კატეგორია: ეთიკა
„გავლენიანი და კარგი სტრატეგი“, ადამიანი, რომელიც „მწვავე შემთხვევებშიც არ ერიდება კომუნიკაციას“, შს მინისტრი, რომელსაც „არაერთხელ მოუწია დაძაბული სიტუაციის განმუხტვა“ და პოლიტიკური ფიგურა, რომლისაც “ნაციონალურ მოძრაობას” ეშინია - ამ კონტექსტში წარმოჩინდა უკვე მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „იმედის“ 8 სექტემბრის კვირის შემაჯამებელ გადაცემაში „იმედის კვირა“.

„იმედმა“ გიორგი გახარიას გაპრემიერებას ორი სიუჟეტი მიუძღვნა. ამ მასალებში გახარიას ფიგურა და მასთან ასოცირებული ე.წ. გახმაურებული საქმეები ცალმხრივად, იმგვარად არის გადმოცემული, რომ მის მიმართ არც რაიმე კითხვის ნიშანია დასმული და არც საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, მის გაპრემიერების ადეკვატურობაა განხილული.

პირიქით, ამა თუ იმ საქმესთან მიმართებით სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ ოპოზიციის, კერძოდ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მისამართით არის გადატანილი და მთავარი ხაზი მხოლოდ მათი, როგორც დესტრუქციული პოლიტიკური ძალის უპასუხისმგებლო ქმედებებზეა გატარებული.

პარლამენტში 6 სექტემებრს გიორგი გახარიას “ნაციონალური მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით მწვავე კითხვები დაუსვეს და მის მიმართ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს, წამყვანი ოპოზიციის „პოლიტიკურ მასკარადად აფასებს“.

მასალებში გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამის რამდენიმე მთავარი მიმართულების განხილვის შემდეგ, საუბარი ოპოზიციასთან მიმართებით მის ხედვებსა და გზავნილებს ეთმობა. ჟურნალისტი გვიყვება, რომ თანაგუნდელებისადმი გიორგი გახარიას მთავარი გზავნილი “ნაციონალური მოძრაობის“ „ყოველდღიურ რეჟიმში“ მხილება და მათთვის სიმართლის დაპირსპირება იყო. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრემიერი მათ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს შტურმში ადანაშაულებს.

მასალებიდან ვერ შევიტყვეთ, კონკრეტულად რა სიცრუეზეა საუბარი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს თავად გიორგი გახარიაც ახსენებს, მასალაში არ ჩანს საპირწონე არგუმენტები, რაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს ოპოზციის მხრიდან შტურმის მცდელობას დაასაბუთებდა.

ჟურნალისტი ასევე არ ცდილობს ზოგადად შტურმის დეფინიციის განსაზღვრას და გარკვევას შეესაბამება და ჯდება თუ არა მომიტინგეთა ნაწილის მაშინდელი ქცევა შტურმის განსაზღვრებაში. გარდა ამისა, მასალებში არ ჩანს ის არაერთი კითხვა, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს სწორედ გიორგი გახარიას მისამართით გაჩნდა, იქნება ეს ძალის გამოყენების პროპორციულობა, საჭიროება, თუ პასუხისმგებლობა, რაც განვითარებულ მოვლენებზე მას, როგორც შს მინისტრს ეკისრებოდა. ამის ნაცვლად, პასუხისმგებლების ძიებას ჟურნალისტი ისევ “ნაციონალურ მოძრაობაში” ცდილობს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური ძალა, „როგორც სხვა შემთხვევებში, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში გრძნობს“.

გარდა ამისა, იგი, მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის, დროს თვალი დაკარგა, „პარლამენტის შტურმის მსურველთა“ გვერდით შემთხვევით მოხვედრილად ახასიათებს. ამბობს, რომ 6 სექტემბერს პრემიერობის კანდიდატთან შეხვედრის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი მის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეშვებას იმ ფონზე ითხოვდა, როდესაც მაკო გომური თბილისში საერთოდ არ იყო. ასევე, იგი არფერს ამბობს იმ ადამიანებზე, რომლებიც მაგალითად პარლამენტის შენობაში შესვლას მთელი კვირის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. “იმედის” მასალაში არც აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორების განმარტებებია, მაკო გომურის პარლამენტში შემსვლელთა სიაში ყოფნის შესახებ.

ჟურნალისტი ოპოზიციას პრემიერობის კანდიდატის მიმართ ბრალდებებსა და „შეურაცხყოფაშიც“ ადანაშაულებს, თუმცა არ ხსნის კონკრეტულად რას მოიაზრებს იგი ამ უკანასკნელში. არც იმ უამრავ კითხვაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც სწორედ ოპოზიციური დეპუტატების მხრიდან გაჟღერდა და რომელზე პასუხებსაც საზოგადოება ორ თვეზე მეტია გიორგი გახარიასგან უშედეგოდ ელის. გარდა ამისა, “იმედი” აქცენტს გიორგი გახარიას მხრიდან ოპოზიციასთან კოჰაბიტაციის დასრულებაზეც ამახვილებს და ამ ნაბიჯს მის მიმართ მხარდამჭერების ზრდის პირდაპირპროპორციულად აფასებს. გიორგი გახარიასთან მიმართებით, “იმედი” ხორავას ქუჩის საქმესა და პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობისას ჩატარებულ სპეცოპერაციასაც იხსენებს. მასალაში გახარია ამ ორ საქმის “კეთილი დასასრულის” ავტორად არის წარმოჩენილი, ამ შემთხვევაშიც კითხვების დასმის გარეშე.

აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ თავად გახარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებად ასახელებს, “იმედის” მასალებში არ ჩანს, რომ ეს არა მისი კეთილი ნება, არამედ მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის მონაპოვარია და “ქართული ოცნება” იძულებული იყო, პროცესების არგამწვავების მიზეზით ამ დათმობაზე წასულიყო.

