კატეგორია: საერთაშორისო ამბები
26 მარტს ერთ-ერთი ბრიტანული უმსხვილესი ყოველდღიური გამოცემის, „ინდეფენდენტის“ ბოლო, ბეჭდური ვერსია გამოვიდა. როგორც მისმა მფლობელმა, სერგეი ლებედევმა მიმდიანრე წლის თებერვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაზეთი მთლიანად ინტერნეტში გადაინაცვლებს.

უკვე ცნობილია, რომ პრინტის დახურვის შემდეგ, უსამსახუროდ 50 თანამშრომელი რჩება. მისი მეპატრონე ამბობს, რომ გუნდის წევრთა ნახევარი ვებ-გვერდზე დასაქმდება.

„საგაზეთო ინდუსტრია იცვლება. ამ ცვლილებას მკითხველები გვაჩვენებენ, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მომავალი ინტერნეტისაა,“ - აცხადებს ლებედევი.

ბრიტანული მედია „ინდეფენდენტის“ დახურვას არაერთ სტატიას უძღვნის. „გარდიანში“ იხსენებენ, რომ გაზეთი პირველი იყო, რომელმაც ეკონომიკური და ინდუსტრიული გადატრიალება მოახდინა საგაზეთო ბიზნესში..

„ინდეფენდენტი“ არ არის ძველი გამოცემა. მისი პირველი ნომერი 1986 წლის 7 ოქტომბერს გამოვიდა. ანდრეას სმითი, სტეფან გლოუერი და მათეუ საიმონდსი „დეილი ტელეგრაფის“ ყოფილი ჟურნალისტები იყვნენ და სურდათ, ბრიტანელი მოსახლეობისათვის ახალი, ლიბერალური ხმა მიეწვდინათ. გამოცემა ყოველთვის გამოირჩეოდა ანტიმონარქიული განცხადებებით რაც ბრიტანეთის კონსერვატორულ სამყაროში ნამდვილი ფურორი იყო.

„ახალი სიტყვა ბრიტანულ პრესაში“ - ასეთი შეფასებები დღეს მრავალად გაისმის გაზეთის მისამართით. დაარსებიდან ორ წელიწადში, 1988 წელს მისი ეგზემპლარების გაყიდვების რაოდენობამ 400.000 შეადგინა. 1990 წელს კი, სხვა სოლიდური გამოცემების მსგავსად, გაზეთს საკვირაო გამოშვება დაამატეს და ასე გაჩნდა “Independent Sunday” (მისი ბოლო ბეჭდური ვერსია 20 მარტს გამოვიდა). სწორედ 90-იანი წლების დასაწყისი მიიჩნევა გაზეთის აყვავების ხანად. მის თანამშრომლებს ჰქონდათ ხედვა და გაზეთის განვითარების იმგვარი კონცეფცია, რომელიც სხვა ბრიტანული გამოცემებისათვის იმ დროს უცხო იყო.

დაარსების პირველ წლებში გაზეთი მაღალკვალიფციური რედაქტორებით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, მეპატრონეთა და საგაზეთო პოლიტიკის ხშირმა ცვლილებამ გაზეთის გაყიდვების რაოდენობა შეამცირა. 2003 წლიდან შეიცვალა გაზეთის ფორმატიც - A4 . მისი პირველი გვერდი კი რამდენიმე ნიუსის ნაცვლად, ერთმა მოსაზრებამ დაფარა. ამ დროისათვის, „ინდეფენდენტის“ მხოლოდ 40.000 ეგზემპლარი იყიდება, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე ნებისმიერი რეგიონული პრესის მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში. ამის პარალელურად, „ინდეფენდენტის“ ინტერნეტ და სოციალური მედიის პოლიტიკას საუკეთესოდ მიიჩნევენ ინგლისში.

„ინდეფენდენტის უნიკალური საგამომცემლო პოლიტიკა მშვენივრად ერგება გლობალურ ციფრულ მდგომარეობას“ - აცხადებენ დიდი საგამომცემლო სახლები. დღევანდელი მონაცემებით, გამოცემის გვერდს 2.8 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და პოპულარობაში ტოლს არ უდებს ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა “The Guardian,” “The Daily Telegraph,” “The Daily Mail” და სხვები.

„ინდეფენდენტი“ პირველი ბრიტანული ყოველდღიური გამოცემაა, რომელმაც ბეჭდური სახით არსებობა შეწყვიტა. მანამდე, 2012 წლის დეკემბერში კი ამერიკული პრესტიჟული გამოცემა, “Newsweek-ი“ იყო. ერთი შეხედვით, ბუნებრივი პროცესის მიუხედავად, ბრიტანეთში ამბობენ, რომ საგაზეთო ჯიხურებიდან გაზეთების გაქრობა მედიაპლურალიზმს უქმნის საფრთხეს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2015 წლის 31 დეკემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდრეას დუდამ, მედიის შესახებ კანონში ცვლილებას ხელი მოაწერა. ახალი რედაქციის თანახმად, კანონი ხელისუფლებას აძლევს ნებას, თავად დანიშნოს საზოგადოებრივი ტელე და რადიომაუწყებლის ხელმძღვანელი. რეგულაცია პოლონეთის სახაზინო მინისტრს საზოგადოებრივი მედიის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის დაყენების უფლებასაც აძლევს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ადგილობრივი და საერთაშორისო პროტესტი გამოიწვია. ლიბერალურმა მედიაგამოცემებმა მკაცრად გააკრიტიკეს მთავრობა. მაგალითად, „ნიუსვიკის“ ადგილობრივი გამოცემის პირველ გვერდზე სახელწიფო გერბთან ერთად, წარწერა „პოლონეთის გაუპატიურება“ გამოჩნდა. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იყო იანვრის შუა რიცხვებშიც.

პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ევროპელი და ადგილობრივი მედიაექსპერტების შეშფოთება მოჰყვა. საკითხზე დასავლურმა მედიაც აქტიურად წერს და ხაზს უსვამს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მედიისა და პოლიტიკის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა მარტივი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზაცია აქაური ხელისუფლებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. „ფრანც პრესი“ აღნიშნავს, რომ პოლონეთში, 1989 წლიდან 2015 წლამდე ყველა მოქმედ მთავრობას აბრალებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოყენებას პოლიტიკური პროპაგანდისათვის, თუმცა ბოლო მთავრობის შემთხვევაში, ლუსტრირება ძალიან სწრაფად მოხდა.

