კატეგორია: ეთიკა
ინტერნეტპორტალმა Palitravideo.ge-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კავკასიური რასისა და ქართველების გამორჩეულობასა და განსაკუთრებულობაზეა საუბარი. ვიდეო MTV-ის გადაცემა Decoded-ის თარგმნილი ვერსიაა, თუმცა, არასწორი აქცენტებითა და შინაარსით.

მითი

“პალიტრას” მიერ თარგმნილი ვიდეოდან ვიგებთ, რომ ამერიკაში თეთრი კანის ფერის მქონე ადამიანები საკუთარ თავს კავკასიელებს უწოდებენ. ამ საკითხით MTV-ის წამყვანი ფრანჩესკა რემსიც დაინტერესდა და კავკასიური რასის წარმომადგენლებს ვრცელი გადაცემა მიუძღვნა.

ამას მოსდევს ფრანჩესკა რემსის დასკვნები, რომელიც თითქოსდა გერმანელ ფილოსოფოსებზე კრისტოფერ მეინერსა და იოჰან ბლუმენბახზე დაყრდნობით ამბობს, რომ კავკასიელები ყველაზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, ჰქონდათ ღია ფერის კანი და იყვნენ უფრო მგრძნობიარეები. ბლუმენბახმა საკუთარი კვლევით ახსნა, რომ ადამიანები საქართველოდან ყველაზე ლამაზები იყვნენ მთელ დედამიწაზე. შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო კაცობრიობის დაბადების ადგილი. მისივე თეორიის თანახმად, ყველა თეთრკანიანი ადამიანის სამშობლო კავკასიის რეგიონი, კერძოდ კი, საქართველო უნდა ყოფილიყო.


“მე18, მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ბლუმენბახი ნაშრომში წერდა - “კავკასიონის მთაგრეხილის მახლობლად, კერძოდ კი, მის სამხრეთ ნაწილში, ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან. მე მხედველობაში მყავს ქართველები და სწორედ ამიტომ, ყველა ფიზიოლოგიური წინაპირობისა თუ მიზეზის გათვალისწინებით, არსებობს ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობის გაჩენის ადგილი დედამიწაზე ეს რეგიონი”, - ეს ტექსტი ისმის “პალიტრას” ვიდეოში, ქართული ჰანგების ფონზე. 


რეალობა

გადაცემა სახელწოდებით Decoded MTV-ის ეთერში ყოველკვირეულად გადის. გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ, რომ წამყვანი ფრანჩესკა რემსი სხვადასხვა აქტუალურ თემებზე იუმორისტულ კონტექსტში საუბრობს. 

შავკანიანი წამყვანი ფრანჩესკა რემსი ამერიკელი კომიკოსი, აქტივისტი, ტელე და YouTube პერსონა და მსახიობია. ის აქტიურად ჩანს MTV-ისა და MSNBC-ის ეთერებში. იგი პოპულარული YouTube-ზე რასისტულ თემებზე საუბრით გახდა.

“გასაოცრად რასისტული ისტორია “კავკასიელებზე” - სწორედ ასეა დასათაურებული ფრანჩესკა მერსის ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც MTV-ის YouTube channel-ზეა ატვირთული. 



ფრანჩესკა მერსი საუბარს შემდეგი ირონიული კითხვით იწყებს და ეს პათოსი მის ტექსტებს მთელი საუბრის განმავლობაში გასდევს - “ოდესმე დაინტერესებულხართ რატომ ვუწოდებთ თეთრკანიან ადამიანებს “კავკასიელებს”? პასუხი გაგაოცებთ”. 

“ბევრმა ადამიანმა სიტყვა “კავკასიელის” განმარტება იცის, როგორც ევროპული წარმოშობის თეთრკანიანი ადამიანი. ხომ ასეა? სულაც არა” - ამბობს ის. 

მისივე თქმით, ამერიკის მიღმა თეთრკანიანი ადამიანები “კავკასიელებს” სულაც არ ჰგვანან, იმიტომ, რომ თითოეულ ქვეყანას “კავკასიელის” განმარტების საკუთარი ვერსია აქვს. წამყვანი განმარტავს, რომ “კავკასია” არის რეგიონი, რომელიც რუსეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილოეთ თურქეთის ტერიტორიებს მოიცავს. “მაშ რატომ გახდა “კავკასიელი” ყველა თეთრკანიანი ადამიანის სინონიმი? კარგად მოიჭირეთ ქამრები, პასუხი საკმაოდ რასისტულია”, - ამბობს რემსი. 

გადაცემის წამყვანი განმარტავს, რომ საუკუნეების წინ, ჯერ კიდევ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე, ცხოვრობდა ერთი გერმანელი, სახელად ქრისტოფერ მეინორსი, რომელსაც სწამდა, რომ სრულყოფილი ადამიანი თეთრკანიანი იყო. მისივე თქმით, ის “მეცნიერული რასიზმის” ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. “თუმცა, მოემზადეთ, ახლა მოვლენები ზედმეტად არამეცნიერულად განვითარდება”, - ამბობს წამყვანი. 

ამის შემდეგ, იგი ჰყვება, რომ მეინორს სწამდა, თითქოს “კავკასიელებს” ყველზე ქათქათა კანი ჰქონდათ. ყველა დანარჩენ “არაკავკასიურ” რასას უშნო, ამორალურ, არასრულფასოვან და ცხოველის მსგავს ქმნილებებად აღიქვამდა. ასევე მიიჩნევდა, რომ ადამიანები მაგალითად, ახლო-აღმოსავლეთიდან და აზიიდან ნაკლები ინტელექტის მატარებლები იყვნენ. 

წამყვანის თქმით, მეინერსის ეს რასისტული თეორია, შემდეგ კიდევ უფრო განავითარა ასევე გერმანელმა მეცნიერმა იოჰან ბლუმენბახმა, რომელსაც სწამდა რომ კავკასიის რეგიონი, კერძოდ კი საქართველო ყველაზე მომხიბვლელი ადამიანების სამშობლო იყო. რემსი იმასაც ხსნის, თუ როგორ გახდა გერმანელი მეცნიერის თვალში ქართველი ყველაზე ლამაზი ადამიანი.

მისი თქმით, ამ ჟრუანტელისმომგვრელ ადამიანს ადამიანის თავის ქალების უზარმაზარი კოლექცია ჰქონდა. 245 ასეთი ქალიდან მისთვის ყველაზე საყვარელი ქართველის თავის ქალა აღმოჩნდა და ასე, მეცნიერული მტკიცების გრეშე, მან გადაწყვიტა, რომ ადამიანი სწორედ ამ ადგილიდან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი. წამყვანის თქმით, ბლუმენბახი ასევე მიიჩნევდა, რომ ყველა ევროპელი ღია ფერის კანის მქონე ადამიანი “კავკასიური” რასის უნდა ყოფილიყო. წამყვანის თქმით, მისი ფავორიტი რასის გამოკვეთის შემდეგ, მეცნიერმა ყველა სხვა დანარჩენი ადამიანი ოთხ რასად - მონღოლებად, ანუ ყვითელ რასად, მალაურ - ყვაფისფერ რასად, ეთიოპიელებად - შავ რასად და ამერიკელებად - წითელ რასად დაყო.

წამყვანის თქმით, ბლუმენბახის რასობრივი კლასიფიკაცია ახალშექმნილ ამერიკაშიც გამოიყენეს, მონობისა და სელექციური მიგრაციის კვოტების გამართლების კარგი საშუალება იყო. 

