კატეგორია: ეთიკა
თითოეულმა პოლიტიკოსმა ზუსტად იცის შედეგი, რასაც ბავშვთან მომღიმარი სახით გადაღებული ფოტო მოუტანს. გათვლები შესაბამისი მიზნობრივი აუდიტორიისთვის ზუსტად არის გაკეთებული, კარგად აპრობირებული მეთოდი ჭრის, კადრს მედია იტაცებს, ის ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტში, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ტრიალებს ტელესივრცეშიც და შედეგიც მიღწეულია - პოლიტიკოსის პოზიტიური იმიჯი შექმნილია.

პოლიტიკოსები ბავშვებს განსაკუთრებით ხშირად წინსაარჩევნო კამპანიისას იყენებენ. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, როცა პროგრამის პრეზენტაციაზე პატარა გოგონა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გვერდით აღმოჩნდა, ერთობლივმა ფოტომ კი მოიცვა როგორც სოციალური ქსელები, ისე ინტერნეტგამოცემები. მათი შეხვედრის კადრები სატელევიზიო სიუჟეტებშიც არაერთხელ ვიხილეთ.



ტენდეცნია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გრძელდება. ამ მხრივ განსაკუთრებით “ქართული ოცნება” აქტიურობს, პარტიამ საკუთარი პარტიისა და კანდიდატების რეკლამირებისთვის ბავშვები არაერთხელ გამოიყენა. ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მესამე კლასის მოსწავლესთან ერთად არის გადაღებული.


ბავშვით ხელში ისაუბრა კახი კალაძემ მოსახლეობასთან კიდევ ერთ შეხვედრაზე, სადაც ის ჯანდაცვის პროგრამების განვითარებაზე მსჯელობდა.



ბავშვებს იყენებენ კამპანიაში “ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოც".




დღესდღეობით, საქართველოში ბავშვის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება კანონით აკრძალული არ არის და ის ეთიკის ჭრილში განსახილება. რატომ არის პრობლემა, ბავშვის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება - ეს კითხვა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტ მაია ცირამუას დავუსვით. იგი ფიქრობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესში არ შედის, მონაწილეობდეს პოლიტიკოსის პიარ აქტივობაში: “ეს არ არის ბავშვის გაცნობიერებული არჩევანი, ბავშვმა არ შეიძლება იცოდეს, რომელი პარტიისკენ იხრება მისი პოლიტიკური სიმპატიები, ეს ყველაფერი ემსგავსება ბავშვებით მანიპულირებას”, - ამბობს მედიაჩეკერთან საუბარში მაია ცირამუა.

ვიზუალური მასალა ბავშვისა და პოლიტიკოსის მონაწილეობით, მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა, ხშირად, ამ შეხვედრების შესახებ მომზადებულ სიახლეებს ონლაინმედიაში სწორედ ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოები ერთვის. მედია ცალკე მასალებსაც კი უძღვნის იმის გარკვევას, თუ ვინაა ესა თუ ის ბავშვი, რომელიც პოლიტიკოსის გვერდით “შემთხვევით” გამოჩნდა.

რა პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, რომელიც პოლიტიკოსის ამგვარ ფოტოებს თუ ვიდეომასალას აზიარებს, ან ურთავს სიახლეს? მაია ცირამუას აზრით, მედია მსგავსი საკითხების გაშუქებისას სწორედ ბავშვის უფლებების პრინციპიდან უნდა ამოდიოდეს. მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსი ნახავს, რომ ბავშვით მანიპულაციის მცდელობა კადრს მიღმა დარჩა და მედიასივრცეში ვერ მოხვდა, მიხვდება, რომ მისმა ქცევამ შედეგი ვერ გამოიღო და მომავლში აღარ ეცდება წინასაარჩევნო კამპანია ბავშვების გამოყენებით აწარმოოს: “მედიას აქვს დიდი რესურსი და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, დაეხმაროს პოლიტიკოსებს დაისწავლონ სხვა ტიპის ქცევები”, - ამბობს მაია ცირამუა.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
დასავლურ მედიაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია შეცდომას ასწორებს და აუდიტორიას ბოდიშსაც უხდის. რა შეასწორა დასავლურმა მედიამ 2017 წელს, გამოცემა Imediaethics აქვეყნებს მედიის მიერ საკუთარ მასალებში შეტანილი შესწორებების სამეულს:

1

The Chicago Tribune-მა აპრილის მასალაში ცნობილი ტელეევანგელისტის ბილი გრაჰმის გარდაცვალების შესახებ წერდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მედიასშუალებებმა ტელეევანგელისტი გარდაცვლილად გამოაცხადა. 2011 წელსაც, CBS-ის შვილობილმა WBTV-მ მისი სიკვდილის შესახებ გადმოსცა ინფორმაცია. T

he Chicago Tribune-ის შესწორებაში ვკითხულობთ: “ორშაბათის მასალა ბილი გრაჰამის სიკვდილის შესახებ იუწყებოდა - ის ცოცხალია”.




2

The New York Times-ის მექანიკური შეცდომა განხილვის საგანი გახდა, გამოცემამ 5 აპრილის მასალაში ივანკა ტრამპი პრეზიდენტ ტრამპის მეუღლედ მოიხსენია. გამოცემამ მოგვიანებით, მასალა ასე შეასწორა: ტექნიკური შეცდომის გამო, ჩვენს მასალაში ივანკა ტრამპი მოხსენიებული იყო, როგორც პრეზიდენტ ტრამპის მეუღლე. მისი მეუღლე არის მელანია, ივანკა პრეზინდეტ ტრამპის ერთ-ერთი შვილია”.


3

The New York Times-მა 26 მარტის მასალაში - “რატომ მოდის ყველა ჯიჰადისტი ბირმინგემში” - ორი რელიგია ერთმანეთში აურია. “მასალას, რომელიც ბირმინგემში მცხოვრებ მუსლიმებს ეხებოდა, ფოტო შეცდომით ერთვოდა. მასზე გამოსახული იყო არა მუსლიმი, არამედ რელიგიური მიმდინარეობა - სიხის წარმომადგენელი მამაკაცი”, - ვკითხულობთ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ შესწორებაში.

წყარო: Imediaethics
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
The Guardian - ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებისა და მათი ცოლების შეხვედრას ასახავდა, ჩანდა, რომ პოლონეთის პირველმა ლედიმ აგატა კურშნერ დუდამ ხელი მხოლოდ მელანია ტრამპს ჩამოართვა, დონალდ ტრამპის მისალმება კი უყურადღებოდ დატოვა.

თავდაპირველად გავრცელებული ვიდეო

აღმოჩნდა, რომ ვიდეო დამონტაჟებული იყო, რის გამოც რეალობა არასწორ კონტექსტში წარმოჩნდა. უფრო ვრცელ, დაუმონტაჟებელ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ დონალდ ტრამპმა და აგატა კურშნერ-დუდამ ერთმანეთს ხელი შეხვედრის დასაწყისშივე ჩამოართვეს. ხოლო, მაშინ, როდესაც პოლონეთის პირველი ლედი მელანია ტრამპისკენ გაემართა, დონალდ ტრამპა მას ხელი კიდევ ერთხელ გაუწოდა, თუმცა კურშნერ-დუდამ მისთვის ხელის ჩამორთმევა ვეღარ მოახერხა, რადგანაც ის უკვე მელანია ტრამპისკენ იყო მიმართული. მელანია ტრამპთან მისალმების შემდეგ კი, პოლონეთის პირველმა ლედიმ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, დონალდ ტრამპს ხელი კიდევ ერთხელ ჩამოართვა. The Guardian - ის ვიდეოს მკითხველის უკმაყოფილება მოჰყვა. აღნიშნულს Twitter - ის საკუთარ გვერდზე პოლონეთის პრეზიდენტი ანდრეშ დუდაც გამოეხმაურა: „ჩემმა მეუღლემ მისტერ და მისის ტრამპებს ხელი ორივეს ჩამოართვა. მოდით, ერთად ვებრძოლოთ ყალბ ამბებს“ - დაწერა მან.

