ სტოლიმ ზაპრუდერს მასალაში $50,000 აშშ დოლარი შესთავაზა, ფოტოგრაფი დასთანხმდა. მხარეებს შორის კონტრაქტი დაიდო და სტოლიმ ზაპრუდერის ოფისიდან ის მასალა წამოიღო, რომელიც მოგვიანებით ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილ კადრებად იქცა.

alt


ჟურნალ Life-ის გამოცემაში ზაპრუდერის მიერ გადაღებული 486 კადრიდან 31 კადრი ფოტოკოლაჟის სახით შავ-თეთრად დაბეჭდეს, რადგან ფერადი ფოტოების გაკეთება გვიანდებოდა. რედაქციამ კენედების მგლოვიარე ოჯახის პატივისცემის ნიშნად ამ გამოცემაში 313-ე კადრი არ გამოაქვეყნა.


alt

თავდაპირველი $50,000 აშშ-დოლარიანი შეთანხმების დადებიდან ორი დღის შემდეგ $100,000 აშშ დოლარის დამატებით Life-მა მთლიან მასალაზე მოიპოვა უფლება.

1976 წელს Life-მა მასალაზე უფლება ზაპრუდერის ოჯახს $1 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუბრუნა.

1999 წელს კი ზაპრუდერის ვიდეო $16 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

აბრაამ ზაპრუდერის მიერ ფირზე გადაღებული 26.5-წამიანი მასალა დღესდღეობითაც არ კარგავს აქტუალობას და ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

კატეგორია: რესურსები
სოციალური მედიის მართვის პლატფორმა Hootsuite მკითხველებს სოციალურ მედიაში გვერდის გასაუმჯობესებლად რამდენიმე რჩევას უზიარებს, რომლის შესრულებასაც 1 საათზე ნაკლები სჭირდება.

1. დარწმუნდით, რომ შესაბამისი ზომის ფოტოებს იყენებთ

იმისთვის, რომ თქვენი გვერდი სოციალურ მედიაში პროფესიონალურად და ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, აუცილებელია ფოტოები ყველა სოციალურ ქსელში შესაბამის ზომაში ატვირთოთ. ამას კი მხოლოდ ფოტოს მოჭრა ან მითითებულ ზომებში გადაყვანა სჭირდება, რისი გაკეთებაც რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. ფოტოს ატვირთვისას უნდა იფიქროთ, როგორ გამოჩნდება ის სხვადასხვა სოციალურ ქსელში? კომპიუტერის დესკტოპ ვერსიასა და სმარტფონში?

თითოეულ სოციალურ ქსელს ფოტოებისთვის განსაზღვრული ოპტიმალური ზომა აქვს. კერძოდ:
Facebook-ის პროფილის ფოტო: 170 X 170 პიქსელი
Facebook-ის გარეკანის ფოტო: 828 X 465 პიქსელი

Twitter-ის პროფილის ფოტო: 400 X 400 პიქსელი
Twitter-ის გარეკანის ფოტო: 1,500 X 500 პიქსელი

LinkedIn-ის პროფილის ფოტო: 400 X 400 პიქსელი (მინიმუმი)
LinkedIn-ის ბექგრაუნდი (უკანა ფონი): 1584 X 396 პიქსელი
LinkedIn-ის გარეკანის ფოტო: 974 X 330 პიქსელი
LinkedIn-ის ბანერის ფოტო: 646 X 220 პიქსელი

Instagram-ის პროფილის ფოტო: 110 X 110 პიქსელი

Pinterest-ის პროფილის ფოტო: 150 X 150 პიქსელი

YouTube-ის პროფილის ფოტო: 800 X 800 პიქსელი
YouTube-ის გარეკანის ფოტო: 2,560 X 1,440 პიქსელი დესკტოპზე

2. ყველა ქსელში პროფილის ერთი და იგივე ფოტო გამოიყენეთ

რაც უფრო მეტად ერთნაირი ვიზუალი ექნება თქვენს გვერდს სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ადამიანები მით უფრო მეტად დაგიმახსოვრებენ.  ხოლო, თუ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პროფილის ფოტოებსა და ლოგოებს გამოიყენებთ, მაშინ თქვენი ბრენდის ვიზუალური იდენტობა და ცნობადობა შემცირდება.