წამყვანის განმარტებით, მიუხედავად ბევრი წლის გასვლისა ტერმინი “კავკასიელი” თანამედროვეობაში მაინც აქტიურად გამოიყენება. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის ამ სიტყვის იურიდიულ ისტორიას ასახლებს.

მისი თქმით, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ სიტყვა “კავკასიელი” 64 საქმეში სათავისოდ წაიკითხა. მაგალითად, 1920-იან წლებში მხოლოდ თავისუფალ თეთრკანიანებსა და “კავკასიელებს” მიეცათ უფლება ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქეები გამხდარიყვნენ. ამის შემდეგ, წამყვანი იხსენებს ისტორიას, როდესაც, 1928 წელს ინდოელმა მამაკაცმა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ამერიკისთვის იბრძოდა, ამ ქვეყნის მოქალაქეობის სურვილი გამოთქვა და ამბობდა, რომ ბევრი ანთროპოლოგი ინდოელებს სწორედ “კავკასიელებს” მიაკუთვნება. ბევრი სასამართლო განხილვის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ “კავკასიელი” მართლაც მხოლოდ თეთრკანიან ევროპელს ნიშნავდა. წამყვანის შეფასებით, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მოახდინა ამ სიტყვის თანამედროვე ამერიკული გაგების კოდიფიცირება და ჩამოაყალიბა როგორც - “თეთრკანიანი ადამიანი ევროპელი წინაპრებით”.

წამყვანის შეფასებით, ამ ტერმინის არსებობის კიდევ ერთი ახსნა ძალაუფლებაა. ენა რასობრივი იდეოლოგიის გავრცელების ყველაზე თვალსაჩინო საშუალებაა. მაგალითად, ტერმინი “კავკასიელი” მიუთითებს, რომ თეთრკანიანი ადამიანები ამერიკაში მცხოვრები სხვა რასებისგან განსხვავებულები არიან, ის თითქოს აჩვენებს, რომ თეთრკანიან ადამიანებს მხოლოდ მათი კანის პიგმენტაცია კია არა, კიდევ სხვა რამ აერთიანებს. რასაც მეცნიერებასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. 

“აბა, გაოცებულები დარჩით ტერმინ “კავკასიელის” ისტორიით?” - ამ ირონიული კითხვითვე ასრულებს წამყვანი საუბარს. მისი ეს დაახლოებით 4-წუთიანი მონოლოგი არის ტერმინ “კავკასიელის” დამკვიდრებული შინაარსის გაშარჟება და დაცინვა. გერმანელი მეცნიერები მათივე მსჯელობის აბსურდულობის ხაზგასასმელად მოჰყავს და არა იმის დასასაბუთებლად, მართლაც რა განსაკუთრებულ და ულამაზეს ხალხს უცხოვრია კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში, როგორც ამას palitra-ს მიერ ნათარგმნი ვიდეოდან ვიგებთ.
კატეგორია: რესურსები
დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა მერსი უილერმა, რომელიც ბლოგებს საკუთარ ვებსაიტზე - EmptyWheel.net-ზე წერს, სამ ივლისს გამოქვეყნებულ ბლოგში თქვა, რომ მან ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) საკუთარი წყაროს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია . მისი განმარტებით, 2016 წლის ნოემბერში წყარომ ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინსი ბაშარ ალ ასადის გუნდთან მოლაპარაკებებს მართავდა.

"გასულ წელს რამდენჯერმე ვიმყოფებოდი ფედერალური გამოძიების ბიუროში და მათ მივაწოდე ინფორმაცია ადამიანის შესახებ, რომელიც ღრმად მწამდა, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებში. მას შემდეგ არაერთმა საჯარო ღონისძებამ დამარწმუნა, რომ მართალი ვიყავი", - განაცხადა უილერმა.

უილერმა, რომელიც ძრითადად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავისუფლების საკთხებზე მუშაობს, განმარტა, რომ ასე იმიტომ მოიქცა, რომ დარწმუნებული იყო წყარო იტყუებოდა.

"გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე, მის ვინაობას არ დავასახელებ, არც იმას ვიტყვი, როდის ვიყავი ფედერალური გამოძიების ბიუროში. ეს საკუთარი სურვილით გავაკეთე, ყოველგვარი ზეწოლისა და მუქარის გარეშე, სხვა ჟურნალისტებისა და იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც მენდობიან და მესაუბრებიან”, - დაწერა უილერმა.

მისივე განმარტებით, ამ ქმედებას ნაწილობრივ საკუთარი თავის დაცვის მიზანიც ჰქონდა. ამასთან, მას სურდა, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა რა ხდება სინამდვილეში. მისივე თქმით, მას არ მოსწონს ტრამპი, თუმცა, არც ჰილარის დიდი ქომაგია.

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: რესურსები
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება, სულ მალე გაირკვევა რომელი ქვეყანა შეძლებს ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირში გამარჯვებას. შესაბამისად, სპორტული გადაცემებისთვისაც აქტიური პერიოდია და ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტებსაც საკუთარი პროფესიონალიზმის ჩვენება უწევთ. მსოფლიოში არაერთი სპორტული რეპორტიორია, რომლებიც გამოირჩევიან გაშუქებული თემებით, ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვებითა თუ ექსცენტრიულობით. მედიაჩეკერი ხუთ ასეთ ჟურნალისტს გაგაცნობთ.

ჯიმ როუმი - CBS Sports Radio-ს წამყვანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სპორტული შოუს შექმნა შეძლო. მისი გადაცემა 224 არხის მეშვეობით სამი საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემა. იგი ცნობილია როგორც დაუნდობელი სუსტი სტუმრების მიმართ, თუმცა მაინც ყველას უყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გონებამახვილობას დიდი სპორტული ეგოს მქონე სპორტსმენებისკენ მიმართავსმაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში მან NBA-ის კომისარს პირდაპირ ჰკითხა - „ისევ სცემთ თქვენს მეუღლეს“ (თავად რომი ოჯახურ ძალადობაში არასდროს დაუდანაშაულებიათ).ერთ-ერთმა სპორტსმენმა მისთვის მიუღებელი ეპითეტის გამო ეთერში მაგიდაც კი ესროლა. მის შოუს მილიონობით მსმენელი, თავად მას კი twitter-ზე 1.38 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

ბილ საიმონსი - ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი, რომელსაც twitter-ზე 4.4 მილიონი მიმდევარი ჰყავს, მის შოუს კი ყოველკვირეულად სამ მილიონზე მეტი მაყურებელი უყურებს. საიმონსმა კარიერა პატარა ადგილობრივი გამოცემისBoston-ის ბლოგერობითა და ESPN-ში სვეტების წერით დაიწყო და სახელი არაერთი მიმართულებით გაითქვა. მათ შორი: სპორტული podcast-ები, სპორტულ დოკუმენტურ სერიალზე მუშაობა, რომელმაც Emmy-ც მოიგო, თუ კალათბურთის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნის ავტორობა. “კალათბურთის წიგნმა”, theNew York Times-ის ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი დაიკავა, - პირველ სამ თვეში წგნის 200000 ეგზემპლარი გაიყიდა.

გუილემ ბალაგი რამდენიმე ინგლისური და ესპანური გაზეთისთვის წერს და Sky Sport News-ისთვის მუშაობს. იგი ერთ-ერთი იმ სპორტულ ჟურნალისტთაგანია, რომელსაც სპორტის სფეროს შესახებ ბევრი ექსკლუზივი აქვს. . მაგალითად, თავის დროზე, მან კრისტიანუ რონალდუსა და დევიდ ბექემის მადრიდში გადასვლის ამბავი იწინასწარმეტყველა. ასევე გააჟღერა არაერთი ექსკლუზივი La Lig-ის ტრანსფერების შესახებ და ა.შ.

