კატეგორია: მულტიმედია
პოდკასტის ამ ეპიზოდის გმირისთვის, 56 წლის მხატვარ-დიზაინერ, ნინო თოფურიძისთვის ონლაინ მუშაობა სიახლე არაა. უკვე 6 წელია პანდემიით გამოწვეული „ახალი ჩვეულებრივობა“ (ე.წ. New Normal) მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. პროფესიიდან გამომდინარე, ის ყველაზე მეტად და ხშირად იყენებს ინტერნეტს, ლეპტოპს, და სმარტფონს.



ნინო ციფრულ იმიგრაციას თავიდან შიშით შეხვდა, მაგრამ ეს პროცესი მისთვის ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნამ ბევრად გაამარტივა. მართალია მოგვიანებით კომპიუტერისა (მაიკროსოფტის) და სმარტფონის პარამეტრების ქართულ ენაზე გაცნობა გახდა შესაძლებელი, თუმცა წლების წინ, როდესაც საქართველოში ციფრული ტექნოლოგიის სწავლის აუცილებლობა დადგა, მაშინ, ნინოსგან განსხვავებით, მისი ასაკის ადამიანები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ნინოს თავისივე ასაკის მეგობრების გამოცდილებაზე ვკითხე და მითხრა რომ ციფრული წიგნიერების უნარები მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვთ, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ონლაინ ბანკის სიკეთეებიც კი ვერ დავანახეო.

ინგლისური ენის ცოდნის გარდა ნინოს უპირატესობა ციფრული წიგნიერების გზაზე მხატვარ-დიზაინერის პროფესიამაც განაპირობა. იმის გამო, რომ მას ფერისა და ფაქტურის აღქმის განსაკუთრებული უნარი და გამოცდილება აქვს, ეს ნინოს ვიზუალურად წიგნიერ ციფრულ იმიგრანტად აქცევს. რას ვგულისხმობ ამაში? ვიზუალური წიგნიერება ერთ-ერთი მიმართულება ახალი დროის წიგნიერებებს (New Literacies) შორის, მედიაწიგნიერებასთან ერთად და გულისხმობს იმას, რომ ანალიზი შეეხება არა სიტყვებს, არამედ ფოტოს, ვიდეოს, ილუსტრაცია და ა.შ, ანუ ყველაფერს, სადაც აღქმის ობიექტია არა ნაწერი/ნაბეჭდი ტექსტი, არამედ ილუსტრაცია. ვიზუალური წიგნიერების უნარები ონლაინ-შოპინგის დროს მეხმარება არ მოვტყუვდე რას ვყიდულობო, მითხრა ნინომ. გარდა ამისა, როდესაც YouTube-ზე სხვადასხვა ვიდეოებს ვუყურებ, უკვე პირველი წამიდან შემიძლია ვთქვა, რამდენად რეალურია ის რასაც ვუყურებ და ღირს თუ არა მასზე დროის ხარჯვაო.

ინფორმაციას მისაღებად იყენებს ლეპტოპსა და თავის სმარტფონს. საძიებო სისტემებიდან არჩევანს Google-სა და YouTube-ზე აკეთებს. ინფორმაცია ბევრად მრავალფეროვანი, მოკლე და გასაგებიაო. ამ ეპიზოდის გმირი, საძიებო სისტემების გამოცდილებაზე საუბრისას, ისევ ახსენებს ინგლისურ და რუსულ ენას, რაც მის უპირატესობაზე მეტყველებს. წარმოიდგინეთ მისივე ასაკობრივი ჯგუფის სხვა წარმომადგენელი, რომელიც ინფორმაციას გუგლში ქართულად ეძებს. რას ხედავს ნინო და რას ხედავს ის ციფრული იმიგრანტი, რომელიც საძიებო ენად იყენებს მხოლოდ ქართულს, ან უკეთეს შემთხვევაში ქართულ და რუსულ ენებს?

ნინო თოფურიძე ცნობილი ტელეწამყვანის და ერთ-ერთ პირველი ტელე-დიქტორის, ლია მიქაძის შვილია, თუმცა დღეს ნინო ტელევიზორს თითქმის აღარ უყურებს. გაქრა შემეცნების და ტელევიზიის მიმართ პატივისცემის მიზეზებიო, აღნიშნა ნინომ, თანამედროვე ქართულ სატელევიზიო არხებზე საუბრისას და ის ამბებიც გაიხსენა, როცა დედას ტელევიზიაში დაჰყავდა.

ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის სიკეთეებზე საუბრისას ყოველთვის არსებობს, სულ მცირე, ერთი „მაგრამ“. ნინო თოფურიძისთვის ეს სმარტფონზე დამოკიდებულებით აიხსნება. იმისთვის რომ კაფეში ტელეფონ-მომარჯვებულ ახალგაზრდა წყვილს ან ზებრაზე ტელეფონში ჩარგულ ახალგაზრდებს არ დავემსგავსო, გამოსავალი აპლიკაციების შემცირებასა და ტელეფონის სახლში დატოვებაში ვიპოვე, როცა ვიცი რომ გარეთ თეატრის, კინოს ან სხვა ღონისძიებისთვის გავდივარო. ვუსმენდი და ვფიქრობდი, ნეტა მეც შემეძლოს ამის გაკეთება? იქნებ მეცადა? იქნებ გამოვიდეს?

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ტელევიზორს არ ვუყურებო, ხაზგასმით მითხრა ნინო თოფურიძემ, ამიტომ მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვის ისევ ფეისბუქს მივმართეთ. გავხსენით და დავიწყეთ მისი ნიუსფიდის თვალიერება. ჩვენ რომ ყველა ის სარეკლამო შინაარსის ინფორმაცია წაგვეკითხა, რაც ნინოს ნიუსფიდში შემოგვხვდა, ალბათ რეკლამით ფულსაც ვიშოვიდით, ამიტომ სადღაც უნდა გავჩერებულიყავით და ასე სქროლვა-სქროლვაში მივადექით სტატიას კოვიდ-პასპორტების შესახებ. ნინოსთვის ეს ოდნავ მტკივნეული საკითხია, იმიტომ რომ თავად აცრილი არ არის ჯანმრთელობის პრობლემის გამო და იმის გამოც, რომ მას უბრალოდ არ მოსწონს აცრის საშუალებით ყველას ერთი ნიშის ქვეშ გაერთიანება. ყველა ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია უნდა ჰქონდესო, ამიტომ კოვიდ-პასპორტის შემოღება თავისუფლების შეზღუდვად და კონტროლის დაწესების საშიშ პრეცედენტად მიმაჩნიაო.

მედიაწიგნიერების ყველა კითხვას ნინო თოფურიძემ მეტ-ნაკლები წარმატებით უპასუხა:

1. ვინ შექმნა ამბავი?

პასუხი: Jam news-მა.

კომენტარი: ჯემნიუსი ონლაინ-მედია პლატფორმაა კავკასიაში მიმდინარე ამბებზე. ვებგვერდის ინფორმაციით, მათი რედაქცია აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ ჟურნალისტებს, მოქალაქე-რეპორტიორებს, და ექსპერტებს. საიტზე ხშირად ნახავთ ანალიტიკურ სტატიებს და მულტიმედია პროდუქტს. ნინოს ვკითხე, რამდენად იცოდა ამ ონლაინ მედიის შესახებ, რაზეც მიპასუხა რომ პირველად ესმის. ინფორმაცია კი მის ნიუსფიდში თემის აქტუალობის გამო მოხვდა. ეს ალბათ ის ინფორმაციაა, ყველასთან რომ ამოვარდებაო. ამაზე Jam News-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს, რომლის თანახმადაც 21 ნოემბრის მონაცემებით, სტატია კოვიდ-პასპორტების შესახებ ყველაზე პოპულარულია მკითხველებს შორის. 2. რა მეთოდებია გამოყენებული ჩემი ყურადღების მისაპყრობად?

პასუხი: ფოტო, სადაც აეროპორტის გამშვები პუნქტი ჩანს. მეგონა კიდევ ახალი სამოგზაურო რეგულაციები დაწესდა და ვიფიქრე რომ წავიკითხავო, თუმცა სათაურმა სხვა რამე უთხრა.

კომენტარი: ფეისბუქის ნიუსფიდში კოვიდ-პასპორტების შესახებ ეს სტატია მისმა მეგობარმა გააზიარა. ყურადღება კი აეროპორტის სარეგისტრაციო დახლის ფოტომ მიიქცია. ნინოს მოგზაურობა უყვარს, ან ვის არ უყვარს? აეროპორტი ასეთი ადამიანებისთვის ჯადოსნური ადგილია, ამიტომ ფოტოს გამოქვეყნებით მკითხველი გაცილებით სწრაფად და ეფექტურად რეაგირებს, რამაც ნინოს შემთხვევაშიც იმუშავა, იმის მიუხედავად რომ კოვიდ-პასპორტს ვერ მიიღებს თუ არ აიცრება. 3. როგორ აღიქვამს მესიჯს სხვადასხვა ადამიანი?

პასუხი: ცხადია იქნებოდნენ ისინიც, ვინც მაშინვე გაიქცეოდნენ კოვიდ-პასპორტის ასაღებად, ისევე როგორც ისინიც ვინც ჩემსავით გაღიზიანდებოდნენ.

კომენტარი: ნინოს პასუხი ზუსტია. სტატიის ქვეშ არსებული კომენტარებიც ამას ადასტურებს.

4. რა იდეოლოგია/შეხედულებები/ღირებულებები დგას ამ ამბის უკან?

პასუხი: ალბათ ის, რომ მალე კოვიდ-პასპორტის გარეშე ვერსად წავალთ და ვერაფერს გავაკეთებთ. კომენტარი: ნინოს პასუხი ზუსტია. კოვიდ-პასპორტის შემოღების მთავარი იდეა ის არის რომ ადამინებმა გააცნობიერონ რა პრობლემების წინაშე დადგებიან პასპორტის გარეშე. სტატიაში, რომელიც აღნიშნულ სიახლეს ეხმიანება, აეროპორტის ფოტოს გამოყენება გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ მესიჯს აგზავნის. იმუშავებს თუ არა ეს მესიჯი ნინოს შემთხვევაში, ჯერ არ ვიცით. პოდკასტის ჩაწერისას ეს ნამდვილად არ მიგრძვნია. 5. რა არის გამოტოვებული?

პასუხი: გამოტოვებული არაფერია. ის რაც კოვიდ-პასპორტს ეხება აქ ყველაფერი ნათქვამია.

კომენტარი: ამ კითხვაზე პასუხს ვერ გავცემთ, თუ სტატია ბოლომდე არ წავიკითხეთ. ნინომ დასკვნა მხოლოდ სტატიის სათაურზე დაყრდნობით გააკეთა, რაც სრულს სურათს არ იძლევა.

