კატეგორია: ბლოგი
ჟურნალისტ ქრისტინ ჩაბაკის თვითმკვლელობის ისტორია კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რომ ადამიანის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ცხოვრების მიღმა თვითმკვლელობამდე მიმყვანი საშინელი დეპრესია არსებობდეს.



ქრისტინ ჩაბაკის თვითმკვლელობის ისტორია უნიკალურია, თუკი შეიძლება სუიციდს ასე ეწოდოს. ახალგაზრდა ამერიკელმა ტელეწამყვანმა სიცოცხლე, უფრო სწორად კი დეპრესიასთან ბრძოლა, 1974 წლის 15 ივლისს, ტელეტრანსლაციის დროს რევოლვერიდან გასროლით დაასრულა.

ჩაბაკის რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი რებეკა ჰოლი ასრულებს, 2016 წელს გამოვიდა. მას მნიშვნელოვანი კინო ჯილდოების მოპოვების კანდიდატადაც მოიაზრებდნენ, თუმცა ბიოგრაფიული დრამა სათანადოდ ვერ გახმაურდა და მხოლოდ ვიწრო წრეებში გახდა პოპულარული.

რებეკა ჰოლის გმირი ტელეარხზე (ტელეკომპანია ABC-ის ფილიალი WXLT-TV ფლორიდაში) მუშაობისას მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივის. იგი პრეზიდენტ ნიქსონთან ინტერვიუსთვისაც კი ემზადება, აქტიური და მხიარულია, თუმცა ეს მხოლოდ გარეგნულად, უცხო თვალისთვის. სინამდვილეში ქრისტინი უკიდურესად დეპრესიული და გულჩათხრობილია, რის შესახებაც მხოლოდ დედამისმა იცის. მას უკვე ქონდა ნარკოტიკების ზედოზირებით თვითმკვლელობის მცდელობები დაკარგული სიყვარულის გამო. ამას ემატება ისიც, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს - ექიმები ეუბნებიან, რომ დედა ვერასოდეს გახდება.

ახალგაზრდა ქრისტინ ჩაბაკისთვის პროფესიული და პირადი იმედგაცრუებები თავს მაშინ იჩენს, როდესაც იგი მთელი არსებით ცდილობს კარიერაში წინსვლას. ჟურნალისტი ამაოდ ცდილობს კოლეგის, ჯორჯ პიტერ რაიანის გულის მოგებას. ცალმხრივი სიყვარული კი, ისევე როგორც უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა ტელეარხის ბოსთან, მას მხოლოდდამხოლოდ სუიციდისკენ უბიძგებს.

ხელმძღვანელს სურს, ჩვეული საქმიანობის ნაცვლად ხმაურიან კრიმინალურ ამბებზე იმუშაოს, რისთვისაც იგი პოლიციის რადიო სკანერსაც შეიძენს და პირდაპირ ისმენს დანაშაულების შესახებ. საბოლოოდ, ქრისტინი უკონტროლო და აგრესიული ხდება, დედასთანაც კი. ერთ ეპიზოდში უიმედო სიყვარულით გულგატეხილი ჟურნალისტი სრულიად უცნობ შეყვარებულ წყვილს აფრთხილებს - ნუ დაკარგავთ იმ ყველაფერს, რაც გაქვთო.

ქრისტინ ჩაბაკის სიცოცხლე 29 წლის ასაკში შეწყდა. თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე მან თანამშრომელ რობ სმიტს ხუმრობით გაუმხილა, რომ იარაღი ქონდა შეძენილი და პირდაპირ ეთერში სუიციდს აპირებდა, რაც სმიტმა არ დაიჯერა და საუბრის თემაც სწრაფად შეცვალა. ცნობილია, რომ შედევრად აღიარებული ფილმი, „ქსელი“ სწორედ ჩაბაკის გახმაურებული ამბითაა შთაგონებული.

ახალგაზრდა ამერიკელი ტელეწამყვანის მძიმე ისტორია დღემდე უცნაურ და შოკისმომგვრელ ამბად რჩება მსოფლიო ჟურნალისტიკაში და ცხადია, იმის ყურადსაღებ მაგალითადაც, რომ ადამიანის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ცხოვრების უკან თვითმკვლელობამდე მიმყვანი საშინელი დეპრესია არსებობდეს.
კატეგორია: ბლოგი
რეჟისორ სიდნი ლუმეტისა და სცენარისტ პედი ჩაევსკის 1976 წლის ფილმი Network, რომელიც პირდაპირ ეთერში თვითმკვლელობის სურვილით შეპყრობილ ტელეწამყვანზეა, დღეისთვის ჟურნალისტებსა და მედიაზე შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება.

გამოგონილ ტელეკომპანია UBS-ის შესახებ არსებული სატირული შავი კომედია, რომელიც ტელეწამყვან ქრისტინ ჩაბაკის გახმაურებული ლაივ-სუიციდიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა, ძირითადად სატელევიზიო რეიტინგის რაობასა და მრავალწლიანი სტაჟის მქონე ტელეწამყვანის პირად განცდებზეა.



სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინების გამო, პერსონაჟ ჰოვარდ ბილს სიმთვრალეში მეგობართან საუბრისას მოსდის იდეა სუიციდის შესახებ, რასაც პირდაპირ ეთერში უმალ დააანონსებს.

სენსაციური ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, ყველა შოკშია, ჰოვარდ ბილი კი მეორე დღესვე ინანებს და კვლავ ტელევიზიით განაცხადებს, რომ სისულელე თქვა, მაგრამ აქ მაყურებელი უკვე სხვაგან, ტელეარხის შიდა სამზარეულოში ერთვება და მისი ბოსებისა თუ თანამშრომლების სამუშაო სტილს ეცნობა.

ამ ჯგუფს, განსაკუთრებით კი ფეი დანაუეის გმირ დაიანა ქრისტენსენს, მხოლოდ სატელევიზიო რეიტინგი ადარდებს, უფრო მეტიც - იგი სექსის დროსაც ტელეგადაცემების რეიტინგებზე ფიქრობს და ლაპარაკობს. ის იმ კატეგორიიდანაა, რომელიც ღიად აცხადებს, თუ როგორ უხარია ბანკის ძარცვის ვიდეომასალა რომ არსებობს და ნატრობს, ნეტავ ტერორისტებმა ხიდების აფეთქება, ანდა ელჩების მკვლელობაც ფირზე გადაიღონ, რითაც მის ტელევიზიას მსუყე ლუკმა გაუჩნდება, „მთელ დოკუმენტურ სერიალს დავდებთო“, - ოცნებობს. მაყურებელი დაიანას გარდა სხვა ტელეარხ UBS-ის ჟურნალისტებსა და ბოსებსაც ეცნობა რომლებიც სულ უფრო და უფრო მანიპულირებენ ჰოვარდ ბილით.

ჰოვარდი დეპრესიიდან სწრაფად გამოდის, დიქტორობიდან უცებ იქცევა პოპულარულ შოუმენად, სუიციდის ნაცვლად უკვე სულიერ ჰარმონიაზე საუბრობს და ტელემაყურებელზე აქეთ მანიპულირებს - მის მოწოდებებსა და ბრძანებებს პირდაპირ ეთერში უამრავი ადამიანი ასრულებს.

ჰოვარდ ბილი სწორედ ტელევიზორიდან უნერგავს ხალხს, რომ ტელევიზორი, ეს ის ყუთია, რომლის გარეშეც ვერ ძლებენ, რომლიდანაც ყველაფერს იგებენ და რომლიდანაც ტელეარხები ყველაფერს დააჯერებენ მოსახლეობას. თვალს უხელს ყველას, რომ ტელევიზია ერთი დიდი ცირკია. მისი ახალი შოუც ნელ-ნელა უღიმღამო ხდება, რეიტინგიც ეცემა, მის ზემდგომებს კი მხოლოდ თავიანთი სატელევიზიო ქსელის რეიტინგი ადარდებთ. ჰოვარდ ბილი მათთვის უკვე ზედმეტი ბარგია, რომელიც თავიდანაა მოსაშორებელი...

პედი ჩაევსკის სცენარს კინოკრიტიკოსები ფუტურისტულსაც უწოდებენ. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული სცენარისტის, ოსკაროსანი აარონ სორკინის თქმით, არცერთ ფილმს არ უწინასწარმეტყველია მომავალი ისე, როგორც - ჩაევსკის სცენარს. სიდნი ლუმეტის 70-იანი წლების კინოშედევრი დღესაც აქტუალური და თანამედროვეა და დღესაც პირდაპირ გვეუბნება, რომ სადღაც მართლა არსებობს ჟურნალისტი, რომელიც დაბალი სატელევიზიო რეიტინგის გამო შესაძლოა მოკლან, ფილმის საკულტო ფრაზა კი მედიისთვის მანტრასავით ხშირ-ხშირად გასამეორებელია: "Television will do anything for a rating... anything!"

„ქსელი“ იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი ისტორიაში მეორე ფილმი გახდა, რომლითაც სამმა მსახიობმა (პიტერ ფინჩი, ფეი დანაუეი, ბეატრის სტრეიტი) შეძლო ოსკარების მოპოვება (მეოთხე ჯილდო ფილმისთვის ორიგინალ სცენარში პედი ჩაევსკიმ აიღო), ხოლო დღემდე ერთადერთი ფილმია, რომლითაც ერთბაშად ხუთი მსახიობი იყო ოსკარზე წარდგენილი. საინტერესოა ისიც, რომ პიტერ ფინჩს ჰოვარდ ბილის განსახიერებისთვის ოსკარი სიკვდილის შემდეგ ერგო - მსახიობი 60 წლის ასაკში გულის შეტევით კინოაკადემიის დაჯილდოებამდე მცირე ხნით ადრე დაიღუპა.