კატეგორია: საერთაშორისო ამბები
Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოში დააკავეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

47 წლის ასანჟიმ საელჩოს პოლიტიკური თავშესაფარი 7 წლის წინ სთხოვა. ის აცხადებდა, რომ საელჩოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ, მას აშშ-ში ექსტრადირება ემუქრებოდა. ამერიკულ სასამართლოს მასთან Wikileaks-ის საქმიანობასთან დაკავშირებით აქვს კითხვები.

ლონდონის პოლიციის განცხადებით, ის მართლმსაჯულებისთვის ჩაბარებაზე უარის თქმის შემდეგ დააპატიმრეს.

ეკვადორის პრეზიდენტის ლენინ მორენოს განცხადებით, საელჩოდან ასანჟის გაყვანა, მის მიერ საერთაშორისო კონვენციის არაერთგზის დარღვევის შემდეგ გადაწყდა.

თუმცა, Wikileaks-ში აცხადებენ, რომ ეკვადორი ასანჟთან მიმართებით უკანონოდ მოიქცა და პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები დაარღვია.

„დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ ჟულიან ასანჟი პოლიციის განყოფილებაშია და ის ბრიტანული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება“, - დაწერა Twitter-ზე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეკვადორს თანამშრომლობისა და პროფესიონალიზმისთვის. კანონზე მაღლა არავინ დგას“, - დასძინა მანვე.

წყარო: bbc.com
კატეგორია: მედიაგარემო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TI) 8 აპრილს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საზოგადოების განწყობებს ასახავს.

რესპონდენტებს კითხვა ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებითაც დაუსვეს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36% ინფორმირებულია, რომ ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად Facebook-ზე სპეციალური გვერდებია შექმნილი.

 

alt


მათგან 15% ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად სპეციალურად შექმნილი გვერდების უკან მთავრობა/ხელისუფლება დგას, 10%-ის მოსაზრებით კი ოპოზიცია.


alt



კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი ტელეკომპანია “იმედს” და “რუსთავი 2-ს” უყურებს. მათი 55% ფიქრობს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მთავრობის ინტერესებს ატარებს, 18% იმავეს ასახელებს საზოგადოებრივ მაუწყებელის პირველ არხზეც. ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მიმართებით, რესპონდენტების 63% მიიჩნევს, რომ ის ოპოზიციის ინტერესების მატარებელია.

alt
კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 43% საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს” საერთოდ არ უყურებს, 57% არ უყურებს “ობიექტივს”, 55% - ტელეკომპანია “პირველს”, 67% - “აჭარას”, 63% - “კავკასიას”, ხოლო 78% - ონლაინტელევიზია “POSTTV-ს”.

რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს მათი აზრით, „ერევა თუ არა ხელისუფლება მედიის საქმიანობაში?“ - გამოკითხულების 8% მიიჩნევს, რომ არასდროს ერევა, 31% ამბობს, რომ ყოველთვის ერევა, 43%-ის მოსაზრებით კი, ხანდახან ერევა.

alt

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა. კვლევის ავტორების განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა. ცდობილების საშუალო ზღვარი +/- 2.3 %-ია.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
საფრანგეთის მთავრობის მიერ სოციალურ მედიაში დაწყებული კამპანია Twitter-მა საფრანგეთის მიერვე მიღებული კანონის მიხედვით დაბლოკა.

გასული წლის დეკემბრიდან საფრანგეთი სოციალურ მედიაში წარმოებული პოლიტიკური კამპანიების დროს, მისი დამფინანსებლისა და გაღებული ხარჯების შესახებ ინფორმაციის დასაბუთებასა და დეკლარირებას ითხოვს.

ამჯერად, ახალმა კანონმა უხერხულობა თავად საფრანგეთის ხელისუფლებასვე შეუქმნა. Twitter-მა კანონის გვერდის ავლა ვერ შეძლო და სოციალურ მედიაში ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მიერ წამოწყებული კამპანია დაბლოკა.

იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური კამპანიის დამკვეთი საფრანგეთის ხელისუფლება იყო, დასპონსორებული tweet-ებისთვის თანხაც სწორედ მას უნდა გადაეხადა. Twitter-მა კი, ამაზე უარი განაცხადა. კომპანიის უარმა, რომ საფრანგეთის მთავრობისგან ფული აეღო, საფრანგეთში ბევრი გააკვირვა. ერთ-ერთმა პარლამენტარმა Twitter-ზე ისიც კი დაწერა, რომ მას ეს საპირველაპრილო ხუმრობა ეგონა.

