კატეგორია: საერთაშორისო ამბები
BBC-მ არასწორად გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს Daily Mail - ის ჟურნალისტები 2011 წლის სატელეფონო მოსმენების სკანდალში იყვნენ ჩართული, რამაც ბრიტანული გამოცემის News of the World-ის დახურვა გამოიწვია. არასწორი ინფორმაცია, BBC-ის რადიო 4-ისა და BBC World Service-ის მიერ 7 ივნისს გაჟღერდა.

შეცდომა Daily Mail-ის რედაქტორის პოლ დეიკრის თანადებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში გაჟღერდა, რომელიც ახლა გამოცემის მთავარი რედაქტორი იქნება.

შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, BBC-მ საბოდიშო წერილი გაავრცელა:

"გასული ღამის ახალ ამბავში, რომელიც Daily Mail-ის რედაქტორის პოლ დეიკრის თანამდებობიდან წასვლას ეხებოდა, რომელსაც ეს პოსტი ბოლო 26 წლის განმავლობაში ეკავა, შეცდომით იყო აღნიშნული, რომ Daily Mail-ის ზოგიერთი ჟურნალისტი 2011 წლის სატელეფონო მოსმენების სკანდალში იყო გარეული. ვაღიარებთ, რომ ეს სიმართლე არ არის და ბოდიშს ვუხდით პოლ დეიკრს და მთლიანად Daily Mail-ს” - , ნათქვამია BBC-ის განცხდებაში.

წყარო: Imediaethics.org
კატეგორია: ეთიკა
23 ივნისს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" მთავარი გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი ინტერნეტში არასრულწლოვნების ფოტოების გავრცელებას ეხებოდა. თემის წარდგენისას წამყვანმა განმარტა, რომ ათობით არასრულწლოვანი მოზარდის მშობელი მათი შვილების ფოტოების არაბი, ირანელი და თურქი მომხმარებლების გვერდებზე ატვირთვისა და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო პანიკაშია. მანვე თქვა, რომ შსს-ში წერილი არასამთავრობო ორგანოებმაც გაგზავნეს, მაგრამ “ქართველი ბავშვების ფოტოების უცხოურ პროფილებზე ატვირთვაში და საშიშ კომენტარებში პოლიციამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიებაც არ დაიწყო”.

ის, რომ ფოტოები სოციალურ ქსელში სწორედ არაბი, თურქი და ირანელი მომხმარებელების გვერდზეა ატვირთული და უხამსი შინაარსის შემცველი კომენტარებიც არაბულ ენაზეა გაკეთებული, სიუჟეტში ჟურნალისტმაც გაიმეორა. თუმცა, ჟურნალისტს არ დაუშვია, შესაძლოა, აღნიშნული გვერდების უკან სხვა მომხმარებლები იდგნენ და ხსენებული წარმომავლობის ადამიანები მომხდრთან კავშირში საერთოდ არ იყვნენ. ჟურნალისტს არ უცდია გარკვევა და ამ მომხმარებლების გადამოწმება, მათთან დაკავშირება. მიუხედავად ამისა, მტკიცებით ფორმაში მასალაში თქვეს, რომ არასრულწლოვნების ფოტოებს სწორედ ირანელი, თურქი და არაბი მომხმარებლები ტვირთავენ და მშობლები მათ პედოფილიაში ადანაშაულებენ.

სიუჟეტიდან გაურკვეველი დარჩა, საერთოდ რა მიზანი და საჭიროება ჰქონდა შესაძლო მოძალადეების ეთნიკური წარმომავლობის დასახელებას მაშინ, როდესაც ნაციონალური კუთვნილების მიუხედავად, ფაქტი ისედაც მძიმეა. მსგავსი ფორმით ინფორმაციის გაჟღერება კი საზოგადოებაში უკვე არსებული ქსენოფობიური განწყობების კიდევ უფრო გაღვივებას და გამძაფრებას უწყობს ხელს.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც სიუჟეტში გამოიკივეთა, ეს არასრულწლოვნების მშობლების იდენტიფიცირება იყო. ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის დედის სახე ისე იყო დაფარული, რომ მისი იდენტიფიცირება მარტივად შეიძლებოდა. სიუჟეტის ბოლოს კი იგივე ქალი ყოველგვარი დაფარვის გარეშე ჩანდა. ასეთ შემხვევაში საერთოდ გაუგებარია რესპონდენტის დაფარვის მიზანი და ფორმაც. სიუჟეტში ასევე შეიძლებოდა სხვა დაფარული არასრულწლოვნების იდენტიფიცირებაც.

მასალაში ასევე არ ჩანდა შსს-სა და სამართალდამცველი ორგანოების პოზიცია. არადა, ამბის წარდგენისას წამყვანმა და ჟურნალისტმა უწყების მხრიდან ფაქტის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე მიანიშნეს, თუმცა, სიუჟეტის დასასრულს აღნიშნეს, რომ შსს-მ მოკვლევა დაიწყო. საბოლოოდ გაუგებარი დარჩა რა როლს ასრულებს ძალოვანი უწყება ამ საქმეში და რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ასეთი შემთხვევების აღსაკვეთად. ამ მიმართულებით ჟურნალისტს საკითხი არ მოუკვლევია.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

 

ავსტრალიის მოქალაქე მილორად (მაილ) ტრკალჯა Google-ს მისი სახელის ძიების შედეგის გამო უჩივის, სადაც ის “მელბორნის კრიმინალურ სამყაროსთან” არის დაკავშირებული.

ტრკალჯას სასამართლო დავა Google-თან და Yahoo-სთან ადრეც ჰქონდა. ავსტარლიის მოქალაქემ 2012 წელს Yahoo-სგან 225 000 აშშ დოლარი, Google-ისგან კი 200 000 აშშ დოლარი მიიღო.

ტრკალჯა 2004 წელს მილბორნში სროლის შედეგად დაიჭრა. ავსტრალიური მედიის ცნობით, “მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მისი სახელის ძებნის შედეგად შემოთავაზებული ფოტოები ქალაქში მომხდარ ბანდიტურ დაჯგუფებებს შორის მომხდარ სროლასთან არის დაკავშირებული, მას სურს, რომ Google-ს ცილისწამებისთვის უჩივლოს”.

“Google-ს ვუჩივლებ და მანამდე არ მოვეშვები, სანამ არ შეჩერდებიან. მინდა, რომ ჩემი ფოტოები დაბლოკონ. მე კრიმინალი არ ვარ და კრიმინალურ გარჩევებში ჩართული არასდროს ვყოფილვარ. მე შვილიშვილები მყავს და მათ ჩემს ცხოვრებას არ დავანგრევინებ”, - ამბობს ტრკალჯა.

