კატეგორია: ეთიკა
ახალისებს თუ არა მედია ლგბტქ თემის დისკრიმინაციას, როცა შეუზღუდავად უთმობს ეთერს ჰომოფობიური ჯგუფების განცხადებებს? უწევს თუ არა მედია ფაშისტურ იდეოლოგიას პოპულარიზაციას, როცა ულტრანაციონალისტური ჯგუფების საჯარო აქტივობებს აშუქებს? - ეს იმ შეკითხვების არასრული ჩამონათვალია, რაც კიდევ ერთხელ წამოსწია გასულ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც რადიკალური ჯგუფები ქვიარ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას შეეცადნენ.

2019 წლის მარტში ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთსა და ისლამურ ცენტრზე ტერორისტული თავდახმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთმა ულტრამემარჯვენე ტერორისტმა თავდასხმა სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცა. მანამდე კი მიგრანტების წინააღმდეგ მანიფესტი გამოაქვეყნა.

ამ ლაივიდან ფრაგმენტებს შეიცავდა ვიდეო, რომელიც ივნისში გერმანიაში ერთ-ერთმა ტაბლოიდმა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. დამონტაჟებულ ვიდეოში ნაჩვენები იყო, თუ როგორ იღებდა მანქანიდან იარაღს ტერორისტი, უახლოვდებოდა მეჩეთს, უმიზნებდა კარს იარაღს. ჩანდა სროლის პროცესი, მისი დაპატიმრება. სტატიაში, რომელიც თან ახლდა ვიდეოს, დეტალურად იყო აღწერილი კრიმინალური ამბავი, ნაჩვენები იყო სცენები, რაც ხდებოდა მეჩეთში თავდასხმის დროს. ასეთი გაშუქების გამო ამ გაზეთის 122-მა მკითხველმა საჩივრით მიმართა გერმანიის პრესის საჩივრების კომისიას. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ გაზეთმა პრესის კოდექსის მე-11 მუხლი დაარღვია, რომელიც ამბის სენსაციურ გაშუქებას ეხება. მათი აზრით, მკვლელი თავისი ტერორისტული მიზნების განხორციელებას არა მხოლოდ იარაღით, არამედ მისი დანაშაულის მედიაში ტირაჟირებითა და პროპაგანდით ცდილობდა.

გაზეთის მთავარი რედაქტორი და სარედაქციო საბჭო არ დაეთანხმა საჩივარს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გააშუქეს ის, რაც მოხდა რეალურად. მათი აზრით, როდესაც კონკრეტული ქმედება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ხდება, საზოგადოების უფლებაა, მიიღოს ყოველმხრივი ინფორმაცია მედიისგან. მთავარი რედაქტორის თქმით, ჟურნალისტური თვალსაზრისით გაუმართლებელი იქნებოდა ამ ამბის ისე აღწერა, რომ ეს ვიდეო არ ეჩვენებინათ. მისი თქმით, სწორედ ის იქნებოდა პროპაგანდა, თუკი ჟურნალისტები დაიწყებდნენ ფაქტების შერჩევას და იმ დოკუმენტური მასალის სარედაქციო ჩარჩოში მოქცევას, რომელსაც ამხელა მსხვერპლი მოჰყვა.

გერმანიის პრესის საბჭომ მე-11 პრინციპის დარღვევად მიიჩნია გამოცემის მიერ ტერორისტის ვიდეოდან ამონარიდების ჩვენება. იქაური პრესის კოდექსის მიხედვით, მედია არ უნდა იქცეს დამნაშავეების ხელში იარაღად. მოცემულ შემთხვევაში, პრესის საბჭომ მიიჩნია, რომ რედაქციამ ტერორისტს ის საჯარო ტრიბუნა დაუთმო, რომელსაც ეძებდა.

“შინაური ტერორისტები” (Domestic Terrorists) - ასე მოიხსენია FBI-ის მაღალჩინოსანმა რამდენიმე თვის წინ რასისტულად განწყობილი ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფები. მისი თქმით, სწორედ ამ “შინაური ტერორისტების” ანგარიშზეა ბოლო წლებში არაერთი მასობრივი მკვლელობის და ძალადობის ფაქტი.

მოქალაქეების ცემა, ტაბურეტკებით და კომბლებით დევნა მათი გენდერული იდენტობის გამო, ეს საქართველოში კარგად ნაცნობი ბოლო დროის ამბებია. არის იგივე მოტივით მკვლელობის შემთხვევებიც.

ამ ფონზე მედიის მხრიდან შეუზღუდავი ტრიბუნის დათმობა იმ რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევიან, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

გასული კვირის ბოლოს თბილისსა და ბათუმში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას რადიკალური ჯგუფები შეეცადნენ, მათ შორის, იყვნენ ულტრანაციონალისტური ჯგუფის - “ქართული მარშის” წარმომადგენლები, ამავე იდეოლოგიის მატარებელი ბიზნესმენის - ლევან ვასაძის მხარდამჭერები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალური ნაწილი და ა.შ. ისინი ეწინააღმდეგებიან ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვას; მოიხსენიებენ მათ ავადმყოფებად მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობა უკვე თითქმის 30 წელია ამოღებულია დაავადებათა ნუსხიდან; მანიპულირებენ რელიგიური მოტივებით და სეკულარულ სახელმწიფოში ითხოვენ “სოდომ-გომორის ცოდვასთან” ბრძოლას, მაშინ როცა დაუშვებელია ნებისმიერი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია და ა.შ. მათი განცხადებები და პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში კარგადაა ცნობილი მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში, შესაბამისად, ჩნდება კითხვა - როგორ უნდა აშუქებდეს პასუხისმგებლიანი მედია ამ ჯგუფების საჯარო აქტივობებს ისე, რომ ამ აბსურდული და თან საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საშიში მესიჯების ტირაჟირებისა და პოპულარიზაციის საშუალებად არ იქცეს?

BBC-ის ჟურნალისტი რეიჰან დემიტრი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ამბებს აშუქებს, ამბობს, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე კითხვებს უტრიალებს, როდესაც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების აქტივობების გაშუქება უხდება.

“პარასკევს კინოთეატრ ამირანთან და საქართველოს სხვა კინოეთეატრებთან საპროტესტო აქცია ნიუსის სახით გავაშუქე BBC-ის რადიოს მსოფლიო ამბების სამსახურისთვის. ნიუსში აღწერილი იყო ის, რაც ხდებოდა ყოველგვარი პირდაპირი ციტატების გარეშე, რასაც რადიკალები ამბობდნენ, თუმცა გადმოცემული იყო ის, თუ რატომ იყო ფილმი მათთვის მიუღებელი, მაგალითად, ასე: “პროტესტის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ფილმი ერის შეურაცხყოფა იყო”, - გვითხრა რეიჰან დემიტრიმ.

მისი თქმით, როდესაც ულტრამემარჯვენე საკითხებთან დაკავშირებული ამბის გაშუქება უწევს, ცდილობს დაიცვას ბალანსი ისე, რომ თან აღწეროს მოვლენა და თან “საჯაროობის ჟანგბადად” არ იქცეს რადიკალური ჯგუფებისთვის:

“როდესაც ამ საპროტესტო აქციის გაშუქების გადაწყვეტილება მივიღე, ჩემთვის არგუმენტი იყო ის ფაქტი, რომ ეს ჯგუფები შეიძლება პოლიტიკაში ძლიერად არ იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ აქვთ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მხარდაჭერა”.

ასეთი სენსიტიური საკითხები გაშუქების დროს BBC-ის ჟურნალისტები ხელმძღვანელობენ გზამკვლევით, რომლის მიხედვით, მიუკერძოებელი გაშუქება მოიცავს იმაზე მეტს, ვიდრე ეს მოიაზრება განსხვავებული მოსაზრებების “ბალანსში”. გზამკვლევის მიხედვით, მრავალმხრივი გაშუქება არ მოითხოვს აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს ყველა საკითხთან მიმართებაში ან დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისგან დაშორებას, როგორიცაა არჩევნების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და კანონის უზენაესობა.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის დეკანი ნინო ივანიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა “როიტერის” ტელევიზიის უფროსი პროდიუსერის თანამდებობაზე. მისი თქმით, რადიკალური ჯგუფები საკმაოდ საშიშია საზოგადოებისთვის. ამიტომაც თუკი ამ ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქტივობის გაშუქების გადაწყვეტილებას მიიღებს მედია, აუცილებელია არ მოხდეს ისეთი მესიჯების ციტირება, რომელიც შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებებს:

“არ უნდა იყოს პირდაპირი ციტირება ძალადობისკენ მოწოდების, არ უნდა დაუთმო მას ეთერი იმისთვის, რომ ათქმევინო, რომ გამოდით ახლა, ხალხო, და გადავუაროთ, დავხოცოთ, ჩავქოლოთ და ა.შ. მოწოდება არ უნდა იყოს ფიზიკური განადგურებისკენ. ცხადია, უნდა ვთქვათ, რა იყო პროტესტის მიზანი, მაგალითად, ის, რომ მათი აზრია, რომ დასავლეთიდან მოდის ყოველგვარი გარყვნილება და ა.შ.”

ნინა ივანიშვილის თქმით, თუკი პირდაპირ ეთერში გადაიცემა რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული აქცია, სადაც მედიისთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ მოსალოდნელია ჰომოფობიური განცხადებების გაკეთება, აუცილებელია, რომ ჟურნალისტები იყვნენ სათანადოდ მომზადებულები:

“ჩვენ ხომ ზუსტად ვიცოდით, გასული კვირის აქციებზე რას იტყოდნენ ამ აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები, ამიტომაც პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ჟურნალისტს ხელში უნდა ეჭიროს შესაბამისი კონტრარგუმენტები, დოკუმენტები, ხოლო სტუდიაში მყოფი წამყვანი უნდა ხსნიდეს, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ, მაგალითად, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა, მაგრამ რეალურად ამა და ამ დოკუმენტის მიხედვით, ეს არ არის ავადმყოფობა და ა.შ.”

გააშუქებდა თუ არა თავად, როგორც პროდიუსერი პირდაპირ ეთერში, მაგალითად, ლევან ვასაძის გამოსვლას აქციაზე? - ამ კითხვაზე ნინა ივანიშვილი გვპასუხობს, რომ არა, თუმცა არ არის დარწმუნებული, მიიღებდა თუ არა ასე სწორ გადაწყვეტილებას:

“თუნდაც იმიტომ არ დავუთმობდი ლევან ვასაძეს პირდაპირ ეთერს, რომ არ ეთქვა, აბა, ახლა კომბლები მოიმარჯვეთ ხელში და წამოდით, გავანადგუროთ და დავარბიოთ ეს კინოთეატრი და იქ მყოფი ხალხი”.

მისი თქმით, როდესაც მსგავსი სირთულის წინაშე აღმოჩნდებოდა ხოლმე, როდესაც როიტერში მუშაობდა პროდიუსერად, საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში 2-3 წუთის დაგვიანებით გადასცემდა:

“2 წუთს ვწერდი და თუ რაღაცა კატეგორიულად მიუღებელი და საზოგადოებისთვის საფრთხის შემადგენელ მოწოდებას გავიგონებდი, იქ ვწყვეტდი და ვაკეთებდი ჩართვას. ეს გამიკეთებია არაერთხელ იმიტომ, რომ მთავარია ჩვენთვის, რომ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ტიპის პოლიტიკური ჯგუფები არსებობს ქვეყანაში, რამდენად საშიშია თუ არაა საშიში, ან მისაღებია თუ არაა მისაღები მათთვის, ეს უფლება აქვს საზოგადოებას, იცოდეს რა ხდება მის ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად უნდა დავიცვათ ის სტანდარტი, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ფიზიკური ძალადობა პირდაპირ ეთერში და ამან არ გაამწვავოს სიტუაცია”.

ზოგადად, როდესაც მედია რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქტივობების პირდაპირ ეთერში გაშუქების გადაწყვეტილებას იღებს, მას გააზრებული უნდა ჰქონდეს ის ეთიკური დილემები, რაც ასეთ დროს წარმოიშობა, ესენია: ჰომოფობიის, ქსენოფობიის ან სხვა სახის დისკრიმინაციის წამახალისებელი კონტენტის ტირაჟირება, ძალადობისკენ მოწოდებები და ყალბი ინფორმაცია.
კატეგორია: მედიაგარემო
2000-ანი წლების დასაწყისში ქუთაისში 10-ზე მეტი ადგილობრივი გაზეთი გამოიცემოდა. ზოგი - ყოველკვირეული იყო, ზოგი - კვირაში 2-ჯერ ან მეტჯერაც იბეჭდებოდა. დღეს ამ ქალაქში ასეთი სტაბილური ბეჭდური გამოცემა აღარ არსებობს. თითქმის იდენტური ვითარებაა სხვა ქალაქებშიც. დასრულდა თუ არა რეგიონებში გაზეთების ეპოქა? რა გამოწვევების წინაშეა დღეს რეგიონული მედია? - “მედიაჩეკერი” ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას შეეცადა.

alt“გაზეთების ეპოქა დასრულდა, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ უკვე 2011 წლიდან მივხვდით და გადავედით ახალი მედიის მიმართულებით”, - გვითხრა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის qartli.ge-ის დამფუძნებელმა საბა წიწიკაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში გამოსცემდა გორში ადგილობრივ გაზეთს “ქართლის ხმა”.

მისი თქმით, ბეჭდური მედია ნაკლებად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, თუმცა, განსხვავებული მდგომარეობაა სოფლად მცხოვრებ უფროსი თაობის მოსახლეობაში, რომლებისთვისაც გაზეთებია პრიორიტეტული: “აბა, მე ვერ ვნახავ ინტერნეტში; მე არაფერი ვიცი მაგეების“ - მოგვისმენია ხშირად. მიმაჩნია, რომ ამ თაობისთვის ნაადრევად დასრულდა გაზეთების ეპოქა. ისინი ხშირად ცენტრალურ პრესას ეცნობიან, რადგან რეგიონული გაზეთები თითქმის აღარ არსებობს”.