56 წლის ნინო თოფურიძის ისტორია, ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მისი გამოცდილებები და ღიაობა, რომელსაც ის სიახლეების მიმართ იჩენს ნამდვილად წარმოადგენს მისი, როგორც ციფრული იმიგრანტის უპირატესობას. მისგან ბევრი ისეთი რჩევაც მივიღე, რომელსაც სიამოვნებით მოვარგებდი ჩემს ციფრულ ცხოვრებას. მედიაწიგნიერების გამოცდაც გადალახულია, თუმცა კრიტიკული მედია წიგნიერების გაუმჯობესებისთვის გზა მაინც გასავლელია.
კატეგორია: მულტიმედია


პოდკასტის მერვე ეპიზოდის გმირი 70 წლის ანა ჭაბაშვილია. დღეს რომ უცხო ენებიდან ქართულად ნათარგმნ ლიტერატურას, ან ახალ ქართველ ავტორებს კითხულობთ და სიამოვნებას იღებთ, ეს მნიშვნელოვანწილად ქალბატონი ანას დამსახურებაა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ქართული გამომცემლობის რედაქტორია. მასთან გადაკვეთის სხვა საერთო სივრცეებს შორის ფეისბუქი უნდა გამოვარჩიო, რომელსაც ის ძალიან აქტიურად იყენებს სასარგებლო რჩევების გასავრცელებლად იმ იმედიათ, რომ ჩემი თაობა უკეთესი ქართულით იმეტყველებს და დაწერს.

ანა ჭაბაშვილი ორი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმაზე დასაკვირვებლად, თუ რა იცვლება ტექნოლოგიების გამოყენებისა და მასთან ადაპტაციის კუთხით. გამომცემლობაში ვმუშაობ და წიგნების მეტი რა მომიტანია სახლში, თუმცა ჩემს 5 წლის შვილიშვილს თითქმის აღარ სჭირდება ბეჭდური წიგნის გადაშლა, YouTube-ზე იმდენი მხატვრული ამბავი და თამაშიაო, მითხრა ინტერვიუს დასაწყისში. ‘სიახლეებს ვერ შეეწინააღმდეგები, მოვიდა და მოვიდესო’-, ლაღად მიპასუხა. უფრო მეტიც ცდილობს ინტერნეტის ფართო შესაძლებლობები საკუთარ პროფესიულ საჭიროებებსაც შეუთავსოს. ქალბატონი ანა თავის დასთან ერთად, მამის მიერ შედგენილი უცხო სიტყვათა ლექსიკონის განახლებაზე მუშაობს და ამაში ინტერნეტი დიდ სამსახურს უწევს.

ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან პირველად forum.ge-ის დამსახურებით გადაიკვეთა. მართალია შვილმა დაარეგისტრირა, თუმცა მალევე მიხვდა რომ მრავალფეროვანი თემატური დისკუსიები მისთვის ინფორმაციის გაცვლისა და ახალი ადამიანების გაცნობის უნიკალური საშუალება იყო, ამიტომ მასზე დამოკიდებულიც კი გახდა. „სწორედ იქ დავიღუპეო“-, სიცილით აღნიშნა იმაზე მისანიშნებლად, რომ ვირტუალურმა ფორუმმა უცბად ჩაითრია. საჯარო ფორუმის კონტექსტში დღეს ფეისბუქსაც ხშირად განიხილავენ, და როგორც ჩანს, სწორედ ეს აღმოჩნდა ანა ჭაბაშვილისთვის მიზიდულობის მთავარი ძალა ფეისბუქზეც, რომელსაც უკვე წლებია იყენებს. დამოკიდებულიც კი ვარო მითხრა. ძალიან მიყვარს ადამიანების გაცნობა და მათთან კომუნიკაცია და ამის მეტი ფეისბუქში რა არისო.

როგორ შეცვალა ინტერნეტმა ინფორმაციის სანდოობა? ეს კითხვა თითქმის ყველა რესპონდენტთან მაქვს, მაგრამ ამ ეპიზოდის გმირი გამორჩეულია იმ კუთხით, რომ ის წიგნებთან დიდ დროს ატარებს, შესაბამისად ინფორმაციის დამუშავების თავისებური მეთოდები აქვს. ენათმეცნიერების მიმართულებით კვლევითი საქმიანობა ანა ჭაბაშვილისთვის უნივერსალური ცოდნისა და უნარების მომტანი აღმოჩნდა, რასაც სოციალურ მედიასაც არგებს.

როგორც ენის გარკვეული თავისებურებები, ან თუნდაც კონკრეტული სიტყვები და გამოთქმები არ შეიძლება განვიხილოთ მოწონება-არმოწონების მიხედვით, ისე არ შეიძლება ვამტკიცოთ ის რისიც გვჯერა, თუკი ლოგიკური არგუმენტი არ მოგყვება ამ აზრის განსამტკიცებლადო. ენის კეთილხმოვანება გემოვნების საკითხი არაა, ისევე როგორც პოლიტიკური ან სოციალური შეხედულებების ფრქვევა არ შეიძლება არგუმენტაციის გარეშე. მივხვდი რომ ამ სტრატეგიის მორგება სოციალური მედიით გამწვავებული პოლარიზაციის შემსუბუქებაშიც შეიძლებოდა დაგვხმარებოდა, თუმცა სოციალურ მედიაში ეს გაცილებით რთული მისაღწევია დიდი მასშტაბის, ალგორითმით ნასაზრდოები ხელოვნური პროცესებისა და კონტროლის არ არსებობს გამო. თუმცა დაფიქრებას ხომ არაფერი უდგას წინ? ის რაც კეთილხმოვანი ერთი ბაბლისთვის, მიუღებელია მეორისთვის. ამ განსხვავების დანახვას კი ვარჯიში სჭირდება რომ მხოლოდ იმ რეალობის მსხვერპლი არ გავხდეთ, რაც მხოლოდ ჩვენი და ჩვენი ბაბლისთვის ჟღერს ტკბილად.

ანასთან საუბარს ვერაფრით დავასრულებდი, რომ არ მეკითხა რა მოუვიდა ენას ინტერნეტის ეპოქაში, რა ვუქენით მას ციფრული სამყაროს ბინადრებმა. ამ კითხვის პასუხად მითხრა, რომ თანამედროვე ქართული სამეტყველო ენა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მოვლენების პარალელურად ვითარდებოდა და იცვლებოდა. მაგალითად, თუ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისში ქართული პუბლიცისტური ენა დომინირებდა სალაპარაკო ქართულში, საბჭოთა მმართველობამ თავისებური ლექსიკა და ფორმები დაამკვიდრა. ყველაზე ხისტი გავლენა ქართულ ენაზე მაინც არასამთავრობო ორგანიზაციების გამრავლებას მოჰყვა, როდესაც ჟურნალისტმაც, პოლიტიკოსმაც, აქტივისტმაც ამ ენაზე დაიწყო საუბარი სოციალურ ქსელშიო, მითხრა ანამ და ისიც დაამატა, რომ ენა ასეთია, მას შეუძლია თავის თავში მოაქციოს ასეთი გარემო ცვლილებებიო.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ენაზე საუბარი არ დამთავრდებოდა, რომ არა პოდკასტის ფორმატი, რომლის თანახმადაც მედიაწიგნიერების ექსპერიმენტიც უნდა ჩაგვეტარებინა. ასე ნელ-ნელა დავიწყეთ მისი სმარტფონის და ინფორმაციის მოძიების მისთვის ჩვეული მეთოდების კვლევა. ქალბატონმა ანამ მითხრა, რომ ტელევიზორს იშვიათად უყურებს, იმდენად იშვიათად, რომ არხების გადართვაც კი დამავიწყდაო. სმარტფონის აპლიკაციებიდან ყველაზე ხშირად ფეისბუქს და მესენჯერს იყენებს. ფეისბუქია ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროც. მითხრა, რომ ამ სოციალურ ქსელში ის მომწონს რომ არჩევანის საშუალება მაქვსო. რაც მაინტერესებს იმას ვკითხულობო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში დაძაბულობა იმატებს, ან რაიმე არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება, ფეისბუქის გახსნაც არ მინდა დღის დასრულებამდეო.

ერთ-ერთი ასეთი დღე იყო მაშინაც, როცა პოდკასტის ამ ეპიზოდს ვწერდით. ზუსტად ამ დღეს, 11 ნოემბერს სოციალური ქსელით, ინტერნეტ გვერდებითა და სატელევიზიო არხებით გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს როგორ ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორ იქცევა სისტემა. ამ კადრების ნახვა დილიდანვე ჩემმა შვილმა მირჩიაო, მაგრამ ბოლომდე ყურება ვერ შეძლო. ერთი რისი თქმაც შემიძლია, ის არის რომ აღნიშნული კადრები ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო კადრებიო.

ფეისბუქი დიდხანს ვსქროლეთ ექსპერიმენტისთვის საჭირო ინფორმაცია რომ მოგვეძებნა. ბუნებრივია, ზემოთ აღნიშნულ კადრებს ვერ ავცდით.

საინტერესოა, რომ ანა ჭაბაშვილს ეს კადრები მხოლოდ თვალის გადავლებით ჰქონდა ნანახი, თუმცა საკმარისი იყო იმისთვის რომ მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვისთვის ეპასუხა. დავალებას წარმატებით გაართვა თავი, რასაც ეპიზოდს მეორე ნაწილში თავად მოისმენთ.

1. ვინ შექმნა ამბავი?

მთავრობამ. 2. რა მეთოდებია გამოყენებული ჩემი ყურადღების მისაპყრობად?

მეთოდებზე დაკვირვებისთვის დრო არ მიეცა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ კადრებმა 2012 წლის ციხის კადრები გაახსენა, რომელიც თავის დროზე სახალხო შოკის წარმოსაქმნელად შეიქმნა და გავრცელდაო. მეთოდები არ იცვლება, აღნიშნა ანა ჭაბაშვილმა.

3. როგორ აღიქვამს ერთსა და იმავე მესიჯს სხვადასხვა ადამიანი?

ანა ჭაბაშვილის პასუხი ამ კითხვაზე ზუსტია. იქნებიან ადამიანები, როგორსაც ის თავის თავს და მის ბაბლს მიაკუთვნებს, რომლებიც გაბრაზდებოდნენ ხელისუფლებაზე, თუმცა იქნებოდნენ ისეთებიც, ვინც ამ კადრებში „სამართლიანობის აღსრულებას“ ამოიკითხავდნენ და იტყოდნენ რომ სააკაშვილმა ასეთი მოპყრობა დაიმსახურა. ესეც პოლარაზაცია მაღალ ხარისხში.

4. რა იდეოლოგია/ღირებულებები დგას ამ ამბის უკან?

პასუხი მარტივიაო, აღნიშნა ანამ: ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის ბრძოლა სახელმწიფოს მიერ.

5. რა არის გამოტოვებული?

ამ კადრებმა არ მითხრა, რატომ გადაიღეს და გაავრცელეს ეს კადრებიო. აი ამ კითხვაზე ვერ მიიღო პასუხი პოდკასტის მერვე ეპიზოდის გმირმა.

ქალბატონმა ანამ მითხრა, რომ მედიაწიგნიერების ამ კითხვებს ისედაც სვამენ ოჯახში დისკუსიისას, რაც ბუნებრივია იმდენი პოლიტიკოსი იტყუება ჩვენს გარშემოო. ექსპერიმენტის დასასრულს ანა ჭაბაშვილს ტერმინის მედიაიწიგნიერების განმარტება ვთხოვე, რაზეც მიპასუხა, რომ საქმე მარტივად არის და ის ზოგად განათლებას ეფუძნებაო. ამ მხრივ კი პრობლემები არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოშიაო.