ტრკალჯა Google-ს არა მხოლოდ ფოტოებისთვის, არამედ მისი სახელის ძიებისას შემოთავაზებულ ავტომატურ ვარიანტებსაც ასაჩივრებს. მისი თქმით, როდესაც ის საძიებო სისტემაში საკუთარ სახელს წერს, Google მას ასეთ ვერსიებს სთავაზობს - “ყოფილი დაქირავებული მკვლელი”, “კრიმინალი” და “დანაშაულებრივი სამყარო”.

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: ფოტოისტორია
მთელი 2017 წლის განმავლობაში, TIME-ის დაკვეთით, მსოფლიოს მასშტაბით ფოტოგრაფები იმისთვის მუშაობდნენ, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ISIS-ის ნგრევით დაწყებული, ცირკით დამთავრებული, კადრებზე აესახათ. ისინი ასევე ეხმარებოდნენ მათ, ვინც მნიშვნელოვანი ისტორიების მოყოლა გაბედა, იქნება ეს ჰუმანიტარული კატასტროფა იემენში თუ პოლიტიკური არეულობა ვენესუელაში. TIME-ის ფოტოებმა მკითხველს შესაძლებლობა მისცა ენახა ის ადგილები და გაეცნო ის ადამიანები, რომელთა ხილვისა და გაცნობის შესაძლებლობაც, ალბათ, არასდროს ექნებოდა.

მაგალითად, იანვარში ადამ დინმა მიანმარის საიდუმლო წარმოება აღმოაჩინა, სადაც ადამიანებს, მთელი დღის განმავლობაში, გიგანტური ქვები ციცაბო ფერდობებზე აჰქონდათ, ღამით კი ფარნების შუქზე ადგილიდან ნაგავს ეზიდებოდნენ. მარტში ემანუელ სატოლი მოსულიში ერაყის შეარაღებულ ძალებისა და ისლამურ სახელმწიფოს შორის მიმდინარე ბრძოლის გადასაღებად გაგზავნეს. ერთი თვის შემდეგ, როცა სირიის ქალაქი გათავისუფლდა, მან რაქა მოინახულა. მთელი წლის განმავლობაში, ლინდსი ადარიო სამი სირიელი ლტოლვილი ბავშვის კვალდაკვალ დადიოდა, რომელთა მშობლებიც ევროპაში თავშესაფრის მიღებისთვის იბრძოდნენ.

TIME-ის ფოტოგრაფებმა აღწერეს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია და ქალების მარში ვაშინგტონში, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემა პუერტო რიკოში და ა.შ.

წარმოგიდგნეთ TIME-ის მიერ ფოტოებით მოთხრობილ 2017 წელს

გადაჭედილი ციხე ფილიპინებში, სადაც ძირითადად ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული. მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში, ქვეყნის პრეზიდენტი დუტერტე გახდა, ქუჩებში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სახელით 6 000-მდე ადამიანი მოკლეს.
ფოტო: “სიკვდილის სამეფო დუტერტეს ფილიპინებში” 2017 წლის 16 იანვარი.

ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციის დღეს, მის წინააღმდეგ განწყობილმა პროტესტანტების ჯგუფმა ლიმუზინს ცეცხლი წაუკიდა.
ფოტო: 2017 წლის 20 დეკემბერი “ტრამპის პირველი დღე”

14 წლის დედა,  რომელიც 12 წლის ასაკში მოიტაცეს და გააუპატიურეს, შვილთან ერთად.
ფოტო: 2017 წლის 10 ივლისი

ალი ბაშარ ალი, რომელიც მოსულის დასავლეთით, მოსულ ალ-ჯადიდაში საკუთარ ოჯახთან ერთად, ბაბუის სახლში ცხოვრობს.
ფოტო: 2017 წლის 12 ივნისი, “გარანტირებული საფრთხე”

ნანგრევებად ქცეული რაქა.
ფოტო: “რაქა ნანგრევეში და ISIS-ის უკან დახევა”

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი, ყოფილ პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან და ყოფილ პირველ ლედისთან მელანია ტრამპთან ერთად, ტრამპის ინაუგურაციის დღეს. ფოტო: 2017 წლის 20 იანვარი, “ტრამპის პირველი დღე”

იძულებით გადაადგილებული პირები მოსულიში ჰუმანიტარული დახმარების სატვირტო ავტომანქანასთან.
ფოტო: 2017 წლის 24 აპრილი “დასასრულის დასაწყისი”

ლას ვეგასში მასობრივი სროლის მსხვერპლების საპატივცემულოდ ქუჩაში გამოსული ორი ქალი ერთმანეთს ამხნევებს.
ფოტო: 2017 წლის 2 ოქტომბერი


მამაკაცი რაქაში რაკაკას სტადიონზე მიაბიჯებს, რომელიც ISIS-ის მიერ საპყრობილებ იყო გამოყენებული.
ფოტო: “რაქა ნანგრევებში და ISIS-ის უკან დახევა”

ქალი დანგრეული შენობის წინ, მანშურის რაიონი მოსულის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.
ფოტო: “მოსულის შიგნით”

ბიჭი მკვდარი მამაკაცის სხეულს დაჰყურებს, ერაყი, მოსულის სამხრეთ დასავლეთი ნაწილი, ალ-ააკიდატის რაიონი

ცრემელებით სავსე და გამოფიტული ტაიმა აბაზლი, ათენიდან დამღლელი მარშრუტის შემდეგ ესტონეთში, მის ახალ სახლში შედის, 2017 წლის 5 ივნისი, “როდესაც სახლი არ არის იქ, სადაც გულია”

მწვრთნელი ალექსანდრე ლეისი ლომს ეხუტება.
ფოტო: 2017 წლის 15 მაისი, “ბოლო მოქმედება”

მეზობლები და ლგბტ მხარდამჭერები “მაიკ პენსის უცნაურ ცეკვებს” უყურებენ, პროტესტი პენსის სახლთან.
ფოტო: ტრამპის პირველი დღეები”

გიგანტური დროშა ტრამპის სასტუმროს ატრიუმზე.
ფოტო: 2017 წლის 19 ივნისი, “ძალაუფლების კომპლექსი”

სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლი დამწვარი ავტობუსის ფონზე სელფის იღებს.
ფოტო: 2017 წლის 6 ნოემბერი, “ხალიფატის დასასრული”

პუერტო რიკოში ოჯახი მდინარეში ბანაობს, დღემდე სამ მილიონამდე მოსახლე, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.
ფოტო: 2017 წლის 1 ოქტომბერი

FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი სენატის კითხვებს პასუხობს.
ფოტო: 2017 წლის 3 ივლისი, “მოახერხებს ბობ მიულერი ფაქტისა და ფიქციის ერთმანეთისგან გარჩევას?”