გიორგი გახარიას მიმართ მიმდინარე საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, მისი ფიგურის ცალმხრივად, მხოლოდ დადებითი აქცენტებით განხილვა და იმ ლეგიტიმური კითხვების უგულვებელყოფა, რაც ყოფილი შს მინისტრის მიმართ დაგროვდა, ასევე პასუხისმგებლობის სრულად სხვა პოლიტიკურ ძალაზე გადატანა, „იმედის“ მხრიდან უკვე მოქმედი პრემიერის მიმართ საზოგადოებრივი აზრის პოზიტიური მიმართულებით წარმართვის ცალსახა მცდელობაზე მიუთითებს და მის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ორგანიზაცია “რეპორტიორების საზღვრებს გარეშე” (RSF), საქველმოქმედო ფონდის - “Craig Newmark Philanthropies”-ის ფინანსური მხარდაჭერით, მედიაში გამჭვირვალობისა და ეთიკურობის წახალისების მიზნით, 1.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხას დახარჯავს. საქველმოქმედო ორგანიზაცია RSF-ს “ჟურნალისტიკისადმი ნდობის გაზრდის ინიციატივის” (JTI) იმპლემენტაციაში დაეხმარება.

JTI ინიციატივაა, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ორგანიზაციამ “რეპორტიორების საზღვრებს გარეშე” 2018 წელს დაიწყო ფრანს პრესთან (AFP), ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) და რედაქტორთა გლობალურ ქსელთან (GEN) ერთად. ინიციატივის ავტორებს სურთ ხელი შეუწყონ ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებას და მედიასაშუალებებში გამჭვირვალობის დამკვიდრებას. ამ მიზნის მისაღწევად კონსენსუსი საფუძველზე უნდა შეიქმნას სტანდარტები, რასთან შესაბამისობის შემოწმება შეეძლებათ მედიასაშუალებებს.

ამ პროცესს 120-ზე მეტი დაინტერესებული მხარე, მათ შორის, მედიასაშუალებები და ბევრი სხვა ტიპის ინსტიტუტი შეუერთდა. მათ შექმნეს დოკუმენტის სამუშაო ვერსია და 2019 წლის ივლისში გაასაჯაროვეს მოსაზრების და კომენტარების მისაღებად.

პროცესის მეორე ეტაპზე შემუშავებული სტანდარტების იმპლემენტაცია დაიწყება. 2020 წლის დასაწყისიდან მედიასაშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ რამდენად შეესაბამება ამ სტანდარტებს მათი ორგანიზაცია და ატვირთონ ეს მონაცემები სისტემაში. ამის შემდეგ JTI ამ ინფორმაციას გამოიყენებს და ერთგვარი სპეციალური ნიშნის საშუალებით სხვადასხვა კომპანიების, რეკლამის განმათავსებლებს თუ საზოგადოებას სანდო და გამჭვირვალე მედიასაშუალებების იდენტიფიცირების შესაძლებლობა ექნებათ. პროცესის საბოლოო მიზანია, რომ შემოსავლები მედიასაშუალებებზე მათი სახელის შესაბამისად გადანაწილდეს.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში RSF აქტიურ ინვესტირებას ახდენდა ამ ინიციატივაში და აღნიშნული საჩუქარი ჩვენი პროგრამის გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ გვწამს, რომ თვითრეგულირება ინფორმაციულ ქაოსთან ბრძლაში დაგვეხმარება, რომელშიც ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია ვცხოვრობთ და რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას”, - თქვა კრისოტოფერ დელოირმა, “რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს” გენერალურმა მდივანმა.

“სოციალური ქსელედებიდან მომდინარე დეზინფორმაციის ფონზე, მედიაორგანიზაციები გამჭვირვალობის და ეთიკურობის მიმართ ერთგულები უნდა იყვნენ, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ, რომ საკუთარ აუდიტორიას შემდეგი სიტყვებით მიმართონ - თქვენ, შეგიძლიათ მენდოთ”,- თქვა ფონდ “Craig Newmark Philanthropies”-ის დამფუძნებელმა კრეიგ ნიუმარკმა.

“რეოირტიორები საზღვრებს გარეშეს”(RSF) შესახებ
 
“რეპორტიორები საზღვრებ გარეშე 1985 წელს დაფუძნდა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვისა და წახალისების ერთ-ერთ ყველაზე წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. RSF საფრანგეთშია რეგისტრირებული და კონსულტანტის სტატუსი აქვს ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: გაერო, იუნესკო და ევროსაბჭო. ორგანიზაციას 14 საერთშორისო ბიურო აქვს, მათ შორის, ბერლინში, ბრიუსელში, ჟენევაში, ლონდონში და ვაშინგტონში. ამასთან, მსოფლიოს 130 ქვეყნიდან 150-ზე მეტი კორესპონდენტი ჰყავს,

Craig Craig Newmark Philanthropies-ის შესახებ
 

ფონდი “Craig Newmark Philantyropies” კრეიგ ნიუმარკა საზოგადოებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერის მიზნით შექმნა. იგი იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების განვითარებაზეა ორიენტირებული, რომლებიც ისეთი მიმართულებებით მუშაობენ, როგორიცაა - სანდო ჟურნალისტიკა, ამომრჩეველთა ხმის დაცვა, გენდერული მრავალფეროვნება ტექნოლოგიებში, ასევე ვეტერანებისა და სამხედრო ოჯახების საკითხები.



მომზადებულია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მასალაზე დაყრდნობით.

კატეგორია: მედიაგარემო

საინფორმაციო გამოშვებები, ორი პოლიტიკური ტოქშოუ, ნანუკას შოუ ახალი ფორმატით და ვანოს შოუ, დილის გადაცემა - იმ გადაცემების ჩამონათვალია, რომელსაც ახალი ტელევიზია “მთავარი არხი” მაყურებელს ამ კვირაში შესთავაზებს. მაუწყებლობა დღეს, 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყება.

altaltდღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, “რუსთავი 2-ის” ყოფილი წამყვანები დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი გაუძღვებიან.

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის თქმით, საინფორმაციო გამოშვების გარდა დღეს მაყურებელი ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის პოლიტიკურ ტოქ-შოუს “მთავარ აქცენტებს” ნახავს, რომელიც ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა.

ხვალიდან არხი მაუწყებლობას უკვე დილიდან დაიწყებს. დღის განმავლობაში მაყურებელი ახალი ამბების ოთხ გამოშვებას იხილავს: 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე. მიმდინარე კვირაშივე საინფორმაციო გამოშვებებს დაემატება დილის გადაცემა, 09:00 საათზე.

alt“ვეცდებით ვიყოთ ოპრატიულები, ვიქნებით ყველგან, სადაც ხდება მთავარი”, - ამბობს ნოდარ მელაძე მედიაჩეკერთან საუბრისას.