alt

3. დარწმუნდით, რომ თქვენი @ მისამართიც ერთნაირია

პროფილის ერთნაირი ფოტოები ბრენდის ცნობადობას ზრდის, იგივე შეიძლება ითქვას @ მისამართებზეც. გარდა ამისა, ის  უფრო ამარტივებს თქვენი გვერდის ძებნასაც. შეარჩიეთ მარტივი და ბრენდის სახელთან მაქსიმალურად ახლოს მდგომი @ მისამართი. მოერიდეთ ზედმეტი ციფრებისა და ნიშნების გამოყენებას.

alt

4. წაშალეთ თქვენი თავი ცუდი ფოტოებიდან და შეუფერებელი პოსტებიდან

მონიშვნის ფუნქცია აუდიტორიასთან კომუნიკაციის კარგი საშუალებაა, თუმცა, სასურველია გადახედოთ იმ ფოტოებსა და პოსტებს, რომლებზეც მონიშნული ხართ.

იმისთვის, რომ მონიშვნის ფუნქცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ: გადახედეთ ფოტოზე მონიშვნის პარამეტრებს და დარწმუნდით, რომ ის შეესაბამება თქვენი სოციალური მედიის პოლიტიკას. შეამოწმეთ:
  • სად ხართ მონიშნული
  • ვის შეუძლია იმ ფოტოებისა და პოსტების ნახვა, რომლებშიც მოგნიშნეს
  • ჩართეთ მონიშნული ფოტოს თქვენს გვერდზე გამოჩენისთვის საჭირო თანხმობის ფუნქცია
  • წაშალეთ მონიშვნები არასასურველი კონტენტიდან შეზღუდეთ იმ ადამიანთა სია, ვისაც ფოტოებში თქვენი მონიშვნა შეუძლია
  • რეგულარულად შეამოწმეთ სად ხართ მონიშნული და ეს პროცესი რუტინად აქციეთ.

ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა - და საერთოდაც რატომ არ უნდა გავაუქმო მონიშვნის ფუნქცია? იმიტომ რომ: 
  • ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, რას წერს ხალხი თქვენზე
  • შეგიძლიათ ჩაერთოთ საინტერესო და მნიშვნელოვან საუბარში
  • სოციალურ ქსელში უფრო ბევრ ადგილას გამოჩნდებით
ამიტომ ბოლომდე ნუ შეზღუდავთ "მონიშვნის" ფუნქციას.

5. გამოჩნდით საძიებო სისტემაში

იმისთვის, რომ თქვენს სფეროში მარტივად მოსაძებნი იყოთ, სოციალური მედიის გვერდებზე გამოიყენეთ შესაბამისი საკვანძო სიტყვები.

როცა ადამიანები ინტერნეტში თქვენს სფეროსთან დაკავშირებით რამეს მოძებნიან, ეკრანზე თქვენი ბრენდის ლოგო უნდა გამოჩნდეს. ამისთვის კი, როგორც უკვე აღინიშნა, გვერდებზე შესაბამისი საკვანძო სიტყვების დამატებაა საჭირო, რისთვისაც რამდენიმე გზა არსებობს:

სწორი საკვანძო სიტყვების იდენტიფიცირება - გაარკვიეთ ყველაზე მეტად რა სიტყვებით ეძებენ ადამიანები თქვენს სფეროსთან ასოცირებულ ინფორმაციას. ამაში კი ისეთი პროგრამები დაგეხმარებათ, როგორებიცაა SEMrush და Google Keyword Planner. გამოიყენეთ ეს საკვანძო სიტყვები:

განაახლეთ სოციალურ მედიაში თქვენი გვერდები იმ საკვანძო სიტყვებით, რომლებიც ზემოთ ნახსენები გზით გაარკვიეთ. საკვანძო სიტყვები ჩასვით LinkedIn-ის პროფესიის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების ნაწილში. გაიმეორეთ იგივე სხვა სოციალური ქსელებისთვისაც. თუმცა, ნუ ჩამოწერთ ამ სიტყვებს სიის სახით, არამედ ისინი ბუნებრივად გაანაწილეთ. ამით დიდი შანსია იმისა, რომ საძიებო სისტემაში შედეგების გვერდის არა ბოლოში, არამედ თავში აღმოჩნდეთ.