Twitter-ზე საკუთარი მოსაზრება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფერ კასტანტერმაც გამოთქვა. „Twitter-ის პრიორიტეტი ისეთ მასალებთან ბრძოლა უნდა იყოს, რომელიც მაგალითად ტერორიზმს ადიდებს და არა ისეთი კამპანიების დაბლოკვა, როგორიც ამომრჩეველთა რეგისტრაციაა“, - დაწერა მან.

ახალი კანონი, რომელიც ძალაში 2018 წლის დეკემბერში შევიდა, ანონიმურ პოლიტიკურ გზავნილებთან ბრძოლას და იმის გამოვლენას ისახავს მიზნად, თუ ვინ გადაიხადა მასში ფული. კანონი ონლაინ-პლატფორმებისგან ითხოვს, რომ დამკვეთის შესახებ ინფორმაცია და გადახდილი თანხის მოცულობა „ღია და ტრანსფარენტული“ გახადოს.

მთავრობის საინფორმაციო სამსახურში ახალი ამბების სააგენტოებს განუცხადეს, რომ „Twitter-ში არ იცოდნენ რა გაკეთებინათ, ამიტომ მკაცრი პოლიტიკა შეიმუშავეს, რომელიც ე.წ. პოლიტიკური კამპანიების სრულად მოხსნას გულისხმობს“.

მათივე მტკიცებით, მოსახლეობისადმი გზავნილი, რომ ისინი ხმის მიცემისთვის დარეგისტრირდნენ, პოლიტიკური კამპანიების კატეგორიაში არ გადის.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონმა ჩვენ წინააღმდეგ იმუშავა, არამედ, კონკრეტულმა პლატფორმამ ვერ გამონახა სათანადო ფორმა“, - აცხადებენ საფრანგეთი მთავრობაში.

Twitter-ის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, პოლიტიკური კამპანიის რეკლამის განმთავსებლებმა სპეციალური სერტიფიცირების პროცესი უნდა გაიარონ. ამავე წესების მიხედვით, რომელიმე თემის ადვოკატირებისთვის განკუთვნილ რეკლამებს, რომელიც კონკრეტული პირის ან პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას არ გამოხატავს და მხოლოდ მათზე არ არის გათვლილი, როგორც წესი შეზღუდვები არ ეხება.

ამასთანავე, ახალი კანონის მიხედვით, ისიც მკაფიოა, რომ მსგავსი ტიპის გზავნილები საფრანგეთში ნებადართული არ არის.

წყარო: bbc.com
კატეგორია: ეთიკა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “შაბათის კურიერის” 23 მარტის გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი საქართველოდან ექსპორტზე შესაძლო ფალსიფიცირებული სპირტის გატანას ეხებოდა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ამ საქმეში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ძმების ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილების ინტერესი იკვეთება. ამგვარი მსჯელობა მხოლოდ Presa.ge-ს ჟურნალისტსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ წევრს ეყრდნობოდა, ფაქტების დასადასტურებლად მასალაში რაიმე დოკუმენტი არ გვინახავს.

გადაცემის წამყვანმა თემის წარდგენისას განმარტა, რომ “presa.ge-ს გამომძებელმა ჟურნალისტებმა დიდი სკანდალი გახეთქეს”. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ძმებს ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილებს ქვეყანაში ხორბლის სპირტი შემოაქვთ და საქართველოდან ღვინის სპირტის სახელით გააქთ. მანვე განმარტა, რომ ხორბლის სპირტი იაფია, ღვინის სპირტი კი, პრაქტიკულად სამჯერ ძვირი, “შესაბამისად, მარტო დოკუმენტების გაყალბებით, დიდი ფულის შოვნაა შესაძლებელი”.

“ვინც საქმე შეისწავლა, ამბობს, რომ დოკუმენტები ყალბდება და ამ სქემაში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სქემის მიხედვით, ივანიშვილები სპირტის შავი ბიზნესისათვის ღვინის სამ კომპანიას იყენებენ. ერთის მეწილე ალექსანდრე ივანიშვილი თავად არის. მეორე ქარხანა სახელწიფოს ეკუთვნოდა, ქართუ ბანკის ვალი დაუგროვდა, გაყიდეს და კავშრები შეინარჩუნეს, მესამე ქარხანას კი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები ფლობენ.... ჩვენ გამოვითხოვეთ ოფიციალური დოკუმენტები, რამდენი ღვინო და სპირტი გადის ექსპორტზე, როდესაც დავაჯამეთ დადგინდა, რომ ქვეყანაში ფიზიკურად არ არის იმდენი ღვინის და სპირტის მარაგი, ამდენი ყურძენი ვერ მოგვყავს, რომ ასეთი რაოდენობის ექსპორტი გვქონდეს”, - განმარტა წამყვანმა.