“გაზეთი ბათუმელები” ბოლო წლებში მხოლოდ ონლაინ პლატფორმებზე - batumelebi.ge netgazeti.ge მუშაობს. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, ბეჭდური გამოცემები ქრება მედიაბაზრიდან:

alt“ჯერ ერთი, ეს არის ძვირადღირებული პროდუქტი. მეორე - აუდიტორია, რომელიც გაზეთს არჩევს, რომ წაიკითხოს ბეჭდური ფორმით, უფრო და უფრო მცირდება. მესამე ის არის, რომ სოციალური მდგომარეობა მოქალაქეების უარესდება: ჩვენი მომხარებლები ძირითადად იყვნენ პენსიონერები და არსებული ინფლაციის ფონზე ადამიანებს უბრალოდ აღარ აქვთ შეძენის შესაძლებლობა. პლუს ამას, ინტერნეტი წამოვიდა დიდი დოზით ახალ თაობაში. ანუ ცალკე აღებული არც ერთი გარემოება არ მოქმედებს. ჩემი აზრით, ეს არის კომპლექსური ამბავი”.

გაზეთი „კახეთის ხმა“ ყოველკვირეულად აღარ გამოდის. როგორც მისი დამფუძნებელი მაია მამულაშვილი გვიყვება, 2019 წლიდან გაზეთი არარეგულარულად გამოიცემა და მხოლოდ საგანმანათლებლო და ვიწრო პროფილური სახით მზადდება: “მაგალითად, არჩევნების წინა პერიოდში ეთნიკური უმცირესობების, აზერბაიჯანულ ენაზე უკვე 15 წელია რეგულარულად გამოიცემა, ანდა რომელიმე პროექტის ფარლებში კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფისათვის, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა”.

“რეგიონული გაზეთების უმეტესობა ბაზრიდან გაქრა”, - ამბობს ია ბობოხიძე, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც რამდენიმე ათეულ მედიაორგანიზაციას აერთიანებს საქართველოს რეგიონებიდან. ია თავადაც გამოსცემდა ქუთაისში რეგიონულ ყოველკვირეულ გაზეთს - “ახალ გაზეთს”, თუმცა ბოლო წლებში ის ონლაინ პლატფორმით - newpress.ge ჩაანაცვლა.

“მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად, სულით ხორცამდე „მწერალი“ ჟურნალისტი ვარ და ბეჭდური მედია ჩემთვის ძალიან მშობლიურია, რეალობა სხვა სურათს გვაჩვენებს. ახალი მედიის განვითარების კვალდაკვალ გაზეთების ხანა მალე დასრულდება,” - ამბობს ია ბობოხიძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ რამდენიმე რეგიონში ბეჭდური მედია ისევ ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას.

ასეთი რეგიონია გურია, სადაც კვლავაც გამოიცემა, მაგალითად, გაზეთები “გურია ნიუსი” და “გურიის მოამბე”.

alt“მართალია, ბეჭდური ვერსია მილევადი ბიზნესია, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეპოქა დასრულდა,” - ამბობს ია მამალაძე, “გურია ნიუსის” გამომცემელი. ის რამდენიმე მიზეზს გამოყოფს: “1. ესაა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა; 2. ესაა სოციალური პროექტი, რადგან ხელმოკლე ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ინფორმაციის მიღება, არ აქვთ საშუალება შეიძინონ პერსონალური კომპიუტერი, მობილური და ამჯობინებენ თვეში 5 ლარად (“გურია ნიუსი” სახლში მიტანით ასე ღირს) მიიღონ ინფორმაცია; 3. თბილისიდან ასე ჩანს, მაგრამ ასე არაა, რომ ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომია - რეგიონების ცენტრებშიც კი არაა ყველგან ინტერნეტი (სოფლებში - მითუმეტეს) და თან ძვირია. ის, რომ გაზეთ “გურია ნიუსს“ 1500-1800 ხელმომწერი ყავს ახლაც, ამის გამოა სწორედ”.

გაზეთ “გურიის მოამბის” დამფუძნებელი ლადო მენაბდე ფიქრობს, რომ რეგიონში გაზეთების ეპოქა არ დასრულებულა:

“ეს განცდა დამეუფლა ბოლო ორი თვის განმავლობაში და რატომ? - ჩვენი ბეჭდური ვერსია ფინანსური პრობლემის გამო ბოლო ორი თვე 4-გვერდიან და შავ თეთრ ფორმატზე გადავიდა... ვერ აგიწერთ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ ავღმოჩნდით... როგორც დისტრიბუტორების ე. "კრიკუნებისა" თუ დამტარებლების პირით, ასევე უშუალოდ უამრავი ადამიანი გვაკითხავდა ან სხვადასხვა ქსელით გვიკავშირდებოდა, რომ ძველ ფორმატს დავბრუნებოდით... თავისთავად გავითვალისწინეთ და ახლა ისევ 8-გვერდიანი და ფერადი ვართ. სამწუხაროდ, მოგვიხდა ფასის გაზრდა: ახლა ერთი თვის ღირებულებამ 2 ლარიდან აიწია 3.20 ლარზე”.

საკადრო პრობლემები რეგიონულ მედიაში

ბოლო პერიოდში რეგიონული მედიაორგანიზაციები აქტიურად ეძებენ ახალ კადრებს. რით არის ეს განპირობებული? ია მამალაძის თქმით, გადინებული კადრების დიდი ნაწილი საჯარო სამსახურში, პიარში ან კონფორმისტულ მედიასაშუალებებში მიდის, სადაც ნაკლები შრომა და მეტია ანაზღაურებაა.

“ეს ეხება ტექნიკური უნარების მქონე პერსონალსაც - IT სპეციალისტები, ოპერატორები და ასე შემდეგ. მედიასაშუალებებს ან/და საჯარო სამსახურებს, სადაც უსაფრთხო და გარანტირებული ჯამაგირია, ვერასდროს გაუწევს კონკურენციას მიუკერძოებელი (აქ პირველ რიგში, “უპატრონო“ მედიებს ვგულისხმობ - ვისაც არ სურს პოლიტიკური ან მსხვილი ბიზნესპატრონის საკუთრება იყოს) მედია, რადგან თუ ვთანხმდებით, რომ ეკონომიკა სავალალო დღეშია, სარეკლამო შემოსავლები, მითუმეტეს, პატარა მუნიციპალიტეტებში, არ არსებობს. აქვე დავამატებდი საერთაშორისო დონორების პასიურობას მედიის მიმართულებით”.

მამალაძის თქმით, პრობლემურია ახალი კადრების მოზიდვის საკითხიც:

“შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ჟურნალისტიკით არიან დაინტერესებული ან მომიჯნავე სპეციალობებზე სწავლობენ, თითქმის არც ერთი არ ბრუნდება უკან; თუ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა დაბრუნდა რეგიონში, განსაკუთრებით პატარა მუნიციპალიტეტებში, ამჯობინებენ, რომ იმუშაონ საჯარო სამსახურებში, რომლებიც, სხვათაშორის “წელვადი“ და “უძიროა“ - საშტატო ერთეულების კატასტროფული მატებაა და უკვე დასაჯდომი კი არა, დასადგომი ადგილი აღარაა მუნიციპლიტეტების გამგეობებში, აიპებში და სახელმწიფო შპს-ებში. ეს იმიტომ, რომ სტაბილურობის მეტი განცდაა; “უსაფრთხო“ და “უწყეინებელი“ სამსახურია ჟურნალისტიკისგან განსხვავებით და ასევე, უშრომელი შემოსავალია - ყავის სმა და ბაასი (უმეტეს შემთხვევაში) არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შრომას ჟურნალისტის საქმიანობისგან განსხვავებით”.

alt“მთავარი პრობლემაა ადამიანური რესურსი. იმიტომ, რომ ახალგაზრდები მიდიან სასწავლებლად დედაქალაქში ან სხვა ქალაქებში და უკან აღარ ბრუნდებიან, იქვე რჩებიან სამუშაოდ. არაერთხელ გამომიცხადებია ვაკანსია, ნორმალური ანაზღაურებით, მაგრამ ვერ ვიშოვეთ შესაბამისი კადრი. ამას გარდა, გაყიდვების აგენტი რამდენჯერაც ავიყვანეთ, ყოველთვის სხვა სამსახურში გადავიდა - ერთხელ აფთიაქმა წაიყვანა და მეორეჯერ ბანკში გადავიდა, სადაც უფრო მეტ ხელფასს სთავაზობენ. ძალიან დიდი კონკურენაციაა ამ სფეროში ხელფასის მხრივ. ახლა არ გვყავს მაგალითად გაყიდვების მენეჯერი ამ პრობლემების გამო”, - ამბობს გერონტი ყალიჩავა, სამეგრელოში მოქმედი ონლაინ-გამოცემის, livepress.ge-ის დამფუძნებელი.

ლადო მენაბდის თქმით, მთავარი გამოწვევა დღეს რეგიონული მედიისთვის კვალიფიციური კადრების გადინებაა, ასევე, ფინანსური კრიზისი, ლარის დევალვაცია და გაზეთებზე ფასების ზრდა:

“ასევე ის, რომ გაზეთები რეგიონებში არ არის მომგებიანი. თვითკმარობა კი არ იძლევა განვითარების შესაძლებლობას”, - ამბობს მენაბდე.

altია ბობოხიძის აზრით, ფინანსური პრობლემები დიდ გავლენას ახდენს მედიის კონტენტის ხარისხზე, რადგან კარგი კონტენტის შექმნას ჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლის შენარჩუნებას ბევრი მედიაორგანიზაცია სწორედ ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებს:

“პრობლემაა ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომელიმე მედია ორგანიზაცია ახერხებს მუდმივად იზრუნოს თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე, ახალი უნარების შეძენა-განვითარებაზე სხვადასხვა ტრენინგების და სასწავლო პროგრამების დახმარებით. გაიზრდება ეს ახალი კადრი, შეიძენს გამოცდილებას, უნარებს და მიდის... წასვლის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური”.

“ჩვენთვის სხვა გამოწვევები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კადრების გადინება” - ამბობს ეთერ თურაძე. მისი თქმით, აჭარის რეგიონში მათ ყავთ ისეთი კონკურენტები, რომლებსაც გარანტირებული ფინანსური შემოსავლები აქვთ:

“როცა ნიჩბიანი და მოტორიანი ნავი ეჯიბრება ერთმანეთს, ასეთი ამბავია. როცა შენს კონკურენტებს აქვთ უფრო მეტი ფულადი რესურსი, დახმარება და ა.შ. ეს ერთგვარად გასუსტებს შენ, მაგრამ ჩვენი ძლიერი მხარეა ის, რომ ვართ მიუკერძოებლები საერთაშორისო შეფასებებით და ადამიანები ჩვენს ინფორმაციას ენდობიან უფრო მეტად.”

altმაია მამულაშვილის თქმით, პრობლემურია ის, რომ რეგიონში ვერ ვითარდება ბიზნესი, შესაბამისად, მედიისთვის მწირია სარეკლამო შემოსავალი. ამას ემატება საკადრო რესურსის სიმწირე: “რეგიონული მედიის დამოუკიდებელი განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ღია სარეკლამო ბაზარი და პროფესიონალი კადრი, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად უშლის ხელს მედიის მდგრადობას”.

საბა წიწიკაშვილი კადრებთან მიმართებაში პრობლემად გამოყოფს საუნივერსიტეტო განათლების ხარვეზებს, რის გამოც მედიაორგანიზაციები ადეკვატური კადრებით ვერ მარაგდებიან:

“უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჟურნალისტიკას სხვა მეთოდით ასწავლიან. როდესაც ეს ჟურნალისტები მიდიან რედაქციებში, აწყდებიან სხვა რეალობას. ახალგაზრდა ჟურნალისტს ვერ წარმოუდგენია, რომ შესაძლოა ამბავი მოყვე ისე, რომ არ გჭირდებოდეს ვრცელი ტექსტის დაწერა, ან რეპორტაჟის მომზადება ვრცელი ინტერვიუებით. ჩემი აზრით, სასწავლებლებში, სტუდენტებმა, რომლებსაც ზოგჯერ არაჩვეულებრივი განათლება აქვთ, იციან ქართული ენა და ლიტერატურა, დიდი დრო უნდა დაუთმონ აუდიტორიის შესწავლას. ამ მიმართულებით ნაკლებად მუშაობენ. ვერც კი ხვდებიან ხშირად, რომ თვითონ არიან ამ აუდიტორიის წარმომადგენლები. მაგალითად, იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა სტუდენტმა ჟურნალისტმა სმარტფონით არაჩვეულებრივი ამბავი გადმოცა. ანალოგიურად, იქცევიან სხვებიც. მათი საერთო ინტერესის შესწავლით კი, ვიღებთ იმ სურათს, რომელიც შემდგომში რედაქციებმა უნდა გაითვალისწინონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია აუდიტორიის კვლევა”.


ადგილობრივი ამბების დეფიციტი
 
 
სწორედ კადრებთან დაკავშირებული პრობლემებით ხსნის “გურია ნიუსის” გამომცემელი იმას, რომ რეგიონული მედიის დიდ ნაწილში ადგილობრივი ამბები დეფიციტური გახდა.

“ადგილობრივი ამბების კვალიფიციურად გამშუქებელი და გაშუქებაა დეფიციტი და არა ადგილობრივი ახალი ამბები,” - ამბობს ია მამალაძე, მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაკურსის შესახებაც ღირს საუბარი: “მუნიციპალიტეტებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის რეალური პრობლემაა შეჩვევა - უმწვავესი თემები, რომელიც გაშუქებას მოითხოვს, ეხება ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ჩვენი ნათესავები ან კარგად ნაცნობები არიან. მათ შესახებ წერა, ხშირ შემთხვევაში, უსიამოვნებებს, კონფლიქტებს იწვევს, რასაც ყველა ვერ უძლებს და დროთა ვითარებაში, კონფორმიზმით, არასასურველი ფარული შეთანხმებებით მთავრდება; და ამ ფონზე, როცა ანაზღაურებაც, კვალიფიკაციაც, პროფესიული ღირსებაც, კრიტიკაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რეაგირებაც არაა საკმარისი, მხოლოდ ჟურნალისტების “ბრალეულობაზე“ რთულია საუბარი”.

მამალაძის თქმით, ამ მიზეზების გამო, ადგილობრივი მედიის ყურადღების მიღმა რჩება რეგიონებში ნეპოტიზმი, საკადრო პოლიტიკა, უნებართვო მშენებლობები და ბევრი სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემები.