6. შეავსეთ ყველა ველი

როცა გვერდს საკვანძო სიტყვებს დაამატებთ, დარწმუნდით იმაშიც, რომ ყველა ველი შევსებული გაქვთ. ამით პროფესიონალურ იმიჯს გაიმყარებთ. ველები შეავსეთ ნათლად და ლაკონიურად, განმარტეთ - რას საქმიანობს თქვენი ბრენდი როგორ კონტენტს ნახავენ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს გვერდს გამოიწერენ წერეთ საინტერესოდ, ეცადეთ არ იყოთ მოსაწყენი. ასევე, დროდადრო შეამოწმეთ შევსებული ველები, რადგან სოციალური ქსელები ხშირად ამატებენ, შლიან და აახლებენ მათ.

7. იზრუნეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში თქვენი გვერდების პოპულარიზაციაზე

თითქმის ყველა ქსელში არის "ვებგვერდის" დამატების ველი. ამ ველში ჩაწერეთ სხვა სოციალური ქსელში თქვენი გვერდის ბმული. Facebook-ი საშუალებას იძლევა დაამატოთ რამდენიმე ვებგვერდი LinkedIn-ზე შესაძლებელია Twitter-ის ანგარიშის დამატება Pinterest-ზე კი Facebook-სა და Twitter-ის ისეთი სოციალური ქსელისთვის, რომელიც "ვებგვერდის" გრაფაში მხოლოდ ერთი ბმულის ჩაწერის საშუალებას გაძლევთ დროდადრო განაახლეთ და შეცვალეთ სხვადასხვა სოციალური ქსელის ბმულები.

8. შეამოწმეთ ბმულები

ვიდრე "ვებგვერდის" ველს განაახლეთ, შეამოწმეთ მუშაობს თუ არა თქვენი ბმულები. ხშირია კორექტურები, რადგან პატარა შეცდომამაც კი შეიძლება დააბნიოს მომხმარებელი, უნდა შეამოწომოთ, რამდენად გამართულია ბმული.

9. ჩამოაყალიბეთ ნდობა

როგორ? მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ძველ და ახლანდელ მომხმარებლებს სთხოვეთ შეფასება, მხარდაჭერა და რეკომენდაციის გაწევა. მკითხველები ამას უფრო ენდობიან, ვიდრე რეკლამებს.

10. პირველ პოსტად საუკეთესო კონტენტი მონიშნეთ

სხვა პოსტებისგან განსხვავებით, მონიშნული პოსტები გვერდზე შესვლისთანავე პირველი ჩანს. მონიშვნის ფუნქცია Twitter-ს, Facebook-სა და LinkedIn-ს აქვს. ეს გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ თქვენი საუკეთესო ნამუშევარი წარმოაჩინოთ.

მართალია, ეს რჩევები საბაზისო და მარტივია, თუმცა სოციალურ ქსელებში თქვენი გვერდის მოწესრიგებულად და პროფესიონალურად წარმოჩენაში დაგეხმარებათ.

წყარო: hootsuite.com
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტების სატირულმა გამოცემამ The Harvard Lampoon-მა ანა ფრანკის შეურაცხმყოფელი ფოტოსთვის ბოდიში მოიხადა.

გამოცემაში გამოქვეყნებული იყო ფოტო, რომელშიც ანა ფრანკის სახე ბიკინიანი მოდელის ტანზეა მიმაგრებული. ფოტოს სათაურად ეწერა: "თავის დრომდე გარდაცვლილი: ვირტუალური ასაკის მატების ტექნოლოგია გვიჩვენებს, როგორი იქნებოდა ანა ფრანკი რომ არ მომკვდარიყო. დაამატეთ ეს იმ მიზეზების ჩამონათვალს, თუ რატომ იყო ჰოლოკოსტი საშინელება".

მოგვიანებით The Lampoon-მა თავის ვებგვერდზე ბოდიში მოიხადა "ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს დანაშაულს და გვესმის, რომ ჩვენი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ”, - აღნიშნული იყო განცხადებაში. გამოცემამ აღნიშნა ისიც, რომ რედაქციაში მასალის განხილვის პროცესს შეცვლიდა.

"ეს ფოტო არ შეესაბამება ჰარვარდის კოლეჯის ღირებულებებს და ჩვენ უკვე დავიწყეთ დისკუსია იმ სტუდენტებთან და ორგანიზაციასთან, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, რათა დავრწმუნდეთ რომ შესაბამისი ზომები მიიღება", - განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა აარონ გოლდმენმა The New York Times-თან.