მიმდინარე კვირაშივე იგეგმება კიდევ ერთი პოლიტიკურ ტოქ-შოუს დაწყება, - ნანუკას შოუ ახალი ფორმატით, გასართობი გადაცემების ციკლიდან ჩაეშვება - ვანოს შოუ. კვირის ბოლოს “მთავარი არხი” კვირის მოვლენებს გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” შეაჯამებს, რომელსაც ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი სახე და გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნია წაიყვანს.

ნოდარ მელაძის განმარტებით, არხის ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივ რეჟიმში განახლება მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე მთავარი მიზანი - ეთერში გასვლა უზრუნველყონ: “გზადაგზა ბევრი ტექნიკური შემატება გვექნება”.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ “მთავარ არხზე” მაყურებელი რეალურად თავისუფალ ამბებს მოისმენს და ნახავს, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, ანუ იმას, რასაც “სამთავრობო არხებზე” ვერ ნახავენ. გარდა ამისა, მელაძის თქმით, “მთავარის” გუნდში ქვეყნის წამყვანი რეპორტიორები მუშაობენ, რომელთა მიერ მომზადებული საინფორმაციო გამოშვებაც წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კი რეიტინგების რეკორდსმენი იყო.

*****************

“მთავარი არხი” “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ცვლილებას, 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უსწრებდა,  რომლის მიხედვით არხის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა.

ნიკა გვარამიას შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, “რუსთავი 2-დან” გაათავისუფლეს პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე გასართობი გადაცემების წამყვანები. ამ გათავისუფლებებს ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, არხი დატოვა “კურიერის” გუნდმა და საინფორმაციო გამოშვება ამ დრომდე ეთერში არ დაბრუნებულა.

"მთავარი არხი" საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა ”მთავარი არხი”. მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა. მთავარ არხზე საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე ხელმძღვანელობს.

“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს და თამთა დოლენჯაშვილს.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
The Washington Post-მა წყაროს თხოვნით, ამბიდან მისივე ციტატები წაშალა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოცემას კითხვა დაუსვეს, აპირებდა თუ არა Post-ი სხვა წყაროების შემთხვევაშც ასე მოქცეულიყო, თუკი ისინი მოგვიანებით ინტერვიუს მიცემას ინანებდნენ, ისინი კვლავ მასალაში დააბრუნა.

სტატია სახელმწოდებით - “ამერიკის სატესტო სამზარეულო”-მ და კრისტოფერ კიმბალმა სამწლიანი სასამართლო დავა მოაგვარეს” - ამერიკულ სატელევიზიო შოუსა და მის დამფუძნებელს შორის მიმდინარე სასამართლო დავას ეხებოდა.

Post-მა მასალაში ცვლილებების შეტანას ორი სარედაქციო შენიშვნა მიუძღვნა. პირველში ნათქვამი იყო, რომ მასალაში მოცემული კომენტარები ავტორის თხოვნით წაიშალა, რადგან იგი ამბობდა, რომ მან არ იცოდა, თუ ის ჟურნალისტთან საუბრობდა და მისთვის ინტერვიუს მიცემა არც უფიქრია და რომ Post-მა მისი კომენტარების გამოქვეყნებით, იგი სასამართლო შეთანხმების დარღვევის ფაქტის წინაშე დააყენა.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც the Washington Post-მა მასალიდან წაშლილი კომენტარები კვლავ აღადგინა, მეორე სარედაქციო შენიშვნაც გამოაქვეყნდა, სადაც უკვე ნათქვამი იყო, რომ წაშლილ ციტატებთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემდეგ, გამოცემამ მისი აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო და “ამერიკის სატესტო სამზარეულოს” წარმომადგენლის კომენტარებიც დაურთო.

წყარო: imediaethics.org 
კატეგორია: მედიაგარემო

10 დღეა, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2-დან” ჟურნალისტების დიდი ნაწილის პროტესტის ნიშნად წასვლის გამო, არხზე სრულფასოვანი მაუწყებლობა შეწყვეტილია და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ფილმები გადის. პარალელურად, ცნობილია, რომ “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია ახალ ტელეკომპანიას - “მთავარ არხს” ქმნის, რომელიც მაუწყებლობას 9 სექტემბრიდან დაიწყებს და არხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილი მუშაობას სწორედ ამ არხზე გაააგრძელებს.

მთავარი არხი საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა მთავარი არხი.  მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.


[სარეკლამო გაყიდვების სახლი “ინტერ მედია პლიუსი” 2015 წლიდან ტელეკომანია “რუსთავი 2-ის” კუთვნილ ტელეარხებზე კომერციული რეკლამების განთავსების უფლებას ფლობს. გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიას “რუსთავი 2-ის” ინტერესების საწინააღმდეგოდ ამ კომპანიასთან გარიგებასა და ფინანსურ მაქინაციაში სდებს ბრალს]. 


“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა.

 

⇒  ამ თემაზე იხილეთ: რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა 

 

“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს და თამთა დოლენჯაშვილს.

altარხის სამაუწყებლო ბადის დეტალებზე ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “იბერიას” ყოფილი შენობიდან Facebook-ის პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა. “მთავარი არხი” დროებით მაუწყებლობას სწორედ “იბერიის” შენობიდან დაიწყებს და მის ტექნიკას გამოიყენებს. ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად სწორედ “ომეგა ჯგუფის” მფლობელი და ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი დაასახელა. მთავარი არხის დამფინანასებლებისა და სხვა პარტნიორების შესახებ საუბრისგან ნიკა გვარამია თავს იკავებს და ამბობს, რომ დეტალებს მათთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაამხელს.


[ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა და მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა დაასახელა. მაუწყებლობის შეწყვეტიდან 3 დღეში ტელევიზიის თანამშრომლებმა მათი გათავისუფლების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრძანებები მიიღეს. არხის ხელმძღვანელობა თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად არხის მთავარი დამფინანასებლის “ომეგა ჯგუფისთვის” ხელისუფლების მიერ შექმნილ ფინანსურ პრობლემებს ასახელებდა.
არხიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კუთვნილი შრომის ანაზღაურების მოთხოვნით ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლეს. მათ ტელევიზიის ხელმძღვანელობას სასამართლოს პირველ ინსტანციაში დავა მიმდინარე წლის მარტში მოუგეს. მიუხედავად ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ტელეკომპანიას კუთვნილი კომპენსაციები ამ დრომდე არ გადაუხდია]
. ამავე თემაზე წაიკითხეთ: შეწყვეტილი მაუწყებლობა და გათავისუფლებული თანამშრომლები - ‘იბერიას’ გაურკვეველი მომავალი ]