იმ მესიჯებს, რაც მასალის წარდგენისას მოვისმინეთ, მასალის ავტორი “presa.ge-ს გამომძიებელ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს.

“გამომძებელმა ჟურნალისტებმა presa.ge-დან სპირტის არალეგალური ბიზნესის სქემა გაშიფრეს. სქემის სათავეში ბიძინა ივანიშვილის ორი ძმა ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილები არიან. მათ საქართველოში იაფი ხორბლის სპირტი შემოაქვთ, შემდეგ დოკუმენტაციას აყალბებენ და ქვეყნიდან ხორბლის სპირტი ღვინის სპირტის დასახელებით გადის. რაც უფრო ძვირია, მოგება მილიონობით ლარია”, - ამბობს ჟურნალისტი და იქვე აზუსტებს, რომ “ამ სქემისთვის ძმები ივანიშვილები ძმები ასკანელების, დუგლაძეების და ბოლერო ენდ კომპანის ღვინის ქარხნებს იყენებენ”.

მასალის მიხედვით, ამ კომპანიებიდან ორში საუბარი არ ისურვეს, ერთში კი სპირტის ფალსიფიცირების ფაქტი კატეგორიულად უარყვეს.

კომპანიების საკითხს ავტორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთან” გიორგი ბოტკოველთან აზუსტებს, რომელიც ყოველგვარი დოკუმენტაციისა და ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს ივნიშვილების მიერ ერთ-ერთი ღვინის კომპანიის “ხელში ჩაგდების” სქემაზე.

ჟურნალისტი ამბობს, რომ presa.ge-ის მიერ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები “კურიერმაც” გადაამოწმა. კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოდან ექსპორტზე გატანილი ღვინისა და სპირტის მაჩვენებლები 2018 წელს ყურძნის მოსავალს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ “მოსავალი ამ პროდუქციის წარმოებისთვის საკმარისი არ იყო”. აღნიშნული მსჯელობის გასამყარებლადაც ისევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი და presa.ge-ს ჟურნალისტი გვევლინებიან.

ჟურნალისტი, ასევე მხოლოდ presa.ge-ზე დაყრდნობით გვიყვება, რომ ფოთის პორტის გავლით, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ადიკო ივანიშვილის ხორბლის იაფფასიანი სპირტი შემოაქვს. შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით დოკუმენტები იცვლება და საქართველოდან საკონიაკე სპირტად გადის. “მოგება დიდია. პირობითად - 30 მლნ დოლარის ხორბლის სპირტს უცხოეთში საბუთების გაყალბების შემდეგ, 98 მლნ-დ ყიდიან”, - ამბობს ის.

დოკუმენტაციის გაყალბებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს უშუალო ჩართულობაზე საუბრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი და presa.ge-ის წარმომადგენელიც. “სოფლის მეურნეობის სამინისტროში კითხვებზე პასუხი არ ისურვეს”, - ამბობს ჟურნალისტი და აზუსტებს, რომ, კონტაქტზე არც ივანიშვილები გამოდიან, “რომელთა უშუალო ჩართულობაზეც ფალსიფიცირებული სპირტის ბიზნესში საუბრობენ გამომძებელი ჟურნალისტებიც, ოპოზიციაც და ფაქტებიც”. თუმცა, მაყურებელს მასალაში ჟურნალისტისა და ოპოზიციის წარმომადგენლის კომენტარის გარდა, ფაქტობრივად, სხვა ოფიციალური დოკუმენტი არ უნახავს.

ცხადია, იმის ხაზგასმა, რომ სიუჟეტში მოყოლილი ამბავი ცალსახა სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენი მიზანი არ არის. თუმცა, მასალაში ივანიშვილებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართით გაჟღერებული ბრალდებების გასამყარებლად მხოლოდ ორი რესპონდენტის ზეპირსიტყვიერი განმარტება სოლიდურობას მოკლებულია და მას ნაკლებად დამაჯერებელს ხდის.

 

 

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
9 მარტს Fox News-ის შოუს წამყვანმა ჯენი პირომ ამერიკელ პოლიტიკოსს ილჰან ომარის, რომელიც წარმოშობით სომალიდანაა, ჰკითხა ნიშნავდა თუ არა მის მიერ ჰიჯაბის ტარება იმას, რომ ის შარიათის კანონს მისდევდა, რაც მისივე შეფასებით “ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით არაერთიკურია”. მისი ეს კომენტარი Fox News-ში მეორე დღესვე დაგმეს.

