კატეგორია: ეთიკა
“ანტიტრამპისტების პოლიტიკა” - ამ სათაურით 15 სექტემბერს “იმედის კვირაში” სენატორ მაკკეინისა და მისი სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლების შესახებ გავიდა სიუჟეტი. მასალა 10 სექტემბერს საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ არეულობას ეძღვენებოდა. გადაცემის წამყვანი, ისევე როგორც სიუჟეტის ავტორი, თითქმის 9 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მაყურებელი დაერწმუნებინათ, რომ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები პირდაპირ ასოცირდებიან ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” და “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლების უარყოფით გავლენებზე უყვებოდნენ საზოგადოებას.

altგადაცემის წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ სიუჟეტი შემდეგი ტექსტით წარუდგინა მაყურებელს: “ნაციონალური მოძრაობა” სიცრუის ტირაჟირებისთვის ყველა პლატფორმას იყენებს, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციებსაც. ქართველებს სტუმარ-მასპინძლობა რომ არ გვეშლება, ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ძველი კავშირების გამოყენებით იმდენსაც ახერხებენ, რომ სტუმარმა მასპინძელი ლანძღოს და მისი საქმიანობა თუ ფინანსური კაპიტალის წარმომავლობა დააყენოს ეჭვქვეშ. თან ამას იმ ადამიანების დახმარებით აკეთებენ, რომელთა აზრსაც საკუთარ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ფასი უკვე აღარ აქვს. მეტიც, ისინი დეკლალირებულად, ანტიტრამპისტები არიან და საკუთარ პრეზიდენტსაც იგივე მესიჯებით ებრძვიან”.

altავტორი სიუჟეტს იწყებს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქება-დიდებით, მისი პოლიტიკურად რთული წინასაარჩევნო გზის გახსენებით და ტრამპისა და ჯონ მაკკეინს კონკურენციის განხილვით. შემდგომ კი მაყურებელს 10 სექტემბრს “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და “მაკკეინის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს ახსენებს:

“გასულ კვირას თბილისში “მაკკეინის ინსტიტუტის” თანაორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ცნობილ დიპლომატებთან ერთად, “მაკკეინის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, დენიელ ფრიდი, დევიდ კრამერი და მეთიუ ბრაიზაც ესწრებოდნენ. კონფერენცია წინამორბედებისგან ალბათ არაფრით გამორჩეული იქნებოდა, ორ დეტალს რომ არ მიეპყრო ჩვენი ყურადღება: დევიდ კრამერმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი და მასთან ერთად ქართული მედიაც კონფერენციაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნია და, ფაქტობრივად, დარბაზიდან მათი გაძევება სცადა. სამაგიეროდ, კონფერენციის პანელზე სტუმრები საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ასევე “ევროპულ საქართველოსთან.”

სიუჟეტის ავტორმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ მაყურებელს ამომწურავი ინფორმაცია არ მიაწოდა. შედეგად, “იმედის კვირის” მაყურებელმა მხოლოდ ის შეიტყო, რომ თითქოს, დევიდ კრამერმა კონფერენციიდან არასასურველი სტუმრების(“ირმა ინაშვილისა და ქართული მედიის”) გაძევება უმიზეზოდ სცადა.

altსინამდვილეში, 10 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე არეულობა და ხმაური მაშინ დაიწყო, როდესაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, სავარაუდოდ, „ობიექტივის“ ჟურნალისტთან ერთად სასტუმრო “რუმსში” მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მონაწილეთა სიაში არ იყო, აცხადებდა, რომ სრული უფლება ჰქონდა დასწრებოდა კონფერენციას, დევიდ კრამერი კი მას კონფერენციის დატოვებისკენ მოუწოდებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა, საბოლოოდ, ირმა ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცა.

ჟურნალისტს მთელი სიუჟეტის განმავლობაში, საერთოდ არ უხსენებია, რომ საერთაშორისო კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შესაბამისად, მაყურებელმა ვერ გაიგო, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრების გარდა, იყო თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიწვეული კონფერენციაზე.

ამის შემდეგ ჟურნალისტი მაყურებელს, ანალიტიკოსის სტატუსით, ნუკრი შოშიაშვილის კომენტარს სთავაზობს, რომელიც ამბობს, რომ “მაკკეინის ინსტიტუტი” კონკრეტულ ჯგუფებს - “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” უჭერს მხარს. შემდეგ კი ამტკიცებს, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი აგრესიული საგარეო პოლიტიკით იყო საზოგადოებისთვის ცნობილი:

“აი, რითი გამოირჩეოდა მაკკეინი, რითი იყო ცნობილი - ის იყო საკმაოდ აგრესიული საგარეო პოლიტიკის მომხრე (ხშირად ამერიკაში მას უწოდებდნენ ნიუიმპერიალისტსაც კი) და ხისტი, ნეოლიბერალური წესრიგის მომხრე“, - ამბობს ნუკრი შოშიაშვილი, თუმცა რა არგუმენტებზე დაყრდნობით აფასებს იგი სენატორ მაკკეინს მსგავს უარყოფით კონტექსტში, ამის შესახებ მაყურებელი ინფორმაციას ვერ იღებს.

ჟურნალისტს, ისევე როგორც ანალიტიკოსის სტატუსით მიწვეულ ნუკრი შოშიტაშვილს, “დაავიწყდა” მაყურებლისთვის იმის თქმა, რომ სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. ასევე, “დაავიწყდათ” მისი ბრძოლა პუტინის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის გამოცხადებული მხარდაჭერა და მისი ცნობილი ფრაზა „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”.

ჟურნალისტი, სიუჟეტის დასკვნით ნაწილში, ეჭვქვეშ აყენებს მაკკეინთან დაკავშირებული პირების გავლენებს თავიანთ ქვეყანაში და ამბობს:

„რა გავლენა აქვთ საქართველოში ვიზიტად მყოფ მაკკეინთან ასოცირებულ ფიგურებს ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და, საერთოდ, რამდენად მართებულია, ტრამპის ოპოზიციის მითითებით წყდებოდეს არა მარტო ის, თუ რომელი პოლიტიკური ფიგურა უნდა ესწრებოდეს კონფერენციას, არამედ ის, თუ ვინ უნდა იყოს აშშ-ს ელჩი საქართველოში”.

ამ სიტყვების დასტურად, ავტორი ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორის სტატუსით, მაყურებელს ჯიმ მალონის აცნობს, რომელიც ამბობს, რომ მეთიუ ბრაიზას, კურტ ვოლკერის, მაიკლ კარპენტერის თუ დევიდ კრამერის გვარები ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრს არაფერს ნიშნავს და მეტიც, მათი გვარების შესახებ საერთოდ არც კი სმენია.

სიუჟეტის დასკვნით ნაწილში მაყურებელი იგებს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველო-აშშ-ს პარტნიორობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. თუმცა არაფერია ნათქვამი ჯონ მაკკეინის როლზე და “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლებზე დადებით კონტექსტში. სამაგიეროდ, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლები პირდაპირ კავშირში არიან “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” და უარყოფით როლს თამაშობენ საქართველო-აშშ-ს პოლიტიკურ ურთიერთობაზე.
კატეგორია: ეთიკა
ტელეკომპანია “იმედის” ყოველკვირეული გადაცემა “იმედის კვირის” 15 სექტემბრის ერთ-ერთი სიუჟეტი თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მთავარი პარტნიორების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის - “ლელოს” პრეზენტაციას ეხებოდა. სიუჟეტში ბანკირების მიერ ახალი მოძრაობის შექმნა “ფინანსური კაპიტალის პოლიტიკურ კონვერტაციად”, მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან მიმართებით ერთგვარ “იმუნიტეტად” და “არტ შოუდ” არის შეფასებული, რომელმაც “ეფექტი ვერ მოახდინა”.

ამბის წარდგენისას, წამყანი ხაზგასმით ამბობს, რომ პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ თავდასხმებსა და ჭორაობაზე გადავიდა. ჟურნალისტის ტექსტში კი ხაზგასმულია,  რომ ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ მას შემდეგ დააანონს, რაც პროკურატურა “ბრალდებულის სტატუსით დატოვა”. უფრო ხმაურიანი განცხადებები კი, სასამართლოში გააკეთა, როდესაც 700 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

ჟურნალისტი ასევე განმარტავს, რომ ხაზარაძე საზოგადოებას ბევრ ცნობილ სახეს დაჰპირდა, შექმნა მოლოდინი, რომ მისი მიზნების პოლიტიკური კონვერტაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომგებიანი კაპიტალი იქნებოდა და გააჩინა წინასწარი განწყობა, რომ მისი “მოძრაობის თუ პარტიის პრეზენტაციას ისეთივე არტ-ელფერი ექნებოდა, როგორც მის ტელევიზიას და მის მიერ დაფინანსებულ კულტურულ ღონისძიებებს” აქვს.

ამის შემდეგ, ჟურნალისტი იმ დისკოფორმტზე გვიყვება, რაც გადამღებ ჯგუფს ახალი მოძრაობის პრეზენტაციის ადგილის ძებნისას შეექმნა. ამბობს, რომ მედიისთვის გავრცელებულ ანონსში არც საკონტაქტო პირი იყო მითითებული და არც პრეზენტაციის ზუსტი ადგილი, ღონისძიების ორგანიზატორებმა მხოლოდ გუგლის საძიებო სისტემით მონიშნული ადგილის ფოტო მიაწოდეს და არა ლოკაცია.

“ანაკლიიდან შემოვლით გზაზე 25 კმ და 2 სოფელი გავიარეთ. ადგილიც და გზაც ისეთივე გაურკვეველი იყო, როგორც სესხის აღებისას რამდენიმე ფურცელზე დაწერილი საბანკო ვალდებულებები. შეხვედრის ადილს სანაპიროზე ღონისძიების დაწყებამდე 5 წუთით ადრე მივაკვლიეთ”, - ამბობს იგი.