როგორც ჩანს, მედიაწიგნიერებას რთული და გრძელი გზის გავლა მოუწევს მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და ცვლილების განხორცილება კომპლექსურ ჩარევას საჭიროებს.
კატეგორია: მულტიმედია


როდესაც ამ პოდკასტის სახელზე ვმსჯელობდით, ვიფიქრე რომ შეიძლებოდა მამა გამენაწყენებინა, იმიტომ რომ პოდკასტს "დედასთვის" დავარქვი. სხვებმაც მითხრეს, მამებმა რა დააშავესო. მაშინ პასუხი არ მქონია, მაგრამ ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ პირადი ოჯახური გამოცდილებიდან გამომდინარე, დედა უფრო აქტიურად იყენებდა ციფრულ ტექნოლოგიებს ვიდრე მამა, ამიტომ, ინსტინქტურად, დედას უფრო ვაკვირდებოდი, ვიდრე მამას.

ორი კვირის წინ, როდესაც მომდევნო ეპიზოდებს ვგეგმავდით, ძიება მამებზე გამოვაცხადე. ეპიზოდის გმირის პოვნა არ გაგვჭირვებია, თუმცა ამ მოკლე ხანში მოულოდნელად მამა გარდამეცვალა, რის გამოც სამუშაო პროცესის ორი კვირით შეჩერება მოგვიწია. პირადმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა პოდკასტის სახელზე და აუდიტორიაზე. მივხვდი, რომ მომდევნო ეპიზოდების გმირები ის მშობლებიც უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც ტექნოლოგიების ხსენებაზე პირველივე წუთში არ გვახსენდებიან. პოდკასტის მეშვიდე ეპიზოდის გმირიც ასეთია. მის სახლში ჯერ კიდევ არის გაზეთები, რომელიც ჩვენთან ერთად გადაშალა და წაიკითხა. ინფორმაციის მისაღებად კი სატელევიზიო არხებს ამჯობინებს ფეისბუქის ნაცვლად.

პროფესიით ექიმს, 70 წლის კახა ჯაფარიძეს ვერისუბანში ვესტუმრეთ. მისაღებ ოთახში თითქმის ყველა თაობის საინფორმაციო პლატფორმას მოვკარი თვალი - უახლეს პრესას, ტელევიზორს, რომელიც ოთახის გამორჩეულ კუთხეში იდგა, სმარტფონს, რომელიც მაგიდაზე, ვაზაში იდო, და ე.წ. "ფანრიან ნოკიას", რომელსაც ხშირად ნოსტალგიურად ვიხსენებთ ხოლმე. მითხრა, რომ სმარტფონი პანდემიის დაწყებიდან მალევე შვილებმა აჩუქეს, იმისთვის რომ ინფორმაციის მიღების თანამედროვე გზები აეთვისებინა. ამ პერიოდს უკავშირებს მეშვიდე ეპიზოდის გმირი ფეისბუქის აქტიურ გამოყენებასაც. პანდემიის გამო სახლში დიდ დროს ვატარებდი და ამიტომ ფეისბუქსაც უფრო აქტიურად ვიყენებდიო, თუმცა კახა ჯაფარიძეს ფეისბუქის მართვის საკუთარი წესები აქვს, რომელსაც თითქმის ყოველთვის იცავს:

1. ფეისბუქს ხსნის დილას და/ან საღამოს, დაახლოებით 20 წუთი.

2. ფეისბუქზე არასდროს აქვეყნებს ფოტოს საინტერესო ამბის გარეშე. მითხრა, რომ შვილსაც კი არ ვულაიქებ ფოტოებს, რომელსაც არ მოჰყვება ახსნა თუ რატომ გამოაქვეყნა ეს კონკრეტული ფოტოო. საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებშიც ყოველთვის ამბები იკითხება და, ძირითადათ, დაკავშირებულია მნიშვნელოვან თარიღებთან, როგორიცაა ოჯახის წევრის დაბადების დღე, მასწავლებლის დღე, და ა.შ.

3. პოლიტიკური ცნობების მისაღებად თითქმის არასდროს იყენებს ფეისბუქს. შეიძლება ფეისბუქმა დაასწროს ტელევიზიას მნიშვნელოვანი ცნობის გამოქვეყნებაო, მაგრამ დღის ბოლოს მაინც ტელევიზიით ვამოწმებ ინფორმაციასო.

4. არასდროს სქროლავს ფეისბუქს სხვა აქტივობის პარალელურად. თითქმის შეუძლებელია სოციალური მედიის პარალელურად სხვა საქმეზე კონცენტრაციაო (რაშიც სრულია ვეთანხმები).

5. ფეისბუქის შესაძლებლობები წელიწად-ნახევარში ამოწურა, ანუ პანდემიის დაწყებიდან დღემდე.

კახა ჯაფარიძისთვის ტრადიციულ მედიას სოციალურ მედიასთან შედარებით მეტი დისციპლინა აქვს ინფორმაციის მოწოდების საქმეში. ამბობს, რომ გაზეთები და სატელევიზიო არხები მეტ სივრცეს ტოვებს განსხვავებული აზრის მისაღებადო. კატეგორიულ აზროვნებას ყოველთვის გავურბივარ, ამიტომ ტელევიზიის შემთხვევაში ვიცი რომ არსებობს პროსამთავრობო და ოპოზიციური არხები, ისევე როგორც არსებობს პროსამთავრობო და ოპოზიციური პრესა, ამიტომ ვცდილობ ორივეს გავეცნოო, მაშინ როცა ფეისბუქზე ინფორმაციის წყაროების ასეთი გამჭვირვალე ანალიზი გაცილებით რთულიაო. იმის მიუხედავად რომ სოციალური მედიის პარამეტრები ნიუსფიდის დაპროგრამების საშუალებას იძლევა იმ გვერდების გამოწერით, რომელიც გვაინტერესებს, ტელევიზიისგან და გაზეთებისგან განსხვავებით სოციალური მედიის ფილტრი მაინც მყიფეა. დისციპლინა, რომელიც ტრადიციული მედიის პროგრამირებაში არსებობს, სოციალურმა მედიამ თითქოს შთანთქა.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

იმის გამო რომ პოდკასტის მეშვიდე ეპიზოდის გმირი სოციალურ-პოლიტიკურ ცნობებს მაინც ტრადიციული მედიით იღებს, მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვისაც შესაბამისი მედია შევარჩიეთ. ჯერ გაზეთი გადავშალეთ, მაგრამ ბოლოს მაინც ტელევიზიაზე შევჩერდით.

აღმოჩნდა რომ მისი ყურადღება მიიქცია "მაესტროს" სატელევიზიო პროექტ "უცნობის კიდობნის" ახალმა ეპიზოდმა, რომელშიც წამყვანი, გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე 'უცნობი' მასპინძლობს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ახლა არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდია, და, შესაბამისად პრო-სამთავრობო მედია-პროექტი აქცენტს ოპონენტზე აკეთებს. ოპონენტი ამ შემთხვევაში ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ანზორ მელიაა, რომლის წარსულის გახსენებით წამყვანიც და სტუმარიც მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ჩვენი ეპიზოდის სტუმრისთვის ეს ამბავი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ რომ მას ანზორ მელიასთან კოლეგიალური ურთიერთობები აკავშირებს და მის შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე საშუალო სტატისტიკურმა მაყურებელმა.



ანზორ მელიას დისკრედიტაციის მიზნით მომზადებული სიუჟეტის ყურებისას, კახა ჯაფარიძემ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება: ვინ ავრცელებს ამ ამბავს, რა ფორმით, რა სიტყვებია შერჩეული, და რა ღირებულებების წარმოჩენას ცდილობს გადაცემის გუნდი. ახსენა, რომ სიუჟეტი ბევრ კითხვას აჩენს, რაც დიდ და სახიფათო სივრცეს ტოვებს პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციების ჩამოყალიბების მიმართულებით. ანზორ მელიას კომენტარის ისეთი დეტალების ხელოვნური გამეორება, სადაც ის საუბრობს სამართლებრივ დაპირისპირებაზე თავის „გამზრდელ პროფესორთან“, მაყურებელს უმყარებს აზრს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მორალი მყიფეა. კახა ჯაფარიძემ ხაზგასმით რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მას რომ არ სცოდნოდა ანზორ მელიასა და მისი პროფესორის დაპირისპირების დეტალები, მისთვის უპირობოდ მისაღები იქნებოდა ის, რასაც „უცნობის კიდობნის“ ავტორები ამ მოკლე კლიპით ამბობენ.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დასასრულს, კახა ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ საფრთხეებზე, რაც კატეგორიულ აზროვნებას მოჰყვება. ამისგან თავის დასაღწევად, ყველა თაობის წარმომადგენელს ურჩევს მათთვის მისაღები შეხედულებების პარალელურად განსხვავებული აზრიც ისმინონ. გარდა, ამისა იყვნენ თვითკრიტიკულებიც. უფრო მეტიც, თუკი თვითრეფლექსია არ გეყოფათ, სხვებთან გადაამოწმეთ საკუთარი თავი და შეხედულებებიო.
კატეგორია: მულტიმედია


პოდკასტის მეექვსე ეპიზოდის სტუმარი 38 წლის ნინო გაგილაძეა, თბილისის ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის თანამშრომელი. მას ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი სკოლის მოსწავლეა, ამიტომ საუბარი ონლაინ სკოლაზე დავიწყეთ.

მალევე გავარკვიე, რომ პოდკასტის ჩაწერაზე 10 წლის შვილის სმარტფონით იყო მოსული, რადგან გზად თავისი ტელეფონი ხელოსანს დაუტოვა შესაკეთებლად. ვთხოვე მისი შვილის პირადი ინფორმაციის გამხელის გარეშე მოეყოლა რა აპლიკაციებს იყენებს ოჯახის ერთ-ერთი უმცროსი წევრი და, ზოგადათ, მშობლობის როგორ სტრატეგიას ირჩევს შვილებთან ურთიერთობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დისციპლინის კუთხით.

გამიზიარა რომ 10 წლის შვილს არ აძლევს სოციალური მედიის ანგარიშის გახსნის უფლებას, რის გამოც მოზარდი პოპულარულ საბავშვო აპლიკაციას „LIKE“-ს იყენებს. ნინომ მითხრა, რომ ტიკ-ტოკისგან და სოციალური მედიის სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, აქ ბავშვებისთვის უწყინარი ვიდეოები ვრცელდება, და რამდენიმე ასეთი ვიდეოც მაჩვენა.

როცა ჩემი გოგონა მოზრდილებისთვის განკუთვნილ სოციალური მედიის პლატფორმაზე დარეგისტრირდება, აუცილებლად მკაცრად გავაკონტროლებო, რაც, თუ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, მაინც-და-მაინც ეფექტურ შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება არ არის.

დასავლეთში ტარდება კვლევები ციფრულ სამყაროში მშობლობის გამოცდილებაზე, სადაც იკვეთება რომ აკრძალვებზე დაფუძნებული მიდგომა სწრაფ და ეფექტურ შედეგს მხოლოდ მოკლე ვადაში იძლევა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბუმერანგის პრინციპით მუშაობს. ამავე კვლევებში საუბარია იმაზეც რომ ყველაზე ეფექტური თანამშრომლობაზე, ციფრული ტექნოლოგიების კოლაბარაციულ მოხმარებაზე (co-using) ორიენტირებული მიდგომაა, როდესაც ბავშვიც/მოზარდიც და მშობელიც ღიაა ახალი ცოდნის მისაღებად, მათ შორის ერთმანეთისგანაც.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი მედიაწიგნიერების კვლევის არეალში შემოდის, საკითხის მასშტაბიდან გამომდინარე ცალკე განხილვა სჭირდება, ამიტომ შორს აღარ წავალ.