დაუმონტაჟებელი ვიდეო

The Guardian - მა შეცდომის საპასუხოდ, პოლონეთისა და აშშ-ის პირველი პირების შეხვედრის ამსახველი სრული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც შენიშვნაც დაურთო. შენიშვნაში გამოცემამ განმარტა, რომ მონტაჟის გამო, ვიდეოს პირველ ვერსიაში პოლონეთის პირველი ლედისა და დონალდ ტრამპის მისალმების პროცესი არასწორ კონტექსტში წარმოჩნდა.

შეცდომას The Guardian - ის რედაქტორი პოლ ჩოდვიკიც გამოეხმაურა. მან საკუთარ სვეტში ჟურნალისტებს, მკითხველის ნდობის შესანარჩუნებლად, სიფრთხილისა და ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდა: „ნდობის მოპოვება რთულია, მისი დაკარგვა კი იოლი. სანდოობის შესანარჩუნებლად, ჟურნალისტიკა არასწორი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ფხიზლად უნდა იყოს. თუკი ასეთი რამ მაინც მოხდება, ის სწრაფად და დაუფარავად უნდა დაკორექტირდეს“ - დაწერა ჩოდვიკმა.

The Guardian ერთადერთი არ ყოფილმა, რომელმაც დონალდ ტრამპისა და პოლონეთის პირველი ლედის ხელის ჩამორთმევის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ვებგვერდმა Snopes -მა, რომლის პროფილიც სხვადასხვა სახის ჭორისა და არასწორი ინფორმაციის გამომჟღავნებაა, დაწერა, რომ Newsweek - მა და Vanity Fair - მა სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს პოლონეთის პირველმა ლედიმ დონალდ ტრამპის მისალმება უყურადღებოდ დატოვა.

წყარო: Imediaethics
კატეგორია: ეთიკა
მიმდინარე წლის აპრილიდან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ახალი ტოქშოუ “პრაიმ შოუ” დაიწყო. შოუს 6 წამყვანი ჰყავს, ესენი არიან: პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, მომღერალი ნინი ბადურაშვილი, კინოპროდიუსერი ირალი მაქაცარია, მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი, მომღერალი ანრი ჯოხაძე და პლასტიკური ქირურგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა. პირველვე გადაცემაში წამყვანების ნაწილმა ბუნებრიობის, ნაწილმა მეტი ინფორმაციულობის პირობა დადო. ნაწილმა კი ისიც აღნიშნა, რომ შოუში “კაი ტიპების სიას” სწორედ ის ადგენს.

გადაცემის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განმარტებულია, რომ გადაცემის მიზანი საზოგადოებისთვის ნაცნობი მოვლენების შესახებ უფნობი მხარეების გაცნობაა. გადაცემაში წამყვანებთან ერთან დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობს დამსწრე აუდოტორიაც. სტუდიაში ორ ფლანგზე ნაწილდებიან. ერთ ფლანგზე წარმოდგენილები არიან ის ადამიანები, რომლებიც განსახილველ თემასთან გარკვეული საქმიანი კვეთა აქვთ, მეორე მხარეს კი მათი ოპონენტები.

სხვა სატელევიზიო შოუების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც განხილვის თემები ნაცნობია, ღალატითა და ეჭვიანობით დაწყებული, ქართული ტრადიციებით დამთავრებული. სტუმრებიც ყველასათვის კარგად ნაცნობი და უკვე ახლობლებად ქცეული სახეებია.

გარდა ე.წ. ყვითელი თემებისა, ტოქშოუს წამყვანები ისეთ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემებსაც ეჭიდებიან, როგორიც არის გენდერული თანასწორობა, ფემინისზმი, პროსტიტუცია და სექსმუშაკების უფლებები და ა.შ.

მსგავსი თემების განხილვისას, სტუმრების სიაში ვიხილავთ გივი სიხარულიძეს, გურანდა გაბუნიას, ლალი ბადურაშვილს და ა.შ. როგორც ჩანს, რეიტინგისთვის მსხვერპლის გაღება, სატელევიზიო სივრცეში უკვე კარგად დამკვიდრებული ტენდენციაა და კოლქტიურ გურანდა გაბუნიებზე უარის თქმა, არც თუ ისე მარტივია. რაც გადაცემაში წარმოჩენილ მწვავე თემაზე საგნობრივი დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობებს სპობს.

მაგალითად, გენდერულ თანასწორობაზე საუბრისას, როდესაც ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტები საკითხის მნიშვნელობის და პრობლემურობის წარმოჩენას ცდილობდნენ, საუბარში გივი სიხარულიძე ერთვება და მის ჩვეულ სტილში სტუდიაში მსხდომი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტებით გამოდის.

“შოთა რუსთაველიდან დაწყებული, ბესიკ გაბაშვილი, ტატო ბარათაშვილი და მთელი ჩვენი პოეზია, რაც არსებობს. ან ავიღოთ ბაირონი, ყველა იესენინი, პუშკინი, ფემინისტი ქალები, რომ ყოფილიყვნენ მსოფლიოში რამე ლექსი დაიწერებოდა მსოფლიოში? ვინ დაწერს თქვენზე ლექსს თავის ცხოვრებაში” - ბობოქრობდა სტუმარი.

ხშირად, სტუმრებს არც წამყვანები ჩამორჩებიან და გენდერულ თანასწორობაზე საუბრისას გადაცემის მამრობითი სქესის წამყვანებისგან ისეთ ტექსტებსაც მოისმენთ, რომ თუკი კაცს ქალის სიძლიერე და აქტიურობა არ აკომპლექესებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. რაც ყველაზე უცნაურია, ამაზე გადაცემის ქალი წამყვანებიც თანხმდებიან. მსჯელობა უფრო შორსაც მიდის და წამყვანებისთვის ქალისა და კაცის შესაძლებლობების ერთ სიბრტყეზე განხილვა ქმნის უხერხულობას და დავა იმაზე იმართება, გაუგია თუ არა ვინმეს გენიოსი ქალი კომპოზიტორი, მაშინ, როდესაც უამრავი გენიოსი კაცი კომპოზიტორის დასახელებაა შესაძლებელი. რაც თავის მხრივ, ისედაც პატრიარქალურ გარემოში დამკვიდრებული სტიგმების გამძაფრებას უწყობს ხელს და პრობლემის მთავარი ხაზისგან აცდენას იწვევს.

კიდევ ერთი სენსიტიური თემა, რომელსაც ტოქშოუმ საეთერო დრო დაუთმო პროსტიტუცია და სექსმუშაკების უფლებებია. გადაცემაში ერთ ფლანგზე წარმოდგენილები იყვნენ უშუალოდ სექსმუშაკები, რომლმებიც მათი მძიმე სამუაშო პირობებისა და იმ პრობლემების შესახებ ყვებოდნენ, რასაც ისინი ყოველდღიური საქმიანობის დროს აწყდებიან და საკითხის გადასაჭრელად პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვდნენ. მეორე ფლანგზე კი მათ კრებითი გიორგი ნაზღაიძეები სამსჯავროს უწყობდნენ და მათგან იმის ახსნას ითხოვდნენ, თუ რატომ არ თანხმდებიან ისინი “ნორმალურ” სამსახურს და რატომ ირჩევენ ფულის შოვნის “იოლ” გზას.