“რეგიონული მედიის ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ რეგიონული მედია უნდა აშუქებდეს ადგილობრივ ამბებს, მთავარი აქცენტები უნდა კეთდებოდეს ადგილობრივ პრობლემებზე: “ადგილობრივი მედია უნდა მივიდეს ყველა სოფელში, თემში, ყველაზე ძნელად მიღწევად ადგილებში და ყვებოდეს მათ გასაჭირსა და პრობლემებზე. მაგრამ ამისთვის დიდი რესურსია საჭირო, როგორც ფინანსური, ასევე - პროფესიული. არსებული რეალობის გათვალისწინებით, რეგიონული მედიიის უმეტესობაც, როგორც დანარჩენი მედია, ცდილობს მკითხველის დაინტერესებას უფრო სკანდალური ამბებით”.

“ჩვენი ორიენტირი არის ვიმუშაოთ აფხაზეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონზე და შესაბამისად, ცენტრალური ამბებისთვის არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი მცირე ადამიანური რესურსი,” - ამბობს გერონტი ყალიჩავა.

მედია ჯგუფი „კახეთის ხმა“ ამჟამად 3 ონლაინ პლატფორმას მართავს, ესენია: საინფორმაციო ანალიტიკური გვერდი www.knews.ge, სოფლის მეურნეობის პროფილური გვერდი www.agromedia.ge, სამოქალაქო პლატფორმა www.Initiative.ge. მაია მამულაშვილის თქმით, მათ მედია პლატფორმაზე თითქმის 100% -ით არის წარმოდგენილი კახეთის რეგიონში არსებული ამბები და საკვანძო საკითხები.

“ამ თვალსაზრისით, ვიზიარებ იმ მედია მენეჯერების მოსაზრებას, რომლებიც თვლიან, რომ მკითხველისთვის ადგილობრივი ამბები უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ჩვენი მედია ჯგუფი ვამზადებთ მულტიმედიურ მასალებს ისეთ თემებზე, რომელიც რეგიონული აუდიტორიისათვის უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახებია”, - ამბობს მაია მამულაშვილი.

“იმ რეგიონულ მედიას, რომელიც დიდ დროს უთმობს დედაქალაქის ამბებს, ვფიქრობ, რომ საერთოდ არ აინტერესებს საკუთარი გარემო - ქალაქი და სოფელი”, - მიიჩნევს საბა წიწიკაშვილი. მისი თქმით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება ამბის გაგება - “რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებს, კონკრეტულ უბნის მოსახლეობას რა აწუხებს, რა უხარია. შესაძლოა, ერთმა ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ამბავმა მთელი რეგიონის აუდიტორია მოგიზიდოს”.

alt“მე მიმაჩნია, რომ რეგიონალური მედია ძირითადად უნდა იყოს დაკავებული ლოკალური ამბებით. ეს ჩვენი ნიშა იყო და ამაში უცხოელმა პარტნიორებმაც გამოგვარჩიეს და რამდენჯერმე დაგვაჯილდოვეს. ე.წ. თბილისური ამბები დასაშვებია იმ დოზით რა დოზითაც აინტერესებს ეს ჩვენს აუდიტორიას,” - ამბობს “გურიის მოამბის” გამომცემელი. მისი თქმით, გაზეთში მხოლოდ რეგიონულ ამბებს აშუქებენ, ვებ-გვერდზე კი, როგორც თვითონ ამბობს, დედაქალაქიდან ე.წ. ცენტრალურ ამბებს 30% უჭირავს და ადგილობრივს - 70%.

იმას, რომ რეგიონული ონლაინ პლატფორმები დიდ ადგილს უთმობენ უფრო მეტად საერთო ეროვნულ ამბებს და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ადგილობრივ ამბებს, კონკურენციით ხსნის ია მამალაძე:

“ინტერნეტპლატფორმების არსებობამ, ერთმანეთის კონკურენტებად აქცია ყველა მედია, მიუხედავად იმისა, სად საქმიანობს. ამიტომ ჭარბია ცენტრალური ამბები და ლოკალური არეალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილობრივი ამბები სულ უფრო და უფრო მცირდება. ეს კიდევ უფრო მტკივნეული და თვალსაჩინო გახდება არჩევნების პერიოდში, როცა ადგილობრივი ამბები, პროცესის სრულად გაშუქების კონტექსტში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს”.

“ჩვენ იმის გათვალისწინებით, რომ ვფიქრობდით, რომ ლოკალური ნიუსი უნდა იყოს ლოკალური ნიუსი, გავაკეთეთ ისეთი გამოცემა, როგორიცაა netgazeti.ge ნაციონალური ამბებისთვის. ვფიქრობთ, რომ ბათუმის მერიის, ქუჩების, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ამბები არ არის მთელი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის მოსახლეობისთვის. ამიტომ ასეთი დახარისხება ინფორმაციის სწორია, რადგან ადამიანები ამ ზღვა ნაკადში მათთვის საჭირო ინფორმაციას უფრო მარტივად მოიპოვებენ, შესაბამისად კარგია, რომ იყოს გამიჯნული ამბები რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ ლოკალური გამოცემები არ უნდა აშუქებდნენ, მაგალითად, 20 ივნისის ამბებს. ჩვენ batumelebi.ge-ზე 30% მაინც გვაქვს წარმოდგენილი ნაციონალური ამბები”, - ამბობს ეთერ თურაძე.

ჩვენ ამჯერად რეგიონებში მოქმედი მხოლოდ ონლაინ და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლებს გავესაუბრეთ. რეგიონულ მაუწყებლებში არსებულ პრობლემებზე “მედიაჩეკერი” შემდეგ მასალებში გიამბობთ.
კატეგორია: ეთიკა
  • ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინვესტიცია;
  • რუსთაველმა თქვა, “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო” და ამის გამოხატულება არის ბიძინა ივანიშვილი;
  • განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელიც მან შეიტანა ეკლესია-მონასტრების და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში;
  • ბატონი ბიძინა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს სიძველეებისადმი;
  • ის, რაც 30 წელი ვერ გააკეთა სახელმწიფომ და ბიზნესმა, ერთი ადამიანის ძალისხმევით კეთდება...
ეს ამონარიდებია “ტელეიმედის” ეთერში, 5 ნოემბერს გასული ახალი გადაცემიდან, სახელწოდებით “არენა”. მთელი გადაცემა, საერთშო ჯამში, 2 საათზე მეტი დრო, სწორედ ბიძინა ივანიშვილისადმი დითირამბებს მიეძღვნა დაახლოებით იმ სტილში, როგორც ამას აკეთებდა საბჭოთა ბელადებზე - “ვრემია”, პუტინზე - ტელეკომპანია “როსია” ან ჩრდილო კორეის ტელევიზია - კიმ ჩენ ინზე.

ეს სტილი გულისხმობს ერთხმად ბელადის ქებას, როდესაც ფაქტობრივად არ არის წარმოდგენილი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გაჟღერების სიმულაციას ქმნიდა “არენაში” ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის მონაწილეობა.

რატომ იყო ეს სიმულაცია?

გადაცემის მესამე ბლოკი დაეთმო რუბრიკას “მედიარენტგენი”, რომლის ამოცანად წამყვანმა მაყურებელს დაუსახელა “ფეიკ ნიუსების” გამოვლენა და ამაზე “სიმართლის დაპირისპირება”.

მედიარენტგენში გაატარეს “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის პროექტებზე. გამოაცხადეს, რომ ეს მედიასაშუალებები არიან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, რომლებმაც “დაიწყეს შეტევა ბიძინა ივანიშვილზე”.

ამ “შეტევას” “კონტრშეტევით” უპასუხა ტელეიმედმა და გადაცემაში სამნაწილიანი ფილმი შემოგვთავაზა, რომელიც მიეძღვნა ბიძინა ივანიშვილის, როგორც აბასთუმნის ამღორძინებლის წარმოჩენას.

ფილმი იწყება ჟურნალისტის ასეთი ტექსტით:

“ნაციონალური მოძრაობის” და მისი განაყოფების, ასევე, მათი მედიარუპორების ქცევის წესი, ერთგვარი Modus Operandi ყოველთვის იყო სიცრუე და ძალადობა. ნაცმოძრაობის მიერ ტირაჟირებული ტყუილების დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილზეა. ამოცანაა, რაც შეიძლება დიდი და უტიფარი ტყუილით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, შენებას ნგრევა უწოდონ, ხოლო ქველმოქმედებას - ანგარება…

… მას შემდეგ, რაც სტრასბურგის განაჩენმა სააკაშვილს მიტაცებული ტელევიზია დააბრუნებინა, “რუსთავი 2-დან” წამოსული პროპაგანდისტი ჟურნალისტები ორი პარტიული ტელევიზიით დაესხნენ თავს აბასთუმნის პროექტს”.

ასეთი შესავალით ჟურნალისტი აპრიორი აცხადებს პროპაგანდისტებად და ნაციონალური მოძრაობის რუპორებად “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს, თუმცა არ გვთავაზობს არგუმენტებს, რას ეფუძნება ასეთი შეფასება, რომელ კვლევას, რომელ მედიამონიტორინგს და ა.შ.

ამის შემდეგ ფილმი სამ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას და ცდილობს ყალბ ინფორმაციად წარმოადგინოს ამ ეპიზოდებზე ზემოთ აღნიშნული არხების ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები.

პირველი ეპიზოდი ვრცლად მიმოიხილავს აბასთუმნის შემოვლითი გზის ამბავს. “არენის” ვერსიით, ჟურნალისტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, როცა, რეალურად, სპეციალისტების ნაწილზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ შემოვლითი გზა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაივლის, დააზიანებს ეკოსისტემას, საფრთხეს შეუქმნის იქ არსებულ ფლორას და ფაუნას.

“იმედის” მიერ მომზადებულ ფილმში რესპონდენტებად გვხვდებიან მხოლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე მომუშავე ან მისი განხორციელების მომხრე ადამიანები: საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, “გეოგრაფიკის” წარმომადგენელი, რომელიც მუშაობდა აბასთუმნის განვითარების გენგეგმის პროექტზე და ამ გეგმის ფარგლებში გადაწყდა, რომ საავტომობილო გზამ უნდა აუქციოს გვერდი აბასთუმანს და ა.შ. არ იყო წარმოჩენილი არც ერთი ოპონენტი, მათ შორის გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ შემოვლითი გზის გაკეთების აუცილებლობას, საუბრობენ გზის გაყვანის შედეგად შესაძლო საფრთხეებზე და ა.შ.

ანალოგიური დისბალანსი იყო სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს შორის. სტუმრები (სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები) საუბრობდნენ, რომ ბაღდათი-აბასთუმნის გზა უნდა აშენდეს ისე, რომ ამ გზამ არ გაიაროს არც აბასთუმანზე და არც საირმეზე, რადგან ეს აუცილებელია კურორტებისთვის. თუმცა არ დასმულა შეკითხვები, თუ რა პრობლემებს უქმნის ეს გზები ამ კურორტებს? არსებობს თუ არა რაიმე კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ სატრანსპორტო ემისიებით ჰაერის დაბინძურება საირმესა და აბასთუმნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ აუცილებელია ეროვნული პარკი გაიჭრას? ვინ, როდის და რა კვლევის საფუძველზე გადაწყვიტა ის, რომ აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილებისთვის უნდა იყოს გადაადგილება შესაძლებელი?

უფრო მეტიც გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს იმას, რაზეც ე.წ. ფეიკ სიუჟეტების ავტორებად მოხსენიებული ჟურნალისტები საუბრობენ, რომ გზის გაყვანის შედეგად მოიჭრება ხეები ეროვნული პარკის ტერიტორიაზე; მოხდება ცხოველების მიგრაცია, მაგრამ მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიადგეს პარკს. ოპონენტები კი სწორედ ამის გამო ეწინააღმდეგებიან ეროვნულ პარკში გზის გაჭრას, რომ არ მიადგეს მას ზიანი, რადგან გზის გაყვანის აუცილებლობა კვლევებით არ არის დასაბუთებული. ეს აზრი “იმედის” გადაცემაში არ გაჟღერებულა, ოპონენტად გამოცხადებულ ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს (რომელიც არ არის ეკოლოგიის, გარემოს დაცვის სპეციალისტი) კი წამყვანი უტრიალებდა კითხვას - აბასთუმანში რაც კეთდება, ეს ცუდია?

მეორე ეპიზოდი შეეხებოდა აბასთუმანში საჰაერო ფრენების აკრძალვას:

“ნაციონალმა ჟურნალისტებმა მოიგონეს პრობლემა, დაუკავშირეს ის ბიძინა ივანიშვილს, ჩართეს მორალურად გაკოტრებული ბიზნესმენი”, - ასეთი ფრაზებით ცდილობდა ტელეიმედი მომზადებული ფილმით მაყურებლის დარწმუნებას, რომ “ფეიკ ნიუსი” იყო ის, რომ “იკეტება ცა თვითფრინავებისთვის” და ეს ბიძინა ივანიშვილის ახირებით კეთდება. “იმედი” გვარწმუნებდა, რომ აბასთუმნის ობსერვატორიის და არა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით იცვლება საჰაერო მარშრუტები და რომ ეს მარშრუტი უფრო მისაღებია. ამ შემთხვევაშიც წარმოდგენილი იყო მხოლოდ სამთავრობო სექტორიდან რესპონდენტები და არც ერთი ოპონენტი, მათ შეეძლოთ ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან წარმოედგინათ ვინმეს პოზიცია, რომელიც მიუკერძოებლად აუხსნიდა საზოგადოებას, რეალურად შექმნის თუ არა პრობლემას მარშრუტის ცვლილება და ა.შ.

მესამე ეპიზოდი ეძღვნებოდა იმის ჩვენებას, თუ როგორი აღმშენებლობა მიდის აბასთუმანში, როგორი კმაყოფილია მოსახლეობა და როგორ აყალბებენ ამ მხრივ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” “მსახური” ჟურნალისტები.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი აშენებს მაღალი კლასის სასტუმრო პარაგრაფს ტუბსაავადმყოფოს ადგილზე, ხოლო ფილტვის ცენტრი გააკეთა სხვა ადგილზე, რომელიც კერძო პირისგან შეიძინა. იმის საილუსტრაციოდ, რომ ივანიშვილ საუკეთესო ადგილი არ დაუსაკუთრებია სასტუმროსთვის, სადაც ადრე ტუბსაავადმყოფო იყო, “იმედის” ფილმი გვთავაზობს მოსაზრებას, რომ ახალი საავადმყოფოს ადგილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის კლიმატოლოგებმა მიიჩნიეს საუკეთესოდ. თუმცა არ ისმის კითხვა და არც პასუხია შესაბამისად, მაშინ რატომ არ ააშენეს საბჭოთა პერიოდში ამ საუკეთესოდ მიჩნეულ ადგილზე საავადმყოფო? ან თავად ბიძინა ივანიშვილმა რატომ არ ააშენა სასტუმრო ამ საუკეთესოდ მიჩნეულ ადგილზე?