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მთავარ არხზე დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება - “მთავარი ამბები” ზუსტად საღამოს ცხრა საათზე დაიწყება და მას “კურიერის” ყოფილი წამყვანები დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წარუძღვებიან.

alt

მთავარ არხზე ასევე გავა ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა “აქცენტები”, “პოსტკრიპტუმი” (ან კვირის მთავარი), რომელსაც გიორგი გაბუნია წაიყვანს, რამდენიმე პოლიტიკურ ტოქ-შოუ, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ახალი ფორმატით, ასევე იუმორისტული გადაცემების სამი პლატფორმა, რომელსაც “რუსთავი 2-დან” წამოსული იუმორისტული ჯგუფის ნაწილი მოამზადებს, მათ შორის იქნება ვანო ჯავახიშვილის შოუც. გვარამიას თქმით, “მთავარ არხზე” ვერ ვიხილავთ ე.წ. ყვეთილი ტიპის გადაცემებს.

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა მთავარ მიზნად საუკეთესო არხის შექმნა და ტელეკომპანია “იმედისთვის” კონკურენციის გაწევა დაასახელა. ცნობილია მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი პრინციპიც - “კრიტიკული, პროდასავლური მედია, სადაც ყველას ხმა ისმის”.

altმთავარ არხზე საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით, მაყურებელი ახალ ეთერში ისეთი ხარისხის საინფორმაციო გამოშვებას იხილავს, როგორსაც “კურიერის” უკვე ყოფილი გუნდისგან არის მიჩვეული.

“საინფორმაციო გუნდი გააკეთებს ისეთივე მაგარ საინფორმაციო გამოშვებებს, როგორსაც ჩვენგან არის მიჩვეული. ეს იქნება ისევ თავისუფლების ტერიტორია, თავისუფალი ჟურნალისტების ერთობა და სადაც არის საუბარი ადამიანების პრობლემებზე”, - განაცხადა მან. 



"მედიაჩეკერი" შეეცადა არხის შესახებ დამატებითი დეტალები ნიკა გვარამიასთან გაერკვია. თუმცა, ორდღიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

ამბის წინაისტორია მოკლედ


altტელეკომპანია “რუსთავი 2” ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა მას შემდეგ დატოვა, რაც არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე პოლიტიკური და გასართობი გადაცემების წამყვანები სამსახურიდან გაათავისუფლა. პირველებმა არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების - “კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა და ეთერში დღემდე არ გასულა. მეორე დღეს, მათ “კურიერის” ჟურნალისტების დიდი ნაწილი და სხვადასხვა გადაცემის გუნდი მიჰყვა. 

 


ამ თემაზე იხილეთ: 24 საათი "კურიერის" გარეშე - რა ხდება "რუსთავი 2-ზე"

 

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ტელეკამერების წინ არხიდან ჟურნალისტების წასვლიდან ზუსტად ერთ კვირაში გამოჩნდა და განაცხადა, რომ სანფორმაციო სამსახურს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც წლების განმავლობაში ბრიტანეთში ტელეკომპანია BBC-ში მოღვაწეობდა. ასევე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იგი ტელეკომპანია “იმედში” კონსულტანტად მუშაობდა.

“რუსთავი 2”-ში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ეროვნულ დონეზე ტელეკომპანიის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები არ დაურღვევიათ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც ტელეკომპანიის წილებისთვის სამართლებრივი დავა 2015 წლიდან დაიწყო, “რუსთავი 2” იმავე დღეს გადაიფორმა და ტელეკომპანის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც იმავე დღეს შეცვალა. მის ადგილზე მისივე ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

პირველ ეტაპზე ტელეკომპანიის ახალი მმართველები თანამშრომლების შემადგენლობისა და სარედაქციო პოლიტიკის უცვლელად დატოვების პირობას დებდნენ, თუმცა პირობა მალევე დაირღვა და არხზე საკადრო ცვლილებები დაიწყო.

კატეგორია: მედიაგარემო

ოქტომბრიდან ქართულ ტელესივრცეს ახალი ტელევიზია - “ფორმულა” შეემატება. ახალ არხს “ფორმულა კრეატივი” ქმნის, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისთვის” ტელესერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” და რამდენიმე გასართობი შინაარსის პროექტს ამზადებდა.

შპს “ფორმულა” საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იან წილს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები: მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა თანაბრად (25-25%) ინაწილებენ. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალ ტელევიზიას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დააფინანსებს. აღნიშნული “მედიაჩეკერთან” საუბარში ახალი ტელევიზიის დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემაც დაადასტურა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ წერილი დღეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც წარადგინეს.

“ფორმულა კრეატივმა” მაუწყებლობის უფლებისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პირველად 13 აგვისტოს მიმართა. კომისიამ კრეატივს დოკუმენტაციაში ხარვეზი დაუდგინა და მის გამოსასწორებლად 5 დღიანი ვადა მისცა. დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციების კომისიამ შპს “ფორმულას” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა. კომისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედით, ახალი არხი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს.

ახალი ტელეკომპანიის დირექტორის ზურაბ გუმბარიძის თქმით, “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.

altდღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს. იგი მანამდე  ტელევიზია “მესამეში” მუშაობდა, რომელსაც "ფორმულა კრეატივი" მართავდა. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის რომელ საათზე გავა ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება.

ტელევიზიის დირექტორის თქმით, თანამშრომლობისთვის მოლაპარაკებები “რუსთავი 2-დან” წამოსულ ჟურნალისტებთანაც მიმდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, საინფორმაციო სამსახური მხოლოდ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებით არ დაკომპლექტდება და მაყურებელი ახალ სახეებს და სხვა არხის ჟურნალისტებსაც იხილავს.

მისივე ინფორმაციით, ამავე არხზე გადაინაცვლებს ფორმულა კრეატივის კუთვნილი პროდუქტები, რომლებიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე” გადიოდა. ესენია: ტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, “სამზარეულოს ომები” და “მთავარი ექიმი”. ახალი არხი მაყურებელს კიდევ ერთ ახალ სატელევიზიო სერიალს შესთავაზებს, რომელსაც “ფორმულა კრეატივი” ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ამზადებს. ამასთან, “ფორმულაზე” მაყურებელი ნაყიდ უცხოურ კონტენტსაც იხილავს.