სტუმრებს ბანს წამყვანებიც აძლევდნენ და დამრიგებლური ტონით იმეორებდნენ, რომ სურვილის შემთხვევაში, შესაბამის სამუშაოს პოვნა და პროსტიტუციაზე უარის თქმა ძალიან მარტივია. მთავარია, მონდომება და “სწორი გზის” არჩევა. თუმცა, მოსაზრება, რომ მსგავსი საქმიანობაც შეიძლება იყოს ადამიანის არჩევანი რატომღაც არავის გაუჟღერებია. საკითხი არც იმ მიმართულებით განხილულა, თუ რა მძიმე პირობებში შეიძლება უწევდეთ მათ საქმიანობა და რა პრობლემებს შეიძლება აწყდებოდნენ ყოველდღიურად. თუმცა, როდესაც სტუმრის რანგში, არა საქმეზე კვალიფიურად მოსაუბრე ადამიანები, არამედ ზნეობრიობის მანტიაში გახვეული ფსევდომორალისტების ჯგუფი გყავს, ალბათ, საუბრის მსგავსი დისკურსით განვითარებაც მოსალოდნელია.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ტოქშოუში წამოჭრილ მტკივნეულ და პრობლემურ საკითხებზე საგნობრივი დისკუსიისა და საკითხზე რაიმე რაციონალური კონსენსუსის მიღწევისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, საზოგადოებაში გამჯდარი კლიშეებისა და სტიგმების კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება ხდება. რასაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს რასწორად შერჩეული სტუმრები, რაც ცალსახად, თემის გაყვითლებით, გადაცემის რეიტინგის მომატებას ემსახურება და არა პრობლემაზე რაციონალურ მსჯელობას. მეორეს მხრივ კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებაში ისედაც დამკვიდრებული სტერეოტიპების განმტკიცება-გაღრმავებას დიდწილად თავად გადაცემის წამყვანებიც უწყობენ ხელს.
კატეგორია: ეთიკა
27 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამოაქვეყნა 2011-2016 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ კვლევა, რასაც „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ სიუჟეტები მიუძღვნეს, თუმცა, მკვეთრად განსხვავებული კუთხით წარმოაჩინეს.

კვლევაში მოყვანილი მონაცემები IDFI-მ 2015 წლის მარტში გამოითხოვა, მაგრამ მისი მიღება 2017 წლის ივნისში მხოლოდ სასამართლოს სამი ინსტანციის გავლის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართვით შეძლო. კვლევაში მიმოხილული იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები, მათ შორის ხელფასების, პრემიებისა და დანამატების, წარმომადგენლობითი და ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო თანხები. კვლევაში ერთი ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობრივ სარგოსაც ეხებოდა.

რა გააშუქა რუსთავი 2-მა?

IDFI-ს კვლევით „რუსთავი 2“ გამოქვეყნების დღესვე დაინტერესდა და საკითხი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქა. ჟურნალისტმა საუბარი სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გაცემისას წარმოქმნილ დარღვევებზე საუბრით დაიწყო. ამის მაგალითად კი 2014 წელს ეკონომიკის მინისტრის (ამჟამად პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის) სახელფასო ანაზღაურების შესახებ IDFI-სთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და დეკლარაციას შორის უზუსტობა დაასახელა.

სიუჟეტიდან მაყურებელი იგებდა, რომ სამინისტროს ხარჯებზე ინფორმაციის მისაღებად IDFI-ს სამი წელი და სამი ინსტანციის სასამართლო დავა დასჭირდა. აქვე განმარტებული იყო, რომ ამის მიუხედავად უწყება ფაქტებს მაინც მალავდა.

მასალიდან ცნობილი ხდებოდა, რომ კვირიკაშვილის მინისტრობის დროს ეკონომიკის სამინისტროს ჩინოვნიკებზე გაცემული პრემია-დანამატები ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. სიუჟეტში ასევე ნათქვამი იყო, რომ სამინისტროს მიერ გაცემული პრემია-დანამატების შესახებ მანამდე გასაჯაროებულ ინფორმაციასა და უწყების მიერ IDFI-ისთვის მიწოდებულ მონაცემებს შორის სხვაობა 300 000 ლარია. კვლევაში კი აღნიშნულია, რომ სხვაობა 205 ათასი ლარი იყო.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სიუჟეტში ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სამინისტრო მიერ რესტორნებსა და საჩუქრებში დახარჯული თანხებია. გარდა ამისა, მასალაში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ კვირიკაშვილის მინისტრობის დროს „რეკორდი მოიხსნა“ და 2011 წლიდან დღემდე ყველა წინა და მომდევნო მინისტრზე მეტი დაიხარჯა მივლინებაში.

რა გააშუქა იმედმა?

„რუსთავი 2-სგან“ განსხვავებით, რომელმაც აქცენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაზრდილ ხარჯებზე გააკეთა, ტელეკომპანია „იმედმა“ IDFI-ს კვლევა განსხვავებული კუთხით გამოიყენა და შეეცადა აუდიტორიისთვის ეჩვენებინა ეკონომიკის სამინისტროს ხარჯვის მიზნობრიობა.

30 ივლისს გადაცემა „იმედის კვირაში“ ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტის დასაწყისშივე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯებიც გაიხსენეს, რომელიც IDFI-ს კვლევაში საერთოდ არ ფიგურირებდა.

„მისთვის [მიხეილ სააკაშვილისთვის] ხალხზე უფრო მნიშვნელოვანი პირადი კომფორტი იყო. მასაჟი, საუნა, ბოტოქსი, პიჯაკი და მსოფლიოს ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენება სახელმწიფოს ხარჯზე, სააკაშვილისთვის კანონდარღვევა არ იყო“, - აღინიშნა სიუჟეტის წარდგენისას .

იმ დროს, როდესაც წამყვანი მიხეილ სააკავშვილის ხარჯების არამიზნობრიობაზე საუბრობდა, ეკონომიკის სამინისტროს ხარჯებს „ქამრების შემოჭერის შთამბეჭდავ ეფექტს“ უწოდებდა. სიუჟეტში კი საუბრობდნენ ხარჯების პოზიტიურ ტენდენციებზე, შემცირებული სახელფასო, სამივლინებო, სატელეფონო, საწვავის, როუმინგის და ავტოპარკის განახლების ხარჯებზე.

გარდა ამისა, სიუჟეტში ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მიერ 2014 წელს გაღებულ წარმომადგენლობით ხარჯებზე. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სიუჟეტში ხარჯებს წარმატებული მოლაპარაკებებით ასაბუთებდა. ამავე მიზეზით ხსნიდა მინისტრის მოადგილე პრემია-დანამატების „უმნიშვნელო ზრდას“ 95 ათასი ლარით. რეალურად კვლევაში ნათქვამია, რომ 2014 წელს პრემია-დანამატები 2011 წელთან შედარებით გაიზარდა 994 162 ლარით.

სიუჟეტის ბოლოს აქცენტი კვლავ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხარჯების ოპტიმიზაციაზე გაკეთდა.

ამ თემაზე საუბარი ისე დასრულდა, არ უხსენებიათ რომ კანონით გათვალისწინებული 10 დღის ნაცვლად IDFI-მ ინფორმაცია 3 წლის შემდეგ მიიღო.
კატეგორია: რესურსები
ინტერნეტიზაციისა და ინფორმაციის მოზღვავების ეპოქაში, მედიისა და საზოგადოების წინაშე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ნაკადებად წამოსული სიახლეების სიზუსტის დადგენა იქცა. იმის გასარჩევად, თუ რა არის ცრუ და რა მართალი, ბევრმა მედიასაშუალებამ ფაქტების გადამოწმების ე.წ. Factchecking-ის მიმართულებაც აამუშავა და აუდიტორიისთვის გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიწოდება დაისახა მიზნად. წამოწყება მალე მსოფლიო ტრენდად იქცა და დღეისათვის ე.წ. Factchecking - ს მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც შეხვდებით.

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ონლაინ რესურსებს, რომლებიც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების, მედიის თუ სხვადასხვა საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენაში დაგეხმარებათ:


1

Politifact - პოლიტიკასთან დაკავშირებული ფაქტების გადამოწმების ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საუკეთესო წყაროა. ეს არის ამერიკული პორტალი, რომლის ძირითადი პროფილი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსების განცხადებების სიზუსტის დადგენაა. Politifact ფლორიდის დამოუკიდებელი გამოცემის Tampa Bay Times - ის ბაზაზე ჩამოყალიბდა. როგორც ერთ-ერთ საუკეთესო და სანდო მედიასაშუალებას politifact-ს პულიტცერის პრემიაც აქვს აღებული.


2



FactCheck.org - პენსილვანიის უნივერსიტეტის Politifact-ის ანალოგი პროექტია და მისი ძირითადი მიმართულებაც სწორედ, პოლიტიკოსების განცხადებების სიზუსტის დადგენაა.