კონტროლის ახალი მოდელი ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ხედვასა დაა ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების პრინციპებს, რომლის ამოსავალი წერტილი საზოგადოებრივი მედიის თავისუფლება და მისი პოლიტიკური დამოუკდებლობაა. მაუწყებელთა გაერთიანებამ პოლონეთში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებაც გაავრცელა და ხელისუფლებას კეთილგონიერებისაკენ მოუწოდა.

მთავრობის განსაკუთრებული გაღიზიანება, გერმანული მედიისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან კრიტიკას მოჰყვა. აქცენტი „რეპორტიორი საზღვრებს გარეშეს“ დირექტორის, გიუნტერ ოტინგერის ინტერვიუზე კეთდებოდა, რომელიც მან „ფრანკფურტერ ალგემაინე ზონგატსცაიტუნგს“ მისცა და სადაც ოტინგერმა 2015 წელს, მედიის თავისუფლების კუთხით, პოლონეთის მეთვრამეტე ადგილს (ბრიტანეთის, ამერიკისა და საფრანგეთის გვერდით) გაუსვა ხაზი, გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ახალმა კანონმა არამხოლოდ მედიის მუშაობა, არამედ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაც შეზღუდოს და დაამატა, რომ ევროკავშირმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი უნდა დაიწყოს.

ინიციატივა პოლონეთში მიმდინარე მოვლენების მეთვალყურეობისა და ზედამხედველობის შესახებ ევროპარლამენტმა, 2016 წლის 19 იანვარს, ევროსაბჭოსთან ერთად წარადგინა. ეს მაშინ, როდესაც მედიის ახალი კანონის შესახებ ევროკავშირის ლიდერებმა პოლონეთის მთავრობასთან შეხვედრა დანიშნეს. მსჯელობისას განსაკუთრებული აქცენტი კანონის იმ ნაწილზე გაკეთდა, რომელიც მედიისა და კონსტიტუციის ურთიერთქმედებას ეხება, თუმცა უახლესი ინფორმაციით, იდეური თანხვედრა პოლონეთის ლიდერებსა და ევროპარლამენტის წევრებს შორის არ მიღწეულა.

19 იანვრის მოსმენა პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 2014 წელს, ლისაბონში მიღებული სამართლებრივი ჩარჩოხელშეკრულება იქნა გამოყენებული (Article 7 TEU Procedure). აღნიშნული რეგულაციია ევროკავშირს აძლევს საშუალებას, მოლაპრაკების პროცესში შევიდეს წევრ სახელმწიფოსთან და მოახდინოს იმ სისტემური საფრთხეების პრევენცირება, რომლებიც, შესაძლოა, ევროპულ სამართალს ემუქრებოდეს. კანონის თანახმად, მეშვიდე მუხლის ამოქმედება იმ შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც „არსებობს თვალნათელი საფრთხე და რისკი სერიოზული გადაცდომებისა“. საკანონმდებლო ნორმა სანქცირების მექანიზმს იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ გადაცდომას ექნება ადგილი.“

მიუხედავად ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვებისა, პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მედიის სრული გარდაქმნა აქვს მიზნად და ცვლილება, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მხოლოდ დროებითი ნორმაა.

პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრი ამბობს, რომ ახალი კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და პოლონეთის პრესის სააგენტოს კომერციული ორგანიზაციიდან „ეროვნულ კულტურულ ინსტიტუციად“ გარდაქმნის, რომელსაც „სტაბილური ფინანსური შემოსავლებისა და განვითარების შესაძლებლობა“ ექნება. მმართველი პარტიის ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალი რეფორმას რამდენიმე მიზანი აქვს. მათ შორის, არის ახალი ინსტიტუციის, ეროვნული მედიასაბჭოს შექმნა, რომელიც პოლონეთის საზოგადოებრივ მედიას, TVP-სა (პოლონეთის მაუწყებელს) და PR-ს (პოლონეთის რადიოს) გააკონტროლებს. მისი წევრების შერჩევა იმავე სისტემით მოხდება, როგორც ამჟამად მოქმედი ეროვნული მაუწყებლობის ბორდისა: პრეზიდენტი ორ კანდიდატს წარადგენს, ორ კანდიტატს - პოლონეთის პარლამენტის სეიმი (ქვედა პალატა) და ორსაც სენატი (ზედა პალატა).

ამასთან მთავრობა გეგმავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. გეგმის მიხედვით, დამატებითი თანხები კერძო მაუწყებლიდანაც წამოვა, რადგან იგეგმება სამაუწყებლო ლიცენზიის მოსაკრებლის ე.წ. აუდიოვიზუალური გადასახადით შეცვლა, თუმცა ჯერჯერობით, არ არის დადგენილი, თუ რა სახე ექნება ცვლილებას.

გეგმის მიხედვით, მთავარი ცვლილება მაინც მაუწყებლის ბორდს შეეხება. მთავრობაში ამბობენ, რომ საბჭოს აღარ ექნება გავლენა მედიაზე, თუმცა იქნება პასუხისმგებელი, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება.

ამ ეტაპისათვის საკანონმდებლო ინიციატივის ზუსტი დეტალები უცნობია და მედიის ახალი კანონი საჯარო კონსულტაციებზე არ გაუტანიათ. თუმცა, არსებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ ახალი ინსტიტუცია და საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად ზღუდავს სამაუწყებლო ჩარჩოს და ხდება მისი ძველი, არადემოკრატიული მექანიზმით ჩანაცვლება, რაც პირდაპირ სამთავრობო კონტროლს გულისხმობს.

პოლონეთში ამბობენ, რომ პარტია „სამართლიანობის“ ერთ-ერთი მიზანი პოლონეთის უფრო მეტად ნაციონალიზაციაა. ვარაუდის საფუძველს მთავრობის განცხადებებიც იძლევა, სადაც მისი წევრები აღნიშნავენ, რომ პოლონური მედია „უფრო მეტად პოლონური“ უნდა იყოს. ასევე იგეგმება, შეიცვალოს კერძო მაუწყებლობის მფლობელობის სქემაც, თუმცა ფაქტია, რომ ამ ცვლილების მიღება ევროკავშირის სამართალზე გადაბიჯების გარეშე შეუძლებელია.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მოდიფიცირებასთან ერთად, პოლონეთის მთავრობამ უკვე დააანონსა გეგმები ზედამხედველობით კანონთან დაკავშირებით, რომელიც ნებას იძლევა, ფართოდ იქნას წვდომა გაცემული მონაცემთა ციფრულ ბაზაზე, რაც აძლიერებს ტელეკომუნიკაციებისა და ინტერნეტის კონტროლის პოლიტიკას.