ნინოსთვის ინფორმაციის პირველწყარო ფეისბუქი და ინსტაგრამია. საინფორმაციო არხებიდან, როგორც ახსოვს, მხოლოდ პირველი არხი აქვს დალაიქებული, თუმცა ნიუსფიდში ხშირად ხვდება სხვა სატელევიზიო არხებსაც. საინტერესოა, რომ ნინოსთვის ფეისბუქის მიმართ ინტერესი პოპულარული თამაშებით - „ფერმა“ და “Candy Crush”-ით დაიწყო, თუმცა მალე მობეზრდა და ახლა ამ სოციალური ქსელისადმი მიზიდულობის მთავარი ცენტრი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ფოტოები, მეგობრები, და მრავალფეროვანი ინფორმაციაა“.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში იშვიათად აზიარებს. არ უყვარს პირადი ცხოვრების ყველა დეტალის ამ სივრცეში გამოფენა. უფრო სხვების პოსტებს ვეცნობი, ვიდრე საკუთარს ვაზიარებო.

პოდკასტის მეორე ნაწილის, ანუ მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დაწყებამდე, ნინოს ვკითხე გაეგო თუ არა რაიმე მედიაწიგნიერების შესახებ, რაზეც გულწრფელად მიპასუხა, რომ არა. განმარტებისგან მეც თავი შევიკავე და მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვა წავაკითხე. ვერც ამ გზით დავეხმარე, ამიტომ პირდაპირ გადავეშვით მედიაწიგნიერების ექსპერიმენტში.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ფეისბუქის სქროლვისას მისი ყურადღება მალევე მიიქცია TV 25-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც ამბობდა რომ ქვეყნის მთავარმა ინფექიონისტმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად კახეთში „კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა“ რა დროსაც ღვინო „კრამიტით“ შესვა. პირველი, რამაც ფეისბუქზე პოსტის სახით გავრცელებულ ამბავში მისი ყურადღება მიიპყრო იყო ფოტო, რომელშიც ჩანდა ღია სივრცეში გაშლილი სუფრა და ფეხზე მდგარი ამირან გამყრელიძე კრამიტით ხელში. როგორც კი ამ ცნობას თვალი შეავლო, ჯერ ხმამაღლა გაიცინა, და ჩემს კითხვაზე - დამაჯერებელი იყო თუ არა მისთვის ეს ცნობა- დაფიქრების გარეშე მიპასუხა, რომ „დიახ“. როდესაც არგუმენტის მოშველიება ვთხოვე, თქვა რომ დედა რესტორანში მუშაობს და მისგან არაერთხელ მოუსმენია რომ საყოველთაო კარანტინის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უნახავს, შესაბამისად მისთვის რთულად დასაჯერებელი ვერ იქნებოდა ინფორმაცია მოქეიფე ამირან გამყრელიძისა და მისი თანამშრომლების შესახებ.

წინა ეპიზოდებიდან გეცოდინებათ, რომ მედიაწიგნიერების პირველი კითხვა ავტორის/მესიჯის ვინაობის გაგებას ეხება. ეპიზოდის სტუმარმა თქვა რომ ინფორმაცია TV 25 მა გაავრცელა, თუმცა ამაზე შორს აღარ წასულა. სინამდვილეში ამ ცნობის პირველწყარო საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტუდია „მონიტორი“ იყო. აქამდე რომ მისულიყო, მისთვის ეს ცნობა კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შეიძენდა, რადგან სტუდია „მონიტორი“ ქართული მედიის სივრცეში მაღალი პროფესიული ეთიკითა და სტანდარტებით გამოირჩევა.

ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე ნინოს მივუთითე რომ ამბავი სრულად წაეკითხა. როგორც კი ამბის პირველ-ორ ხაზს გასცდა, ამოიკითხა, რომ ამირან გამყრელიძეც და მისი თანამშრომლებიც აცრილები არიან და რომ ისინი ღია სივრცეში შეიკრიბნენ, შესაბამისად ეს საფრთხის შემცველი არავისთვის ყოფილა, არადა სათაური მტკიცებით ფორმაში ამბობდა რომ ამირან გამყრელიძემ კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა. ცხადია, ეს არ ამსუბუქებს ამბის უხერხულობას, მაგრამ ფეისბუქიდან TV-25-ის გვერდზე გადასვლითა და ცნობის სრულად წაკითხვის შემდეგ ნინო ჩემი დახმარების გარეშე მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ფოტომ და სტატიის სათაურმა აღაშფოთა, და ამ პირველმა იმპულსმა ის, გარკვეულწილად, შეცდომაშიც შეიყვანა. იმისთვის რომ ამ იმპულსური შეცდომის მასშტაბი გაეაზრებინა, კიდევ ერთი მითითება მივეცი: ისევ ფეისბუქზე დაბრუნება და პოსტის ქვეშ არსებული კომენტარების წაკითხვა. „აი ხომ გითხარი. ხალხს ეს სტატია არც გაუხსნია, ისე ლანძღავენ ამირან გამყრელიძესო“ - მითხრა ნინომ, და ბოლოს ესეც დაამატა „დაფიქრდით, სანამ ლანძღვას დაიწყებთო.“ რა გვაჩვენა ექსპერიმენტმა? როგორც წესი მედიაწიგნიერების ამ ექსპერიმენტში ამბის/ინფორმაციის შინაარსობრივ ანალიზს თავს ვარიდებთ, პოდკასტის მიზნებიდან და ფორმატიდან გამომდინარე, ამიტომ ამჯერადაც აქცენტს ამბის გადმოცემის ფორმაზე და დღევანდელი ეპიზოდის გმირის შეფასებაზე გავაკეთებ. ზემოთ მოტანილი ვიზუალური მასალიდან იკვეთება, რომ ამბის სათაური და შინაარსი სოციალურ მედიაში მანიპულირების ძალიან კარგი მაგალითია, რასაც ნინოს თქმით, თვითონ არა, მაგრამ ჩემი რამდენიმე ნაცნობი აუცილებლად წამოეგებოდაო. არადა ნინოს პირველი რეაქცია ამ პოსტის გახსნამდე და წაკითხვამდე ოდნავ საპირისპირო იყო. ექსპერიმენტით გამოჩნდა, რომ ასეთი მანიპულრებადი შინაარსის შემცველი ინფორმაციის მსხვერპლი წამიერად შეიძლება გახდე. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანთა ამ კატეგორიას უკვე დაკარგული აქვს ნდობა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ. ისეთ პოლარიზებულ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვართ ფეისბუქის პოსტის ფორმატი, რომელიც სათაურით, პოსტით და მცირე სარედაქციო კომენტარით შეცდომით ხშირად სრულ სტატიას უტოლდება, მნიშვნელოვნად აძლიერებს პოლარიზაციისა და უნდობლობის გამწვავებას ჩვენს საზოგადოებაში.
კატეგორია: მულტიმედია
 

პოდკასტის ამ ეპიზოდის სტუმარი 61 წლის ნატა მეფარიშვილია, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული თბილისის მედიათეკების მოწყობასა და მართვაში.

ნაწილი 1

მედიაწიგნიერების თემაზე გამართულ ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში ხშირად ვისმენ ხოლმე ვერბალურ ასოციაციებს მედიაწიგნიერებასა და ტრადიციულ წიგნიერებას შორის, რაც გასაკვირი არ არის. პოპულარულ წარმოსახვაში წიგნიერი ადამიანი ისაა, ვინც ბევრ წიგნს კითხულობს. მედიის ხსენებისას კი საზოგადოების დიდ ნაწილს უპირველესად ტელევიზია, რადიო, და ჟურნალ-გაზეთები ახსენდება. კითხვები და დაბნეულობა მაშინ ჩნდება, როდესაც ამ ორ სიტყვას-მედიასა და წიგნიერებას ვაერთებთ.

თანამედროვე სამყაროში მედიაწიგნიერების არეალი საკმაოდ გაფართოვდა და მოიცვა როგორც ციფრული მედია (სოციალური მედია, ინტერნეტ-მედია, საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმები, და ა.შ.) ისე ციფრული პლატფორმების კითხვისა და ანალიზის, და ასევე მათი გამოყენებით ციფრული კომუნიკაციის წარმართვის უნარები.

ციფრულმა რევოლუციამ თავისთავად წარმოქმნა ისეთი საჯარო სივრცეების შექმნის საჭიროება, რომელიც ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების მრავალფეროვან პლატფორმებს შესთავაზებდა მომხმარებელს. ამას უკავშირდება ისტორიული თუ სხვა ტიპის არქივების გაციფრების ტენდენცია, ბიბლიოთეკების სამკითხველო დარბაზების კომპიუტერულ ლაბორატორიებად გადაკეთება, და ბოლოს მედიათეკების შექმნა.

მედიათეკა ბიბლიოთეკის ფრანგული მოდელია, რომელიც ბეჭდურ რესურსებთან ერთად სტუმარს სთავაზობს მულტიმედია რესურსებს, მაგალითად ფილმებს, აუდიო-ჩანაწერებს და ვიდეო-თამაშებს. ეს არის ტრადიციული ბიბლიოთეკა, რომლის სამკითხველო დარბაზებში ნახავთ კომპიუტერებითა და ინტერნეტით აღჭურვილ სივრცეს.

როდესაც პირველად მედიაწიგნიერების ამერიკულ გამოცდილებას გავეცანი, გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ მედიაწიგნიერების, როგორც საგანმანთლებლო პროცესის ფუნდამენტს სწორედ სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან არსებული ბიბლიოთეკები წარმოადგენენ. ამერიკასა და ევროპაში თითქმის ყველა ბიბლიოთეკას ჰყავს თანამშრომელი, რომლის როლი ქართულად ასე შეიძლება ითარგმნოს - მედიის სპეციალისტი. გამიკვირდა იმიტომ რომ ჩემს სკოლასა და სასწავლებლებში ასეთი არავინ ყოფილა, თუმცა გამიმართლა და მოვესწარი პირველი თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცის, მედიათეკის გახსნას თბილისში, ჯერ ვაკეში, შემდეგ კი ვარკეთილსა და ნაძალადევში.

მახსოვს იმდენჯერ მომიმზადებია დავალებები მედიათეკის სივრცეში, მისარგებლია უფასო ინტერენეტითა და გამართული კომპიუტერებით. ფილმების ჩვენებსაც დავსწრებივარ, თუმცა მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მედიათეკაში მხოლოდ წიგნები არ მიზიდავდა. მომწონდა ის დემოკრატიული შესაძლებლობები, რომელსაც უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები მაძლევდა. მაშინ ნამდვილად ვმონაწილეობდი მედიაწიგნიერების პროცესში, რადგან ამ დისციპლინის ერთ-ერთი საზრუნავი სწორედ ციფრულ რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომის თანასწორობის უზრუნველყოფაა.