პრეზენტაციის ადგილს ჟურნალისტი ასე აღწერს: “ევროპასთან ახლოს მიდგმულ სკამებზე 80-მდე ადამიანი იჯდა, [თუმცა] არცერთი პოლიტიკური წარსულით”.

მასალაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარაძის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში შეუსრულებელ ვალდებულებებზე მტკიცებით ფორმაში, ცალმხრივად, საპირისპირო არგუმანტაციის გარეშეა საუბარი და ასევე, არაფერია ნათქვამი იმ ზიანზე, რაც კონსორციუმს ბანკირებისთვის წაყენებულმა ბრალმა მიაყენა.

ხაზარაძის გარშემო უარყოფით განწყობების შესაქმნელად პარალელი “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის გავლებული და ნათქვამია, რომ მისი პოლიტიკური ენა და გზავნილები ყოფილი სახელიწუფლებო გუნდის წარმომადგენლების განცხადებების იდენტურია. ასევე, ნათქვამია, რომ ხაზარაძის გვერდით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ის ყოფილი საპარლამენტო მდივანი დგას, რომელიც “გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავდა”. უფრო მეტი სიმძიმისთვის ისიც არის ხაზგასმული, რომ “[ხაზარაძის] გუნდის იმ ნაწილისთვის, რომელიც უკვე შეარჩია, თანამშრომლობა ყველასთან, მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობასთანაც” შესაძლებელია”.

სიუჟეტში, ასევე გაურკვეველ მონაცემებზე დაყრდნობით, ხაზარაძის მოძრაობის მიმართ იმ მოლოდინებზე და იმედგაცრუებაზეა საუბარი, რომელიც პრეზენტაციის დასასრულს უკვე გამოჩნდა და რომ კვირის ბოლოს, მოლოდინიდან თითქმის არაფერი დარჩა.

“პრეზენტაციას აკლდა ქარიზმაც და ენერგიაც. ის გააკრიტიკა ყველამ მიხეილს სააკაშვილმაც კი, რომელმაც ღონისძიებას კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება უწოდა. ყველამ, ვისგანაც ხაზარაძე ლელოს დადებისას პოლიტიკური ტრიბუნიდან გულშემატკივრობას ელოდა”, - ამბობს ჟურნალისტი და იქვე დასძენს, რომ სწორედ ამიტომ მომდევნო სვლა სატელევიოზიო ინტერვიუ იყო, სადაც ხაზარაძე იმ თემებზე ალაპარაკდა, რაზეც “იმ დრომდე დუმდა, ვიდრე ბრალდება და სისხლის სამართლის საქმე მისი ბიზნესის და პირადი კომფორტის ზონას დაარღვევდა”.

ჟურნალისტი თავადვე ასკვნის, რომ “ეს პასი პოლიტიკურ მოედანზე ისეთივე უშედეგო აღმოჩნდა, როგორც სკანდალური ე.წ. წერილის საქმე”. იქვე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ბანკირები “პოლიტიკური იმუნიტეტისკენ ისწრაფვიან”. და ხაზგასმით, მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა მამუკა ხაზარაძე “ტყუილში ამხილა”.

სიუჟეტის ამგვარი სტრუქტურა და ტექსტები, მამუკა ხაზარაძისა და მისი ახალი მოძრაობის პრეზენტაციის მსგავს კონტექსტში განხილვა, მის მიმართ საზოგადოებაში წინასწარი უარყოფითი განწყობებისა და ფონის შექმნის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს, მასალის მიზანი არა ახალი მოძრაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის იმიჯის შელახვა და დისკრედიტაციაა.
კატეგორია: ეთიკა
„გავლენიანი და კარგი სტრატეგი“, ადამიანი, რომელიც „მწვავე შემთხვევებშიც არ ერიდება კომუნიკაციას“, შს მინისტრი, რომელსაც „არაერთხელ მოუწია დაძაბული სიტუაციის განმუხტვა“ და პოლიტიკური ფიგურა, რომლისაც “ნაციონალურ მოძრაობას” ეშინია - ამ კონტექსტში წარმოჩინდა უკვე მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „იმედის“ 8 სექტემბრის კვირის შემაჯამებელ გადაცემაში „იმედის კვირა“.

„იმედმა“ გიორგი გახარიას გაპრემიერებას ორი სიუჟეტი მიუძღვნა. ამ მასალებში გახარიას ფიგურა და მასთან ასოცირებული ე.წ. გახმაურებული საქმეები ცალმხრივად, იმგვარად არის გადმოცემული, რომ მის მიმართ არც რაიმე კითხვის ნიშანია დასმული და არც საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, მის გაპრემიერების ადეკვატურობაა განხილული.

პირიქით, ამა თუ იმ საქმესთან მიმართებით სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ ოპოზიციის, კერძოდ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მისამართით არის გადატანილი და მთავარი ხაზი მხოლოდ მათი, როგორც დესტრუქციული პოლიტიკური ძალის უპასუხისმგებლო ქმედებებზეა გატარებული.

პარლამენტში 6 სექტემებრს გიორგი გახარიას “ნაციონალური მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით მწვავე კითხვები დაუსვეს და მის მიმართ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს, წამყვანი ოპოზიციის „პოლიტიკურ მასკარადად აფასებს“.

მასალებში გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამის რამდენიმე მთავარი მიმართულების განხილვის შემდეგ, საუბარი ოპოზიციასთან მიმართებით მის ხედვებსა და გზავნილებს ეთმობა. ჟურნალისტი გვიყვება, რომ თანაგუნდელებისადმი გიორგი გახარიას მთავარი გზავნილი “ნაციონალური მოძრაობის“ „ყოველდღიურ რეჟიმში“ მხილება და მათთვის სიმართლის დაპირსპირება იყო. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრემიერი მათ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს შტურმში ადანაშაულებს.

მასალებიდან ვერ შევიტყვეთ, კონკრეტულად რა სიცრუეზეა საუბარი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს თავად გიორგი გახარიაც ახსენებს, მასალაში არ ჩანს საპირწონე არგუმენტები, რაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს ოპოზციის მხრიდან შტურმის მცდელობას დაასაბუთებდა.

ჟურნალისტი ასევე არ ცდილობს ზოგადად შტურმის დეფინიციის განსაზღვრას და გარკვევას შეესაბამება და ჯდება თუ არა მომიტინგეთა ნაწილის მაშინდელი ქცევა შტურმის განსაზღვრებაში. გარდა ამისა, მასალებში არ ჩანს ის არაერთი კითხვა, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს სწორედ გიორგი გახარიას მისამართით გაჩნდა, იქნება ეს ძალის გამოყენების პროპორციულობა, საჭიროება, თუ პასუხისმგებლობა, რაც განვითარებულ მოვლენებზე მას, როგორც შს მინისტრს ეკისრებოდა. ამის ნაცვლად, პასუხისმგებლების ძიებას ჟურნალისტი ისევ “ნაციონალურ მოძრაობაში” ცდილობს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური ძალა, „როგორც სხვა შემთხვევებში, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში გრძნობს“.

გარდა ამისა, იგი, მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის, დროს თვალი დაკარგა, „პარლამენტის შტურმის მსურველთა“ გვერდით შემთხვევით მოხვედრილად ახასიათებს. ამბობს, რომ 6 სექტემბერს პრემიერობის კანდიდატთან შეხვედრის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი მის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეშვებას იმ ფონზე ითხოვდა, როდესაც მაკო გომური თბილისში საერთოდ არ იყო. ასევე, იგი არფერს ამბობს იმ ადამიანებზე, რომლებიც მაგალითად პარლამენტის შენობაში შესვლას მთელი კვირის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. “იმედის” მასალაში არც აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორების განმარტებებია, მაკო გომურის პარლამენტში შემსვლელთა სიაში ყოფნის შესახებ.

ჟურნალისტი ოპოზიციას პრემიერობის კანდიდატის მიმართ ბრალდებებსა და „შეურაცხყოფაშიც“ ადანაშაულებს, თუმცა არ ხსნის კონკრეტულად რას მოიაზრებს იგი ამ უკანასკნელში. არც იმ უამრავ კითხვაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც სწორედ ოპოზიციური დეპუტატების მხრიდან გაჟღერდა და რომელზე პასუხებსაც საზოგადოება ორ თვეზე მეტია გიორგი გახარიასგან უშედეგოდ ელის. გარდა ამისა, “იმედი” აქცენტს გიორგი გახარიას მხრიდან ოპოზიციასთან კოჰაბიტაციის დასრულებაზეც ამახვილებს და ამ ნაბიჯს მის მიმართ მხარდამჭერების ზრდის პირდაპირპროპორციულად აფასებს. გიორგი გახარიასთან მიმართებით, “იმედი” ხორავას ქუჩის საქმესა და პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობისას ჩატარებულ სპეცოპერაციასაც იხსენებს. მასალაში გახარია ამ ორ საქმის “კეთილი დასასრულის” ავტორად არის წარმოჩენილი, ამ შემთხვევაშიც კითხვების დასმის გარეშე.

აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ თავად გახარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებად ასახელებს, “იმედის” მასალებში არ ჩანს, რომ ეს არა მისი კეთილი ნება, არამედ მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის მონაპოვარია და “ქართული ოცნება” იძულებული იყო, პროცესების არგამწვავების მიზეზით ამ დათმობაზე წასულიყო.