„ცოტა ხანში პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდება უფრო სკეპტიკური ევროკავშირისადმი და მეტად ლოიალური ადგილობრივ პოლიტიკური ავტორიტეტების მიმართ,“ ასე ასეთ შეფასებას აძლევენ ევროპელი მედიაექსპერტები პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, როგორც ჩანს, პოლონეთში ამ ცვლილებასთან შეგუებას მოსახლეობის ნაწილი არ გეგმავს. რეიტინგების მთვლელი ადგილობრივი კომპანიის WM-ის თმქით, მხოლოდ იანვარში, საზოგადოებრივმა მედიამ მაყურებელთა და მსმენელთა 10% დაკარგა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2016 წლის 12 იანვარს სტამბულში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ უბანში მოხდარ აფეთქებას 10 ადამიანის, მათ შორის, ცხრა გერმანელი ტურისტის სიცაოცხლე შეეწირა. შემთხვევიდან საათზე ნაკლებში მთავრობის სპეციალური დადგენილება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ტერაქტის ადგილიდან მაუწყებლობა აიკრძალა. შეზღუდვა რამდენიმე საათში მოიხსნა.

თურქეთის კანონთან მაუწყებლობის შესახებ, ევროკავშირს არაერთი შენიშვნა ჰქონია. არსებული წნეხიდან გამომდინარე, მთავრობამ საკანონმებლო ნორმების გადახედვის პირობა დადო. თუმცა 2011 წელს მიღებული #6112 კანონი, განსაკუთრებული შემთხვევებისას, პრემიერ-მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილებამინიჭებულ მინისტრს უფლებას აძლევს მედიაში გაშუქების ასაკრძალად სპეციალური ბრძანება გამოსცეს, თანაც სასამართლოს ნებართვის გარეშე. ცვლილებამ კანონში თავიდანვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ უფლებას მთავრობა თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა, თუმცა მათი აზრი გათვალისწინებული არ იქნა.

სტამბულის შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც ხელისუფლება მაუწყებლობის შეზღუდვის ხერხს მიმართავს. მსგავსი განკარგულება ოქტომბერში, ანკარაში მომხდარი აფეთქების დროსაც გაიცა. მოტივი იდენტური იყო: შემთხვევის ამსახველი კადრების გავრცელებას, შესაძლოა ხალხში პანიკა გამოეწვია, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მთავრობამ მედიას მომხდარზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებაც აუკრძალა.

მანამდე, ანკარის მოვლენებიდან სამი თვით ადრე, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქში მომხდარი აფეთქების შემდეგ, თურქეთის მთავრობამ ტვიტერი დაბლოკა.

სტამბოლელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები გახშირდა. გადაწყვეტილებას მთავრობა განსაკუთრებით, პოლიტიკური და კორუფციული სკანდალების შემდეგ იღებს. თურქული გაზეთის, “ჰურაიეთის” ცნობით, 2010-2014 წლებში ხელისუფლებამ, დაახლოებით, 150 მსგავსი ბრძანება გამოსცა.

სანამ მედიის წარმომადგენლები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, სამართლებრივი ორდერის თანახმად, შეზრუდვა ახალი ამბების გადაცემასთან ერთად, სოციალურ მედიაზეც გავრცელდა. “ტელეგრაფისა” და “CNN-ის” ჟურნალისტების ინფორმაციით, აკრძალვა მხოლოდ ფოტოებს შეეხებოდა. “მედიაჩექერს” სტამბოლელმა ჟურნალისტმა აცნობა, რომ მაუწყებლების დიდმა ნაწილმა მომხდარის გაშუქება განაგრძო, თუმცა შემთხვევის ადგილიდან სტუდიაში გადაინაცვლა. აქვე აღსანიშნავია, რომ ბევრმა ჟურნალისტმა, მათ შორის, საერთაშორისო რეპორტიორებმა, მთავრობის აკრძალვა არაფრად ჩააგდეს. უმეტესობა ინფორმაციას ტვიტერის საშუალებით გადასცემდა. შესაბამისად, კანონის დარღვევისათვის რომელიმე ადგილობრივ მაუწყებელს კანონით დაკისრებული ჯარიმა არ მიუღია.

სოციალურ ქსელებში მოსახლეობის პროტესტიც გამოჩნდა. ირონიულად იწერებოდა, რომ მაუწყებლები ლურჯი მეჩეთის ნაცვლად, ეთერში დერვიშების ცეკვას უჩვენებდნენ, ზოგი ხუმრობდა, რომ მთავრობის ორდერი უფრო მალე გაიცა, ვიდრე სასწრაფო დახმარების მანქანებმა მიაღწიეს შემთხვევის ადგილზე.

თურქულმა სატირულმა გამოცემა “პინგვინმა” ტვიტერზე ნახატი განათავსა, სადაც აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ღრუბლებში საკუთარ სიკვდილზე მსჯელობენ. ერთი მათგანი მეორეს ეკითხება:

“რატომ მოვკვდით, ძმაო?”

“არ ვიცი, შენ?”

“არ ვიცი, მედიას გაშუქება აკრძალული აქვს. ვერაფერს გეტყვი”.

მედიის საქმიანობის შეზღუდვას, გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, “Article 19-იც” გამოეხმაურა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს გამოხატვის თავისუფლებას, საერთაშორისო კანონმდებლობა კი მედიას მსგავს სიტუაციებში გაშუქების უფლებას აძლევს. ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია ეჭვი იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება, მსგავსი საკითხის გაშუქებამ, სახელმწიფო უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მედიის შეზღუდვა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს მხარდამჭერები მედიაში და ის ჟურნალისტები, რომლებიც მის მითითებას არ მიჰყვებიან. ჟურნალისტს, რომელიც არ დაემორჩილება ბრძანებას და აკრძალვის მიუხედავად თემას მაინც გააშუქებს, შესაძლოა, სამ წლამდე პატიმრობა დაემუქროს.

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯარიმა თუ მაუწყებლობის შეზღუდვა მსგავს შემთხვევებში წინმსწრებად არასოდეს ხდება. მედიას თავისუფლად აქვს საშუალება, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები გააშუქოს. ასე იყო 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზისა და აპრილში მომხდარი ბოსტონის ტერაქტის დროსაც. შემთხვევის ადგილის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ შეწყვეტილა 11 სექტემბრის ტერაქტის დროსაც.

საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თურქეთის მთავრობის მიერ, 2011 წელს მიღებული რეგულაცია ქმნის საფრთხეს, დასაჯონ ჟურნალისტები მაშინაც, როცა ისინი პოლტიკურ ან კორუფციულ საქმეებსა და სკანდალს გააშუქებენ.
კატეგორია: ეთიკა
რამდენიმე დღის წინ თბილისში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა: მშენებარე სახლიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. მედიასაშუალებების ნაწილი შეეცადა, დაეცვა გაშუქების სტანდარტები, თუმცა რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებაში მაინც ვნახეთ ნანგრევებში ჩაჩეხილი ადამიანის ცხედარი.

ქართულ მედიასივრცეში ეს მსგავსი ფაქტების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ზოგჯერ ახლობლის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები ინფორმაციას ტელევიზიით იგებენ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში გაწერილია ნორმები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებელი და ჟურნალისტი უბედური შემთხვევების გაშუქებისას. დოკუმენტი მაქსიმალურად ითვალისწინებს როგორც დაღუპულის ოჯახის წევრების, ასევე მაყურებელთა ინტერესებს. ქცევის კოდექსში აღნიშნულია, რომ მედიამ არ უნდა გააშუქოს უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან კონკრეტული პირი ტრაგედიის ან მწუხარების დროს. ერთადერთი გამონაკლისი ოჯახის ნებართვაა, თუმცა აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაუფრთხილდეს ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფონს.

რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან, სპორტის ექსტრემალური სახეობის მოყვარული, ორი ახალგაზრდა გადმოხტა. უბედური შემთხვევის შედეგად, ორივე ადგილზე დაიღუპა. "კურიერმა" ოჯახის თანხმობით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გარდაცვლილთა უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები გაუშვა. კადრში ასახული იყო, როგორ ხტებოდნენ ხიდიდან ახალგაზრდები.

ვიდეოს ეთერში გაშვება მაუწყებელმა მაშინ მაღალი საზოგადოებირივი ინტერესით ახსნა. ეს კადრები კი გარკვეული პერიოდის მანძილზე, საზოგადოების მითქმა-მოთქმისა და მედიის კრიტიკის საგნად იქცა. რას ნიშნავს „საზოგადოებრივი ინტერესი“ და „საზოგადოებისთვის საინტერესო“, რა განსხვავებაა მათ შორის, ბევრისთვის ისევ ბუნდოვან საკითხად დარჩა.

არადა, საქართველოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლბის შესახებ, ნათლადაა განმარტებული, რომ: „საზოგადოებრივი ყურადღება არის საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან”.

გარდა რეიტინგისა, რა დამატებითი ინფორმაციული ღირებულების მატარებელია ცხედრის ან სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები? პრაქტიკულად არაფრის. როდესაც პოლიციის ყვითელ ლენტს ან შემთხვევის ადგილის ნეიტრალურ კადრს ვაჩვენებთ, მაყურებელს ისედაც სჯერა, მომხდარის. გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს გარდაცვლილის ახლობლების ემოციური მდგომარეობა, ამგვარი კადრების ნახვისას.

ქართულთან ერთად, BBC-ს სახელმძღვანელო პრინციპებშიც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა პატივი სცეს გარდაცვლილის პირად ცხოვრებასა და ღირსებას. ასევე არასოდეს უნდა ვაჩვენოთ ცხედრის კადრები იმ შემთხვევების გარდა, როდესაც განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს. გზამკვლევი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია, გაანალიზდეს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მძიმე კადრის ჩვენებას. აუცილებელია, მასალის მომზადებისას ჟურნალისტმა იფიქროს ამბის მონაწილე პირებზე, მსხვერპლებზე, მისი ოჯახის წევრებსა თუ მაყურებელზე.

რაც შეეხება საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, იქ აღნიშნულია შემდეგი:

· მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა;

· მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს, შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინს შორის;

· დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით;
კატეგორია: ეთიკური დილემა
2013 წლის 15 აპრილს, ბოსტონში ტრადიციული ყოველწლიური მარათონი მიმდინარეობდა. როდესაც მონაწილეები ფინიშის ხაზს უახლოვდებოდნენ, ორი აფეთქების ხმა გაისმა. შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 183 ადამიანი. ვინ იყო მომხდარში დამნაშავე? - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა. დამნაშავეთა ძიებაში სოციალური-საინფორმაციო ქსელი, რედიტიც ჩაერთო. გვერდზე მომხმარებლები სხვადასხვა ეჭვმიტანილის შესახებ ათავსებდნენ ინფორმაციას, შემდეგ კი, ცნობები მედიაში ხვდებოდა.

2013 წლის მარტიდან მოყოლებული, ტრაპათების ოჯახი 22 წლის დაკარგულ შვილს ეძებდა. ბრაუნის უნივერსიტეტის სტუდენტი, სუნილ ტრაპათი, ბოლოს მისმა ოთახის მეგობარმა, 16 მარტს ნახა. მისი ოჯახის წევრები, უნივერსიტეტსა და FBI-სთან ერთად, აქტიურად ცდილობდნენ, დაკარგული შვილის პოვნას. ამ მიზნით სპეციალური ფეიჯიც შექმნეს ფეისბუქზე. გვერდზე ინახებოდა მესიჯები და სურვილები სუნილისათვის, რომელსაც გულშემატიკვირები უგზავნიდნენ.

15 აპრილის შემდეგ, 22 წლის სტუდენტის ფეისბუქის გვერდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდი გახდა. მისი სახელი კი რამდენიმე საათში მთელმა მსოფლიომ გაიცნო ისე, როგორც ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი. ამის მიზეზი სოციალური ქსელი, რედიტი აღმოჩნდა, რომელმაც სუნილ ტრაპათის ფოტო, სავარაუდო ეჭვმიტანილის სტატუსით გაავრცელა.

მუქარის შემცველი და სალანძღავი კომენტარები გვერდზე 18 აპრილიდან მოყოლებული, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ეჭვმიტანილთა აყვანის ოპერაციის დროს, პოლციის ოფიცერი დაიღუპა. მუქარა არამხოლოდ სუნილის, არამედ, მისი ოჯახის წევრების მიმართაც ისმოდა. ისინი იძულებულები გახდნენ, რომ გვერდი დაეხურათ. ამით კი ეჭვი გააძლიერეს.

„ინფორმაციისათვის: ფეისბუქის გვერდი, რომელიც ბრაუნის უნივერსიტეტის დაკარგულ სტუდენტს, სუნილ ტრიპათის ეკუთვნოდა, ამ საღამოს წაშალეს,“ - ტვიტერის ამ შეტყობინების ავტორი, BuzzFeed-ის სენიორ ჟურნალისტი, ერიკ მალინოვსკი იყო. მისი შეტყობინება 300-ზე მეტმა კაცმა გააზიარა, მათ შორის ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, რომელთაც რამდენიმე მილიონი ფოლოუერი ჰყავთ ტვიტერზე.