დასავლეთ ვირჯინიის შახტი.
ფოტო: 2017 წლის 7 აპრილი


წყარო: Time.com
კატეგორია: რესურსები
მედიაჩეკერი ათ ცნობილ ფოტოჟურნალისტს გაგაცნობთ. ბევრი მათგანი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდა, ბევრი საქმიანობის დროს წარმოუდგენელი ამბების მომსწრე გახდა. თუმცა, მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ, - იღებდნენ ფოტოს და ქმნიდნენ ისტორიას.

ფილიპ ჯოუნს გრიფითსი


ფოტოს სათაური

ფილიპ ჯოუნს გრიფითსი საყოველთაოდ ცნობილია ვიეტნამის ომის დროს გადაღებული ფოტოებისთვის. ვიეტნამის ომის დასასრულს, გრიფითსმა ფოტოები იომ კიპერის ომში გადაიღო და შემდეგ კამბოჯაში გადავიდა, სადაც 1975 წლამდე მუშაობდა. წარმატებისა და პოპულარობის წყალობით, 1985 წლამდე მაგნუმის პრეზიდენტი იყო. გრიფითსი 2008 წელს გარდაიცვალა, თუმცა მასზე ლეგენდა დღემდე ცოცხალია.


ვიეტნამი, 1968. ფოტო: ფილიპ ჯოუნს გრიფითსი


ჰენრი კარტერ ბრესონი

იგი ცნობილია, როგორც თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის მამა. ბრესონი 1908 წელს, საფრანგეთში დაიბადა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 35 მმ-იაინი ფორმატი გამოიყენა. ფოტოგრაფი მარტინ მუნკაჩის მიერ გადაღებული ტბისკენ მორბენალი 3 წლის ბიჭის შემთხვევითი ფოტოების გავლენის ქვეშ იყო. ხშირად რამდენიმე საათის განმავლობაში დახეტიალობდა ქუჩებში და უბრალოდ ცხოვრების კადრებს აფიქსირებდა, ისე, როგორც ის ხედავდა. იგი ცნობილია როგორც ქუჩის ფოტოგრაფი.

მადრიდიდან პრაღამდე და ბუდაპეშტიდან ბრიუსელამდე ბრესონს ფოტოები მთელი ევროპის მასშტაბით აქვს გადაღებული. 1948 წელს მაჰათმა განდის დაკრძალვაზე გადაღებული ფოტოსთვის გახდა ცნობილი. 1949 წელს, ჩინეთში, სამოქალაქო ომის დასასრულს, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო აქვს გადაღებული.

რობერტ დუენოუ

რობერტ დუენოუ
ფრანგი ფოტოჟურნალისტია, რომელიც კარტერ-ბრესონთან ერთად, ფოტოჟურნალისტიკის ახალ გზას მიუყვებოდა. იგი ირონიული ფოტოების გადაღებით არის ცნობილი. 13 წლის ასაკში ხელოვნების სკოლაში შევიდა, 16 წლისამ კი ფოტოგრაფია აღმოაჩინა. დუანო ძალიან მორცხვი იყო და ფოტოებს მხოლოდ ქვაფენილებს უღებდა. ნელ-ნელა ბავშვებისა და მოზარდების გადაღება დაიწყო.

1920 წელს სარეკლამო სააგენტოში მოხვდა და ფოტოგრაფის ასისტენტად დაიწყო მუშაობა, ამის შემდეგ კი ფოტოგრაფი გახდა. მან პირველი ფოტო 1932 წელს გაყიდა. მან ფოტოები პარიზის ომის დროსაც გადაიღო. ომის დასრულების შემდეგ, ჟურნალებისთვის Life და Paris Vogue-ისთვის მუშაობდა და უმაღლესი ხარისხის ფოტოებს იღებდა. 1947 წელს Prix Kodak-ის პრიზი მოიგო.

დევიდ ბერნეტი



1968 წელს კოლორადოს კოლეჯი დაამთავრა და მაშინვე პროფესიულ ფოტოგრაფიაში აღმოჩნდა. მუშაობდა ჟურნალებისთვის: Life და Time, მოგვიანებით კი ვიეტნამში წავიდა. ორი წლის შემდეგ, მან ფრანგულ ფოტო სააგენტოში, გამაში, ახალი ამბების ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. ეს მას ევროპის მასშტაბით მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევდა.

1975 წელს ბერნეტმა საკუთარი ფოტოსააგენტო გახსნა. მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფობა არ შეუწყვეტია. მომდევნო 30 წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობდა და სხვადასხვა მნიშვნელობის ღონისძიებებს იღებდა. მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ადამიანის პორტრეტი, მათ შორის არის რეგეის მამა ბობ მარლი. მისი ფოტოები არაერთ ცნობილ გამოცემაში იბეჭდებოდა, მათ შორის არის The New York Times.

ბერნეტი ასევე ცნობილია ირანის რევოლუციის დროს გადაღებული ფოტოებით. მისი ნამუშევრები სათანადოდ დაფასდა და არაერთი პრიზი მიიღო . მათ შორის, რობერტ კაპას ოქროს მედალი, გაიმარჯვა მსოფლიო პრესის ფოტოს ნომინაციაშიც.

ბობ მარლი.  ფოტო: დევიდ ბერნეტი

რობერტ კაპა (ენდრე ფრიდმანი)

რობერტ კაპა (ენდრე ფრიდმანი)
საყოველთაოდ ცნობილია, როგორც მეორე მსოფლიო ომის ფოტოგრაფი. კაპამ ფოტოგრაფობა 18 წლის ასაკში დაიწყო. მალევე უნგრეთიდან ბერლინში გადავიდა. მას ფოტოები ლეონ ტროცკისთვისაც აქვს გადაღებული.