სტეფან სმიტი - 47 წლის სპორტული სიახლეების წამყვანი საკუთარ თავს სპორტული ამბების პროვოკატორს უწოდებს. ESPN2-ზე მის რადიო შოუს twitter-ზე 2.4 მიმდევარი ჰყავს. მაგალითად, მან დაიცვა Dallas Mavericks-ის მფლობელი მარკ კუბანი, როდესაც მან თქვა, რომ გადაკვეთდა ქუჩას, თუკი შავკანიან ბიჭუნას შენიშნავდა და გააკრიტიკა ტომ ბრედი, რომელმაც თეთრ სახლში New England Patriots-ის პატივსაცემად გამართული ღონისძიება მშობლების ქორწინების საიუბილეო თარიღის აღნიშვნის გამო გამოტოვა. „მე ჩემი შეხედულებები მაქვს, რომლებიც ფაქტებს ეფუძნება და მათი გახმოვანებისთვის მე ბოდიშს არ ვიხდი. თუკი ვინმეს ვძულვარ, მერე რა? თუკი ვინმეს ვუყვარვარ, მერე რა?“ - განაცხადა სმიტმა the New York Times-თან ინტერვიუში.

ბობ კოსტასი - NBC-ის 63 წლის სპორტული წამყვანია, რომელსაც თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა აქვს გაშუქებული. სპორტული კარიერის განმავლობაში მან არაერთ დღისა და ღამის სპორტულ შოუს უმასპინძლა. ათჯერ იყო ოლიმპიური თამაშების წამყვანი. 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის დროს მისმა წაყვანილმა შოუმ რეკორდი მოხსნა, მას 219 მილიონმა მაყურებელმა უყურა. მას twitter-ზე ვერ ნახავთ, თუმცა როდესაც სპორტულ გადაცემას უძღვება, მისი კომენტარი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

 

მედიაჩეკერი იმ ეთიკური პრობლემების შესახებ მოგითხრობთ, რასაც აწყდებოდა მსოფლიო მედია 2017 წლის განმავლობაში. მათ შორისაა, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, შეცდომები სხვადასხვა გახმაურებულ დანაშაულში ბრალდებული პირების დასახელებისას, შეურაცხმყოფელი კომენტარები, რაც ქართულ მედიისთვისაც არ არის უცხო და საზოგადოებაშიც ხშირად გამოუწვევია დისკუსია.

Associated Press-ს კავშირი ნაცისტებთან

2017 წლის მაისში the Associated Press-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლითაც დადასტურდა, რომ მეორე მსოფლიო ომამდე გამოცემას ნაცისტებთან ჰქონდა კავშირი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დაქირავებული ჰყავდა რამდენიმე პრონაცისტი გერმანელი თანამშრომელი.

AP-მა აღიარა, რომ ნაციზმთან აფილირებული ფოტოგრაფები არ უნდა გამოეყნებინათ, თუმცა არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ნაცისტები გამოცემის ფოტოებს პროპაგანდისთვის იყენებდნენ. AP-მა თქვა, რომ გერმანული მედია AP-ს ფოტოებს უცვლიდა მინაწერებს შეცდომაში შემყვანი, შეურაცხმყოფელი ტექსტებით, AP კი არ უწევდა მათ წინააღმდეგობას. მათივე განმარტებით, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტები, მათ გერმანელ თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენდნენ. 1935 წელს AP-მ გაიზიარა ანტისემიტური წესები, რომლებიც ებრაელი თანმშრომლების დაქირავებას კრძალავდა. ეს კი გამოიხატა იმაში, რომ რედაქცია ექვს ებრაელ ადგილობრივ თანამშრომელს გერმანიის დატოვებასა და ახალი სამსახურის მოძიებაში დაეხმარა.

(ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ: როგორ თანამშრომლობდა „ესოშიეითიდ პრესი“ ნაცისტებთან)

შეურაცხმყოფელი მასალები

2017 წელს მედიასაშუალებებმა არაერთი შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და არასწორი მასალა გაავრცელეს. მაგალითად, The Huffington Post-მა ჯერ გამოაქვეყნა, შემდეგ კი წაშალა ბლოგპოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტრამპის მხარდამჭერები სიკვდილს იმსახურებდნენ. Barstool Sports-მა სიმსუქნის გამო მომღერალ რიჰანას დასცინა. Cleveland რადიოს წამყვანი ამტკიცებდა, რომ Cleveland Browns-ის მოთამაშე ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. A Montreal Gazette-ის სპორტულმა რეპორტიორმა ტვიტერზე დაწერა, რომ შანია ტვეინი მაწანწალას ჰგავდა და ა.შ. საკუთარი მასალის, ჟურნალისტისა, თუ კომენტარის გამო ბოდიში არაერთმა გამოცემამ მოიხადა ან საკუთარი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სასჯელი გამოიყენა. მსგავსმა მაგალითებმა 2018 წელს ერთგვარ კამპანიას დაუდო საფუძველი - “დაფიქრდი, ვიდრე რამეს გააზიარებ ან ტვიტერზე დაწერ”.

ომბუდსმენის როლის ცვლილება

სახალხო დამცველები, ე.წ. საზოგადოებრივი/სახალხო რედაქტორები, როგორც წესი, წარმოადგენენ საზოგადოებას საინფორმაციო გამოშვებებში, პასუხობენ წარმოქმნილ კითხვებს, საჩივრებს და ა.შ. თუმცა, 2017-მა წელმა აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ამერიკულ საინფორმაციო გამოშვებებში, ომბუდსმენის როლის ერთგვარი ცვლილება მოხდა და მათ პოზიციები დაკარგეს.

2017 წლის მაისში, the New York Times-მა მოულოდნელად გააუქმა საზოგადოებრივი/სახალხო რედაქტორის თანამდებობა და გამოცემის მეექვსე ასეთი რედაქტორი ლიზ სპეიდი სამსახურიდან გაათავისუფლა. რამდენიმე თვით ადრე იგივე გააკეთა the Kansas City Star-მაც. მიუხედავად ამისა, PBS-მა ამ პოზიციის შენარჩუნება გადაწყვიტა და 2017 წლის სექტემბერში საზოგადოებრიცი რედაქტორის თანამდებობაზე მადჰულიკა სიკა დაიქირავა.

ომბუდსმენის დაქირავება გადაწყვიტა გერმანიის ყველაზე კითხვადმა გაზეთმა Bilt-მა. გამოცემამ ეს გადაწყვეტილება, მიგრანტების გაუპატიურების შესახებ გავრცელებული ყალბი ამბის შემდეგ გადაწყვიტა. უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის ომბუდსმენი დაიქირავა Nigeria’s Premium Times-მაც.

შეცდომები სხვადასხვა დანაშულში ბრალდებული პირების დასახელებისას ახალ ამბებში

ნებისმიერი ახალი ამბის გაშუქებისას ყველა ისწრაფვის, რომ იყოს პირველი, რასაც ხშირად შეცდომები ახლავს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი მაგალითი იყო იმისა, როდესაც საინფორმაციო გამოშვებებში მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე ამბების გაშუქებისას საქმესთან კავშირში მყოფი პირების ვინაობა არასწორად გაჟღერდა, ან სულაც მათ მიმართ არასწორი ბრალდება გაისმა.