გოლდმენის თქმით, გამოცემაში გამოქვეყნებული შეურაცხყოფს და ფოტო ჩრდილს აყენებს ანა ფრანკის ხსოვნას.

წყარო: iMediaEthics

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ახალი ამბებისა და ფოტო სააგენტოს Splash News-ს პრინცი ჰარისა და ჰერცოგინია მეგან მარკლის სახლისთვის ფოტოების გადაღების გამო ლონდონის სასამართლომ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ფოტოები, რომლებშიც ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრების საძინებელი, სასადილო და მისაღები ოთახები ჩანდა, მედია კომპანიის წარმომადგენლებმა ვერტმფრენიდან გადაიღეს.

The Guardian-ის ცნობით, Splash News-მა ფოტოები რამდენიმე მედიასაშუალებას მიჰყიდა. როგორც პრინცი ჰარის წარმომადგენელი აცხადებდა, გავრცელებული ფოტოების გამო პრინცისა და მეგან მარკლის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა, ამიტომ ისინი აღნიშნულ სახლში ცხოვრებას ვეღარ განაგრძობდნენ.

იანვრის თვეში გადაღებული ფოტოების გამო Splash-ს მოგვიანებით პრინცმა ჰარიმ სასამართლოში უჩივლა.

Associated Press-ის ცნობით, მიმდინარე კვირაში გამართულ სასამართლო პროცესზე სააგენტომ განაცხადა, რომ იმავეს აღარ გაიმეორებდა და სამეფო ოჯახის წევრების საცხოვრებელს ნებისმიერი მფრინავი საშუალებით ფოტოსა და ვიდეოს აღარ გადაუღებდა. Splash-მა მომხდარის გამო ბოდიშიც მოიხადა.

BBC-ის ინფორმაციით, ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ პრინცმა კომპანიის ბოდიში მიიღო. რა ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა სააგენტოს პრინცი ჰარის სასარგებლოდ უცნობია.

წყარო: iMediaEthics
კატეგორია: რესურსები
მედია ტრენერმა ჰენკ ვან ესმა რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე, მათ შორის Poynter-ზე, Bellingcat-სა და Factcheckingday-ზე პოპულარულ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ინფორმაციის გადამოწმებისთვის საჭირო რესურსები და რჩევები გამოაქვეყნა.

დღესდღეობით Instagram-ზე ყოველდღიური ცხოვრების გაყალბება არც ისე რთულია. მაგალითად, ქვემოთ მოცემული სამი სურათიდან არცერთი არ ასახავს რეალობას. პირველ მათგანში ბლოგერი გოგონა ცდილობს თავის მიმდევრები შეცდომაში შეიყვანოს თითქოს დისნეილენდის ტურში იმყოფება. არც მეორე ბლოგერის ნოუ-იორკში გადაღებული ფოტოა რეალური. მესამე, სარეკლამო ფოტო კი Huawei-ის სმარტფონით არ გადაუღიათ, როგორც ამას კომპანია ირწმუნებოდა.

alt

ჰენკ ვან ესმა გადაწყვიტა Instagram-ზე ინფორმაციის გადამოწმების ხერხები კონკრეტულ მაგალითზე განეხილა - შაჰინ გეიბის ჰოლანდიის პოლიცია დღემდე ეძებს. დამნაშავე კი "აბა დამიჭირეს" თამაშობს. გეიბიმ 2009 წელს 2 კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, 175.000 ევრო მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. 2011 წელს მას მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მან ციხიდან გაქცევა მოახერხა და ქვეყანა დატოვა. მიმდინარე წელს მისი ნათესავების სახლის ჩხრეკისას ძებნილის ფოტოები ნახეს, რომელიც ირანში იყო გადაღებული. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რასაც შაჰინ გეიბი თავის Instagram გვერდზე დამცინავი ვიდეოთი გამოეხმაურა.



35 წლის ძებნილი Instagram-ზე თავისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ხშირად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს. თუმცა მას მარტივად შეუძლია პოლიციის შეცდომაში შეყვანა მასალებზე არასწორი ადგილმდებარეობის მითითებით, ძველი ფოტოების გამოქვეყნებითა და რეალური ადგილსამყოფელის დამალვით. ( შაჰინ გეიბის Instagram-ის ანგარიში, რომელიც ამჟამად დახურულია).