16 მარტს პიროს შოუ - “სამართლიანობა” ეთერში აღარ გავიდა. მალევე the New York Times-მა და CNN-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. Fox News-ში Imediaethics-ის კითხვაზე, შეესაბამებოდა თუ არა წამყვანის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს, პასუხი არ ისურვეს. “შიდა საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებთ”, - განაცხადეს Fox News-ში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პიროს შუს მიმართ პრეტენზიები აქვთ. 2015 წელს ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებლმა (OFCom) ის არასწორი ინფორმაციის გარცელებაში ამხილა. ის ამტკიცებდა, თითქოს იქ ე.წ. “no-go” ზონები არსებობდა, სადაც შარიათის კანონები მოქმედებდა და ბრიტანეთის არამუსლიმი მოქალაქეები იქ მისვლას თავს არიდებდნენ.

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: ეთიკა
15 მარტს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი ოჯახურ კონფლიქტს ეხებოდა. კერძოდ, 23 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებს. 5 შვილის დედა ქმარს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ძალადობაში დადანაშაულებული ქმარი ბრალდებებს უარყოფს და მის მეუღლეს შვილებზე და დედამთილზე ძალადობაში სდებს ბრალს.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ქალი სიუჟეტში დაფარულია [დიდი ალბათობით, არასრულწლოვანი შვილების იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად], ერთ-ერთი დოკუმენტით მისი პირდაპირი იდენტიფიცირება ხდება. მასში სრულად იკითხება ქალის საახელი და გვარი, ასევე პირადი ნომერი. ეს კი, თავის მხრივ, მისი არასრულწლოვანი შვილების [სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 5 შვილიდან 3 არასრულწლოვანია] ირიბ იდენტიფიცირებასაც ახდენს.

ამასთან, დედის მხრიდან შვილზე სავარაუდო ძალადობის ნიშნების საილუსტრაციოდ, სიუჟეტში ერთ-ერთი არასრულწლოვნის ფოტოც არის ნაჩვენები, საიდანაც მიუხედავად იმისა, რომ ის დაფარულია, ახლობლებისთვის მისი ამოცნობა მაინც არის შესაძლებელი. ამასთან, ნაჩვენებია იმ სახლის შიდა კადრებიც, სადაც ამჟამად არასრულწლოვნები ცხოვრობენ. შესაბამისად, ნაცნობები სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებას სიუჟტიდან მარტივად შეძლებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ავსტალიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაზეთმა - Australian Age , ყოფილ თანამშრომელს, წლების განმავლობაში გამოცემაში მუშაობის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, 127 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. რეპორტიორმა, რომელმაც საკუთარი ვნაობის გამხელა არ ისურვა,  გაზეთს სასამართლოში იმ ფსიქოლოგიური ზიანის გამო უჩივლა, რომელიც მან სხვადასხვა სახიფათო საქმეების გაშუქების დროს მიიღო.

რეპორტიორის განმარტებით, გამოცემა, იმ ჟურნალისტების დასახმარებლად, რომლებიც მსგავს სტრესულ სიტუაციებში მუშაობენ, არაფერს აკეთებდა და მათ მიღებული ტრავმების დაძლევაში არ ეხმარებოდა. თავის მხრივ, Australian Age-ში აცხადებდნენ, რომ ეს ჟურნალისტის საქმის შემადგენელი ნაწილი იყო.

Australian Age-ის პრესსპიკერმა მირანდა ვორდმა განაცხადა, რომ გამოცემა მის ყველა ჟურნალისტს აფასებს, აცნობიერებს, რომ ამბების გაშუქების დროს მათ რთულ და ტრავმულ სიტუაციებში უწევთ მუშაობა. ვორდის თქმით, მას არაერთი მაგალითის დასახელება შეუძლია, როდესაც გამოცემა ასეთ საკუთარ თანამშრომელს დახმარებია.

“ჩვენ ნიუსრუმის თანამშრომლებისთვის სტრესის დაძლევის საკუთარი ტრენინგ კურსების დანერგვაზეც ვმუშაობთ”, - დასძინა მანვე.

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
The Winnipeg Sun-მა არასენსიტიური სათაურის გამო, მკითხველის გულისწყრომა დაიმსახურა. კერძოდ ტელეწამყვანის ალექს ტრებეკის შესახებ მომზადებულ მასალა გამოცემამ ასე დაასათაურა - “ტრებეკისთვის თამაში დასრულდა?”. აღსანიშნავია, რომ ტრებეკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მკითხველების მხრიდან წამოსული უარყოფითი კომენტარების ტალღის შემდეგ, გამოცემამ საბოდიშო წერილი გამოაქვეყნა. “გამოხატული გულგრილობისა და უაღრესად შეუსაბამო სათაურის გამო The Winnipeg Sun-ი ალექს ტრებეკს და მის ქომეგებს ბოდიშს უხდის. ჩვენ ბატონ ტებეკს ყოველივე საუკეთესოსა და სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებებს ვუსურვებთ”, - ვკითხულობთ წერილში.