გადაცემის ამ ნაწილში “იმედმა” შემოგვთავაზა აბასთუმანში აღმშენებლობით კმაყოფილი და აღფრთოვანებული მოსახლეობის კომენტარები. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელეიმედი ივანიშვილის პროექტებს მსგავს სიუჟეტებს უძღვნის. აბასთუმანზე წინა თვეებში არაერთი მსგავსი პათოსის სიუჟეტი გადაიცა ტელეიმედით. “არენაში” კი აბასთუმნის პროექტამდე წყალტუბოს “აღორძინების” პროექტზე გვიამბეს. ხოლო “არენამდე” ივანიშვილის გეგმები და წყალტუბოს მოსალოდნელი აღორძინება “იმედის” სხვა გადაცემების მთავარ თემად იყო წარმოდგენილი.

გადაცემა “არენა” საპატრიარქოს თემით გაიხსნა, უფრო სწორად იმის ჩვენებით, თუ როგორ შეეცადა “ნაციონალური მოძრაობა” საეკლესიო გადატრიალების მოწყობას და როგორ აირიდა ეს ქვეყანამ თავიდან. გადაცემის ავტორები ცდილობდნენ მაყურებლის დარწმუნებას, რომ პეტრე ცაავა აწყობდა საეკლესიო გადატრიალებას, როდესაც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ პატრიარქი “პიდარასტიასა” და “მამათმავლობაში” დაადანაშაულა. ხოლო პეტრე ცაავა მოქმედებს “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით, რომლის საილუსტრაციოდ გადაცემაში შემოგვთავაზეს ამონარიდი მისი ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს ახალაიების ოჯახზე დადებით კონტექსტში, თუმცა იქვე ეხება გადაცდომების თემას. ამასთან, წარმოაჩენენ, რომ პეტრე ცაავა ხმას არ იმაღლებდა ენმ-ს მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეო და აქედან გამომდინარე, ასკვნიან, რომ სწორედ ენმ-მ დაუკვეთა საეკლესიო გადატრიალება.

გადაცემის ამ ნაწილშიც არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი განსახვავებული აზრი, მხოლოდ ამ იდეის გარშემო გაერთიანებული რესპონდენტები საუბრობდნენ შეთქმულების თეორიაზე, რომელიც ფორმალურადაც კი არ იყო დაბალანსებული.

გადაცემის სწორედ ამ პირველ, გამხსნელ ნაწილში შემოგვთავაზა “არენის” წამყვანმა ინტერაქტივის შეკითხვა: ვის ინტერესშია პატრიარქის დისკრედიტაცია - ხელისუფლების თუ ნაციონალური მოძრაობის? როგორც წესი, ტელემედიები ინტერაქტივს იყენებს იმ გადაცემებში, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ეჭვი იმის შესახებ, რომ “არენა” ეთერში წინასწარ ჩაწერილი გადაცემით გავიდა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთმა სტუმარმა ნიკა ჩიტაძემ ფეისბუკში საჯარო დისკუსიის დროს დაწერა, რომ ის გადაცემაში სტუმრად მისული იყო წინა დღით და არა მაშინ, როცა გადაცემა ეთერში გავიდა. ამასთან, ჩანაწერი, რომელიც “იმედის” ვებგვერდზეა განთავსებული, ინტერაქტივის გამოსახულების გარეშეა ატვირთული, ხოლო ეთერში გასულ გადაცემას თან სდევდა ინტერაქტივის ცხრილი, რომლის მიხედვით, ინტერაქტივში მონაწილე 96.7% ფიქრობდა, რომ პატრიარქის დისკრედიტაცია “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში იყო. ეს მონაცემები გადაცემის წამყვანს არ გამოუცხადებია, მან თქვა, რომ ინტერაქტივის შედეგები გამოსახული იყო ეკრანზე.

გადაცემის წამყვანმა გამსხნელ ტექსტში აღნიშნა, რომ კიბერშეტევის გამო პრობლემები შეექმნათ, თუმცა გადაცემა მაინც დათქმულ დროში გავიდა ეთერში. მას არ უთქვამს, რომ მაყურებელი გადაცემის ჩანაწერს უყურებდა ეთერში.
კატეგორია: ეთიკა
“ყურადღების ცენტრში” (Spotlight) - ასე ჰქვია ამერიკულ ოსკაროსან ფილმს, რომელიც ჟურნალისტების მიერ კათოლიკურ ეკლესიაში პედოფილიის მხილებას ეხება. ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება, რომელიც 2002 წელს მოხდა ბოსტონში.

ადგილობრივი გაზეთის, “ბოსტონ გლოუბის” (Boston Globe) გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კათოლოკური ეკლესიის მღვდელმსახურები პედოფილიაში ამხილეს, ხოლო მათ მფარველობაში ბოსტონის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსი ბერნარ ლოუ დაადანაშაულეს.

ჟურნალისტების მიერ საქმის გახმაურების შემდეგ ბოსტონის ეპარქია იძულებული გახდა გაეყიდა ქონება, რათა მილიონობით დოლარი გადაეხადა კომპენსაციის სახით 500-ზე მეტი დაზარალებულისთვის. კარდინალი ლოუ კი გადადგა.

ხუთშაბათს, საქართველოში მოქმედი მედიასაშაულებების ჟურნალისტებს მაღალი იერარქიის მღვდელმთავარმა პეტრე ცაავამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ეწევა “ჭაბუკების გახრწნას” და რომ ამ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა მისი დასჯა სინოდის კრებაზე, როდესაც იგი ჭყონდიდის ეპისკოპოსობიდან დაითხოვეს.

რამდენიმე ტელევიზია და ონლაინ მედია სინოდის სხდომას პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ამის გამო, საზოგადოებამ უშუალოდ პეტრე ცაავასგან შეიტყო ის ინფორმაცია, რომელმაც გააოგნა.

პეტრე ცაავამ თქვა: “საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის”.

როგორ შეხვდა ამ განცხადებას მედია, რომელიც ბოლო წლებია ფლობს ინფორმაციას, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გარკვეული ფირებით მიმდინარეობს შანტაჟი; რომ წინა ხელისუფლების დროს ჩაწერილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ნაწილი ეხება სასულიერო პირებსაც; რომ არსებობს “ციანიდის საქმისთვის” მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი, რომელშიც მსგავს ფაქტებზეა საუბარი და ა.შ.

მიუხედავად ამისა, მედია სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი თემის სათანადო გაშუქებისთვის. პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჟურნალისტები ვერც კი იმეორებდნენ პეტრე ცაავას მიერ პატრიარქისადმი გაჟღერებულ ბრალდებას.

მაგალითად, “მთავარი არხის” ჟურნალისტების პირველი რეაქცია ასეთი იყო:

“შოკისმომგვრელი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ ახლა მეუფე პეტრეს მხრიდან. უმძიმესი ბრალდებები წაუყენა საქართველოს პატრიარქს. ის დაადანაშაულა ცოდვის ლობირებაში. ძალიან რთულია იმ ბრალდებების გამეორება. ეს იყო მართლაც ძალიან მოულოდნელი, რომლის ინტერპრეტირება ან შინაარსის გადმოცემა მე ძალიან მიჭირს”.

ტელეკომპანია “იმედმა” პეტრე ცაავას განცხადების პირველი ნაწილი შემოგვთავაზა პირდაპირ ეთერში, სადაც ის ზოგადად ეკლესიაში “მამათმავლობის მხილებაზე” საუბრობს და შემდეგ ყოველგვარი კომენტარის გარეშე, სხვა თემაზე გადავიდა საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. რამდენიმე წუთის შემდეგ კი საპატრიარქოსთან მყოფი ჟურნალისტი ჩართო პირდაპირ ეთერში, რომელმაც მაყურებელს უთხრა, რომ არ გაიმეორებდა იმას, რაც პეტრე ცაავამ თქვა საჯაროდ:

“მე მირჩევნია ეს თავად მაყურებელმა უშუალოდ მეუფე პტრესაგან მოისმინოს, მე არ ვაპირებ მისი განცხადებების ციტირებას”.

პირდაპირ ეთერში მოუხდა პეტრე ცაავას განცხადების გაშუქება ტვ პირველსაც, საიდანაც, ასევე, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჟურნალისტები მაყურებელს აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ პეტრე ცაავამ ზოგადად ეკლესიაში მამათმავლობის მხილება დაასახელა მისი დათხოვნის მიზეზად. უფრო მეტიც, საპატრიარქოში მყოფმა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს დაამახინჯა პეტრე ცაავას განცხადება და თქვა, რომ მან სინოდის მდივანი დაადანაშაულა და რომ უცნობია, ვინ იყო სხდომის მდივანი. რეალურად პირდაპირ ეთერში პეტრე ცაავამ ცალსახად განაცხადა, რომ მან პატრიარქი ამხილა, რომელიც არის სინოდის მუდმივმოქმედი თავმჯდომარე.

“ძალიან სკანდალური განცხადება გააკეთა მეუფე პეტრემ,” - ასე შეაფასა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა პეტრე ცაავას განცხადება. ეს განცხადება "რუსთავი 2-მა" პირდაპირ ეთერში გადასცა.

პეტრე ცაავას მიერ პატრიარქის დადანაშაულების შესახებ განცხადების პერიფრაზისგან შეიკავა თავი ფორმულა ტვ-ის ჟურნალისტმაც. მან ჩართვის დროს მაყურებელს უთხრა, რომ პეტრე ცაავამ “სინოდის თავმჯდომარე ამხილა, თუ რაში ამას მოისმენთ, როდესაც მეუფე პეტრეს ინტერვიუ გავა ეთერში”.

საზოგადოებრივ მაუწყებელს სინოდის სხდომასთან დაკავშირებით საგანგებო ეთერი არ ჰქონია და შესაბამისად, პირდაპირ ეთერში არ გადაუცია პეტრე ცაავას განცხადებები. მოგვიანებით კი ჟურნალისტმა, რომელმაც საპატრიარქოსთან განვითარებული ამბები პირდაპირ ეთერში უამბო მაყურებელს, უთხრა, რომ მეუფე პეტრემ “სკანდალური განცხადებები” გააკეთა.

რას ნიშნავს, როცა მედია, ჟურნალისტები ვერ ბედავენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიმართ სხვის მიერ გაჟღერებული ბრალდების პერიფრაზსაც კი? მოიქცეოდნენ თუ არა ისინი ასე იმ შემთხვევაშიც, თუკი, მაგალითად, მძიმე ბრალდებას წაუყენებდა პრეზიდენტი პრემიერს? ვინმე ცნობილი მსახიობი ცნობილ კინორეჟისორს? კათოლიკე მღვდელი - კარდინალს და ა.შ. - ალბათ, არა, რადგან, ცხადია, ძნელია, ერთის მხრივ, “უწმინდესად და უნეტარესად” მოიხსენიებდე ადამიანს და მეორეს მხრივ, იმ ქმედებებში ბრალდებულად გამოაცხადო, რომლის გმობასაც ტაბურეტკებით და კომბლებით “შეიარაღებული” იცავს ის ეკლესია, რომლის მწყემსიცაა.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტური სტანდარტი გულისხმობს მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენას და სიფრთხილეს ისეთი ფაქტების გასაჯაროების დროს, რომლებიც დადასტურებული არ არის. თუმცა, როდესაც ბრალდება ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა, მედია ვალდებულია ყველა ღონეს მიმართოს ამ ბრალდებაზე მეტი დეტალების მოსაძიებლად.

მეტ დეტალებს მაყურებელი დღის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებებში ელოდა, თუმცა ვნახოთ, რეალურად რა გავიგეთ:

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცხრასაათიან მოამბეში შემოგვთავაზეს დღის განმავლობაში სინოდის სხდომის გარშემო გაკეთებული კომენტარების კოლაჟი. არ იყო წარმოდგენილი სიღრმისეული ანალიზი, არ დასმულა დამატებითი შეკითხვები პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე და მთელი აქცენტი გადანატილი იყო იმის ჩვენებაზე, თუ როგორ შეურაცხყო მეუფე პეტრემ პატრიარქი. ჟურნალისტი გვთავაზობდა სინოდის წევრი მღვდელმთავრების პერიფრაზებს, რომ “ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის სხდომაზე უხამსი სიტყვებით და შანტაჟის ენით საუბრობდა”;

  • პეტრე ცაავას ნეგატიური პორტრეტის შექმნაში კიდევ უფრო შორს წავიდა ტელეკომპანია “იმედი”. კერძოდ, სარედაქციო და ჟურნალისტურ ტექსტებში ვხვდებოდით ასეთ პასაჟებს: “მან [პეტრემ] სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უმძიმეს ცოდვაში დაადანაშაულა... მალევე გაირკვა, რომ [პეტრე] კი არ გამოვიდა [სინოდის სხდომიდან], არამედ ძალით გამოიყვანეს... [სინოდის წევრების მონათხრობით] პეტრე ცაავამ გაბედა და პატრიარქისკენ გაიწია… მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პატრიარქი სოდომ-გომორის ცოდვაში” და ა.შ. ასეთი კონტექსტის შექმნის შემდეგ “ქრონიკის” შემაჯამებელ გამოშვებაში ჟურნალისტებმა გვაუწყეს, რომ “პეტრე ცაავას მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში აქტიურობენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები”. ამის საილუსტრაციოდ აჩვენეს ფეისბუკპოსტების სქრინები, თუმცა აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ არ უჩევენებიათ თავად ენმ-ს ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოსტი, რომელიც სწორედ რომ ილია მეორეს უჭერდა მხარს. ამას გარდა, იმედის ჟურნალისტი ცხარე ინტერესს ავლენდა პეტრე ცაავასგან იმის გამოსარკვევად, თუ აქამდე რატომ არ ასაჯაროებდა ამ ინფორმაციას და ახლა რატომ გადაწყვიტა მხილება;

  • ფაქტობრივად სინოდის სხდომის მშრალი ქრონოლოგია და კომენტარები შემოგვთავაზა “ფორმულამაც” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ჟურნალისტი აქაც იყენებდა ტერმინს, რომ “სოდომურ ცოდვაში” ამხელდა პეტრე ცაავა პატრიარქს.