როდესაც სათავეში ჰიტლერი მოვიდა, საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც იძულებული იყო, რომ თავისუფალ ფოტოგრაფად ემუშავა. მან და მისმა საცოლემ სხვა ხერხს მიმართეს და ახალი საქმე ყალბი პიროვნების, რობერტ კაპას სახელით დაიწყეს, რომელიც მათივე განმარტებით, თითქოს ფოტოების გადასაღებად საფრანგეთში ამერიკიდან ჩამოვიდა. კაპა ფოტოებს იღებდა, მისი საცოლე კი ყიდდა. Vue-ის რედაქტორმა წყვილის ტყუილი გამოამჟღავნა, მაგრამ არ დაასმინა და წყვილი ესპანეთში გაგზავნა, სადაც კაპამ მისი ყველზე ცნობილი, მომაკვდავი ესპანელი ჯარისჯაცის ფოტო გადაიღო. მალე საცოლე გარდაიცვალა და კაპა ჩინეთში წავიდა, სადაც ტაიერჩანგის ომის არაერთი ფოტო გადაიღო. რობერტ კაპა 1954 წელს გარდაიცვალა.

დევიდ სეიმური

დევიდ სეიმური
ვარშავაში დაიბადა, თუმცა მოგვიანებით პარიზში გადავიდა, სადაც სტუდენტობის დროს ფოტოგრაფიით მოიხიბლა. პირველი ფოტო მან, როგორც თავისუფალმა ჟურნალისტმა, 1933 წელს გადაიღო, აქედან დაიწყო მისი, როგორც ფოტოგრაფის კარიერა. სეიმურმა შეძლო და ფოტოები გადაიღო ესპანეთის ომისა და ჩეხოსლოვაკიაში დაწყებული არეულობის დროს. 1939 წელს გადაიღო მექსიკისკენ მიმავალი ლტოლვილების ფოტოები. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სეიმური ამერიკაში იყო, თუმცა 1940 წელს არმიაში ჩაეწერა და ევროპაში ფოტო მთარგმნელად მუშაობდა. 1942 წელს მისი მშობლები ნაცისტებმა დახოცეს, რის შემდეგაც იგი UNICEF-ს დევნილების, განსაკუთრებით ბავშვების დოკუმენტების მოწესრიგებაში ეხმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სეიმური ცნობილი იყო როგორც ომის ფოტოგრაფი, მოგვიანებით ის ცნობილ სახეებსაც იღებდა.1956 წელს სუეციის ომის გაშუქებისას, ის და მისი მეგობარი ჯინ როი ავტომატური ცეცხლსასროლი იარღით მოკლეს.

დოროთი ლენი

დოროთი ლენი ამერიკელი ფოტოჟურნალისტია, რომელიც დიდი დეპრესიის დროს მიმდინარე ცხორებას აშუქებდა. მან ფოტოგრაფია ნიუ იორკში შეისწავლა, მოგვიანებით კი სან ფრანცისკოში საკუთარი სტუდია გახსნა. როდესაც დიდი დეპრესია დაიწყო, მან სტუდია მიატოვა და ქუჩაში, უსახლკაროებისა და უმუშევარი ხალხის გადასაღებად გავიდა. მისი ნამუშევრები თვალს უამრავ ადამიანს წყვეტდა. მისმა ფოტოებმა საზოგადოებას საშუალება მისცა დიდი დეპრესიის შესახებ რეალობა დაენახა. მისმა ფოტოებმა საფუძველი დაუდო დოკუმენტურ ფოტოგრაფიას.

მიგრანტი დედა. ფოტო: დოროთი ლენი

მარგარეტ ბორკ უაითი

მარგარეტ ბორკ უაითი
ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც მეორე მსოფლიო ომისა და ინდოეთი-პაკისტანის დაპირისპირების დროს გადაღებული დოკუმენტური ფოტოებით არის ცნობილი. ის პირველი არაერთი მიმართულებით გახდა, ის იყო პირველი ქალი ფოტოგრაფი, რომელიც ომს აშუქებდა, პირველი ქალი, რომელიც საბრძლო შეტაკებების ადგილას მუშაობდა, პირველი უცხოელი ფოტოგრაფი, რომელსაც საბჭოთა სივრცეში მუშაობის შესაძლებლობა მიეცა. ის ასევე იყო პირველი ქალი ფოტოგრაფი, რომლის ფოტოც ჟურნალ Life-ის ყდაზე დაიბეჭდა.

მარგარეტ ბორკ-უაითი ევროპის მასშტაბით მოგზაურობდა. არაერთი ფოტო გადაიღო მაშინ, როდესაც ევროპა ნაცისტური გერმანიის გავლენის ქვეშ იყო, ფოტოებზე ასახა კომუნისტური რუსეთი, მან ასევე მოახერხა და მომღიმარი იოსებ სტალინის ფოტოც გადაიღო.

ედი ადამსი

ედი ადამსი
ყოველთვის ამბობდა, რომ გამოსახულებები მას სიცოცხლის ბოლომდე დასდევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 13 სხავდასხვა ომი აქვს გადაღებული, ცნობილი ვიეტნამის ომის ფოტოებით გახდა და ისინი დღემდე საყოველთაოდ ცნობილია. ის მაშინ, the Associated Press-ისთვის მუშაობდა. მან ფოტო ესეს სახით, სახელწოდებით “ნავი ღიმილის გარეშე”, არაერთი ვიეტნამელი ლტოლვილის ფოტო გადაიღო. ადამსის ფოტოებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ამერიკელი ხალხის წარმოდგენა ვიეტნამის ომზე და პრეზიდენტი ჯიმი კარტერი აიძულა, რომ 200 000 დევნილისთვის თავშესაფარი მიეცა.

მისი ფოტოები მის სიცოცხლეში წიგნად არასდროს გამოცემულა. ბევრი ამბობს, რომ ეს მისი პერფექციონიზმის გამო ხდებოდა, რაც საგამომცემლო პროცესს ანელებდა.

ედი ადამსის ფოტო / Associated Press

კევინ კარტერი

კევინ კარტერი
სამხრეთ აფრიკელი ფოტოჟურნალისტი, ცნობილია, სუდანში სამოქალაქო ომის დროს გადაღებული არაერთი ფოტოთი. 1993 წელს სუდანში გადღებული ფოტოსთვის “შიმშილი” პულიცერის პრემია მიიღო. კარტერმა 1994 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.




კევინ კარტერის ფოტო, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო


წყარო: toptenz.net
კატეგორია: რესურსები
გამოიყენა თუ არა BBC-მ ფოტოშოფი იმისთვის, რომ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი რუსს დამსგავსებოდა? მიუხედავად სოციალურ ქსელში გამოხატული უამრავი უკმაყოფილებისა, BBC ამბობს, რომ არა და მომჩივნებს უთითებს, რომ არხის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრიტანეთის სამაუწყებლო მარეგულირებელ კომისიაში შეუძლიათ.