გიორგი გახარიას მიმართ მიმდინარე საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, მისი ფიგურის ცალმხრივად, მხოლოდ დადებითი აქცენტებით განხილვა და იმ ლეგიტიმური კითხვების უგულვებელყოფა, რაც ყოფილი შს მინისტრის მიმართ დაგროვდა, ასევე პასუხისმგებლობის სრულად სხვა პოლიტიკურ ძალაზე გადატანა, „იმედის“ მხრიდან უკვე მოქმედი პრემიერის მიმართ საზოგადოებრივი აზრის პოზიტიური მიმართულებით წარმართვის ცალსახა მცდელობაზე მიუთითებს და მის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებს.
კატეგორია: ეთიკა
აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ როგორც ძალაუფლების „ყველაფრის ფასად“ შენარჩუნებისა და საზოგადოების თვალში „დაკარგული ლეგიტიმაციის“ ხელახლა მოპოვების გზა - ამ კონტექსტში წარმოჩინდა ყოფილი ხელისუფლება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმში - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ არის.

მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაცია ფონად გასდევს 40 წუთიან ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”

 სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ნაციონალური მოძრაობისა და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული ისე, რომ განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. აგვისტოს ომი წარმოჩენილია როგორც “მაშველი რგოლი” სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა “ოპოზიციის წნეხისგან” გათავისუფლებულიყო და დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

altფილმში ავტორი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმოხილვას 2004 წელს, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლიდან იწყებს და იმ შეცდომებსა თუ ქმედებებს აღწერს, რაც მისივე შეფასებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით და ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის კონტექსტში მიზანმიმართულად განახორციელა. ასე მაგალითად, ფილმიდან ვიგებთ, რომ 2004 წელს ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოგვარებული, ან უფრო ზუსტად, მოგვარების გზაზე დამდგარი კონფლიქტები ჩაიბარა, მაშინდელმა მთავრობამ კი, სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი მექანიზმი და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობების დათბობა-გაღრმავების ერთადერთი საშუალება ერგნეთის ბაზრობა გააუქმა, რითაც სააკაშვილი-ოქრუაშვილის [ირაკლი ოქრუაშვილი იმ დროისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა] ტანდემმა „კონფრონტაციის გზა“ აირჩია და ოსურ მხარეს პირდაპირ ანიშნა, რომ „ოფიციალური თბილისის არჩევანი შერიგების და დაახლოების პოლიტიკა აღარ არის“.

ერგნეთის ბაზრობის გაუქმების კომპონენტი ფილმში აპრიორი უარყოფითად ისეა განხილული, რომ საპირისპირო მხარე - კორუფცია, კონტრაბანდა, დაუფიქსირებელი გადასახადები და ა.შ. განხილული არ არის და არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ჩანს იმის შესახებ, თუ რატომ მიიღეს მათ აღნიშნული გადაწყვეტილება და რა იყო ამის მთავარი მოტივატორი.

 ამასთან, ავტორი 2004-2008 წლების შუალედში ცხინვალის რეგიონში მომხდარ არაერთ შეტაკებასა და დაპირისპირებაზე იმგვარად საუბრობს, რომ ყველა კონტექსტში ყოფილი ხელისუფლების ბრალზე, განზრახ პროვოკაციულობასა და კონფრონტაციულობაზე მიუთითებს. იქვე დასძენს, რომ სააკაშვილი “წარმატებით ახერხებდა კრემლის პროვოცირებას”.

ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აგვისტოს ომის ინსპირირების დასტურად 2007-2008 წლებში მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის, მედიის, ოპონენტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებებსაც გვახსენებს. სააკაშვილი მოხსენიებულია დიქტატორად. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი აპრიორი გაყალბებულად არის წარმოჩენილი. არადა, მიუხედავად დაფიქსირებული ხარვეზებისა, მაშინ რომელიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას საყოველთაო გაყალბების ნიშნებზე არ უსაუბრია და არც მისი შედეგები დაუყენებია ეჭვქვეშ. 2004-2008 წლების მიმოხილვის დასასრულს ავტორი ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა მიზანმიმართულად ჩაითრია ქვეყანა სისხლიან ავანტურაში.

altფილმის მიწურულს დრო უკვე უშუალოდ აგვისტოს ომის დეტალების განხილვას ეთმობა, საიდანაც ვიგებთ, რომ სააკაშვილისთვის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, „გარე მტრის საქართველოში შემოჭრა“ იყო საჭირო, რისთვისაც ისეთი სამხედრო ოპერაცია უნდა დაგეგმილიყო, რომელზე რეაგირებაც რუსეთის მხრიდან გარდაუვალი იქნებოდა, რისთვისაც „სააკაშვილის ხელისუფლებამ დემონსტრაციული, ფართომასშტაბიანი ოპერაცია განიზრახა“.

 „ყველას გვახსოვს, როგორც ვუყურებდით ტელეეკრანებს, გვიკვირდა ჩვენი მედიის, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა და მსოფლიოს გადასცემდა, ვამბობდით, მტრები ხომ არ არიან, რას აკეთებენ, მოწინააღმდეგეს აწვდიან ინფორმაციასო. დიახ, გეგმის შემადგენელი ნაწილი ზუსტად ეს პროპაგანდა იყო. მთელ მსოფლიოს უნდა ენახა ქართველების დიდი სამხედრო ძალის მოქმედება რეგიონში. საჯაროდ სილაგაწნული რუსეთი კი იძულებული უნდა ყოფილიყო, სამხედრო ძალებით შემოსულიყო საქართველოში“, - ვისმენთ ფილმში.

მასალაში 8 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე საქართველოს მხარდამჭერი აქცია-კონცერტი, რომელსაც მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ, ომში გამარჯვების ზეიმად არის გამოცხადებული. არადა, ღონისძიების მიზანი მსოფლიოსთვის სწორედ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელეული აგრესიისა და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის ჩვენება იყო. ფილმში ყოფილ პრეზიდენტს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო არაინფორმირებულობაშიც სდებენ ბრალს. არადა, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად გახდა რუსეთის ფედერაცია იძულებული, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეეჩერებინა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთანხმების პირობებს რუსეთი დღემდე უხეშად არღვევს, რის გამოც, ის დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

 „რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ თავის დროზე თქვა - რუსეთს ჰყავს ორი ჰყავს ორი მოკავშირე, არმია და ფლოტია. 21-ე საუკუნეში ამ მოკავშირეებს შეიძლება თავისუფლად დაემატოს სააკაშვილიც. კრემლისთვის ძნელად თუ მოიძებნება სააკაშვილზე ხელსაყრელი პოლიტიკოსი რუსული ჩექმის სამხრეთ კავკასიაში კვლავ შემოსადგმელად. ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს - მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება“, - სწორედ ასე იხსნება ფილმში აგვისტოს ომის ანთოლოგია - სრული პასუხისმგებლობის ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის ფაქტორის შემცირება.

alt ფილმში რუსეთი არა კონფლიქტის მხარედ, არამედ მესამე, განყენებულ აქტორად არის წარმოჩენილი, რომელიც იძულებული გახდა, რომ ერთი აგრესიული აქტორის მხრიდან მეორეს მიმართ განხორციელებულ ოპერაციაში მშვიდობისმყოფელის სტატუსით ჩართულიყო. ასევე, არ არის გაანალიზებული ისტორიული კონტექსტი. არც უკრაინასთან პარალელებია გავლებული, რაც ჩრდილოელი მეზობლის რეგიონში განზრახვებსა და მიზნებს თავის სახელს დაარქმევდა. პირიქით, საპირწონედ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ვისმენთ, სადაც ის ამბობს, რომ „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი არის საქართველოს გეგმები ძალით აღადგინოს კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე და არა საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ“.

 გარდა ამისა, აგვისტოს ომის შემდეგ, თავად ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ის საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისთვის ჯერ კიდევ 2006 წლიდან ემზადებოდა და მისი ქმედებები საქართველოს მხრიდან „კონფრონტაციაზე“ მყისიერი პასუხი ვერ იქნებოდა.

ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას.

 მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფილმი პირადად სააკაშვილს და ზოგადად მის გარემოცვას სდებს ბრალს 2008 წლის ომის დაწყებაში, საერთოდ არ ჩანს მისი ან მისი გუნდის პოზიციის წარმოჩენის მცდელობა. მოვლენების შემფასებლად საუბრობენ მხოლოდ დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა), ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება), რიჩარდ მაილსი (აშშ-ს ყოფილი ელჩი), გოგა ხაინდრავა (რეჟისორი), პაატა ზაქარეიშვილი (ანალიტიკოსი) და მამუკა არეშიძე (ანალიტიკოსი). არც ერთი რესპონდენტი არ არის წარმოდგენილი ფორმალური ბალანსისთვის მაინც. სიუჟეტი ცალმხრივად, მანიპულაციურად აჩვენებს განვითარებულ მოვლენებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილმი შეიქმნა არა აგვისტოს ომის და მანამდე განვითარებული მოვლენების გამოსარკვევად, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობის წარმოსაჩენად.

კატეგორია: ეთიკა
9 აგვისტოს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის სააგენტოს ყოფილი უფროსი პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ ცნო. სინამდვილეში, სასამართლოს პაპუნა უგრეხელიძის მიერ ეკა მესხიძის სექსუალური შევიწროების საკითხზე საერთოდ არ უმსჯელია.

მცდარი ინფორმაცია, გადამოწმების გარეშე გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“ და გამოცემებმა: „ინტერპრესნიუსი“, „აიპრესი“, "ლიბერალი" „კვირის პალიტრა“, „ამბები.ჯი“, „პირველი რადიო“, „გურიანიუსი“, „მარშალპრესი“, „ნიუსპოსტი“, „ფორტუნა“, „ინფოფოსტალიონი“, 2020news,  ექსკლუზივნიუსი

ზემოთჩამოთვლილი მედიასაშუალებები, პაპუნა უგრეხელიძეზე და მის ადვოკატზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ ცნო და დაადგინა, რომ მისი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ პაპუნა უგრეხელიძის მოთხოვნებზე იმსჯელა და დააკმაყოფილა მისი მოთხოვნების ნაწილი, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ ეკა მესხიძეს დაავალა, რომ სხვადასხვა ტელეეთერით გავრცელებული ცნობები უარყოს. გარდა ამისა, სასამართლოს ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია და დღეს მხოლოდ სარეზულუციო ნაწილი გამოაცხადა.

