კატეგორია: მედიაგარემო
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო ორგანიზების მცდელობას ეხმიანება და საქმის „საფუძვლიან“ და „გამჭვირვალე“ გამოძიებას ითხოვს.

ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ციტატას იშველიებს, სადაც იგი ამბობს, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა „უმძიმესი დანაშაული აღკვეთეს“ და განმარტავს, რომ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მიერ 2019 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გინების გამო, მის ლიკვიდაციას გეგმავდა.

RSF აღნიშნავს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია „ფორმულამ“  და "მთავარი არხის" დირექტორმა გააჟღერეს.

ორგანიზაციას კადიროვის 16 ივნისს „ტელეგრამში“ გამოქვეყნებული სტატუსიც მოჰყავს, სადაც იგი ერთგვარად „ამაყობს“, რომ მისი დაკვეთილი საქმეები ყოველთვის სისრულეში მოდის, ასევე გაბუნიას „დაჩოქებისა“ და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

RSF აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ პუტინის ერთგული მოკავშირე ხშირად ემუქრება ჟურნალისტებს და კრიტიკოსების გაჩუმებას ცდილობს, მათ შორის უცხოეთში.

„რაც უნდა აღმაშფოთებელი და შოკისმომგვრელი იყოს გიორგი გაბუნიას კომენტარები, ეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობას არაფრით ამართლებს“, - ამბობს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჟან კაველე.

„საქართველოს რუსეთის ხელისუფლებისგან სრულად დამოუკიდებლად, საქმის გამჭვირვალე და საფუძვლიან გამოძიებას და გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვითხოვთ“, - დასძენს იგი.

RSF-ს განცხადების ბოლოს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის საქართველოსა (60) და რუსეთის (149) მიერ დაკავებული პოზიციებიც არის მოცემული.
კატეგორია: მედიაგარემო
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის" მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავაც კრიტიკულია და საზოგადოების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

კოალიციის განცხადებაში, რომელიც დღეს, 4 ივნისს გავრცელდა, ხაზგასმულია, რომ კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გაავრცელეს განცხადება, რადგან აჭარის მაუწყებელი, ერთის მხრივ, თავს არიდებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მეორეს მხრივ, ხდება ადამიანების დევნა და შევიწროება განსხვავებული აზრის გამო.

ამავე განცხადების მიხედვით, ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასეს შიდა და საერთაშორისო ექსპერტებმა. ამასთან, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერი / სოლიდარობის აქციის მონაწილეები გახდნენ ტელემაუწყებლები, ონლაინ მაუწყებლები და სამოქალაქო სექტორი.

"დღეისათვის აჭარის მაუწყებლის წინ შიმშილობის აქციის მეშვიდე დღეა, ასევე დევნისა და შევიწროების მსხვერპლი გახდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, რომელიც დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს კიდეც

ამ და სხვა მოვლენებზე პასუხისმგებლობა აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოებს დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს ეკისრება", - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია განცხადებაში ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ არის ჩარჩო საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლების და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავაც კრიტიკულია და არ უნდა დარჩეს საზოგადოების ყურადღების მიღმა.
კატეგორია: მედიაგარემო
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შესყიდვების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ამ დრომდე არ გასცემდა, ვეღარ გაასაიდუმლოებს. შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა მაუწყებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაავალდებულა.

სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მას შემდეგ მიმართა, როცა მაუწყებლისგან ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო, მათ შორის, სარეკლამო მომსახურებების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას სააპელაციო საჩივარი და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში 10 არარეზიდენტ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების (თითოეულზე თანხის მითითებით) გადმოცემა.

საიას განცხადების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონები გამორიცხავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებგვერდებისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გავრცელებას, მაგრამ ეს არ გულისხმობს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ამსახველი ხელშეკრულებების საჯაროობის გამორიცხვას და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება მაინც არსებობს.

როგორც საიაში განმარტავენ, „სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნებისთვის, მხოლოდ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების კონფიდენციალურად მიჩნევის თაობაზე, ვერ აქცევს მას კომერციულ საიდუმლოებად. დამატებით, საჭიროა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის მიზანშეწონილობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოება არ ჩაუტარებია და შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია, რის გამოც, ეს ინფორმაცია ვერ მიიჩნევა კომერციულ საიდუმლოებად“.