ნაწილი 2

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დაწყებამდე ჩვენს რესპონდენტს, ნატა მეფარიშვილს ვკითხე და მიპასუხა რომ ინტერნეტისა და პერსონალური კომპიუტერის გარეშე დღეს რთული იქნებოდა წიგნადი ფონდის განახლება, რისთვისაც ის Google-სა და Wikipedia-ას ხშირად იყენებს. სოციალური ქსელებიდან მხოლოდ Facebook-ის მომხმარებელია, რაც ყველაზე მეტად ახლობლებთან და მეგობრებთან კომუნიკაციის შენარჩუნებაში ეხმარება. სწორედ ამისთვის იყენებს უმეტესწილად სმარტფონს. სმარტოფნში ამინდის პროგნოზსაც ვამოწმებ ხოლმე.

პოდკასტის წინა ეპიზოდების თითქმის ყველა სტუმარმა გაუსვა ხაზი სმარტფონის როლს ამინდის პროგნოზის გაცნობაში, ეს იმაზე მიმანიშნებს, რომ ჩემი მშობლების თაობას უყვარს დაგეგმვა და სმარტფონის ერთ-ერთ მთავარ სარგებელს ამ რუტინულ რიტუალში ხედავს. ჩემთვის სმარტფონის ამინდის აპლიკაცია იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ არც მახსოვს ამინდის შემოწმების სხვა გზებს როდის მივმართე, ან საერთოდ რა არის ეს სხვა გზა.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ქალბატონი ნატა ეცადა პოლიტიკაზე საუბრისგან თავი შეეკავებინა, თუმცა არ გამოუვიდა, რადგან პირველივე ამბავი, რომელიც მისი ფეისბუქის ნიუსფიდში შეგვხვდა მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისადმი მიმართული კრიტიკა იყო. მითხრა რომ ამ ინფორმაციის წაკითხვა უბრალოდ არ სურს მისი პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე. იმის გამო რომ მის ნიუსფიდში ძირითადათ ახლობლებისა და მეგობრების ფოტოები ჭარბობდა, ვთხოვე ექსპერიმენტისთვის პირად გვერდზე გადავსულიყავით და გვენახა რას აზიარებს. პოსტებს შორის იყო რამდენიმე რუსულენოვანი სიუჟეტიც და მოკლე ვიდეო. სულ ბოლო პოსტად კი გაზიარებული ჰქონდა სატელევიზიო პროექტის „აი უცნობის“ გადაცემის ფრაგმენტი. გადაცემის სტუმარი ლევან ლორთქიფანიძე, ამ მოკლე ვიდეო-ფრაგმენტში, მკაცრად აკრიტიკებს ქართველი ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმს. კრიტიკის ობიექტები მეტწილად ოპოზიციური არხების ჟურნალისტები არიან. გადაცემის წამყვანი გია გაჩეჩილაძე, იგივე, "უცნობია". პროექტი ვრცელება ტელეკომპანია მაესტროს ეთერითა და „აი უცნობის“ ფეისბუქის გვერდით.

ქალბატონ ნატას გაუჭირდა მედიაწიგნიერების პირველ კითხვაზე (ვინ შექმნა ამბავი?) ზუსტი პასუხის გაცემა. პასუხის ძიებისას ლევან ლორთქიფანიძის რიტორიკა გაიმეორა, რის გამოც ექსპერიმენტის პირველი კითხვის განმარტება მომიწია. მცირე მინიშნებამ შედეგი გამოიღო. ნატა მეფარიშვილმა დაასახელა გადაცემის ავტორი, პროექტის სახელი და ტელევიზია. ამაზე შორს არ წავსულვართ, თუმცა, როგორც წინა ეპიზოდებშიც მითქვამს, ამ კითხვაზე პასუხის ძიება მხოლოდ ავტორის და/ან პლატფორმის იდნეტიფიცირებას არ გულისხმობს. უფრო მნიშვნელოვანია, გავიგოთ ავტორის/პლატფორმის ღირებულებები. ამის კვლევას დამატებითი კითხვები და მეტი დრო სჭირდება.

მედიაწიგნიერების მეორე კითხვაზე პასუხისას, ქალბატონმა ნატამ აღნიშნა რომ მისი ყურადღება რესპონდენტმა მიიქცია. მოსწონს და ხშირად იზიარებს ლევან ლორთქიფანიძის მოსაზრებებს, შესაბამისად მისთვის ეს ვიდეო საინტერესოა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ამ კითხვაზე პასუხისას გამოიკვეთა არის ვიდეოს ხანგრძლივობა. ეპიზოდის სტუმარმა აღნიშნა, რომ გრძელ ვიდეოებს ფეისბუქზე იშვიათად უყურებს. ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ იცვლება ფეისბუქის მომხმარებლის ქცევა ვიდეო-კონტენტთან მიმართებაში. თუ რამდენიმე წლის წინ, მოკლე და ლაკონური ვიდეო-ფორმატი ფეისბუქის შედარებით ახალგაზრდა მომხმარებლის არჩევანი იყო, როგორც ახლა ჩანს, ეს ტენდენცია უკვე ყველა თაობას მოიცავს.

მედიაწიგნიერების მესამე კითხვაზე ქალბატონი ნატას პასუხი კარგი გამოხატულება იყო იმისა, თუ როგორ მუშაობს ფეისბუქზე ე.წ. „საინფორმაციო ბუშტის“ (Filter Bubble) ტენდენცია. ეპიზოდის გმირმა აღნიშნა, რომ მისი მეგობრების უმეტესობა ისე გაიგებდა „აი უცნობის“ გადაცემის ვიდეო-ფრაგმენტში გამოთქმულ მოსაზრებებს, როგორც ის.

ამბის/ინფორმაციის ღირებულებსა და იდეოლოგიაზე საუბრისას ქალბატონმა ნატამ ობიექტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობა დაასახელა. თუკი გადაცემას მოისმენთ მიხვდებით, რომ სტუმარიც და წამყვანიც საუბრობენ ჟურნალისტების ქცევაზე, როდესაც სიუჟეტებსა და პირდაპირ ეთერებში ფაქტების ნაცვლად, საკუთარ ინტერპრეტაციებს ავრცელებენ. ის რაც ანალიზის სრულყოფილებისთვის იქნებოდა საჭირო არის გადაცემის წამყვანისა და სტუმრის პოლიტიკურ წარსულსა და ღირებულებებზე მინიშნება. ამაზე პოდკასტის მეხუთე ეპიზოდის სტუმარს არ უსაუბრია.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი დასრულდა იმით, რომ ქალბატონმა ნატამ აღნიშნა, რომ გადაცემაში არაფერია გამოტოვებული და მას არაფერი დაკლებია იმისთვის, რომ საკითხზე, რომელზეც სტუმარი საუბრობს, სრულყოფილი და ობიექტური წარმოდგენა შექმნოდა. სინამდვილეში ობიექტურ ჟურნალისტიკაზე საუბარი საჭიროებს იმ პასუხისმგებლიანი მედიის მუშაობის ხსენებასაც, რომელიც საქართველოში ნამდვილად მოიძებნება.

რა გავიგეთ?

პოდკასტის ამ ეპიზოდის ჩაწერისას ვეცადე გარკვევით ამეხსნა სტუმრისთვის რომ ეს კონკრეტული პოდკასტი აპოლიტიკურია და რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის კვლევაა კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში და არა ინფორმაციის პოლიტიკური ანალიზი. ამის მიუხედავად, ამ ეპიზოდმა კარგად გამოავლინა ფეისბუქის იმ მომხმარებლის პროფილის მახასიათებლები, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური აფილაციები აქვთ. ეს თავისებუერებებია: განსხვავებული აზრისგან თავის არიდება და „საინფორმაციო ბუშტში“ მოძრაობა იმ ტიპის ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების გზით, რომელიც ჰარმონიაშია ჩვენს რწმენა-წარმოდგენებთან.
კატეგორია: მულტიმედია
დღეს, Deepfake ტექნოლოგიით შესაძლებელია ნებისმიერი გამოსახულების ან ხმის ისე გაყალბება, რომ ადამიანს გააკეთებინო ან ათქმევინო ის, რაც არასდროს უთქვამს ან გაუკეთებია. მომავალში Deepfake კიდევ უფრო მეტად მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება. რამდენად უნდა გვეშინოდეს ამ ტექნოლოგიის?



კატეგორია: მულტიმედია

ამ ეპიზოდის გმირი 54 წლის მარეხი მემანიშვილია, რომელიც თერჯოლის მეორე საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. წერს ლექსებს, ნოველებსა და მოთხრობებს, რომელთაც აქვეყნებს როგორც ფეისბუქის პირად გვერდზე, ასევე საკუთარ ბლოგზე. მარეხი რამდენიმე თვეა ინტერნეტ-გაყიდვების პროფესიას ეუფლება და მეუღლის საოჯახო სანერგე მუერნეობის ფეისბუქის გვერდს მართავს.

მარეხ მემანიშვილი თავად გამოგვეხმაურა პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად. რეგიონში ვერ ჩავედით, ამიტომ გამონაკლისი დავუშვით და პოდკასტი Zoom-ის პლატფორმაზე ჩავწერეთ. კამერები გამოვრთეთ რომ ჩაწერა არ შეფერხებულიყო. გამორთული კამერის უკან ხშირად მეღიმებოდა, ზოგჯერ ხმამაღლაც მეცინებოდა.

გამაოცა მისმა განსაკუთრებულმა სიფხიზლემ ციფრულ სივრცეში ინფორმაციის დამუშავების თვალსაზრისით. ისე ზუსტად და გასაგებად ჩამოაყალიბა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ინფორმაციას ამოწმებს, ვკითხე მედიაწიგნიერების ან ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი ხომ არ გაქვთ გავლილი მეთქი, რაზეც მითხრა რომ არა. უფრო მეტიც, მედიაწიგნიერების არსი სულ არ ვიცოდი, სანამ შეხვედრას შემოვუერთდებოდი, დავგუგლე რომ შენთან არ შევრცხვენილიყავიო.

მომხიბლა მისმა ცნობისმოყვარეობამ და იუმორმა. „რა საჭიროა ახალი ტერმინის „პოდკასტის“ შემოტანა, როცა არსებობს ინტერვიუ?“-, რიტორიკულად მკითხა. პოდკასტი ჯერ „ჭორაობას“ შეადარა, მერე მითხრა ორი ადამიანის ყავაზე ჩამოჯდომას და უშუალო საუბარს ჰგავსო. ასეა, ქალბატონო მარეხ. პოდკასტის მთავარი არსი სწორედ ამ უშუალობაშია, ყველგან და ყველა სიტუაციაში რომ ისმინება.

ემოციებისგან თავის შეკავება ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა, როცა მითხრა რომ ფეისბუქზე მხოლოდ ორი ჯგუფის წევრი და შვიდი გვერდის გამომწერია. ნერვებს მინაგვიანებს ბევრი ინფორმაცია და ასე ვფილტრავო. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ამაში აუცილებლად უნდა მივბაძოთ ჩვენს მშობლებს. დათვლაც გამიჭირდება იმდენი გვერდის და ჯგუფის გამომწერი ვარ ფეისბუქზე და ინსტაგრამზე, რაც ნერვებთან ერთად ჩემს საბანაკო ანგარიშებზეც (ჯიბეზე) აისახება ხოლმე.