მაგალითად, the Daily Beast-მა ქუებექში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ორი პირი არასწორად დაასახელა. ბრიტანულმა მეოთხე არხმა კი უესტმისტერის ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებულის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. იგივე გააკეთა Gateway Pundit-მა, როდესაც ლას-ვეგასში მომხდარი მასშტაბური მკვლელობა შეცდომით სრულიად სხვა პირს დაუკავშირა.

მოსმენების სკანდალი გრძელდება

თითქმის შვიდი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც უკანონო სატელეფონო მოსმენების სკანდალის შემდეგ რუპერტ მერდოკის გამოცემა News of the World დაიხურა, თუმცა მოსმენების სკანდალი მაინც გრძელდება. 50-მა მოქალაქემ News UK-ის მოსმენების გამო უჩივლა. ელისაბეტ ჰარლიმ Trinity Mirror-ს, რომელიც Daily Mirror -ის გამომცემელიცაა, წლების განმავლობაში, მისი სატელეფონო ზარების უკანონო მოსმენის გამო სასამართლო დავა მოუგო.

Online კომენტარების სექცია თანდათან ქრება

გამოცემების მიერ საკუთარი მასალების ქვემოთ Online კომენტარებისთვის განკუთვნილი სივრცე თანდათან ქრება. 2017 წელს ასე არაერთი მედიასაშუალება მოიქცა.

მაგალითად, “შეურაცხმყოფელი და დამამაცირებელი” კომენტარების გამო ეს ფუნქცია საერთოდ გააუქმა MSN-მა. იგივე გააკეთა, the Bozeman Daily Chronicle-მ, the Irish Independent, Crain’s Chicago Business და NPR-მა. მაგალითად Al Jazeera-მ კომენტარების ფუნქციის გაუქმების მიზეზად “რასიზმი, ფანატიზმი და სექტანტიზმი” დაასახელა.

BuzzFeed-მა ტრამპის რუსული დოსიე გამოაქვეყნა

2017 წლის იანვარში BuzzFeed-მა დოსიე გამოაქვეყნა, რომელიც ტრამპის რუსული კავშირების შესახებ სავარაუდოდ არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. მასალამ ჟურნალისტური ეთიკის კუთხით მაშინვე კითხვის ნიშნები გააჩინა და ცილისწამების შესახებ მალევე სასამართლო დავაც დაიწყო. მიუხედავად ამისა, მასალას თავისი გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტი მაინც ექნება.

საჯარო ინტერესი ინფორმაციულად ღირებული ძველი ამბების გაშუქებისას

როდესაც საინფორმაციო ავანსცენაზე ჩნდება შედარებით უცნობი პერსონა, როგორ უნდა მოიქცეს მედიასაშუალება? რა ინფორმაცია უნდა გაჟღერდეს და რა დარჩეს ყურადღების მიღმა? ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაერთიანებული ავიახაზების ფრენისას ექიმი დეივიდ დაო თვითმფრინავიდან გაათრიეს. ინციდენტის ავმსახველი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. The Courier-Journal-ის მიერ 10 წელზე მეტი ხნის წინ ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გაააქტიურა კითხვა, იყო თუ არა სწორი მისი წარსული შესახებ დეტალების გამჟღავნება.

სამუშაო ადგილზე ქცევის წესები

თუკი გამოქვაბულში არ ცხოვრობთ, ალბათ, გაგიგიათ იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებსაც საკუთარი ქცევის გამო ახსნა-განმარტებების კეთება მოუხდათ. სამუშაო ადგილზე შეუსაბამო ქცევის გამო, 2017 წელს სამსახური არაერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა და რეპორტიორმა დაკარგა. ასე იყო the New Yorker-ის, BuzzFeed-ისა და NPR-ის თანამშრომლების შემთხვევაში. უმეტესობამ სამსახური ყოფილი ან ამჟამინდელი თანამშრომლების სექსუალური შევიწროებისთვის დაკარგა.

მსგავსი ფაქტი უკვე დაფიქსირდა 2018 წელსაც, the Washington Post-მა სამუშაო ადგილზე შეუსაბამო ქცევისთვის, საკუთარ რეპორტიორ ჯოელ აკენბაკს უფლებამოსილება 90 დღით შეუჩერა.

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
Reuters-ის ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ გაზეთ Maryland-ში მომხდარ სროლასა და ხუთი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, Capital Gazette-თან ხანგრძლივი სასამართლო დავა ჰქონდა.

აშშ-ში, მერილენდის შტატში, ადგილობრივი გაზეთის Capital Gazette-ის ოფისზე თავდასხმა გუშინ მოხდა. სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც.

Capital Gazette-ის ინფორმაციით პოლიციამ გაზეთზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი გამოავლინა და ის Maryland-ის მკვიდრი ჯერეტ უორენ რამოსია, რომელმაც 2012 წელს ცილისწამებისთვის გამოცემას და მის ერთ-ერთ ჟურნალისტს უჩივლა, თუმცა სასამართლო დავა წააგო.

თითქმის ერთი წლით ადრე გაზეთის ყოფილმა მესვეტემ თომას ჰარტლიმ თავის სვეტში რამოსის მიერ Facebook-ის მეშვეობით ერთ-ერთ ქალთან მიმოწერის შესახებ დაწერა, რაც მისი განმარტებით, სასამართლოს დოკუმენტებით მტკიცდებოდა. ჰარტლის თქმით, რამოსმა ქალს რამდენიმე შეტყობინება გაუგზავნა, რომელბშიც მას ვულგალური ეპითეტებით მოიხსენიებდა და თავის მოკვლას ურჩევდა.

პოლიცია გაზეთის ოფისთან., სადაც სროლა მოხდა. აშშ, მერილენდი, 28 ივნისი, 2018წ. 
ფოტო: © REUTERS/Joshua Roberts
რამოსი სასამართლომ კრიმინალური შევიწროებისთვის დამნაშავედ ჰარტლის სვეტის გამოქვეყნებამდე ხუთი დღით ადრე სცნო. სასამართლოში ის ამტკიცებდა, რომ მისი პერსპექტივები არასწორად იყო წარმოჩენილი. მან გაზეთთან სასამართლო დავა წამოიწყო. პირველ ეტაპზე მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა 2015 წელს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმის განხილვა დაიწყო.

სასამართლო განხილვების დაწყებიდან მალევე, twitter-ზე ჯერედ რამოსის მომხმარებლის სახელით, Capital Gazette-ის, თომას ჰარტლისა და მერილენდის სასამართლოს შესახებ კრიტიკული პოსტები გაჩნდა.

"დიახ, თომას ჰარდლი, შეგიძლია თავი თავად მოიკლა, სანამ ამას მე ვიზამ", - წერდა მომხმარებელი twitter-ზე 2014 წელს. აღნიშნულმა მომოხმარებელმა სოციალურ ქსელში 2016 წლიდან 2018 წლის 28 ივნისამდე აქტივობა შეწყვიტა.

"ისინი საკუთარ თავებს Watchdog-ებს უწოდებენ, მაგრამ ვინ აკვირდება დამკვირვებლებს? მეფეებმაც კი პასუხი უნდა აგონ ღმერთის წინაშე", - წერდა ის.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ჟურნალ TIME-ის გარეკანზე ფოტომონტაჟის შედეგად გამოსახული იყო პატარა ჰონდურასელი გოგონა, რომელიც მტირალი სახით თითქოს რეალურად პრეზიდენტ ტრამპს შესცქერის. ფოტო შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს გოგონა მშობლებთან ერთად აშშ-ის საზღვარზე გადასვლის შედეგად დედას დააცილეს, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. გოგონას მამამ the New York Times-თან საუბარში განმარტა, რომ მისი ქალიშვილი დედისგან არ დაუშორებიათ.