შაჰინ გეიბიზე მეტი და ამასთანავე დაზუსტებული ინფორმაციის გასარკვევად საჭიროა შემდეგი ინსტრუქციით მოქმედება.

1. გახსენით Instagram-ი დესკტოპზე

იმისთვის, რომ Instagram-ის დესკტოპის ვერსია გამოიყენოთ Chrome-ის ბრაუზერში უნდა ჩამოტვირთოთ Desktop for Instagram. ამ პროგრამით შესაძლებელია Instagram-ის "სთორების" (რომლებიც 24 საათში ქრება) კომპიუტერში შენახვა.

2. ჩამოიწერეთ ვიდეოები

ასობით ფოტოსა და ვიდეოს ჩამოტვირთვას დიდი დრო მიაქვს. ამ პროცესის გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Chrome-ის პლაგინი - Downloader for Instagram.

3. იპოვეთ დაფარული კავშირები

Instagram-ის მომხმარებლებს შორის დაფარული კავშირების გამოსავლენად - რას იწონებს და აკომენტარებს სამიზნე პირი - უნდა გამოიყენოთ კიდევ ერთი პლაგინი Helper Tools for Instagram.

alt
4. გადაამოწმეთ Facebook-ზე

შაჰინ გეიბიმ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლის ადგილმდებარეობად მითითებული ჰქონდა ირანში, მაზანდარანის პროვინციაში მდებარე მოტელი - متل قو Motelghoo.

პირველ რიგში გადავიდეთ ამ ობიექტის ბმულზე, რომლის ნაწილში წერია “locations/ 531195156910169.” ეს ნომერი მნიშვნელოვანია, რადგან მისი საშუალებით ამ ადგილის გადამოწმება Facebook-ზეც შეგვიძლია. ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: “facebook.com/search/number(ნომერი)." - ჩვენს შემთხვევაში “531195156910169/photos-of.”

სრული URL ბმული იქნება: Facebook.com/search/531195156910169/photos-of. მასზე გადასვლით ნახავთ იმავე ადგილზე გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც Facebook-ზე გამოქვეყნდა და შეძლებთ შეადაროთ ისინი Instagram-ზე ნანახ ფოტოებს.

რისთვის გჭირდებათ შედარება? რადგან შესაძლოა ეს ადამიანი Instagram-ზე ამტკიცებდეს, რომ ფოტო 2019 წელს გადაიღო, ხოლო Facebook-ზე აღმოაჩინოთ, რომ შენობა 2019 წელს დაანგრიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტო სინამდვილეში ძველია.

5. შეუსაბამეთ დრო

ძებნილი მოტელ Motelghoo-ს ფოტოებს Instagram-ზე 2017 წლის იანვრიდან დღემდე აქვეყნებს. როგორ უნდა მოვძებნოთ Facebook-ზე ამ შენობის ფოტოები მოცემულ პერიოდში?

ამის გაკეთება მხოლოდ შემდეგი ბმულის გამოყენებითაა შესაძლებელი: Facebook.com/search/531195156910169/photos-of/jan/1/2017/date-3/mar/27/2019/date-3/photos-2/intersect.

Facebook-ზე კონკრეტულ პერიოდში გამოქვეყნებული, სხვა ადგილზე გადაღებული ფოტოების მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე ფორმულა მცირედი ცვლილებით. ფოტოზე წითლად მითითებული მონაცემები არ უნდა შეცვალოთ, ყვითლად მითითებული ინფორმაცია კი თქვენი ინტერესიდან გამომდინარე უნდა ჩაწეროთ.

alt

ამ ნომრის ნაცვლად - 531195156910169 ნებისმიერი ადგილის ნომერი შეგიძლიათ მიუთითოთ. ხოლო თარიღის მითითებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი ფორმატი: jan/1/2017 ან 1/jan/2017. თითოეული თვე შემდეგი აბრევიატურებით აღინიშნება: jan,feb,mar,apr,may,jun,jul,aug,sep,oct,nov,dec. იგივე სისტემაა გამოყენებული ჰენკ ვან ესის მიერ შექმნილ საძიებო პლატფორმა Whopostedwhat.com-ზე.