  • "მთავარი არხი" , "რუსთავი 2" და "ტვ პირველი" დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში ცდილობდნენ სხვადასხვა აქტორის პირდაპირ ეთერში ჩართვით და ინტერვიუებით თემის გაშლას, ეს უფრო მეტად სენსაციურობის წარმოჩენას ეძღვნებოდა, ვიდრე კონკრეტულ ბრალდებაზე მეტი დეტალების მოძიებას.

მედიის მიერ დამატებით დასმული შეკითხვებიდან გავიგეთ, თუ რას გულისხმობდა პეტრე ცაავა, როდესაც თქვა, რომ პატრიარქი “მამათმავლობითა” და “პიდარასტიითაა” შეპყრობილი.

პეტრე ცაავამ თქვა: “ეკლესიურად ამ ცოდვას ჰქვია პიდარასტია, შენდობას ვითხოვ, არ მინდა ვინმემ ცუდად გაიგოს, ახალგაზრდა ჭაბუკის გახრწნა არის ეს.”

შეიცავს თუ არა ეს ბრალდება - “ახალგაზრდა ჭაბუკის გახრწნა” - პედოფილიაზე მინიშნებას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, - ეს კითხვა ჟურნალისტებს პეტრე ცაავასთვის არ დაუსვამთ.

პეტრე ცაავამ თქვა, რომ შეუძლია წარადგინოს სინოდის წინაშე 2-3 მოწმე, მოგვიანებით განაცხადა, რომ “შეიძლება 30-იც”. მან თქვა, რომ მედიას ვერ გაუმხელს ამ მოწმეებს, თუმცა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ბრალის გამამყარებელი არგუმენტები შეუძლიათ ამოიკითხონ 1970-ანი წლებიდან დღემდე გასამართლებული სასულიერო პირების საქმეების შესწავლის შედეგად. მედიას ჯერ არც ამ მხრივ გამოუხატავს ამ თემის მიმართ ინტერესი.

საბოლოო ჯამში, ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებები გვიჩვენებენ, არის პეტრე ცაავას ბრალდებები, რომლებიც რჩება ზეპირ განცხადებებად და არ ახლავს თან ფაქტები და მეორეს მხრივ, ვხედავთ პატრიარქის დამცველების ასევე ზეპირ, მხოლოდ რწმენაზე დაფუძნებულ განცხადებებს.

ჯერ მედიას ისიც ვერ გაურკვევია, რაში ადანაშაულებენ პატრიარქს - ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაული პედოფილია თუ ჰომოსექსუალური ურთიერთობები, რაც ადამიანის უფლებაა სეკულარულ სახელმწიფოში და არა “სოდომური ან უმძიმესი ცოდვა”, როგორც ამას ჟურნალისტები იმეორებენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიასპექტრში შევხვდით ისეთ გაშუქებასაც, როდესაც პეტრე ცაავას განცხადებებს იმ ნაწილში, როცა ის საუბრობს “მამათმავლობასა და სოდომ-გომორის ცოდვაზე” - მედიამ (მაგალითად, ნეტგაზეთი, პუბლიკა) დაარქვა თავისი სახელი - “ჰომოფობიური” და “სიძულვილის ენა”.
კატეგორია: მედიაგარემო

ესტონეთმა შესაძლოა დაკარგოს პრესის თავისუფლების რეიტინგში მოწინავე მე-11 ადგილი. ასე გამოეხმაურა რეიტინგზე მომუშავე ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ესტონეთის ერთერთი უმსხვილესი და უძველესი გაზეთის Postimees-ის მფლობელის მცდელობებს,  ჩაერიოს სარედაქციო საქმიანობაში.

აღნიშნულ გაზეთს ნორვეგიული კომპანია Schibsted ფლობდა, თუმცა 2013 წელს ის ესტონელმა ბიზნესმენმა, მარგუს ლინამიემ შეიძინა. პრობლემებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის კუთხით 2017 წლიდან იჩინა თავი, 2018 წელს კი ზედიზედ ხუთი რედაქტორი გახდა იძულებული დაეტოვებინა გაზეთი.

“ახალი ამბების, ბიზნესის, გამოძიების, სპორტის, ოპედის განყოფილების რედაქტორებმა დატოვეს გაზეთი მარგუს ლინამიეს მცდელობების გამო, გადააქციოს გაზეთი თავისი კონსერვატიული და ნაციონალისტური მოსაზრებების პროპაგანდისტულ რუპორად”, - ნათქვამია ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უფრო ადრე ადგილობრივი მედია მფლობელის მიერ შექმნილ პრობლემაზე მიუთითებდა თავის ანგარიშში ორგანიზაცია “მედიაპლურალიზმისა და მედიის თავისუფლების ცენტრი”, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მედიაპლურალიზმის მონიტორინგს ახორციელებს ყოველწლიურად ევროკომისიის დაფინანსებით:  “2013 წელს, როცა ნორვეგიულმა კომპანიამ Schibsted-მა გაყიდა Postimees და ახალი ესტონელი მფლობელი ჩაერია მთავარი რედაქტორის დანიშვნის პროცესში, რაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აქამდე არასდროს მომხდარა ესტონეთში. ეს აჩვენებს, რომ ნაციონალური, ადგილობრივი მფლობელი, როგორც ასეთი, არ უზრუნველყოფს სარედაქციო ჯგუფის დამოუკიდებლობას”.

1990-იან წლებამდე, ისე როგორც სხვა საბჭოთა ქვეყნებში, ესტონეთში მედიას სახელმწიფო ფლობდა და აცენზურებდა. თავდაპირველად უცხოური კომპანიები არ ინტერესდებოდნენ ესტონეთში მედიაბაზრით, ვინაიდან ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით ძალიან მცირე სახელმწიფოს მედიაბაზარი არ ჩანდა რენტაბელურად. 1998 წელს კი 2 მსხვილი სკანდინავიური (შვედური და ნორვეგიული) კომპანია შევიდა, მათ დაიწყეს გაზეთების, ტელევიზიების, ონლაინგამოცემების ყიდვა-შექმნა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ წილები ადგილობრივ კომპანიებზე გაყიდეს. ამ ყველაფერმა ესტონეთში მედიის მდგომარეობა გააუმჯობესა, რასაც მოწმობს მედიის თავისუფლების ანგარიშებში მისი მოწინავე პოზიციები, თუმცა გამოიწვია მედია-მფლობელობის კონცეტრაცია 2 მსხვილი კომპანიის ხელში: Postimees Group და Ekspress Group ინაწილებენ წილებს გაზეთებში, ტელევიზიებში, ჟურნალებში, რადიოებში, ონლაინ გამოცემებში.

“მედია-მფლობელობის კონცენტრაცია მედია პლურალიზმისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რისკად რჩება და ბარიერს უქმნის ინფორმაციისა და მსოფლმხედველობის მრავალფეროვნებას”, - იუწყება მედიაპლურალიზმისა და მედიის თავისუფლების ცენტრი.

ორგანიზაციის ბოლო ანგარიში 2017 წლის მონაცემებს მოიცავს და ამ ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის 6 ქვეყანაში (ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, პოლონეთი და რუმინეთი) მედიაბაზრის მრავალფეროვნება მაღალი რისკის ქვეშაა და ევროკავშირის მხოლოდ 2 სახელმწიფოშია (გერმანია და საფრანგეთი) ამ მხრივ ყველაზე დაბალი საფრთხე.

მედიაბაზრის მრავალფეროვნებას ორგანიზაცია რამდენიმე კომპონენტით საზღვრავს, ესენია, მედია-მფლობელობის გამჭვირვალობა და კონცენტრაცია, მფლობელებისა და კომერციული გავლენა სარედაქციო შინაარსზე და ეკონომიკური პირობები, რომელშიც მედიას უწევს მუშაობა.

მედიაპლურალიზმის მონიტორინგი 2 სახის - ჰორიზონტალურ (როცა ერთი კომპანია მის კონკურენტებს ყიდულობს ბაზარზე) და მედიებს შორის (როცა ერთი კომპანია ფლობს სხვადასხვა სახის მედიაკომპანიას - რადიოს, ტელევიზიას, გაზეთებს, ინტერნეტ მედიას და ა.შ.) კონცენტრაციას გამოყოფს.

“ესტონეთში ჰორიზონტალური კონცეტრაციის მაღალი რისკი (83%) განპირობებულია, პირველ რიგში, სპეციფიკური რეგულაციების არარსებობით: მედიაკონცეტრაციის რისკი ყურადღების ქვეშ მოექცა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ძალიან გაიზარდა ბაზარზე Postimees (ყოფილი Eesti Meedia) წილი. მაღალია მედიებს შორის კონცენტრაციის რისკი - 88%”, - ნათქვამია მედიაპლურალიზმის მონიტორინგის ანგარიშში.

რამდენად მრავალფეროვანია ქართული მედიაბაზარი და უზრუნველყოფილია თუ არა მედიაპლურალიზმი?

საქართველოში კანონით უზრუნველყოფილია მედიამფლობელების გამჭვირვალობა. შესაბამისად, ცნობილია, რომ ქართულ მედიაბაზარზე არ ოპერირებენ უცხოური კომპანიები და ძირითადად, ვხვდებით ხელისუფლებასთან ან ოპოზიციასთან კავშირში მყოფ პირებსა და კომპანიებს მედიის მფლობელებად. ეს კი გავლენას ახდენს კონკრეტული მედიაორგანიზაციების სარედაქციო პოლიტიკასა და მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. 

საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, ნაკლებად შეინიშნება კონკრეტული 1 ან 2 კომპანიის ხელში მედია-მფლობელობის კონცენტრაცია, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგები აჩვენებს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი (მაგალითად, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო) მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ნაკლებად კრიტიკულია. მათ საპირწონედ, მთავარი ოპოზიციური გაერთიანების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყო "რუსთავი 2", რომელიც ზაფხულიდან ახალი მფლობელის ხელშია და ჯერ ამ ტელევიზიის კონტენტის მონიტორინგი რომელიმე პროფესიულ ორგანიზაციას არ განუხორციელებია. ყოფილი "რუსთავი 2-ის" გუნდის ბაზარზე 2 ახალი ტელევიზია აღმოცენდა და შესაბამისად, ჯერ არც ამ ტელევიზიების მონიტორინგის შესახებაა რამე ცნობილი. თუმცა, ზედაპირული დაკვირვებით უკვე ჩანს, რომ ტელევიზიების რაოდენობის ცვლილებით, რეალურად კვლავაც სახეზე გვაქვს პოლარიზებული მედია, რაც ნაკლებად ემსახურება მედიაპლურალიზმს.
კატეგორია: ეთიკა
  • არ ეტყობოდა, რომ შეურაცხადი იყო
  • არ შეგვიმჩნევია ფსიქიკური აშლილობა
  • არ შეიძლება გამოშვება! მკვლელ ადამიანს რაც ეკუთვნის, ისე უნდა დაისაჯოს
ეს იყო იმ გზავნილების არასრული ჩამონათვალი, რაც 18 ოქტომბერს “მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟეტიდან მიიღო მაყურებელმა, სახელწოდებით “მკვლელი დედის საქმე”.

სიუჟეტი შეეხებოდა ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით აღაიანში შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ დედას შეზღუდული შერაცხადობა ჰქონდა. სიუჟეტში ცალმხრივად იყო წარმოჩენილი მსჯავრდებულის ქმრის და მისი ნათესავების პოზიცია, რომლის მიხედვით, გამოთქმული იყო ეჭვი, რომ გაყალბდა ექსპერტიზის დასკვნა, რათა მოხდეს “მკვლელი დედის” ციხიდან გათავისუფლება. ჟურნალისტმა გვაჩვენა ქმრის, ქმრის ნათესავების კომენტარები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მსჯავრდებულს არ ეტყობოდა რომ იყო შეურაცხადი, რომ მათ მისთვის ფსიქიკური პრობლემების ქონა არ შეუნიშნავთ და ა.შ.

სიუჟეტში ეს ნაწილი სრულიად დაუბალანსებელი იყო, არ იყო წარმოჩენილი პროფესიონალის შეფასებები ან კომენტარები ამ საკითხთან მიმართებაში.

მოკლული ბავშვის მამა წარმოჩენილი იყო საქმის ერთადერთ მსხვერპლად, მაშინ როცა გამოძიება მის მიმართაც აწარმოებს გამოძიებას არასრუწლოვნათან სექსუალური კავშირისთვის. მოკლული ბავშვის დედა ქორწინების დროს არასრულწლოვანი იყო.

მამის, როგორც საქმის ერთადერთი მსხვერპლისადმი მეტი სენსიტიურობისთვის სიუჟეტში ნაჩვენები იყო მოკლული ბავშვის ფოტოები, მათ შორის მამასთან ერთად, ნაჩვენები იყო, თუ როგორ ეფერება მამა გარდაცვლილი შვილის ტანსაცმელს, ტირის ბავშვის საფლავთან და ა.შ.

სიუჟეტის მთელი პათოსი მიმართული იყო “დამნაშავე დედის მთელი სიმკაცრით დასჯის” აუცილებლობისკენ. შედეგმაც არ დააყოვნა. “მთავარი არხის” ფეისბუკ გვერდზე აღნიშნული სიუჟეტის გაზიარების შემდეგ კომენტარებში ადამიანები მოითხოვენ ქალის რაც შეიძლება მკაცრად დასჯას, ზოგი მისი მკვლელობის მომხრეცაა, ნაწილი კითხულობს, თუ რატომ არ იყო იზოლირებული, თუ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ამდენად, გარდა იმისა, რომ სიუჟეტი ცალხმრივად აშუქებდა ამ მკვლელობის საქმეს, მან ასევე მოახდინა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების კიდევ უფრო სტიგმატიზაციაც.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ფეისბუკში, მხოლოდ 2 თვის მონაცემებით, 19.8 მილიონი ევროს ღირებულების პოლიტიკური რეკლამა განთავსდა. ეს თანხა მოიცავს მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან აღნიშნულ პერიოდში დაკვეთილ 343,736 პოლიტიკურ რეკლამას.