ეკა მესხიძის ადვოკატი მარიკა დუმბაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, რომ საია აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას გეგმავს.

„დღეს სასამართლოს არ უმსჯელია სექსუალურ შევიწროებაზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ იტყოდა, რომ ადგილი არ ჰქონია ეკატერინე მესხიძის მიმართ განხორციელებულ შევიწროებას და სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმ მოთხოვნებზე, რომელიც დააყენა პაპუნა უგრეხელიძემ. პაპუნა უგრეხელიძეს ჰქონდა დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა ცნობების უარყოფასთან დაკავშირებით. მას ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნა, რომელშიც რამდენიმე გარემოების უარყოფას ითხოვდა, უბრალოდ. აქედან სასამართლომ ნაწილზე ჩათვალა, რომ უნდა მოეთხოვა უარყოფა ეკატერინე მესხიძისგან, ნაწილზე – არა”, – უთხრა ნეტგაზეთს მარიკა დუმბაძემ.

2018 წლის მარტში, საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილმა თანამშრომელმა ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. პაპუნა უგრეხელემ ბრალდება უარყო და თანამდებობა დატოვა. თუმცა, მისი მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა დაადასტურა.
კატეგორია: ეთიკა
ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის მონაწილე, ორგანიზატორი და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი არეულობის ბოლო იმედი - ასე წარმოჩინდა პოლიტიკოსი 28 ივლისს “იმედის კვირის” ერთ-ერთ სიუჟეტში.

“ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ბოლო იმედი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20-21 ივნისის ღამეს თანამოაზრეებთან ერთად, პარლამენტში შეჭრას ცდილობდა. ამას ადასტურებს კადრები, რომლებიც ამ ღამესაა გადაღებული”, - ამბობს გადაცემის წამყვანი თემის წარდგენისას და არ მსჯელობს რამდენად არის საკმარისი ამის მტკიცებისთვის საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული კადრები.

ამის შემდეგ, იმის დასტურად, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილად რაღაცას გეგმავდა, ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას ეთერში მისი სტუმრობიდან ამონარიდს იშველიებს და განმარტავს, რომ ოქრუაშვილი “პირდაპირ აანონსებდა რევოლუციას”. საილუსტრაციოდ სიუჟეტში ის მონაკვეთია ნაჩვენები, სადაც ოქრუაშვილი განმარტავს, რომ თუკი კარი ნებაყოფლობით არ გაიღება, მის სხვაგვარად გაღებას შეეცდებიან და წამყვანის მიერ 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცასთან პარალელის გავლების შემდეგ, ამბობს, რომ “შესანიშნავი სცენარი იყო”.

არადა, რევოლუციასთან და გადატრიალებასთან 2003 წელთან პარალელი არცთუ რელევანტური ანალოგია, რადგანაც იმ კონკრეტულ მოცემულობაში, პარლამენტში შესვლის მოტივი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ უკიდურესად კრიტიკულად შეფასებული არჩევნებისთვის ლეგიტიმურად გამოცხადების ხელისშეშლა იყო და არა მთავრობის დამხობა. ჟურნალისტი ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელის გუბაზ სანიკიძის შეფასებასაც იხსენებს, სადაც იგი მისი სიმტკიცის ხაზგასასმელად, ოქრუაშვილს “მაღალი ხარისხის ლითონთან” აიგივებს და ამბობს:

“უმაღლესი ხარისხის ლითონისგან არის დამზადებულიო, ეს ალბათ, მისი გვარის გამო არ უთქვამს. ოქრო რომ გაუტეხელი არ არის, ეს გუბაზ სანიკიძეს ეცოდინებოდა. წესით, ისიც უნდა იცოდეს, რომ გატეხვა და პრინციპებზე უარის თქმა ოქრუაშვილისთვის, ზოგჯერ, როგორც თვითონ ამბობს, სტრატეგიის ნაწილია. ასე გადააბიჯა ძველ წყენას, დამცირებას და როგორც მაშინ ამბობდნენ ზეწოლასაც და მიხეილ სააკაშვილს შეურიგდა, სულ ბოლოს დაუმეგობრდა კიდეც”.

აღნიშნულის შემდეგ, ჟურნალისტი ირაკლი ოქრუაშვილზე, როგორ საქართველოს ექსპრეზიდენტის ბოლო იმედზე საუბრობს და ტელეკომპანია მაესტროში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს განვითარებულ მოვლენებთან ავლებს პარალელს, როდესაც მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილმა “მთავარი ოპოზიციური არხის განეიტრალება სცადა”. ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “სააკაშვილისდროინდელი მთავრობა მომხდარის კერძო დავად წარმოჩენას ცდილობდა და ოქრუაშვილს ფაქტობრივად მხარს უჭერდა, რომ რეალური მფლობელებისთვის ტელეკომპანია წაერთმია”.

სიუჟეტიდან იმასაც ვიგებთ, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” ოქრუაშვილის ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა “მრავალწლიანი დავის შემდეგ, “რუსთავი 2 დაიბრუნა”, იგი ისევ გამოჩნდა და “ახლა ამ ტელეკომპანიის მითვისებას ცდილობს დოკუმენტით, რომელზეც მისი თქმით ხელი ქიბარ ხალვაშს აქვს მოწერილი და რომლის ნამდვილობასაც ხალვაში არ ადასტურებს”.

სიუჟტში მსჯელობა ისე ვითარდება, რომ ხალვაშის ხელმოწერასთან მიმართებით, არცერთი კითხვის ნიშანი არ არის დასმული და არც ის დაშვებაა განხილული, რომ ის შესაძლოა, ნამდვილი იყოს. ასევე, არ ამბობს, რომ აღნიშნულზე სამხარუალის ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის, რის გარეშეც მხოლოდ ხელმწოერის ავტორის განმარტება, რომ ის ავთენტური არ არის, დამაჯერებლობას მოკლებულია.

სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტი კვლავ 20-21 ივნისის მოვლენებს უბრუნდება და ამბობს, რომ ოქრუაშვილს ახლა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მოუწია მუშაობა - “თან სააკაშვილის გეგმაა შესასრულებელი, თან მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული იმის გამო, რაც 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტთან მოხდა”.

“იმ დროს, როდესაც კითხვები ოქრუაშვილთანაც გაჩნდა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წარსულზე სკანდალური განცხადებების გაკეთება გადაწყვიტა და იმაზე ლაპარაკი დაიწყო, რაც პოლიტიკაში შემოსვლის დროსაც არ გახსენებია”, - გვიყვება ჟურნალისტი, რასაც ოქრუაშვილის ის ვიდეო მოსდევს, სადაც იგი მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან მისთვის გაგზავნილ შეტყობინებებზე საუბრობს.

აღნიშნულზე დაყრდნობით ჟურნალისტი ასკვნის:

“ამ დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა თავისებურად აღიარა, რომ “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობების დალაგებას და დაახლოებას ცდილობდა, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობდა და ჩვენებების ნაცვლად, თანამშრომლობას ითხოვდა... იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის დაედო ბრალი, პირდაპირ არა, თუმცა ფაქტობრივად ისიც თქვა, რომ პროკურატურას ცრუ ჩვენება მისცა. ოქრუაშვილს, რომელიც ახლა სულ სხვა საქმეზეა დაკავებული, კიდევ ერთი აღიარება დარჩა - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის საქმეზე”.

სიუჟეტის ავტორს არც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების წინაპირობაზე უმსჯელია და არც ის უთქვამს, თუ რას მოჰყვა საზოგადოების პროტესტი. მას არც სამართალდამცველების პასუსმგებლობის საკითხი დაუყენებია და არც ის შედეგები გაუხსნებია, რაც ამ ღამეს მოჰყვა.

სასამართლოს განაჩენის, კონკრეტული მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე, არხის მხრიდან კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ დაწყებული საქმის ცალმხრივად, იმ ფორმით განხილვა, სადაც ის უკვე შემდგარ ქმედებაში დამნაშავედ არის წარმოჩენილი, ეთიკური მედიის სტანდარტებს სცდება და არხის მხრიდან აღნიშნული პირისა და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ წინასწარ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და დისკრედიტაციის შთაბეჭდილებას ქმნის.
კატეგორია: ეთიკა
14 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” ყოველკვირეული გადაცემა „იმედის კვირის“ ერთ-ერთი სიუჟეტი ქვეყანაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პროვოცირებულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს და იმ ზარალს ეხებოდა, რომელიც აღნიშნულის ფონზე საქართველოს ეკონომიკას მიადგა. 

მაგალითად, სიუჟეტის წარდგენაშივე გადაცემის წამყვანმა ჩიხლაძემ მტკიცებით ფორმაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამბოხის შესახებ ნაციონალური მოძრაობის გეგმა ჩავარდა. „პროვოკაციული გეგმის მიუხედავად, ვერც სოციალური ბუნტი შედგა, სამაგიეროდ იზარალა ქვეყნის ეკონომიკამ. მნიშვნელოვანი შეფერხება აქვს ტურიზმის სექტორსაც, სეზონი ნაწილობრივ ჩავარდა და საერთო ჯამში, საუბარია, რომ 2 მილიარდი დოლარი დავკარგეთ“, - ამბობს წამყვანი.

სიუჟეტის მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, ლარის გაუფასურება, რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების აკრძალვა და ამით გამოწვეული ზარალი “ნაციონალურ მოძრაობას” ბრალდება ისე, რომ ამის გამამყარებელი მტკიცებულებები არ ჩანს.

“ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ექსტრემიზმი” და საპროტესტო აქციები

ამბის თხრობა თბილისში 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციებით იწყება, რასაც ანალიტიკოსის სტატუსით ჩაწერილი ორი რესპონდენტის საუბარი მოჰყვება. ერთი-ერთი მათგანი გენშტაბის ყოფილი უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი ანტისაოკუპაციო აქციებს და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნას ოპოზიციური პარტიების სურვილად განიხილავს და იქ მყოფ დემონსტრანტებს “ერთ მუჭა ხალხად” მოიხსენიებს. ჟურნალისტი ამის საპირწონედ არ აღნიშნავს, რომ აქციები სამოქალაქო საზოგადოების მიერ იყო ინიცირებული და 20 ივნისის შემდეგ, არაერთი მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც “ერთ მუჭა ხალხზე” გაცილებით მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციების კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირების ქვეტექსტის გაძლიერებას სიუჟეტში დასმული კითხვით თავად ჟურნალისტიც ცდილობს: „გენშტაბის ყოფილ უფროსს ახლა ის უფრო აინტერესებს, ოცი ივნისის ღამეს აქციის დაშლისას, ვინ და რა მოტივაციით გადაამეტა უფლებამოსილებას, იდგა თუ არა ე.წ. ურჩი სპეცრაზმელების უკან ექსპრეზიდენტი თავისი განცხადებებით“.

მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა დადასტურებულ ფაქტად მიაწოდა აუდიტორიას ინფორმაცია, თითქოს ნაციონალური მოძრაობის გეგმა ჩავარდა, ჟურნალისტი ამბობს, “იგეგმებოდა თუ არა დესტაბილიზაცია, ეს საგამოძიებო ორგანომ უნდა გაარკვიოს”. თუკი ჯერ არავის გამოუძიებია მომხდარი, გაუგებარი რჩება, რას ეყრდნობოდა წამყვანი, როდესაც ამტკიცებდა, რომ “სახელმწიფო ამბოხი ჩავარდა”.

იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ „პოლიტიკური ექსტრემიზმის მძევალი გახდა“, ჟურნალისტი უფრო ჩრდილოეთითაც მიდის. სიუჟეტში პუტინისა და კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერისა და გამზიარებლის, წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტის, თინა კანდელაკის მოსაზრებებს ვისმენთ, რომელიც ამბობს, რომ „პოლიტიკური ექსტრემიზმით და ტერორიზმით [საქართველოს] ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაკავებული“. უფრო მეტიც, ის რუსეთისთვის „ოკუპანტის“ იარლიყის მიკერებას სწორედ სააკაშვილის პროვოკაციასა და ერთი არხის [რუსთავი 2] პროპაგანდის შედეგად მიიჩნევს. სიუჟეტის ავტორი იმასაც გვიყვება, რომ თინა კანდელაკს მის რესტორანში მისული მომხმარებლებისთვის „ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე ყოველ დღე უწევს სტუმრებისთვის იმის ახსნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ჩიხში არ უნდა შეიყვანოს ერთი პოლიტიკოსის ქმედებებმა და ერთი ტელეწამყვანის გინებამ“.

შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა რომ ამბოხს გეგმავდა და თბილისში ორგანიზებული აქციები ამ პარტიას უკავშირდება, თინა კანდელაკის და ლევან ნიკოლეიშვილის მოსაზრებებს ეფუძნება. სიუჟეტში არ ჩანს არცერთი ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება, რომელიც ამ მოსაზრებებს გაამყარებდა. ჟურნალისტს არც უცდია განსხვავებული მოსაზრების წარმოჩენა, არც ფაქტები შეუთავაზებია აუდიტორიისთვის და არც ის უჩვენებია, რამ გამოიყვანა და დატოვა ოც დღეზე მეტ ხანს დემონსტრანტები ქუჩაში.

რუსეთის მიერ საქართველოსთვის საპასუხო ეკონომიკური სანქციები და ავიაემბარგო

“ნაციონალური მოძრაობის მიერ პროვოცირებული პოლიტიკური ექსტრემიზმის” შემდეგ სიუჟეტში მსჯელობას ქვეყნისთვის მიყენებულ იმ ეკონომიკურ ზიანზე საუბარი ებმის, რაც როგორც ასევე სიუჟეტიდან ირკვევა, სწორედ ერთი პოლიტიკური პარტიისა და ტელევიზიის პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. საქართველოში ფრენების შეზღუდვის შესახებ საკითხი სიუჟეტში დუმის მიერ ინიცირებულ სანქციებთან ერთად, მანიპულაციურად ისეა განხილული, თითქოს ორივე მათგანი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ 7 ივლისს ეთერში პუტინის გინებას მოჰყვა. არადა. პუტინმა რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობას საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ დუმის მიერ ინიცირებული სანქციები კი არ დამტკიცდა.

რუსეთის მხრიდან დაანონსებული ემბარგოს კონტექსტში განიხილავს ჟურნალისტი ეროვნული ვალუტის რყევასაც. სიუჟეტში ლარის კურსის ვარდნის მიზეზად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასახელებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის გარდა ევროკავშირიდან ტურისტების შემოდინების ნაკადის შემცირებასთან აკავშირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილიც. ჟურნალისტი არ ცდილობს ფაქტების მოძიებას და იმის ჩვენებას თუ როდის დაიწყო ლარმა გაუფასურება. სინამდვილეში ვარდნა აქციებამდე ბევრად ადრე დაიწყო, რასაც ერთი წინადადებით ახსენებს, თუმცა იქვე ამატებს, რომ ანტირეკორდი ეროვნულმა ვალუტამ ბოლო პერიოდში დაამყარა, რითიც ცდილობს გაამყაროს მოსაზრება, რომ რუსეთის მიერ დაანონსებული ემბარგო არის ლარის რყევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ამით გამორიცხოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

სიუჟეტის ბოლო ნაწილი ქართული პროდუქტისთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე საუბარს ეთმობა. ბიზენსომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე ხაზგასმით ამბობს, რომ საუბარი იმაზე, რომ რუსულ ბაზარზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ, კონტრპროდუქტიული, ყოველგვარ რაციონალიზმსა და ლოგიკურაობას მოკლებულია.

რუსული ბაზრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს თავად ჟურნალისტიც. „მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი რუსეთში 85%-დან 63%-მდეა შემცირებული ქართულ ბიზნესს ამ დრომდე მაინც არ შეუძლია იყოს დამოუკიდებელი რუსეთის ბაზრისგან“, - სწორედ ამ სიტყვებით ასრულებს ის სიუჟეტს.

12 წუთიანი სიუჟეტი, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ქმედებების შედეგად, რუსეთის მხრიდან დაწესებულ და მოსალოდნელ ეკონომიკურ სანქციებზე საუბარს დაეთმო, არაფერი თქმულა ზოგადად, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე. არ განხილულა ქვეყნისთვის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების სახიფათო მხარეები. არადა, ჟურნალისტი რუსეთის მიერ 2006 წელს დაწესებულ სანქციებზე, რომელმაც 7 წელს გასტანა, თავადვე საუბრობს. ასევე, არ განხილულა ბალტიისპირეთის მაგალითი, თუ როგორ მოახერხეს ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა რუსული ეკონომიკური გავლენისგან თავის დაღწევა და ევროკავშირის ბაზარზე ადაპტირება. სიუჟეტში არ უსაუბრიათ სახელისუფლებო სტრუქტურების პასუხისმგებლობაზე არც აქციების დაწყების და 21 ივნისს მისი დაშლის ნაწილში და არც ლარის გაუფასურებაზე მსჯელობისას.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სიუჟეტის და მისი ავტორის მთავარი მიზანი ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის კვლავ ჩაკეტვის პირობებში, არა გამოსავლებისა და ალტერნატივების ძებნა, არამედ მოსალოდნელ და უკვე დამდგარ ზიანში მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის - ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობის ძიება და მათი დადანაშაულება იყო.
კატეგორია: ეთიკა
„ნენსკრა ჰესის პროექტი და „ნენსკრა ჰიდროს” სოციალური პროექტები სვანეთში“ - ამ სათაურით 7 ივლისს ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "იმედის კვირაში", ნენსკრა ჰესის შესახებ გავიდა სიუჟეტი. 7 წუთის განმავლობაში მაყურებელი ისმენდა წამყვანის, ჟურნალისტისა და რესპონდენტების მტკიცებას იმის შესახებ,  რამდენად დიდ სიკეთეს მოუტანს „ნენსკრა ჰესი“ ადგილობრივებსა და საქართველოს ეკონომიკას. მაყურებელს არ მოუსმენია საწინააღმდეგო აზრი, არც ერთი დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასება და დასაბუთებული, არგუმენტირებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ ჰესი მართლაც მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანია. მასლის ავტორს არც ჰესის მშენებლობით გამოწვეული ადგილობრივების პროტესტი უხსენებია და არც ის საფრთხეები, რაზეც გარემოსდამცველი ორგანიზაციები საუბრობენ. 

სიუჟეტის წარდგენისას წამყვანი აქცენტს აკეთებს „ნენსკრა ჰესის“ სიკეთეებსა და სარგებელზე - „პროექტი ჭუბერის თემში ხორციელდება. ის დასახლებული პუნქტისგან მოშორებით არის და არ გულისხმობს ოჯახების განსახლებას. გარდა ჰესის მშენებლობისა, „ნენსკრა ჰიდრო“ რეგიონში ფართო მასშტაბიან სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და იმაზეც ზრუნავს, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივები დაასაქმოს. ამისთვის კომპანიამ კადრების საკუთარი რესურსით გადამზადება უკვე დაიწყო“.