„ვაუ, რედიტი მართალი იყო ბრაუნის უნივერსიტეტის დაკარგულ სტუდენტზე. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სუნილ ტრიპათია“, - ეს შეტყობინება კვლავ BUzzFeed-ის ჟურნალისტ ანდრეი კაჩინსკის ეკუთვნის, რამაც დამატებითი აჟიოტაჟი გამოიწვია. 18

აპრილის ღამე ტრაპათების ოჯახისათვის ყველაზე გრძელი და რთული ღამე იყო. ოჯახმა უამრავი მუქარა და ანტიისლამური მესიჯების შემცველი შეტყობინება მიიღო (მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არ ყოფილა ისლამის მიმდევარი). ოჯახის წევრები იხსენებდნენ, რომ ყველაზე მტკივნეული მათთვის იმ ადამიანების განწყობა გახდა, რომლებიც დაკარგვის დღიდან აქტიურად იყვნენ სტუდნეტის ძებნაში ჩართულები. მათ ეჭვის გაუჩნდათ და სუნილზე, როგორც ტერორისტზე, ისე დაიწყეს ფიქრი.

საკმაოდ ბევრი მუშაობა დასჭირდათ საინფორმაციო საშუალებებს იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ. მოგვიანებით ჟურნალისტებმა, რომლებმაც სუნილ ტრიპათი ტერორისტად გამოაცხადეს, სატელეფონო ზარებით, საჯაროდ თუ სოციალური ქსელებით, ოჯახთან ბოდიში მოიხადეს. ბოდიში მოიხადა რედიტმაც. მისმა ლიდერმა დაწერა, რომ სუნილ ტრიპათის საქმიდან კარგი გაკვეთილი მიიღეს, რაც სამომავლოდ, ონლაინ-საზოგადოებას მეტი სიფრთხილის გამოჩენას მოუწოდებდა.

სუნილ ტრიპათის გვამი 23 აპრილს მდინარეში იპოვეს. მოგვიანებით ოჯახმა დაადასტურა, რომ სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი სუიციდი იყო.

ბრაუნის უნივერსიტეტის სტუდენტი არ იყო ერთადერთი, რომელიც მედიამ ტერაქტის მოწყობაში შეცდომით დაადანაშაულა. არასწორი ინფორმაცია კიდევ რამდენიმე ადამიანზე გავრცელდა. მათ შორის იყო 21 წლის ინგლისელი სტუდენტი, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდან იყო. ბოსტონის მარათონზე მომხდარი მოვლენებიდან მალევე, “New York Post-მა“ პირველ გვერდზე დიდი ასოებით გამოტანა ამბავი, სადაც იუწყებოდა რომ ჭურვის აფეთქებისას დაშავებული, არაბული წარმოშობის კაცი, აფეთქებაში იყო ეჭვმიტანილი. ამბავი მალევე აიტაცა “Talking Points Memo-მაც.“

„გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვიცით, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. დანამდვილებით ვიტყვით, რომ ჩვენგან ნამდვილად არა“, - განაცხადა ბოსტონის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა TDM-თან საუბარში. რაც შეეხება “New York Post-ს,“ მას არასოდეს მოუბოდიშებია არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო.

„რატომ მიიჩნიეს ეჭვმიტანილად ის?“ - დასვა კითხვა ემი დევიდსონმა, “New Yorker-ის“ ჟურნალისტმა თავის სტატიაში, -„ის ხომ ისევე გარბოდა, როგორც სხვები?“

„პოლიცია ფიქრობდა, რომ ის ამფეთქებელს ჰგავდა. მისი ჭრილობაც ეჭვის საბაბი გახდა. ამასთან, ეჭვი გამოთქვა, რომ მეორე აფეთქებაც მოხდებოდა, რაც ასრულდა. შესაძლოა, ეს მისი ვიზუალის ან ღმერთის სახელის ბრალი იყო, რომელსაც ის ყვიროდა,“ - აღნიშნულია სტატიაში.

კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია 17 წლის მოსწავლესა და მრბოლერს უკავშირდება. რედიტზე გაჩნდა ზურგჩანთიანი კაცის, როგორც „ეჭვმიტანილის“ ფოტო. ინფორმაცია “New York Post-მა“ კვლავ პირველ გვერდზე გადმოიტანა.

დაკითხვისა აღმოჩნდა, რომ „ჩანთიანი კაცი“ 17 წლის ედინ ბარჰუმი იყო, რომელიც შტატებში მაროკოდან ოთხი წლის წინ გადმოვიდა. ის ოცნებობდა, რომ ერთ დღესაც ოლიმპიადა მოეგო.

„მე არ ვარ ტერორისტი, მხოლოდ მარათონს ვუყურებდი“, -უთხრა ბარჰუმმა „დეილი მეილს“. „შეძრწუნებული ვარ. არასოდეს გავხვეულვარ შარში და ახლა საკუთარი უსაფრთხოების მეშინია. ორის ნახევარზე დავურეკე მეგობარს, რომელმაც წამიყვანა პოლიციაში. ლობიში ვთქვი, რომ მგონი, FBI მეძებდა. პოლიციაში არ იცოდნენ რა ექნათ. მე თან მქონდა ჩემი საბუთები და მივეცი სოციალური სამსახურის ნომერი. მათ შეეძლოთ, გადავემოწმებინე. არავის გავუყვანივარ ცალკე ოთახში, რამდენიმეგან დარეკეს და შემდეგ მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი".

„მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას ტვიტერით ავრცელებენ, ფრთხილად უნდა იყვნენ, განსაკუთრებით, ექსტრემალურ პირობებში. დავფიქრდეთ, ხომ არ ვაძლევთ დამატებით ინფორმაციას მკვლელს, რაც მას დამალვაში მიეხმარება? თუ ამ კითხვას საკუთარ თავს დაუსვამთ და უპასუხებთ, რომ არა, მაშინ გააგრძელეთ ტვიტვა“, - ამბობს კინტ ვან ზანდტი, FBI-ს ყოფილი თანამშრომელი და კრიმინალისტი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ყირიმის ომი, ტელეგრაფით გადაცემული პირველი ომია, ტელევიზიით კი პირველად ვიეტნამის გაშუქდა, ხოლო ISIS-ის წინააღმდეგ კამპანია პირველია, რომელშიც სოციალური მედია და თანამედროვეობის უახლესი ტექნოლოგიებია გამოყენებული, - ასე აფასებს მსოფლიო მედიაექსპერტთა ნაწილი ომს, რომელიც ნამდვილთან ერთად, ვირტუალურ რეალობაშიც მიმდინარეობს, მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფება კი ახალი ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების ყველა სიკეთეს ნაყოფიერად იყენებს.