აღნიშნული მონაცემები თავად ფეისბუკმა მიაწოდა ევროკომისიას სპეციალურ ანგარიშში. სპეციალურ ყოველთვიურ ანგარიშებს ფეისბუკი ევროკომისიას 2019 წლის იანვრიდან აწვდის, მას შემდეგ, რაც დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებულ ქცევის კოდექსს შეუერთდა.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, 2019 წლის მარტიდან ფეისბუკმა პოლიტიკური რეკლამის დამკვეთების ავტორიზაციის სისტემა აამუშავა. ავტორიზებულმა დამკვეთმა უნდა განათავსოს წარწერა “დაფინანსებულია” ისეთ რეკლამაზე, რომელიც ეხება პოლიტიკური პერსონებს, პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებს, ან ისეთ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის (მიგრაცია, პოლიტიკური ღირებულებები, სამოქალაქო და სოციალური უფლებები, უსაფრთხოება&საგარეო პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა).

ავტორიზაციის სისტემის ამუშავების შემდეგ ფეისბუკმა პირველი ანგარიში გამოაქვეყნა ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით პოლიტიკური რეკლამების რაოდენობისა და მათზე დახარჯული თანხის შესახებ მონაცემები. მონაცემები 2019 წლის მარტის ბოლოდან 29 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ასე გამოიყურება:


alt


როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამისა და მასზე დახარჯული თანხის წილი ევროკავშირის მასშტაბით გერმანიაზე მოდის. 2019 წლის მარტიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში გერმანიიდან ფეისბუკში 120,798 პოლიტიკური რეკლამა განთავსდა და მასზე 6,183,365 ევრო დაიხარჯა.

რაც შეეხება ყალბ ანგარიშებს, როგორც ფეისბუკი იტყობინება, მათ გააუმჯობესეს ასეთი ანგარიშების ამოცნობის ტექნოლოგია.

“ჩვენ გავთიშეთ 2.19 მილიარდი ანგარიში 2019 წლის პირველ კვარტალში და მათი უმრავლესობა რეგისტრაციიდან რამდენიმე წუთში იქნა აღმოჩენილი ჩვენ მიერ,” - ნათქვამია ფეისბუკის მიერ ევროკომისიისთვის მიწოდებულ ანგარიშში.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით ფეისბუკის კიდევ ერთი სამიზნეა ე.წ. კოორდინირებული არაუთენტიკური ქცევა, როდესაც ადამიანები ან ორგანიზაციები ქმნიან ყალბი ანგარიშების ქსელებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ სხვები იმაზე, თუ ვინ არიან ისინი ან რას აკეთებენ და თავიანთი სტრატეგიული მიზნებისთვის საჯარო დებატების მანიპულაციას ეწევიან.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასეთი ტიპის ქცევის გამოვლენასა და მის აღკვეთაზე, რადგან არ გვსურს ჩვენი სერვისი გამოიყენებოდეს ადამიანების მანიპულაციისთვის. ჩვენ ვთიშავთ გვერდებს, ჯგუფებს და ანგარიშებს მათი ქცევიდან გამომდინარე,” - ნათქვამია ფეისბუკის ანგარიშში.

მაისის თვეში ფეისბუკმა კოორდინირებული არაუთენტიკური ქცევისთვის რუსეთიდან რამდენიმე გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წაშალა. ფეისბუკის ინფორმაციით, მათ 2 ასეთი ქსელი აღმოაჩინეს:

პირველი ქსელი მუშაობდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სირიაში, რუსეთსა და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე.

მეორე ქსელი ფოკუსირებული იყო ავსტრიაზე, ბალტიის ქვეყნბზე, გერმანიაზე, ესპანეთზე, უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოზე. ისინი ასევე ავრცელებდნენ ინფორმაციას მიგრაციის, რელიგიურ საკითხებსა და ნატოზე.

“ჩვენ 118 გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წავშალეთ რუსეთიდან მოქმედი ამ 2 ქსელიდან,” - აცხადებენ ფეისბუკში.

კოორდინირებული არაუთენტიკური ქცევისთვის მხოლოდ მაისის თვეში ფეისბუკმა 265 გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წაშალა ისრაელიდან, ასევე, 51 ფეისბუკ ანგარიში, 36 გვერდი და ჯგუფი, 3 ინსტაგრამის ანგარიში, რომლებიც იმართებოდა ირანიდან.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
უნდა გამოვიყენოთ თუ არა ტერმინი - “ყალბი ინფორმაცია”? ვინ და როგორ იყენებს სოციალურ ქსელებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის? რა როლი აქვს ამ ყველაფერში კრემლს? როგორ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას? - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც საქართველოდან გერმანიაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ჟურნალისტების ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში იღებდა ინფორმაციას.

მიგრანტები, რელიგიური ჯგუფები, ლგბტ თემი, ნაციონალიზმი - ასეთია იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რაზეც ყველაზე ხშირად ვრცელდება ყალბი ამბები გერმანიაში.

ყალბი ინფორმაცია 13 წლის ლიზას გაუპატიურების შესახებ იყო პირველი რეზონანსული შემთხვევა, როდესაც გერმანიის მთავრობა პირისპირ შეეჯახა კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას. 2016 წელს გერმანიაში მცხოვრებმა რუსული წარმომავლობის ოჯახმა 13 წლის გოგონას გაუჩინარების შესახებ განაცხადა. გოგონა 30 საათის განმავლობაში იყო დაკარგული და შინ დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ ის მიგრანტებმა გააუპატიურეს. მოგვიანებით, გერმანიის პოლიციამ გამოარკვია, რომ მოზარდი სკოლაში შექმნილი პრობლემების გამო იმალებოდა და მასზე იმ პერიოდში სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს არანაირი მიგრანტების მხრიდან. ამის მიუხედავად, ლიზას გაუპატიურების შესახებ ყალბმა ამბავმა მოიცვა არა მხოლოდ გერმანიის საზოგადოება, იყო ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები მიგრანტების წინააღმდეგ გერმანიაში და ა.შ.

altგერმანიაში დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების შეფასებით, მიგრანტებთან მიმართებაში გაცილებით უფრო გავრცელებულია კრიმინალური ამბების მანიპულაციური გაშუქება - კერძოდ, ზოგიერთი მედიასაშუალება, რომელიც ემსახურება დეზინფორმაციის პროპაგანდას, მიზანმიმართულად აქვეყნებს იმ კრიმინალური შემთხვევების შესახებ ცნობებს, რომლებშიც ბრალდებულები ან მსჯავრდებულები არიან მიგრანტები. საქმე ის არის, რომ ამ ფორმით ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ მიგრანტები კრიმინალები არიან, თუმცა სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ რეალობა განსხვავებულია - მიგრანტების წილი საერთო დანაშაულების სტატისტიკაში გერმანიაში დაბალია.

ლუკა ჰამერი, სოციალური მედიის ანალიტიკოსი ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის საუკეთესო ადგილია სოციალური მედია. მისი თქმით, ამას ხელს უწყობს სოციალური მედიის ის შესაძლებლობა, რაც თავისუფალ სივრცეს აძლევს საზოგადოებას. ამავდროულად, პრობლემას ქმნის ციფრულ ტექნოლოგიებთან მიმართებაში მომხმარებლების დაბალი წიგნიერების დონე, ასევე, ისეთი პლატფორმები, როგორიცაა დახურული ჯგუფები სოციალურ ქსელებში, სასაუბრო პროგრამები (ტელეგრამი, ვაიბერი და ა.შ.), რაც ართულებს კვლევის შესაძლებლობებს.

კაროლინ შვარცი გერმანიაში ფაქტების გადამოწმების სპეციალური პლატფორმებისთვის (მაგალითად, Faktenfinder) მუშაობს. მისი თქმით, გერმანიაში ყალბი ამბების გავრცელებისთვის ყველაზე აქტიურად “ტელეგრამი” გამოიყენება, რომლის კვლევა რთულია, რადგან ის სასაუბრო პლატფორმაა და მოკლებულია საჯაროობას. რაც შეეხება საჯარო კომუნიკაციებისთვის განკუთვნილ პლატფორმებს, როგორიცაა, მაგალითად, ტვიტერი, მასზე დაკვირვებით, კაროლინ შვარცი გამოყოფს რამდენიმე შტრიხს, რაც გამოიყენება ყალბი ცნობების გავრცელებისთვის, ესენია: ე.წ. თვითმხილველების პოსტები, ყალბი ანგარიშები სოციალურ ქსელებში, ფოტომონტაჟები, ყალბი ვიდეოები ე.წ. დიფფეიკები (DeepFakes), ფაბრიცირებული დოკუმენტები, ცნობილი ადამიანების ყალბი ციტატები, ე.წ. მეცნიერული დასკვნები, რომლებიც ყალბია და ა.შ.

“ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მოტივი. მაგალითად, პოლიტიკური მოტივის შემთხვევაში ამოცანაა ამომრჩევლების მობილიზაცია ან პირიქით, დემობილიზაცია, პოლიტიკური ოპონენტისთვის ზიანის მიყენება, პოლარიზაცია და ა.შ. შეიძლება, არსებობდეს მონეტიზაციის მოტივი - რაც უფრო მეტ მნახველს მოიზიდავს ყალბი ამბავი, მაგალითად, იგივე იუთუბზე, მეტი ფულადი შემოსავლის მიღების შანსი უჩნდება მის გამავრცელებელს და ა.შ.” - ამბობს კაროლინ შვარცი.

დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები გერმანიაში ფიქრობენ, რომ აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რაც აქტიურად გამოიყენება ყალბი ამბების პროპაგანდისთვის. მაგალითად, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება შეამოწმონ არის თუ არა ფოტო გაყალბებული, ან ვინ იმალება იმ მომხმარებლის მიღმა, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას და ა.შ.

სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის მოტივით გერმანიაში 2017 წელს მიიღეს კანონი ინტერნეტ ქსელების გამოყენების შესახებ (NetzDG). ეს კანონი ავალდებულებს სოციალურ ქსელებს, როგორიცაა მაგალითად ფეისბუკი, 24 საათში ირეაგიროს საჩივარზე და წაშალოს სიძულვილის ენის შემცველი ან ე.წ. ყალბი ამბავი. ამასთან, ფეისბუკი ვალდებულია წარადგინოს კვარტალური ანგარიშები მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ამ კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია სოლიდური ფინანსური სანქციები.

ფეისბუკის 2019 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, 6 თვეში მათ NetzDG-ის ფარგლებში ჯამში 674 საჩივარი მიიღეს, აქედან ყველაზე მეტი - 370 საჩივარი ეხებოდა შეურაცხყოფას, საიდანაც წაიშალა 140, ხოლო ცილისწამებაზე შესული 212 საჩივრიდან, დაკმაყოფილდა და წაიშალა 39.

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ინტერნეტ ქსელების გამოყენების შესახებ კანონს (NetzDG) ჯერ კიდევ მის მიღებამდეც აკრიტიკებდა და მიიჩნევდა, რომ ის საფრთხეს უქმნიდა გამოხატვის და მედიის თავისუფლებას. ორგანიზაციის ბერლინის ოფისის წარმომადგენელი ჯულია ლეგნერი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ კანონმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ მოაგვარა ინტერნეტის საშუალებით დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელების საკითხი. მისი თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსგავში შინაარსის ამბების რაოდენობა ინტერნეტ ქსელებში არ შემცირებულა.

როგორ ებრძვიან საქართველოში დეზინფორმაციას - ამ კითხვაზე პასუხების მისაღებად თბილისს გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფი ნოემბერში ეწვევა. პროექტი - “ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა” - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. პროექტს ერთობლივად ქართული და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციები - “მედიის განვითარების ფონდი” და Deutsche Gesellschaft e.V. (“გერმანიის საზოგადოება”) ახორციელებენ. პროექტის შედეგად ჟურნალისტების მიერ დეზინფორმაციის თემატიკაზე მომზადებული მასალები “მედიის განვითარების ფონდი” თავის ონლაინ პლატფორმაზე - “მითების დეტექტორზე” გამოაქვეყნდება.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
აუდიტორიის ზრდა, მკითხველთა წრის გაფართოება - ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ონლაინ მედიისთვის. უკრაინის რეგიონული გაზეთის “ახალგაზრდა ბუკოვინელის” (Молодий Буковинець) ვებ-გვერდზე 1 წელიწადში 89%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა. როგორ მოახერხა ეს რედაქციამ? - გამოცდილება ამ მედიაორგანიზაციის დამფუძნებელმა, სერგეი პერვოზვანსკიმ გაგვიზიარა.

“ტოპ ნიუსებს, რომლებიც შეადგენენ მთელი ახალი ამბების 11.5%-ს, მოაქვთ საიტზე საერთო ნახვების 49.2%, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი რედაქტორების და ჟურნალისტების ღვაწლის დაფასება, რომლებიც სწორედ ასეთ ტოპ ნიუსებს ქმნიან,” - ასეთია სერგეი პერვოზვანსკის ერთ-ერთი რეკომენდაცია.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევაა ე.წ. ჩვეულებრივი ნიუსების აუდიტორიის ზრდა.

“წარმოვიდგინოთ, რომ მაღაზიაში უნდა გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია. არის ორი გზა: 1. უბრალოდ მივიტანოთ და დავდოთ ჩვენი პროდუქტი დახლზე და დაველოდოთ, როდის გაიყიდება, ან დავაკვირდეთ მყიდველის ქცევას, ვნახოთ, როდის რას ყიდულობს და იმის შესაბამისად მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია. პროდუქცია ჩვენს შემთხვევაში არის ახალი ამბები, ნიუსები,” - ამბობს სერგეი პერვოზვანსკი.

მისი თქმით, მათ მეორე გზა აირჩიეს - დაიწყეს მომხმარებლების ქცევის შესწავლა და ანალიზი. მაგალითად, დაიწყეს გამოქვეყნებული ნიუსების ნახვების ანალიზი საათობრივად, 24 საათის განმავლობაში - რამდენი მნახველი ჰყავდა თითოეულ ახალ ამბავს გამოქვეყნების მომენტში, გამოქვეყნებიდან 2 საათის შემდეგ და ა.შ.