მტირალი გოგონას ფოტო Getty Images-ის ფოტოგრაფმა ჯონ მურიმ ივნისის შუა რიცხვებში გადაიღო. Getty Images-ის დირექტორმა და კომუნიკაციების მენეჯერმა ენ ფლანგანმა განმარტა, რომ Getty Images-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს აღწერილობაში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ: "თავშესაფრის მაძიებელი ორი წლის ჰონდურასელი გოგონა 12 ივნისს მექსიკა-ამერიკის საზღვარზე დაკავებული დედის ჩხრეკისას ტირის".

Getty Images-მა ისიც განმარტა, რომ მათი ფოტოგრაფი ჯონ მური ყოველთვის ნათლად ამბობდა, რომ დედა-შვილი სპეციალურ ცენტრში ერთად გადაიყვანეს და ისინი არ დაუშორებიათ. აქვე მათ თავად მურის განაცხადი მოიშველიეს, სადაც ის ამბობს, რომ TIME-ის სტატია სწორედ მისი თხოვნის საფუძველზე გასწორდა.

მომხადრზე შესწორების ტექსტი TIME - მაც გამოაქვეყნა:

"ამბის თავდაპირველ ვერსიაში, გოგონას ამბის განვითარების შესახებ ინფორმაცია არასწორად იყო წარმოდგენილი. ის აშშ-ის მესაზღვრეებს დედასთან არ დაუშორებიათ, სპეციალურ ცენტრში ისინი ერთად გადაიყვანეს", - ნათქვამია TIME - ის განცხადებაში.

გოგონას შესახებ სტატია გაასწორა the Washington Post - მაც.

"პატარა გოგონას მამამ the Washington Post - ს უთხრა, რომ ბავშვი დედასთან არ დაუცილებიათ", - წერია the Washington Post - ის შესწორებაში.

Time - ის მთავარმა რედაქტორმა ედუარდ ფენსენტჰალმა CNN-თან საუბარში Time - ის პოზიციის დაცვა სცადა და განმარტა, რომ "ორი წლის ჰონდურასელი გოგონას ფოტო ყველაზე თვალსაჩინოდ წარმოადგენდა აშშ-ში არალეგალურ იმიგრაციაზე მიმდინარე დებატების სახეს".

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
BBC-მ არასწორად გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს Daily Mail - ის ჟურნალისტები 2011 წლის სატელეფონო მოსმენების სკანდალში იყვნენ ჩართული, რამაც ბრიტანული გამოცემის News of the World-ის დახურვა გამოიწვია. არასწორი ინფორმაცია, BBC-ის რადიო 4-ისა და BBC World Service-ის მიერ 7 ივნისს გაჟღერდა.

შეცდომა Daily Mail-ის რედაქტორის პოლ დეიკრის თანადებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში გაჟღერდა, რომელიც ახლა გამოცემის მთავარი რედაქტორი იქნება.

შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, BBC-მ საბოდიშო წერილი გაავრცელა:

"გასული ღამის ახალ ამბავში, რომელიც Daily Mail-ის რედაქტორის პოლ დეიკრის თანამდებობიდან წასვლას ეხებოდა, რომელსაც ეს პოსტი ბოლო 26 წლის განმავლობაში ეკავა, შეცდომით იყო აღნიშნული, რომ Daily Mail-ის ზოგიერთი ჟურნალისტი 2011 წლის სატელეფონო მოსმენების სკანდალში იყო გარეული. ვაღიარებთ, რომ ეს სიმართლე არ არის და ბოდიშს ვუხდით პოლ დეიკრს და მთლიანად Daily Mail-ს” - , ნათქვამია BBC-ის განცხდებაში.

წყარო: Imediaethics.org
კატეგორია: ეთიკა
23 ივნისს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" მთავარი გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი ინტერნეტში არასრულწლოვნების ფოტოების გავრცელებას ეხებოდა. თემის წარდგენისას წამყვანმა განმარტა, რომ ათობით არასრულწლოვანი მოზარდის მშობელი მათი შვილების ფოტოების არაბი, ირანელი და თურქი მომხმარებლების გვერდებზე ატვირთვისა და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო პანიკაშია. მანვე თქვა, რომ შსს-ში წერილი არასამთავრობო ორგანოებმაც გაგზავნეს, მაგრამ “ქართველი ბავშვების ფოტოების უცხოურ პროფილებზე ატვირთვაში და საშიშ კომენტარებში პოლიციამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიებაც არ დაიწყო”.

ის, რომ ფოტოები სოციალურ ქსელში სწორედ არაბი, თურქი და ირანელი მომხმარებელების გვერდზეა ატვირთული და უხამსი შინაარსის შემცველი კომენტარებიც არაბულ ენაზეა გაკეთებული, სიუჟეტში ჟურნალისტმაც გაიმეორა. თუმცა, ჟურნალისტს არ დაუშვია, შესაძლოა, აღნიშნული გვერდების უკან სხვა მომხმარებლები იდგნენ და ხსენებული წარმომავლობის ადამიანები მომხდრთან კავშირში საერთოდ არ იყვნენ. ჟურნალისტს არ უცდია გარკვევა და ამ მომხმარებლების გადამოწმება, მათთან დაკავშირება. მიუხედავად ამისა, მტკიცებით ფორმაში მასალაში თქვეს, რომ არასრულწლოვნების ფოტოებს სწორედ ირანელი, თურქი და არაბი მომხმარებლები ტვირთავენ და მშობლები მათ პედოფილიაში ადანაშაულებენ.

სიუჟეტიდან გაურკვეველი დარჩა, საერთოდ რა მიზანი და საჭიროება ჰქონდა შესაძლო მოძალადეების ეთნიკური წარმომავლობის დასახელებას მაშინ, როდესაც ნაციონალური კუთვნილების მიუხედავად, ფაქტი ისედაც მძიმეა. მსგავსი ფორმით ინფორმაციის გაჟღერება კი საზოგადოებაში უკვე არსებული ქსენოფობიური განწყობების კიდევ უფრო გაღვივებას და გამძაფრებას უწყობს ხელს.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც სიუჟეტში გამოიკივეთა, ეს არასრულწლოვნების მშობლების იდენტიფიცირება იყო. ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის დედის სახე ისე იყო დაფარული, რომ მისი იდენტიფიცირება მარტივად შეიძლებოდა. სიუჟეტის ბოლოს კი იგივე ქალი ყოველგვარი დაფარვის გარეშე ჩანდა. ასეთ შემხვევაში საერთოდ გაუგებარია რესპონდენტის დაფარვის მიზანი და ფორმაც. სიუჟეტში ასევე შეიძლებოდა სხვა დაფარული არასრულწლოვნების იდენტიფიცირებაც.

მასალაში ასევე არ ჩანდა შსს-სა და სამართალდამცველი ორგანოების პოზიცია. არადა, ამბის წარდგენისას წამყვანმა და ჟურნალისტმა უწყების მხრიდან ფაქტის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე მიანიშნეს, თუმცა, სიუჟეტის დასასრულს აღნიშნეს, რომ შსს-მ მოკვლევა დაიწყო. საბოლოოდ გაუგებარი დარჩა რა როლს ასრულებს ძალოვანი უწყება ამ საქმეში და რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ასეთი შემთხვევების აღსაკვეთად. ამ მიმართულებით ჟურნალისტს საკითხი არ მოუკვლევია.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

 

ავსტრალიის მოქალაქე მილორად (მაილ) ტრკალჯა Google-ს მისი სახელის ძიების შედეგის გამო უჩივის, სადაც ის “მელბორნის კრიმინალურ სამყაროსთან” არის დაკავშირებული.