ზურაბ გუმბარიძის თქმით, “ფორმულა” პოლიტიკურ ტოქ-შოუებსაც მოამზადებს. რაც შეეხება მათ წამყვანებს, იგი ამბობს, რომ ჯერჯერობით სახეების შესახებ საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის და ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდიან.

“ფორმულა კრეატივის” შემოქმედებითმა ჯგუფმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” მას შემდეგ დატოვა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2-ის” წილები გადაიფორმა, მისი გენერალური დირექტორი შეცვალა და არხზე საკადრო ცვლილებები დაიწყო.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ბრიტანეთის პრესის რეგულირების ორგანომ (IPSO) მიიჩნია, რომ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობდა და ამიტომ ეთიკური სტანდარტები არ დარღვეულა ბრიტანულ Daily Mail-ის მასალაში, რომელიც საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევას ეხებოდა გამოცემამ ამ საქმეში ჩართული მამაკაცის ვინაობა გაამჟღავნა და ფოტო გამოაქვეყნა.

პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისთვის გამოცემის წინააღმდეგ IPSO-ს საჩივრით ამბის ერთ-ერთმა გმირმა მიმართა. მანვე განაცხადა, რომ გამოცემის რეპორტიორმა მასთან საუბარში ვინაობა დამალა და არ უთქვამს, რომ იგი რეპორტიორი იყო.

საჩივრის საპასუხოდ the Daily Mail-მა განმარტა, რომ სარეკლამო განცხადების ავტორთან („უფასო საცხოვრებელი ქალებისთვის სიახლოვისა და ურთიერთობის სანაცვლოდ“), რომელიც ქალებს საცხოვრებელ ფართს სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ სთავაზობდა, ინფორმაციის გადასამოწმებლად კონტაქტში ანონიმურად შესვლა აუცილებელი იყო.

გამოცემაში ასევე განაცხადეს, რომ მათ საკითხის მოკვლევა სწორედ აღნიშნული განცხადების პოვნის შემდეგ დაიწყეს და იმის გამოძიება გადაწყვიტეს, მართლაც არღვევდა თუ არა ვინმე ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი ფართის სექსის სანაცვლოდ გაქირავება იკრძალება.

The Daily Mail-მა მიუთითა, რომ აღნიშნული მამაკაცის ვინაობის გამხელით, საზოგადოების გაფრთხილება და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანი იყო. IPSO-მ the Mail-ის არგუმენტაცია გაიზიარა და ასევე მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ნამდვილად საჯარო ინტერესს ემსახურებოდა.

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: მედიაგარემო
ტელეკომპანია იმედის ეთერში აგვისტოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის გასვლიდან 4 დღეში საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილი სოციალური ქსელის საშუალებით იდენტური შინაარსის ტექსტს ავრცელებს და აცხადებს, რომ მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს არ იზიარებს.

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, - წერენ ისინი.

„იმედის“ ეთერში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დაახლოებით 40 წუთიანი, უავტორო ფილმი სახელწოდებით - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ 11 აგვისტოს გავიდა. ფილმის სიუჟეტი 2008 წლის აგვისტოს ომში სრულად ნაციონალური მოძრაობისა და მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ბრალეულობაზეა აგებული და განვითარებულ მოვლენებში რუსეთის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ფილმის შესახებ „მედიაჩეკერის“ მიერ მასალის გამოქვეყნების შემდეგ ფილმი საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა მწვავედ გააკრიტიკა. მათ ტელეკომპანია „იმედი“ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რუსული ნარატივის გამეორებაში დაადანაშაულეს და მაუწყებლისგან ფილმის ავტორების გასაჯაროება მოითხოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ თემა 14 აგვისტოს ერთ-ერთ მთავარ ამბად იქცა. დღის განმავლობაში ტელეკომპანია „იმედს“ ფილმის შესახებ არც განმარტება გაუკეთებია და საკითხი არც მის საინფორმაციო ბადეში მოხვდა. მაუწყებელი დღის ბოლოს, არხის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ლალიაშვილი იმედის მიერვე ჩაწერილი კომენტარის გავრცელებით შემოიფარგლა, ისიც მხოლოდ კონკურენტი ტელევიზიების მიმართვის შემდეგ.

ლალიაშვილმა ფილმზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ რეპორტაჟი მისი პროდიუსინგის ქვეშ მომზადდა. რაც შეეხება ფილმის უშუალო ავტორებს იგი შემდეგი განმარტებით შემოიფარგლა:

„ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს, იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა, ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილი ანატურას, ამ ფილმის ავტორები არიან დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლნი ამ ავანტურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უბრალოდ უკრძალავდნენ სიმართლის თქმას“.

კატეგორია: ეთიკა
აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ როგორც ძალაუფლების „ყველაფრის ფასად“ შენარჩუნებისა და საზოგადოების თვალში „დაკარგული ლეგიტიმაციის“ ხელახლა მოპოვების გზა - ამ კონტექსტში წარმოჩინდა ყოფილი ხელისუფლება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმში - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ არის.

მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაცია ფონად გასდევს 40 წუთიან ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”

 სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ნაციონალური მოძრაობისა და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული ისე, რომ განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. აგვისტოს ომი წარმოჩენილია როგორც “მაშველი რგოლი” სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა “ოპოზიციის წნეხისგან” გათავისუფლებულიყო და დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

altფილმში ავტორი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმოხილვას 2004 წელს, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლიდან იწყებს და იმ შეცდომებსა თუ ქმედებებს აღწერს, რაც მისივე შეფასებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით და ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის კონტექსტში მიზანმიმართულად განახორციელა. ასე მაგალითად, ფილმიდან ვიგებთ, რომ 2004 წელს ახალმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოგვარებული, ან უფრო ზუსტად, მოგვარების გზაზე დამდგარი კონფლიქტები ჩაიბარა, მაშინდელმა მთავრობამ კი, სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი მექანიზმი და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობების დათბობა-გაღრმავების ერთადერთი საშუალება ერგნეთის ბაზრობა გააუქმა, რითაც სააკაშვილი-ოქრუაშვილის [ირაკლი ოქრუაშვილი იმ დროისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა] ტანდემმა „კონფრონტაციის გზა“ აირჩია და ოსურ მხარეს პირდაპირ ანიშნა, რომ „ოფიციალური თბილისის არჩევანი შერიგების და დაახლოების პოლიტიკა აღარ არის“.