საიას განცხადებით, მოცემული დავა სასამართლოში, ერთ წელზე მეტია, გრძელდება და ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ინფორმაციას დაინტერესებული პირებისთვის არ ასაჯაროებს.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში და ის შეიძლება, კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში", - აცხადებენ საიაში.
კატეგორია: მედიაგარემო
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელიც ბოლო სამი თვე მაუწყებლის ვებგვერდის კონსულტანტად მუშაობდა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.


აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ემზარ პაქსაძე "ბათუმელებთან" განმარტავს, რომ შორენა ლონტის ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ახალი ხელშეკრულება მასთან არ გაფორმებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაათავისუფლეს. გათავისუფლებას წინ უსწრებდა სამსახურებრივი მოკვლევა, რომელიც მაუწყებელში ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ დაიწყო. ბრძანებაში, რომელიც მაშინ დირექტრის სახელით ონლაინ სამსახურს გადაეგზავნა, ნათქვამი იყო, რომ "ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება''.

ასეთი პოზიცია მაუწყებლის ვებგვერდის კონსულტანტის პოზიცია იყო, სადაც შორენა ღლონტი ბოლო სამი თვე მუშაობდა.

"მედიაჩეკერი" ცდილობს შორენა ღლონტთან დაკავშირებას და დამატებითი დეტალების გარკვევას.





alt
კატეგორია: მედიაგარემო
26 მაისიდან მაუწყებლობას „ევრონიუს საქართველო“ დაიწყებს. „ევრონიუსი“ საქართველოს ეთერში საერთაშორისო ფორმატით გავა, როგორც საცდელი მაუწყებლობა.  აგვისტოს დასაწყისიდან კი მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი, ქართულენოვანი „ევრონიუსი" იხილოს.

„ევრონიუს საქართველო“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, „ევრონიუსმა“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“ დააფუძნეს.

უკვე ცნობილია, რომ „ევრონიუსი“ თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება. თავის მხრივ, „ევრონიუსიც“ ისარგებლებს ქართული წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მასალებით.

ევრონიუსი 1993 წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაარსდა და დაარსების დღიდან მსოფლიოს 160 ქვეყანაში 400 მილიონამდე ოჯახს აწვდის ინფორმაციას.
კატეგორია: ეთიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის წამყვანმა ანა წერეთელმა, გადაცემაში, რომელშიც სტუმრად საქართველოს პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჰყავდა, აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების დისკრიმინაცია წაახალისა.

საუბარია გადაცემის იმ ნაწილზე, სადაც სტუმარმა თქვა ფრაზა  - „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“

ანა წერეთლის წინააღმდეგ ქარტიას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” და „თანასწორობის მოძრაობამ” მიმართეს. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ.

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". 

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად კი, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის, გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება" (მუხლი 33). 

ასევე, იქვე ვკითხულობთ: 

"თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით".

აქვე, ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ანა წერეთელს, მეშვიდე, ანუ დისკრიმინაციის წახალისების პრინციპის გარდა, ასევე დაუდგინდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპების დარღვევაც.

  • პირველი პრინციპი: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.  
  • მეხუთე პრინციპი: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

ქარტიის საბჭომ საქმე დღეს, 10 მაისს განიხილა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
კატეგორია: მედიაგარემო
დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა. ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს".

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ: (სიას შესაძლოა აკლდეს რომელიმე რეგიონული ტელევიზია)

  • TV პირველი
  • მთავარი არხი
  • ფორმულა
  • TV კავკასია
  • პალიტრა TV
  • TV25
  • TOK TV
  • ბორჯომი TV
  • გურჯაანი TV
  • მეგა TV
  • გურია TV
  • მეცხრე ტალღა
  • აგროგარემო
  • მეცხრე არხი
  • ოდიში TV
  • რიონი TV
  • მარნეული TV
  • თრიალეთი
  • იმერვიზია
  • თანამგზავრი.
ეთერი არ გათიშულა და მსგავსი წარწერა არ გაუშვიათ ტელეკომპანია "იმედს", "რუსთავი 2-ს", საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხსა და "მაესტროს". 

აქცია მედიაკოალიციის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს შეხსენება იყო.




ბოლო ერთი წელია აჭარის ტელევიზია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” კვოტით დაკომპლექტებულმა ბორდმა გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. გიორგი კოხრეიძე ცდილობს, მაუწყებელს ჩამოაშოროს ყველა ის კადრი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი.

მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, სამსახურადან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი; მის გათავისუფლებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა;

ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. ასევე, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანს, თეონა თურმანიძეს, ფეისბუკზე გამოქვენებული სტატუსების გამო, ტელევიზიის ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

კატეგორია: მედიაგარემო
„ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძების გარეშე“ - ამ სლოგანით აღნიშნავს წელს UNESCO 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს და განცხადებაში, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს თავისუფალი მედიის მნიშვნელობას კორონავირუსის პანდემიისას.