ანალიზის შედეგად აღმოაჩინეს, რომ აუდიტორიის აქტივობა ხშირად არ ემთხვეოდა ნიუსების გამოქვეყნების დროს: “მაგალითად, ღამის 12 საათის შემდეგ უფრო მაღალი იყო ჩვეულებრივი ნიუსების ნახვების რაოდენობა, ამ დროს კი რედაქცია ძალიან ცოტა ასეთ ნიუსს აქვეყნებდა. ასევე იყო დილის საათებში,” - ამბობს პერვოზვანსკი.

მისი თქმით, ანალიზის შედეგად აღმოაჩინეს, რომ დღის მანძილზე საიტზე აქვეყნებდნენ ბევრ ახალ ამბავს, რომლებსაც შესაბამისი რაოდენობის ნახვები არ ჰქონდა. ეს განპირობებული იყო, ერთის მხრივ, იმით, რომ ახალი ამბების გამოქვეყნების დრო იყო არასწორად შერჩეული - ის არ ემთხვეოდა მომხმარებლის ქცევას და მეორეს მხრივ, მთავარი გამოწვევა იყო ის, თუ როგორ გაეხადათ საინტერესოდ “ჩვეულებრივი ამბები”.

“პირველ რიგში, შევცვალეთ სათაურები და დავიწყეთ წინასწარ დაგეგმილი “ჩვეულებრივი ნიუსების” გამოქვეყნება იმ დროისთვის, როდესაც მკითხველი შემოდიოდა ჩვენს საიტზე”, - ამბობს სერგეი პერვოზვანსკი.

ის რამდენიმე მაგალითს გვისახელებს: მაგალითად, 2018 წელს საიტზე “ჩვეულებრივი ამბების” ბლოკში აქვეყნებდნენ ახალ ამბავს ასეთი სათაურით: “დღეს საეკლესიო კალენდრით “ესა და ეს დღესასწაული” აღინიშნება” ან “არ გამოგრჩეთ მილოცვა: დღეს ანგელოზის დღეს აღნიშნავენ...”; 2019 წელს კი იგივე ამბები ქვეყნდება ასეთი სათაურით: “რომელ დღესასწაულს აღნიშნავენ დღეს საეკლესიო კალენდრით” ან “არ გამოგრჩეთ მილოცვა: ვინ აღნიშნავს დღეს ანგელოზის დღეს”. პერვოზვანსკის თქმით, ამ ცვლილებამ ასეთი ამბების ნახვის მაჩვენებელი 11%-დან 96%-მდე გაზარდა:

“ამას გარდა, დილის 8-დან 10 საათამდე, როდესაც ბევრი მკითხველი შემოდის საიტზე დავამატეთ ისეთი ნიუსი, როგორიცაა, ის თუ სად შეწყდება დღეს ქალაქში წყლის მიწოდება და უნდა გითხრათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნიუსია საიტზე”.

სერგეი პერვოზვანსკის თქმით, მონაცემების ანალიზის შედეგად მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ უქმე დღეებში მომხმარებელი ისეთივე ინტენსივობით მოიხმარს ახალ ამბებს, როგორც სამუშაო დღეებში. შესაბამისად, რედაქციამ ამ მიმართულებითაც გადახედა მუშაობის რეჟიმს.

“ამასთან, უქმეებზე საღამოს საათებში გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს ჩვეულებრივ ნიუსებს, ვიდრე სამუშაო დღეების იგივე მონაკვეთში,” - ამბობს პერვოზვანსკი.

მისი თქმით, განსაკუთრებული ეფექტი გამოიღო სათაურების ცვლილებამ:

“დავტესტეთ და აღმოჩნდა, რომ ამბებს, რომლებსაც შევუცვალეთ სათაური, გაცილებით მეტი ნახვა ჰქონდა, ვიდრე პირვანდელი ვერსიის დროს”.

“ახალგაზრდა ბუკოვინელის” გამომცემელი ამბობს, რომ სათაურების ნაწილში მათ კომპიუტერულ პროგრამისტებს მიმართეს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს პროგრამა, რომელიც უკეთესი სათაურის შერჩევაში ეხმარება.

მაგალითად, ეს პროგრამა აჩვენებს, თუ რომ ამ სამი სავარაუდო სათაურიდან მესამე უფრო წარმატებული იქნება:

alt

 

“ახალგაზრდა ბუკოვინელი” (Молодий Буковинець) უკრაინის ქალაქ ჩერნოვცში გამოიცემა. გამომცემელმა წარმატებულ გამოცდილებაზე თბილისში ამ კვირაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. კონფერენცია შვედური Fojo Media Institute-ის ორგანიზებით ჩატარდა.

კატეგორია: მედიაგარემო
ვინ არიან საქართველოში ტელევიზიების, რადიოების, გაზეთებისა და ინტერნეტ გამოცემების მფლობელები? “მედიაჩეკერი” იმ მედია ორგანიზაციების მონაცემებს გაგაცნობთ, რომელთა საქმიანობასაც ბოლო, 2018 წლის არჩევნების დროს აკვირდებოდნენ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული მედიამონიტორინგის ფარგლებში.

 ტელევიზიები და მათი მფლობელები

 
 altშპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60%-ანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, თუმცა ის გახლავთ, ასევე, რუსთავი 2-ის წილის 40%-ანი წილის მფლობელი კომპანია “პანორამის” მესაკუთრეც. კომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალიაა. ხალვაშმა წილი ამ ზეფხულს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიბრუბა, თუმცა არხის თავდაპირველი მესაკუთრეები - დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძეს და ეროსი კიწმარიშვილის ქვრივი, ია კიწმარიშვილი დღემდე უშედეგოდ იბრძვიან ტელეკომპანიის დასაბრუნებლად.

altშპს “ტელეიმედს” “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” ფლობს, რომლის 100%-ანი წილის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძეა. “იმედის” გენერალური დირექტორი ელდარ მდინარაძეა, რომელიც წარსულში მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელეკომპანია “მეცხრე არხზე” მუშაობდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია “მზეს”, რომლის მესაკუთრე ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი იყო. “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” გახლავთ ტელეკომპანია GDS-ის მფლობელიც, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს ეკუთვნოდა.

altშპს “სტუდია მაესტროში” წილები ასეა გადანაწილებული: 5% - ეკატერინე აკობია, 15% - მამუკა ღლონტი, 25% - ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს მედია ფინანს გრუპ ბი.ვი, რომლის მესაკუთრე მაკა ასათიანია. ყველაზე მეტს წილს - 55%-ს “უცნობი”, იგივე გიორგი გაჩეჩილაძე ფლობს. მფლობელებში ცვლილებები არ ასახულა, მაგრამ 2016 წლიდან “მაესტრო” და “იმედი” ერთ ჰოლდინგში არიან გაერთიანებულები.

alt“არასამეწარმეო მედიაკავშირი ობიექტივის” - ერთ-ერთი დამფუძნებელი წარსულში იყო “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი. ეს ტელევიზია, შეიძლება ითქვა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული ტელევიზიაა, ვინაიდან გაშუქებაში დომინირებს ამ პარტიის წევრებისა და იდეოლოგიის მხარდაჭერა. დოკუმენტების მიხედვით, მედიაკავშირში გამგეობის თავმჯდომარეა ირაკლი ცილიკიშვილი, მდივანი - ზურაბ გოგიშვილი. კავშირის წევრები არიან: სოსო ზაალიშვილი და მამუკა გობეჩია.

altშპს "ტელეკომპანია პირველის" 100%-ანი წილის მფლობელია ვახტანგ წერეთელი. ტელეკომპანია პირველში ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლის მცდელობად აფასებენ ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ გამოძიებას. ავთანდილ წერეთელი ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება თავისუფლებაზე მანამ, სანამ სასამართლო გამოიტანს განაჩენს მის საქმეზე. პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლების, ამჟამად კი საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ლიდერების - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის მიერ უკანონო შემოსავლების მიღებაში დახმარებას ედავება.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის გარდა, 2018 წელს მედიამონიტორინგის ობიექტი იყო ასევე ტელეკომპანია იბერია, რომელმაც მაუწყებლობა 1 წლის წინ შეწყვიტა. თუმცა რამდენიმე დღის წინ ამ ტელევიზიის შენობიდან მაუწყებლობა ახალმა ტელევიზიამ - “მთავარმა არხმა” დაიწყო.

alt
“მთავარი არხის”
წილის 51%-ის მფლობელია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, 46.5%-ს - კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, ხოლო 2.5%-ს - გიორგი რურუა. არხი მას შემდეგ გაიხსნა, რაც რუსთავი 2-ში მფლობელის ცვლილების შედეგად ტელევიზია დატოვეს მთავარმა სახეებმა და კურიერის გუნდის დიდმა ნაწილმა.


alt “ფორმულა” კიდევ ერთი ტელევიზია იქნება, რომლის გახსნაც რუსთავი 2-ში მფლობელის ცვლილების შემდეგ გადაწყდა. აღნიშნულ ტელევიზიაში წილის 51%-ის მფლობელი წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია. დარჩენილი წილი თანაბრად აქვთ გადანაწილებული მიხეილ მშვილდაძეს, ირაკლი საღინაძეს, ზურაბ გუმბარიძესა და გიორგი ლიფონავას.

ონლაინ გამოცემები და მათი მფლობელები

 
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2018 წელს განხორციელებული მედიამონიტორინგის ფარგლებში შერჩეული ონლაინ გამოცემებიდან 3 ერთი ჰოლდინგის - “პალიტრა მედიის” წევრია, ესენია - ambebi.ge, interpressnews.ge და palitravideo.ge.

altambebi.ge, იგივე შპს ახალი ამბების წილის 46%-ს ირაკლი თევდორაშვილი ფლობს, ხოლო 12%-ს ზაზა ბუაძე. თავის მხრივ, თევდორაშვილი და ბუაძე არიან “ახალი ამბების” 15%-ანი წილის მფლობელი შპს “კვირის პალიტრის” მესაკუთრეებიც. ხოლო შპს “კვირის პალიტრა” ფლობს, თავის მხრივ, “ახალი ამბების” 15%-ანი წილის მფლობელ შპს “ნიუსრუმს”. “ნიუსრუმი” გახლავთ palitravideo.ge-ს მფლობელი. შპს “ახალი ამბების” წილის 12% გიორგი თევდორაშვილის საკუთრებაშია. გიორგი თევდორაშვილი გახლავთ გახლავთ 50%-ანი წილის მფლობელი შპს “ტრი მედია ინტელიჯენსში”, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და სატელევიზიო რეიტინგებს ითვლის.

alt
netgazeti.ge-
ს 100%-ანი წილის მფლობელი შპს გაზეთი ბათუმელებია, სადაც წილებს თანაბრად ინაწილებენ: მზია ამაღლობელი, დავით გურგენიძე, მურად ამაღლობელი და ლეილა თურაძე.


alt
liberali.ge-ს
, იგივე შპს “ლიბერალის” წილის 100%-ს შორენა შავერდაშვილი ფლობს. 2019 წლის ივნისში “ლიბერალი” რედაქტორებისა და ჟურნალისტების ჯგუფმა დატოვა და ამის მიზეზად მფლობელთან უთანხოება დაასახელეს. საპასუხოდ “ლიბერალმა” ახალი გუნდი და ხედვა წარმოაჩინა და დააანონსა, რომ შემოდგომის ბოლოს ახალ პლატფორმას წარუდგენენ საზოგადოებას.


alttabula.ge-ს დომეინი რეგისტრირებული აქვს შპს “ყოველკვირეულ საინფორმაციო-ანალიტიკურ ჟურნალ ტაბულას”, რომლის მფლობელები არიან: 51% - ოფშორული კომპანია იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი; 14% - თამარ ჩერგოლეიშვილი, 10-10% - ლევან რამიშვილი და ოთარ ჯახიძე, 5-5% - ანასტასია გონჩაროვა, ნატალია ზოლოტოვა და “სამოქალაქო განათლების ფონდი”.

alton.ge-ს წილებს თანაბრად ინაწილებენ კომპანიები - “ფორმულა პროესკო ფროდაქშენი” და “ომედია”. “ომედიაში” წილებს თანაბრად ინაწილებენ გიორგი ჯიბლაძე, ნოდარ დავითური და გიორგი გაფრინდაშვილი. “ფორმულა პროესკო ფროდაქშენში” კი წილები ეკუთვნით გიორგი ლიფონავას, მიხეილ მშვილდაძეს, ირაკლი საღინაძესა და ზურაბ გუმბარიძეს. ისინი, ასევე, არიან ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლები. ამასთან, საღინაძე და ლიფონავა, ასევე, არიან “ტაბულას” 5%-ანი წილის მფლობელი “სამოქალაქო განათლების ფონდის” წევრებიც.
alt
ipress.ge-ს
მესაკუთრეა “თავისუფალი გაზეთი +”, რომლის 100%-ანი წილის მფლობელი თამარ ლეფსვერიძეა.



alt
marshalpress.ge-ს
წილის 51%-ს ლუკა ანთიძე ფლობს, 49%-ს კი - ოთარ სტეფანიშვილი.


alt

reportiori.ge-ს
წილებს ინაწილებენ გიორგი მამაცაშვილი და ნუგზარ ფოფხაძე.

რადიოები და მათი მფლობელები

საზოგადოებრივი მაუწყბელის რადიო 1-ისა და აჭარის რადიოს გარდა, 2018 წლის მედიამონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდნენ, ასევე, რადიო თავისუფლების მუშობას, რომელიც აშშ-ის კონგრესიდან ფინანსდება. ამასთან, რადიო იმედს იგივე მფლობელი ჰყავს, რაც ტელეიმედს, რადიო პალიტრაც, ასევე, პალიტრა ჰოლდინგის წევრია.

რაც შეეხება სხვა რადიოებს, მათი მფლობელების სია ასე გამოიყურება:

alt

“პირველი რადიო”, იგივე შპს რადიო კომპანია პირველი რადიოა და მის 100%-ან წილს ვასილ კობაიძე ფლობს.


alt

“ფორტუნაში” წილებს თანაბრად ინაწილებენ გურამ ჩიგოგიძე, ზურა ჩიგოგიძე და თამარ ჩიგოგიძე.



alt

“აფხაზეთის ხმის” მფლობელია - ააიპ მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის, რომლის თავმჯდომარეა გიორგი კორახაშვილი. ხოლო წევრები არიან ქეთევან მირიანაშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე, ქეთევან ქოჩიაშვილი და დიმიტრი ჩხეიძე.

alt

რადიო მაესტრო - კომუნიკაციების კომისიის ცნობით, შპს ქართული რადიოს ბრენდული სახელწოდებაა. “ქართული რადიოს” წილის 60%-ს ფლობს მამუკა ღლონტი, ხოლო 40%-ს ეკატერინე აკობია.

alt

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის წილის 100%-ის მფლობელი რამაზ სამხარაძეა.