BBC-მ ლენინისეულ სტილში ქუდით ჯერემი კორბინის გამოსახულება კრემლის ფონზე წარმოაჩინა. გამოსახულება ეკრანზე 15 მარტს ტოქშოუ Newsnight-ის იმ ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც რუსეთის მხრიდან ბრიტანეთში მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის ფაქტის შესახებ კორბინის პასუხზე იყო საუბარი.

BBC-ის მტკიცებით, ფოტოს დასამუშავებლად მათ ფოტოშოფი არ გამოუყენებიათ. თუმცა, ფოტოში მცირე ტექნიკური ცვლილებები შეიტანეს და ბუნებრივი ფონი გამოიყენეს.

“სინამდვილეში გრაფიკულმა ჯგუფმა ეკრანის შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად კონტრასტი გაზარდა და უფრო მკვეთრი ფერები გამოიყენა”, - განაცხადეს BBC-ში.

რაც შეეხება ქუდს, “დამუშავების შედეგად, კორბინის ორიგინალი ქუდის დეტალების დიდი ნაწილი დაიკარგა და ის სხვა ფორმატში გამოჩნდა, რის გამოც ზოგიერთ მაყურებელს რუსული ქუდის ასოციაცია გაუჩნდა”, - განმარტეს BBC-ში.

BBC-ში ასევე აღნიშნეს, რომ მათ მიერ პროგრამაში ფონად კრემლის გამოყენების მთავარი მიზანი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ამჟამინდელი ურთიერთობის წარმოჩენა იყო.

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ინდოეთის ბევრმა მედიასაშუალებამ 8 წლის მოზარდის ჯგუფური გაუპატიურებისა და მკვლელობის გაშუქებისას, მისი ვინაობა დაასახელა. აღნიშნულის გამო ინდოეთის პრესის საბჭომ მედიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობა არ უნდა გაამჟღავნონ.

საბჭომ განმარტა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიცირება არღვევს ჟურნლისტური ეთიკის სტანდარტებს, ასევე ინდოეთში მოქმედ ორ კანონს და წინააღმდეგობაში მოდის ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის პრინციპებთან.

ინდური მედიის პარალელურად, მსხვერპლის ვინაობა დასავლურმა გამოცემებმაც დაასახელეს. ერთ-ერთი ასეთი The Washington Post იყო, რომელმაც გადაწყვეტილება ასე განმარტა: “როგორც წესი, გადარჩენილი მსხვერპლის ვინაობას არასდროს ვასახელებთ, მაგრამ ასიფა მოკლეს. გარდა ამისა, მისი ვინაობა ინდურ მედიას უკვე გამჟღავნებული ჰქონდა და ამ შემთხვევისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, მისი სახელი სოციალურ ქსელში “ჰეშთეგადაც” იყო გამოყენებული”.

მსგავსი განმარტება ჰქონდა The Associated Press-საც. “როგორც წესი, The Associated Press სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობას არასდროს ამხელს, მაგრამ მისი სახელი უკვე ფართოდ იყო გავრცელებული ინდური მედიის მიერ”, - ნათქვამია The Associated Press - ის განცხადებაში.

წყარო: imediaethics.org

კატეგორია: რესურსები
მედიაჩეკერი თანამედროვე ეპოქის იმ ათ ჟურნალისტს გაგაცნობთ, რომელთა მასალებსაც, სხვადასხვა დროს, აუდიტორიასა და მიმდინარე პროცესებზე უდიდესი გავლენა ჰქონდა.

რობერტ ფისკი - 20 წლის განმავლობაში The Independent-ისთვის ბეირუთიდან მუშაობდა. ფისკი უამრავი ჟურნალისტური პრიზის მფლობელია. იგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ჟურნალისტებიდან, ვინც ალქაიდას ლიდერთან ოსამა ბინ ლადენთან ჩაწერა ინტერვიუ. მან ეს სამჯერ შეძლო. უშიშარი ბუნების წყალობით, ფისკი ყოველთვის ახერხებდა ემუშავა ყველაზე სახიფათო ადგილებში და ინტერვიუ ყველასთვის მიუწვდომელი რესპონდენტებისგან აეღო. იგი აშუქებდა სპარსეთის ყურის ომს, ასევე ომს ავღანეთსა და ერაყში.

რობერტ ფისკი

კეიტ ედი
- ახლა BBC-ის რადიო ოთხისთვის მუშაობს და ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა. ედი ცნობილია როგორც BBC-ის მთავარი კორესპონდენტი, რომელსაც არაერთ საომარ ზონაში მოუწია მუშაობა. შედეგად მან1993 წელს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრებისთვის ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის ჯილდო მიიღო.  კეიტ ედის კარიერის აღმავლობა 1980 წლიდან დაიწყო, როდესაც ლონდოში ირანის სალეჩოს ალყაში მოქცევის ამბავს ავტომობილის კარის უკნიდან, ბომბებისა და ჯარისკაცების გარემოცვაში, პირდაპირ ეთერში აშუქებდა. იგი რამდენიმე ყველაზე გაყიდვადი წიგნის ავტორიცაა. 


კეიტ ედი

ქრისტიან ამანპური - ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ABC-ზე და CNN-ზე საავტორო გადაცემებს უძღვება, იმ ჟურნალისტთაგანია, რომლის ტვიტერსაც თითქმის ყველა მსოფლიო ლიდერი მისდევს. ამანპურის ჟურნალისტური კარიერა სამ ათეულ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მან ინტერვიუები ჩაწერა ჰოსნი მუბარაკთან და მუამარ კადაფისთან. ამანპური თითქმის ყველა სატელევიზიო ჯილდოს მფლობელია. ის ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის დირექტორთა საბჭოს, ასევე ქალთა საერთაშორისო ცენტრისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის კომიტეტის წევრია. 


ქრისტიან ამანპური
ჰუ შული - ჩინელი ჟურნალისტი, ახლა 2009 წელს დაფუძნებული მედიაჯგუფის Caixin Media-ს მთავარი რედაქტორია. წლების განმავლობაში იგი ბიზნესგამოცემებს რედაქტორობდა და ყველაზე პატივსაცემი ჟურნალისტების სიაში შედიოდა. 2011 წელს შული Forbs-მა ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა, ჟურნალმა Time-მა კი 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიიყვანა. იგი ქალთა საერთაშორისო ფონდისა და Reuters-ის სარედაქციო მრჩეველთა საბჭოს წევრია. ამავე დროს, მას ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრის რეგიონული მრჩევლის პოზიცია უკავია.