ტრკალჯას სასამართლო დავა Google-თან და Yahoo-სთან ადრეც ჰქონდა. ავსტარლიის მოქალაქემ 2012 წელს Yahoo-სგან 225 000 აშშ დოლარი, Google-ისგან კი 200 000 აშშ დოლარი მიიღო.

ტრკალჯა 2004 წელს მილბორნში სროლის შედეგად დაიჭრა. ავსტრალიური მედიის ცნობით, “მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მისი სახელის ძებნის შედეგად შემოთავაზებული ფოტოები ქალაქში მომხდარ ბანდიტურ დაჯგუფებებს შორის მომხდარ სროლასთან არის დაკავშირებული, მას სურს, რომ Google-ს ცილისწამებისთვის უჩივლოს”.

“Google-ს ვუჩივლებ და მანამდე არ მოვეშვები, სანამ არ შეჩერდებიან. მინდა, რომ ჩემი ფოტოები დაბლოკონ. მე კრიმინალი არ ვარ და კრიმინალურ გარჩევებში ჩართული არასდროს ვყოფილვარ. მე შვილიშვილები მყავს და მათ ჩემს ცხოვრებას არ დავანგრევინებ”, - ამბობს ტრკალჯა.

ტრკალჯა Google-ს არა მხოლოდ ფოტოებისთვის, არამედ მისი სახელის ძიებისას შემოთავაზებულ ავტომატურ ვარიანტებსაც ასაჩივრებს. მისი თქმით, როდესაც ის საძიებო სისტემაში საკუთარ სახელს წერს, Google მას ასეთ ვერსიებს სთავაზობს - “ყოფილი დაქირავებული მკვლელი”, “კრიმინალი” და “დანაშაულებრივი სამყარო”.

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: ფოტოისტორია
მთელი 2017 წლის განმავლობაში, TIME-ის დაკვეთით, მსოფლიოს მასშტაბით ფოტოგრაფები იმისთვის მუშაობდნენ, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ISIS-ის ნგრევით დაწყებული, ცირკით დამთავრებული, კადრებზე აესახათ. ისინი ასევე ეხმარებოდნენ მათ, ვინც მნიშვნელოვანი ისტორიების მოყოლა გაბედა, იქნება ეს ჰუმანიტარული კატასტროფა იემენში თუ პოლიტიკური არეულობა ვენესუელაში. TIME-ის ფოტოებმა მკითხველს შესაძლებლობა მისცა ენახა ის ადგილები და გაეცნო ის ადამიანები, რომელთა ხილვისა და გაცნობის შესაძლებლობაც, ალბათ, არასდროს ექნებოდა.

მაგალითად, იანვარში ადამ დინმა მიანმარის საიდუმლო წარმოება აღმოაჩინა, სადაც ადამიანებს, მთელი დღის განმავლობაში, გიგანტური ქვები ციცაბო ფერდობებზე აჰქონდათ, ღამით კი ფარნების შუქზე ადგილიდან ნაგავს ეზიდებოდნენ. მარტში ემანუელ სატოლი მოსულიში ერაყის შეარაღებულ ძალებისა და ისლამურ სახელმწიფოს შორის მიმდინარე ბრძოლის გადასაღებად გაგზავნეს. ერთი თვის შემდეგ, როცა სირიის ქალაქი გათავისუფლდა, მან რაქა მოინახულა. მთელი წლის განმავლობაში, ლინდსი ადარიო სამი სირიელი ლტოლვილი ბავშვის კვალდაკვალ დადიოდა, რომელთა მშობლებიც ევროპაში თავშესაფრის მიღებისთვის იბრძოდნენ.

TIME-ის ფოტოგრაფებმა აღწერეს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია და ქალების მარში ვაშინგტონში, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემა პუერტო რიკოში და ა.შ.

წარმოგიდგნეთ TIME-ის მიერ ფოტოებით მოთხრობილ 2017 წელს

გადაჭედილი ციხე ფილიპინებში, სადაც ძირითადად ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული. მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში, ქვეყნის პრეზიდენტი დუტერტე გახდა, ქუჩებში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სახელით 6 000-მდე ადამიანი მოკლეს.
ფოტო: “სიკვდილის სამეფო დუტერტეს ფილიპინებში” 2017 წლის 16 იანვარი.

ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციის დღეს, მის წინააღმდეგ განწყობილმა პროტესტანტების ჯგუფმა ლიმუზინს ცეცხლი წაუკიდა.
ფოტო: 2017 წლის 20 დეკემბერი “ტრამპის პირველი დღე”

14 წლის დედა,  რომელიც 12 წლის ასაკში მოიტაცეს და გააუპატიურეს, შვილთან ერთად.
ფოტო: 2017 წლის 10 ივლისი

ალი ბაშარ ალი, რომელიც მოსულის დასავლეთით, მოსულ ალ-ჯადიდაში საკუთარ ოჯახთან ერთად, ბაბუის სახლში ცხოვრობს.
ფოტო: 2017 წლის 12 ივნისი, “გარანტირებული საფრთხე”

ნანგრევებად ქცეული რაქა.
ფოტო: “რაქა ნანგრევეში და ISIS-ის უკან დახევა”

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი, ყოფილ პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან და ყოფილ პირველ ლედისთან მელანია ტრამპთან ერთად, ტრამპის ინაუგურაციის დღეს. ფოტო: 2017 წლის 20 იანვარი, “ტრამპის პირველი დღე”

იძულებით გადაადგილებული პირები მოსულიში ჰუმანიტარული დახმარების სატვირტო ავტომანქანასთან.
ფოტო: 2017 წლის 24 აპრილი “დასასრულის დასაწყისი”

ლას ვეგასში მასობრივი სროლის მსხვერპლების საპატივცემულოდ ქუჩაში გამოსული ორი ქალი ერთმანეთს ამხნევებს.
ფოტო: 2017 წლის 2 ოქტომბერი


მამაკაცი რაქაში რაკაკას სტადიონზე მიაბიჯებს, რომელიც ISIS-ის მიერ საპყრობილებ იყო გამოყენებული.
ფოტო: “რაქა ნანგრევებში და ISIS-ის უკან დახევა”

ქალი დანგრეული შენობის წინ, მანშურის რაიონი მოსულის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.
ფოტო: “მოსულის შიგნით”

ბიჭი მკვდარი მამაკაცის სხეულს დაჰყურებს, ერაყი, მოსულის სამხრეთ დასავლეთი ნაწილი, ალ-ააკიდატის რაიონი

ცრემელებით სავსე და გამოფიტული ტაიმა აბაზლი, ათენიდან დამღლელი მარშრუტის შემდეგ ესტონეთში, მის ახალ სახლში შედის, 2017 წლის 5 ივნისი, “როდესაც სახლი არ არის იქ, სადაც გულია”

მწვრთნელი ალექსანდრე ლეისი ლომს ეხუტება.
ფოტო: 2017 წლის 15 მაისი, “ბოლო მოქმედება”

მეზობლები და ლგბტ მხარდამჭერები “მაიკ პენსის უცნაურ ცეკვებს” უყურებენ, პროტესტი პენსის სახლთან.
ფოტო: ტრამპის პირველი დღეები”

გიგანტური დროშა ტრამპის სასტუმროს ატრიუმზე.
ფოტო: 2017 წლის 19 ივნისი, “ძალაუფლების კომპლექსი”

სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლი დამწვარი ავტობუსის ფონზე სელფის იღებს.
ფოტო: 2017 წლის 6 ნოემბერი, “ხალიფატის დასასრული”

პუერტო რიკოში ოჯახი მდინარეში ბანაობს, დღემდე სამ მილიონამდე მოსახლე, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.
ფოტო: 2017 წლის 1 ოქტომბერი

FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი სენატის კითხვებს პასუხობს.
ფოტო: 2017 წლის 3 ივლისი, “მოახერხებს ბობ მიულერი ფაქტისა და ფიქციის ერთმანეთისგან გარჩევას?”

