კატეგორია: ბლოგი

alt

უნდა მოირგოს თუ არა მედიამ ცუდი პოლიციელის როლი? პროკურორის? მოსამართლის? ბადრაგის? ჭორიკანა მეზობლის? მჩხიბავის? ქირომანტის? ასტროლოგის? - არა, მედიას არ სჭირდება ამ როლების მორგება, რადგან მას უკვე აქვს თავისი როლი, უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.

ასე რომ, იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ქალები ძალას იკრებენ და საჯაროდ საუბრობენ ძალადობაზე, განსაკუთრებით კი, ისეთ საზოგადოებაში, რომლის ცნობიერებაშიც ღრმადაა ჩაკირული გენდერული სტერეოტიპები და ქალის სექსუალობის კონტროლის დაუძლეველი სურვილი, განსაკუთრებით კი, როცა მოძალადე მათზე თანამდებობრივად და სოციალური სტატუსით მაღლა მდგომი, ძალაუფლების მქონე, საზოგადოებრივად მისაღები მამაკაცია, როგორც შემთხვევათა უმეტესობაში ხდება, მედიამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ის არ არის ცუდი პოლიციელი და ქალთა მიმართ სექსუალური ან/და სხვა სახის ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას:

  • არ უნდა შექმნას ძალადობის შემთხვევისგან შოუ და სენსაცია
  • არ უნდა მოახდინოს ძალადობის შემთხვევის ნორმალიზება და ტრივიალიზაცია
  • არ უნდა მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმატიზაცია ძალადობის შემთხვევის დეტალური აღწერითა და ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც მისთვის უსაფრთხო და კომფორტული არ არის
  • არ შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ფესვგადგმული დამაზიანებელი სტერეოტიპების გაძლიერებას
  • არ წარმოაჩინოს ისე, თითქოს ძალადობა ქალის “გამომწვევი სამოსით”, სისხლში ალკოჰოლის შემცველობით, სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებით, ფსიქიკური მდგომარეობით ან რაიმე სხვა მიზეზით იყო გამოწვეული
  • არ განიხილოს ქალის მორალი,პირადი ცხოვრება, წარსული ურთიერთობები, სექსუალური პარტნიორების რაოდენობა
  • არ დაუპირისპიროს ქალს მის წინააღმდეგ დაწერილი/ნათქვამი შეურაცხმყოფელი და გამკიცხავი კომენტარები
  • არ გააშუქოს შემთხვევა გენდერულად არამგრძნობიარე ენით, კონკრეტულად კი დაარქვას ყველაფერს მკაფიო, არაეპატაჟური და კანონთან შესაბამისი სახელი, სექსუალური ძალადობა და არა სექსუალური სკანდალი, მოძალადე და არა მონსტრი, არაჩვეულებრივი მამა, კარგი პროფესიონალი ან კარგი მეგობარი.

 

მედიას კრიტიკული როლი აქვს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის იდეის გავრცელებასა და ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლში, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ქალზე ძალადობის თითოეულ შემთხვევას სწორედ მედიის პრიზმიდან ხედავს.


ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მედიამ, ძალადობის მსხვერპლთან/ძალადობას გადარჩენილ ქალთან საუბრისას:

  • შეუქმნას მას უსაფრთხო და კომფორტული გარემო
  • მკაფიოდ წარმოაჩინოს მესიჯი, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მოძალადეა და ის მიზეზები (ქალის სამოსი, “პროვოკაციული ქცევა” და ა.შ) რომლითაც იგი ძალადობის გამართლებას ცდილობს, მოცემულობას არ ცვლის.
  • დაუსვას მას მკაფიო, არაგამკიცხავი შეკითხვები
  • ყურადღებით მოუსმინოს
  • მასთან საუბრისას იხელმძღვანელოს ჟურნალისტური ეთიკისა და ადგილობრივი და საერთაშორისო კანონდებლობით განსაზღვრული სტანდარტებით
  • ინტერვიუირების პროცესამდე გაიაროს კონსულტაცია პროფესიონალებთან, გენდერული საკითხების ექსპერტებთან, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, ფსიქოლოგები

 

***


თამთა თოდაძე საოცრად გამბედავი ახალგაზრდა ქალია, ქალი, რომელიც არ შეუშინდა საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, მსხვერპლის შერცხვენის კამპანიას, სირცხვილს, მის პირად ცხოვრებაში უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანის ხელის ფათურის პერსპექტივას, ძალაუფლების ვექტორს, რომელიც მოძალადის მხარესაა და საჯაროდ ისაუბრა სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე, რომლის მსხვერპლიც საკუთარი უფროსის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მხრიდან გახდა.

პირველი მედიასაშუალება, რომელმაც თამთა თოდაძე პირდაპი ეთერში მიიწვია, “მთავარი არხი” იყო. გადაცემაში “ღამის მთავარი” ნიკა გვარამია თამთა თოდაძეს მის ადვოკატთან, თამუნა ლუკავასთან და ორგანიზაცია “საფარის” დირექტორთან ბაია პატარაიასთან ერთად შეხვდა. ნიკა გვარამიამ ინტერვიუს დაწყებამდე განაცხადა, რომ არ იცის, როგორ დაიცვას “ის ხაზი, რომელზეც მსხვერპლთან ურთიერთობისას უნდა გაიაროს” და გადაცემის მსვლელობისას ეს წარმოაჩინა კიდეც.

ის მიყოლებით უსვამდა კითხვებს რესპონდენტს ჯიშკარიანთან მის წარსულ ურთიერთობაზე, სამსახურებრივ მოვალეობებზე, სამსახურში აყვანის შესაძლო ნეპოტისტურ მიზეზებზე, სამუშაო დროს დალევასა და “ჭიქის მიჭახუნებაზე”, კითხვებს უსვამდა, მაგრამ პასუხებით დიდად არ ინტერესდებოდა, საუბარს ხშირად და აგრესიულად აწყვეტინებდა და ახალ თემაზე გადადიოდა. როგორც მოგვიანებით გვარამიამ აღნიშნა, საუბრის მსგავსი ფორმატი წინასწარ იყო დაგეგმილი და თამთა თოდაძესთან შეთანხმებული, მაგრამ, უნდა უწევდეთ თუ არა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ასეთ “დაკითხვებთან” გამკლავება? არა!

მედიის ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ დუმან ქალები, ისინი უყურებენ მსხვერპლის შერცხვენას (victim shaming) ეშინიათ, რომ თავადაც ცუდი პოლიციელის პირისპირ აღმოჩნდებიან.

თამთა თოდაძე დაძაბულად უმკლავდებოდა იმპროვიზებულ დაკითხვას, მას არ შეეშინდა ცუდი პოლიციელის როლში შეჭრილი ნიკა გვარამიას შეკითხვების. თამთას არ შეეშინდა, მაგრამ მე მეშინია, რომ თუ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მთავარი სახე  ჟურნალისტიკის სტანდარტებსა და თვითრეგულირების მექანიზმებს კიდევ ერთხელ არ გადახედავს, სექსუალურ ძალადობასა და სხვა მგრძნობირე თემებზე მომზადებული ყველა მასალა ისეთივე ყვითელი გამოვა, როგორც ის ფოთლები, რომლებიც მან თამთა თოდაძეს “ყანჩელის ხსოვნისთვის” მისცა, რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ჰკითხავდა - “შარვალი გეცვა, თუ კაბა?”