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: ეთიკა
8 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ერთ-ერთი სიუჟეტი პოლიციის მხრიდან 15 წლის მოზარდზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას ეხებოდა, რომლის შედეგადაც არასრუწლოვანი ფიზიკურად დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში თავად მოზარდი დაფარულია, მისი ამოცნობა ნაცნობებს არ გაუჭირდებათ, ვინაიდან იდენტიფიცირებულია დედა და ჩანს მისი საცხოვრებელი სახლი.

მასალიდან ცნობილი ხდება, რომ ბოლნისის პოლიციაში ქურდობაში ბრალდებულ მოზარდს 8 საათის განმავლობაში სავარაუდოდ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და მასზე მორალურად ძალადობდნენ, ბოლოს კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც არასრულწლოვანს ხელი მოსტყდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

სიუჟეტში სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის დედა კამერის წინ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ღიად საუბრობს. ამასთან, სიუჟეტში კარგად ჩანს სავარაუდო მსხვერპლის სახლი და ეზო. კადრში ასევე ხვდება ქუჩის სახელწოდება და ნომერი, სადაც სახლი მდებარეობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ვატიკანისა და კათოლიკე მამათა მონასტრის პრესსპიკერისა და მოძღვრის ტომას როსიკას საავტორო სვეტებში გამოცემა Globe & Mail-მა პლაგიატი აღმოაჩინა. ამის შესახებ გამოცემის რედაქტორმა სილვია სტიდმა განაცხადა და განმარტა, რომ the Globe & Mail მის ნაწერებს აღარ გამოაქვეყნებს.

The Globe and Mail-ს მღვდლის საავტორო სვეტებში შესაძლო პლაგიატის შესახებ National Post-ის ერთ-ერთმა რეპორტიორმა შეატყობინა, რომელიც მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების შესახებ საგამოძიებო ტიპის მასალას ამზადებდა. ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოცემაში 2004-2016 წლებში როსიკას დაწერილი მასალები გადაამოწმეს და სამ მათგანში პლაგიატი აღმოაჩინეს.

The Globe and Mail-ის, განმარტებით, მღვდლის ორ მასალაში კათოლიკური საინფორმაციო სააგენტოდან (CNS) აღებული ციტატები იპოვეს, რომელთანაც ის პრესსპიკერის რანგში ოფიციალურად თანამშრომლობდა. CNS-ში გამოცემას განუმარტეს, რომ მათი სამიზნე აუდიტორია ძირითადად მღვდლები არიან, რომლებსაც მათი მასალების გამოყენების აბსოლუტური თავისუფლება აქვთ. ამის შემდეგ, the Globe and Mail-მა მღვდლის ორი სვეტი, სადაც პლაგიატი აღმოჩნდა, დააკორექტირა და მიანიშნა, რომ მასალა სააგენტოებისდან აღებულ ინფორმაციას შეიცავდა.

მღვდლის მესამე საავტრო სვეტში კი გამოცემამ the New York Times-დან და the Washington Post-დან აღებული ციტატები და პერიფრაზები იპოვა.

თავად ტომას როსიკა პლაგიატთან დაკავშირებით the Globe and Mail-ის ბრალდებებს არ იზიარებს. “მე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი the Globe and Mail-თან და მათი მოკვლევის შედეგებთან კითხვები მაქვს. რა თქმა უნდა, მათ გდაწყვეტილების შესაბამისად ფორმულირებისა და დასაბუთების სრული უფლება აქვთ. თუმცა, მე ამ გადაწყვეტილების გამო ვწუხვარ”, - აცხადებს ის

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: ეთიკა
ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურება დადებითი ბიძგებისა და პროცესების მაჩვენებელი რომ არის, ამაში ყველა ვთანხმდებით. ამაზე თვალს ვერც მედია დახუჭავს, მათ შორის, კონკრეტული ხელისუფალის მიმართ უკიდურესად კრიტიკულად განწყობილიც კი. თუმცა, მთავარი აქ მაინც ის კრიტიკული ზღვარია, რომელიც მედიამ არასდროს უნდა დაკარგოს, ქებათა-ქების მორევში აღებული სიჩქარით ერთბაშად არ გადაეშვას და წონასწორობის მექანიზმი არ მოშალოს.