 

 altრადიო ათინათის გამგეობის თავმჯდომარა გია ხასია, მოადგილე ივეტა როდონაია, ხოლო წევრი - რუსუდანი ყალიჩავა.

გაზეთები და მათი მფლობელები

alt

„ალიას“ მფლობელია შპს “გაზეთები ალია და კვირის ქრონიკა”, რომლის 100%-ანი წილი გიორგი ბრეგვაძის საკუთრებაშია.


alt„ასავალ‐დასავალის“ 100%-ანი წილის მფლობელი ლაშა ნადარეიშვილია.


alt„ახალ თაობაში“ წილები ასეა გადანაწილებული: იოსებ გოგინაშვილი - 45%, ზურაბ ბერიძე - 40%, ბექა გოგინაშვილი - 5% და მედეა სანაია - 10%.


altშპს ყოველდღიური გაზეთი რეზონანსის 100%-ანი წილის მფლობელი ზურაბ მაჭარაძეა.

alt„ქრონიკა +“-ს- შპს მედიაჰოლდინგი ქრონიკა + გამოსცემს, რომლის 100%-ანი წილის მფლობელი ელისო კილაძეა. „საქართველო და მსოფლიოს“ გამომცემელი შპს “ისტორიული მემკვიდრეობაა”, რომლის მფლობელია ტარას გაგნიძე

altმონიტორინგის ობიექტი იყო, ასევე, „კვირის პალიტრა“, რომელიც პალიტრა მედიის ჰოლდინგის წევრია.

კატეგორია: ეთიკა
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის გაშუქების დროს რამდენიმე მედიასაშუალებამ დაზარალებული ბავშვების იდენტიფიცირება მოახდინა. ასევე, გასაჯაროვდა ამ საქმეზე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვინაობა. რატომ მიიჩნევენ სპეციალისტები, რომ მედიამ ამ შემთხვევაში არაეთიკურად იმოქმედა?

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წლებია ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე “მედიაჩეკერთან” საუბარში ამბობს, რომ დანაშაულთან დაკავშირებული ბავშვის ვინაობა არ უნდა გამჟღავნდეს.

“არის ისეთი შემთხვევები, როცა ინტერესთა ბალანსის შედეგად, არაეთიკური გადაწყვეტილების მიღება მართლდება გარკვეული მიზეზით. ამ შემთხვევაში, უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რომ ბავშვის ინტერესი იყო აღმატებული და სწორედ ამ ინფორმაციის ამგვარი ფორმით გაშვების დროს ბავშვის მეტი დაცვის პრინციპით ვიმოქმედეთ”, - ამბობს ანა აბაშიძე და იქვე დასძენს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დაზარალებული არასრულწლოვნების გამჟღავნება ამ ინტერესს არ ემსახურებოდა.

“ამ თვალსაზრისით მედიის ქცევა არ შეესაბამებოდა ეთიკის ნორმებს,” - აცხადებს ანა აბაშიძე.

19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელის გამოვლენისა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავების შესახებ განაცხადეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულ აშშ-ს და ავსტრალიის მოქალაქეებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. შესაბამისად, დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ დაზარალებული ბავშვების მშობლები, ნათესავები და ახლობლები.

შსს-ს ამ ოფიციალური განცხადების შემდეგ მედიამ დეტალების გავრცელება დაიწყო: ჯერ შევიტყვეთ, რომ დაკავებული აშშ-ს მოქალაქე პედაგოგად მუშაობდა საქართველოში, მოგვიანებით დაგვისახელეს სკოლა, სადაც ის ასწავლიდა; დაგვისახელეს სოფელი, სადაც ეს სკოლა იყო განთავსებული; გვითხრეს, რომ ამ სოფელში ცხოვრობს დაზარალებული და დაკავებული პირების ნაწილი. ზოგიერთი მედიასაშუალება კიდევ უფრო შორს წავიდა: მათ შინ მიაკითხეს დაზარალებულებისა და ბრალდებულების ოჯახებს და ინტერვიუები ჩაწერეს ნათესავებთან; დაგვისახელეს დაკავებული უცხოელების სახელები და გვარები და ა.შ.

მოგვიანებით, დღის შემაჯამებელ მთავარ გამოშვებაში ზოგიერთმა მათგანმა ეს ამბავი ისე გააშუქა, რომ აღარც სოფელი იყო დაკონკრეტებული და აღარც ახლობლები იყვნენ იდენტიფიცირებულები.

“მთავარმა არხმა” საღამოს, 9-საათიან გამოშვებაში უკვე პასუხი გასცა მისსავე შეცდომას, რაც კარგია: უკვე დაფარეს, აღარ იყო მითითება რომელი სოფელია, რომელი სკოლაა, თავად ამ ბავშვების ბაბუა. თვითონვე მიხვდნენ რა იყო არასწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არაეთიკურად არ გააშუქეს”, - ამბობს ანა აბაშიძე “მედიაჩეკერთან” საუბარში.

ოჯახის ნათესავთან და თანასოფლელებთან ღიად ჩაწერილი ინტერვიუები “მთავარი არხის” გარდა, სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს, მათ შორის, იყო პალიტრა ტვ-ც. ბრალდებული უცხოელების ვინაობა გაასაჯაროვეს სხვა ტელევიზიებმაც. ამასთან, ეს მასალები ამ დრომდე იძებნება ონლაინ საძიებო სისტემებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, როდესაც ის არის ძალადობის/დანაშაულის მსხვერპლი ან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან.

სახელმძღვანელო მედიას ურჩევს გაითვალისწინოს, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირე­ბისთვის და რომ ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით.

“ამ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულები იყვნენ დაკავებულები და მსხვერპლები იყვნენ უსაფრთხოდ, რეალურად ამ ბავშვების ვინაობის გამჟღავნების არანაირი საჭიროება არ იყო. შესაბამისად, რაც გააკეთეს, გამოვიდა ისე, რომ დაარღვიეს ცალსახად ბავშვის კონფიდენციალობის უფლება. ასევე, დამატებით გაჩნდა რისკები: პირველ რიგში, ბავშვის რეტრავმატიზაციის რისკი; ბულინგის რისკი; შესაძლოა, ბრალდებულთა ოჯახის წევრების ან მათთან დაკავშირებული სხვა პირების მხრიდან მოხდეს მსხვერპლებზე არასასურველი კომუნიკაცია და ა.შ.” - ამბობს ანა აბაშიძე.

მისი თქმით, იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ბავშვების ირიბი იდენტიფიკაცია მოახდინეს, გაუჭირდებათ რაიმე გამამართლებელი არგუმენტის მოძიება, ვინაიდან, როგორც ის ფიქრობს, ეს არ ემსახურებოდა საზოგადოებრივ ინტერესს და განპირობებული იყო მხოლოდ ცნობისმოყვარობის დაკმაყოფილებით და სენსაციაზე გამოდევნებით.

“რეალურად ვერანაირ ინტერესს ვერ დაასახელებენ საპირწონედ - რატომ იყო აუცილებელი ბავშვის ვინაობის არაპირდაპირ, მაგრამ პრაქტიკულად გამჟღავნება. არავის ინტერესს არ ემსახურებოდა, გაგვეგო, ვინ არიან ბავშვები. მაღალი ხარისხის მედიის ინტერესი არის საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემების გაშუქება”, - ამბობს ანა აბაშიძე.

იყო თუ არა აუცილებელი ბრალდებულების ვინაობის გასაჯაროება? - კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოამზადა, დანაშაულის გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის ან ბრალდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

ამასთან, ამავე სახელმძღვანელო წესების მიხედვით, როცა საქმე ეხება პედოფილიას, ან სექსუალურ ძალადობას, მაშინაც კი, როცა საგამოძიებო უწყებები ასახელებენ ბრალდებულის ვინაობას, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მათი იდენტიფიცირებისგან. ამ შემთხვევაშიც გამონაკლისია განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეები.

“ამ შემთხვევაში, ბრალდებულების ვინაობის გამჟღავნება არაეთიკურია, როცა მინიმუმ სამართალდამცავი უწყება არ ამჟღავნებს და თან, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ადამიანები გამართლდნენ. ეს მედიას უნდა ესმოდეს,” - ამბობს ანა აბაშიძე.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულების იდენტიფიცირება მედიამ მაშინ მოახდინა, როცა ჯერ აღკვეთის ღონისძიებაზეც არ ჰქონდა სასამართლოს ნამსჯელი. მათი ბრალეულობა საბოლოოდ სასამართლომ უნდა დაადასტუროს, სადაც ჯერ საქმის არსებითი განხილვის პროცესიც კი არ არის დაწყებული.
კატეგორია: მედიაგარემო
ბოლო პერიოდში საქართველოში ჟურნალისტებზე მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები გახშირდა, თუმცა ეს საქმეები ამ დრომდე გამოუძიებელია.

გაზეთ “გურიის მოამბის” რედაქტორი თეა იოსელიანი დაახლოებით ერთი კვირაა, რაც პოლიციისგან იმ პირის დადგენის მოლოდინშია, ვინც შვილების დახოცვით დაემუქრა. ჟურნალისტი მუქარას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. მუქარის წერილი იოსელიანს ფეისბუკში “ბექა მელაძის” სახელით რეგისტრირებულმა მომხმარებელმა 28 აგვისტოს გაუგზავნა. ადრესატმა ის რამდენიმე დღის შემდეგ წაიკითხა და პოლიციას მიმართა. შსს-ში ჟურნალისტი 9 სექტემბერს გამოკითხეს და საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყეს, რაც მუქარას გულისხმობს. საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

  • კოდექსის მიხედვით, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მუქარის განმახორციელებელი იდენტიფიცირებულია ტვ 25-ის შემთხვევაში - ის სოფელ ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი მედეა მამულაძეა. მუქარის მუხლით დაწყებული გამოძიება ამ დრომდე დაუსრულებელია. ბაღის დირექტორის მხრიდან თანამშრომლებზე განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე სიუჟეტი ტვ 25-მა 30 აგვისტოს გააშუქა. მამულაძე თავდაპირველად ამ სიუჟეტის მომზადების დროს დაემუქრა ტელევიზიის ჟურნალისტებს და ამ კონტექსტში მის მფარველებად მოიხსენია აჭარის რეგიონის მოქმედი მაღალჩინოსნები. სატელევიზიო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მამულაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა ტვ 25-ის ჟურნალისტ ეკა ბარამიძესა და საინფორმაციო სამსახურის უფროსს სულხან მესხიძეს.

თეა იოსელიანი და სულხან მესხიძე გამოძიების შედეგების მოლოდინში არიან, თუმცა უკვე 3 თვეა უშედეგოდ ელის დამნაშავე პოლიციელების დასჯას 40-მდე ჟურნალისტი, რომლებიც 20 ივნისის ღამეს პოლიციის მიერ ანტისაოკუპაციო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს დაშავდნენ. ჟურნალისტებმა გამოძიების დაწყება და დამნაშავეების დასჯა ჯერ წერილობით მოითხოვეს, ხოლო შემდეგ აქციაც გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

სამართალდამცავებმა 20 ივნისის ღამეს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალეს ხელი, როდესაც მათ დამიზნებით ესროდნენ. ამის მიუხედავად, გამოძიება ამ მუხლით არ დაწყებულა. პროკურატურა ამ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, თუმცა ისიც გამოუძიებელია: ჟურნალისტები დაზარალებულად ამ დრომდე არ უცვნიათ და არც დამნაშავე პოლიციელები გამოუვლენიათ.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად შეაფასა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ Qartli.ge-ის რედაქტორთან დაკავშირებული შემთხვევა, რომელიც 10 ივნისს მოხდა: ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს იმ ავტოავარიის გაშუქების დროს შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი, რომელშიც სავარაუდოდ სამართალდამცავების მანქანა მონაწილეობდა. ჟურნალისტის ცნობით, ის პოლიციელებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან და შეუზღუდეს გადაღების უფლება. აღნიშნულ ფაქტს დღემდე იძიებს პროკურატურა, სადაც ჟურნალისტი 2 თვის წინ გამოკითხეს. გამოძიება ამ შემთხვევაშიც სსკ 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად მიიჩნია კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის ტელეკომპანია “ოდიშის” წარმომადგენლებთან მიმართებაში 14 მაისს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ზუგდიდის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, გადამღებ ჯგუფს გარკვეული პირები დაუპირისპირდნენ და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის ნაცვლად, შსს-ს წარმომადგენლებმა პირიქით ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტი ლევან თორია დაადანაშაულეს და მას სსკ 126-ე - ძალადობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

“ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 154) დასჯადია, თუმცა, საქმეები რომელთა გამოძიებასაც ამ მუხლით ვითხოვდით, დასრულებული არ არის და საზოგადოებისთვის უცნობია საერთოდ ვინმე ისჯება თუ არა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო”, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში, რომლითაც საბჭომ შსს-ს მიმართა და რეაგირება მოსთხოვა 8 ივლისს რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდახსმების აღკვეთის მოთხოვნით. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ დასჯილან ჟურნალისტებზე თავდასხმელები, რომლებიც ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაში მონაწილეობდნენ.

  • სისხლის სამართლის კოდექსით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე. სოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ.

ბოლოდროინდელი ფაქტები აჩვენებს, რომ პოლიცია ამ მუხლთან მიმართებაში სენსიტიურობას მაშინ იჩენს, როცა საქმეში პოლიტიკური გავლენის არ მქონე კერძო პირები იკვეთებიან: მაგალითად, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყო გამოძიება ბათუშმი 29 ივლისს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს იმ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დაუშინეს ქვები, რომელთა მიერ აშენებულ კორპუსშიც ლიფტი ჩავარდა. ასეთივე შემთხვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების საქმეც: 23 მაისს ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალის ახლობლებმა.

ჟურნალისტებზე მუქარის, ძალადობის ან პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები მეტწილად გამოუძიებელი რჩებოდა წინა ხელისუფლების პირობებშიც. ეს საქმეები, დაპირების მიუხედავად, არც მოქმედ ხელისუფლებას გამოუძიებია.