UNESCO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 მაისი - შეახსენებს მთავრობებს მათი ერთგულების საჭიროებას პრესის თავისუფლების მიმართ, ასევე ეს დღე მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული ეთიკისა და პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შემახსენებელია.

ამავე განცხადების მიხედვით, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე არის იმ მედიის მხარდაჭერის დღე, რომელიც თავისუფლების შეზღუდვისა და აკრძალვის სამიზნე ხდება. ასევე ეს არის იმ ჟურნალისტების ხსოვნის დღე, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ამბის ძიებაში.

"ამ დროს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო მწუხარებასა და გაურკვევლობაში ვართ ჩაფლული, თავისუფალი ინფორმაცია აუცილებელია, რათა დაგვეხმაროს ამ კრიზიის გაგებაში, მასზე დაფიქრებასა და დაძლევაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ინფორმაციის სასიცოცხლო მნიშვნელობა ამ სიტუაციაში: საზოგადოების ინფორმირება ნიშნავს ყველასთვის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალების მიცემას, შესაბამისი პრაქტიკის დაცვით. ამიტომ შეუერთდა ეს ორგანიზაცია გაეროს ოჯახს, რათა ებრძოლოს ჭორებისა და დეზინფორმაციის "ინფოდემიას", რაც ამწვავებს პანდემიას და ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენ ორ სოციალურ მედია კამპანიას ვუწევთ პოპულარიზაციას - Together for Facts, Science and Solidarity ( ერთად ფაქტების, მეცნიერებისა და სოლიდარობისთვის) და ( არ გავირუსდე) — აცხადებს UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრი აზულაი.
კატეგორია: მედიაგარემო
დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020” გამოაცხადა. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 15 დეკემბერია

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს, რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

საპრიზო კატეგორიებია:

  • სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 1500 ევროს ოდენობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი კი ლონდონში ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას გაივლის.

კონკურსი “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” წელს მეცხრედ ცხადდება. ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში-საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ.


იხილეთ:  ევროკავშირის პრიზის 2019 წლის გამარჯვებულები
კატეგორია: მედიაგარემო
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ,,დღეს, Covid-19-თან “ომის“ უპრეცედენტო პირობებში, ვირუსზე სწრაფად დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება, ამიტომ, წლევანდელი 3 მაისის - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

“დღეს, ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები ბრძოლის წინა ხაზზე არიან და გვაწვდიან ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი მათ საქმიანობაზე. მჯერა, რომ ყურადღებით გააგრელებენ საქმიანობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ”, - ვკითხულობთ ელჩის განცხადებაში.

ამ განცხადებაში ელჩი ხაზს უსვამს მედიის როლს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში.

“ მიმდინარე წლის თემა - ,,ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“, კარგად ასახავს ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს. იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის, ცილისწამებისა თუ საქმიანობაში ჩარევის პირობებში, რომელსაც თავისუფალი მედია განიცდის მთელს მსოფლიოში, ევროკავშირი არის და იქნება თავისუფალი მედიის მოკავშირე, დამცველი და მხარდამჭერი”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1991 წელს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებულმა "ვინდჰუკის დეკლარაციამ" ჩაუყარა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი პრესის თავისუფლების დღედ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა.
კატეგორია: რესურსები
ეკა გურგენიძე, რომელიც ვაშიგნტონში ერთ-ერთი ონლაინ გამოცემის მთავარი რედაქტორია და წლებია სახლიდან მუშაობს, გვიყვება, როგორ შეიძლება სიუჟეტების მომზადება სახლიდან გაუსვლელად. 



ეკა გურგენიძემ ეს ვიდეო მოამზადა "ინტერნიუს ნეთვორქის (აშშ)" დაკვეთით, ინტერნიუსის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის, საქართველოსა და მსოფლიოში. 

კატეგორია: რჩევები ჟურნალისტებს
ეკა გურგენიძე, რომელიც ვაშიგნტონში ერთ-ერთი ონლაინ გამოცემის მთავარი რედაქტორია და წლებია სახლიდან მუშაობს, გვიყვება, როგორ შეიძლება სიუჟეტების მომზადება სახლიდან გაუსვლელად. 



ეკა გურგენიძემ ეს ვიდეო მოამზადა "ინტერნიუს საქართველოს" დაკვეთით, ინტერნიუსის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის, საქართველოსა და მსოფლიოში.