გასულ კვირას გაირკვა, რომ აუტოგრაფ ქოლექშენის“ (Autograph Collection) სასტუმროებს შორის შეკვეთილის სასტუმრო “პარაგრაფი” მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა და უკან კოპენჰაგენის, ვარშავის, ბარსელონისა და მილანის სასტუმროები ჩამოიტოვა. თავად ფაქტი თავისთავად კარგია, იმდენად კარგიც კი, რომ ზოგიერთ მედიამესვეურში სიამაყის გრძნობა გაათმაგებით, უფრო ზუსტად კი, გაორმაგებით გააღვიძა და ამბავს პრაიმ-ტაიმში ორი ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა - ტელეკომპანია "იმედმა" “პარაგრაფის” პირველობის ამბავი ისეთი მასშტაბებით შეაფასა, რომ მას 28 თებერვალს ჯერ თითქმის 7 წუთიანი სიუჟეტი დაუთმო, კვირის მთავარ შემაჯამებელ გამოშვებაში კი მთელი 15 წუთი მხოლოდ ამაზე ისაუბრა.

თუკი იმასაც დავაზუსტებთ, რომ ზემოთ ხსენებული სასტუმრო მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირდება, ბევრისთვის, ალბათ, ყველაფერი გეომეტრიული სიზუსტით დალაგდა. სასტუმროს ფლობელი არც ერთ სიუჟეტში უხსენებიათ. მათ, ვინც ამ სიახლეს სულმოუთქმელად ელოდა, “იმედმა” ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და რამდენიმე წუთის განმავლობაში საოცნებო ადგილას ვირტუალურად ამოგზაურა. პარალელურად კი პირველ ადგილოსანისადმი საქებარი სიტყვები არც წამყვანებმა დაიშურეს და არც თავად სიუჟტების ავტორმა ჟურნალისტებმა.

“... 200-ზე მეტი ნომერი, ზღვაში შეჭრილი აუზი და ზამთრის ბაღი სასტუმროს განსაკუთერებით მიმზიდველს ხდის. პარაგრაფის სავიზიტო ბარათი კი გრანდიოზული აკვარიუმია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ჰყავს. სასტუმროში დასაქმებული 450 ადამიანიდან 400 ადგილობრივი მცხოვრებია”, - წამყვანის ამ სიტყვებით დაიწყო “პარაგრაფში” მოგზაურობის პირველი დღე “იმედმა”.

ამის შემდეგ სათქმელს კიდევ უფრო აკონკრეტებს და დეტალებში შლის ნანახით მოხიბლული ჟურნალისტი და ყოველი შემთხვევისთვის ადგილსაც აზუსტებს და ამბობს, რომ თუკი ისეთ ადგილას მოხვედრა გვინდა, რომელიც “ქართულ რეალობას” არ ჰგავს, გეზი შეკვეთილისკენ უნდა ავიღოთ. ის სასტუმროს თვალის მომჭრელი ინტერიერისა და ექსტერიერის კადრების ფონზე მის უპირატესობებზე საუბრობს და  ხაზს ისიც უსვამს “აკვარიუმის” გრანდიოზულობას”, რომელსაც “რეგიონში ანალოგი არ აქვს”.

altსიუჟეტიდან სასტუმროს ე.წ. საპრეზიდენტო ოთახის არსებობაც შევიტყეთ, რომელშიც ღამეს ცნობილი ვარსკვლავები ათევენ. ისიც გავიგეთ, რომ “ამ აპარტამენტების სტუმრებს კაბინეტი, პირადი საუნა, მინისავარჯიშო დარბაზი და რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესო პანორამული ხედი აქვთ ზღვასა და ტყეზე”.

ეს ყველაფერი არ არის. თუკი “პარაგრაფში” სტუმრობისას, ჯიბე საპრეზიდენტო აპარტამენტამდე ვერ გაგწვდათ, გული ხედზე მაინდამაინც არ დაგწყდეთ, თურმე, “აივანი შეკვეთილის სასტუმროში ხუთი სხვადასხვა კატეგორიის 220-ივე ნომერს აქვს”. ჟურნალისტს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ ბიზნეს შეხვედრებისთვის, პრეზენტაციებისა და კონფერენციებისთვის სასტუმროში სპეციალური სივრცეც არის გამოყოფილი".  ჟურნალისტს არც გურული მზარეული გამორჩენია, რომლებიც 35 სახეობის კერძით “ერთნაირად აოცებენ როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს”.