Facebook-ზე სხვების მიერ გამოქვეყნებული ფოტოების Instagram-ზე ძებნილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებთან შედარებისას რამე შეუსაბამობა არ აღმოჩნდა.

alt

6. მოძებნეთ ფოტოთი

2018 წლის 27 ნოემბერს გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს რომ შაჰინ გეიბი ერთერთ ქანდაკებასთან პოზირებს. რაც საშუალებას გვაძლევს ამ ქანდაკებით ფოტოს გადაღების ადგილმდებარეობა დავადგინოთ.

alt



ამისთვის შესაძლებელია Google-ისა და Yandex-ის ფოტოს ძებნის ფუნქციის გამოყენება. სწორედ ასე გაირკვა, რომ ქანდაკება დუბაიდან 200 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქიშის კუნძულზეა განთავსებული.

alt

ქიშის კუნძულის შესახებ ინტერნეტში არსებული სარეკლამო ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ “კუნძულზე გაშენებული ბულვარი სავსეა ძვირადღირებული ავტომობილებით, მათ შორის ამერიკული მოდელებით"

7. როცა ფოტოთი ძებნა არ ამართლებს, სცადეთ Google-ში ჩაწერა

იმავე დღეს, 2018 წლის 27 ნოემბერს, შაჰინ გეიბის გამოქვეყნებული აქვს ვიდეო, რომელშიც წითელ მანქანასთან დგას. ვიდეოში კარგად ჩანს ავტომობილის სანომრე ნიშანი, რომელზეც წერია “Kish” და “22389.”

alt

ამ შემთხვევაში სანომრე ნიშნის ფოტოთი ძებნამ არ გაამართლა, ამიტომ მანქანის ნომერი Google-ის ჩვეულებრივ საძიებო სისტემაში უნდა ჩაწეროთ და ფოტოებზე გადახვიდეთ.

alt

შედეგად აღმოჩნდა, რომ იმავე წითელ Chevrolet Camaro-სთან ფოტოები სხვა ტურისტებსაც ჰქონდათ გადაღებული. ამის შემდეგ მარტივი მოსაძებნი ხდება ის კომპანია, რომელიც ამ მანქანას აქირავებს.

alt


აღნიშნული ინფორმაციით შესაძლებელია პასუხის გაცემა პოლიციის კითხვაზე: "ვის დაეკონტაქტა ძებნილი?"

8. გამორიცხეთ რაც იცით, რათა გაიგოთ ის, რაც არ იცით

დააკომენტარა თუ არა ძებნილმა შაჰინ გეიბიმ Instagram-ის სხვა ანგარიშებზე? ამის გასაგებად Google-ში შემდეგი ფორმულა უნდა ჩავწეროთ.

alt


რადგანაც ჩვენ არ გვინდა უშუალოდ შაჰინ გეიბის Instagram გვერდზე გამოქვეყნებული კომენტარების ნახვა, ზემოთ მოცემული ფორმულიდან უნდა გამოვრიცხოთ “site:instagram.com/shahin.mzr.” და დავტოვოთ "shahin.mzr site:instagram.com."

alt

აღმოჩნდა, რომ ძებნილმა ფოტოზე ნაჩვენებ პოსტზე დააკომენტარა. ის ერთერთ ონლაინ მაღაზიას ეკითხებოდა, შეეძლო თუ არა დანის ყიდვა. შედეგად გაირკვა კიდევ ერთი საკონტაქტო პირი, რომელსაც გეიბი დაუკავშირდა.

9. ქრონოლოგიურად დალაგება

სად იმყოფება ძებნილი ახლა? შაჰინ გეიბმა თავისი ბოლო ვიდეო 2019 წლის 9 მარტს გამოაქვეყნა, თუმცა შეიძლება ის თვეების წინ გადაეღო.

 

გარდა ვიდეოს გადაღების დროის დადგენისა, საჭიროა მისი ადგილმდებარეობის გარკვევაც. ეს კი რთული აღმოჩნდა, რადგან ვიდეოში ამის პირდაპირი მანიშნებელი არაფერია და არც პოსტშია მონიშნული გეოგრაფიული ადგილი.

alt
ვიდეოში უნდა ვიპოვოთ ისეთი რამ, რაც მისი გადაღების პერიოდზე მიგვითითებს. თუ კადრებს კარგად დააკვირდებით, მარცხნივ შეამჩნევთ თეთრ ყვავილებიან ხეს. ჰენკ ვან ესმა Twitter-ზე იკითხა ამ ხის სახეობის შესახებ, რაზეც BBC-ის ყოფილმა რეპორტიორმა და ბაღის სპეციალისტმა უპასუხა, რომ ეს ხე "მაგნოლია სტელატა" იყო.