ერგნეთის ბაზრობის გაუქმების კომპონენტი ფილმში აპრიორი უარყოფითად ისეა განხილული, რომ საპირისპირო მხარე - კორუფცია, კონტრაბანდა, დაუფიქსირებელი გადასახადები და ა.შ. განხილული არ არის და არც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ჩანს იმის შესახებ, თუ რატომ მიიღეს მათ აღნიშნული გადაწყვეტილება და რა იყო ამის მთავარი მოტივატორი.

 ამასთან, ავტორი 2004-2008 წლების შუალედში ცხინვალის რეგიონში მომხდარ არაერთ შეტაკებასა და დაპირისპირებაზე იმგვარად საუბრობს, რომ ყველა კონტექსტში ყოფილი ხელისუფლების ბრალზე, განზრახ პროვოკაციულობასა და კონფრონტაციულობაზე მიუთითებს. იქვე დასძენს, რომ სააკაშვილი “წარმატებით ახერხებდა კრემლის პროვოცირებას”.

ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აგვისტოს ომის ინსპირირების დასტურად 2007-2008 წლებში მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის, მედიის, ოპონენტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებებსაც გვახსენებს. სააკაშვილი მოხსენიებულია დიქტატორად. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი აპრიორი გაყალბებულად არის წარმოჩენილი. არადა, მიუხედავად დაფიქსირებული ხარვეზებისა, მაშინ რომელიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას საყოველთაო გაყალბების ნიშნებზე არ უსაუბრია და არც მისი შედეგები დაუყენებია ეჭვქვეშ. 2004-2008 წლების მიმოხილვის დასასრულს ავტორი ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა მიზანმიმართულად ჩაითრია ქვეყანა სისხლიან ავანტურაში.

altფილმის მიწურულს დრო უკვე უშუალოდ აგვისტოს ომის დეტალების განხილვას ეთმობა, საიდანაც ვიგებთ, რომ სააკაშვილისთვის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, „გარე მტრის საქართველოში შემოჭრა“ იყო საჭირო, რისთვისაც ისეთი სამხედრო ოპერაცია უნდა დაგეგმილიყო, რომელზე რეაგირებაც რუსეთის მხრიდან გარდაუვალი იქნებოდა, რისთვისაც „სააკაშვილის ხელისუფლებამ დემონსტრაციული, ფართომასშტაბიანი ოპერაცია განიზრახა“.

 „ყველას გვახსოვს, როგორც ვუყურებდით ტელეეკრანებს, გვიკვირდა ჩვენი მედიის, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა და მსოფლიოს გადასცემდა, ვამბობდით, მტრები ხომ არ არიან, რას აკეთებენ, მოწინააღმდეგეს აწვდიან ინფორმაციასო. დიახ, გეგმის შემადგენელი ნაწილი ზუსტად ეს პროპაგანდა იყო. მთელ მსოფლიოს უნდა ენახა ქართველების დიდი სამხედრო ძალის მოქმედება რეგიონში. საჯაროდ სილაგაწნული რუსეთი კი იძულებული უნდა ყოფილიყო, სამხედრო ძალებით შემოსულიყო საქართველოში“, - ვისმენთ ფილმში.

მასალაში 8 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე საქართველოს მხარდამჭერი აქცია-კონცერტი, რომელსაც მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ, ომში გამარჯვების ზეიმად არის გამოცხადებული. არადა, ღონისძიების მიზანი მსოფლიოსთვის სწორედ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელეული აგრესიისა და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის ჩვენება იყო. ფილმში ყოფილ პრეზიდენტს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო არაინფორმირებულობაშიც სდებენ ბრალს. არადა, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად გახდა რუსეთის ფედერაცია იძულებული, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეეჩერებინა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთანხმების პირობებს რუსეთი დღემდე უხეშად არღვევს, რის გამოც, ის დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

 „რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ თავის დროზე თქვა - რუსეთს ჰყავს ორი ჰყავს ორი მოკავშირე, არმია და ფლოტია. 21-ე საუკუნეში ამ მოკავშირეებს შეიძლება თავისუფლად დაემატოს სააკაშვილიც. კრემლისთვის ძნელად თუ მოიძებნება სააკაშვილზე ხელსაყრელი პოლიტიკოსი რუსული ჩექმის სამხრეთ კავკასიაში კვლავ შემოსადგმელად. ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს - მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება“, - სწორედ ასე იხსნება ფილმში აგვისტოს ომის ანთოლოგია - სრული პასუხისმგებლობის ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის ფაქტორის შემცირება.

alt ფილმში რუსეთი არა კონფლიქტის მხარედ, არამედ მესამე, განყენებულ აქტორად არის წარმოჩენილი, რომელიც იძულებული გახდა, რომ ერთი აგრესიული აქტორის მხრიდან მეორეს მიმართ განხორციელებულ ოპერაციაში მშვიდობისმყოფელის სტატუსით ჩართულიყო. ასევე, არ არის გაანალიზებული ისტორიული კონტექსტი. არც უკრაინასთან პარალელებია გავლებული, რაც ჩრდილოელი მეზობლის რეგიონში განზრახვებსა და მიზნებს თავის სახელს დაარქმევდა. პირიქით, საპირწონედ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ვისმენთ, სადაც ის ამბობს, რომ „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი არის საქართველოს გეგმები ძალით აღადგინოს კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე და არა საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ“.

 გარდა ამისა, აგვისტოს ომის შემდეგ, თავად ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ის საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისთვის ჯერ კიდევ 2006 წლიდან ემზადებოდა და მისი ქმედებები საქართველოს მხრიდან „კონფრონტაციაზე“ მყისიერი პასუხი ვერ იქნებოდა.

ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას.

 მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფილმი პირადად სააკაშვილს და ზოგადად მის გარემოცვას სდებს ბრალს 2008 წლის ომის დაწყებაში, საერთოდ არ ჩანს მისი ან მისი გუნდის პოზიციის წარმოჩენის მცდელობა. მოვლენების შემფასებლად საუბრობენ მხოლოდ დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა), ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება), რიჩარდ მაილსი (აშშ-ს ყოფილი ელჩი), გოგა ხაინდრავა (რეჟისორი), პაატა ზაქარეიშვილი (ანალიტიკოსი) და მამუკა არეშიძე (ანალიტიკოსი). არც ერთი რესპონდენტი არ არის წარმოდგენილი ფორმალური ბალანსისთვის მაინც. სიუჟეტი ცალმხრივად, მანიპულაციურად აჩვენებს განვითარებულ მოვლენებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილმი შეიქმნა არა აგვისტოს ომის და მანამდე განვითარებული მოვლენების გამოსარკვევად, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობის წარმოსაჩენად.