ტვიტერი, ფეისბუქი, იუთუბი, საკუთარი სოციალური ქსელები და ვებ-საიტები მცირე ჩამონათვალია არხებისა, რომლითაც ISIS-ის წევრები სარგებლობენ. განსაკუთრებით პოპულარული ტვიტერია. აქ ინფორმაცია ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ნებისმიერი განცხადება, ვიდეო, მიმართვა თუ სიკვდილით დასჯის კადრები სოციალური ქსელებით მიდის ადრესატამდე.

ისლამურ სახელმწიფოს ტვიტერის ოფიციალური ანგარიში არ აქვს და ვერც ექნება. სამაგიეროდ, ათი ათასობით მხარდამჭერი გვერდი არსებობს. მაგალითად, ჯეი ემ ბერგერისა და ჯონათან მორგანის მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე, ტვიტერში ISIS-ის 46 ათასამდე ანგარიში არსებობდა. პროფილები ძირითად კონტენტს არაბულ ენაზე დებენ. ისინი აქტიურად იყენებენ ჰეშთეგს. ასეულობით მათგანი უშვებს კონკრეტულ თაგს იმისათვის, რომ მესიჯი დღის ტრენდებში გამოჩნდეს. ანგარიშების ნაწილი ინგლისურენოვანია. მათ საშუალოდ 1000 მიმდევარი ჰყავთ. პროფილის ფოტოები უმეტესად, უწყინარია. არ შეიცავს ძალადობას. ანგარიშებს საერთაშორისო ჰაკერთა ჯგუფი ბლოკავს და არეპორტებს, თუმცა მათი რაოდენობა, პრაქტიკულად, არ მცირდება. პატრონებთან წვდომაც არ არის მარტივი საქმე. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თუ ვინ დგას იმ ათეულ ათასობით ანაგრიშის უკან, რომლებიც ვირუსულად ავრცელებენ ინფორმაციებს. გარდა საერთაშორისო ქსელებისა, ისლამური სახელმწიფო საკუთარ ონლაინ-გაზეთსაც უშვებს. „ისლამური სახელმწიფოს ანგარიშში“ აღწერილია ცხოვრება ISIS-ში. სოციალურ ქსელებთან ერთად, დაჯგუფებაში მაღალ დონეზე ფლობენ ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის ხელოვნებას.

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე დასავლეთში მცხოვრები მუსლიმები არიან. სწორედ მათთვის ითარგმნება ვიდეოები და მიმართვები რაც შეიძლება მეტ ენაზე.

„ისეთი ტერორისტული ჯგუფი, როგორიც ISIS-ია, ცდილობს, მიაღწიოს იმ ახალგაზრდა მუსლიმებამდე, რომლებიც საკუთარ იდენტობას ებრძვიან და ტვინი გამოურეცხოს მათ. მაღალი ხარისხის ვიდეოები, ონლაინ-ჟურნალები, სოციალური მედიის გამოყენება, ტერორისტების ტვიტერის ანგარიშები - ამ ყველაფრის სამიზნე ახალგაზრდები არიან. ადამიანები, ვინც იყენებენ ინტერნეტს და ინტეგრირებულები არიან კიბერსივრცეში,“ - ეს განცხადება ბარაკ ობამას ეკუთვნის.

აგრესიული სოციალური მედიის კამპანიის პირობებში, მომხმარებელს ხშირად უჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ახდენს ფეისბუქი, ტვიტერი, იუთუბი ან გუგლი დაუყოვნებლივ რეაგირებას? გამომდინარე იქიდან, რომ გამოხატვის თავისუფლება დასავლეთის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, კონტენტის დაბლოკვა სოციალური ქსელიდან მარტივი არ არის. საეჭვო ანგარიშის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს ადმინისტრაციას. ამ უკანასკნელს დრო სჭირდება, პროფილის შესასწავლად.

იუთუბის გამოცდილებიდან გამომდინარე (2007 წელს, აშშ-ს ერთ-ერთი შტატის სკოლის მოსწავლემ ატვირთა მუქარა საკუთარი კლასელებისა და სკოლის მიმართ. მას ყურადღება არავინ მიაქცია, ცოტა ხანში კი ბიჭმა კლასელები და მასწავლებელი დახოცა), კონტენტი, ყველა სოციალურ ქსელში მოწმდება. პრობლემა არა მთავრობების არაეფექტურ მუშაობაში, არამედ, ახალი მედიის გლობალურობაშია. მისი დარეგულირება ერთი საიტის კონტროლით ვერ მოხდება. უსაფრთხოების სამსახურებს საკანონმდებლო დონეზე აქვთ უფლება, დახურონ ყველა საიტი, რაც ძალადობას შეიცავს და ტერორიზმის მოიაზრება, თუმცა ბევრი ამას ცენზურად აღიქვამს, რადგან სიძულვილის ენის პროპაგანდაც, თავის მხრივ, ვიღაცისთვის გამოხატვის თავისუფლებაა.

ტერორიზმის საფრთხის გაზრდის პარალელურად, გაიზარდა სოციალური ქსელების მოტივაცია, ებრძოლონ ტერორიზმს. „ფეისბუქი ტერორისტების ადგილი არ არის. ჩვენ ვატარებთ აგრესიულ პოლიტიკას მათ წინააღმდეგ და მაქსიმალურად ვცდილობთ, არ მივცეთ საიტის გამოყენების უფლება,“ - ამბობს ფეისბუქის სპიკერი და ამატებს, რომ ქსელი წაშლის ყველა პროფილს ფეიჯსა და ჯგუფს, რომელიც ტერორიმის ან ძალადობის პროპაგანდას ეწევა. მართლაც, ფეისბუქი, დღის მანძილზე, ათასობით პოსტს ბლოკავს და შლის.