ქალბატონი მარეხი მასწავლებელია და, ცხადია, ონლაინ სწავლებაზე ვკითხე. მითხრა, ჩემი უპირატესობა იმაშია, რომ ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ძალიან არ გამჭირვებია კომპიუტერული პროგრამების შესწავლაო, მაგრამ თქვა რომ პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ასწავლა რომ მუდმივად ახალ ინფორმაციას უნდა ეძებდეს, რომ ბავშვების ყურადღება არ დაკარგოს გაკვეთილზე. თვითონ ბავშვებისგანაც ბევრს ვსწავლობო, მითხრა და ამით კიდევ უფრო მეტად მოიგო ჩემი გული.

მარეხ მემანიშვილი ინფორმაციას, ძირითადათ, ფეისბუკიდან იღებს და ამავე სოციალურ ქსელს იყენებს ამბების გასაცვლელად კოლეგებთან, მეგობრებთან და მკითხველებთან. „სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად მნიშვნელოვანია ფეისბუქი ჩემთვისო“. ის რაც ქალბატონმა მარეხმა მითხრა, შეიძლება ავხსნათ ცნობილი თეორიით, რომელსაც ხშირად იყენებენ ხოლმე მედიისა და კომუნიკაციის მკვლევრები.

ეს არის ხელმისაწვდომობის (affordances) თეორია, რომელსაც მისი შემქმნელი, ფსიქოლოგი ჯეიმს გიბსონი განმარტავს, როგორც შესაძლებლობებს, რომელთაც ადამიანები გარემოს მიაწერენ, შესაძლებლობებს, რომლებიც ამ გარემოშია. აქ მთავარი აღქმაა, და არა ფაქტობრივი მოცემულობა. ამ თეორიით იხსნება ალბათ ისიც, რომ, რაც უფრო დრო გადის, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს სულ უფრო დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ექსპერიმენტის თანახმად ეპიზოდის გმირთან ერთად, შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევთ ამბავს და ვუსვამთ მედიაწიგნიერების 5 მთავარ კითხვას.

ქალბატონ მარეხს ზუმის ეკრანის გაზიარება ვთხოვე, რომ მისი ფეისბუკის ნიუსფიდი ერთად გაგვეანალიზებინა. სქროლვისას მალევე გადავეყარეთ სტატიას სათაურით „ბედის გახსნა, შაკიკის განკურნება, წელკავის მოხსნა... 10 ქართული შელოცვა, რომელსაც ბებიები ჩურჩულებდნენ“. გავარკვიეთ რომ ეს სტატია ფსიქოლოგიის მოყვარულთა გვერდზე გააზიარეს, რომლის გავლითაც ის ქალბატონი მარეხის ფეისბუქის ნიუსფიდში მოხვდა.

alt

უკვე მერამდენე შემთხვევაა იმისა რომ სენსაციური ამბის/ყალბი ამბის/დამახინჯებული ამბის გასავრცელებლად ფეისბუქზე ვხვდებით ვიწრო ინტერესებით მანიპულირების სტრატეგიას. მაგალითად, პოდკასტის მეორე ეპიზოდის გმირის, მასწავლებლის დავით ახალაიას შემთხვევაში ეს იყო განათლების თემაზე შექმნილი ვირუსული ვიდეო. ექიმ ლიანა გოგუას ფეისბუქმა მანიპულაციური ციტატა კოვიდის შესახებ შესთავაზა. დღევანდელი ეპიზოდის გმირის მრავალმხრივ ინტერესებში ფსიქოლოგიაც არის. მან ინტერვიუში ამას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი. სწორედ ფსიქოლოგიის გვერდიდან მოხვდა ზემოთ ნახსენები სტატია მის საინფორმაციო ველში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეპიზოდის გმირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ექსპერიმენტი რომ არა, ამ მძაფრი ემოციების გამომწვევ სტატიას არ გახსნიდა. ქალბატონი მარეხის სიფხიზლეს ფეისბუქის ყველა მომხმარებელს ვერ მივაწერთ, ამიტომ ვფიქრობ, საკითხის პრობლემატიზაცია უნდა დაიწყოს იქიდან, რომ ეს მასალა ფეისბუქზე გავრცელდა და ის გავრცელდა თემატური გვერდის გავლით.

არ ვიცი რამდენად დაეხმარა ქალბატონ მარეხს მათემატიკური ფორმულების კარგად ცოდნა, მაგრამ ფაქტია, რომ მან მედიაწიგნიერების ამოცანა შესაშური წარმატებით ამოხსნა.

რა გვასწავლა ამ ექსპერიმენტმა?

იმ ფონზეც კი, როცა დღევანდელი ეპიზოდის გმირს გამოწერილი გვერდების რაოდენობა მინიმუმამდე აქვს შემცირებული, მის ნიუსფიდში მაინც მოხვდა ვირუსული შინაარსის შემცველი მასალა. ამ კონკრეტული მასალიდან გამომდინარე, ვირუსულობის ხარისხი რთული ამოსაცნობი არ იყო.

არც შინაარსი იყო, მაინცდამაინც მავნებელი, თუმცა საყურადღებოა ამ ვირუსული კონტენტის გავრცელების მეთოდი და კონტექსტი. ქალბატონ მარეხის ეგონა რომ ვირუსული გვერდების რაოდენობა შეზღუდა, თუმცა იმ 10-მდე გამოწერილ გვერდსა და ჯგუფშიც აღმოჩნდა ისეთი ვირუსული ინფორმაცია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. წინა ეპიზოდების გმირების მსგავსად, ამ ეპიზოდშიც გამოვლინდა დადებითი ტენდენცია იმისა, რომ ჩვენი მშობლების თაობაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ მანიპულირება იმ ინფორმაციულ ხმაურში, რომელიც მათი სოციალური მედიის გვერდებზე, ზოგჯერ მათივე თანხმობით ან ფარულად მოპოვებული თანხმობით ისმის.
კატეგორია: მულტიმედია


კორონავირუსის თავის დასაცავად რეგულაციების დაცვასთან ერთად ვაქცინაცია შეუცვლელი იარაღია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს იარაღი უმოქმედოა ჯანსაღი საინფორმაციო კამპანიის გარეშე, ან პირიქით - საშიშია მიზანმიმართული დეზინფორმაციის ფონზე.

ამ საინფორმაციო კამპანიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოთამაშეები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ პოდკასტის მესამე ეპიზოდის გმირად ექიმი შეგვერჩია.

67 წლის ლიანა გოგუა პროფესიით ენდოკრინოლოგია, თუმცა პანდემიით შექმნილი საგანგებო ვითარების გამო ჩართულია როგორც კოვიდპაციენტების კონსულტირების, ისე საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში.

მის სამუშაო ოთახში პერსონალური კომპიუტერი დგას, თუმცა ინტერნეტი არ მიეწოდება. როგორც ჩანს კლინიკის ადმინისტრაციამ ინტერნეტის მის კაბინეტამდე მიყვანა პრიორიტეტულად არ მიიჩნია, ამიტომ პაციენტებთან მუშაობის დროს სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძიებლად ან გადასამოწმებლად სმარტფონს იყენებს.

ლია გოგუა გუგლის საძიებო სისტემას გამიზნულად მაშინ იყენებს, როდესაც პაციენტების მიერ დასახელებული მედიკამენტების ფარმაკოლოგიური შემადგენლობის გადამოწმება სურს, ან როცა კოვიდის სტატისტიკა აინტერესებს.

კოლეგა ექიმებთან საკომუნიკაციოდ და ინფორმაციის გასაცვლელად ის საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების მიერ შექმნილ ფეისბუქ-ჯგუფს იყენებს, სადაც ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან. ამას რომ მიყვებოდა, წარმოვიდგინე სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმაზე იმართება დიდი სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად. ეს ალბათ ნაკლებად რეალისტურია ბევრი ეთიკური და პროფესიული დილემის გამო, თუმცა ექიმების პროფესიული ჯგუფი ფეისბუქზე მანიშნებელია იმისა რომ „ციფრულ იმიგრაციას“ საზღვრები ნამდვილად არ აქვს.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვისაც ამ ეპიზოდშიც ფეისბუქზე შევჩერდით. პირველივე ჩამოსქროლვაზე ექიმ გოგუას ვაქცინაციასთან დაკავშირებული ციტატა შემოხვდა. ციტატის ავტორი სასულიერო პირი იყო, რომელიც ამტკიცებდა რომ ხშირად ჰქონია შეხება კოვიდინფიცირებულებთან, თუმცა ვირუსი არასდროს გადასდებია, შესაბამისად, ციტატიდან ირკვეოდა რომ ეს არგუმენტი მას ვაქცინაციის აუცილებლობის გასაბათილებლად მოჰყავდა.

alt

ამ ციტატას ექიმი თავიდანვე სკეპტიციზმით შეხვდა. ის ამბობდა, რომ ან ციტატაა დამახინჯებული, ან თავად მამა შალვას აქვს მცდარი ინფორმაცია კოვიდის შესახებო.

მედიაწიგნიერების პირველი კითხვის (ვინ შექმნა ამბავი/მესიჯი?) თანახმად გავარკვიეთ რომ ციტატა გამოცემა „მეტრონომმა“ გაავრცელა. სანამ ტექსტს ვკითხულობდით, ამბავი ფეისბუქის ნიუსფიდში ჩაიკარგა, ამიტომ ქალბატონ ლიანას 15 წუთამდე დრო დასჭირდა წყაროს თვიდან მოსაძებნად.

საბოლოოდ, გავარკვიეთ რომ მეტრონომი (metronome.ge) საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ გაზეთია, რომლის მთავარი დევიზი ასე ჟღერს: „ჩვენ არ ვართ მხარე და ვიცავთ ჟურნალისტურ ეთიკას“. გამოცემას აქვს ვებსაიტი და ფეისბუქ გვერდი, რომელსაც იყენებენ როგორც ახალი ამბების, ისე ვრცელი ანალიტიკური სტატიების გასავრცელებლად.

ერთი საყურადღებო დეტალი, რაც ექიმ ლიანა გოგუასთან საუბრის დროს გამოიკვეთა ის არის, რომ მას არ ახსოვდა როგორ და საიდან გაჩნდა ეს გვერდი მის მიერ გამოწერილ სხვა გვერდებს შორის. თქვა რომ არ ახსოვდა როდის მოიწონა გვერდი, რაც ფეისბუქის მომხმარებლის კიდევ ერთი მახასიათებელია.

ამ ქცევას ყველაზე კარგად ჟარგონი „შემოლაიქება“ აღწერს, ანუ პასიური დალაიქება, რაც ყველას ჩაგვიდენია. საინტერესოა რამდენ ჩვენგანს გვიფიქრია რომ ამ პასიური ფეისბუქ აქტივობებით თანაბრად ვხდებით პანდემიასთან ერთად ინფოდემიის გადამტანები . ამ დროს მნიშვნელოვანია ვიკითხოთ, რა უფრო საშიშია ბიოლოგიური ვირუსი თუ ვირუსული ინფორმაცია, რომელიც დიდი ნაბიჯით გვაშორებს ბიოლოგიური ვირუსისგან თავდაცვის პერსპექტივას?