წამყვანის მსგავსად, სიუჟეტის ავტორიც არაერთხელ ახსენებს მაყურებელს „ნენსკრა ჰიდროს“ სიკეთეებს და ხაზს უსვამს, რომ ჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას კიდევ უფრო განამტკიცებს. გარდა ამისა, ჟურნალისტი მაყურებელს ინვესტორი კომპანიის გამოცდილების შესახებაც უყვება და არწმუნებს, რომ „მას სვანეთის წყლებთან შეჭიდება არ გაუჭირდება“.

ჟურნალისტი საუბრობს სოციალურ პროექტებზეც - „ნენსკრა ჰესის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პრიორიტეტი კი, ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება. კომპანიამ ამაზე წინასწარ იზრუნა და ადგილობრივები პროფესიულ გადამზადებას უკვე თბილისში გადიან… ფართომასშტაბიანი სოციალური პროექტების განხორციელებაც ნენსკრა ჰიდრომ თავის თავზე აიღო და 400-მდე ოჯახს მიწის ნაკვეთების აზომვაში, ნახაზის მომზადებასა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესში უწევს დახმარებას. ტურისტებისთვის არც თუ ისე ნაცნობ მხარეში ამუშავდა საოჯახო სასტუმროები, სადაც, ძირითადად, პროექტში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ჰესი ამ მხარეს კიდევ უფრო განავითარებს“, - ამბობს ჟურნალისტი და არც კი ახსენებს იმ ადგილობრივებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, მის უარყოფით მხარეებზე, ზიანზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.

სიუჟეტის დასასრულს, ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სვანეთის სარგებელი ჰესის მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო გამოჩნდება, თუმცა მშენებლობის და ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ ჰესი გაცილებით დიდ სარგებელს საქართველოს ენერგოსისტემას მოუტანს.

გასული წლის 5 ივლისს ჭუბერში სტიქია მოხდა და ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ რამდენიმე სოფელი დატბორა. ღვარცოფის შემდეგ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას განცხადებით მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გეოლოგიური რისკები კიდევ უფრო გაძლიერდება ჰესის პროექტის ზეგავლენის შედეგად, ვინაიდან მშენებლობის პროცესში ტყე/მცენარეული საფარი პირწმინდად მოიჭრება, რაც დამატებით მეწყრულ და ღვარცოფულ კერებს გააჩენს.“

ჟურნალისტს ეს ფაქტი მაყურებლისთვის არ უცნობებია , არ დაუსვამს კითხვა, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი წყალდიდობასა და ჰესის მშენებლობას, სამაგიეროდ, აღნიშნა, რომ „როგორც კომპანიაში ამბობენ, ნენსკრა ჰესი ერთგვარი პრევენცია იქნება წყალდიდობისგან“ - თუმცა არც ამ შემთხვევაში დაუსვამს კითხვა, თუ „როგორ“ და მაყურებელს არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი იმის დასტურად, რომ ჰესი წყალდიდობის ან სხვა სტიქიისგან დაიცავს მოსახლეობას.

ჟურნალისტს იმის თქმაც „დაავიწყდა“, რომ 2015 წლიდან დღემდე სვანეთსა და თბილისში არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია და არც ის უხსენებია, რომ პროტესტის გამო 2016 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ერთ კვირაზე მეტი გზა ჰქონდათ გადაკეტილი. არც იმის შესახებ მიუწვდია ინფორმაცია, რომ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც ეწინააღმდეგება.

მაყურებელმა ჯამში მოისმინა 7 რესპონდენტის შეფასება. მათგან 2 - ხელისუფლების, 3 - უშუალოდ კომპანიის წარმომადგენელი და 2 ჰესის მშენებლობის მომხრე ადგილობრივი იყო. თითოეული მათგანი, ისევე როგორც წამყვანი და ჟურნალისტი, „ნენსკრა ჰესის“ სიკეთეებზე საუბრობდა და ეკონომიკურ სარგებელს უსვამდა ხაზს. მაყურებელს არ ჰქონდა შესაძლეობლობა, რომ მოესმინა დამოუკიდებელი ექსპერტის, გეოლოგის, ჰიდროლოგის ან გარემოსდამცველის შეფასება. მთელი სიუჟეტის განმავლობაში მაყურებელს არ მოუსმენია განსხვავებული აზრი და არც იმის შესახებ მიუღია ინფორმაცია, თუ რა რისკები არსებობს და რა ზიანს მოუტანს გარემოს ჰესის მშენებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ნენსკრა ჰესის“ გარშემო დისკუსია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სახელმწიფოსა და „ნენსკრა ჰესის“ მშენებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება 8 ივნისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერმა“ გაასაჯაროვა. გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ კი ხელშეკრულების გააანალიზების საფუძველზე განაცხადა, რომ პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 60 მილიონი დოლარის ზარალს მიაყენებს.
კატეგორია: ეთიკა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნამდე ორი დღით ადრე, რომელსაც მანამდე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა, ტელეკომპანია “იმედმა” სწორედ ამ კლინიკის “საერთაშორისო აღიარების” შესახებ ამბავს კვირის შემაჯამებელ გადაცემაში - “იმედის კვირა” 10 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა.

“სიკვდილს გადარჩენილი პაციენტების ისტორიები საჩხერის საავადმყოფოდან. "იმედის კვირა" იმ დაწესებულებას სტუმრობდა, რომელიც მომავალში საერთაშორისო აღიარებას ელოდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საავადმყოფო არა მარტო საჩხერეში, არამედ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ეს არის კლინიკა, რომელიც ჭიათურელ მაღაროელებს უფასოდ მოემსახურება, ამის შესახებ მათ მთავრობის წარმომადგენელმა მიმდინარე კვირას აცნობა”, - ასე წარადგინა წამყვანმა თემა.

ამის შემდეგ სიუჟეტში უკვე ჟურნალისტი გვიყვება, რომ “აქ მთავარი სიკვდილზე გამარჯვებაა, მართვითი სუნთქვით რეანიმაციულ განყოფილებაში და კომატოზური მდგომარეობიდან გამოყვანა, საჩხერის საავადმყოფოს ექიმებისთვის მარტივი არ არის”.

სიუჟეტიდან აღნიშნული კლინიკის მედპერსონალის მხრიდან „უმძიმესი ბრძოლისა და შრომის შედეგად“ გადარჩენილი სიცოცხლეების შესახებ ისტორიები მოვისმინეთ და იმ „ულტრათანამედროვე“ აპარატურისა და ტექნიკის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია, რომელსაც საჩხერის კლინიკა ფლობს.

„საჩხერის რეანიმაციულ განყოფილებაში სულ 10 ინდივიდუალური პალატაა, ყველა ოთახი თანამედროვე, მაღალი საერთაშორისო აპარატურითა და ინვენტარითაა აღჭურვილი“, - ვისმენთ სიუჟეტიდან და იმ მომსახურებების შესახებ დეტალურად ვიღებთ ინფორმაციას, რომლითაც „ათობით საჩხერელი და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული პაციენტები ყოველდღიურად სარგებლობს“.

„2018 წლის აპრილში საავადმყოფოში გაიხსნა ჰემოდიალეზის განყოფილება, თანამედროვე სტანდარტის 14 სპეციალური აპარატით სარგებლობა უფასოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ჰემოდიალეზის განყოფილების გახსნიდან დღემდე პროფესიონალმა ექიმებმა დახმარება 50 ადამიანზე მეტს გაუწიეს. ჰემოდიალეზის განყოფილება რეგიონში ახალია და ადგილობრივებს კვირაში ოთხჯერ დედაქალაქში ჩასვლა აღარ უწევთ“, - განმარტავს ჟურნალისტი.

ამასთან, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი მოწინავეა არა მარტო რეგიონში არამედ ქვეყნის მასშტაბით, რომ წლებია საავადმყოფო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებს. ყველაფერს თან კლინიკის შიდა პერიმეტრის კადრები ახლავს, რის ფონზეც ჟურნალისტი გვიყვება:

„ასე გამოიყურება კლინიკის საოპერაციო, ახალი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, დაწესებულების ხელმძღვანელობის ინიციატივით შეიძინეს გულის კონორანოგრაფიის სპეციალური აპარატი, რომელიც სისხლძარღვების გამოკვლევებისთვის არის საჭირო, გარდა ამისა, კლინიკაშია უნიკალური, 2018 წელს გამოშვებული ვიდეოენდოსკოპური აპარატი, რომლითაც საჭმლის მომნელებელი სისტემის დეტალური კვლევა ხდება“.

სიუჟეტიდან ისიც შევიტყვეთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საჩხერის საავადმყოფოს მუშაობას აქტიურად აკვირდება, სულ მალე დაწესებულება სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ მაღალ საფეხურზე აიწევს და აისო სერტიფიკატს მიიღებს, სერტიფიცირების პროცესი უკვე დაწყებულია.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრში, სულ 500 ადგილობრივია დასაქმებული. დაწესებულება მუდმივად ცდილობს ექიმებისა და მედპერსონალის განვითარებასა და გადამზადებას. რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოშივე გაიხსნა უფასო საბავშვო ბაღი მხოლოდ საავადმყოფოს თანამშრომლების შვილებისთვის. საჩხერის სამედიცინო დაწესებულება თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და აქტიურად მონაწილეობს მომავალი ექიმების აღზრდაში… საჩხერის საავადმყოფოს წინ დიდი გეგმები აქვს, მალე პალიატიური განყოფილებაც დაემატება და უფრო მეტიც, აქვე გაიხსნება კოლეჯი, სადაც საავადმყოფოს გამოცდილი ექიმები ცოდნას მომავალ ექთნებს გაუზიარებენ“, - ასე სრულდება მაყურებლისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში 10 წუთიანი მოგზაურობა.

ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებამდე ორი დღით ადრე, საჩხერის სამედიცინო ცენტრის შესახებ მსგავსი შინაარსის სიუჟეტის მომზადება და კლინიკის სიკეთეებზე სიკეთეებზე ხაზგასმა, იმის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ არხის მხრიდან ეს სწორედ ამ კლინიკის ხელმძღვანელის და მომავალი ჯანდაცვის მინისტრის შესახებ საზოგადოებაში გარკვეული პოზიტიური განწყობისა და დამოკიდებულების შექმნის მცდელობა იყო. ამასთან, კლინიკის აშენება ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის ასოცირებული. მინისტრად დანიშვნამდე, აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელი იყო ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც.
კატეგორია: ეთიკა

12 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ გავიდა სიუჟეტი სათაურით „ტერორიზმი თუ შურისძიების სურვილი - რას გეგმავდა და რას ედავებიან მალხაზ მაჩალიკაშვილს“. მასალას წინ უძღოდა 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა. “იმედის” სიუჟეტში   გამოყენებული კადრებით, საარქივო მასალებითა და ჟურნალისტის ტექსტით მალხაზ მაჩალიკაშვილი წარმოჩენილი იყო როგორც პოტენციური ტერორისტი და რეალური საფრთხე საზოგადოებისთვის.

სიუჟეტი დაიწყო 2018 წლის 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით (რომელსაც იგი ემოციურს უწოდებს), სადაც იგი ამბობდა, რომ სუს-ში თავის აფეთქება ჰქონდა განზრახული. ამგვარი, ემოციური განცხადებები მასალის ავტორმა მაყურებელს არაერთხელ შესთავაზა. 

გარდა ამისა, სიუჟეტის ავტორი ხშირად იყენებდა ისეთ სიტყვებსა და ფრაზებს, როგორიცაა: ფაქტია, გასაკვირი არ არის, უცნაურია - რაც მაყურებელს უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ის ინფორმაცია, რასაც ჟურნალისტი ამგვარ სიტყვებით აღწერდა, უკვე დამდგარი, ან დადასტურებული ფაქტი იყო.

„მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა რომ ხშირად უკონტროლოა, ეს ბევრჯერ ნახეთ. თუმცა, არც ესაა გასაკვირი. ერთ წელზე მეტია, შვილის გარდაცვალების გამო, პასუხს ითხოვს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ემოციიდან დანაშაულამდე იმაზე ვართ დამოკიდებული, გააკონტროლებს თუ არა საკუთარ საკუთარ სურვილებს, ან შეუშლის თუ არა ხელს მას სახელმწიფო უსაფრთხოება დანაშაულებრივი განზრახვების აღსრულებაში”, - ამბობს ჟურნალისტი და სიუჟეტის მიმდინარეობისას მაყურებელს კიდევ არაერთხელ ახსენებს, რომ ადამიანების უსაფრთხოება მაჩალიკაშვილის ემოციურ მდგომარეობასა და თვითკონტროლის უნარზეა დამოკიდებული. მაგალითად, „რთულია განცდა, დამოკიდებული იყო იმაზე, როდის ვეღარ მოერევა თავს ამ განცხადებების ავტორი, როცა ღიად საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავის აფეთქებასა და კონკრეტული ადამიანების განადგურებაზე“.

ამავე მასალაში ავტორი ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მამის საფლავი დანაშაულისთვის საკმაოდ მოსახერხებელ ადგილასაა, რაც ასევე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დანაშაული ნამდვილად იგეგმებოდა. ადგილის შესაბამისობას იგი მხოლოდ ტყის სიახლოვით ხსნის, თუმცა, ვინ ან რა ადასტურებს ამას, მასალაში არ ჩანს.

სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტი ისევ მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ სუს-ის დამსახურებით, ქვეყანა ტერორისტულ აქტებსა და საერთაშორისო დონეზე სახიფათო ქვეყნის სტატუსს გადაურჩა.

თემირლან მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის შესახებ მაყურებელმა მოისმინა მხოლოდ  გამოძიების ვერსია და მაჩალიკაშვილის საწინააღმდეგოდ საქმეში არსებული მტკიცებულებები - დნმ-ის კვალი ხელყუმბარაზე, სატელეფონო ანძების ამონაწერი, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმოწერა უცნობთან და ვიდეოკადრები, რომლებიც მის ჩატაევთან კავშირზე და მისი მხრიდან ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერაზე ამცნობდა მაყურებელს. ასევე, ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა მაჩალიკაშვილისა და ჩატაევის ოჯახების ნათესაურ კავშირზეც .

თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ გაცხადებულ მძიმე ბრალდებებზე (კავშირი ტერორისტებთან),  მაყურებელმა ოჯახისა და ადვოკატისგან პასუხი ვერ მოისმინა. ისინი მხოლოდ იმ ნაწილში სცემდნენ კითხვებს პასუხს, არის თუ არა  მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩამდენი (ოჯახთან დაკავშირებული ბოლო ბრალდება). 

მასალაში არ იყო წარმოდგენილი დამოუკიდებელი იურისტი და ანც სხვა კომპეტენტური რესპონდენტი, რომელიც მაყურებელს მიაწვდიდა არგუმენტირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რეალურად შეიცავდა თუ არა ტერორისტული აქტის ორგანიზების ნიშნებს სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი და რეალურად არის თუ არა საზოგადოებისთვის საფრთხე მალხაზ მაჩალიკაშვილი, რა შთაბეჭდილებაც სიუჟეტმა დატოვა.

კატეგორია: ეთიკა
12 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პირისპირ“ საპენსიო რეფორმას ეხებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის წარმატებული ბიზნესმენის სტატუსით კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი დავით(დევი) გულაშვილი იყო, რომელიც საპენსიო რეფორმის სიკეთეებზე საუბრობდა. გულაშვილი მუშაობს კომპანიებში, რომლებიც საპენსიო სააგენტოს დირექტორის სახელთანაა დაკავშირებული, თუმცა, სტუმრის წარდგენისას გადაცემის წამყვანს აუდიტორიისთვის ამ კავშირების შესახებ არაფერი უთქვამს.

უფრო კონკრეტულად, კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი დავით გულაშვილია, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ ერთ-ერთი მფლობელი რევაზ სურგულაძე იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მისი კუთვნილი წილი მის შვილებს - ლევან სურგულაძესა და გიორგი სურგულაძეს გადაეცათ. თუმცა, ამ ცვლილების რეგისტრაცია რეესტრში შეჩერებულია.

გარდა ამ კომპანიისა, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან იკვეთება მეორე კომპანიაც - „კავკასიის ბიზნეს ჯგუფი“, რომლის წევრიცაა "კავკასიის ავტოიმპორტი". დავით გულაშვილი ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეა, ლევან სურგულაძე კი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. საპენსიო ფონდის პრესსსამსახურის ცნობით, სულგულაძემ სამეთვალყურეო საბჭო სექტემბერში დატოვა, თუმცა, ეს ცვლილება არ ასახულა არც საჯარო რეესტრში და მის მიერ 2018 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ ჯერ კიდევ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

დავით გულაშვილი რომ ნამდვილად მუშაობს ორივე კომპანიაში, „მედიაჩეკერმა” მასთანაც გადაამოწმა. იგი ადასტურებს, რომ კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი”, რომელშიც აღმასრულებელი დირექტორია, ნამდვილად რევაზ სურგულაძის კომპანიაა. თუმცა, ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ვის მფლობელობაში გადავიდა „კავკასიის ავტოიმპორტი” რევაზ სურგულაძის გარდაცვალების შემდეგ.

გადაცემა „პირისპირ” არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაგროვებითი პენსიის შესახებ სასაუბროდ დავით გულაშვილი „იმედის“ ეთერში მიიწვიეს. ამავე არხსა და ამავე თემაზე, იგი 10 მარტს, “იმედის კვირაშიც” საუბრობდა. დავით გულაშვილი დაგროვებითი პენსიის დადებით მხარეებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამბობდა, რომ ეს ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი არ არის და მაგალითად მოჰყავდა საკუთარი კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“, რომელიც დასაქმებულებს თავად უხდის საპენსიო გადასახადს.

საპენსიო რეფორმა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი აქვთ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირები კი ვალდებულნი არიან. სქემის მიხედვით, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6% გროვდება, - დამსაქმებელიც, დასაქმებულიც და სახელმწიფოც, ფონდში ხელფასის 2-2%-ს რიცხავენ.

რეფორმა მასზე საუბრის დაწყებიდან დღემდე საზოგადოების კრიტიკის საგანია. დაგროვებითი პენსია საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
კატეგორია: ეთიკა
ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურება დადებითი ბიძგებისა და პროცესების მაჩვენებელი რომ არის, ამაში ყველა ვთანხმდებით. ამაზე თვალს ვერც მედია დახუჭავს, მათ შორის, კონკრეტული ხელისუფალის მიმართ უკიდურესად კრიტიკულად განწყობილიც კი. თუმცა, მთავარი აქ მაინც ის კრიტიკული ზღვარია, რომელიც მედიამ არასდროს უნდა დაკარგოს, ქებათა-ქების მორევში აღებული სიჩქარით ერთბაშად არ გადაეშვას და წონასწორობის მექანიზმი არ მოშალოს.

გასულ კვირას გაირკვა, რომ აუტოგრაფ ქოლექშენის“ (Autograph Collection) სასტუმროებს შორის შეკვეთილის სასტუმრო “პარაგრაფი” მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა და უკან კოპენჰაგენის, ვარშავის, ბარსელონისა და მილანის სასტუმროები ჩამოიტოვა. თავად ფაქტი თავისთავად კარგია, იმდენად კარგიც კი, რომ ზოგიერთ მედიამესვეურში სიამაყის გრძნობა გაათმაგებით, უფრო ზუსტად კი, გაორმაგებით გააღვიძა და ამბავს პრაიმ-ტაიმში ორი ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა - ტელეკომპანია "იმედმა" “პარაგრაფის” პირველობის ამბავი ისეთი მასშტაბებით შეაფასა, რომ მას 28 თებერვალს ჯერ თითქმის 7 წუთიანი სიუჟეტი დაუთმო, კვირის მთავარ შემაჯამებელ გამოშვებაში კი მთელი 15 წუთი მხოლოდ ამაზე ისაუბრა.