ის, რაც ფეისბუქისათვის მარტივი გასაგები აღმოჩნდა, გაუჭირდა ტვიტერს. მისი დამაარსებელი, ჯეკ დორსეი ამბობს, რომ მისი მთავარი ღირებულება გამოხატვის თავისუფლებაა და არ გაჩერდება მანამ, სანამ ამას მთელს მთელს მსოფლიოში არ მიაღწევს. თუმცა სოციალურმა ქსელმა აგრესიული კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი საშუალებით, ჟურნალისტ ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთის ვიდეო გავრცელდა. მიუხედავად რიგი სანქციებისა, მომხმარებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ტვიტერს სუსტი რეგულაცია აქვს, რაც ტერორისტებს ინფორმაციის ადვილად გავრცელების საშუალებას აძლევს, თუმცა ათობით ათასი ანგარიშის დაბლოკვა გამოსავალი არ არის - მათი გაკეთება თავიდან მარტივი შესაძლებელია. რაც შეეხება დამატებით რეგულაციას, ტერორიზმის შეზღუდვის სახელით ინტერნეტის რეგულირება ორ საფრთხეს აჩენს: ერთი, ცენზურას, მეორე - ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. ორივე მათგანი დასავლეთის მთავარი ღირებულებაა.

საუკეთესო გამოსავალზე მსჯელობის პარალელურად, ISIS-ი კვლავ აგრძელებს პროპაგანდას სოციალურ ქსელებში. „თქვენი ტვიტები თქვენი იარაღია, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დასავლეთში უამრავი მუსლიმი ძმა ელის თქვენს შეტყობინებას,“- ასეთი სახის მოწოდებები თითქმის ყოველდღე ვრცელდება. სოციალური ქსელები აქტიურად იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ცდილობენ, არ აჩვენონ საჯაროდ საკუთარი პრაქტიკა. კომპანიებს კონტენტის დაბლოკვის ორი ხერხი აქვთ: ისინი ავტომატურად რეაგირებენ ერთსა და იმავე ტიპის მასალაზე, რომელიც მათი მომსახურების პირობებს არღვევს, პარალელურად ითხოვენ სასამართლოდან ორდერს, რათა მოახდინონ დაკვირვება და საფრთხის პრევენცია ყველა აქტივობისა, რომელიც კონკრეტული თემიდან გამომდინარე შეიძლება, გაჩნდეს ონლაინში.

ეს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის დარღვევის გარეშე, სადაზვერვო სააგენტოების საშუალებით კეთდება. ამერიკის მთავრობა, მომხმრებლის მონაცემამდე მისასვლელად სასამართლოს ნებართვის ლოდინის ნაცვლად, კონტენტის მონიტორინგს აწარმოებს და სწრაფ რეაგირებას ცდილობს. მაგალითად, ერთი თვის წინ ფეისბუქმა გააუქმა პროფილი, რომელიც სან-ბერნარდინოში მომხდარ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილს ეკუთვნოდა. შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, საფრანგეთის პრემიერი და ევროსაბჭოს კომისიის ოფიციალური პირები ცალ-ცალკე შეხვდნენ ფეისბუქის, გუგლისა და ტვიტერის წარმომადგენლებს და ონლაინ-ტერორიზმისა თუ სიძულვილის ენის გამოწვევების წინააღმდეგ კოოპერაცია სთხოვეს.

სოციალური ქსელების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებთან კოოპერაციის შესახებ ყველა დეტალი გამოვლინდება, ეს უარყოფითად იმუშავებს პირადი ინფორმაციის დაცვის მიმართულებით. ისინი შიშობენ, რომ მსგავსი სახის კოოპერაციაზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოდან დაიწყება, რითიც, ყველაზე მეტად, სპამერები ისარგებლებენ.

მანამ, სანამ მსოფლიო საუკეთსო გამოსავალზე ფიქრობს, “ისლამური სახელმწიფო“ ქმნის ახალი მედიის გამოყენების პრეცედენტს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორ წელზე მეტია, სირიის ტერიტორია დახურულ ზონად არის გამოცხადებული. ის დატოვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ადგილზე უსაფრთხოების გარანტიებს ვერავინ იძლევა. უცხოურ მედიას ისღა დარჩენია, ინფორმაციის წყაროდ სოციალური მედია გამოიყენოს. წყარო, რომლის სანდოობის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა ერთადერთია ადგილიდან.
კატეგორია: ბლოგი
-საიდან ხარ? - გორელი ვარ. - სტალინი გიყვარს ხომ? პატარა გორი დიდია და რამე...

ეს დიალოგი გორელების უმეტესობისათვის ნაცნობია. ნაცნობი და მტკივნეული. შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს - ნერვები უნდა მოიშალო. არადა, როგორც გერმანელებს - ჰიტლერი, გორელებს ასე გვერგო სტალინის თანაქალაქელობის „ტვირთი“და გვინდა თუ არა, უნდა ვზიდოთ.

გერმანელებისაგან განსხვავებით, გორელებს არაექსპრესიული კომპლექსი გვაქვს. თავს არ ვღუნავთ დამნაშავეებივით (ყოველ შემთხვევაში, სხვის დასანახად), თუმცა გულში მწარედ გვხვდება სხვების ქილიკი. ქილიკი, რომელიც სტერეოტიპებზეა დაფუძნებული და კბილებით ვიცავთ საკუთარ ქალაქსა და რეპუტაციას.

ბევრი დარწმუნებულია, რომ გორში სტალინის კულტია. დისკუსიისას არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ გორელებმა ძეგლის აღება გააპროტესტეს. სჯერათ, რომ ამ ქალაქში ბავშვებმა სოსელოს ყველა ლექსი ზეპირად იციან, რომ მათთვის აგვისტოს ომიც არ გამოდგა ჭკუის სასწავლებელი..

მოკლედ, საზოგადოების ნაწილს ისეთი მსუყე და საფუძვლიანი ინფორმაცია და დასკვნები აქვს, ხანდახან ეჭვიც შეგეპარება, ნამდვილად ხარ თუ არა გორელი და სერიოზულად უფიქრდები, ხომ არ გრძნობ სტალინის ხსენებაზე გულში პატრიოტული სიმების რხევას ან ხომ არ გჯერა, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის ბრალი იყო, თორემ რუსეთი ამას არაფრით იკადრებდა. სტერეოტიპები იმდენად ღრმად არის გამჯდარი, რომ მათთან საბრძოლველად ისღა დაგრჩენია, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოძებნო სტალინსა და მაშინდელ ეპოქაზე, მოძებნო და ისტორიული ფაქტებით შეიარაღდე.

სტალინისა და გორის თემა განსაკუთრებით აქტუალური ცხრა მაისის პერიოდში ხდება. მედიამაც კარგად იცის, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, სტალინის მოყვარული ქალაქი და კომუნიზმის მომხრე გორელები კიდევ ერთი კარგი მასალა იქნება რეზონანსის გამოსაწვევად და არც ერიდება.