დასავლეთ ვირჯინიის შახტი.
ფოტო: 2017 წლის 7 აპრილი


წყარო: Time.com
კატეგორია: რესურსები
მედიაჩეკერი ათ ცნობილ ფოტოჟურნალისტს გაგაცნობთ. ბევრი მათგანი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდა, ბევრი საქმიანობის დროს წარმოუდგენელი ამბების მომსწრე გახდა. თუმცა, მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ, - იღებდნენ ფოტოს და ქმნიდნენ ისტორიას.

ფილიპ ჯოუნს გრიფითსი


ფოტოს სათაური

ფილიპ ჯოუნს გრიფითსი საყოველთაოდ ცნობილია ვიეტნამის ომის დროს გადაღებული ფოტოებისთვის. ვიეტნამის ომის დასასრულს, გრიფითსმა ფოტოები იომ კიპერის ომში გადაიღო და შემდეგ კამბოჯაში გადავიდა, სადაც 1975 წლამდე მუშაობდა. წარმატებისა და პოპულარობის წყალობით, 1985 წლამდე მაგნუმის პრეზიდენტი იყო. გრიფითსი 2008 წელს გარდაიცვალა, თუმცა მასზე ლეგენდა დღემდე ცოცხალია.


ვიეტნამი, 1968. ფოტო: ფილიპ ჯოუნს გრიფითსი


ჰენრი კარტერ ბრესონი

იგი ცნობილია, როგორც თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის მამა. ბრესონი 1908 წელს, საფრანგეთში დაიბადა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 35 მმ-იაინი ფორმატი გამოიყენა. ფოტოგრაფი მარტინ მუნკაჩის მიერ გადაღებული ტბისკენ მორბენალი 3 წლის ბიჭის შემთხვევითი ფოტოების გავლენის ქვეშ იყო. ხშირად რამდენიმე საათის განმავლობაში დახეტიალობდა ქუჩებში და უბრალოდ ცხოვრების კადრებს აფიქსირებდა, ისე, როგორც ის ხედავდა. იგი ცნობილია როგორც ქუჩის ფოტოგრაფი.

მადრიდიდან პრაღამდე და ბუდაპეშტიდან ბრიუსელამდე ბრესონს ფოტოები მთელი ევროპის მასშტაბით აქვს გადაღებული. 1948 წელს მაჰათმა განდის დაკრძალვაზე გადაღებული ფოტოსთვის გახდა ცნობილი. 1949 წელს, ჩინეთში, სამოქალაქო ომის დასასრულს, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო აქვს გადაღებული.

რობერტ დუენოუ

რობერტ დუენოუ
ფრანგი ფოტოჟურნალისტია, რომელიც კარტერ-ბრესონთან ერთად, ფოტოჟურნალისტიკის ახალ გზას მიუყვებოდა. იგი ირონიული ფოტოების გადაღებით არის ცნობილი. 13 წლის ასაკში ხელოვნების სკოლაში შევიდა, 16 წლისამ კი ფოტოგრაფია აღმოაჩინა. დუანო ძალიან მორცხვი იყო და ფოტოებს მხოლოდ ქვაფენილებს უღებდა. ნელ-ნელა ბავშვებისა და მოზარდების გადაღება დაიწყო.

1920 წელს სარეკლამო სააგენტოში მოხვდა და ფოტოგრაფის ასისტენტად დაიწყო მუშაობა, ამის შემდეგ კი ფოტოგრაფი გახდა. მან პირველი ფოტო 1932 წელს გაყიდა. მან ფოტოები პარიზის ომის დროსაც გადაიღო. ომის დასრულების შემდეგ, ჟურნალებისთვის Life და Paris Vogue-ისთვის მუშაობდა და უმაღლესი ხარისხის ფოტოებს იღებდა. 1947 წელს Prix Kodak-ის პრიზი მოიგო.

დევიდ ბერნეტი



1968 წელს კოლორადოს კოლეჯი დაამთავრა და მაშინვე პროფესიულ ფოტოგრაფიაში აღმოჩნდა. მუშაობდა ჟურნალებისთვის: Life და Time, მოგვიანებით კი ვიეტნამში წავიდა. ორი წლის შემდეგ, მან ფრანგულ ფოტო სააგენტოში, გამაში, ახალი ამბების ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. ეს მას ევროპის მასშტაბით მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევდა.

1975 წელს ბერნეტმა საკუთარი ფოტოსააგენტო გახსნა. მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფობა არ შეუწყვეტია. მომდევნო 30 წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობდა და სხვადასხვა მნიშვნელობის ღონისძიებებს იღებდა. მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ადამიანის პორტრეტი, მათ შორის არის რეგეის მამა ბობ მარლი. მისი ფოტოები არაერთ ცნობილ გამოცემაში იბეჭდებოდა, მათ შორის არის The New York Times.

ბერნეტი ასევე ცნობილია ირანის რევოლუციის დროს გადაღებული ფოტოებით. მისი ნამუშევრები სათანადოდ დაფასდა და არაერთი პრიზი მიიღო . მათ შორის, რობერტ კაპას ოქროს მედალი, გაიმარჯვა მსოფლიო პრესის ფოტოს ნომინაციაშიც.

ბობ მარლი.  ფოტო: დევიდ ბერნეტი

რობერტ კაპა (ენდრე ფრიდმანი)

რობერტ კაპა (ენდრე ფრიდმანი)
საყოველთაოდ ცნობილია, როგორც მეორე მსოფლიო ომის ფოტოგრაფი. კაპამ ფოტოგრაფობა 18 წლის ასაკში დაიწყო. მალევე უნგრეთიდან ბერლინში გადავიდა. მას ფოტოები ლეონ ტროცკისთვისაც აქვს გადაღებული.

როდესაც სათავეში ჰიტლერი მოვიდა, საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც იძულებული იყო, რომ თავისუფალ ფოტოგრაფად ემუშავა. მან და მისმა საცოლემ სხვა ხერხს მიმართეს და ახალი საქმე ყალბი პიროვნების, რობერტ კაპას სახელით დაიწყეს, რომელიც მათივე განმარტებით, თითქოს ფოტოების გადასაღებად საფრანგეთში ამერიკიდან ჩამოვიდა. კაპა ფოტოებს იღებდა, მისი საცოლე კი ყიდდა. Vue-ის რედაქტორმა წყვილის ტყუილი გამოამჟღავნა, მაგრამ არ დაასმინა და წყვილი ესპანეთში გაგზავნა, სადაც კაპამ მისი ყველზე ცნობილი, მომაკვდავი ესპანელი ჯარისჯაცის ფოტო გადაიღო. მალე საცოლე გარდაიცვალა და კაპა ჩინეთში წავიდა, სადაც ტაიერჩანგის ომის არაერთი ფოტო გადაიღო. რობერტ კაპა 1954 წელს გარდაიცვალა.