P.S. პოდკასტის ეს კონკრეტული ეპიზოდი აგვისტოს მეორე ნახევარში ჩაიწერა. მონტაჟზე კი სექტემბრის შუა რიცხვებში ვიმუშავეთ. ეპიზოდის გამოქვყნებამდე ბლოგის მომზადებისას კიდევ ერთხელ შევამოწმე mentronom.ge-ის ფეისბუქის გვერდი და რას ვხედავ? ისე შალვა კეკელიას ციტატა. ისევ სკეპტიციზმი კორონა ვირუსის მიმართ:

alt
კატეგორია: მულტიმედია



პოდკასტის მეორე ეპიზოდის გმირი 61 წლის დათო ახალიაია, მასწავლებელია თბილისიდან. ის ციფრულ ცოდნას ავრცელებს როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ის „ისტ-ის“, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელია. დათო ახალაიას 146-ე სკოლაში ვესტუმრე და ჩვენი საუბარიც, სწორედ, მის სამუშაო სივრცეში, კომპიუტერებით სავსე ოთახში შედგა.

პორკასტის, "დედასთვის" - პირველი ეპიზოდი ნახეთ ამ ბმულზე.

დათო ახალაია ამბობს, რომ ზოგადი წიგნიერება უმნიშვნელოვანესია კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების კუთხით, თუმცა ასევე მიიჩნევს, რომ დროის ცვლილებასთან ერთად ყველა პროფესიის ადამიანი ვალდებულია არ ჩამორჩეს ციფრულ პროგრესს.

სწორედ ამ მიზნით ის უკვე 15 წელია თბილისსა და რეგიონებში მასწავლებლებს ციფრული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში ეხმარება. ვთხოვე გაეზიარებინა მისი პირადი დაკვირვება ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის პროცესში ციფრული უნარების ათვისების გზაზე. მან ახსენა „შიში“, რომელიც ასაკოვან ადამიანებს აქვთ ტექნოლოგიებთან ურთიერთობებისას:

„მოსწავლეებს, რომლებიც ამ ეპოქაში დაიბადნენ, უკეთესად ესმით ციფრული მოწყობილობები და ისინი ძალიან თამამად, შეცდომის შიშის გარეშე ყველა ასეთ ციფრულ მოწყობილობაზე. უფრო ასაკოვან ადამიანებს, ყოველთვის ეშინიათ რომ რაღაცას გააფუჭებენ, თუმცა მე ხშირად ვეუბნები, თუ ჩაქუჩი არ ჩაარტყით, ვერაფრით გააფუჭებთ, ამიტომ ნუ გეშინიათ, იმუშავეთ, პრობლემა არ შეგექმნებათ-მეთქი.“

ამის მოსმენისას თვალწინ მედგა 80 წლის ბებიაჩემი, რომელიც მესენჯერის მენიუში სასურველი საკონტაქტო პირის მოძიებისას თითის არასწორად გასმის („დარტყმის“ - ბებიაჩემის ენით) შემთხვევაში, ფიქრობს რომ კონტაქტი წაშალა და უკან ვეღარ დააბრუნებს.

დათო ახალაია ციფრული მოწყობილობებიდან ყველაზე ხშირად სმარტფონს იყენებს, როგორც კოლეგებთან ურთიერთობისთვის (ელექტრონული ფოსტის შემოწმება, მასწავლებლების ფეისბუქ ჯგუფები და ა.შ), ისე ყოფითი დანიშნულებით - მაგ. ამინდის პროგნოზის შესამოწმებლად და ელექტრონული წიგნების წასაკითხად. სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე ინფორმაციის სანდო წყაროდ მაინც ტრადიციულ მედიას მიიჩნევს, თუმცა ისიც იცის რომ ამბები უნდა გადაამოწმოს სხვადასხვა არხებზე.

ექსპერიმენტი - მედიაწიგნიერების 5 მთავარი კითხვა

პოდკასტის ექსპერიმენტის წესების თანახმად, ეპიზოდის გმირი თავად ირჩევს საინფორმაციო პლატფორმას. დათო ახალაია ფეისბუკი აირჩია და საკვლევი ამბის/მესიჯის ძიებაც სწორედ აქედან დავიწყეთ. მისი ინტერესების სფეროც, როგორც პროფესია, განათლებასთან დაკავშირებული ჯგუფები და თემებია. „სქროლვისას“ ის შეჩერდა სათაურზე, „განათლების დონე საქართველოში“. ქუჩის გამოკითხვის ამ ვიდეოს ბოლომდე ყურების შემდეგ კი დაასკვნა, რომ განათლების დონე ასეთი გამოკითხვებით არ იზომება.

დასკვნის გასამყარებლად საკმაოდ ძლიერი არგუმენტებიც მოიყვანა - გამოკითხულთა შერჩევის მეთოდი, ადამიანები რომლებიც კითხვებს პასუხობენ, კითხვების დასმის ფორმა და თავად კითხვების შინაარსი. ისიც თქვა, რომ ეს ვიდეო სენსაციისთვის არის შექმნილი, რომ მისი და მისი კოლეგების ყურადღება მიიპყროს.

alt

ავტორის ძიებისას, პირველად მან ვიდეოს გამზიარებლის სახელი და გვარი ახსენა. ისიც გაარკვია, რომ ეს ვიდეო მის მიერვე შექმნილ მასწავლებლების ჯგუფში ერთ-ერთმა წევრმა გააზიარა. აქ მცირე მითითება მივეცი რომ ვიდეოს პირველწყაროს, ანუ ფეისბუკის იმ გვერდს დაკვირვებოდა, რომელმაც ვიდეო პირველად გამოაქვეყნა. დავადგინეთ რომ ვიდეო ეკუთვნის პორტალს სახელწოდებით, GMTV|ჯიემთივი.

GMTV|ჯიემთივი, მათივე გვერდზე მოცემული აღწერის მიხედვით „არის ტელევიზია, ასევე ახალი ამბებისა და მედიის გვერდი”. გვერდი გამოწერილი აქვს 12 000-ზე მეტ მომხმარებელს. ფეისბუქის გამჭვირვალობის პოლიტიკის თანახმად, ვიგებთ რომ ის2021 წლის იანვარში დარეგისტრირდა და მას შემდეგ სახელი სამჯერ შეიცვალა. გვერდის შემქმნელებს 300 დოლარზე მეტი აქვთ დახარჯული სოციალურ-პოლიტიკური თემატიკის ფეისბუკ რეკლამაზე, მათ შორის არჩევნებზეც.

როგორც ფეისბუკის, ისე მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვდებით ბევრ ვირუსულ ვიდეოს, მმართველი პარტიის აქტივობების შესახებ შექმნილ ახალ ამბებს და სხვა სოციალურ თემებს ეპატაჟური ჰედლაინებით.

alt

ყველაზე ნიშანდობლივი მთელს ამ ექსპერიმენტში ის იყო, რომ ფეისბუკის ალგორითმმა დათო ახალაია და მისი კოლეგები ამ ვიდეოს სამიზნე აუდიტორიაში მოაქცია. სამიზნე აუდიტორიას პოსტის ან რეკლამის თმა განსაზღვრავს. თუკი პოსტი განათლებაზეა, დიდი შანსია, რომ სამიზნე აუდიტორია მასწავლებლები გახდნენ. ასე არჩევს ფეისბუკიც იმას, თუ ვის მიაწოდოს ინფორმაცია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ხშირად ეცნობით მასალას განათლების მიმართულებით, ალგორითმი მსგავს თემებს უფრო და უფრო ხშირად შემოგთავაზებთ „თაიმლაინზე“.

ეს პატარა მაგალითი კარგი ილუსტრაციაა იმისა თუ როგორ რეაგირებს სხვადასხვა ადამიანი ისეთ ვირუსულ ვიდეოზე, რომელიც განათლების დონეს ქუჩაში გამვლეთათვის აბსურდული კითხვების დასმით ზომავს; ამავე პრინციპით შექმნილი ვირუსული მასალა ფეისბუქზე უფრო მავნე შინაარსითაც ხშირად ვრცელდება, ამან კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ინფორმაციის მომხმარებლებს, საზოგადოებას.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული დისტანცია - იმპულსურ ჩართულობაზე (მოწონება, კომენტარის დაწერა, გაზიარება) უარის თქმა, ინფორმაციის შინაარსზე და გამავრცელებლზე მეტად დაკვირვება და თუ საჭიროა, დარეპორტებაც კი.

კატეგორია: მულტიმედია

მოუსმინეთ პირველ ეპიზოდს

„დედასთვის“ - დედასთან გასაუბრებით იწყება. დედაჩემი, ნინო რამიშვილი 53 წლის „ციფრული იმიგრანტია“. ის თბილისის ერთ-ერთ გარეუბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მუშაობს. აქვს სმარტფონი, თუმცა ინფორმაციის მთავარი წყარო მისთვის მაინც სატელევიზიო ახალი ამბებია.

ნახეთ სალომე აფხაზიშვილის ბლოგი პოდკასტების შესახებ.

მე 29 წლის ვარ და მაინტერესებს, როგორ იღებს ინფორმაციას ჩემი მშობლების თაობა.

ჩემი მშობლები „ციფრული იმიგრანტები“ არიან. ანუ თაობა, რომელიც რადიოს, ტელევიზიისა და გაზეთების ეპოქაში დაიბადა და ციფრული ინფორმაციის ეპოქაში განაგრძო ცხოვრება.

ეპოქაში, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ინფორმაციის შემქმნელი და გამავრცელებელი. და თუ ამ გარემოს კარგად არ იცნობ, შესაძლებელია ინფორმაციულმა ხმაურმა გზა აგიბნიოს.

პოდკასტის თითოეული ეპიზოდი ამ თაობის ციფრულ მოგზაურობაზე მოგითხრობთ. მთავარი გზამკვლევი კი მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვაა:

  1.          ვინ შექმნა ამბავი?
  2.          რა მეთოდებია გამოყენებული ყურადღების მისაპყრობად?
  3.          როგორ აღიქვამს ამ მესიჯს სხვა ადამიანი?
  4.          რა იდეოლოგია დგას ამ ამბის უკან?
  5.          რა არის გამოტოვებული?


Facebook-ის აპლიკაციის წაშლა დედამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გააცნობიერა რომ ნიუსფიდში გავრცელებული ინფორმაციის რაოდენობა და შინაარსი ძალიან ღლის.

მხოლოდ მესენჯერს იყენებს თანამშრომლებთან, ნათესავებთან და ჩემთან ყოველდღიური კომუნიკაციისთვის.

ჩვენ ერთ-ერთი ქართული სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვის საფუძველზე განვიხილავთ. მედიაწიგნიერების კითხვები დედასთვის ერთდროულად მარტივიც არის, მოულოდნელიც და დამაბნეველიც. ტელევიზიით მოყოლილი ამბის შინაარსი და ფორმა მას მთელი საუბრის განმავლობოაში ხელს უშლის ამბავს კრიტიკულად შეხედოს.

მეტიც მას აინტერესებს, საერთოდ რა აზრი აქვს ამ კითხვების დასმას?

კატეგორია: მულტიმედია


1796 წელს, ინგლისელმა მკურნალმა, ედვარდ ჯენერმა აღმოაჩინა, რომ თუ ადამიანებს სხეულში ძროხის ყვავილით დაავადებულ ქსოვილს შეუყვანდა, ისინი ყვავილის მომაკვდინებელი დაავადების მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებდნენ.