“იმედის კვირის“ ჟურნალისტის განწყობა და მიზანი, თუ რისი ჩვენება სურს სიუჟეტით, კითხვის ფორმულირებაშივე ჩანს: „რატომ გიყვართ სტალინი გორელებს?“

სტალინის ფორმაში გამოწყობილი სიუჟეტის ავტორი საკუთარი მოსაზრებების ფაქტებად წარმოდგენას სტუდიაში აგრძელებს. ჩატარებული ქუჩის გამოკითხვის საფუძველზე ასკვნის, რომ „სტალინი თითქმის უკლებლივ ყველა გორელს უყვარს და მისი ფოტო ყველა ოჯახში კიდია“. აქვე ამატებს, რომ გამოკითხვის ჩატარებისას, კითხვის დასმის შემდეგ, ერთმა გოგომ უთხრა, კარგია რომ სტალინს არ ჰგავხარო, საიდანაც ასკვნის, რომ რესპონდენტმა ვერ გაუმხილა სტალინისადმი უარყოფითი დამოკიდებულება: „თუ ამას ხმამაღლა იტყვის, კომუნისტები სახლს გადაუწვავენო“.

მეორე საკითხი, რომელიც სტალინს ეხება, მისი ძეგლი და სახლ-მუზეუმია, რომელიც ასევე არაერთგზის გამხდარა ქილიკის საგანი. მისი არსებობის მოწინააღმდეგეებმა, ალბათ, არ იციან, რომ გორის ცენტრში მდებარე ეს შენობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მუზეუმია, რომელიც წელიწადის ყველა დროს სავსეა ტურისტებით.

მსგავსი სახის სიუჟეტები სტერეოტიპების გამყარების გარდა არაფერს ემსახურება. სტერეოტიპების, რომლებიც გორელების ირგვლივ მითსა და რეალობაში არსებობს და სტალინის კომპლექსის მოხსნის საშუალებას არ იძლევა.
კატეგორია: ეთიკა
8 მარტი - ქალთა უფლებების საერთაშორისო დღე, თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის მთავარი თემა იყო. სიუჟეტების კადრებში ძირითადად ნარცისები, ტიტები და ენძელები ჩანდა, ჩაწერილი რესპონდენტები კი, (უმეტესწილად, მამაკაცები) ქალებს 8 მარტს მომღიმარი სახეებით ულოცავდნენ და ქართველი ქალის განსაკუთრებულ როლსა და დედის ფენომენზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 მარტის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქალთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული ერთი სიუჟეტი გადაცემის ბოლო ბლოკში გავიდა. სიუჟეტში რვა მარტის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქციები, შეკრებები, საქველმოქმედო ღონისძიებები იყო მიმოხილული. უშუალოდ ქალთა მდგომარეობისა და უფლებების შესახებ კი არაფერი თქმულა. ამ საკმაოდ ვრცელ სიუჟეტში ჟურნალისტმა ერთი უცნაური ტერმინიც იხმარა - „პოლიტიკური გენდერი“. გენდერის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქალისადმი მიმართვის ფორმები, კადრი, ჟურნალისტის ტექსტი, შესაძლოა, უნებურადაც გამოვიდეს დისკრიმინაციული და სტერეოტიპული. სწორედ ასეთი იყო „იმედის კვირის“ რეპორტაჟის ფინალი, სადაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მომუშავე ქალების შესახებ თქვეს, რომ „ისინი მაინც ქალები არიან და დრო გაპრანჭვისთვისაც რჩებათ“, ამ დროს კადრში ჩანს მეტალურგი, რომელიც სარკის წინ დგას და ტუჩსაცხს ისვამს. ყველაზე ნათლად ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და შეხედულებები ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრში“ გამოჩნდა. 6 მარტის ეთერი დავით აქუბარდიამ რვა მარტს მიუძღვნა და დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ეს დღე „ქალთა ბრძოლის თუ რაღაცის“ საერთაშორისო დღეა. სტუმრად კი მეან-გინეკოლოგი ჰყავდა მოწვეული, ძირთადი სასაუბრო თემაც შობადობა, გამრავლება და ქალთა ჯანმრთელობის პრობლემები იყო. გენდერში, პრაქტიკულად, არაფერია იმაზე დისკრიმინაციული, ვიდრე ქალის მხოლოდ რეპროდუქციულ ორგანიზმად წარმოჩენა. ამავე გადაცემაში წამყვანმა და რესპონდენტმა ნარკომანიის თემაც მიმოიხილეს. სტუმარმა აღნიშნა, რომ „ადრე მხოლოდ ბიჭები „მაიმუნობდნენ“, ახლა კი ნარკომანია ქალებში მეტად არის გავრცელებული“. მისივე თქმით, „ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან ქალის „მორჩენა“ ძალიან დიდი პრობლემაა. მაშინ, როცა კაცთან ამისი შანსი არსებობს, ქალის შემთხვევაში საკითხი რთულდება“. ამ დროს წამყვანი სრულიად გულუბრყვილოდ სვამს კითხვას: „აა, ეჩვევიან ქალები?“. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო ონლაინ მედიაშიც. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ-გამოცემის ambebi.ge-ს მასალაში, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღისადმი იყო მიძღვნილი, რესპონდენტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ კარგად ესმის ქართველი ქალების, „ძირითადად მათზეა ოჯახი, პროფესიული საქმიანობა და კიდევ ამას პოლიტიკური მოღვაწეობაც რომ დავუმატოთ, ცოდოები იქნებიან. ის კი არა, ამხელა დატვირთვას "ქართლის დედის" ძეგლიც კი ვერ გაუძლებდა, ხელში ხმალი და თასი რომ უჭირავს”. ჟურნალისტი კი პასუხობს: “კი, მაგრამ ოჯახის ტვირთი ხომ მამაკაცსაც აქვს. თუ ტრადიციებს მივყვებით, ის ოჯახის უფროსია...”რესპონდენტი ეთანხმება: “კი, მამაკაცი "მანქანის" საჭეა, ქალი კი - "ბორბლები". ქალების მიმართ დისკრიმინაციული შრომის კოდექსი, პოლიტიკაში ქალთა ნაკლები ჩართულობა, ფემიციდი, ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები - ეს და კიდევ სხვა უამრავი პრობლემა, რაც ქალებს ქართულ საზოგადოებაში აქვთ, ქალთა საერთაშორისო დღესაც ვერ მოხვდა მედიის დიდი ნაწილის დღის წესრიგში. არადა, ჟურნალისტები ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობენ, თუ რა ძალა აქვს მედიას, როგორ შეუძლია მას საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხის შესახებ. თუმცა,როგორც ჩანს, გენდერული თემატიკის გაშუქებისას მედიის რესურსის გამოყენების არც საკმარისი ნება არსებობს, არც ცოდნა და არც ინტერესი.