3



Open Secrets - ეს არის დამოუკიდებელ მკვლევართა მიერ დაფუძნელი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიმართულებაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკაში მოძრავი ფულის და ამ ფულის არჩევნებზე და საჯარო პოლიტიკაზე გავლენების მონიტორინგია. Open Secrets ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დაადგინოთ საიდან და რა მოცულობის თანხებს იღებენ პოლიტიკოსები. Open Secrets ასევე აკვირდება იმ ლობისტების ჯგუფს, რომლებიც პოლიტიკოსებს აფინანსებენ.


4



Snopes - ე.წ. Face News-ების, ჭორების, მითებისა და ლეგენდების გადასამოწმებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერნეტპორტალია.

5


Stop Fake - ყალბ ინფორმაციასთან და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის კიდევ ერთი აღსანიშნავი საშუალება უკრაინული პორტალი Stop Fake - ია. ის რუსეთ-უკრაინის ომის დროს შეიქმნა და მისი მიზანი რუსული პროპაგანტისტული მედიასაშაულებების მიერ უკრაინასი მიმდინარე ამბების შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.






Truth or Fiction – Snopes - ის მსგავსი პორტალია და ის ძირითად პოლიტიკური ჭორებისა და მითქმა-მოთქმების გადამოწმებაზეა ორიენტირებული.


7


Factchecker by the Washington Post - მიუხედავად მათი მემარცხენე ცენტრისტული მიმართულებისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ფაქტების გადამოწმების ერთ-ერთი ყველაზე სოლუდური და სანდო წყაროა. "სიმართლე რიტორიკის ნაცვლად" - ესაა Factchecker-ის სლოგანი.
კატეგორია: ეთიკა
ის, რომ რეიტინგი ნებისმიერი სატელევიზიო პროდუქტის ეკრანზე გრძელვადიანი არსებობის ერთ-ერთი მთავარი საზომი და გარანტია, ტელებინზნესში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი. შესაბამისად, სატელევიზიო პროდუქტის შემქმნელები მაყურებლის ყურადღების სხვადასხვა შესაძლო ხერხისა და რესურსის გამოყენებით ცდილობენ.

გარდა სატელევიზიო გასართობი შოუებისა, საკუთარი გადაცემის რეიტინგზე ზრუნვა პოლიტიკური ტოქ შოუების წამყვანებსა და პროდიუსერებსაც უწევთ. ამისათვის გარდა საზოგადოებისთვის აქტუალური თემების შერჩევისა, სასიცოცხლო ზღვარი გადაცემაში მოწვეულ სტუმრებზეც გადის. იმაზე თუ ვინ იჯდება სტუდიაში, დიდწილად არის დამოკიდებული ის რიცხვები, რომელსაც კონკრეტული გადაცემა კვირის თუ თვის ბოლოს რეიტინგის სახით დადებს. სასურველი შედეგის მისაღებად გადაცემის „გაყვითლებაზე“ უარს არც პოლიტიკური ტოქ-შოუების პროდიუსერები ამბობენ. ასე მაგალითად, ტელეკომპანიას „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტში“, რომლის ფორმატიც აქტუალურ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თემებზე მსჯელობაა, ხშირად შევხვდებით ისეთ ადამიანებს, რომელთაც ბევრი საერთო არც გადაცემაში განსახილველ თემასთან აქვთ და არც საკითხზე საფუძვლიანი მსჯელობის სათანადო გამოცდილებას და კომპეტენციას ფლობენ.

ტოქ შოუ „პრიორიტეტი“ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში, ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს რვა საათზე გადის. გადაცემას მონაცვლეობით, ჟურანილისტები მაკა რაზმაძე და გიორგი გასვიანი უძღვებიან. როგორც აღწერილობაში ვკითხულობთ, „პრიორიტეტის“ პრიორიტეტი დღის მთავარ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თემებზე მსჯელობაა. რომ არა მსგავსი ანოტაცია, ალბათ, დიდად არც სტუმრები მიიქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ აბა, როგორ გინდა კითხვა არ დაგებადოს, როდესაც მსგავსი შინაარსის გადაცემაში თითქმის უკვე ოჯახის წევრად ქცეულ გურანდა გაბუნიას, ლალი ბადურაშვილს, გივი სიხარულიძეს, ქეთი დოლიძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს ხედავ და უსმენ. ყველა დასახელებული სახელი და გვარი პირობითია. თუმცა, ყველა პირობითი სახელისა და გვარის გასწვრივ, სრულიად ლეგიტიმურად ისმის კითხვა - რატომ უთმობს პოლიტიკური ტოქ-შოუ მსგავსი დოზით დროს ისეთ სახეებს, რომლებსაც, პირობითად, არც ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობისთვის აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, არც ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზებზე აქვთ წარმოდგენა და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, დალაგებულად ვერც ქვეყნის მიერ არჩეულ კურსზე ისაუბრებენ რიგიანად. მაშინ რატომ ვეკითხებით კოლექტიურ გურანდა გაბუნიებს გვეშველება თუ არა რამე და თუ გვეშველება, როდის? რატომ დებს გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი სწორედ იმ მოკლე ამონარიდებს, სადაც სტუმრების მიერ ნათქვამი ყველა მარგალიტი კარგად არის გამოკვეთილი და მიზანიც კარგად ჩანს. იქნებ იმიტომ, რომ მათ მიერ გაცემული ყოველი კომიკური პასუხი, მათ მიერ გამოხატული სრულიად არაადეკვატური რეაქცია, გაცხარებული წამოძახილი თუ გაბრაზებული ტონი, მყისვე მაყურებლის სათანადო რეაქციას იწვევს, საქილიკო ხდება და შედეგიც მიღწეულია. ვიდეოს საჭიროზე მეტი ნახვა და გაზიარება უგროვდება, გადაცემას კი რეიტინგი. შედეგად, აუდიტორია შოუს ელემენტებით გამდიდრებულ, მაგრამ უშინაარსო ინფორმაციას იღებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით „პრიორიტეტში“ მაინც გურანდა გაბუნია სარგებლობს. ყველაზე მეტი გამოხმაურებაც სწორედ მის პერსონას მოსდევს. ეს როგორც ჩანს, არც გადაცემის შემქმენელებს გამორჩენიათ. ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ სტატისტიკურად, სტუმრის როლიც ყველაზე ხშირად სწორედ მას აქვს მორგებული. სტუმრის საუბრის მთავარი ხაზი, მოქმედი ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის ქებაზე გადის. ხშირად სწორედ ის განსაზღვრავს თუ ვინ რა უნდა თქვას და როდის. თუკი ვინმე გაბედავს და წინააღმდეგობას გაუწევს, არც მისი საჯარო შეურაცხყოფისა მოერიდება და საქმე-საქმეზე თუ მიდგა, გაბრაზებული შუა ეთერიდანაც ადგება, საუბარს დასრულებულად გამოაცხადებს და წავა. თან მუქარას დატოვებს ჩემზე არაფერი თქვათ, თორემ მოვბრუნდები და ყველას „თავებს გაგიხეთქავთო“.

აბა, სხვა რა უნდა იყოს მსგავსი სტუმრების მოწვევის მიზანი, თუ არა გადაცემის ე.წ. გაყვითლებით მაყურებლის მოზიდვის მცდელობა? სხვა რა ღირებულებითი დანიშნულება აქვს მსგავს რესპონდენტს? თუ არა ეს, მაშინ გაუგებარია, რატომ ირჩევს მედია საკთხზე კომპეტენტური დისკუსიის წარმართვის ნაცვლად, სრულიად უსაგნო დიალოგს? რატომ უთმობს ის საეთერო დროს უშინაარსოო მსჯელობას და რატომ არ ცდილობს ის რეალური პრობლემების კვალიფიციურ რესპონდენტებთან განხილვას? ფაქტია, „პრიორიტეტის“ პრიორიტეტი ე.წ. სელებრითების ხელოვნურად შექმნა, ან უკვე არსებული სელებრითების ისე წარმოჩენაა, რომ მოგვიანებით, წარმატებით იქცნენ "ინტერნეტ მემეებად". ამ ფონზე კი რეალურად პრობლემური საკითხები ხშირად, კავალიფიციური ანალიზისა და შეფასებების გარეშე რჩება.
კატეგორია: ბლოგი
„ცხოვრება კონტრასტებით არის სავსე და ბუნებრივია, ეს კონტრასტი აისახება ჩვენს გადაცემაშიც. დარწმუნებული ვარ, აი, ამ კადრით ვერასდროს მიხვდებით, სად ვართ ახლა ჩვენ. ეს ლამაზი ბაღი, ულამაზესი ყვავილები... ჩვენ ვიმყოფებით დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში, მე-16 დაწესებულებაში, რომელიც უნიკალურია საქართველოში და არა მარტო საქართველოში,“ - ამ რომანტიკული შესავლით დაიწყო 17 მაისს, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, ეკა ხოფერიამ თავისი შოუ („ეკა ხოფერიას შოუ“). ამით დაიწყო ციხეში მაყურებლის „ზღაპრული“ მოგზაურობაც.