ორი დღის შემდეგ "იმედზე" იმავე მარშრუტის დრო დგება, იმავე კონტექსტით, თითქმის იდენტური ტექსტებითა და ცხადია ზუსტად იმავე ადგილით, თუმცა გაორმაგებული დროით და ოდნავ განსხვავებული, უფრო მკაფიო აქცენტებით.

თუკი პირველ სიუჟეტში “იმედმა” მაყურებელს მხოლოდ “პარაგრაფზე” მოუყვა, ახლა მსჯელობა მისგან მოტანილ სიკეთეებზე გააკეთა. ამას “ბლექ სი არენა”, მინიატურების, და მუსიკოსებისა და დენდროლოგიური პარკები დაუმატა და ლოგიკური ჯაჭვი, მთავარი პერსონით აქაც შეიკრა. “ფაქტია, ამ ყველაფერმა რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. უამრავი ადგილობრივის საცხოვრებელი პირობები არის გაუმჯობესებული. ნახეთ მსოფლიო დონის ტურისტული ზონა შეკვეთილიდან ნატა ქაჯაიას და კახა როინიშვილის რეპორტაჟში”, - გვაცნობა ახლა უკვე კვირის მთავარი შემაჯამებელი გადაცემის წამყვანმა.

ზემოთ უკვე ერთხელ მონათხრობი, გაორმაგებული დოზით რომ არ შემოგთავაზოთ, ყურადღებას მხოლოდ 15 წუთიანი სიუჟეტის მიწურულს დასმულ აქცენტებზე გავამახვილებთ. ასე მაგალითად, თურმე “პარაგრაფის პირველობა და საერთაშორისო წარმატება, პირდაპირ აისახება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე, ამ აღიარების შემდეგ, საქართველოში დამსვენებელთა კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების თამასაც აიწევა და დიდი ალბათობით, ეს ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს”.

თუმცა, რამდენად სწორია ერთ კონკრეტულ ფეშენებელურ სასტუმროს ტურიზმის განვითარება, მომსახურების თამასის აწევა და ეკონომიკური სარგებლის მოტანა მიაწერო, რთული სათქმელია. მით უფრო, იმ ფონზე, რომ მის ამ მსჯელობას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის კომენტარი აძლიერებს, რომელიც ამბობს -, “აქ [პარაგრაფში] ჩამოსული ტურისტი ნიშნავს იმას, რომ ის იმოგზაურებს აუცილებლად აჭარაში, ბათუმში, გურიის სოფლებში, სადაც არის ფანტასტიკური ეკოტურისტული შესაძლებლობები, მთიანი გურია არის ფანტასტიკური. ანუ, ასეთი ტიპის ბიზნესპროექტი აჩენს მიზიდულობის ცენტრს”, - ამბობს ის.

alt“პარაგრაფიდან” სიუჟეტში აქცენტი უკვე შეკვეთილისა და ზოგადად რეგიონისთვის “ბლექ სი არენას” მნიშვნელობასა და მისგან მომდინარე სიკეთეებზე გადადის. ვიგებთ, რომ მისი ამუშავებიდან მალევე საოჯახო ტიპის სასტუმროების მშენებლობის ბუმი დაიწყო და მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე წელში, თითქმის გაათმაგდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობაც.

"ამ ციფრების და მშრალი სტატისტიკის მიღმა 100-ობით დასაქმებული ადამიანი დგას, გაუმჯობესებული მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობებით”, - ამბობს ჟურნალისტი და მაყურებლისთვის სრულიად უცნობი რჩება რა სტატისტიკასა და მონაცემებს ეყრდნობა ის. ისევე როგორც არაფერია იმის დამადასტურებლად წარმოდგენილი, რომ საოჯახო სასტუმროების ბუმი სწორედ "პარაგრაფმა" გამოიწვია. დასასრულიც ისევე იყო მოკლებული არგუმენტებსა და მტკიცებულებებს, როგორც მისი სხვა ტექსტები .

“ფაქტია, რომ გურია რეგონის განვითარების ცენტრად იქცა, შეკვეთილი კი პარაგრაფის წყალობით მსოფლიო დონის ტურისტულ ცენტრად”, - ამ სიტყვებით დასრულდა 15 წუთიანი ოდისეა ისე, რომ ჟურნალისტს არაფერი უთქვამს, რეგიონის წინაშე არსებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, ეს მაშინ, როდესაც ტურიზმის განვითარება აღნიშნულთან პირდაპირ კავშირშია. რომ არაფერი ვთქვათ ტურისტების მონაცემების დივერსიფიკაციაზე, მათი კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებთან კორელაციასა და ბმაზე, ბლექ-სი არენას შენახვაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დახარჯულ თანხაზე და ჩატარებული კონცერტებიდან მიღებულ შემოსავალზე და მათ დისპროპორციაზე.