კატეგორია: მედიაგარემო
„ტელეკომპანია პირველის“ განცხადებით, დღეს დილით, არხის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც „არხის სრული პარალიზება გამოიწვია“.

მაუწყებლის განმარტებით, მომხდარის გამო არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა შეუძლებელია. „ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა“ და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“, - ნათქვამია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არხის კომერციულმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ „მედიაჩეკერთან“ საუბარში განმარტა, რომ სერვერზე შეტევის მცდელობა გასულ წელსაც იყო, თუმცა მასშტაბების სიმცირიდან გამომდინარე, მაშინ ეს არ გახმაურებულა. მისივე განმარტებით, ახლა გაცილებით მძიმე სიტუაციაა, არხი სრულად პარალიზებულია და სარეზერვო რესურსებზე გადასვლას ცდილობენ, თუმცა ამ დრომდე მაუწყებლობის სრულფასოვნად აღდგენა ვერ ხერხდება. აბურჯანიძის თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და ტელევიზიაში საგამოძიებო ჯგუფს ელოდებიან.
კატეგორია: მედიაგარემო
ხელისუფლების მიერ საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების ნაწილი მაუწყებლებსაც ეხება. ეუთოს რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებული კანონპროექტი - როგორც მას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მოიხსენებს, უკვე გახდა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. ის, რაც ოპოზიციისთვის ცენზურის დაწესების მცდელობაა, “ქართული ოცნებისთვის” წინასაარჩევნო კამპანიის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ცვლილებათა პაკეტში ცენზურის საფრთხეებს ხედავენ მედიასფეროს წარმომადგენლებიც.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში:

  • შემოდის სიძულვილის ენის ცნება და საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო პროგრამაში, ისევე როგორც სხვა ქმედებისას, მაგალითად რეკლამაში, ამგვარი ტერმინების გამოყენება ეკრძალებათ. თუმცა, რა მოიაზრება სიძულვილის ენაში, პროექტში განმარტებული არ არის.
  • ჩნდება ანტირეკლამის შეზღუდვის კომპონენტი. პოლიტიკური სუბიექტის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ანტირეკლამის მოცულობა მთლიანი რეკლამის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დოკუმენტში არც ანტირეკლამის განმარტებაა.
  • მაუწყებელს უჩნდება ვალდებულება თავად შეამოწმოს საარჩევნო სუბიექტის მიერ მიტანილი საარჩევნო რგოლის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მათ შორის შეამოწმოს ხომ არ შეიცავს ვიდეორგოლი 25%-ზე მეტ ანტირეკლამას და სიძულვილის ენას.
  • მაუწყებლებს წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფების ცვლილების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ეს ცვლილებები, 6 აგვისტოს, პოლიტიკურმა პარტიებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ამ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ დეტალურად ამ საკითხებზე მაუწყებლებთან და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელებს.

ამ დრომდე განხილვებში მაუწყებლებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ამიტომ, მათ ნაწილს, იქამდე, ვიდრე საკითხს არ დაამუშავებენ, მოსალოდნელი ცვლილებების კომენტირება უჭირს.

ზოგად კომენტარით იფარგლება “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მედიას რაიმე ფორმით შებოჭავს ან ინტერპრეტაციის საშუალებას დატოვებს, მეტად საფრთხილოა. იგი ამბობს, რომ ამას ძალიან მკაცრი საზოგადოებრივი კონტროლი სჭირდება: “ასე ხელაღებით ცვლილებების დამტკიცება არ იქნება სწორი და აღქმული იქნება როგორც მედიის მარწუხებში მოქცევის გარკვეული ნაბიჯი და საშუალება”.

უფრო კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი, რომელიც ასევე არ ყოფილა სამუშაო ჯგუფის წევრი, თუმცა შეხვედრაზე მაინც იმყოფებოდა. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მათთვის წარდგენილი პოლიტიკური რეკლამების შინაარსზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მათ უნდა გადაამოწმონ “ვიდეორგოლის კანონთან შესაბამისობა და ისე უნდა გადასცენ ეთერში”.

“მაუწყებელი არ არის ის სუბიექტი, რომელსაც შეუძლია ამტკიცოს რამე კანონიერი იყო თუ უკანონო, ამის დისკრეცია აქვს მხოლოდ სასამართლოს”, - ამბობს იგი და ხაზს უსვამს ამ რეგულაციის შეუძლებლობას. მისი აზრით, პრაქტიკაში წარმოუდგენელია, რომ მაუწყებლებმა დაიქირავონ ერთი ადამიანი დამატებით და შეაფასონ ვიდეორგოლის შინაარსი და ამასთან გაზომონ და დაადგინონ მაგალითად, რეკლამის 25% ანტირეკლამა იყო თუ ნეიტრალური ტონით იყო მომზადებული.

სწორედ ანტირეკლამის შეზღუდვა ფასდება ოპოზიციის მიერ ცენზურის დაწესების მცდელობად. ისინი მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კამპანიის სტრატეგია თავად უნდა გადაწყვიტონ და მაუწყებლებმა არ უნდა შეაფასონ რაიმე რგოლი გავიდეს თუ არა ეთერში.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ კანონპროექტში სიძულვილის ენის ჩანაწერსაც, რომლის განმარტებასაც კანონპროექტი არ მოიცავს. ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ “მედიისთვის ეს არის საფრთხე”. მისივე შეფასებით, ამით წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში “კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” “მედიის უფრო მეტი კონტროლისა და დასანქცირების ბერკეტი ექნება”. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი მაუწყებელი ეთერში გაუშვებს ისეთ რეკლამას, რომელიც კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაშია, ის რეკლამის ორმაგი ტარიფით დაჯარიმდება: “არ შეიძლება მედიას ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა და პოლიტიკოსები საგნობრივ ოპონირებას ვერ ახერხებენ”.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ამ ცვლილებების საფუძველი ეუთოს მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ მომზადებული რეკომენდაციებია. ეუთომ საკუთარ ანგარიშში მართლაც კრიტიკულად შეაფასა საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ წარმოებული ნეგატიური წინასაარჩევნო კამპანია და თქვა, რომ სიძულვილის ენის და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, სასურველია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისაღები ენის ნორმებთან დაკავშირებით რეგულაციები იქნას განვითარებული. ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს სიძულვილის ენის გამოყენების შესაძლო შემთხვევების განხილვისა და საჭიროების შემთხვევაში სანქციების დროულად გამოყენების შესაძლებლობა უნდა გააჩნდეთ. თუმცა არსად მიუთითებია ანტირეკლამის შეზღუდვაზე და მით უფრო იმაზე, რომ პასუხისმგებლობა მაუწყებელს უნდა დაეკისროს ამგვარი შინაარსის მქონე რეკლამის გაშვებაზე.