ვერ გეტყვით რატომ, თუმცა ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ციხის ყველა "სიკეთე" ზედმიწევნით დეტალურად ეჩვენებინა. თან ისე დეტალურად, რომ ადამიანს კითხვაც დაგებადებოდა, ნეტავ, სად უფრო სჯობსო. პენიტენციურ დაწესებულებაში ხოფერიას გიდის ფუნქცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა შეასრულა და დაწესებულების ყველა კარიც ფართოდ გაუღო. მასპინძელმა სტუმარს ჯერ დაწესებულებაში წიგნებით სავსე ბიბლიოთეკა და საკლასო ოთახები დაათვალიერებინა (თან განუმარტა, რომ აქ ხშირად მოდიან მწერლები და საზოგადო მოღვაწეები), შემდეგ კი სასადილოში შეუძღვა.

სტუმარმა ულუფის მიღებისთვის რიგ პატიმრებთან ერთად დაიკავა და სადილის მენიუგაგვაცნო. „აი მეთექვსმეტე დაწესებულების სადილი: კარტოფილი, ჩიხირთმა ქათმით, კომპოტი და პატიმრების მიერ გამომცხვარი პური,“ - გვითხრა ჟურნალისტმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს სწორედ ის არის, რაც მას არასდროს დაუგემოვნებია. ჰოდა, დააგემოვნა და მოეწონა - ჩიხირთმა ძალიან გემრიელი იყო.

სადილის შემდეგ, უკვე იმ პუნქტთან გადავინაცვლეთ, სადაც, წამყვანის თქმით, პატიმრები სასურველ პროდუქციას ყიდულობენ. ის იქვე, ერთ-ერთ მსჯავრდებულსაც გაესაუბრა. მსჯავრდებული ამბობდა, რომ ყველა აქტივობაშია ჩართული და ციხის პირობებით ძალიან კმაყოფილია.

სავაჭრო პუნქტის შემდეგ, გადაცემის საშუალებით, მსჯავრდებულებისთვის გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ადგილიმოვინახულეთ. „აა, ბინაა, ფაქტიურად,“ - აღფრთოვანება ვეღარ დამალა ჟურნალისტმა. „ბინას“ სამუშაო ოთახი მოჰყვა, (სადაც მსჯავრდებულები ხისგან სხვადასხვა ნივთს ამზადებენ), სამუშაო ოთახს კი სამხატვრო. სამლოცველო ოთახში კი მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ მისი ფასეულობები იქ შეეცვალა - დააფასა ის, რასაც მანამდე არ აფასებდა.

დეტალების აღწერით რომ არ დაგღალოთ, გეტყვით, რომ ციხის სტუმარ-მასპინძელთან ერთად, მაყურებლები დაწესებულების სპორტულ დარბაზსაც ვესტუმრეთ, პენიტენციური დაწესებულების თეატრალური დასის რეპეტიციას და ფრანგულის გაკვეთილებსაც დავესწარით. ნანახით აღფრთოვანებას ჟურნალისტი მსჯავრდებულებისთვის დასმულ კითხვებშიც გამოხატავდა. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: "იქნებოდა თუ არა საფრანგეთში მსგავსი დაწესებულება? ცოტა დაუჯერებელ ადგილზე ვარ. მგონი, მაყურებელს ძალიან გაუკვირდება,“ - ამბობს ჟურნალისტი.

გადაცემა დროდადრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან, კახი კახიშვილთან ინტერვიუთი იჭრებოდა. პირველი, რაც ჟურნალისტმა მინისტრს უთხრა, ის იყო, რომ ის მე-16 დაწესებულებაში ნანახით დიდი შთაბეჭიდილების ქვეშ მოექცა. აღფრთოვანების გამოხატვის შემდეგ კი, ჟურნალისტი იმ რთული გზით დაინტერესდა, რასაც აღნიშნულ შედეგამდე იყო საჭირო.

მინისტრმა ისაუბრა მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ სოციალურ პაკეტებსა და მათ მიერ დამზადებული ნივთების გასაყიდად შექმნილ ონლაინმაღაზიაზე(ამ მაღაზიის საშუალებით ბენეფიციარები შემოსავალს იღებენ). გარდა ამისა, მინისტრი განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, თუ მსჯავრდებული საპატიმროში არსებულ სამედიცინო პუნქტებში სასურველ სერვისს ვერ იღებს სხვადასხვა წამყვან კლინიკებში გადაჰყავთ.

ინტერვიუს მიწურულს, ჟურნალისტმა მინისტრს საქმიანობა შეუქო და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და თითოელი გადარჩენილი ადამიანი ამას საკუთარ თავზე გრძნობს.

გადაცემა მე-16 პენიტენციური დაწესებულების თეატრალური დასის წარმოდგენით დასრულდა. მსჯავრდებულებმა „12 განრისხებული მამაკაცი“ რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშეს. სპექტაკლს სასჯელაღსრულების მინისტრიც ესწრებოდა. კახიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულების დაწესებულებიდან სპექტაკლისთვის გაყვანა რისკებთან არის დაკავშირებული, ეს მათ ღიმილად, ნამდვილად, ღირს.

სწორედ ასეთ ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურეთ ერთი საათით. რომ არა პენიტენციური დაწესებულება, ალბათ, მსჯავრდებულების ადგილზე ყოფნას, თითოეული ჩვენგანი ისურვებდა.

რთულია, იმის თქმა, თუ რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების მსგავსი რომანტიკული ფორმით ჩვენება. თუკი, გადაცემის მიზანი, საპატიმროებში განთავსებული პირების მდგომარეობის გაშუქება იყო, სხვა დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც უნდა გაცნობოდა. გადაცემაში არ ისმის კრიტიკული კითხვები. იქნებ, გადაცემის დაგეგმვის დროსვე არ ყოფილა საკითხზე მწვავე კითხვების დასმის განზრახვა? ალბათ, მსგავსი ჰიპოთეტური მსჯელობები შორს წაგვივყვანს. ამიტომ იმით დავასრულებ, რაც ცხადია: გადაცემის მიზანი, ერთი კონკრეტული დაწესებულების მაგალითზე ეჩვენებინათ, რა კომფორტულად გრძნობენ თავს მსჯავრდებულები, ნამდვილად შესრულდა. საკუთარ თავთან კითხვა - „ნეტავ, სად ჯობია?“ - მართალია, ხუმრობით, მაგრამ მაინც გაგვიჩნდა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ავსტრალიური სუნიტური რელიგიური ჯგუფის მთავარმა მუფთმა სასამართლოში ცილისწამებისთვის მას შემდეგ იჩივლა, რაც ავსტრალიურმა Daily Telegraph-მა მის შესახებ ფოტომანიპულაცია გამოიყენა. მუფთი მიიჩნევდა, რომ ფოტოკოლაჟში ის მაიმუნს შეადარეს. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

ილუსტრაცია 2015 წლის ნოემბერში, პარიზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გამოქვეყნდა. მთავარმა მუფთმა სარჩელი გასულ წელს შეიტანა. ის ამტკიცებდა, რომ გამოქვეყნებული მასალა ცილისწამებას შეიცავდა, ხოლო ფოტოკოლაჟი ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ის ტერორზმე თვალს ხუჭავდა.