მაგნოლიის ხეს დიდი თეთრი ყვავილები აქვს, რომლებიც დიდხანს არ ძლებს. ვიდეოში ნაჩვენები ხე, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში აყვავილდა, რაც ვიდეოს გამოქვეყნების თარიღთან ახლოსაა. კადრები, დიდი ალბათობით, ჩრდილოეთ ირანშია გადაღებული, რადგან მაგნოლიის ეს სახეობა ქვეყნის სამხრეთის კლიმატურ პირობებში არ გაიხარებდა. ძებნილმა ვიდეო, მასში ნაჩვენები სახლის ზომიდან და მოვლილი ბაღიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მდიდარ დასახლებაში გადაიღო.

ამ აზრს ამყარებს ნარინჯისფერი ნაგვის ურნაც, რომელსაც თეირანში კომპანია Razak Plast-ი აწარმოებს.

alt
 
ჰენკ ვან ესის ტვიტზე ადგილობრივი ირანელების გამოხმაურების თანახმად კი ვიდეოში ნაჩვენები აივნის დეტალები ძალიან ჰგავს ირანის პროვინცია მაზანდარანში მდებარე შენობების აივნების სტილს.


alt
10. Instagram-ზე გადამოწმება

ძებნა კვლავ შაჰინ გეიბის Instagram გვერდზე გაგრძელდა. კონკრეტულად იმ მასალების საპოვნელად, რომელიც შესაძლოა მაზანდარანში ყოფილიყო გადაღებული.

alt

ერთერთ ვიდეოში, რომელიც 2018 წლის 5 ოქტომბერსაა გადაღებული, გეიბი წვიმიან ამინდში მანქანას მართავს. მისი საქარე მინიდან ჩანს სხვა მანქანა. მარცხნივ კი ერთერთი მაღაზიის ბანერი(1). ეს მაღაზია უძრავი ქონების ფირმაა, რომელიც ქალაქ აბასაბადში, მაზანდარანის პროვინციაში მდებარეობს. მის წინ მდგომი მანქანის სანომრე ნიშანიც (2) ადგილობრივია. ავტომობილის ნომერი 82-ით იწყება, რაც ირანელი ჟურნალისტის ერშად ალიჯანის თქმით, ამ ქალაქის მანქანებისთვისაა დამახასიათებელი.

ძებნილის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენები არქიტექტურული სტილი ქალაქ აბასაბადის არქიტექტურას ემთხვევა. ჰენკ ვან ესის ამ "გამოძიებას" იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა Twitter-ზე, რომ რამდენიმე ირანელმა მოქალაქემ მაგნოლიებისა და ნარინჯისფერი ურნების ძებნა ქალაქის მასშტაბით დაიწყო. თუმცა ვიდეოს გადაღების ადგილს, ლონდონში მყოფმა ITV-ის რეპორტიორმა, ნათან ლიმ, მიაკვლია, რომელმაც ინტერნეტში ძებნის შედეგად გაარკვია, რომ აბასაბადიდან 15 კილომეტრში, ქალაქ ამირდაშტში მდებარეობდა ის სახლი, რომელიც ძებნილის ვიდეოში ჩანდა.

alt

Bellingcat-ის გუნდმა შაჰინ გეიბიზე შეგროვებული ინფორმაცია ჰოლანდიის პოლიციას გადასცა. როგორც მოგვიანებით ჰოლანდიის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, მათ შაჰინ გეიბის დაკავება არ შეუძლიათ, რადგან ირანის მთავრობასთან მისი ექსტრადირების შეთანხმება არ აქვთ.

მიუხედავად ამისა, ეს მაგალითი ნათლად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ შეიძლება სოციალურ მედიაში სათანადო ძიებით დამნაშავის ადგილმდებარეობის გარკვევა, მაშინაც კი თუ მას ჰგონია, რომ"კატა-თაგვობანას" ჭკვიანურად თამაშობს.

წყარო: Poynter.org