დევიდ სეიმური

დევიდ სეიმური
ვარშავაში დაიბადა, თუმცა მოგვიანებით პარიზში გადავიდა, სადაც სტუდენტობის დროს ფოტოგრაფიით მოიხიბლა. პირველი ფოტო მან, როგორც თავისუფალმა ჟურნალისტმა, 1933 წელს გადაიღო, აქედან დაიწყო მისი, როგორც ფოტოგრაფის კარიერა. სეიმურმა შეძლო და ფოტოები გადაიღო ესპანეთის ომისა და ჩეხოსლოვაკიაში დაწყებული არეულობის დროს. 1939 წელს გადაიღო მექსიკისკენ მიმავალი ლტოლვილების ფოტოები. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სეიმური ამერიკაში იყო, თუმცა 1940 წელს არმიაში ჩაეწერა და ევროპაში ფოტო მთარგმნელად მუშაობდა. 1942 წელს მისი მშობლები ნაცისტებმა დახოცეს, რის შემდეგაც იგი UNICEF-ს დევნილების, განსაკუთრებით ბავშვების დოკუმენტების მოწესრიგებაში ეხმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სეიმური ცნობილი იყო როგორც ომის ფოტოგრაფი, მოგვიანებით ის ცნობილ სახეებსაც იღებდა.1956 წელს სუეციის ომის გაშუქებისას, ის და მისი მეგობარი ჯინ როი ავტომატური ცეცხლსასროლი იარღით მოკლეს.

დოროთი ლენი

დოროთი ლენი ამერიკელი ფოტოჟურნალისტია, რომელიც დიდი დეპრესიის დროს მიმდინარე ცხორებას აშუქებდა. მან ფოტოგრაფია ნიუ იორკში შეისწავლა, მოგვიანებით კი სან ფრანცისკოში საკუთარი სტუდია გახსნა. როდესაც დიდი დეპრესია დაიწყო, მან სტუდია მიატოვა და ქუჩაში, უსახლკაროებისა და უმუშევარი ხალხის გადასაღებად გავიდა. მისი ნამუშევრები თვალს უამრავ ადამიანს წყვეტდა. მისმა ფოტოებმა საზოგადოებას საშუალება მისცა დიდი დეპრესიის შესახებ რეალობა დაენახა. მისმა ფოტოებმა საფუძველი დაუდო დოკუმენტურ ფოტოგრაფიას.

მიგრანტი დედა. ფოტო: დოროთი ლენი

მარგარეტ ბორკ უაითი

მარგარეტ ბორკ უაითი
ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც მეორე მსოფლიო ომისა და ინდოეთი-პაკისტანის დაპირისპირების დროს გადაღებული დოკუმენტური ფოტოებით არის ცნობილი. ის პირველი არაერთი მიმართულებით გახდა, ის იყო პირველი ქალი ფოტოგრაფი, რომელიც ომს აშუქებდა, პირველი ქალი, რომელიც საბრძლო შეტაკებების ადგილას მუშაობდა, პირველი უცხოელი ფოტოგრაფი, რომელსაც საბჭოთა სივრცეში მუშაობის შესაძლებლობა მიეცა. ის ასევე იყო პირველი ქალი ფოტოგრაფი, რომლის ფოტოც ჟურნალ Life-ის ყდაზე დაიბეჭდა.

მარგარეტ ბორკ-უაითი ევროპის მასშტაბით მოგზაურობდა. არაერთი ფოტო გადაიღო მაშინ, როდესაც ევროპა ნაცისტური გერმანიის გავლენის ქვეშ იყო, ფოტოებზე ასახა კომუნისტური რუსეთი, მან ასევე მოახერხა და მომღიმარი იოსებ სტალინის ფოტოც გადაიღო.

ედი ადამსი

ედი ადამსი
ყოველთვის ამბობდა, რომ გამოსახულებები მას სიცოცხლის ბოლომდე დასდევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 13 სხავდასხვა ომი აქვს გადაღებული, ცნობილი ვიეტნამის ომის ფოტოებით გახდა და ისინი დღემდე საყოველთაოდ ცნობილია. ის მაშინ, the Associated Press-ისთვის მუშაობდა. მან ფოტო ესეს სახით, სახელწოდებით “ნავი ღიმილის გარეშე”, არაერთი ვიეტნამელი ლტოლვილის ფოტო გადაიღო. ადამსის ფოტოებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ამერიკელი ხალხის წარმოდგენა ვიეტნამის ომზე და პრეზიდენტი ჯიმი კარტერი აიძულა, რომ 200 000 დევნილისთვის თავშესაფარი მიეცა.

მისი ფოტოები მის სიცოცხლეში წიგნად არასდროს გამოცემულა. ბევრი ამბობს, რომ ეს მისი პერფექციონიზმის გამო ხდებოდა, რაც საგამომცემლო პროცესს ანელებდა.

ედი ადამსის ფოტო / Associated Press

კევინ კარტერი

კევინ კარტერი
სამხრეთ აფრიკელი ფოტოჟურნალისტი, ცნობილია, სუდანში სამოქალაქო ომის დროს გადაღებული არაერთი ფოტოთი. 1993 წელს სუდანში გადღებული ფოტოსთვის “შიმშილი” პულიცერის პრემია მიიღო. კარტერმა 1994 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.




კევინ კარტერის ფოტო, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო


წყარო: toptenz.net
კატეგორია: რესურსები
გამოიყენა თუ არა BBC-მ ფოტოშოფი იმისთვის, რომ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი რუსს დამსგავსებოდა? მიუხედავად სოციალურ ქსელში გამოხატული უამრავი უკმაყოფილებისა, BBC ამბობს, რომ არა და მომჩივნებს უთითებს, რომ არხის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრიტანეთის სამაუწყებლო მარეგულირებელ კომისიაში შეუძლიათ.

BBC-მ ლენინისეულ სტილში ქუდით ჯერემი კორბინის გამოსახულება კრემლის ფონზე წარმოაჩინა. გამოსახულება ეკრანზე 15 მარტს ტოქშოუ Newsnight-ის იმ ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც რუსეთის მხრიდან ბრიტანეთში მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის ფაქტის შესახებ კორბინის პასუხზე იყო საუბარი.

BBC-ის მტკიცებით, ფოტოს დასამუშავებლად მათ ფოტოშოფი არ გამოუყენებიათ. თუმცა, ფოტოში მცირე ტექნიკური ცვლილებები შეიტანეს და ბუნებრივი ფონი გამოიყენეს.

“სინამდვილეში გრაფიკულმა ჯგუფმა ეკრანის შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად კონტრასტი გაზარდა და უფრო მკვეთრი ფერები გამოიყენა”, - განაცხადეს BBC-ში.

რაც შეეხება ქუდს, “დამუშავების შედეგად, კორბინის ორიგინალი ქუდის დეტალების დიდი ნაწილი დაიკარგა და ის სხვა ფორმატში გამოჩნდა, რის გამოც ზოგიერთ მაყურებელს რუსული ქუდის ასოციაცია გაუჩნდა”, - განმარტეს BBC-ში.

BBC-ში ასევე აღნიშნეს, რომ მათ მიერ პროგრამაში ფონად კრემლის გამოყენების მთავარი მიზანი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ამჟამინდელი ურთიერთობის წარმოჩენა იყო.

წყარო: imediaethics.org