“არ ესმის და ვერ ხედავს პრობლემებს, არ საუბრობს ინგლისურად“, „ჰამასიც კი გმობს პარიზის ტერორისტულ აქტს, საინტერესოა, რატომ არ აკეთებს იმავეს ავსტრალიის მთავარი მუფთი აბუ მოჰამედი?”. - სადავო ფოტო, გამოცემის გარეკანზე, ამ მინაწერით გამოქვეყნდა.

აპირებს თუ არა გამოცემა ბოდიშის მოხდასა და მუფთისთვის კომპენსაციის გადახდას, ცნობილი არ არის. როგორც დასავლური მედია იტყობინება, მხარეები კომენტარს არ აკეთებენ, საქმე კი სასამართლომ, მუფთის სასარგებლოდ, „კონფიდენციალური შეთანხმებით“ გადაწყვიტა.

ავსტრალიური ტელეგრაფის სადავო გარეკანი

წყარო: The Guardian
კატეგორია: ბლოგი
რას უყუროს ბავშვმა? რას სთავაზობს მას ქართული მედიაბაზარი და რამდენად არის მისი ინტერესები გათვალისწინებული ნაციონალური ტელეარხების მიერ? ეს სწორედ ის კითხვებია, რომლებიც, ალბათ, ბევრ მშობელსა და თავად მოზარდსაც აწუხებს. მათი წუხილი არცთუ უსაფუძვლოა. თუკი ქართული ტელეარხების საეთერო ბადეებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სატელევიზიო მედიას ბავშვები თითქმის დავიწყებია.

ის, რომ საბავშვო გადაცემები ტელევიზიების საეთერო ბადეში თითქმის არ გვხვდება, ეს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 2016 წლის ანგარიშითაც დასტურდება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მაუწყებელთა უმრავლესობას ბავშვებისთვის/ მოზარდებისთვის განკუთვნილი პროგრამები საერთოდ არ აქვს. საბავშვო გადაცემების ნაწილი კი კრიტიკას იმსახურებს, რადგან ის სხვადასხვა ასაკის ბავშვს მრავალფეროვან და საინტერესო გადაცემებს არ სთავაზობს. ამასთან, ზოგიერთი მათგანი გენდერულ სტერეოტიპებსაც ამყარებს.

მოდით, თითოეული ტელეკომპანიის მაგალითზე განვიხილოთ, რა ტიპის გადაცემებს სთავაზობენ ისინი სკოლიდან სახლში დაბრუნებულ მოზარდს.

მაგალითად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის ეთერში, კვირის სამუშაო დღეებში, მოზარდებისთვის განკუთვნილ გადაცემას ვერც დღისა და ვერც საღამოს ეთერში ვერ შევხვდებით. ერთადერთი „საბავშვო“ გადაცემა, უფროს სწორად, გასართობი გადაცემა ზრდასრულებისთვის, ბავშვების მონაწილეობით, რომელსაც ტელეკომპანია გვათავაზობს „ეკივოკია“. გადაცემა ეთერში ყოველ კვირა დღეს, დილის 11 საათზე, გადის.

როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, გადაცემა ბავშვურ ლოგიკას ეფუძნება. გადაცემის სტუმრები ე.წ. ცნობილი სახეები არიან, რომლებიც ბავშვების ფანტაზიის, წარმოსახვის, მიმიკებისა და ჟესტების გამოყენებით ახსნილი სიტყვის გამოცნობას ცდილობენ. „ეკივოკის“ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ისეთი ფორმატის გადაცემა, სადაც ბავშვებზე მეტად უფროსები იხარჯებიან, ერთობიან და გადაცემის ბოლოს დამსახურებულ ჯილდოსაც სწორედ უფროსები იღებენ, შესაბამისად, ცოტათი ბუნდოვანია, რატომ გადის გადაცემა საბავშვო პროგრამის კატეგორიაში.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მოზარდებისთვის განკუთვნილი გადაცემები საერთოდ არ იძებნება. საბავშვო ფორმატის გადაცემა „ბასტი-ბუბუ“ ეთერში 2016 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ გვხვდება. საბავშვო გადაცემებს ვერ შევხვდებით ვერც ტელეკომპანია „მაესტროს“, „იბერიას“, „ TV პირველისა“ და „კავკასიის“ საეთერო ბადეებში.

ვერ ვიტყვით, რომ გადაცემა უშუალოდ ბავშვებისთვის არის გათვლილი, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ყოველ შაბათ-კვირას, დილის 11:30 სთ-ზე ეთერი ცხოველების მოყვარულებს ეთმობათ. „ვინიპარკი“ - სწორედ ას ჰქვია გადაცემას, რომლის წამყვანიც სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და 30 წუთის განმავლობაში სტუმრებთან ერთად მაყურებელს ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უყვება.

ერთადერთი, ვინც ბავშვებს შედარებით კარგი ხარისხის საბავშვო გადაცემებს სთავაზობს, საზოგადოებრივი მაუწყებელია. მაგალითად, გადაცემა „სიტყვებით თამაში“ ეთერში ყოველ შაბათსა და კვირას დილის თერთმეტ საათზე გადის. არხის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „სიტყვების თამაში“ გასართობ-შემეცნებითი ტიპის შოუა, სადაც ოჯახები ერთმანეთს ქართული ენის ცოდნაში ეჯიბრებიან. გადაცემაში ორი გუნდი მონაწილეობს. თითოეული გუნდი ოჯახის სამი წევრისგან შედგება. გუნდის კაპიტნები 9-14 წლის მოზარდები არიან.

გადაცემა რამდენიმე რაუნდისგან შედგება და თითოეულ რაუნდში გუნდები სიტყვების გამოცნობით ქულების დაგროვებას ცდილობენ. გამარჯვებულიც სწორედ დაგროვებული ქულების მიხედვით ვლინდება.

მოზარდებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი გადაცემა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეხვდებით „წიგნების თაროა“. გადაცემა ეთერში ყოველ შაბათ-კვირას 16:30 სთ-ზე გადის. წიგნების თარო სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ტელეთამაშია, რომლის თემატიკაც მხატვრული ლიტერატურაა. აღსანიშნავია, რომ გადაცემა ადეკვატურად პასუხობს ფორმატით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. გარდა ამისა, გადაცემა მოზარდებში წიგნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

გარდა ნაციონალური მაუწყებლებისა, ასევე, საინტერესოა უშუალოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი არხებიც. მაგალითად, ბასტი-ბუბუზე მთელი დღის განმავლობაში გადის გადაცემები ბავშვებზე და ბავშვების მონაწილეობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გადაცემების უმრავლესობას არ აქვს კონცეფცია და ჩამოყალიბებული ფორმატი. პროგრამები გათვლილია მცირეწლოვან ბავშვებზე და არხი უფრო დიდი ასაკის მოზარდებს თითქმის ვერაფერს სთავაზობს.

იგივე შეიძლება ითქვას კიდევ ერთ საბავშვო არხზეც - „ენკიბენკიზეც“. არხის მიერ წარმოდგენილი პროგრამების ნაწილი ბავშვებისთვის ადაპტირებული არ არის. არხზე ნაკლებად შევხვდებით საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტიპის გადაცემებს.

თუკი, ნაციონალური ტელეარხების საეთერო ბადეების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია, თამამად დავასკვნათ, რომ ქართულ ტელეარხებზე მოზარდებისთვის განკუთვნილი გადაცემები ძალიან მწირია. კვირის სამუშაო დღეებში ქართული არხების მიერ ეს სეგმენტი სრულიად იგნორირებულია. მათთვის 1 ან 2 საათი შაბათ-კვირას, მხოლოდ 2 არხზე მოიძებნება. ცალკე მსჯელობის საგანია ისიც, თუ რამდენად პასუხობს ტელეკომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტი სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებს, რამდენად არის ის მათ ინტერესებზე მორგებული. ისედაც მწირი არჩევანის ფარგლებში მოზარდებისთვის განკუთვნილ გადაცემებში წამყვანი როლი ისევ უფროსებს უკავიათ, ბავშვებს კი, ასე ვთქვათ, მხოლოდ დამხმარის როლი აქვთ. ამის ფონზე კი, ცხადია, კითხვები რა ქნას და რას უყუროს ბავშვმა, კვლავ აქტუალური და პასუხგაუცემელია.
კატეგორია: ბლოგი
ე.წ. „საპნის ოპერები“ ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, ყოველდღიურ რეჟიმში ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში, 6-7 სხვადასხვა ტელენოველის ყურებაა შესაძლებელი.