ჰუ შული


ბობ ვუდვორდი
- ნიქსონის პრეზიდენტობისას, უოტერგეიტის სკანდალის გამჟღავნების შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჟურნალისტად ითვლება. 1972 წელს, როგორც The Washington Post-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, უოტერგეიტის თემაზე კოლეგასთან კარლ ბერნშტეინთან ერთად მუშაობდა. მას შემდეგ, ვუდვორდმა 16 წიგნი გამოსცა, რომლებიც ეროვნულ დონეზე ყველაზე გაყიდვად წიგნებად ითვლებოდა. უოტერგეიტის სკანდალზე ვუდვორდისა და მისი კოლეგის მიერ მომზადებული მასალების წყალობით, The Washington Post-მა პულიცერის პრემია მიიღო. მან ასევე წვლილი შეიტანა 2002 წელს 9/11-ის ამბების გაშუქებაში, რამაც The Washington Post-ს პულიცერის კიდევ ერთი პრემია მოუტანა. ამის გარდა, ვუდვორდი უამრავი სხვა პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელია. 

ბობ ვუდვორდი



ანდერსონ კუპერი
- ამერიკელი ჟურნალისტი, რომელსაც 2003 წლიდან CNN-ზე საკუთარი გადაცემა "360 გრადუსი ანდერსონ კუპერთან" მიჰყავს. ერაყის ომისა და ქარიშხალი კატრინას გაშუქების შემდეგ, ის ერთ-ერთ ყველაზე სანდო გადაცემად იქცა. 1993 წელს კუპერმა სომალიში არსებული სიღატაკისა და შიმშილობის გაშუქებისთვის ბრონს თელის ჯილდო მიიღო. მას შემდეგ იგი არაერთი პრესტიჟული ჟურნალისტური პრიზის მფლობელი გახდა.

ანდერსონ კუპერი

დაიან სოიერი - 60 წუთის პირველი ქალი ჟურნალისტი იყო. იგი ახლა ABC News-ისთვის მუშაობს. სოიერმა ჟურნალისტური კარიერა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოში დაიწყო და მალევე თეთრ სახლში გადავიდა. იმ დროისთვის ის თეთრ სახლში მომუშავე ქალ ჟურნალისტებს შორის ერთ-ერთი პიონერი იყო. სოიერი თავისი კარიერის განმავლობაში, არაერთ გადაცემას უძღვებოდა და რამდენიმე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო აქვს მიღებული. სოიერი Forbs-მა 100 ყველაზე გავლენიანი ქალის ჩამონათვალშიც შეიყვანა.

დაიან სოიერი


შერენ ბანი
- ცნობილი ინდოელი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარი კარიერის განმავლობაში არაერთ შოუს უძღვებოდა. განსხვავებულმა სტილმა, ამბების თხრობის უშუალო მანერამ და მეგობრულმა განწყობამ, ბანი ინდოეთში ყველასათვის საყვარელ წამყვანად აქცია. შერენ ბანი რამდენიმე ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელია.


შერენ ბანი

გლენ გრინვოლდი
- ამერიკელი ჟურნალისტი, იურისტი და ავტორი, რომელიც წლების განმავლობაში არაერთი სოლიდური გამოცემისთვის წერდა, ყველასათვის დასამახსოვრებელი 2013 წელს, ედვარდ სნოუდენის საიდუმლო დოკუმენტების ამბის გამჟღავნებით გახდა. გრინვოლდმა ამისთვის პულიცერის პრემიაც მიიღო. იგი ჟურნალ Foreigner Policy-ის მიერ 2013 წელს 100 საუკეთესო მოაზროვნეთა შორის დასახელდა.

გლენ გრინვოლდი
ჯონ სტიუარტი - ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი, მსახიობი, კომედიანტი, მედიაკრიტიკოსი და პოლიტიკური სატირისტი, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური გაგებით ჟურნალისტის აღწერილობაში არ ჯდება, სტიუარტი თანამედროვე მედიასივრცის ყველაზე გავლენიან პერსონად ითვლება. პოლიტიკური სატირის ფორმატის გადაცემის The Daily Show-ს წაყვანით იგი ამერიკის პოლიტიკისა და მედიის ყველაზე თვალსაჩინო კრიტიკოსად იქცა. The Daily Show-მ 2000 წელს Peabody-ის 2 ჯილდო მიიღო. 2004 წელს შოუ საპრეზიდენტო კამპანიის გაშუქებისთვისაც დაჯილდოვდა.

ჯონ სტიუარტი
წყარო: New York Film Academy
კატეგორია: რესურსები
შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, მათ შორის, არც მედია. თუმცა, მთავარი ისაა, როგორ რეაგირებს გამოცემა მისი ნებსითი თუ უნებლიე უზუსტობის შემდეგ. წლების განმავლობაში არასწორად გაშუქებული ამბისა გამო ბოდიში არაერთმა სოლიდურმა გამოცემამ მოიხადა და გამოქვეყნებული მასალაც შესაბამისად შეასწორა. ზოგმა, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, მკითხველს მოუბოდიშა, ზოგი კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მხოლოდ გამოქვეყნებული ამბის წაშლით შემოიფარგლა. ამგვარი აუცილებლობის წინაშე ქართული მედიაც არაერთხელ დამდგარა.

 

შესწორება თვითრეგულირების ნაწილია, ანუ, თავად მედია აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა და მზადაა გამოასწოროს. საერთაშორისო თუ ადგილობრივი მედიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესწორების გარკვეული სტანდარტი და პრაქტიკა ჩამოყალიბდა.

2013 წელს, ეუთოს მხარდაჭერით, ონლაინმედიის თვითრეგულირების გზამკვლევი გამოიცა, რომელშიც ამ ტიპის მედიის მიერ შეცდომის შესწორების რეკომენდაციებია მოცემული. გზამკვლევის მიხედვით:

  • მედიამ არასწორი ინფორმაცია არ უნდა წაშალოს ან არ უნდა ჩაანაცვლოს ის ახლით;
  • მედიამ უნდა ჩაასწოროს მასალა და მკაფიოდ განმარტოს, რომ მასალის წინა ვერსია შეიცავდა უზუსტობებს;
  • მედიამ ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს ძველი და შესწორებული მასალები.

მედიის მიერ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების დროს, მისი გასწორების სტანდარტი, ადგილობრივი თვითრეგულირების ორგანოს მიერ საქართველოშიც არის განსაზღვრული.

საქართველოს “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-5 პრინციპის მიხედვით, “მედია ვალდებულია შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ამ პრინციპის განმარტების თანახმად, მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, რა დროსაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” რეკომენდაციით, მასალა უნდა შესწორდეს გონივრულ ვადაში, რომელიც განისაზღვრება მედიის ტიპის, მასალის მოცულობისა და მასალის გავრცელების შესაბამისად, ინდივიდუალურად, კონტექსტის გათვალისწინებით.