თუკი იმასაც დავაზუსტებთ, რომ ზემოთ ხსენებული სასტუმრო მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირდება, ბევრისთვის, ალბათ, ყველაფერი გეომეტრიული სიზუსტით დალაგდა. სასტუმროს ფლობელი არც ერთ სიუჟეტში უხსენებიათ. მათ, ვინც ამ სიახლეს სულმოუთქმელად ელოდა, “იმედმა” ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და რამდენიმე წუთის განმავლობაში საოცნებო ადგილას ვირტუალურად ამოგზაურა. პარალელურად კი პირველ ადგილოსანისადმი საქებარი სიტყვები არც წამყვანებმა დაიშურეს და არც თავად სიუჟტების ავტორმა ჟურნალისტებმა.

“... 200-ზე მეტი ნომერი, ზღვაში შეჭრილი აუზი და ზამთრის ბაღი სასტუმროს განსაკუთერებით მიმზიდველს ხდის. პარაგრაფის სავიზიტო ბარათი კი გრანდიოზული აკვარიუმია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ჰყავს. სასტუმროში დასაქმებული 450 ადამიანიდან 400 ადგილობრივი მცხოვრებია”, - წამყვანის ამ სიტყვებით დაიწყო “პარაგრაფში” მოგზაურობის პირველი დღე “იმედმა”.

ამის შემდეგ სათქმელს კიდევ უფრო აკონკრეტებს და დეტალებში შლის ნანახით მოხიბლული ჟურნალისტი და ყოველი შემთხვევისთვის ადგილსაც აზუსტებს და ამბობს, რომ თუკი ისეთ ადგილას მოხვედრა გვინდა, რომელიც “ქართულ რეალობას” არ ჰგავს, გეზი შეკვეთილისკენ უნდა ავიღოთ. ის სასტუმროს თვალის მომჭრელი ინტერიერისა და ექსტერიერის კადრების ფონზე მის უპირატესობებზე საუბრობს და  ხაზს ისიც უსვამს “აკვარიუმის” გრანდიოზულობას”, რომელსაც “რეგიონში ანალოგი არ აქვს”.

altსიუჟეტიდან სასტუმროს ე.წ. საპრეზიდენტო ოთახის არსებობაც შევიტყეთ, რომელშიც ღამეს ცნობილი ვარსკვლავები ათევენ. ისიც გავიგეთ, რომ “ამ აპარტამენტების სტუმრებს კაბინეტი, პირადი საუნა, მინისავარჯიშო დარბაზი და რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესო პანორამული ხედი აქვთ ზღვასა და ტყეზე”.

ეს ყველაფერი არ არის. თუკი “პარაგრაფში” სტუმრობისას, ჯიბე საპრეზიდენტო აპარტამენტამდე ვერ გაგწვდათ, გული ხედზე მაინდამაინც არ დაგწყდეთ, თურმე, “აივანი შეკვეთილის სასტუმროში ხუთი სხვადასხვა კატეგორიის 220-ივე ნომერს აქვს”. ჟურნალისტს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ ბიზნეს შეხვედრებისთვის, პრეზენტაციებისა და კონფერენციებისთვის სასტუმროში სპეციალური სივრცეც არის გამოყოფილი".  ჟურნალისტს არც გურული მზარეული გამორჩენია, რომლებიც 35 სახეობის კერძით “ერთნაირად აოცებენ როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს”.

ორი დღის შემდეგ "იმედზე" იმავე მარშრუტის დრო დგება, იმავე კონტექსტით, თითქმის იდენტური ტექსტებითა და ცხადია ზუსტად იმავე ადგილით, თუმცა გაორმაგებული დროით და ოდნავ განსხვავებული, უფრო მკაფიო აქცენტებით.

თუკი პირველ სიუჟეტში “იმედმა” მაყურებელს მხოლოდ “პარაგრაფზე” მოუყვა, ახლა მსჯელობა მისგან მოტანილ სიკეთეებზე გააკეთა. ამას “ბლექ სი არენა”, მინიატურების, და მუსიკოსებისა და დენდროლოგიური პარკები დაუმატა და ლოგიკური ჯაჭვი, მთავარი პერსონით აქაც შეიკრა. “ფაქტია, ამ ყველაფერმა რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. უამრავი ადგილობრივის საცხოვრებელი პირობები არის გაუმჯობესებული. ნახეთ მსოფლიო დონის ტურისტული ზონა შეკვეთილიდან ნატა ქაჯაიას და კახა როინიშვილის რეპორტაჟში”, - გვაცნობა ახლა უკვე კვირის მთავარი შემაჯამებელი გადაცემის წამყვანმა.

ზემოთ უკვე ერთხელ მონათხრობი, გაორმაგებული დოზით რომ არ შემოგთავაზოთ, ყურადღებას მხოლოდ 15 წუთიანი სიუჟეტის მიწურულს დასმულ აქცენტებზე გავამახვილებთ. ასე მაგალითად, თურმე “პარაგრაფის პირველობა და საერთაშორისო წარმატება, პირდაპირ აისახება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე, ამ აღიარების შემდეგ, საქართველოში დამსვენებელთა კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების თამასაც აიწევა და დიდი ალბათობით, ეს ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს”.

თუმცა, რამდენად სწორია ერთ კონკრეტულ ფეშენებელურ სასტუმროს ტურიზმის განვითარება, მომსახურების თამასის აწევა და ეკონომიკური სარგებლის მოტანა მიაწერო, რთული სათქმელია. მით უფრო, იმ ფონზე, რომ მის ამ მსჯელობას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის კომენტარი აძლიერებს, რომელიც ამბობს -, “აქ [პარაგრაფში] ჩამოსული ტურისტი ნიშნავს იმას, რომ ის იმოგზაურებს აუცილებლად აჭარაში, ბათუმში, გურიის სოფლებში, სადაც არის ფანტასტიკური ეკოტურისტული შესაძლებლობები, მთიანი გურია არის ფანტასტიკური. ანუ, ასეთი ტიპის ბიზნესპროექტი აჩენს მიზიდულობის ცენტრს”, - ამბობს ის.

alt“პარაგრაფიდან” სიუჟეტში აქცენტი უკვე შეკვეთილისა და ზოგადად რეგიონისთვის “ბლექ სი არენას” მნიშვნელობასა და მისგან მომდინარე სიკეთეებზე გადადის. ვიგებთ, რომ მისი ამუშავებიდან მალევე საოჯახო ტიპის სასტუმროების მშენებლობის ბუმი დაიწყო და მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე წელში, თითქმის გაათმაგდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობაც.

"ამ ციფრების და მშრალი სტატისტიკის მიღმა 100-ობით დასაქმებული ადამიანი დგას, გაუმჯობესებული მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობებით”, - ამბობს ჟურნალისტი და მაყურებლისთვის სრულიად უცნობი რჩება რა სტატისტიკასა და მონაცემებს ეყრდნობა ის. ისევე როგორც არაფერია იმის დამადასტურებლად წარმოდგენილი, რომ საოჯახო სასტუმროების ბუმი სწორედ "პარაგრაფმა" გამოიწვია. დასასრულიც ისევე იყო მოკლებული არგუმენტებსა და მტკიცებულებებს, როგორც მისი სხვა ტექსტები .

“ფაქტია, რომ გურია რეგონის განვითარების ცენტრად იქცა, შეკვეთილი კი პარაგრაფის წყალობით მსოფლიო დონის ტურისტულ ცენტრად”, - ამ სიტყვებით დასრულდა 15 წუთიანი ოდისეა ისე, რომ ჟურნალისტს არაფერი უთქვამს, რეგიონის წინაშე არსებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, ეს მაშინ, როდესაც ტურიზმის განვითარება აღნიშნულთან პირდაპირ კავშირშია. რომ არაფერი ვთქვათ ტურისტების მონაცემების დივერსიფიკაციაზე, მათი კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებთან კორელაციასა და ბმაზე, ბლექ-სი არენას შენახვაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დახარჯულ თანხაზე და ჩატარებული კონცერტებიდან მიღებულ შემოსავალზე და მათ დისპროპორციაზე.

სიუჟეტში ასევე არაფერი თქმულა, უკვე ტურისტებისთვის უკვე ლეგენდად ქცეულ წინაღობაზე, რომელიც ტურისტულ ცენტრებში საპირფარეშოების არარსებობას უკავშირდება. ასევე, ყურადღება არ გამახვილებულა, ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების საკითხზე, რომელიც ადგილობრივებისთვის, მათ შორის მცირე მეწარმეებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც ისინი ზღვის ყველა სეზონზე თითქმის უშედეგოდ ითხოვენ.

და ბოლოს რიტორიკული კითხვა, რომელიც, შესაძლოა, ჩემსავით თქვენც დაგებადათ - მოხვდებოდა კი ნებისმიერ სხვა სასტუმრო, ან ტურისტული ობიექტი, “იმედის” ასეთი განსაკუთრებული ყურადღებისა და ფოკუსის ქვეშ, მსგავსი დოზითა და იდენტური აქცენტებით, რომ არა ერთი კონკრეტული სახელი და გვარი, რომელსაც ყველა ეს ობიექტი უკავშირდება? ალბათობის ჩემეულ ვერსიებს უკან წავიღებ, კითხვის ღია ფორმატს და პასუხისთვის ცარიელი სივრცეს დავტოვებ.