პირველი სერიალი, რომელიც ე.წ. „საპნის ოპერად“ განიხილება „ფერადი სიზმრები“ იყო, ის პირველად ჩიკაგოს რადიოსადგურის WGN-ის საშუალებით 1930 წლის 20 ოქტომბერს გავიდა. სერიალი, როგორც წესი, კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, დღის საათებში გადაიცემოდა. სიტყვა - „საპნის“ - საპნისა და საწმენდი საშუალების რეკლამას უკავშირდება, რომელიც შოუს მსვლელობისას ხვდებოდა ეთერში. რეკლამა იმ ქალებისთვის იყო გათვლილი, რომლებიც საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებულები და პარალელურად, რადიოს უსმენდნენ. სიტყვა „ოპერა“ კი, შოუს მელოდრამატული ბუნებიდან გამომდინარეობს.

პირველი სატელევიზიო „საპნის ოპერა“ კი - „ესენი ჩემი შვილები არიან“, ამერიკულ ტელეეკრანებზე 1949 წელს გამოჩნდა. ის კვირაში ერთხელ საღამოს ეთერში გადიოდა. 1950-იანი წლების დასაწყისისათვის „საპნის ოპერები“ ამერიკული დღის ტელეეთერების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოხმარებადი პროდუქტი გახდა.

1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მაყურებლის დემოგრაფიული მახასიათებლები შეიცვალა და ქალების უფრო და უფრო დიდმა ნაწილმა სახლებიდან სამსახურებში გადაინაცვვლა, „საპნის ოპერების“ შემქმნელებმა ყურადღება და ფოკუსი უფრო ახალგაზრდა მაყურებლებზე - თინეიჯერებსა და სტუდენტებზე გადაიტანეს. ამავე პერიოდში, „საპნის ოპერებმა“ ე.წ. „პრაიმ ტაიმის“ დაკავებაც დაიწყეს. სატელევიზიო ეთერების „პრაიმ ტაიმებში“ მოხვდა ისეთი წარმატებული ჰიტები, როგორიცაა - დალასი, დინასტია და სხვა.

1984 წელს ტელეკომპანია NBC-ის ეთერში ლეგენდარული „სანტა ბარბარა“ გამოჩნდა. პოპულარული ტელეჰიტი სატელევიზიო ეთერს ზუსტად 9 წლის განმავლობაში იკავებდა.

ამერიკული „საპნის ოპერების“ პარალელურად, ლათინურ ამერიკაში ფეხი ე.წ. ტელენოველებმა მოიკიდა. ტელენოველა „საპნის ოპერისაგან“ ძირითადად, ხანგრძლივობით განსხვავდება. ტელენოველა, როგორც წესი, ერთ წელზე მეტხანს იშვიათად გრძელდება. ჩახლართული შინაარსის გათვალისწინებით, ტელენოველას ხშირად „გრძელ გველადაც“ მოიხსენიებენ. ტელენოველის ერთი ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა 30-45 წუთია.

1990-იან წლებში მექსიკამ და ბრაზილიამ ტელენოველების საერთაშორისო ბაზარზე, ექსპორტირების თვალსაზრისით, წამყვანი როლი შეასრულეს. მათ მიერ შექმნილი ტელენოველები სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე აქტიურად იყიდება.

ტელენოველების იმპორტიორ ქვეყნებს შორის, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. პირველი ტელესერიალი ქართულ ტელეეკრანებზე 1980-იანი წლების ბოლოსკენ გამოჩნდა. ეს იყო ბრაზილიური „მონა იზაურა“. ამას მოჰყვა „ზოგჯერ მდიდრებიც ტირიან“, „ველური გული“, „კასანდრა“, „დინასტია“ და ა.შ. გვიანი 90-იანი წლები და 2000-იანი წლის საწყისი ქართულ ტელესივრცეში ტელენოველების ბუმადაც შეიძლება შეფასდეს. ტელეკომპანიები მაყურებელს სხვადასხვა გმირების მიერ შესრულებულ, თუმცა, თითქმის იდენტური შინაარსის მქონე ნარატივს სთავაზობდა. მალევე, ტელესერიალები ბევრი დიასახლისისთვის რეალობისგან ერთი საათით მოწყვეტის და საყვარელ, თითქმის ოჯახის წევრებად ქცეულ გმირებთან თავისუფალი დროის გატარების საშუალებად იქცა. შედეგად, ე.წ. ტელენოველები ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი პროდუქტი გახდა. სხვისი სასიყვარულო ისტორიები, ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტები, ინტრიგები და ა.შ. დღემდე ბევრი დიასახლისის განხილვის მთავარი თემაა.

ქართულ ტელესივრცეში ე.წ. „საპნის ოპერების“ ისტორია პირობითად ორ ფაზად შეიძლება დავყოთ. მაგალითად, თუკი 1990-ანი წლებიდან დაახლოებით 2010 წლებამდე ტელენოველებში პოპულარობით ძირითადად, ლათინურ-ამერიკული ჰიტები სარგებლობდნენ, 2010 წლიდან ქართულ ბაზარზე ნელ-ნელა ფეხს თურქული სერიალები იკიდებს. ერთი ტელევიზიის წარმატებულ სატესტო მცდელობას მეორე მოჰყვა და თურქული სერიალების გმირები ქართული ოჯახების ყველაზე სასურველი სტუმრები გახდნენ. თურქულ ტელესერიალებთან ერთად, ეკრანებზე მალევე ინდური ტელენოველები გამოჩნდა. ერთი ოჯახის რამდენიმე ასეულ სერიად გაწერილი შურისძიების, კონფლიქტების და გენდერული სტერეოტიპების გამაღრმავებელი ბანალური ისტორიები უკვე კარგა ხანია, რაც ქართული ტელესივრცის განუყოფელი ნაწილია.

ე.წ. „საპნის ოპერების“ კუთხით მოწინავე პოზიციები კომერციულ არხებს უკავიათ. მათი დღის ეთერების დიდი ნაწილი სწორედ ტელენოველებით არის შევსებული. მაგალითად, ყოველ სამუშაო დღეს, დილით 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში ექვსი განსხვავებული ტელენოველა გადის. მათგან ორი ინდური, ერთი ბრაზილიური და სამი თურქული პროდუქტია. პარასკევიდან კვირის ჩათვლით კი, ტელეკომპანიის მეშვეობით პოპულარული ქართული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალებისა“ და ამერიკული რეიტინგული სერიალის „სამშობლოს“ ყურების შესაძლებლობაც გაქვთ.

„საპნის ოპერების“ კუთხით, კონკურენტს არც ტელეკომპანია „იმედი“ ჩამორჩება. დღის განმავლობაში, გემოვნების შესაბამისად, „იმედი“ მაყურებელს ორ ინდურ და ოთხ თურქულ ტელენოველას სთავაზობს. 3 აპრილიდან ტელეკომპანია „იმედის“ ღამის ეთერში ბრიტანული სერიალი „თეთრი დედოფალიც“ გამოჩნდა.

მართალია, მსგავსი ინტენსივობით არა, მაგრამ „საპნის ოპერების“ მოყვარულებს უყურადღებოდ არც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ტოვებს. ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 7 და 9 საათებზე, ეთერი ესპანურ ტელენოველებს ეთმობა.

იმპორტირებული ტელესერიალების პარალელურად, ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არაერთი ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც შეიქმნა. ერთ-ერთი ყველაზე პირველი ქართული სატელევიზიო სერიალი „სახლი ძველ უბანში იყო“. დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საშუალებით კომედიური ჟანრის ტელესერიალი „ძილის წინ“ გადიოდა. გარდა ამისა, კომერციული ტელევიზიების დაკვეთით შეიქმნა კიდევ არაერთი ქართული ტელენოველა. მაგალითად: „ცხელი ძაღლი“, „ყავა და ლუდი“, „დეტექტივები“, „თენდება გვიან“, „გოგონა გარე უბნიდან“, „ხელოვნური სუნთქვა“, „ტიფლისი“, „ჩემი ცოლის დაქალები“ და ა.შ.

2000-იანი წლების დასაწყისში ქართულ ტელესივრცეში გამოჩნდა ერთ-ერთი პირველი ე.წ. სიტ-კომის ტიპის სატელევიზიო შოუც „შუა ქალაქში“, რომელიც ამერიკული სატელევიზიო შოუს „Frineds“-ის ანალოგია.

საბაზრო ეკონომიკის პირობებეში, ნებისმიერი კომპანიის არსებობა მის ფინანსებზე, შემოსავლებზე და მოგებაზეა დამოკიდებული. ცხადია, ამ მხრის გამონაკლისი არც კომერციული „ტელევიზიებია“. ხშირ შემთხვევაში, მაყურებლის მოზიდვის მიზნით, ტელეკომპანიები იძულებულები არიან, სატელევიზიო ეთერი ისეთ გადაცემებს, შოუებს, თუ ტელესერიალებს დაუთმონ, რომლის მომხმარებელიც ფართო აუდიტორიაა. რაც, თავის მხრივ, ტელევიზიის რეიტინგზე აისახება. რეიტინგი კომერციული ტელეარხისთვის რეკლამის დამკვეთების სიმრავლის პირდაპირპროპორციულია. რეკლამა კი კერძო ტელეკომპანიის ფინანსური შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ხშირად სწორედ ეს არის ტელებიზნესის წარმომადგენლების არგუმენტები, როდესაც დავა იმაზეა, უნდა ახდენდეს თუ არა ტელევიზია, სრულიად უგემოვნო და დაბალი ხარისხის მქონე ტელესერიალების პოპულარიზაციას და უნდა აწვდიდეს თუ არა ის საზოგადოებას მდარე ხარისხის პროდუქციას, ამ დოზით.

„ჩვენ ვყიდით იმას, რაც კარგად იყიდებას“ პრინციპმა ქართული ტელესივრცე, ტელენოველების სახით, სრულიად მდარე ხარისხის პროდუქციის გავრცელების მძლავრ საშუალებად აქცია. ის, რომ ტელესერიალები თანამედროვე მაყურებლის მხრიდან მოთხოვნადი პროდუქტია, კრგად გაიზრა, მაგალითად, ამერიკულმა ტელებაზრმაც. ბიზნესში რომ მთავარი მოგებაა, ეს არც მათ დავიწყებიათ, ამიტომ აღნიშნულ პროდუქტზე არც უარი უთქვამთ და არც მორალისტების პოზიცია დაუკავებიათ. უბრალოდ, პრიორიტეტი შედარებით ხარისხიან პროდუქციაზე გაკეთდა. თუკი, ქართული ტელებაზარი კოლექტიური მონიკა-ხუანის, ანდაც საპნა-რაჯეშის ბანალურმა და არაფრისმთქმელმა ისტორიებმა მოხიბლა, დასავლურმა ტელებაზარმა, სერიალების სახით, არაერთი რეიტინგული პოლიტიკური, ისტორიული თუ სხვა ტიპის ხარისხიანი პროდუქცია შექმნა. ქართული ტელეარხების არჩევანს ვერც მთლად მომხმარებლის გემოვნებით გავამართლებთ. მაშინ როგორ ვხსნით იმ ფაქტს, რომ ამერიკული სერიალების უმრავლესობას ონლაინრესურსების გამოყენებით უამრავი მომხმარებელი ჰყავს. იქნებ პრობლემა მაინც ფინანსებშია? ანუ, ყიდიან არა იმას, რაც კარგად იყიდება, არამედ იმას, რაც იაფი და შესაბამისად უხარისხოა.

ცხადია, მასობრივად მოხმარებად, ანუ ე.წ. მასკულტურაზე უარს ვერცერთი ტელეკომპანია ვერ იტყვის, ამის მოლოდინი და მოთხოვნა ალბათ არავის აქვს, თუმცა, თავის მხრივ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერ პასუხისმგებლიან და გავლენიან ტელევიზიას და, ზოგადად, მედიას, როგორც საზოგადოაბაზე გავლენების მქონე მძლავრ საშუალებას, აუდიტორიის წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვს და ამ ვალდებულებებში მაყურებლისთვის ხარისხიანი და ღირებული პროდუქტის შეთავაზებაც შედის.
კატეგორია: რესურსები
BBC-ის გადაცემა Hardtalk ეთერში პირველად1997 წლის 31 მარტს გავიდა და მსოფლიო აღიარება მალევე მოიპოვა. Hardtalk რესპონდენტებთან 25 წუთიან პირისპირ, კონფრონტაციულ და სიღრმისეულ ინტერვიუს გულისხმობს. გადაცემა ეთერში კვირაში ხუთჯერ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, BBC World News-ის მეშვეობით გადაიცემა.

1997 წლის 31 მარტს პირველი გადაცემა ჟურნალისტმა ტიმ სებასტიანმა წაიყვანა და 2005 წლამდე სწორედ ის მასპინძლობდა Hardtalk- ის სტუმრებს. ბოლო შვიდი წელია, რაც Hardtalk-ში მასპინძლის როლი, BBC-ის საერთაშორისო კორესპონდენტმა და გამოცდილმა ინტერვიუერმა სტივენ საკურმა მოირგო.

„Hardalk მიზანი არ არის ყვირილი ან ქულების დაწერა, Hardtalk - ეს იმ აზრიანი კითხვების დასმაა, იმ კითვების, რომელსაც ჩვენი მაყურებელი დასვამდა Hardtalk-ის წამყვანის სკამზე ჯდომის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა“ - ამბობს სტივენ საკური.

წლების განმავლობაში Hardtalk-ის სტუმრები იყვნენ პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ტაბო მბეკი, პოპულარული მუსიკოსი ბოი ჯორჯი და სხვები. გარდა ამისა, 2012 წელს გადაცემას ინტერვიუ მისცა ბირმის პრეზიდენტმა ტეინ სეინმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბირმას სამხედრო ხუნტას ხელმძღვანელობდა. Hardtalk-ს ინტერვიუ ჩაწერილი აქვს ეკვატორული გვინეის პრეზიდენტთანაც, რომელიც ინტერვიუებს იშვიათად თანხმდება და რომელიც საკურმა დაახასიათა, როგორც „ბუნკერის მენტალიტეტის მქონე“ და „პარალელურ სამყაროში მცხოვრები“.

2010 წელს Hardtalk-მა ინტერვიუ აიღო ვენესუელის პრეზიდეტისგან უგო ჩავესისგანაც, რომელიც დასავლურ მედიას ხანგრძლივი ინტერვიუებით იშვიათად ანებივრებდა. გარდა ამისა, გადაცემას წლების განმავლობაში სტუმრობდნენ მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი არაერთი წამყვანი ფიგურები, მინისტრები, თუ სხვა სახელმწიფო მოხელეები.

Hardtalk-ის პარალელურად, 2004 წელს ეკრანებზე გამოჩნდა შოუს დამატება - Hardtalk Extra, რომლის ძირითადი მიმართულება ხელოვნება და კულტურაა. გადაცემას სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ მწერლები პაულო კოელიო, ანიტა დესაი, მსახიობები ანჯელინა ჯოლი, კრისტოფერ რივი და სხვები.

Extra Time - ეს Hardtalk-ის გუნდის კიდევ ერთი პროდუქტია, რომლის მთავარი ორიენტირი მსოფლიო სპორტიდან ადამიანების წარმოჩენაა. გარდა ამისა, არსებობს გადაცემის ორი სამხრეთაზიური ვერსიაც - Hardtalk India და Hardtalk Pakistan.