სიუჟეტში ასევე არაფერი თქმულა, უკვე ტურისტებისთვის უკვე ლეგენდად ქცეულ წინაღობაზე, რომელიც ტურისტულ ცენტრებში საპირფარეშოების არარსებობას უკავშირდება. ასევე, ყურადღება არ გამახვილებულა, ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების საკითხზე, რომელიც ადგილობრივებისთვის, მათ შორის მცირე მეწარმეებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც ისინი ზღვის ყველა სეზონზე თითქმის უშედეგოდ ითხოვენ.

და ბოლოს რიტორიკული კითხვა, რომელიც, შესაძლოა, ჩემსავით თქვენც დაგებადათ - მოხვდებოდა კი ნებისმიერ სხვა სასტუმრო, ან ტურისტული ობიექტი, “იმედის” ასეთი განსაკუთრებული ყურადღებისა და ფოკუსის ქვეშ, მსგავსი დოზითა და იდენტური აქცენტებით, რომ არა ერთი კონკრეტული სახელი და გვარი, რომელსაც ყველა ეს ობიექტი უკავშირდება? ალბათობის ჩემეულ ვერსიებს უკან წავიღებ, კითხვის ღია ფორმატს და პასუხისთვის ცარიელი სივრცეს დავტოვებ.
კატეგორია: ეთიკა

27 თებერვალს ონლაინგამოცემა faqtebi.ge-მ გამოაქვეყნა მასალა სათაურით - “სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას - თენგიზ ომანაძე”. გამოქვეყნებული ტექსტი პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ ომანაძის ინტერპრეტაციას ეყრდნობა და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტს.  
faqtebi.ge-ზე დაყრდნობით, იგივე მასალა გამოაქვეყნეს alia.ge-მ, infonews.ge-მ   და news.coa.ge-მ.

პრეზიდენტების სალომე ზურაბიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა 27 თებერვალს შედგა. როგორც ომანაძე წერს, ამ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციაზე ისაუბრეს. “ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას, რადგან ამ დრომდე, საზღვრის დემილიტაციის პროცესის ერთადერთი შემაფერხებელი იყოს სწორედ ის, რომ აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს უდაბნოს სრულ ტერიტორიაზე, ხოლო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ქართული მხარე დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის პირობებს”, -ასეთ დასკვნას აკეთებს თენგიზ ომანაძე.

მისივე შეფასებით, ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა და ის “მიღებული არის გარკვეული კულუარული პროცესების შედეგად”: “მთავრობა გეგმავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელით გააკეთოს და მისი პასუხისმგებლობის საგნად აქციოს, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება“.

♦    რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით 27-28 თებერვალს სტუმრობდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა:

“ვისაუბრეთ, რომ ტურიზმი უნდა გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის და ის ციფრული ნიშნული რაც მიღწეული არის, არ არის საკმარისი. უნდა მიიღოს სხვა მასშტაბი ამ ტურიზმის განვითარებამ, ორ ქვეყანას შორის, როგორც გარედან მოსული ტურისტებისთვის, რომ ეს სივრცე გაიხსნას… ამ კუთხით, მაგრამ, არა მხოლოდ ამ კუთხით, ასევე ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადემილიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა და მივიყვანოთ ეს მუშაობა ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი… მაგრამ ნორმალური არის, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობების, ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს, ამდენი წლის შემდეგ”.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე სხვა განცხადება არ გაუკეთებია. საკითხთან მიმართებით, დამატებითი ინფორმაცია არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუვრცელებია. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნულზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ ზურაბიშვილი აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას დასთანხმდა, ცალსახად არასწორი და სახიფათოა.

კონკრეტული გამოცემის მიერ ცალკეული პოლიტიკოსის პირადი შეფასების უაპელაციო გავრცელება და საზოგადოებამდე მსგავსი მნიშვნელობის მქონე საკითხის არასწორი კონტექსტით მიტანა, ორმხრივად სახიფათოა. ეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ისედაც არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების გაღრმავებას უწყობს ხელს და მეგობარი სახელმწიფოსადმი და კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ახალისებს.

ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში 233 ათასამდე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, აზერბაიჯანში კი - 10 000-მდე ეთნიკურად ქართველი.

♦  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია ბოლომდე დასრულებული არ არის. ამ დრომდე საზღვრის მხოლოდ 65 %-ია შეთანხმებული (300 კმ). შეუთანხმებელია საზღვრის ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.