უფრო მეტიც, ამავე დოკუმენტში ეუთომ აღნიშნა, რომ “მედიასაშუალებები პასუხს არ უნდა აგებდნენ მათ მიერ ეთერში გაშვებული პოლიტიკური რეკლამების შინაარსზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სასამართლოს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით რეკლამის შინაარსი უკანონოდ იქნა მიჩნეული ან სასამართლოს აზრით, კონკრეტულ რეკლამაში შესული განცხადებები შეიცავენ პირდაპირ მოწოდებებს ძალადობისკენ. სასურველია, რომ მედიის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების წინასწარ დამტკიცების პრაქტიკის აღმოფხვრა მოხდეს”.

როდის განიხილავს მმართველი პარტია ამ ცვლილებებს თავად მაუწყებელთან, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა. თუმცა, რადგანაც მოსალოდნელ ცვლილბებს უკვე მოჰყვა ფართო კრიტიკა, დისკუსია ამ საკითხებზე საკომიტეტო განხილვების დროსაც გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, სადავო მუხლების ფორმულირება შეიცვალოს.

 

 

კატეგორია: ეთიკა

ბოლო ორ კვირაზე მეტია, ტელეკომპანია “იმედი” ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად “ნაციონალურ მოძრაობას” და თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებს განიხილავს. ამასთან, არხი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკითაც არის დაკავებული და სამოქალაქო სექტორის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირების გზით, მის დისკრედიტაციას ცდილობს. ამაზე მიუთითებს ამ თემებზე მომზადებული არაერთი სიუჟეტი, რომლებმაც შესაძლოა ითქვას, რომ კამპანიური ხასიათი მიიღო და ის ერთგვარ ტრენდად იქცა. ასეთი მასალები მტავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და კვირის შემაჯამებელ გადაცემაში "იმედის კვირაში" გადის.

მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება
 
ერთ-ერთი ვრცელი სიუჟეტი, რომელიც ქვეყანაში გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, ჩავარდნილ ტურისტულ სეზონს და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეხება, “იმედმა” 29 ივლისს გადაცემა “იმედის კვირისთვის” მოამზადა. სიუჟეტში ამ პრობლემების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებად “ნაციონალური მოძრაობა”, მათი პროვოკაციული სცენარები და თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებია დასახელებული.

გადაცემის წამყვანი მტკიცებითი ფორმით ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიზანი ქვეყანაში სწორედ “სოციალური ბუნტის” მოწყობა და ხალხის ქუჩაში გამოყვანაა.

alt“სამწუხაროდ 20-21 ივნისის ღამის შედეგებს საქართველო ახლა იმკის და კრიზისული პროცესი კვლავ დიდხანს გაგრძელდება. ტურისტული სეზონი პრაქტიკულად ჩავარდნის ზღვარზეა, სასტუმროები სტუმრების გარეშე დარჩნენ, ჯავშნები რეკორდული სისწრაფით უქმდება”, - ამბობს იგი.

იგივე პათოსს ინარჩუნებს მთლიანად სიუჟეტიც. მასში წარმოდგენილი რესპონდენტები შექმნილ ვითარებაში ბრალს სწორედ ოპოზიციურ პარტიას სდებენ. ასევე, ტურისტული სეზონის ჩავარდნის ერთ-ერთ მიზეზად აქციების ფონზე წარმოქმნილ არასტაბილურ გარემოს ასახელებენ.

altიგივე შინაარსი იკითხება 14 ივლისს , "იმედის კვირისთვის" და 22, 24, 26, 30 და 31 ივლისს, მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის მომზადებულ სიუჟეტებშიც, სადაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების, ასევე შემცირებული ტურიზმის ნაკადის მთავარ მიზეზებად ასევე "ნაციონალური მოძრაობა", 20-21 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციებია დასახელებული.

თემაზე ვრცლად ნახეთ “მედიაჩეკერის” მასალა. 

არასამთავრობო სექტორი, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული ჯგუფი
 
“იმედმა” ასევე ორი ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა არასამთავრობო ორგანიზაციბის კრიტიკასაც. მაგალითად, 21 ივლისს, გადაცემა “იმედის კვირაში” სამოქალაქო სექტორი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არ დაგმო და არ გაემჯნა “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას მხრიდან ქართველი მოსამართლეებისა და ქართული სასამართლო სისტემის დროს გამოყენებულ “შეურაცხმყოფელ” ეპითეტებს.


altამავე გადაცემაში არასამთავრობოებს ისიც გაუხსენეს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილი, როგორც ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისგან არ დაიცვეს და მის სასარგებლოდ არაფერი თქვეს. გადაცემაში არასამთავრობოებმა კრიტიკა იმის გამოც დაიმსახურეს, რომ რამე არც იმ დროს უთქვამთ, როდესაც ცალკეულმა პოლიტიკოსებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო “რუსთავი 2-ის” საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის გააკრიტიკეს.

თემაზე ვრცლად ნახეთ “მედიაჩეკერის” მასალა. 

 

alt28 ივლისს “იმედმა” არასამთავრობო სექტორის კრიტიკას კიდევ ერთი ვრცელი სიუჟეტი დაუთმო. მასალაში წარმოდგენილი რესპონდენტები საუბრობენ, რომ “სინამდვილეში არანაირი სამოქალაქო სექტორი არ არსებობს”, რომ “ეს არის მათი გამოგონილი რეალობაა, რომელშიც თუ ეწერები უნდა აგინებდე ბიძინა ივანიშვილს, პატრიარქს და უნდა იზიარებდე აზრს, რომ უმრავლესობაზე დომინირება უმცირესობებმა უნდა მოახდინონ”.

ამასთან, მათ პოლიტიკურ მიკერძებულობაშიც სდებბენ ბრალს და ამბობენ, რომ “მათ აქვთ დაკვეთა” და ამაში ისინი შესაბამის ფულს იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე “მედიაჩეკერი” ადრეც წერდა.

 

მაგალითად, იხილეთ: