კატეგორია: ეთიკა

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ ამბის გაშუქებისას, “მთავარმა არხმა” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მაყურებელს ბრალდებულის დედის ისეთი კომენტარი შესთავაზა, რომლის მთავარი აქცენტი იყო, რომ მოძალადის პროვოცირება თავად დაზარალებულმა მოახდინა.

ჟურნალისტმა მაყურებელს უთხრა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დედის თქმით, “მისი შვილი ალბათ ყოფილმა რძალმა გახადა იძლებული, რომ ამ ზომამდე მისულიყო და მოეკლა ან სიკვდილისთვის გაემეტებინა, რადგან ის იყო ცუდი დედა და ცუდი მეუღლე”.

ამის შემდეგ, სიუჟეტიდან უშუალოდ ბრალდებულის დედის ასევე ძალადობის გამამართლებელი კომენტარი მოვისმინეთ. სავარაუდო მოძალადის დედა შვილის ქმედების გამართლების მიზნით, ქალის უპასუხისმგებლო დედის როლში წარმოჩენას ცდილობდა, რომელიც შვილებით არ ინტერესდებოდა და მათ უყურადღებოდ ტოვებდა. “მიიყვანა ალბათ იმ დონემდე, რომ ასე გაუკეთა”, - თქვა ბრალდებულის დედამ.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა სიუჟეტში თავადვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების დაცვის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ჟურნალისტებს ფემიციდის ფაქტების სიფრთხილით გაშუქებისკენ მოუწებენ, საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპების გამყარებას მისსავე მომზადებულ მასალაში ხელი თავადვე შეუწყო.

გენდერული საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია: „ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანი არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს“.

„ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად „ეჭვიანობის ნიადაგის“ დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი „არასწორად“ იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა“, - ვკითხულობთ ამავე წესებში.

ტელეკომპანია “მთავარის” ამავე სიუჟეტში დაზარალებულის პირდაპირი იდენტიფიცირებაც მოხდა, დასახელდა მისი სახელი და გვარი, აგრეთვე ვიხილეთ კადრები, რომლებშიც ძირს დაწოლილი დაჭრილი ქალი ჩანდა, რომელსაც გარშემო ხალხი ეხვია. ერთ-ერთ კადრში თავად სავარაუდო მოძალადის სახეც გამოჩნდა.

ეს ამ თემაზე “მთავარი არხის” მიერ მომზადებული პირველი სიუჟეტი არ არის. ხაშურში მომხდარიდან მალევე “მთავარმა არხმა” ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში დაჭრილი ქალის კადრები პირდაპირ ეთერში აჩვენა. და მიუხედავად იმისა, რომ “მედიაჩეკერმა” ხაშურში მომხდარი ამბის შესახებ იმავე დღეს, მთავარი საინფორმაციო გამოშვები დაწყებამდეც დაწერა და მედიის მიერ თემის გაშუქების პრობლემაზე მიუთითა, “მთავარმა არხმა” თემა მაყურებელს მაინც ეთიკური სტანდარტების დარღვევით შესთავაზა.




დაჭრილი ქალის სახელი და გვარი დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია “ფორმულამაც” თქვა. ამასთან, დაფარვის გარეშე შემოგვთავაზა დაზარალებულის დედის კომენტარი. დაზარალებულის დედის იდენტიფიცირებით მსხვერპლის ირიბი იდენტიფიცრება მოხდა “რუსთავი 2-სა” და “ტელეკომპანია პირველზეც”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში, რომელიც კრიმინალის გაშუქებას ეხება, აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.


ფემიციდის შემთხვევების პრობლემურ გაშუქებაზე, "მედიაჩეკერს" არაერთი მასალა აქვს მომზადებული. მათგან ერთი ეხება "მთავარ არხსაც" და მეტწილად, სწორედ "მთავარი არხის" შეცდომებზე მიუთითებს. ამ მასლაში დეტალურად არის ახსნილი, რატომ არის სახიფათო ქალთა მიმართ ძლადობისა და ფემიციდის შემთხვევების გაშუქება სიფრთხილის გარეშე. 

 

გუშინ, 8 მარტს, "მედიაჩეკერმა" გამოაქვეყნა თიკო ცომაიას მიერ მომზადებული გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის ფემიციდის გაშუქების საკითხებზე. ამ გზამკვლევშიც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მედიას მართებს დიდი სიფრთხილე და მაღალი მგრძნობელობის გამოჩენა ფემიციდის გაშუქების დროს. 

 

კატეგორია: მულტიმედია

თეთრი სახლის ფოტოგრაფები, ომის რეპორტიორები, ფოტოგრაფი ქალი, რომელსაც ოთხჯერ აქვა მიღებული პულიცერის პრიზი - “მედიაჩეკერი” ფოტოჟურნალისტიკის ისტორიაში 15 პიონერ ქალ ფოტოგრაფს გაგაცნობთ

alt
ფრენსის ბენჟამენ ჯონსონი  გარშემორტყმული ბავშებით, რომლებიც მის კამერას ათვალიერებენ


ფრენსის ბენჟამენ ჯონსონი
- ერთ-ერთი პირველი ქალი ფოტოჟურნალისტი, რომელიც Bain News Service-ისთვის მუშაობდა. მისი კარიერა 60 წელს ითვლის. იგი თეთრი სახლის რამდენიმე ადმინისტრაციის ფოტოგრაფიც იყო. ასევე ცნობილია, როგორც არქიტექტურისა და ისტორიული შენობების ფოტოგრაფი.


alt

 

 

 
 
 
დიკი ჩეპელი - ომის რეპორტიორი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით არაერთი კონფლიქტი გააშუქა. მეორე მსოფლიო ომის დროს ივო ჯიმას შეტაკებისას იგი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს ახლდა თან.

ჩეპელი 1965 წელს ვიეტნამის ომსაც აშუქებდა, სადაც იგი ნაღმზე აფეთქდა. დიკი ჩეპელი პირველი ქალი ომის კორესპონდენტი იყო, რომელიც მოქმედების ადგილზე გარდაიცვალა. 
 
 
 
 
 
 
 


 
ლენსი ადარიო - ფოტოკორესპონდენტი, რომელმაც არაერთი კონფლიქტი და ჰუმანიტარული კრიზისი გააშუქა, მათ შორის იყო, ერაყი, ლიბია, სირია და სომალი. ავღანეთში The New York Times-ისთვის გადაღებულმა ფოტომ მას პულიცერის პრიზი მოუტანა. საომარ ზონაში მუშაობის დროს ადარიო ორჯერ გაიტაცეს. მისი მემუარები - “ეს არის ის, რასაც ვაკეთებ”, ერთ-ერთ ბესტსელერად იქცა.

alt




იზაბელ ელსენი - ფრანგი ომის ჟურნალისტი სპარსეთის ყურის ომის ჩათვლით, მსოფლიო მასშტაბით, არაერთი კონფლიქტი გააშუქა. მისი ერთ-ერთ წიგნზე დაყრდნობით არის გადაღებული ფილმი “ჰარისონის ყვავილები”, რომელიც იუგოსლავიის ომს ასახავს.

alt




alt
 
 
 
 
 
 
ჰომაი ვიარავალა - პირველი ინდოელი ქალი ფოტოჟურნალისტი, რომლის მიერ გადაღებული ფოტოები მისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდს ასახავს.

British Information Services-ისთვის მუშაობის დროს მან საკუთარი ქვეყნის არაერთი ლიდერისა თუ ვიზიტად მყოფი მნიშვნელოანი პერსონის გადაღება შეძლო.

ბევრი მისი ნამუშავერი ფსევდონიმით - დალდა 13 - იბეჭდებოდა. მოგვიანებით იგი ინდოეთი რიგით მეორე უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს მფლობელი გახდა.
 













შარლოტა ბრუკსი - ამერიკული ჟურნალის Look-ის ერთადერთი ქალი ფოტოჟურნალისტი. ჟურნალი 1937-1971 წლებში გამოდიოდა. იმ დროს, როდესაც ქალი ჟურნალისტების ინტერესის საგანი ე.წ. მსუბუქი თემები იყო, ბრუკსი მისი კოლეგა მამაკაცების მსგავსად მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე მუშაობდა.


alt



სტეფან სინკლერი - ფოტოგრაფი ქალი, რომელიც ადამიანის უფლებების თემებსა და პრომლემატიკაზე მუშაობდა. ბავშვთა ქორწინების შესახებ მისმა ფოტოებმა სინკლერს არასამთავრობო ორგანიზაციის - “ქორწინებისთვის ძალიან ახალგაზრდა ხარ” - ჩამოყალიბებსკენ უბიძგა, რომლის მიზანიც მოზარდი გოგონების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება და ნაადრევი ქორწინების შემცირებაა.


alt



ემი სანკეტა - ქალი ჟურნალისტი, რომელმაც Associated Press-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის დროს არაერთი უდიდესი სპორტული მოვლენა გააშუქა, მათ შორის იყო მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატები და ოლიმპიური თამაშები. გარდა სპორტისა, AP-ისთვის სანკეტას მიერ ბილ კლინტონის კამპანიის დროს გადაღებულმა ფოტოებმა პულიცერის პრიზი მოიპოვა.

alt



ჰეიდი ლევინი - ისრაელში მოღვაწე ომის ფოტოკორესპონდენტი, რომელმაც არაერთი კონფლიქტი გააშუქა, მათ შორის, ღაზას სექტორში, რისთვისაც იგი Anja Niedringhaus Courage-ის ჯილდოს მფლობელიც გახდა. “ზოგიერთი ჩვენ ადრენალინზე დამოკიდებულებად მიგვიჩნევს, მეგრამ მე და ბევრი ჩემი კოლეგა, რომლებსაც კარიერის განმავლობაშ შევხვედრილვარ, უბრალოდ სამყაროში განსხვავებულის შექმნაზე ვართ ორიენტირებული. აუდიტორიამ მინდა იცოდეს, რომ ჩემი მთავარი იარაღი არა ფოტოკამერა, არამედ ჩემი გული და ემპათიაა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ვიღებ”.

alt



მარიონ კარტენერი
- თეთრი სახლის ერთ-ერთი პირველი ქალი ფოტოგრაფი იყო. ის აგრეთვე ერთადერთი ქალი ფოტოგრაფი იყო, რომელიც პრეზიდენტ ტრუმანს ვიზიტების დროს დაჰყვებოდა. Washington Times-Herald-ს მესვეტემ უკმაყოფილება გამოხატა, რომ კარპენტერი სენატორის ფოტოს მისაღებად მას უღიმოდა და იწვევდა. კარპენტერი მესვეტეს ვალში არ დარჩა, იგი სენატის კაფეტერიაში იპოვა და მისი ამ ნათქვამისთვის სახეში სუპი შეასხა.


alt




alt
 
 


 
ჯესი ტარბოქს ბილსი - 1901 წელს კომპანია Buffalo Inquirer-მა დაიქირა, რის შედეგადაც იგი ამრიკული გაზეთის პირველი ქალი ფოტოგრაფი გახდა. 

იგი ასევე ცნობილია 1904 წელს საერთაშორისო გამოფენა World's Fair-ზე კიბეებიდან და საჰაერო ბუშტიდან გადაღებული ფოტოებით. 
 











შერონ ფარმერი - თეთრი სახლის აფროამერიკელი მთავარი ფოტოგრაფი. ეს პოზიცია, 1961 წელს მისი შექმნიდან დღემდე მხოლოდ 11 ადამიანს ეკავა. ფარმერმა თეთრ სახლში ფოტოგრაფად მუშაობა 1993 წელს კლინტონის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და 1998 წელს მთავარ ფოტოგრაფად დაწინაურდა.

alt




კეროლ გუზი -
Washington Post-ის ყოფილი ფოტორეპორტიორი, რომელიც ერთადერთი ჟურნალისტია, რომელსაც პულიცერის პრიზი ოთხჯერ აქვს მოგებული.

“გამიმართლა, რომ მყავდა რედაქტორები რომლებიც მენდობოდნენ და ასევე ამბავზე იყვნენ ფოკუსირებულნი. ბევრი ქალი ფოტოჟურნალისტი, რომლებსაც ვიცნობდი, თავდადებულები იყვნენ და საკუთარ საქმეს აკეთებდნენ. ჩვენი გამოსახულებები ჩვენი ხმა იყო” .

alt



დოროთი ლენგი - ცნობილია, როგორც ფოტოგრაფი, რომელმაც დიდი დეპრესიის დროს ადამიანების ყოფა აღბეჭდა. “მიგრანტი დედა” და მუშა ფლორენს ოუენს ტომპსონის ფოტოები მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევრებია. გარდა ამისა, იგი განსახლების თემატიკაზე ორიენტირებულ სამთავრობო სააგენტოშიც მუშაობდა, რომლის მიზანიც ფერმერების ბრძოლის შესახებ საზოგადოებრივი ცნოებიერების ამაღლება იყო.

alt



ჯოან ე. ბირენი -
წლების განმავლობაში LGBTQ საზოგადოების წარმომადგენლებს აღბეჭდავდა. “მუშაობა იმ დროს დავიწყე, როდესაც ლესბოსელის აუთენტორი ფოტოს ნახვა პრაქტიკულრად შეუძლებელი იყო”, - უთხრა მან The New York Times-ს გასულ წელს. “მინდოდა, რომ ჩემი ფოტოები ხილვადი ყოფილიყო. მჯეროდა, რომ ისინი ჩვენი გათავისუფლებისთვის საჭირო მოძრაობას დაუდებდა საფუძველს”, - დასძინა მანვე.

alt




მომზადებულია edition.cnn.com-ის მასალის გამოყენებით.
კატეგორია: ეთიკა

18 თებერვალს სამტრედიაში ყოფილმა ქმარმა 26 წლის ქალი მოკლა. ამ ამბის გაშუქებისას, "რუსთავი 2-მა" მაყურებელს მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების ისეთი კომენტარები შესთავაზა, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ბრალდებულს მკვლელობისკენ თავად გარდაცვლილის ქმედებებმა უბიძგა.

მიუხედავად იმისა, რომ 18 თებერვალს, "კურიერის" წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა თემის წარდგენისას მაყურებელს ემოციურად მიმართა,  და  ხაზგასმით თქვა, რომ ქალთა მკვლელობის გახშირებული ფაქტები „ფემიციდის ტენდენციაზე“ მიუთითებს, რაც „მთელი ქვეყნისთვის ტრაგედია უნდა იყოს“ და ასევე განმარტა, რომ მსგავსი ქმედებების „წამახალისებელი ფაქტორი ქალთა მიმართ ძალადობაზე საზოგადოების დამოკიდებულებაა“, სიუჟეტებში მომხდარისადმი სწორედ მსგავსი სტერეოტიპული შეფასებები მოვისმინეთ.

18 თებერვალს ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში, ჟურნალისტმა მაყურებელს უთხრა, რომ „ბრალდებულის ოჯახის წევრების თქმით, „არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, რომ ისინი მკვლელობას არ ამართლებენ, თუმცა „ნაწილობრივ აცხადებენ, რომ ამის საბაბს მამაკაცს მეუღლე აძლევდა“.

ჟურნალისტის ტექსტს უშუალოდ ბრალდებულის ოჯახის წევრების კომენტარები მოჰყვა, რომლებიც ქალის მხრიდან მეუღლის ღალატზე მიუთითებენ და მკვლელობის სავარაუდო მოტივადაც სწორედ ამას ასახელებენ.

იგივე სურათი იყო 19 თებერვალს გასულ სიუჟეტშიც. „ბრალდებულის ოჯახის წევრები გიგა აბრალავას ქმედებას არ ამართლებენ, მაგრამ ამბობენ, რომ სიტუციის პროვოცირებას მისი მეუღლე სალომე ბოხუა გამუდმებით ახდენდა“, - თქვა ჟურნალისტმა, რასაც აგრეთვე მოკლულის მხრიდან ღალატის არგუმენტით, ოჯახის წევრის მხრიდან ბრალდებულის გამართლების მცდელობა მოჰყვა.

გენდერული საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია: „ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანი არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს“.

„ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად „ეჭვიანობის ნიადაგის“ დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი „არასწორად“ იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა“, - ვკითხულობთ ამავე წესებში.

ფემიციდის ეთიკური სტანდარტების დარღვევით გაშუქების შესახებ  "მედიაჩეკერს" არაერი მასალა აქვს მომზადებული.  ერთ-ერთ ბოლო მასალაში, რომელიც ზუსტად ერთი თვის წინ, 21 იანვარს არის მომზადებული,  გენდერის საკითხების მკვლევარი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ  ფემიციდის საკითხების არასწორი გაშუქებით მედია ხელს უწყობს მსგავსი შემთხვევების განგრძობითობას. 
“იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება გამართლება, - თითქოს, ვინმე, ვისაც ეჭვიანობის ნიადაგზე მოუნდება პასუხი მოითხოვოს, ეს შეიძლება შეწყნარებული იყოს. ამიტომ არის ეს არასწორი და ამიტომ ვამბობთ რომ ასეთი ტიპის რეპორტინგის დროს ე.წ. გაშუქებას მოყოლილი დანაშაულებების სერია ხდება. ეს ძალიან სარისკოა”, - ამბობს იგი.
 

ამ თემაზე იხილეთ:  


ასევე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული ვიდეოგზამკვლევი

კატეგორია: ეთიკა
"ექსკლუზიური კადრები ისანში მომხდარი მკვლელობიდან, "კურიერმა" მოიპოვა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ თვითონ ახალგაზრდა მამაკაცმა მისი მკვლელობა გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ მისი მისამართით სამჯერ გაისროლეს", - ამგვარი შესავლით, ისნის რაიონში პაკისტანის მოქალაქის მკვლელობის თემით გაიხსნა 7 თებერვლის 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება "კურიერი". წამყვანის შესავალს ფონად მომხდარის ამსახველი კადრები გასდევა. 

აღნიშნული მასალა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საიტზე ამ დრომდე [19:30 სთ, 7 თებერვალი] იძებნება . მასალა ცალკე აიტვირთა ტელეკომპანიის Facebook-ის გვერდზეც, მაგრამ მალევე წაშალეს. თუმცა, კადრები ასევე ამ დრომდე იძებნება სამსაათიანი საინფორმაციო გამოშვების ე.წ. „ფეისბუკ-ლაივზე“.  (ამ მასალების ბმულებს "მედიაჩეკერი" შეგნებულად არ გთავაზობთ, რათა ხელი არ შევუწყოთ მათ გავრცელებას). 

„რუსთავი 2-ზე“ დაყრდნობით, ვიდეო სააგენტო newposts-მაც გაავრცელა. მოგვიანებით კი, მასალიდან მკვლელობის ამსახველი ვიდეო წაშალა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, რომ ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული“.  (მუხლი 41)

„ახალ ამბებში ძალადობის ამსახველი კადრების გამოყენებაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მათი ინფორმაციული ღირებულებისა და გასაშუქებელი მოვლენისადმი მათი მნიშვნელობის, აგრეთვე აუდიტორიის სავარაუდო რეაქციის გათვალისწინებით“, - ვკითხულობთ კოდექსში. (მუხლი 56)

ამავე კოდექსის მიხედვით, „შესაძლებელია საჭირო იყოს შოკისმომგვრელი მასალის გამოყენება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალზე ფრთხილი ანალიზის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული“ და შესაბამისად დასაბუთებული. „დაუშვებელია ძალადობის სენსაციად გადაქცევა“, - განმარტავს კოდექსი.

კრიმინალის გაშუქების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ „ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას“.

„მედიასაშუალებამ არ უნდა გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც წაახალისებს კრიმინალს, დანაშაულს ან ანტისოციალურ ქმედებას. პირდაპირ ეთერში რესპონდენტის პირდაპირ მოწოდებას ძალადობისკენ მედია უნდა დაუპირისპირდეს და დაგმოს“, - ნათქვამია სახელმძღვანელოში.


კატეგორია: მედიაგარემო


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური ზეწოლის ბოლო მაგალითის გამო, რაც ორგანიზაციისვე შეფასებით, ძირს უთხრის ქვეყანაში პლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას.  საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის გადადგომაზე. შეგახსენებთ, ზოიძემ  2 თებერვალს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელევიზიას ტოვებს, მიზეზად ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაასახელა, რითაც იგი სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორეს. 

„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძისა და აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებებს იშველიებს და მაუწყებლის თანამშრომლების მიერ ახალი დირექტორის ზეწოლაში დადანაშაულებისა და ამავე მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციასაც იხსენებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ნათია ზოიძის გადადგომა, საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდის ნიშანია. ამასთან, იქვე ხაზგასმულია, რომ იზრდება დამოუკიდებელ მედიაზე ხელისუფლების მოკავშირეების კონტროლიც და აღნიშნულის მაგალითად ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ასახელებს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობა ქართული ტელეარხების პოლიტიკურად მიკერძოებულ ზომებს ატარებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ორგანიზაციას საქართველოს ფინანსთან მინისტრის მიერ ტელეკომპანიებისგან ვადაგადაცილებული გადასახადების ამოღების დაწყების შესახებ განცხადება მოჰყავს და იქვე განმარტავს, რომ მთავრობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისა“ და „იმედისთვის“ 15 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადის გადავადებას დათანხმდა, მაშინ როდესაც კრიტიკულ მედიასთან მიმართებით მან მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა.

ორგანიზაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ განხორციელებულ ცვლილებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ერთ დროს ყველაზე პოპულარული და ოპოზიციური ტელეარხი ახალი ხელმძრვანელობის პირობებში „მთავრობის რუპორად“ იქცა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებაში „მთავარი არხისა“ და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლების ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავებიც მოჰყავს.

განცხადების ბოლოს ორგანიზაცია განმარტავს, რომ 2019 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 180 ქვეყნიდან მე-60 ადგილს იკავებდა.


რედ.: სტატიის მთავარი ფოტო ეკუთვნის RSF-ს

კატეგორია: ეთიკა
დაახლოებით ერთი კვირის წინ თურქეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქში,  კაიზერში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს.  ადგილობრივმა თურქულმა მედიამ მომხდარზე გამოქვეყნებულ ამბავს შეცდომით  სხვა  ქალის ფოტო დაურთო,  რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს. იგივე შეცდომა დაუშვა CNN-ის თურქულმა წარმომადგენლობამაც.  იმ ქალის  ოჯახი, რომლის ფოტოც შეცდომით გამოაქვეყნეს, აპირებს მედიებს მორალური ზიანის მიყენებისთვის უჩივლოს. 

alt


თურქული მედიის შეცდომის შესახებ მსხვერპლის შვილმა თაკო სვანიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და ამბავს შესაბამისი ფოტომტკიცბულებებიც  დაურთო. როგორც იგი წერს, შეცდომა იმან გამოიწცვია, რომ მისი დედისა და გარდაცვლილი ქალის გვარები მსგავსია, მათ შორის განსხვავებული მხოლოდ ერთი სიმბოლოა.

„ვცდილობ მაქსიმალურად თუმცა ვერაფრით ავაღებინე ფოტოები თურქულ მედიას. სიენენმაც კი უპასუხისმგებლოდ გადააკოპირა ფოტო. ყველანაირ რჩევას მივიღებ ჩემი იურისტი მეგობრებისგან, როგორ შეიძლება ამ კომპანიებს ვუჩივლო“ - დაწერა მან. .

ამბის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად „მედიაჩეკერი“ თაკო სვანიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. მისი თქმით, თურქულ წყაროებზე დაყრდნობით ამბავი იდენტური შინაარსითა და ფოტოთი ახალი ამბების ქართულმა სააგენტომ ambebi.ge-მაც გააშუქა. თემა იგივე ფოტოებით „მთავარი არხის“ ინტერესშიც მოხვდა, ფოტოს სახის გარკვეულ ნაწილზე, თვალებთან, დიდი შავი ფერის ზოლი ჰქონდა, თუმცა ახლობლებისთვის ფოტოზე გამოსახული ადამიანის იდენტიფიცირება მაინც შესაძლებელი იყო. 

თაკო სვანიძე „მედიაჩეკერთან“ საუბარში იხსენებს როგორი მძიმე აღმოჩნდა ამბავი ოჯახისა და ახლობლებისთვის. „შოკში ჩავვარდით“, - ამბობს იგი.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც მან ambebi.ge-ს რედაქციას მისწერა და შეცდომაზე მიუთითა, სააგენტომ მასალა წაშალა. მისივე თქმით, იგი რამდენიმე თურქულ სააგენტოსთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ, არცერთი მათგანისგან პასუხი არ მიუღია. 

რაც შეეხება CNN-ის თურქულ წარმომადგენლობას, თაკო სვანიძის თქმით, საიტი მას მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც საქმეში მისი ნაცნობი ჩაერთო, რომელიც ასევე CNN-ის თანამშრომელია და რედაქციამდე ხმა სწორედ მან მიიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იგი რედაქციისგან ამბის ჩასწორებას ითხოვდა, CNN-მა მასალა საიტიდან ისე წაშალა, რომ მომხდარი გაუგებრობისა და შეცდომის შესახებ მკითხველისთვის არაფერი განუმარტავს. 

თაკო სვანიძე ამბობს, რომ ამბავი იმდენად ბევრი გამოცემის ვებგვერდზე მოხვდა, რომ ყველასთან ცალ-ცალკე დაკონტაქტება შეუძლებელია.  მისივე თქმით,  შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციების შემდეგ, აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს  და  მისთვის და მისი ოჯახისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

„ცოცხალ ადამიანს შეუქმნეს პრობლემები. ამბის შესახებ შეითხზა უამრავი ისტორია, რომლებიც უკვე დედაჩემთან ასოცირდება. დედაჩემი და ჩვენი ოჯახი ვართ დაზარალებული, იმიტომ, რომ ყველამ შოკი გადავიტანეთ. თავიდან ამ ამბის ყურადღების მიღმა დატოვებას ვაპირებდი, თუმცა თავად ვარ ჟურნალისტი და თუ ამას მე არ გავაკეთებ, მაშინ სხვამ რა უნდა მოიმოქმედოს?“, - უთხრა თაკო სვანიძემ „მედიაჩეკერს“ და იქვე დასძინა, რომ მას სამართლებრივი დავის წამოწყებით პრეცედენტის შექმნა სურს, რაც საბოლოო ჯამში მედიას  მეტი პასუხისმგებლობისკენ უბიძგებს.
კატეგორია: ეთიკა
პლაგიატის ბრალდების წინააღმდეგ “კონკრეტული მტკიცებულებებით” შეიარაღებული თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე - აღნიშნული კუთხით გააშუქა ტელეკომპანია “იმედმა” 2 თებერვალს გადაცემა “იმედის კვირაში” გიორგი შარვაშიძის სადოქტორო დისერტაციის ნაშრომში დიდი მოცულობით პლაგიატის აღმოჩენის შესახებ მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია.

მასალაში რომ გიორგი შარვაშიძის პოზიცია იქნებოდა დაცული, ეს თემის წარდგენისას წამყვანის ტექსტშივე გახდა ცნობილი, რომელმაც თქვა, რომ თსუ-ის რექტორის პლაგიატის ბრალების შესახებ ვნებათაღელვა არ ცხრება, რომ ერთი მხარე გიორგი შარვაშიძეს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების საკუთარ სადოქტორო ნაშრომში წყაროს მითითების გარეშე გადატანას ედავება, “მეორე მხარე კი - ბრალდებას სასაცილოს უწოდებს და მის გასაქარწყლებლად კონკრეტულ მტკიცებულებებს დებს”.

თემაზე მომზადებული მასალიდან შევიტყეთ, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაზე - საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ მუშაობა “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” ინიციატივით 2000 წელს დაიწყო და ორგანიზაციაში ამ მიზნის გასახორციელებლად სპეციალური პროგრამაც მუშაობდა, რომელშცი გიორგი შარვაშიძე ექსპერტის რანგში ჩაერთო.

ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ გიორგი შარვაშიძემ ფონდის დახმარებით პროექტში როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები ჩართო და მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული დოკუმენტი განმარტებით ბართთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის პირველ მარტს მიიღო. “ის ნაწილობრივ ქვეყნის უმაღლესი განათლების რეფორმას დაედო საფუძვლად. უამრავი ადამიანის მონაწიელბით შექმნილი ნაშრომი ოფიციალურ დოკუმენტად იქცა, რომელზეც ცხადია საავტორო უფლება არავის აქვს”, - განმარტა მანვე.

სიუჟეტში ასევე ხაზგასმით ითქვა, რომ შარვაშიძეს შეეძლო, რომ სადისერტაციო ნაშრომში სახელები და გვარები საერთოდ არ მიეთითებინა, თუმცა ის ასე არ მოიქცა და “მართალია, არა სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიაში, მაგრამ უშუალოდ დისერტაციის ტექსტის 58-59-ე გვერდებზე ის ადამიანები მიუთია, ვინც ამ დადგენილების შექმნაში იყო ჩართული, მათ შორის, ექსპერტებიც, რომელთა ნამუშევრებიც დისერტაციაშია დასახელებული”.

ამასთან, ისიც აღინიშნა, რომ თსუ-ის პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის წერილის საფუძველზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შარვაშიძის ნაშრომი პლაგიატის პროგრამაზე გაატარეს და მისი პარლამენტის ბრძანების შედარებით დადგინდა, რომ “გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას”.

ჟურნალისტი კითხვის ნიშნის ქვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაგიატის დადგენის პროგრამასაც აყენებს და ამბობს: “შედარება მხოლოდ ტექნიკური იყო, თუ შინაარსობრივიც ამის გარკვევის საშუალება არ მოგვეცა… ცხადია, თუ ვინმე სიღრმისეულად ჩაიხედავდა, ორივე დოკუმენტში სახელებს და გვარებს ამოიკითხავდა, რატომ არ ჩაიხედეს? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია... ეს არაა რექტორის მიმართ პირველი ბრალდება. თავდაპირველად რექტორის დიპლომზე თქვეს, რომ ის ყალბი იყო, რაც არ დადასტურდა. ახლა სადავო მისი დოქტორის ხარისხი გახადეს და საზოგადოებას სხვადასხვა ხერხებით თითქმის დააჯერეს, რომ რექტორმა სხვისი ინტელექტუალური ნაშრომი მოიპარა და ეს იმის ფონზე, როდესაც რექტორის არჩევნები ახლოვდება”, - ხაზგასმით თქვა ჟურნალისტმა.

მასალაში ასევე მოვისმინეთ, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” პროგრამის მაშინდელი დირექტორის მარინე ჩტაშვილისა და საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელის გიგა კობალაძის კომენტარები, რომელთაგანაც ერთი ამბობს, რომ შარვაშიძის ნაშრომში ყველა ექსპერტის სახელი იყო მითითებული, რომლებმაც თავის დროზე პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში მიიღეს მონაწილება. მეორე კი განმარტავს, რომ საკანონმდებლო აქტების გამოყენების უფლება ყველას აქვს და “ამ შემთხვევაში წყაროს მითითება საჭირო არ არის”.

ჟურნალისტი მარინე ჩიტაშვილისგან იმითაც დაინტერესდა, “რომ არა ბატონი გიორგი ინიციატივა და მონდომება, იქნებოდა თუ არა ეს დოკუმენტი დღეს?”, - რაზეც კითხვის ადრესატი პასუხობს, რომ “არა”.

ამასთან, სიუჟეტში თავად გიორგი შარვაშიძეც განმარტავს, რომ საუბარი პარლამენტის დადგენილებაზეი, რომლის განმარტებითი ბარათიც არის ყველასი. “მე რომ არ ვყოფილიყავი ამ ჯგუფის წევრი ან ხელმძღვანელი, მაშინაც არ იქნებოდა ეს პლაგიატის თემა ან ვიღაცის საკუთრების მითვისების, იმიტომ, რომ ეს არის საერთო საკუთრება “, - ამბობს იგი.

მასალაში პლაგიატის შესახებ ბრალდების ავტორის თსუ-ის პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის პოზიციაც ისმის, რომელიც ამბობს, რომ “შარვშიძემ გამოიყენა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც არის კოლექტიური შრომის ნაყოფი და ამის შესახებ დისერტაციაში არსად არის მითითბული”. თუმცა, იგი იქვე კაჭკაჭშვილის მსჯელობის მიმართ სკეპტიციზმს იშველიებს და ამბობს: “ვცადეთ იაგო კაჭკაჭიშვილის ლოგიკას მივყოლოდით და ვთხოვეთ იმ შრომის ნაყოფში ის თავი ან აბზაცი მიეთითებინა, სადაც მისი ინტელექტუალური შრომის პროდუქტი იყო გადატანილი ან ასახული. მან ეს ვერ გააკეთა, რაც თავიდანვე ცხადი იყო და ჩვენი საუბრის ლოგიკური დასასრულიც დადგა”.

თითქმის 8 წუთიან სიუჟეტში არაფერი თქმულა “თავისუფლების მონიტორის” მიერ თემაზე გასული წლის 15 ნოემბერს მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ შარვაშიძის 140 გვერდიანი დისერტაცია სიტყვა-სიტყვით იმეორებს 2002 წელს 15 ექსპერტის მიერ შემუშავებული პოლიტკის დოკუმენტის ტექსტს. ასევე, არაფერი თქმულა იმაზე, რომ ეს ცალკე პოლიტკის დოკუმენტი იყო და არა პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება. აგრეთვე, არ დასმულა კითხვის ნიშნები რამდენად მართებულია სადისერტაციო ნაშრომის თითქმის ⅓-ის სიტყვა-სიტყვით სხვა ნაშრომიდან გადმოტანა.

ამასთან, არ განმარტებულა ციტირების სტანდარტი და აღნიშნულის შესახებ სიუჟტში არც კვალიფიციური შეფასებები მოგვისმენია.

აგრეთვე, ყურადღება არ გამახვილებულა, საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის საბწოს მიერ თემასთან მიმართებით 25 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საბჭომ დაადგინა, რომ “თავისუფლების მონიტორის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში სი პრინციპები (სიზუტე, შესწორება) არ დარღვეულა, რაზეც თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი მიუთითებდა.

არხს მხრიდან საკითხის მსგავსი ცალმხრივი გაშუქება და გიორგი შარვაშიძის პოზიციის მკაფიო მხარდაჭერა, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ტელეკომპანია “იმედის” მთავარი მიზანი თსუ-ის ლექტორის მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება იყო, რომ მის სადისერტაციო ნაშრომთან მიმართების საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები აპრიორი სიცრუე, რაც გიორგი შარვაშიძის იმიჯის მიზანმიმართულ შელახვას ემსახურება.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
საბედნიეროდ გასული წელი მედიაში პლაგიატიზმისა და მითვისების შემთხვევების მკვეთრი სიხშირით არ გამოირჩეოდა. ქვემოთ 2019 წლის ხუთ ყველაზე საყურადღებო  შემთხვევას გთავაზობთ.

  1. ზაფხულში პლაგიატში ყოველკვირეული პოდკასტი “Crime Junkie” ამხილეს. მოგვიანებით პოდკასტის ავტორებმა პლაგიატის შემცველი ეპიზოდის ვიდეო წაშალეს, თავიდან ატვირთეს და წყაროც მიუთითეს.
  2. ავტორების ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული მასალის გამო ბოდიში ვოშინგტონის ყოველკვირეულმა გამოცემამ The Cascadia Weekly-მაც მოიხადა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულის გამო, გამოცემამ პრეტენზიები ავტორებისგან და სხვა გამოცემებისგანაც მიიღო.

  3. გასული წლის თებერვალში Globe-ისა და Mail-ის რედაქტორიმა სილვია სტიდმა აღმოაჩინა, რომ ვატიკანისა და კათოლიკური ეკლესიის მამების სპიკერმა კანადური გაზეთისთვის დაწერილ ცხრიდან მინიმუმ სამ სვეტში პლაგიატს მიმართა.

  4. გასული წლის თებერვალში The New York Times-ის ყოფილი აღმასრულებელი რედაქტორი ჯილ აბრამსონი საკუთარ წიგნში “სიმართლით მოვაჭრენი” პლაგიატში ამხილეს. აბრამსონის პერსონისა და წარსულში მისი სტატუსის გამო ამბავი ყველასთვის საგანაშო აღოჩნდა. მაშინ Vice-ის სპეციალურმა რეპორტიორმა მაიკლ მოინიჰანმა თქვა, რომ წიგნი პლაგიატის არაერთ ეპიზოდს მოიცავდა, მათ შორის, ისეთი გამოცემიდან, როგორებიცაა: The New Yorker, Ryerson Review of Journalism და Columbia Journalism Review. აბრამსონმა განმარტა, რომ მას ეს მიზანმიმართულად არ გაუკეთებია და მას უმოკლეს დროში ჩაასწორებდა.

  5. გასულ წელს ევროპულმა ახალი ამბების სააგენტოებმა Nieuwe Revu-მ, HP/De Tijd-მ, და Knack.be-მ თქვეს, რომ ისინი მათი შტატგარეშე თანამშრომლის პიტერ ბლასიკის მიერ მომზადებულ მასალებში დასახელებული წყაროების გადამოწმებას ვერ ახერხებდნენ, ამასთან მისსავე სტატიებში პლაგიატიც აღმოაჩინეს.
წყარო: imediaethics.org
კატეგორია: ეთიკა
ქვეყნის „საერთაშორისო ავანტიურაში“ და „სახიფათო თამაშებში“ ჩათრევის, ასევე „დესტაბილიზაციის მოწყობის“ მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც საერთაშორისო ტერორიზმის „მხარდამჭერი“ და „ტერორიზმის სადარაჯოზე“ მდგომი პოლიტიკური ძალა, ასეთ კონტექსტში განიხილეს ტელეკომპანია „იმედზე“28 იანვარს ტოქშოუ „არენაში“ პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თემაზე სასაუბროდ სტუდიაში მხოლოდ ერთი მხარე იყო მოწვეული, რომლებიც სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას გამოხატავდნენ და საგამოძიებო უწყების მიერ გახმოვანებულ ვერსიას იცავდნენ. კერძოდ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, პროკურორი ვანო ოქროპირიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ექსპერტი მამუკა არეშიძე, ანალიტიკოსები - ნიკოლოზ მეტრეველი ამირან სალუქვაძე და კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა.

altწამყვანის მიერ თემის წარდგენის შემდეგ, ეთერში ტერორიზმის თემაზე მომზადებული დაახლოებით 43 წუთიანი ფილმი გავიდა, რომელშიც ასევე მხოლოდ ერთი - სახელმწიფოს მიერ გაჟღერებული ვერსია იყო წარმოჩენილი. ფილმი 2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციით დაიწყო, შემდეგ მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ტერაქტების სერიის განხილვით გაგრძელდა.

ამის შემდეგ ფილმში აქცენტი უკვე პანკისის ხეობისა და აჭარის მკვიდრების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე გაკეთდა და საუბარი სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლისა და მის მიერ საქართველოში დაგეგმილი ტერაქტების სერიაზე საუბრით გაგრძელდა. აღნიშნულს უკვე თემირლან მაჩალიკაშვილის ჩატაევის ჯგუფთან სავარაუდო კავშირების დეტალური სქემის განხილვა მოჰყვა.

ფილმში ასევე დეტალურად იყო წარმოდგენილი სალოსის ქუჩასა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების რეკონსტრუქცია და ასევე ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული. ფილმი რომ სპეცსამსახურებთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა, ეს თავად გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ვაკა გორგილაძემაც აღნიშნა. თავის მხრივ კი, ფილმის მომზადებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ მათ მადლობა გადაუხადა.

altამის შემდეგ სტუდიაში საუბარი თემის პოლიტიკურ ნაწილზე გაგრძელდა, რაც პოლიტიკური ოპოზიციის კერძოდ კი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ „საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“, საკითხით „პოლიტიზების“, „მანიპულირების“, „ინტერპრეტაციითა“ და „სპეკულაციის“ კონტექსტით გამოიხატა.

"ნაციონალური მოძრაობის", როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ და ერთგვარ წამქეზებელ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენისთვის, გადაცემაში აქტიურად განიხილებოდა ჩატაევის საქმე, ნაციონალური მოძრაობის მიერ მისი საქართველოში ხელოვნური ბრალდებით ჩამოყვანის, შემდეგ მისი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისა და ლაფანყურის სპეცოპერაციის საკითხი.

კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, გადაცემაში „ევროპული საქართველოს“ წევრის გივი თარგამაძის მიერ „ტელეკომპანია პირველთან“ საუბრის ვიდეოც შემოგვთავაზეს. ამ ვიდეოში თარგამაძე ამბობს, რომ ჩატაევის საქართველოში ექსტრადირებისა და მისი მხრიდან თანამშრომლობის სურვილის გამოთქმის შემდეგ, „კონკრეტულ ღონისძიებებში ჩატაევი იყო გამოყენებული, როგორც მომლაპარაკებელი“. აღნიშნული კი წამყვანმა შეაფასა, როგორც „აღიარება თუ როგორ თანამშრომლობდა ხელისუფლება ჩატაევთან“ და როგორ „შექმნა [მან] ჩატაევის ფენომენი“.

გადაცემის წამყვანისგან შემდეგი შინაარსის შეფასებებსა და კითხვებს ვისმენდით:

  • „ამ ფილმის შემდეგ, პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, ოპოზიცია კვლავ განაგრძობს უსინდისო სპეკულაციას ამ თემით და პირდაპირ მანიპულირებს მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილით. ეს რას ნიშნავს, ოპოზიციის ნაწილი არის საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი?“
  •  „ნაციონალური მოძრაობისთვის" არ იყო საკმარისი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები, ის დიდი ხალისით ჩაება საერთაშორისო ტერორისტულ თამაშებში… რაკი ჩატაევი უპირისპირდებოდა კადიროვს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გადაერჩინა იგი. ჩამოჰყავთ ჩატაევი, ხდება შეთანხმება, ის იღებს ე.წ. ოპერატიულ პასპორტს, რომლითაც მოგზაურობს. შემდეგ, ხდება მისი ჩამოყვანა შეგზავნა ლაფანყურში, სადაც იგი რჩება იქ, ანუ ჩატაევმა გადააგდო ქართული სპეცსამსახურები. შემდეგ, სპეცსამსახურები ატარებენ სპეცოპერაციას, ანადგურებენ იქ ვიღაც ტერორისტებს თუ არ ვიცით ვის და აჰყავთ ჩატაევი, რომელსაც აღმოჩანდა ჩაგდებული ხელყუმბარა, ანუ მისი დაკავება მოხდა არაკანონიერად“. 

  • „ევროპაში ტერორიზმთან მიმართებით მთელი საზოგადოება არის კონსოლიდირებული, ჩვენთან ხდება პირიქით, ჩვენთან პოლიტიკურ მიჯნაზე არის, ხელისუფლება აწყობს ბრიფინგებს, ხდება გამოძიება, არის ფაქტები, ხელმოწერები, საბუთები, სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვადასხვა საექსპერტო უწყებების დასკვნები და ამის მიუხედავად ოპოზიცია კვლავ განაგრძობს შვილმკვდარი მამით სპეკულაციას და უნდობლობას უცხადებს სახელმწიფოს, შესაბამის უწყებებს და ამ სამწუხარო ტრაგედიას, რომ ეს იყო გარდაუვალი აუცილებელი თავდაცვითი რეაქცია“. 

  • „რაში სჭირდებოდა ნაც მოძრაობას ჩატაევი? რაიმე პოლიტიკური თამაშებისთვის, თუ უფრო მძიმე თამაშებისთვისაც ამზადებდნენ? იყენებდნენ თუ არა ჩატაევისნაირ ტიპებს საქართველოში შიდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად?“ 

  • „ჩამოყვანეს აქ [ჩატაევი] და მონსტრი ვერ შექმნეს საბედნიეროდ, მაგრამ მოჰყვა მსხვერპლი, დესტაბილიზაცია, ეს ყვეაფერი ხდებოდა რუსეთის საზღვართან… მოკლედ ეს სახიფათო თამაშებია, რად უნდოდა ეს ნაციონალურ მოძრაობას?“

ოპოზიცასთან მიმართებით იდენტური შინაარსის განცხადებებს აკეთებდნენ გადაცემის სტუმრებიც.

alt„მაჩალიკაშვილის საქმესთან ვერ ვისმენთ ვერცერთ არგუმენტს გაჩერებულები ვართ პოლიტიკურ მესიჯებზე, რომ მამას შვილი მოუკლეს და წმინდად მანიპულირებენ მხოლოდ და მხოლოდ ემოციებზე, არცერთი საგნობრივი არგუმენტი ჩვენ დღემდე მოსმენილი არ გვაქვს“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა არეშიძის შეფასებით კი, სწორედ წინა ხელისუფლების „საერთაშორისო ავანტურაში ჩართვის სურვილმა გამოიწვია ამ ადამიანების სიკვდილი საუბარია ლაფანყურის სპეცოპერაციაზე და საშინლად შეილახა ქვეყნის რეპუტაცია“.

გოგა ხაინდრავამ "ნაციონალურ მოძრაობას" „ბნელი ძალა“ უწოდა, რომელიც ებრძვის „ამ ქვეყანას“ და ებრძვის „ყველგან, სადაც შეუძლიათ, სადაც ხელი და ენა მიუწვდებათ იმიტომ რომ სძულთ ეს ქვეყანა“. „მარტო ჩატაევი კი არა თითქმის ყველა ჯგუფის (ტერორისტული) წევრი იყო ჩამოყვანილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ისინი იყვნენ აქ ჩამოყვანილი ავანტიურის ჩასატარებლად საქართველოში“, - დასძინა მანვე.

ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები „ჩატაევის გადმოყვანით გახდნენ ტერორიზმის სპონსორები, საერთაშორისო საფრთხის სპონსორები“.

სწორედ ასეთ შეფასებებს ვისმენდით მთელი გადაცემის განმავლობაში, ისე, რომ საკთხზე სიმბოლურად მაინც საპირისპირო პოზიცია წარმოჩენილი არ იყო. წამყვანებს არც ის განუმარტავთ, რომ მათ გადაცემაში მეორე მხარეც მოიწვიეს, თუმცა უარი მიიღეს.

გადაცემას თან ახლდა ინტერქატივი, რომლის კითხვა ასე იყო ფორმულირებული:

 „ნაციონალური მოძრაობისთვის "რომელია პრიორიტეტული?
 
• ძალაუფლების დაბრუნება
• ქვეყნის უსაფრთხოება


ინტერაქტივის შედეგები ასე დაჯამდა:  91.6%-მა თქვა, რომ ძალაუფლებაში დაბრუნება, 8.4%-მა კი - ქვეყნის უსაფრთხოება.

alt


მაჩალიკაშვილის საქმის ცალმხრივად განხილვა, სახელწმიფოს მიერ გაჟღერებული პოზიციის  უაპელაციოდ მიღება და შემდეგ უკვე ტერორიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში "ნაციონალური მოძრაობის" დადანაშაულება, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ გადაცემის მიზანი არა საკითხის კრიტიკულად განხილვა, არამედ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია და საზოგადოების თვალში მისი იმიჯის შელახვა იყო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მერი ლუის კელიმ, საზოგადოებრივ-ეროვნული რადიოს წამყვანმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან, უკრაინის შესახებ ინტერვიუს დროს აჩვენა მასტერლკლასი, როგორ უნდა გაუმკლავდე მანიპულატორს და მას, ვისი მიზანიც საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა.

რეპონდენტს საკუთარი დღის წესრიგის შექმნის უფლება არ მისცეთ

როგორც მერი კელიმ განმარტა, მიუხედავად წინა დღეს პომპეოს თანამშრომლებთან შეთანხმებისა, რომ სახელმწიფო მდივანთან მისი ინტერვიუ სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინისაც შეეხებოდა, პომპეომ ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის არიდება სცადა. კელიმ მას, ასე ვთქვათ, „ხომალდის მართვის“ შესაძლებლობა არ მისცა და თემას იმდენჯერ დაუბრუნდა, რამდენჯერაც პომპეომ მისგან გაქცევა სცადა.

ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე

პომეოსთან კელიმ სრული სიმშვიდე შეინარჩუნა, მაშინაც, კი, როდესაც მან ტონს აუწია და ამით მის ვერბალურ მხარეს სიძლიერე შესძინა. კელი საკუთარ პოზიციაზე მტკიცედ, მშვიდად და შეუვალად იდგა.

გამონახეთ დრო კითხვისთვის

კელის პომპეოსთან სასაუბროდ მხოლოდ ათი წუთი ჰქონდა და მან დარწმუნებით გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო მდივანთან ყურადღებას არა მხოლოდ ირანზე, არამედ უკრაინაზეც გაამახვილებდა. კელი მშვიდად განაგრძობდა ინტერვიუს და პომპეოს მიტყუების ან თემის შეცვლის საშუალებას არ აძლევდა. ინტერვიუს ასეთი ფორმით წარმართვა იმის შანსებს ამცირებს, რომ ჟურნალისტი მიზანმიმართულად დამაბნეველ განცხადებებს წამოეგება.

არ მისცეთ თქვენი გადაფარვის ნება

მანიპულატორი ადამიანების ერთ-ერთი ტაქტიკა გადაფარვის მიზნით, დიალოგში თქვენთან ერთად პარალელურ რეჟიმში საუბარი, რასაც იქამდე აგრძელებს, ვიდრე ბუნებრივად უკან არ დაიხევთ. შესაბამისად, როდესაც იცით, რომ ეს მოსაუბრის მიზანმიმართული ტაქტიკაა, მას ამის საშუალება არ მისცეთ, განაგრძეთ საუბარი და უკან არ დაიხიოთ.

მუდმივად გაიმეორეთ ფაქტები

მანიპულატორთან ინტერვიუს დროს აღიჭურვეთ ფაქტებით, წინასწარ მოემზადეთ დიალოგისთვის და ჩაატარეთ მოკვლევა თემის ირგვლივ. ფაქტები შესაბამისი მასალით დაასაბუთეთ, იქნება ეს ოფიციალური დოკუმენტები, თუ ვიდეოჩანაწერები. ამასთან, მზად იყავით იმისთვის, რომ გეტყვიან, თითქოს თქვენი მტკიცებულებები სინამდვილეს არ შეესაბამება. თუკი იმის შესაძლებლობა გაქვთ, რომ დოკუმენტის წყარო ფრთხილად და ეთიკურად დაასახელოთ, ასეც მოიქეცით. სწორედ ასე მოიქცა კელიც - პომპეოსთან ინტერვიუს დროს იგი კონკრეტული ციტატებითა და სახელებით იყო შეიარაღებული და როდესაც პომპეომ სცადა კითხვისთვის იმაზე მითითებით აერიდებინა თავი, რომ თითქოს მან არ იცოდა, რომელ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საუბრობდა ჟურნალისტი, კელიმ მყისვე მისი სახელი უთხრა და იმაზეც მიანიშნა, თუ სად გააკეთა მან აღნიშნული განცხადება.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იმ საკითხის შესახებ დაისვას დამაზუსტებელი კითხვები, რომელზეც რესპონდენტი მიუთითებს. სწორედ კელის მიერ ერთ-ერთი ასეთი კითხვის დროს, პომპეომ ამბის დეტალის დაზუსტება ვეღარ შეძლო და ჟურნალისტის მიერ დასმულ დამაზუსტებელ კითხვას ვერ უპასუხა.

არ მისცეთ რესპონდენტს საშუალება, რომ თავი წამებულად წარმოაჩინოს

მანიპულატორი ადამიანების ერთ-ერთი ტაქტიკა თავის წამებულად წარმოჩენაა. ინტერვიუს დროს ისინი ისე იქცევიან, თითქოს ჟურნალისტი მათ დაჩაგვრას ცდილობს და ისინი ამას, როგორც წესი, დიდი სიხარულით აკეთებენ. კელიმ ინტერვიუს დროს სახელმწიფო მდივანს ამ როლის მორგების საშუალება არ მისცა, გამუდმებით უსვამდა დამაზუსტებელ კითხვას და მიუთითებდა, რომ მას სურდა სახელმწიფო მდივნისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცა.

გამოააშკარავეთ ტყუილი

მანიპულატორები აუცილებლად იტყვიან, რომ მათ თქვენთვის ამა თუ იმ თემაზე საუბრის თანხმობა არ მოუციათ. ასე მოიქცა პომპეოც, როდესაც კელის პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ ის მასთან უკრაინის თემის განხილვას არ დათანხმებია, რაზეც კელიმ მყისვე მიუთითა, რომ ეს ასე არ იყო და რომ აღნიშნული მას თანამშრომლებთან ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე შეთანხმდა. ამ განცხადებით, კელიმ პომპეო არა მხოლოდ ტყუილში ამხილა, არამედ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ მას იმის მტკიცებულება აქვს, რომ ან სახელმწიფო მდივანი ტყუის ან მისი თანამშრომლები მათზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებენ.

როდესაც ინტერვიუს ფაქტებით შეიარაღებული წარმართავ მანიპულატორებს მანიპულაციისა და სინამდვილის შეცვლის მინიმალური შანსები რჩებათ. ინტერვიუს დროს იყავით მტკიცენი და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ისე, როგორც კელი მოიქცა. იცოდე თემა და მოიმარაგე მტკიცებულებები და რაც ყველაზე მთავარია - შეისწავლე მანიპულატორების ტაქტიკა.

მომზადებულია Forbes.com-ის სტატიის გამოყენებით.
კატეგორია: ეთიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობის „შუცვლელი“, „მკაცრი“ და „ამავდროულად ცინიკური გამომეტყველების“ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საპარლამენტო კომიტეტის დარბაზში მჯდომი „ანერვიულებული, თავის მართლების რეჟიმში მყოფი“ ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, რომელიც „ყველას სახალხო დამცველი არ არის“ - აღნიშნულ კონტექსტში წარმოაჩინა ტელეკომპანია „იმედმა“ 26 იანვარს გადაცემა „იმედის კვირაში“ სახალხო დამცველის ოფისისა და იუსტიციის მინისტრის აპარატს შორის გასულ კვირას განვითარებული მოვლენები.

თემის წარდგენისას წამყვანმა თქვა, რომ „მიმდინარე კვირის მთავარი პოლიტიკური პერსონა იუსტიციის მინისტრია, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშის პირისპირ დადგა და ყველა შენიშვნას თუ ბრალდებას ღიად უპასუხა“. მანვე მაყურებელს ასეთი სურათი დაუხატა: „საპარლამენტო ტრიბუნასთან მკაცრი და ამავდროულად ცინიკური გამომეტყველებით მდგარი წულუკიანი და კომიტეტის დარბაზში მჯდომი, ანერვიულებული, თავის მართლების რეჟიმში მყოფი ლომჯარია. იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველს პირდაპირ უთხრა, რომ იგი ყველას დამცველი არ არის, იმის მიუხედავად, რომ ამას კანონი ავალდებულებს და დიდად არც პატიმრების მონახულებით იწონებს თავს“.

თემაზე მომზადებულ მასალა იმის შეხსენებით დაიწყო, რომ „იუსტიციის მინისტრი ერთადერთი იყო, ვინც წარდგენისას კოლეგების გვერდით ყველაზე ბოლოს დადგა და ერთადერთი, ვინც ბოლომდე დარჩა“ და რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში თეა წულუკიანი ის გამონაკლისია, ვისაც სამთავრობო ცვლილებები არ შეხებია“. ჟურნალისტმა უწყების მიერ დადებითაც შესრულებული საქმიანობის ის ჩამონათვალიც გაგვაცნო, რომელსაც, როგორც თავადვე თქვა, წულუკიანი „განსაკუთრებით აღნიშნავს“.

ჟურნალისტმა პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმებისთვის “ოცნების” მთავრობის მიმართ არც საქებარი სიტყვები დაიშურა, იქვე არც ყოფილი ხელისუფლების კრიტიკა გამორჩა და თქვა: „წამების, არაადამიანური მოპყრობის მსჯავრდებულისადმი ჰუმანური დამოკიდებულებით შეცვლა და თანამედროვე სტანდარტის საპატიმრო დაწესებულებების მოწყობა, სასჯელაღსრულების სისტემაში მთავარი მიღწევა და ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან“.

აღნიშნულის შემდეგ კი, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სახალხო დამცველი მაინც ამბობს, რომ „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა ციხეში დღესაც პრობლემაა“. ომბუდსმენის საქმიანობის მიმართ სკეპტიკური განწყობის შესაქმნელად ჟურნალისტი იქვე აღნიშნავს, რომ „წულუკიანმა ლომჯარიას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 2018 წელს ოთხი, 2019-ში ნული ვიზიტი დაუთვალა“. სახალხო დამცველის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილაციის მიზნით კი იქვე დასძინა: „სანაცვლოდ ომბუდსმენმა 2020 წლის ანგარიში მეორე დღესვე გახსნა და ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და კახაბერ ნაკანი მოინახულა“.

მაყურებლის მხრიდან საკითხთან მიმართებით კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნის გასაჩენად მასალაში იუსტიციის მინისტრის კომენტარსაც ვისმენთ, რომელიც ამბობს: „როდესაც სახალხო დამცველი ჩემი შენიშვნის შემდეგ გამოცხადდა არა უვადო პატიმრებთან, არა ბავშვებთან, არა ქალებთან, არამედ მივიდა იქ სადაც მივიდა, მე მაინც ვარ მადლიერი იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იქნება ბოლო ვიზიტი“.

სახალხო დამცველის მხრიდან მისი პატიმრებთან კონფიდენციალური ვიზიტების გასაჯაროების გამო იუსტიციის სამინისტროს კრიტიკის საპასუხოდ, ჟურნალისტი ასევე იუსტიციის მინისტრის კომენტარს გვთავაზობს, რომელიც ამბობს, რომ საკითხის შესახებ მედიის მხრიდან დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა მათი ვალდებულება იყო.

ჟურნალისტი იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში გაკეთებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების გამო ომბუდსმენის კიდევ ერთ კრიტიკასაც ეხმაურება და უწყების პოზიციის დაცვას ცდილობს. „პატიმრობის შესახებ კოდექსის 54-ე მუხლი მაღალი რისკის დაწესებულებებში ელექტრონულ ჩანაწერს უშვებს. ელექტრონული მეთვალყურეობით კი მხოლოდ შარშან 80-ზე მეტი სუიციდის მცდელობა აღიკვეთა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ გასაჯაროებული ჩანაწერები კანონიერი ვადით იყო შენახული, საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს რეალობა და ისიც, თუ რა ვითარებაში უწევთ რიგ შემთხვევებში მუშაობა პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს“, - ამბობს იგი.

სიუჟეტის მიწურულს, აქცენტი ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის ციხეში ვიზიტის დროს ჩაცმულობაზეც კეთდება და ჟურნალისტი გვამცნობს, რომ თეა წულუკიანის თქმით, „ჩაცმულობა ომბუდსმენმა ჯერ მის თანამშრომლებს დაუწუნა, რომლებსაც ფორმები არ ჰქონდათ და სახელმწიფომ მხოლოდ 2019 წლის ბოლოს შეუძინა, ჯინსი კი მისი საპასუხო რეაქცია იყო“. „თუმცა ასეთი ჩაცმულობით ციხეში საქმიანი ვიზიტი მისთვის მოსაწონი მაინც არ არის“, - იქვე დასძენს ჟურნალისტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის წამყვანმა თემის წარდგენისას გვითხრა, რომ ჟურნალისტმა იუსტიციის მინისტრთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და ჩანდა, რომ ჟურნალისტს უწყების ხელმძღვანელის მიმართ კითხვების, მათ შორის, კრიტიკულის დასმის შესაძლებლობა ჰქონდა, როგორც მასალიდან ჩანს, იგი მხოლოდ შემდეგი კითხვებით შემოიფარგლა:

  • განიხილება თუ არა თეა წულუკიანის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარედ?
  • არიან თუ არა დღეს ციხეში რეალურად ე.წ. მაყურებლები?
  • ყავის დალევა უფრო მეტად არის ნდობაში შესვლის ფორმა თუ გამოყენება პატიმრის ნივთებისა?

თემის მსგავს კონტექსტი განხილვა, იუსტიციის მინისტრისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და მისთვის უწყების მიმართ საზოგადოებაში დაგროვებული არაერთი კრიტიკული კითხვის არდასმა, ასევე საზოგადოებისთვის ომბუდსმენის, როგორც „არა ყველას სახალხო დამცველის“ წარმოჩენა, ამასთან, მის პოლიტიკურ აფილაციებზე მინიშნება, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სიუჟეტის მიზანი სახალხო დამცველის ოფისის დაკნინება და მისი დისკრედიტაცია და იუსტიციის სამინისტროს პოზიციის გამართლება იყო.
კატეგორია: ეთიკა
რატომ და რა მიზნით მალავდა ამ დრომდე ყოფილი პოლიციელი 2014 წელს გადაღებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ დაზვერვის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის ლევან იზორიას (იგი იმ დროს შს მინისტრის მოადგილე იყო) ძმა სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და მათ ემუქრება? - მხოლოდ ამ კითხვებით დაინტერესდა ტელეკომპანია “იმედი” მოქმედი მაღალჩინოსნის ძმის მიერ 5 წლის წინ ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ 24 იანვარს მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის მომზადებულ სიუჟეტში.

წამყვანმა თემის წარდგენისას აღნიშნა, რომ “ყოფილი პოლიციელი, რომელიც ლევან იზორიას ძმას ვახტანგ იზორიას სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, მხოლოდ “ქრონიკას” ემალება”. ის, რომ ყოფილი პოლიციელი “ქრონიკის” კითხვებს არ პასუხობს და იგი მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ტელეარხთან თანამშრომლობს” მეორე წამყვანმაც ხაზგასმით აღნიშნა და იქვე იმით დაინტერესდა, თუ “რა მიზნით მალავდა საპატრულო პოლიციის მაიორი 2014 წელს სამხრე კამერით გადაღებულ ინციდენტს?”

მსგავსი პათოსი გაგრძელდა სიუჟეტშიც. “პოლიციელს, რომელმაც ეს კადრები გადაღებიდან ხუთი წლის შემდეგ, ერთ-ერთი მედიასაშუალების დახმარებით გაასაჯაროვა, არაერთხელ ვთხოვეთ, რომ კითხვებზე ეპასუხა, მათ შორის, იმ კითხვაზე, რატომ დუმდა ამ პერიოდის განმავლობაში, [თუმცა], პოლიციელი გიორი დვალიშვილი მთელი დღის მცდელობის მიუხედავად “ქრონიკასთან” არ ჩნდება, თუმცა თანამშრომლობს სხვა მედიასთან და აწვდის ვიდეოკადრებს”, - ამბობს ჟურნალისტი, რის შემდეგადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის კომენტარს ვისმენთ, რომელიც ხაზს ასევე იმას უსვამს, რომ პოლიციელი კადრებს ხუთი წლის განმავლობაში იქამდე ინახავდა, ვიდრე მას სამსახურში პრობლემები არ შეექმნა.

ამის შემდეგ, ყოფილი პოლიციელის მიმართ უნდობლობის გაჩენის მიზნით, ჟურნალისტი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ “მის სახლში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იმყოფებოდა, რომელიც “სხვა ოპოზიციონერ თანამოაზრეებთან ერთად, ამ საქმის პოლიტიკურ ნაწილზე დილიდან საუბრობდა”.

მანვე სავარაუდო სამართალდარღვევის ქმედების გამართლების მიზნით, იქვე დასძინა, რომ “მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი და მოქმედი ლიდერები იზორიას ძმისთვის ხელის დაფარებაზე საუბრობდნენ, გაირკვა, რომ სინამდვილეში საქმე სხვაგვარდაა” და რომ თურმე იზორიას ძმას ფსიქიკური პრობლემები ჰქონია, რაზეც დეპუტატმა სოფო კილაძემ ისაუბრა. პარალელურად, იზორიას დედის Facebook სტატუსიც შემოგვთავაზეს, რომელშიც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

მასალიდან ისიც მოვისმინეთ, რომ “დედის ამ განცხადების შემდეგ, პოზიცია არ შეუცვლიათ, მათ ვისაც სურთ, რომ ეს ინციდენტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და ამის შესახებ ჩვენთან არ ისაუბრა არც თავად პოლიციელმა”. ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ მათ ის აინტერესებდათ, “ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია იზორიას ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაშინ როდესაც გამოძიებას ითხოვდა”, თითქოს აღნიშნული მომხდარს რაიმე ფორმით გაამართლებდა.

სიუჟეტიდან ასევე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კრიტიკული კითხვა, რომელიც მომხდარის გამო სისტემაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც “მთავარი არხის” მიერ თემაზე მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ ვიდეოკადრების არსებობის შესახებ საქმის კურსში არიან მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ასევე არ დასმულა კითხვა იმის შესახებ, თუკი სავარაუდო სამართალდამრღვევს ფსიქიკური პრობლემები ნამდვილად ჰქონდა, რატომ მართავდა იგი ავტომობილს, რატომ ჰქონდა მას მართვის მოწმობა და ე.წ. “ნარუშილოვკა”, რომლის ჩვენების შემდეგაც, პოლიციელი ვალდებულია გაჩერებული ავტომობილისა და მისი მძღოლის შემოწმება აღარ გააგრძელოს და გაჩერებული პირი მაშინვე გაუშვას. აღნიშნული ასევე იყო ნათქვამი თემაზე “მთავარი არხის” მიერ წინა დღით მომზადებულ სიუჟეტში.

ჟურნალისტი არც იმით დაინტერესებულა ხომ არ ჰქონდა ადგილი მაღალჩინოსნის მხრიდან მისი ძმის მიმართ გავლენების გამოყენებას, შესაძლო დანაშაულის მიჩქმალვას და დამნაშავისთვის ხელის დაფარებას.

სიუჟეტში აქცენტის მხოლოდ იმაზე გადატანა, თუ რატომ მალავდა პოლიციელი ამ დრომდე მის ხელთ არსებულ ვიდეოკადრებს და ყურადღების იმაზე გამახვილება, რომ შესაძლო დამნაშავეს ჯანმრთელობის აქვს, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მიზანი არა თემის სრულფასოვნად და კრიტიკულად გაშუქება, არამედ სამართალდამცველი უწყების, ასევე ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩნოსნების ქმედების გამართლება და მათთვის პასუხისმგებლობის აცილება იყო.