თუკი მედიის მიერ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ პირის რეპუტაცია შელახა, გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი, მიაყენეს შეურაცხყოფა, ანდა გავრცელდა არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკის თანახმად,

ონლაინ მედიის შემთხვევაში მასალის მხოლოდ მოხსნა საკმარისი არ არის. იმავე ადგილას უნდა მიეთითოს რომ დაშვებული შეცდომის გამო მოიხსნა ან ჩასწორდა მასალა.

მაგალითად, 2018 წლის 4 თებერვალს, საბჭომ განიხილა საქმე - “ნინო ვეზდენი თამარ ბოჭორიშვილის წინააღმდეგ”. სადავო ვიდეომასალა გადაიღო ონლაინგამოცემა POSTV - მ. მოქალაქეებს ეკითხებოდნენ "რამდენჯერ გქონია სექსი ერთ ღამეში?” გამოკითხვაში ნინო ვეზდენიც მონაწილეობდა, რომელმაც დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა - “არასოდეს, არცერთხელ”. ამავე გამოკითხვაში ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ მას ერთ ღამეში სექსი 13-ჯერ ჰქონია. ჟურნალმა „რეიტინგმა“ ფეისბუქ გვერდზე ეს ვიდეომასალა გამოაქვეყნა წარწერით: „ყველაზე მეტჯერ 13-ჯერ მქონია ღამეში სექსი, რეკორდი მოვხსენი“. ვიდეოს ფოტოდ კი ნინო ვეზდენის ფოტო დაურთო, რომელმაც აუდიტორიის აგრესია და შეურაცხყოფა მიიღო ამ ფრაზის გამო. მასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ის დაუკავშირდა “რეიტინგს”. მასალა ჯერ ჩაასწორეს და შემდეგ საერთოდ წაშალეს.

აღნიშნულ საქმეზე ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ სხვა პირის ფოტოს და ციტატის მითითება, რასაც პირის დისკრედიტაცია მოჰყვება, უხეში გაუფრთხილებლობაა, ამიტომაც მხოლოდ მასალის ჯერ ჩასწორება და შემდეგ წაშლა, კონკრეტულ შემთხვევაში, რედაქციის მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ იყო. როგორც მინიმუმ, ჟურნალისტს იმავე ფეისბუქ გვერდზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განეცხადებინა, რომ მან შეცდომა დაუშვა, აღეწერა ეს შეცდომა და ნათელი გაეხადა მისი მკითხველისათვის, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანა. ამასთან - “სოციალური ქსელის ბუნება, არასწორი ინფორმაციის ერთხელ გავრცელება ართულებს იმ აუდიტორიისათვის შეცდომის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც ერთხელ უკვე ნახა და დაიჯერა არაზუსტი ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო თვლის, რომ დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპიც” - ნათქვამია ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, უკვე დაბეჭდილ და გავრცელებულ გამოცემაში აუცილებელია, რომ მეორე ნომერში გავიდეს შესწორებული ინფორმაცია. თანაც იმავე გვერდზე, რომელზეც წინა არაზუსტი ინფორმაცია დაიბეჭდა. ამასთან ნათლად უნდა იყოს მითითებული, რომ ეს ტექსტი წინა ნომერში დაშვებული შეცდომის შესწორებაა.

ტელევიზიასთან დაკავშირებითაც ადეკვატურობა არის მნიშვნელოვანი. შეცდომა დროულად უნდა გასწორდეს იმავე ტიპის გადაცემაში და მკაფიოდ ითქვას შეცდომის შესახებ. მხოლოდ ვიდეომასალის არგამოყენება იმავე ინფორმაციის არგამეორება შესწორებად ვერ ჩაითვლება. ამ თემაზე მნიშვნელოვანია ქარტიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება. სადავო მასალა შეეხებოდა სომხური ანსამბლის მიერ ქართული ცეკვის ვითომდა მითვისებას, რასაც ტელეკომპანია GDS-ის საინფორმაციო გამოშვება 2030-მა სიუჟეტი მიუძღვნა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ამბავი ტყუილი იყო, ცეკვის აკადემიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ახსნა, რომ ქართული ცეკვის შესრულებისას მიუთითეს თუ რომელი ქვეყნის ცეკვას ასრულებენ. ეს განცხადება ეთერში წაიკითხა წამყვანმა, თუმცა ქარტიამ მაინც დაადგინა შესწორების პრინციპის დარღვევა, რადგან არ აღნიშნულა, რომ წინა დღეს არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი გავიდა ეთერში. ქარტიის საბჭოს განმარტებით, იმისათვის, რომ შეცდომა გამოსწორებულად ჩაითვალოს, საჭიროა შეცდომაზე ხაზგასმა და მითითება, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

შესწორების ვადები

როგორც კი ნებისმიერი ფორმით ცნობილი გახდება მედიისთვის, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებიდან გამომდინარე მაშინვე უნდა ჩასწორდეს. ჩასწორების გონივრული ვადა განისაზღვრება დაშვებული შეცდომის სიმძიმის, მედიის ტიპის შესაბამისად. მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო არაზუსტი ინფორმაცია და ყველაფერი უნდა იღონოს მედიამ, რომ იმავე აუდიტორიას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

ყველა პასუხისმგებლიანი რედაქცია, თუკი მას მკითხველის თვალში სოლიდური და სანდო გამოცემის იმიჯის შენარჩუნება სურს, ვალდებულია, რომ დაშვებული შეცდომა ხმამაღლა აღიაროს, მოიბოდიშოს და არაზუსტი ინფორმაციის შემცველი მასალა სტანდარტების შესაბამისად შეასწოროს.
New layer...
კატეგორია: მედიაგარემო

ჟურნალისტური საქმიანობა მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ მუშაობის პროცესში ჟურნალისტს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, როგორიცაა, მაგალითად, შიდა პოლიტიკური წნეხი, არის ადგილები, სადაც რეპორტიორები განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ. ასეთმა ქვეყნებმა და ადგილებმა, წლების განმავლობაში, არაერთი ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა.

მედიის თავისუფლების კუთხით მომუშავე ორგანიზაცების ანგარიშების მიხედვით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ყველაზე რთული გასული წელი აღმოჩნდა. 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს და დააპატიმრეს. “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის” (CPJ) მონაცემებით, 2017 წელს 48 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან 6 მხოლოდ მექსიკაში.

ეს ორგანიზაცია იმ ქვეყნებსაც ასახელებს, სადაც ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო პირობებია. სამწუხაროდ, მათი ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა.

ანგარიშების თანახმად, მედიის თავისუფლების კუთხით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა თურქეთში, სადაც ბოლო ერთ წელიწადში 300-მდე ჟურნალისტი გაასამართლეს. მათგან 73-ს პატიმრობა შეუფარდეს. გასულ წელს 20 ჟურნალისტი დააპატიმრეს ეგვიპტეში. 2 ჟურნალისტი დაიჭირეს ბურნას რესპუბლიკაშიც.

მედიაპლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების მიმართულებით მძიმე ვითარებაა აზერბაიჯანშიც. რამდენიმე წელია მოქმედი ხელისუფლება აქტიურად ებრძვის თავისუფალ პრესას. მთავრობისა და მოქმედი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის კრიტიკისთვის დააპატიმრეს და გაასამართლეს არაერთი ჟურნალისტი.

რთული მდგომარეობაა რუსეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ირანსა და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ტოტალიტარული და დიქტატორული მმართველობის ელემენტები იკვეთება.

გასულ წელს დაპატიმრებული ჟურნალისტების საერთო რაოდენობის ¾ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ბრალდებით გაასამართლეს.

პრესის თავისუფლების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჟურნალისტებზე მუქარის ფაქტები, მსოფლიო მასშტაბით, სულ უფრო იზრდება. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” და სხვა ორგანიზაციებმა მიმდინარე წელს უკვე აღრიცხეს რამდენიმე ჟურნალისტის მკვლელობისა და დაპატიმრების ფაქტები. მკვლევრები მედიაგარემოს გაუმჯობესებას არც 2018 წელს პროგნოზირებენ. მეტიც, ამბობენ, რომ მიმდინარე წელი ჟურნალისტებისთვის შესაძლოა, გასულზე უფრო მძიმე აღმოჩნდეს.

მომზადებულია  Washingtonpost - ის მასალის გამოყენებით.
კატეგორია: მედიაგარემო
Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 0,25 ერთეულით შემცირდა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ცხრა წლის წინანდელ, 2009 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში რჩება..


2009 წლიდან დღემდე პერიოდს თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ - 2009 - 2013 წლებში, მედიის დამოუკიდებლობის ნაწილში ქვეყანას 4,25 ქულა, ანუ, ის მაჩვენებელი ჰქონდა, რაც ბოლო, 2018 წლის შეფასებისას მიიღო. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო 2014- 2017 წლებში, როდესაც მედიის დამოუკიდებლობა 4 ქულით შეფასდა.

Freedom Houses-ის ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მაჩვენებლის შემცირება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ესენია: ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიის “რუსთავი 2”-ის საქმე, პროსახელისფლებო ტელევიზიების გაერთიანება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცება.

"მიუხედავად ამ სირთულეებისა ქართულმა მედიამ შეინარჩუნა ბალანსი ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში", - ნათქვამია ანგარიშში.

0.07 პუნქტით გაუარესდა ქვეყნის დემოკრატიულობის საერთო მაჩვენებელიც. თუკი 2017 წელს ქვეყნის ეს მონაცემი 4.61 იყო, მიმდინარე წელს ის 4.68-ს შეადგენს. ამ მონაცებით საქართველო ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნების რიგშია.
კატეგორია: ბიოგრაფია
1950 წლის 23 თებერვალს BBC-ის პროდიუსერმა გრეის უინდჰემ გოლდიმ პოლიტიკის გაშუქების ახალ ერაში შეაბიჯა და არჩევნების შედეგების ტრანსლირებას ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო პირველი შოუ, სადაც არჩვნების ღამეს შედეგები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სტუდიიდან, გადაცემის წამყვანი ჩესტერ უილმოტი ორ ექსპერტთან ერთად, საზოგადოებას არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ ეთერში აწვდიდნენ. ეს ყველაფერი შესაბამისი გრაფიკებისა და სტუდიაში ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვების ფონზე ხდებოდა.

წლების წინ გოლდის უთხრეს, რომ ტელევიზიაში კარიერის თვალსაზირისით დიდ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდა. თუმცა, დრო გავიდა და დღეისთვის BBC-ის გადაცემებს, რომლის მთავარი მიმართულება არჩევნების შედეგების გაშუქებაა, მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

BBC-ზე, სადაც იმ პერიოდში კაცები დომინირებდნენ და მთავარ გადაწყვეტილებებსაც სწორედ ისინი იღებენ, გრეის გოლდიმ შეძლო არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტის შექმნა.

გოლდი 1900 წლის 26 მარტს შოტლანდიის ჩრდილოეთში, პატარა სოფელში დაიბადა და ბავშვობის დიდი ნაწილი ეგვიპტეში გაატარა, სადაც მამამისი საინჟინრო საქმიანობით იყო დაკავებული.

უინდჰემ გოლდიმ კარიერა გამოცემა The Listener დაიწყო. 1944 წელს ის BBC-ის რადიოს პროდიუსერად მიიწვიეს. 1947 წელს კი ის BBC-ის ტოქ-შოუების დეპარტამენტში გადავიდა. 1950 წელს მან პირველი საარჩევნო შოუ შექმნა, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა.

1952 წელს გოლდიმ ახალი ამერიკული სატელევიზიო ფორმატის პროგრამა - Press Conference შექმნა. გადაცემა კვირაში ერთხელ მაყურებელს წამყვან პოლიტიკურ ფიგურასთან ინტერვიუს სთავაზობდა. მას შემდეგ, მის სახელს BBC-ის არაერთი წარმატებული პროდუქტი უკავშირდება. მაგალითად: Panorama, Tonight და Monitor.

გოლდი ჟურნალისტებზე დაბალი წარმოდგენის იყო და მათ „ბინძური ადამიანების რაზმად“ მოიხსენიებდა. თუმცა, ის სერიოზულ ჟურნალისტიკას პატივს სცემდა, რომელსაც მის თვალში განასახიერებდნენ: The Times, The Manchester Guardian, The Economist და New Statesman.

როგორც BBC-ის ტოქ-შოუების ხელმძღვანელმა, მან ტელევიზიის სერიოზული იმიჯის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის მგზნებარედ იცავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და აქტიურად იბრძოდა BBC-ის დამოიკიდებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცვისთვის.

გრეის უინდჰემ გოლდმა BBC-ზე მუშაობა 1965 წელს 65 წლის ასაკში დაასრულა. ის 1986 წლის 3 ივნისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: The Guardian