ამ აღმოჩენით მან თანამედროვე ვაქცინაციას დაუდო სათავე. თუმცა ამ ვაქცინას მისი შექმნის დღიდანვე ჰყავდა მოწინააღმდეგეები. მე-19 საუკუნის ბოლოს ვაქცინაციის წინააღმდეგ ინგლისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებიც ეწყობოდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ალხანიშვილი ამბობს, რომ მაშინაც არსებობდა დაახლოებით იგივე ტიპის მოსაზრებები, შეხედულებები და მითები რომელსაც ვხვდებით დღეს. მაშინაც ეგონათ ადამიანებს რომ ეს იყო რაღაც იარაღი, რომელიც რაღაც კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

თითქმის 2 საუკუნის წინანდელ ყვავილის ვაქცინის მოწინააღმდეგეთა ბროშურაში მსგავს ტექსტებს შეხვდებოდით:
  • ვაქცინაცია არ გვიცავს ყვავილისგან.
  • ვაქცინაცია იწვევს სხვა დაავადებებს.
  • ვაქცინაცია არ ამცირებს ყვავილისგან სიკვდილის რისკს.
  • სავალდებულო ვაქცინაცია არის პირადი თავისუფლების შელახვა.

ამ არგუმენტების გასამყარებლად კი მაშინაც ფსევდო სამეცნიერო წყაროები მოჰყავდათ.

ყველაფერი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ დღეს ვაქცინაციის დამსახურებით, ყვავილის დაავადება აღარ არსებობს.

რატომ შემორჩნენ ანტივაქსერები დღემდე?

ყვავილის ვაქცინის გამოგონებამ გზა გაუხსნა მეცნიერებს, სხვა მრავალი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად. მაგალითად, 1971 წელს შექმნილმა წითელას, წითურასა და ყბაყურას კომბინირებულმა ვაქცინამ ეს დაავადება 2000 წლისთვის თითქმის გააქრო.

მაგრამ 20 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი თავიდან გავრცელების საშიშროება დადგა. 2019 წელს გამოვლენილი 1300-მდე შემთხვევიდან 89% აუცრელი იყო.

ზურაბ ახანიშვილი ამბობს, რომ ყველგან არის რაღაც ინტერესი: “ეს თუ არ არის დიდი კამპანიური ხასიათის და კამპანიური ინტერესი არ დგას, მტერ სახელმწიფოებს ვგულისხმობ, აქ უკვე დგას კონკრეტული ადამიანების ინტერესები” ამის კარგი მაგალითია ყოფილი ექიმი, ენდრიუ ვეიკფილდი, რომელსაც 2010 წელს ლიცენზია ჩამოერთვა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.

1998 წელს მან 12 თანაავტორთან ერთად პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, წითელას, წითურას და ყბაყურას კომბინირებული ვაქცინა აუტიზმს იწვევსო.

შედეგად კი მივიღეთ ახალი ანტივაქსერული მოძრაობა, რომლის იდეებსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც კი იზიარებდა. ეს კი, იმის მიუხედავად, რომ 1998 წლის შემდეგ, მილიონობით ადამიანზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა კავშირი mmr ვაქცინასა და აუტიზმს შორის, ხოლო ჟურნალმა ლანცეტმა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ვეიკფილდის კვლევა დააფინანსეს ადვოკატებმა, რომლებსაც სასამართლო დავა ჰქონდათ ვაქცინის მწარმოებლების წინააღმდეგ.


alt

კოვიდ-19-ის მოწინააღმდეგეების არგუმენტები


კოვიდ-19-ის ვაქცინის მოწინააღმდეგეებმა და სკეპტიკოსებმა პანდემიის გავრცელებისთანავე საუბარი დაიწყეს იმით, რომ კორონავირუსი მოგონილი მითია და არ არსებობს, რომ ეს 5G „დამღუპველი ტექნოლოგიის“ დანერგვის მცდელობაა და ა.შ. მაგრამ როდესაც ეს არგუმენტები უშედეგო აღმოჩნდა, ვაქცინის წინააღმდეგ ფსევდო სამედიცინო მტკიცებაზე გადავიდნენ, რომ ვირუსი კი არსებობს, მაგრამ ვაქცინები სანდო არ არის.

კოვიდ-19-ის ვაქცინის საწინააღმდეგოდ ანტივაქსერების ერთი მთავარი არგუმენტია, რომ ის უპრეცენდენტოდ სწრაფად შეიქმნა.

რეალურად, ვაქცინის შექმნას საშუალოდ მართლაც 10-15 წელი სჭირდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსების ჯგუფს მეცნიერები ათწლეულებია იცნობენ და იკვლევენ.

კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები ბოლო 20 წლის განმავლობაში ორჯერ გავრცელდა: 2003 წელს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის, ანუ სარსის და 2012 წელს ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის ანუ მერსის სახით. 2019 წლიდან კი კოვიდ-19 იმდენად სახიფათოდ სწრაფად ვრცელდებოდა, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთვის პირველი პრიორიტეტი გახდა.

თუ ვაქცინების დამზადებაში საშუალოდ 30-დან 70 მილიონამდე დოლარი იხარჯება, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობისთვის მხოლოდ სახელმწიფოებმა 93 მილიარდი ევრო გამოყვეს და ეს თანხა კიდევ იზრდება.
კატეგორია: მულტიმედია



250 წლის წინ ერელე მეორემ ყვავილის დაავადებისგან ასზე მეტი ბავშვი აცრა, რაც საკუთარი შვილის, იულონის საჯარო აცრით დაიწყო. ეს საქართველოს ისტორიაში მასობრივი აცრის ჩვენთვის ცნობილი პირველი შემთხვევაა.

1772 წლით დათარიღებულ წერილში ერეკლე მეფე წერს, რომ მის შვილს იულონს მაღლი სიცხე აქვს და უნდა აიცრას, რადგან ქალაქში ყვავილის ეპიდემიაა მოდებული.

“Ჩვენს შვილ იულონს ყვავილი აუჭერით და გაცხელებული არის. Ქალაქში დიაღ მრავალი ყვავილი გაჩნდა და გახიზვნას ვაპირობთ.” - ვკითხულობთ წერილში.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა კიკნაძე ამ წერილს შემთხვევით გადააწყდა, როდესაც 10 წლის წინ ერეკლე მეფისა და ამილახვრების ოჯახის ურთიერთობას იკვლევდა.

alt

რატომ არის მნიშვნელოვანი ერეკლე II-ის მიერ მასობრივი აცრის დაწყება?

ყვავილის ეპიდემია დედამიწაზე ათასობით წლის განმავლოაში იყო მოდებული და მისით დაავადებული საშუალოდ, ათიდან სამი ადამიანი იღუპებოდა.

“აჭრის” პროცედურას, რომელსაც ერეკლე მეორე თავის წერილში ახსენებს, სხვადასხვა კულტურაში ყვავილისგან სამკურნალოდ საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ და მას დღეს ვარიოლაციის სახელით ვიცნობთ. ვარიოლაცია გულისხმობს ყვავილით დაავადებული ადამიანის გამონაყარის ნაცხის შეყვანას ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში.

Მაგალითდ, 1000 წლის წინ Ჩინელები ყვავილისგან გაჩენილი წყლულის ნაცხს ახომბდნენ და ფხვნილის სახით ასუნთქებდნენ ჯანმრთელ ადამიანს, თუმცა უფრო გავრცელებული მაინც “აჭრის” პროცედურა იყო.

ამ მეთოდს მიმართავდნენ ჩერქეზეთშიც, რასაც ფრანგი ფილოსოფოსი, ვოლტერი მე-18 საუკუნის წერილში აღწერს. Სწორედ ამ პროცედურით აიჭრა ერეკლე მეფის ვაჟი იულონი და მალევე ამ ტიპის აცრებმა საქართველოში მასობრივი ხასიათი მიიღო.

alt

ამას კიდევ ერთი წყარო,  რუსეთის აკადემიის წევრის, იოჰანეს გიულდენშტედტის ჩანაწერები ადასტურებს, რომელიც წერს, რომ [1772 წლის] 15 მაისს 100-ზე მეტ ბავშვს აუცრეს ყვავილი.და ისინი 19 მაისამდე გამოჯანმრთელდნენ.

იმ პერიოდში აცრების ამ ფორმით დაწყება ერეკლე II-ისხრიდან სარისკო გადაწყვეტილება იყო. მართალია, „აჭრის“ შედეგად ყვავილგადატანილი ადამიანები მეორედ აღრ ავადდებოდნენ, თუმცა 100-დან საშუალოდ 3 ადამიანის დაღუპვის რისკი არსებოობდა.

ეს ყველაფერი კი ინგლისელმა მკურნალმა, ედვარდ ჯენერმა შეცვალა.

თანამედროვე ვაქცინაციის ისტორია

ედვარდ ჯენერი ინგლისის სამხრეთში, ბრისტოლთან ახლოს სოფლის ექიმად მუშაობდა, როცა აღმოაჩინა, რომ მერძევე ქალებში გავრცელებული იყო ყვავილის მსგავსი დაავადება,  რომელიც მათ ძროხებისგან გადაედებოდათ.

უმცა ადამიანის ყვავილისგან განსხვავებით ძროხის ყვავილი მომაკვდინებელი არ იყო.

ჯენერმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა: ჯანმრთელ მოზარდს სხეულში ძროხის ყვავილით დაავადებული კანის ანათალი შეუყვანა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ამ პროცედურის მოზარდზე ჩატარება ძალიან არარაეთიკურად მიიჩნევა, თუმცა რამდენიმე დღიანი ციებ-ცხელების შემდეგ ბავშვი გამოჯანმრთელდა.

ხოლო როდესაც, ჯენერმა განკურნებული მოზარდის კანში უკვე ჩვეულებრივი ყვავილის ანათალი შეიყვანა, ბავშვი ყვავილის მიმართ სრულიად იმუნური აღმოჩნდა. ანუ, დაავადება არ გადაედო.

დვარდ ჯენერმა ეს პროცედურა სხვა ადამიანებზეც წარმატებით გამოსცადა. ასე დადო სათავე თანამედროვე ვაქცინებს, რომლებიც ვარიოლაციისგან განსხვავებით, სრულიად უსაფრთხო აღმოჩნდა ადამიანის სიცოცხლისთვის.

alt

ერმინი ვაქცინაციაც სწორედ ამ პერიოდიდან მოდის და ლათინური სიტყვვა Vacca-დან იღებს სათავეს, რაც ძროხას ნიშნავს.

საბოლოოდ, 1840 წელს ინგლისში ვარიოლაცია აიკრძალა და ოფიციალურად ჩანაცვლდა ვაქცინაციით.

ვავილის ეპიდემია მეოცე საუკუნეშიც გაგრძლედა, მაგრამ ვაქცინაციის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. აქცინის ტექნოლოგიურად დახვეწის შედეგად კი 1979 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყვავილი ოფიციალურად გამოაცხადა გამქრალ დაავადებად.

რა ბედი ეწია ერეკლე მეფის ვაჟს?

ულონი ყოველთვის ძალიან კარგად გრძნობდა თავს, ბოლოს იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, შეიპყრეს, გადასახლების შემდეგ პეტერბურგში გადავიდა და იქ 1816 წლამდე იცხოვრა ისე, რომ ამ აცრას არავითრი უარყოფითი შედეგი მის ცხოვრებაში არ მოუტანია.”, - გვიყვება ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე.

alt